ნუ დამივიწყებ
ნუ დამივიწყებ
ნაწილი 1 - ლურჯი იები
საკუთარი თავის ძიება, ხანდახან, საკუთარი თავის დაკარგვით სრულდება. არ ვიცოდი, რომ სინამდვილეში შეიძლებოდა ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდი სრულიად განადგურებულიყო და გამქრალიყო, თანაც ისე, რომ ბრმა ვყოფილიყავი იმის მიმართ, რომ ეს იყო ზუსტად ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. დღეს აღარ ვარსებობ, დაიკარგა პიროვნება, რომელსაც ოდესღაც ჩემი სულის ნაწილები ქმნიდა. ნაწილებად დამეშალა სულიერი სივრცე და გავიჭედე უსასრულო სიცარიელეში, რომლიდანაც თავს ამ სიცოცხლეში შეუძლებელია რომ დავაღწიო.
ამბობენ, რომ ტკივილი საჭიროა, რათა სულიერად გაიზარდო და გაძლიერდე, მაგრამ, როდესაც, ახალგაზრდა, ლაღი, ცხოვრების შავ-ბნელი მხარეების მიმართ ბრმა და უბრალოდ ბედნიერი ხარ, ადრეა ამის გამოცდა. ამასაც ამბობენ, რომ ნამდვილი გმირები ყველაზე რთულ გზას გადიან, მაგრამ ვის რად უნდა გმირი თუ იგი ამ მოგზაურობაში საკუთარ თავს დაკარგავს?
ჩემი გონების დაუსრულებელ, ღრმა გამოქვაბულში ვიჯექი და ვოცნებობდი, რომ ოდესღაც ხმას გავიგებდი სინათლიდან და ეს იქნებოდა პასუხი იმისა, რომ ყველაფერს, რაც მოხდა, მიზეზი ჰქონდა და არაფერი ყოფილა უაზრო. დრო გადიოდა და ვერ ვპოულობდი პასუხს, შედეგს, მიზეზს და ამ ყველაფრის ძიებაში ჩემი მდგომარეობა უფრო რთულდებოდა. თავი გავყავი საკუთარი ტვინის ლაბირინთებში, საიდანაც ამოსვლა ხანგრძლივ ძიებას ჰგავდა. წარსულიდან შემორჩენილი მქონდა მხოლოდ ნაჭუჭი ჩემი ძველი, ლაღი და ბედნიერი თავის, დანარჩენი ყველაფერი დაკარგული იყო. საკუთარი თავის თავიდან მოპოვება შეუძლებელი იყო, ხოლო ხელში აყვანა კი, არც განიხილებოდა.
ვიწექი და ვიწექი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ან რომც ავმდგარიყავი, სად წავსულიყავი? არ ვიცოდი სად იყო ჩემი ადგილი ან ჩემი სახლი, სად ცხოვრობდა ჩემი სული და სად გრძნობდა ჩემი სხეული თავს მშვიდად. ყოველდღე გაღვიძება სიკვდილის ტოლფასი იყო და გამოსავალიც არ ჩანდა.
ოდესღაც მახსოვს ბედნიერება, დროში, როდესაც პატარა, ყველაფრის მიმართ მიჯაჭვული, თუმცა სრულიად ჩუმი და სიცოცხლის ახალთახალი მკვლევარი ვიყავი. მაშინ სულერთი იყო ყველაფერი, მაგრამ, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მელოდებოდა წინ და ამის გაკვლევაში ჩემი საყვარელი ადამიანების დახმარებით, სადარდებელი არაფერი მექნებოდა. ეს ადამიანები ხატავდნენ პორტრეტს, რომელშიც, მოკლედ და მარტივად, გამოიხატებოდა ოჯახის სული, გონება და ყველაფერი, რაც ადამიანად გვაქცევდა. ვფიქრობდი, რომ სამყარო მათი შექმნილი იყო და ამ ყველაფრის მომსწრე და მთავარი მაყურებელი სწორედაც რომ მე ვიყავი. არაფერი იყო იმაზე უკეთესი, როცა ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ან რაც არ უნდა დამმართნოდა, ყოველთვის მეყოლებოდა ვინმე, ვინც ამ ტკივილს შემიშუპებდა და, უფრო მეტიც, საკუთარ ტკივილადაც აქცევდა. გარშემო ვხედავდი სიყვარულისა და ერთიანობის იდეალურ ბმას, ოჯახისა და მეგობრების ძლიერ ჯაჭვსა და ყველაფერს საოცარს, რასაც ჩემი ასაკის მოზარდი ინატრებდა.
საღამოს სიო თმებში მიძვრებოდა, როცა ჩემი ოთახის აივნის იატაკზე ვიჯექი და თვალებდახუჭული ღრმად ვსუნთქავდი. მაშინ, არ ვიცოდი, რომ ამას მედიტაცია ერქვა, თუმცა თავის მოვალეობას შესაფერისად ასრულებდა და მარტივად მამშვიდებდა. ამ დროს, ვფიქრობდი, რომ დრო ჩერდებოდა და გონებას იპყრობდა სრული დუმილი, რომელიც ამოუხსნელ შვებას მგვრიდა. ვსუნთქავდი და ველოდი, როდის დამიძახებდა დედა, რომ რესტორანში, მამას მეგობრის დაბადების დღეზე წავსულიყავით და იქაურობა ჩვენი ოჯახით დაგვეპყრო.
ოთახში შევბრუნდი, სარკეში ჩავიხედე და კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს თავს თვალი. მხარზე ფაფუკი, ნაზი შეხება ვიგრძენი, დედა იყო:
- სოფიო, უკვე თორმეტი წლის ხარ, შენით შეგიძლია შეარჩიო ტანსაცმელი? - გამოთქვა თავისი რბილი, ნაზი ხმით.
- რა თქმა უნდა, დედა. - აღელვებული სახით თავი დავუქნიე.
კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის გროვას აციმციმებული თვალებით ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ბებიას ნაჩუქარი, ლურჯი, ყვავილებიანი კაბა იდეალური ფორმა იყო იმ სიტუაციისთვის, რომელშიც აღმოვჩნდებოდით - არც ფერადი და არც სადა.
მანქანიდან თბილისის ქუჩების დათვალიერების შემდეგ, დანიშნულებამდე მივედით და გავემზადეთ, რომ გართობისა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნის განწყობაზე ვყოფილიყავით. მამა წინ გაგვიძღვა, დედას ნოე, ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ამ დროს მხოლოდ სამი წლის იყო, ხელში ეჭირა და მამას გვერდით უკან მიდიოდნენ, გვერდით უფროსი და, ლიზა მედგა. ჟრიამულის ხმა გარეთაც გამოდიოდა, ერთი სული მქონდა როდის შევაღებდით კარს და ვნახავდით მამას მონატრებულ სამეგობრო წრეს.
- ამ ჭიქით მინდა, რომ ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს, გამთლიანებულს და სწორ გზაზე მიმავალ საქართველოს, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების იმედზეა. გულით მჯერა, რომ გათენდება დილა და ამაყად ვიტყვი, რომ მე ქართველი ვარ და ჩემი შვილები საქართველოში იზრდებიან. მრავალი სისხლი დავღვარეთ, დაუსრულებელი ტანჯვა გამოვიარეთ და ისტორიის წიგნები გავავსეთ ჩვენი გამძლეობით. მინდა, რომ ასეთი მონდომებით გავაგრძელოთ და, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც მოვითხოვოთ, ყოველთვის ვიბრძოლოთ და უკან არასოდეს მოვიხედოთ. ვამჩნევ, როგორ მიიწევს წინ ჩვენი მომავალი თაობა, როგორ შრომას დებენ და ოფლს ღვრიან, რომ ხვალ უკეთეს ქვეყანაში გაიღვიძონ ახალგაზრდებმა. მეამაყება ყოველთვის, როცა მათი წარმატება მესმის. მჯერა ჩემი სამშობლოს წინსვლის, მჯერა ჩემი შვილების, მჯერა ჩემი ხალხისა და არასოდეს შემეცვლება შეხედულება. - სუფრის თამადამ ჭიქის დაცლა დაიწყო და სხვებს დაუთმო სადღეგრძელოს თქმა.
- გაუმარჯოს, გაუმარჯოს. - ჭურჭლების ჭახუნი მელოდიასავით ჩამესმოდა ყურებში.
თვალებს ვერ ვაჩერებდი და იქაურობას ვათვალიერებდი. რესტორნის განათებები ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა, ზემოთ ჭერზე დოქები იყო ჩამოკიდებული, ამ ტრადიციულ გარემოს თავისებურ ხიბლს სძენდა. ხალხი მშვიდად და პატივისცემით აღნიშნავდა სხვადასხვა სიხარულს, რაც ისედაც ძვირფას შენობას უფრო მეტად ალამაზებდა.
ყოველთვის მიყვარდა ასეთ ხალხმრავალ ადგილას ოჯახთან ერთად ყოფნა, მახარებდა ლხინი და ადამიანთა შეკრება და ჩვენი იქ ყოფნა სრულიად უცხო პიროვნებების მიმართაც კი შინაურულად მაგრძნობინებდა თავს.
მამა არასოდეს უშვებდა შანსს ხელიდან, რომ თავისი აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე ხმამაღლა გაეჟღერებინა, მაშინაც კი, თუ მე ყოველთვის არ მესმოდა მათი. დღეს ის ამ მყუდრო რესტორანში ესაუბრებოდა ზვიადს, მის საუკეთესო მეგობარს. კერძების დაგემოვნებისას თან ყურს ვუგდებდი:
- სახელმწიფო დიდ თავსატეხს ჰგავს, თითოეული ნაწილი წარმოადგენს პიროვნებას და როდესაც ეს ნაწილები ერთად მუშაობენ, პაზლის სრულ სურათს ვიღებთ.
მამას ვუყურებდი, საუბრისას ხელებს იშველიებდა და ამით ცდილობდა მისი მეტყველება უფრო მკვეთრად აღგვევქვა.
- მაგრამ, – ჩაერია ძია ზვიადი, – ინდივიდუალურ ძალაუფლებასაც ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. შეხედე იმ წარმატებულ ბიზნესმაგნატებს, რომლებმაც საკუთარი იმპერიები ააშენეს, მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია.
მამამ გაიცინა და უკან გადაიხარა, ამ საკითხზე დაფიქრებული ჩანდა.
- მართალი ხარ, ინდივიდუალურად ბევრს მიაღწიეს, მაგრამ მოდი უფრო დავფიქრდეთ ამაზე. წარმოიდგინე, რომ ამ ბიზნესმაგნატებს არ ჰყავდეთ თავიანთი თანამშრომლები, მომხმარებლები და მომწოდებლები, შეძლებდნენ ისინი ამ იმპერიის აშენებას?
ჩემს უფროს დას გავხედე, რომელიც დარბაზის მეორე მხარეს ტელეფონში იყო ჩაფლული. თვითონაც შემამჩნია და თვალი ჩამიკრა იმის ნიშნად, რომ ჭკვიანი ვიყავი მოსმენისთვის.
- ერთობა არის გასაღები, - განაგრძო მამამ. - ხალხი ერთად იკრიბება და მუშაობს საერთო მიზნისკენ, ფეხბურთის გუნდს ჰგავს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ ვარსკვლავური მოთამაშეები, მაგრამ მეკარე, მცველები და ნახევარმცველები რომ არ თამაშობდნენ თავიანთ როლებს, გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევდა.
საჭმელს ფრთხილად ვიღებდი თეფშიდან და ყურადღებით ვუსმენდი, ჩემთვის მაშინ ერთობა ნიშნავდა ოჯახის გუნდურ მუშაობას, რომ სახლი დაგველაგებინა ან ჩემოდნები გაგვემზადებინა. ლიზასთან ერთად მამამაც შემნიშნა, რომ ვუსმენდი:
- ხედავ, - თქვა მამამ და ისევ ზვიადისკენ გაიხედა, - ჩვენს ოჯახშიც კი ყველას ჩვენი როლები გვაქვს. სოფიო თავისი სიმღერით გვილამაზებს დღეს, პატარა ძმა გვართობს, ლიზა გვეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში, დედა და მე კი სამსახურში მივდივართ, რომ ყველას კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე ვიქნებოდით.
როცა მამა ლაპარაკობდა, ვფიქრობდი ყველა იმ დროზე, როცა ვიცინოდით, ვთამაშობდით და ერთმანეთს მხარში ვუდგებოდით. ის მართალი იყო - ჩვენ ვიყავით გუნდი, ზუსტად ისეთი როგორც ფეხბურთის. ავხედე და გავუღიმე, ვამაყობდი, რომ მან ამ პაზლის წევრად მაგრძნობინა თავი, თუნდაც პატარა ნაწილი ვყოფილიყავი.
მამა და ბიძია ზვიადი განაგრძობდნენ პოლიტიკასა და ერთიანობაზე საუბარს და, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზრდასრული საუბრები ჩემთვის რთული მოსასმენი იყო, არ მჭირდებოდა ყველა სიტყვის გაგება. უკვე ვიცოდი, რომ ერთად ყოფნა, როგორც ოჯახი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.
გადავწყვიტე, რომ დარჩენილი დრო სეირნობაში გამეტარებინა, ამიტომ სკამიდან წამოვდექი და იქაურობას თვალი შევავლე. შიგნით, რესტორანში შოპენის “Nocturne op.9 No.2” იყო გაჟღერებული, გარეთ კი ჩიტების მელოდიები გაისმოდა. მოვინახულე ვერცხლისფერი, სადად მოპირკეთებული შადრევანი. წყალში, რომელშიც ხელები ჩავყავი, მიმოფანტული ყვითელი ფოთლები ტივტივებდა, იქაურობა შემოდგომის სამოთხეს ჰგავდა. შენობა ბუნებასთან ახლოს იყო, რაც ნიშნავდა, რომ ხეების შრიალი, მდინარის ხმაური და ჭრიჭინების ხმები, ყველაფერი ერთად მესმოდა. ხელების გაგრილებისას, ანარეკლი შევამჩნიე. დედა მართალი იყო, მე სწრაფად ვიზრდებოდი და გარდატეხის ასაკის დასაწყისი წლები მნიშნველოვნად მეტყობოდა სახეზე. ხელები ჰაერში ვიქნიე, რომ წყალი მომეშორებინა. ცოტა ხნით, ანარეკლს ვუყურე და ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა შემდეგი, რა მელოდა წინ და შინაგანად კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. გული მიგრძნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თმები გავისწორე, უკან რესტორანს გავხედე და შიგნით შევბრუნდი.
მამას გააჩნდა ბრწყინვალე გონება, რომელსაც ახასიათებდა თავისი ექსტრავერტული ინტუიცია და წინდახედული აზროვნება. ჰქონდა თანდაყოლილი უნარი დაენახა შაბლონები და პატერნები, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევდნენ და ხშირად ქმნიდა კრეატიულ გადაწყვეტილებებს რთული პრობლემების გადასაჭრელად. ცოდნის წყურვილმა მას საშუალება მისცა შეესწავლა სიცოცხლის ფართო სპექტრი, ღრმად ჩაეყვინთა თითოეულ მათგანში ენთუზიაზმითა და დაუნდობელი სწრაფვით. მისი არატრადიციული აზროვნება ხანდახან უბიძგებდა მას საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმების ეჭვქვეშ დაყენებასა და მრავალი საკითხის სხვა თვალით დანახვისკენ. უყვარდა საზღვრებს გაცდომა და დებატების გაჩაღება, სხვებს შანსს აძლევდა, რომ ყველაფერი ახალი პერსპექტივიდან დაენახათ.
იყო მეოცნებე, ყოველთვის უყურებდა უფრო დიდ სურათს და ხელს უწყობდა გარშემომყოფებს ეფიქრათ არსებულის მიღმა. იდეების ამოუცნობ ტერიტორიებს მთელი ძალისხმევით შეისწავლიდა და ამ ყველაფერთან ერთად მოგზაურობაც უყვარდა. მისი გადმოცემით, ყაზბეგი, კაირო და ათენი საუკეთესო ადგილები იყო დედამიწაზე.
მისი პიროვნების საფუძველზე, მან აღმოაჩინა, რომ უძრავი ქონების აგენტის როლი სრულყოფილად ემთხვეოდა მის ბუნებრივ ნიჭსა და წყურვილს ახალი გამოცდილების მისაღებად. კლიენტების მრავალფეროვნებამ, რომელიც თევდორეს ხვდებოდა, ამდიდრებდა მის ცხოვრებას უწყვეტი სწავლისა და პიროვნული ზრდის თვალსაწიერით. ყოველი ახალი კლიენტი ნიშნავდა სხვადასხვა არქიტექტურული სტილის, უბნებისა და საინვესტიციო გეგმების შესწავლის შესაძლებლობას. კლიენტების უძრავი ქონების შესახებ რჩევების მიცემა მისთვის არ იყო მხოლოდ ტრანზაქციების ამოცანები - ეს იყო მათ ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის შანსი, დახმარებოდა მათ ეპოვათ ადგილი, რომელსაც დაუძახებდნენ სახლს.
რესტორანს შიგნით გამჭვირვალე კედლებიდან ვუყურებდი, დავინახე, როგორი შემართებით ცეკვავდა ლიზა ტრადიციულ ცეკვებს, ვამაყობდი, რომ ამდენი ადამიანი უყურებდა ჩემს უფროს დას. მამა სხვებთან ერთად ტაშს უკრავდა და არანაკლებ სიამაყეს გრძნობდა შვილის მიმართ.
რადგან ყველა გადართული იყო ლიზას ცეკვაზე, გადავწყვიტე, რომ ჩემი ერთ-ერთი დაუოკებელი სურვილი ამესრულებინა. ასეთ გარემოებში, ყოველთვის მქონდა ცნობისმოყვარეობა, რომ სამზარეულოში შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა, როგორ მუშაობდა ადგილის პერსონალი. ტვინი მკარნახობდა, რომ სამზარეულოსკენ წავსულიყავი და რეალურად გამომეცადა რას ნიშნავდა ერთობა და გუნდური მუშაობა - იდეალური და შესაბამისი დასასრული იქნებოდა დღევანდელი დღის. მაგიდების გავლის შემდეგ, მივადექი სამზარეულოს კარს, რომელიც სიფრთხილით შევაღე და იქაურობას თვალი შევავლე. ვუყურებდი, როგორ მუშაობდნენ შეფები, დამლაგებლები, მიმტანები და როგორ ხატავდა მათი შრომა ადამიანური კავშირებისა და ერთობის ლამაზ სურათს. ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია მიმტანის ფორმაში ჩაცმულმა ქალმა, რომელიც შეკვეთის ასაღებად ემზადებოდა და შეფს თეფშებს ართმევდა. მისი ქერა, გრძელი და სწორი თმა, დიდი თვალები და გამოყვანილი ტუჩები მის სახეს უცხოურ სილამაზეს ჩუქნიდა. დიდი ხნის მიშტერების შემდეგ, უკნიდან ხმა მომესმა:
- აქ რას აკეთებ, სოფიო? - უკან გავიხედე, მამა იყო.
- ერთობას ვუყურებ მამა, ისინი ერთად მუშაობენ და ერთმანეთს ეხმარებიან, ზუსტად ისე, როგორც შენ თქვი.
- მიხარია, რომ ჩემი ნათქვამი სწორად გაიგე, პრინცესავ, მაგრამ აქ ყოფნა არ შეიძლება, მიმტანებს ხელი შეეშლებათ გავლა-გამოვლაში. წამოდი, გავაგრძელოთ სუფრასთან სხდომა.
მამის ნათქვამზე ლოყები უხერხულობისგან გამიწითლდა და საკუთარი შეცდომა, რომ მიმტანებს ხელს შევუშლიდი, მარტივად გავიაზრე. მამას გავყევი და სუფრას დავუბრუნდით. თვალები მაინც სამზარეულოსკენ გამირბოდა, არ შემეძლო უბრალოდ თვალი დამეხუჭა იმ ადამიანურ მშვენებაზე, რაც იქ ვიხილე.
წვეულების დასრულების შემდეგ, მამა მანქანისკენ გაგვიძღვა და სახლში დასაბრუნებელ გზას გავუდექით. გზაში ჟრიამულისა და მხიარულობისგან გადაღლილებმა დუმილი ვარჩიეთ და ასე წყნარად გავუყვებოდით თბილისის ქუჩებს. ამის მიუხედავად, მალევე, მამამ სიჩუმე დაარღვია.
- სოფიო, დღეს ერთიანობაზე ვისაუბრეთ და შენ მისმენდი. მიხარია, რომ ისე გაიგე ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ამასთან ერთად სხვა რამეც მინდა, რომ გითხრა. - ცნობისმოყვარეობისგან ყურები ამეწია, - ერთობა სასწაულია, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო, თან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვებზე. - გამიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, როგორ იყო ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი თუ სხვებზე მეტად საკუთარ თავზე უნდა მეფიქრა.
- მაგრამ ეს ხომ გამორიცხავს იმას, რასაც შენ ამბობდი? ერთიანობა ხო სხვა ადამიანების სიყვარულის საფუძველზეა დამყარებული, როგორ შეიძლება ამის ამოშლა? - დედამ დაუყონებლივ გასცა პასუხი კითხვის სახით.
- არაფერს არ გამორიცხავს, ლანა. თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, რომ სხვა შეიყვარო. იგივეა, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გყავდეს გაერთიანებული საკუთარი თავისთვის, რომ სხვებსაც გაუზიარო ამის გამოყენების ძალა. როგორ გამოდგება გუნდის მოთამაშედ ის, ვინც არ ემზადება იმისთვის, რომ უკეთესი მოთამაშე იყოს ვიდრე წინათ.
მამას ბოლო სიტყვების გაგონების შემდეგ, ცას ავხედე და ფანჯრიდან გაცქერილს, თვალებმა ნელ-ნელა ძილისკენ მიბიძგა.
დღის განმავლობაში, ზოგჯერ, არსაიდან მოსული სიხარულის განცდა მეუფლებოდა. ოთახს ვუყურებდი და ფერები უფრო ფერადად მეჩვენებოდა, განათება უფრო კაშკაშებდა და ნებისმიერი ხმა, იმ დროს, უფრო მეტად სასიამოვნო მოსასმენი ხდებოდა. ლოგინიდან ფეხზე წამოვდექი და მიმიზიდა ფანჯარამ, რომლიდანაც ბუნებრივი განათება შემოდიოდა და ეთერიულ შეგრძნებას ტოვებდა. ფანჯრიდან უკანა ეზოში დავინახე ჩემი და, ლიზა, რომელსაც ნახევარი სხეული აუზში ჰქონდა მოქცეული, ხოლო მარჯვენა ხელში ფორთოხლის წვენი ეჭირა. ცნობისმოყვარეობით ვუყურებდი, თუ რა იქნებოდა მისი შემდეგი მოძრაობა ან ნაბიჯი. მაინტერესებდა, წყალში თუ შეცურავდა და ბოლომდე ჩაყვინთავდა.
ლიზა ჩემზე ხუთი წლით დიდი იყო. პირველი მოგონება, რაც მასთან მაკავშირებდა იყო, როდესაც ბავშვობაში, საბავშვო ბაღიდან სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი და მისი მზერა შევამჩნიე. არ ვიცოდი, რომ მისი ცბიერი და ავი მზერა, რომელიც მაშინ მტრულად მეჩვენებოდა, უბრალოდ დასაწყისი იყო ჩვენი სიახლოვისა. მას თავიდან გაუჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ პატარა და ეყოლებოდა და ყურადღებას მის გარდა, მშობლები სხვაზედაც გადაიტანდნენ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ლიზას ყველაზე მეტად შევუყვარდი. მან მასწავლა დათვლა, ასოების გარჩევა, ცხოველების სახელები, მეთამაშებოდა და მიხაროდა, როცა მისი სამეგობრო წრის გარშემო უფლებას მრთავდა, რომ ვყოფილიყავი. ის იყო ჩემი შთაგონება და იდეალი, რომლისთვისაც უნდა მიმეღწია, რათა საკუთარი სრულყოფილება შემეგრძნო. რასაც აკეთებდა, როგორც აკეთებდა, სადაც აკეთებდა, ყველაფერი განსაკუთრებულად საინტერესო იყო ჩემთვის და ერთი სული მქონდა, როდის მექნებოდა შანსი, რომ მეც მისსავით გამეკეთებინა ყველაფერი.
ფიქრებში გართული უცბად გამოვფხიზლდი და ლიზასთან ერთად წყალში ყოფნა მეც მომინდა. დაბალი სართულისკენ გავიქეცი, მისაღები ოთახის გავლის შემდეგ, ეზოს ძლივს მივაღწიე და ერთი სული მქონდა, როდის ჩავხტებოდი აუზში. მთელი სისწრაფით ტანსაცმელი გავიძრე და გავაკეთე ნახტომი, რომელიც წარმატებულად არ დასრულდა და მუცლით დავენარცხე. ტკივილის შეგრძნება იმდენად მწვავე იყო, რომ წყლის შიგნით მუცლის მასაჟით ვცდილობდი შემეჩერებინა, მაგრამ ამ მოძრაობამ უფრო ღრმად ჩამაგდო მაშინდელ წყლის უფსკრულში. ლიზა წყალში შემოვიდა, ხელი გამომიშვირა და “ამომიყვანა”.
- სოფიო, სიცოცხლე გადაგირჩინე.
- მადლობა. - ხუმრობით დავუბრუნე პასუხი.
მოზარდობის ასაკში, ლიზა ჩემგან მეტ დისტანციას იჭერდა. საკუთარი სამეგობრო წრის საქმეებში იყო გართული და მის პიროვნებასაც მაშინ თავისი მეგობრები წარმოადგენდა.
მახსოვს, ერთხელ მისი დღიური დაუკითხავად წავიკითხე, იმ იმედით, რომ ჩემს თავზე რამეს ვიპოვიდი, მაგრამ მრავალი ფურცლის გადაშლის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემ შესახებ ერთი სიტყვაც არ მქონდა ნანახი. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა და ყალიბდებოდა, როგორ ეცვლებოდა აზრები ამა თუ იმ საკითხზე. რადიკალური და მკაცრი შეხედულებებიდან ნელ-ნელა უფრო გაწონასწორებულ მხარეზე გადმოდიოდა და ცხოვრებას მეტად ნაცრისფრად აღიქვამდა. ამ პერიოდში იგი ზრდასრულ ასაკს აღწევდა და საკუთარი თავის ღრმა ძიებაში იყო, რამაც შედეგი გამოიღო და, მშობლების დახმარებით, მიზნები, ოცნებები, პრინციპები, თავდაჯერებულობა და გამძლეობა ჩამოუყალიბდა. ვფიქრობდი, რომ მის ასაკს რომ მივაღწევდი, მეც ზუსტად იგივეს გავივლიდი, რაც მას უკვე გამოვლილი ჰქონდა. ჩემი ცნობიერი არ სცდებოდა იმის საზღვარს, რომ მე და ჩემი და ერთი და იგივე ადამიანები არ ვიყავით. ის ჩემი სისხლი და ხორცი იყო, პირველი მეგობარი და მეტოქე, რომელსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში - ყველაზე მეტად მიყვარდა.
ცეკვის გარდა, ლიზას მიდრეკილება ჰქონდა მხატვრობის მიმართ და ამ აქტივობას საკუთარი გრძნობების გამოსახატავად იყენებდა. განსაკუთრებით უყვარდა პორტრეტების დახატვა და ხშირად ოჯახის წევრებსაც გვხატავდა:
- სახე ოდნავ მარჯვნივ გაწიე, - მითხრა მან და პლანშეტზე თითის მოსმები გააკეთა. - ახლა, ზემოთ.
- ლიზა, მალე მორჩები? კისერი დამეღალა.
- მოვრჩი უკვე, უბრალოდ მცირე დეტალებს ვამატებდი.
- მანახე!
ლიზამ მოწყობილობა შემოატრიალა და საკუთარი თავი მანახა. ამჯერად, სურეალისტური ნახატი უნდოდა, ამიტომ ჩემი თავი მარტივად ვერ ამოვიცანი, გარდა იმისა, რომ ოქროსფერი თმა დავინახე. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს მე ვიყავი, თუმცა სრულიად გაფანტული და უცნაურ ფერებში გაფერადებული. სახეზე თვალები და ტუჩები წითლიდან შავში გადადიოდა, ყურები და ლოყები მწვანედ ანათებდა და გარშემო მომაჯადოებელი წრეები იყო მიმოფანტული. ხელში მეჭირა, ვუყურებდი ნახატს და საკუთარ თავში სრულ ქაოსს აღვიქვამდი.
ბავშვობაში, ჩემი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ საკუთარი ცნობიერი საკმარისად არ მქონდა შეცნობილი და, ამის შესაბამისად, მიზნები და ოცნებებიც არ მქონდა ჩამოყალიბებული. ბევრი მესმოდა ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელზე, მის ოცნებებსა და მისწრაფებებზე. ვიცოდი, რომ ყველა ადამიანს, ამაოების დასამარცხებლად, ერთი გზა უნდა აერჩია და ამ ბილიკს გაჰყოლოდა, თუმცა ყოველთვის ამოუცნობი იყო ჩემი ყველაზე სიღრმისეული სურვილები, რომლებიც გულის სიღრმეში იმალეობდა. მშობლებს ვეტყოდი, რომ ექიმობა მინდოდა ან სიმღერით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ გულის სიღრმეში არასოდეს ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოცნების ან მიზნის იარლიყი დამედო. ასეთი განცდა ოჯახისგან განსხვავებულად მაგრძნობინებდა თავს, რადგან დედა, მამა და ლიზა საკუთარ თავში დარწმუნებული და მიზანდასახული ტრიო იყო. მათი თვით-აღქმა თითქოს სხვა ადამიანებზეც ანათებდა და პროექციას ახდენდა. მათთან საუბრისას, მარტივად მიხვდებოდი რომ ძლიერი პიროვნებები იყვნენ და საკუთარ რეალობას არასოდეს უღალატებდნენ.
დედაჩემი, ლანა, ასევე შრომისმოყვარე და გამორჩეული ქალბატონი იყო. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა გაჭირვებოდა, გრძელვადიანი ოცნებები და მიზნები არასოდეს ავიწყდებოდა. ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, თუ რა უნდოდა ხუთ წელიწადში და რა უნდა გაეკეთებინა, რომ ამ მიზნისთვის სწრაფად და ჭკვიანურად მიეღწია. მამასგან განსხვავებით, ნაკლებად სოციალური იყო და ბევრი ლაპარაკიც არ უყვარდა, თუმცა მისი სიბრძნე და განათლება ყველა საკითხში ვლინდებოდა. ლიზა ლანას ახალგაზრდობა იყო, ისინი თითქოს ზუსტად ერთიდაიგივე ადამიანები იყვნენ, უბრალოდ განსხვავებულ დროებში. ორივენი საკუთარ თავებსა და მიზნებზე კონცენტრირებული, მაგრამ ამასთან ერთად, ძლიერად მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ხშირად არ ჰქონდათ, თუმცა ეს მათი ხასიათების საერთო მახასიათებლის გამომდინარე ხდებოდა.
დედა თავის რჯულს, მართლმადიდებლობას ბავშვობიდანვე ერთგულად ეპყრობოდა და არასოდეს ღალატობდა. მახსოვს, ადრეულ ასაკში, ეკლესიაში მატარებდა და მეუბნებოდა, რომ ღმერთთან კავშირი საკუთარი თავის აღმოჩენასა და განვითარებას ნიშნავდა. მაშინ, არ მესმოდა რას გულისხმობდა, თუმცა რაც უფრო ვიზრდებოდი, ჩემებურად აღვიქვი, რომ ღმერთი ყველა ადამიანში არსებობდა და მისი გააზრებისა და აღმოჩენის შემდეგ იწყებდნენ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიებად გადაქცევას.
ერთ დღეს, უძველეს ქვის ბილიკს რომ გავუყევი, ჰაერი სიჩუმით იყო სავსე, თითქოს ჩემი ფეხების ქვეშ ქვები წარსული საუკუნეების ზღაპრებს ჩურჩულებდა. ჩემს თვალწინ ამაღლებული და ელეგანტურობით შემკული ეკლესია იდგა.
ჩუქურთმები ამშვენებდა შესასვლელს, რაც მოწმობდა დახელოვნებულ ხელებს, რომლებმაც თავიანთი მხატვრობა ყოველ კუთხეში გასაოცრად ლამაზად გამოაჩინა. როცა დედასთვის და ჩემთვის მძიმე ხის კარები გავაღე, თითქოს წყნარ სივრცეში ჭექა-ქუხილი გაისმა, თითქოს ეკლესიამ თავად შემიპატიჟა შიგნით.
ხელში სანთელი მეჭირა, ვლოცულობდი, უფალს მადლობას ვუხდიდი და ვთხოვდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ამ დროს, გამახსენდა ჩემი მთავარი ნაკლი, გაურკვევლობა საკუთარ ფიქრებსა და მისწრაფებებში, ამიტომ თვალები დავხუჭე და ღმერთს ვთხოვე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ოცნება ან სურვილი, რომელიც ჩემი სულის სიღრმეში იმალებოდა და გამოჩენას ელოდებოდა, შევევედრე, რომ აესრულებინა. იმის დასტურად, რომ ოცნებას ამისრულებდა, სანთლის ცეცხლი არ უნდა ჩამქრალიყო, ამიტომ სული შევუბერე და ჩემდა გასაკვირად, თვალები, რომ გავახილე, ცეცხლი ხელშეუხებელი დამხვდა. ამ მომენტში ვიგრძენი, რომ ღმერთი ჩემ გვერდით იყო და მისი ძალა დამეხმარებოდა, რომ ოცნებები ამესრულებინა. ვიცოდი, რომ ნებისმიერი ოცნება, რასაც ჩავიფიქრებდი, ამისრულდებოდა.
ერთ დღეს, სკოლიდან დაბრუნებულს, დედამ შემამჩნია, რომ ხასიათი გაფუჭებული მქონდა:
- რამე ხომ არ მოხდა, სოფიო? - თავისი ნაზი ხმით მკითხა. - არ მოგერიდოს, მითხარი.
- არაფერი, დედა, უბრალოდ მასწავლებელმა ყველას კითხა ვის რა უნდოდა, რომ გაეკეთებინა მომავალში და ჩემი პასუხით არ ვიყავი კმაყოფილი.
- რატომ?
- არ ვიცი, თითქოს, არ მაქვს ოცნებები ან მიზნები. ვერ აღვწერ რა შეგრძნებაა, რადგან როცა ამ საკითხზე ვფიქრობ ვერაფერს ვერ ვგრძნობ და არ ვიცი როგორ გამოვხატო.
- ჩემო პატარა, მგონი ზედმეტად ნერვიულობ და ფიქრობ. არ არის საჭირო, რომ ცხოვრებაში ყველაფერს სახელი ერქვას. არ არის საჭირო, რომ ჩვენს ყველა ქმედებას ან ჩანაფიქრს რაღაც იარლიყი ედოს. ნუ გამოიტენი ტვინს ისეთი აზრებით, რომლებიც უკან დაგხევს. ყველაფერი კარგად იქნება და მჯერა, რომ ერთ დილას გაიღვიძებ და იტყვი, რომ, აი, ეს ყოფილა ჩემი ოცნება და მე გაუაზრებლად ავისრულე.
დედას სიტყვებმა დამაფიქრა. ნამდვილად არ იყო საჭირო, რომ ყველაფრისთვის რაღაც კულტურული მნიშვნელობა მიმეცა და სხვა ადამიანების ტალღას ავყოლილიყავი, მე უბრალოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს შიგნით და ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ბედნიერი ცხოვრება არ მექნებოდა. მე ხომ გარშემო მყავდა ხალხი, რომელიც მთელი გულითა და სულით მიყვარდა. მაგრამ იყო ეს საკმარისი?
როდესაც ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, ღმერთისგან გამოგზავნილი ანგელოზი, ჩემი უმცროსი ძმა, ნოე შეემატა ყველაფერი უფრო გაბრწყინდა. მისი არსებობა ჩვენი ურთიერთობის გაძლიერების საფუძველი გახდა. ამ პატარა ხორცის გროვამ მოახერხა, რომ ყველა ჩვენგანის გულები მოიგო და სულ მალე გახდა თითოეულის საუკეთესო მეგობარი.
პატარა ნოე თავისი სიჭკვიანით გამოირჩეოდა. ნამდვილად რთული იყო იმის თქმა, რომ ის ჯერ ხუთი წლისაც არ იყო, როდესაც იგი მნიშველოვან საკითხებში, როგორიც იყო მეგობრობა და ურთიერთგაგება, საკმაოდ კარგად ერკვეოდა. მისი გენიოსობა ასევე ვლინდებოდა საუბრებშიც, ყოველთვის რაღაც სასაცილოს წამოგვაძახებდა, რაც საერთოდ არ ჰგავდა ბავშვის ნათქვამს.
მისი მოვალეობა იყო, რომ უბრალოდ ეარსება და ამით მივდიოდით დასკვნამდე, რომ საკმარისს აკეთებდა. ყველა ოჯახის წევრი, უმცროსი და უფროსი, იმაზე ვიყავით გადართულები, რომ ნოეს არაფერი მოკლებოდა. პატარა ანგელოზმა ოჯახის წევრებს შორის შეკრა გაუწყვეტელი თოკი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად გვაახლოვებდა.
ყოველი ჩქმეტა, ჩახუტება, კოცნა გულიდან მოდიოდა და ნოეს საჩუქრის სახით გადაეცემოდა. ეს პატარა უცხოპლანეტელი ჩემი ტვინის ემოციურ მხარეს მთლიანად იკავებდა და მის ბატონობას გულის არემდეც აგრძელებდა. შეგრძნება მქონდა, რომ ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და მის გარეშე არასოდეს მიცხოვრია.
ხანდახან სიტყვები აეკვიატებოდა ხოლმე და ერთი სიტყვის, წინადადების ან ანდაზის გამეორება მისი ქცევითი პატერნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ერთი პერიოდი სულ დიპლიპიტოს გაიძახდა და ამით ნერვებს გვიშლიდა:
- სოფიო!
- რა ხდება, ნოე?
- დიპლიპიტო!
ჩემი ოჯახი ჩვენებური უცნაურობებით ნამდვილად გამოირჩეოდა, მაგრამ სწორედ ეს იყო ის, რაც მიჯაჭვულს მხდიდა მათზე. ჩვენი უნიკალურობა, უჩვეულობა და შეუფერებლობა ყველაზე ძლიერი იარაღი იყო, რაც გაგვაჩნდა.
კლიმატის ცვლილების საფრთხის გამო, მამამ ერთხელ თქვა, რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით, თან სრული სერიოზულობით:
- ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს ტემპერარურა. სულ მალე სტეიკებივით ამოვიხრუკებით. ჯოჯოხეთში ვართ აბა სად ვართ.
დედას ხანდახან პარანოია სჭირდა, რომ სახლში უცნობი ადამიანი შემოდიოდა და ნივთების მოპარვა უნდოდა, რის გამოც კერძო სახლში გადასვლის იდეას შეცდომად თვლიდა და სულ მამას აბრალებდა:
- თევდორე, ხომ გითხარი, რომ არ იყო კარგი იდეა კერძო საცხოვრებელი, მით უმეტეს ასეთ მიყრუებულ ადგილას. ღამით ხმები მესმის, თითქოს ვიღაც შემოდის და ამ დროს პანიკა მეწყება და ვერ ვიძინებ. ჩავდივარ და ვამოწმებ, მაგრამ არავინ მხვდება. კორპუსში, რომ ვიყოთ ხო ვიქნებოდი გამოძინებული, ჰა?
ლიზა კონსპირაციულ თეორიებზე სჭირდა ობსესია, ამიტომ მისი ოთახი აჭრელებული იყო მრავალი თეორიის პოსტერით. კლონირებული სელებრითები, ქვეწარმავალი ადამიანები, ენერგიებისა და ვიბრაციების საიდუმლოები განსაკუთრებულად საინტერესო თემები იყო მისთვის. ხანდახან, განსხვავებული ფერის ქვებსაც აგროვებდა და ამბობდა, რომ გარკვეული სახის ქვა ატარებდა თავისებურ ენერგიას, რომელიც ადამიანს აღდგენასა და განკურნებაში ეხმარებოდა.
რომ შემეძლოს უკან დაბრუნება, ამ ოჯახურ დინამიკაში საერთოდ არაფერს არ შევცვლიდი, უბრალოდ ყველაფერს თავიდან გამოვივლიდი და განვიცდიდი. ჩვენ არაფერი გვაკლდა, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთმანეთის სიყვარული.
ლიზამ თავის ოთახში შემიპატიჟა და ახალი ნაყიდი ყვავილები მანახა. მისი ოთახი სავსე იყო მცენარეულებითა და სიმწვანით, რაც თავის ბუნების ძლიერ სიყვარულზე მრავალს მეტყველებდა. სურნელოვანი და ფერადი მცენარეების მონახულების შემდეგ, მან ამიხსნა, რომ ადამიანები ელექტრომაგნიტური არსებები ვართ და, როგორც ტელეფონს ასევე ჩვენც გვჭირდება დატენვა და ენერგიების აღდგენა. მითხრა, რომ მცენარეები მზის არსებები იყვნენ და ენერგიას მზისგან იწოვდნენ, მზე კი ენერგიის მთავარი წყარო, ყველაფრის მამოძრავებელი ძალა იყო. უყვარდა ხილი, ბოსტნეული, ციტრუსი და ფიქრობდა, რომ რაც უფრო მეტს მიიღებდა მისი ორგანიზმი ამ მიწიდან გამოზრდილ საკვებს, მით მეტი ძალა ექნებოდა. მართლაც, რომ დავფიქრდი, გავიაზრე თუ რამდენად დიდ სიკეთეს გვიკეთებდა მიწა, როცა მზის სხივებს იკავებდა და ამით გვკვებავდა ადამიანებს. ნამდვილად არ შემეძლო მიწაზე ცუდი მეთქვა, თუნდაც სულ გატალახიანებული ვყოფილიყავი ბავშვობაში.
რაც თავი მახსოვს, ლიზასგან განსხვავებით, მამას დედამიწის ნაცვლად, კოსმოსზე სჭირდა ობსესია. მიყვებოდა ხოლმე დაუსრულებელი გალაქტიკების შესახებ, მიხსნიდა, რომ ანდრომედა ჩვენი მეზობელი, ნათესავი ნაწილი იყო. ხშირად ადევნებდა თვალს NASA-სგან გამოშვებულ სიახლეებს, აგროვებდა ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავების სურათებს და საძინებლის კედლებზე აკრავდა. ასტრონომიის გარდა, ასტროლოგიაც აინტერესებდა და უნდოდა, რომ ჩვენც ასევე ვყოფილიყავით დაინტერესებული ამ საკითხებში, ამიტომ ხშირად ვისმენდით მისგან ზოდიაქოებზე ხუმრობებს.
დედას კლასიკური ფილმები უყვარდა, რასაც ჩვენზეც ავრცელებდა. ხშირად დავყავდით ღონისძიებებზე, სადაც ძველ ფილმებს აჩვენებდნენ. მისი საყვარელი ფილმები “Fatal Attraction”, “Casablanca” და “Gone With The Wind” იყო. მისი პერსონაჟის ამოკითხვას მარტივად შეძლებდით, თუ ერთ-ორ კითხვას დაუსვამდით ფილმების შესახებ. ის ეგრევე საკუთარი აზრების გაზიარებაზე გადადიოდა და, ასეთი ჩუმი ქალი, გაუჩერებლად იწყებდა ლაპარაკს. მიყვარდა მისი ეს ჰობი, რადგან ვხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანი და სიმშვიდის მოსაპოვებელი იარაღი იყო მისთვის.
თორმეტი წლის ასაკში, მშობლემბა იფიქრეს, რომ ზედმეტი თავისუფალი დრო მქონდა და ბავშვური აკვიატებები, რომ თავიდან მომეშორებინა მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, სადაც ვოკალის გაკვეთილებს გავდიოდი. ეს მოვლენა ნამდვილი სიახლე იყო ცხოვრებაში, აქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ მუსიკალურ სამყაროში რამე გამომივიდოდა, თუმცა ვარჯიშების შემდეგ, მასწავლებელი ყოველთვის კმაყოფილი მიშვებდა სახლში. თავიდან ვთაკილობდი მინდოდა თუ არა ამ აქტივობის გაგრძელება, მაგრამ სხვა არაფერი მქონდა გასაკეთებელი და გადავწყვიტე, რომ რატომაც არა, მესწავლა სიმღერა.
დადგა კონცერტის ღამე. ეს იყო მთელი შრომის, ღამეების გათენებსია და უთვალავი საათის ვარჯიშების კულმინაცია. სცენა მზად იყო, განათება ჩამქრალიყო და მაყურებელი მოლოდინში იყო, თუ რას იხილავდა მუსიკალური სკოლის ბავშვებისგან დღეს. კულისებში ვიდექი, გული სწრაფად მიცემდა, ნერვიულობისა და მღელვარების ნაზავი იგრძნობოდა. ხელები ოდნავ მიკანკალებდა, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და თავი დავარწმუნე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
როდესაც სცენაზე ავედი, მთელი აუდიტორიის ყურადღებამ ჩემზე გადმოინაცვლა. მშვიდი სუნთქვით ლილი გეგელიას “ლურჯი იების” სიმღერა დავიწყე. მელოდია რბილად შევიყვანე, ემოციები ჩავაქსოვე თითოეულ ნოტში და სიტყვებს მკვეთრად გამოვთქვამდი:
“გახსოვს გიკრეფდი იებს,
კრძალვით გიბნევდი თმაში,
სიო არხევდა ფოლებს,
რა კარგი იყავ მაშინ...
რა კარგი იყავ მაშინ,
ერთად ვიყავით როცა,
ლურჯი იებით ხელში
წამწამებს ხრიდი მორცხვად...
რა კარგი იყავ მაშინ...
ერთად ვიყავით როცა,
ლურჯი იებით ხელში
წამწამებს ხრიდი მორცხვად...
მაგრამ აცივდა შემდეგ
და შემოდგომა დადგა,
შენ ვეღარ ძლებდი ჩემთან,
სულ სხვამ მოგხიბლა რადგან
და მიმატოვე მყისვე,
გაუჩინარდი ბნელში
და მე მარტო ვარ ისევ,
ლურჯი იებთ ხელში,”
შემდეგ კი, როცა ჰაერში ბოლო ნოტა აფრინდა, აპლოდისმენტების მომენტამდე სრული სიჩუმე იყო. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ვუყურებდი, როგორ მიკრავდა ტაშს ათასობით ადამიანი, თუმცა შიგნით ვერაფერს ვგრძნობდი. ემოციური შიმშილის შეგრძნება მქონდა და მანიშნებდა, რომ არც ეს ჰობი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად მეგრძნო თავი.
სახლში დაბრუნებულები, ჟრიამული საძინებლების გარეთ დავტოვეთ. ლოგინზე წამოვწექი და ჩავფიქრდი, რატომ ვიყავი ასე უგრძნობლად კონცერტზე? ცრემლები ჩამომცვივდა, სახე გამიწითლდა, ტაშის დაკვრა გამიხარდა, მაგრამ სად იყო ის განცდა, რომელიც კმაყოფილად მაგრძნობინებდა თავს? რატომ არ იყო საკმარისი ამხელა მოვლენა? ოჯახის წევრები გავახარე, ხალხის ყურებს საოცარი მელოდები მოვასმენინე და საკუთარი ნიჭი გამოვხატე. გულის სიღრმეში რაღაც მაკლდა, მაგრამ არ ვიცოდი რა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ამ ყველაფერზე პასუხი მექნებოდა, თუმცა ამჯერად სასტიკად ჩაფლავებულად ვგრძნობდი თავს. რა აზრი ჰქონდა საერთოდ მუსიკალურ სკოლაში სიარულს, თუ ბედნიერი ვერ ვიქნებოდი ამით, ამიტომ შემდეგ წელს მშობლებს ვუთხარი, რომ აღარ დავბრუნდებოდი.
სტაბილური აკადემიური მოსწრება ერთადერთი რამ იყო, რაც მიახლოებით შვებას მგვრიდა და გარანტიას მაძლევდა, რომ თუ ყოჩაღად გავაგრძელებდი მომავალში აუცილებლად შემეტყობოდა და გამომადგებოდა. უბრალოდ, არც ეს არ იყო საკმარისი, რობოტივით ვაკეთებდი დავალებებს და კლასელებსაც ძალით ვემეგობრებოდი.
ერთ დილას, სპორტის გაკვეთილზე, მოულოდნელი რამ მოხდა. კლასელი თამაშისას დაეცა, ტერფი გადაუბრუნდა და ტკივილისგან ტირილი დაიწყო. ბავშვებს შეგვეშინდა, არ ვიცოდით რა გვექნა. ამ მომენტში, სპორტის მასწავლებელმა მთხოვა, რომ პირველადი დახმარების ნივთები მომეტანა. უამრავჯერ მქონდა ნანახი სპორტის დარბაზის კედლებზე ჩამოკიდებული პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა რეალურად დამჭირვებოდა მისი გამოყენება.
შიგნით, ლამაზად ორგანიზებული, იყო სახვევები, ანტისეპტიკური ტილოები, წებოვანი ლენტი და სამედიცინო ნივთების მთელი რიგი, რასაც მე პირველად ვხედავდი. სპორტის მასწავლებლის მითითების მიხედვით ნივთებს ვარჩევდი და თავს ძლიერად ვამშვიდებდი, რადგან ეს არ იყო რაღაც გამოცდა ან ტესტი, ეს იყო ნამდვილი სიტუაცია, რომელიც სიშვიდესა და გაწონასწორებას მოითხოვდა.
პირველადი დახმარების საშუალებებით ხელში, სასწრაფოდ დავბრუნდი დაშავებული კლასელის ადგილას. დაჩოქილმა ნაზად შევხედე მის კოჭს. მასწავლებელი და მე ერთად ვცდილობდით, რომ ანტისეპტიკური საშუალებით ჭრილობა გაგვესუფთავებინა. თავი სრულიად განსხვავებულ როლში დავინახე, რაც ოდნავ ამაღელვებელი იყო.
მას შემდეგ, რაც ნაჭერი მყარად შემოიხვია, უკან დავიხიე და ჩემი ხელით შესრულებული ნამუშევრები დავათვალიერე. გაოცებული ვიყავი, რომ ეს ჩემი გაკეთებული იყო, მასწავლებელმაც შემაქო.
მუსიკალური სკოლის დატოვების შემდეგ, მშობლები ღელავდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ არ მქონდა არანაირი ინტერესი არცერთი ხელოვნების, სპორტის, ჰობის ან აქტივობის მიმართ სკოლის ნიშნების გარდა, არაფერი მაინტერესებდა და, ხანდახან, თუ არ დავიზარებდი, დედასთან ერთად ფილმებს ვუყურებდი ან მუზეუმებში დავყვებოდი ხოლმე. გარეთაც იშვიათად გავდიოდი, სახლის კომფორტი საუკეთესო შეგრძნება იყო ჩემთვის, ამიტომ თავს არ ვიწუხებდი. მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ “განვითარების აკადემიაში” მივეყვანე. ეს საზაფხულო სკოლა ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ გზააბნეულ მოზარდებსა და ზრდასრულებს ფაქტობრივად ფსიქოლოგიური დახმარება მიეღოთ. გაგებული გვქონდა, რომ ამ სკოლაში სიარულის შემდეგ, ხალხი განახლებული ენერგიებით ბრუნდებოდა სახლში და საკუთარი თავის აღმოჩენას იმარტივებდნენ. “პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის” კურსი, რომელზეც მშობლებმა ჩამწერეს, ერთი თვე გრძელდებოდა.
ერთ-ერთ ტრენინგზე, მასწავლებელი ფილმის შესახებ გვიამბობდა:
- ბედნიერება მარტოობიდან და პირადი ოცნებების ასრულებიდან მოდის, თუ სხვებთან კავშირით? - მასწავლებელმა, კითხვის გასააზრებლად დრო მოგვცა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - სამყაროში, რომელშიც ხშირად უპირატესობა ეძლევა პირად მიღწევებსა და ინდივიდუალურ წარმატებას, საჭიროა იმის აღიარება, რომ ნამდვილი ბედნიერება არ არის იზოლირებაში. ადამიანური ურთიერთობების შექმნილი ქსელი, იქნება ეს ოჯახთან, მეგობრებთან, კლასელებთან ან თუნდაც უცნობებთან, ქმნის ჩვენს ცხოვრებას. სწორედ ამ კავშირების ფარგლებში აღმოვაჩენთ ემოციების წყაროს, გაზიარებულ გამოცდილებას და სრულყოფილების გრძნობას, რომელიც ჩვენს არსებობას ამდიდრებს. სამეცნიერო და ფსიქოლოგიურმა კვლევებმა არაერთხელ აჩვენა სოციალური ურთიერთობების ღრმა გავლენა ჩვენს ფსიქიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე. ბედნიერების ჰორმონების გამოყოფა, როგორიცაა ოქსიტოცინი, ადამიანური კავშირების შედეგია, რომელიც ბედნიერების რეცეპტის აუცილებელი ინგრედიენტია. წარმოიდგინეთ მეგობრებთან ერთად სიცილი, გაჭირვების დროს ოჯახის მხარდაჭერა ან უცნობ ადამიანთან გულთბილი საუბრის უბრალო სიამოვნება. ამ ურთიერთქმედებებს, რაც არ უნდა წარმავალიც არ უნდა იყოს, ძალუძს ჩვენი სულის ამაღლება და ადამიანის ბუნების თანდაყოლილი სიკეთის აყვავება. გვახსენებს, რომ ჩვენი სიხარული ხშირად ერთმანეთშია გადახლართული იმ სიხარულთან, რომელსაც სხვებს ვუზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ პირადი სურვილებისა და მიზნების მიღწევამ უდავოდ შეიძლება მოიტანოს სიხარულის განცდა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმის გაცნობიერება, რომ ასეთი მიღწევები ხშირად შეიძლება სიცარიელით იყოს მოცული, თუ მხოლოდ ჩვენთვის დავიტოვებთ. ჩვენი წინსვლის, გამოცდილებებისა და თუნდაც პრობლემების გაზიარების აქტი ჩვენს ირგვლივ მყოფთ გარდაქმნის ჩვენი ცნობიერის გაფართოებულ ნაწილებად. ამ საერთო მომენტებიდან მიღებული ბედნიერება ხშირად უფრო ხანგრძლივი და ძლიერია, ვიდრე მხოლოდ პირადი მიღწევები. როდესაც ჩვენ სიკეთესა და გაგებას ვავლენთ გარშემომყოფების მიმართ, ჩვენ არა მხოლოდ ხელს ვუწყობთ მათ კეთილდღეობას, არამედ ვკვებავთ ჩვენს სულიერ კეთილდღეობასაც. ურთიერთობების მეშვეობით, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი საკუთარი სურვილების საზღვრებიდან და ვხდებით, რომ ვართ რაღაც უფრო დიდის ნაწილი - ადამიანური კავშირების. სწორედ ამის გააზრების მეშვეობით ვპოულობთ ხანგრძლივ ბედნიერებას, მიზანსა და სრულყოფილების ძლიერ გრძნობას.
სახლში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რომ გაგებული ინფორმაცია ონლაინ მეგობართან ერთად გადამეხარშა და ოთახში შესვლისთანავე დავურეკე. ელისს უკვე სამი წელია ვიცნობდი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მეგობრობა ინტერნეტ სივრცეში იყო დაბადებული, მაინც შემეძლო მისთვის ახლო მეგობარი მეწოდა.
გამიზიარა ამბავი ბოლო ლაშქრობის შესახებ. გულმოდგინედ საუბრობდა ბუნების მშვენიერებებზე, უსასრულო სამყაროს მცირე ნაწილად აღქმაზე. ამიღწერა, თუ როგორ აძლიერებდა ტყის სიჩუმე მის აზრებს და უბიძგებდა მას საკუთარი მიზნებისა და სურვილების შესახებ მეტი რამ გაეგო.
- მივხვდი, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ქაოსის ფონზე, ჩვენს შიგნით არის მშვიდი ხმა, რომელიც ხშირად გაუგონარია. ეს არის ხმა, რომელმაც იცის ჩვენი ოცნებები, მისწრაფებები და ნამდვილი სურვილები. ზოგჯერ ამ ხმას ხმაურიდან თავის დაღწევა სჭირდება, რომ უკეთ გავიგოთ მისი ჩურჩული. დაიმახსოვრე, - მომწერა მან, - საკუთარი თავის აღმოჩენა არ არის დანიშნულების ადგილი, ეს არის პროცესი, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება დროთა განმავლობაში.
დამაფიქრა და მიმახვედრა, რომ საკუთარი თავის აღმოჩენა წრფივი გზა არ იყო, არამედ მას მრავალი მიმართულება ჰქონდა და ეს სრულიად ჩემზე იყო, თუ საით წავიყვანდი მას. როცა იმ ღამეს ლეპტოპი დავხურე, მოყოლილი ამბავი ლოგინამდე მივიტანე და ღამით ტკბილად დავიძინე.
არ ვიცოდი, რომ ეს ვირტუალური საუბარი სრულიად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებასა და სიცოცხლის ტრაექტორიას. დილით, ელისის ნათქვამით შთაგონებულმა, იდეა მომაფიქრდა, რომ ოჯახი ზაფხულში ზღვის ნაცვლად, მთიან კურორტზე წავსულიყავით. ვფიქრობდი, რომ სიჩუმეში ყოფნა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ისეთ ადგილას, რომელიც სავსე იყო სიმწვანით, იდეალური გაქცევა იქნებოდა იმისთვის, რომ საკუთარი თავის მნიშვნელოვანი ასპექტები აღმომეჩინა. ელისი გენიოსურად მოიქცა, რომ ლაშქრობაზე წავიდა და მეც მზად ვიყავი იგივე გამომეცადა.
ვაღიარებ, ზღვაზე გატარებული ზაფხული საუკეთესო პერიოდები იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დრო იყო ჩვენს ოჯახში ცვლილება მიგვეღო და ამჯერად სხვაგან წავსულიყავით დასასვენებლად.
აგვისტოს მზიანი დილა იყო, როდესაც განახლებული ხასიათით გავიღვიძე, თარიღს შევხედე და გავემზადე, რომ რამდენიმე დღეში უკვე თხუთმეტი წლის გავხდებოდი. ამაზე ფიქრმა ღიმილი მომგვარა სახეზე. სააბაზანოში სახის კანის მოვლის რიტუალებისა და კბილების გამოხეხვის შემდეგ, სასაუზმოდ ჩავედი სამზარეულოში, სადაც ოჯახის მთლიანი კრება დამხვდა. მამა ტელეფონში სქროლავდა სიახლეებს, ლიზა მაგიდაზე ხატავდა, დედა საჭმელს ამზადებდა, ნოე კი ტელევიზორს მიშტერებოდა.
- რაღაც მინდა, რომ გითხრათ. - მკაცრი განცხადება გავაკეთე.
- დილა მშვიდობისა არ გასწავლეთ, შვილო? - იმედგაცრუებული სახით მითხრა ლანამ.
- დიდი ბოდიში, დილა მშვიდობისა, ლიზა, ნოე, დედა, მამა. - ირონიულად გავაჟღერე, - შემიძლია გადავიდე სათქმელზე? - დედამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - მოკლედ, გუშინ მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი და არ შემეძლო, რომ არ მეთქვა და ძალიან მინდა, რომ დამთანხმდეთ. - ყველამ ჩემკენ გამოიხედა. - მალე ჩემი დაბადების დღე მოვა და მინდა, რომ სადმე მთაში გადავიხადო.
- რას გულისხმობ, სოფიო? - გაკვირვებით იკითხა მამამ.
- რაც ვთქვი იმას. მინდა, რომ ბათუმის ნაცვლად ამჯერად სადმე მთაში წავიდეთ, რამდენი ხანია არ ვყოფილვართ?
- არ ვიცი, სოფიო, - თქვა დედამ, - ერთხელ იღებს მამაშენი შვებულებას წელიწადში და კარგად იცი, თუ რამდენად უყვარს ზღვა.
- დედა, გთხოვ. - კისერზე თითები მოვიჭირე.
- დაიცა კაცო, რას ნიშნავს ერთხელ მაქვს შვებულება, ეგ რა შუაშია? ჩემი აზრით ძალიან კარგი იდეაა მთაში წასვლა, წელს ყველაზე მცხუნვარე მზე და საშინელი სიცხე იქნება და მირჩევნია, რომ სიგრილეში გავატარო ეს დღეები. - განაცხადა მამამ და ტელეფონი მაგიდაზე დადო, - გეთანხმები, სოფიო, მოდი წელს მიმართულება შევიცვალოთ.
სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა. რაღატომღაც ვიცოდი, რომ დედისგან ასეთ უარყოფით, მიზერულ პასუხს მოვისმენდი, თუმცა მამის იმედი მქონდა და გამიმართლა კიდეც. წელს ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც მე მინდოდა და ჩემს დაბადების დღეს ისე გადავიხდიდი, როგორც მე მაწყობდა. ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ შვებულებიდან ჩამოსვლისას ყველაფერში გარკვეული ვიქნებოდი, აღარასოდეს გამიჩნდებოდა საკუთარ თავთან ზედმეტი კითხვა. თხუთმეტი წლის ვხდებოდი და დრო აღარ მქონდა იმის, რომ საკუთარ თავში ამდენად გაურკვეველი ვყოფილიყავი. წინ მელოდებოდა სიახლეები, ახალი საკუთარი თავი, მთის ჰაერი და სიხარულებით აღსავსე დღეები ჩემს ლამაზ ოჯახთან ერთად.
მამამ, დიდი მოძიების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ჩვენი დანიშნულება რაჭა იქნებოდა, კონკრეტულად, კურორტი შოვი. გავიგე თუ არა ამ ადგილის შესახებ, იმ წამსვე მოვძებნე სურათები და იქაურობის სილამაზემ მაშინვე მიმიზიდა. მთები, ხეები, მინდვრები, ადგილობრივი მოსახლეობა, პატარა სახლები, კრიალა ჰაერი, თავისუფლება - მამას საოცარი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და მიხაროდა, რომ ამ ყველაფრის ასრულებაში მეხმარებოდა. ვიცოდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერებოდა. ხვალ უკვე მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ დაუვიწყარი დასვენება დაგვეწყო.
ნაწილი 2 - ღმერთისგან ნაჩუქარი მცენარეები
დილით გაღვიძების აღელვება და ბედნიერების შემოტევა ერთიანად ვიგრძენი, როდესაც საოცნებო დღე ძლივს გათენდა. ლოგინის გვერდით ჩემოდანი მედო და ფეხზე წამოვდექი თუ არა ჩალაგება გავაგრძელე. წუხელ ეს საქმე დაწყებული მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ზაფხულში მთაში და გრილ ადგილას არასოდეს ვყოფილვარ, არ მქონდა გათვალისწინებული, რომ ტანსაცმლის მრავალი სახეობა უნდა ჩამელაგებინა. თუ დამცხებოდა, მოკლემკლავიანი ზედები, თუ აცივდებოდა, სქელი ჟაკეტები და ასე შემდეგ. ტანსაცმელს ვალაგებდი, თან სარკეში ვიყურებოდი და სიხარულისგან განათებულ სახეს ვხედავდი. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ოჯახი ამხელა გადაწყვეტილებას ჩემთვის მიიღებდა და განსაკუთრებულად მიხაროდა.
დილა აქტიურად დავიწყეთ, ვჩქარობდით, რომ მანქანა ჩემოდნებით გაგვევსო და დავრწმუნებულიავით, რომ არაფერი გვრჩებოდა. მამა გულმოდგინედ ტვირთავდა მანქანას ჩემოდნებით, საჭირო ხელსაწყოებითა და ჩვენი საყვარელი საჭმელებით სავსე ქულერით. ლიზა, ყოველთვის ორგანიზებული, ორჯერ ამოწმებდა თავის სიას, რათა დარწმუნებულიყო, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ ავიწყდებოდა. ამასობაში ნოეს ახალი აკვიატება, სათამაშო ჟირაფი, მულტფილმი “მადაგასკარის” მიხედვით, ჟორა ეჭირა ხელში და გვეუბნებოდა, რომ ისიც მოდიოდა ჩვენთან ერთად.
მანქანა საბოლოოდ შევავსეთ და შიგნით ჩავსხედით. შუაში ლიზა გვეჯდა, მე კი მოვასწარი და ფანჯრის მხარე დავიკავე. სამწუხარო ის იყო, რომ ნოეს ბალიშებსა და მისი ნივთების გროვაში მელაგა ფეხები. დედა და მამა წინა სკამებზე მოთავსდნენ, მამამ ძრავს ხელი კრა და გაემზადა, რომ გრძელი გზა გაგვევლო.
ავტობანზე რომ გავედით, უკვე გადავერთეთ იმ განწყობაზე რომ თბილისს ვტოვებდით და ყველამ ერთგვარი შვება ვიგრძენით. თავი ფანჯარას მივადე, შუბლზე ცივი შუშა ვიგრძენი და ვუყურებდი, როგორ ვშორებოდით ჩვენი ქალაქის ქუჩებს და დაუსახლებელ ტერიტორიებზე შევდიოდით. გარშემო ბუნება საოცრად ლამაზი იყო. მწვანე მინდვრები გადაჭიმული იყო ყველა მიმართულებით, ფერადი მინდვრის ყვავილებით, რომლებიც თითქოს ახალი ამოსულები იყო. ნოე ყოველი ძროხის, ცხვრის ან თხის დანახვისას გაკვირვებულ შეძახილებს გვასმენინებდა და ამით ახერხებდა, რომ მთელი გზა გვართობდა და გვაცინებდა.
რაც უფრო გრძელი გზა გავიარეთ, ჰაერი უფრო სუფთა გახდა და მანქანა ფიჭვის სურნელმა მოიცვა. გზისპირა კაფეში გავჩერდით, ახლად გამზადებული ყავის არომატი შევიგრძენით და კარტოფილის ღვეზელები მივირთვით.
დღე გადიოდა, მზე კი ჰორიზონტიდან ქრებოდა. ჩვენს წინ გამოჩენილი ბუნების სურათი შეიცვალა და ამჯერად მთებისა და ხეობების საოცარ სივრცეს ვუყურებდით. მზის ჩასვლამ ყველაფერი უფრო დაამშვენა, ნარინჯისფერი და ვარდისფერი ცა თბილ და კომფორტულ აურას ქმნიდა. ამ დროს ვხვდებოდი, თუ რამდენად მოუთმენლად ვგრძნობდი თავს, ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდით სასურველ დანიშნულებას და როდის გავწვებოდი ტრიალ მინდორზე სრულ სიჩუმეში. სუფთა ცაზე, ერთი სრულიად შავი, ჩაბნელებული ღრუბელი ტივტივებდა თავისთვის, თითქოს გარიყული იყო და თავის მეგობრებს ელოდებოდა. ფიქრებში გართულმა აღმოვაჩინე, რომ ამასობაში ზუსტად იმ ადგილს მივაღწიეთ, რაზეც ვფიქრობდი.
როცა ჩვენმა მანქანამ საკმარისი მთები შემოგვატარა, მომენტი საბოლოოდ დადგა - ზაფხულში დასასვენებლად შოვში ჩავედით. იქაურობა არაამქვეყნიური იყო, მისმა სილამაზემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვნახეთ ბუნების ფუნჯით დახატული შედევრი, მოძრავი ბორცვებისა და უღრანი ტყეების სამოთხე, რომელიც თითქოს უსასრულოდ იყო გადაჭიმული. ჰაერი თან ატარებდა ნაძვისა და მინდვრის ყვავილების ტკბილ სურნელს. ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვები ავივსე. ცენტრი იყო სოფლის შუაში, რომელიც მორთული იყო ცოცხალი ყვავილებითა და ტურისტული მახეებით. შენობები იდგა ტრადიციულ არქიტექტურაზე და მათი კედლები ამ ადგილის გრძელ ისტორიას მოგვითხრობდა. ადგილობრივები თბილი ღიმილით დაგვხვდნენ, მათი სტუმართმოყვარეობა თავს ისე გვაგრძნობინებდა, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს დავუბრუნდით.
შოვი იყო მშვიდი ოაზისი, ბუნების სილამაზისა და ადამიანთა შენობების სიმფონია.
ძველი ხის სახლების სტრუქტურები თითქოს შეუფერხებლად ერწყმოდა ლანდშაფტს, თითქოს ორგანულად იზრდებოდა თავად დედამიწიდან. საქართველოს ძველისძველი ხიბლი სრულყოფილ ჰარმონიაში შეხვედროდა სიახლის კომფორტს, რაც იქაურობას აძლევდა როგორც ისტორიულის, ასევე თანამედროვეობის აურას. მამა გვიხსნიდა რა სად იყო და ეტყობოდა, რომ ინფორმაცია ახალი გაგებული ჰქონდა.
მანქანა გავაჩერეთ ნაქირავებ კოტეჯთან, რომელიც ჩვენი სახლი იქნებოდა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მისი ხის ექსტერიერი და ინტერიერი სიმყუდროვეს ქმნიდა და ვერანდა, თავისი კომფორტული ხის სკამებით, იდეალურ ადგილს გვთავაზობდა განტვირთვისთვის. ჩემოდნები გადმოვაწყეთ და ნელ-ნელა დავიწყეთ შიგნით შეტანა. მოუთმენლად ვკიდებდი ხელს თითოეულ ჩემოდანს და ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ეს მოსაწყენი რიტუალი. დამთავრების შემდეგ, ვერანდაზე გავედით, ლიზა სურათებს იღებდა, დედა და მამა ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მე და ნოე კი ხელჩაკიდებულები ვიდექით და ვუყურებდით ამ სასწაულებრივ ბუნების მშვენიერებას, რომელიც ჩვენს წინ იყო გადაშლილი. გული მღელვარებითა და სიხარულით მევსებოდა, მიგრძნობდა, რომ იწყებოდა რაღაც დაუვიწყარი თავგადასავლი, რომელიც ჩემს ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა.
- დღეს დავისვენოთ და ხვალ ტყეში გავიდეთ, რას იტყვით, ბავშვებო? - იდეა შემოგვთავაზა თევდორემ.
- დღეს, რომ გავიდეთ? - მოუთმენლად წამომცდა პირიდან. - რისგან დავისვენოთ? რამ დაგვღალა?
- შვილო, მძღოლი, რომ იქნები, მერე დამისვი ეგ კითხვა. - სიცილით მიპასუხა მამამ, მე კი, ცხვირჩამოშვებულმა უკან დავიხიე.
დედა და მამა საძინებელ ოთახებს ამზადებდნენ, ლიზა ტელეფონში გაუჩერებლად წერდა რაღაცას, ნოე კი ჟორასთან ერთად თამაშობდა. გადავწყვიტე, რომ უკანა ეზოში გავსულიყავი და თვალი შემევლო იქაურობისთვის. გავედი უკანა გასასვლელიდან და წინ გადაჭიმულმა სიმწვანემ მაშინვე დამათრო, თვალებში სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს ჩამოეშვა და სიწყნარეს შეერწყა. შევეხე ხის ღობეს და ხელი გავაყოლე, სანამ ბოლომდე არ გავედი და ტყეს მივაჩერდი. ხეები კოხტად იყო ჩამწკრივებული და შიგნით მეპატიჟებოდა, რომ შევსულიყავი. ამის მიუხედავად, მამის ნათქვამი გავითვალისწინე და ერთ ადგილას გავჩერდი. ცოტა ხნით, უბრალოდ მივაშტერდი ამ საოცრებას, რაც ჩემს წინ იყო გადაშლილი, სრულიად მოჯადოებული ვიყავი ყველაფრით, რასაც ვხედავდი. ხეების ქვეშ სოკოები იყო ამოსული, ლურჯი ყვავილები იქაურობას თავისი ფერებით აფერადებდა და ჩიტები დამაწყნარებელ მელოდიას ღიღინებდნენ. თავს ზღაპრული პრინცესასავით ვგრძნობდი, მეგონა, რომ ცხოველები მომვარდებოდნენ და ჰაერში ამიყვანდნენ.
თვალი მოვკარი უზარმაზარ კლდეს, რომელიც კილომეტრების მოშორებით გადმოგვყურებდა და ელოდებოდა, როდის გამოვიყენებდით ამ ღმერთისგან მოცემულ ადგილს ბედნიერი მოგონებების შესაქმნელად. ვუყურე და ვუყურე, სანამ თვალები არ დამეღალა და დავუბრუნდი რეალობას, რომელშიც სადილი მელოდებოდა და შინ უნდა შევსულიყავი.
- როგორ მოგეწონა ეზო, სოფიო? სურათები ხომ არ გადაგიღია? - მკითხა დედამ და თეფში დამიდო.
- მომეწონა, მაგრამ არ გადამიღია სურათები, ხო იცი არ მიყვარს სურათების გადაღება. - ვუპასუხე და თვალებით ვანიშნე, რომ იმედი გამიცრუვდა.
- სახე გაასწორე, სოფიო.
- რატომ არასოდეს გახსოვს არაფერი?
- სურათების გადაღება, რომ არ გიყვარს რატომ უნდა მახსოვდეს?
- იმიტომ რომ 1-2 სულელური ფაქტის გარდა მეტი არაფერი მაქცევს ადამიანად და ნება იბოძე და დაიმახსოვრე, დე! - გაბრაზებული სკამიდან ავდექი და საძინებელი ოთახისკენ წავედი.
- ტონს დაუწიე, სოფიო, და გითხარი, რომ ეგეთებზე ნუ ფიქრობმეთქი!
საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ამ ღამით შიმშილი ვარჩიე და მალევე დავიძინე.
დილით სინანულის შეგრძნებამ შემიპყრო, რადგან გაღვიძებისთანავე გავიაზრე ჩემი საქციელის პათეტიკურობა. ამის მიუხედავად, დედასთვის არაფერი მითქვამს და ჩვეულებრივად, ბედნიერად გავაგრძელე დღის გატარება.
ყველა რაჭველი გეტყოდა, რომ მათ ტერიტორიაზე ყველაზე მშვენიერი ტყეები იყო, რასაც პირველი ნაბიჯის შედგმისთანავე ვეთანხმებოდი. დავიწყეთ ჩვენი ეზოს უკანა მხრით და გადავწყვიტეთ, რომ ყველანაირ ადამიანურ ბილიკს ავცდებოდით და ჩვენით გავიკვლევდით გზას. გვინდოდა, რომ ორიგინალური მოგზაურობა გამოსულიყო და ჩვენით აღმოგვეჩინა ამ მისტიური სოფლის საიდუმლოებები. ტყეში შესვლისთანავე ლიზა მცენარეების სახელებს გვეუბნებოდა, წავაწყდით დვალურას, ცულისპირასა და მუხუდოს. ცოტაოდენი სიარულისა და ჭაობის აღმოჩენის შემდეგ, მამამ გომბეშო აიყვანა ხელში, ნოე შეაშინა და დედასთან გააქცუნა. ქალბატონმა ლანამ ოფიციალური საყვედური მისცა, თუ როგორი ტრავმატულია ბავშისთვის ასეთი მოგონებები, თუმცა ლიზა და მამა ისტერიულად იცინოდნენ. ხშირად ვხედავდი გიგანტურ მანქანებს, რომლებიც ხეებს ჩეხავდა.
უკვე საკმარისი კილომეტრების გავლის შემდეგ, ერთ გორაზე მოსასხამი გავშალეთ და მის გვერდით ცეცხლი დავანთეთ, რომ ფერფლზე კარტოფილები შეგვეწვა. კარტოფილების გაგორების შემდეგ, ნოეს ყვირილი მოგვესმა:
- დედა, მამა, ცხოველი! ცხოველი! - ყველამ ერთდროულად გავიხედეთ ნოესაკენ და დავინახეთ, თუ როგორი ცნობისმოყვარეობით გვიყურებდა შველი.
ცხელ-ცხელი კარტოფილების დაგემოვნების შემდეგ, მე და ლიზამ ბადმინტონის თამაში დავიწყეთ. მთელი ძალით ვიქნევდით ჩოგნებს და ვცდილობდით, რომ ერთანეთზე უკეთესები გამოვჩენილიყავით. მოულოდნელად, ლიზა უკან დახევისას ნოეს დაეჯახა, რამაც იგი წააქცია და გუბეში ჩააგდო. ტალახში ამოსვრილი ნოე ატირდა და დედასთან გავარდა.
- რა გატირებს, ნოე? მიწაა, კი არ შეგჭამს! - მიაძახა ლიზამ და ჩოგანი მოიმართა რომ შემდეგ დარტყმაზე გადასულიყო.
მოსაღამოვდა, ჩვენი პიკნიკი კი უფრო და უფრო სახალისო ხდებოდა. მამამ ცაში ამახედა და მითხრა, რომ მაღალმთიან ადგილებში ვარსკვლავები უფრო კარგად ჩანდა და არ უნდა გამომეტოვებინა ეს შანსი, რომ ამ პეიზაჟისთვის შემეხედა. მართლაც, ავიხედე თუ არა მაშინვე გავითიშე, თვალები გამიფართოვდა და გავოცდი. თოვლის ფანტელებივით იყო ვარსკვლავები ცაზე, დიდი დათვის თანავარსკვალვედი გამოკვეთილად ჩანდა და ცა ჩვეულებრივზე უფრო საოცრად აღქმადი იყო.
- სასწაულია, არა?
- არ მეგონა, რომ ამდენად ლამაზი იქნებოდა. - დავეთანხმე, თან გაშტერებული ვუყურებდი.
- იცი, ერთხელ ასეთი რამ გავიგე, ყველა სიტყვა, ბგერა და ხმა, რასაც გამოვცემთ სამყაროს უსასრულობისკენ მიემგზავრება და ეხმარება, რომ გაფართოვდეს.
- რა? - გაკვრივებით ვიკითხე მე, რომელსაც ასტრონომია და მაგის მითები მასსავით კარგად არ მესმოდა.
- ანუ, სამყარო, კოსმოსი უსასრულოა და ყველაფერს, რასაც ვამბობთ ინფორმაციის სახით იგზავნება უსასრულობისკენ, რომ წაგრძელდეს და უფრო გაიზარდოს.
- უსასრულობა თუა, როგორღა იზრდება, მა?
- მაგდენი ჯერ არ გვესმის, სოფიო, თან ეს მხოლოდ მითია.
სანამ მთლიანად სიბნელე მოგვიცავდა, იქაურობა დავალაგეთ, დატოვებული საჭმელი კონტეინერებში ჩავაწყეთ და ნაგავი ცელოფნებში გავინაწილეთ. სახლის გზას გავუდექით და ერთი სული გვქონდა, როდის ჩავაღწევდით ისე გვეძინებოდა. გზად გადაგვეყარა კაცი, რომელსაც ერთი ხე ნახევრად მოჭრილი დაუტოვებია დანებებულს და მეორე ხის მოჭრას იწყებდა. ღამით ტკბილად ჩამეძინა, რადგან ვიცოდი, რომ წინ კიდევ მრავალი ასეთი გასართობი დღე გველოდებოდა.
ღამით, შუა ძილში, შეხება ვიგრძენი და მაშინვე თვალები გავახილე. წამიერად, გული ძლივს დავიჭირე თავის ადგილას, რადგან ჩემს წინ უცნობი ადამიანის სილუეტი დავინახე, თუმცა, როცა მივხვდი, რომ ლიზა იყო, დავმშვიდდი.
- რატომ გღვიძავს? - ძლივს წარმოვთქვი სიტყვები.
- გამომყევი, სოფიო, სასწაული უნდა გაჩვენო.
- ახლა? სერიოზულად?
- კი, სერიოზულად. - ღიმილიანი სახით მითხრა და ელოდებოდა, როდის ავდგებოდი.
დავუჯერე და ფეხზე წამოვდექი, ოთახები გავიარეთ და უკანა ეზომდე გავყევი, სადაც მართლაც ილუზიური სანახაობა ვნახე - ჩვენს წინ, უკანა ეზოში, ციცინათელებით სავსე მინდორი იყო. ასეთ რამეს პირველად ვხედავდი, ამდენ ციცინათელას ერთად. ყვითელი და მწვანე ფერები ერთმანეთში ირეოდა, თვალები ძლივს აღიქვამდა ციცინათელების არსებობას, რადგან ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ერთად თუ იქნებოდა.
- უყურებ, სოფიო? აი, ეს არის სასწაული. - მხარზე დამადო ხელი და სურათის გადასაღებად ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო.
- ვაუ, მგონია, რომ სიზმარში ვარ.
- ეს ყველაფერი არაა, - ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, - ყველაფერს მაშინ გაიგებ, როდესაც მიიღებ შენს თავს, როგორც ამ ყველაფრის ნაწილად.
- რას გულისხმობ?
- შენც ციცინათლა ხარ. - მითხრა და თავისი ობსესიური, ცბიერი ღიმილით შემომხედა.
- ნუ მაშინებ.
- არა, მართლა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, აბსოლუტურად ყველანი, ვინც და რაც ვარსებობთ. ერთი დიდი ტვინის ქსელია ყველაფერი, უბრალოდ უნდა დააკვირდე და მიხვდები. - წინ გაიწია და ციცინათელა აიყვანა ხელში, - შეხედე და მითხარი, რომ ადამიანს ვერ ხედავ მასში. - უფრო ახლოს დავაკვირდი.
- ვერ ვხედავ, ლიზა.
- შეხედე, კარგად შეხედე.
ციცინათელას მივაშტერდი, თვალები დავიწვრილე და მთელი ძალისხმევით ვცდილობდი გამეგო რას გულისხმობდა. ცოტა ხანში, ციცინათელა აღვიქვი, როგორც სულიერი და ის არსება, რომელსაც ყველა ის ფუნქცია ეკისრა, რაც ციცინათელებს. გავიაზრე, რომ მასშიც იყო სული, არსებობდა და უბრალოდ სიცოცხლე უნდოდა, როგორც ყველა ჩვენგანს. ეთერიული შეგრძნება იყო, არ იყო უბრალო დაკვირვება ციცინათელაზე, არამედ მისი გაცნობა და მიღება, როგორც ჩვენი, ერთი დიდი ქსელის წევრი. ამ დროს მართლა ლიზასავით დავიწყე ფიქრი და მის სამყაროში გადავეშვი, სადაც ყველაფერი საინტერესო და უცხო იყო.
კოტეჯთან ახლოს, ცივი, მთის წყალი მოდიოდა წყაროდან, ამიტომ მშობლებმა ხელიდან არ გაუშვეს ეს შანსი და ბოთლით გამაგზავნეს რომ ამევსო. წყაროსთან მისვლამდე შემხვდა ძირს დაგდებული, მოჭრილი ხის ფიცრები და გაჩეხილი ტყეები. ჩემდა სამწუხაროდ, რიგი იყო და პირდაპირ მზის სხივებში მომიწია დგომა, თუმცა იქაური სიგრილე ამ სიცხეს აბათილებდა. მეკეთა ყურსასმენები, რომლებიდანაც მუსიკა მთელ ხმაზე ისმოდა და დავიწყებული მქონდა, რომ გარეთ ვიყავი.
- ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა. - შემოტრიალდა გოგონა და მეგონა, რომ სხვას ელაპარაკებოდა, ამიტომ დავაიგნორე. - “I’ll stare directly at the sun but never in the mirror, it must be exhausting always rooting for the anti-hero” - პირის მოძრაობით მივხვდი, რომ ჩემს ყურსასმენებში ჩართულ სიმღერას აყოლოდა, მაშინვე მოვიხსენი და ავტომატურად გავუღიმე.
- ვაიმე, შენც? - ვუთხარი გახარებულმა.
- რა თქმა უნდა, 2014 წლიდან!
- 2014? არ მითხრა, რომ შენი საყვარელი ალბომიც “1989” არის.
- რა თქმა უნდა.
- საყვარელი სიმღერა?
- “All You Had to Do Was Stay” - სათაურის თქმა ბოლომდე არ დავამთავრებინე და ერთ ხმაში ვთქვით, მოხიბლული ვიყავი.
- ერთი და იგივე გემოვნება გვაქვს, თუ რა ხდება?
- არ ვიცი, რა გქვია?
- სოფიო, შენ?
- ბარბარე.
- სასიამოვნოა, - მივხვდი, რომ შანსი მეძლეოდა ახალი მეგობარი შემეძინა, თუმცა იმ წამსვე შფოთვა ვიგრძენი, რომ რამე სისულელე არ წამომცდენოდა და ღრმად ჩავისუნთქე. - დასასვენებლად ხარ?
- კი, სახლი გვაქვს კოტეჯებთან ახლოს.
- ჩვენ კიდე კოტეჯებში ვისვენებთ.
- რა ახლოს ვართ. რომელ სკოლაში სწავლობ?
არ ვიცოდი, რომ ბარბარე სულ მალე, რადმენიმე დღეში ჩემი უახლოესი მეგობარი გახდებოდა. ჩვენ ორივემ მოვახერხეთ და ერთმანეთი ერთმანეთით დავაინტერესეთ.
ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ბარბარემ გადაწყვიტა, რომ არასოდეს არ იგრძნობდა თავს სევდიანად ან ცუდად, რადგან სიკვდილის წინ მან უთხრა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ყოფილიყო თავისი ერთადერთი შვილიშვილი. ბარბარეს კი იგი ძალიან უყვარდა და არ შეეძლო მისი თხოვნა არ შეესრულებინა.
მისი ოჯახი ყოველ წელს სტუმრობდა შოვს, რადგან აქაური ჰაერი მათთვის საუკეთესო შეგრძნება იყო. თავიდან, ჩვენსავით ბაკურიანში ჩადიოდნენ დასასვენებლად, თუმცა უფრო მაღლა არჩიეს ასვლა და იქაური ბინა შოვის ბინაში გაცვალეს. ჩემზე მეტად ესმოდა აქაურობის და სხვადასხვა ამბავს მიყვებოდა შოვის შესახებ. მაგ დღეს, ერთმანეთს შევპირდით, რომ საღამოს ისევ შევხვდებოდით და საინტერესო, ჩემთვის ახალ ადგილებში წამიყვანდა დასათვალიერებლად.
სახლში საოცარი ხასიათით დავბრუნდი და ჩემი დადებითი ენერგია მაშინვე იგრძნო ლიზამ.
- როგორ მოგწონს აქაურობა, სოფიო?
- ჯერჯერობით ძალიან ვერთობი და არასოდეს მინდა, რომ დასრულდეს.
სადილის შემდეგ დრო იყო, რომ ბარბარეს შევხვედროდი და თავგადასავლის საძიებლად წავსულიყავით. თბილი ჟაკეტი მოვიცვი და გზას დავადექი. შეხვედრის შემდეგ, ისევ ვიჭორავეთ და ხელახლა გავიცანით ერთმანეთი. 20 წუთიანი გზის გავლა საკმარისი იყო და ჩვენ უკვე სასურველ დანიშნულებას მივაღწიეთ. ვუყურებდით უზარმაზარ და ზღაპრულ სახლს, რომლის ეზოც ყვავილებითა და მცენარეებით გვახლდა მორთული, ხოლო ექსტერიერი ხისგან იყო დამზადებული. ღობეების შეთვალიერების შემდეგ, სახლის კარი გაიღო და მოხუცებული, კეთილი თვალებით დახატული ბებია გამოვიდა.
- ბარბარე, შენა ხარ, შვილო? 11-ზე დაგიბარეთ, ხომ?
- დიახ, ქალბატონო ევა, მეგობარი მოვიყვანე.
- რა კარგია, შემოდით, შემოდით სულ ახალთახალი ღვეზელები უნდა გაგასინჯოთ.
გზაში მომიყვა ამ ჯადოსნური ქალბატონის შესახებ, რომელსაც ევა ერქვა. მოხუცი, მაგრამ ბრძენი და კეთილსინდისიერი ქალი იყო. მისი მეგობრებისგან განსხვავებით, ღია ფერების ჩაცმა უყვარდა და ცხოვრებას სიყვარულითა და ლმობიერებით ატარებდა. ჰყავდა შვილი და შვილიშვილი, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ და ყოველ ზაფხულს ჩადიოდნენ შოვში მის სანახავად.
მარტოსულმა, მაგრამ ბედნიერმა და თვალებში სიხარულით აღსავსე ევამ თავის სახლში შეგვიპატიჟა. შიგნით ყველაფერი კლასიკურად გამოიყურებოდა, მეგონა, რომ 80-იანების ფილმში ვიყავი. ძველებური სავარძელი, პრიალა ჭურჭლით გავსებული თაროები, ტრადიციული ხალიჩები და მისი თუთიყუშები - ყველაფერი ქმნიდა ლიმინალურ სივრცეს, რომელსაც მეგონა, რომ სიზმარში ვხედავდი.
წარმოშობით უკრაინელი, თუმცა ქართველ კაცზე გათხოვილი ქალი იყო, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან შეუყვარდა აქაური ხალხი და ბუნება. ქმართან მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა, ხოლო როცა მოხუცდნენ ქალაქის ხმაურს გაექცნენ და შოვში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. სამწუხაროდ, მისი ქმარი ცოცხალი აღარ იყო, თუმცა ეს არ აჩერებდა ქალბატონ ევას, რომ ცხოვრება ლაღად, ხალისითა და ბედნიერებით გაეტარებინა.
ქალბატონი ევა მაგიდასთან დაჯდა, მიგვიპატიჟა, რომ ჩვენც მივსულიყავით და ჯიბიდან ტარო ამოიღო.
- რომელი იქნება პირველი?
- მე ვიქნები. - თქვა ბარბარემ და მიმანიშნა, რომ ოთახი დამეტოვებინა.
ლოდინი მომიწია სამზარეულოში, სადაც არაერთ უცნაურ მცენარეს მოვკარი თვალი. ერთ ვაზაში წვრილი, ვარდისფერი ყვავილი აყვავებულიყო, მის გვერდით კი ლეღვის ფოთლები იზრდებოდა. მაგიდაზე ღვეზელები ელაგა, ხოლო ტაფაზე კარტოფილი გიზგიზებდა და სუნი მაშიებდა. უკანა ეზოში საკმაოდ დიდი, ლამაზად მორთული ბაღი ჩანდა.
თაროზე დავინახე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი, პაულო კოელიოს “ალქიმიკოსი”, რომელიც საკმაოდ პატარა ასაკში მქონდა წაკითხული, რის გამოც აზრის გამოტანა გამიჭირდა. ახლა ნაწილობრივ ვხვდებოდი რა იდეაც იმალებოდა წიგნში და რისკენ მიილტვოდა პერსონაჟი სინამდვილეში, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ მოხდა ყველაფერი ისე როგორც მოხდა.
ვხვდებოდი, რომ ევა მთელი სიფრთხილით უვლიდა თავის სახლს და მისთვის ბევრს ნიშნავდა იქაურობა. დავინახე, რომ ბარბარე სამზარეულოსკენ მოდიოდა და მივხვდი, რომ ჩემი ჯერი იყო. მაგიდასთან მორიდებულად დავჯექი და დაველოდე, თუ რას იზამდა ქალბატონი ევა:
- რა გქვია?
- სოფიო.
- ჩემს შვილს სოფო ქვია. როგორ მიყვარს ეს სახელი. - მის ნათქვამზე გამეღიმა. დავაკვირდი, როგორ ურევდა ტაროს ერთანეთში. უცებ მაგიდასთან დადებული სანთელი ჩაქრა. - საინტერესოა, არასოდეს ჩამქრალა ეს სანთელი აქამდე. - ვფიქრობდი, რომ ეს მისი ხრიკი იყო, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო მისი საქმე სხვებისთვის. უნდა ვაღიარო, რომ თუ მასე იყო, ნამდვილად ჭკვიანური რამ ჰქონდა მოფიქრებული. - კარგი, სოფიო, ახლა მითხარი, სკოლაში როგორ სწავლობ? - სანთელს ცეცხლი გაუკიდა და პასუხს დაელოდა.
- კარგად, მასწავლებლები მაქებენ და მშობლებიც ამჩნევენ, რომ ვმეცადინეობ.
- კარგი გოგო ხარ, სად გინდა ჩაბარება მოიფიქრე უკვე? თუ ადრეა ჯერ? - იმის მიუხედავად, რომ მართლა პატარა ვიყავი და ადრე იყო ამაზე ფიქრი, მაინც არაკომფორტულად მაგრძნობინებდა თავს ის ფაქტი, რომ ამ კითხვაზე არანაირი პასუხი არ მქონდა. ისიც არ ვიცოდი ჩემი ოცნება ან მიზანი რა იყო.
- არ ვიცი.
- არაუშავს, დრო მოვა და გეცოდინება. - თვალებში ღიმილით შემომხედა და მალევე ისევ კარტს გახედა. - ახლა ის მითხარი, რატომ მოხვედი აქ? რას ელი რომ გაიგებ დღევანდელი სეანსიდან?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ქალბატონო ევა.
- ოჰ, კარგია. ხანდახან ჯობია, რომ არაფერს ელოდო, რათა ყველაფერი მიიღო. - ვერ მივხდი რას გულისხმობდა, თუმცა არ შემიწუხებია ზედმეტი კითხვებით. - ბარბარესთან ერთად ხარ შოვში ჩამოსული თუ ოჯახთან ერთად?
- ოჯახთან ერთად, ყველანი აქ ვისვენებთ წელს და მიხარია. ჩემი იდეა იყო აქ წამოსვლა და ჯერჯერობით ყველას ძალიან მოსწონს.
- საოცარი გემოვნება გქონია, ჩემო ანგელოზო. აბა თითის მოძრაობით ეს კარტები შუაზე გაყავი. - ხელში გამომიწოდა და ელოდებოდა, როდის გავყოფდი შუაზე. უცებ მისი თვალებისკენ ავიხედე და უცნაური მშვენება შევამჩნიე. თითქოს მისი გუგები ინახავდა მთელ თავის ცხოვრებას, რომელიც სავსე იყო ტანჯვითა და ტკივილით, თუმცა ბედნიერების ნაპერწკალიც ეტყობოდა. ყურებზე იასამნისფერი, გრძელი საყურეები ეკეთა. ტუჩებზე მკვეთრად გიზგიზა პომადა ესვა და ამ სიწითლესთან ერთად მთელი სახე დაჭიმული ჰქონდა, რომ რაც შეეძლო მაქსიმალურად გაეღიმა ჩემთვის. შუაზე გავყავი და შემდეგ ნაბიჯს მოუთმენლად ველოდი. მან კარტები დაყარა და ამოარჩია რამდენიმე, რომლებიც მაგიდაზე გაშალა და დაკვირვება დაიწყო. - ჰმ, კარგია. - თქვა ერთ-ერთზე, - ამაზე არ ვიცი რა ვთქვა. - ერთი სული მქონდა გამეგო რას მეტყოდა.
- ქალბატონო ევა, რამდენი ხანია რაც მკითხაობთ?
- შვიდი წელია შვილო. ახალგაზრდობაში გვიყვარდა მე და ჩემს მეგობრებს მკითხაობა და ხედავ როგორ გამომადგა? ვინ იფიქრებდა, რომ ბავშვობაში ნათამაშები ერთი თამაშის დახმარებით ამდენი წელი თავს ვარჩენდი. ისე, სანამ დავბერდებოდი, მზარეული ვიყავი და ძალიან კარგად გამომდიოდა ეგ საქმე. - არ გამკვირვებია, რადგან მის სამზარეულოში საოცარი სუნი იდგა. კარტების გაშლას მორჩა და გაემზადა, რომ ლაპარაკი დაეწყო. - სოფიო, სოფიო, ჩემო ლამაზო, გულის სიღრმეში რაღაც სევდას ინახავ. ბევრს ფიქრობ, ძალიან ბევრს, გონება სავსე გაქვს ათასი ფიქრით, დარდით, გეშინია მომავლის და ფიქრობ, რომ გამოსავალი ჯერ ვერ იპოვე. შენს შიგნით მუდმივი ჭიდილია ორ განსხვავებულ რაღაცას შორის, თუმცა პასუხამდე არასოდეს მიდიხარ. არასოდეს ცდილობ, რომ დაინახო ის რაც სინამდვილეში დიდი ხნის წინ უნდა დაგენახა. გიჭირს აღიარება, რომ ის რასაც ეძებ სინამდვილეში არც არასოდეს გიცდია, რომ გეპოვნა.
- ბოლოს რა იგულისხმეთ, ქალბატონო ევა?
- რაც ვთქვი ის ვიგულისხმე, სოფიო, მეტი არაფერი. მინდა იცოდე, რომ ის რასაც დღეს ვერ ხედავ, ვერ პოულობ, ვერ ეხები და ვერ ხვდები, ძალიან მალე ნათელი იქნება შენთვის. ამდენი ხანი რასაც ფიქრობდი, დარდობდი და განიცდიდი, მალე მოგვარდება და ეს შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ გაიაზრო. უბრალოდ იცოდე, თუ გინდა, ტაროს მიხედვით, რომ შენი მისიის შესასრულებლად სწორ გზაზე იდგე, უნდა გადაიტანო დიდი დანაკლისი, თანაც ისეთი, რომელსაც ვეღარასოდეს დაიბრუნებ. ასევე უნდა გახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი და დანიშნულება მიეცემა, უბრალოდ თავიდან არ უნდა ამოიგდო ის დავალება, რომელსაც მალე იპოვი.
- მადლობა, ქალბატონო ევა.
- არაფრის, ლამაზო. ვწუხვარ, რომ ოდნავ ჩახლართული ამბავი გაქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში ვინც მესტუმრა და სეანსი ჩავუტარე, ყველას რაღაც პრობლემა აღმოვუჩინე. თითქოს უნივერსალური პრობლემა იყო და არა მხოლოდ ინდივიდუალების. ზუსტად არ ვიცი, რას დავაბრალო. ასტროლოგიურადაც არ არის იმდენად ცუდი მდგომარეობა პლანეტების მხრივ, რომ არეული აურა იყოს.
მან, სეანსის დასრულების შემდეგ, გვანახა ძველი ალბომები, რომლებშიც უცხო გარეგნობით გამოირჩეოდა. გადმოიღო ქმრის უზარმაზარი იარაღი, რომელსაც თავის დროზე სანადიროდ იყენებდა. გაგვაცნო ლოიალური მეგობარი, კუ, რომელიც ყოველ დილით სტუმრობდა მის სახლს და დღეს ულამაზებდა. თავისი საყვარელი რამ, ყვავილები დაგვათვალიერებინა:
- ხედავ ამ ლურჯ ყვავილს? რაჭულად თიკნიყურას ეძახიან, ხოლო ინგლისურად forget-me-nots, რაც ნიშნავს “ნუ დამივიწყებ”. - გვითხრა და ხელებში გამომიწოდა. - შენი იყოს, ბარბარეს უკვე მივეცი და მინდა, რომ შენც გქონდეს, შვილო.
ღვეზელებით მუცლებგავსილები შემდეგი ლოკაციის გზას გავუდექით.
- ხო საყვარელი იყო? - მკითხა ბარბარემ და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.
- ძალიან, მაგრამ მეცოდება ასე მარტო რომ ცხოვრობს.
- რა ქნას, ასაკი აქვს ეგეთი. თანაც, არამგონია, რომ თვითონ რამე უჭირდეს. კარგად როცა გაიცნობ მიხვდები, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ და მხოლოდ თავის თავთან. თითქოს თავისი ყველაზე ერთგული მეგობარი ისევ თავისი თავია.
ბარბარემ მომდევნო დანიშნულებამდე მიმიყვანა. წინ ხეზე აშენებული ხის სახლი დამანახა და მითხრა, რომ კიბეებით უნდა ავსულიყავით. თავიდან ვყოყმანობდი, რადგან მეშინოდა, რომ ჩამოვვარდებოდით, თუმცა ბარბარემ დამამშვიდა და მითხრა, რომ უფროსების გაკეთებული იყო ყველაფერი და წლების განმავლობაში არავინ დაშავებულა ამ ადგილის დათვალიერებით.
შიგნით შესვლისას, პირველი ჩემი ყურადღება კედელზე გაკეთებულმა წარწერებმა მიიპყრო - “აქ იყო ელენე, 02/09/2019”, “ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!”, “შეიცან თავი შენი”, “გიყვარდეს შოვი, რადგან მასაც უყვარხარ” და სხვა მრავალი.
სატრანსპორტო მარშუტში ასვლის შემდეგ, ბარბარემ მითხრა, რომ მაგიურ ადგილას მივყავდი. შოვის ტრადიციული ნაგებობებისა და უღრანი ტყეების გავლის შემდეგ, მძღოლს მანქანა გააჩერებინა. ცოტა სიარული მოგვიწია, თუმცა მართლაც მაგიურ ადგილს მივაღწიეთ, უძირო ტბას. იქვე ჩამოჯდა და მიმანიშნა, რომ მეც მასთან ერთად შემეხედა იქაურობისთვის. ბაყაყების ყიყინი მესმოდა, პატარა ლიფსიტებს ვხედავდი, ხავსი ულამაზესად მოდებულიყო დაჭაობებულ ადგილას.
- აქ მამას დავყავდი ხოლმე და ხშირად ვბანაობდით, თუმცა ახლა არ წამოგვიღია საცურაო ფორმები და ჯობია, რომ უბრალოდ ხედით დავტკბეთ.
თანხმობის ნიშნად დუმილი ვარჩიე და წამიერად წყალს დავხედე, სადაც ჩემი ანარეკლი დავინახე. დეჟა ვუ მქონდა, გამახსენდა, რომ დიდი ხნის წინ რესტორანში ზუსტად ასე ჩავხედე საკუთარ თავს თვალებში. უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ მაშინ მიჭირდა აღქმა ვინ მიყურებდა შიგნიდან, ახლა კი მეტყობოდა, რომ პაზლის ნაწილები თითქოს თავის ადგილებს პოულობდა. ემოციების გასაძლიერებლად ხელებით ჩემს ლოყებს შევეხე. ვგრძნობდი, რომ ვარსებობდი, ვხვდებოდი, რომ ვსუნთქავდი, ვიაზრებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. თვალები დავხუჭე და წამიერად ჩემს მომავალზე დავფიქრდი. დავინახე ბედნიერი გოგონა, რომელსაც საინტერესო და ძვირფასი ცხოვრება ელოდა წინ. ვხედავდი, როგორ გადავიდოდა ლიზა სხვაგან საცხოვრებლად, როგორ დაამთავრებდა ნოე სკოლას, როგორ ტკბილად დაბერდებოდნენ დედა და მამა. დავინახე ჩემი შვილები, შვილიშვილები, ოჯახის წევრები, სიყვარული, წარმატება, ჯანმრთელობა და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება.
მადლიერების გამოსახატავად, ბარბარეს გავხედე და გავუღიმე, მანაც შემომხედა და იგივე გააკეთა. რა მარტივად ვიყავით მე და ბარბარე უკვე ასეთი მეგობრები, შემეძლო ნებისმიერი რამე გამემხილა მისთვის და ვიცოდი, რომ საფლავამდე ჩაიტანდა. მინდოდა, რომ თბილისში როცა დავბრუნდებოდით სულ სადმე წავსულიყავით და ერთად გაგვეტარებინა დრო. ერთი სული მქონდა, როდის ვანახებდი ჩვენ სახლს, სკოლას, ოჯახსა და მეგობრებს. გული მიგრძნობდა, რომ მე და ის მალე საუკეთესო მეგობრებიც გავხდებოდით და ამ ადგილს წლების შემდეგაც დავბრუნდებოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ლიზასგან საკმარის ინფორმაციას ვიღებდი, ბარბარემ ბუნება სულ სხვაგვარად დამანახა და ჰიპნოზი გამიკეთა, რომ აქაურობა შემყვარებოდა. ამ დროს თავი ვიგრძენი წყლის ნაწილად, რომელთანაც ახლოს ვისხედით. ვუყურებდი ფრინველებს და ვფიქრობდი, რომ ალბათ მეც შემეძლო ფრენა, უბრალოდ არ მქონდა ბოლომდე გააზრებული. ირმების გამოჩენა ზღაპრულ ამბავში გვაგრძნობინებდა თავს. ასეთი განცდა, რომ თითქოს ასე ახლოს ვიყავი სამყაროსთან, არასოდეს არ მიგრძვნია. თითქოს გამოვიღვიძე და თვალები გავახილე. იქნებ, ეს იყო ჩემი სულის გამოძახება? იქნებ, ბუნების საიდუმლოებები იყო ის, რაც ჩემ ყველა სიცარიელეს შეავსებდა? ქალბატონი ოლღას სახლის დათვალიერების შემდეგ, დავფიქრდი, რომ იქნებ მეც ზუსტად მასსავით მიყვარდა მცენარეები და ყვავილები? თვალები ისევ დავხუჭე და ღრმად ჩავიბეჭდე ტვინში ეს პეიზაჟი, რადგან ვიცოდი, რომ მომავალში გამომადგებოდა.
ბუნება სიცოცხლით არის სავსე, თვალწარმტაცი და ორგანულია, თუმცა საშინლად ემოციურიც, რადგან ვიცოდი, რომ თუ ადამიანები გავაბრაზებდით, აუცილებლად უკან დაგვიბრუნდებოდა და ძალიანაც ვინანებდით.
დილით განსაკუთრებულად ამაღლებულ ხასიათზე გამომეღვიძა. ოთახში ფუტკრები შემოფრენილიყვნენ და წვეულებას მართავდნენ. ფანჯრიდან გავიხედე და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო, თუმცა ბარბარე უკვე ფხიზლად იყო და ეზოში იჯდა. უცებ ჩავიცვი ტანსაცმელი, გამოვიხეხე კბილები, წავისვი სახის კრემი და მისკენ გავექანე.
- ასე ადრე იღვიძებ?
- ჩვენს სახლთან ახლოს ერთ მოხუცებულ კაცს ქათმები ჰყავს და მამლის ხმაზე მეღვიძება ხოლმე. - ხელში ჯოხით მიწაზე წარწერას აკეთებდა - “Je pense, donc je suis.”
- ეს რას ნიშნავს?
- ფრანგულ ფილმში მოვისმინე, “მე ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ”.
- ა, გამიგია, მაგრამ ვერასოდეს ვხვდებოდი რას ნიშნავდა.
- წარმოიდგინე შენ თავთან ჭიდილობ არსებობ თუ არა, ან რასაც აღიქვამ გაინტერესებს რეალური არის თუ ტყუილი.
- მერე?
- ამაში ეჭვის შეტანა თავად ნიშნავს, რომ არსებობ, რადგან კითხვა გაგიჩნდა და ეს კითხვა, ცხადია, რაღაციდან წამოვიდა და ნამდვილი ხარ.
ბარბარეს დავემშვიდობე და ისევ კოტეჯისკენ ავიღე გეზი. მელოდებოდნენ, რათა ტბაზე წავსულიყავით სათევზაოდ. რომ დავბრუნდი მამას მთელი თავისი ჩანთა და მასალები მზად ჰქონდა. რაჭის არაამქვეყნიური ხედებით დატკბობის შემდეგ, ყველაზე ახლო ტბას მივაღწიეთ. მანქანიდან რომ გადავედით ხის ქვეშ სოკოები დაგვხდა. მამამ მისი მოკრეფა დაიწყო, რადგან იცოდა, რომ მომწამლავი არცერთი იყო. სოკო ყოველთვის მაოცებდა, ეს არსება ყველაზე უცნაური და ძლიერი ისტორიის მატარებელია. მისი შეჭმა ნიშნავს, რომ დედამიწის საწყისებში დაბრუნდე და იქაურობა დაათვალიერო.
ბოლო პერიოდში ხშირად ვამჩნევდი მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს და ზოგადად ბუნების მიმართ ახლო კავშირს ვგრძნობდი. თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად ვგრძნობდი, როდესაც ყვავილებს ვუყურებდი, წყლის ანარეკლში ვიხედებოდი საკუთარი თავის დასანახად და ხშირად ცხოველებთან მოფერებით ვტკბებოდი. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული საით წავიყვანდი ამ ახალ აღმოჩენას ჩემს შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ვიცოდი, რომ სწორ გზაზე მივდიოდი.
მამამ დაიწყო სათევზაო ნივთებისა და სატყუარას ამოლაგება, დედამ კი მყუდრო მოსასხამი გაშალა და იქაურობა კომფოპრტულ საპიკნიკე ადგილად აქცია. ლიზა ტელეფონში დაუსრულებელი ტექსტის დაწერას მორჩა და დედას ეხმარებოდა, ნოე კი წყლის პირას გარბოდა და აღფრთოვანებული იყო ბუნების სილამაზით.
მცდელობების მიუხედავად, მამამ ვერცერთი თევზი დაიჭირა და სახლში მალე მოგვიწია წასვლა. უკან დასაბრუნებელ გზაზე მამას კითხვა გაუჩნდა:
- ლიზა, სულ ტელეფონში ხარ ჩამძვრალი და ვიღაცას ან რაღაცას წერ და ხო მშვიდობა გაქვს? - ლიზამ თავი ასწია და მამასკენ გაიხედა.
- რა თქმა უნდა მშვიდობაა, ტელეფონში ვეღარ დავწერო რამე, რომ თქვენი შენიშვნა არ მივიღო? - ხუმრობით უპასუხა ლიზამ და წერა განაგრძო.
მამამ ლაპარაკის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან სიგარეტის ღერი ისროლა.
- აი, რას აკეთებ? - ისევ ჩაერთო განრისხებული ლიზა.
- რას ვაკეთებ?
- იცი რასაც. რამდენჯერ გითხარი, რომ ვერ ვიტან ასეთ საქციელს, მით უმეტეს შენგან, მა?
- არაფერია, მალე გაქრება ისედაც. მარტივად გადამუშავდება თავისით.
- და ამის გამო ყველგან სადაც შანსი გექნება უნდა გაისროლო? რისთვის გაქვს საფერფლე?
- ლიზა ისე ნუ იქცევი, თითქოს შენ ანგელოზი იყო.
- ვარ, მამა. თუ ესაა ანგელოზობის კრიტერიუმი, რომ გარემოს დაბინძურება არ მინდა, მაშინ ვარ ანგელოზი და შემეგუე.
- არაფერი შავდება ერთი სიგარეტის გადაგდებით. მთავარია, ნამდვილ სიბინძურეს არასოდეს არსად ვტოვებთ.
- ნამდვილი სიბინძურეა სიგარეტიც, მამა, გთხოვ. - ლიზამ კარგად იცოდა, რომ მამა ბავშვივით მის ჯინაზე არ გადავიდოდა მის მხარეს და არც ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ რაღატომღაც მაინც არ ჩერდებოდა მათი კამათი.
საბედნიეროდ, ამ დღის მოგზაურობა მშვიდობიანად დამთავრდა, რადგან ლიზამ ისევ დაყარა ფარხმალი და არჩია, რომ ზედმეტი ნერვების მოშლის ნაცვლად, მამასთვის მიეცა უფლება, რომ სასურველი სიმართლით ეცხოვრა.
როცა ჩვენი კოტეჯის წინა ეზოში შევედით, ცაში ავიხედე და დავინახე უზარმაზარი, შავი ღრუბელი, რომელიც მთებიდან იჭყიტებოდა და ელოდებოდა, როდის გამოჩნდებოდა ბოლომდე. არ შემეძლო სურათი არ გადამეღო და არ დამემახსოვრებინა ეს ბუნების სასწაული. ღრუბელი იმდენად შავი, შემზარავი და კოშმრული იყო, რომ ამ კადრის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.
ვაპირებდი, რომ ჩვეულებრივი ღამე მქონოდა და დამეძინა, თუმცა ლიზას ოთახში არყოფნამ მიმახვედრა, რომ დაბადების დღის ტორტს მიმზადებდნენ მოსალოცად. 00:00 რომ გახდა ჩემი ჩანაფიქრი ასრულდა და ოთახის კარებზე კაკუნის ხმა გავიგე. გავაღე და დავინახე ბედნიერი სახეები, დედა, ნოე, ლიზა და მამა, ოთხივეს დაბადების დღის ქუდები ეფარათ თავზე და სიმღერას ღიღინებდნენ. სანთლების ჩაქრობის შემდეგ, ნოემ იდეა წარმოთქვა:
- ახლავე დავჭრათ! - თქვა მან და უცებ გარეთ ჭექა-ქუხილის შემზარავ ხმაზე შეხტა. გულგახეთქილი დედასთან გაიქცა და ჩაეხუტა. - რა ხდება, დედა?
- არაფერი, შვილო, დაწყნარდი, ახლა იწვიმებს და მალევე გადაიღებს.
ეს ღამე ლხინში გავატარეთ, მშობლებმა ცოტ-ცოტა კონიაკი მოსვეს, ჩვენ კი ტკბილეულობა მივირთვით. დედამ და მამამ ახალი ყურსასმენები მაჩუქეს, ხოლო ლიზამ ასეთი რამ მითხრა:
- ძალიან მინდოდა, რომ ახლავე მომესწრო და უკვე მეჩუქებინა, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია და გპირდები, რომ ხვალ გაღირსებ.
- რა პრობლემაა, მიყვარხარ. - ალკოჰოლიანი შოკოლადებით ოდნავ შემთვრალმა ლიზას ხელი გადავხვიე.
მარწყვის ტორტის დაგემოვნების შემდეგ, ნელ-ნელა ოთახებისკენ დავიძარით და ძილი დავაპირეთ. თავიდან, ძლიერი წვიმის ხმები და ჭექა-ქუხილის დაუსრულებელი გრუხუნი პირდაპირ თავში მირტყავდა და ჩაძინება გამიჭირდა. უცებ, გავიაზრე, რომ რაც გარეთ ხდებოდა ესეც ბუნების ნაწილი იყო და შევეცადე, რომ ეს ხმამაღალი ხმები დამამშვიდებლად აღმექვა. წვიმის შხრიალის ხმებზე დათვლა დავიწყე და რამდენიმე წუთში ჩამეძინა.
გამეღვიძა მდელოზე, რომელიც სავსე იყო ფერად-ფერადი ყვავილებით. არ ვიცოდი რა ხდებოდა, ამიტომ იქაურობას თვალი შევავლე და დავინახე საოცარი სილამაზე, რომელიც სავსე იყო ბუნების შედევრებით. მოჩანდა ჩანჩქერი, მაღალი მთები, მდინარეები, ტბები და ერთმანეთში ირეოდა, რათა თვალწარმტაცი პეიზაჟი შექმნილიყო. მდელოზე, რომელზეც თვალები გავახილე, მხოლოდ ერთი ხე, ფოთლებგაშლილი მუხა იდგა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი და მენახა რა მოჩანდა მისი ძირიდან. ახლოს რომ მივედი, დავინახე განსხვავებული ჯიშის სოკოები და მხოლოდ ფერებით ვარჩევდი მათ სხვაობას. თითქოს რაღაცამ მიბიძგა, რომ ერთი ამეღო და შემეჭამა და დავიხარე. ვუყურებდი, სწორად უნდა ამომერჩია რომელი იქნებოდა ჯანსაღი, ამიტომ დრო დავუთმე რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიმეღო. ბოლოს, წითელ, თეთრკოპლებიან სოკოს დავადე თვალი და მოვწყვიტე. ჩაკბეჩის შემდეგ, სხეულში თავისუფლება ვიგრძენი, თითქოს ჩემი სულის გაუხსნელი ნაწილები საბოლოოდ გაიღო და ეს სოკო გასაღები იყო. ბედნიერი მდელოს დავუბრუნდი და გახარებული დავრბოდი, ყველაფერს ვგრძნობდი, რაც გარშემო ხდებოდა. მესმოდა ჩამონადენი მდინარის შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ქარისგან მამოძრავებელი მინდვრების ჩურჩული და ბუნების ხმებით მთვრალი ძირს დავწექი, რათა უფრო ღრმად შემეგრძნო ყველაფერი. კოტრიალისას შემზარავ ხმასთან ერთად ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. სხეული ნაქუც-ნაქუც დამეშალა და უსულო ჩონჩხად მაქცია. ვნატრობდი, რომ ყვირილი შემძლებოდა, მაგრამ არც ეგ გამომდიოდა. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, სანამ სულმა ბოლომდე არ დატოვა სხეული და ზემოდან შეხედა ყველაფერს. მოჩვენებასავით დავფრინავდი ცაში და ვუყურებდი, როგორ ეცემოდა ძვლებად გადაქცეულ სხეულს ძლიერი ელვა.
თვალები გავახილე და გული დამიმშვიდდა, რომ თურმე უბრალოდ უცნაური კოშმარი ვნახე და ჭექა-ქუხილის ხმას ამ სიზმარში ჩაუღწევია. ცოტა ხანი, ლიზას ლოგინს ვუყურებდი, სანამ თვალები დამეხუჭა და ძილი გავაგრძელე.
მეორე დღეს, საუზმის დასრულების შემდეგ, მოწმენდილ ცას ვუყურებდი, მინდოდა, რომ რაც სიზმარში ვნახე ისევ მეხილა და ვცდილობდი, ხშირად მეფიქრა ამაზე, რომ იგივე რაღაც დამსიზმრებოდა. გარეთ ნოე თავისი ახალი ბურთით თამაშობდა, ლიზა ისევ რაღაცას წერდა ტელეფონში, მამა ჭურჭელს რეცხავდა და დედა მაგიდას ალაგებდა.
- მორჩი ჭამას, სოფიო? - მკითხა დედამ და თვალებში ჩამხედა.
- კი და დამინახე კიდეც როგორ ვჭამე. - თამამად დავუბრუნე პასუხი.
- დავინახე, მაგრამ გახსოვს ბავშვობაში ნახევრად შეუჭმელი საჭმლის გადაგდება რომ გიყვარდა?
- ხოდა, აღარ ვარ ბავშვი, დედა. ახლა ბოლომდე ვჭამ საჭმელს.
- ჩემთვის ყოველთვის პატარა ბავშვი იქნები, საყვარელო. - და ლოყაზე მიჩქმიტა.
- არა, დედა. არ ვარ ბავშვი და არც ის მინდა, რომ ისე მიყურებდე, როგორც ბავშვს. იქნებ ესაა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, რომ თვითონ დედაჩემი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ასაკს გავცდე და რამენაირად ჩემი თავი აღმოვაჩინო და ჩამოვყალიბდე. თან, როცა გინდა ბავშვი ვარ და როცა არა მაშინ ზრდასრულივით მექცევი. თითქოს შენს თვალში ჩემი იდენტობა შენი ხასიათების მიხედვით ტრანფორმირდება და მხოლოდ შენს იდეალებს ერგება. გუშინ იმაზე გამიბრაზდი, რომ ტანსაცმლის დაუთოება დამავიწყდა და დღეს ლოყაზე მჩქმეტ, რადგან ბავშვი ვარ? იაზრებ მაინც, რამდენად შეიძლება ამრიოს და დამრიოს ასეთმა მოპყრობამ? - თითქოს სიტყვები ცრემლებივით წამსკდა პირიდან.
- რაშია საქმე, სოფიო? რატომ ხარ გაბრაზებული?
- დედა, მეხუმრები? ამ წამს გითხარი ყველაფერი და არც მისმენდი საერთოდ. მართალი ვარ, მგონი პრობლემა ჩემში მხოლოდ ჩემ გამო არაა, შენც გარეული ხარ ამ საქმეში.
- ვაიმე, შვილო, რას გიშავებ? აბა, კარგად ამიხსენი?
- რას მიშავებ და ეგოისტი ხარ, დედა. ჩვეულებრივი ეგოისტი ხარ, რომელიც მხოლოდ ისე უყურებს სხვებს, როგორც თვითონ აწყობს და არასოდეს ცდილობს, რომ სხვა ადამიანებს განვითარებისა და პიროვნული ზრდის გზა დაუტოვოს.
- პიროვნული ზრდა? შენი იმ აკადემიაში მიყვანა, სადაც სწორედ მაგაზე მუშაობდნენ ჩემი იდეა იყო, შვილო.
- მერე რა? მამადლი?
- არ გამადლი, უბრალოდ სწორად გადახარშე რაღაცეები და სანამ გამომიხტები კარგად დაფიქრდი რას ამბობ.
- არ აქვს შენთან აზრი დაფიქრებას და საერთოდ არაფერს, საზიზღარი ხარ და საზიზღრად მექცევი. საშინლად მაგრძნობინებ თავს, მეც, ლიზასაც, ნოესაც და ყველას ვინც შენს გარშემო არსებობს. - მაგიდას ხელი აგრესიულად დავარტყი და იქაურობა დავტოვე.
ოთახში დაბრუნებულმა, ახალ ყურსასმენებში მუსიკა ჩავრთე და ლოგინზე წამოვწექი, რათა მოზღვავებული ემოციები დამერეგულირებინა. La Femme-ს “La Femme Ressort”-ის ჰანგები ყურებში ღრმად ჩამესმოდა და აგრესიას მიკლავდა. რატომ ხდებოდა სულ ასე, თითქოს პასუხთან ახლოს ვიყავი და უცებ რაღაც ხდებოდა, რაც სულ მავიწყებდა ყველაფერს რასაც პასუხამდე მივყავი. რატომ იყო, რომ დედის მიმართ სულ ასე მიწევდა აგრესიის გამოხატვა, რათა ჩემი თავი დამემტკიცებინა? რატომ არავინ მედგა გვერდში როდესაც ასეთ ეპიზოდებს გავდიოდი და რატომ არავინ მეკითხებოდა რა მჭირდებოდა სინამდვილეში? რატომ იყო დედა ასეთი გულცივი თავისი საკუთარი შვილების მიმართ და რატომ არ შეეძლო ისე დავენახეთ, როგორც ადამიანები და არამხოლოდ მისი ეგოცენტრული სამყაროს გაგრძელებები? როგორ არ შეეძლო, რომ ცოტა ხნით გვერდით გადაედო თავისი თავი და შვილი დაენახა ისე, როგორც საჭირო იყო და არა მისი უსასრულოდ პატარა ბავშვი, რომელსაც ისე მოექცეოდა როგორ ხასიათზეც იყო? ვუყვარდით თუ არა საერთოდ დედას? ეს ყველაფერი სწრაფად ტრიალებდა ჩემს თავში და ჩართული სიმღერა ყველაფერს ამძაფრებდა. თვალები ძლიერად მქონდა დახუჭული და ვცდილობდი, რომ არ გამეხილა. სხეულში ელექტრომაგნიტურ ძალას ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ენერგია მეძლეოდა, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი და დედისთვის ყველაფერზე, რაც ვერ ვუთხარი დამემატებინა, მაგრამ მუსიკა თითქოს ამ შეგრძნებას მიმსუბუქებდა.
ეს იყო დაწყევლილი მომენტი, როდესაც ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე შემზარავი ხმა გავიგე. ხმა, რომელიც არ ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის გარდამტეხი სიახლე იქნებოდა. ხმა, რომელიც ერთად იქნებოდა დასაწყისიც და დასასრულიც. გრუხუნი, აფეთქება, ჩამოვარდნა, განადგურება, გადაშენება და ყველაფერი დამანგრეველი ერთიანად გაისმა . ყველაფერს ვფიქრობდი, თითქოს აპოკალიფსი იწყებოდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა, ატომური აფეთქება მოხდა, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცოდი რისი ხმა იყო. ლოგინიდან აკანკალებული წამოვდექი და ქვედა სართულზე გავიქეცი. კიბეებზე ჩასვლისას ფეხი გადამიბრუნდა და წავბორძიკდი. მუსიკის გამორთვა დამვიწყებოდა, ამიტომ ისევ ჩართული იყო და ამ ყველაფრის ფონზე ღიღინებდა. დედა, მამა, ლიზა, სამივე გაშეშებულები იდგნენ და გაურკვევლობისგან ვერც მოძრაობდნენ. თითქოს მხოლოდ მე ვიყავი აქტიური არსება, რომელსაც აინტერესებდა რა ხდებოდა, ამიტომ ფანჯრიდან გავიხედე, მაგრამ ჯერ ვერაფერი დავინახე.
მთები, ტყეები, მდინარეები, ტბები, თითქოს ყველაფერი ჩანდა. თითქოს ერთიანად გვიყურებდა ბუნება და გვეუბნებოდა, რომ რაღაც ამოუხსნელ შურისძიებას გამოგვიცხადებდა. ცოტა ხანი ვერ მივხვდი რა იყო და უცებ შორს მდგარი კლდიდან დავინახე როგორ სრიალდებოდა კლდის ისეთი ნაწილი, რომელიც არასოდეს წარმომედგინა რომ იმოძრავებდა. ვიფიქრე, რომ მელანდებოდა ამიტომ თვალები ავიზილე და ისევ შევხედე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არაფერი არ მეჩვენებოდა. უკან მამის შეხება ვიგრძენი და რომ გავიხედე ისეთივე შეშფოთებული იყო ისიც, როგორც მე. რაც ხდებოდა არ იყო ნორმალური, ეს არ იყო ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, ასე უბრალოდ არ მოძრაობდა მიწა არცერთი მთიდან და კლდიდან. რაღაც არანორმალური ხდებოდა და სასწრაფოდ უნდა მოგვეფიქრებინა რამე, თუმცა შოკისგან შენელებულები ვერაფერს ვფიქრობდით და უბრალოდ მორბენალ მიწას ვაშტერდებოდით.
თითქოს ღმერთმა ეს სოფელი წამიერად დატოვა და ბუნებას დაუთმო კონტროლი რომ დამოუკიდებლად შეესრულებინა საქმე. თითქოს ამდენი ხნის განმავლობაში დედამიწის კანონები ირღვეოდა და ეს იყო ყველაფრის კულმინაცია, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ვამჩნევდით. მან აღარ იცოდა აღარც მტერი, აღარც მოყვარე და მზად იყო რომ ყველა შემხვედრის სული წაეღო. მიწა გახდა ჩვენი კოტეჯის პირველი სტუმარი, თანაც დაუპატიჟებელი.
ვიფიქრე, ალბათ რამდენიმე წუთში ყველაფერი ისევ ნორმალური იქნებოდა, თუმცა ტყის მაღალი მხრიდან დავინახე უფრო მასიუეი შავ-ბნელი ტალღა, რომელიც გააფთრებული მოდიოდა ჩვენსკენ. ვხედავდი ტოტებს, ხეებს, ნივთებს და ყველაფერს, რაც ამ ტალღას გამოჰქონდა. ხეები ძირს იქცეოდა და მასთან ერთად მოდიოდა ჩვენი მიმართულებით. იმასაც ვერ ვიაზრებდი, თუ რამდენად სწრაფად მოდიოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა და გონება ვერ ეწეოდა, რომ ერთანად აღმექვა ეს. ღმერთო ჩემო, შეუჩერებლად მოდიოდა, თითქოს აგვიანდებოდა სადმე და ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდა სასურველ დანიშნულებას.
ამ მოვლენით მოჯადოებულებს, მე, ლიზას, მამას და დედას ერთი უმნიშნელოვანესი დეტალი გამოგვრჩა. დედა გამოფხიზლდა და მთელ ხმაზე დაიყვირა: “ნოე!”. ყველამ, სისხლგაციებულებმა ერთიანად გავიხედეთ ერთი მიმართულებით და დავინახეთ, რომ პატარა ტარაკანა, ჩვენი ხორცის გროვა, ჩვენი კოტეჯიდან ძალიან მოშორებით იყო ჩაკუზული და თვალებზე და ყურებზე ხელები აფარებული ჰქონდა. მისგან უკვე არც ისე შორს მიწის ტალღა ახლოვდებოდა და სადაც იყო დაარტყამდა. ლიზამ, დედამ, მამამ ყვირილი მორთეს, მე კი შოკისგან გათეთრებული და გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას. მამამ მე და ლიზას ხელი მოგვკიდა და ერთმანეთთან მიგვაყუდა. დედა გარეთ გაიქცა და ნოესკენ წავიდა. ვხედავდი ამ საშინელ სურათს, თუ როგორ მირბოდა სასოწარკვეთილი დედაჩემი პატარა, საწყალი ნოესკენ და როგორ უნდოდა, რომ ხელში აეყვანა და ჩახუტებოდა. ყველაფერი სინათლის სიჩქარით ხდებოდა, მიწის მოძრაობა არაფრით ჩამოუვარდებოდა მრბოლელ მანქანებს. იმდენად სწრაფად მოდიოდა, რომ დედამ ნოემდე მისვლა ვერ მიასწრო და უკან მიეწია. ყველამ ერთდროულად ავიფარეთ ხელები ტუჩებზე, დედა მიწამ წააქცია. მუხლების ოდნავ მაღალ მხარემდე სრულიად დატბორილი იყო, მაგრამ მოძრაობას მაინც აგრძელებდა. ძალიან მალე, ტალღამ ნოეს მიაღწია და ჩვენი პატარა, თბილი, ხუმარა და სიყვარულის ბიჭი სრულიად ჩასანსლა. მამა და ლიზა მოძრაობდნენ და ამით გამოხატავდნენ პანიკას, მე კი ისევ გაშეშებული ვიდექი და ვრგძნობდი, როგორ მცვიოდა ცრემლები თვალებიდან.
დედა გადაადგილებასთან ერთად, ყვიროდა, ტალახიანი ხელებით თმებს იწიწკნიდა და ცდილობდა, რომ ნოემდე მისულიყო. შესაძლოა მისი მიწიდან ამოყვანისა და გადარჩენის შანსი არსებულიყო, თუმცა არ ვიცოდით რომ ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო იმისა, რაც წინ გველოდა. დედამ, გაოფლიანებულმა, დასახიჩრებულმა და ტალახიანმა ორი წუთით გვერდით გაიხედა და დაინახა, რომ მოდიოდა მეორე მიწის ტალღა, რომელიც ოთხჯერ უფრო დიდი იყო იმასთან შედარებით, რაც აქამდე ვიხილეთ. ამას მაინც არ შეუჩერებია მისი სვლა და ნოესკენ გაუჩერებლად მიდიოდა. საბოლოოდ, როცა მიაღწია, იმედის ნაპერწკალი ამენთო გულში, რომ შეიძლებოდა ამოეყვანა. ხელებით ცდილობდა, რომ მიწა გაეყო, აქეთ-იქით ისროდა ტალახის გროვებს და ძაღლივით თხრიდა, რომ თავისი შვილი ეპოვა. თავი ფილმში მეგონა, რადგან ვიცოდი, რომ ასეთი რაღაცეები იშვიათი იყო და მხოლოდ ფიქციურ ამბებში ხდებოდა. მალევე, მეორე ტალღამ დედასაც დაარტყა და ბოლომდე წააქცია, მასთან ერთად გაიყოლა და ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა ჩვენი საწყალი ლანა. ხელებით ებღაუჭებოდა მიწას, რომ ნოესგან ტალღას შორს არ წაეღო და ძებნა გაეგრძლებინა, თუმცა მიწის ძალას ვერ აჯობა და დინებას გაჰყვა.
ამ დროს მივხვდი, გავიაზრე, სხეულში გამიარა, რომ ჩემი ძმა უკვე აღარ არსებობდა. ყველაფერი რაც მის შესახებ ვიცოდი უბრალო კონცეპტად იყო ქცეული და მისი დანახვა მხოლოდ მისი დანაწევრიანებული გვამის მეშვეობით შემეძლო. მუხლებზე დავვარდი, ყელში ვეებერთელა ბურთი გამეჭედა და მთელ ხმაზე ტირილი მოვცხე. La Femme-ს სიმღერა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და მოხსნილი ყურსასმენებიდან მისი მელოდია შემზარავად ერწყმოდა მომხდარ ვითარებას. ლიზა მთელ ხმაზე ტიროდა, მამა ნოესა და დედის გადასარჩენად უიმედოდ გარეთ გასვლას ცდილობდა, მაგრამ კარები, რომ გააღო მიხვდა, რომ ამით მე და ლიზასაც შეგვიქმნიდა საფრთხეს. ერთადერთი ის ჰქონდა დარჩენილი, რომ მე და ის შევენარჩუნებინეთ და ამის გარისკვა, როგორც ჩანს მისთვის ბოლო გადაწყვეტილება იქნებოდა.
ვიყურებოდი, თვალს არ ვაცილებდი იმ ადგილს, რომელშიც მიწამ ჩემი პატარა ძმა, ნოე სრულიად ჩასანსლა და მის ნაწილად აქცია. მინდოდა, რომ მიწიდან ხელი დამენახა, მისი პატარა, პაწუკა ხელი და გამეგო მისი ხმა - “აქ ვარ და კარგად არის ყველაფერიო”, მაგრამ რაც უფრო მეტი წამი გადიოდა, მით უფრო მიკვდებოდა იმედი და ვხვდებოდი, რომ ჩემს ძმას ცოცხალს ვეღარასოდეს ვნახავდი. ის უკვე გაგუდული და მისი პატარა ფილტვები სრულიად დახეთქილი იქნებოდა უჰაერობისგან. რომ შემეძლოს იმის აღწერა, თუ როგორი იყო, რომ პატარა ძმა ასე მოულოდნელად და ტრაგიკულად დავკარგე, ალბათ ვიტყოდი, რომ ჩემი თავის ნაწილიც მას გავაყოლე. თითქოს ფსიქოლოგიურად გარდავიცვალე და გამოცოცხლება მხოლოდ იმით შემეძლო, თუ ჩემს ძმას ისევ ვიხილავდი, ანუ სიცოცხლის შემდეგ.
რატომ მოხდა ეს? რატომ მაინც და მაინც ნოე? ჩვენი ნათელი წერტილი, ჩვენი პატარა მეომარი, რომელიც სიცოცხლით სავსე და ბედნიერი არსება იყო. რატომ ნოე და არა მე, რომელსაც დედის სიყვარულში რამდენიმე წუთის წინ ეჭვი მქონდა შეტანილი და მისთვის ბოლო სიტყვების თქმაც ვერ მოვასწარი, რომ ამეხსნა სინამდვილეში რამდენად მიყვარდა? არა, დედა მკვდარი არ უნდა ყოფილიყო, ვეღარ ვხედავდით, მაგრამ დიდი ალბათობით რამეს მოეჭიდა, ამოვიდა ტალახიდან და გადარჩა. ყველა მიზეზს ვეძებდი, რომ დედა ცოცხალი ყოფილიყო. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ბუნებამ არა მხოლოდ პატარა ძმა, არამედ დედაც წამართვა. ვერ გადავიტანდი, რომ ასე ცივად დასრულებულიყო ჩემი და დედას ურთიერთობა ჩემს გამო.
გარშემო ხალხი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, დავინახე ერთი შეყვარებულთა წყვილი როგორ აძვრა პატარა ხეზე, მაგრამ მიწამ ჩამოაგდო და ორივე მოკლა. ვხედავდი ტალახში ჩაფლულ ხალხს, ზოგი უმკლავდებოდა, ზოგი კი სრულიად შიგნით იყო შენახული. სახლები პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით მიწასთან სწორდებოდა და სრული ქაოსი იდგა. ჯოჯოხეთში მეგონა თავი, კოშმარში, სიზმარში, მოჩვენებით ეპიზოდში და არაფერი მეგონა რეალური.
ჩემი პატარა ძმა აღარ იყო, მიწამ წამართვა, გააქრო, ნაკუწებად დაშალა, სამუდამოდ წაიღო მისი სული და აღარასოდეს დამიბრუნებდა. ჩემი საწყალი, პატარა ძმა, რომელიც მთელი გულით და სულით უყვარდა მთელს ოჯახს. ჩვენი იმედი, რომელიც ყველა ცუდ ხასიათს გვიუმჯობესებდა და გვახსენებდა, რომ სიცოცხლე ღირდა.
ბუნების მოწყობილი სასაკლაო იყო შექმნილი და ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანდა. მეორე ტალღის დასრულების შემდეგ, იმის იმედი, რომ ეს ბოლო იქნებოდა, ნამდვილად ჩამკვდარი გვქონდა, დამანგრეველი ხმები ისევ იგივე ადგილიდან გვესმოდა.
ნაწილი 3 - ტალახის გარეშე ლოტუსი ვერ იცოცხლებს
შუადღე იყო, სტუდენტების უმრავლესობა უკვე აუდიტორიაში მზად იყო, რომ სემინარის მოსმენა გაეგრძელებინათ. ბატონმა ჰალსტუხი გაისწორა, იქაურ კრემისფერ კედლებს შეხედა, AC ჩართო და განაგრძო:
- მეწყერი, ქანების, ნიადაგისა და ნამსხვრევების დრამატული და ხშირად დამანგრეველი მოძრაობაა ფერდობზე ქვემოთ, არის გეოლოგიური ფენომენი, რომელიც აყალიბებს კატასტროფას და საფრთხეს უქმნის ჩვენს სამყაროს. ეს მოვლენები გეოლოგიური, მეტეოროლოგიური და ანთროპოგენური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ერთი ქვეყანა, რომელიც ნათლად ასახავს მეწყრების ღრმა გავლენას, არის ჩვენი საქართველო, მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და რთული გეოლოგიური შემადგენლობით დაჯილდოებული ერი. ამ სემინარზე ჩვენ ჩავუღრმავდებით მეწყერებთან დაკავშირებულ მიზეზებს, შედეგებს და შერბილების სტრატეგიებს, აქცენტს გავამახვილებთ მათ მნიშვნელობაზე საქართველოში. მეწყერს იწვევს სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს დედამიწის მასალების ფერდობზე მოძრაობას. გეოლოგია გადამწყვეტ როლს თამაშობს. კლდისა და ნიადაგის ტიპები, მათი ურთიერთქმედება და გაჯერების დონე გავლენას ახდენს ფერდობის სტაბილურობაზე. გადაჭარბებულმა ნალექმა შეიძლება მიწა დაასველოს, წაართვას მას ძალა და გამოიწვიოს მისი მოძრაობა. მიწისძვრებმა მიწის შერყევის შედეგად შეიძლება გაანადგურდეს ქანები, ნასმხვრევები და გამოიწვიოს მეწყერი. გარდა ამისა, ადამიანის საქმიანობამ, როგორიცაა ტყეების გაჩეხვა, ურბანიზაცია და საფრთხის შემცველი სამშენებლო პრაქტიკა, შეუძლია გამოიწვიოს ფერდობების დესტაბილიზაცია, რაც მათ უფრო მგრძნობიარეს ხდის. - ლეპტოპში სლაიდშოუს შემდეგი გვერდი ჩართო, - საქართველო, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მრავალფეროვნებით, მეწყერსაშიში ტერიტორიის ნამდვილ მაგალითს იძლევა. მისი გეოლოგიური მრავალფეროვნება აისახება სხვადასხვა ტიპის კლდესა და ნიადაგში მთელს მიწაზე. ისეთ რაიონებში, როგორიც არის სვანეთი და რაჭა, რომლებიც ხასიათდება მაღალი მთებით, ციცაბო ფერდობებითა და რთული ტოპოგრაფიით, განსაკუთრებით მწვავეა მეწყრული განვითარების რისკი. მათი დაკბილული მწვერვალებითა და მგრძნობიარე რელიეფით, შეიძლება განიცადოს დამანგრეველი მეწყერი ინტენსიური ნალექის პერიოდში. გადაჭარბებულმა წვიმამ, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, შეიძლება გადატვირთოს ნიადაგის შეკავების უნარი და გამოიწვიოს მეწყერი. სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ადამიანის საქმიანობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ რისკს. ურბანიზაცია იჭრება ბუნებრივ ფერდობებზე, ცვლის მათ მდგრადობას. ტყის განადგურება, რომელიც გამოწვეულია სასოფლო-სამეურნეო გაფართოებით, ნიადაგის ეროზიას იწვევს და ასუსტებს ფერდობების მთლიანობას. - ღრმად ჩაისუნთქა, - მეწყრების შედეგები მრავალფეროვანია და შეიძლება ძლიერი ზიანი მიაყენოს დაზარალებულ რაიონებს. სიცოცხლისა და ქონების დაკარგვა ტრაგიკული შედეგია, რადგან მეწყერს შეუძლია სახლების დამარხვა, გზების გადაკეტვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა. გარემოს შემდგომი შედეგები მოიცავს ნიადაგის ეროზიას და ნამსხვრევების გადაადგილებას, რამაც შეიძლება დააბინძუროს წყლის ობიექტები და დაარღვიოს ეკოსისტემები. ეკონომიკურად, მეწყერმა შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო მარშრუტების სერიოზული შეფერხება, რაც გამოიწვევს ფინანსურ ზარალს ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს შორის. გრძელვადიანი ეფექტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან შეცვლილმა ლანდშაფტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მიწის გამოყენებაზე, სოფლის მეურნეობასა და თემის განსახლების გეგმებზეც კი. მეწყერებთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქება მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას. მიწათსარგებლობის დაგეგმარება გადამწყვეტ როლს ასრულებს მაღალი რისკის ზონებში მშენებლობის პრევენციაში. ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიას ნალექის, მიწის მოძრაობის და სეისმური აქტივობების მონიტორინგისთვის, უზრუნველყოფს ძვირფას დროს ევაკუაციისა და მზადყოფნისთვის. მცენარეული საფარის მართვა, როგორიცაა ტყის გაშენება და არსებული მწვანე საფარის შენარჩუნება, ასტაბილურებს ფერდობებს და ამცირებს ეროზიას. საინჟინრო გადაწყვეტილებები, როგორიცაა საყრდენი კედლებისა და სადრენაჟე სისტემების მშენებლობა, გვეხმარება მეწყრების თავიდან აცილებაში ან მათი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაში. - ბოლო სლაიდზე გადართო, გაემზადა, რომ მოყოლა დაემთავრებინა. - მეწყერი ბუნებრივი გეოლოგიური მოვლენაა, როგორც ტრანსფორმაციული, ასევე დესტრუქციული პოტენციალით. საქართველო არის გეოლოგიური ფაქტორების, ტოპოგრაფიის, ნალექისა და ადამიანის აქტივობების კომპლექსური ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი მაგალითი, რომლებიც ხელს უწყობენ მიდრეკილებას მეწყერისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული საფრთხის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, სათანადო გაგებამ, მზადყოფნამ და პროაქტიულმა ზომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მათი გავლენა.
წყნარ და უღიამღამო თბილისის ქუჩაზე, მოძრავი მანქანებისა და ხელუხლებელი მაღაზიების გაუთავებელ მონაკვეთებს შორის ცხოვრობდა დავითი. პროფესიით გეოლოგი, განქორწინებული და საკუთარი ცხოვრებით დამტკბარი, საზოგადოების მღელვარე რიტმს მოწყვეტილი ადამიანი იყო. მისი სამყარო იყო ექსცენტრიულობით მოცული დინამიკა, მისი გონება კი შექმნილი იყო არატრადიციული პერსპექტივებითა და ღრმა გატაცებით აღმოეჩინა დედამიწის დამალული საგანძურები.
მისი თავისებურებების ანარეკლი პატარა ბინა, რომელშიც ცხოვრობდა, იყო გეოლოგიური ნიმუშების, უძველესი ნივთებისა და უამრავი უცნაური წვრილმანის ქაოტური ნაზავი, რომელიც მან მოგზაურობების დროს შეაგროვა. ხელოვნების ნიმუშებად ჰქონდა გაქვავებული ნივთები, რაც ადასტურებდა მის დაუსრულებელ ცნობისმოყვარეობას დროისა და სივრცის შეცნობის შესახებ.
ცხოვრებამ მარტოობამდე მიიყვანა. მისი ქორწინება, ოდესღაც სიყვრაულით სავსე და ძლიერი, დაიმსხვრა ორი შეუთავსებელი სულის სიმძიმის ქვეშ. განქორწინებამ მას დაუტოვა ახლად აღმოჩენილი თავისუფლება, მაგრამ ასევე იზოლაციის ხანგრძლივი გრძნობა. თუმცა, დავითმა თავისი მარტოობა გარკვეული ელეგანტურობით მოიცვა. მისი დღეები ბუნების ლამაზ სანახაობებში გადიოდა, მისი თანამგზავრი იყო კლდეები და ნიადაგები, რომლებიც დედამიწის ამოუხსნელი საიდუმლოებების შესახებ უჩურჩულებდა.
მისი ექსცენტრიული მსოფლმხედველობა მეზობლებს შორის ლეგენდად იქცა. ხშირად ამხნევებდა ყველას, ვისაც სურდა მოესმინა უძველესი ცივილიზაციების ამბები, ეხებოდა ბუნებას და თუ როგორ იყო თავად დედამიწა ცოცხალი. მეზობლებს, მიუხედავად იმისა, რომ მოხიბლული იყვნენ მისი ამბებით, ხშირად მას რეალობის მიჯნაზე მცხოვრებ მარტოსულად თვლიდნენ. მიუხედავად ამისა, მის ქცევაში უდაო მიმზიდველობა იყო. თვალებში უჩანდა სიბრძნის სიღრმე, რომელიც იზიდავდა ხალხს, რომ მისგან მეტი რამ გაეგოთ.
ერთ საბედისწერო დღეს, ქალაქი მოულოდნელი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა - მცირე ბიძგების სერიამ მოიცვა რეგიონი, რამაც საზოგადოება შეაშფოთა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმართა დავითს და აღიარა მისი გეოლოგიური ექსპერტიზა. ის ყოველთვის ბოლომდე და სწორად ასრულებდა დავალებულ საქმეს და ამით სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. დაუღალავად შრომობდა, მისი ხელები მიწის კონტურებს ისე ათვალიერებდა, თითქოს ეს მისი არსების გაგრძელება იყო. რყევების ინტენსივობის მატებასთან ერთად, დავითის შესასრულებელი დავალებაც უფრო რთულდებოდა. ის საათობით ათვალიერებდა ქვების კოლექციას და ეძებდა პასუხებს მათ ჩუმ ენაზე. საქმე წარმატებით დაასრულა.
ბავშვობაში დავითს გუბეებისა და წყაროების აღმოჩენა უყვარდა. თითქოს ამყარებდა უსიტყვო კავშირს და ტელეპატიურად ესაუბრებოდა. წვიმა მისი საყვარელი ამინდი იყო, რადგან რაც უფრო მეტი წყალი იყო მის გარშემო, მით უფრო ბედნიერი და ლაღი ხდებოდა. სკოლაში ბევრი მეგობარი არ ჰყოლია და ეს ზუსტად მისი ამ ექსცენტრიული ხასიათების შესაბამისად ხდებოდა. სინამდვილეში, არც აინტერესებდა სკოლის ან ქუჩის მეგობრები, რადგან მას საკმაოდ სტაბილური და ძვირადღირებული ურთიერთობა ჰქონდა უფროსებთან. მოსწონდა მასწავლებლის თვალში გამოჩენა, შექება, უმეგობრდებოდა მაშინდელ ავტორიტეტებს და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მხოლოდ მათგან აეღო მაგალითი და არ მოქცეულიყო ახალგაზრდათა ზეწოლის ქვეშ.
დაბადებიდანვე იცოდა, რასაც ითხოვდა სამყაროსგან. წყურვილი კლავდა, რომ რაც შეეძლო მეტი შეესწავლა გარემოს, ბუნებისა და საზოგადოების ფსიქოლოგიის შესახებ. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო და ოქროს მედალზე დაამთავრა სწავლა. უნივერსიტეტში გეოგრაფია აირჩია და სრული მონდომებით გაჰყვა თავის საქმეს. მისი მშობლები, მასწავლებლები და ტუტორები მისით ამაყობდნენ და მთელ თავიანთ იმედებს მასში აქსოვდნენ.
და-ძმის გარეშე უფრო მეტი დრო ჰქონდა, რომ საკუთარ თავზე მობილიზებულიყო და რაც შეიძლებოდა მეტი რამ გაეკეთებინა საკუთარი თავისთვისა და სამყაროსთვის. მუდმვიად ჩართული იყო ახალგაზრდულ პროექტებში, მოხალისეობდა გარემოს დაცვით ღონისძიებებში და თვითონაც ქმნიდა მსგავსს.
მისი გონება საკმაოდ ცივი და რაციონალური იყო, თუმცა ეს მის თბილ გულს მაინც არ აჩერებდა. სიყვარული და მზრუნველობა მისი პირველი მახასიათებლები იყო და ფიქრობდა, რომ ადამიანები, ერთმანეთის გაგება და მათი ემპათია საუკეთესო საჩუქარი იყო ღმერთისგან, რადგან მხოლოდ ამით შეძლებდნენ ისინი იმის მიღწევას, რაც უკეთეს მომავალს შექმნიდა ყველასთვის.
იგი თბილისში, ცენტრისგან საკმაოდ მოშორებით ადგილას დაიბადა და გაიზარდა, სადაც ყველა თემის პრობლემასა და საკითხის სწორად აღქმა ჩამოუყალიბდა. მას მრავალი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და გამოცდილი იყო არაერთ საქმეში. უყვარდა სიმართლის თქმა, ვერ იტანდა უსამართლობას და მუდამ მზად იყო, რომ თუ რაიმე უსამართლობას შეესწრებოდა თავისი ხმა გაეჟღერებინა.
უნივერსიტეტშიც შეიმჩნა მისი წარჩინება და ლექტორები მას განსაკუთრებულ სტუდენტეად აღიქვამდნენ. რთავდნენ მრავალ პროექტში, მიყავდათ ექსკურსიებზე, სთავაზობდნენ სამსახურებს და მასში ხედავდნენ ნამდვილ მეომარს, რომელიც არასოდეს დანებდებოდა მიეღწია თავისი მიზნისთვის.
მისი ფიზიკური სამყაროს ძლიერი სიყვარულის გარდა, იგი ასევე დაინტერესებული იყო მარველისა და DC-ს ფანტასტიკური სამყაროს პერსონაჟებით. ბავშვობიდან უყვარდა ამ ფილმების ნახვა, განხილვა, სხვებთან აზრების გაზიარება და უნდოდა, რომ ოდესღაც თვითონაც ყოფილიყო სუპერგმირის როლში და ადამიანები გადაერჩინა. შესაძლოა, მისი მიდრეკილება სუპერგმირების შეყვარებისკენ იყო ის ფაქტი, რომ მას ადრეულ ასაკში მამა გარდაეცვალა და ამ გმირების საშუალებით იგი იქმნიდა სუპერგმირის სახით მამის ფიგურის ილუზიას, რომელიც საკმაოდ გამოსადეგარი გახდა მისთვის. კაპიტანი ამერიკიდან დაწყებული, ბეტმენით დასრულებული, ყველა ფიქციური თავგადასავალი იზიდავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გამოცდიდა იგივეს რასაც სუპერგმირები.
ოცდასამი წლის ასაკში მან გაიცნო მარიამი, მისი ყოფილი ცოლი, რომელთანაც თავიდან საოცრად საინტერესო და ძლიერი ურთიერთობა დაამყარა. ორივეს ჰქონდა ერთი და იგივე მიდრეკილება შეეტყოთ მეტი სამყაროს ფიზიკურ მხარეზე. ურთიერთობა დაიწყო, როდესაც ის მას ერთ-ერთ ნეონის განათებებით გავსილ ბარში შეხვდა. სულ შემთხვევით ჩამოვარდა მათ შორის საუბარი და ეს იყო დასაწყისი იმისა, რასაც ორივე სიყვარულად აღიქვამდა.
ერთმანეთზე ზრუნავდნენ, არასოდეს ტოვებდნენ ერთმანეთს მარტო, უყვარდათ თავგადასავლების ერთად გადალახვა და ამის გამო უამრავ ქვეყანაში იმოგზაურეს. ერთად კოსტა რიკაზე, ტროპიკული ტყეების მონახულება მათი უბედნიერესი მოგონება იყო.
ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ ორი წლის განმავლობაში, მარიამმა გვიან შენიშნა, რომ დავითი მეტად ინტროვერტული და სოციუმისგან გარიდებული ადამიანი იყო. ეს უქმნიდათ პრობლემებს, რადგან მარიამი მოწყენილად გრძნობდა თავს და დავითის ბუნება მის სიცოცხლეს აღარანაირ ხალისს მატებდა. რა თქმა უნდა, განშორების მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა, თუმცა ამის საფუძველზე მათ მრავალი კამათი მოსდიოდათ და ვერასოდეს თანხმდებოდნენ. როდესაც მარიამმა დავითი საბოლოოდ მიატოვა, მას მძიმე დეპრესიის პერიოდი დაეწყო და წონაში შესამჩნევად დაიკლო. მოუმატა ალკოჰოლის მიღებას, საკუთარ თავთან განმარტოებასა და თავისივე ფიქრების ლაბირნთში გახლართვას. სამსახური ერთადერთი რამ იყო, რაც მას ადამიანად აგრძნობინებდა თავს.
მისი შავი, სქელი და სწორი თმა, ხშირად გაწითლებული ლოყები, ნაზი კანი და გაპარსული წვერი მას მოზარდის შთაბეჭდილებას უტოვებდა, თუმცა ის უკვე ოცდახუთი წლის იყო. გარეგნობის გამო, ახლად გაცნობილი ადამიანები ხშირად მას სერიოზულად არ უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პატარა ბავშვის გონება ჰქონდა, თუმცა იგი მარტივად ახერხებდა მათ გადარწმუნებას და თავისი გამჭრიახი გონებით აოცებდა.
ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც დავითი დილის ყავას მიირთმევდა და აივნის მცენარეების ყურებით ტკბებოდა, მოულოდნელი ზარი შემოვიდა მის ტელეფონზე:
- გისმენთ? - გაკვირვებით კითხრა, რადგან ნომერი ჩაწერილი არ ჰქონდა.
- დავითს ვესაუბრები? - თქვა ინგლისურად, ხმა ხანში შესული კაცისგან მოდიოდა.
- დიახ, რაშია საქმე?
- იცით, მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ და შრომობენ, რათა თავიანთი საქმე ბოლომდე და წარმატებულად მიიყვანონ. უბრალოდ შთამაგონებელია ამ დონის გარჯა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხმარება, მხოლოდ ერთი ინდივიდუალის დახმარებით.
- ბოდიშით, რომ შეგაწყვეტინებთ, მაგრამ საით მივდივართ?
- ბატონო დავით, ჩვენ მოხარულნი ვართ მოგიწვიოთ და შემოგვიერთდით საინტერესო გეოლოგიურ ექსპედიციაში აქ, შეერთებულ შტატებში - მე ამ კომპანიის ამბასადორი ვარ. ეს ექსპედიცია გვპირდება, რომ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლოთ ყველაზე მომხიბლავი გეოლოგიური წარმონაქმნები და ლანდშაფტები, რომლებსაც ეს კომპანია გთავაზობთ. ექსპედიცია დაგეგმილია შემდეგი კვირიდან და მოიცავს გეოლოგიურ უბნებს, დაწყებული მთის მწვერვალებიდან მშვიდი სანაპიროების წარმონაქმნების ჩათვლით. თქვენ არა მხოლოდ გექნებათ შესაძლებლობა ახლოდან შეისწავლოთ ეს გეოლოგიური საოცრებები, არამედ შეძლებთ ითანამშრომლოთ ჩვენს გამოცდილ გეოლოგთა გუნდთან, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება და ისწავლოთ ერთმანეთისგან. ჩვენ გვესმის, რომ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა სხვადასხვა სირთლეებს მოიცავს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გაგიწევთ ყველა საჭირო მხარდაჭერას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებით მოგზაურობის მოწყობაში, დასახლებასა და ნებისმიერ სხვა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გქონდეთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ყოფნა გაზრდის გამოცდილებას ყველა მონაწილისთვის. - ცოტა ხნით დავითმა დუმილი არჩია და ხელებით თვალები ამოიწმინდა.
- რამდენი ხანი გრძელდება ექსპედიცია?
- ექსპედიცია არა, ბატონო დავით, ეს იქნება ექსპედიციები. ჩვენ გთავაზობთ სრულიად ახალ სამსახურს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მხოლოდ თქვენი თანხმობა გვჭირდება და მაშინვე დავიწყებთ ვიზის საქმის მოგვარებას.
- იცით, არამგონია, რომ გამოვდგე.
- რას გულისხმობთ, ბატონო დავით? თქვენზე მრავალი რამ გვსმენია და ვიცით რამდენად იდეალურად ასრულებთ თქვენს საქმეს. არ ინერვიულოთ არაფერზე.
- არა, მაგას არ ვამბობ, უფრო სხვა მიზეზი მაქვს, ამიტომ ბოდიშით, სხვისი მოძებნა მოგიწევთ. წარმატებებს გისურვებთ!
მაღალი ხელფასი, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, პროფესიული ზრდა და ყველაფერი დადებითი რაც ამ გამოცდილებას შეიძლებოდა მოეტანა არ იყო საკმარისი დავითისთვოს. მას ადრეულ ასაკში პირობა ჰქონდა დადებული საკუთარ თავთან, რომ მის ცოდნასა და გამოცდილებას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენებდა. იცოდა რამდენსაც ნიშნავდა მისი არსებობა საქართველოსთვის. თვლიდა, რომ სხვა ქვეყანაში იგივე გულს ვერ ჩააქსოვდა საქმეში და ესეც ცალკე გაჭირვება იქნებოდა. მას სულისკვეთება, საკუთარ თემზე ზრუნვა და ჯანსაღი პატრიოტიზმი ამოძრავებდა.
დავითისთვის პრობლემები თავის ქვეყანაში საკმაოდ შეცნობილი ჰქონდა. ეკონომიკური საკითხები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს გამოწვევებში. უმუშევრობა და შემოსავლის უთანასწორობა, განათლების დაბალი დონე და სოციალური პრობლემები მისთვის ნათელი იყო.
ეკონომიკის გარდა, ეკოლოგიური გამოწვევებიც აწყდებოდა საქართველოს. ტყეების გაჩეხვას, ნიადაგის ეროზიასა და გარემოს დაბინძურებას აქვს პოტენციალი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტებს და მდიდარ ბიომრავალფეროვნებას. ამ საკითხების მოგვარება მოითხოვს ძლიერი, თავდაჯერებული და განათლებული საზოგადოების არსებობას. დავითი თვლიდა, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ქვეყნის დატოვება და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი ყველაზე კარგი იდეა არ იქნებოდა. მას უნდოდა, რომ თავის ქვეყანაში ცვლილება შეეტანა და მისი შრომა მომავალშიც გამოსადეგარი ყოფილიყო.
დავითისთვის ძლიერი და სასწაულებრივად მაღალი შემოსავალი არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი. ის საკმაოდ ბედნიერი იყო იმით, რაც ჰქონდა. სინამდვილეში, სულის საკვებსა და წინსვლას მისი საქმიანობა განაგებდა. შეეძლო ყოველგვარი სტრესი საქმეზე მობილიზებითა და ფოკუსირებით გადაეტანა. ამიტომ იყო მისთვის, ერთი შეხედვით, ასეთი ადვილი განქორწინების გადახარშვა.
კოლეგები მას აღიქვამდნენ, როგორც დაუმარცხებელი კონკურენტი, რომელიც ასევე მხარდაჭერას გამოხატავდა სხვების მიმართ. მისთვის არც პირველობა იყო მნიშვნელოვანი ან რამე საქმის სხვაზე უკეთ გაკეთება, მთავარია სწორად და ისე გამოსულიყო ყველაფერი, როგორც საჭირო იყო.
დავითს ჰყავდა ერთადერთი ახლო მეგობარი, სახელად გიორგი. მათი მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც მეზობლობდნენ და მათი მშობლები აიძულებდნენ, რომ ემეგობრათ. დავითს არ უნდოდა, რომ თავის იდუმალ და საინტერესო სამყაროში ვინმე შემოეშვა, თუმცა დედის ზეწოლამ იმოქმედა და სულ მალე ის და გიორგი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ერთად აღნიშნავდნენ დღესასწაულებს, უზიარებდნენ სიხარულს, ტკივილს, სევდას და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნიდნენ. მათი საყვარელი აქტივობა იყო კომპიუტერული თამაშები, რაც მათი მეგობრობის ჯაჭვს უფრო ძლიერს ხდიდა. გიორგი დავითს ამხნევებდა, როცა მისი და მარიამის განშორების პერიოდი ჰქონდა და მისი სიტყვები ნამდვილად შვება იყო დავითისთვის.
ხშირად, გიორგი დავითს სამსახურის ექსპედიციებზე მიყვებოდა და რჩევებსაც აძლევდა. თვითონ გიორგი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, თუმცა ყოველთვის შეეძლო გამოენახა დრო თავისი უახლოესი მეგობრისთვის. თანაც, მისთვის საინტერესო იყო ახალი რაღაცეების შესწავლა და აღმოჩენა. სამსახურის გარდა, ერთად დადიოდნენ დასასვენებლადაც და ერთხელაც გადაწყვიტეს, რომ მოენახულებინათ რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი, შოვი.
გზა მოტრიალდა და უეცრად თვალისმომჭრელი ხედები გადაიშალა მათ წინაშე. შოვის მთები კალთაში ჩაფლული ძვირფასი ქვასავით გაჩნდა. მდელოებზე გადაჭიმული ველური ყვავილების გრძელი ხალიჩა, რომელიც სურათს ფერთა ნათელ პალიტრაში ხატავდა - გვირილებიდან ყაყაჩოებდე დამთავრებული. მოციმციმე ტალღებით შემკული მდინარე ნაზად მიედინებოდა ხეობის გულში, მისი მშვიდი მელოდია ატარებდა აქაურობის საიდუმლოებს.
რაც უფრო ღრმად შევიდნენ შოვში, თვალი მოკრეს სოფელს. დავითისთვის ეს პირველი მოგზაურობა იყო რაჭაში. ხის შალეები ციცაბო ორპირიანი სახურავებით მოფენოდა ლანდშაფტს, თითოეული მათგანი მიმზიდველ ხიბლს აფრქვევდა. კვამლი ნაზად გამოდიოდა ბუხრებიდან, რაც მიანიშნებდა სითბოსა და სიმყუდროვის შესახებ. მაღალი ფიჭვის ხეებით დაჩრდილული სოფელი სიმშვიდის ჰაერს შთანთქავდა.
ღიმილით მიუბრუნდა დავითს გიორგი:
- კეთილი იყოს შენი მობრძანება შოვში, ჩემო მეგობარო. ეს ის ადგილია, სადაც დრო ნელდება და ბუნების მშვენიერებას ცენტრალური ადგილი უკავია. ადგილობრივები თავიანთ ტრადიციებს მჭიდროდ იცავენ და ნახავ, რომ აქ ცხოვრების ტემპი შორს არის ქალაქის აურზაურისგან.
სოფლის გულს ამშვენებდა მოედანი, სადაც პატარა შადრევანი იდგა, როგორც ცენტრალური ნაწილი. მისი წყალი ნაზად მიედინებოდა აუზში. მოედნის გარშემო იყო ადგილობრივი მაღაზიები, ახლომდებარე საცხობიდან ახლად გამომცხვარი პურის არომატი ტრიალებდა და გამვლელებს აცდუნებდა თავისი მომაჯადოებელი სურნელით.
როცა საღამოს მზე შოვს თბილ ნათებას აფარებდა, დავითი და გიორგი სოფლის ქვაფენილ ქუჩებში სეირნობდნენ, მეგობრულ ადგილობრივ მოსახლეობას ესალმებოდნენ და ჰაერში გაჟღენთილი სიმშვიდით იყვნენ სავსე. იმ მომენტში დავითი მიხვდა, რომ შეაბიჯა სამყაროში, რომელიც ხელუხლებელი ჩანდა თანამედროვეობის სწრაფი ტემპისგან. შოვი იყო ადგილი, სადაც დრო თითქოს არ არსებობდა, რაც მის მნახველებს საშუალებას აძლევდა ეგრძნოთ ცხოვრების უბრალო სიხარული და ბუნების სილამაზე მისი სუფთა სახით. როცა ირგვლივ იყურებოდა, იცოდა, რომ ეს მოგზაურობა გარდამტეხი იქნებოდა. მათი საუბრის შემაჩერებელი მიზეზი დავითის გაშტერება გახდა. მას თითქოს საგანძური ჰქონდა ნაპოვნი, ისე უყურებდა ერთ-ერთ ქვას, რომელიც კოტეჯებთან ახლოს იდო.
- ხო მშვიდობაა, დავით? - იკითხა გაკვირვებულმა გიორგიმ იმ იმედით, რომ გაიგებდა რა ხდებოდა.
- კი, - დავითმა შეხედა, - უფროსწორად არა, არ არის მშვიდობა.
- რატომ? - გიორგის თვალის არეალი გაუფართოვდა და შეშინდა.
- ეს ყველაფერი რაც აქ არის აშენებული… ეს კონსტრუქცია… - თქვა დავითმა და თან თითებს იშვერდა კოტეჯებისკენ. - ეს ყველაფერი არასწორად არის გაკეთებული.
- რას გულისხმობ?
- ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, მდინარის ჭალაში ვდგავართ და ეს კოტეჯებიც ზუსტად ამ ჭალაშია აშენებული.
- მერე? - ცნობისმოყვარეობით იკითხა გიორგიმ.
- მოგეხსენება, ჭალები არის ის ადგილები, რომლებიც შეიძლება სერიოზულად დაიტბოროს ძლიერი წვიმის დროს ან მდინარეების ადიდებისას. პირველ რიგში, წყალდიდობა! როცა გიჟურად წვიმს ან როცა მდინარე დიდდება, ეს კოტეჯი ან სახლი შეიძლება ფაქტობრივად დაიმარხოს წყალში. შესაძლოა ყველაფერი განადგურდეს, საძირკველი, კედლები და თითქმის ყველა ნივთი შიგნით. წყლის ტალღის გადაგორების შემდეგაც კი, იწყება ობი, ლპობა და ყველა სახის ზიანი. ამის შემდეგ ვაწყდებით ჯანმრთელობის პრობლემებს. ასეთ ტერიტორიაზე ცხოვრება ნიშნავს, რომ ყველაფერ ნაგავს, შხამ-ქიმიკატსა და კანალიზაციის ჩამონადენს ისრუტავ.
- რა საშინელებაა.
- ხო, არა? არაადამიანის გაკეთებულია ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოეკიდო შენს ერთადერთ საქმეს, რაც უბრალოდ იმას მოითხოვს, რომ მდინარეში არ ააშენო კოტეჯი. - დავითმა თვალები აიზილა და ქვაზე ჩამოჯდა. - ყველაზე კატასტროფული, რაც ამ ადგილას შეიძლება მოხდეს არის მეწყერი. ეს ჭარბი წყალი ნიადაგს არასტაბილურს ხდის. თუ ახლოს არის ფერდობი ან ბორცვი, ამ გაჯერებულმა ნიადაგმა შეიძლება დაასუსტოს იგი და გამოიწვიოს მიწის მოძრაობა. შემდეგ მეწყერის ძალამ შეიძლება გავლენა მოახდინოს და დააზიანოს კოტეჯი, რაც იწვევს მის ნგრევას ან მძიმე სტრუქტურულ დაზიანებას. ამ ყველაფერს შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყვეს.
- ღმერთო ჩემო, ვინ აძლევს უფლებას ასეთ ადამიანებს, რომ სადაც მოუნდებათ იქ აშენონ და აქირავონ თავიანთი ეშმაკის სახლები?
- არ ვიცი, გიორგი. ერთი ის ვიცი, რომ თბილისში როცა დავბრუნდებით, ყველას შევატყობინებ ამ ადგილების შესახებ და დაუყონებლივ კოტეჯების გადაადგილებას მოვითხოვ.
- შენი აზრით მოგისმენენ, დავით?
- აბა რას იზამენ? კონსპირაციული თეორიაა კი არ არის, რეალური საფრთხეა რაც ახლა ვთქვი და როგორ შეიძლება ამაზე ასე თვალის დახუჭვა? არამგონია, რომ ნორმალურმა გეოლოგმა ან ზოგადად ადამიანმა ჩემი ნათქვამი მოისმინოს და აქაურობას ყურადღება არ მიაქციოს. თუ ჩვენ ვართ პირველები, რომლებმაც შევამჩნიეთ ეს, მაშინ ასევე პირველები უნდა ვიყოთ იმაშიც, რომ პრობლემა აღმოვფხვრათ. - დავითმა ტელეფონი ამოიღო და იქაურობას მრავალი სურათი გადაუღო, რათა მტკიცებულებად შეენახა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, დავითმა პირველი ნაბიჯი თავისი ბოსის, ზურაბის ოთახში შედგა.
- აჰ, დავით, შემოდი, - თქვა ზურაბმა და ღიმილით ახედა.
- ბოდიშით, შეწუხებისთვის - დაიწყო დავითმა რბილი, მაგრამ შეშფოთებული ტონით - რაჭაში, შოვში, მიწის გეოლოგიას ვაკვირდებოდი და რაღაც საშინელი შევამჩნიე. როგორც ჩანს, ზოგიერთი კოტეჯი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ჭალის ფარგლებში მდებარეობს. - ზურაბმა წარბი ასწია, მისი გამომეტყველება რბილ გაკვირვებაზე გადავიდა.
- ჭალა? დარწმუნებული ხარ, დავით? ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა დამარწმუნა, რომ ტერიტორია უსაფრთხო იყო მშენებლობისთვის.
- მესმის, ზურაბ. მაგრამ გეოლოგიური წარმონაქმნები და ისტორიული წყალდიდობის მონაცემები მიუთითებს გაზრდილ რისკზე. მჯერა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე პოტენციური ზიანი ან საფრთხე. - ზურაბი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები მაგიდაზე ელაგა.
- დავით, ვაფასებ შენს მონდომებას, მაგრამ ჩვენ უკვე ჩავდეთ დიდი თანხა ამ პროექტში. ჩვენმა ინჟინრებმა ფართობი საფუძვლიანად შეაფასეს და მე მათ მსჯელობას ვენდობი.
- დიახ, ბატონო ზურაბ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გრძელვადიანი შედეგები. პოტენციური რისკების იგნორირებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
- დავით, მესმის შენი შეშფოთება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი გეგმების შეცვლას ვერ ვახერხებთ. მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენი კურსის შეცვლა ლოგისტიკური კოშმარი იქნება.
- არ ვამბობ, რომ პროექტი სრულიად დავხუროთ ან შევაჩეროთ. მხარს ვუჭერ ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა კოტეჯების ამაღლება ან სადრენაჟე სისტემების გაძლიერება. ეს ეხება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩვენი ინვესტიციების დაცვას.
- დავით, აღფრთოვანებული ვარ შენი ერთგულებით, მაგრამ არ მივცემ არავის უფლებას, რომ ჰიპოთეტური სცენარებით პარალიზებული ვიყოთ. ჩვენმა ინჟინრებმა ხელი მოაწერეს ამ პროექტს და ეს საბოლოოა.
- ბატონო, ზურაბ ჩემით აღფრთოვანება არაფერში დაგვეხმარება. - დავითი მიხვდა, რომ ოდნავ ეუხეშა. - საქმე გვაქვს სერიოზულ საკითხზე, რომლის მოგვარებაც მარტივად შეგვიძლია.
- და საერთოდ, დავით, ეს პროექტები ჩემი საქმე არაა. ინვესტორების გაკეთებულია ყველაფერი და ჯობია, რომ მათ დაურეკო და სთხოვო რამე.
დავითს გული აუჩქარდა, როდესაც კოტეჯის კომპლექსის მფლობელის ნომერი აკრიფა, თითები ოდნავ აუკანკალდა და მოსალოდნელი საუბრის სიმძიმე დააწვა. რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონიდან უხეში ხმა გაისმა:
- გისმენთ?
- შუადღე მშვიდობისა, ბატონო, - დაიწყო დავითმა და ცდილობდა რაც შეიძლება მშვიდად და პატივისცემით მოპყრობოდა. - მე მქვია დავითი და საკმაოდ დიდი ხანია გეოლოგია ჩემი საქმეა. მინდოდა მესაუბრა თქვენს საკუთრებაში არსებულ კოტეჯის კომპლექსზე, რომელიც მდებარეობს ჭალაში.
- ჭალა? - ოდნავ გაკვირვებული გაისმა ხმა, თითქოს მფლობელს ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული კომპლექსის მდებარეობა.
- დიახ, ბატონო, - განაგრძო დავითმა და ხმას ინარჩუნებდა. - ბოლოდროინდელი ძლიერი წვიმებისა და ამ რეგიონში წყალდიდობის ისტორიის გათვალისწინებით, ვფიქრობდი, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო კომპლექსისა და მისი მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე საუბარი. - ხანმოკლე დუმილი ჩამოვარდა, სანამ პატრონი უპასუხებდა.
- ამ კომპლექსს წლებია ვმართავ, ვიცი რასაც ვაკეთებ. წარსულში რამდენიმე წყალდიდობა გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებთ ამის მოგვარებას.
- ეჭვიც არ მეპარება თქვენს გამოცდილებაში, ბატონო, მაგრამ წყალდიდობა, რომელსაც ამ ბოლო დროს ვხედავთ, უფრო ძლიერია. ამინდის სტანდარტები იცვლება და ეს ყველას საფრთხეს უქმნის.
- მომისმინე აქ, დავით თუ რაც გქვია, უამრავი ინვესტიცია ჩავდე ამ კომპლექსში. ვიცი რისკები და არ მჭირდება შენ ან ვინმემ მითხრას რა ვქნა. ეს ჩემი საკუთრებაა და ისე გავაკეთებ, როგორც მომინდება.
- მესმის თქვენი მიჯაჭვულობა საკუთრებასთან, ბატონო, მაგრამ ჩვენ აქ ადამიანების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში ჩავარდეს, თუ ამას სერიოზულად არ მივიღებთ.
- როგორი თავხედი ბრძანდები! შენნაირების გამოა დაქცეული ქვეყანა, არაფერს რომ არ წარმოადგენთ და თავი დიდი ადამიანები, რომ გგონიათ. გეოლოგი არა შმეოლოგი, წადი მართლა წიგნი გადაშალე და გაიგე რა ხდება ამ სამყაროში, ავადმყოფო. მეორედ აღარ დამირეკო აქ, გასაგებია?
დავითმა ამოიოხრა როცა გაიაზრა, რომ საუბარი ისე არ წარიმართა, როგორც ის ელოდა. ტელეფონი გათიშა, გონება ჯერ კიდევ აწუხებდა კოტეჯის ამბავზე. იმედს იტოვებდა, რომ მისმა სიტყვებმა პატრონის გონებაში სიფრთხილის მარცვალი მაინც ჩათესა თესლი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლებოდა აღმოცენებულიყო იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ამ კოტეჯებში შედიოდა საცხოვრებლად.
ამას არ შეუჩერებია მისი ბრძოლა, სხვადასხვა დაწესებულებას მიაკითხა, მრავალ პროფესიონალს გაუგზავნა სურათი, არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვა დახმარება, მაგრამ არავინ ჩანდა ვინც ამ პრობლემაზე ყურადღებას გაამახვილებდა. ძირითადად, კერძო საკუთრებასთან შერკინების სურვილი არავის ჰქონდა ან უბრალოდ თვლიდნენ, რომ ეს საკითხი იმდენად დიდ პრობლემას არ ქმნიდა, რომ ვინმე დაშავებულიყო.
ერთ ღრუბლიან დღეს, ვაკის პარკში, სკამზე იჯდა და მტრედებით მიმოფანტულ ადგილს უყურებდა. ფიქრობდა, თუ რატომ არავის მიჰქონდა ეს ამბავი გულთან. იმაზეც იფიქრა, რომ შეიძლება მართლა ზედმეტი მომდის და ისე არ არის როგორც მგონიაო. ყოველშემთხვევაში, იცოდა, რომ ეს საკითხი თავის ფსიქოლოგთან უნდა განეხილა.
- ზედმეტი მოგდის? რას გულისხმობ ამით? - ცხელი ყავის მოწრუპვის შემდეგ, შოთამ დავითსაც გაუწოდა ჭიქა.
- არ ვიცი, ხანდახან მგონია, რომ, დიახ, ცოტა ზედმეტი მომდის, უბრალოდ, არ ვიცი, ნამდვილად მასეა თუ არა. იქნებ საჭიროა, რომ ასე ვიყო და ასე გადამეტებულად ვღელავდე რაღაცეებზე?
- ოჰ, დავით, - განაგრძო ყავის დალევა, - რაც გიცნობ, სულ ერთიდაიმავეს მიმეორებ - ეს რატომ მგონია რომ ასეა და ის რატომ მგონია რომ ასე არ არის. მინდა, რომ მოკლედ და მარტივად აგიხსნა, ფეხებზე დაიკიდე. - თქვა და თვალებში ჩახედა.
- როგორ?
- როგორ და მარტივად, შენს საქმეს ხომ აკეთებ?
- დიახ.
- წარმატებულად?
- დიახ.
- შემოსავალი ნორმალური, ხო?
- დიახ.
- ხოდა, რა გინდა მეტი? არ გინდა, რომ ზედმეტად აღარ მიედ-მოედო ამ უაზრო თავის ტკივილებს და უბრალოდ საკუთარ კმაყოფაზე იდარდო? ბოდიში, მაგრამ ამდენი ხანია შენთან ვმუშაობ და სულ სხვებზე ან სხვა რაღაცეებზე ნერვიულობ და სულ იმათი შეცვლა გინდა, რაც სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს შენთვის.
- როგორ არ წარმოადგენს არაფერს ის კოტეჯები, შესაძლოა ხალხი დაიღუპოს! - შოთამ შეაწყვეტინა.
- არ დაიღუპება, მაგრამ თუ მოხდა რამე უბედურება, გეცოდინება, რომ შენ თავის დროზე აზრი გამოთქვი და არ მოგისმინეს.
- ასე მარტივად როგორ გადავიტანო?
- ასეთი სამყაროა, დავით. მე, ფსიქოლოგი, ის ვის იმედზეც უნდა იყო, გეუბნები, რომ შენი საქმე გააკეთე და შენსაზე იფიქრემეთქი და მეტი რა მტკიცებულება გჭირდება იმისთვის, რომ აქ ყველა თავისი თავისთვის ცხოვრობს? ვის აინტერესებს შენი ალტრუიზმი? შესაძლოა ზედმეტი კარგი რომ გააკეთო ფარული ნარცისისზმი დაგაბრალონ. გგონია, რომ დღეს სიკეთე ვინმეს აინტერესებს? გგონია, რომ ვინმეს ახსოვს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და დარდობენ და მათ აზრს ითვალისწინებენ? გთხოვ, მოეშვი და პირველ რიგში, შენს თავს მიხედე. კარგად გამოიძინე, საცურაო აუზზე იარე, ახალი ჰობით დაკავდი, გონება გადააყოლე და ასე შემდეგ.
დავითისთვის ბატონი შოთას სესია გამოსავალი ნამდვილად არ იყო, თუმცა იმ მხრივ, რომ ნაკლებად ეფიქრა ამ მოვლენაზე სერიოზულად დაეხმარა. რამდენიმე დღე ცოცხლობდა სრულიად იმ ფიქრით, რომ “იგნორირება, ეს არის ნეტარება” და მეტს არაფერს გაიელვებდა თავში. სამწუხაროდ, შრომისმოყვარე, წინდახედული, თავისი საქმის მიმართ ლოიალური და ძლიერი პიროვნება, დავითი დამარცხდა და უბრალოდ დანებდა იმ რეალობას, რომელიც მისი აზრით არასამართლიანი და არასწორი იყო. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ფიქრობდა, რომ მთლიანად თუ გადაეშვებოდა ამ საქმის უფსკრულში, ვეღარასოდეს ამოვიდოდა და სხვა საქმესაც მიივიწყებდა და გაიფუჭებდა.
ზაფხულის დასვენება დავითმა გადაწყვიტა, რომ ბებია-ბაბუის სახლში გაეტარებინა, სადაც თავისი საყვარელი ხალხის გარშემო იქნებოდა და ცხოვრებისეულ ტვირთს დაივიწყებდა. ხულოში, მათი პატარა სახლის ნესტის სუნი მისთვის მეორედ გამოცოცხლებას ნიშნავდა და ყოველთვის, როცა მათთან ჩადიოდა დასასვენებლად თავს გაჯანსაღებულად გრძნობდა. ბებია ნაირ-ნაირ საჭმელს უმზადებდა, ბაბუას თევზების დასაჭერად მიჰყავდა და სოფლელებთან აქეიფებდა, ამ საქმიანობაში დრო სინათლის სიჩქარივით გარბოდა და დავითიც მარტივად ახერხებდა ენერგიების აღდგენას.
ერთ მზიან შუადღეს, ბებია საზამთროს აცივებდა, როცა მის გვერდით დავითი დაინახა და ოდნავ შეშინდა:
- რა იყო, რა მოჩვენებასავით დამადექი თავზე? - დავითს გაეცინა და ღიმილიანი სახით შეხედა მას.
- მოვიწყინე, ბეე, დღეს არაფერი საქმე არ არის საერთოდ.
- ხოდა, დამაცადე, აგერ ცივ საზამთროს მიირთმევ სულ მალე და მერე ნახე ყველაფერი სახალისო და გასართობი რომ იქნება!
- ეს თემურის მაღაზიაში ნაყიდი საზამთროა?
- არა, შვილო, სადღა არის თემური. რამდენი ხანია გარდაიცვალა, ახლა ახალ სუპერმარკეტის ქსელში ვყიდულობთ ხოლმე.
- არ მახსოვს თემურის გარდაცვალება, რა მოუვიდა?
- რა და წყალში დაიხრჩო, ბეე. ცურვა კი იცოდა, მაგრამ ამღვრეულმა ზღვამ ღრმად გაიყვანა შიგნით და მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
- უი, რა ცუდია. - დათოს შუბლი შეეკუმშა.
- ძალიან, ბებო. მაშველები მაგის მერე სამსახურში აღარ დაბრუნებულან. ამდენად ტრაგიკული ამბავი საკუთარ ზურგებზე დაიდეს, როცა თვითონ არაფერ შუაში იყვნენ. - ბებიამ საზამთრო ამოიღო და ძირს დადო. - ეჰ, რამდენს ნიშნავს, როდესაც სხვისი სიცოცხლის გადარჩენა გინდა და გამოგდის, თუნდაც ერთი ადამიანის.
დავითი დუმილის ნიშნად დაეთანხმა, საზამთრო გააჭრევინა და ჭამა დაიწყეს. მისი ბაბუა ეზოში იყო და ჰაერს ყლაპავდა. შიგნით, დავითი და მისი ბებია ტელევიზორის წინ ისხდნენ და საინფორმაციოს ადევნებდნენ ყურს იქნებ რამე ახალი მოესმინათ:
- მოდით ვიხილოთ კადრები, თუ როგორ დაიწყო სტიქია შოვში, რომლის მასშტაბიც ჯერჯერობით არის უპრეცედენტო. - თქვა რეპორტაჟმა და კადრის გადართვას დაელოდა. დავითმა თვალები დაჭყიტა, ჭამა შეაჩერა და ტელევიზორს მიაშტერდა. ჩანდა უზარმაზარი მეწყერი, მიწის ტალღები, დანგრეული სახლები, სასტუმროები. - ტურისტებით სავსე კურორტი შოვი სტიქიის ეპიცენტრია, სასტუმრო “Sunny”-ს დამსვენებლები მომხდარზე მძიმე დეტალებს გვიყვებიან. ამბობენ, რომ გაიგეს ხმაური, ხოლო მიწის მასა ტყიდან რამდენიმე წამში ჩამოიშალა და ტერიტორია სრულიად დაიმეწყრა. სასტუმროს პერსონალმა მოხუცების, ბავშვების, დამსვენებლების ევაკუაცია რამდენიმე წამში შეძლო, თუმცა ჯერ კიდევ შიგნით არის დამსვენებელთა დიდი ნაკადი. - კადრი სასოწარკვეთილ ქალზე გადავიდა.
- სასტუმროს კედლებმა მეწყერი თითქოს შეაჩერა და ასე ვთქვათ, დრო მოგვცა, რომ ბავშვები, მოხუცები, ყველა ჩამოეყვანათ და გავქცეულიყავით. ამ სასტუმროს დამსვენებლები ვართ ყველა, სავარაუდოდ ორმოცი კაცი და აქედან თორმეტი ბავშვი, გული მიკვდება, არ ვიცით რა იქნება. - ეკრანზე გამოჩნდა გატალახიანებული მოზარდი, რომელიც ცდილობდა, რომ მიწის ტალღაში ვინმე ეპოვა და გადაერჩინა. ჩანდა დამტვრეული ხის კოტეჯები, სახლები, მიმტვრეული ღობეები, ჩამოგდებული ხეები, მკვდარი ცხოველები და, რაც ყველაზე მთავარი იყო, ტალახის გიგანტური გროვა. ხალხი შფოთავდა, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ტიროდნენ, უნდოდათ, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულებულიყო, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ ამ ყველაფერს დიდი მსხვერპლი ელოდა წინ.
- ბებო! - თქვა დავითმა.
- ეს რა ხდება ქვეყანაზე? ეს რა ხდება?
- ბებო! - გაუმეორა დავითმა.
- რა იყო, ბებო?
- უნდა წავიდე.
- სად უნდა წახვიდე, ბებო? ახლა ჩამოხვედი, არ გადამრიო!
ალბათ ყველაზე საშინელი რამ, რაც უფროსმა დამ შეიძლება გამოცადოს არის მისი უმცროსი ძმის სიკვდილი. დედამიწის გარშემო, აბსოლუტურად ყველა სხვა მოვლენა ჯობდა იმის გააზრებას, რომ პატარა ნოე აღარ არსებობდა, რომ ვეღარასოდეს შევძლებდი მისთვის ფეხსაცმელები ჩამეცვა, რომ ვეღარასოდეს შევძლებდი ტანსაცმლის გამოცვლაში მოვხმარებოდი ან რომ ვეღარასოდეს შევიგრძნობდი, რას ნიშნავდა, როცა მისი მცირე წარმატებებით ვამაყობდი. გაშეშებული ვიდექი, გაუნძრევლად, თითქოს დერეალიზაციამ ხელი მკრა და გადამისროლა რეალობის ამოუხსნელ ადგილებში, საიდანაც ამოსავალი არ ჩანდა. მესმოდა თევდორესა და ლიზას ხმებიც, თუმცა მათი პანიკა ამ დროს არაფერს წარმოადგენდა ჩემთვის. მთავარი ის იყო, რომ ნოე აღარ მყავდა და ამას შეეძლო, რომ სრულიად გავენადგურებინე და აღარ მეარსება. როგორ მინდოდა, რომ მეც უცებ წავქცეულიყავი, მეც გამთხროდა მიწა და ჩავთხრილიყავი შიგნით, როგორც ჩემი პატარა ანგელოზი, რადგან ის თუ გაიმეტა ბუნებამ, მაშინ მეც უნდა წავეყვანე. ვიხილავდი მაინც.
ცრემლები სახეზე მდინარეებივით ჩამომდიოდა, თვალები ისევ ნოეს ადგილს მიშტერებოდა იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა და გამოჩნდებოდა, თუმცა ამაოდ. გარეთ, ნგრევის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და გვესმოდა როგორ იმტვრეოდა ჩვენს გვერდით ჩამწკრივებული კოტეჯები. ჩვენი კოტეჯი ბოლო იყო იმ ცხრა კოტეჯიდან, რომელიც ნელ-ნელა სრულიად ჩამოიშალა და ამის გამო დანგრეული კოტეჯების ნაწილების უმრავლესობა ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. მამამ გვირჩია, რომ შიგნით დავრჩენილიყავით, რადგან გარეთ შესაძლოა მესამე ტალღაც წამოსულიყო და ამას ნამდვილად ვერ გადავურჩებოდით. აცრემლიანებული სახე გაოცებად მექცა, როდესაც მამამ ხელი ჩამკიდა და მეორე სართულზე ამიყვანა. ზემოთ ლიზა გველოდებოდა და იქიდან იყურებოდა, ხედავდა როგორ ნადგურდებოდა ერთ დროს მშვენიერი შოვი. მეორე სართულს სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და ფანჯარა მხოლოდ წინა მხარეს ჩანდა, ამიტომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა გვერდითა კოტეჯებში. ის ვიცოდით, რომ რაღაც დესტრუქციული მდგომარეობა მიმდინარეობდა, მაგრამ რას წარმოვიდგნედით, რომ მიწის ტალღა მთელი ძალით დაგვაჯახებდა რომელიღაც კოტეჯის ნანგრევებს.
ძირს დავეცი, ლიზაც მომვყა, მამა წაბორძიკდა. ვიგრძენით, რომ მიწის ტალღა და ნამსხვრევები ჩვენს კოტეჯამდეც მოვიდა. მესმოდა ხრეშის, ქვების, ტალახისა და წყლის ნაზავის ხმა და აღვიქვამდი, რომ ყველაფერი ჩვენს მოსაკლავად მოდიოდა. შეშინებულმა ყურებზე ხელები ავიფარე და თვალები დავხუჭე, უცებ წარმოვიდგინე, რომ ისევ იმ სიზმარში ვიყავი, სადაც მდელოზე უდარდელად დავრბოდი და არაფერი იყო სანერვიულო. ლაღად, ცხოვრებით დამტკბარი ბუნების ულამაზეს სივრცეში ვერწყმოდი, როგორც ყვავილი იქაურობის და გაჟღენთილი მთის ჰაერით ვივსებოდი. თვალები გავახილე, დავინახე, რომ მამამ ქვედა სართულისკენ ჩაიხედა.
- მამა, არ ჩახვიდე! - დაუყვირა ლიზამ.
- არა, არა, უბრალოდ, მაინტერესესბს რა ხდება. - შემოსძახა აცრემლიანებულმა მამამ.
შეძლო და საკმაოდ კარგად ჩაიხედა, ისე, რომ გვერდითაც შეამჩნია რაც ხდებოდა. მამას აზრით სურათი ასეთი იყო - ცხრა კოტეჯიდან შვიდი სრულიად დალეწილი იყო და მათი ნამსხსვრევები ბოლო ორ კოტეჯს ეტაკებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლო რიგში იდგა, ორივე მყარად შერჩა მიწას. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ხანი არ გაგრძელდებოდა, რადგან სულ მალე ახალ ტალღასთან ერთად, ბოლომდე ჩაყლაპავდა მიწა კოტეჯებს და ჩვენც მასში მოვყვებოდით. სხვა გზა არ იყო, ან უნდა ჩავსულიყავით ან სიკვდილს დავლოდებოდით.
მამამ ორივეს ხელები მოგკვიდა, თვითონაც გაცეცხლებულმა ჩვენი ნერვიულობის ალის ჩაქრობა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და მე და ლიზა გაუჩერებლად ვშფოთავდით. ნელ-ნელა ჩავიარეთ ქვედა სართულის კიბე და გასასვლელ კარებს მივაღწიეთ.
- ახლა მისმინეთ, შუაში მე ვიდგები, თქვენ გვერდი-გვერდ დამიდექით და ხელები ჩამჭიდეთ. - ორივეს კარგად შეგვავლო თვალი. - რაც არ უნდა იყოს, ხელები არ გამიშვათ, გასაგებია? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ და გავემზადეთ რომ ამ საბედისწერო გზაზე წავსულიყავით.
ტალახზე ფეხის დადგმა და სხეულში ჟრუანტელი ერთიდაიგივე დროს შევიგრძენი. მეგონა, რომ საშინელებათა ფილმის რომელიღაც გადასაღებ ლოკაციაზე ვიყავით და დავალება გვქონდა, რომ უნდა გადავრჩენილიყავით, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, ყველაფერი ძალიან რეალური იყო. ვხედავდი, როგორ ეცემოდა ხეები ძირს, როგორ ცდილობდა სახლებში გამოკეტილი ხალხი შველა ეთხოვათ და როგორ უკან და უკან მიდიოდა ყველაფერი ამ ერთ დროს მშვენიერ ადგილას.
აქ უკვე ჩიტების ჭიკჭიკიც აღარ ისმოდა, მხოლოდ ტალახის გროვა ბატონობდა და ბუნების ტერიტორიას მართავდა. ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ დროს ხდებოდა ხოლმე. მივდიოდით, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით სად, უბრალოდ გვინდოდა, რომ ტალახიდან ამოვსულიყავით და მაღალ ბორცვზე შევმდგარიყავით, მაშინ ვიტყოდით, რომ გადარჩენის შანსი არსებობდა. მამისთვის ხელი მთელი ძალით მქონდა ჩაკიდებული, ასე ბოლოს მახსოვს პატარაობაში ვკიდებდი ხოლმე, როდესაც ნაყინის საყიდლად გავყავდი გარეთ. მაშინ მეშინოდა, რომ შემთხვევით გამეშვებოდა და დავიკარგებოდი, ახლა კი დაკარგვა სანატრელი იყო იმასთან შედარებით რაც შეიძლებოდა დამმართნოდა.
მიწის გროვას ბოლო არ უჩანდა, ჩვენ კი მაინც მივიწევდით წინ იმ იმედით, რომ რამეს ვიპოვიდით. ზუსტად ამ დროს, როდესაც თავისუფალ ტყეს მოვკარი თვალი, მომდევნო შემზარავი ხმა გავიგეთ და ერთდროულად გავიხედეთ მაღალი მხარისკენ. ახალი მიწის ტალღა მოდიოდა, ოღონდ რადგან ახლა გარეთ ვიყავით, იმ ყველაფერზე ორმაგად უფრო ძლიერი ჩანდა და ეტყობოდა, რომ მთელი ტყე გამოჰქონდა - ქვები, ხეები, ბუჩქები. უცებ მეგონა, რომ მორჩა, ეს იყო და ვეღარ გადავრჩებოდით. როგორც ნოეს გარდაცვალებისას, ზუსტად ისე გავშეშდი, თვალებიდან ცრემლები მდინარის ნაკადისავით გადმომცვივდა და გავთეთრდი. ამ კონკრეტულ მომენტს შენელებულ კადრებში ვგრძნობდი, მამამ თავისკენ გამწია და დამაძალა, რომ გზა გამეგრძელებინა. უახლოესი სახლი ერთადერთი გამოსავალი იყო და იქამდე მისვლა ნიშნავდა, რომ ამ ტალღასაც ავიცილებდით.
პრობლემა იმაში იყო, რომ მეწყერი უკვე საგრძნობლად ახლოს იყო, იმდენად, რომ პატარა ბავშვს ბურთი რომ გადაეგდო მიაწვდენდა. სახლიც ახლოს იყო, თუმცა ჩვენი გადარჩენის შანსი ალბათ მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტი იქნებოდა. ლიზა და მამა გაუჩერებლად მოძრაობდნენ, მე კი ვბორძიკობდი და ხანდახან ვეცემოდი კიდეც. ამის მიუხედავად, მაინც არ ვჩერდებოდი და მთელ ძალას ვატანდი საკუთარ თავს, რომ სახლამდე მივსულიყავი. მე რომ წავქცეულიყავი ან ამ ორი ადამიანის სვლა შემეჩერებინა, ნოეს ისინიც მიყვებოდნენ და ამაზე ფიქრები რომ თავში მივლებდა, გული მისკდებოდა. უცებ, ისევ ძლიერად ჩამეყო ფეხი ტალახში:
- მამა, წადით, გთხოვ! - ფეხს ვუყურებდი და თან ვეუბნებოდი.
- რას ბოდავ! გამოდი! - ჩემკენ გადმოიხარა, ლიზაც მოყვა და ორივემ ერთდროულად ამაყენა.
ამ დროს მიწის ტალღა უკვე რამდენიმე მეტრით შორს იყო ჩვენგან, თუმცა სახლის კარებს თითქმის მივაღწიეთ. ჩვენდა საბედნიეროდ, სახლი მაღალ საფუძველზე იდგა, რის გამოც ტალახს შესასვლელი ტერიტორია ბოლომდე ჩამარხული არ ჰქონდა. ის იყო მთავარი, შევასწრებდით თუ არა შიგნით, კარების გაღება ცალკე პრობლემად გვექცა. იქნებ საერთოდ დაკეტილი იყო იქაურობა და არავინ გვიშვებდა შიგნით.
ლიზა ჩვენზე წინ მიდიოდა, ამიტომ კარებს მიაღწია თუ არა ხელების რტყმა დაუწყო. უცებ როცა გვეგონა, რომ ყველანი მიწის კლანჭებში მოვექცეოდით, კარები ბარბარემ სასწაულებრივად გააღო. ბარბარეს სახლი იყო და ვერ გავიაზრე აქამდე:
- მალე! მალე! - ყვიროდა და თან ხელებს იქნევდა იმის ნიშნად, რომ შიგნით შევსულიყავით.
- შენ გაგახარა ღმერთმა! - მიაძახა მამამ და შიგნით შეიწია.
სანამ შევიდოდით, მამამ უცნაური რაღაც გააკეთა, უკან გაიწია და მე და ლიზას ხელი გვკრა რომ უფრო სწრაფად შევსულიყავით. უცებ მეგონა, რომ ამ სულელური ქმედების გამო შესაძლოა მამაც წაეღო მიწას, რადგან მისგან ალბათ სანტიმეტრების დაშორებით იყო უკვე, თუმცა მანაც შემოასწრო შიგნით. მუხლებზე დავარდა და ტირილი დაიწყო.
არასოდეს მქონდა ნანახი მამის ტირილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ალბათ ბავშვობაში ტვინში ჩადებული ჰქონდა რაღაც აპარატი, რომელიც ცრემლდენას უჩერებდა, რადგან არასოდეს მახსოვს რომ ეტირა. ახლა კი, ზრდასრულ კაცში პატარა ბავშვის ცრემლებს ვხედავდი, თითქოს მისი შინაგანი ჩვილობილი დაზარალებული იყო ამხელა უბედურებით და უბრალოდ შველას ითხოვდა.
არასოდეს მინდოდა გამეგო რას ფიქრობდა მამა ან დედა, რაზე დარდობდნენ ან ნერვიულობდნენ. ყოველთვის მინდოდა, რომ მათი ფიქრებისგან შორს ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი პატარა გული მათ სევდას ვერასოდეს ვერ აიტანდა. ვიცოდი, რომ მათ ჩემზე მეტი ჰქონდათ ცხოვრება ნანახი, მესმოდა, რომ მეტი ადამიანი ჰყავდათ დაკარგული და არ მინდოდა გამეგო თუ რას ნიშნავდა როდესაც ამ ყველაფერს საკუთარ რეალობად აღიქვამდი. როდესაც ბებია, მამის დედა გარდაგვეცვალა, ვერ გავბედე და სოფელში ვერ წავედი, რომ ეს ყველაფერი მენახა. არ შემეძლო ამეტანა მამას მდგომარეობა ან აღმექვა ის, რომ მისთვის ამდენად ახლო ადამიანი დაიკარგა. ახლა სულ სხვანაირად იყო ყველაფერი, ახლა ზუსტად ვიცოდი რაზეც ტიროდა და ღელავდა მამა. მაინც არ მინდოდა გამეგო რაზე ტიროდა ან მივხვედრილიყავი, თუ რას ნიშნავდა, როდესაც ერთადერთ ბიჭს კარგავს მშობელი.
სანუგეშებლად მე და ლიზა ერთმანეთს ჩავეხვიეთ და მამასთან მისვლა ვერ გავბედეთ. ორივემ ვიფიქრეთ, რომ ეს მომენტი მისთვის საჭირო იყო და ჩვენი ჩარევა უფრო უარესს მდგომარეობაში ჩააგდებდა. ბარბარეს გავხედე, მისი სასოწარკვეთილი სახე შევნიშნე, ოდნავ ატალახიანებული იყო, თუმცა სრულიად ჯანმრთელი:
- შენები სად არიან, ბარბი? - ვკითხე და მთელი გულით მინდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ.
- სანამ ყველაფერი დაიწყებოდა მაღაზიაში წავიდნენ, - თქვა და ცრემლები ვერ გააჩერა, - გარეთ არიან, სოფიო, გარეთ! - მისკენ გავექანე და ძლიერად ჩავეხუტე.
- დამშვიდდი, მაღაზია აქაურობიდან ძალიან შორსაა, შანსი არ არის, რომ იქაც მიღწეულიყო.
- ღმერთო, გთხოვ, ცოცხალი დამიბრუნე დედა და მამა, გთხოვ! - ქვითინებდა და თან ცრემლებს იწმენდდა.
მახსოვდა ნოე როგორ ჯდებოდა ტელევიზორის საყურებლად ბავშვობაში. პატარა სკამს მიიტანდა ეკრანთან, დაატრიალებდა და შემდეგ ჯდებოდა. ეს პატარა რიტუალი რომ არ ჩაეტარებინა, ისე არ ეკარებოდა ტელევიზორს. ჩვენთვის უბრალოდ სასაცილო კადრი იყო, მისთვის კი ყველაფერს ნიშნავდა ეს პატარა მომენტი. მისი მცირე პიროვნების ამსახველი მახასიათებელი იყო და ამის გარეშე ნოე ვერ იქნებოდა ის, ვინც იყო.
ბაღში სოციალურად აქტიური ბავშვი იყო და მრავალი მეგობარი ჰყავდა. უყვარდა სხვა ბავშვებთან ერთად თამაში და არასოდეს იწყენდა მათთან ერთად დროის გატარებისას. სხვა მშობლები მოხიბლულები იყვნენ ჩვენი ნოეს აქტიური კომუნიკაციით და ხშირად დაყავდათ თავიანთი ბავშვები ჩვენთან სახლში. დედა ყოველ წელს უხდიდა დაბადების დღეს სხვადასხვა დაბადების დღის ცენტრში, სადაც დაუვიწყარ დროს ატარებდა და საუკეთესო მოგონებებს იქმნიდა.
ეჰ, ჯერ კიდევ წინ იყო მისთვის ყველაფერი. მან ხომ არ იცოდა სინამდვილეში რას ნიშნავდა ცხოვრება, სიცოცხლე, არსებობა. მისთვის ხომ სულ ახალი იყო ყველაფერი, რაც ჩვენ უკვე კარგად გაცნობიერებული გვქონდა. ის ჯერ სკოლაშიც არ იყო შესული, არ შეუქმნია პირველი, ნამდვილი მეგობარი, არ შეყვარებია არავინ - ვერ ვიჯერებდი, რომ მეორე შანსი აღარ არსებობდა მისთვის რომ ეს ყველაფერი გამოეცადა.
ნოეზე ჩაფიქრებული უცებ რეალობას დავუბრუნდი. მამამ, ლიზამ და ბარბარემ ერთმანეთის სახელები შეიტყეს - მეტი გაცნობის ძალა არ ჰქონდათ.
- დავინახე როგორ წაიღო მოხუცებული ქალი მიწამ, - ბარბარემ შემომხედა და თქვა, - სოფიო, აი, ის ქალი ყვავილები რომ გვაჩუქა.
გამახსენდა ვისზეც ამბობდა. ის ლამაზი, მარტოსული ქალი, ევა, ხის სახლში რომ ცხოვრობდა და უბრალოდ მშვიდი სიბერე რომ უნდოდა. ეს რა საშინელება გვემართებოდა.
- გოგონა და ბიჭი დავინახე როგორ ჩამოვარდნენ ხიდან. მეგონა, რომ კოშმარში ვიყავი, ისეთი შემზარავი სანახავი იყო. - გვიამბო ბარბარემ და შეცოდებისგან შუბლი შეეკრა. - ქალიც დავინახე, მთლად ახალგაზრდა არ იყო, მაგრამ არც ხანში შესული, მიწას მიჰყავდა.
- ქალი? წითელი თმა ხომ არ ჰქონდა? - ეგრევე კითხა ლიზამ.
- მგონი, კი, მოწითალო ფერი დაკრავდა.
- ეგ… - ლიზას ცრემლები წასკდა. - ეგ დედაჩვენია. - ბარბარესკენ წავიდა. - კარგად ამიხსენი, როგორ დაინახე? რა მდგომარეობაში იყო? ცოცხალი იყო?
- კი, ცოცხალი იყო. მიწას ებღაუჭებოდა და ამოსვლას ახერხებდა ტალახიდან, მაგრამ როცა შორს წაიყვანა ვეღარ შევძელი დანახვა.
- ღმერთო ჩემო. - ამოიოხრა ლიზამ, ზემოთ აიხედა და ხელი შუბლზე მიირტყა.
ბარბარეს ოჯახის წითელ ფერებში ახალი გარემონტებული, საოჯახო სახლი კომფორტული და დასასვენებელი ადგილი იყო. უკეთესი იქნებოდა, რომ მისი სტუმარი კატასტროფამდე ვყოფილიყავი და ასეთ სიტუაციაში არ გამეცნო უფრო ახლოდან, მაგრამ როგორც ჩანდა ბედისწერას ასე უნდოდა.
კიდევ რამდენი ხანი გავძლებდით ასე უდარდელად ბარბარეს სახლში? მის კედლებზე გაკრული ძველი, სამახსოვრო სურათების დათვალიერებისა და ოთახის დეკორაციების თვალის შევლების შემდეგ, ერთი დიდი დამანგრეველი ხმა გავიგეთ. ალბათ ხუთი წუთიც არ იყო გასული, რაც ამ სახლში ვიყავით შესულები და უკვე ახალი უბედურება იწყებოდა.
შეშინებული მამასთან გავიქეცი, ხელებში ჩავუვარდი და ლიზას გავხედე. ლიზას თვალებში შიშისა და შეშფოთების ნაზავი ეტყობოდა. მივხვდი, რომ უკეთესი იქნებოდა მამის იმედზე ვყოფილიყავი, ამიტომ მზერა მასზე გადავიტანე. მამას ნერვიულობისგან და გადაღლილობისგან საზე სრულიად წითელი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი რაც მოხდა, შვილის გარდაცვალება და ცოლის ამოუცნობი ბედი, ყველაფერი ერთიანად უნდა გადაეტანა, მაინც ძლიერად იდგა და იმაზე ფიქრობდა შემდეგ რას ვიზამდით, რათა გადავრჩენილიყავით.
- კედლებს აეკარით! ახლავე! - მამა კედელს ზურგით მიეყუდა და ხელები გაშალა. იგივე მოძრაობა გავაკეთეთ და მის ნაბიჯებს მივყევით.
- ეს სახლი გაუძლებს? - ყვირილით კითხა ლიზამ.
- არ ვიცი, არ ვიცი. - დაუბრუნა ბარბარემ. - მგონია, რომ სადაცაა ზედ ჩამომეშლება ყველაფერი.
- დამშვიდდით და მყარად იდექით! - თქვა მამამ.
სხეული მიკანკალებდა, ფეხებს ვერ ვგრძნობდი, ხელები მთელი ძალით მქონდა კედელზე მიდებული. თვალებს ხან ვხუჭავდი, ხან ვახელდი და მინდოდა, რომ ნგრევის ხმა ოდესმე გაჩერებულიყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო იმატებდა. ვხვდებოდით, რომ კიდევ ერთი მეწყერი ახლოვდებოდა და სულ მალე ამ სახლსაც დაეტაკებოდა. ერთ მომენტში, შემთხვევით ლიზას ხელით შევეხე, იგრძნო და თვითონაც შემეხო იმის ნიშნად, რომ ემოციურად ჩემთან იყო და ძლიერად უნდა ვყოფილიყავით. თვალებს რომ ვხუჭავდი, ვლოცულობდი და ვნატრობდი რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ბუნების ხასიათები არ ვიცოდი ამდენად თუ არაადეკვატური შეიძლებოდა გამხდარიყო. მე ვიცნობდი უფრო ნაზ, მშვიდ, ლამაზ და ბედნიერ ბუნებას, რომელიც ყოველთვის ჩემსა და ჩემი ოჯახის გვერდით იყო რომ დღე გაელამაზებინა. ახლა რაც ხდებოდა სრულად საპირისპირო იყო იმისა, თუ რასაც ვფიქრობდი ბუნებაზე. კი, მსმენოდა რომ კატასტროფები ხდებოდა, მაგრამ არასოდეს დამიშვია გონებაში, რომ ბუნებას ჩემი ოჯახის დანგრევა და განადგურებაც შეეძლო, ამიტომ მთელი გულითა და სულით ვენდობოდი. საწყალი ლიზა, მთელი ცხოვრება ბუნების სიყვარულში გაატარა და მასთან სიახლოვეში ჰქონდა საკუთარი თავი ნაპოვნი. ორი წამით გავხედე და მაინტერესებდა შინაგანად რას გრძნობდა, როგორი იყო მისი ფიქრთა პატერნი, თუ გაუცრუვდა იმედი ბუნებაზე და თუ ოდესმე ისევ შეიყვარებდა ბუნებას როგორც ადრე. ამის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლო, თუ ეს უბედურება ისე ჩაივლიდა, რომ მე და ჩემი დაც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ვყოფილიყავით, მაგრამ რაც უფრო და უფრო იმატებდა საშინელი ნგრევის, დალეწვის, წაქცევის, გადატრიალებისა და გადმოტრიალების ხმა, მით უფრო მეკარგებოდა იმის იმედი, რომ ამ სახლიდან რომელიმე ჩვენგანი ცოცხალი გააღწევდა.
მაშინ, როდესაც მეგონა, რომ თვალებიდან ყველა ცრემლის წვეთი დავღვარე და დავიცალე, მთელ ხმაზე მოვრთე ტირილი. ხელები კედლიდან ჩამოვუშვი და თვალების მოწმენდა დავიწყე.
- რას აკეთებ, სოფიო? - დამიყვირა და მიმანიშნა, რომ ძველ პოზას დავბრუნებოდი.
- ბოდიში, მამა, აღარ შემიძლია. - ვუთხარი ატირებულმა და კედელს ხელები მივადე.
- უნდა გავუძლოთ, ჩემო სიცოცხლე, ესეც გაივლის… ესეც გაივლის და… და… ყველანი კარგად ვიქნებით… ჩემო პატარა… - მიყურებდა და თვალები უცრემლიანდებოდა.
მამა, ჩემი პირველი სუპერგმირი, რომელიც ახლა ჩვენს გადასარჩენად ყველაფერზე წავიდოდა იმის მერე რაც თავისი პატარა ვაჟკაცი დაკარგა. არც კი მინდოდა გამეგო რას გრძნობდა ან თუ როგორი ელვის სისწრაფით გაურბოდა ფიქრები თავში ნოეს შესახებ. ჩემთვის ეს ხომ ტრაგიკული იყო, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდოდა იმის თუ რა იქნებოდა ეს განადგურებული მამისათვის, რომელმაც თავისი ერთადერთი, ყველაზე პატარა ბიჭუნა დაკარგა. როგორ მინდოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, როგორ მინდოდა რომ დედას შეხება მეგრძნო და მისი ნაზი ხმა გამეგო, რომ გამეღვიძა და სკოლისთვის გავმზადებულიყავი. როგორ მინდოდა რომ ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო, როგორც გუშინ, გუშინ წინ და ასე შემდეგ.
ამ დროს თავში ერთმა ფიქრმა დამარტყა, ფიქრმა, რომელმაც სრულიად გამანადგურა იმ წამსვე. აქ წამოსვლა, მთაში დასვენება, ეს ხომ ჩემი იდეა იყო? ეს ხომ მე მოვიფიქრე და მე ვუთხარი ოჯახის წევრებს რომ გაგვეკეთებინა? ჩემი მოფიქრებული იყო რომ აქ წამოვსულიყავით და ზაფხულის შვებულება გაგვეტარებინა. ეს ნიშნავდა რომ ჩემს გამო მოკვდა ჩემი ძმა? ეს ნიშნავდა რომ მე რომ არა პატარა ნოე ცოცხალი იქნებოდა?
ფეხებში სისუტე ვიგრძენი, ერთიანად შემიპყრო დანაშაულის გამგუდველმა გრძნობამ, თითქოს მთელი სხეული მოიცვა თავისი შავ-ბნელი აურით და ბოროტულად გამიღიმა, მომესალმა და მითხრა, რომ ჩემი ახალი მეგობარი იქნებოდა მთელი ჩემი ცხოვრების გზაზე. მე ხომ ჩემი პატარა ძმა მოვკალი, დედა არც ვიცოდი ცოცხალი თუ იყო და ახლა… სახლი ზანზარებდა, ჭაღი ჩამოვარდა, შუშები მთლიანად ჩაიმსხვრა, ერთდროულად დაგვარტყა წნევამ და ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ავი სულები გვიპყრობდნენ.
ფანჯრისკენ გავიხედე და შევამჩნიე, რომ სახლი მთლიანად მიწაში იყო ჩაფლული, მხოლოდ ერთი პატარა სივრცე იყო დარჩენილი საიდანაც გარე სამყარო ჩანდა. სახლი ზამბარასავით ზანზარებდა, ცოტაც და ყველანი ერთდროულად დავენარცხებოდით ძირს. მამა კედელს მოშორდა და მაგიდის ქვეშ შეძვრა, ხელით გვანიშნა, რომ იგივე გვექნა. ყველანი ერთდროულად გავიქეცით მაგიდებისკენ და სადამდეც შეგვეძლო იქამდე შევძვერით. ამასობაში, ნივთები ციდან წვიმასავით ცვიოდა - თასები, ჭურჭლები, წიგნები. ლიზას მხარე ყველაზე ახლოს იყო მაღალ თაროსთან, რომლიდანაც განსაკუთრებით ბევრი ჭურჭელი იყრებოდა, ამიტომ თავზე ხელები ჰქონდა აფარებული და ცდილობდა, რომ ნამსხვრევები თავიდან მოეშორებინა.
- ახლა რას ვაკეთებთ? - გავძახე მამას იმ იმედით რომ რამე ექნებოდა მოფიქრებული.
- გაუძელით და ესეც გაივლის, სანამ არ გეტყვით მაგიდებიდან არ გამოხვიდეთ! - სამივეს გადაგვხედა და შეგვამოწმა დაცულები თუ ვიყავით.
მამა და ლიზა მისაღები ოთახის მაგიდას ეფარებოდნენ, მე და ბარბარე კი ერთი სამზარეულოს მაგიდის ქვეშ ვიყავით შემძვრალები. შეხება ვიგრძენი, გვერდით გავიხედე და ბარბარე ჩამეხუტა. მისი სულის სიმყიფე ვიგრძენი, მივხვდი, რომ მას ჩვენგან განსხვავებით არავინ ჰყავდა გვერდით ამ უბედურებაში და მისი ოჯახის როლსაც ჩვენ ვთამაშობდით. ჩახუტება დავუბრუნე და ძლიერად მოვკიდე ხელები რომ შემთხვევით არ გამეშვა.
ერთდროულად ძალიან სწრაფად და ძალიან ნელა ხდებოდა ყველაფერი. სახლი თითქოს დაუსრულებლად ინგრეოდა და ნელ-ნელა კარგავდა მახასიათებლებს, რაც მას სახლის ხიბლს სძენდა, მაგრამ თან თვალი რომ შეგევლოთ სწრაფად მოძრავ ნივთებს, მაგიდებს, თაროებსა და სკამებს დაინახავდით რამდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები. გარედან ხალხის ყვირილი გვესმოდა, ზოგი შველას ითხოვდა, ზოგი კი შფოთვისგან იცლებოდა. ჯოჯოხეთური ქაოსი იყო და დასასრული არ უჩანდა. მეგონა, რომ ვიყავი ან მოკლე სიზმარში, რომელიც ძალიან მალე დასრულდებოდა, ან ჯოჯოხეთში, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდებოდა. არ არსებობდა ნაცრსიფერი ხაზი, ყველაფერი შავ-თეთრი იყო.
რამდენიმე წუთში მიწის მოძრაობასთან ერთად სახლის ზანზარიც შეწყდა, მაგრამ ერთი პრობლემა სახეზე იყო - მეორე სართულის კიბეები მთლიანად ჩამოიშალა და ლიზას და მამას თავზე დაეყარათ. ზოგი მოიგერიეს, ზოგი მაგიდას დაეცა, ზოგი კი პირდაპირ სხეულის ნაწილებზე ხვდებოდათ. არ შემეძლო ამ საზიზღარი კადრებისთვის უბრალოდ მეყურებინა, ამიტომ მაგიდიდან გამოვედი და მათკენ გავიქეცი.
- უკან შებრუნდი! - დამიძახა მამამ და ამ დროს მომენტალურად გავშეშდი, გავიაზრე ჩემი ქმედების უაზრობა. რაღატომღაც სურვილი მქონდა, რომ სუპერგმირის როლი მეთამაშა და რამენაირად დავხმარებოდი მათ, მაგრამ სინამდვილეში არაფრის მაქნისი არ ვიყავი და სულაც არ მქონდა იმის ენერგია ან ძალა, რომ ფიცრების მოგერიებაში დავხმარებოდი. ასეთი სცენა იყო - ჩემს წინ კიბეები ცვიოდა და ხედი მამასა და ლიზას მიფარავდა, მე კი უკან ვიხევდი ნელი ნაბიჯებით და ვლოცულობდი, რომ როცა დასრულდებოდა ორივენი კარგად იქნებოდნენ.
მთლიანად რომ ჩამოიშალა, ლიზა და მამა სასწრაფოდ გამოვიდნენ ადგილებიდან. ლიზას შუბლიდან სისხლი სდიოდა, მაისურის სახელო მოვიხიე და ხელში გავუწოდე. ჩემით ვერ გავბედე და ვერ შევუხვიე, რადგან მეშინოდა რომ რამე არასწორად მექნა. ლიზამ თავზე წაიკრა და სისხლდენა, ასე თუ ისე, შეიჩერა. მამა ქოშინით სუნთქავდა, ლიზას ჭრილობას უყურებდა, ხელს მკიდებდა და მანიშნებდა რომ კარგად იყო. ბარბარე ისევ სამზარეულოს მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი და შიშით გამოსვლას ვერ ბედავდა. სახლის ნგრევა ჯერ კიდევ არ იყო შეჩერებული, უფრო და უფრო იმსხვრეოდა და ილეწებოდა ყველა კუთხე-კუნჭული.
ამ დროს ჩემს ცხოვრებაში მომდევნო საზიზღარი, სიკვდილის ტოლფასი ხმაური გავიგე - სამზარეულოს მხარეს ხის კედელი მიწამ შემოანგრია და წამებში დატბორა იქაურობა. თვალები გამიფართოვდა, სისხლი გამიცივდა, მეგონა, რომ ბარბარეც შიგნით მოყვებოდა, თუმცა მან მაშინვე გაიაზრა იქაურობის პრობლემა და წამებში გამოვარდა ჩასაფრებული ადგილიდან. შემზარავი კადრი იყო - ბარბარე გამორბოდა და უკან მიწა ისე მოყვებოდა თითქოს დაჭერობანას ეთამაშებოდა. სამზარეულო სრულად შეჭმული იყო, მიწა კი არ ჩერდებოდა და მზად იყო რომ სახლის დანარჩენი ნაწილებიც მიერთვა საუზმედ.
ელდა მეცა, ხელები ამიკანკალდა, მამასკენ გავვარდი, უკან დავუდექი და ჩემი ყვირილის მელოდიას ცრემლების ნაკადი დაეხმარა ვიზუალური ეფექტებისთვის. გზა არსად ჩანდა, მიწა იმდენად ახლოს იყო, რომ გადარჩენის ნული იმედი გვქონდა. უცებ, უკან გავიხედე, ფანჯრიდან, რომელსაც წეღან მოვკარი თვალი, ისევ ჩანდა გარე სამყარო, თუმცა ძალიან პატარა ნაწილი. ლიზას და მამას ერთდროულად ჩავებღაუჭე და ფანჯრისკენ გავახედე, ორივე ეგრევე მოქმედებაზე გადავიდა და იქით გავიქეცით. ბარბარეც დაგვეწია.
ფანჯრისკენ გზა გაართულა გიგანტურმა მისაღები ოთახის თარომ, რომელიც წაიქცა და კინაღამ თავზე დამეცა. წამიერად გავშეშდი, გავიაზრე, რომ ორი ნაბიჯით წინ რომ ვყოფილიყავი ახლა ამ თაროს მსხვერპლი ვიქნებოდი. ლიზამ ხელი მომკიდა, თაროს ღია ნაწილებში ფეხები ჩაყო, გადაადგილდა და მიბიძგა რომ მეც იგივე მექნა. ძლივს, ფანჯარას მივაღწიეთ და მამამ მაშინვე ამწია რომ გავსულიყავი.
ერთი ხელი გარეთ გავიშვირე, მიწას ჩავებღაუჭე, ვიგრძენი რომ ფრჩხილებში ტალახი გამევსო, თუმცა მთელი ძალით მოვეჭიდე და ვცდილობდი რომ გავსულიყავი. უკნიდან მამა და ლიზა მაწვებოდნენ რომ უფრო სწრაფად ავსულიყავი. რაც უფრო გარეთ გავდიოდი, მით მეტი მიწა იყრებოდა უკან და გასასვლელ გზას აპატარავებდა. ძლივსძლივობით, ავძვერი და ტალახში, ფაქტობრივად, ცურვა დავიწყე, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო პრობლემა, რადგან მე ცოცხალი ვიყავი და ჩემს უკან კიდევ სამი ადამიანი უნდა ამოსულიყო ზემოთ.
ჩემს შემდეგ, ლიზას დაჟინებით, ამოძვრა ბარბარე, რომელმაც იგივე ომი გამოიარა მიწასთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამოვიდა. გაფართოებული თვალებით ვაშტერდებოდი ახლად ამოსულ ბარბარეს და თან ვანიშნებდი რომ დამხმარებოდა დარჩენილების ამოყვანაში.
ლიზას ვეჭიდებოდით, უკნიდან მამა აწვებოდა. შემთხვევით, ფანჯრის შუშაზე ხელი მოუხვდა და მომდევნო ჭრილობა გაიჩინა. სისხლი იმდენად სწრაფად და ძლიერად წასკდა, რომ მე და ბარბარემ ერთმანეთს გავხედეთ და წამიერი შოკი მივიღეთ. თითქოს შუბლი საკმარისი არ იყო და ახლა ხელიც დასახიჩრებული ჰქონდა. მთელი ძალით ვეჭიდებოდით მე და ბარბარე, რომ ამოგვეყვანა. მადლობელი ვიყავი ბარბარესი, რომ გამოჩნდა და გადაგვარჩინა, ახლაც აგრძელებდა ჩვენს გადარჩენას და თავის მაქსიმალურს აკეთებდა, რომ დაგვხმარებოდა. ჭრილობების მიუხედავად, ლიზაც მშვიდობიანად ამოვიყვანეთ.
დადგა მამას დრო, თუმცა ფანჯრიდან ამოსასვლელი სივრცე უკვე კატასტროფულად ვიწრო და პატარა იყო. ჩასისიხლიანებული თვალებით ვაშტერდებოდი და თან ვუყვიროდი, რომ ამოსულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან, რაც არ უნდა ძალა დაეტანებინა, ვერ ამოეტეოდა. სამივემ, მე, ლიზამ და ბარბარემ ერთდროულად გავყავით ხელები ხვრელში და მამას ჩავეჭიდეთ, თუმცა მცდელობების მიუხედავად მამა ვერ ეტეოდა. მხოლოდ თავისა და მარცხენა ხელის ამოყოფა მოახერხა, დანარჩენი სხეული კი შიგნით, სახლში ჰქონდა დარჩენილი.
ემოციების მოზღვავებისგან გავქრი, არაადამიანად გადავიქეცი, ხელებს სახეში ვირტყამდი და თან ვტიროდი. მამა ვერ ამოდიოდა, მომდევნო ოჯახის წევრი იკარგებოდა და ვერცერთი ჩვენგანი ვერაფერს ვშვებოდით. რომ შემეძლოს აღწერა ამ შეგრძნების, ალბათ ვიტყოდი რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო იმის დანახვა, რომ მამა ასე საშინლად იყო გაჭედილი ფანჯარაში და ვერ ამოდიოდა. შიგნიდან მიწა უფრო და უფრო გროვდებოდა და ახლოვდებოდა - მაგას რა შეაჩერებდა, ერთადერთი მიზანი ის ჰქონდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები მოეკლა.
მოულოდნელად უკნიდან მოჭიდება ვიგრძენი, ლიზამ მთელი ძალით გამწია უკან და გადამისროლა, რათა სახლის ჩამოშლას გადავრჩენილიყავით. სახურავიანად მთლიანი სახლი ნაკუწებად დაიშალა და ჩვენი საწყალი მამაც შიგნით მოყვა. ტალახში ჩაფლულები, სისხლიანები, განადგურებულები ერთხმად ვტიროდით და შველას ვითხოვდით. მიწამ მომდევნო ოჯახის წევრი წაგვართვა, მე და ლიზას მამა აღარ გვყავდა.
სიზმარი იყო ან კოშმარი, რადგან ამ დროს თავს რეალურად არ ვგრძნობდი. არცერთი ჩემი შეგრძნება, სუნი, გემო, ტკივილი ან სევდა არ ჰგავდა რეალურს. ყველაფერი ილუზიასავით იყო. ალბათ ეს იყო ჩემი თავდაცვითი მექანიზმი, რათა ეს საზიზღარი მომენტები რაღაცნაირად გადამეტანა. თევდორე, ყველაზე გულთბილი, ლაღი და ალალი კაცი, ვისაც ვიცნობდი, აღარ არსებობდა. მიწამ ჩაყლაპა, გაანადგურა, დაანაწევრა, მის ნაწილად აქცია, წაგვართვა.
მამა, ეს რა დღეში ჩაგვაგდე, გონზე ვერ მოვდივარ. ჯერ ნოე წავიდა და ახლა შენ? როცა დედამიწა ღრიალებდა და ნამსხვრევები ძირს იშლებოდა, დრო თითქოს გაწელილი იყო. გონება ამიჩქარდა, ცდილობდა დაწეულიყო ყველაფერს რაც ხდებოდა. ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნამდვილი, მაგრამ ჩემს თვალწინ ხდებოდა. მინდოდა მისკენ მივსულიყავი, ხელი ჩამეჭიდა და მისი დახმარებით ნუგეში მეპოვა, მაგრამ ქაოსი ძალიან ნამდვილი იყო, ხმაური ძალიან ძლიერი. ვგრძნობდი, როგორ იცლებოდა მიწა ჩვენს ქვეშ და როგორ ჩაყავდა მის სიღრმეებში მამაჩვენის სხეული.