ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მეკომოკონები

მეკომოკონები

ნინო ჟვანია

მეკომოკონები,

ანუ

ძუიჰიცუ

 

 

 

 

 

 

 

დედას, რომელმაც მასწავლა ცხოვრება...

მამას, რომელმაც შემაყვარა იგი...

 

პროლოგი

მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ

„წერილების წერა ფრიად ჩვეული ამბავია, მაგრამ რაოდენ ჩინებულია ეს საქმიანობა! წერის შესაძლებლობა რომ არ არსებობდეს, დიდი დარდი მოგვიცავდა ყველას“. X საუკუნეში დაწერა ეს სეი სიონაგონმა, იაპონელმა მწერალმა... ქალმა.

ყოველთვის მიყვარდა წერა. წერილების იმდენად არა, ოღონდ... ყმაწვილქალობაში მოთხრობის ჟანრს მივეძალე, მოგვიანებით - მუსიკისმცოდნეური კვლევისას... აი წერილების, თავისებური წერილების წერა Facebook-მა დამაწყებინა. წერილებს, ანუ პოსტებს ვწერდი ჩემს Facebook-ფრენდებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გული გრძნობებს ვერ იტევდა. „რამხელა შვებას გვანიჭებს საკუთარი გრძნობების გამოხატვა წერილებში, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ შესაძლოა ნაწერმა არც კი მიაღწიოს მასთან, ვისაც მივმართავთ. ეს ისევ სეი სიონაგონია...

არც კი ვიცი, ვის მივმართავდი ჩემი პოსტებით. იქნებ საკუთარ თავს? ვგონებ, წერა საშუალებას მაძლევდა, შიგნით დაგუბებული შთაბეჭდილებები და ემოციები გარეთ გამომეშვა, რომ შემდეგ სივრცე გამომეთავისუფლებინა ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციებისთვის. ეს ხანდახან იმდენად მჭირდებოდა, რომ კომპიუტერთან მისვლასაც კი არ, უფრო სწორედ, ვერ ველოდებოდი და მობილურ ტელეფონზე ვკრეფდი ჩანაწერებს... თან შთაგონების წყაროს ფოტოს ვუღებდი და თითქოს ამით Facebook-პოსტის ჟანრს მივაგებდი პატივს, რათა მკითხველისთვის ჩემი შთაბეჭდილება ვიზუალური სახითაც მიმეწოდებინა. ფოტოების არც თუ სახარბიელო ხარისხიდან გამომდინარე, ხშირად მობილურის რომელიმე შესაბამისი აპლიკაციის გამოყენებით მათ ნახატებად ვაქცევდი... წარმოვიდგენდი, თითქოს ყველგან ალბომით ხელში დავდიოდი და თუ რამე მომეწონებოდა, ამ ალბომში ვაფიქსირებდი... და მართლაც, რამხელა შვებას მანიჭებდა ყოველივე ეს!

როგორც მივხვდი, ამიტომ წერდა სეი სიონაგონიც, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გავიცანი, როდესაც იმავე Facebook-მეგობრების რჩევით, ჩემი პოსტების შეგროვება და ერთ წიგნად გამოცემა განვიზრახე. სწორედ მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ის, სრულიად შემთხვევით, კვლავდაკვლავ Facebook-ის სქროლვისას. ერთმა ფრენდმა გამოაქვეყნა მისი პატარა ჩანაწერი...

ღმერთო, როგორ მოხდა, რომ არ ვიცნობდი მანამდე მის „სასთუმლის ჩანაწერებს“ და თავად მას, სეი სიონაგონს - განთქმული პოეტის კიოჰარა ნო მოტოსუკეს ქალიშვილს, რომელიც დედოფალ სადაკოს სეფექალად იმპერატორ იჩიჯოს კარზე მსახურობდა. სწორედ იმ დროს, დაახლოებით 986-1002 წელს შეიქმნა „სასთუმლის ჩანაწერები“ - ასე მოიხსენიებდნენ იაპონელები ნაკრებს ჩანიშვნებისა, რომელთა საშუალებით ქალებს და კაცებს დაბინდებისას, საძინებელ ოთახში შესვლის შემდეგ, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებს, თავში შემოხეტიალებული აზრები ქაღალდზე გადაჰქონდათ და შემდეგ მათ ხის სასთუმლის უჯრებში ინახავდნენ. სეის ნააზრევთა ნაკრებმა შეისისხლხორცა ეს სახელწოდება.

რას ინახავდა სეის სასთუმალი? „ჩანაწერების ამ წიგნშია ყველაფერი, რამაც თვალთა ჩემთა წინარე ჩაიარა, ყველაფერი, რაც გულს მღელვარებით მივსებდა. ეს წიგნი დავწერე მარტომყოფმა ჩემი სახლის სიმყუდროვეში, ვიმედოვნებდი, აქ კაცთა თვალისთვის უჩინარი დარჩება-მეთქი[1]. როგორც თავად სეი სიონაგონი მოგვითხრობს წიგნის ბოლო თავში, მარტოობის ჟამს საკუთარი თავისთვის შექმნილი ჩანაწერები ერთმა სტუმარმა ხელს გააყოლა შემთხვევით. მას შემდეგ წიგნი ხელიდან ხელში გადადისო, დანანებით წერს... არადა, უკვე 11 საუკუნეა გადადის...

აი მე თავიდანვე საჯაროდ ვდებდი ჩემს ჩანაწერებს. მაგრამ ვწერდი მათ მართლაც „ჩემთვის - სიმყუდროვეში, მარტოობაში. რაზე ვწერდი? ვწერდი ამ მთისას, იმ ბარისას, რაღაზე არა ვწერდი, ზოგჯერ სულ უმნიშნელო რამესაც კი ვწერდი.

მაგრამ ჩემს წიგნში მე ყველაზე მეტს მოგითხრობთ იმ ცნობისსაწადელ და გასაოცარ ამბებზე, რომლებითაც აგრე მდიდარია სამყარო ჩვენი და გესაუბრებით ღირშესანიშნავ ადამიანებზე.

აქ მე ლექსებზეც ვსაუბრობ, ხეთა და ბალახთა, ფრინველთა და მწერთა ამბებსაც გიყვებით, ვყვები თავისუფლად, შვებით, ვყვები, როგორც გულით მომსურვებია და, რა გაეწყობა, მავანმა და მავანმა გამკილოს: გაგვიცრუვდა იმედები, გაგვიცრუვდა. ეს უკვე მეტისმეტი დანამცეცება ხომ არააო...

მე ხომ ჩემი თავის სასიამოდ ვიწერდი ყოველივეს, რაც კი აზრად მომდიოდა. განა შეიძლება, რომ ეს ჩემი დაუდევარი ჩანაწერები ხელოვნების ყველა წესითა და კანონით დაწერილ ნამდვილ წიგნებს შეედაროს?

 არც ვცდილობ შედარებას. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ჩემი დაუდევარი ჩანაწერები წიგნად ვაქციო... წიგნად, რომელიც თითქოს ყალამს მოჰყვა...

სეი სიონაგანის ყალამს წიგნთან ერთად ახალი ჟანრიც მოჰყვა - ძუიჰიცუ. ყალამს მოყოლილი, ყალმის კვალდაკვალ - დაახლოებით ასე ითარგმნება სიტყვა, გამოსახული ორი ჩინური, იაპონურ დამწერლობაში გამოყენებული იეროგლიფის - კანჯის საშაულებით. ძუიჰიცუ ეწოდა ჟანრს, რომელსაც საფუძველი სეი სიონაგანმა შორეულ X საუკუნეში დაუდო. ძუიჰიცუ შედგება პირადი ხასიათის, ერთამნეთთან ნაკლებად დაკავშირებული ესსეებისგან, თუ ქაღალდზე დაფიქსირებული ფრაგმენტული იდეებისგან, რომლებშიც ავტორის უშუალო გარემოცვა აირეკლება. ესეები ერთმანეთს ენაცვლება ასოციაციების პრინციპით... დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი გონება იქცევა მოშვებისას, კონცენტრირების უნარის დაკარგვისას, გნებავთ - მედიტირებისას, ხეტიალობს რა უმიზნოდ ჩვენს მოგონებებს, მოსაზრებებს, ზმანებებსა და ოცნებებს შორის. ძუიჰიცუს არსი არა იმ საგნებსა და დეტალებშია, რომლებსაც ის განიხილავს და აღწერს, არამედ ქარის მოძრაობაშიო - ამოვიკითხე ერთგან... რა პოეტური, თან საოცრად იაპონური აღწერაა ამ მოვლენისა... ისიც წავიკითხე, რომ ძუიჰიცუს ყველაზე დამახასიათებელი ნიშანთვისება ავტორის მედიტაციებია მატერიალური სამყარო სწრაფმავლობაზეო...

ჩემი ჩანაწერების არსიც, ვგონებ, ქარის მოძრაობაშია...

სხვათაშორის, ბევრად ადრე, ვიდრე სეი სიონაგონი შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა გონებამ მოშვებულ მდგომარეობაში ხეტიალისას ერთი არაჩვეულებრივი მეგრული სიტყვა ამომიგდო - მეკომოკონი... ყოველივე წვრილმანი, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, და თან საოცრად საჭირო... კონცენტრირების უნარი რომ დავუბრუნე ჩემს გონებას, მაშინ გადავწყვიტე, ჩემი „ყალმის კვალდაკვალ“ დაბადებული და კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონზე აკრეფილი ტექსტების ნარკებისთვის მეკომოკონები დამერქმია...

მეკომოკონები... ჩემი მეკომოკონები იმ წვრილმანებს ეხება, რომლებიც მნიშვნელოვან მოვლენათა სწრაფმავლობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება... არადა ჩვენში ილექება და ჩვენს არსს განსაზღვრავს...

ისე, ცხოვრებაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა მონაცვლეობა ქარის სიჩქარით სწრაფმავალი ეპიზოდებისა... ვინა სთქვა, რომ ცხოვრება თეატრია?! ძუიჰიცუა ჩვენი ცხოვრება...

P.S. რა ხანია მაწუხებს კითხვა - ნეტავ, ვისი უშუალო გარემოცვა აისახება ჩვენს ცხოვრებებში? ვისი მოშვებული და მედიტაციაში მყოფი გონება ქმნის თავის მოგონებებს, მოსაზრებებს, ზმანებებსა და ოცნებებს შორის უმიზნოდ ხეტიალისას ჩვენს მეკომოკონებს?

 

მეტაფორული დეფორმაცია

ამერიკელი მწერალი-ფანტასტი რობერტ შეკლი თავის ერთ-ერთ რომანში საოცრად საინტერესო იდეას ავითარებს... უსასრულო გალაქტიკაში მიმობნეულ სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაური ადამიანები მეტაფორული დეფორმაციის მსხვერპლნი ხდებიან ხოლმე.

მეტაფორული დეფორმაცია არის სიტუაციური შეშლილობის ფორმა. ჩვენი უნარი უჩვეულოს აღქმისა უსაზღვრო როდია?! განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მიღებული ახალი შთაბეჭდილებები ღლის გონებას და ტვინი მხოლოდ ანალოგიების მოძიების პროცესში პოვებს შვებას. ეს პროცესი თითქოს აგებს ხიდს ყოვლად მიუღებელ უჩვეულოსა და ადვილად აღქმად ჩვეულს შორის, მოსავს უჩვეულოს ჩვეულის სასურველ მანტიაში.

მეტაფორული დეფორმაციის უკეთ ასახსნელად შეკლის რომანის გმირს დონ კიხოტისა და სანჩო პანსას მაგალითი მოჰყავს. შესაძლებელია, მწუხარე სახის რაინდი მართლაც გოლიათებს ებრძოდეს, უბრალოდ, უჩვეულოსთვის შეუმზადებელი, მეტაფორული დეფორმაციის მსხვერპლი სანჩო ხედავს მათ ქარის წისქვილების სახით...

ამ იდეამ დაიპყრო ჩემი გონება; გონება, რომელიც, ვინ იცის, რამდენჯერ ყოფილა მეტაფორული დეფორმაციის მსხვერპლი?! ან იქნებ ის მუდმივად მეტაფორულ დეფორმაციას განიცდის?!

იქნებ სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ძალისხმევა გონებისა, რომელიც მეტაფორულ დეფორმირებას გაურბის?! და იქნებ შეგრძნება, რომელიც გეუფლება სასწაულთან შეხებისას, სხვა არაფერია, თუ არა მეტაფორული დეფორმაციისაგან წამიერი გათავისუფლება?! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძაფრად ეს შეგრძნება მიქელანჯელოს „განკითხვის დღის“ ხილვისას ვიგრძენი... თითქოს ბებერმა მიქელანჯელომ ჩემი გონება წამით „გახსნა“, როგორც ჯონ კეიჯი იტყოდა, „ღვთიური ზემოქმედებებისათვის“.... იმდენად ხანმოკლე იყო გახსნა, რომ ცოდნა არ შემრჩა... მხოლოდ შეგრძნება... რომელიც საოცრად მენატრება!

ტყუილად არ თქვა ფრანცისკ ასიზელმა: სასწაული საგანთა ბუნებას როდი ეწინააღმდეგებაო... ის ეწინააღმდეგება მხოლოდ ამ საგანთა ბუნების შესახებ არსებულ ჩვენს წარმოდგენასო!

აბა რა იქნება, თუ ამ წარმოდგენას ყველაფრის მეტაფორულად დეფორმირებადი გონება ქმნის?!

დავსდევთ მწუხარე სახის რაინდებს და შეშლილებად ვნათლავთ მათ! არადა სიტუაციური შეშლილობის მსხვერპლნი ჩვენ ვართ ყველანი. თითქმის ყველანი...

 

ეძიებდე და ჰპოვებდეო

გქონიათ შემთხვევა, შეხვედრიხართ სრულიად უცნობს ქუჩაში, ან ტრანსპორტში, შეგიხედავთ და გიცვნიათ? ოღონდ სახეზე არა... აი რაღაცნაირად, შიგნიდან; სახე-უცნობია, ადამიანი კი - საშინლად ნაცნობი.

მე ეს სამჯერ დამემართა მხოლოდ. სამივე შემთხვევა მახსოვს. პირველად შემეშინდა... მეორჯერ - არა; უკვე ვიცნობდი ამ შეგრძნებას. მეორე შემთხვევის შემდეგ დავინტერესდი რეინკარნაციის იდეით. იდეას მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მასზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მაგრამ როდესაც ასე მწარედ შეიგრძნობ სრულიად უცნობ ადამიანს, სულის მიერ განსხვავებული ფიზიკური სხეულების მოცვლის იდეა, არაერთ კულტურაში დამკვიდრებული, ამ აუხსნელი ფენომენის ერთადერთ ახსნად გესახება.

მესამედ შეგრძნება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ძველეგვიპტური კოლექციის თვალიერებისას მეწვია... „გებელეინის მამაკაცის“ ბუნებრივი მუმიის თვალიერებისას. ქრისტეს შობამდე დაახლოებით 3500 წელს დაუმარხავთ სავარაუდოდ 18-21 წლის ბიჭი უძველეს ქალაქ გებელეინის სასაფლაოზე, ტილოში გახვეული, წელში მოხრილ მდგომარეობაში. მშრალმა და ცხელმა ქვიშამ გაახმო სხეული და ბუნებრივ მუმიად აქცია. 1896 წელს რომ ამოთხარეს, იმდენად კარგად იყო შენახული, ტვინის, ფილტვებისა და თირკმელების იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. 1900 წელს ბრიტანეთის მუზეუმმა შეიძინა და მას შემდეგ განისვენებს შემინულ კარადაში, წელში მოხრილ მდგომარეობაში.... აუტოფსიაც ჩაუტარეს. მარცხენა მხარში ჩაურტყავთ თურმე მჭრელი საგანი. დაუზიანებიათ მხრის ფირფიტა და ნეკნი, გაუხვრიტიათ ფილტვი... „'გებელეინის მამაკაცი', როგორც ჩანს, არასტაბილურ დროში ცხოვრობდა. რეგიონული ცენტრები ერთმანეთს ტერიტორიებისა და ძალაუფლებისათვის ეჯიბრებოდნენ. საბოლოოდ, ძვ. წ.-ით 3100 წელს გვიპტე გაერთიანდა და ამაში, როგორც ჩანს, ძალადობამ უდიდესი როლი ითამაშა. სავარაუდოდ, გებელეინის მამაკაცი თავისი დროის მსხვერპლია,“ - წერია კარადის კუთხეში მიმაგრებულ დაფაზე. იქვე დგას აუტოფსიის დიგიტალური მაგიდა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია თავად გაკვეთო ვირტუალური ხელსაწყოებით ვირტუალური გებელეინელი და დაათვალიერო მისი ვირტუალური შინაგანი ორგანოები.

ვერ გავკვეთე. არავირტუალურ მუმიას რომ ვუყურებდი, წელში მოხრილს, აი მაშინ გამიჩნდა ის შეგრძნება... რომ ვიცნობდი. მომეჩვენა, რომ მარცხენა მხარში ტკივილი ვიგრძენი, ძალიან ნაცნობი. საშინლად მეხამუშა, რომ ასე იწვა, ასეთ პოზაში, საჯაროდ გამოფენილი. აი „გაკვეთა“ რომ დავიწყე, შეგრძნება დამეუფლა, რომ საკუთარ თავს ვკვეთდი და გავჩერდი... მაშინ გამიელვა თავში სრულიად ფანტასმაგორიულმა იდეამ.

წარმოიდგინეთ, ხომ შეიძლება... აი, თუ არსებობს იმის შანსი, რომ ჩვენი სულები ათასწლეულების განმავლობაში დაბორიალობენ ამ ქვეყანაზე და იცვლიან სხეულებს ისე, როგორც ტანისამოსს... ხომ არსებობს სულ მცირე, თუნდაც თეორიული შანსი იმისა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში სეირნობისას შეიძლება საკუთარ სხეულს გადაეყარო? ერთ-ერთს... ეგვიპტის მწველმა მზემ და ცხელმა ქვიშამ რომ შემოგვინახეს ისეთს?

რა საოცარი სახეა... ადამიანები, მუზეუმები, წარსულიდან შემონახული ნივთები, მათ შორის მუმიები, რომლებიც ოდესღაც შეიძლება რომელიმე დამთვალიერებელს ეკუთვნოდა... დავდივართ ასე და ვათვალიერებთ საკუთარ თავებსა და ცხოვრებებს ისე, რომ ვერც კი ვხვდებით... და სწორედ იმ წუთს, აი ამის გააზრებისას ერთდროულად შემომიტია ორმა სევდამ... წარმავლობისამ და მუდმივობისამ. ამ ორ სევდას შორის გამომწყვდეული რატომღაც წელში მოვიხარე და თან გავიფიქრე: ნუთუ სევდაა არსებობის არსი? ნუთუ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავექცევით მას? ან რატომ ვევლინებით დედამიწას მხოლოდ ერთხელ? ან რატომ დავწოწიალობთ უკვდავებისგან დაღლილნი ათასწლეულებში? ან რატომ ვსვამთ განსხვავებულ და იმავდროულად ერთნაირ კითხვებს ისევ და ისევ? ან რატომ არავინ იძლევა პასუხს?

ვეძებთ რამეს? ვინმეს?

საოცარი სახეა... და თან საშიში.

სჯობს, დავიჯერო, რომ მდიდარი წარმოსახვის ადამიანი ვარ და ცხოვრებაში წაკითხული და განცდილი უბრალოდ ისე ირევა თავში, რომ ფანტასმაგორიულ სახეებს ბადებს. სჯობს, ირგვლივ განფენილი სამყარო მარტივ მამრავლებად დავშალო და ჩემთვის საინტერესო მამრავლებით დავტკბე. სჯობს... კიდევ ბევრი რამ სჯობს... ეს გავიფიქრე, წელში გავიმართე და ქრისტეს შობამდე IV ათასწლეულში ძველი ეგვიპტის ცხელ ქვიშაში ჩამარხულ, წელში მოხრილ გებელეინელს სურათი გადავუღე.

ჰოდა, მას შემდეგ დავდივარ ასე, წელში გამართული და გამარტივებული ...

მაგრამ ხომ ვიცი... ვიცი, რომ ყველანი ვეძებთ...

ვის? რას?

ეძიებდე და ჰპოვებდეო...

 

ქვინჯე

გიფიქრიათ, რა საოცარ ისტორიულ მნიშვნელობას იძენენ ყოველდღიური მოხმარების თითქოს უმნიშვნელო საგნები საუკუნეების შემდეგ? მე მუზეუმებში მეფიქრება ამაზე სულ...

პერგამონის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის კოლექციის თვალიერებისას გადავაწყდი სირიის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული დასახლების ჰაბუბა კაბირას გათხრებისას (1969-1975) აღმოჩენილი საგნებისგან რეკონსტრუირებულ საცხოვრებელ ოთახს. ჩვ. წ-დე IV ათასწლეულში დაახლოებით ასეთ ოთახებში ცხოვრობდნენ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებნი. როგორც ოთახის წინ მდგარი ცნობარი იუწყება, IV ათასწლუელის ბოლოს მომხდარმა უდიდესმა ხანძარმა გამოიწვია სახლების სახურავების ჩანგრევა. იმ დროის უდიდესი ტრაგედია, რომელმაც, ვინ იცის, რამდენი ასობით, თუ არა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენი დროის არქეოლოგებისათვის, იმავე ცნობარის მიხედვით, უდიდესი გამართლება ყოფილა (ისევე როგორც მიწისძვრები)... სწორედ ჩანგრეულმა სახურავებმა შეგვინარჩუნეს 6000 წლის წინანდელი ყოფის ნიმუშები. დღეს პერგამონის მუზეუმში მისულს შეგიძლია დატკბე ჰაბუბ კაბირას მცხოვრებთა ყოფის ამსახველი ექსპონატების თვალიერებით. ვათვალიერებდი ამ ექსპონატებს და ვფიქრობდი, რომ დღეს ამ საგნებს ბევრად დიდი ფასი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ამ ესპონატებს ქმნიდა და იყენებდა.

შემდეგ წარმოვიდგინე, რაიმე აპოკალიფსური მასშტაბის დამანგრეველმა მოვლენამ რომ შთანთქას მთელი საქართველო, ჩამოანგრიოს ჩვენი სახლების სახურავები და დამარხოს ამ სახლების კედლებში ჩვენი ყოფის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნიმუშები, კიდევ 6000 წლის მერე არქეოლოგები გათხრიან ამ ტერიტორიას და აღმოაჩენენ ჩვენს სკამებს, მაგიდებს, ჯამ-ჭურჭელს, ტაფებს, ქვებებს... ტელევიზორებს, მობილურ ტელეფონებს, გაზქურებს, მაცივრებს, მიკროტალღურ ღუმელებს... ჯერ შეისწავლიან და მერე გამოდებენ შემორჩენილ ექსპონატებს მუზეუმებში და ივლიან ასე დამთვალიერებლები, აი ზუსტად ასე, როგორც ახლა ჩვენ დავდივართ, და დატკბებიან ამ ნიმუშებით... იფიქრებენ ჩვენზე, როგორც რაღაც განყენებულ მოცემულობაზე და დავაინტერესებთ მხოლოდ იმით, რა საგნებს მოვიხმარდით შორეულ XXI საუკუნეში...

ამის გააზრებისას, ცოტა არ იყოს, შემეშინდა... საკუთარ თავთან, ქვეყანასთან და ეპოქასთან უდიდეს დროით დისტანციაზე აღმოვჩნდი ... წარმოსახვაში კი აღმოვჩნდი, მაგრამ ძალიან რეალური შეგრძნებები დამეუფლა... და უცბად ქვინჯეს მოვკარი თვალი. ქვინჯეს ვეძახით სამეგრელოში სანაყს... :) ბავშვობაში დედა, საცივს რომ აკეთებდა, ჩაყრიდა რაღაც სუნელებს, ნოგოზს და კიდევ ვინ იცის რას ამ ქვინჯეში, დამაკავებდა ხელში და მანაყინებდა... რატომღაც საოცრად მიყვარდა ეს პროცესი.

ქვინჯე და ქვინჯეშ ქუა (ქვა) დღესაც ჩვენს სამზარეულოშია, ჯამ-ჭურჭელს, ტაფებსა და ქვაბებს შორის დგას... ეს გამახსენდა და ისევ უკან დავბრუნდი, საკუთარ თავთან, ჩემს ქვეყანაში და ეპოქაში... ოღონდ ის ჰაბუბა კაბირელი ქალიც დავინახე, რაღაც სუნელებს, ნიგოზს და კიდევ ვინ იცის რას რომ ყრიდა ქვინჯეში, შემდეგ თავის შვილს აწვდიდა, რომ მას ქუათი ენაყა...

თანდათან რეკონსტრუირებული ოთახის ყველა ექსპონატი - თიხის ქვევრები, ჯამები და ქვები - ერთმანეთის მიყოლებით გაცოცხლდა ჩემს წარმოსახვაში. გაქრა ეს ისტორიული განყენებულობა და საოცარი სითბო ჩამეღვარა მთელს სხეულში. - თამუნა, გავძახე იქვე მდგარ ჩემს დას, შეხედე, ქვინჯეა, ნამდვილი ქვინჯე-მეთქი. თამუნა იმდენად არ ელოდა ამ სიტყვას პერგამონის მუზეუმში, რომ ქვინჯეს დანახვისთანავე სიცილი აუტყდა. მეც ავყევი და ვიდექით ასე, ძველი კოლხების ორი შთამომავალი შუა ბერლინში აღმართული პერგამონის მუზეუმის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში და ვიცინოდით ხმამაღლა ... :)

კი შემოგვხედა რამდენიმე დამთვალიერებელმა უცნაურად, მაგრამ სულ არ ავღელდი. იმ წუთას IV ათასწლეულის ჰაბუბა კაბირელის ერთ ჩვეულებრივ ოჯახთან მეტი კავშირი მქონდა, ვიდრე მათი რეკონსტრუირებული ოთახის ირგვლივ მდგომებთან. ხელი შევავლე გათხრების დროს აღმოჩენილი აგურებისგან აგებულ კედელს იმ იმედით, რომ შორეულ დროში ჩაკარგულმა დედა-შვილმა წამის მეასედით იგრძნეს ჩემი ყოფნა და უფლება მივეცი მას, ვინც 6000 წლის შემდეგ დაათვალიერებს ჩვენი ყოფის (იმედია, არა ხანძრის ან მიწისძვირს შედეგად ) შემორჩენილ ნიმუშებს, იფიქროს ჩემზე, როგორც რაღაც განყენებულ მოცემულობაზე და დატკბეს ექსპონატებით...

თუმცა... იქნებ ოდესმე ვინმეს ჩვენს სამზარეულოში მდგარი ქვინჯე მოხვდეს თვალში (ღმერთო, რა აბსურდია!)?!. მაშინ ძალიან, ძალიან მინდა, რომ მანაც იგრძნოს ჩემი ყოფნა... თუნდაც წამის მეასედით...

 

დრონი მეფობენ

აჭარაში ყოფნისას პეტრას ვეწვიე - ლაზების უძველეს სამოსახლო ადგილას VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აგებულ ციხე-ქალაქს. ბევრი არაფერია დარჩენილი, მაგრამ ტერასებზე სეირნობისას მთელი სიცხადიდ შევიგრძენი პეტრას - ბერძნულად „ქვა“, „კლდე“ - მართლაც ქვად ქცეული სილამაზე. დავდიოდი და ვცდილობდი, წარმოსახვაში აღმედგინა საუკუნეების მიერ დანგრეული კედლები... ლურჯი ზღვის ფონზე საოცრად გამოიყურებოდა აღდგენილი (ჩემი სუბიექტური შეხედულებებით, ვაღიარებ) პეტრა... ერთი წამით ძალიან შემშურდა ჩემი შორეული წინაპრის, აქ რომ დასეირნობდა და ამ სულისშემძვრელი სილამაზით ტკბებოდა...

მერე ბათუმში წავედი და ზღვაში შევედი. საოცრება მოხდა და ძალიან შორს შევცურე ისე, რომ მაშველი არ გამომკიდებია ყვირილით „შემოდი ტივტივაში“! შორს რომ შევედი, პირველად შევხედე „ორბის“ ძველ და ახალ შენობებს ჩემთვის სრულიად ახალი კუთხიდან. ვინა სთქვა, რომ პეტრაზე ნაკლები სილამაზის შედევრები ვაჩუქეთ ლაზეთს XXI საუკუნეში?! ეს გავიფიქრე და უცბად დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, „ორბის“ ცათამბჯენების კედლები კვლავდაკვლავ ჩემს წარმოსახვაში დამენგრია და ისტორიულ ნანგრევებად მექცია ეს ულამაზესი ნაგებობები... ზუსტად ისე, როგორც დრო მოიქცეოდა... მოიქცევა, მომდევნო 15 საუკუნის განმავლობაში...

და მერე შემოცურდება ზღვაში ჩემი შორეული შთამომავალი, კვლავ აღადგენს თავის წარმოსახვაში ნანგრევებად ქცეულ შედევრებს (თავისი სუბიექტური შეხედულებით, ვვარაუდობ... ვინ იცის, შემორჩება კი XXI საუკუნეში დიგიტალიზებული სახეები XXXVI-საუკუნის სამყაროს?) და ერთი წამით, ალბათ, ძალიან შეშურდება ჩემი...

ყველაზე უფრო ის მაინტერესებს, როგორ გამოიყურებოდა პეტრას ციხე VI საუკუნეში და როგორი სახე ექნება „ორბის“ შენობებს ჩემი შორეული შთამომავლის წარმოსახვაში XXXVI საუკუნეში...

ისიც მაინტერესებს, რამდენად ჩაძირავს ზღვა „ორბის“ ნანგრევებს... იქნებ პირიქითაც მოხდეს და ლურჯი შავი ზღვა ლაზეთის უძველესი ნასახლარის ტერიტორიიდან საერთოდ გაქრეს?! არ გაუკეთებია მსგავსი რამ ადრე თუ?

...

ამაზეცაა, ალბათ, ნათქვამი - დრონი მეფობენო...

 

დროის დასასრულზე

რამდენი ხანია მინდა დავწერო დროის დასასრულზე...

რატომღაც მგონია, რომ ყველაზე მეტს დროზე მუსიკოსები ვფიქრობთ. მუსიკა ხომ დროში განფენილი ხელოვნებაა და ჩვენს მთავარ ამოცანას დროის კონკრეტული მონაკვეთის შევსება წარმოადგენს. მე, პირადად, არასოდეს შევიგრძნობ დროს ისე სრულად, როგორც დაკვრისას. ეს ერთადერთი პროცესია, როდესაც მე შეგნებულად ვიაზრებ ყოველ წამს... წამს კი არა, წამის მეასედსაც და ამ დროს დრო ჩემთანაა, მე დროსთან ვარ და დრო ყველაზე ხელშესახები ხდება ჩემთვის; დრო, რომელიც ადამიანთა სევდის უმთავრესი მიზეზია... წარმავლობა ხომ დროითი კატეგორიაა?! როცა დასაწყისშივე იცი, რომ დასასრულს ვერსად გაექცევი, სხვა რაღა დაგრჩენია?

თუმცა, განსაკუთრებით გამაოგნა რეინკარნაციის სევდამ. „ბჰაგავატ გიტას“ გავეცანი. წარმავლობის სევდის საპირწონე აქ მუდმივობის სევდაა. ადამიანი წინასწარ განიცდის იმას, რომ დაუსრულებლად მოვა ამქვეყნად და ცდილობს რეინკარნაციათა წრიდან გამოსვლას. მე, პირადად, მთელი სხეულით შევიგრძენი მუდმივობის სევდა „გიტას“ კითხვისას.

და შემდეგ ვეწვიე რომს და ჩემთვის უპრეცედენტო ინტენსივობით შევეხე უკვდავებას, ჩაძირულს დროში... დროში კი არა, დროებში... უხსოვარ დროებში... ვუყურებდი ამ ქანდაკებებს, სვეტებს, სახლთა, სასახლეთა და ტაძართა ნანგრევებს, შეჭმულთ და ბოლომდე ვერშეჭმულთ დროთა მიერ, ვკითხულობდი, ვისმენდი ამ დროთა სიმრავლეზე... და პირველად ცხოვრებაში შევიგრძენი ქვადქცეული დრო... პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი, როგორ გაჩერდა დრო... როგორ დასრულდა იგი...

ოლივიე მესიანს აქვს კვარტეტი „დროის დასასრულზე“. წინ უძღვის მას სიტყვები „იოანეს გამოცხადებიდან“:

ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი...

ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპრო ზეცად,

და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომ უკვე აღარ იქნება დრო...

არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმერთის საიდუმლო“...

„გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი“, იგივე „აპოკალიფსი“ „ახალი აღთქმის“ ბოლო წიგნია, რომელიც გვამცნობს, მოგვითხრობს კაცობრიობის უკანასკნელ მოვლენებზე, ცივილიზაციის დასასრულზე; როგორ გაქრება ორდინალური რეალობა - დრო, რასაც ღმრთის საიდუმლოს აღსრულება - ყოველივეს ღმერთთან შეერთდება მოყვება.

ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ძალიან საინტერესო იყო დროის რეალობასთან, უდროობის კი - ღმერთთან გაიგივების იდეა. უდროობას მესიანი მარადისობად მოიხსენიებს; მარადისობად, რომელიც ღვთისმმეტყველი თომა აქვინელის სიტყვებით, „ჩაფიქრებულ იქნა ვითარცა ერთეული მუდმივად უცვლელი ყოფიერებისა.

სწორედ მუსიკოსობის გამო გამიჭირდა მარადისობის შეგრძნება. თუმცა, ეჭვი მაქვს, არა მარტო დროში განფენილი ხელოვნების მოტრფიალე მუსიკოსებისთვის, არამედ ადამიანთა უმეტესობისთვის მარადისობა მხოლოდ თვალუწვდენელ სივრცეში განფენილი დროა. მაგრამ როგორც კი ხელი შევახე დროებში ჩაკარგულ ერთ-ერთ მარმარილოს სვეტს, მაშინვე შევიგრძენი, რას ნიშნავს მარადისობა. ჩემთვის უეცრად გაქრა დრო და რომის მთელი წარსული და მომავალი ამ მარმარილოს სვეტში გაერთიანდა. გაქრა დისტანცია ჩემსა და დროებში ჩაკარგულ ანონიმ მოქანდაკეებსა თუ წარსულისა და მომავლის რესტავრატორებს შორის და ჩვენ ერთ მთლიანობად ვიქეცით. ამ შეგრძნებას დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი და სწორედ ამ შეგრძნების წყალობით პირველად ცხოვრებაში ხელოვნების სხვა დარგი დავაყენე მუსიკაზე მაღლა...

ღმერთო, თურმე როგორ დამღალა დრომ... როგორ მომინდა ყველა ჩემი წარსული და სამომავლო ტკივილისა და სიხარულის, ყველა ჩემი წარსული და მომავალი ცხოვრებების ერთჟამიერებაში შეგრძნება... ისე, რომ არც ტკივილს და არც სიხარულს არ დაუჰყვეს ეს აუტანელი სევდა წარმავლობისა თუ მუდმივობისა... ნუთუ ეს ყოფილა მარადისობა? ნუთუ ეს ყოფილა უფალი? და ნუთუ, რაოდენ სევდისმომგვრელიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის, უფალს არა მუსიკის შესრულებისას, არამედ ძველი რომის ნანგრევების ხელის შეხებისას შევეხე?

თუმცა არა... ძალიან იშვიათად, მართლაც უკვდავი ნაწარმოებების სმენისას მე ვკარგავ დროის შეგრძნებას... დრო სულ ცოტა ხნით ჩერდება და ღვთიური ბუნების სასწაულის აღსრულების მოწმე ვხდები. უბრალოდ, მხოლოდ ახლა გავიაზრე, რაოდენ მნიშვნელოვანია დროის შეჩერება... რაოდენ აუცილებელია, დასრულდეს დრო...

ხანდახან მაინც... მანამ, სანამ დროის ტყვეობაში ვართ...

 

სიტყვა და მუსიკა

ციურიხის ეკლესიების თვალიერებისას თვალში მომხვდა მათი ინტერიერის განსაკუთრებული სისადავე (არადა, გერმანიაში სწავლისას ხშირად ვსტუმრობდი მუსიკის მოსასმენად საკმაოდ სადა გერმანულ პროტესტანტულ ეკლესიებს). მათგან ერთ-ერთ უძველესს - IX საუკუნის ფრაუმიუნსტერს რომ ვეწვიე, აუდიო-გიდმა მაუწყა, რომ ამას შვეიცარიაში საეკლესიო რეფორმაციის ლიდერს, ულრიხ ცვინგლის უნდა ვუმადლოდეთ. კალვინისა და ლუთერისგან განსხვავებით ბევრად ნაკლებად ცნობილი რეფორმატორი, უახლესი კვლევების თანახმად, შესაძლოა რეფორმაციის მამადაც კი ჩაითვალოს. 1519 წელს დაინიშნა იგი ციურიხის ერთ-ერთი უმთავრესი ეკლესიის - გროსმიუნსტერის პასტორად და სწორედ იქიდან მოყოლებული დაიწყო მან კათოლიკური ეკლესიის რეფორმის აუცილებლობაზე ქადაგება. ცვინგლი დაუპირისპირდა არა მარტო ეკლესიაში გაბატონებულ კორუფციას, არამედ არაერთ უმთავრეს პრინციპსა თუ ელემენტს, რომლებსაც ეფუძნებოდა ღვთისმსახურება; მათ შორის - ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკას.

სწორედ ცვინგლის იდეების ზეგავლნით, მისმა თანამზრახველებმა ეკლესიებიდან გამოიტანეს ხელოვნების ნიმუშები, გაათეთრეს კედლები და, რამაც ყველაზე მეტად მატკინა გული, გაანადგურეს მუსიკალური საკრავები, უპირველეს ყოვლისა კი - საუკუნოვანი ორგანები (ისტორიას შემორჩა მოწმეთა მოგონება - როგორ განწირულად დასტიროდა გროსმიუნსტერის მთავარი ორგანისტი დალეწილ დიდ ორგანს). ცვინგლის სწამდა, რომ ლოცვა სიჩუმეს ითხოვდა. დასაბამიდან ხომ „იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. მუსიკა კი (კედლის მხატვრობასა და ქანდაკებებთან ერთად) მლოცველებს ყიურადღებას უფანტავდა და არ აძლევდა მათ საშუალებას, გონება სიტყვისადმი სრულად მიემართათ. სწორედ ამიტომ არასოდეს ითხოვდა მუსიკას „წმინდა წერილი“. „წერილისადმი“ - უფლის სიტყვისადმი მორჩილება კი ცვინგლის უმთავრესი მოწოდება გახლდათ.

შედეგად, მუსიკა სამი საუკუნის განმავლობაში ამოიძირკვა შვეიცარიის რეფორმისტული ეკლესიიდან (ღვთისმსახურებიდან) და, შესაბამისად, კულტურიდან. როდესაც ევროპის უმდიდრესმა ორგანიზაციამ, ხელოვნების ერთ-ერთმა უმთავრესმა ისტორიულმა სპონსორმა არ დააფინანსა ეს მიმართულება, მიმართულებას განვითარების შანსი აღარ მიეცა.

მხოლოდ 1853 წელს აჩუქეს ფრაუმიუნსტერს ორგანი და ის ციურიხის პირველი ეკლესია იყო, რომელმაც ამგვარი ისტორიული საჩუქარი მიიღო. მხოლოდ 1853 წლიდან მოყოლებული იქცა მუსიკა ამ და არაერთი რეფორმისტული ეკლესიის ღვთისმსახურების ნაწილად. 

შევყურებდი ფრაუმიუნსტერის ეკლსიის გადათეთრებულ კედლებს, სრულ სიჩუმეში, და ვფიქრობდი... რა ბედნიერებაა, რომ იმ რამდენიმე საკითხს შორის, რომლებზეც ვერ შეთანხმდნენ ულრიხ ცვინგლი და მარტინ ლუთერი, მუსიკა იყო... უფრო სწორედ, მუსიკის როლი ღვთისმსახურებაში. წარმოიდგინეთ, ლუთერს მუსიკა რომ არ ყვარებოდა, არც ბახი იქნებოდა, რომლის ძირითადი დამკვეთი ლუთერანული ეკლესია, ხოლო შთაგონების ერთ-ერთი წყარო - ლუთერისეული საგალობლები იყო და არც ის დიდი გერმანული მუსიკა, რომელიც ბახის მუსიკას მოჰყვა. ისეთი სახით მაინც არ იქნებოდა, რა სახითაც ჩვენ ვიცნობთ. და ვინ იცის, რამდენი დიდი მუსიკოსი დაუკარგა ისტორიას ცვინგლის ახირებამ?!

ამას რომ ვფიქრობდი, სწორედ მაშინ აჟღერდა ეკლესიის ორგანი და გულიც შემიკუმშა. იმ ორგანისტივით მომინდა დამეტირა დალეწილი ორგანები, თან რომ გაიყოლეს სამი საუკუნის განმავლობაში რეგიონში დაბადებული დიდი მუსიკალური ნიჭები და არშემდგარი დიდი მუსიკალური კულტურა.

სასტუმროში დაბრუნებულმა ჩემს დას დავურეკე და ეს საზარელი ამბავი მოვუყევი. რა იცი, იქნებ ამუზია სჭირდა ცვინგლისო - ნახევრად ხუმრობით მანუგეშა. ამუზიით დაავადებული ადამიანი ვერ აღიქვამს ბგერათსიმაღლეებს, მათ თანმიმდევრობას და შედეგად ვერც იმახსოვრებს მათ. ასეთ ადამიანს მუსიკისგან ესთეტიკური სიამოვნების მიღება არ ძალუძს, რადგან მუსიკა მისთვის მხოლოდ შემაწუხებელი ხმაურია. ამ იდეამ დამატყვევა... ამუზია როგორც დაავადება მხოლოდ 2002 წელს აღმოაჩინეს. ხომ შეიძლება ცვინგლიმ არც კი იცოდა, რა სჭირდა-მეთქი?! რატომღაც, არ მივყევი უფრო ღრმად ამ თეორიას და ჩარჩა ჩემს მეხსიერებას ეს ისტორია ასეთი სახით - როგორ გადაყვა დიდი კულტურა ამუზიით დაავადებული, სიჩუმეს დანატრებული დიდი რეფორმატორის იდეალებსა და რწმენას.

და მხოლოდ ახლა, როდესაც ამ მოგონების ფურცელზე გადმოტანა გადავწყვტე, მცირე მოკვლევა ჩავატარე.

და ჰოი, საოცრებავ!

რეფორმატორებს შორის ერთ-ერთ უნიჭიერეს მუსიკოსად მონათლული ცვინგლი ათ საკრავს ფლობდა და თავისი მრევლის ბავშვებს ხშირად ართობდა ბარბითზე დაკვრით. ცვინგლი არაერთი მუსიკალური ოპუსის ავტორიც ყოფილა. მათგან სამი საგალობელი შემორჩენია ისტორიას. ერთი ვიპოვე, მოვისმინე და გავოგნდი....

ნუთუ ულრიხ ცვინგლის გულში არ აღმოჩნდა ადგილი ორივესთვის - სიტყვისა და მუსიკისთვის? რატომ ჩათვალა, რომ ჩვენი გონება ვერ დაიტევდა ორივეს? (ვიზუალური ხელოვნებაც არ დაგვავიწყდეს!) იქნებ მართალი იყო, და რაიმესთან სრული თანაზიარების განცდაში მხოლოდ ერთის ადგილია?

ან იქნებ სწორედ იმიტომ, რომ უნიჭიერესი მუსიკოსი იყო, მიხვდა: მიუხედავად იმისა, რომ „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“, არსებობს ის, რასაც ძალუძს, წაართვას მას ძალა?

 

ლეონარდო და მუსიკის დეფექტი 

რამდენი ხანია მინდა დავწერო ლეონარდოზე. მილანში ყოფნისას გადავაწყდი მის ჩანახატებსა და ჩანაწერებს Codex Atlanticus-იდან, გამოფენილთ Pinacoteca Ambrosiana-ში. ერთ-ერთზე, რომელიღაც მუსიკალური ინსტრუმენტის ესკიზის თავზე მიუწერია: „მუსიკას ორი დეფექტი აქვს: პირველი - ის მოკვდავია, მეორე - ის ქრება... მუსიკის მოკვდავობა იწყება მისი დაბადებისას, ქრობადობა კი მას საცოდავსა და უბედურს წარმოაჩენს თავის განმეორებადობაში.

განა მუსიკა არ უყვარდა? მისი ბიოგრაფის, ჯორჯო ვაზარის მტკიცებით, ღვთაებრივად მღეროდა თურმე, უკრავდა ფლეიტასა და ლირა და ბრაჩოზე, უამრავი მუსიკალური საკრავის ესკიზი აქვს შექმნილი, სერიოზულად იკვლევდა მუსიკალური ბგერის ფენომენს. რომ არ ყვარებოდა, „ფერწერის პატარა დაიკოდ“ მოიხსენიებდა განა? მაგრამ ფერწერა არასოდეს წარმოჩნდება „საწყალი“, ვინაიდან „ის არ კვდება დაბადებისას და რჩება ყოფიერებაში...“ იქნებ ამიტომ არჩია მხატვრობა? ხომ წერდა მუსიკასაც?! იმდენივე ყურადღება რომ მიექცია მუსიკის შექმნის ხელოვნებისთვის, ეგებ კიდევ ერთი დიდი კომპოზიტორი ჰყოლოდა მსოფლიოს, ბახის სადარი?!

და რა უცნაურია, რომ მისი ყველაზე დიდი შედევრი, მისი ფრესკა „საიდუმლო სერობა“ თითქოს იზიარებს მუსიკის დეფექტს. ის ქრება...

თავისი პერფექციონიზმიდან გამომდინარე, ექსპერმენტული ტექნიკა აურჩვია ხატვისას. ტრადიციულად, ფრესკის ხატვის პროცესი მოითხოვდა, რომ მხატვარს სწრაფად დაეტანა საღებავი ბათქაშზე, ვიდრე ის გაშრებოდა და მყარად მიამაგრებდა პიგმენტს კედელზე. ეს კი გამორიცხავდა რაიმე ცვლილების შეტანას ნახატში, რაც  ლეონარდოს არაფერში აწყობდა. მან გამოიმუშავა ე.წ. მშრალი ტექნიკა, ატანდა რა ტემპერასა და ზეთის საღებავებს ორი შრისაგან შემდგარ მშრალ ძირზე. ასე პიგმენტი სამუდამოდ არ ეკვროდა კედელს, ლეონარდოს კი ჰქონდა შესაძლებლობა, სამი წლის განმავლობაში მიბრუნებოდა ფრესკას და ნელ-ნელა სრულეყო თავისი შედევრი. სამწუხაროდ, ძირისთვის დამზადებული ნარევი არ აღმოჩნდა მტკიცე. პიგმენტმა მალე დაიწყო გაფხვიერება და სულ რამდენიმე წელიწადში ხრწნის პროცესი დაიწყო. ამას დაემატა ნესტი, მონასტრის სამზარეულოდან წამოსული ორთქლი და კვამლი, სანთლების ჭვარტლი, XIX საუკუნის დასაწყისში მომხდარი დიდი წყალდიდობა, მეორე მსოფლიო ომისდოინდელი დაბომბვა... მაგრამ ეს ყველაფერი Santa Maria delle Grazie-ს სატრაპეზოს მოპირდაპირე კედელზე დახატულმა ფრესკამაც გაიარა... ჯოვანი დონატო და მონტორფანო ლეონარდოს პარალელურად „ჯვარცმას“ ხატავდა. მან ტრადიციული ტექნიკა გამოიყენა და დღესაც შეგიძლიათ, თუ მოხვდით მაგ სატრაპეზოში, დატკბეთ მონტორფანოს ნამუშევრით... ჰოდა, ის ფრესკა, შექმნილი ტრადიციული ტექნიკით, გადარჩა... (რამდენიმე ფიგურა მიუხატავს ლეონარდოს ამ ფრესკაზე, და ისინიც ქრება...).

მაგრამ ვის ცხელა მონტორფანოსთვის? იმ ლეგენდარულ სატრაპეზოში რომ მოხვდეთ, თვეებით ადრე უნდა ჩაეწეროთ, შემდეგ რიგში ჩადგეთ, სამი ელექტრონული ჭიშკარი გაიაროთ (თავი ციხეში მეგონა...) და სულ თხუთმეტი წუთი გეძლევათ, რომ გაიგოთ, რატომ გიჟდება სამყარო ამ ფრესკაზე.

შენ კი შედიხარ და ხედავ, როგორ ქრება ეს ლეგენდარული ფრესკა... ეს წამი.... ჩემთვის ყველაზე დრამატული წამი არა მარტო „ახალ აღთქმაში“, არამედ კაცობრიობის ისტორიაში.... ქრისტემ რომ აცნობა თავის მოციქულებს ერთ-ერთი მათგანის ღალატის შესახებ. ეს წამი უკვდავყო ლეონარდომ. წერდა კიდეც ფერწერაზე, ის სახეებს ღმერთებად აქცევსო და დროს უნახავსო. ეს ღმერთად ქცეული წამი ქრება... მუსიკასავით.

 Santa Maria delle Grazie-ს სატრაპეზოში დგომისას გავიფიქრე, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნებისმიერ მოვლენასა თუ საგანს მისი ქრობადობა ანიჭებს.... და იქნებ სწორედ ეს ქრობადობა აახლოებს მუსიკას ცხოვრებასთან და ხდის მას გაცილებით უფრო ბუნებრივ მოვლენად, ვიდრე ფერწერაა?! და იქნებ ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ სულაც არაა წარუმატებელი ექსპერიმენტი (როგორც ამოვიკითხე არაერთ სტატიაში), არამედ მხატვრობის გამუსიკალურებისა და ცხოვრებასთან დაახლოების წარმატებული ნიმუშია?! (რამდენად უნდოდა ეს ლეონარდოს, ეს სხვა საკითხია)...

ჭეშმარიტი უკვდავება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოდის, როდესაც მოკვდავი უერთდება დროის არმცნობ მარადისობას. მანამდე კი ყველა და ყველაფერი დროშია განფენილი, განწირული გაქრობისთვის. ეს ცხოვრების დეფექტია, რომელიც „პატარა დაიკომ“ გაიაზრა, მიიღო და თავისი არსის ნაწილად აქცია... ყველა სახის მცდელობა წამიერების შეჩერებისა კი ილუზორულია თავისი არსით... ასე გვგონია მე და მუსიკას... :)

არ იფიქროთ, რომ ვერ ვგრძნობ, რამდენად „საწყალი და უბედური“ ვარ ამ წუთას... ლეონარდოს რომ ვეკამათები. მაგრამ მეზობელ ოთახში ჩემი პატარა დაიკო მეცადინეობს ახლა ბახის მეექვსე პარტიტას, ვინ იცის მერამდენეჯერ განმეორებულს თავისი სამსაუკუნოვანი „ყოფიერების“ მანძილზე. როგორ ვთქვა, და... ბახის წინაშე არც დიდი ლეონარდოა ბევრად უკეთეს დღეში...  

P.S. არადა დიდია მართლა! იტალიიდან რაც დავბრუნდი, უკვე მესამეჯერ დამესიზმრა „ქრობადი“ მაცხოვარი და მისი მოციქულნი... როგორ მიემართებიან უკვდავებისკენ მიმავალ გზაზე... იმ წამისკენ, როდესაც გაქრებიან და ჭეშმარიტ ღმერთებად იქცევიან! 

 

ასეც უნდა ისწავლებოდეს მუსიკის ისტორია...

პრაქტიკულ საკითხებში მის რჩევებს ვერც კი მიიღებ მხედველობაში, ვინაიდან ვერასოდეს აღიქვამდა მოველენებს რეალურად და ვერც ადამიანის ბუნება შეიცნო ბოლომდე. მისი სული მხოლოდ პოეზიითა და მუსიკითაა აღსავსე, ამიტომაც ვერასოდეს იტანს იმას, რაც მის გონებასთან შეუთავსებელია,“ - წერდა 1847 წლის 14 ივლისს ჟორჟ სანდი თავის და შოპენის საერთო მეგობარს ვოიცეხ გრჟიმალას. ეს წერილი ვარშავაში, შოპენის მუზეუმის მონახულებისას წავიკითხე. მახსოვს, იმდენად იმოქმედა ჩემზე, მომინდა მისი თარგმნა და მასზე დაწერა.

რაღაცნაირად გვასწავლიან მუსიკის ისოტირიას მუსიკოსებს - ფრიად აკადემიურად. კი გვესმოდა, რომ ჟორჟ სანდი შოპენის სიყვარული იყო, ისიც ვისწავლეთ, რომ თავიდან შთაგონების წყაროდ იქცა, მოგვიანებით კი - მის უდიდეს გაწბილებად, რამაც დააჩქარა კიდეც მისი სიკვდილი... მაგრამ მაინც მშრალი ინფორმაციაა, თან ძალზედ სუბიექტური... აი მოეყვანათ ეს წერილი სახელმძღვანელოებში (ისევე, როგორც მუზეუმშია გამოფენილი წერილები) - მაშინვე ხვდები, კი არა და, გრძნობ ყველაფერს. და მერე თავად შეგიძლია განსაზღვრო, ვინ ვინ გააწბილა და მოკლა...

ის ბოროტება, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს ამ საბრალო არსებას როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, დიდი ხანია მეც მკლავს; ვხედავ, როგორ მშორდება თანდათან, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ მისთვის - ეჭვიანობაა ყოველთვის მისი სასოწარკვეთილების უმთავრესი მიზეზი. არადა შვიდი წელია მასთან ქალწულის ცხოვრებით ვცხოვრობ. დროზე ადრე დავბერდი და დავიღალე ვნებებისგან, გაწბილებებისგან და ვერაფერი განმკურნავს. თუ რომელიმე ქალს ამქვეყნად შეეძლო მასში ნდობის მოპოვება, ეს მე ვიყავი. თუმცა მას არასდროს ესმოდა ეს. ვიცი, რომ ბევრი მადანაშაულებს. ზოგი თვლის, რომ ჩემი ძლიერი გრძნობადი მოთხოვნილებების შედეგად გამოვფიტე, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ჩემი ჟინით სასოწარკვეთილებამდე მივიყვანე... ის კი ჩივის, რომ მგრძნობიარობის სინაკლებემ ჩემში რაღაც ჩაკლა მასში, არადა დარწმუნებული ვარ, ოდნავ სხვანაირადაც კი რომ მოვქცეულიყავი, ის მოკვდებოდა.

ხომ ჩანს ამ წერილში, რას ფიქრობდნენ შოპენის მეგობრები მათ კავშირზე? და ისიც ჩანს, რა აწუხებდა შოპენს. მაინც მწერალი იყო ჩვენი ამანდინა ავრორა ლუსილი, წერილებშიც კი არ გაურბოდა მთავარი გმირების გრძნობების დაფიქსირებას. ამიტომ, წერილებით უნდა ისწავლებოდეს ხელოვნების ისტორია.

არ უყვარდათ ისე შოპენის მეგობრებს, მართალია. „საბრალო არსებამ არ იცის, რომ ამ ქალს მხოლოდ ვამპირის სიყვარულით უყვარს,“ - ჩიოდა მარკიზ დე კუსტინი (ისევ და ისევ ერთ-ერთ წერილში). არადა, რომ დაფიქრდე, რომელ მამაკაცს მოეწონებოდა ქალი, რომელიც კაცის სამოსს ატარებდა, სიგარებს ეწეოდა და ცხენზეც „მამაკაცის პოზაში“ ჯირითობდა XIX საუკუნეში?! შოპენსაც კი არ მოეწონა თავიდან: არის ამ ქალში რაღაც, რაც მაღიზიანებსო. საერთოდ, ეს ქალი არისო? - წერდა მათი პირველი შეხვედრის შემდეგ თავისიანებს. მაგრამ ჟორჟ სანდმა მთელი „დაპყრობითი კამპანია“ გააჩაღა თურმე და შოპენსაც არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დანებებულიყო...

რომ არ დანებებულიყო, არც კი ვიცი, რას შექმნიდა. მართლა... თავი რომ ერჩინა, ფორტეპიანოს გაკვეთილებს აძლევდა. ძალიან ძვირი კი ღირდა, მაგრამ ბევრი მსურველი ჰყავდა. ჰოდა, მთელი დღეები და შერყეული ჯანმრთელობის ფონზე არსებული ენერგიის დიდი ნაწილი ამ საქმიანობას მიჰქონდა. როდის წერდა? ძირითადად ზაფხულობით, როცა ჟორჟ სანდს ულამაზეს ნოანში მიჰყავდა - პარიზიდან 250 კილომეტრით დაშორებულ ულამაზეს სოფელში, თავის მამულში - და იქ მასზე ზრუნავდა, გინდ ფინანსურად, გინდ პიროვნულად (ამ სიტყვის ცოტაოდენ ბუნდოვანი, მაგრამ ყოვლისმომცველი მნიშვნელობით). რომ ვუყურებდი შოპენის უმნიშვნელოვანესი და ასე კარგად ნაცნობი შედევრების ხელნაწერებს, გამოფენილთ მუზეუმში, სულ ეწერა - ნოანი, და თარიღი...

და მერე ბზარი გაჩნდა. როგორც თავად წერდა ქალი მეგობრებს (როგორ უყვარდა წერილების წერა), ვერ აპატია, რომ თავის ქალიშვილთან აღმოცენებულ სერიოზულ კონფლიქტში (აქ მოსატანი არაა მიზეზი - ჩახლართული და გაუგებარი) სოლანჟის მხარე დაიკავა შოპენმა. მარტო შოპენი კი არ ეჭვიანობდა, როგორც ჩანს... ეჭვიანობდა ჟორჟ სანდიც. არ ჰქონდა რომანი ახალგაზრდა გოგოსთან შოპენსო, შვილივით უყვარდაო, წერენ უკვე ისტორიკოსები... მიდი და დაუჯერე... შეიძლება არაფერი ჰქონდა, შეიძლება ჟორჟ სანდი ცუდი დედა იყო (ასეც წერენ) და შოპენმა ვერ აიტანა ქალის უსამართლო დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ, მაგრამ რაღაცაში მართალი იქნებოდა ჟორჟ სანდი. ეს კაცები თავად ვერ ხვდებიან ხოლმე, რას გრძნობენ, ქალები ხვდებიან და კაცების შეგრძნებებზე რეაგირებენ. და თუ კაცის შეგრძნება აზრსა და ქმედებაში არ ტრანსფორმირდა (ასეც ხდება, ხშირად), რჩება ისტერიკული ქალი და გაოგნებული/გაუგებრობაში ჩავარდნილი მამაკაცი. ამიტომ, მე უფრო ჟორჟ სანდის მჯერა... ამ საკითხში, რა თქმა უნდა. 

„თქვენ ხედავთ, ალბათ, როგორია ჩემი როლი ამ ვითარებაში - მე ყველა თვალსაზრისით მისი მონა ვარ. წამებულად ვიქეცი! ზეცა კი არ მწყალობს, თითქოს ითხოვს ჩემგან რაღაც საშინელი დანაშაულებების გამოსყიდვას. მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, თავდადებისა, ის, ვინც წმინდა სიყვარულით, დედობრივი სიყვარულით მიყვარს, თავისივე გრძნობების მსხვერპლი ხდება,“- წერდა 1847 წლის 14 ივლისს ვოიცეხ გრჟიმალას... იმავე წელს დაშორდა. და ხომ წერდა - ოდნავ სხვანაირად რომ მოვიქცე, მოკვდებაო... მოკვდა, დაშორებიდან ორ წელიწადში... საშინელ სიდუხჭირეში. რომ არ შეხვედროდა ჟ.ს-ს, რომელმაც მოწამლა მთელი მისი არსი, ქერუბინის ასაკამდე მიაღწევდაო, - უთქვამს იმავე გჟიმალას... ვითომს?

ეს პორტრეტები[2] დელაკრუას დახატულია. ორ პორტრეტად ვიცნობთ დღეს ყველანი. არადა ერთ პორტრეტად დაუხატავს - შოპენი უკრავს როიალზე, გვერდით კი ჟორჟ სანდი უზის და ქარგავს (უყვარდა თურმე ქარგვა). რატომღაც ვერ დაასრულა პორტრეტი - ეტყობა, დაშორების ენერგეტიკა ტრიალებდა ჰაერში... დელაკრუას სიკვდილის შემდეგ მფლობელს შუაში გაუჭრია სურათი და ცალ-ცალკე პორტრეტებად გაუყიდია დაუსრულებული ფრაგმენტები. ვარაუდობენ, გაყო, რათა მეტი ფული მოეგოო... მე კი მგონია, აქაც კი არ უწყალობა ზეცამ მათ. კიდია ახლა ერთის პორტრეტი პარიზის ლუვრში (შოპენი), მეორისა კი - კოპენჰაგენის ორდრუპგაარდის მუზეუმში... არადა ასეთი (ჰიპოთეთიკურად რეკონსტრირებული ვერსიაა)[3] სახით უნდა ეკიდონ ვარშავაში, შოპენის მუზეუმში...

ასეც უნდა ისწავლებოდეს მუსიკის ისტორია, მგონია. უფრო ღრმად შეიგრძნობ ხელოვანს და მერე საინტერესო სახეებს შექმნი დაკვრისას.

არადა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თურმე ქერუბინი.

ღმერთო, რამდენ შედევრს დაგვიწერდა კიდევ...

 

სიყვარულზედ...

რაღაც სიყვარულზე მომინდა წერა...

„აბესალომ და ეთერს“ ვუსმინე/ვუყურე ახლა. მერე „ეთერიანსაც“ გადავხედე ჩემს მოგონებებში... და მერე ჯონ კეიჯი გამახსენდა, ამერიკელი კომპოზიტორი.

კეიჯზე თავის დროზე დიდი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ინდოელი ხელოვნებათმცოდნის ანანდა კუმარასვამის თეორიამ, რომლის მიხედვით, ინდური ხელოვნების ესთეტიკა ეფუძნება ცხრა „ურყევ ემოციას“ (permanent emotions). აქედან ოთხი ემოცია - ეროტიკა, გმირობა, გაოცება, სიხარული - თეთრი ფერისაა, ოთხი კი - წუხილი, რისხვა, შიში, ზიზღი - შავის. ეს „ფერადი“ ემოციები, როგორც კუმარასვამი წერს, ამჟღავნებენ სწრაფვას მეცხრესკენ, რომელსაც ფერი არ გააჩნია. მეცხრე ემოცია - სიმშვიდეა. საინტერესოა, რომ კუმარასვამის მოსაზრებით, ეს ემოციები კოდირებულია არა მარტო ინდურ, არამედ აღმოსავლურ და დასავლურ ხელოვნებაშიც.

ჩემს სტუდენტებს ამაზე რომ ვუყვები, ყველა ერთხმად მეკითხება - სიყვარული სადღაა? სიყვარული ხომ გრძნობაა, და არა ემოცია, ვეუბნები ხოლმე... დღეს კი, ფალიაშვილის სმენისას, ვიფიქრე, რომ სიყვარული (თუ საუბარია იმ სიყვარულზე, ეროსი რომ მოაყოლებს ხოლმე თავის ისარს) რვავე ფერად ემოციას მოიცავს - თეთრსაც და შავსაც... „აბესალომის“ სმენისას დავთვალე რვავე - სიხარულიც, გაოცებაც, შიშიც, რისხვაც, გმირობაც, ეროტიკაც, წუხილიც და... ზიზღიც კი (ბავშვობაში მკლავდა ეს იდეა, რომ აბესალომს შეეზიზღა მკბენარებშესეული ეთერი და უსიყვარულობისთვის გაწირა თავიც და საყვარელი ქალიც). რაღაც ახალი კუთხით დავინახე ეს ეპოსი, ქარაგმული ენითა და სიმბოლოებით რომ აღწერს სიყვარულის... არა, ჭეშმარიტი, დიდი სიყვარულის ანატომიას... ალბათ რვავე ურყევი ემოცია უნდა გაიარო, თან არაერთხელ, თან არ დანებდე და მერე შეგიძლია თქვა, რომ მართლა გიყვარდა...

და მერე...

და მერე სიმშვიდეა... დღეს პირველად გავაიგივე უფერო სიმშვიდე სიკვდილთან... იქნებ რომეოსა და ჯულიეტას, ტრისტანისა და იზოლდას, აბესალომისა და ეთერის ამბავთა ტრაგიკული დასასრული სულაც არაა ტრაგიკული და სიკვდილი მხოლოდ ლოგიკური დასასრულია რვა ფერადი ემოციის ლტოლვისა მეცხრესკენ? იქნებ ეს ლტოლვა მართლაც უფრო დიდია, ვიდრე შეყვარებულთა ლტოლვა ერთმანეთის მიმართ? და ეს ისეა ჩადებული სიყვარულის სტრუქტურაში, რომ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის წიაღში დაბადებული ყველა დიდი სიყვარულის ისტორიას ერთნაირი დასასრული აქვს?!

დღეს, მგონი, პირველად შევეხე დიდი სიყვარულის სტრუქტურას, „ეთერიანის“, ფალიაშვილის, კეიჯისა და კუმარასვამის დამსახურებით... 

ოღონდ, საუბარია მართლაც დიდ სიყვარულზე, რომლის განცდის ბედნიერება ყველას არ გვაქვს. ჰოდა, ვკმაყოფილდებით თითო-ოროლა თეთრი თუ შავი ემოციის ნარევით და სადღაც ღრმად გულში ვოცნებობთ განცდის უფრო მაღალ ხარისხზე, იმ დიდზე... ვქმნით ეპოსებს, პიესებს, ოპერებს... ვკითხულობთ, ვასრულებთ, ვუსმენთ, ვუკრავთ ტაშს და ... მერე საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნი, ვილტვით დიდი სიყვარულისკენ, რომელიც, იდეაში, მხოლოდ სიკვდილით მიღწეულ სიმშვიდეში აღწევს სრულყოფილებას.

სიმშვიდესა და... ხელოვნებაში.

 

პლატონური ამბორი

ულამაზეს თქმულებას გადავაწყდი დღეს, პლატონურ ამბორზე.... თქმულებას მოთხრობილს რენესანსის ეპოქის იტალიელი დიპლომატისა და მწერლის, ბალდასარე კასტილიონეს 1528 წელს გამოცემულ წიგნში „სამეფო კარის დიდებული“ (Il Cortegiano). პლატონური ამბორისას ბაგეთა ერთმანეთთან შეხებით თურმე სულები ეხებიან ერთმანეთს... უმაღლესი ხარისხის სიამოვნების განცდის შედეგად ისინი ადგილებს იცვლიან - საყვარელი ადამიანის სხეულში გადადიან... ამიტომ განიცდიან ასე მწარედ განშორებას საყვარლები (პლატონური, ოღონდ! :) )... ამიტომ ილტვიან ერთამენთისკენ... იდეაში, საკუთარ სულს, საკუთარ მე-ს ეძებენ და მხოლოდ მაშინ პოულობენ მას (და შვებას), როცა კვლავ ეამბორებიან ერთმანეთს...

ამის წამკითხვარე დავფიქრდი... იქნებ ეს პრინციპი მხოლოდ პლატონური სიყვარულისა და ამბორის შემთხვევაში არ მოქმედებს? იქნებ ყველასა და ყველაფერში, რაც გვიყვარს, ჩვენს სულს თუ არ ვასახლებთ, სულის ნაწილს მაინც ვტოვებთ და მერე ეს ნაწილი გვენატრება?! ნუთუ სიყვარული ყველა გამოვლინებაში მაინც ეგოისტური აქტია? სხვა არაფერი, თუ არა საკუთარი თავის, გასხვისებული სულის ნაწილის მონატრება და ძიება?

ასე იტაცებენ ჩვენი სულის ნაწილებს ადამიანები, საგნები, მოვლენები... ასე იცლები თანდათან და მერე დასდევ მათ, ან სხვებს, რომ საკუთარი სულის დაცარიელებული სივრცეები კვლავ შეივსო... რომ შენი სული კვლავ გაამრთელო...

თან ნეტავ მხოლოდ ამბორი ჰყოფნიდეს ამ ამბავს! : )

ჩემს დიდ სიყვარულებსა და ტკივილებზე მეფიქრება ახლა... სამუდამოდ დაიტოვეს ჩემი სულის ნაწილები... თან დიდი... არ მიბრუნებენ (ვერც დამიბრუნებენ) უკან... ამიტომ დავდივართ ასე, სულნაკლულნი, და სხვათა სულებში ვაფათურებთ ხელებს...

არადა არ ღირს!

არ ღირს!

დაცლილი სულით უნდა დატოვო ეს ცოდვილი დედამიწა... იმ იმედით, რომ შენს მერე დარჩენილ ადამიანებში, საგნებში, მოვლენებში შენი სული ცოტა ხნით მაინც განაგრძობს თავის ამქვეყნიურ არსებობას... : )

 

სიყვარული და მათემატიკა

მეგობარმა მომიყვა წლების წინ. ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ერთი საყვარელი გოგონა ჰყავდა კლასში. მათემატიკა არ ეხატებოდა გულზე ბავშვს, არ იკლავდა თავს მაგაზე დარდით, მაგრამ უყვარდა თანაკლასელი ბიჭი, რომელსაც მათემატიკა უყვარდა.

რისი პედაგოგი იყო, გოგონას სტიმულირებისთვის მისივე გრძნობა რომ არ გამოეყენებინა?! ეუბნება - კი მაგრამ, რომ არ გიყვარს ეს მათემატიკა და სამებს იღებ, იმ ბიჭს როგორ შეუყვარდებიო?

გოგომ წამიერი დაყოვნების გარეშე უპასუხა - სად გინახავს ან გაგიგონია, შეყვარებულები მათემატიკაზე საუბრობდნენო...

მიუმატეთ ახლა ამას მეგრული აქცენტი (და მაინცდამაინც კიურებზე ნუ იფიქრებთ), ხომ არის სასწაული?! :)

 

ღორნთ ქოჸონს გემუანსჷ!

1874 წლის 28 აპრილს გაზეთ New York World-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც მოგვითხრობდა აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე მადაგასკარის კუნძულზე მცხოვრებ მკოდოს ტომზე. ტომის ხალხი თურმე კაციჭამია ხეს სცემდა თაყვანს, სწირავდა რა მას ადამიანებს. ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლშეწირვის რიტუალი დეტალურად ყოფილა აღწერილი სტატიაში. კაციჭამია ხემ არაერთი მეცნიერისა თუ ხელოვანის გონება დაატყვევა... ვერავინ მიხვდა, რომ მთელი ეს ამბავი რეპორტიორ ედმუნდ სპენსერის ლიტერატურული ფიქცია იყო, მით უმეტეს, რომ მწერიჭამია მცენარეები უკვე ცნობილი იყო მეცნიერთათვის...

სიმართლე 14 წლის შემდეგ, ერთ ლიტერატურულ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიით გამოვლინდა. თუმცა სიმართლის გამომვლენელი სტატია ყველამ არ წაიკითხა და შემორჩა მადაგასკარის კაციაჭამია ხე ზეპირსიტყვიერებას... მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ავანტიურისტთა ერთმა ჯგუფმა, რომელშიც ბოტანიკოსი, მინერალოგი და სამხედრო პირი შედიოდნენ, ექსპედიციაც კი ჩაატარა მადაგასკარზე.... ხე ვერ მოძებნეს, მაგრამ, რაც მთავარია, შეჭმას გადაურჩნენ...

არ ვიცი, როგორ მოხვდა სტატია კაციჭამია ხეზე 50-იანი წლების საქართველოს პრესაში, მაგრამ ფაქტია, რომ გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული ეს სტატია ჩემმა დიდმა ბაბუამ, კაკა ჟვანიამ წაიკითხა... ჰოდა, ერთ ქალს რომ ეარშიყებოდა, იმპროვიზაციულად ადგილზე შექმნილი ეს ლექსი წაუკითხა...

ართნერი ჯა საოცარი ირდუ ტყასჷ აფრიკასჷ,

კოჩ დო მუთუნ შურდგუმილსჷ ხოლოს ვადარინუანსჷ,

მოდირიკუნს ნოჸველებსჷ დო ეშე ქიხვამილუანსჷ,

თექ ოჭკომუნს, გოძვალანსჷ,ძვალებს გეგმარგინუანსჷ.

ვაი შური საყვარელი, ირო ვარ დო ჭიჭე ხანსჷ,

თინერ საოცარი ჯათჷ თქვან დუდ გინომრთინუასჷ,

ხათე ქიმულ თქვან ხოლოშა, თქვა დომიჭყანთ ჭკუმუასჷ,

ჩქიმი შეწირული ტანსჷ ღორნთ ქოჸონს გემუანსჷ!

ვინ წარმოდიგენდა, რომ კაციაჭამია ხე შეიძლებოდა ქალთან გაარშიყების მთავარი გმირი, ვნების მთავარი გამომხატველი საშუალება გამოსულიყო?! ჩემმა გონებამაც იცის ხოლმე წარმოსახვის ცოტაოდენ მოულოდნელი მიმართულებით წაყვანა... ეტყობა, კაკას ვგავარ... ვკითხულობ ამ ლექსს და ვგრძნობ გენეტიკურ კავშირს ჩემს წინაპართან, რომელმაც ჩემს ამქვეყნად მოვლინემბამდე 2 წლით ადრე დატოვა წუთისოფელი... დატოვა წუთისოფელი, მეგრულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ და არაერთი ლექსი ქართულ და მეგრულ ენებზე... ლექსი კაციჭამია ხეზე ჩემი საყვარელი ლექსია. ამიტომ ვთხოვე მამაჩემს, ეთარგმნა ის ქართულად... 

უღრან ტყეში, აფრიკაში, საოცარი ხე იზრდება,

კაცი ანდა სხვა სულდგმული სიახლოვეს ვერ ჩერდება,

მოღუნავს რა თავის ტოტებს, ნადავლს ზევით ეზიდება,

იქ რომ შეჭამს, ძვლებს გადმოყრის, სიამოვნებს დანაყრება!

მუდამ არა, მცირე დროით, ვაღიარებ - მენატრება

იმ საოცარ აფრიკის ხედ, თქვენი თავის გადაქცევა!

უმალ მოვალ შესაჭმელად თქვენი ნება თუ იქნება,

ჩემი შეწირული ტანი ღმერთის ნებით შეგერგებათ!

სინტერესოა, რამდენად მოეწონა ეს ლექსი იმ ქალს... ქალის რეაქციაზე არაფერი შემორჩენილა ოჯახურ ზეპირსიტყვიერებაში, ეს ლექსი კი შემორჩა... ძალიან მომინდა, დიგიტალურ ფორმატშიც დაფიქსირებულიყო და აი ვაფიქსირებ ამ ალმადოვარისეული ფილმების ესთეტიკით გაზავებულ ლექსს კაციჭამია ხესა და კაციჭამია ვნებებზე...

 

სიყვარული და მარადიული რომი

ზუსტად ორი წლის წინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში რომი. შემოვიდა კი არა, შემოვარდა, თავგზა ამიბნია და თავი შემაყვარა. ზუსტად ისე, როგორც მამაკაცი იქცევა. იმდენად სრულყოფილი იყო, შემეშინდა ცოტა. არის რაღაც არაორგანული ასეთ სრულყოფილებაში. ფაშიზმი მიისწრაფვის ხოლმე ასეთისკენ, არ ცნობს, გაურბის და ანადგურებს ნაკლოვანებებს.

ჰოდა, ახლა რომ ჩავედი მარადიულ ქალაქში, თავისი ნაკლოვანებები გადმომიშალა. ზუსტად ისე, როგორც მამაკაცი იქცევა პირველი, ეიფორიული პერიოდის შემდეგ. კონფერენცია ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში მდებარე უნივერსიტეტში ტარდებოდა. ამიტომ, საცხოვრებელი უბნის ქუჩები დავიარე.

ჩვეულებრივიც ყოფილა რომი... ჩვეულებრივი და ჭუჭყიანი, გრაფიტოებით მოხატული კედლებით, ქუჩაში დაყრილი ნაგვით, ფანჯრებიდან მოფრიალე დაურეცხავი ფარდებით, საჭმელების და ნარჩენების ერთმანეთში არეული სურნელებებით.

კი არ გავწბილდი, მომეშვა. მივხვდი, რომ რომიც ერთი ჩვეულებრივი ქალაქია და.... კიდევ უფრო შევიყვარე იგი. სიყვარული ხომ სხვა არაფერია? გიყვარს ყველაფერი - დიდებულებაც და ნაკლოვანებაც.

მაგრამ.... კონფერენციის დასრულების შემდეგ კვლავ რომის ცენტრისკენ გავემართე. ნელ-ნელა ბნელდებოდა და რომიც თანდათან სინათლეებით იმოსებოდა. ჩავუარე ჩემს უდიდებულეს კოლიზეუმს, გავიარე უძველეს ფორუმზე, შორიდან მოვეფერე მრავალსაუკუნოვან მარჩელოს თეატრს, დავტკბი ვენეციის მოედნის ულამაზესი ხედით, ვისროლე ხურდა ტრევის შადრევანში და მივხვდი...

ქალაქიც, მამაკაციც, ქალიც, მეგობარიც, ნათესავიც ყველა გამოვლინებაში უნდა გიყვარდეს. მაგრამ გიყვარს მაშინ, როდესაც მის გულში, თუნდაც სიღრმეებში ჩაფლული და ჩამალული კოლიზეუმი გელოდება... ან ტრევის შადრევანი... ან...

მოკლედ, იდეას მიხვდით ხომ? მეც ახლა მივხვდი, რა არის სიყვარული :). მარადიულმა რომმა მიმახვედრა.

 

Roma Aeterna

მე და ჭაბა ეს-ესაა ჩამოვღოღდით რომში. ჯერ თბილისიდან ქუთაისამდე ვიმგზავრეთ 4 საათი, მერე 3 საათი აეროპორტში ვიცადეთ, მერე მილანში გავფრინდით - ესეც 4 საათი. მერე აეროპორტში ვიცადეთ 3 საათი. მერე რომში მივფრინავდით საათნახევარი და ბოლოს ავტობუსით მივჩაქჩაქდით ცენტრალურ სადგურამდე (1 საათი), რომელთან ახლოს, მადლობა ღმერთს, ჩვენი სასტუმროა.

მოკლედ, 16,5 საათია გზაში ვართ... დაელმებულები ვზივართ ავტობუსში... მე, როცა ძალიან ვიღლები, აზრებს ვერ ვაკონტროლებ. მაშინ ჩემი ცნობიერების ნაკადი ამოხეთქავს და ამოყრის ყოველგვარ სისულელეს, გულმოდგინედ რომ ვთრგუნავ და ქვეცნობიერში ვაგზავნი ხოლმე არადაღლილი.

ეკას ვეუბნები... აი ასე, უბრალოდ, შეუმზადებლად...

- საუკუნეების შემდეგ, სხვა პლანეტებზე რომ დავიწყებთ ფრენას, თავიდან სასტიკად ძვირი იქნება, ალბათ, ფრენები და მერე გაჩნდება იაფი ფრენები... წარმოიდგინე: ქუთაისი-მარსი, ვიზეარი...

- არა, - მპასუხობს ეკა დაუფიქრებლად. არც კი უკვირს ეს თემა. - ძვირი იქნება ფრენები დედამიწიდან მარსზე. აი შენი რაკეტით რომ გაფრინდები მთვარეზე, იქიდან იაფი იქნება...

მე წარმოვიდგენ, როგორ ვჯდები რაკეტაში და მივფრინავ მთვარეზე.

- თუმცა, - მაწყვეტინებს ფრენას ჭაბა. - მე ვიცი, როგორც იქნება: რაკეტები და თვითმფრინავები არა... ადამიანები გააღებენ კარებს და აღმოჩნდებიან სხვა პლანეტებზე... წარმოიდგინე, მიდიხარ რაღაც ადგილას და გეკითხებიან: რომელი ნომერია თქვენი კარი?

მე მჯერა, რომ ეს მართლაც ასე იქნება. დიდი ხანია უკვე ვფიქრობ, რომ ეკა შეერთებულია ანტენებით სამყაროს ინფორმაციულ ველთან და ხანდახან გვაწვდის უბრალო მოკვდავებს დამალულ ინფორმაციებს.

უცებ ვჩერდებით... მე ვიხსენებ ტელეპორტაციის სცენებს, უხვად რომ გვაწვდის ჰოლივუდი, და ვგრძნობ, როგორ მშურს იმ ადამიანების, კარების შეღებით რომ აღმოჩნდებიან შორეულ პლანეტებზე...

და მერე მთლად სასწაული აზრი იელვებს თავში. ნინო ჟვანია და ეკა ჭაბაშვილი ვერ მოესწრებიან ამ დროს, მაგრამ ხომ არის მცირე შანსი იმისა, რომ სხვა სხეულში რეინკარნირებულები გავემგზავროთ შორეულ პლანეტებზე?!

ეს რომი მოქმედებს ადამიანებზე ასე! დაღლილი თბილისში გაცილებით უფრო პრაგმატულ სისულელეებზე ვფიქრობ. :) სხვა რომელი ქალაქი მოგანდომებს მარადისობასთან ზიარებას, თუ არა მარადიული რომი - Roma Aeterna?!

 

რაღაა იგი სინათლე?!

მე მსგავსი სიბინძურე არსად მინახავს! არა, მინახავს... ინდოეთში. სულ მაგიჟებდა არა სიბინძურე, არამედ მისი თანაარსებეობა გასაოცარ, გამაოგნებელ სილამაზესთან, დიდებულებასთან.

პირველი, რაც მომხვდა თვალში დილის რვა საათზე ქუჩაში გამოსულს, ეს ლისაბონის ქუჩების სიცარიელე და ნაგვის სიუხვე იყო. დილის რვა საათზე თბილისიც კი უფრო ცოცხალია, თუნდაც კვირა დღის თბილისი. მაგრამ ნაგავი?! იგი ყველგანაა. ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს სანაგვე ყუთები აქ მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ. უმეტესობა ცარიელია. დადიხარ ქუჩებში და სულ ფეხებში გებლანდება პლასტმასის ბოთლები, „პეპსისა“ და „კოკა-კოლას“ ქილები, მუყაოს ყუთები და ერთჯერადი ჭიქები, ნახევრად დალეული კოქტეილებით. სასმელების ქუჩაში დატოვების რაღაც ტრადიცია უნდა არსებობდეს ლისაბონში; თვალში მოგხვდება, იმდენია. სიგარეტის ნამწვავებზე ხომ არაფერს ვამბობ. ეს საწყალი ჩიტები დაბორიალობენ ქუჩებში და კენკავენ რაღაცეებს - ხან საკვებს, ხან ნაგავს.

აივნები... აივნები სავსეა გამხმარი ყვავილებით, რომლებშიც აქა-იქ ამოზრდილია ახალგაზრდა ყლორტები. დადიხარ გაოგნებული, ამ საოცარი ქალაქის სილამაზითა და სიბინძურით გაოგნებული. დადიხარ და მერე უცბად, ერთ წამში შეიგრძნობ, რომ ეს ნაგავი ამ სილამაზის ნაწილია, ისევე, როგორც გამხმარი ყვავილები - აყვავებული ყვავილებისა. ხვდები, რომ ამ ქალაქის განსაკუთრებულ ესთეტიკას სწორედ ეს ნარევი ქმნის.

ფერები?! ღმერთო, რა ფერებია! რაღაცა ხეა, საოცარი იასამნისფერი ყვავილებით. სახელი არ ვიცი, ყველგან ის ყვავის და ცვივა; ნაგვიან ქუჩებზე ცვივა და ერევა პლასტმასს, სიგარეტსა და ქაღალდს... გასაოცარი ცისფერი დომინირებს ლისაბონში. კედლები მოპირკეთებულია Azulejo-ებით - მოჭიქული თიხის ფილებით, XV საუკუნიდან მოყოლებული რომ ატყვევებენ პორტუგალიელთა წარმოსახვას. და შემდეგ, მათ ფონზე ხასხასა ფერები! ხასხასა ფერების კედლები, აივნები, ყვავილები, გამოკიდული ტანსაცმელები, ფარდაგები, საბნები, პირსახოცები, საახალწლო წვიმებს რომ მაგონებს ისეთი მორთულობები და... ნაგავი. აქ ნაგავიც კი ხასხასა ფერისაა, ხასხასა და ჭრელი. ასე უხდებოდეს სიჭრელე ქალაქს, ჯერ არ მინახავს. სიჭრელე და ნაგავი... 

ამის საპირისპიროდ, თუ რომელიმე ბორცვზე ახვალ (რომივით შვიდი ბორცვის ქალაქი ყოფილა ლისაბონი) და გადახედავ ქალაქს, ერთმნიშვნელოვნად წითურაა იგი. თეთრი სახლების სახურავები წითურა კრამიტითაა მოპორკეთებული, რაც საოცრად უხდება ლისაბონის მდინარის სილაჟვარდეს.

და ყვავილები?! თითქმის ყველა სახლთან ან ქოთნის ყვავილებია გამოდგმული, ან მცენარეებია დარგული. მიხვალ, მიეფერები და უცბად პლასტმასის ბოთლს ან ცელოფნის პარკს შენიშნავ... დიდი რაოდენობით! მაგრამ უხდება! დედას გეფიცებით, უხდება!

და ხალხი? ლაღი, შიშველი და ჭრელი. ტურისტებს არ ვგულისხმობ, ისინი მხოლოდ შიშველები არიან... ახლახანს ჩამოვედი რიგიდან. ყველაზე უფრო მწეველები დამამახსოვრდნენ. ყველგან კი ვერ ეწევიან! ადგილები აქვთ გამოყოფილი, მიიყუჟებიან ხოლმე საფერფლე ურნებთან და ეწევიან. აბა ლისაბონელები ნახეთ?! ეეეე! სადაც უნდა იქ ეწევიან და მერე აუცილებლად, აი გამონალკლისის გარეშე (ვაკვირდებოდი), დააგდებენ ქუჩაში ნამწვავს და განაგრძობენ ლაღად სვლას.

ჰო, სუნი! ნაგვის, თევზისა და ყვავილების სუნია არეული ერთმანეთში ზოგ ქუჩაზე... ყველგან არა. და ამის ფონზე ყველა ბარიდან ფადუ ისმის! ზოგან გამაძლიერებლებიცაა დადგმული.

დავდიოდი და ვფიქრობდი... რუსთაველის აფორიზმი ამეკვიატა - „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!“ რატომღაც მეორე ვერსიაც გავრცელდა ხალხში: ხშირად გამიგონია, „რაღაა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია?“! აი, როგორ შევეკამათო რუსთაველს, მაგრამ ლისაბონის ქუჩებში სეირნობისას ეს თვითნებური ვერსია ვერ მოვიშორე გონებიდან. გოეთემ თქვა მგონი, ნუ გეშინიათ სრულყოფილების, მაინც ვერ მიაღწევთო. გერმანიაში ცხოვრებისას სულ მეგონა, რომ გერმანელების მთავარი მიზანი სრულყოფილების მიღწევაა; ყველაფერში: ხელოვნებაში, წარმოებაში, ქალაქების განაშენიანებაში. აი ლისაბონელებს სულ არ აწუხებთ სრულყოფილება. სულ არ იღწვიან მისკენ. გიზეკინგი (ისე, უცნაურია, გერმანელი პიანისტი) და მისი შუმანი გამახსენდა რატომღაც, სულ „ჭუჭყებს“ რომ უშვებს და სასწაულს რომ ქმნის.

ვათვალიერებ ჩემს გადაღებულ ფოტოებს. როგორ მინდა ის ლისაბონი დაგანახოთ, მე რომ დამატყვევა! ერთი კარგი ფოტოაპარატი არ უნდა მქონდეს და ფოტოების გადაღება არ უნდა ვიცოდე?! თუმცა.... მაიცა რა, ნი! მოეშვი! რაღაა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია?! :)

 

სიზმრებში შემონახული ქალაქი

ეს პოზნანის ერთ-ერთი სახლის კედელია[4]... ბრტყელ კედელზე მიხატულია ეს ყველაფერი.... არც ერთი აივანი, ფანჯარა თუ სახურავი არაა ნამდვილი... გგონია, სამგანზომილებიანი წიგნის ერთ-ერთ გვერდს უყურებ.... საოცარი სანახავია...

ჩემი მეგობარი მარჩინი ბევრს მიყვებოდა პოლონეთზე.... რომ ჩაუღრმავდე ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას, იგი სავსეა ტრაგიკული ფურცლებით.... მაგრამ არსებობენ ერები, მაინც მეტი რომ გადაიტანეს, ვიდრე სხვებმა... პოლონეთი ასეთია.... შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქები სულ გადაუწვეს გერმანელებმა... ნანგრავებიც კი არ დარჩათ... ერთი კრაკოვი გადაურჩათ.

დასეირნობ პოზნანის უძველეს უბანში - „ტაძრის კუნძულზე“, იქ, სადაც გაქრისტიანდა პოლონეთი შორეულ X საუკუნეში და ერთი მართლა ძველი შენობა არაა შემორჩენილი... ყველაფერი აღადგინეს... ასლები გააკეთეს....

ყველაზე სიმბოლური ეს კედელია, ასე მგონია. შეგრძნება არ მტოვებდა, რომ მთელი პოზნანი ასეა თავიდან დახატული. თითქოს ქალაქმა სიზმრებში შემოინახა ძველი სურათები და აღადგინა ჩვენთვის... დიდი სიყვარულითა და სევდით.

 

დახრილი სახლების და დიდი გულის ქალაქი

ამსტერდამი ჩემთვის დახრილი სახლების ქალაქია. დადიხარ ქუჩებში და ხედავ, ხედავ კი არა, გრძნობ, როგორ დაგცქერის ზემოდან გადმოწეული სახლი. საოცარი შეგრძნებაა...

პირველად აქ 15 წლის წინ მოვხვდი, გერმანელ მეგობრებთან ერთად. გერმანელებს და ჰოლანდიელებს მეზობლური პაექრობა აქვთ, სულ ხუმრობენ ერთმანეთზე. მაშინ იძახდნენ ჩემი მეგობრები, ამსტერდამში არა მარტო ხალხი, სახლებიც კი ეწევაო. :) ფანტასტიკური მეტაფორაა... არადა, სულ დაჭაობებულ მიწებზე ააგო ამ გმირმა, შრომისმოყვარე და განჭრიახმა ხალხმა ეს საოცარი ქალაქი.... დაჭაობებული მიწა იწვევს ამ დახრილობას.

მე თუ მკითხავთ, ამ დახრილი სახლებისგან შემდგარი ასიმეტრიული ხატ-სახეების დამსახურებაა ამ ერის ტოლერანტობა მრავალფეროვნების მიმართ. მე სხვა ქვეყანა არ მინახავს, სადაც ასე გემრიელად თანაცხოვრობდნენ მუქი და თეთრკანიანები, გეები და ჰეტეროები, პროსტიტუტები და რელიგიური მსახურები, მწეველები და არამწეველები, პირდებიანები და უპირბადოები. სია გრძელია. გრძელი და მრავალფეროვანი.

დადიხარ ქუჩებში, აქა-იქ „პლანის“ სურნელით გაჯერებულებში და ფიქრობ: არსებობს კი ნორმა? ნორმიდან გადახრა? აი მრავალფეროვნება კი არსებობს... და თუ საზოგადოება ძალიან მოინდომებს, ამ მრავალფეროვნების ელემენტები ერთმანეთისადმი ზიანის მიუყენებლად თანაარსებობენ… როგორც სხვადასხვა მხარეს გადახდილ-გადმოხრილი სახლები, რომელთა ერთიანობა ჩემთვის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე სიმეტრიული განაშენიანებები.

განა არ ვიცი, რომ პრობლემები აქაც არსებობს?! მაგრამ ხანდახან მგონია, ეს ხალხი ამ პრობლემებს უმკლავდება და რაღაც ექსპერიმენტს ატარებს ... ეგება და გაამართლოს?!

დახრილი სახლები საუკუნეებია ამართლებს!

P.S. ამსტერდამის უძველესი ეკლესიის წინ პროსტიტუციის საინფორმაციო ცენტრია განლაგებული, ამავე ეკლესიის უკანა კედელი კი პორნოს მაღაზიას შეჰყურებს. აქვეა წითელი ფარნების ხეივანი. ისე ახლოსაა „ღვთიური“ „ხორციელ აღვირახსნილობასთან“, ხელი რომ გაიწვდინონ, შეეხებიან ერთმანეთს... არ იწვდენენ რო? არ ეხებიან რო? ყოველთვის იცოდნენ ეს ამსტერდამში და ამიტომ ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ ამ ფაქტს... :)  

მართლაც, რა ქალაქია! ყველას და ყველაფერს უპოვის ადგილს გულში. ჰოდა დავდივარ და ჩემს ადგილს ვეძებ... მის გულში... <3

 

სან-ჯიმინიანო

სან-ჯიმინიანო შუა საუკუნეების პატარა ქალაქია, რომელიც სიენასა და ფლირენციას შორის მდებარეობს. ჯერ კიდევ ეტრუსკების ეპოქაში გაშენდა ელზას ველის შუაში ამოზრდილ სამასოცდაათამდე მეტრის სიმაღლის გორაზე სოფელი სილვია, რომელსაც V საუკუნეში მფარველად მოევლინა წმინდანად შერაცხული მოდენას ბიშოპი ჯიმინიანო. მან სასწაულებრივ იხსნა დასახლება ჰუნების შემოტევებისგან და სწორედ მის საპატივცემულოდ დაერქვა დასახლებას სან-ჯიმინიანო.

შუა საუკუნეებში სწორედ ამ ქალაქზე გადიოდა პილიგრიმთა გზა, რომელიც რომს კენტბერისთან აკავშირებდა, რამაც იგი ევროპული მასშტაბით მნიშვნელოვან და, ამასთანავე, სხვადასხვა კულტურებისთვის გახსნილ ქალაქად აქცია. მისი აყვავების ხანა, ჩვენი არ იყოს, XI-XII საუკუნეებზე მოდის. ჩვენი არ იყოს, სან-ჯიმინიანოც ორი დიდი ძალის კონფლიქტების მსხვერპლი გამხდარა არაერთხელ. მძლავრ სიენასა და ფლორენციას შორის მოქცეული, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.

დამოუკიდებლობის დაკარგვა მან დაიწყო 1255 წელს, როდესაც ფლორენციის მბრძანებლებმა დაანგრიეს ქალაქის დამცავი კედელი და თანდათან დაეპატრონენ სან-ჯიმინიანოს. სხვათაშორის, 1300 წელს ქალაქში ფლორენციელთა ელჩის რანგში არც მეტი არც ნაკლები დანტე ალეგიერი ჩამოსულა.

დანტეს ვიზიტიდან ორმოცდარვა წლის შემდეგ კი ქალაქს შავი ჭირი დაატყდა თავს. იმდენად დამანგრეველი გამიდგა იგი, რომ დასუსტებული ქალაქი საბოლოოდ დანებდა ფლირენციას. 1348 წლიდან დაიწყო პოლიტიკურ-ეკონომიკური დაღმასვლა, რომელმაც XIX საუკუნემდე გასტანა.

როგორც ხდება ხოლმე, კულტურა არ დანებდა. ადგილობრივ, სიენელ და ფლორენციელ დიდ ხელივანთა ხელმძღვანელობით არაერთი ეკლესია აიგო, არაერთი შედევრით მოხატული. სწორედ კულტურის წყალობით დაიბრუნა მნიშვნელობა ქალაქმა XIX საუკუნეში, როდესაც შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქათა ატმოსფეროს შემომნახველი სან-ჯიმინიანო იტალიაში ტურიზმის განვითარების მესვეურთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს პროცესი 1990 წელს დაგვირგვინდა, როდესაც მთელი ქალაქი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

დავსეირნობდი სან-ჯიმინიანოს ქუჩებში და ვფიქრობდი, როგორ ჰგავს ცივილიზაციების, ქვეყნების, ქალაქების ბედი ადამიანთა ბედს. არაფერი და არავინ იკარგება. სახელი, შესაძლოა, კი, მაგრამ არა ნამოქმედარი. ყველაფერი, რასაც ვქმნით, სადღაც ილექება და ვერც კი წარმოვიდგენთ, როდის, ვისში ან რაში შეიძლება გამოვლინდეს... და ასე იქნება მანამდე, სანამ იარსებებს დედამიწა... და შეიძლება მერეც კი. :)

 

Torre del lago Puccini

ტორე დელ ლაგოში, სადაც ცხოვრობდა და ქმნიდა პუჩინი, აღმერთებენ კომპოზიტორს. ქალაქის სახელს მისი გვარიც მიამაგრეს - Torre del lago Puccini.

მისი ვილასკენ მიდის, ბუნებრივია, პუჩინის ქუჩა. კვეთს კი მას ტურანდოტის, ჯანი სკიკის, მადამ ბატერფლაის, ტაბაროს, ტოსკას ქუჩები.... მისეირნობ და თანდათან ეფლობი პუჩინის სამყაროში.

ერთი ნახვით სიყვარული გამოუვიდა ტორე დელ ლაგოსთან. საკუთარი სახლი აიშენა და თითქმის ყველა შედევრი აქ შექმნა. მისი ცხოვრების ბოლო წლებში ელექტრობა შემოუყვანიათ დასახლებაში. ამასთან დაკავშირებით მოუწიათ თურმე ხეების გაჩეხვა, ბუნების სილამაზეში ჩარევა. საშინლად აპროტესტებდა თურმე. ბოლოს ვერ აიტანა, მიატოვა დასახლება, გამოკეტა სახლი და არ დაბრუნებულა. თავის უკანასკნელ შედევრზე, „ტურანდოტზე“ უკვე სხვაგან მუშაობდა.

მაინც დაიბრუნა ტორე დელ ლაგომ პუჩინი. დასაფლავებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აქ გადმოასვენეს და თავისივე სახლში აგებულ პანთეონში დაკრძალეს. მერე ქალაქს მისი სახელი მიუმატეს. ასე შეირიგა პუჩინი ტორე დელ ლაგომ.

მის მუზეუმში შესვლამდე, მისი საფლავის მონახულებამდე მოვიარე მთელი სანაპირო, სადაც დასეირნობდა... თაკარა მზეზე. მზემ დამარტყა, მგონი. მის ქანდაკებას მივუახლოვდი და სელფის გადაღების უფლება ვთხოვე. თავი დამიქნია... ასე მომეჩვენა. თავხედურად ავძვერი კვარცხლბეკზე. მზე უშნოდ გვირტყამდა... ჩემი დარტყმა არ იკმარა... ლამის ბრმად გადავიღე... მადლობა გადავუხადე, სელფისთვის, „ტურანდოტისთვის“, „ტოსკასთვის“, „მადამ ბატერფლაისთვის“, „მანონ ლესკოსთვის“...

მერე კი ვიჯექი კონცერტზე, ტორე დელ ლაგო პუჩინიში, და მის სასწაულ მუსიკას ვისმენდი... ქალაქში, რომელიც თითქმის საუკუნეა პუჩინით ცოცხლობს, ამ სიტყვის ყოვლისმომცველი მნიშვნელობით.

 

შოპენის ვარშავა

რამდენი გმირი ჰყავს პოლონეთს, მაგრამ ვარშავა მაინც შოპენის ქალაქია...

ცენტრალურ ქუჩაზე Krakowskie przedmieście დგას წმინდა ჯვრის ეკლესია, სადაც შოპენის გულია დასვენებული. ამ ეკლესიიდან მოყოლებული, მთელი ქუჩის გაყოლებით ჩამწკრივებულია მუსიკალური ინსტალაცია-სკამები. დააჭერ ღილაკს და ისმის შოპენის მუსიკა. სკამი კი მოპირდაპირედ მდებარე შენობაზე მიგითითებს და გიყვება ისტორიას ამ შენობის და შოპენის ურთიერთობისა. ერთ შენობაში შოპენი ცხოვრობდა და სწავლობდა, მეორეში თავისი პირველი კონცერტი მისცა, მესამეში მისი პირველი მასწავლებელი ბინადრობდა. რა თქმა უნდა, ყველა შენობა მეორე მსოფლიო ომში დანგრეულ-დამწვარი, მაგრამ მერე შესაშური სიზუსტით აღდგენილია. ისეთი სიზუსტით და სიყვარულით, რომ შენობის და შოპენის სულს გრძნობ.

მიუყვები ქუჩას. ქალაქის ხმაურში იჭრება შოპენის ვალსები, მაზურკები და შენს თვალწინ ცოცხლდება ვარშავა... შოპენის ვარშავა.

ხვდები, რომ ვარშავა მაინც შოპენის ქალაქია. და ასეც უნდა იყოს! აბა სხვამ ვინ აჩუქა თავის ქალაქს თავისი გული? მარტო გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით.

 

სადაც არის საუნჯე თქვენი

ყველაზე კარგად შოპენზე ინგმარ ბერგმანმა თქვა, როდესაც „შემოდგომის სონატაში“ ინგრიდ ბერგმანის გმირს ათქმევინა, შოპენი ემოციური იყო, და არა სენტიმენტალურიო.

ძალიან მინდა ემოციური ნაწერი გამომივიდეს, და არა სენტიმენტალური. არადა ძნელია, როცა წერ... მის გულზე.

ვინც არ იცის... პარიზში მცხოვრებმა შოპენმა 1849 წლის ოქტომბერში, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბარა, სიკვდილის შემდეგ სხეულიდან მისი გული ამოეღოთ და სამშობლოში დაემარხათ. უფროსმა დამ, ლუდვიკამ, აუსრულა ძმას უკანასკნელი სურვილი - კონიაკით სავსე ჭურჭლით საიდუმლოდ ჩამოაბრძანა ძმის გული ვარშავაში (საზღვარზე რუსი ოფიცრების ზედმეტი კითხვებისთვის თავი რომ აერიდებინა, მთელი გზა ლაბადაში მალავდა თურმე ბროლის ვარცლს) და ჩუმად მიაბარა მიწას ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის ერთ-ერთი მონუმენტის ქვეშ. ქალაქმა მალევე შეიტყო, რა განძი იმალებოდა ეკლესიაში და წმინდა ჯვრის ეკლესია პოლონელ პატრიოტთა არაერთი შეხვედრის ადგილად ქცეულა თურმე.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს, რომლებმაც კარგად უწყოდნენ, რას ნიშნავდა შოპენი პოლონელთათვის, მოუპარავთ გული (მის მუსიკასაც დევნიდნენ ისე, თურმე). მთელი ომის განმავლობაში SS კომანდერის ერიხ ფონ დემ ბახი-ცელევსკის შტაბ-ბინაში ინახებოდა იგი, თუმცა, ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებიათ გერმანელებს პოლონელებისთვის ის...

შოპენის გული ეკლესიის ერთ-ერთ სვეტში დამარხეს, სვეტს კი წააწერეს ამონარიდი „მათეს სახარებიდან“: „სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი“.

სენტიმენტალურები რომ არ ვიყოთ... 2014 წლის ერთ მშვენიერ ღამეს სპეციალურმა კომისიამ მედიკოსების, მეცნიერებისა და ეკლესიის წარმომადგენელთა შემადგენლობით კვლავ ამოთხარა გული... საიდუმლოდ. საიდუმლოდ და ღამით იმიტომ, რომ ნაცისტებზე უკეთ უწყოდნენ, რას ნიშნავს შოპენის გული პოლონელებისთვის და თავი აარიდეს საზოგადოების პროტესტს. მოკლედ, ბროლის ჭურჭელი არ გახსნეს, მაგრამ ისე შეისწავლეს გული და დაადგინეს, რომ შოპენის გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულიოზით გამოწვეული გართულებები იყო.

და მერე რა?!

სენტიმენტალურად არ ვამბობ, ემოციურად ვწერ: როგორ შემეცოდა მისი მრავალტანჯული გული! პოლონელი არ ვარ, მაგრამ ეს რომ გამეგო, მეც გავაპროტესტებდი მისი გულის ეგსგუმაციას. შოპენი მარტო პოლონელების ხომ არაა?! ჩვენიცაა, განსაკუთრებით - პიანისტების. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, ის რომ არ ყოფილიყო, ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებას სხვა სახე ექნებოდა. არ ვიცი, როგორი, მაგრამ განსხვავებული.

წმინდა ჯვრის ეკლესიის სტუმრობისას მივეყრდენი იმ სვეტს, თვალები დავხუჭე და გავიგონე, როგორ ცემდა იგი. გეფიცებით, გავიგონე! მერე დიდი მადლობა გადავუხადე იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა და ჩემი გულის პატარა, სულ პატარა ნაწილი მას დავუტოვე.

გინდ სენტიმენტალური მიწოდეთ, გინდ ემოციური, მაგრამ ფაქტია: „სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი“.

 

მუმიები, გულები და ხოჭოები

ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილთა მუმიფიცირების პროცედურა ყოველთვის შიშისა და აღფრთოვანების ნარევ გრძნობას იწვევდა ჩემში. ბავშვობიდან. ბრიტანეთის მუზეუმში სეირნობისას არაერთი მუმია ვიხილე და მუმიფიცირების ტექნიკის დეტალებსაც გავეცანი (ზოგი გავიხსენე, რა თქმა უნდა).

ყველაზე მეტად ერთმა დეტალმა გამაოცა. ხრწნის პროცესის შესაჩერებლად პირველ რიგში შიდა ორგანოებს აშორებდნენ სხეულს: ტვინი ცხვირიდან გამოჰქონდათ, სხვა ორგანოების ამოსაცლელად კი მარცხენა გვერდს კვეთდნენ. ამ ორგანოებს, როგორც წესი, განცალკევებულ ჭურჭელში ინახავდნენ და ისე ატანდნენ სხვა სამყაროში გადასულს. თუმცა, გულს უტოვებდნენ. გული გარდაცვლილს ღმერთებთან შეხვედრისას ესაჭიროებოდა. მხოლოდ გულს შეეძლო სრულად ეჩვენებინა ღმერთებისთვის, რას წარმოადგენდა გარდაცვლილთა სამყაროს კარსმიმდგარი.

ჰოდა, გულის გასაკონტროლებლად ბრძენ და მოხერხებულ ეგვიპტელებს ხოჭოს ფორმის ამულეტები გამოუგონიათ. „გულის ხოჭოებს“ შეულოცავდნენ და გულიც არასოდეს წავიდოდა განკითხვის დღეს ღმერთების წინაშე წარმსდგარი პატრონის წინააღმდეგ.

სად ვიშოვო ეს შელოცვები? ან „გულის ხოჭოები“? როგორ შევხვდე ღმერთებს აი ასე, გულახდილი გულის ამარა?

გულს უნდა მივხედო! ახლა მივხვდი, რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა მოხდეს, გული არ გავიტეხო!

 

ბრძენი და გონიერი გული

„’მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა ... სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან..., შესთხოვა სოლომონმა ღმერთს. მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.“ (მესამე მეფეთა, 3.9-12)

ჩემს მასწავლებელს, ნანა ხუბიტიას უყვარდა ეს ციტატა ბრძენი და გონიერი გულის შესახებ.... რაღაცნაირად ჩამრჩა გულში...

და დღეს, Facebook-ის სქროლვისას საოცარ ინფოს გადავაწყდი (ინფო დავგუგლე და გადავამოწმე). 1991 წელს მეცნიერებს ადამიანის გულში აღმოუჩენიათ 40000 განსაკუთრებული უჯრედი, სენსორული ნევრიტები, რომლებიც არსით ძალიან ჰგვანან ტვინის უჯრედებს. ისეთი დიდი რაოდენობითაა ეს უჯრედები წარმოდგენილი გულში, რომ მათ უწოდებენ გულში ჩამალულ პატარა ტვინს... ეს უჯრედები აზროვნებენ ტვინის ნეირონებისგან დამოუკიდებლად და იმახსოვრებენ კიდეც ინფორმაციას ტვინისგან დამოუკიდებლად... ისინი შეიცნობენ სამყაროს ასევე ტვინისგან დამოუკიდებლად....

ჩვენ აქამდე ვსწავლობდით, როგორ ვიაზროვნოთ და ვიგრძნოთ კიდეც მხოლოდ თავის ქალაში მდებარე ტვინის საშუალებით... მაგრამ თურმე ქმედებების ინსტრუქციების დიდი ნაწილი ტვინს გულიდან მიეწოდება... გული აგზავნის სიგნალებს ტვინში, ტვინი კი რეაგირებს. აი როგორ, ეს სულ სხვა საკითხია! :)

ამდენი ხანია სამყაროს ტვინით ვსწავლობთ... და ამ დროს, ბავშვები არიან თურმე ისინი, ვინც გულით შეიცნობენ გარემოს.

ეს ფაქტი 1991 წელს აღმოაჩინეს, 1994 წელს გამოაქვეყნეს... სოლომონმა კი გაცილებით ადრე იცოდა გონიერი და ბრძენი გულის ქონის აუცილებლობის შესახებ... ხალხმაც იცოდა... აბა საიდან გვაქვს ჩვენ, მაგალითად, სიტყვა „გულისთქმა“? რატომ ვამბობთ, რომ გულს უნდა ენდო, გულს მიჰყვე? რატომ მაინცდამაინც გულს?

ამას ვწერ და გული ამიჩქარდა... არც კი ვოცოდი თავის ქალაში მდებარე ტვინით, რომ ჩემი გული ცალკე შეიცნობს სამყაროს, ცალკე იმახსოვრებს მას, მერე უგზავნის ტვინს ინფორმაციას და ის რას ქმნის ამისგან, ეს ღმერთმა იცის... ღმერთმა და გულმა... ამიტომ გვღალატობს ხანდახან, ტვინის სისულელით გადაღლილი. ჩემს გულისთქმას თუ დავუჯერებთ, გული ყოველთვის უფრო გონიერი და ბრძენია, ვიდრე ტვინი... ნაკლებად ბრძენი გულის შემთხვევაშიც კი. :)

ღმერთო, არც ხანგრძლივი სიცოცხლეს მინდა, არც სიმდიდრე, არც ჩემი მტრების სული... მომანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა სიკეთე გავარჩიო ბოროტებისგან, რათა გავაკეთო სწორი არჩევანი, რათა შევიყვარო ის, ვინც შესაყვარებელია და შევებრძოლო მას, ვინც შესაბრძოლია. მხოლოდ ჩემი თავის ქალაში მდებარე ტვინით ვერ ვერევი ამ სამყაროს პრობლემებს. ახლა ვიცი, რატომაც... ჩემი <3-ს თქმას უფრო ხშირად უნდა დავუჯერო... მანამ, სანამ ტვინთან ბრძოლით გადაღლილი არ მიღალატებს...

 

რა სურს გულს?

საოცარი რამ მომიყვა ერთმა ნიუ-იორკელმა მუსიკის მასწავლებელმა. ცხრა წლის ბიჭს ამეცადინებდა ფორტეპიანოზე და ურჩევდა, ცოტა უფრო გრძნობით დაუკარიო, შენი დაკრული გულიდან უნდა მოდიოდესო. ეტყობა, გაუწყალა გული და ბოლოს შეღონდა ბავშვი, შეწუხებულმა წამოიძახა თურმე: კაცო, გულიდან ვუკრავ, გულიდან, ეს ჩემი გულია და მე ზუსტად ვიცი, რომ გულიდან ვუკრავ! აბა შენ საიდან უნდა იცოდე, ჩემ გულს რა უნდაო?!

დასკვნა: სხვის გულს რას გაუგებ? :) ამიტომ, დავანებოთ თავი! საკუთარს მივხედოთ!

 

თექვსმეტჯერ უარყოფილი ბეთჰოვენი!

ბეთჰოვენს საშინლად არ უმართლებდა სიყვარულში. 16 (თექვსმეტ) ქალს სთხოვა ხელი და 16-ვემ (თექვსმეტივემ) უთხრა უარი!!!

დროის მანქანა რომ მქონოდა, რომ შემძლებოდა წარსულში მოგზაურობა, XIX საუკუნის ათიან ან ოციან წლებში გადავფრინდებოდი, ვენაში თუნდაც ფეხით ჩავიდოდი და ჩემს სიყვარულს დანატრებულ ლუდვიგს ჩემს საკუთარ სიყვარულს ვაჩუქებდი. უარიც რომ ეთქვა ჩემთვის, მერე რა?! ერთი უარი ჩემს ბეთჰოვენსაც ხომ ეკუთვნოდა?!

ჩემო შორეულო სატრფოვ! როგორ ერთმა მაინც იმ 16-თაგან (თექვსმეტთაგან!!!) არ მოუსმინა შენს გულს ისე, როგორც შენს მუსიკას ვუსმენთ დღეს?!

 

როცა მუსიკას ზურგს ვაქცევთ

ეს ფოტო ინდოეთში[5], კრიშნას ერთ-ერთი ტაძრის სტუმრობისას გადავიღე. ფოტოს რომ ვიღებდი, მეგონა, წირვა-პერფორმანსის კულმინაციას ვაფიქსირებდი. მანამდე, არც კი ვიცი რამდენ ხანს, ტანს ვაყოლებდი დასარტყამი საკრავებისა და მამაკაცის ხმის მიერ შესრულებულ მუსიკას. ტაძარში პირველად რომ შევედი, როგორც მუსიკის, ისე ხალიჩაზე წამომსხდარ მლოცველთა სხეულების მოძრაობის ტემპი ნელი იყო. ჩემს ირგვლივ განფენილი ჭრელი ფერების თვალიერებისას ვერც კი შევამჩნიე, თანდათან როგორ აჩქარდა იგი. ტემპი ჩქარდებოდა, დინამიკა მატულობდა, და პროფესიონალი მუსიკოსის გონებამ დაიწყო მზადება კულმინაციისთვის! და აი: გაიხსნა ფარდა, რომელიც აქამდე არც კი შემიმჩნევია, და ფეხზე წამომხტარი მლოცველების შეძახილების ფონზე (ხმა და დასარტყამებიც კი ჩაიმალა ამ ხმოვანებაში) კრიშნას ქანდაკება წარმოგვიდგა საკურთხეველზე. იყო რაღაც ამაღელვებელი ამ მომენტში, კრიშნასადმი მიმართულ მობილურ ტელეფონებსა და „ჰარე კრიშნას“ კოლექტიურ წამოძახილებში. მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი ძლიერი კულმინაცია არასდროს განმიცდია... მაგრამ, ნურას უკაცრავად! ეს მხოლოდ კულმინაციის დასაწყისი ყოფილა. აქამდე არასოდეს მომისმენია ამდენად „გაწელილი“ accelerando და crescendo![6] შემდეგ ფოტოების გადაღების უნარი დავკარგე, და რაღაც დროს გავიაზრე, რომ „ჰარე კრიშნას“ მეც ვიძახი და თან ვცეკვავ. ეს ოხერი, პროფესიონალი მუსიკოსის გონება კი ითხოვდა ritardando-სა და diminuendo-ს[7], მაგრამ ვინ გაღირსა?! და უცებ, მივხვდი, რომ ამ კულმინაციას ჩემი გული ვერ გაუძლებდა და ზურგი ვაქციე ამ პერფორმანსს - გამოვედი ტაძრიდან. ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ეს წარმოდგენა ერთ-ერთ უძლიერეს მუსიკალურ შთაბეჭდილებად ჩამრჩენოდა მეხსიერებაში!

ეზოში სეირნობისას მესმოდა, როგორ ძლიერდებოდა კულმინაცია, რაღაც დროს კი ნანატრი ritardando-ც დაიწყო. ოღონდ ეს უკვე ჩემი ჩართული გონების მიღმა ხდებოდა. ნანატრ დასასრულს ვერ მოვესწარი. თუმცა, როგორც მითხრეს, ეს წირვა დღის განმავლობაში არ სრულდება: ახალ-ახალ ტალღას ახალ-ახალი მლოცველები უერთდებიანო, ძველები კი მაშინ ტოვებენ ტაძარს, როცა ამის სურვილი გაუჩნდებათო. თუმცა არიან ისინიც, ვინც მთელი დღის განმავლობაში იღებენ მონაწილეობას ამ წირვაშიო! არ ვიცი, რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა...

ჯონ კეიჯთან ამოვიკითხე ერთხელ: „ინდოეთში ამბობენ, რომ მუსიკა უწყვეტია; ის ჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ზურგს ვაქცევთ და ყურადღებას აღარ ვუთმობთო“. კი მომეწონა ეს ფრაზა, მაგრამ მოწონება და გააზრება, უფრო სწორედ - შეგრძნება ერთი არაა... ანდა როგორ უნდა შემეგრძნო ეს, როდესაც პირველივე კლასიდან მასწავლიდნენ, როგორ მიმეყვანა მუსიკა თავის დასასრულამდე?! მუსიკის დასასრულამდე მიყვანა ხომ ჩვენი, შემსრულებლების, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა?! პრინციპში, ყოველთვის გამომდიოდა, მეტ-ნაკლებად... მაგრამ ერთხელ გამიჩნდა შეგრძნება, რომ მუსიკას ვერ ვასრულებდი: მაშინ, როდესაც ბეთჰოვენის ოცდამეათე სონატას ვუკრავდი. ბოლო ტაქტში, დომინანტა[8] მი-მაჟორულ აკორდში რომ წყდება, ტერციის მელოდიური მდებარეობით[9], მეჩვენებოდა, რომ ეს „ოხერი“ ტერციის მდებარეობა მუსიკის ლოგიკურად დასრულების საშუალებას არ მაძლევდა.

გუშინ, ჩემს სტუდენტთან, ლაშასთან იმავე ბეთჰოვენის ოცდამეშვიდე სონატას გავდიოდი და ფინალი იქაც ძნელად დასრულებადია. ჰარმონიული ენისა და ფორმის ანალიზს არ ვაპირებ, მაგრამ ვისაც გახსოვთ, დამეთანხმებით, ალბათ. მაშინ გამახსენდა ჩემი ინდური გამოცდილება. ეს დაუსრულებლობის იდეა მარტო ინდოეთში თუ გაგიჩნდება - ხალხში, რომელსაც მართლა სწამს, რომ არსებობა რეინკარნაციების მთელი რიგია და სიკვდილი მხოლოდ ახალი სიცოცხლის დასაწყისია! ამიტომ სრულიად გიქრება დეტერმინიზმის შეგრძნება, როგორც ზოგადად, ისე მუსიკაში! თბილისში ჩამოსული მივხვდი, რომ კულმინაციას იმიტომ ვერ გავუძელი, რომ მკაცრად დეტერმინირებული მივექანებოდი დასასრულისკენ და ძალიან გამიგრძელდა გზა! (ისე, მსმენელიც დაჩვეულია იმას, რომ მუსიკამ სადღაც უნდა მიიყვანოს, შემსრულებელთან ერთად). არადა, რომ მიმეცა ამ ტალღისთვის საშუალება, ავეტაცე და ვეტრიალე დროსა და სივრცეში, ხომ გავიგრძელებდი ამ გამოცდილებას?! შეიძლება, დროისა და სივრცის შეგრძნებაც დამეკრაგა ბოლოს...

ლაშას ვუთხარი, მოდი ნუ დაასრულებ სონატას, უბრალოდ ზურგი აქციე მუსიკას-მეთქი! არათუ გაიგო, შეიგრძნო და განახორციელა! და მე, როგორ მსმენელს, მაგრძნობინა, როგორ გაგრძელდა ბეთჰოვენი, რომელსაც ორივემ დროებით ზურგი ვაქციეთ! ან იქნებ ბეთჰოვენმა აქცია ზურგი დროებით მუსიკას? ვიცი?! :)

P.S. ახლა გავიაზრე შტოკჰაუზენის ერთი უცნაური პასუხი... 74 წლის ასაკში ჩამოუყარა ჟურნალისტს გეგმები, როგორ აპირებდა მეგა-ციკლ „ბგერის“ დაწერას... ჟურნალისტმა მოკრძალებულად კითხა, და რომ ვერ მოასწროთო? მანამდე რომ გარდაიცვალოთო?

რა მნიშვნელობა აქვსო? სადაც არ უნდა ვიყო, მაინც დავწერ მუსიკასო!

 

მოცარტი და მინორი

ეს იდეა, დამეწერა მოცარტზე, რომელიც გაურბოდა და შეეწირა მინორს, წლების წინ გამიჩნდა, გერმანიაში. რე-მინორულ ფანტაზიაზე ვმუშაობდი და სწორედ მაშინ გაუშვეს ერთ-ერთ არხზე მილოშ ფორმანის „ამადეუსი“. მახსოვს, სალიერისა და მოცარტის ერთობლივ სცენას რომ ვუყურებდი (ალბათ, მეოცეჯერ მაინც), როგორ კლავდა მოცარტს თანდათან რეკვიემი, გამიჩნდა ეს შეგრძნება, რომ მოცარტმა დიდი რაოდენობით მინორი ვერ აიტანა.

დიდი ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და არც თუ ურიგო კომპოზიტორი ჟან ჟაკ რუსო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში წერდა, რომ მაჟორი მუსიკაში ბუნებრივი და ჯანსაღია, მაშინ, როცა მინორი ნაკლებ ბუნებრივია და უფრო სუსტ საფუძველს ემყარება. შესაძლოა ამიტომაც არის, რომ ემოციური აშლილობისა და მელანქოლიის გამოსახატავად მუსიკაში ძირითადად მინორულ კილოს იყენებენ. საინტერესოა, რომ იმავე XVIII საუკუნის უდიდესი კლასიკოსი კომპოზიტორები - ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი უფრო ხშირად მაჟორულ კილოს მიმართავდნენ. მაგრამ მინორს მათ შორის განსაკუთრებით მოცარტი გაურბოდა. მის ექვსასამდე თხზულებას შორის მხოლოდ ორმოცამდე ნაწარმოებია შექმნილი მინორში... მათ შორის რეკვიემი.

არაერთ მედიკოსს და მუსიკისმცოდნეს გამოუთქვამს მოსაზრება, რომ თავის თანამედროვე კომპოზიტორებთან შედარებით, მოცარტის მინორი სევდისა და ტრაგიზმის განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა. იქნებ სევდის განსაკუთრებული სიმძაფრით შეგრძნებას გაურბოდა მოცარტი, როდესაც უარს ამბობდა მინორზე? სხვათაშორის, მინორული ნაწარმოებთა შორის, ყველა როდი მთავრდება მინორში?! რე-მინორული ფანტაზია რომ ავიღოთ - მელანქოლიისა და სევდის ერთ-ერთ ყველაზე გენიალური გამოხატულება... ფანტაზიის ორი მესამედი მინორში ჟღერს, და როდესაც მელანქოლია თავის კულმინაციას აღწევს, მოცარტი, სრულიად მოულოდნელად გადადის მაჟორში და უდიდესი სიხარულით აღსავე მუსიკით აგრძელებს დარდიან ფანტაზიას.

მაგრამ როგორ უნდა გაქცეოდა დიდ სევდასა და ტრაგიზმს, იმავე მინორს რეკვიემში - თავის უკანასკნელ, დაუსრულებელ ნაწარმოებში?

და იქნებ გაქცევის შეუძლებლობამ, დიდმა სევდამ მოკლა მოცარტი?

სხვათაშორის, ფანტაზიაც დაუსრულებელი დარჩა. ბოლო რამდენიმე ტაქტი სხვისი დაწერილია...

მე მჯერა, რომ თუ რამ არსებობს ამ რეალობის მიღმა, მოცარტის უკვდავი სული ნათელშია, რადგან არავის შეუქმნია მსგავსი ხარისხის ნათელი დედამიწაზე. აი იმ აუტანელ სევდასაც, მინორს რომ გაურბის და ისე რომ ქმნის მოცარტი, გასაოცარი, ენით აღუწერელი ნათელი დაჰყვება. ბულგაკოვი ხომ გახსოვთ, ნათელისთვის რომ ვერ გაიმეტა ოსტატი, ის მხოლოდ სიმშვიდეს იმსახურებსო...

მოცარტი ნათელს იმსახურებს! მოცარტიც და მისი მინორიც...

 

ცისფერი ეტიუდი

(ხილვები, წამოშლილნი შოპენის მესამე, მი-მაჟორული ეტიუდის შესრულებისას)

მარტოსული ბგერა აკორდში ჩაიღვარა. წყალში მძიმედ ჩაეშვა ხელი და დაიბადა ფიქრთა ოკეანის სიღრმიდან ცისფერი მელოდია. ნაზად ასრიალდა იგი ზღვის ტალღებზე. ნაზი თვით, ვითარცა მთვარის შუქზე გაშლილი ლოტოსი. სიმშვიდე მოჰფინა არემარეს. სიმშვიდე და სევდა... უცნაური და ლამაზია სევდიანი მაჟორი... სევდიანი, ვით გაფრენილი ოცნება. ოცნების ფერია ეს სტიუდიც... ცისფერი...

ცაში გაფრენილან ოცნებები. იქნებ ამ ოცნებათა მსხვრევამ შექმნა ხელოვნება? ვინაიდან იმედგაცრუებული ადამიანი ან ფუნჯს ჰკიდებს ხელს, ან კი ბგერებში გადაიტანს თავის აუსრულებელ ჩანაფიქრებს.

შოპენის ოცნებაც ცისფერია, ვითარცა ეს ეტიუდი... სევდიანი და მშვიდი, ვით რაფაელის „სიქსტეს მადონას“ უკვდავი თვალები.

და გაეხვია ცისფერი მელოდია - იგივ ოცნება ნათლის მანტიაში, რათა მასში ჩამალული მსოფლიო სევდა მხოლოდ რჩეულთა მისაწვდომი იყოს. მშვიდად განაგრძო სრიალი მთვლემარე ზღვაზე...

ცაში გაფრენილან ჩემი ოცნებები... რატომ?

თან მიჰყვნენ სხვათა ოცნებებს... რატომ?

ცაში გაფრენილან მთელი კაცობრიობის ოცნებები... რატომ? რატომ?

ცელქმა სიომ წამოუარა ზღვას და მთვლემარე ტალღები აშალა. სიოსთან ერთად ცხოვრება შემოიჭრა ოცნების იდუმალ სამყაროში, მზის სხივები ააკიაფა წყალში... ვნებიანი სატრფოს სახით მოევლინა ცისფერ მელოდიას და მუხლებზე დაჩოქილმა ვედრებით შეჰღაღადა:

- რატომ გამირბიხარ? რატომ?

პასუხი არ მიიღო. აღელდა, აბობოქრდა, ზარებიც ააგუგუნა და ამ გუგუნში განწირული ხმით ამცნო თავისი სიყვარულის შესახებ.

- რატომ გამირბიხარ? ნუთუ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია?

- შეუძლებელია!

- რატომ?

- მე მშვენიერებისაკენ მივილტვი!

- განა მე თვით არა ვარ მშვენიერება? მე - ცხოვრება?!

- არა! შეუძლებელია მშვენიერების ბოლომდე მიღწევა იქ, სადაც კვლა და ღალატია!

და შეხედა ცხოვრებამ მწარე სინამდვილეს თვალებში. იგრძნო, როგორ გამოელია ძალა...

მწუხარე თვალები მიაპყრო ცისფერ მელოდიას და შესთხოვა:

- ნება მომეცი, ვიფიქრო შენზე... ზოგჯერ მაინც შეგეხო ჩემს წარმოდგენებში.

გაეღიმა ოცნებას... სევდიანი იყო ეს ღიმილი, ვითარცა ღვთისმშობლის ღიმილი.

წყალში მძიმედ ჩაეშვა ხელი და ნაზად ჩასრიალდა ცისფერი მელოდია ზღვის ტალღებში. ნაზი თვით, ვითარცა მთვარის შუქზე გადაშლილი ლოტოსი. სიმშვიდე მოჰფინა არემარეს. სიმშვიდე და სევდა... უცნაური და ლამაზია სევდიანი მაჟორი... სევდიანი, ვით გაფრენილი ოცნება...

ოცნების ფერია ეს ეტიუდიც... ცისფერი...

 

ჩემი EUTERPE

გერმანიაში რომ ვსწავლობდი, როიალს ვქირაობდი. EUTERPE-ს ფირმის იყო... ძვირფასი არ იყო, მაგრამ სასწაულად ჟღერდა და თან სტიპენდიის მნიშვნელივანი ნაწილი მაგაზე მიმდიოდა. პირველად რომ მომიტანეს სახლში, ოთახში არაფერი მედგა. ვიყიდე ლეიბი, დავაფინე მის ქვეშ და მასე მეძინა. საწოლი ვიყიდე მერე...

რომ წავიდოდი ხოლმე დაქალებთან ერთად საყიდლებზე, შეიძენდნენ ლამაზ ჩანთებს, კაბებს, თავსაფრებს... საშინლად მომინდებოდა მეც და ვიწყებდი წარმოსახვაში თვლას: აი როიალში რომ არ ვიხდიდე ას ევროს ყოველთვიურად, და ბინაში, სადაც შემიძლია როიალის დადგმა და მეცადინეობა, სამას ევროს, ამ თვეს ვიყიდიდი ამ ჩანთას, იმ თვეს კაბას, მივაყოლებდი თავსაფარს... მოკლედ, სისულელეები. ახალგაზრდა გოგო ვიყავი და ვოცნებობდი. ვაღიარებ. ვოცნებობდი, მაგრამ არასოდეს მინანია, რომ ჩემს როიალს ვახარჯავდი ფულს ჩემს ნაცვლად. გეფიცებით! თითქოს ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს ვამბობ, მაგრამ ასე იყო.

გერმანიიდან რომ ვბრუნდებოდი, ვეღარ წამოვიღე. უაზრო წლები იყო. გზა ძალიან ძვირი ჯდებოდა და თან, სადღაც გზაში დიდი ალბათობით დააზიანებდნენ. არადა ხუთი წლის განმავლობაში იმდენი ვიხადე, ცოტაც რომ დამემატებინა, ვიყიდიდი.

რომ მიჰქონდათ სახლიდან, მუშები გავაჩერე, როიალს ვაკოცე, მოვეფერე და მადლობა გადავუხადე... სხვათაშორის, გამიგეს. მაინც გერმანელები იყვნენ და მაგათსავით არავის ესმის, მუსიკის სიყვარული რა არის.

ხანდახან, შუაღამისას რომ გამეღვიძება და ვერაფერს ვხედავ უკუნეთ სიბნელეში, წარმოვიდგენ, რომ შავი EUTERPE-ს ქვეშ მძინავს და მაშინ განაკუთრებით მენატრება ჩემი როიალი.

ასეა, საკუთარი საკრავების სიყვარული ვიცით მუსიკოსებმა. ადამიანებივით არიან ჩვენთვის.

 

ბარტოკის სახლში

ბელა ბარტოკის სახლ-მუზეუმს ვეწვიე... რვა წელი იცხოვრა აქ, სანამ ემიგრაციაში წავიდოდა. ღმერთო, როგორ უყვარდა ყოველივე უნგრული, მარტო მუსიკა კი არა! უნგრული ფოლკლორი ხომ ბარტოკის შესწავლილია! ის რომ არ ყოფილიყო, უნგრული და მსოფლიო მუსიკაც სხვანაირი იქნებოდა დღეს. სავსეა სახლი უნგრულ ხალხურ სტილში დამზადებული ავეჯით - ზოგი თავად შეუკვეთა ხელოსნებს თურმე; უნგრული ორნამენტებით მოხატული ჭურჭლით; უნგრული ხალხური საკრავებით და ასევე „ხალხური“ (ეროვნული) სამოსით... უყვარდა თურმე ამ სამოსით სიარული...

დადიხარ სახლში, ათვალიერებ იმ პერიოდში გადაღებულ საოჯახო ფოტოებს და გრძნობ უკიდეგანო სიყვარულს, მართლა… სიყვარულს ახალგაზრდა ცოლის, პატარა შვილის და უნგრეთის მიმართ!

ემიგრაცია ყველასთვის ძნელია, მაგრამ ბარტოკისთვის უსაშველოდ მტკივნეული იქნებოდა. დიქტატურულ, ნაციზმით გატაცებულ უნგრეთს თავისუფლება არჩია... მშიერი თავისუფლება, როგორც მერე გაირკვა. უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წელს.

ცხოვრების უკანასკნელ თვეებში მესამე საფორტეპიანო კონცერტზე მუშაობდა, თავის საყვარელ ცოლს მიუძღვნა. ბოლო ჩვიდმეტ ტაქტში ყველა საორკესტრო პარტია არაა გამოწერილი. მიხვდა, რომ ვერ დაასრულებდა, მაგრამ ჯიუტად მიუწერია ბოლოში vég... დასასრულს ნიშნავს უნგრულად! რის დასასრულს? ნაწარმოების? ტკივილის? სიყვარულის? სიცოცხლის?

გამოსვლისას მის ქანდაკებას ვუყურე დიდხანს. დგას ბაღში ბარტოკი და გაჰყურებს თავის ეზოს ისე, როგორც ემიგრაციაში წასვლის დღეს გაჰყურებდა, ალბათ. საოცარი სევდაა სხეულის პოზაში და საოცარი სიამაყე - სახეზე. მე თუ მკითხავთ, ყოფიერების სევდას ამ სიამაყით თუ მოერევი... სიამაყით, რომ ყოველივეს წარმავლობის მიუხედავად, ესოდენ დიდი სიყვარული შეგვძლია ადამიანებს!

 

წარმავლობის უსამართლობა

დღეს დედამ მთხოვა, სახლი დამეცალა დაძველებული და დაპატარავებული ტანსაცმლისაგან. როგორც წესი, ამ საქმეს მე ვასრულებ. მამისა და დისგან განსხვავებით, არასოდეს მიჭირდა ძველმანებთან დაშორება. თამუნას ყოველჯერზე უკვირს, როგორ შემიძლია ჩემი ცხოვრებიდან დაუნანებლად გავაგდო ნივთი, რომელიც წლების განმავლობაში ამავე ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

ტანსაცმლის გადალაგებაში რომ ვიყავი, თამუნამ მეზობელ ოთახში დაკვრა დაიწყო. ახლა არჩევს ბახის მეექვსე პარტიტას... ტოკატაზე მუშაობდა. უცბად კი ვერ დავაფიქსირე... დაპატარავებული მწვანე კაბის „გასაცემ“ ჩანთაში ჩადებაზე რომ შევყოვნდი და აუტანელი სევდა ვიგრძენი, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა ჩემს თავს.

ჯერ კიდევ ძველბერძნებმა დაადგინეს, რომ ადამიანმა მთელი სულიერი კულტურა იმიტომ შექმნა, რომ ან გაქცეოდა ცხოვრების აზრის ძიებასა და სიკვდილის გარდაუვალობაზე ფიქრს, ან კი ეპოვა ცხოვრების აზრი და მომზადებულიყო სიკვდილისთვის. ასეა თუ ისე, მთელი კულტურა, თავისი ხელოვნებით, მეცნიერებით, რელიგიებით, სიკვდილის იდეის დაძლევის, წარმავლობის შეგრძნებასთან გამკლავების მცდელობაა.

შეიძლება.... მაგრამ არა ბახის მუსიკა.... არა ეს პარტიტა... არა ეს ტოკატა... არც გაურბის სიკვდილს და არც ემზადება მისთვის. იღებს სიკვდილს და აპროტესტებს ამ უსამართლობას - წარმავლობის უსამართლობას! რამხელა ვნებაა ამ პროტესტში! მგონი, დღეს მივხვდი პირველად, რა მაგიჟებს ბახში - ეს უნიკალური კომბინაცია მიღების და პროტესტისა! და ამ პროტესტში ბახი, ჩემთვის, დღეს ღმერთს გაუტოლდა! პირველად ჩემს სიცოცხლეში, საყვედური ვუთხარი მას (ბახს არა)... როგორ გასწირა ყველაფერი, რაც გვიყვარს, მათ შორის ბახი და მისი ეს პარტიტა წარმავლობისთვის?!

მერე ჩემი დაპატარვებული მწვანე კაბა ჩავიხუტე და მწარედ გამოვიტირე ის. გამოვიტირე მასთან ერთად ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც ოდესმე გვიყვარდა და გვეყვარება, და დავკარგეთ და გარდაუვალად დავკარგავთ... და პირველად, ამაოებას გავუსწორე თვალი არა როგორც უკიდეგანო სამყაროს ერთმა პატარა და უმნიშვნელო ნაწილმა, არამედ ბახისეული ვნებიანი პროტესტით აღსავსე სულმა!

P.S. თამუნას რომ მოვუყევი ყველაფერი, მითხრა, ეს ტოკატა ჩამესმოდა, მიქელანჯელოს „განკითხვის დღეს“ რომ ვუყურებდიო. იმ წუთას მივხვდი, რა შევიგძენი სიქსტეს კაპელაში ფრესკის თვალიერებისას. ჩემთვის სრულიად ახალი შეგრძნება მაშინ დამეუფლა პირველად, მაგრამ ვერ აღვწერე... მის შესაცნობად ჩემს საკუჭნაოში ტანსაცმლის გადალაგება და დაპატარავებულ მწვანე კაბასთან განშორება დამჭირდა... ბახის ტოკატის ფონზე.

მაინც მუსიკა დამეხმარა. ალბათ, ის დამეხმარება, ოდესმე მაინც ვიპოვო ცხოვრების აზრი და მოვემზადო სიკვდილისთვის...

 

Castellfollit de la Roca

ერთ საოცარ ქალაქს ვესტუმრე... ქალაქს ჩვენთვის ურთულესი დასახელებით - Castellfollit de la Roca.

კატალონიის ყველაზე პატარა ქალაქი გადაჭიმულია კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებ ფართობზე. გაშენებულია იგი 50 მეტრი სიმაღლისა და 1 კილომეტრი სიგრძის ბაზალტის კლდეზე. დაბადა კლდე ორი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წამოსულმა ლავამ. პირველ ამოფრქვევას ადგილი ჰქონდა 217 000 წლის წინ, როდესაც ვულკანმა ბატეტმა გამოიღვიძა და ლავის უზარმაზარი მასა გადმოანთხია... ლავამ გადმოლახა ფლუვიის ველი და აქ დაბანაკდა.  მეორე ამოფრქვევა ახლახანს, სულ რაღაც 192 000 წლის წინ მოხდა. ბეგუდას ვულკანებიდან ამოხეთქილი ლავა მდინარე ტორონელს შეერია და პრიზმისებრ ფორმებად ჩამოყალიბდა. მდინარემ განაგრძო გაციებულ ლავაზე მუშაობა და თანდათან მასა ბაზალტის კლდეებად აქცია.

ბუნების ამ შედევრს ადამიანებმა ძველი რომის ხანაში შეავლეს ხელი და ქალაქიც დაიბადა... სულ სამი ქუჩის სიგანისა და ერთი კილომეტრი სიგრძის ქალაქი. სახლების ნაწილი ბაზალტისგანაა აშენებული - თითქოს ბაზალტისვე კლდიდანაა ამოზრდილი.

დადიხარ, ტკბები და ვერსად გაურბიხარ ფიქრებს.... სად იქნება ეს ქალაქი 217 000 წლის შემდეგ? მუსიკალურმა ფორმებმა რაღაც მიმაჩვია იმ აზრს, რომ ყველაფერი თავის საწყისს უბრუნდება. ალბათ ახლომახლო კვლავ გამოიღვიძებს მიძინებული ვულკანი, გადმოანთხევს მდუღარე ლავას, რომელიც გადაუვლის ბაზალტის კლდეზე გაშენებულ ბაზალტის ქალაქს... პრიზმისებრ ფორმებად აქცევს მას. შემდეგ კი კიდევ ერთი ამოფრქვევის შედეგად წამოსული ლავა შთანთქავს ამ ფორმებსა და ასე ყოველივეს დაუბრუნებს დედამიწის წიაღს.

უცნაური სახეა... უცნაური, ლამაზი და საოცრად მუსიკალური.

თავისებურად ლამაზი და მუსიკალურია წარმავლობაც.... ეს თუ მანუგეშებს...

 

ჭიდილი

სვანეთში ტურის ბოლო დღეს გიდმა გვკითხა, რა მოგეწონათ ყველაზე მეტადო? ჩემმა დამ უპასუხა - მთებიო. როგორ, განა უძველესმა ეკლესიებმა, სალოცავებმა არ მოახდინა შენზე შთაბეჭდილებაო? - რატომღაც ეწყინა ჩვენს გიდს. ეკლესიები და კოშკები ადამიანის შემოქმედებააო, მთები კი - ღმერთისო; აშკარად გვჯობნისო, - თამუნამ. :)

ისე, მე თუ მკითხავთ, იმასაც ძალიან დიდი ნიჭი უნდა, ღმერთს რომ ღირსეული პაექრობა გაუწიო.

 

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!

კულტუროლოგიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში წავიკითხე ერთხელ, რომ მთელი სულიერი კულტურა მიცვალებულთა კულტიდან წამოვიდა. როგორც კი ადამიანი იმდენად განვითარდა, რომ შეიგრძნო სიყვარული და გაიაზრა დანაკარგის სევდა და ტკივილი, მას დაენანა მიცვალებულთა მიგდება და დაიწყო მათი ნეშტების სხვადასხვა სახით სამარხებში შენახვა. სწორედ აქედან იძენს დასაბამს მთელი სულიერი კულტურა, თავისი რელიგიით, ხელოვნებით და მეცნიერებით.

ევროპის პირველი ჰოსპიტალი Santa Maria della Scala მუზეუმად აქციეს სიენელებმა. არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი უძველესი ურნები, რომლებშიც მიცვალებულთა ფერფლი ინახებოდა, მუზეუმის მთელს სართულს იკავებენ. ათვალიერებ ამ ულამაზეს ნაკეთობებს და სადღაც გშურს მათი, ვისი დაფერფლილი ნეშტიც ამ სილამაზის შთაგონების წყაროდ იქცა.

ურნებით მოფენილი კორიდორები მიგიძღვის ჰოსპიტალის XIII საუკუნეში აგებული ეკლესიისკენ, რომლის შესასვლელშიც თავის ქალა ჰკიდია, შემდეგი წარწერით:

COME TU SEI FUI ANCOR IO: COM’IO SONO SARAI ANCOR TU...

როგორიც შენ ხარ, ისეთი ვიყავ, როგორიც მე ვარ, ისეთი იქნები...

ჰმ... არ მეშინია! მთავარია, ერთ ადამიანს მაინც შემოაწვეს უზომო სევდა ჩემი გარდაცვალების შემდეგ... მთავარია, ერთი ადამინისთვის მაინც იქცეს შთაგონების წყაროდ ჩემი დაფერფლილი სიცოცხლე... და თუ ხელოვნების ნიმუშის ინსპირაციად ვიქეცი... ღმერთო, რა შესანიშნავი დასასრული ექნებოდა ჩემს პერფორმანსს!

თუმცა მანამდე დიდი დროა!

მანამდე, როგორც ლადო იტყოდა ...

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!”

 

ნეკროპოლისი

ეძღვნება ვაჭარ ენდრიუ სკოტისა და მისი მეუღლის, მარიონ სტარკის ხსოვნას... დაქორწინდნენ ისინი 1740 წლის 29 მარტს და ეს ადგილი იქცა მათი და მათი შთამომავლების განსასვენებელ ადგილად,“ - წავიკითხე გლაზგოს კათედრალის ეზოში მდგარი საფლავის ქვაზე. თვალში მომხვდა, რომ დაბადებისა და გარდაცვალების წლების ნაცვლად გარდაცვლილთა ქორწინების წელი იყო ამოტვიფრული... „აგრეთვე მის შვილიშვილს, ენდრიუ სკოტს და მის მეუღლეს, სელია კინგს, რომელიც ავსტრალიიდან ჩამოვიდა ემიგრანტად 1838 წელს და დაფუძნდა მაუნტ ბონინიონგში“.

პირველად ვნახე საფლავის ქვები, რომლებიც გარდაცვლილთა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამბებს გვამცნობენ... არადა არაა ადვილი, ერთ წინადადებაში ჩაატიო ადამიანის ცხოვრება, გადმოსცე მისი არსი.... „რობერტ სკოტის - გლაზგოს მესამე მინისტრის (1616-1629) და მისი მეუღლის, ესტერ ფლემინგის შვილთაშვილი“ (ეს პირველი ენდრიუ სკოტის კიდევ ერთი განსაზღვრებაა)...

ნეკროპოლისი - მკვდართა ქალაქი - გლაზგოს კათედრალის ეზოში იწყება და მის მიმდებარე ბორცვზე ვრცელდება... ვიქტორიანული ეპოქის სასაფლაო 50 000 ადამიანის საფლავს მოიცავს, თუმცა მხოლოდ 3500-ზე დგას ასეთი მონუმენტები, სავიზიტო ბარათად რომ გამოადგებოდა ადამიანს, ცოცხალი რომ იყოს...

უილიამ მილერი, პოეტი... საბავშვო ლექსის Wee Willie Winkie ავტორი.

რომ ვეცნობოდი ამ სავიზიტო ბარათებს, საფლავებს შორის ხეტიალისას, უცნაური აზრი ამეკვიატა. აი ხვალ ჩემმა სულმა რომ გადაწყვიტოს, დატოვოს ჩემი სხეული, რა წარწერა, რა წინადადება წარმომადგენდა ყველაზე უკეთ?

კაპიტანი ჯონ კრეიგი, ჰელენ უილიამსონის მეუღლე, გარდაცვლილი 1927 წლის 18 ივლისს, 81 წლის ასაკში“... არის რაღაც პოეტური იმაში, რომ საბოლოოდ იმ ადამიანის მეუღლედ განგსაზღვრონ, ვისთანაც ერთად ათეული წლები უძლებდი ტკივილსა და სიხარულს... მაგრამ მე? მე ვინ ვარ, თუ არც მეუღლე ვარ და არც ავტორი?

ძლივს ამოვიკითხე ერთ ქვაზე - „მათემატიკის პროფესორი“...

ნინო ჟვანია - მუსიკის პროფესორი... ჟღერს... მაგრამ იქნებ სჯობს ეწეროს - ნინო ჟვანია, ნიკუშა და მარიამ ჟვანიების მამიდა..., რომელსაც ძალიან უყვარდა მუსიკა?!

არ ვიცი, რამდენი საფლავი მოვიარე, რამდენი წარწერა წავიკითხე... არ დამითვლია... მაგრამ მახსოვს, ვერსად წავიკითხე, ვინ რას გრძნობდა... ვის რა უყვარდა... არადა იქნებ ესაა, რაც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, ჩვენ განგვსაზღვრავს?!.

ნინო ჟვანია, რომელსაც ძალიან უყვარდა ნიკუ, მარიამი და მუსიკა... აი ასე სჯობს...

კათედრალის ეზოც და ნეკროპოლისიც სავსეა ხეებით, რომელთა თეთრი ყვავილები თოვლივით ცვივა... ძალიან ნელა ცვივა და მიწაში იკარგება...

ნინო ჟვანია, რომელსაც ძალიან უყვარდა... მეტი არაფერი. აი ასე...ასე სჯობს...

შესაძლოა ეს არაა ერთადერთი, რაც განგვსაზღვრავს, ვიდრე ნეკროპოლისში გავემგზავრებით... მაგრამ ერთადერთია, რაც matters ნეკროპოლისში გამგზავრების შემდეგ...

ნინო, რომელსაც უყვარდა...

რომელსაც უყვარს...

 

Love is…

ერთი აპლიკაცია-თამაშია - „კატა ბუბუ“. უნდა აჭამო, ასვა, დააძინო, გაართო. ყველაფერში ვირტუალური ფული უნდა გადაიხადო. მერე ეს ფული უნდა იშოვო რაღაც თამაშებით: ხან ვირთხა მოგდევს და უნდა გაიქცე, ხან რაკეტაში უნდა ჩაჯდე და უცხოპლანეტელთა მრგვალი თეფშები ციდან ჩამოაგდო, ხან პედიკური უნდა გაუკეთო კატებს და რავი...

მოკლედ, ჩემი ოთხწლინახევრის ძმისშვილია ბუბუს ფანი. მარტო ჩემს ტელეფონში გვაქვს აპლიკაცია, ძალიან რომ არ მიეჩვიოს. ჰოდა, იცის, რომ დღეში ორჯერ აქვს უფლება ცოტა ხანი ითამაშოს. სულმოუთმენლად ელოდება ბუბუსთან შეხვედრას! იმდენ ფულს ხარჯავს ბუბუს გართობასა და ტანსაცმელში, მერე საკვების ფული არ რჩება და ბუბუც ტირის და ნიკუც... ძალიან განიცდის... არადა, როგორ აუხსნი ბავშვს, რომ ეკონომია უნდა აკეთოს?

ჰოდა... სიყვარული იცით რა არის? 45 წლის მამიდა, მთელი დღის ნაშრომი ყოველ ღამე რომ წვება და დაძინების წინ აპლიკაციაში შედის, უცხოპლანეტელთა თეფშებს აგდებს, ვირთხას დაჭერობანას ეთამაშება და კატებს პედიკურს უკეთებს.... ვირტუალური ფული რომ დაუგროვოს ბუბუს და ნიკუს :)

ამას აი სხვა ვისთვის გავაკეთებდი? არავისთვის! :)

 Love is... <3

 

ოქროს მამიკო

ეს ამბავი უნდა მოვყვე! აი, როგორ არ მოვყვე?!

მე, დედა და ჩემი და ვათვალიერებთ ფოტოებს... ასე 33-34 წლის წინ. თამუ ოთხი წლისაა სადღაც. ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭის ფოტო გადმოვარდა ალბომიდან. უი, ეს ბიჭი მომწონდა, სანამ თქვენს მამიკოს გავიცნობდიო, დედაჩემმა. არც დაუმალავს... ან რა იყო დასამალი?

მე... მე ობიექტური გოგო ვარ. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. გადავირიე, დედა, ეს რა ლამაზი ბიჭი მოგწონდა-მეთქი! თამუნა... თამუნა, როგორ ჩემი ძმა ამბობს, ძალიან სუბიექტური შვილი, და და მამიდაა. ბავშვობაშიც ასეთი იყო. შეკრა კოპები. ცოტა ხანს დუმდა და მერე: სამაგიეროდ ჩემს მამიკოს ოქროსფერი წარბები და წამწამები აქვსო. :)

იმის მერე დიდი დრო გავიდა. მამა წითური აღარაა. სამაგიეროდ გული ოქროსფერი აქვს... ოქროსი!

სულ ასეთი ჰქონდა! ამას ვამბობთ ორივენი, სუბიექტური და ობიექტური შვილები... მესამეც გვეთანხმება. მარტო ის რად ღირს, თამუნა პირველ კლასში რომ წავიდა და სკოლაში „მარტო“ დარჩენა არ უნდოდა, შვებულება რომ აიღო და ორი კვირა სკოლის კორიდორში გაატარა... თამუნა კლასიდან რომ გამოვიდოდა, მამა რომ ენახა... სხვა ბავშვებიც მამაჩემს ეთამაშებოდნენ შესვენებებზე თურმე. :) ორი კვირით მთელს კლასს მშობლები ჩაუნაცვლა...

ჰოდა, ვგონებ სუბიექტურ შვილი უფრო მართალი იყო.

P.S და ისე, აქ მთავარი დედაა. არ აერჩია თავის დროზე მამაჩემი თავისი ოქროსფერი წარბებით, წამწამებით და გულით, სად ვიქნებოდით? და ვინ დაწერდა ამ ისტორიას? ამ ისტორიებს? ამ მეკომოკონებს?

 

მეორე ნახევარი

გერმანიაში რომ წავედი სასწავლებლად, თურმე ძალიან დაღონებულა ჩემი და. ითმინა მთელი თვე დედაჩემმა, ბოლოს შეწუხდა და უთქვამს - რა გჭირს, ჩემი შვილია და მე უფრო კარგად ვიტან უიმისობასო.

თამუნას უპასუხია - შენ მის გარეშე ოცდაოთხი წელი იცხოვრე, და მე კი, რაც დავიბადე, ჩემს გვერდით მყავდაო. სად შენი და სად ჩემი სევდაო...

მართლაც, რაც დაიბადა, იმის მერე სულ ერთად ვართ! ვინ თქვა, მეორე ნახევარი მარტო მეუღლე უნდა იყოსო?! ესაა ჩემი მეორე ნახევარი!

 

თაჯ-მაჰალი და წმინდა ვალენტინის დღე

წმ. ვალენტინის დღის დასასრულს აბა როგორ არ დავწერო თაჯ-მაჰალზე?!

მე თუ მკითხავთ, შეყვარებულთა მფარველი წმინდანის სახელს მოგოლთა ძლევამოსილი იმპერატორი შაჰ-ჯაჰანი ისევე კარგად მოირგებდა, როგორც ადრექრისიტიანული ეპოქის რამდენიმე მარტვილი, რომლებიც ლეგენდებმა ერთ წმინდანში გააერთიანა... შაჰ-ჯაჰანი ნამდვილად არსებობდა. 1628-1658 წლებში მბრძანებლობდა სავარაუდოდ ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი შაჰი ინდოეთის სუბკონტინენტზე მდებარე დიდ მოგოლთა ისლამურ იმპერიას. შაჰ-ჯაჰანი არა მარტო დიდი პოლიტიკოსი, არამედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი საქვეყნოდ ცნობილი მოგოლთა არქიტექტურის დიდი მფარველი ყოფილა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მსოფლიოს უკვე მეხუთე საუკუნეა აოცებს თაჯ-მაჰალი - ხელოვნებისა და სიყვარულის უკვდავების ნიმუში.

ჰოდა, აბა როგორ არ დავწერო დღეს შაჰ-ჯაჰანისა და მუმთაზ მაჰალის უკვდავ სიყვარულზე? თხუთმეტი წლის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ, იმ დროისთვის უჩვეულოდ დიდხანს, ხუთი წელი უცდიდნენ ქორწილს, დანიშნულს საიმპერატორო კარის ასტროლოგის მიერ. შესაძლოა, სწორედ ასტროლოგისა და სწორად შერჩეული თარიღის დამსახურებით იქცა ეს კავშირი ყველა დროის ერთ-ერთი უბედნიერესი ქორწინების სიმბოლოდ - კიდევ სამი ცოლისა და ხარჭებით სავსე ჰარამხანის პატრონ შაჰ-ჯაჰანს მხოლოდ მუმთაზი ყვარებია. თოთხმეტი შვილი აჩუქა ქალმა თავის შაჰს და მეთოთხმეტეს გაჩენას გადაყვა იგი.

უსაყვარლესი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად შეუკვეთა შაჰ-ჯაჰანმა თავისი კარის არქიტექტორს უსტად აჰმად ლაჰაურის მუმთაზ მაჰალის სამუდამო განსასვენებელი. ოცი წლის განმავლობაში ოცი ათასი ხელოსანი მუშაობდა თეთრი მარმარილოს მავზოლეუმზე. მთავარი შესასვლელის თავზე, სპეციალურად თაჯ-მაჰალისთვის კალიგრაფ აბდულ ჰაქის მიერ დამუშავებული ხელწერით ამიტვიფრულია სიტყვები: „ო, სულო, რომელიც აქ განისვენებ! დაუბრუნდი უფალს და ჰპოვე სიმშვიდე მასში, ვითარცა ის ჰპოვებს სიმშვიდეს შენში.“ აბდულ ჰაქმა შეარჩია ასევე ამონარიდები ყურანიდან, რომლებიც, ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებული, მცენარეულ მოტივებსა და აბსტრაქტულ ფორმებთან ერთად კედლების ორნამენტიკის ძირითად ელემენტს ქმნის - ისლამი ხომ კრძალავს ადამიანთა და ცხოველთა გამოსახვას. ორნამენტები ან მარმარილოთი, ან კი მარმარილოში ჩასმული ნახევრადძვირფასი ქვებითაა შესრულებული. შესაბამისი განათების პირობებში ქვები ელვარებს და განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს ოთხი ქათქათა თეთრი მინარეთით, მწვანე სპარსული ბაღებით, ფირუზისფერი აუზებითა და წითელი ქვიშაქვის ნაგებობებით გარშემორტყმულ მავზოლეუმს (ამბობენ, შაჰ-ჯაჰანი სიმეტრიის იდეით ყოფილა შეპყრობილი და არც-ერთი გარე ნაგებობა თუ დეტალი, მათ შორის - ოცდათხუთმეტი მეტრის სიმაღლის გუმბათი, არ არღვევს მართლაცდა ღვთაებრივ სიმეტრიას კომპლექსისა).

მოწითალო, ჟღალ ფერში გარდამავალი ქვიშაქვა მოგოლთა არქიტექტურული ნაგებობების უმთავრესი საშენი მასალა ყოფილა. შაჰ-ჯაჰანს კი დაუწყია ნახევრად ძვირფასი ქვებით მოპირკეთებული მარმარილოს გამოყენება და ამ სტილის პოპულარიზაცია. მე თუ მკითხავთ, ჟღალი ქვიშაქვის ფონი განსაკუთრებულ სიმსუბუქეს ანიჭებს თეთრი, ქათქათა მარმარილოსგან თითქოსდა გამოძერწილ თაჯს. შორიდან თუ უყურებ მავზოლეუმს, გჯერა, რომ მიახლოებისას ხელში ადვილად აიტაცებ მას, თავისი მუმთაზისა და შაჰ-ჯაჰანის საფლავებით!

მარმარილოსა და ქვიშაქვის კომბინირება შაჰ-ჯაჰანმა უფრო ადრე დაიწყო, წინაპრებისგან დატოვებულ აგრას ციხესიმაგრეში, რომელიც ქვიშაქვით ყოფილა აშენებული. შაჰის უმთავრესი რეზიდენცია - უზარმაზარი ციხე-სიმაგრე, შთამბეჭდავი გალავნებითა და ფართე ეზოებით - თაჯმაჰალისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ციხე-სიმაგრის ლაბირინთებსა და ეზოებში დაკარგულს შიში გიპყრობს; შიში, რომელსაც თურმე შეგნებულად უნერგავდა ნებისმიერ - გინდ სტუმრად, გინდ კი - სამტროდ მოსულ ადამიანს იმავე შიშზე გთავლილი კონსტრუქციები. თუმცა, ტახტზე ასვლის შემდეგ, ნაგებობების ნაწილი დაუნგრევია შაჰ-ჯაჰინს, რათა თავისი საყვარელი მარმარილოსთვის დაეთმო სივრცე. თუმცა, დადიხარ, ათვალიერებ ამ მარმარილოსგან აგებულ თუ მარმარილოთი მოპირკეთებულ შთამბეჭდავ ნაგებობებს და არ გეუფლება ეს გასაოცარი შეგრძნება, რომელსაც, თაჯ-მაჰალის მონახულების შემდეგ, თაჯ-შეგრძნებას ვუწოდებ მე... რატომ? იმიტომ...

თაჯ-მაჰალის ეზოში სეირნობისას შევიგრძენი მთელი სიცხადით მთავარი იდეისა და კონცეფციის მნიშვნელობა! თუ რამე ქმნის ხელოვნებას, დიდ ხელოვნებას, ეს ერთი დიდი იდეის ირგვლივ გაერთიანებულ ხელოვანთა და ხელოსანთა ოსტატობაა. წარმოიდგინეთ: ჩანახატებზე მომუშავე დიდი არქიტექტორი უსტად აჰმად ლაჰაური... ყურანის კითხვაში ჩაძირული უნიჭიერესი კალიგრაფი აბდულ ჰაქი... ოცი წლის განმავლობაში მუხლმოუხრელად მომუშავე ოცი ათასი ხელოსანი ... რა აერთიანებს მათ? შაჰ-ჯაჰანის გასაოცარი სიყვარული თავისი მუმთაზისადმი და ისლამური კულტურისათვის დამახასიათებელი სევდა წარმავლობისა... (აბა, ინდუსი რომ ყოფილიყო ჩვენი შაჰ-ჯაჰანი, ბედნიერი დაელოდებოდა თავის შემდგომ რეინკარნაციას - რადაც არ უნდა მოევლინოს ქმარი შემდეგ ცხოვრებაში, ცოლი მისი მეორე ნახევარი იქნება მაინც; ასე აგვიხსნა ჩვენმა გიდმა - სხვათაშორის, ბრაჰმანთა უმაღლესი კასტის წარმომადგენელმა). ჰოდა, ეს კონცეფცია რომ არა, ქცეული ცოცხალ ენერგიად, ამ ხელოვან-ხელოსანთა გაერთიანება შექმნიდა თაჯ-მაჰალის დარ შედევრს? აგრას ციხე-სიმაგრეც შედევრია, მაგრამ არა თაჯ-მაჰალის დარი... სად შიშის და სად სიყვარულის ენერგია?!

დღეს, ინდოეთის ფოტოების თვალიერებისას სიყვარულზე ვფიქრობდი. არა სიყვარულზე, რომელმაც არაერთხელ მაჩუქა მეც, და, დარწმუნებული ვარ, თქვენც როგორც უკიდეგანო სიხარულის, ისე უკიდეგანო გაწბილების შეგრძნება... არამედ სიყვარულზე, რომელიც სიკვდილთან ერთად, არა მარტო თაჯ-მაჰალის, არამედ მსოფლიო ხელოვნების დიდი შედევრების უდიდესი ნაწილის კონცეფციას უდევს საფუძვლად. თავის დროზე წამიკითხავს, რომ არათუ ხელოვნება, ზოგადად კულტურა საყვარელი ადამიანების სიკვდილით გამოწვეული სევდიდან ამოიზარდა. ოდესღაც ნეანდერტალელმა ადამიანმა შეიგრძნო ეს სევდა, გაიაზრა სიკვდილი, დამარხა ნეშტი და საფუძველი ჩაუყარა სულიერი კულტურის განვითარებას.

როგორ არ მიმეგო დღეს პატივი სიყვარულისთვის და როგორ არ დამეწერა თაჯ-მაჰალზე? ამასობაში დამთავრებულა 14 თებერვალი აქ, საქართველოში... თუმცა ადამიანი, ვინც წერისას მახსენდება, ახლა ევროპაშია და იქ ჯერ კიდევ რამდენიმე საათი დარჩა მას სიყვარულზე საფიქრელად. ჰოდა, ამ ჩემს ჩანახატს სწორედ მას ვუძღვნი. კიდევ იმ ოცი ათას ანონიმ ხელოსანს, რომლებმაც, შეიძლება, სიცოცხლეც კი შეწსირეს ერთი შაჰისა და მისი მუმთაზის სიყვარულის ისტორიის გაცოცხლებას... და ასევე ყველას, ვინც დღეს სიყვარულზე ერთხელ მაინც იფიქრა...

P.S. შაჰ-ჯაჰანი ტახტიდან მისი დიდი სიყვარულის ერთ-ერთმა ნაყოფმა, უფლისწულ აურანგზებმა ჩამოაგდო და აგრას ციხე-სიმაგრეში ჩაკეტა. რვა წლის განმავლობაში მას უფროსი ქალიშვილი ჯაჰანარა ბეგუმ საჰიბი უვლიდა. სამოცდათოთხმეტი წლის ასაკში შაჰ-ჯაჰანი გარდაიცვალა. ლეგენდის თანახმად, სიკვდილის წინ იგი ერთ-ერთი სარკმლიდან თაჯ-მაჰალს შეჰყურებდა. აურანგზების ბრძანებით, მოგულთა უდიდესი იმპერატორის ნეშტი ჩუმად თაჯ-მაჰალში გადაასვენეს და მუმთაზ მაჰალის გვერდით დაასვენეს. მათი სახეები, ისლამური ტრადიციის მიხედვით, მარჯვნივაა შებრუნებული და მექას გაჰყურებს. იმედია, მათ ჰპოვეს სიმშვიდე უფალში, ვითარცა უფალმა ჰპოვა სიმშვიდე მათში!

<3

 

Aetas Aurea

დედაჩემმა ცხოვრებაში ერთადერთხელ დაწერა ლექსი - მე რომ მელოდებოდა, 24 წლის ასაკში ჩემზე ფეხმძიმედ რომ იყო მაშინ. ჩემი პირველი ფოტოალბომის ბოლო გვერდზეა მიწერილი...

შვილს ჩასახულს, ჯერაც უცნობს!

ციდან ეშვება ფანტელები ნელა, ფარფატით.

გულს სიხარული მოეძალა თითქოს ნარნარით,

ეს მე მოვფრინავ ციდან, თეთრი ფიფქი კი არა...

რამდენი მადონა ვიხილე იტალიაში?! „მადონა ყრმით“ ჩემი უსაყვარლესი თემა იყო ბავშვობიდანვე. სახლში ცნობილი მუზეუმების ალბომები გვქონდა და საათობით ვათვალიერებდი ერმიტაჟის, პრადოს, ლუვრისა თუ უფიცის მუზეუმების კოლექციებს. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალები მადონები იყვნენ... მადონები ყრმებით ხელში!

- შენ ჩემი გულის ნაწილი ხარ, სუნთქვა ხარ ჩემი!

ო, როგორ გელი სულისთქმაო, როგორ მოგელი!

ზოგი ყრმას დაჰყურებს, ზოგი ჩვენსკენ იხედება, ზოგი კი სადღაც შორს იყურება... საინტერესო რამეს ამჩნევ, როცა აკვირდები მადონებს, ქრონოლოგიის მიხედვით გამოფენილთ დარბაზებში. შუა საუკუნეებში, საითკენაც არ უნდა იყოს მიმართული მადონას მზერა, ოდნავ განყენებულია იგი. პერსპექტივის შეგრძნებასთან ერთად თანდათან ცოცხლდება მადონა, თანდათან უფრო უახლოვდება ყრმას. XVI-XVII საუკუნეების მადონები უკვე ცოცხალი დედებივით არიან. რაღაც საოცარი ინტიმურობა იგრძნობა მათ ყრმებთან დამოკიდებულებაში და, როგორც წესი, დედა-შვილის შემყურე, თავს ზედმეტად, მესამედ აღიქვამ. იმდენად უხერხულად ვგრძნობდი თავს, რომ ტელეფონის ამოღება და სურათის გადაღება მეხამუშებოდა ხოლმე.

თეთრ ფარდას ფარავს ოცნებების ღრუბელი სქელი -

ფანჯარას აღებ პაწაწინა ხელებით, ღელვით,

შეუშვერ თითებს თოვლის ფიფქებს და გაოცებით

მიაცქერდები დიდი, მრგვალი, შავი თვალებით...

კლასიკური მუსიკის ისტორიაშიც ასე იყო. შუა საუკუნეებში, ეკლესიის წიაღში ჩასახული მუსიკა ღვთიური განყენებულობით უმღერდა უფალს. მაგრამ თანდათან ადამიანური წინა პლანზე მოდის და ფარავს ღვთიურს... XIX საუკუნის ბოლოს ცვილისგან გამოძერწილ მადონას მადონაც კი არ ჰქვია. თავისი ცოლისა და შვილის ურთიერთობის ყველაზე ინტიმური მომენტი ასახა მედარდო როსომ და Aetas Aurea დაარქვა. „ოქროს ხანის“ გარდა სხვაგვარადაც ითარგმნება სათაური - „საუკეთესო ხანა“, „ხანა, რომელიც აღარასოდეს განმეორდება“. ზოგადი სათაურისა და კონკრეტული მოდელის მიუხედავად, ქვეტექსტი ნათელია. მადონების შვიდსაუკუნოვან ისტორიას რომ ჩაუვლი ვატიკანის მუზეუმის დარბაზებში, შეუძლებელია ამ ფიგურის ნახვისას მადონაზე არ იფიქრო... მადონაზე ყრმით ხელში.

შემოგხვევ ხელებს, სიხარულით ჩაგიკრავ გულში,

გაყინულ თითებს, პაწაწინებს რომ დაგიკოცნი -

ბედნიერების კარს შევაღებ აღტაცებული...

...........................................................

ყველაზე უფრო დედაჩემის ლექსში ეს მრავალწერტილიანი ხაზი მომწონს... კულმინაციას რომ აღწევს, უცებ ჩერდება... როსოს ამ ქანდაკებას ჩავსვამდი ამ ხაზში...

როგორც კი დავინახე, ელვასავით გამკრა გულში. ფოტოში ვერ იგრძნობა, ისეთი ექსპრესიაა. გგონია, რომ ცოტაც და ბავშვი ისევ დედის ნაწილად, გულის ნაწილად, სუნთქვად იქცევა. არასოდეს შემიგრძვნია დედა-შვილის სიყვარული ესოდენ სავსედ ხელოვნების ნიმუშის ყურებისას და არასოდეს მითანაგრძვნია მადონასთვის ისე, როგორც იმ წუთას... დიდხანს ვუყურე... მერე ტელეფონი ავიღე და სურათი გადავუღე.

 ო, როგორ გელი სიხარულო, როგორ მოგელი?!

გუშინ, ვალენტინობის დღეს, მთელი საღამო შვილმკვდარ დედასთან გავატარე... რომ შემეძლოს, ყველა შვილმკვდარ დედას წმინდანად შევრაცხდი, და თან დავხატავდი.... დავხატავდი შვილებით ხელში!

შენი დედიკო!!!

იანვარი, 1975 წელი...

მე იმ წლის მაისში დავიბადე...

ისე, მადონების ცქერისას იცით ყველაზე უფრო რა გამიკვირდა? როგორ შეძლეს ამ, გასაგებია დიდმა ხელოვანებმა, მაგრამ მაინც... მამაკაცებმა დედა-შვილური სიყვარულის ასე გადმოცემა?!

P.S. რამდენიმე წლის წინ მომიყვეს სიღნაღში... ლექსების კონკურსი ჩაუტარებიათ წმინდა ვალენტინის დღეს და ერთ ახალგაზრდა ბიჭს მოუგია. ულამაზესი თაიგული გადასცეს, შენს ვალენტინას მიუტანეო. არაო, დედას უნდა წავუღოო საფლავზე...

ისევე ჩამრჩა ეს ისტორია, როგორც მედარდო როსოს Aetas Aurea ჩამრჩება გულში.

 

ვის უნდა დაუჯერო?!

ასე ათიოდე წლის წინ, როდესაც ჩემი ნათესავი ელენე ოთხი წლის იყო, მოვისმინე ყველაზე ბრძნული რამ დედის შესახებ.

მე და ელოს გვიყვარდა თამაში... სიტყვებით თამაში. ვდგავართ მე და ოთხი წლის ელენე სამზარეულოში და ვლოკავთ ფიალიდან გამდნარ შოკოლადს. არ მახსოვს, რატომ მითხრა ელენემ ეს, მაგრამ მახსოვს ყოველი სიტყვა, თქმული მისი ამ წინადადების შემდეგ.

- ნინო, ცუდია, როცა ტვინით არ ფიქრობ, ტვინს არ უჯერებ, - მეუბნება ელენე და თან შოკოლადიან კოვზს ლოკავს.

- მართალი ხარ, - ვეუბნები, - ტვინს უნდა დაუჯერო, მაგრამ...

ახლა მე ვლოკავ შოკოლადს. - ხომ არის ხანდახან, გული რაღაცას გეუბნება?

- კი, - მაშინვე მეთანხმება ელენე. არც კი ყოვნდება. ზუსტად იცის, რაზე ვსაუბრობთ.

- მაშინ?

- მაშინ გულს უნდა დაუჯერო, - მირჩევს ელენე.

მე მახსენდება კაცობრიობის ისტორიაში ვინ იცის რამდენჯერ დასმული კითხვა; ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა... კითხვა, რომელზეც ვერავინ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს.

- ელენე, და ხომ არის, ტვინი ერთს გეუბნება, და გული მეორეს? - ვუსვამ ამ პატარა ღილს შეკითხვას და ველოდები, თუ გაიგებს აბა მის არსს.

- კი, - მაშინვე მპასუხობს ელენე, ოთხი წლის ელენე.

მე აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ მაინც არ ვკარგავ მისი დაბნევის იმედს.

- მაშინ რა უნდა ქნა?

ხომ არ გგონიათ, დაიბნა?! ხომ არ გგონიათ, შეყოვნდა?! გალოკა კოვზი და მეუბნება:

- მაშინ დედას უნდა დაუჯერო!

გავოგნდი! მაგრამ იმ დღის შემდეგ სულ ასე ვიქცევი!

 

ბოდჰისატვა გუანინი

ბოდჰისატვა გუანინის ხისაგან დამზადებული ფიგურა ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. ბოდჰისატვა, თურმე, აღნიშნავს ადამიანს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალუძს ნირვანაში გადასვლა, თავს იკავებს ამის გაკეთებისგან.... ვინაიდან თანაუგრძნობს ტანჯულ არსებებს!

გუანინი გამორჩეული ბოდჰისატვა ყოფილა ჩინეთში. იგი საუკუნეებია რჩება ადამიანთა სამყაროში, რათა დახმარების ხელი გაუწოდოს გაჭირვებულთ. გუინინს ესმის, თურმე, სამყაროს ტირილი და ამიტომაც მას დედა-ღმერთად ან მოწყალების ქალღმერთადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე.

ბრიტანეთის მუზეუმში გამოფენილ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ღმერთების ქანდაკებებს შორის შესაძლოა არც შემენიშნა ღვთაებად ქცეული ბოდჰისატვა გუანინი, რომ არა....

„ჩინეთის დარბაზში“ შესვლისას ერთი აღმოსავლური გარეგნობის ქალი შევნიშნე. აუდიოგიდი ჰქონდა კისერზე ჩამოკიდებული, ყურსასმენები ყურებში გარჭობილი და.... მინის ყუთში ჩასმული ხის ქანდაკების წინაშე ლოცულობდა. თვალებდახუჭულს ხელისგულები შეეერთებინა, თავს დაბლა ხრიდა და ჩუმად ლოცულობდა. იმდენად მოულოდნელი სურათი იყო, რომ გავქვავდი. მერე მობილური ამოვიღე და ამ სანახაობის დაფიქსირება გადავწყვიტე... და მერე შემრცხვა. ეს იმდენად ინტიმური მომენტი იყო, რომ ეს არაინტიმური გარემოც კი არ მაძლევდა უფლებას, დამეფიქსირებინა და შემდეგ საჯაროდ გამეზიარებინა იგი.

დაველოდე, როდის მორჩებოდა ლოცვას, მივუახლოვდი მინის ყუთს და წავიკითხე მოკლე ანოტაცია მასზე, რომელსაც ადამიანთა ტკივილი ესმის და რომელიც შეგნებულად რჩება ჩვენთან, რათა ეს ტკივილი შეგვიმსუბუქოს.

რა უზნეობაა ღვთაებების, სამყაროს უძველესი და უდიდესი მბრძანებლების დიდი ტაძრებიდან, გნებავთ სამარხებიდან წამოღება და ოთახებში აი ასე ჩამწკრივება! ერთი, თუნდაც დიდი გალერეა, საოცრად ვიწროა რამდენიმე ასეული ღმერთისთვის. ყოველთვის მაწუხებდა ეს იდეა, მაგრამ გუანინის ფიგურის წინ მდგარმა პირველად გავიგონე ღმერთების ტკივილი, გუანინის ტკივილი.

შესაძლოა ღმერთებსაც ტკივათ და ვინ უნდა გაუგოს მათ, თუ არა ჩვენ, ტანჯულმა და ტკივილით აღსავსე არსებებმა?!

 

მწუხრის ხატები

რა უცნაურია... „წმინდა წერილში“ არ ყოფილა თურმე აღწერილი სცენა, რომელშიც მარიამ ღვთისმშობელი კალთაში ჩასვენებული შვილის ცხედარს დასტირის. გერმანელ მისტიკოს ბერებს შეუქმნიათ ეს სახე შუა საუკუნეებში. Ich nam min zartes Kind uf min sehoze und sach in an — do was es tot'... / „ჩავისვი კალთაში ჩემი ნაზი ბავშვი და დავხედე მას - მაგრამ ის მკვდარი იყო“, - ასე გაახმოვანა Mater Dolorosa XIV საუკუნეში გერმანელმა დომინიკელმა ბერმა ჰენრი სუზომ. ხომ ჩაგწყდათ გული? ხომ მოგადგათ ცრემლი თვალებზე? ჰოდა, როგორ შეიძლებოდა ეს სახე ხელოვანებს არ აეტაცათ?

XIV საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული სამხრეთ გერმანიის ეკლესიებში იდგმება Vesperbild-ები - ხის ქანდაკებები, რომლებიც ღვთისმშობელსა და მის კალთაში ჩასვენებულ მაცხოვარს გამოსახავენ. განსაკუთრებით დამაფიქრა სახელწოდებამ. Vesper - მწუხრია, Vesperbild-ი კი მისი ხატი გამოდის. ვესპერბილდი მწუხრის ლოცვების (განსაკუთრებით დიდი პარასკევის) განუყოფელ ელემენტად აღიქმებოდა. ქანდაკებები, რომლებიც შუა საუკუნეებისთვის უპრეცედენტო რეალისტურობით გამოხატავდნენ იესოს ხორციელ და ღვთისმშობლის სულიერ ტანჯვას, მორწმუნეებში ემპათიას იწვევდნენ და თითქოს მოუწოდებდნენ მათ, ე ფ ი ქ რ ა თ ნაწამებ ქრისტესა და მის უკიდეგანოდ სევდიან მშობელზე. ანუ, ქანდაკებების ჭვრეტა („ქრისტიანული ლექსიკონის“ მიხედვით - „დიდხანს ღრმა აღტაცებითა და დაფიქრებით ცქერა“) ლოცვის ტოლფასი თუ არა, თანაზიარი მაინც ხდებოდა.

ვესპერბილდები ჯერ საფრანგეთში გავრცელდა, ოღონდ ფრანგმა მოქანდაკეებმა მნიშვნელოვნად შეარბილეს ულმობლად რეალისტური გერმანული ფერები; 1400 წლისთვის კი ხატებამ მგლოვიარე დედისა, კლათაში ჩასვენებული შვილის ცხედარს რომ დასცქერის, იტალიაში ჩააღწია, რათა pietà-დ (სიბრალული, თანაგრძნობა) სახელცვლილი 1498 წელს მიქელანჯელოს შთაგონების წყაროდ ქცეულიყო.

მიქელანჯელოს „პიეტა“ რომ არ მენახა და არ შემეგრძნო, ვესპერბილდებს არც გავეცნობოდი ალბათ ასე ახლოს (იტალიიდან ჩამოსულმა დავიწყე ჟანრის კვლევა). ყველა დროის უდიდეს „პიეტაში“, ცოტა არ იყოს, ფრანგულ სტილში შერბილებულსა და გალამაზებულში, გაგიკვირდებათ და, განსაკუთრებით იესოს უსიცოცხლოდ დაკიდებულმა მარჯვენა ხელმა დამატყვევა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, მარტო არ ვყოფილვარ. ბორგეზეს გალერეაში ხეტიალისას გავიგონე, როგორ უყვებოდა რაფაელის „ჯვრიდან გარდმოხსნის“ წინ შეკრებილთ ერთი გიდი, როგორ იქცა მიქელანჯელოსეული იესოს ჩამოვარდნილი ხელი ჯერ რაფაელის, შემდეგ კი კარავაჯოს შთაგონების წყაროდ. მაგრამ მხოლოდ მერე გავიგე, რომ ეს ხატიც უსიცოცხლოდ ჩამოკიდებული ხელისა შუა საუკუნეების სამხრეთგერმანელი ხელოვანის გონებაში დაბადებულა.

ჩემი ულმობლად რეალისტი და ფიქრის მოყვარული გერმანელები! რამდენად მაღალია თქვენი ულმობელი რეალობა! ხომ შევიგრძენი მიქელანჯელოს „პიეტა“, ხომ განვიმსჭვალე თანაგრძნობით, მაგრამ მხოლოდ დიდი პარასკევის მწუხრის ლოცვების მომლოდინე ხის ქანდაკებების ცქერისას, უკაცრავად, ჭვრეტისას დ ა ვ ფ ი ქ რ დ ი ტკივილის არსზე.

ტკივილზე ოდესმე დავწერ... ჯერ უნდა ვიფიქრო...

ვიფიქრო უნდა ტკივილზეც და იმაზეც, რამდენად დიდია ხელოვნების შეგრძნებაში ფიქრის წილი...

ხელოვნების და ღმერთის...

 

მიქელანჯელოს პირადი პიეტა

1546 წელს დაუწყია სამოცდათორმეტი წლის ბუონაროტის მუშაობა სკულპტურაზე, რომლითაც მისი საფლავი უნდა მოერთოთ. მთელი ექვსი წლის განმავლობაში უბრუნდებოდა თავის საყვარელ - ქრისტეს ჯვრიდან ჩამოხსნისა და ღვთისმშობლის გლოვის სცენას. ვის სიკვდილზე ფიქრობდა ნეტავ? ქრისტესაზე თუ საკუთარზე? 1551 წელს კი მიატოვა მუშაობა. უბრალოდ მიატოვა კი არა, დააზიანა სკულპტურა. როგორც წყაროები იუწყებიან, ბზარები უპოვია მარმარილოს ბლოკში და განრისხებულა. მართლა ბზარებმა განარისხა, ვითომს? ფაქტია, რომ არ დაუსრულებია.

მე რომ მკითხოთ, ეს დაუსრულებლობა სძენს სკულპტურას განსაკუთრებულ იერს... ღვთისმსობლის სახეა დაუსრულებელი და მთელი აქცენტი მის მოძრაობაზე გადადის - როგორ იხუტებს ჯვრიდან ჩამოხსნილ შვილს. ამ ჩახუტების შემყურეს გავიწყდება, რომ ღვთისმშობელი დასტირის ქრისტეს. შენს წინაშე დედა გლოვობს შვილს! ჩემზე, პირადად, ამ „პიეტამ“ უფრო იმოქმედა, ვიდრე წმ. პეტრეს ტაძარში მდგარმა უფრო ცნობილმა „პიეტამ“ ბუონაროტისა.

ნამტვრევები 1671 წელს შეუწებიათ ტოსკანიის დიდი ჰერცოგის დავალებით. მადლობა ღმერთს! ეტყობა სკულპტურას ნაწებურები... ჯერ სან-ლორენცოს ბაზილიკაში მდგარა, მერე ფლორენციის დუომოში დაუყენებიათ საკურთხევლის მოპირდაპირე მხარეს. ახლა კი დუომოს მუზეუმშია. არადა, მიქელანჯელოს საფლავი უნდა დაემშვენებინა...

ორ ქალს შორის მდგარი მოხუცი, ნიკოდემუსი, თავად მიქელანჯელოა. ავტოპორტრეტი დაგვიტოვა თავის ბოლოსწინა სკულპტურაში! 1564 წელს გარდაიცვალა, ისე...

ორიგინალთან ახლოს სკულპტურის „ხელშესახები“ ასლი დგას - ასე წერია. მივედი და შევახე ხელი. ჯერ უბრალოდ ამ გასაოცარი ფიგურების შეგრძნება მინდოდა მხოლოდ. მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, ბუონაროტისთვის მადლობის თქმა მომინდა; იმ ვნებისთვის, რომელმაც სიბერეშიც არ დატოვა და რომელიც მის პირად „პიეტაში“ გამოსჭვივის!

რა ძნელია, არ დანებდე წლებთან ერთად მომატებულ გულგრილობას...

იმდენად მომინდა მადლობის გადახდა, მივედი და მოვეფერე მას! ეს ჩემი პირადი პიეტაა...

 

***

ღმერთი რაღაც ძალიან მოულოდნელად და სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ჯერ სულ იმას გვასწავლიდნენ, რომ ის არ არსებობდა - სკოლაში ამ შინაარსის მოთხრობებსაც კი გვაზეპირებინებდნენ. ამის ფონზე, მუსიკალურ სკოლაში ბახის პასიონებსა და მესას გვასმენინებდნენ, ნომრების სახელწოდებებს გვითარგმნიდნენ და შემდეგ ცოდნას გვიმოწმებდნენ. და ჩვენც წარმოვსთქვამდით ფრაზებს, მიმართულს მისდამი, ვინც არ არსებობდა... თან უბრალოდ მიმართულს? საოცარი, გამაოგნებელი სილამაზის ჰანგებზე დადებულთ...

მერე, ერთ მშვენიერ დღეს, არც კი მახსოვს როგორ და რანაირად, ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ახლაც მახსოვს, ჩემი ფილოსოფოსი ბაბუა, სარდიონ ვეკუა, მთელი ცხოვრება რომ ათეისტად თვლიდა თავს, როგორ დაფიქრდა ჩემს კითხვაზე - ბაბუა, ღმერთი მართლა არსებობს - და მერე მითხრა, ბაბუ, მგონი მართლაც არსებობსო.

ახლა რაც არ უნდა ვწერო, ვერ გადმოვცემ იმ გრძნობებს, ემოციებს, ვნებებსა და ფიქრებს, თინეიჯერ გოგოს ყველა ერთად რომ ამეშალა ღმერთთან შეხვედრისას. ათეიზმი ხომ ჩვენი არჩევანი არ ყოფილა? ის თავს მოგვახვიეს, დაგვაძალეს. და მერე მოულოდნელად, ღმერთი მთელი თავისი დიდებით ჩემს წინაშე აღიმართა და დამაბნია.

დაბნეულმა, სულ რაღაც ჩვიდმეტი წლისამ დავწერე Kyrie eleison. კი მგვრის დღეს ღიმილს, მაგრამ სიტყვასაც არ ვცვლი. ეს ჩემი ცხორვების ნაწილია... ჩემი ფიქრები, ჭმუნვები... ფიქრებსა და ჭმუნვებთან ერთად ამ ჩანახატში 90-იანი წლები, ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის გაყინული კლასები და დაჩხაპნილი ფირსაკრავები აისახა... ფისაკრავები და სიცივეში ჟღერადი სასწაული მუსიკა.

რა უცნაურია! ღმერთთან შეხება დღესაც მაბნევს. თუმცა არ მაბნევს ბახი და მისი სი-მინორული მესის სრულიად გამაოგნებელი პირველი ნომერი... მთელი მესა, პასიონები. მგონი, ბახის დამსახურება იყო ის, რომ სადღაც ღრმად გულში ყოველთვის ველოდი იმ წუთს, როდესაც მთელი ქვეყნის მიერ უარყოფილი ღმერთი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდოდა და თავგზას ამიბნევდა. ამიტომ, მაინც შემზადებული შევხვდი... და ჩემი პირველი მოთხრობა მას მივუძღვენი. მას და იოჰან სებასტიან ბახს.

 

Kyrie eleison

ოთახიდან მუსიკა ისმოდა.

ბიჭმა კარი შეაღო კლასში.

- მასწ., დავაგვიანე. შეიძლება?

- შეიძლება! - გაისმა მოკლე პასუხი.

ბიჭი შემოვიდა ოთახში და მერხს მიუჯდა.

- ცივა, - თქვა იქვე მჯდარმა გოგომ და თავი პალტოს საყელოში ჩარგო.

- რას ვისმენთ? - იკითხა დაგვიანებულმა.

- ბახის მესას.

- ამ ნომერს Kyrie eleison ეწოდება, - გამოაცხადა ქალმა და ჩაახველა. ცივა, - დაუმატა თავისთვის.

- რას ნიშნავს Kyrie eleison? - იკითხა ბიჭმა.

- უფალო, შეგვიწყალენ, - აუხსნა მასწავლებელმა.

- ამ ოთახში ჯდომისას მეტი არაფერი მოგივა თავში, - ჩაიჩურჩულა გოგომ. გაისმა მესა.

- Kyrie eleison! - აგუგუნდა გუნდი.

- Kyrie eleison! - მღეროდა ფირსაკრავი.

 

მრევლი მუხლებზე დაჩოქილიყო და მღვდლის ლოცვას უსმენდა.

- უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, - ჩუმად წარმოსთქვამდა მღვდელი.

- ბებო, რას ნიშნავს „უფალო შეგვიწყალენ?“ - ჩასჩურჩულა ხუთი წლის ბიჭმა გვერდით მდგარ მოხუცს

- ღმერთო, მაპატიე! - აუხსნა ქალმა.

- რა უნდა მაპატიოს ღმერთმა?

- ცუდი საქციელი.

- რატომ უნდა მაპატიოს ღმერთმა? მე მას ხომ არაფერს ვუშავებ? - გაუკვირდა ბავშვს.

- რას ამბობ, ბიჭო! უფალო, აპატიე! არ იცის, რას ამბობს, - შეეხვეწა ღმერთს ქალი.

- უფალო შეგვიწყალენ, - მღეროდნენ მგალობლები.

 

ოციოდე წლის ბიჭი იდგა ეკლესიის კარებთან და დედის გამოსვლას ელოდებოდა. შიგნით პრინციპულად არ შედიოდა. „რატომ უნდა შემიწყალოს მე ღმერთმა? თავის თავს თვითონ ადამიანმა უნდა აპატიოს, პირველ რიგში. მაშინ იქნება იგი ნამდვილად შეწყალებული, რადგან შენი თავის ყველაზე მკაცრი მსაჯული ისევ შენ ხარ“, - ფიქრობდა იგი.

 

შავებში გამოწყობილი დედა დასტიროდა კუბოში ჩასვენებულ შვილს. ოთახში მღვდლისა და მის მეტი არავინ იყო.

- რატომ მომიკლა ღმერთმა შვილი, მამაო?

- ღმერთს არ მოუკლავს იგი, შვილო ჩემო. სხვათა ცოდვებმა მოუღეს მას ბოლო. ქალი მიხვდა, ვის გულისხმობდა ამ „სხვებში“ მღვდელი.

- რა ვქნა, მამაო? - იკითხა მან.

- შენდობა ითხოვე. თქვი: „უფალო, შემიწყალე“.

- უფალო, შემიწყალე, - კვნესოდა ქალი.

 

რატომ უნდა შემინდოს მე ღმერთმა? - ფიქრობდა ბიჭი და დედის გამოსვლას ელოდებოდა.

 

„მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ“, - ლოცულობდა მღვდელი ეკლესიაში.

- უფალო შეგვიწყალენ, - ჩურჩულებდა მღვდელი.

- უფალო შეგვიწყალენ, - ჩურჩულებდა ქალი.

- უფალო შეგვიწყალენ, - ჩურჩულებდა ბებია.

- უფალო შეგვიწყალენ, - ჩურჩულებდა ბავშვი.

 

Kyrie eleison - მღეროდა გუნდი.

- საბრალო არსებაა მაინც ადამიანი, - თქვა ბიჭმა, როცა ქალმა ფირსაკრავი გამორთო.

- რატომ? - იკითხა გოგომ და პალტოს საყელოდან თავი ამოჰყო.

- ბახიც კი შეწყალებას ითხოვს, - ჩაიცინა ბიჭმა.

- ცივა, - ეს ისევ გოგო იყო.

 

ადამიანური რეკვიემი

რაღაცამ მიბიძგა, კითხვისთვის თავი მიმენებებინა და ჰანოვერის ალტშტადტში წავსულიყავი სასეირნოდ. მიყვარს ხოლმე ასე უმიზნოდ ხეტიალი... დავბორიალობ და სადღაც ღრმად გულში მწამს, რომ რაიმე საოცარს გადავაწყდები... აი ასე, დაუგეგმავად. ხშირად არ ხდება ოღონდ ასე... მაგრამ ჰანოვერის ერთ-ერთ ულამაზეს ეკლესიას რომ ჩავუარე, აფიშა შევნიშნე - იოჰანეს ბრამსის „გერმანული რეკვიემი“.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, 47 წლის ისე გავხდი, „გერმანული რეკვიემისთვის“ ცოცხლად არასოდეს მომისმენია. ცოცხლად კი არა, თავიდან ბოლომდეც არ მომისმენია - კონსერვატორიაში გავიარეთ ეს ნაწარმოები, უშუქობის ჟამს, ჩანაწეერებს რომ ვერ მოისმენდი და youtube რომ არ არსებობდა ისეთ დროს. მერე კი რაღაც ვერც მოვიცალე მისთვის, მხოლოდ ნაწილები მოვისმინე, ასე მახსოვს...

1861 წელს, 27 წლის ასაკში დაუწყია რეკვიემზე მუშაობა, მონახაზი გაუკეთებია რამდენიმე ნაწილის, მაგრამ სერიოზულად მას 1865 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ მიუბრუნდა და ერთ წელიწადში დაასრულა მუშაობა. რა უცნაურია... ხანდახან მგონია, რომ ამ დიდი კომპოზიტორების ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ შედევრები შექმნან (ეს სფერო ვიცი, ალბათ სხვაგანაც ასეა). მაგალითად, მატილდა ვეზენდონკი ვაგნერს იმიტომ შეხვდა, რომ „ვეზენდონკის სიმღერები“ და „ტრაისტანი და იზოლდა“ დაბადებულიყო. აბა რომანიც კი არ ჰქონიათ... პლატონურ სიყვარულს დასჯერდნენ მხოლოდ...

კლარა შუმანი, ბრამსის დიდი (სავარაუდოდ ასევე პლატონური) სიყვარული და დიდი მეგობარი ამტკიცებდა, რომ რეკვიემის V ნაწილი, რომელშიც სოპრანო მღერის სოლოს, კომპოზიტორმა დედის ხსოვნას მიუძღვნა. ყველაზე ბოლოს სწორედ ეს ნაწილი შექმნა. შემთხვევით არ მღერის ალბათ სოპრანო - „როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც“ (ესაია წინასწარმეტყველი, 66, 13; ბრამსი, V).

ნუგეშზე გამახსენდა... ბრამსმა გრადაცვლილთა მოსახსენიებელი მესა კი არ შექმნა, წასულ სულებს რომ გლოვობს (რეკვიემი ხომ იდეაში სხვა არაფერია), არამედ ქმნილება, რომელიც დარჩენილებს გვანუგეშებს. ამიტომ შეარჩია ბიბლიიდან ტექსტები არა ლათინურ, არამედ თავისი ხალხისთვის კარგად ნაცნობ - გერმანულ ენაზე. შეარჩია თვითნებურად, ისე, როგორც თავად ხედავდა. „მხოლოდ ნაწილები ავიღე, რადგან მუსიკოსი ვარ, რადგან სწორედ ეს დამჭირდა“, - წერდა თავისი აღშფოთებულ-შეშფოთებული კრიტიკოსების მისამართით.

როგორ მომეწონა ასე შეკოწიწებული ტექსტი... და როგორ ამაღელვა ამ ტექსტზე შექმნილმა მუსიკამ! ასტროლოგიური თვალსაზრისით კურო იყო ბრამსი და რაღაც ძალიან კუროსებრი სევდა ვიგრძენი შერჩეულ ტექსტებსა და დაწერილ მუსიკაში... მეტისმეტად გვიყვარს კუროებს ეს მიწიერი ცხოვრება - ჭამა, სექსი, სიყვარული... რავი, ყველაფერი... და ამ დროს ქვესკნელში რომ ჩაგიყვანს ისეთი სევდა ვიცით... ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარს ის, რაც წაგვერთმევა. „ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.“ (ეპისტოლე პირველი პეტრესი, 1, 24; ბრამსი, II)...

ამ ნაწილზე ვიტირე... როგორ ვიტირე თან! ვიჯექი ჩემთვის და ჩემს გენიალურ კუროსთან ერთად მივტიროდი ყველაფერს, რაც ასე მიყვარს და წამერთმევა...

ღმერთო, რა შუაშია კურო?! დასაბამიდან, ალბათ... რაც კი ამ დედამიწაზე გავჩნდით და კითხვების დასმა ვისწავლეთ, ერთი რამ გვაწუხებს იდეაში... და მერე ვაწუხებთ მას, ვინც არც კი ვიცით, არსებობს თუ არა... მას, ვინც, ვოლტერს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა გამოვიგონეთ...

მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. ჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა. ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი“ (ფსალმუნნი, 38, 5-8; ბრამსი, III).

ამ იმედის იმედით სულ ვიღაცას ვწირავდით მას - ადამიანებს, ცხოველებს... ბოლოს ვისწავლეთ (ნაწილმა მაინც), რომ ყველაფერს სჯობს, ხელოვნება შესწირო... რა სჯობს მუსიკალურ შესაწირს? რას სჯობს ბრამსის რეკვიემს? კი გვანუგეშებს აქ დარჩენილებს, მაგრამ მაინც სულ შენ მოგმართავს... შენ, ვინც „ღირსი ხარ... რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ“ (იოანეს გამოცხადება, 4, 11; ბრამსი, VI). და მერე ამდენი ადამიანი ერთად დგას, მღერის, უკრავს ამ რეკვიემს, უსმენს მას, ტირის (მე, მაგალითად) და მთელი არსით გეწირება შენ... შენ, რომელი ხარ ცათა შინა... მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა შენი... მიუხედავად იმისა, არსებობ თუ არა შენ...

ისე, მაინც ცოტა უფრო ადვილია ცხოვრება, თუ არსებობ... ან გვწამს შენი... შენ გადებთ ხოლმე პასუხისმგებლობას ყველაფერზე - ცუდზეც, კარგზეც... იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს რიხარდი მატილდას შეხვდა... იმაზეც, რომ რაღაცამ უცებ მიბიძგა, კითხვისთვის თავი მიმენებებინა და ჰანოვერის ალტშტადტში წავსულიყავი სასეირნოდ და მერე შენთვის შემეწირა ჩემი გრძნობების, ფიქრების, ცხოვრების ორი საათი... იმაზეც, რომ რაღაც დროის შემდეგ ვერც ამას გავაკეთებ, ამ ფორმით, ყოველ შემთხვევაში... და იმაზეც, რომ იმდენი საყვარელი ადამიანი მყავს... მყავდა... მეყოლება, ვინც ამას ვერ (გა)აკეთებს... ამ ფორმით, ყოველ შემთხვევაში...

ვერასოდეს ვხვდები, როგორ ხდება, რომ ასეთი ყოვლისმომცველი სევდის მიუხედავად, ეს იდეა, გაჟღერებული მუსიკაში (გინდ ბრამსსთან, გინდ ბახთან, გინდ ბეთჰოევნთან, გინდ ჩვენს თანამედროვე მაკმილანთან) არასოდეს გადადის სასოწარკვეთში... არასოდეს! იქნებ იმიტომ, რომ „ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“ (მათეს სახარება, 5, 4; ბრამსი I)...

ვის მიერ... ოღონდ?

ერთ-ერთ პირად წერილში ბრამსს გამოუთქვამს სურვილი, თავისი „გერმანული რეკვიემისთვის“ სახელი შეეცვალა და მისთვის „ადამიანური რეკვიემი“ (menschliches Requiem) დაერქმია...

რა სჯობს მუსიკალურ ნუგეშს?! რა სჯობს ბრამსის ადამიანურ რეკვიემს?! ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ შევიქმნებით „მკვდარნი, უფალში რომ აღვესრულოთ ამიერიდან... რათა განვისვენოთ ჩვენ შრომათაგან და თან წარვიტანოთ ჩვენი საქმენი“ (იოანეს გამოცხადება, 14, 13; ბრამსი, VII).

 

როგორ გამოვიგონე ღმერთი

ვოლტერს აქვს ნათქვამი, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ თავად უნდა გამოგვეგონა იგიო... რვა წლის ვიყავი, თავად რომ გამოვიგონე იგი.

საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი ვარ. რვა წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა რამდენიმე მოთხრობა, რომლებშიც გამასახარვებული იყო ღმერთის არსებობის იდეა. ჩემი მშობლებიც ათეისტები იყვენ მაშინ. ვერ ვიხსნებ ზუსტად, როდის გაჩნდა მისი გამოგონების იდეა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ვიდექი ზაფხულის ერთ მშვნიერ დღეს ზუგდიდის ბებიაჩემისეული სახლის კედელზე ჩამოკიდებული ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ წინ და ღმერთს ნატვრისთვლიან ბეჭედს შევსთხოვდი. ალბათ ზღაპრებიდან მოვიდა იდეა, ღმერთისთვის მიმემართა. ზღაპრებში ხომ იგი ხშრად უსრულებდა ადამიანებს სურვილებს. ფეხითაც კი ჩამოივლიდა სოფლად ხოლმე და ებაასებოდა ხალხს. ზღაპრებიდან ვერ ამოაგდეს იგი კომუნისტებმა.

ხატს მაშინ ვინ ჩამოკიდებდა სახლში?! ჰოდა, ლეონდარდო და ვინჩის სურათი შემრჩა ხელში, უფრო სწორედ, ამ შედევრის იაფი რეპროდუქცია. რეპროდუქციების თვალიერება საერთოდ ჩემი ჰობი იყო. სახლში უამრავი ალბომი გვქონდა. ეტყობა, ერთ-ერთ ალბომში ამოვიკითხე, რომ სურათის შუაში მჯდომი მამაკაცი იესო ქრისტე იყო - არაერთი ქართული ხალხური ზღაპრის გმირი.

მახსოვს, როგორ გულწრფელად შევთხოვდი, ჩემთვის ნატვრისთვლიანი ბეჭედი ეჩუქებინა. ჩემი ბიძაშვილებიც ავიყოლიე, დავაჯერე, თუ ვითხოვდით, იგი აუცილებლად შეისმენდა ჩვენს თხოვნას. სამი დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე მივიდოდით ხოლმე სურათთან და ერთსა და იმავეს ვთხოვდით და თქვენ წარმოიდგინეთ, მეოთხე დღეს დიდ ოთაში შესულთ სურათის ქვეშ მდგარ სავარძელზე სამი ბეჭედი დაგვხდა. მგონი, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, არც მანამდე, და არც მერე...

რა თქმა უნდა, მალევე დავრწმუნდი, რომ ბეჭდები არ ასრულებდნენ ნატვრებს. ორ დღეში ბიცოლამაც გაგვიმხილა, რომ მიაყურადა ჩვენს ლოცვებს და თავად დაგვიდო ბეჭდები. ცოტა გავწბილდი, ალბათ... კარგად არც მახსოვს.... მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ამის შემდეგ ჩემ მიერ გამოგონილი ღმერთი ჩემთან დარჩა, სამუდამოდ. ის ჩემს ნატვრისთვლად იქცა - თუ რამე ძალიან, ძალიან მომინდა, დღესაც, რატომღაც, რვა წლის ბავშვივით მჯერა, ვთხოვ და ნატვრა აუცილებლად ამისრულდება...

 

ნატვრის ხე

ფერად-ფერადი ნაჭრებით მორთული, წინანდლის მამულის „ნატვრის ხის“ ქვეშ რომ ჩამოვჯექი, მივხვდი, რომ ასობით, არა... ათასობით ადამიანის ნატვრების გარემოცვაში მოვხვდი. ასეთ უჩვეულო სიტუაციაში უცნაური იდეები მომდის თავში, როგორც წესი...

ხომ შეიძლება, ხეზე ჩამოკონწიალებული ნატვრები ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ერთი ადამიანის ნატვრა მეორის წინააღმდეგ მიდიოდეს?! მაშინ რასა იქმს ნატვრის ხე? ვისი ნატვრა იმარჯვებს? ვისი მარცხდება? ვინ ხდება ნატვრის ხის რჩეული?

საერთოდ, გვაქვს კი უფლება, ვინატროთ რამე, რაც ამა თუ იმ სახით სხვას ახვევს შენს ნატვრას თავს, ითრევს მას შენს ნატვრაში?

კი გავიღიმე სურათისთვის, მაგრამ შინაგანად უცნაურმა შიშმა შემიპყრო და პირველად გავიაზრე, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა რაიმეს ნატვრა... რაოდენ ფართო შეიძლება იყოს მისი მოქმედების არეალი... 

ისე დავიბენი, რომ ვერაფერიც ვერ ვინატრე...

ჰკიდია ახლა წინანდლის ნატვრის ხეზე ჩემი ლენტი (ისე, ლენტი არ მქონდა და ჩანთაში შემთხვევით აღმოჩენილი ახალთახალი, ცისა და ოცნების ფერი ნიღბით დავამშვენე ხე) ობლად... ფუნქციადაკარგული... და არ იცის, რა ქნას... როგორ აუსრულოს შეშინებულ ნინოს ვერნანატრი ნატვრა?

ვახ!

 

თუ აღარ შეგვეშინდება ღმერთის…

რომის წმინდა პეტრეს ტაძარში ჩვენი ვიზიტი ღვთისმსახურებას დაემთხვა. რომ შევედით, ორგანი ჟღერდა. ეს ახალი დიგიტალური ორგანია, ახლახანს რომ აჩუქეს ტაძარს. მაგრამ ადრე ძველიც ხომ ჟღერდა? არ ექნებოდა ასეთი ყოვლისმომცველი ხმა, მიკროფონებით გაძლიერებული, მაგრამ მაინც....

ჰოდა, იცით რა წარმოვიდგინე? აი XVII საუკუნის ადამიანი, დაბალი სოციალური ფენიდან, აქ რომ შევიდოდა, ამ დიდებულებას იხილავდა და მერე ორგანის მრისხანე ჟღერადობა ბგერებად რომ დაეყრებოდა თავზე (ასეთი შეგრძნება მქონდა ზუსტად ორგანის სმენისას)... რა შიშს და მოწიწებას იგრძნობდა?! ამისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი? უბრალო ადამიანების შესაშინებლად? აბა არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი გარყვნილი და არაშეშინებადი იყო :).

მაინც როგორ თეატრალურად არის ყველაფერი დადგმულიო, მითხრა ჩემმა მეგობარმა ეკამ, საეკლესიო მსახურთა მსვლელობის ყურებისას. მოჯადოებული შევყურებდით ორივენი მთელს ამ პერფორმანს, ჯებირებს უკან მდგარნი.... აქ იდგნენ, ალბათ ის უბრალო ადამიანებიც.

ის გამიხარდა, რომ, მართალია, თეატრალურობა დარჩა, მაგრამ შიშისა და მოწიწების ნაზავი დღეს აღტაცებაში ტრანსფორმირდა. ჩვენ აღარ გვეშინია ღმერთის; ევროპას, ყოველ შემთხვევაში. ამას მოწმობს აღსარების ჩასაბარებელ ლეკნერებში ცოდვილთა ეულად მომლოდინე მღვდლები. არაერთ ენაზე შეგიძლია ჩააბარო აღსარება წმინდა პეტრეს ტაძარში და თითქმის არავინ აბარებს. ყველა გაოცებული და აღტაცებული მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდებულეს ტაძარს ათვალიერებს. თუმცა, შესაძლოა დღეს ბევრი გადასულია iPhon-ის აპლიკაციაზე „აღსარება“, ოფიციალურად რომ აკურთხა კათოლიკურმა ეკლესიამ 2011 წელს, და აღსარების ონლაინ ჩაბარებული სუფთა სინდისით ტკბება მიქელანჯელოს „პიეტათი“.

არ ვიცი... არ ვიცი...

რატომღაც საოცრად მომინდა, დიგიტალური ორგანის მრისხანე ბგერების ფონზე ერთ-ერთ ლეკნერთან მისვლა და ინგლისურენოვან მღვდელთან აღსარების ჩაბარება, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე მუსიკის დიქტატს და ტაძრიდან გამოვედი.

გამოვედი და მას შემდეგ ვფიქრობ... თუ აღარ შეგვეშინდება ღმერთის (ვისაც გვწამს, ისინი გაგვატარეთ), საკმარისია, მხოლოდ გვიყვარდეს იგი?

 

მარტივი ქანქარის პრინციპი

მარტივი ქანქარის პრინციპი თავის დროზე, XVI საუკუნეში, გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. სწორედ მან დაადგინა, რომ ქანქარის რხევის პერიოდი დამოკიდებულია არა მის წონასა თუ რხევის ამპლიტუდაზე, არამედ ქანქარის სიგრძეზე.

მარტივი ქანქარა რეგულარულია. თუ იცი რხევის პერიოდი, ზუსტად შეგიძლია განსაზღვრო, რამდენ რხევას - ასს თუ ათასს განახორციელებს იგი. სწორედ ამიტომ დაედო ეს პრინციპი საფუძვლად ქანქარიანი საათის შექმნას და სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი დროის ზუსტად გამოთვლა.

მაგრამ სიტუაცია იცვლება, როგორც კი დააკავშირებ ერთმანეთთან ორ ქანქარას. მათი რხევების ურთიერთზეგავლენა ქმნის ქაოტურ მოძრაობას. ამიტომ, მათი მოქმედების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი ხდება. ასეთ ქანქარას ქაოტური ქანქარა ეწოდება.

ერთხელ, მიუნჰენის აეროპორტში სეირნობისას წავაწყდი პატარა ოთახს, რომელმაც დროის ფენომენის ირგვლივ შექმნილ პატარა ექსპოზიციას დაუთმო ადგილი. ვუყურებდი ქანქარებს და ვფიქრობდი: რაღაცით ჩვენ ცხოვრებას ჰგავს. შენი მონაცემების მიხედვით დაგეგმავ ცხოვრებისეულ გზას, განსაზღვრავ მას, მერე წაეკიდები სხვა ქანქარებს და იწყება ქაოსი შენს ცხოვრებაში.

ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ... არსებობს ვინმე, ვისაც შეუძლია ამ ქაოსის განსაზღვრა?

 

როცა ნებდები და ხელს უშვებ…

მარიამს ვუყიდეთ თავის მეშვიდე დაბადების დღეზე თუთიყუში. სახელი მან შეურჩია - რიო. შეურჩია, გაგიჟდა სიხარულით და წავიდა ტბისში დასასვენებლად. კიდევ კარგი! მეორე დღესვე ავად გაგვიხდა რიო. გალიაში სიარული უჭირდა, ვერც ძელზე ახერხებდა ჯდომას. ჯერ ვეტექიმი, უფრო სწორედ თუთიყუშის ექიმი ვეძებეთ. ძლივს ვიპოვეთ. ფერისცვალების დღეს გავაქანეთ ზოოპარკში რიო. ექიმმა, ეტყობა ავადმყოფი შემოგაპარეს, წადით და გაცვალეთო... მთელმა ოჯახმა ერთხმად გავიხსენეთ ეგზიუპერი და მისი „შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“ და გაცვლის ნაცვლად, ახალი ვიყიდეთ (რიკო დავარქვით), ეგებ რიო ცოტა გახალისდესო. მაღაზიაში გვირჩიეს ასე. საშინელი სევდა იციან თუთიყუშებმა, აქ ბევრი მეგობარი ჰყავდაო და უცებ მარტო დარჩაო.

რიკო ხომ მოვუყვანეთ? თამუნას, ჩემს დას, ლამის სულ ხელში ჰყავდა. ეფერებოდა, ოთახში უშვებდა საფრენად, ანტიბიოტიკებს ასმევდა, ხელით აჭმევდა. რიო კი უფრო სევდიანდებოდა... ვერ ვუშველეთ, მოკლედ. გუშინ შეწყვიტა ჭამა. ჩვენც დავნებდით, ხელი გავუშვით და რიოც გარდაიცვალა.

კიდევ კარგი, მარიამი არაა სახლში. ახლა რიკოს შევასაღებთ რიოდ. ვეტყვით, რომ გაიზარდა. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? რიოს სევდამ ჩვენში გადმოინაცვლა, დაიბუდა სახლში. დედაჩემი დადის და ბუზღუნებს - მეორე ასეთი ჩერჩეტი ოჯახი არ არსებოსო. გადავყევით ერთ წიწილასო.

ახლა მოხსენების რეზიუმეს უნდა ვწერდე, მე კი გადავწყვიტე, რიოზე დავწერო. რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს მის სამდღიან ცხოვრებას ჩვენს სახლში? დარჩეს რიო ლიტერატურულ განზომილებაში. გამახსენდება ხოლმე სევდიანი, დეპრესიაში ჩავარდნილი თუთიყუშის ბარტყი. მაინც იმედი მაქვს, რომ მართლა ავადმყოფი იყო და ნოსტალგიამ არ მოუღო ბოლო...

რატომღაც სულ მასზე მეფიქრება, ჩვენ ყველანი რომ მოგვიშინაურა და ჩვენზე პასუხს რომ აგებს. იმასაც წყდება გული, როცა ნებდება და ხელს გვიშვებს?

 

ჰელსინკის მართლმადიდებლურ ტაძარში

ყოველთვის აღვიქვამდი მართლმადიდებლობას იმ ენად, რომელიც წინაპრებმა დამიტოვეს ღმერთთან სასაუბროდ. ისევე ვცემ პატივს, როგორც ქართულ ენას და ვთვლი, რომ ეს ჩემი კარმის ნაწილია, ვისაუბრო ქართულ და მართლმადიდებლურ ენებზე. კარმა და მართლმადიდებლობა ერთად რომ მოხვდება წინადადებაში, უკვე საინტერესოა. ისიც ფაქტია, რომ ქართულ ენას უკეთ ვფლობ, ბევრად უკეთ, ვიდრე მართლმადიდებლურს. რატომ? ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

საზღვარგარეთ ყოფნისას ქართულის გაგონება რომ მიხარია, ისე მიხარია მართლმადიდებლური ეკლესიის ნახვა. რუსული როცაა, მაშინაც კი. რუსეთის სახელმწიფო დღეს ხომ ჩემი კარმული სამშობლოს მტერია და, იდეაში, ჩემ კარმულ ენებსაც ემუქრება. აი აქ ვირევი ხოლმე...

მაინც საოცრად გამიხარდა ჰელსინკის ერთ-ერთ ამაღლებულ გორაზე უსპენსკის მართლმადიდებლური ტაძრის ნახვა, თან ჩემსავით წითურის. ყველაფრისგან განსხვავებული ბუნების სიხარული ჩამეღვარა სულში. ისეთი დღე იყო, განსაკუთრებით მჭირდებოდა ღმერთთან საუბარი და, მიუხედავად იმისა, რომ ბუკლეტი იუწყებოდა, ძირითადად დაკეტილიაო, ავუყევი აღმართს.

1868 წელს აუშენებიათ რუსებს ევროპაში უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი, როგორც ნიშანი მათი ძალაუფლებისა. საერთოდ, ჰელსინკის ძველ ქალაქში დღესაც იგრძნობა რუსეთის ზეგავლენა, არქიტეკტურაში. ჯერ მეგონა, მეჩვენებოდა, რომ პეტერბურგს ჰგავდა; მაგრამ მერე წავიკითხე, რომ ეს ცნობილი ფაქტია. არაერთ რუს თუ რუსეთში მოღვაწე არქიტექტორს უმოღვაწია აქაც. ისე, რუსეთის გავლენა მხოლოდ არქიტექტურაშია. ამ ხალხის მენტალიტეტი ძალიან შორს დგას რუსებისასგან, ასე მგონია.

ტაძარს რომ მივუახლოვდი, ჰოი, საოცრებავ! ღია დამხვდა... თან წირვა ტარდებოდა... თან ფინურად! არაფერი მესმოდა, მაგრამ წირვის სტრუქტურა ჩვენის იდენტური იყო. და მისი მიყოლისას ჩავწვდი ბოლომდე სტრუქტურალიზმის იდეას.

სტრუქტურალისტების მტკიცებით, კულტურის გარკვეული დარგები შეიძლება გაგებულ იქნას მათი სტრუქტურის შესწავლით. სტრუქტურა განსხვავდება როგორც რეალობის, ისე იდეათა თუ წარმოსახვის ორგანიზების სახეებისგან და ე.წ. მესამე წყობას წარმოადგენს; როგორც ჩანს, ყველაზე ობიექტურ და, შესაბამისად, სანდო წყობას.

სწორედ ამ მესამე, ჩემთვის საოცრად ნაცნობი წყობის გავლით ვესაუბრე ღმერთს, ფინურად ნამღერი ორთოდოქსული საგალობლების ფონზე... რა ენაზე? ჯერ ქართულად დავიწყე და შემდეგ მივხვდი, რომ არც ერთ ენაზე აღარ ვფიქრობ. ფიქრი კი, შესაძლოა გარკვეული სტრუქტურის სახით, აგრძელებს არსებობას, გრძელდება და ღმერთისკენ მიისწრაფის...

იყო წამი, როდესაც ყოველგვარმა ფორმამ და შინაარსმა დაკარგა აზრი. იმ წამს, მომეჩვენა, რომ სამყაროს სტრუქტურას შევეხე... მაგრამ მხოლოდ ერთ წამს... რაღაცის შემეშინდა და უცბად ისევ ქართულ ენას დავუბრუნდი. მივედი ღვთისმშობლის ხატთან და ბავშვობაში რომ მიყვარდა ისე ვეამბორე.

იქნებ არც ისე ცუდია, რომ ამ სამყაროში გარკვეული ობიექტური სტრუქტურები იდეებისა და წარმოსახვის საფუძველზე სუბიექტური ფორმებითა და შინაარსებით შევმოსეთ?! და სწორედ ისინი გვიყვარდება?! და მხოლოდ სიყვარულით ვიაზრებთ, თუნდაც უფრო ინტიუციურ დონეზე, ყოველგვარ სტრუქტურებს?!

და თუ ღმერთი გარკვეული ზესტრუქტურაა, კარმულად მომეცა ეს ენები, რომ ეს ზესტრუქტურა აღვიქვა და გავიაზრო! და მათი სიყვარული ჩემი კარმული მოვალეობაა...

ფაქტია, როცა ძალიან, ძალიან მჭირდება, ხუთ ენაზე მოსაუბრეს, მხოლოდ ქართულად შემიძლია ღმერთთან საუბარი. მხოლოდ ქართულად და მხოლოდ მართლმადიდებლურ ტაძარში.

 

Miserere mei, Deus

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი...

1638 წელს იტალიელმა სასულიერო პირმა და კომპოზიტორმა გრეგორიო ალეგრიმ ებრაული ნუმერაციით ორმოცდამეთერთმეტე (ბერძნული ნუმერაციით კი - ორმოცდამეათე) ფსალმუნის საფუძველზე შექმნა მოტეტი Miserere mei, Deus, რომელიც მხოლოდ ვნების კვირაში, მხოლოდ მწუხრის ლოცვების კითხვისას და მხოლოდ სიქსტეს კაპელაში იგალობებოდა.

რატომღაც ვატიკანმა მიისაკუთრა ალეგრის შედევრი, შექმნილი ორი - ოთხ და ხუთხმიანი გუნდისათვის. აიკრძალა პარტიტურის კოპირება და ნაწარმოების სხვა დროსა და სხვა ადგილებში შესრულება; დამრღვევს ეკლესიიდან განკვეთა ემუქრებოდა. მუქარა 132 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა...

თუმცა, ვატიკანი მზად არ აღმოჩნდა თოთხმეტი წლის ბიჭუნას - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვიზიტისათვის, რომელიც 1770 წელს შედგა. ბიჭუნა მამასთან ერთად დაესწრო დიდი ოთხშაბათის წირვას სიქსტეს კაპელაში და ცხრახმიანი მიზერერე ერთხელ მოსმენის შემდეგ გადაიტანა ნოტებში... მოგვიანებით, მგზავრობისას მოცარტი შეხვდა ინგლისელ ისტორიკოსს ჩარლზ ბარნის, რომელსაც დიდი ფიქრის გარეშე გადასცა პარტიტურა. საუკუნენახევრის განმავლობაში მიმალული, ლეგენდად ქცეული „მიზერერე“ 1771 წელს ინგლისში გამოიცა.

მოცარტი რომში დაიბარეს, თუმცა, ეკლესიიდან განკვეთის ნაცვლად, ბიჭუნას ღვთიური ნიჭით მოხიბლულმა რომის პაპმა კლემენტ XIV-მ მოცარტი რაინდის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

ამ ისტორიის (ისტორიკოსები დღეს ხშირად წერენ, რომ ეს ლეგენდაა... თუნდაც ლეგენდა იყოს!) წაკითხვის შემდეგ როგორ შეიძლება ვინმეს სწამდეს ან დიქტატურის, ან შეთქმულების თეორიის? რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ პროცესების სრულად მართვის, განსაკუთრებით კი კულისებიდან მართვის შესაძლებლობები, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, მაგალითად, ერთი პატარა ბიჭუნა, რომელიც დიდი ფიქრის გარეშე თავზე დაამხობს ამ ჯგუფს თუნდაც საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით აგებულ სისტემას...

მადლობა ღმერთს!

Miserere mei, Deus!

 

ვოლფგანგი, ნანერლი და ზურგის სამეფო

ეს ისტორია არ ვიცოდი...

არა, ის ვიცოდი, რომ მოცარტი და მისი უფროსი დაიკო მარია ანა ხშირად მოგზაურობდნენ კონცერტებით. უნიჭიერეს ბავშვად ითვლებოდა ნანერლი - ასე ეძახდნენ სახლში.

ნანერლის დამსახურებაა, რომ ჩვენამდე მოაღწია გასაოცარმა ისტორიამ, როგორ შექმნა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პატარა მოცარტმა წარმოსახვითი „ზურგის სამეფო“ (Königreich Rücken) და როგორ გამოაცხადა თავი ამ სამეფოს მეფედ. რუქაც კი შეუქმნია, დაუხატავს, თავისი სახლებითა და სასახლეებით. ნანერლი ვერ იხსენებდა, რა შუაში იყო ზურგი... ჰოდა, ვიმკითხაოთ ახლა, რა ხდებოდა პატარა უცხოპლანეტელის გონებაში... ეს ისტორია არ ვიცოდი... მოცარტის სამეფოსა და ზურგის შესახებ.

18 წლის ნანერლის, „ოჯახის შექმნის ასაკის მიღწევის“ მიზეზით, აღარ მიეცა მოცარტთან ერთად საკონცერტო ტურნეების ჩატარების უფლება. არადა ნანერლიც წერდა მუსიკას (ვოლფგანგი აქებდა ძალიან) და არაჩვეულებრივად უკრავდა კლავესინსა და ფორტეპიანოზე. ძმამ არაერთი ნაწარმოები შექმნა მისთვის და თავისი საფორტეპიანო კონცერტების ასლებსაც უგზავნიდა სულ თურმე დას. სწორედ მასთან ერთად შესასრულებლად დაწერა მოცარტმა თავისი კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, სავარაუდოდ 1779 წელს, როდესაც მორიგი გასტროლებიდან ზალცბურგში დაბრუნდა.

შემდეგ მკაცრმა მამამ თავის სიყვარულზე არ გაათხოვა... მოცარტი ამხნევებდა თურმე, წასულიყო ლეოპოლდის წინააღმდეგ (თვითონ ხომ წავიდა?! :) ), მაგრამ ვერ ქნა. ოცდათორმეტი წლის ასაკში (შინაბერა იყო უკვე, იმ სტანდარტებით) ორგზის ქვრივს გაყვა. მერე მისი შვილები ზარდა, თავადაც გააჩინა.

მოცარტმა თავის კონსტანცასთან ერთად ერთხელ ინახულა, 1783 წელს. ამის შემდეგ არ უნახავთ ერთამენთი, აღარასოდეს. წერილების წერაც მიატოვეს. მოცარტის გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ წაუკითხავს ფრანც ქსავიერ ნიმეჩეკის მიერ დაწერილი მოცარტის ბიოგრაფია და ... მწარედ უტირია: არ ვიცოდი, ჩემი ძმა ასეთ მძიმე პირობებში თუ ცხოვრობდა ვენაშიო.

ეს რომ წავიკითხე, მეც ავტირდი. რამდენი ტკივილია ამ ისტორიაში?! როგორ უყვარდა, ალბათ, ძმა, „ზურგის სამეფოს“ მბრძანებელი.

მოცარტი ვერ იქნებოდა (საერთოდ, ვინ იყო, რო?!), მაგრამ დიდი ნიჭი ხომ ექნებოდა? ჩაიკარგა თავისი ნიჭით ისტორიაში. ნოტებიც კი არაა მისი შემორჩენილი. სამაგიეროდ დაგვიტოვა საოცარი მოგონებები პატარა მოცარტის შესახებ... და კიდევ მოცარტის ორმაგი კონცერტი - „ზურგის სამეფოს“ უკვე გაზრდილი მეფის უძვირფასესი საჩუქარი, მიძღვნილი ამავე სამეფოს დედოფლისადმი.

P.S. ასე მგონია, ამ გასაოცარი კონცერტის მოსმენისას და დაკვრისას აწი სულ ამაზე ვიფიქრებ: აი რა შუაშია ზურგი? :)

 

მოცარტი და საყვირი

მოცარტი ვერ იტანდა საყვირს. როგორც ოჯახის მეგობარი, მესაყვირე იოჰან ანდრეას შახტნერი იხსენებს, ცხრა წლის ასაკამდე ვოლფგანგს საშინლად ეშინოდა საყვირის, განდაკუთრებით თუ ის სოლო და თან ძალიან ხმამაღლა ჟღერდა. საყვირის მის წინაშე ხელში დაჭერა პისტოლეტის დამიზნებას ჰგავდაო, წერს შახტნერი. ვუნდერკინდის მამას, ლეოპოლდ მოცარტს, პატარას ბავშვური შიშისგან განკურნება უნდოდა და ერთხელ შახტნერისთვის უთხოვია, მოცარტის თვალწინ საყვირში მთელი ძალით ჩაებერა. სადღაც ისიც კი ამოვიკითხე, ლეოპოლდის თხოვნით შახტნერი ზურგიდან მიეპარა ბავშვს და მოულოდნელად ჩაჰბერა საყვირს, მკურნალობის მეტი ეფექტისთვისო. საყვირის ხმის გაგონებაზე მოცარტს ფერი დაუკარგავს და ვარდნა დაუწყია. რომ გამეგრძელებინა, აუცილებლად გონებას დაკარგავდაო, შახტნერმა... ვერ მოარჩინა მოკლედ... წარმოუდგენლად იშვიათად იყენებს საყვირს მოცარტი, სოლო ნაწარმოები არც კი აღირსა საკრავს.

შეკვეთილის „მუსიკოსთა პარკში“ გამახსენდა ეს ისტორია, ვიოლინოზე შემსრულებელი მოცარტის ქანდაკებას რომ გავცდი და იქვე ლუი არმსტრონგს გადავეყარე, საყვირით ხელში. ხომ არის, რაღაც ფანტასმაგორიული, სიურეალისტური სახე აგეკვიატება და მოსვენებას გაკარგვინებს?! წარმოვიდგინე, როგორ ჩამოდის ყოველ ღამე დამსვენებლებისგან დაცლილ პარკში თავისი კვარცხლბეკიდან ლუი, მიდის ამადეუსთან და მისთვის საყვირზე უკრავს... ღუღუნებს... ჯაზს... და ყოვლველღამე ნელ-ნელა უმატებს ხმას...

ასე მგონია, ოდესმე მოარჩენს! :) 

ანდა... უფრო კარგი იდეაც გამიჩნდა... ხომ არსებობს რაღაც კონცეფცია, რომლის მიხედვით, დრო მეოთხე განზომილებაა, რომელიც მოვლენებს დროით სივრცეში ანაწილებს?! არსებობს იმის ალბათობა, რომ ერთხელ შეიძლება დრო გაქრეს (აპოკალიფსის იდეა ხომ სხვა არაფერია?!) და ყოველივე ერთჟამიერობაში აღმოჩნდეს... მაშინ მოცარტისთვის სულაც არ იქნება უცხო არც ჯაზი და არც შახტნერისეული ძალიან ხმამაღალი საყვირის გაუმჯობესებული, დააფდეითებული ვერსია, არმსტრონგს რომ უჭირავს ხელში....

აი დგას ამადეუსი თავისი ვიოლინოთი არმსტრონგის გვერდით და აჯაზებს ლუისთან ერთად... იქვე კი მე ვდგავარ და მისი ზურგი მიჭირავს... ვაიდა უცბად დრო დაბრუნდეს, მოგონებები თან მოიყოლოს, მოცარტმა ვარდნა დაიწყოს... ხომ უნდა მივეშველო?! :)

 

ალბათობის თეორია

ერთ მშვენიერ დილას, ყავის სმისას, შემთხვევით შემომეცქირა ფრაგმენტი ანიმაციური ფილმიდან „კუნგ-ფუ პანდა“, რომელშიც ბრძენი კუ უგვეი ოსტატ შიფუს უმტკიცებდა, რომ შემთხვევითობა შემთხვევითი როდია. იმავე დღეს, შუადღეს, ვიჯექი მათემატიკოსის წინ და ვთხოვდი, მარტივად აეხსნა ჩემთვის, რას წარმოადგენს ალბათობის თეორია. შეხვედრის მიზეზი „კუნგ-ფუ პანდა“ არ ყოფილა. პარალელს ვავლებდით მუსიკასა და მათემატიკას შორის...

ამიხსნა და მივხვდი, რომ ალბათობის თეორია სწავლობს შემთხვევითობასთან დაკავშირებულ კანონზომიერებებს, ოღონდ, ეს კანონზომიერებები იჩენს თავს მხოლოდ დიდ რიცხვებთან მიმართებაში. ანუ, თუ ააგდებ კამათელს (რაც შემთხვევითობის ყველაზე ტიპური გამოვლენაა) ათჯერ, ვერ დაადგენ კანონზომიერებას, მაგრამ თუ ააგდებ ორმოცი ათასჯერ (თუ ცდათა რიცხვი არის დიდი და მიისწრაფვის უსასრულობისკენო, - ასე ლამაზად მითხრა მათემატიკოსმა), შესაძლებელი ხდება კანონზომიერების აღმოჩენა.

ანუ, ჩემი სიტყვებით ახლა: ჩემს ცხოვრებაში მომხდარ შემთხვევითობებზე დაყრდნობით ვერაფერსაც ვერ მიხვდები, მაგრამ ორმოცი ათასი ადამიანის ცხოვრებას თუ შეისწავლი, შემთხვევითობების კუთხით, მიდიხარ დასკვნამდე, რომ შემთხვევითობა შემთხვევითი როდია, და ის შეფასებადი და პროგნოზირებადია.

ეს რომ გავიგე, შეგრძნება გამიჩნდა, რომ მას ხელით შევეხე...

წერდა მეოცე საუკუნის გერმანელი კომპოზიტორი კარლჰაინც შტოკჰაუზენი, რომ სამყაროში არსებობს იდეალური წყობა, და მუსიკის დანიშნულება ამ წყობის მუსიკაში განხორციელება არისო. ამიტომ პოულობდა „მუსიკის აწყობის“ (და არა შექმნის) განსხვავებულ, ვიღაცეებისთვის ზედმეტად რაციონალურ გზებს. რომ დასცინოდნენ, მშვიდად პასუხობდა: ვინ ხედავს ატომებს? მაგრამ ყველამ იცის, რომ მათ სტრუქტურაზეა დამოკიდებული ყოველგვარი მატერიაო... ჰოდა, ამ აწყობისას შემთხვევითობას თუ დაუშვებდა (მაგალითად, პიანისტს მიუთითებდა, წინასწარ ცხრამეტ ფრაგმენტად დაშლილი საფორტეპიანო ნაწარმოები იმ ფრაგმენტით დაეწყო, რომელსაც თვალი შემთხვევით მოხვდებოდა, და ასე გაეგრძელებინა, სანამ პიანისტი ერთსა და იმავე ფრაგმენტს შემთხვევით მესამაჯერ შეავლებდა თვალს), მაშინაც იცოდა, ეტყობა, რომ ეს შემთხვევითობა იმ წყობის ნაწილი იყო.

არ ვიცი, რატომ არ ვიცოდი იმ დღემდე ზუსტად, რას წარმოადენს ალბათობის თეორია. შემთხვევითი არც ესაა, ალბათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, დავდივარ შეგრძნებით, რომ საყაროში არსებულ იდეალურ წყობას შევეხე ხელით... და პირველად ჩემმა წარმოსახვამ დამიხატა ღმერთის შესაძლო სახე - სრულყოფილი, ყოვლისმომცველი წყობა, რომელიც მირევს გონებას შემთხვევითობებით, რათა...

აი რათა, უკვე აღარ ვიცი. :)

 

იდუმალი არითმეტიკული ვარჯიში სულისა

ჰერმან ჰესეს Das Glasperlespiel-ის („თამაში რიოში მარგალიტებით“) მთხრობელი მომავლიდან გვესაუბრება თამაშზე, რომელიც, თუ სწორად მივხვდი, ჩვენს ეპოქაში ჩაისახა. სულიერი კატასტროფის წინაშე მდგარ ინდუსტრიალიზებულ ევროპაში ჩნდება სულის წვრთნის, აღზრდის სურვილი, როგორც პასუხი საზოგადოებაში გაჩენილი „სულის უზუსტესი სავარჯიშოებით გამოწვეული სიხარულის“ მოლოდინისა. შედეგად იქმნება თამაში, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მეცნიერებისა და ხელოვნების აბსტრაქტულ სინთეზს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს კავშირები ისეთ საგნებსა და მოვლენებს შორის (მაგალითად, ბახის რომელიღაც კონცერტი და რომელიღაც მათემატიკური ფორმულა), რომლებიც ხელოვნებისა და მეცნიერების სრულიად განსხვავებულ სფეროებს განეკუთვნება, და წარმოაჩინოს მათი თეორიული მსგავსება; ანუ, იქმნება თავისებური უნივერსალური ენა, მეტა-ენა, რომელიც ყველაფერსა და ყოველივეს - მთელს სამყაროს მოიცავს. სწორედ ეს თამაში იქცევა კაცობრიობის ჭეშმარიტი კულტურული ღირებულებების აღზევების წინაპირობად. შემთხვევითი არაა, რომ ამ თამაშის წარმოშობისა და განვითარებისას უდიდესი მნიშვნელობა მუსიკას და მათემატიკას ენიჭება.

 ამის წაკითხვისას მეფიქრება კიდევ ერთ დიდ გერმანელზე, კომპოზიტორ კარლჰაინც შტოკჰაუზენზე (ჰესეს უდიდესი თაყვანისმცემელი იყო, სხვათაშორის). ის ამტკიცებდა, რომ მუსიკა ბგერათა ტოტალურად ორგანიზებული წყობაა. წყობა კი უნივერსალურობისა და სრულყოფილების სიმბოლოა. იგი მუსიკისგან დამოუკიდებლად არსებობს, ხოლო იდეალური მუსიკალური ნაწარმოები მიზნად ისახავს სრულყოფილი წყობის შეძლებისდაგვარად ზუსტ რეალიზებას. და მუსიკა აღიქმება როგორც ყოვლისმომცველი გლობალური სტრუქტურის მოდელი. ამიტომ, კომპონირება - მოდით ვიხმაროთ ეს არაქართული სიტყვა - შტოკჰაუზენისთვის წარმოადგენს ყოველ ჯერზე ბგერათა ახალი წყობის პოვნას - კომპოზიტორი მუსიკას აწყობს, და არა ქმნის. რით არაა უზუსტესი ვარჯიში სულისა?

ან იოჰან სებასტიან ბახი ავიღოთ. მას ხშირად ახსენებს უდიდესი პიეტეტით ჰესეს რომანის მთხრობელი. თუ ბახის ექვსხმიანი რიჩერკარი Glasperlespiel არის, აბა რა არის? რად უნდა თამაშს თავიდან გამოგონება?! ვიცი, ძალიან გავამარტივე ჰესეს გენიალური თამაში. მაგრამ... რიჩერკარს რომ ვააანალიზებ და მერე ვუსმენ (სულს ვავარჯიშებ), მართლაც ვგრძნობ, როგორ „აღწევს უსასრულობა საოცრად ზუსტი და მკაცრად განსაზღვრული საშუალებებით ჩემამდე“ (არტურ კესტლერის ერთ-ერთ რომანში წერს ამას ომში ტყვედ ჩავარდნილი გმირი, იხილავს რა, ომისგან გატანჯული და სრულიად დაკარგული, საკნის კედლებზე ამოფხაჭნილ მათემატიკურ ფორმულას). და იმასაც ვგრძნობ, როგორ ვიქცევი ყოვლისმომცველი გლობალური სტრუქტურის განუყოფელ ნაწილად. რითი არაა ბახის მუსიკა უნივერსალური ენა, მეტა-ენა, რომელიც ყველაფერსა და ყოველივეს - მთელს სამყაროს მოიცავს?!

მუსიკა არის იდუმალი არითმეტიკული ვარჯიში სულისა, რომელმაც თავად არ იცის, რომ რიცხვთმეტყველებს,“ - გოტფრიდ ლაიბნიცს, უდიდეს ფილოსოფოსსა და მათემატიკოსს (გერმანელს, ისევ და ისევ) უთქვამს ერთხელ.

რამდენი რამის დაწერა შეიძლება მუსიკასა და რიცხვთმეტყველებაზე, სიხარულსა და სიზუსტეზე, სულის წვრთნის სურვილსა და მუსიკის აწყობაზე. აუცილებლად დავწერ... ოდესმე... ცოტა მეტი იდუმალი ვარჯიში გვჭირდება მე, ჩემს გონებასა და სულს. მერე უფრო კარგად ვიგრძნობ თავს, ალბათ, ამ მართლაც ბახის რიჩერკარივით აწყობილ ქვეყანასა ზედა! 

ალბათ...

 

როდესაც ტვინში მუსიკა არ არის...

 ორჰუსში ვიზიტისას ვეწვიე საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც ხორციელდება მუსიკის აკადემიისა და კლინიკის საერთო პროგრამა საოცრად რომანტიკული სახელწიდებით - Music in the Brain („მუსიკა ტვინში“). რომანტიკული მხოლოდ სახელწოდებაა. სერიოზულ კვლევებს ატარებენ იმ მიმართულებით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკა სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ტვინის ფუნქციებთან პირდაპირ კავშირში მყოფი დაავადების მკურნალობისას. პოპულარულ ენაზე ამიღწერეს კვლევები, მიღწეული შედეგები და ახსენეს ერთი გასაოცარი დაავადება არანაკლებ რომანტიკული სახელწოდებით - Amusia. 2002 წელს დაადგინეს ეს გადახრა, რომლის „მსხვერპლი“ მსოფლიო მოსახლეობის ოთხი (!) პროცენტი ყოფილა. ამუზიით დაავადებული ადამიანი, თურმე, ვერ აღიქვამს ბგერათსიმაღლეებს, მათ თანმიმდევრობას და, შედეგად, ვერც იმახსოვრებს მათ. Happy Birthday-ც კი რომ უმღეროთ სიტყვების გარეშე, ვერ იცნობს თურმე. გასაგებია, რომ ასეთ ადამიანს მუსიკისგან ესთეტიკური სიამოვნების მიღებაც არ ძალუძს, რადგან მუსიკა მისთვის მხოლოდ შემაწუხებელი ხმაურია.

ამუზია ან ტვინის ტრამვის შედეგად ვითარდება, ან შეიძლება თანდაყოლილი იყოს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ამუზიით დაავადებულებს რცხვენიათ პრობლემის და, როგორც წესი, იტყუებიან, თითქოს ესა თუ ის მუსიკა მოსწონთ: თინეიჯერობის დროს ყურსასმენებგაცმულები დასეირნობენ მეგობრებთან ერთად, ოჯახის შექმნის შემდეგ კი კონცერტებზე დაყვებიან მეორე ნახევრებს და... იტანჯებიან!

ამ ინფორმაციამ დამშოკა! გამახსენდა ერთი ადამიანი, წლების წინ რომ ვუმღერე. შტოკჰაუზენით და ლიგეტით რომ შეიძლება ვერ მოვახდინო ვინმეზე შთაბეჭდილება, იმას შეგუებული ვარ; მაგრამ სიმღერა რომ გულგრილს არავის ტოვებს, იმასაც მივეჩვიე. ტექსტის გარჩევა და გაკრიტიკება დაიწყო და რატომღაც შემეშინდა; ადამიანთან კავშირი ვერ დავამყარე... ვერანაირი. მგონი ახლა მივხვდი ყველაფერს და საოცარი თანაგრძნობა ვიგრძენი იმის მიმართ, ვინც, ეჭვი მაქვს, ერთადერთი ჩემი ნაცნობია, რომელსაც ამუზია დაატყდა თავს. და კიდევ მივხვდი, რა ბედნიერებაა, ამუზიამ რომ დამინდო და მუსიკის აღქმისა და მისით ტკბობის შესაძლებლობა მომცა...

ვერ წაროიდგენთ, რა ხშირად მეფიქრება იმ დღის შემდეგ იმაზე, როგორია, როდესაც ტვინში მუსიკა არ არის...

 

რაც შეიძლება ნელა

ჯონ კეიჯს ერთი უცნაური ნაწარმოები აქვს. ბევრი უცნაური რამ დაუწერია, მაგრამ ორგანისთვის შექმნილი Organ²/ASLSP (As Slow as Possible) – „ორგანი2/რაც შეიძლება ნელა“ - მართლაც ეჭვქვეშ აყენებს აქამდე შექმნილი „უცნაური ნაწარმოებების“ უცნაურობას.

კომპოზიცია, როგორც სათაურიდან ირკვევა, რაც შეიძლება ნელა უნდა შესრულდეს. კეიჯი არ აკონკრეტებს ტემპს. ჰოდა, ორგანის ბგერის უსასრულო ბუნებიდან გამომდინარე (კლავიშს თითს ან პედალს ფეხს თუ დააჭერ და არ აწევ, არ ჩაქრება, არ გაქრება, არც კი იკადრებს მიჩუმებას; ბუნებრივია, მილებისთვის ჰაერის უწყვეტად მიწოდების პირობებში), ორგანისტებს საშუალება მიეცათ, შემოეთავაზებინათ ჩვენთვის შესრულებები, რომლებიც რვიდან ოცდაოთხ საათამდე გრძელდება.

თუმცა ყველას გერმანელებმა აჯობეს. 1997 წელს დასხდნენ მუსიკოსები და ფილოსოფოსები ერთ-ერთ კონფერენციაზე, იმსჯელეს, ორგანის ბგერის უსასრულობას შეეხნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ, შესაძლოა, შესრულება წლებიც გაიჭიმოს... პრინციპში, საუკუნეებიც კი... მაგალითად, 639 წელი!

დაწყება 2000 წლისთვის დაიგეგმა, ჰალბერშტადტის წმ. ბურჰარდის სახელობის ტაძარში. პირველი ორგანი აქ 1361 წელს, ანუ, 2000 წლისთვის 639 წლით ადრე დაუდგამთ. ამიტომ გადაწყდა, ნაწარმოებს 639 წელი ეჟღერა. დასაწყისი ოდნავ გადაიდო. ნაწარმოებმა „რაც შეიძლება ნელა“ შეაბიჯა ფეხი მარადისობაში 2001 წლის 5 სექტემბერს (კეიჯს იმ დღეს 89 წელი შეუსრულდა). ოღონდ, დასაწყისი პაუზა იყო, რომელმაც 2003 წლის 5 თებერვლამდე გასტანა. მას მოყვა პირველი აკორდი, რომელიც 2006 წლის 5 იანვრამდე ჟღერდა, და ა.შ... ბუნებრივია, რაც შეიძლება ნელა. ამასობაში სპეციალურად ამ პერფორმანსისთვის შექმნილ ორგანს თანდათან მილებსაც უმატებდნენ (ორგანის მშენებლობა 2009 წელს დასრულდა).

ბგერებს პედლებზე მოთავსებული სიმძიმეებით აჟღერებენ. ბოლო ბგერათსიმაღლებრივი ცვლილება 2022 წლის 5 თებერვალს განხორციელდა. შემდეგი ცვლილება დაგეგმილია 2024 წლის 5 თებერვალს. შესრულება დასრულდება 2640 წლის 4 სექტემბერს.

გუშინ კოპენჰაგენის ქუჩებში დანიაში მცხოვრებ ორგანისტთან (დიახთ, ცხოვრება სავსეა უცნაური დამთხვევებით), ირინა გერკეულთან ერთად ქუჩებში დავსეირნობდი და ერთ კაცს გადავაწყდი. იდგა უცნაურ ქუდში და ბლოკფლეიტაზე სულ ერთსა და იმავე ბგერას უკრავდა, რეგულარულ, გულის შეღონებამდე რეგულარულ რიტმულ ფორმულაზე დაყრდნობით. ირინას გაეცინა და მითხრა, ხუთი თუ ექვსი წელია აქ დგას და აი ამ საკრავზე ამ ბგერას უკრავსო. ერთადერთი, რასაც ცვლის, ქუდებიაო. ერთი მეორეზე უცნაური ქუდები ახურავს ხოლმეო.

მაშინ გამახსენდა კეიჯის „რაც შეიძლება ნელი“ ნაწარმოები, რომელიც ახლაც, ამ წუთასაც ჟღერს შორეულ ჰალბერშტადტში და მე რომ მარადისობას ვეზიარები, იმის მერეც კიდევ კარგა ხანს იჟღერებს, თუ გადარჩა კაცობრიობა, რა თქმა უნდა. თავის დროზე, ამ ნაწარმოებზე ფიქრისას მარადისობის ფობიამ შემიპყრო და რაღაც მსგავსი ამ კაცის ნახვისას და მოსმენისას განვიცადე.

კაცი დგას და ექვსი წელია ერთსა და იმავე ბგერას უკრავს... ყოველდღე... ცოცხალი არსება... ისე, საკრავზე, რომლის ბგერა, ორგანის ბგერისგან განსხვავებით, ადამიანის სუნთქვაზეა დამოკიდებული და ძალიან მალე კვდება, მიილევა. ჰოდა, არც კი ვიცი, იცის თუ არა ამ ადამიანმა კეიჯის შესახებ. მაგრამ ფაქტი ერთია: გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად, იგი ცდილობს ეზიაროს მარადისობას. ისევე, როგორც კეიჯი ცდილობდა. ისევე, როგორც ამ უცნაური პროექტის მესვეურები ცდილობენ. ისევე, როგორც ამ პროექტის თაობებში მიმოფანტული შემსრულებლები შეეცდებიან... მარადისობას, რომელიც, როგორც თომა აქვინელი წერდა, „ჩაფიქრებულ იქნა ვითარცა ერთეული მუდმივად უცვლელი ყოფიერებისა.

არა, შეიძლება ეს კაცი ამაზე სულ არ ფიქრობს და უბრალოდ გარკვეული ფსიქიკური პრობლემების მქონე არშემდგარი მუსიკოსია. მაგრამ მე ხომ მარადისობაზე დამაფიქრა?! ეს ორი დღეა სულ მასზე ვფიქრობ. და უცებ მივხვდი, რომ ფობია გაქრა და ზუსტად მივხვდი, რას გულისხმობდა ოლივიე მესიანი, როდესაც წერდა, რომ რიტმის დაბადება დროის მარადისობისთვის წართმევის მცდელობა არისო. ჩვენი დაბადებაც ხომ სხვა არაფერია. და აი ამ წუთას წარმოვიდგენ, როგორ ჟღერს წმ. ბურჰარდის სახელობის ტაძარში ბგერები, და ვგრძნობ, როგორ მივემართები მარადისობისკენ...

რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნელა... :)

 

სანთელი კეიჯის სახელზე

ჩემი ეგზისტენციალური კრიზისიდან ჯონ კეიჯმა - XX საუკუნის დიდმა ამერიკელმა კომპოზიტორმა და მისმა იდეებმა გამომიყვანა თავის დროზე! სხვამ ვერავინ და ვერაფერმა! ისეთი მადლობელი ვიყავი, არ ვიცოდი, ეს როგორ გამომეხატა. არადა როგორ მინდოდა! წავედი და ეკლესიში მის სულს დავუნთე სანთელი! დარწმუნებული ვარ, მოეწონებოდა - ერთი ქართველი გოგო როგორ შედის ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში და უნთებს სიცოცხლეში ძენ-ბუდიზმით გატაცებულ ამერიკელ კეიჯს სანთელს... მოეწონებოდა, აბა რა! მხოლოდ ამ კაცს შეეძლო, ერთი შეხედვით კავშირის არ მქონე მოვლენებში კავშირი დაენახა, და მერე სხვებისთვისაც დაენახვებინა...

აგერ - ფორთოხალი, აგერ - ბაყაყი, აგერ კი ამაყი კაცი... ყველაფერი ეს თანაარსებობს ერთ სამყაროში... სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ერთდროულად უამრავ მოვლენას აქვს ადგილი და ეს მოვლენები ჩვენ გვეკუთვნის... ცხოვრება მდიდარია და ადამიანები უფრო ყურადღებით უნდა ვეკიდებოდეთ მის მრავალფეროვნებას,“ - ასე წერდა.

რატომღაც არასდროს დამსიზმრებია... არადა, გამოუგზავნია ჩემთვის დიდები მორფევსს (სულ ახლახანს ბეთჰოვენთან ერთად გავიარე მისი ოცდამეათე სონატა). ვგონებ, იქაც შესაშური ყურადღებით მოეკიდა მრავალფეროვნებას და რაღაც ახალ განზომილებაში ამოჰყო თავი. ტყუილად კი არ დაწერა მასზე ერთხელ კომპოზიტორმა ანტონ ბაგატოვმა - ეს იყო კაცი, რომელიც საზღვრებს კი არ ლახავდა ხშირად, უბრალოდ არ ცნობდა მათ არსებობასო! იქაც აშკარად არ ცნო! :)

 

მარადისობის ფობია

პიზის კოშკი მართლა იხრება! ღმერთო, როგორ იხრება! ხომ წამიკითხავს, ხომ მინახავს ფოტოებზე, ტელევიზორში... მაგრამ ცოცხლად რომ შევხედე, ვერც კი აღვწერ, რა დამემართა.

ავედი... ღმერთო, როგორი დახრილია! ორასორმოცდათერთმეტივე საფეხურზე ფეხის დადგმისას იგრძნობა. ყოველი სარკმლიდან გახედვისას იგრძნობა. სურათების გადაღებისას იგრძნობა. სელფების გადაღებისას ხომ იგრძნობა და იგრძნობა!

ადიხარ, გრძნობ და ფიქრობ... 200 წელი აშენებდნენ! 1173 წელს დაიწყეს... მერე ომების გამო ათასჯერ შეაჩერეს სამუშაოები. მესამე სართულის მშენებლობისას უკვე დაიწყო გადახრა - მიწა რბილი აღმოჩნდა, საძირკველი კი არასაკმარისად სქელიო. ერთი მთავარი არქიტექტორიც კი არ ჰყოლია, რომ დააბრალონ.

XII საუკუნიდან მოყოლებული წელიწადში ერთ ან ორ მილიმეტრს იხრება! რვა საუკუნეა იხრება! მეცხრე დაიწყო... ნელა იხრება! რაც შეიძლება ნელა!

ჯონ კეიჯის „რაც შეიძლება ნელა“ გამახსენდა, ორგანისთვის რომ დაწერა, და გერმანიის ერთ ქალაქში, ჰალბერშტადტში რომ უკრავენ. თითო ბგერა, თითო პაუზა წლები გრძელდება... 2000 წელს დაწყებული, 2640 წელს დასრულდება.

„მარადისობის ფობიამ“ ცხოვრებაში ორჯერ შემიპყრო:

1) როცა კეიჯის ამ შესრულებაზე წავიკითხე;

2) როცა iPhone-ს კალენდარი ვფურცლე და დასასრულს ვერ მივაღწიე...

და აი მესამეჯერ შემომიძვრა ეს შეგრძნება! წარმოვიდგინე, როგორ იხრება საუკუნეები... ნეტავ ჩემი მარადისობასთან ზიარების დროს რამდენად იქნება კიდევ გადახრილი?

მარადისობაზე ფიქრითა და დახრილ კოშკზე ასვლა-ჩამოსვლით თავბრუდახვეულმა ამაყად ჩავუარე კოშკის წინ ჩამწკრივებულ ტურისტებს, ხელები რომ ჰქონდა ყველას ერთად აწეული, კოშკზე მიყუდების იმიტირების მიზნით... გავიფიქრე, რა დროს მაიმუნობაა-მეთქი... მაინც მარადისობაში დავიკარგები და ჩემს ინდივიდუალობას შევინარჩუნებ, ჩვეულებრივი, ადამიანური სელფის გადაღებით-მეთქი... მაგრამ...

თუ რამე ჩაფიქრებულია, იმას ვერ გაექცევი. რა შანსი იყო, რომ ტურისტებს შორის ჩემი ყოფილი სტუდენტი აღმოჩნდებოდა? მესმის ხმა - ნინო მასწ., რას წვალობთ, მოდით გადაგიღებთო და... გავიფიქრე, რა მნიშვნელობა აქვს, ჟვანია, შენს ინდივიდუალიზმს, მარადისობას მაინც ვერ შეეჭიდები-მეთქი, ავწიე ხელები და შევუერთდი ჩვეულებრივი ტურისტების რიგს! :)

ღმერთო, ხანდახან ჩვეულებრივი, ბავშვური სიხარული საკმარისია, რომ მარადისობის ფობიას მოერიო... დროებით მაინც.

P.S. მუზეუმის ბუკლეტში არ ეწერა, მაგრამ „ვიკიპედიამ“ მამცნო, რომ სულ ახლახანს დაასტაბილურესო მეცნიერებმა პროცესი, აღარ იხრებაო და ორასი წელი მაინც გაძლებსო. ორასი წელი არაა მარადისობა.

ვნახოთ...

 

Piazza dei Miracoli

პიზის კოშკი მდებარეობს Piazza dei Miracoli-ზე - სასწაულთა მოედანზე. სასწაულია არა მარტო კოშკი, მეცხრე საუკუნე რომ იხრება და აღტაცებაშერეულ დაძაბულობაში ამყოფებს მილიონობით ადამიანს; სასწაულია XIV საუკუნეში აგებული წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სანათლავიც, რომელიც 0.6 გრადუსით იხრება პიზის კათედრალური ტაძრისკენ (ოღონდ, პიზის კოშკისგან განსხვავებით, დახრის კუთხე არ იცვლება.... ჯერჯერობით). 1565 წელს ამ სანათლავში მოუნათლავთ პიზაში დაბადებული გალილეო გალილეი!

თავად ტაძარი (სუნთქვა გეკვრის, რომ ხედავ), ჯერ კიდევ XI საუკუნეში აუშენებიათ. ღმერთო, რამდენი საუკუნე დასჭირდა სასწაულთა მოედნის აშენებას?! მაგრამ ვინ სთქვა, რომ სასწაული არ ითხოვს დროს?

ვინ იცის, რამდენჯერ ეწვია ამ მოედანს ბავშვობაში გალილეი? იქნებ ამ მოედანმა გაუღვივა მას სასწაულთა ახსნის სურვილი?! ფაქტია, რომ სწორედ პიზის ტაძრის ერთ-ერთი სტუმრობისას მიიპყრო უკვე ახალგაზრდა გალილეოს ყურადღება ტაძრის მაღალ ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის მოძრაობამ. მოგვიანებით „გალილეოს ჭაღად“ მონათლული ჭაღის ერთი სრული რხევა ერთსა და იმავე დროში სრულდებოდა, დამოუკიდებლად საწყისი გადახრისა თავდაპირველი მდგომარეობიდან... სწორედ ამის საფუძველზე დაასკვნა მეცნიერმა, რომ ქანქარას სჭირდება ერთი და იგივე დრო წინ და უკან მოძრაობისას, გაქანების ამპლიტუდის მიუხედავად. ამ აღმოჩენამ კი დიდი წვლილი შეიტანა თავის დროზე ალბათ სასწაულად აღქმული ქანქარიანი საათის შექმნაში (ეს საათი რომ არ ჰქონდა, გალილეო დროის ინტერვალებს საკუთარი გულისცემის საშუალებით ზომავდა თურმე <3). ეს ლეგენდარული ჭაღი კიდევ დიდხანს ეკიდა ტაძარში... მერე ამავე მოედანზე მდებარე პანთეონში გადაიტანეს. იმდენად დაბლა კიდია, შეგიძლია ლამის ხელი შეახო ამ სასწაულს!

აი პიზის დახრილი კოშკიდან კი, რომელიც ტაძრის სამრეკლოდ იქნა ჩაფიქრებული, გალილეომ ჩამოაგდო ერთნაირი გარსედინის ფორმის, ოღონდ სხვადასხვა მასის ქვემეხის ჭურვი და მუშკეტის ტყვია. სწორედ ამ მომენტამდე, ჯერ კიდევ არისტოტელეს მტკიცებულების საფუძველზე ითვლებოდა, რომ მძიმე საგნები უფრო სწრაფად ვარდებოდა, ვიდრე მსუბუქი. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ორივე საგანი ერთი და იმავე სისწრაფით დაეშვა! პიზის კოშკის ექსპერიმენტმა მიიყვანა გალილეო სხეულთა თავისუფალი ვარდნის კანონამდე, რომლის მიხედვითაც ჰაერის წინააღმდეგობის არარსებობოს შემთხვევაში ყველა სხეული დადამიწაზე თანაბრადაჩქარებულად ვარდება და დედამიწის მოცემულ წერტილში ყველა სხეულის აჩქარება ერთიდაიგივეა. ამ აღმოჩენამ რამდენი სხვა სასწაულის ახსნას დაუდო, ალბათ, საფუძველი.

ამაზე არ მთავრდება სასწაულები! პიზელები უკვე საუკუნეებია ახალ წელს 25 მარტს აღნიშნავენ; მხოლოდ 1750 წლიდან იქცა პირველი იანვარი ახალი წლის დასაწყისად. მაგრამ 25 მარტიც დარჩა. საქმე იმაშია, რომ ლოკალური კალენდრის მიხედვით, რომელსაც 1200 წლიდან 1749 წლამდე იყენებდნენ, წლის დასაწყისი ემთხვეოდა ქრისტეშობამდე ზუსტად 9 თვით ადრე, 25 მარტს მომხდარ სასწაულს - გამოცხადებას. სასწაულია, მაგრამ ყოველი წლის 25 მარტს, შუადღეს, მზის სხივი ერთ-ერთი მოხატული ფანჯრიდან აღწევს ტაძარში და ეცემა მარმარილოს კვერცხს, რომელიც პიზელებისთვის ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

დადიხარ სასწაულთა მოედანზე და ფიქრობ, მართლაც რამდენმა სასწაულმა მოიყარა აქ თავი! ზოგი ახსნადია, და ზოგიც აუხსნელი.

აუხსნელია, სხვათაშორის, კონცეფციაც პოლონელი ხელოვანის, იგორ მიტორაისა, რომელმაც დახრილი კოშკის ძირში დაცემული ანგელოზის ქანდაკება დააწვინა სულ ახლახანს, 2012 წელს. ბევრი ვეძებე მისი ახსნა. მერე კი ვიფიქრე... დაცემული ანგელოზი არაერთ კულტურაში ცოდნას დაწყურვებულ, ღმერთებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების მსურველ ადამიანთან ასოცირდება! და იქნებ ამქვეყნად გაბატონებული კომპლემენტარულობის პრინციპით იქცა ღვთისსადიდებელი სასწაულთა მოედანი სასწაულის ახსნის მსურველი მეცნიერის შთაგონების წყაროდ?! ღმერთო, რა რთულად ჩამოყალიბებული იდეაა... მაგრამ ვინ თქვა, რომ სასწაული მარტივი უნდა იყოს?

სასწაულთა მოედანზე სეირნობისას, ბოლოსკენ, ბილეთს თანდართულ ბუკლეტში წავიკითხე: კათედრალური ტაძარი და სანათლავი იძირება... იმ რბილ მიწაში იძირება, რომლის წყალობით გადაიხარა პიზის კოშკი. პიზის კოშკის დახრის დასტაბილურება მეცნიერებმა სულ ახლახანს შეძლესო... შეძლებენ კი ისინი გალილეოს სანათლავისა და ტაძრის გადარჩენას?! ვინ იცის?!

ეს სასწაული იქნება... ახსნილი სასწაული.

P.S. ეძღვნება ჩემს ფიზიკოს მამას, რომელსაც, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, არასოდეს ეზარებოდა ჩემთვის სასწაულების ახსნა!

 

Venezia dei Miracoli

ვენეციაში სასწაულის კულტია. ერთ-ერთი უძველესი ეკლესია სასწაულის სახელს ატარებს... სასწაულის და მარიამის - Santa Maria dei Miracoli. საკუთარი სასწაულმოქმედი ხატი აქვს, დაბრძანებული ეკლესიაში. საუკუნეებია პილიგრიმები ეახლებიან ხატს და შესთხოვენ სურვილების ასრულებას. და ისიც უსრულებსო. რომელიღაც პატარა ქუჩაშია ჩაკარგული ეს ეკლესია. ალბათ, ადრე, მანდ რომ მოხვედრილიყავი, მართლაც სასწაულს უნდა ზიარებოდი. თუმცა, დღეს, Google Map-ის აპლიკაცია უპრობლემოდ მიგიძღვება რენესანსის ეპოქის სასწაულებრივ შედევრამდე და მის მარიამდე.

კიდევ არის სასწაულების ქუჩა, სასწაულების მოედანი, სასწაულების ხიდი - calle dei miracoli, campo dei miracoli, ponte dei miracoli…

საერთოდ, შევამჩნიე, რომ იტალიელებს სხვა ევოპელებზე ბევრად მეტად უყვართ სასწაული. სწამთ და უყვართ! ევროპაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპაში მოგზაურობისას სულ მაკლია ეს სასწაულის რწმენა და სიყვარული. ღმერთი ქრება თითქოს, და მას მიჰყვება სასწაული. მეცნიერებამ, რაციონალური საწყისის წინ წამოწევამ და კიდევ რა ვიცი რამ განდევნა სასწაული დასავლეთ ევროპიდან (ასეთი შეგრძნება მაქვს მე) ... მაგრამ არა იტალიიდან.

არადა იტალია ხომ ფრანცისკე ასიზელის სამშობლოა; XIII საუკუნის კათოლიკე წმინდანის, რომელმაც სამყაროს სასწაულის, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მომცველი განსაზღვრება აჩუქა. სასწაული საგანთა და მოვლენათა ბუნებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ჩვენს წარმოდგენას მათზეო... და მიდის საუკუნეებია ამ ბუნების შეცნობა, ჩვენი ჩამოყალიბებული წარმოდგენების გადაყალიბება. ასეთ ადამიანებზე, სასწაულების ახსნის მსურველებზე დგას პროგრესი. მათი დამსახურებაა, თუნდაც, ვენეცია სულ რომ არ წაგვართვა წყალმა. მაგრამ პროგრესთან ერთად მცირდება სასწაულების რაოდენობა.

ნუთუ დადგება დღე, როდესაც ყველა სასწაულს აეხდება ფარდა? და ჩვენ ისევე კარგად გვეცოდინება, როგორ უსრულებს სურვილებს პილიგრიმებს Maria dei Miracoli, როგორც დღეს ვიცით, როგორ „ამოდის“ და „ჩადის“ მზე?!

აი მაშინ რა უნდა ვქნათ ჩვენ, სასწაულების მოყვარულებმა?!

ამ დღის ისევე მეშინია, როგორც მეორედ მოსვლის! და ვინ იცის, იქნებ აპოკალიფსიც სხვა არაფერია, თუ არა ის წამი, როდესაც უკანსკნელი სასწაული დაკარგავს სასწაულის სტატუსს და დაგვტოვებს miracoli-ს გარეშე?!

იმედია, იქამდე დიდი დროა... იმედია, მანამდე Maria dei Miracoli შეისმენს ჩემს თხოვნას და შემისრულებს სანუკვარ ოცნებას, გულში გახმოვანებულს Chiesa Santa Maria dei Miracoli-ში. მე კი, სულ არ დავინტერესდები, როგორ გააკეთა ეს.... უბრალოდ ჩემთვის ჩავიღიმებ და კიდევ ერთხელ წარმოვთქვამ გულში ოცი წლის წინ აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მოსმენილ და სამუდამოდ ჩემს ტვინში აღბეჭდილ ფრაზას: „სასწაული არსებობს, გონსკე!

 

სანტა მარიას სასწაული

მე მეგონა, იბიცაზე მხოლოდ ზღვაა, არადა ულამაზესი ძველი ქალაქი ჰქონია - Dalt Vila. შებინდებისას ვეწვიე მას. ცრიდა. ქალაქის ცენტრში მაღლობზე გაშენებულ დალტ ვილაზე (რაღაცით ნარიყალა მომაგონა) ტაქსით ავედი და მანქანიდან ჩამოსვლისას გავიაზრე, რომ სანტა მარიას ქუჩაზე ვიდექი. ავუყევი უკვე ჩაბნელებულ ქუჩას და სანტა მარიას ეკლესიასთან აღმოვჩნდი. უკვე დაკეტილი იყო, მაგრამ უცებ ეკლესიის კარები ერთი ტურისტული ჯგუფისთვის გაიღო (ეტყობა, შეთანხმებულები იყვნენ) და მეც, სრულიად დაუგეგმავად, შიგნით აღმოვჩნდი.

სკამზე რომ ჩამოვჯექი, მაშინ გამახსენდა, რომ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ეს დღე ღვთისმშობლის შობის დღე იყო და საოცარი სითბო შემომაწვა; მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამყაროსთვის უცხო - სანტა მარიას ქანდაკებას და არა ღვთისმშობლის ხატს შევყურებდი.

რელიგიურ ადამიანთათვის რაცაა მარიამ ღვთისმშობელი, ვიცით ყველამ. თუმცა აგნოსტიკოსების, ათეისტებისთვისა და მათთვის, ვისაც სწამს, რომ რაღაც აუხსნელი არსებობს ახსნილი რეალობის მიღმა, მაგრამ ამ რწმენის რაიმე კატეგორიებში მოქცევა უჭირს, მარიამი საკუთარი კულტურის ნაწილია (ისტოროულად ქრისტიანულ კულტურებს ვგულისხმობ, ბუნებრივია)... არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამიტომ იყო, ალბათ, რომ მომეჩვენა, ყველა სიტყვა მესმოდა გიდისა, რომელიც ესპანურ ენაზე უყვებოდა თავის ჯგუფს ეკლესიის ისტორიას. მოულოდნელად სიამაყის გრძნობა დამეუფლა. თითქოს ჩემმა წინაპრებმა გააშენეს მთაზე ეს ძველი ქალაქიც, ეს ეკლესიაც და მასში ეს სანტა მარიას ქანდაკებაც აღმართეს და მერე მე... ჩვენ დაგვიტოვეს... და პირველად ესპანეთში ყოფნისას თავი სახლში ვიგრძენი...

რა საოცარია ეს კულტურა?! თუ იზიარებ რამეს უცხო ქვეყნის კულტურასთან, ეს ქვეყანა უცხო აღარაა შენთვის...

უკან რომ ჩამოვყავდი ტაქსს, მძღოლს მოვუიყევი, რომ სანტა მარიას ეკლესიაში ვიყავი და რომ მართლმადიდებლებისთვის დღეს მისი შობის დღეა. კი მაგრამ, ეკლესია ხომ დღეს დაკეტილიაო? ანუ, საღამოს კი არ დაკეტეს, საერთოდ დაკეტილიაო. ეს ალბათ სანტა მარიას სასწაული არისო, მაინცდამაინც დღეს რომ იქ მოხვდით ასეთი შემთხვევის წყალობითო... ვიგრძენი, რომ გაუხარდა და ისიც ვიგრძენი, რომ იმ წუთას არც მე და არც შორეული ხეორხია უცხო არ ვიყავით მისთვის.

დედა ღვთისმშობლის, სანტა მარიას სასწაული ესაა ჩემთვის.

 

***

იცით რა არის შეხვედრა წარსულთან? საკუთარ მოთხრობებს, 19 წლის ასაკში რომ დაგიწერია, 26 წლის მერე რომ გადაიკითხავ....ხელით დაწერილს რომ კომპზე აკრიფავ და მერე Facebook-ზე დადებ… :)

რაც დავწერე, ყველაფერი სიმართლეა... უწყლობა, უშუქობა, უფულობა, უპურობა, კონსერვატორიის აუდიტორიაში დაფაზე გადმოფენილი თეთრი ზეწარი და მასზე პროექტორით (რაღაც სხვა ერქვა მაშინ) გაშვებული შედევრები (კონსერვატორიაში შედარებით ხშირად იყო შუქი)...

მართლა გვყავდა ხელოვნების ისტორიის გასაოცარი ლექტორი, ეთერ ეგაძე ერქვა. ახალგაზრდა გარდაიცვალა... კიბოთი... გადავწყვიტე, მას მივუძღვნა ეს პატარა ჩანახატი. იმისთვის, რომ იმ ცივ და ჩაბნელებულ 90-იანებში „სასწაულის წუთებს“ გვჩუქნიდა...

 

სასწაულის წუთები

ცივა. საშინლად მეზარება ადგომა. საბნიდან ცალი ხელის გამოყოფაც კი მიჭირს. მაგრამ დღეს ლექციებზე რომ არ წავიდე, ნამდვილად გამომაგდებენ კონსერვატორიიდან. ერთი, ორი, სამი... ვდგები. დენი, რა თქმა უნდა, არ არის. აკანკალებული გავრბივარ სამზარეულოში. წყალი მეხუთე დღეა არ გვაქვს. კიდევ კარგი, წინასწარ ვაგროვებთ.

მისაღებ ოთახში ვიხედები. მამაჩემი სავარჯიშო ხალიჩაზე „ლოტოსის“ პოზაში ჩამჯდარა და ღრმად სუნთქავს

- რა დროს იოგაა?! - ნერვები მეშლება.

მამა ხმას არ მცემს. რა თქმა უნდა! ეს ხომ ხელს შეუშლის სუნთქვაში. მე კი მცივა და ვბრაზდები.

- ნუთუ არ შეიძლება, ყველაფერს ამას რამე ეშველოს?

- ნუ წუწუნებ! - მამაჩემი ისვენებს და სხვა პოზისთვის ემზადება.

- მე არ ვწუწუნებ! უბრალოდ კითხვას ვსვამ!

ბრწყინვალედ მესმის, მამაჩემი არაფერ შუაშია, მაგრამ მისი სიმშვიდე მაცოფებს.

საერთოდ, მამა უცნაური ადამიანია. ამისთანა პირობებში კაცი ბედნიერად რომ გრძნობდეს თავს, მაგის მეტი არავინ მინახავს.

- ყოველ დილით, როცა დგები, ღმერთს მადლობა შესწირე, რომ არ გშია, არ გწყურია, მერე კი ივარჯიშე. ეს აუცილებელია! - მეუბნება ის და ახალ პოზას იკავებს.

ვერ ვიტან ვარჯიშს სიცივეში. ჩემს ოთახში ვბრუნდები და ვიცვამ.

კიდევ კარგი, ცა მოღრუბლული არ არის. ცუდი ამინდი საბოლოოდ მომშლიდა.

კონსერვატორიაში მისულს მახარებენ, რომ პირველი ლექცია გვიცდება, მაგრამ მე სულ არ მიხარია. ერთი საათი უნდა ვიცადო. გოგოები ბუფეტში ჩავდივართ. არაფერს ვჭამთ. ყველაფერი ძალიან ძვირია. უბრალოდ ვთბებით, თან ვჭორაობთ.

უცებ თეა იწყებს საუბარს სტრავინსკის „პეტრუშკაზე“ და გამეტებით გვიმტკიცებს, რომ ის გენიალურია. ყველა ებმება საუბარში. მე ხმას არ ვიღებ. ვერ ვიტან ხელოვნებაზე მაღალფარდოვან საუბარს, მით უმეტეს ბუფეტში. ძალიან ყალბად ჟღერს, თანაც სასაცილოა. მე კი არ მომწონს. როცა საკუთარ თვალში სასაცილოდ გამოვიყურები. დრო გადის...

ხელოვნების ისტორია ერთ-ერთი ის საგანია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვესწრები. ჯერ ერთი, საგანია საინტერესო, მეორეც, ლექტორი ძალიან საყვარელი ქალია. დღეს საუბარი რაფაელზეა. ფიქრებში მივდივარ... მე მიყვარს რაფაელი. ის საოცრად ლამაზი და სადაა. „სიქსტეს მადონაზე“ ხომ საერთოდ ვგიჟდები. რაფაელის მადონა ზუსტად ისეთია, როგორიც „მათეს სახარების“ კითხვის დროს წარმომიდგება ღვთისმშობელი - ნაზი და მშვიდი… იმდენად ახალგაზრდა, რომ გინდა ბავშვი უწოდო... ბავშვი ბავშვით ხელში.

- ეს ცუდი სლაიდია, მაგრამ მაინც... თვალებს დააკვირდით, გოგონებო, თვალებს, - მესმის ლექტორის ხმა.

დაფაზე გადმოფენილ თეთრ ტილოზე ღვთისმშობლის გამოსახულებას ვუყურებ. რა სევდიანი თვალები აქვს! რაფაელის მადონამ წინასწარ იცის, რომ ეს პატარა ბავშვი კაცობრიობას შეეწირება... და რაფაელის მადონა პირველ რიგში დედაა და მერე შვილის შემწირველი უდიდესი წმინდანი.

ამიტომ მიყვარს მე ის ძალიან!

მახსენდება სადღაც ამოკითხული სიტყვები - „ეს სურათი, ალბათ, ამ ქვეყანას სასწაულის წუთში მოევლინა“. რა კარგია, რომ ამქვეყნად არსებობს ასეთი „სასწაულის წუთები“.

ლექცია მთავრდება. გარეთ გამოვდივარ. მართალია, ცოტა ცივა, მაგრამ მზე ანათებს. მიყვარს მზე.

ავტობუსში ასული ნელ-ნელა ვეშვები მიწაზე. ჩემს გვერდით მოხუცი ზის და კანკალებს, თანაც დახეული ფეხსაცმელები აცვია. მე ის მეცოდება. დაიწყო... თუ ერთი ვინმე შემეცოდა, თანდათან მახსენდება ყველა, ვინც სიბრალულს იწვევს ჩემში. ბოლოს იქმადე მივდივარ, რომ საკუთარი თავიც მეცოდება და მთელი კაცობრიობაც, მათ შორის, რაფაელიც.

ხასიათი ისევ გამიფუჭდა.

ავტობუსიდან ჩამოვდივარ. ფულს არ ვიხდი. არ მაქვს. იმ მძღოლსაც არ აქვს. ამიტომ ასრულებს ამ სამუშაოს. მეცოდება.

კარებს დედა აღებს. აშკარად კარგ ხასიათზეა.

- რა ხდება? - ვეკითხები.

- წარმოგიდგენია, წყალი მოვიდა?!

- ოჰო!

- დენიც გვაქვს!

წარმოუდგენელია. სასიამოვნო სუნი მეცა. დედას ვუყურებ.

- პური არ მოუტანიათ მაღაზიაში. ღომი გავაკეთე...

რამდენი ხანია არ მიჭამია. ამ წუთში აღარ მახსოვს უკვე არაფერი. დენი გვაქვს. წყალი მოდის. სადილად ღომს და ლობიოს შევჭამ.

მომენტალურად კარგ ხასიათზე ვდგები. თან გულში ვფიქრობ: მაინც რა სასაცილო, საცოდავი და თან საყვარელია ადამიანი!

 

ხელნაწერები არ იწვის

1845 წელს ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი და არქეოლოგი ნიკო ჩუბინაშვილი პალესტინაში გაემგზავრა და იქ, იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში აღმოაჩინა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის შედევრი „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“. VIII-IX საუკუნეების დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწისა და მწერლის ცხოვრება 951 წელს გიორგი მერჩულემ აღწერა და შემოუნახა ისტორიას. ნაწარმოები ომებისგან გაოხრებული საქართველოს ისტორიაში ჩაიკარგა და თითქმის 900 წლის შემდეგ დიდ საჩუქრად მოევლინა საქართველოს კულტურას. ეს XI-XII საუკუნეების ხელნაწერი ნიკო მარმა გამოსცა პირველად 1911 წელს. რომ არა ეს შედევრი, ჩვენ თითქმის არაფერი გვეცოდინებოდა წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

არის ისტორიები, რომლებზე ფიქრიც კი სუნთქვას მიკრავს... რომ წარმოვიდგენ, როგორც უცდიდა დღის სინათლეს ცხრა საუკუნის განმავლობაში ეს ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარი... რომ წარმოვიდგენ, ესეც რომ განადგურებულიყო...

მაგრამ როგორ თქვა იმ ბრძენმა კაცმა? ხელნაწერები არ იწვისო...  

 

The Secret

სულ მინდოდა მომეყოლა ისტორია ჩემსა და პოზიტივზე.

მოკლედ, 2010 წელია. ბოსტონში ვარ და აღარ მახსოვს ვისი რჩევით, გადავწყვიტე, ვუყურო დოკუმენტურ ფილმს The Secret - ამერიკელები რომ ყვებიან, როგორ უმალავდა ელიტა საუკუნეების მანძილზე საიდუმლოს ხალხს და როგორ შეიძლება ყველა ოცნება აისრულო, თუ პოზიტივით აღივსები და სწორად იოცნებებ.

დიდად არ დავიჯერე, მაგრამ გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩავატარო და ერთი კვირა სულ პოზიტიური ვიყო. :) მეორე დღეს ჩავალაგე ჩემოდანი და წავედი ნიუ-იორკის დასათვალიერებლად. იქ ჩასული მივადექი მეტროპოლიტენის ოპერას, დიდი ჩანთით ხელში (მეგობართან საღამოს მივდივარ ღამის გასათევად). გადის როსინის „არმიდა“, რენე ფლემინგის მონაწილეობით. საპრემიერო სპექტაკლებია. ყველა ბილეთი გაყიდულიაო, მარტო ფეხზე დასადგომი ბილეთები გვაქვსო. აღვივსე პოზიტივით და ავიღე ბილეთი: მერე რა, რომ ფეხზე ვიდგები? სამაგიეროდ იაფია და დაზოგილი ფულით რაიმეს გავაკეთებ-მეთქი... და პოზიტივით გაჯერებულმა შევდგი ფეხი Met-ში, პირველად ჩემს ცხოვრებაში.

ფეხზე დასადგომ ადგილებს არ უშავდა. უბრალოდ რამდენიმე რიგი იყო ასეთი ადგილების და მაინცდამაინც ბოლო შემხვედრია. საპროგრამო ბუკლეტში წერია, „არმიდაში“ ბევრ საბალეტო ნომერს იხილავთო და მივხვდი, რომ მათი მხილველი არ ვიყავი. მახსოვს, რომ პოზიტიური უნდა ვიყო... არა უშავს, ვფიქრობ პოზიტიურად, ხომ მოვისმენ ამ იშვიათად შესრულებად ოპერას-მეთქი. ვიღაც კი არა, რენე ფლემინგი მღერის მთავარ პარტიას! გავიფიქრე ეს და მომიყენეს შშმ მამაკაცი სავარძელში. სავარძელს მოყვება უზარმაზარი დანადგარი, სუნთქვის აპარატის მსგავსი. აი, დავითვალე, და ყოველ ოც წამში ერთხელ ადის დგუში და ხმამაღალი ხრიგინით ჩამოდის - დგშშშ... ადის და ჩამოდის. ცალკე ამ ადამიანისადმი თანაგრძნობა მკლავს, ცალკე ვხვდები, რომ მუსიკასაც ვერ მოვისმენ. მაგრამ ექსპერიმენტი მაქვს ჩასატარებელი. არა უშავს ნინო, იმას მაინც იტყვი თბილისში, მეტში ვიყავი და რენე ფლემინგი ვნახე-თქო და უცბად...

გეფიცებით, თუ ოდნავ მაინც ვალამაზებდე ისტორიას... მოდის ასე ორმოციოდე წლის ქალი და ყოველგვარი შესავლის გარეშე მეკითხება, ზედმეტი ბილეთი მაქვს პარტერში და გინდა წამოხვიდეო? ირგვლივ მიმოვიხედე - ბევრი დგას ფეხზე. არავისთან არ მისულა, პირდაპირ მე მომადგა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. ნუთუ ეს სიქრით რილი ვორქს-მეთქი... მერე მოვტვინე, რომ ფიქრის დრო არ იყო. რა თქმა უნდა-მეთქი...

წამიყვანა მესამე რიგში, შუა ადგილებია. ჩემს გვერდზე, მგონი, მილიონრები სხედან. ერთ მამაკაცს Rolex უკეთია (მე ოცდოლარიანი ჯინსები და ბოტასები მაცვია). ორასი დოლარი ღირდა ასეთი ადგილები, მახსოვს.

ამ ქალს მადლობას ვუხდი, ვერ ვჩერდები. საშინელ ხასიათზეა, ვხედავ. უცებ მეუბნება, კაცმა დამადო, უნდა მოსულიყო სპექტაკლზე და ცუდ ხასიათზე ვარო, ამდენ მადლობას ნუ მიხდიო. შემეცოდა საშინლად, მაგრამ პოზიტივს არ ვუშვებ გულიდან... არ შეიძლება! :)

მეორე აქტში ჩემი ქალი წავიდა, არც კი დამემშვიდობა. მე კი დამრჩა მეორე ორასდოლარიანი ადგილი. უნამუსოდ ზედ დავდე ტანსაცმლიანი დიდი ჩანთა და სრულიად რელაქსირებულმა ვუყურე და ვუსმინე სპექტაკლს. ხანდახან ზემოთ ვიხედებოდი და თვალს ვუკრავდი არც კი ვიცი ვის: გავიგე, სიქრით ვორქს-მეთქი! :)

ერთ კვირაზე მეტი ვერ გავძელი… სადაა ამდენი პოზიტივი? თან იმდენ უბედურებას ხედავ ირგვლივ, გერიდება, იყო პიზიტიური. მაგრამ აი ხომ ხდება სასწაულები ცხოვრებაში? სასწაული იყო ის დღე!

ჰოდა, გახალისდით და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, გაპოზიტივდით! ეგება და ეს სიქრითი რილი ვორქს და თქვენი წილი სასწაული თქვენც გეწვიოთ! :)

 

მეგრელი მახა

თოთხმეტი წლის ვიყავი, ლიონ ფოიხტვანგერის „გოია“ რომ წავიკითხე. გოიას და მარია-ტერესას სიყვარულზე უფრო დიდი შთაბეჭდილება თავად ალბას ჰერცოგის მეუღლემ მოახდინა; მარია-ტერესამ და... ესპანელმა მახებმა. დეტალები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, საკმაოდ დიდი ეპიზოდი ეთმობოდა მარაოს ენის აღწერას - როგორ ეკეკლუცებოდნენ მახები დაინტერესებულ მამაკაცებს და როგორ მიანიშნებდნენ მარაოს ფრიალით, რამდენად დაინტერესებულები იყვნენ მათში თავად. ისიც მახსოვს, რა კარგად ფლობდა ამ ენას მარია-ტერესა, რომელსაც უყვარდა მახას ფორმაში გამოწყობილს საიდუმლოდ სეირნობა.

რა უცნაურია... მთელი ჩემი არსით ძალიან შორს ვარ მარია-ტერესასგან და მახებისგან. სად ესენი, თავიანთი მომნუსხველი ნარევით დრამატიზმისა და თეატრალურობისა და სად ოდნავ ცინიკური, ოდნავ მოუქნელი, მხიარული და პრაგმატული მეგრელი ნინო? მაგრამ ყოველთვის მიზიდავდა ასეთი ქალის სახე. მსახიობი რომ ვყოფილიყავი, ასეთ ქალს ვითამაშებდი კარგად. ასე მეგონა სულ.

ჰოდა, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის გალაზე, ალქაჯის კაბაში გამოწყობილი რომ დავსეირნობდი კულისებში (ცეკვას არ ვაპირებდი, მხოლოდ უნდა დამეკრა მოცეკვავეებისათვის), მარიამის ერთ-ერთი ულამაზესი სპექტაკლის - „ფოლიას“ მოცეკვავე შემოვარდა სცენიდან, დააგდო მარაო და ახალი ნომრისთვის გადასაცმელად გავარდა.

როგორც კი ეს მარაო დავინახე, ბავშვობის სახეები ამომიტივტივდა მეხსიერებაში. ხელი დავავლე (მგონი, მოვიპარე), მსახიობთა ოთახში შევვარდი და მეგობარს ვთხოვე, ჩემთვის სურათები გადაეღო.

დავჯექი, მარაო გავშალე და წარმოვიდგინე, რომ მარია-ტერესა ვარ, გოიას რომ ეკეკლუცებოდა მარაოთი. წარმოვიდგინე და... გამეცინა. მაინც ოდნავ ცინიკური, ოდნავ მოუქნელი, მხიარული და პრაგმატული მეგრელი ნინო ამოხტა და ჩაკლა ჩემში მახაც და ჰერცოგ ალბას ამაყი მეუღლეც, თავიანთი მომნუსხველი ნაზავით დრამატულობისა და თეატრალურობისა.

სამაგიეროდ ფოტოები შემრჩა - დასტური იმისა, რომ პროფესია სწორად ამირჩევია.

P.S. მარაო დავაბრუნე...

P.P.S.აზრზე არ ვარ, გაშლილი მარაოთი რას ანიშნებდნენ მახები მახოებს... :)

 

კახელი და მეგრელი ნინო

ერთი კვირა გავატარე კახეთში და დავნელდი... დავნელდი კი არა, დავზანტდი... და თითქოს ყველაფერი დაზანტდა ირგვლივ - დროც და ფიზიკური სამყაროც... საუბრისას სულ მინდა ხმოვნების წაგრძელებ-წამღერება, მაგრამ ძველი ჩვეულებები არ მაძლევს ამის გაკეთების საშუალებას...

იმ დღეს კაკლის ძირში ჩამოვჯექი სრულიად მოშვებული. თვალები დავხუჭე თუ არა, მომახტა ნერვიული მეგრელი ნინო.

- რას აკეთებ, გოგო, ჩაუჯექი ინტერნეტს და ჰანოვერში ბინა მოძებნეო... ჩახვალ იქ და უბინაოდ დარჩებიო...

- უფ-ო, კახელმა ნინომ, - მოვძებნი და მერე რაო?

- რაო და ჩახვალ მერე, მოკალათდები შენს კუწკუწა ოთახში და იკვლევ მუსიკასო...

- მერეო? - კახელმა...

- მერე ისეთი საოცარი საკვლევი საკითხია, ეგება და გარღვევა მოახდინო მხატვრულ კვლევაშიო, წიგნი გამოუშვაო, დაგიძახებენ მერე მთელი მსოფლიოს მუსიკალური აკადემიები და წაგაკითხებენ ლექციებსო...

-მერეო? - კახელმა...

- მერე, გააკეთებ ფულს, ისე რომ არ გეღირსა იმდენსო, ჩამოხვალ ამ შენს კახეთში, რადგან ასე გაგიჟდი, იყიდი სახლსო... წამოწვები მერე ასეთივე კაკლის ძირში, გახედავ ალაზნის ველს, წაიღიღინებ „ალაზანი და ალაზანიო“, თან ყველა ხმოვანს როგორც გინდა ისე წააგრძელებ-წაამღერებო...

-მეერეო? - კახელმა...

- მერე, როგორც იქნება და დამშვიდდებიო! - მეგრელმა...

- მა აახლა რაი ვაკეთებო?! 

ჩამოვედი თბილისში, ჩავეფელი საქმეებში, პოკო ა პოკო ავჩელერანდდი[10] ... დავრბივარ სწრაფად, ვსაუბრობ უფრო სწრაფად, ვაზროვნებ კიდევ უფრო სწრაფად... მაგრამ გულში, ღრმად სულში მოსვენებას არ მაძლევს კითხვები: რას ვაკეთებ? რისთვის?

თუუ ვიცოოდე?!