ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უსახელო X

უსახელო X

უსახელო X

მშობლებს ჩემთვის დავითი უნდა დაერქვათ, რადგან ჩემს დაბადებამდე 1 კვირით ადრე ვიღაც კაცს სიზმარი უნახავს, რომ თუ ამ სახელს არ დამარქმევდენ აუცილებლად მოკვდებოდა. სიზმრით შეშინებულმა ყველაფერი ჩემ მშობლებს უამბო, რომ აუცილებლად დაერქვათ ჩემთვის დავითი, თორემ ის მოკვდებოდა...

მე დავიბადე, სახელი შემირჩიეს და ის კაციც გარდაიცვალა...

ალბათ მიხვდით რაც მოხდა...

მიუხედავად იმისა, რომ დამარქვეს სახელი, სამყაროში გავჩნდი, როგორც უსახელო, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუწევდა ეპოვნა თავისი ნამდვილი სახელი და ეპოვა თავისი თავი, რის გამოც უბრალოდ კი არ იარსებებდა, არამედ კვალს დატოვებდა და ნამდვილად იცხოვრებდა.

აი ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალი სახელის ძიებაში.

დაბადება

 მე დავიბადე,

 მაგრამ ვიდრე დავიბადეობდი ექიმები თურმე ამბობდნენ, რომ თუ როგორმე ეს მოხდებოდა და ცოცხლად დავიბადებოდი, ფეხზე სიარულსაც ვერ შევძლებდი, თუმცა დედაჩემის რწმენამ მაინც გააღწია გარემოებათა წნეხის მიღმა და ჯანმრთელი დავიბადე.

     სამყარო და ექიმები ერთდროულად ელოდნენ, რომ დაიბადებოდა ვინმე უსახელო, რომელსაც შემდგომ შეურჩევდნენ სახელს და ასე გააგრძელებდა შეზღუდულ ცხოვრებას, მაგრამ დაბადებისას ექიმმა თურმე ჰაერში ამიტაცა და ხმამაღლა თქვა:

„ეს ბავშვი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის, რადგან სამყაროს უკუღმა ეჩვენა“

   ჰო, უკუღმა დავიბადე...

 არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ან ვინ დაადგინა წაღმა და უკუღმა დაბადების თავისებურებანი, მაგრამ საქმეც ზუსტად ამაშია, რომ სჩვენ სტატისტიკურად, უმრავლესობის მიერ შეთანხმებულ აზრის მიხედვით, ვარქმევთ სახელს მოვლენას, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება.

    სახელად იქსი დამარქვეს, მე უსახელოს, რომელსაც გარეგნულად ჰქონდა სახელი, შინაგანად კი მჭირდებოდა გამორკვევა, თუ ვინ ვიყავი რეალურად და რა დანიშნულება მქონდა ცხოვრებაში.

    რახან დავიბადე ეს ჩემი ოჯახისთვისაც შოკი იყო და მათთვისაც, ვინც წინასწარმეტყველებდა, რომ ფეხზე ვერ გავივლიდი.

ცხოვრებაც განვაგრძე და ფეხზე სიარულიც დავიწყე...

      მახსოვს, როცა პირველად კარგი სიტყვა-პასუხი შემიქეს, თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა.

 - ყოჩაღ იქს, შენ ნამდვილად ჭკვიანი ხარ, ვამხნევებდი ჩემ თავს...

      როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, უკვე თავადაც დავიჯერე, რომ ეს თავისთავად ხდებოდა და უკვე ძალიან ჭკვიანი ვიყავი.

      ამას თან ერთვოდა სკოლაში მიღწეული წარმატება, რომ მომზადების გარეშე, თუ მოვინდომებდი, შემეძლო გამეაზრებინა საკმაოდ რთული საკითხები და მასწავლებელთა მხრიდან წამოსულ სიმპათიას, რა თქმა უნდა სრული გაგებით ვეკიდებოდი, რადგან მე მჯეროდა, რომ ჭკვიანი ვიყავი და ეს იყო საკმარისი. იქსი იყო ჭკვიანი.

     პარალელურად სკოლათა შორის გამართულ ჩემპიონატში ვიღებდი მონაწილეობას. ეს ჩემპიონატი იმაზე იყო, თუ ვინ როგორ და უფრო ხალისიანად გააცოცხლებდა ცხოვრებისეულ მომენტებს. ჩემი სკოლის გუნდის კაპიტნობა მხვდა წილად და რა თქმა უნდა იქაც განსაკუთრებული ვიყავი.

      დირექციის წინაშე გავლენით ვსარგებლობდი, უფლება მქონდა არ დავსწრებოდი გაკვეთილებს, რადგან საქმიანობა, რომელსაც ვეწეოდი სკოლის იმიჯს უფრო მეტად ზრდიდა.

      იქსი ჭკვიანია, იქსი გონიერია, იქსი მოხერხებულია, ისევ ვუმეორებდი ჩემ თავს...

ეს შეძახილები აძლიერებდა ჩემს წარმოსახვას და უფრო მომწონდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებოდი.

      სკოლათა შორის გამართულ ჩემპიონატებში გამოვიმუშავე დიდ სცენაზე დგომის პრაქტიკა დიდი აუდიტორიის წინაშე, რაც წარმომაჩენდა, როგორც უკომპლექსოს და გაბედულს.

აქამდე ჭკვიანი იქსი, ახლა უკვე უკომპლექსოც იყო და ყველას მასთან მეგობრობა სურდა...

      მეც რა თქმა უნდა სრული თავდაჯერებულობით თავმომწონედ ვიფერებდი ამ წოდებებს, რაც ჩემ სახელს ერთვოდა თან და ვაღიარებდი, რომ მე ასეთი ვიყავი.

      უფრო სწორად ვცდილობდი ისე შემეფუთა ჩემი ცხოვრება, რომ ასეთად წარმოვჩენილიყავი, სინამდვილეში კი შინაგანად უსახელო გახლდით, რომელიც იმედოვნებდა, რომ ოდესმე იპოვნიდა სახელს, რის გამოც ის ბედნიერი იქნებოდა.

     მიუხედავად იმ წოდებებისა, რომლებიც ჩემმა თანატოლებმა მომაკრეს ჩემ შინაგანში მაინც უკმაყოფილება იყო და ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც პირადად მე მაკმაყოფილებდა.

 მე გაცილებით მეტი მსურდა, ოღონდ ეს არ იყო აღიარების სურვილი, არამედ ეს იყო სურვილი იმისა, რომ მეპოვნა საკუთარი თავი და ნამდვილად ის ვყოფილიყავი, ვინც უნდა ვყოფილიყავი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ თანატოლებს იმედებს გავუცრუებდი, ისინი ახალ იარლიყებს აკრავდნენ ჩემ პიროვნებას და ეს ყოველთვის დადებითი როდი იყო.

       მხიარულთან, თავაზიანთან და სხვა დადებით იარლიყთან ერთად მრავალი ისეთი წოდებაც ჰქონდა ჩემ პიროვნებას, რომელიც თავად მე სულაც არ მომწონდა.

როცა სამეგობროს იმედებს ვერ ვამართლებდი ვმწუხრდებოდი და საკუთარ თავს ვაკრიტიკებდი, რადგან საკუთარი თავისგან მეტს ვითხოვდი

 ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არასოდეს დამეკარგა ის კარგი წოდებები, რომლითაც სამეგობროში ვსარგებლობდი.

ოჰ, დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე სხვის აზრებზე ვიყავი დამოკიდებული და მეც ამას მხოლოდ მაშინ ვაღიარებდი, როცა მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან, სამყაროსთან და ღმერთთან.

 

ოთახში ვიღაც არის...

  სკოლაში  ყოფნისას კიდევ ერთი სეზონის ჩემპიონატის მონაწილე ვიყავი.

მთელი ყურადღება ამ ჩემპიონატისკენ მქონდა გადატანილი და გარემოებაც ხელს იმდენად მიწყობდა, რომ თითქოს სადარდებელი არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც მჭამდა ის ფიქრები, რომელსაც ყოველთვის ვებრძოდი...

„რა მოხდებოდა მაშინ, როცა იქსი სიცოცხლეს დაასრულებდა, რა დარჩებოდა მისგან?“

შეიძლება ითქვას, რომ ეს აზრები  ყველა ჩემ მხიარულ მოგონებას ერთიანად სპობდა და ხიბლს უკარგავდა.

   ყოველი დღე ასე იწყებოდა და მთავრდებოდა: ვფიქრობდი იმაზე, რომ ერთ უცაბედ წამს შეიძლება ყველაფერი დასრულებულიყო და ყველაფერი, რაც აქამდე მიღწევად მეთვლებოდა, უბრალოდ გაქრებოდა...

     როდესაც ადამიანი ამ სამყაროს ტოვებს, მის შესახებ ყველა კარგ მოგონებას იხსენებს და ამბობენ რომ ადამიანმა ჩვენ შორის კარგი სახელი დატოვაო, მაგრამ ჩემი საფიქრალიც სწორედ ეს გახლდათ: რა სახელი?

თავად პიროვნების სახელი, თუ რაღაც სხვა, რაც გამოარჩევდა კონკრეტულ ადამიანს?

სკოლაში ახალი ნასწავლი მქონდა ლექსი „მესაფლავე“ და იქედან წამოსული სტროფები მიკლავდა გულს:

„...ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი, ყველა ჩვენგანს ავიწყდება...“

მე კი ვამბობდი ლექსის შემდეგ სტროფს იმედიანად, რომ „არ მჯეროდა მე ეს რაღაც,“ მაგრამ მომავალზე ფიქრები იმაზე მიმითითებდა, რომ ოდესმე მეც დავიწყებას მივეცემოდი და აღარავის ვემახსოვრებოდი.

ან იქნებ ვინმეს ჩემზეც ეთქვა იქსმა ჩვე შორის კარგი სახელი დატოვაო...

    ყოველთვის, ვიდრე დაძინებას დავაპირებდი, ვფიქრობდი, რომ ჩემგან მხოლოდ ადამიანთა მიერ შერქმეული სახელი დარჩებოდა და ისიც მალევე გაქრებოდა, რადგან თაობები მიდიან და მოდიან, სამყარო ვითარდება და არავინ მოისურვებდა იქსის ცხოვრებით ცხოვრებას... ყველას ხომ თავისი წილი ცხოვრება აქვს.

მე ნამდვილად არ ვიცოდი რა იყო ეს. ადამიანური ბრძოლა, თავის დასამკვიდრებლად, თუ გზა რაღაც ზებუნებრივისკენ, სადაც მე და ჩემი მოწოდება ერთანეთს უნდა შევხვედროდით.

საბოლოოდ იმ აზრამდე მივდიოდი, რომ მე გაცილებით მეტი მსურდა.

მსურდა რომ ადამიანთა გარემოცვაში დარჩენილიყო მეტი, ვიდრე მათ მიერ შერქმეული სახელებია.

მე მჭირდებოდა მეტი, ვიდრე ხალხის აღიარებისგან მიღებული სიამოვნებაა, ანუ ცოდნა იმისა თუ ვინ ვიყავი რეალურად და რა იყო ის კვალი, რაც უნდა დამეტოვებინა ცხოვრებაში, მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრები იყო და არსებულ რეალობას ვერაფერს უხერხებდა.

   როგორც ყველას, მშობლებისგან დარქმეული სახელი კი მქონდა და ეს ერთი შეხედვით საკმარისი ჩანდა, მაგრამ მე მაინც სხვა რამეს ვეძებდი.

     აი წარმოიდგინეთ, სმენა რომ არ გქონდეთ, ბრმა იყოთ და ლაპარაკი არ შეგეძლოთ, როგორ მიხვდებოდით თუ ვინ ხართ?

თან ამ საუბედურო მდგომარეობას ისიც დავუმატოთ, რომ მთელი სხეული პარალიზებული გქონდეს და ხელის შეხებითაც კი არ შეგეძლოს რაიმეს სწავლა...

ამ დროს ვინ იქნებოდი?

ნება მომეცი და უფრო შორს წავიდეთ...

ამ დროს ექნებოდა აზრი იმას, თუ რა დაგარქვათ მშობლებმა?

ექნებოდა აზრი იმას, თუ რას გიწოდებდა შენ გარშემო არსებული საზოგადოება?

- რა თქმა უნდა არა!

მაგრამ მაინც საინტერესო ის არის, ვინ იქნებოდი შინაგანად?

- არავინ, თუ ვინმე?

- უსახელო, თუ სახელის მქონე?

ყველა ეს ფიქრი მეორდებოდა ჩემ სასთუმალზე იმ გარდამავალ 1 წუთში, რომელიც ყველა ჩვენგანს ჰქონია...

ეს მეორდეობდა წლების განმავლობაში და ვხვდებოდი, რომ ჩემი შინაგანი ზუსტად ასე იყო პარალიზებული... მას არ შეეძლო გაერჩია თუ რა იყო მისი ნამდვილი სახელი, თუ ვინ იყო ის რეალურად.

     ყოველ ღამე ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ღამე განსაკუთრებული იმით იყო, რომ რაღაც არაორდინალური მოხდა.

     ჩემს ოთახში ვიღაც დავინახე...

ის ოთახის ბოლოში, ფანჯარასთან იდგა, გარეთ იცქირებოდა.

 ის სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა წარსულზე და მომავალზე ამდნეს ვფიქრობდი.

მხოლოდ სილუეტის დანახვა შევძელი, რადგან ზურგით იდგა და თითქოს ელოდებოდა ჩემ დაძახებას, მაგრამ რა თქმა უნდა მე ეს არ გავაკეთე.

   აბა წამით წარმოიდგინეთ, ასეთ ფიქრებში, რომ უცხო სილუეტი შენს ოთახში გამჩდარიყო და გათენებამდე იქ მდგარიყო, ალბათ ყვირილს დაიწყებდი, რომ ვინმეს ეშველა შენთვის, ან საბანს გადაიფარებდი და ლოცვას დაიწყებდი.

   მეც ასე მოვიქეცი, ყვირილი არ დამიწყია, მაგრამ საბანი გადავიფარე და ლოცვა დავიწყე, რომ მშვიდობა და დაცვა მქონოდა, შემდეგ კი საბნიდან საჰაერო დავტოვე, რომ სუნთქვა შემძლებოდა. გეთანხმები, სასაცილოა თავდაცვის ეს ვარიანტი, თუმცა არც მშიშარას იარლიყი არ მინდოდა ოჯახის წევრების თვალში.

     საბნის ჭუჭრუტანიდან ერთდროულად საჰაერო და საკონტროლო არხი გავაკეთე, თან ჰაერს ვიღებდი, თან ვიხედებოდი, რომ დამენახა გაქრა თუ არა სილუეტი.

შიშისაგან ერთიანად ვცახცახებდი და თან ვლოცულობდი, რომ ღმერთს გადავერჩინე...

იმ საღამოს უამრავი აღთქმა დავდე ღმერთთან, რომ თუ გადამარჩენდა, ნამდვილად კარგ ცხოვრებას დავიწყებდი და არასოდეს მოვიქცეოდი ცუდად...

თავდაცვის ამ ბრძოლაში ჩამეძინა...

საბედისწერო გადაწყვეტილება

დილით დედაჩემის ხმამ გამაღვიძა

   - იქს, დროულად, სკოლაში გაგვიანდება...

როცა თვალი გავახილე და ის სილუეტი იქ აღარ დამხვდა გამიხარდა, მაგრამ ისევ გაურკვევლობაში ვიყავი და ბოლომდე ვერ გამეაზრებინა, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.

ჩემ თავს ასე დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და უკვე ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ოფლისაგან მთლიანად სველი ბალიშის ზედაპირი მახსენებდა, რომ საქმე რეალურ ფაქტთან მქონდა...

  - აუ, უკვე გათენდა? ოღონდ ისევ არა... მეორე გაკვეთილზე მივალ, ცოტაც მადროვე, გთხოვ დე...

  - სწრაფად ადექი გაგვიანდება, დღეს გამოცდა გაქვს!

ვის გაახსენდა, არც მოვმზადებულვარ...

- გადავიწერ, რაც არის ეგ არის. ვუპასუხე მე.

როგორღაც წამოვდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და მოვემზადე.

    სკოლაში წავედი და ის-ის იყო ეზოში უნდა შევსულიყავი, რომ უკნიდან ხმა მომესმა:

 - იქს, მოიცადე, იქს!

შევჩერდი, უკან მივტრიალდი და ჩემი კლასელი ქოშინით მომიახლოვდა...

- დაყრუვდი? მთელი გზაა მოგდევ და გეძახი.

ისეთი წითელი იყო სიცილი ვერ შევიკავე, ბოდიში მოვუხადე და ვკითხე თუ რა ხდებოდა.

- ბიჭები ინტერნეტ კაფეში მივდივართ სათამაშოდ, უნდა წამოხვიდე.

დღეს გამოცდაა და არ გამოვა. უეჭველად სკოლაში უნდა მივიდეთ, ვუპასუხე მე.

- წამოდი რა, წინაზეც ეგრე იყო და სასკოლო ჩემპიონატის გამო მარტივად დავიძვრინეთ თავი.

საბოლოოდ მეგობრებმა საწადელს მიაღწიეს. მათ დავთანხმდი და ინტერნეტ კაფეში სათამაშოდ გავეშურეთ.

   გავერთეთ, მოვიგეთ კიდევაც, შემდეგ კი რეპეტიცია გვქონდა სასკოლო ჩემპიონატისთვის და იქაც ერთად წავედით.

     მთლი დღე სინდისი მაწუხებდა და იმასაც ვფიქრობდი, ნამეტანს ხომ არ ვაკეთებ, ან ზედმეტი ხომ არ მომდის მეთქი, მაგრამ გარე ხმათა დადებითი შეძახილები და მომენტალური დადებითი ემოციური განწყობა მამშვიდებდა და მიქმნიდა ილუზიას, რომ ცუდი არაფერი ხდებოდა.

     კი, კი, გარეშე ხმათა შემოძახილებზე ვიყავი დამოკიდებული და ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე. მე ფაქტიურად ამით ვცხოვრობდი.

ხალხის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყოველთვის მესმოდა ჩაძახილები ჩემს გარემოცვაში: „ხალხი რას იტყვის“ “ის რას იტყვის“ და ა.შ.

       ამგვარად მე ვიყავი მსხვერპლი გაგებისა „რას იტყვის ხალხი“ თუმცა ამას ისევე გულწრფელად ვაკეთებდი, როგორც დღეს ნებისმიერი ამ მდგომარეობაში მყოფი გააკეთებდა.

სამეგობროს ინიციატივებსაც იმიტომ ავყვებოდი ხოლმე, რომ არ მინდოდა მათი უარყოფისა და ნეგატიური შეფასების ობიექტი გავმხდარიყავი.

  როცა სინდისი ქენჯნას დამიწყებდა და თავს შემახსენებდა, ყურადღება ჩემ მიერ შექმნილ მდგომარეობაზე გადამქონდა და ვამბობდი, რომ სამეგობროსთან ერთად გატარებულ დროს უკან ვერაფერი დაარუნებდა და თითოეული მათგანი ძვირფასი იყო.

მშობლებსა და სკოლაზეც არ ვდარდობდი, რადგან დედა ფიქრობდა, რომ იქსი სკოლაში იყო, სკოლის დირექცია კი თვლიდა, რომ სარეპეტიციოდ ვიყავი და სასკოლო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი.

  როგორც ყოველთვის იმ დღესაც, გართობას გვიან მოვრჩით და ფეხით გადაადგილება გვიწევდა, რის გამოც დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ რეპეტიცია გვიან მორჩებოდა და მეგობართან დარჩენას ვაპირებდი, თუმცა დედამ მიპასუხა, რომ სასწრაფოდ სახლში უნდა მივსულიყავი.

ვეცადე გადაეფიქრებინა, მაგრამ პირველივე მცდელობისას ტელეფონი გამითიშა.

სატელეფონო საუბარში დედას ხმა მკაცრი მომეჩვენა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს გაკვეთილებზე არ დასწრების გამო ხდებოდა და კარგი პასუხიც მოვამზადე თავდაცვისათვის, თავის მართლებას იმით ვაპირებდი, რომ სასკოლო ჩემპიონატების გამო ვიყავი დაკავებული და ვერ ვესწრებოდი გაკვეთილებს, ამგვარად დამშვიდებული გავეშურე სახლისაკენ სწრაფი ტემპით, რომ უკან დაბრუნება მომესწრო.

როცა ბინას მივუახლოვდი, სწრაფად მივესალმე გარეთ მყოფ მეზობლებს და სადარბაზოში შევედი. კიბეებიც ისევე სწრაფად ავირბინე, დროს მოსაგებად, რომ იმ ღამის ვიდეო-თამაშები არ ჩამეგდო.

      ჩემი სახლის კარის შესვლისთანავე დაინახავდით მისაღებ სივრცეს, სადაც დივანი და პატარა მაგიდა იდგა და როგორც კი სახლში შევედი, მშობლების მზერამ მუკვე მიმახვედრა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და საქმე გაცილებით სხვა რამესთან მქონდა.

იქამდე სულ ათიოდე ნაბიჯი მაშორებდა, მაგრამ ამ ათ ნაბიჯში უამრავი რამ მომაფიქრდა.

ნეტავ რა უნდათ, რაიმე გავაფუჭე და არ მახსოვს?

თითეული ნაბიჯი საკმაოდ დიდხანს იწელებოდა და ყოველი ახალი ნაბიჯისას ახალი ფიქრი მომდიოდა, თუ რის გამო შეიძლებ ყოფილიყვნენ მშობლები ასეთი მზერით.

    ნეტავ ის ხომ არ გაიგეს სკოლაში მისატანი ფულით, რომ მეგობრებთან ერთად ინტერნეტ-კაფეში სათამაშოდ წავედი?

არამგონია, ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო, რაც არის ეგ არის...

მშობლებს მივუახლოვდი და დივანზე ჩამოვჯექი...

დედამ ლაპარაკი დაიწყო...

 - იქს, პირდაპირ გეტყვი: სკოლაში ვიყავით და გვითხრეს, რომ დამამთავრებელ კლასში ვერ გადადიხარ.

იყო წუთიერი დუმილი, ამ დროს ყველაფერი გაშეშდა...

დამავიწყდა ყველა წინასწარ მომზდებული პასუხი და ყველაფერი ერთად. შეცბუნებულმა სიმწრით წამოვიძახე:

- ალბათ მეხუმრებით ხომ? მე სკოლის რეპუტაციისთვის ამდენ რამეს ვაკეთებ და ეს ფაქტიურად შეუძლებელია.

- შესაძლებელია, იქს. აგრძელებდა დედა

- დღეს სკოლის დირექტორმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ გაკვეთილების გაცდენის და გამოცდებზე არ გამოცხადების გამო, დამამთავრებელ კლასში ვერ გადადიხარ...

ამის მოსმენისას ყველა დადებითი წოდება, რაც ჩემი პიროვნებისთვის უწოდებიათ, თავში მიტრიალებდა:

 „იქსი ჭკვიანია“ „იქსი გონიერია“ „იქსი მოხერხებულია“

იმ მომენტში ყველა მათგანი ანულირებული და ჩანაცვლებული გახდა ერთადერთი წოდებით „იქსი შერცხვენილია.“

 ძალიან დავმწუხრდი, თავი ხელებში ჩავრგე და ვაღიარე, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ვეღარაფერს შევცვლიდი...

   ოთახში შევედი და საწოლზე ისე დავწექი ტანსაცმელებიც კი არ გამომიცვლია, აღარ საბნის დაცვა მჭირდებოდა, აღარც იმ სილუეტზე ფიქრი, აღარც მეგობართან კომპიუტერული ვიდეო-თამაშებისთვის წასვლა...

ცხოვრება თავზე ჩამომექცა, რადგან ყველა ჩემი წოდება ჩანაცვლდა ერთადერთი წოდებით“ „შერცხვენილი იქსი“

რას იტყვიან მეგობრები, რას იტყვიან კლასელები, „რას იტყვის ხალხი,“ რას იტყვიან ისინი როცა შერცხვენილ იქსს დაინახავენ.

ალბათ ყველა მათგანი სასაცილოდ ამიგდებს და ჩემთან ახლოს მოსვლა აღარავის მოუნდება...

ამ ფიქრებში ცხარედ ავტირდი...

ჰო, ავტირდი, რადგან მივხვდი, თუ რამდენად დიდი შეცდომა დავუშვი.

ამ დროს ოთახის კარზე კაკუნი გაისმა და იქედან დედაჩემის თანამგრძნობი ხმა გავიგონე:

- იქს, კარგად ხარ?

როგორღაც ამოვისუნთქე და დამაჯერებლად გავძახე:

- კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა, დიდი მადლობა...

     ფიქრს ვაგრძელებდი, სხვა გზა აღარ დამრჩენოდა, ან პროფესიულ სასწავლებელში უნდა ჩამებარებინა, ან ეს სირცხვილი უნდა ამეტანა და გზა გამეგრძელებინა...

    შუქი ჩავაქრე, დასაძინებლად დავწექი და სქროლვაც დავიწყე, რომ ყურადღება როგორმე სხვა რამეზეა გადამეტანა... ამან ვერ მიშველა...

    სადღაც გაგონილი მქონდა, რომ გონება ბრძოლის ველია და ყველა იქ მოსული აზრი არის ბრძოლის ნაწილი, ამიტომაც ვცდილობდი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას.

იცით ეს როგორი მომენტია?

ისეთი პროცესია, ძალიან შორს რომ მიდის და ყურადღების გადატანის ხერხებსაც კი მივმართავთ, რათა ზედმეტად არ გადავიღალოთ.

ზოგჯერ იმდენად რთულია ფიქრების ამ ომში ყოფნა, რომ შეიძლება შუა ღამით ტელეფონი აიღო და ვინმეს დაურეკო, ან მიწერო რათა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო და ცოტათი დამშვიდდე.

შესაძლოა არ უთხრა, რომ ფიქრები შემოგაწვა და ვეღარ უძლებ, მაგრამ ეცადო ყურადღების სხვა რამეზე გადატანას და სინამდვილეში ამ მომენტს ჰქვია გაქცევა ისეთი ბრძოლიდან, სადაც გამარჯვება უნდა მოგეპოვებინა.

ტელეფონი ავიღე და ჩემ მეგობარს მივწერე, მაგრამ არ უნახავს, ალბათ ვიდეო-თამაშში იყო ჩართული...

მესმის, ასეთ დროს რთულია სატელეფონო შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, თუმცა მე ძალიან მჭირდებოდა რაიმე სხვაზე ყურადღების გადატანა...

უკვე შუა ღამე იყო და ვერც ჩემებს გავაღვიძებდი. შევეცადე სხვა საშუალებებისთვის მიმემართა ყურადღების გადასატანად და ვიდეოების სქროლვა გავაგრძელე...

ამასობაში ძილიც მომეკიდა, ის-ის იყო, უნდა ჩამძინებოდა, რომ ისევ ის...

შეხვედრა სილუეტთან

ისევ ის...

ოღონდ ამჯერად ზურგით კიარა, პირდაპირ ჩემკენ იხედებოდა და მე მიყურებდა.

ფანჯრიდან შემოსული ლამპიონებისა და სავსე მთვარის შუქი მის სილუეტს უფრო რეალურს ხდიდა...

ტანად საკმაოდ მაღალი ჩანდა, ტანზე კი მუქი მოსასხამი ჰქონდა, თავზე ამ მოსასხამის ქუდი ეფარა და მისი სახე... მისი სახე შავზე უფრო ბნელი იყო და არაფერი ჩანდა.

ხელში დიდი ყუთი ეჭირა, რომელსაც საკეტი და გასაღები ჰქონდა, ყუთს კი გარედან რაღაც ჩემთვის გაურკვეველი ეწერა.

შიშისაგან წამოვიძახე:

- ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან!? ვკითხე მე

- ველოდებოდი ამ კითხვას. მიპასუხა მან

 შენი მოგონებები, მარცხი, წარმატება, სიხარული და მწუხარება ვარ.

დღევანდელი დღეს ისეთი რამ შეგემთხვა, ეს ნამდვილად წარუშლელ მოგონებად უნდა დარჩეს  შენს მეხსიერებაში.

მე აქ იმისთვის, რომ ვარ, რომ დეტალურად ჩავიწერო ის.

აქ საიდან გაჩნდი და რა გინდა!? ამჯერად ხმადაბლა და კანკალით ვკითხე მე.

მან კი დამაჯერებლად მიპასუხა:

 - ტკივილს გამოვყევი, რომელიც შენკენ გამომიძღვა.

-  მე წარსული ვარ! თავი გამაცნო და თან ჩემს მხარეს გადმოინაცვლა.

ათიოდე ნაბიჯი აშორებდა ჩემამდე, მაგრამ ვიდრე ჩემამდე მოვიდოდა ვფიქრობდი მეყბირა თუ არა დასახმარებლად, მაგრამ შინაგანი გაუტეხავი სიამაყე ისევ არ მაძლევდა საშუალებას, რომ იქსის რეპუტაცია შელახულიყო, ამიტომაც დამოუკიდებლად გადავწყვიტე ამ ამბის გარკვევა და ბოლომდე სიჩუმე შევინარჩუნე.

მომიახლოვდა და ლაპარაკი დაიწყო:

     ჩემს მოსასხამს ჩაეჭიდე, რომ ყუთი გავხსნა და დღევანდელი დღის აღწერა შევძლო, რადგან ეს მოგონება სამუდამოდ უნდა დარჩეს შენს გონებაში.

 ის ისევ იმეორებდა იგივე აზრის სხვა წინადადებას...

- დღევანდელი დღე აუცილებლად უნდა ჩავიწეროთ, მაგრამ ამისათვის ჩემი მოსასხამის კალთას უნდა ჩაეჭიდო, რაც უფრო ნათლად დაგანახებს შენს ქმედებებს და მეც დამეხმარება, რომ უფრო გარკვევით ჩავწერო ისინი შენს მეხსიერებაში.

   სიმართლე, რომ ვთქვა არ მომეწონა მისი ეს პირდაპირი შემოთავაზება, მაგრამ ოთახში სილუეტი იყო, რომელიც დამაჯერებლად მიმტკიცებდა, რომ წარსულია და მის მოსასხამს უნდა შევხებოდი, თან დასაკარგი აღარაფერი მქონდა და რაღა დამაბრკოლებდა?

შევეხე წარსულის მოსასხამის ნაწილს და ის ყუთიც გაიხსნა.

ყუთიდან მან დიდი წიგნი ამოიღო უცნაურ კალამთან ერთად, რომელსაც მტვერი საგულდაგულოდ ჩამოაცილა და კალამი საწერად მოიმარჯვა.

წიგნს გარედან ჩემი სახელი ეწერა და ეს უფრო მეტად საინტერესოს თვლიდა ამ ყველაფერს...

როცა წიგნი გადაშალა და წერა დაიწყო, წამიერად წვდომა მომეცა ჩემი მოგონებებზე, ყველა შეცდომასა თუ წარმატებაზე.

ყველა მოგონება ერთ წამში გამიცოცხლდა და ამან თითქოს დიდი სიხარული მომანიჭა...

რა არის ეს? შენ მართლა ჩემი მოგონებები, მარცხი, წარმატება, მწუხარება და სიხარული ხარ.

რა გასაოცარია! ჩემი ცხოვრების ყველა მომენტს ვხედავ...

ამას როგორ აკეთებ? ვკითხე მე

ვხედავ იმასაც, თუ როგორ დავიბადე და როგორ ამიტაცა ექიმმა ხელში...

მისი სიტყვებიც მესმის, თუ რას ამბობდა ჩემი დაბადებისას: „ეს ბავშვი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის, ეს ბავშვი ზეცის მოქალაქეაო“

- ისეთი არაფერია, ახლა ეცადე დღევანდელ დღეზე იფიქრე... მიპასუხა მან

    დღევანდელი დღე, დღევანდელი დღ...

აზრზეც ვერ მოვედი თუ რატომ უნდა მეფიქრა, ან რა მოხდებოდა ამ სიტყვების შემდეგ, მაგრამ ვიდრე წინადადებას დავასრულებდი ძალიან დიდმა ტკივილმა მოიცვა ჩემი მთლიანი სხეული, თითქოს სისხლძარღვებით გადაადგილდებოდა და ფრჩხილებამდე მიდიოდა, შემდეგ კი უკან ტვინში ბრუნდებოდა.

რამდენიმე ციკლი განმეორდა, ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე...

დახმარება მჭირდება, მეგობარო!

დილით, როცა თვალი გავახილე, მთელი სხეული დაჭიმული მქონდა თავის ტკივილთან ერთად კიდურების გამოძრავებაც კი მიჭირდა.

წარსული სასთუმალთან მოკალათებულიყო და წიგნში წერდა.

რას აკეთებ? ვკითხე გაკვირვებულმა.

მან კი მიპასუხა:

- თითქმის მოვრჩი, ბოლო სტროფია, თუ როგორ დავაგვირგვინო ეს ისტორია შენს მეხსიერებაში.

გუშინ რა მოხდა? მახსოვს, რომ გუშინდელ დღეზე უნდა მეფიქრა და როგორც კი ფიქრი დავიწყე აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. შემდეგ აღარაფერი მახსოვს...

- ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო, იქს. ზუსტად ეს ემოცია მჭირდებოდა ამ მოვლენის აღსაწერად...

    წარსული წერას აგრძელებდა და თითოეული ახალი სტროფი უფრო მეტ მტკივნეულ განცდას იწვევდა ჩემში, თითქოს მე და ის წიგნი უხილავი ძაფებით ვიყავით დაკავშირებული და მინდოდა წერა შეეწყვიტა, რაც ვუთხარი კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია ისე განაგრძო საქმიანობა...

მისაღებიდან დედამ გამომძახა:

- იქს, გამოდი უნდა ვისაუზმოთ და თან ვისაუბროთ.

თავი მტკივა, რაიმე წამალი გვაქვს დე? ოთახიდან გავძახე და თან ძლივს ავიზლაზნე საწოლიდან.

- გამოდი, მაქვს რაღაც წამლები, ოღონდ ჯერ ჭამე და მერე მოგცემ - მიპასუხა მან.

ოთახის კარი გავაღე, მისაღებში გავედი და იმის გამო, რომ არაფერზე საუბრის თავი არ მქონდა დედაჩემს პირდაპირ და მოკლედ ვუთხარი, რომ ვფიქრობდი გუშინ მომხდარზე და ვნანობდი ჩემ ქმედებას, თუმცა მან საუბარი გამხნევებით განაგრძო, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

- იქს, მინდა სკოლაში დამოუკიდებლად, ჩემ გარეშე წახვიდე და დირექტორს სიმართლე ზუსტად ისეთი გულწრფელობით უამბო, როგორც ჩემთან და მამასთან გააკეთე ეს.

 თან გამამხნევა და ისიც შემახსენა, რომ რამდენიმე დღეში სასკოლო ჩემპიონატი იყო, ასეთი სახეჩამოტირული კი ვერაფერს მივაღწევდი.

მითხრა, რომ ჩემ გვერდით დადგებოდა და ამ კრიზისის გადატანაში დამეხმარებოდა...

     ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ვუთხარი, რომ აუცილებლად გავაკეთებდი ამას.

წამალიც მომაწოდა დავლიე და მან სამზარეულოში საქმიანობა გააგრძელა.

 მაგიდიდან ავდექი და ოთახში შევედი, რათა მოვმზადებულიყავი, თუმცა ვხედავ, რომ წარსული ისევ იქ არის და წერს.

აქ რა გინდა, დედაჩემი რომ დაგინახავს რა ვუთხრა, ვინ არის თქო?

- იქს, საკუთარ თავს ელაპარაკები? გამომძახა დედამ

ხო, დე... უბრალოდ ჩემთვის ვბუტბუტებ...

რა გინდა მეთქი აქ! ამჯერად ხმადაბლა ვუთხარი.

- მე აქ საქმეები მაქვს, ეს ამბავი უნდა დავასრულო, საღამოს კი შევხვდებით ახალი გვერდის დასაწერად.

- დედაშენზე არ იდარდო, ვერ შემამჩნევს, რადგან ხილული მხოლოდ შენთვის ვარ...

ვაი მე! ვთქვი მე.

ამოდენა სტრესს ისიც დაემატა, რომ მგონი გავგიჟდი და წარსულს, რომელიც ჩემთვის ამდენად რეალური იყო, მხოლოდ მე ვხედავდი...

ვისთვის უნდა ამეხსნა ეს, ვინ გამიგებდა?

იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ეს უეჭველად ჩემი წარმოსახვის შედეგი იყო, ამიტომ ვინმესთან საუბარი მიშველიდა...

ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობარი გამიგებს ნამდვილად.

მასთან წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ გამახსენდა, რომ ახლა ის ჯერ კიდევ მძინარე იქნებოდა ამიტომ მოსაცმელი ავიღე დედას დავემშვიდობე და ჯერ სკოლისაკენ წავედი დირექტორთან შესახვედრად.

    სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი სკოლისაკენ და გზაში იმაზე ვფიქრობდი, თუ რას მეტყოდა დირექტორი და მასწავლებლები.

სკოლაში მოკვეთილი მუხლებით შევედი, მაგრამ ამაზე უარესი წინ მელოდა, დირექტორის კაბინეტი!

    ოღონდ ახლა ეს არ გამეკეთებინა და რას აღარ გავიღებდი!

ეს არ იყო ადამიანებთან შეხვედრის შიში, არამედ ეს იყო საკუთარი წოდებების დაკარგვისა და მათ გარეშე ყოფნის შიში.

  როცა დირექტორის კაბინეტში შევედი იქ მასწავლებლები დამხვდნენ და ჩემ დანახვაზე პირველი ეს წამოიძახეს:

- ოჰ, გამოჩნდა როგორც იქნა!

ყველას ყალბი ღიმილი ვაჩუქე და მორიდებული, დადარდიანებული ხმით დირექტორს მივმართე:

   თუ შეიძლება თქვენთან მინდა ლაპარაკი დირექტორო.

- სიამოვნებით, იქს. დაჯექი, ახლა ზუსტად შენზე ვსაუბრობდით  და კარგია, რომ მოხვედი.

აბა გისმენთ.

როგორღაც ძალა მოვიკრიბე და საუბარი დავიწყე:

მე, მე...

ყველას ბოდიშს გიხდით.

იმის გამო რომ არაფერი გამომივიდა, გადავწყვიტე პროფესიულ სასწავლებელში გადავიდე, სადაც იქნებ რაიმე პროფესიას დავეუფლო...

მადლობას გიხდით ყველაფრისათვის.

აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს ამბავი მეთქვა და კიდევ რაღაც მეთხოვა...

უბრალოდ შანსს ვითხოვ, რომ სასკოლო ჩემპიონატის დასრულების უფლება მომცეთ და შემდეგ დავტოვებ ამ სკოლას.

  ყველანი ყურადღებით მისმენდნენ, თუმცა მყუდროება დირექტორმა დაარღვია და მითხრა:

- იქს, ყველა მოსწავლე ჩვენთვის ძვირფასია. მათ შორის შენც!

 სასკოლო ჩემპიონატსაც დაასრულებ და ჩვენ სკოლაშიც დარჩები, რომ სწავლა დაასრულო.

კიდევ ერთ შეცდომას ნუ დაუშვებ და ნუ შეწყვეტ სკოლაში სწავლას.

- კი მაგრამ, რა ვუყო იმ სირცხვილის განცდას, რომელსაც თანატოლებისგან ვგრძნობ? უფრო მორიდებულად ვკითხე მე, რაზეც დირექტორმა მიპასუხა, რომ ეს საქმე მისთვის უნდა მიმენდო.

მისი მზერა და ისტყვები იმდენად დამაჯერებელი იყო...

 რაღაც იმედი ვიგრძენი ჩემ გულში და ამისათვის მადლობაც გადავუხადე, თან პირობა დავდე, რომ მე აღარასოდეს დავუშვებდი იგივე შეცდომებს და სკოლასაც ვასახელებდი...

  მასწავლებელთა გარკვეულმა რაოდენობამ გაკვეთილების გამო დაგვტოვა და მეც დავემშვიდობე დირექტორს.

ათის თხუთმეტი წუთი იყო, მეტს ვეღარ მოვითმენდი, რომ მეგობრის გაღვიძებისთვის მეცადა და პირდაპირ წავედი მასთან სახლში.

ისიც ჩემსავით გახლდათ, სკოლაში არ დადიოდა და თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა...

      კარი ღია დამხვდა, როგორც ყოველთვის, ის კი თავის საძინებელში იყო.

ჰა, ადექი ძმაო, მნიშვნელოვანი სასაუბრო მაქვს, სერიოზული ხმით ვეცადე მის გაღვიძებას, რაზეც პასუხად მივიღე, რომ ცოტახანი დამეცადა...

 მისი კომპიუტერი ჩავრთე ვიდეო-თამაშების სათამაშოდ, რომ ვიდრე გაიღვიძებდა, ცოტახნით დრო გამეყვანა.

გავიდა რამდენიმე საათი და ისევ არ გაიღვიძა, რაზეც ცოტათი გავბრაზდი და ძალით გავაღვიძე.

 - რა გინდა ძმაო რა! დამაცადე ძილი! ყოყმანით ჭუტავდა თვალებს ჩემი მეგობარი.

მართლა მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა, გაიღვიძე, რა დროს ძილია, უკვე ექვსი საათია!

ძლივს აიზლაზნა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო, თვალებს ისრესდა ხელებით და თან ტელეფონი აიღო შეტყობინებების შესამოწმებლად.

- ჰაა, იტყვი დღეს? ირონიული ტონით დაარღვია მყუდროება.

მისმინე, გუშინ რაღაც არაორდინალური შემემთხვა, სილუეტი გამოჩნდა ჩემს ოთახში, რომელიც მეუბნება, რომ წარსულია და ალბათ ახლაც იქ არის...

რომ წაგიყვანო, ვერ დაინახავ, რადგან თავად მან მითხრა, რომ მხოლოდ მე შემიძლია მისი დანახვა. რა გავაკეთო აღარ ვიცი...

ერთხანს მისმინა, შემდეგ ტელეფონი გვერდით გადადო, ორივე ხელი გაშალა და ირონიულად მკითხა:

- ამისთვის გამაღვიძე, რომ შენი სიზმარი მოგეყოლა? ცოტა ვერ დამაცადე?

არა, სიზმარი არ არის, ვუმტკიცებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა.

მალე დაბინდდებოდა და იქ დარჩენასაც აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სახლისკენ წამოვედი.

ჩემი და მეგობრის სახლი 30 წუთის სავალზე იყო დაშორებული ამიტომ სახლისკენ ფეხით წასვლა გადავწყვიტე.

ვიფიქრე, რომ სუფთა ჰაერი ცოტას დამაწყნარებდა, გზად პარკი უნდა გამევლო, სადაც ხშირად გამივლია, მაგრამ ასე დამძიმებული პირველად მივდიოდი ამ გზაზე.

ნაცვლად იმისა, რომ დავწყნარებულიყავი, უფრო ავფორიაქდი, რადგან ამ გზაზე ვუყურებდი ადამიანებს, რომელთაც ცხოვრება უხაროდა მე კი სახე ისე ჩამომტიროდა, თითქოს სიცოცხლის უკანასკნელი დღე მქონდა...

ბინას როცა მივუახლოვდი, მეზობლებსაც კი არ მივესალმე ისე ავედი სახლში.

უკნიდან ხმები მომესმა

- იქსს რაღაც სჭირს, რატომ არ მოგვესალმა...

- ალბათ ვერ შეგვამჩნია, შეეშვი. გამოსძახა მეორემ.

კიბეები ავიარე და ოთახამდე მივიტანე ჩემი სხეული...

დადარდიანებული და უემოციო ლოგინზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.

რა მეშველება, ან ეს რა შარი ავიკიდე. რა წარსული, რა სილუეტი, ალბათ ვგიჟდები.

 ძაღლი ახსენე და კეტი ხელში დაიჭირეო...

ოთახის მეორე ბოლოში წარსულიც გამოჩნდა, თავისი წიგნი და კალამი ისევ ხელში ეჭირა

საუბარი დაიწყო და თან მიახლოვდებოდა...

 - როგორი დღე გქონდა? აღიდგინე ყველა ემოცია და მოგონება, რაც დღეს გადაგხდა თავს.

- არა, გმადლობ. მყისვე ვუპასუხე მე

გუშინდელმა შენს სამოსელზე შეხებამ წამიერი სიხარული კი მომგვარა, მაგრამ არ გახსოვს, რა დამემართა?

- შენ გახსოვს? ირონიულად მკითხა მან

მის ემოციას ვერ გავიგებდი, რადგან მართლა ერთი სტილის საუბარი ჰქონდა, მაგრამ ცალსახად იგრძნობოდა მის ნათქვამ სიტყვებში ირონია და ცინიზმი...

 - წარსულო, უკვე მაშინებ! შეცბუნებული ხმით ვუთხარი მე.

შეიძლება ამ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ შენ კარგი არაფერი მოგაქვს ჩემთვის და არ მინდა ჩემ მტკივნეულ მდგომარეობაზე შენთან საუბარი.

ამ დროს ოთახის კარზე კაკუნი და თბილი ხმა მომესმა.

- იქს, შეგიძლია კარი გამიღო და შემომიშვა?

- ახლავე დედა.

კარი გავუღე, შემოვუშვი და მასაც ხელში რაღაც წიგნი ეჭირა...

ახლა მართლა ვაი მე, აქეთ წარსული დამდევს თავისი წიგნით და ახლა დედაჩემი...

დედა ოთახში შემოვიდა, თვალი მოავლო იქაურ გარემოს და ოთახს ნაკლი უპოვა:

- ფანჯარა მაინც გააღე იქს და ოთახი გაანიავე!

ფანჯრის გაღება დააპირა და მოძრაობა იქეთ დაიწყო, სადაც წარსული იდგა.

დედა ისე თავდაჯერებით მიიწევდა წინ, თითქოს წარულსაც ხედავდა და არ აინტერესებდა, რომ გზას ის უღობავდა...

წარსული გვერდზე გადგა და დედას გზა დაუთმო!

დედამ ყველაფერი თავად გააკეთა და ფანჯარა გამოაღო.

ასე უკეთესია! თქვა მან

ასე უკეთესია, დე. დავეთანხმე მეც.

ვიდრე დედა საწოლთან დაბრუნდებოდა, წარსული ფანჯრიდან შემოსულ ბინდში გაუჩინარდა და ოთახში მარტო მე და დედა დავრჩით...

- იქს, მინდა გესაუბრო, რადგან მაწუხებს შენი მდგომარეობა. შეგიძლია მომისმინო?

- დედა, ყველაზე მეტად რაც ახლა მჭირდება საუბარია, მეც მაქვს რაღაც სათქმელი...

თან ფანჯრისკენ ვიხედებოდი, რომ შემემოწმებინა, წარსული ხომ არ იყო ახლომახლო...

დედას ვთხოვე უფრო ახლოს მოსულიყო ჩემთან და ჩურჩულით საუბარი დავიწყე:

- არ ვიცი ამას როგორ გაიგებ, მაგრამ წარსული დამდევს დედა!

ის სილუეტია, შავზე უფრო ბნელი სახით, რომელსაც მარტო მე ვხედავ და ის ცდილობს, რომ მაიძულოს მასთან ლაპარაკი, რათა შემდეგ ეს ყოველივე მის წიგნში ჩაიწეროს... საბოლოოდ კი ამას ჩემ წინააღმდეგ იყენებს, რათა ამ ემოციებით შიგნიდან მმართოს.

იქნებ რაიმე მირჩიო, ნუთუ გავგიჟდი, დედა?

  დედა ყურადღებით მისმენდა და საუბარი დაიწყო:

- ვიცი იქს.

- იცი? რა იცი?

- მესმოდა, რომ მასთან საუბრობდი, უბრალოდ დაგაცადე, ვიდრე თავად არ იტყოდი უარს ამ ყოველივეზე.

როცა ოთახში შემოვედი, მეც დავინახე ის, მაგრამ ის ამას ვერ მიხვდა.

- შენც დაინახე?

კარგი მჯერა, მაგრამ ისე როგორ მოხდა, რომ თავად ის ვერ მიხვდა ამას?

მან აზრებში შემოძრომა და იქედან ადამიანის გაკონტროლება კარგად იცის, შენ როგორ გამორჩი? ვკითხე მე

- იქს, წარსული ჩემი ძველი სტუმარია და მას კარგად ახსოვს, რაც დაემართა ჩემთან გადაკვეთისას, მე მას მოვუგე და ამიტომ არ შეუძლია ჩემ გონებაზე გავლენის მოხდენა.

ახლა კი ყურადღებით მომისმინე და რასაც გეტყვი, ზუსტად ის გააკეთე:

იქს, კარი უნდა დაკეტო! მკაცრი ხმით მითხრა დედამ.

ცოტა უადგილოდ მომეჩვენა მისი ეს სიტყვები და ვუთხარი:

ახლავე დავკეტო?

- ახლავე! მიპასუხა მან.

მყისვე წამოვხტი და ოთახის კარი დავკეტე, რაზეც მას გაეღიმა და მითხრა:

- იქს, როგორი გულწრფელი და ძვირფასი ხარ, მე ეს არ მიგულისხმია...

მე ვიგულისხმე შენი გონების კარი...

შენი გონების კარი უნდა დაკეტო წარსულისთვის, საიდანაც ის შემოდის.

- ეს როგორ უნდა გავაკეთო დედა, შეგიძლია მითხრა?

დედამ წიგნი მაჩვენა, რომელიც ხელში ჰქონდა და მითხრა, რომ წამეკითხა...

თან ისიც მითხრა, რომ ამ წიგნის წაკითხვა ჩემ ცხოვრებას აზრს მისცემდა და მეტად ძლიერს გახდიდა.

მადლობა გადავუხადე და შემდეგ ისევ საუბარი განაგრძო

- იქს, მან კვლავ არ იცის, რაზე ვისაუბრეთ ჩვენ, როცა ის კვლავ გამოჩნდება, პირისპირ დაუდექი მას და უთხარი:

„წარსულო, მე ვწყვეტ შენთან ურთიერთობას, მე ვირჩევ უკეთესსზე ფიქრს, რომელშიც მე გაცილებით ძლიერი და წარმატებული ვარ, მე ვუკეტავ კარს შენს ყველა ვიზიტს და მეტად აღარ გიმასპინძლებ ჩემ გონებაში!“

მე მჯერა, რომ შენ გაიმარჯვებ, იქს.

 მანამდე კი ეს წიგნი გამოამრთვი და წაიკითხე. შენ აქ იპოვი იმას, რასაც ეძებ.

გახსოვს, რომ გიყვებოდი? განაგრძო მან

ექიმები შენზე ამბობდნენ, რომ ვერც კი დაიბადებოდი, მაგრამ როცა დაიბადე ერთ-ერთმა მათგანმა ხელში აგიტაცა და ამბობდა:

„ეს ბავშვი ამ ქვეყნის არ არის, ქვეყანას უკუღმა ეჩვენაო“

ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ის გჭირდება, რაც არაამქვეყნიურია და არა რიგითი, ან ყოფითი საკითხებით დაკმაყოფილება.

ამ წიგნის მეშვეობით შენ გაიგებ, თუ რა არის აღმატებული და იპოვი იმას, რასაც ეძებ...

დედამ საუბარი დაასრულა და მეორე ოთახში გავიდა, წიგნი კი ხელში ჩამიტოვა.

შესახედად ძვირფასი არ ჩანდა ეს წიგნი, მაგრამ ის სიტყვები, რომელიც წავიკითხე სანიშნით მონიშვნულ გვერდზე, ნამდვილად ჩარჩა ჩემ გონებაში და საოცრად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

სიტყვები, რომელიც ამ წიგნში წავიკითხე ასეთი იყო:

„მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ.“

დედაჩემი რწმენის სიძლიერით გამოირჩეოდა და ალბათ ეს სიტყვებიც ღმერთის შესახებ საუბრობდა.

„მომიხმე და გიპასუხებ და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ.“

ნეტავ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, ან როგორ უნდა მომეხმო...

ამ ფიქრებში წიგნის კითხვა განვაგრძე და შემდეგ მეორე მსგავსი წინადადებაც ვიპოვე, ოღონდ სხვა გვერდზე...

„ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.“

ახლა კი მივხვდი, რომ დედაჩემმა სპეციალურად მონიშნა ეს ორი გვერდი, რადგან კარგად მინცობდა და იცოდა, რომ მარტივი გზით დავიწყებდი ამ წიგნთან ურთიერთობას.

ნებისმიერ შემთხვევაში დედას ეს გამოუვიდა...

ჩემი ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია ამ ორმა წინადადებამ და ფაქტიურად აზრზე მომიყვანა, უბრალოდ ახლა უნდა გამერკვია თუ ვისთვის უნდა მომეხმო, ან რა და როგორ უნდა დამეძახებინა, ან სად დამეკაკუნებინა...

11 საათი მოსულა, რა მალე გავიდა დრო!

 შუქი ჩავაქრე და ასეთი რამე ვთქვი:

„ღმერთო, თუ არსებობ, ან თუ ეს სიტყვები შენზეა, მაშინ გეძახი და მაჩვენე რა გავაკეთო, ან ვინმე მაინც გამომიჩინე, რომ დამეხმაროს და გზა მიჩვენოს, თუ როგორ უნდა ვიარო.“

შემდეგ დასაძინებლად დავწექი, ცოტა სქროლვას შევყევი და ჩამეძინა...

ჩემპიონატის წინა დღე

დილით, ყველაზე ადრე გამეღვიძა.

ჩემდა გასაკვირად კარგ განწყობაზე, თან ოთახშიც მარტო ვიყავი...

სიხარულით სავსე წამოვხტი და ფანჯარაში გადავიხედე, რომ ცა უფრო ახლოდან დამენახა...

     ღმერთს ვუხდიდი მადლობას ამ ემოციებისთვის, რომლის ახსნაც ჯერ კიდევ არ შემეძლო. ორი დღის წინ, ჩემი ცხოვრება ინგრეოდა, ახლა კი გულში ისეთი სიხარული მქონდა, თითქოს გარეთ გასვლა და სამყაროსთვის რაღაცის გაკეთება მეჩქარებოდა, მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა... 

გუშინდელი საუბრის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემში რაღაც კარგი მისწრაფება გაჩნდა.

ვილტვოდი სადღაც უკეთესისაკენ, სადაც დიდი საქმეები მელოდა...

ამ თავდაჯერებით გამოვედი ოთახიდან და მისაღებში საქმიანი მზერითა და დიდი შემართებით მიმოვდიოდი.

საძინებლიდან დედა გამოვიდა და როცა კარგ ხასიათზე მყოფი დამინახა გაკვირვებული მზერით მკითხა

- რა მოხდა, ან ასე ადრიანად რატომ ადექი?

დედა, გუშინ იმ წიგნში ჩაწერილი სიტყვები წავიკითხე და ამან ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა.

ალბათ არასოდეს დაგივიწყებ ამ სიკეთეს და ყოველთვის ყველას მოვუყვები ამის შესახებ.

იმასაც ვიტყვი რომ მათაც სცადონ ამ წიგნის წაკითხვა, რათა უკეთესად იგრძნონ თავი და დაინახონ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

- იქს, შეიძლება რაღაც გთხოვო? მკითხა დედამ

მთხოვე რაც გინდა, დედა.

- გააგრძელე კითხვა, ვიდრე არ იპოვი იმ მთავარს, რასაც ეძებ!

აუცილებლად გავაკეთებ ამას, დედა! ვუპასუხე მე

ერთად ვისაუზმეთ მერე კი ვუთხარი, რომ სასკოლო ჩემპიონატის ფინალის ბოლო ეტაპი იყო და სკოლაში უნდა წავსულიყავი.

მინდოდა აქ მაინც არ დავმარცხებულიყავი...

თან დირექტორისთვის უნდა მეთქვა, რომ არ ვაპირებდი სკოლის მიტოვებას, არამედ ვაღიარებდი საკუთარ შეცდომას და მინდოდა სწავლის დასრულება.

დედაჩემს ეს ძალიან გაუხარდა, რადგან მისი რჩევაც ასეთი იყო, რომ კარგად დავფიქრებულიყავი და სწორად შემეფასებინა ყველაფერი.

ასეც მოვიქეცი, სკოლაში მივედი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გავაჟღერე, რომ ვრჩებოდი და არსად წასვლას აღარ ვაპირებდი.

ამ საკითხს სხვაგვარად შევხედე და ვამბობდი:

რაც ხდება, აქედან რაღაცის სწავლა შემიძლია, რომ აღარ დავუშვა იგივე შეცდომა, ან იქნებ ისიც შესაძლებელია, რომ თუ მე გავძლიერდები და ამ ტკივილს ვაჯობებ, იქნებ ოდესმე ვინმე გამხნევდეს ამ ისტორიით...

ზოგჯერ თითქოს უიმედოდ ვიყავი, ზოგჯერ კი მსგავსი გამონათებები მქონდა, რომელსაც აზრზე მოვყავდი და ცხოვრების გაგრძელების ხალისს მიბრუნებდა.

მოკლედ რომ ვთქვა, ეს ფიქრები მაძლევდა დიდ ძალას, რომ არ გავჩერებულიყავი და მემოქმედა უკეთესი მომავლისათვის.

სკოლის შემდეგ რეპეტიცია გვქონდა და იქ ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჩემპიონატის ფინალი მეორე დღეს იქნებოდა, რის გამოც გვიანობამდე უნდა დავრჩენილიყავით იქ.

რა თქმა უნდა მზად ვიყავით ამისათვის, მაგრამ ეს ცოტათი მოულოდნელიც კი აღმოჩნდა, ამიტომაც შუა ღამემდე იქ დარჩენა გადავწყვიტეთ, რათა გვევარჯიშა როლის შესრულებასა და წინადადების სწორად წარმოთქმაში.

მშობლებს შევატყობინე და მათგანაც თანხმობა მივიღე ამიტომაც ამ დღეს სახლში არ დაბრუნებულვარ და რა თქმა უნდა წარსულსაც არ შევუწუხებივარ.

შეხვედრა მეეზოვესთან

მეორე დღეს ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა, ჩვენმა სკოლამ მეორე ადგილი აიღო!

პირველი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ისიც ძალიან დიდი სიხარულის მიზეზი იყო, რომ ამდენად დაძაბულ ბრძოლაში ფინალამდე მოვედით და იქ მეორე ადგილს დავეუფლეთ.

ამდენად გახარებული და ემოციებით სავსე მშობლებს დავურეკე და მათაც ჩემი სიხარული გავუზიარე.

შემდეგ ერთადაც ავღნიშნეთ საპატიო ფინალური ტიტული და სახლებისკენ დავიძარით.

მე ჩემ მეგობართან დავრჩი, რომელსაც წესით აღარ ეძინა, რადგან უკვე საღამოს ათი საათი იყო.

მაინც გადავწყვიტე გადამემოწმებინა და ტელეფონზე დავურეკე, რომ მეკითხა სახლში თუ იყო.

სახლში ხარ? რაიმე ხომ არ ამოვიტანო? ვკითხე მე

-რაიმე გამაგრილებელი სასმელი და სნექი წამოაყოლე ხელს, გამომძახა ტელეფონში, რომელიც სპიკერზე ჰქონდა ჩართული.

ნუ, რათქმაუნდა თან ვიდეო-თამაშებს თამაშობდა და ამიტომ.

ცოტა წინა დღეს მომხდარზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადი დრო ვიდეო-თამაშებს დავუთმეთ. მე მხოლოდ ოთხი საათი თამაშს გავუძელი, რადგან დამღლელი დღის შემდეგ დასვენება მჭირდებოდა და ჩამეძინა, ის კი ალბათ დილამდე ამაგრებდა პოზიციას.

მეორე დღეს კვირა დღე იყო და სკოლაც აღარ გვქონდა, ამიტომ მეც ცოტათი გვიან გავიღვიძე, შემდეგ კი სახლისაკენ ფეხით წავედი.

 პარკში გასეირნება და იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა ამიტომ ისევ ამ გზით დავიძარი სახლისაკენ.

მაღაზიიდან მზესუმზირაც გავიყოლე და ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი.

 თან ვიდეოებს ვუყურებდი და თან მზესუმზირას ვაკნატუნებდი.

გარშემო ხალხი მიმოდიოდა, თუმცა მე ყურსასმენები მეკეთა და დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი გარე ხმებსა და მოქმედებებს.

მიუხედავად ამისა ჩემი მყუდროება ერთმა მოხუცმა მეეზოვემ დაარღვია, რომელიც ცდილობდა ჩემ მიერ დაბინძურებული სივრცის გამოგვას.

ცოტათი უხერხულობა ვიგრძენი, რომ ჩემ დაყრილ ნაგავს ის ასუფთავებდა. ყურსასმენი მოვიხსენი და მადლობასთან ერთად ბოდიშის მოხდა დავუწყე.

შევეცადე გავცნობოდი და ვკითხე, თუ რა ერქვა.

- უბრალოდ მეეზოვე, მიპასუხა მან.

ვუთხარი, რომ მე თავად დავასუფთავებდი და ცოცხის გამორთმევა ვცადე, რაზეც მიპასუხა რომ ეს მისი საქმე იყო და ნება არ დამრთო დავხმარებოდი.

ყველაფერი მოასუფთავა და გვერდით მომიჯდა. ხელთათმანი მოიხსნა და იქედან ისეთი ფაფუკი ხელები ამოიღო, გეგონებოდა მთლიან ხელფასს კანის მოვლის საშუალებებში ხარჯავსო...

საინტერესო ადამიანი ჩანხართ, ვუთხარი მე.

- საინტერესო? რა შემატყვე საინტერესო ადამიანის? მე უბრალოდ ჩემ საქმეს ვასრულებ.

რა გქვია? მკითხა მან.

იქსი, ჩემი სახელია იქსი.

- ეს შენი ნამდვილი სახელია?

ისე მკითხა, თითქოს რაღაც სხვა პასუხს ელოდაო ჩემგან.

წამით შევყოყმანდი და გამიკვირდა, თუ საიდან იცოდა ამ ადამიანმა ჩემ ფიქრებში არსებული მდგომარეობა, თუმცა ვიფიქრე რომ ალბათ არაოფიციალური სახელია თუ არა ის აინტერესებს-თქო.

ვუპასუხე: იქსი ჩემი ნამდვილი სახელია, თუმცა საკუთარი ცხოვრების დანიშნულება ჯერ არ მიპოვნია და ვფიქრობ, რომ სამყაროში ჯერ უსახელო ვარ მეთქი.

რაზეც მას თანაგრძნობით სავსე ღიმილით სახე გაუნათდა და გულწრფელობა შემიქო.

თან მითხრა, რომ სახლში წასვლის დრო იყო, რადგან ბინდდებოდა.

- სახელი მაინც მითხარით, ბატონო, ისევ ვკითხე მე

- ხვალ თუ ამ ადგილას შემოივლი, კარგ ისტორიებს გიამბობ, რაც დაგეხმარება გაძლიერებაში.

და ცოტას ჩემზეც გეტყვი... მიპასუხა მან

რა გაეწყობოდა, დავემშვიდობე მეეზოვეს და სახლისკენ წამოვედი.

ამჯერად შედარებით უკეთეს ხასიათზე მყოფმა მეგობრებსაც გულთბილად მივესალმე და ცოტახანი ეზოშიც დავყავი მათთან სასაუბროდ, შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებულ მშობლებთან ერთად სახლში ავედი და ცოტა ჩემპიონატის შესახებ ვისაუბრეთ.

ამ ღამითაც არ გამოჩენილა წარსული და როგორც ყოველთვის, სქროლვასა და მძიმე ფიქრებში ჩამეძინა...

ყველაფერს თავისი სახელი აქვს

ორშაბათს სკოლაში ადრიანად წავედი, რომ დროულად მივსულიყავი და ახლა მაინც არ მოესმინა ჩემს მშობლებს საყვედური ჩემზე, ხოლო გაკვეთილების შემდეგ ისევ პარკისაკენ წავედი, რადგან დაპირებისამებრ მეეზოვნის შესახებ მეტი უნდა გამეგო და საინტერესო ამბებიც უნდა მომესმინა მისგან.

რატომ მინდოდა მასთან სასაუბროდ წასვლა, ან მისგან საინტერესო ამბების მოსმენა არ ვიცი, მიზეზად ვამბობდი, რომ უბრალოდ მოვალეობის მოხდის გამო მინდოდა მის შესახებ მეტი დეტალის გაგება, მაგრამ სინამდვილეში მინდოდა ჩემ შესახებ გამეგო უფრო მეტი და ამ შანსის დაკარგვა არ მსურდა.

როგორც კი პარკში მივედი, მთავარ შესასვლელში მეეზოვე მიწაზე დაყრილ მზესუმზირის ნამცეცებს ჰგვიდა.

მოვედი! დავუძახე მე.

- ძალიან კარგი, იქს. მოდი, ჩამოჯექი და მეც ახლავე შემოგიერთდები, მიპასუხა მან.

ადგილი მოვძებნე და მოთმინებით დაველოდე, თუ როდის შემომიერთდებოდა მეეზოვე სასაუბროდ.

ლოდინმა მხოლოდ ხუთი წუთი გასტანა და როგორც კი მომიახლოვდა პირველივე კითხვა მე დავუსვი:

რა გქვიათ? გუშინ დამპირდით, რომ სახელს მეტყოდით.

- იქს, დაიწყო მან...

ყველაფერს თავისი სახელი აქვს, მაგრამ ჩემს ვინაობას ურთიერთობისას გაგიმჟღავნებ, მანამდე კი მინდა შენი ყურადღება მივიქციო თავად ამ ცნებაზე სასაუბროდ.

როგორც გითხარი, ყველაფერს აქვს თავისი სახელი.

ალბათ დამეთანხმები, რომ დაბადებისას შენთვის არავის უკითხავს, თუ რომელი სახელი მოგწონდა, არც იმას გკითხავდნენ თუ რის ჩაცმას ისურვებდი, ან რის ჭამას, რადგან შენ გაჩნდი სამყაროში, სადაც ცხოვრება შენამდეც იყო და მოგიწია მორგებოდი სტანდარტებს, რაც ამ სამყაროში დაგხვდა.

    დაბადების შემდგომ შენთვის არავის უკითხავს ეთანხმებოდი თუ არა საყოველთაოდ მიღებულ ფერთა სახელებს, რადგან ისინი შენამდე იყვნენ და შენც იცი, რომ მწვანე-მწვანე, წითელი-წითელი, ხოლო ლურჯი-ლურჯია;

ასევე არავის უკითხავს სამყაროში უკვე არსებულ საგანთა შენეული ვარიანტი როგორი იქნებოდა.

არავის შემოუთავაზებია, რომ შენ სახელი დაგერქვა მათთვის.  მეტიც, როცა ამის მცდელობა გქონდა, რომ წარმოგეთქვა ისინი შენებურად, იმ წამვსე შეგისწორებდნენ ხოლმე, რომ მართებულად ლაპარაკი გესწავლა.

   არ გიფიქრია რატომ ხდება ასე?

წარმოიდგინე, პატარა ბავშვი, რომელიც სამყაროში ახლახან იშვა და ცდილობს ყველაფერს თავისი სახელი შეურჩიოს და შემდეგ დიდი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მისი მცდელობები ყოველ წამს შეასწორონ.

როცა მას უხსნიან ზღვის შესახებ, ეს მისთვის ერთის მხრივ გაუგებარია, რადგან მას შესაძლოა არასოდეს უნახავს ზღვა და დრო სჭირდება, რომ გაიაზროს, ამიტომ ბავშვი რთავს თავის წარმოსახვის უნარს, რათა თავისებურად გაიგოს ეს ახლად ახსნილი უცხო სიტყვა და შედეგიც სახეზეა: ის წარმოთქვამს თავისებურ ვერსიას.

მისთვის ზღვა, უბრალოდ ზღვა კი არ არის, არამედ განაგონის, ნანახის და მისი წარმოსახვის ნაზავია.

  არ გქონია ბავშვობაში რაიმეს სახელის შენებური ვარიანტი, რაზეც ოჯახის წევრები იღიმებოდნენ და შემდეგ გისწორებდნენ?

- კი იყო... ტელევიზორს და კამეჩს ვერ ვამბობდი, ახლაც მახსოვს... სიცილით ვუპასუხე მე

- თვითონაც გაეღიმა და შემდეგ საუბარი განაგრძო

- იქს, ზუსტად ამას ვამბობ.

სამყაროში უკვე ყველაფერს აქვს სახელი და შენ გიწევს ამ რეალობასთან შეგუება.

 სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ შენთან შეუთანხმებლად დაგარქვეს სახელი, რომელიც საკმარისი არ არის შენთვის.

    ეს არის მიზეზი იმისა, რომ გიწევს დასწავლა იმ სახელების, რომელზეც ვიღაც უკვე შეთანხმდა და შენ ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ გამხნევდი და არ მოიწყინო, რადგან უკეთესი რამ უნდა გითხრა:

   ყოველ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მაგალითი, რომლითაც შექმნის უნიკალურ გზას, რომლითაც დატოვებს კვალს სხვა ადამიანთათვის.

 ან თუნდაც გამოგონებებს რომ შევეხოთ: ყველას შეუძლია უკვე ცნობილ გამოგონებებში საკუთარი ახალი წვლილის შეტანა და შემდეგ ფანტაზიის ჩართვა, რომ უწოდოს ამ ახალ გამოგონებას, რაც სურს და ვერც ვერავინ შეეცილება მას ამაში.

მაგალითად: ვიღაცამ გამოიგონა შარვალი, ხოლო ვიღაცამ დახვეწა ეს გამოგონება.

პირველი ბორბალიც ასევე იყო, როგორც სხვა უამრავი გამოგონება.

გსმენია ფრაზა „ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებ“

- კი, მსმენია როგორ არა. ძალიან ხშირად მესმის მსგავსი ფრაზა, როცა ვცდილობ ჩემებურად ავხსნა რაიმე. ვუპასუხე მე

- სწორედაც ასე იქნებოდა, იქს! იმიტომ, რომ ეს გარე ხმებია, რომლებიც ეცდებიან შენი შინაგანი პოტენციალის ჩაკვლას, მაგრა სინამდვილეში გაინტერესებს, როგორია ამ ტერმინის წარმომავლობა და პირველი ველოსიპედის ისტორია?

ძალიან მაინტერესებს, ვუპასუხე მე.

- ველოსიპედის შემთხვევაც ასეთი იყო, თავდაპირველად, როცა ის გამოიგონეს ახლანდელ ველოსიპედს კიარა, არამედ სათამაშო ხის ცხენს ჰგავდა, თუმცა წლების შემდეგ გაბედულმა ადამიანებმა დაამსხვრიეს სტერეოტიპი და გამოიგონეს „ახალი ველოსიპედი“ რომელიც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაიხვეწა.

წარმოიდგინე, მათ რომ ფარ-ხმალი დაეყარათ და არ ეცადათ უკვე არსებულში საკუთარი წვლილის შეტანა...

დღეს სახეზე გვექნებოდა არა ველოსიპედი, არამედ სათამაშო ხის ცხენი.

კიდევ, როგორ აგიხსნა უფრო მარტივად?

ყურსასმენები ხომ გიყვარს? ხომ ხშირად იყენებ?

- კი, ეს ხომ თანამედროვეობის ნამდვილი საჩუქარია!? დაუბნევლად ვუპასუხე

მართალს ამბობ, იქს. მრავალი ახალგაზრდა შემინიშნავს პარკში ყურსასმენებით...

იცი პირველი ყურსასმენი როგორი იყო?

ისეთი სულაც არ ყოფილა, როგორიც ხელში გიჭირავს...

რა თქმა უნდა ის არ იყო ამ ფორმის, როგორიც ახლა გაქვს წარმოდგენილი, მას ალბათ კაბელიც კი არაკომფორტული ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვიღაც გაბედულმა გაარღვია წნეხური გარემოება და შეეცადა რაღაც ისეთი ახალი შეექმნა, რაც მაშინდელ საზოგადოებაში სასაცილო შეიძლება ყოფილიყო.

წარმოიდგინე, კაბელიანი ყურსასმენი გამოგონებულია და ვიღაც ამბობს, რომ შეძლებს უკაბელო ყურსასმენის შექმნას...

      აქ არ გააჩერო შენი ფანტაზია...

 წარმოიდგინე, რომ შექმნეს უკაბელო ყურსასმენი და შემდეგ კიდევ ერთმა გაბედულმა ადამიანთა ჯგუფმა შექმნა ისეთი უკაბელო ყურსასმენი, რომელსაც ხმის დახშობის და საუკეთესო ბგერების მოსმენის ფუნქცია აქვს.

გასაოცარია არა!?

მისი ამ საუბრისას მეც ფანტაზია ჩავრთე და ვკითხე:

ტელევიზორზე რაღას იტყვი?

გიამბობ მის ისტორიასაც, იქს.

იცი პირველად, როცა რადიოში ადამიანები ინფორმაციას ისმენდნენ, რას ამბობდა ზოგიერთი მათგანი?

- რას, რას?

ძალიან მაინტერესებს... სწრაფად ვკითხე, რომ საუბარი არ შეეწყვიტა.

ამბობდნენ, რომ მალე ისეთი რამ შეიქმნებოდა, სადაც ხმის მოსმენასთან ერთად ადამიანებს დაინახავდნენო. რა თქმა უნდა ყველას სიგიჟედ მიაჩნდა ეს ყოველივე, თუმცა ისევ

ის ვიღაც გაბედული ადამიანი მართალი აღმოჩნდა და პირველი ტელევიზორიც შეიქმნა, შემდეგ კი ეს ტელევიზორი არაერთგზის დაიხვეწა და დღემდე მიმდინარეობს მისი განახლება.

ტელეფონებზე რაღა ვთქვათ, იქს?

შეხედე როგორ ვითარდება სამყარო და ყოველი ახალი გამოგონება ახალ სახელს და ფუნქციას იძენს.

ფაქტია, რომ უკვე არსებული ნივთების მიუხედავად შესაძლებელია წარმოაჩინო საკუთარი მისწრაფება და უნიკალურობა.

კიდევ მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი.

იმედი მაქვს, რომ ეს ყოველივე შენთვის საკმარისი იქნება იმის გასააზრებლად, თუ რამდენად შემოუსაზღვრავია ადამიანის შესაძლებლობები.

სინამდვილეში ეს არის ადამიანის უნიკალურობა, რომ აღმოაჩინოს მისი დანიშნულება და შემდეგ თავად შექმნას რაღაც ახალი.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მოდის სამყაროში, სადაც კონკურენცია დიდია, თითქოს უკვე ყველაფერი სახეზეა და ვერაფერი შეიცვლება, მას მაინც შეუძლია მოიტანოს ცვლილება, რომელიც მომავლისთვის კარს გახსნის და სარგებლის მომტანი იქნება სხვა ადამიანთა ფანტაზიის განვითარებაში.

    ჩემი საუბარი, რომ შევაჯამო, მოკლედ გეტყვი, რომ შენც უნდა სცადო შენი წვლილის შეტანა ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ გიამბე ამოდენა ისტორიები, იქს.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას სახელი აქვს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია მასში რაიმე ახლის აღმოჩენა, ან შექმნა.

არასოდეს გაჩერდე, ვიდრე არ იპოვი იმას, რასაც ეძებ და იცოდე, რომ ერთ დღეს აუცილებლად იპოვი მას.

     ვუსმენდი მეეზოვეს და მინდოდა, რომ კიდევ ბევრი მომესმინა ამის შესახებ, თუმცა უკვე ბინდდებოდა და სახლშიც მალევე უნდა მივსულიყავი...

ვიდრე წამოვიდოდი, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე...

ვფიქრობდი: იქნებ, წარსულზეც ვკითხო რაიმე?

იქნებ ის მაინც დამეხმაროს ამ საშინელებისგან გათავისუფლებაში...

მაგრამ ვერ გავბედე ამის თქმა, უფრო სწორად შემეშინდა, რადგან შემეშინდა, რომ ამას წარსული გაიგებდა და უფრო მეტ ტკივილს მიაყენებდა ჩემს ემოციებს...

ამიტომ ამაზე საუბარი სხვა დროისთვის გადავდე.

     დავემშვიდობე და სახლისკენ დავბრუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ კარგი დღე მქონდა და ეს საუბარიც ძალიან მამოტივირებელი იყო ჩემთვის, გულის სიღრმეში მაინც რაღაც უკმაყოფილება სუფევდა, რომ წარსულის წინაშე ისევ მომიწევდა დადგომა და ამას ვეღარ გავუძლებდი.

სახლში მისვლისას, ჩემი ახლად შეძენილი მეგობრის დარიგებაზე ვფიქრობდი, ტრადიციულად ფიქრებს გავურბოდი, ვსქროლავდი და როგორც ჯარისკაცი ელოდება მტრის შემოტევას, ისე ყურადღებით შევავლებდი ხოლმე ოთახს თვალს, რომ მენახა წარსული ხომ არ იყო დაბრუნებული.

ჯარისკაცივით ვამაგრებდი პოზიციას, ოღონდ ჩემ შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაცია იყო. უიარაღოდ ვიყავი  და თავსაც ვერაფრის ვიცავდი...

წარსული ამ დღესაც არ გამოჩენილა, თუმცა მისი გამოჩენა არ იყო აუცილებელი, რადგან ჩემი მძიმე მდგომარეობაც საკმარისი იყო დაძაბულობისთვის.

ვფიქრობდი თუ რატომ მალავდა მეეზოვე ასე თავის ვინაობას, თუმცა გულის სიღრმეში თითქოს იმედი მქონდა, რომ მას შეეძლო ჩემი დახმარება.

მინდოდა დრო სწრაფად გასულიყო, რომ მეორე დღეს სწრაფად მენახა მეეზოვე და კიდევ მეტი მომესმინა მისგან, მაგრამ დრო ძალიან ნელა გადიოდა.

რამდენიმე ფილმს ვუყურე, ვიდეო-თამაშები ვითამაშე, ვსქროლე და დილის 4 საათზე ჩამეძინა...

მესაიდუმლე - მეგობარი

      8 საათზე ტელეფონის მაღვიძარამ დარეკა და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე, ბოლო გაკვეთილიდან თავი უნდა გამეთავისუფლებინა, რომ მეეზოვესთან სასაუბროდ ცოტა მეტი დრო მქონოდა, ამიტომ არ მაწყობდა სკოლაში დაგვიანებით მისვლა.

საწადელსაც მივაღწიე და ბოლო გაკვეთილიდან წამოსული ისევ პარკისაკენ გავეშურე.

იქ მისვლისას მეეზოვეს თვალი ვერ მოვკარი, ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაკვლიე. რამდენიმე გამვლელსაც ავუღწერე მისი აღნაგობა და ვკითხე სადმე ხომ არ ჰყავდათ ნანახი, თუმცა ყველა მათგანმა მითხრა, რომ მსგავსი არავინ ენახათ.

ძიება განვაგრძე და როგორც იქნა პარკის ბოლოში მივაგენი, ისევ მზესუმზირის ნარჩენებს ჰგვიდა.

როგორც კი დავინახე, იმ წამსვე დავუძახე:

- მოვედი!

- იგივე მზერთი გამომხედა, როგორითაც გუშინ დამემშვიდობა და მითხრა, რომ გაუხარდა ჩემი ნახვა.

ხომ არ გაცდენ? ვკითხე მე

- არა, არ მაცდენ, დასუფთავება ადრიანად დავიწყე და უკვე მოვრჩი, გელოდებოდი... 

მანდ ჩამოჯექი და ახლავე მოვალ.

თავისი რეკვიზიტები სკამთან ლამაზად მიაწყო და გვერდით მომიჯდა.

- აბა როგორ ხარ, იქს?

ბევრს ვფიქრობდი თქვენს სიტყვებზე და შთაგონებული ვარ ამით, საიდან გაქვთ ამდენი ცოდნა? ვკითხე მე.

თუმცა მან თითქოს თავი აარიდა თავის თავზე ლაპარაკს და თავად კითხვა შემომიტრიალა:

- იქს, ფიქრები ახსენე და ამაზე მინდა გკითხო. რამდენად ხშირად ფიქრობ ცვლილებებზე?

- ვინ არ ფიქრობს? ღიმილით ვუპასუხე მე.

- არა, მე გეკითხები, თუ რამდენად ხშირად ფიქრობ ცვლილებებზე.

ცვლილებები? გულწფელი, რომ ვიყო ცოტათი მაშინებს ბატონო...

მეეზოვემ საუბარი დამრიგებლური ტონით წაიყვანა და ისევ ყურადღებით გავინაბე...

იქს, არასოდეს დაგავიწყდეს:

რაზეც ფიქრობ, ის აუცილებლად მოხდება...

განსაკუთრებით მაშინ, თუკი სიკეთე გსურს შენი თავისა და სხვა ადამიანებისათვის, რადგან მოქმედებებს წინ უსწრებს ფიქრები და აუცილებლად დაგჭირდება, რომ ყურადღება მიაქციო შენ თავს, თუ როგორ ფიქრობ.

დიახაც, ფიქრებს შემოქმედებითი ძალა აქვს, რასაც ფიქრობ, იმის მიხედვით იწყებ მოქმედებას.

რასაც ფიქრობ შენ თავზე, იმის მიხედვით იწყებ საკუთარი თავის დანახვას.

არ გქონია რაიმე მსგავსი მომენტი, როდესაც შენ ფიქრებს გავლენა მოუხდენია შენს ხილულ ცხოვრებაზე?

- კი, ერთი მახსენდება. ვუპასუხე მე.

მახსოვს ერთხელ სკოლაში წასვლა არ მინდოდა და მოვიმიზეზე, რომ გავცივდი, თან თავიც ძალიან მტკიოდა და სულ ცოტა ხანში მართლა იგივე სიმპტომები გამოვავლინე, რაც გავიფიქრე და რაც ჩემი ბაგით ვაღიარე...

კიდევ კარგი მხოლოდ ერთი დღით, თორემ ალბათ მართლა გამიჭირდებოდა აქედან გამოსვლა...

დედაც მოვატყუე, მამაც და ყველა ვინც კი რაიმე მკითხა.

-იქს, კარგი მაგალითია. მიპასუხა მან და განაგრძო.

- ფიქრი შეიძლება იყოს კარგი და შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ გარჩევის უნარი უნდა გქონდეს, თუ რომელია კარგი და რომელი ცუდი, რადგან ფიქრებს შედეგის მოტანის ძალა აქვთ.

ამ უნარის გამომუშავება არც ისე მარტივია, მაგრამ შესაძლებელია და ამის მისაღწევად აუცილებლად უნდა იბრძოლო.

შენი სიმპტომები ერთი დღით შემოიფარგლა და მალევე კარგადაც გახდი, მაგრამ ეს მიდგომა მხოლოდ ერთ დღიანი პერსპექტივით არ მოქმედებს. ამან შეიძლება წლებიც კი შეუცალოს ადამიანს და წინსვლის საშუალება დაუკარგოს. ამიტომაც ყურადღება მიაქციე იმას, თუ რას ფიქრობ შენ თავზე და იმას, თუ რას ლაპარაკობ შენ თავის შესახებ.

შენ თავს მაღლა უამრავი ჩიტი დაფრინავს, მაგრამ ისინი ხომ შენი თანხმობის გარეშე ბუდეს ვერ აკეთებენ შენ თავზე?

ასევე უნდა იფიქრო აზრებზეც.

შენი გონება შენი სახლია, სადაც უამრავი აზრი მოდის და მიდის, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, თუ რომელ მათგანს გაუღებ შენი გონების კარს და მისცემ უფლებას, რომ შენში შემოვიდეს.

    ვიდრე სიტყვას იტყოდე, ჯერ ფიქრობ თქვა თუ არა, ხომ ასეა?

ეს იმდენად სწრაფი მომენტია, შესაძლოა ვერც კი მიხვდე რომელი როდის ხდება, თუმცა დამერწმუნე, ყველაფერი ფიქრით იწყება და მნიშვნელოვანია, რომ სწორად ფიქრობდე...

ეს ძალიან მნიშვნელოვანია...

არა! ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩაასწორა მან.

ვალდებული ხარ, რომ ყურადღება მიაქციო, თუ რაზე ფიქრში ხარჯავ დროს, თუნდაც მაშინ, როცა დასაძინებლად წვები.

    ალბათ გსმენია, რომ ადამიანები ყველაზე ნამდვილნი მაშინ არიან, როცა ძილის წინ მარტონი რჩებიან, რადგან დაძინებისას შინაგანი ხმა არ ასვენებს მათ და ყველა საპირისპირო აზრს, რის ჩახშობასაც ისინი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ერთიანად ამოატივტივებს მათ გონებაში.

 შენც ასე ხარ ხომ? მკითხა მან

- დუმილის ნიშნად თავი დავუქნიე და უხმოდვე ვანიშნე, რომ გაეგრძელებინა.

ეს სწორედ ის მომენტია, როცა გაქცევა გამოსავალი არ არის, თუმცა ადამიანი მაინც ორ არჩევანს აკეთებს.

ის ცდილობს, რომ გაექცეს ამ ფიქრებს, ან იწყებს მეტ ფიქრს, რომ ამ ფიქრებმა ცვლილებები გამოიწვიოს მასში.

გონება ბრძოლის ველია და ყოველთვის, როცა მარტო დარჩები, ბრძოლა დაიწყება.

უეჭველად ისევ დაიწყება საპირისპირო აზრთა ჭიდილი და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ აზრს აირჩევ და რომელს მიანიჭებ უპირატესობს.

ზოგჯერ პროცესი იმდენად შორსაც წავა, რომ ყურადღების გადატანის ხერხებსაც მიმართავ, რათა ზედმეტად არ გადაიღალო.

მაგალითად: აიღებ ტელეფონს, დაიწყებ ვიდეო თამაშების თამაშს, ჩართავ უამრავ სერიალსა თუ ფილმს, რომელიც ყურადღებას გადაგატანინებს, მაგრამ მეტი ფიქრი არის ის გზა, რომელიც ცვლილებებს მოიტანს...

ზოგი იმასაც კი ცდილობს, რომ საძილე საშუალებებით ჩაახშოს ეს პროცესი და შემდგომ ამ მოვლენას ისინი განკურნებას უწოდებენ.

სინამდვილეში კი ასეა: შინაგანი ხმა ყველაზე ნამდვილია...

 აი ის ხმა, რომელიც ძილის წინ გისვამს ერთ მარტივ კითხვას:

- „დღეს რა გააკეთე ღირებული?“

ამას ადამიანები სინდისს უწოდებენ. ყველა მათგანს მოინახულებს სინდისი დღის დასასრულს და ამ დროს ადამიანები ეცდებიან ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, რადგან ფორიაქი ეწყებათ და გამოსავალს ვერ პოულობენ.

მე კი ასეთ რამეს გასწავლი, იქს.

როცა მოუსვენრობა და შფოთვა დაგეუფლება შენს ცხოვრებაზე ფიქრისას, გახსოვდეს რომ შიში არის ბარიერი ამ გზაზე, რომელზე გადაბიჯებითაც, აუცილებლად იხილავ ნათელ ჰორიზონტს.

როცა დროს ცვლილებებზე ფიქრში ხარჯავ, იცოდე რომ ყველა სირთულე გადალახული იქნება და აუცილებლად იხილავ შენ ცხოვრებაში უკეთესს შედეგს.

   მთავარია, მოთმინება და მიზანმიმართულად ფიქრების ჭიდილში შესვლა.

რთული მოსათმენია, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გადაიტან, რაც ფიქრებთან ჭიდილია, ვერ წახვალ წინ და არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება შენს ცხოვრებაში.

- ხო მაგრამ, ჩემთვის ალბათ განსაკუთრებით რთული იქნება ამის გაკეთება. დამწუხრებით შევაწყვეტინე საუბარი და ვთხოვე, რომ მოესმინა, რადგან მინოდა წარსულზე მეკითხა აზრი.

    ბატონო, ძალიან მომწონს ის, რაზეც მესაუბრები და დიდ იმედს მაძლევს, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება, ძალიან რთულია მასთან ჭიდილი, რადგან ის მახსენებს ჩემი ცხოვრების იმ მტკივნეულ მონაკვეთებს, რომლითაც მამარცხებს.

- ვინ ის? მკითხა მან

წარსული... წარსული დამდევს...

მზერაც კი არ შეცვლია ისე დამაჯერებლად მიპასუხა:

- როგორც იქნა, ამაზე საუბარი დაიწყე. ამ მომენტს ველოდებოდი, ახლა კი შემიძლია წარმოგიდგინო ჩემი თავი.

წარსული დაგდევდა და მან ჩემამდე მოგიყვანა...

- ვინ ხარ შენ, ვკითხე მე.

- უბრალოდ მეეზოვე ვარ, რომელიც აქ იმისთვის არის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გასწავლოს. მიპასუხა მან.

- მოიცა, მეეზოვესაც არ აქვს სახელი? გაკვირვებით გავიფიქრე, მაგრამ რათქმაუნდა ეს არ მიკითხავს.

ამის ნაცვლად უფრო დავაზუსტებინე, თუ როგორ შემეძლო მიმემართა მისთვის, რადგან „მეეზოვე“ ცოტათი უხერხულად მეჩვენებოდა.

როგორ მოგმართო, ეს მაინც მითხარი, ვკითხე მე

შეგიძლია მასწავლებელი დამიძახო, რადგან როგორც გითხარი, აქ იმისთვის ვარ, რომ შენ დაგეხმარო.

მინდა დაგეხმარო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და განვითარებაში, რომ უფრო ეფექტურად განაგრძო სვლა.

მე ვიქნები შენს გვერდით და გაგამხნევებ, რომ აირჩიო ისეთი გზა, რომელიც გაპოვნინებს შენი ცხოვრების მთავარ არსს.

შენი ამჟამინდელი მდგომარეობა არის წრეზე სიარული და თუ გინდა, რომ ეს როგორმე ჩანაცვლდეს მიზანმიმართული გზით, მაშინ ჩემთან ერთად, პატარა ნაბიჯებით სიარულის გზა უნდა აირჩიო.

შენ გაქვს კონკრეტული დანიშნულება და მე ეს კარგად ვიცი, მაგრამ შენი ხასიათის ჩამოყალიბების გარეშე, ვერ შეაბიჯებ შენს დანიშნულებაში, ამიტომაც ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება, ოღონდ უნდა გამომყვე, იქს.  

- მასწავლებელო, დამაჯერებელი ხარ და გენდობი, მაგრამ ოდესმე შეხვედრილხარ წარსულს? ან განგიცდია მისგან მიყენებული ტკივილი?

ის რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ჩემს საძინებელში.

თავიდან უხმოდ იდგა ერთ ადგილას, მაგრამ მერე ჩემს საზღვრებში შემოიჭრა და ცდილობს აზრებით მაკონტროლოს.

უკვე რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა, თუმცა მასზე ფიქრიც კი ტკივილს იწვევს ჩემში, რისგან გათავისუფლებაც ძალიან მიჭირს, მაგრამ ვიცი რომ ისევ მომიწევს მასთან შეხვედრა და ფიქრების ჭიდილში გამარჯვება, თუმცა მე...

მე ძალა არ მაქვს რომ ეს გავაკეთო...

მირჩევნია ყურადღება გადავიტანო სხვა რამეზე და კიდევ გადავდო მასთან შეხვედრა, ან დაპირისპირება...

ან ბრძოლა, როგორც თქვენ იტყოდით...

ერთხანს თანაგრძნობით ისმინა ჩემი ეს საუბარი, შემდეგ კი თბილად მიპასუხა:

იქს, წარსულთან ბრძოლაში, დღეს გადაგმული სწორი ნაბიჯები და დღეს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები დაგეხმარება.

გაქცევა არ არის გამოსავალი, არამედ ბრძოლაში შესვლა და იქ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი.

ვინ იგებს ბრძოლას? ის ვინც ტოვებს მას, თუ ის ვინც რჩება ბრძოლის ველზე, ვიდრე უკანასკნელ მტერს არ მოიგერიებს?

რა თქმა უნდა ის, ვინც რჩება ბრძოლის ველზე. ვუპასუხე მე.

ჰოდა ახლა ჯერი შენზეა და გმართებს გადაწყვეტილების მიღება, თუ რას აირჩევ, იქს.

დარჩები ბრძოლის ველზე და მოიგებ შენს აზრებში გამართულ ბრძოლას, თუ კიდევ ერთხელ გაიქცევი და სახვალიოდ გადადებ გამარჯვებას.

შენ გადაწყვეტილებას დაველოდები, თუმცა მანამდე ეს გამომართვი და ისე გააკეთე, როგორც გეტყვი.

საუბარი დაასრულა, ფურცელი გამომიწოდა კალამთან ერთად და მთხოვა, რომ დამეწერა ის ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მიშლიდა ხელს წარსულისგან გათავისუფლებაში.

წერა დავიწყე:

„მე წარსულისგან გათავისუფლებაში ხელს მიშლის_____________________ „

რამდენიმე სიტყვა უპრობლემოდ დავწერე, მაგრამ ვხედავდი, რომ ის ერთი რამე არა და არ იწერებოდა ფურცელზე, თითქოს ზუსტად იმ დროს მთავრდებოდა კალამში მელანი, როცა ჩემი სისუსტე უნდა დამეწერა.

კიდევ რამდენჯერმე დავწერე, თუმცა უშედეგოდ, ჩემ ნაწერს თავად ვერ ვკითხულობდი, რადგან ფურცლის ეს ველი კვლავ ცარიელი იყო...

ვუთხარი, რომ კალამი არ წერდა, რაზეც ღიმილით მიპასუხა:

- წერს, როგორ არა. უბრალოდ შენი საიდუმლო, ჩემსა და შენს შორის რჩება. მიპასუხა მან.

თვალები ამიწყლიანდა და იმ მომენტში გავიაზრე, რას ნიშნავდა ნამდვილი მეგობრობა.

სიხარულით მოვეხვიე მას და მადლობა გადავუხადე.

მე და მეეზოვე დავმეგობრდით, უფრო სწორად მე და ჩემი ცხოვრების მასწავლებელი დავმეგობრდით, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო იმ დიდი ამბისა, რაც თურმე წინ მელოდებოდა...

კვლვავ შეგვაბინდდა და იძულებული ვიყავი სახლისკენ წავსულიყავი, თუმცა კიდევ დიდი ხნით ვისურვებდი მასთან საუბარს.

მისი სიტყვები ძალას მაძლევდა რომ ჩემი თავის უკეთესი პერსპექტივა დამენახა და იმედიანად გამეგრძელებინა გზა.

ვიდრე პარკს დავტოვებდი, მეეზოვემ თავად შემახსენა ჩვენი საუბრის მთავარი თემა და მითხრა:

იქს, ყველაფერს აქვს სახელი, ჩვენს დაკავშირებას კი მეგობრობა უნდა ვუწოდოთ, ჩვენ ამიერიდან მეგობრები ვართ.

- ძალიან მიხარია, ვუპასუხე მე.

არადა იმდენად მაშინებდა ახალი მეგობრების შეძენა...

ვფიქრობდი, რომ ამას წარსული ისევ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდა და უარეს დღეში ჩამაგდებდა, თუმცა მისი სანდოობის და დამაჯერებლობის გამო უნდა გამერისკა.

უნდა გამერისკა და გადამელახა წარსულთან დაპირისპირების შიში, რომელიც ამდენად კლავდა ყველა ჩემს წინ არსებულ პოტენციალს და განვითარების საშუალებას არ მაძლევდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ერთ ცდად ღირდა, რომ დამეჯერებინა ჩემი ცხოვრების უკეთესი მომავალი და მე დავიჯერე ეს...

სახლისაკენ გავეშურე და გზაში ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამ შესაძლებლობისათვის.

მადლობას ვუხდიდი იმისათვის, რომ ეს ადამიანი შეიძლება მისგან გამოგზავნილი ყოფილიყო ჩემს დასახმარებლად და ვპირდებოდი, რომ აუცილებლად უფრო მეტად დავუახლოვდებოდი მას. თან ვთხოვდი იმასაც, რომ გაექრო წარსული ჩემი ცხოვრებიდან, რათა სრულფასოვანი ცხოვრება გამეგრძელებინა.

კიდევ ერთი ბრძოლა

სახლისაკენ წავედი, ოღონდ უბრალოდ კიარ წავედი, არამედ ისე, ჯერ რომ არ წავსულვარ.

მთელი გაბედულებითა და თავაწეული ნაბიჯებით მივემართებოდი. თითქოს ვიცოდი, რომ სამყარო ელოდა ჩემს გამარჯვებას და მეც არ უნდა დამეყოვნებინა.

სახლში მისვლისას მშობლებთან საუბარში მცირე ხანი დავყავი, შემდეგ კი ოთახისკენ გავეშურე.

გადავწვიტე მეფიქრა დღვანდელ დღზე და ცვლილებებზე, როგორც მასწავლებელმა მთხოვა, თან იმ წიგნის წაკითხვაც მინდოდა, რომელიც დედამ მომცა, თუმცა ჩემი გეგმები არია.

გამოიცანით რა მოხდა?

დიახ, დიახ. წარსული იქ მელოდა და როგორც კი ოთახში შევედი ირონიული ტონით მომმართა:

- მოხვედი?

რახანია არ გვინახავს ერთმანეთი, შეეხე ჩემს მოსასხამს, რომ გაიხსენო ყველა შენი მოგონება და შევძლო ჩემ წიგნში მათი აღწერა, რათა წარუშლელ მოგონებად დარჩეს ისინი შენში.

ეს უკვე ნაცნობი სიტყვები იყო, რომელიც თავიდან დავიჯერე, ახლა კი აღარ ვაპირებდი ამის დაჯერებას.

თითქოს მასწავლებლის მიერ ნათქვამი სიტყვებიც შემზადება იყო ამ ბრძოლისათვის და მან იცოდა, რომ დღეს მომიწევდა კიდევ ერთი გაბრძოლება.

ამჯერად თავს ისე სუსტად აღარ ვგრძნობდი, ამიტომ ერთიანად გავიხსენე დედაჩემისა და მასწავლებლის დარიგება, არც დავაყოვნე ისე ვუპასუხე ბრაზნარევი ხმით:

„წარსულო, მე ვკეტავ კარს და არავითარი წილი აღარ მაქვს შენთან, ახლავე აიბარგე აქედან და წადი ჩემი ცხოვრებიდან“

- „ახლავე აიბარგე და წადი ჩემი ცხოვრებიდან“ რა ნაცნობი სიტყვებია...

კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდი? უფრო დამცინავად მიპასუხა მან.

თავზარი დამეცა! ნუთუ ის სიტყვები არ მოქმედებდა, რაც მასწავლეს? ან იქნებ რაიმე სხვაში იყო საქმე და სიტყვები არასწორი წყობით ვთქვი?

პირველი შეტევა კი მომიგერია, მაგრამ ბრძოლა-ბრძოლაა!

კიდევ ერთხელ მთელი ძალა-ღონე მოვიკრიბე და ვუთხარი, რომ არ ვიცოდი თუ როგორ უნდა მომეცილებინა ის საბოლოოდ ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ძალიან მალე აუცილებლად შევძლებდი ამას.

საინტერესო და გასაოცარი ის იყო, რომ ამ სიტყვების შემდეგ გაუჩინარდა და ოთახში ისევ მარტო დავრჩი.

გეგმები კვლავაც არეული მქონდა და უბრალოდ ფიქრი დავიწყე.

გამახსენდა მეეზოვის კითხვა, თუ რამდენად ხშირად ვფიქრობდი ცვლილებებზე, ამიტომაც დავაწვყვიტე ცვილელბებზე ფიქრი დამეწყო...

რა მაქვს შესაცვლელი? ან რატომ არ იმუშავა ჩემმა გაბედულმა სიტყვებმა ცვლილებისათვის?

იქნებ საქმე არ არის გარეგნულ გამოხატვაში, არამედ შინაგან განწყობაშია?

ამ აზრთა ჭიდილში მივხვდი, რომ მე გარეგნულად ვცდილობდი რაღაცების მიღწევას, თუმცა შიგნიდან ისევ ისეთი გახლდით, როგორც აქამდე.

- შეუცვლელი და უძლური.

ეს საკითხები ჩემს წიგნაკში მოვინიშნე იმისათვის, რომ მასწავლებელთან მესაუბრა და ვცადე წიგნი წამეკითხა, რომელიც დედამ მომცა.

არ ვიცი, რატომ მამხელდა ამ წიგნის წაუკითხაობის გამო სინდისი და რატომ ვდებდი მსჯავრს საკუთარ თავს, მაგრამ შინაგანად ვიცოდი, რომ ამ წიგნთან ურთიერთობა რეალურ ძალას მომცემდა ცხოვრებაში და დამეხმარებოდა.

იმასაც ვიაზრებდი, რომ ამ შანსის დაკარგვა დიდ დანაკლისად მექცეოდა.

აქამდე მრავალჯერ მიუარყვია სინდისის ხმა და სქროლვა გამიგრძელებია, თუმცა ამჯერად ვერ გავუძელი ქენჯნას და წიგნი გადავშალე.

ჰოი საოცრებავ, ჩემს ფიქრებში გართულს ცვლილებებზე, საკუთარი ცხოვრების გადასაფასებლად იდეალური ისტორია შემხვდა წასაკითხად.

ისტორია შეცდომილ შვილზე იყო, რომელმაც მამას ქონების წილი მოსთხოვა და სახლიდან შორს წავიდა, თუმცა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ღორების მომვლელი გახდა და საჭმელიც კი სანატრელი გაუხდა.

ალბათ ისიც თავის სახელს ეძებდა და ცდილობდა თავის დამკვიდრებას, თუმცა მასაც ჩემსავით შემოეფლანგა ყველა ის რესურსი, რაც გააჩნდა, ან ეგონა, რომ გააჩნდა.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ღორების მოვლით იყო დასაქმებული დაფიქრდა და თავისთვის თქვა, რომ თუ წავიდოდა მამამისის სახლში, მოსამსახურედ მაინც იმუშავებდა და საჭმელიც ექნებოდა.

იცით რა მოხდა? ადგა და მამამისაკენ გაეშურა და თურმე მამაც გზად ელოდა იმის იმედით, რომ მისი შვილი ოდესმე აუცილებლად დაბრუნდებოდა.

მამამ შვილი მიიღო პატივითა და სიყვარულით. დაიბრუნა როგორც ძე და არა როგორც მოსამსახურე.

გაუმართა დიდი ზეიმი და ამბობდა: „ჩემი ძე დაკარგული იყო და გამოჩნდაო“

როგორი გულის ამაჩუყებელია, არა? ვისურვებდი, რომ ჩემი თვალით მენახა ეს კადრი და გამეზიარებინა მათი ოჯახის სიხარული.

რატომღაც ეს ილუსტრაცია ჩემ ცხოვრებას დავუკავშირე იმით, რომ ის შეცდომილი ძეც და მეც, დამოუკიდებლად ვცდილობდით საკუთარი თავის დამკვიდრებასა და იმ აღმატებული მდგომარეობის პოვნას, რომელიც თურმე მას მამის სახლში ისედაც ჰქონდა.

შესადარებლად მარტივი ჩანს, რომ მას ჰქონდა რაღაც, შემდეგ კი დაკარგა და მისი მწარე გამოცდილებით მოუწია გაკვეთილის სწავლა, მაგრამ ეს მაინც განსხვავდებოდა ჩემი მდგომარეობიდან, რადგან მე ჯერ არც არაფერი მქონდა, რომ დამეთმო და შემდეგ ისევ მენანა მისი დაკარგვა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ნებისმიერ გამოცდილებაზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ის მიმეღო, რასაც ვეძებდი:

სახელი, ვინაობა, მოწოდება, როლი, ან თუნდაც შინაგანი დაჯერება, რომ რასაც გავაკეთებდი, ნამდვილად ჩემი გასაკეთებელი იქნებოდა.

 წიგნი ხელში მეჭირა და თან ვიხსენებდი მეეზოვის მიერ ნათქვამ სიტყვებს: „შესაძლებელია რაღაც ახლის შექმნა, ან არსებულის განვითარება ისე, რომ სახელიც კი შეეცვალოს მას.“

ყველა მის მიერ ნაამბობი ისტორია მახსენდებოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ შესაძლებელი იყო მისი ეს ნაამბობი სიტყვებად დარჩენილიყო და ვერაფერში გამომეყენებინა, როგორც ამ საღამოს, წარსულთან შეხვედრისას...

თვალი ორი წამით მოვადუნე, გონებაც თითქოს გამოვარიდე მასშივე არსებულ ალიაქოთს და როგორც ბნელ ოთახში აინთება ნათურა, ისე გამინათდა თავში ეს ფიქრები:

იქნებ რაიმეს სხვაგვარად ვცდილობდი?

იქნებ ჩემს ვინაობას იქ ვეძებდი, სადაც არ იყო?

იქნებ არასწორი ნაბიჯებით დავდიოდი და ამიტომაც ვერ მივდიოდი დასკვნამდე?

არ ვიცი, არ ვიცი...

თუ დედაჩემი მართალს ამბობს და ეს წიგნიც დამეხმარება სვლის გაგრძელებაში, მაშინ ამას ვცდი:

„მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ“

ეს ზუსტად ის სიტყვებია, რომელიც პირველად მაშინ წავიკითხე ამ წიგნში, როდესაც დედამ დიდი რუდუნებით გადმომცა ის.

რა უნდა გამეკეთებინა, არც ვიცოდი მაგრამ მთელი შინაგანი ამას მეძახდა:

თქვი, თქვი, თქვი:

მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და შევეცადე მელოცა, თან ისე ვცახცახებდი თითქოს მიკრო ელექტრო ძაბვაზე ვიყავი შეერთებული...

როგორღაც გონებაში გაფანტულ სიტყვებს თავი მოვუყარე და ლოცვა დაივწყე:

„ღმერთო, მე ბოლომდე ვერ ვაკავშირებ ჩემსა და იმ შეცდომილი ძის ცხოვრებას, მაგრამ ერთი კი ვიცი, მე დაკარგული ვარ.

ჯერ არც მიპოვნია ჩემი თავი, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ დაკარგული ვარ.

თუკი ჩემი ხმა გესმის, მაჩვენე სწორი გზა და დამეხმარე, რომ დავუკავშირდე იმ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარებიან ამ გზის გავლაში.

მე ძალიან ხშირად ვარ გადატვირთული გარემოებებით, რომლებიც ჩემი კონტროლის მიღმაა. ძალიან ხშირად ადვილად ვნერვიულობ იმაზე, რასაც თითქოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ვიცი რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მეტი სიმკვეთრე მჭირდება, რათა გავიაზრო გზა, რომელიც ჩემ წინაა და აღმოვაჩინო ჩემი ცხოვრება, რომელსაც ასე ვეძებ.

გთხოვ დამეხმარო და მაჩვენო გზა, რომელიც აღმომაჩენინებს ჩემს ნამდვილ ვინაობას.

ამინ.“

გულში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა და ეს სიმშვიდე ბრძოლით მოპოვებული იყო.

მართალია ჯერ ომი არ მქონდა დასრულებული, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ძალიან დიდ სიხარულს და სიმშვიდეს მანიჭებდა.

ჩემ შეყვარებულსაც მივწერე, რომ ვიძინებდი, დავემშვიდობე და მალევე ჩამეძინა...


წუწუნი და მადლიერება

„ის ვინც წუწუნებს, კიდევ ერთი დღით შორდება მის მიზანს და სხვა მიმართულებით მიდის“

დილით ადრიანად ისე გამეღვიძა თითქოს მთელი ღამე ტროტუარის ქვაფენილზე მძინებოდა...

ტანსაცმელიც იგივე მეცვა, რაც გუშინ, რადგან გამოცვლაც ვერ მოვასწარი და განწყობაც საშინელი მქონდა.

საწოლს ერთი-ორჯერ მუშტები დავცხე და უიმედობისგან ბალიშში თავი ჩავრგე.

 რა უნდა გამეკეთებინა, ან რა უნდა მეღონა, რათქმაუნდა არ ვიცოდი, თუმცა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ უნდა დავლაპარაკებოდი მეეზოვეს.

სკოლაში მივედი, დირექტორთან მოვიმიზეზე, რომ ცუდად ვიყავი და სახლში გაშვება ვთხოვე, რაზეც თანხმობა მივიღე და პარკისაკენ წავედი.

მეეზოვე დავინახე, მივუახლოვდი და ვთხოვე არაფერი ეთქვა, ვიდრე არ მომისმენდა და საუბარს არ დავასრულებდი.

თავისი რეკვიზიტები ბუჩქთან მიაწყო, გვერდით მომიჯდა და ყურადღებიანი მზერით დამიწყო ცქერა. მეც არ დავაყოვნე და საუბარი დავიწყე:

როცა წარსული ამედევნა, ვერავის ვუყვებოდი ამის შესახებ, შემდეგ დედამ მირჩია, რომ წიგნი წამეკითხა და მეც იმ იმედით დავუჯერე, როგორმე მეშველებოდა...

იქ ბევრი არაფერი წამიკითხავს, მაგრამ რაც ამოვიკითხე ღმერთის შესახებ ძალიან დამაიმედებელი იყო და დროებით მოტივაციას მაძლევდა, რომ გზა გამეგრძელებინა და ალბათ აქამდეც ამიტომ მოვედი...

მერე შენც გამოჩნდი და თითქოს შენი რჩევებით ცოტათი მეტი ნათელი მოეფინა არაერთ საკითხს, მაგრამ პრობლემა რომელიც მე მაქვს არსად წასულა, არამედ უფრო იზრდება და რთულდება მასთან დაპირისპირება.

აღარც ლოცვა მშველის, აღარც იმედის სიტყვები, არც რაიმე სხვა...

ახლა კი ვხვდები, რომ ჩემგან არაფერი არ გამოვა და ვერაფერს ვერ მივაღწევ.

დამამთავრებელ კლასში ვერ გადავედი, წარსულისგან ვერ ვთავისუფლდები, ლოცვა მე არ მშველის...

მხოლოდ სიკვდილის დღეს ველოდები და ეს თუ მიშველის.

ერთხანს მისმენდა, თუმცა ბოლოს შევატყვე, რომ უკანასკნელმა სიტყვებმა მზერა შეუცვალა და ცოტათი გაბრაზდა. შევატყვე როგორ შეიშმუშნა წარბები და ბრაზნარევი ხმით მიპასუხა და ეს იყო მისი პირველი ბრაზი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში.

სიკვდილი!?

შენ რა იცი რა არის სიკვდილი და რა მოაქვს მას ადამიანისათვის, ან რა გაგეგება ამის შესახებ?

ეს მეტად აღარ თქვა, რადგან ასეთ მდგომარეობაში სიცოცხლის დასრულება ყველაზე დიდი ტანჯვაა შენი სულისთვის, რომელიც ღვთისაგან მოგეცა და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მარადიულად გაგრძელდება!

ჩემი ხელები ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ შეხედე ჩემს დანაოჭებულ სახეს, ეს უბრალო ნაოჭები კიარა, გამოცდილების ათწლეულებია და მას უნდა დაუჯერო.

არავისთვის, არასოდეს ასეთ ლაპარაკს უკეთესი შედეგი არ მოუტანია.

გამოსავალი ყველა პრობლემიდან არსებობს, შენ აუცილებლად გამოხვალ ამ პრობლემიდან მაგრამ ჯერ პრობლემა თავად შენგან უნდა გამოვიდეს და ეს არის წუწუნი, რომელიც ხასიათში გაქვს.

ერთ ამბავს გიამბობ:

 მამა სამსახურში წასვლამდე კართან ოჯახს ემშვიდობებოდა, შვილი მას ჩაეხუტა და უთხრა, რომ მისთვის საჩუქარი მოეტანა, რაზეც მამამ თანხმობა განუცხადა.

მამა სამსახურში წავიდა, თუმცა შვილისგან ყოველ 30 წუთში სატელეფონო ზარს იღებდა, სადაც ის წუწუნით ეუბნებოდა მოვიდოდა თუ არა მალე, ან რატომ არ მოჰქონდა საჩუქარი აქამდე. შვილი მთელი დღე იტანჯებოდა, ტიროდა და ტკივილს განიცდიდა, რადგან დანაპირები იგვიანებდა, რის გამოც ის კვლავდაკვლავ სატელეფონო ზარებს ანხორციელებდა მამას ტელეფონის მისამართით.

იმის გამო, რომ მამას სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, ტელეფონი ზარების გამოტოვების რეჟიმზე გადაიყვანა და არცერთი შეტყობინება აღარ ჩანდა მასთან, ვიდრე სამსახური არ დაასრულა.

როცა სახლში მივიდა შვილს დაუძახა და აუხსნა, რომ მისი წუწუნის და უნდობლობის გამო, საჩუქარმა ერთი დღით გადაიწია და დანაპირებს შემდეგ დღეს შეასრულებდა.

თვალცრემლიან შვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მიიღო გაკვეთილი და მეტად აღარ დაუწუწუნია.

ახლა კი მინდა შენ მდგომარეობას შეადარო ეს ისტორია:

შენ ილოცე, რომ ღმერთი დაგხმარებოდა და ყოველ მეორე წინადადებაში წუწუნს იწყებ, რომ ის არ ჩანს, აგვიანებს და მოსვლა გადაიფიქრა.

ამის შემდეგ გიკვირს, თუ რატომ იგვიანებს პასუხი?

ყოველთვის, როდესაც შენ იწყებ წუწუნს იმისათვის, რაზეც გილოცია ან გიშრომია, იცოდე, რომ შედეგი უკეთეს შემთხვევაში ერთი დღით გადაიწევს, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ადამიანმა წლებიც კი დაკარგოს ამ შედეგის ძიებაში და ვერც კი მიხვდეს თუ რამდენად დიდ შეცდომას უშვებდა წუწუნით.

იქს, წუწუნი უნდა შეწყვიტო, რადგან ეს არის მდგომარეობა, რომელიც შენს გარშემო მომხდარ ყველა დადებით მოვლენას ანულირებას უკეთებს.

მხოლოდ მაშინ შეძლებ, მიიღო შენთვის სანატრელი კარგი რამ, როდესაც შეწყვეტ წუწუნს და ისწავლი მცირე დეტალებით მადლიერებას.

შესაძლოა გაგიჩნდეს კითხვა, რატომ მადლიერება და არა კმაყოფილება? კმაყოფილება ემოციური განწყობაა, ხოლო მადლიერება გადაწყვეტილება.

შესაძლოა სულაც არ იყო კმაყოფილი იმით, რაც გაქვს და ეს სავსებით ნორმალური და მისაღებია, მაგრამ მადლიერება არის შენი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვლინდეს შენგან.

იცოდე, რომ მადლიერების გამოხატვა არის გზა, რისი მეშვეობითაც იახლოვებ უკეთეს მდგომარეობას, ხოლო წუწუნი და დრტვინვა არის გზა, რომელიც გაშორებს უკეთეს მდგომარეობას კიდევ ერთი დღით...

ხო მაგრამ, მასწავლებელო, გუშინ წარსული ისევ გამოჩნდა თითქოს უფრო მეტი ირონიით ეცადა ჩემზე ზეგავლენის მოხდენას.

 წარმომიდგენია რას ჩაწერდა ის თავის წიგნში...

 ალბათ ისევ მანიპულირებას დაიწყებს, როცა კვლავ ვნახავ...

- კვლავ ნახავ?

თუ ხვდები, რომ თავად შენი სიტყვებით უხსნი მას კარს და უგეგმავ შეხვედრას?

ხვალ აუცილებლად უნდა გასწავლო სიტყვის ძალის შესახებ, თორემ უკვე ისეთ რაღაცებს ამბობ, რომ ეს ცუდად იმოქმედებს შენზე!

- ეჰ, წარმომიდგენია ამდენი წუწუნით უკვე რამდენად შორს ვარ, სიმწრით შევაწყვეტინე საუბარი.

როგორ მინდა მჯეროდეს შენი, მაგრამ მიმოიხედე, მასწავლებელო, აქ ხალხია, რომელთაც სიხარული და ბედნიერება აქვთ, განა რაიმე ისეთი დავაშავე, რომ მე არ გამაჩნია ეს?

იქს, ისევ აგრძელებ...

ნუ დარდობ, ყველაფერი წინ გაქვს. შეგახსენებ, რომ აქ შენს დასახმარებლად ვარ...

როცა დაინახავ, რომ შენს გვერდით ვიღაცას ის აქვს, რაზეც შენ დიდი ხანია ლოცულობ, წუწუნი არ დაიწყო და არ თქვა: „ღმერთო, მას რატომ მიეცი და მე რატომ არ მაქვს“

ამის ნაცვლად თქვი: „მჯერა, რომ ჩემი დღეც მოვა და მეც მივაღწევ უკეთესობას“

არ იწუწუნო და არ თქვა: სხვას რატომ აქვს და მე-არა.

ამის ნაცვლად თქვი: მჯერა, რომ ჩემი დღეც მოვა.

მისი ეს სიტყვები რა თქმა უნდა გასაგები და მოსაწონი იყო ჩემთვის, მაგრამ ჩემთივს მაინც იმდენად რთული ჩანდა მათი განხორციელება, ისევ დავაზუსტებინე და ვკითხე:

და როგორ შევწყვიტო წუწუნი? ეს არც ისე მარტივია, იქნებ რაიმე პრაქტიკული რჩევა მომცე?

მე აუცილებლად შევასრულებ მას.

- იქს, აუცილებლად გაგიზიარებ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, მაგრამ მანამდე მინდა ეს წიგნაკი გამომართვა, სადაც შენს აზრებსა და შესრულებულ დავალებებს მოინიშნავ.

პირობა მომეცი, რომ ამას გააკეთებ.

- გპირდები, ვუპასუხე მე.

კარგი, განაგრძო მან:

პირველი, რაც წუწუნის შეწყვეტისთვის საჭიროა, არის...

წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და კალამი მოვამზადე, რათა ეს რჩევა ჩემ წიგნაკში ჩამეწერა.

რაც წუწუნის შესაწყვეტად უნდა გააკეთო არის - გაჩუმდე.

აი ასე მარტივად...

არის - გაჩუმ.. წერა შევწყვიტე და შეურაცხყოფილი სახით ვუთხარი:

- როგორ, უბრალოდ გავჩუმდე და მორჩა? დამცინი, თუ რატომ მეთამაშები სიტყვათა სხვადასხვა წყობით?

- არა, იქს. მე არ დაგცინი, მე ზუსტად ვიცი რასაც გეუბნები, შენ უბრალოდ გჭირდება, რომ მენდო.

დაიმახოვრე, ძალიან ხშირად, შენი თავისუფლების გზა იქნება უმარტივეს სიტყვებში დამალული, რომელსაც დიდ ყურადღებას აქამდე არ ანიჭებდი, თუმცა როგორც კი ერთ მათგანს შეამჩნევ და დაინახავ, რომ ისინი მუშაობს, იმწუთასვე მოიმართები ახლის მისაღებად.

უბრალოდ მენდე, იქს, ეს აუცილებლად იმუშავებს.

- კარგი გენდობი, ვუპასუხე მე.

მაშინ გავაგრძელოთ, მიპასუხა მან.

შენ უნდა შეწყვიტო საუბარი და ეს ავტომატურად ნიშნავს წუწუნის შეწყვეტას.

წუწუნი არის ისეთი მოვლენა, რომელიც შინაგანი მდგომარეობიდან მომდინარეობს და ცდილობს გამოვლინდეს გარეთ, ანუ გახდეს შენი კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილი.

გამოვლინდეს მაშინ, როდესაც ურთიერთობ საყვარელ ადამიანთან, მშობელთან, მეგობართან თუ ვინმე სხვასთან.

როდის იწყებ წუწუნს?

როცა ცუდ ხასიათზე ხარ, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც გინდოდა.

როცა წარუმატებლობას და მარცხს განიცდი, ხომ ასეა?

- თავის დაქნევით დავეთანხმე, რომ სიმართლეს ამბობდა, რათა ლაპარაკის გაგრძელების საშუალება მიმეცა.

როდესაც შენ იწყებ იმის ლაპარაკს, რაც შენს აზრებშია, ასეთ დროს წუწუნს შენი კომუნიკაციის ნაწილად ხდი და კარს უხსნი მას, რომ მისი ზემოქმედება შენს ცხოვრებაზეც აისახოს.

მასწავლებელო, რა ვქნა მაშინ როცა ეს ყველაფერი ჩემს გონებაშია ფიქრების სახით?

იქს, აზრად შესაძლოა ბევრი რამე მოგივიდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ აზრების ავტორი შენ ხარ.

შენ თავზე ახლა ჩიტები დაფრინავენ, ხომ ასეა?

მაგრამ არცერთი მათგანი არ დაჯდება შენს თავზე შენი ნების გარეშე.

აზრების შემთხვევაშიც ზუსტად ასეა:

შენს გონებაში უამრავი აზრი მოდის, მაგრამ შენი ნებაა, თუ რომელი მათგანი დარჩება იქ და რომელი გამოთავისუფლდება შენი ბაგიდან.

არასოდეს დაგავიწყდეს, თუკი შენი ლაპარაკით წუწუნისთვის გახსნი კარს, იცოდე, რომ ეს კარი თავისით არ დაიკეტება, არამედ შენ უნდა დაუკეტო მას კარი.

მე შემდეგ დღეებში აუცილებლად გასწავლი სიტყვის ძალის მნიშვნელობას, მაგრამ ახლა მინდა რომ კარგად გაიაზრო.

წუწუნი ქურდია, რომელიც იპარავს იმედს და მადლიერების მიზეზებს.

როცა შენს მიერ ნათქვამი სიტყვებით იწყებ წუწუნს, შეთანხმებაში შედიხარ მასთან, უღებ კარს და შენი ქმედებით ეუბნები: „მოდი აიღე ყველა კარგი მიზეზი, რაც გამაჩნია და წაიღე“

ის კი გპარავს ყველა იმედს, რომელიც შენ გაგაჩნია.

რაღაც საიდუმლოს გეტყვი, რომელიც ამ ეტაპზე არავისთან არ უნდა თქვა. დამპირდი, რომ არსად იტყვი.

გპირდები, ვუპასუხე მე.

- წარსული და წუწუნი ერთად მოქმედებენ.

წუწუნი უხილავია და ვერ დაინახავ მას, თუმცა ის გარეგნულად ცდილობს თავისი ფრაზებით დაბომბოს შენი გონება, რათა რომელიმე მათგანი მაინც დაგცეს, ხოლო ამის შემდეგ მოდის წარსული ხილული სახით და ცდილობს ეს ყოველივე თავად შემოგიტრიალოს გასანადგურებლად.

არ ჩაიწერო ის, რაც ახლა გითხარი, უბრალოდ დაიმახსოვრე და  გახსოვდეს, რომ წუწუნი არის იმედის და მადლიერების მიზეზის ქურდი.

იმედი მაქვს, რომ ეს გაკვეთილი შენთვის გასაგები იქნება, იქს.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და არაფერი მითქვამს, თან კალამს ხელს არ ვუშვებდი, რომ რაიმე სიტყვა არ გამომრჩენოდა.

მან საუბარი განაგრძო და უფრო დამაჯერებლად მიხსნიდა, თუ რატომ უნდა შემეყვიტა წუწუნი და მეც გარინდებით ვუსმენდი და ვიწერდი თითოეულ მის სიტყვას.