ჰეფესტოსი
ჰეფესტოსი
ცხრამეტიოდე წლის თუ ვიქნები ან ოცი, ლაქლაქა ბავშვი ვიყავი, ზედმეტად ბევრ და არასაჭირო ამბავს ვყვებოდი, შემდეგ მქონდა მდუმარე პერიოდი, მაგრამ
რ ა თ ქ მ ა უ ნ დ ა[1]
ასე არ ვაპირებ ამბის დაწყებას, მეზიზღება პროლოგი, შესავალი, წინათქმა. მოლოდინის რეჟიმში ყოფნას ვერ ვიტან და ზემოთჩამოთვლილებიც სწორედ ლოდინის შეგრძნებას მიტოვებენ. ამბავი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ, უფრო ჩემი ყოველდღიურობის მოყოლა მინდა, რუტინული, მაგრამ საინტერესო ყოფა მაქვს. რუტინულში მსგავსი ქმედების დაუსრულებელ წრეს არ ვგულისხმობ, უბრალოდ ამაო და უმნიშვნელო ქმედებების მთელი წყებაა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ესაა და ეს.
დიდად არ მხიბლავს დილით ადრე გაღვიძების იდეა, თუმცა, როცა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასე ხდება, ყავის დალევა და გარეთ გასვლა მირჩევნია სახლში ტელევიზორის წინ წოლას და დროის ასე გაყვანას. დილით რაღაცნაირი ახალი ჰაერია ხოლმე, ცივი და სასიამოვნო, თუმცა ძაღლები აფუჭებენ ყველაფერს. არ ვიცი დღის სხვა მონაკვეთში რას აკეთებენ და მხოლოდ დილით რატომ არიან ასე ბევრი და საშიში, მაგრამ ჩემი სეირნობის მარშრუტი უთუოდ ძაღლების ადგილმდებარეობასა და შორიდან მომავალ ყეფის ხმაზეა დამოკიდებული. არ მიყვარს ძაღლები, თუმცა არც მძულს. ადრე მძულდნენ, მაგრამ რამდენიმესთან სიახლოვემ ნეიტრალურ დამოკიდებულამდე მიმიყვანა, იმედია ისე აღარ დავუახლოვდები, რომ შემიყვარდნენ.
გუშინ, სამწუხაროდ, დილით გამეღვიძა, მიზეზი წინა ღამით საკმაოდ ადრე ჩაძინება იყო. ბოლომდე არც ვიყავი გამოფხიზლებული ისე დავდგი ჩაიდანი გაზზე და სააბაზანოსკენ გავემართე თავის მოსაწესრიგებლად. სახის დაბანას და კბილების გამოხეხვას რამდენად დავარქმევთ თავის მოწესრიგებას არ ვიცი, მაგრამ მოდი გამონაკლისი დავუშვათ. კბილის პასტა უკვე მთავრდებოდა, თუმცა დიდად არ ვდარდობდი, მარწყვის გემოთი დიდად არც მომეწონა. კბილების გამოხეხვის შემდეგ მთელი ცხოვრება წყალს ვივლებდი პირში, თუმცა მაშინ ახალი გაგებული მქონდა მეგობრისგან, რომ ბოლო გამოხეხვის შემდეგ წყალი არ უნდა გამომევლო, თუ მინდოდა სასიამოვნო სუნი დამრჩენოდა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ჩაიდნის სტვენის გაგებისთანავე მივხვდი, რომ ჩემი გარჯა ამაო იყო და მარწყვის სუნს კარამელიანი ყავის სუნი ჩაანაცვლებდა. ჩემი გარშემმყოფებისთვის არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, თუმცა ჩემთვის ასეთი ჩანაცვლება საკმაოდ მომგებიანი იყო. ყავის დალევამდე სუნით ვტკბები ხოლმე, თან მდუღარეს არ ვსვამ, მერე მთელი დღე დამწვარი ენა დისკომფორტს მიქმნის და არც არის სასიამოვნო, საერთოდ არ იგრძნობა ის გემო, რომლის შესაგრძნობადაც ვიმზადებ ყავას. საბედნიეროდ, ყავის სმა ჯერ არ გადამსვლა სავალდებულო რუტინულ ქმედებათა ნუსხაში, ამიტომ ზემოთ ნახსენები შეგრძნების განცდას ჯერ კიდევ აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმ პროცესში, რომელსაც დილით ყავის დალევა ჰქვია.
სახლში ყველას ეძინა, ამიტომ ყავის დალევამდე ჩაცმა არც მიჩქარია. ფანჯრის წინ პატარა სკამს ვდგამ ხოლმე, თავით ძლივს თუ ვწვდები ფანჯრის რაფას, თუმცა ცას და ირგვლივ წრეზე ჩალაგებული სახლების მაღალ სართულებს მაინც ვხედავ, სულ მინდა დილით ვინმე გამოვიდეს ჭიქით ხელში და მეც ჭიქა ავუწიო მისალმების ნიშნად, თუმცა ჯერ 6 საათზე ასეთი არავინ მინახავს. ან იქნებ მეორე მხარეს იხედებიან და იქ მიირთმევენ ყავას სამსახურში წასვლამდე, ვინ იცის. სანამ ბოლო ყლუპამდე ჩავედი უკვე საკმაოდ გაციებულიყო ყავა, ამიტომ ერთიანად მოვიყუდე და კმაყოფილმა ხარბად ამოვისუნთქე, ჭიქა ნიჟრაში ჩავდე და ჩემი ოთახისკენ გავემართე.
პირველივე რაც მომხვდა ხელში ის ჩავიცვი, შავი ჯინსის შარვალი და ასევე შავი ჰუდი, რომელზეც MANDO DIAO[2] -ს ლოგო ეხატა.
ამ ჰუდის ისტორია უნდა მოგიყვეთ, რამდენიმე თვის წინ, მგონი მარტი იყო, ან შეიძლება თებერვალიც, გადამოწმება მეზარება, ადვილი დასადგენია, რადგან ნაკრების თამაშზე მივდიდოი და მოკლე გზით, ბაზრით გავლა გადავწყვიტე. ჯერ კიდევ ციოდა, მახსოვს საკმაოდ ჩაფუთული მივდიოდი და იქაური ხმაურისგან თავის დასაღწევად მუსიკას ვუსმენდი. არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ გვერდით არც კი ვიხედებოდი, ჯიუტად წინ მივდიოდი ხალხმრავლობისგან რაც შეიძლება მალე რომ დამეღწია თავი და ყურსასმენებში შემდეგი სიმღერა, რომ ჩაირთო და პირველი სიტყვები - Last time down the crooked road In the city where we were born – გავიგე, უცებ გვერდით მივიხედე და თვალი სწორედ Mando diao -ს ჰუდზე გამიშეშდა და თუ გავითვალისწინებთ ჩემს მიდრეკილებას სპონტანურად და უაზროდ ფულის ხარჯვისკენ არ იქნება გასაკვირი, რომ გითხრათ, პირველივე წამიდან გადაწყვეტილი მქონდა მისი ყიდვა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ფასს დამისახელებდა გამყიდველი. მდიდარი ნამვდილად არ ვარ, თუმცა იმ დროს რამდენიმე მოთხრობა მივყიდე გზაეთს და საფულეში საკმარისად მედო ქაღალდის ფული. არც ის გაგიკვირდებათ, ალბათ, თუ გეტყვით, რომ მხოლოდ 30 ლარი გადავიხადე ამ შესანიშნავ ზედატანში.
ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ჩავიცვი ჩემი ჰუდი და გასასვლელისკენ გავემართე, სადაც ქურთუკს დავავლე ხელი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი მჭირდებოდა ის თუ არა, ამიტომ აივანზე გავედი და რამდენიმე წამით დგომის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ Mando diao -ს ამარა გავსულიყავი. თან იქვე მაგიდაზე მიგდებული სამაჯური შევამჩნიე, გამიხარდა რომ არ დამრჩა.
პირველ გასაღებს არ შევხებივარ, რადგან თუ სხვების გაღვიძებამდე არ დავბრუნდებოდი მეორის ძებნაში უაზროდ არ დაეხარჯათ დრო. მე მალევე ვიპოვე სათადარიგო და შეძლებისდაგვარად ჩუმად დავტოვე სახლი. გასაღები ოთხჯერ უნდა გადამებრუნებინა, ამიტომ ეს ყველაფერი ისეთი ადვილი ნამდვილად არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რამდენად წყნარად და ფაქიზად დავკეტე კარი იმდენადვე ხმაურიანად ჩავირბინე კიბეებზე რამდენიმეს გამოტოვებით, თუმცა ეზოში გასვლამდე მივხვდი, რომ წვერის გაპარსვა მინდოდა. ავბრუნდი სახლში, ნელა გადავატრიალე გასაღები ოთხჯერ, ამჯერად საპირისპირო მიმართულებით, შემოსასვლელშივე გავიხადე ზედა, რომ არ დასვრილიყო და სააბაზანოს მივაშურე. წვერის გაპარსვის პროცესი იმ მცირე სევდიანად ლამაზ ქმედებათა ნუსხას განეკუთვნება ჩემთვის, რომელიც თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს. მიყვარს წვერი, ჩემი განსაკუთრებით, თუმცა ხანდახან სარკის წინ დგომა, გაქაფული სახითა და ხელში საპარსით, ზედმეტად სასიამოვნო გრძნობაა უარის სათქმელად. გამოგიტყდებით, პროცესში ჩემს თავსაც ვესაუბრები ხოლმე. პრე და პოსტ წვერის გაპარსკვის ყველა ეტაპის გავლის შემდეგ გამოვედი სააბაზანოდან, მოვირგე ჰუდი და კვლავ ნელა გადავკეტე კარი, ამჯერადაც ოთხჯერ. ეზოში გავედი, სადაც ზემოთ ნახსენები ახალი და ცივი ჰაერი შემეგება, სასიამოვნო გრძნობა იყო, თითქოს რაღაც კარგით ავივსე. ირგვლივ მიმოვიხედე, ვესტერნულ ფილმებში მიტოვებული ქალაქის მსგავსი გრძნობა დამეუფლა, ამოვიღე ჯიბიდან სიგარეტი და მომაკვდავი სანთებელით პირველივე ცდაზე გავუკიდე. სადარბაზოს კარების გვერდით უკანა ფეხებზე მჯდარ კნუტს მივესალმე,კვლავ შევათვალიერე ეზო და გადავწყვიტე მარჯვნივ ამეღო გეზი, რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ იმ დღეს ამ მხარს ნაკლები ძაღლი იქნებოდა.
ვერასდროს ვისწავლი ჭკუას, სულ არასწორად მიგრძნობს გული, მაგრამ მაინც სულ იმ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომელსაც ეს წყეული გული მიგრძნობს. ალბათ, იფიქრებთ, ადვილია, თუ ერთს გიგრძნობს და იცი რომ ცდება მეორე გადაწყვიტეო, მაგრამ მაგის გაფიქრებით, გამოვა რომ გულმა სწორედ ეგ მიგრძნო. ძალიან ჩახლართულია ყველაფერი, სწორედ ამიტომ ვანიჭებ მონეტას უპირატესობას. საკმაოდ ხშირად იღებს მონეტა ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას, თან საკმაოდ სერიოზულს. ვერც ამ შემთხვევაში ვსწავლობ ხოლმე ჭკუას, რადგან ასეთი სულელური წესი მაქვს, ხანდახან, როცა არ ვიცი გულით რა მინდა, მონეტას ვაგდებ და სანამ ჰაერშია, რომელზე ვიფიქრებ, ნეტა ამ მხარეს დავარდეს-მეთქი, იმისკენ ვიხრები, ისე, რომ არც კი ვუყურებ საბოლოოდ ავერსი დავარდა თუ რევერსი[3].
რაღაც გვატემალური მონეტა მაქვს, მეგობრის საფულეში ვნახე და ხუმრობით ვუთხარი ეს ჩემია, უნდა გავმდიდრდე-მეთქი. რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ ის მეგობარიც კი აღარ მყავს, მაგრამ მონეტა ისევ ჩემთანაა. ერთ მხარეს სვეტზე შემოსკუპებული გრძელკუდიანი ფრინველი ახატია, ძალიან უშნო ფრინველია, რაც მართალია მართალია, მის ქვეშ აწერია 1 QUETZAL - ეს ალბათ ამ ფულის ერთეულის სახელია, ზემოთ რკალისებურად თარიღი აწერია, ახლა მეზარება საფულესთან მისვლა და ნახვა, თუ ზუსტად მახსოვს სვეტზეც წერია რაღაც თარიღი, რა მნიშვნელობა აქვს. მეორე მხარეს კი გრაგნილივით ფურცელზეა ეს ჩვენი უშნო ფრინველი შემოსკუპებული და ფონად მცენარეების შარავანდედი და ხმლები აქვს შემორტყმული, ზემოთ კი რკალისებურად დიდი სიამაყით აწერია - REPUBLICA DE GUATEMALA.
დავდივარ ჩემთვის, აქაიქ თუ შემხვებიან ულამაზეს სტაფილოსფერ ფორმაში გამოწყობილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. ყოველთვის მიკვირდა ძირითითადად ხანში შესული ხალხი რატომ ალაგებს დილაუთენია ქალაქს, ან იქნებ ჩემს სახლთან ხდება მხოლოდ ასე, მაგრამ მაინც უცნაურია. ფორმაზე კი რა შეიძლება ითქვას, მართლა ძალიან ლამაზია. სტაფილოსფერი ჩემი საყვარელი ფერია, თან ზუსტად ისეთი კაშკაშა ორასი მეტრიდანაც რომ მოგჭრის თვალს. ბევრი სტაფილოსფერი ნივთი მაქვს სახლში, თუ რამეს ვნახავ საფილოსფერს აუცილებლად ვყიდულობ, მაგრამ რატომღაც სტაფილსფერი ტანსაცმელი არასდროს მქონია, იშვიათად მაცვია ფერადი, თუ საფეხბურთო ფორმებს არ ჩავთვლით. ჰოლანდიის ნაკრების მაისურია სტაფილოსფერი, ბოდიში ნიდერლანდების მაისური, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უფრო რთულია მსგავს ცვლილებებთან შეგუება. მთელი ცხოვრებაა გესმის ჰოლანდიის ნაკრები, ჰოლანდიელი ტალანტი, მფრინავი ჰოლანდიელი და ერთ დღესაც ეს შენი ჰოლანდია ქრება და ჩნდება ნ ი დ ე რ ლ ა ნ დ ე ბ ი. მსგავს ცვლილებებს სკეპტიკურად ნამდვილად არ ვუყურებ, თუ სახელწოდება შეიცვალეს, ალბათ, ასეც იყო საჭირო. მიზეზი ზუსტად არ ვიცი, მგონი ქვეყნის რაღაც კონკრეტულ ნაწილს ჰქვია ასევე ჰოლანდია და მაგიტომაც ეძახდნენ ამდენიხანი მთელ ქვეყანას ამ სახელს, რა მნიშვნელობა აქვს. ახლა ნიდერლანდები არიან და პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, წარმოიდგინეთ გიორგი რომ მერქვას, სახელი შევიცვალო(გიორგი რომ მერქვვას, პირველი შესაძლებლობისთანავე შევიცვლიდი სახელს) და ვიღაც უცნობი მოვიდეს, ისევ გიორგი დამიძახოს, არ მაინტერესებს მე ასე ვარ მიჩვეულიო. გიორგებთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ რაღაცნაირ ადამიანებთან ასოცირდება ჩემთვის ეს სახელი. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წარმოიდგინეთ მივდივარ ქუჩაში და ყველა მხრიდან გიორგი გესმის, შეც ყოველ ჯერზე იხედები იმის მოლოდინში, რომ გეძახიან. მხოლოდ ამის შემდეგაც გავაცნობიერებდი, რომ ნახევარ ქვეყანას გიორგი ჰქვია, საშინელი უხერხულობაა მე კი ვერ ვიტან უხერხულობებს. დავაკონკრეტებ: მაშინ ვერ ვიტან უხერხულობას, როცა მე ვარ ასეთ მდგომარეობაში, თორემ თუ სხვაა უხერხულ სიტუაციაში, იცოცხლე, მთელი დღე შემიძლია ვუყურო უხერხულ სიტუაციაში მყოფ ადამიანს.
რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგღა მივხვდი, რომ ყურსასმენები თან არ მქონდა. ზემოთ მოყოლილიდან, ალბათ, დაასკვენით, რომ მუსიკას ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი უჭირავს, თუმცა ეს ასე არ არის. ისე ხშირად არ ვუსმენ მუსიკას, როგორც ამას ჩემს გარშემომყოფი ადამიანები აკეთებენ. უბრალოდ უნდა მომინდეს მოსმენა, დილით ყურსასმენების გაკეთება ცხოვრების თანმდევი რიტუალი ნამვილად არ გახლავთ ჩემთვის. ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვუსმენ, ადრე შეიძლება სამი-ოთხი დღე ისე გასულიყო, რომ მუსიკისთვის არ მომესმინა, ახლა კი თითქმის ყოველ დღე მინდება. იმ დღესაც ძალიან მომინდა, მაგრამ სახლიდან უკვე საკმაოდ შორს ვიყავი და თუ მივბრუნდებოდი არსებობდა იმის სერიოზული საფრთხე, რომ ხელახლა გამოსვლა დამზარებოდა და საწოლზე წამოგორებულს ჭერისთვის მეყურებინა და ისე გამეყვანა მუსიკის მოსმენით უახლოესი საათები. ეს იდეა დიდად არ მხიბლავდა, ამიტომ გზა გავაგრძელე.
დილის გასეირნებების წყალობით ქუჩებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. ადგილების დამახსოვრების პრობლემა ისედაც არ მაქვს, მეტიც, თუ სადმე ერთხელ მაინც მივედი მეორეჯერაც უპრობლემოდ მივაგნებ. ძველებური სასადილო დაწესებულებები ქალაქის ამ ნაწილში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო. სწორედ ერთ-ერთ ასეთს მივუახლოვდი, როცა იქაურობის ბატონ-პატრონი, ვიღაც საკმაოდ ჩასუქებული ულვაშებიანი კაცი გარეთ გამოტანილ მაგიდებს სკამებს ულაგებდა ირგვლივ. შიგნით არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ისედაც ნათელი იყო, რომ მსგავს დაწესებულებაში ერთი კაცი იქნებოდა ობიექტის უფროსიც, შეფ-მზარეულიც და დამლაგებელიც. ამ უკანასკნელში დიდად დარწმუნებული არ ვარ, რადგან ხშირად ქალი დამხმარეებიც ჰყავთ, ალბათ, მეუღლეები. საოჯახო ბიზნესს რა შეედრება, არანაირი უხერხულობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, სრული თავისუფლება და ნდობა. რა თქმა უნდა, სანამ ეს ყველაფერი უპასუხისმგებლობაში გადაიზრდება. მოკლედ, ჩავუარე ამ სასადილოს და იქვე ქვეითთა გადასასვლელზე მოციმციცმე მწვანე შუქნიშანი ვნახე, ნაბიჯს ავუჩქარე გადასარბენად. არასდროს გადავდივარ წითელზე, დიდად კანონმორჩილი არ გახლავართ, მაგრამ მირჩევნია საგზაო მოძრაობა მოწესრიგებული იყოს. უკვე ნახევრად მქონდა გზა გავლილი, როცა ძალიან მომინდა უკან მობრუნება და იმ სასადილოში შესვლა. ქუჩაში მიმართულების ასეთი რადიკალური შეცვლა ყოველთვის დისკომფორტს იწვევს, გგონია რომ ირგვლივ ყველამ ფიქრობს გზა შეეშალა და უკან ბრუნდებაო, თუმცა იმ დროს იქაურობა ხალხის ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ ბევრი არც მიყოყმანია და მოვბრუნდი. როცა სასადილოსთან მივედი იქაურობის მეფე უკვე შიგნით შესულიყო, თუმცა კარებიდანვე ჩანდა როგორ დაიფერთხა წინსაფარზე თეთრი პირსახოცი და მხარზე გადაიკიდა. როცა შიგნით შევედი უკვე სამზარეულოს შესასვლელთან იდგა, ჩავახველე ყურადღების მისაქცევად, ამან შედეგი გამოიღო, ფართოდ გაშლილი თვალებითა და შუბლზე გაკრული წარბებით მკვეთრად მოტრიალდა და მომესალმა. აშკარად არ ელოდა ასეთ დროს კლიენტებს, ალბათ, საჭმლის მოსამზადებლად მოვიდა, რამდენიმე საათში დილით მოსული ხალხის გამოსაკვებად. მიყვარს თადარიგიანი ხალხი, მასზე კარგად ვის ეცოდინებოდა იმ დღეს რომელ საათზე ვინ შეამოაბიჯებდა და რას შეუკვეთავდა, ალბათ, ულუფებიც მზად ჰქონდა წინასწარ. მსგავს სასადილოებში ძირითადად კაცები მოდიან და წვნიან-ხორციან საჭმელს ეახლებიან.
-ჯერ საჭმელი არ გვაქვს მზად, გუშინდელი რაღაცები კი დახლზეა.
კითხვის დასმაც არ მაცადა, ვგიჯდები ხალხზე, ვინც თავიდან მარიდებს ზედმეტ სიტყვებს. ამიტომ დიდი ენთუზიაზმით გადავხედე დახლს, მაგრამ მალევე ჩამიკვდა ჭამის სურვილი. რამდენიმე ნაწილად დაჭრილი თევზის თავი არც ისე ბედნიერი ჩანდა, თევზი მიყვარს, გემრიელია, მაგრამ იმას გემრიელის არაფერი ეტყობოდა. სამზარეულოს ზღრუბლზე ჩამომდგარი ჩემს პასუხს ელოდა. უკვე გითხარით, რომ ვერ ვიტან ლოდინს, მაგრამ არანაკლებად მეზიზრება ის შეგრძნება როცა ვიღაც მელოდება, მით უმეტეს, იქვე ჩემს წინ დგას და ჩემს გადაწყვეტილებას ელოდება, საშინელი ზეწოლაა, ამიტომ ვუთხარი პირველივე სიტყვები, რომელიც ყელზე მომადგა.
-ერთ კათხა ლუდი, თუ შეიძლება.
ღმერთმანი, ვერ ვიტან ლუდს. საერთოდ არ მესმის სასიამოვნო სახით როგორ სვამენ ამ საშინელებას. ალკოჰოლისგან არც ისე შორს ვარ, სხვა ნებისმიერს დიდი სიამოვნებით გეახლებით, მაგრამ ლუდი... ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ბევრჯერ მიცდია ლუდით და ჩიფსებით „ჩაჯდომა“, როგორც იტყვიან ხოლმე. თვითონ ლუდით ფეხბურთის ან რამის ყურების იდეა მხიბლავს, მაგრამ პირველი მოსმისას კათხის ცხვირთან მიტანაც საკმარისია წვეულების ჩასაშლელად. ბევრი ლუდი უნდა სვა რომ დათვრე, თორემ მალე რომ ათრობდეს ამდენს არ ვიწუწუნებდი, თავიდან არყის რამდენიმე ჭიქაც არასასიამოვნოა, მაგრამ მალევე გათრობს და ყოველი შემდეგი უფრო და უფრო ემსგავსება წყალს. ლუდი კი უნდა სვა მთელი დღე ცოტა მაინც რომ წაიბარბაცო. იქვე ოთახის კუთხეში მაგიდაზე ჩამოვჯექი და ჩემს ლუდს დაველოდე. რამდენიმე წამში კუთვნილი პრიზიც მივიღე, სასხვათაშორისოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად მომართვა ლუდი იქაურობის ბატონ-პატრონმა, სასიამოვნო სახე მიიღო და გემრიელი საუზმობა მისურვა. ალბათ, იმედი ჰქონდა რომ საჭმელსაც შევუკვეთავდი. შიგნით მხოლოდ ოთხი პატარა მაგიდის ადგილი იყო, თითოზე ოთხი კაცი თუ დაეტეოდა, ჯამში 16. ხშირად ვითვლი ასეთ უინტერესო და უმნიშვნელო რაღაცებს, მაგალითად იმ დღეს ყველაფერს ვაკეთებდი ლუდის დალევა რომ გადამევადებინა, არადა უთუოდ უნდა დამელია, უპატივცემულობა იქნებოდა, სამზარეულოდან გამოსულს სავსე კათხა რომ დახვედროდა. მოკლედ გარეთ განლაგებული მაგიდების გამოკლებით დავთვალე პოტენციურად რა თანხას გამოიმუშავებდა აქაურობა, თუ დღეში სამჯერ კლიენტების სრული წყება ესტმრებოდა აქაურობას და ლუდსა და ცხარე წვნიანს მიირთმევდა. ერთი კათხა ლუდი სამლარნახევარი ღირდა ცხარე წვნიანი კი ექვსი ლარი, ამას დაემატება პურის ლარი და კაცზე გამოდის 11.5, ეს გადავამრავლე ჯერ 16-ზე, მიღებული 184 გავამრავლე სამზე და დღეში მივიღე 552 ლარი. კვირაში ერთი დღე დავასვენოთ ჩვენი კეთილი მზარეული და 552 გავამრავლოთ 27-ზე თვიური შემოსავლის გასაგებად. მივიღე 14 904. არ გეგონოთ, რომ ამას ან მაშინ ვაკეთებდი ზეპირად, ან ახლა. ხანდახან ასეც ვიქცევი, მაგრამ აქ სერიოზულ თანხაზეა საუბარი და კალკულატორს მივმართე. ხარჯებიც უნდა გავითვალისწინოთ, რაც ჩემი გათვლებით თვიურად 8 ათასი იქნებოდა, ვფიცავ, აზრზე არ ვარ საიდან დავასკვენი ეს, მაგრამ სრულებით დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში. თვეში 6 904 საკმაოდ კარგი თანხაა. წელიწადში ხომ საერთოდ, 82 848 გამოდის, თან ხელფასის გადახდა არავისთვის უწევს, ღრმად მწამს, რომ ის ქალი, რომელიც ერთი საათის შემდეგ მოვიდა მისი ოჯახის წევრია. 81 ათას რაღაც ხალხი ეტევა სანტიაგო ბერნაბეუსა და სტად დე ფრანცზე, სამწუხაროდ, 82 000-იანი სტადიონი ვერ გავიხსენე, არადა სასიამოვნო დამთხვევა იქნებოდა. მგონი ძალიან გავერთე ციფრებში, ეჭვი მაქვს თქვენ ამ ყველაფრით სიამოვნებას ნაკლებად იღებთ, ამიტომ ისევ სასადილოს დავუბრუნდები.
დახლის ზემოთ გამოკრულ დიდ ბანერზე უხარისხო ფერებზე მკაფიოდ და დიდი ასოებით ეწერა მთელი მენიუ. საკმაოდ იაფი იყო, თუ ულუფების ზომებს გავითვალისწინებთ. მენიუს თვალიერებაში სამზარეულოდან უკვე გამოვარდნილიყო წვნიანის სასიამოვნო სუნი, სავარაუდოდ გუშინდელ წვიანს აცხელებდა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე მენიუს ზემოთ დიდი ასოებით ბრჭყალებში ჩასმული წარწერა - „ოლიმპო“. ეს ალბათ ამ სასადილოს სახელი იყო, უცნაურია, სახელი, როგორც წესი, გარეთვე აწერია ხოლმე საკვებ დაწესებულებას.
გენიალური იდეა მომაფიქრდა! ჩვენი მზარეული, რომელსაც აქამდე ბატონ-პატრონად მოვიხსენიებდი ღმერთი უნდა იყოს, აქაურობის ღმერთი. წარმოიდგინეთ, ლუდი ოლიმპოს ღმერთმა მომიტანა! გენიალურია! სხვადასხვა ხუმრობებს ვიფიქრებდი და ჩემთვის ვხალისობდი, თანდათან კათხის ნახევარი უკვე ჩაცლილი მქონდა. შემეზარა ფიქრი იმაზე კათხა ნახევრად ცარიელი იყო, თუ ნახევრად სავსე, ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და მთელი ძალისხმევით შევეჭიდე მეორე ნახევარს. ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა ბოლომდე ჩავცალე და ზედა ტუჩზე შერჩენილი ქაფი ცერა თითით მოვიწმინდა. ამაყი ვიჯექი, მე ხომ ოლიმპოს ღმერთი დავამარცხე. საკუთარ თავთან ღლიცინში უეცრად ბევრად გიჟურმა იდეამ გამიელვა. გამახსენდა, რომ ოლიმპოზე თორმეტი ღმერთი იყო: ჰერა, ზევსი, არესი, პოსეიდონი, ჰერმესი, აპოლონი. ჯანდაბა, დანარჩენებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნამდვილად თორმეტნი არიან. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ... აფროდიტე, კიდევ ერთი გამახსენდა. წყეული აფროდიტე, ლამაზ ქალებს აფროდიტეს ვეძახი ხოლმე ნახევრად ხუმრობით. მოკლედ, ნელა დავიწყე დიდ ბანერზე გაკრული მენიუს კითხვა და ზევსის ელვას ვფიცავ თორმეტი კერძი იყო, თორმეტი! ეს კაცი ნამდვილი გენიოსია და თავის გენიალურ გონებას იმ ადამიანებს ახარჯავს, ვინც აქ ყოველდღე შემოდის და დარწმუნებული ვარ ამ ჩანაფიქრის შესახებ არც კი იციან, შეიძლება ოლიმპოზეც არაფერი სმენიათ. ამან ჩემს თვალში აამაღლა ოლიმპოს ღმერთად წოდებული მზარეული, ის ამ ყველაფერს თავისთვის აკეთებდა და არა საყოველთაო აღიარებისთვის, ეს ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრს.
აღფრთოვანებულმა გავაგრძელე ოთახის თვალიერება ახალი გენიალური აღმოჩენების მოლოდინში. საკმაოდ სისუფთავე და კარგი ინტერიერი შევნიშნე, მაგრამ ეს შეიძლება შემჩნეულის აღფრთოვანების თანმდევი სუბიექტური შეფასება იყო, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. დიდი არაფერი აღწერა იქაურობას არ სჭირდება, დარტსის სამიზნე ეკიდა კედელზე, თუმცა ისრები არსად ჩანდა. რომ დამენახა ავდგებოდი და მიზანს შევამოწმებდი. არტემიდა, ესეც მერვე. როგორ დამავიწყდა, არტემიდას ტაძარი მაინც უნდა გამხსენებოდა. ახლა ასე გამალებით იმიტომ ვცდილობ ყველას ჩამოთვლას, რომ ზუსტად მახსოვს, მაშინ იმ სასადილოში ყველა გავიხსენე, თან დიდი ყოყმანისა და ფიქრის გარეშე. სასხვათაშორისოდ უნდა ითქვას, რომ არტემიდას ტაძარი დიდი ვერაფერია. ფოტოების მიხედვით ვამბობ, რა თქმა უნდა, და ასევე შიგნით არ ვიცი რა ხდება, თუმცა როცა ქალღმერთს უძღვნი ტაძარს, ცოტა განსხვავებული და არაორდინალური უნდა იყოს, ჩემი აზრით. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწვა ის ჰეროსტატემ და მერე მოუგონეს ზღაპრები, თითქოს ამ ტაძრის დაწვით საკუთარი სახელის უკვდავყოფა სურდა, ვერ მოგვატყუებთ! ვხუმრობ, რასაკვირველია. რაღაცით ჩვენი ქვეყნის პარლამენტის შენობას წააგავს, არ ვხუმრობ, მართლა. მომწონს ჩვენი პარლამენტის შენობა, ლამაზია თავისი დანიშნულებისთვის, ის ხომ არცერთი ქალღმერთისთვის არ მიუძღვნიათ, ვიღაც-ვიღაცებისგან განსვავებით.
ამასობაში მთავარი რაღაცს თქმა დამავიწყდა, როცა ამას ვწერ ცოტა შეზარხოშებული გახლავართ, სხვანაირად წარმოუდგენელიც კია ფხიზელზე ამის წერა გადამეწყვიტა. ცოცა სასაცილოც კი იქნებოდა. ამიტომ მინდა მცირედ არაადეკვატურობას თუ შეამჩნევთ, მომიტევოთ.
სანამ დარტსის ისრების ძებნაში არემარეს ვათვალიერებდი სამზარეულოდან გამოყო თავი ოლიმპოს ღმერთმა და ჩემს კათხას დახედა, გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი - ღმერთმანი, ოღონდ კიდევ ერთი არ შემომთავაზოსთქო - რომ პირდაპირ მომახალა.
-ახლავე გამოვალ და შეგივსებ, ორი წუთი მადროვე.
რას ვიზამთ, ღმერთია... მე ღმერთკაციც კი არ ვარ შეწინააღმდეგება რომ გავუბედო, ველოდი ჩემს მეორე კათხას იმის იმედად, რომ ამჯერადაც ისე მძაფრად ვეღარ ვიგრძნობდი ლუდის გემოს ან სუნს. მოლოდინმა გამიმართლა, მეორე უფრო თავისუფლად დავლიე, თუმცა ჩემივე შეცდომაზე ვისწავლე და გავიფიქრე კათხაში ცოტა ლუდს ჩავტოვებ თორემ ისევ გამოვა წვნიანუსი და შემივსებს. ამ სახელზე მაშინ კარგად ვიხალისე, მაგრამ, ღმერთმანი, როგორ ვერ შევამჩნიე. ვფიცავ, ახლაღა შევამჩნიე, რომ ცოტა უხერხულად გამომივიდა. კარგია, რომ არ დავთვერი და პირში არ ვუთხარი, ყველაფერი გემრიელი იყო ბატონო წვნიანუს. ხშირად გამომდის ცუდად რაღაცები, არადა მე მხოლოდ ოლიმპოს მცხოვრებისთვის შესაფერისი სახელის მოფიქრება მინდოდა მისი პროფესიიდან გამომდინარე.
-წვნიანებიც მზადაა უკვე.
სამზარეულოდანვე გამომძახა ოლიმპოს ღმერთმა(ისევ სახელით მივმართე, წავშალე და თავიდან დავწერე) ,მომწონს მსგავსი გაშინაურება უცხო ადამიანებისგან, თუ, რა თქმა უნდა, თავის მობეზრებაში არ გადადის. ბევრი ვიფიქრე გამერისკა და შემეკვეთა მენიუდან რამე, თუ არა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ღმერთებთან მესაუზმა და ცხარე წვნიანი შევუკვეთე საქონლის ხორცით. სწორედ იმ დროს მოვიდა ის ქალიც, თავს რომ ვდებდი ოჯახის წევრია-მეთქი და სწორედ მან მომართვა შეკვეთა. თან საპურე გამოაყოლა, ბლომად პურით. ლუდის დამატებაც შემომთავაზა, თუმცა კათხაზე ხელის გულის დადებით ვანიშნე, რომ არ მინდოდა და თვითონაც სამზარეულოში გავიდა აუჩქარებლად. ძალიან დიდი ულუფა იყო, ჭამა მიყვარს, მაგრამ დილით ბევრს ვერ ვჭამ და ეჭვი მაქვს ამ ულუფას ვერც საღამოს მოვერეოდი, ხორცი ცალკე თეფშზე გადოვდე და მარილთან ერთად გემრიელად ვჭამე, კერძის წვნიანი ნაწილიც ბლომად მივირთვი, მაგრამ რაც უფრო ცივდებოდა, მით უფრო უგემური ხდებოდა და თან ქონის ნაწილები დატივტივებდა თავზე, მოკლედ ბოლომდე აღარ მიჭამია. ადგომის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და უკან სკამს მივუბრუნდი, მართლა ძალიან დიდი ულუფა იყო...
წარმატებული მეორე მცდელობის შემდეგ დახლთან მივედი და დავახველე სამზარეულოში მყოფებს ყურადღება რომ მოექციათ. ის ქალი გამოვიდა, დაბალი იყო, მოკლედ შეჭრილი თმებით. ისტორიის მასწავლებელს ჰგავდა, ჩემსას არა, ასე ზოგადად ისტორიის მასწავლებელს. თან ეს ყველაფერი ახსნიდა ოლიმპოსა და მითოლოგიის ამბებს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარალელურად ეს ქალბატონი ისტორიის მასწავლებელი იყო. საფულეში ეულად მყოფი ოცლარიანი კუპირა გავუწოდე და ხურდას დაველოდე, რომელიც გაღიმებული სახით დამიბრუნა. კარებიდან გასვლისას ხმამაღლა გავძახე, წვნიანი უგემრიელესი იყო-მეთქი, ისე რომ ოლიმპოს ღმერთს გაეგო და თვითონაც რაღაც მომაძახა, ვერ გავიგე, მაგრამ მადლობა იქნებოდა. მოვატყუე, უგემრიელესი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იქ შემსვლელთაგან ეჭვი მეპარება ვინმე კომპლიმენტს ეუბნებოდეს მზარეულს, მე კი მიყვარს მსგავსი ტყუილების თქმა, რატომაც არა. არაფრისგან უბრალოდ აბედნიერებ ხალხს, რა შეიძლება ამაზე კარგი გააკეთო. ერთხელ ვიღაც გოგოს ლექსი მოვუწონე, არც კი ელოდა ჩემგან შეფასებას, არც კი მიცნობდა. უბრალოდ მივედი და ვუთხარი, რომ მისი ლექსი არაამქვეყნიურად კარგია. ხანდახან სიკეთე თავხედობაშიც კი შეიძლება გადაიზარდოს, ვგიჟდები პოეზიაზე და იმ ლექსზე ჩემი შეფასება არცერთი ახსნა-განმარტებით არ ჯდება არანაირ საღ ლოგიკაში. თუმცა მეორე მხრივ როგორ შეიძლება პოეზია კარგი ან ცუდი იყოს, პოეზია პოეზიაა და მაშასადამე ნებისმიერი ლექსი პოეზიაა, თუ მას ერთი ადამაინი მაინც გრძნობს.
დაახლოებით რვა საათი იქნებოდა, როცა სასადილო დავტოვე და იმ მიმართულებით წავედი, საითაც უკან მობრუნებამდე მივდიოდი, გზაზე გადავირბინე და შემდეგ ნელა ავუყევი ქუჩას. ქარიანი ამინდი იყო, თუმცა საკმარისი რაოდენობის ღრუბლები არ იყო ცაზე წვიმა რომ მევარაუდა. დიდხანს ვიარე და საბოლოოდ მივედი ქალაქის ბოლომდე. არ გეგონოთ, რომ მთელი დღე მოვანდომე, უბრალოდ ქალაქის ბოლოში ვცხოვრობ. ყოველ წელს უფრო და უფრო შორდება ქალაქის ბოლო ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა იქ ვიდექი ვხედავდი ახალაშენებულ კორპუსებს და იქვე ახლოს რამდენიმე მშენებარეც ჩანდა, მის იქით კი ტრიალი მინდორი იყო. შემოდგომაზე, რასაკვირველია, მწვანედ არ ბიბინებდა, უფრო გახუნებული მწვანე იერი დაჰკრავდა, დიდი ვერაფერი სანახაობა იყო. კონტრასტი უფრო მიყვარდა, თითქოს ცივილიზაციასა და ბუნებას შორის მიჯნაზე ვიდექი და ასეთი სისულელეები. ამ გზაგასაყარზე ხშირად მიფიქრია, რომელის ნაწილად ვთვლიდი თავს, განვითარებული საზოგადოების, რომელიც განვითარების პირდაპირპროპორციულად მიექანება უფსკრულისკენ, თუ მშვიდი ბუნების, რომელიც ზემოთხსენებულ განვითარებას ეწირება. ხშირად ვაქცევ მსგავს რაღაცებს ყურადღებას და იმ მომენტში მართლა ვიღებ სიამოვნებას, მაგრამ რამდენიმე დღის მერე რომ დავფიქრდები, ღმერთმანი, ვწითლდები იმდენად სისულელედ მეჩვენება ჩემი ქმედებები და ფიქრები. იქაურობის აღწერით თავს არ მოგაბეზრებთ, მერწმუნეთ ბევრს ნამდვილად არ დაკარგავთ და თუ მაინც ვერ იოკებთ ცნობისმოყვარეობას დამიკავშირდით და გეტყვით მისამართს, თუმცა იმ დროისთვის, სავარაუდოდ, შენობების ახალი ორი-სამი წყების ავლაც მოგიწევთ დანიშნულეის ადგილადე მისასვლელად.
იქვე პარკში ჩამოვჯექი და საკმაო დროც გავიყვანე სასეირნოდ გამოყვანილი ძაღლებისა და მათი პატრონების თვალიერებაში. ძაღლების დანახვაზე გავიფიქრე, რომ სახლიდან გამოსვლისას სწორი გადაწყვეტილება მივიღე ამ მხარეს წამოსვლით, საკუთარი თავით კმაყოფილი კიდევ უფრო დიდი მონდომებით ავაყოლ-ჩავაყოლებდი გამვლელებს თვალს. რომელიღაც ფილმიდან მახსოვდა, რომ ადამიანების ფეხსაცმლებით შეფასებაა შესაძლებელი და საკმარისია ნახო რა აცვია, მიხვდები როგორი ადამიანია. სრული სიცრუეა, იმ დღეს ჯერ ფეხსაცმელს ვაკვირდებოდი შემდეგ ადამიანს და ურთულესია, მეტიც წმინდა წყლის გამართლებაზეა. ფეხსაცმლების თვალიერება რომ მომბეზრდა ჩემს მოპირდაპირე სკამზე რვეული შევნიშნე, შავი ყდა ჰქონდა, კიდეებზე კი ოქროსფერი მეტალი დაუყვებოდა. დღიურს უფრო ჰგავდა. ბევრი ვიყოყმანე, დაახლოებით ათი წამი(სწორედ ეს დრო დამჭირდა „სხვიდი დღიურების კითხვა არ შეიძლება“-ს მსგავსი ფიქრების თავიდან მოსაცილებლად) და დღიურიან სკამზე გადავჯექი. თავის დაზღვევის მიზნით ერთხელაც მიმოვიხედე და ისე დავიწყე დღიურს ფურცვლა თითქოს ჩემი ყოფილიყოს. ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ სამიოდე გვერდი იყო დაკავებული, ისიც შუაში. მაგრამ გასაკვირი ის არის რაც შიგ ეწერა. რა თქმა უნდა, ის სამი გვერდი ამოვხიე და ჯიბეში მიდევს და ასევე, რა თქმა უნდა, თქვენ გაგიზიარებთ. იშვიათად თუ ვყოფილვარ ნაწერით ასეთი აღფრთოვანებული, ეს ალბათ მცირე მოლოდინების ბრალია, მაგრამ დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია.
„ნახევრად ჩამწვარი სანთლის შუქის სიბნელესთან ჭიდილის ფონზე ვზივარ მოუხერხებელ ხის სკამზე, ჩემს საყვარელ მაგიდასთან და ვწერ. ყოველი წინადადების შემდეგ კალმისთავს უფლებას ვაძლევ მელანს აკოცოს, შემდეგი წინადადების დაუსრულებლობის შიში მაქვს. ფანჯარაზე ჩამოფარებულ მძიმე შავ ფარდებს უნდა ვუმადლოდე მზის სხივები რომ აღარ მაწუხებენ, დღისითაც კი შემიძლია სანთლისთვის წაკიდება. ასანთით ვუკიდებ ხოლმე, შემდეგ თავად ასანთს ვუკიდებ სანთლით და იქვე ვაგდებ სასანთლეში, ლამაზად იწვება მანამ სანამ საერთოდ არ გაქრება. მაგიდის უდიდესი ნაწილი მოუწესრიგებლად დაყრილ ფურცლებს მიაქვთ, მხოლოდ სანთელი, საწერი ფურცლები, კალამი და მელანია ლამაზად დაწყობილი. იატაკზეც აქაიქ მოყრილია დაკუჭული ან ჯერ კიდევ მთელი ფურცლები. სკამის ფეხქვეშაც ღაფავს სულს თითო-ოროლა ლექსი შენზე. ზუსტად არ მახსოვს იქნებ ზედ სკამზეც ეყარა რამდენიმე. კუთხეში წიგნების გორებზეა შემოდებული შენი ნაჩუქარი გაფუჭებული საბეჭდი მანქანა. ორჯერ გავაკეთე, სამჯერ გაფუჭდა. კედლები ცარიელია, მხოლოდ ერთი ფოტოა, ისიც შენი. რამდენჯერაც შევხედავ იმდენჯერ შემიყვარდები ხოლმე. კარებზე გაკრული დიდი პოსტერი ზედ დარტსის ისრებით უკვე მომბეზრდა. სამწუხაროდ,კარგი მიზანი მაქვს.
შევიცვალე, არყის ჭიქაზე აღარ ჩამომეძინება ხოლმე, მაგრამ მელანმა გამიწია ბალიშის მაგივრობა რამდენჯერმე. გაუმშრალ ფურცელზე გამთენიისას, ან იქნებ შუადღესაც, არ ვიცი ამ წყეული ფარდების გადამკიდე, ჩამომიდია დაღლილი თავი დილით კი ზედ სახეზე მყავდი. შენზე დაწერილი ყველა ასო ხომ თავად შენ ხარ. მაგიდის ქვეშაც წიგნების გორაა ფეხის დასადებად, ცუდი წიგნების. ჩემთან ერთი ბიბლიოთეკა დაიკეტა და წიგნები უფასოდ ჩამოარიგეს, უარს ვერ ვიტყოდი იმის გამო, რომ კვანტური ფიზიკა ან ბიოინჟინერია არ მაინტერესებს.
სიგარეტზე სანთელმა მომიკიდა, გადავიხარე და შენზე დაწერილი ერთ-ერთი ცუდი, დაკუჭული ლექსი გავშალე. საფერფლედ მაინც გამოვიყენებ, ჩემი სადღაც ფურცლებშია ჩაკარგული.
კედლიდან ჩამოვარდნილი სარკე იქვე გაუნძრევლად დევს კედელთან, არ გამტყდარა. აღარც მახსოვს ბოლოს როდის ჩავიხედე შიგ, ალბათ, ჩავიხედეთ.
საწოლში კარგახანია არ მძინებია, ამიტომ ზედ მიდევს ფირსაკრავი. შენი ნაჩუქარი ფირები გავტეხე. შემთხვევით ვესროლე კარზე გაკრულ პოსტერს, ისრების გამოსაძრომად ადგიმა დამეზარა,ხომ ხვდები.
გაგიკვირდება და საწოლი დალაგებულია, ზედ დაყრილ მაკულატურას თუ არ ჩავთვლით, შენს მერე იმას ეძინა, მხოლოდ მეგობარია ნუ ღელავ-მეთქი რომ გითხარი. შენ უკვე აღარ იყავი, ამიტომ მაინც არ უნდა იღელვო და არც ღელავ,ალბათ. ის ფურცლები ისევ ისე ყრია, შენი ტუჩსაცხი რომ ეტყობა. თვალში მომხდება ხოლმე, მაგრამ ვერ მივდივარ ახლოს. ხანდახან წამომივლის გამბედაობა ავდგე და გადავყარო, მაგრამ ვეღარ ვპოულობ. შენც არ იყავი მაინცდამაინც კარგად, თორემ ჩემი ნაწერები რა საკოცნელია.
შენი სანთებელა ისევ კარადის თავზე დევს, ფურცლებს ვწვავ ხოლმე, ფურცლებს რა, მოგინებებს რომლებიც ფურცელზე გადამაქვს. აღარ აქვს ძველებური ალი, ჩვენსავით. დიდი ხანია ცისარტყელა არ მინახავს, ან როგორ ვნახავდი ამ ფარდების გადამკიდე. რომ გაგაცინე, სიგარეტი გაგივარდა ხელიდან და ფარდას მოხვდა აი ის ერთადერთი ნახვრეტია ჩემი კავშირი სამყაროსთან. დილით ჩემს ბალიშთან მოჰყავს ხოლმე მზის სხივი, ახლა ხომ გესმის რატომ მძინავს ამ ხის სკამზე.“
მომხდარის უკომენტაროდ დატოვების შემდეგ, დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა წასვლა გადავწყვიტე. ამჯერად დანამდვილებით ვიცოდი სად მივდიოდი. რატომღაც ინტერნეტ-კაფეში მომინდა წასვლა. დიახ არ მოგესმათ, ნამდვილად ვიცი ერთი ადგილი სადაც ჯერ კიდევ არის ინტერნეტ-კაფე. კომპიუტერი სახლშიც მაქვს, თუმცა იქაურობა ნოსტალგიურ განწყობას მიღვივებს და იქ ბევრად ცუდი თამაშების არაკომფორტულად თამაში უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ვიდრე სახლში კომპიუტერთან ჯდომა. იქ მისასვლელად სამარშუტო ტაქსს უნდა დავლოდებოდი, ადრე 31 ნომერი მიდიოდა ხოლმე, თუმცა რაც ნომრები შეცვალეს ვეღარ გამიგია რა სად დადის. გაჩერებაზე ჩამოვჯექი და ორი ნომერი გავჩერე, მძღოლს ვკითხე თუ გაივლიდა ჩემთვის ხელსაყრელ ადგილს, თუმცა ორივეჯერე უარი მივიღე. მესამის ლოდინში იმდენი დრო გავიდა, რომ ფეხით წამოსვლა გადავწყვიტე. მე ხომ ვერ ვიტან ლოდინს. მხოლოდ ასიოდე მეტრი მქონდა გავლილი, როცა 157 ნომერი დავინახე, ხელი დავუქნია, თუმა თავიდანვე ვიცოდი, რომ განწირული ვიყავი, ეს ძღოლები მხოლოდ გაჩერებებზე თუ შეიწუხებენ თავს მგზავრების აყვანით. ბევრჯერ გაჩერებაზეც ვმდგარვარ და ნახევრად სავსე სამარშუტო ტაქსის მძღოლს არც კი შემოუხედავს ისე ჩაუვლია თავაბზეკილს. მესმის მათი, რთულია მთელი დღე წრეზე სიარული, მაგრამ ზოგიერთი მთელი ცხოვრებაა ამას ვაკეთებთ.
უკვე ჩემს სახლს ვუახლოვდებოდი, როცა წინიდან ყეფა გავიგე. ერთს რამდენიმე აჰყვა, როგორც იციან ხოლმე და შორი გზიდან მოვლა მომიწია შინ მშვიდობით მისასვლელად. ჩემდა საბედნიეროდ, სახლში არც ვაპირებდი შევლას, კარგად ვიყავი დანაყრებული ოლიმპოში. მიზნად დავისახე, ვინმესთვის აუცილებლად უნდა მეთქვა იმ დღეს ოლიმპოში ვისაუზმე-მეთქი. ოლიმპოზე უფრო სწორი იქნებოდა თუ ადამიანის გაოცება მინდოდა, მაგრამ ეს არასწორი იქნებოდა. ამაზე ფიქრში სულ გადამავიწყდა, რომ იმ დღესაც არასწორად მიგრძნო გულმა და მაინც დამიგრძელეს გზა ძაღლებმა. ძალიან დავიღალე, მაგრამ ჯერ მხოლოდ გზის ნახევარი მქონდა გავლილი, იქვე ახლოს პარკი მეგულებოდა და იქითკენ გადავუხვიე. ვინმეს დილით მაღლა პარკში რომ დავენახე, მერე ჩამოსულიყო ქვემოთ და იქაც დავენახე უთუოდ იფიქრებდა, მანიაკიაო. ვინ დადის დილიდან პარკებში და ზის ასე უაზროდ, გამვლელებს ათვალეიერბს და თავისთვის იღიმის თავისივე გაფიქრებულ ხუმრობაზე? დიახ, მანიაკი.
უკვე მოშუადღევებულიყო, ამიტომ პარკი სავსე იყო ბავშვებით. ზოგი კარგად იყო შეფუთული, ზოგსაც შედარებით თხლად ეცვა. ისეთი ამინდი იყო, ვერ გაიგებდი მზე გამოვიდოდა თუ თოვლი მოვიდოდა. ერთი პატარა ბიჭი მომიჯდა გვერდით თასმების შესაკრავად. ბავშვებთან საუბარი ყველაზე კარგი რამაა დედამიწის ზურგზე. არ ვიცი რატომ, ალბათ, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ, ან შეიძლება სულაც იმიტომ, რომ იცი მათზე მეტი იცი და ეს უპირატესობის შეგრძნება გსიამოვნებს(ყველაზე ამას ვერ ვიტყვი). მიზეზების ძებნას ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს, მეც აუცილებლად მეყოლება ორი ან სულაც სამი, თუმცა ამ წიგნის ბოლომდე არამგონია მოვასწრო. გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა ამ ბიჭს, დაახლოებით 7-8 წლის იქნებოდა. იჯდა და ერთი ფეხი სკამზე შემოედო, ქვემოთ იხედებოდა და თასმებს იკრავდა, თმა ჩამოუვარდებოდა და თვალებზე ეფარებოდა, წამოწევდა თავს, ხელით გადაიწევდა თმებს უკან და ისევ შეუდგებოდა საქმეს. საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა თასმების შეკვრას, თუმცა მიზანს მაინც მიაღწია. იქვე ახლოს სხვა ბავშვები ელოდებოდნენ, მის გარეშე არ აგრძელებდნენ სირბილს. ამ პატარა ყმაწვილმა კი, არც მეტი არც ნაკლები მეორე ფეხზეც შეიხსნა თასმა, იქით ძალიან მოვიჭირე და აქეთ მოშვებულიაო გასძახა მეგობრებს და ისევ ზემოთნახსენებ რიტუალს შეუდგა. ამჯერად ბევრად დიდი ხანი დასჭირდა, ბავშვებსაც მობეზრდათ ლოდინი და სირბილი გააგრძელეს წრეებზე, ხან მაღლა ავიდოდნენ, ხან ჩამოსრიალდებოდნენ, სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რას თამაშობდნენ, ალბათ, ერთმანეთი უნდა დაეჭირათ. რამდენიმეჯერ უკმაყოფილებით ამოიხვნეშა თმების ჩამოფარებისას ბიჭმა, მეც დახმარება შევთავაზე და მალევე დამთანხმდა, ეტყობა აქამდეც ელოდა ჩემს შეთავაზებას. სახელებიც გავცვალეთ, გიგი ერქვა და ისიც ვკითხე რას თამაშობდნენ. ღმერთმანი, არ ვაჭარბებ ხუთ წუთზე მეტი გაუჩერებლად ლაპარაკობდა და მიხსნიდა თამაშის წესებს. რა თქმა უნდა, კითხვა არ მინანია, ბავშვები რთულად თუ მომაბეზრებენ თავს. წესების ახსნა რომ დაასრულა თავი დავუქნია და ისიც გაიქცა მეგობრებთან. რამდენიმე წუთში ისევ მოირბინა და მკითხა, შეიძლება ქუდი აქ დავდო ხელს მიშლისო, ბოდიშისმოხდით ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი და ყურადღებას ვერ მივაქცევდი. გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას და დამემშვიდობა. მეც მალევე წამოვდექი და გზა გავაგრძელე.
ექვსი ლარიღა მედო ჯიბეში, თუმცა ეს პრობლემა არ იყო ლარიანს მივცემდი ინტერნეტ-კაფეში იმ მარად დაღლილ კაცს და იმდენი ხანი ვიჯდებოდი სანამ არ მომბეზრებოდა. ათიოდე კომპიუტერი აქვთ და თუ ყველა შეივსო და ახალი კლიენტი მოვიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგთხოვს შენთვის განკუთვნილი 1 საათის შემდეგ ადგომას, მაგრამ იმ დღეს რა ღმერთი გაუწყრებოდა მთელ ქალაქს. აქამდე ყველაზე მეტი სამი კაცი თუ მინახავს იმ კაფეში. ფიქრში მალევე გავიარე დარჩენილი გზა და მივადექი დანიშნულების წერტილს. შენობის კუთხეში ჩასასვლელი კიბეებია, საკმაოდ ვიწრო, სარდაფი იყო სავარაუდოდ ეს ადგილი აქამდე. შესვლისთანავე სავარძელზე წამოგორებული იქაურობის პატრონისკენ გავემართე, მივესალმე და ლარიანი გავუწოდე. ტრადიციულად დაღლილი სახით შემომხედა, თავის დაკვრით მომესალმა და მანიშნა, რომ ფული მაგიდაზე დამედო. მის გარდა იქ მარტო ერთი ტიპი იყო, კეინი. შეუძლებელია აქ მოვიდე და კეინი თავის კომპიუტერთან არ იჯდეს. შეიძლება მუშაობს აქ და ამიტომაცაა სულ აქ, არ ვიცი სხვაირად რთულია ამის ახსნა, ან იქნებ სულაც ნათესავია ამ დაღლილი კაცის, რა მნიშვნელობა აქვს. სასხვათაშორისოდ, უნდა ითქვას, რომ კეინს ძალიან კარგად თამაშობს. ხო მართლა, მისი ნამდვილი სახელი არ ვიცი, კეინს ლეგენდების ლიგის[4] ერთი პერსონაჟის გამო ეძახიან, სულ იმ წყეულ ჩემპიონს თამაშობს. გარეგნულად ისეთია, როგორიც მთელი დღე კომპიუტერთან მჯდომი ადამიანი წარმოგიდგენიათ, გამხდარი, მაღალი და გრძელი უკან შეკრული თმით. ჩემი კომპიუტერისკენ გავემართე, სულ იქ ვჯდები ხოლმე და გზად კეინს შევთავაზე ცოტა ხომ არ წაგვეთამაშა ერთად თუ დაკავებული არ ხარ მეთქი, რით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ეჭვი მეპარება ოფშორებიდან ფულის გადმოსარიცხად უხდიდეს ყოველდღე იმ დაღლილ კაცს ლარიანს. მალევე დამთანხმდა და დღეს რა ჩემპიონს ითამაშებო მკითხა, უფრო საუბრის სხვანაირად გაგრძელება ვერ მოახერხა, თორემ რაში აინტერესებდა, ან თუ აინტერესებდა რამდენიმე წუთში თავისი თვალით ნახავდა.
-არ ვიცი, ალბათ, გალიოს ავირჩევ, შენ?
ჩემი ეს ხუმრობა არ ესიამოვნა და კითხვაზე არ მიპასუხა. ღმერთმანი, შეიძლება შოთას მიერ თამარის გადაყვარება და სხვისი შეყვარება დამეჯერებინა, მაგრამ იმას ვერ დავიჯერებდი, რომ კეინი რომელიმე სხვა ჩემპიონს აირჩევდა. თავიდან ინსტიქტურად ვკითხე, გვიანღა მივხვდი, რომ ხუმრობა გამომივიდა. მართლა გალიოს თამაშის ხასიათზე ვიყავი, მინდოდა სხვებს დავხმარებოდი და მარტო ბრძოლაშიც არ შემერცხვინა თავი. ოთხი თამაში ვითამაშეთ და ყველა მოვიგეთ, მეხუთეც ვითამაშოთო და არ ვაწყენინე, მაგრამ ვუთხარი, რომ ამის მერე უნდა წავსულიყავი. ბოლო თამაში წავაგეთ, მოწინააღმდეგეს იონე ჰყავდა და თქვენ უნდა გენახათ ეს წყნარი ბიჭი, რა ხმაზე ყვიროდა ყოველი სიკვდილის შემდეგ, დამერწმუნეთ იმ თამაშში ბევჯერ მოუწია ყვირილი. მე შევთავაზე ოთხი თამაშის მერე ბედნიერად დაშლა, თუმცა არ ისურვა. არც კი ვიცი ასე დეტალურად რატომ მოგიყევით იმ თამაშის დეტალები, რომელიც არასდროს გითამაშიათ და, ალბათ, არც ითამაშებთ.
იქიდან გამოსულს სახლში დაბრუნება საშინლად მეზარებოდა, თან უკვე სამი საათი იყო და თუ სახლში ავიდოდი მერე საღამოს ჩემი გამოსვლა ეჭვქვშ დადგებოდა. ოლიმპოს ღმერთის დამსახურებით ჯერ არ მშიოდა, ამიტომ გადავწყვიტე მეგობრისთვის დამერეკა და მასთან გავსულიყავი. საბედნიეროდ, ისიც უსაქმურად ატარებდა დღეს და სიხარულით შეეგება ჩემს წინადადებას. მეც გავუდექი გზას უახლოესი მეტროსადგურისკენ, ქალაქის ბოლოში სხვანაირად მოხვედრა ძალიან გამიჭირდებოდა.
ვზივარ ჩემთვის მეტროში, პირველი რამდენიმე გაჩერება ბევრი ხალხი არ არის და ჩემთვის ადგილის გამონახვაც ხერხდება. ამჯერად სერიოზულად ვინანე ყურსასენების გარეშე გამოსვლა, თუმცა შეგუების გარდა რაღა დამრჩენოდა. დაჩიმდე ჯერ ექვსი გაჩერება უნდა გამევლო, მეორე ხაზზე გადავმჯდარიყავი და კიდევ ხუთი გაჩერება გამევლო. დრო საშინლად ნელა გადიოდა მუსიკის გარეშე, ჩემი აზრით, მეტროს შესასვლელში ყველას უნდა ურიგებდნენ ყურსასმენს, რომელსაც მგზავრები გამოიყენებენ და ამოსვლისას უკან დააბრუნებენ, მაგრამ ვგონებ საზოგადოება ჯერ არ არის მზად ამ ყველაფრისთვის. უკვე წარმოვიდგინე კიდეც როგორ ყიდიან მეტროდან გამოტანილ ყურსასმენებს იქვე გამოსასვლელში.
მეტროთი მგზავრობა წელიწადის ნებისმიერ დროს საკმაოდ კომფორტულია, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა, რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი. არ მოგატყუებთ, რამდენჯერად უბრალოდ მეტროთი სასეირნოდაც გავსულვარ და საათებიც კი გამიტარებია ხალხის დაკვირვებასა და კატაობაში. გითხარით, რომ ხალხმრავლობა დიდად არ მიყვარს, მაგრამ სულ ასე არ არის. მეტროში თითქოს ყველაფერი განსხვავებულადაა, მართალია ბევრი ხალხია, მაგრამ უმრავლესობამ იცის თავისი ადგილი, ამოდიან, ელოდებიან, ჩადიან. რაღაც პატარა ციკლივითაა, რომლის ცქერაც ხანდახან სასიამოვნოა. თვითონ ეს ციკლიც რომ არ იყოს, თუ ადამიანებზე დაკვირვების სურვილი მოგეძალება, სად ნახავ მეტროზე კარგ ადგილს. რანაირი ადამიანის ნახვა უნდა ინატრო და მეტროში ვერ ნახო, ყველანაირი ხალხია დაბლა, ყველა თავისი წარსულით, მომავლით, ისტორიით შენ მათთვის უბრალო წერტილი ხარ, რომელსაც რამდენიმე წუთით შეხვდნენ და მალევე გაქრება მათი მეხსიერებიდან. ძალიან იშვიათად მეტროში ნანახი ადამიანი დიდი ხნით დაგამახსოვრდეს, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც იყო, მაგრამ ვიმეორებ - ძალიან იშვითად!
ერთხელ, მახსოვს უნივერსიტეტიდან დაღლილი ვბრუნდებოდი, არ გეგონოთ რომ სწავლისათვის გაწეულმა შრომამ დამღალა, უბრალოდ დილით გამოცდა მქონდა შუადღეს კი ლექცია და მთელი ეს დრო უნივერსიტეტის დერეფნებში გავატარა. უნამუსობაში არ ჩამომართვათ უნივერსიტეტში ჯდომით დაღლა და მეტროში ჯდომით სიამოვნების მიღება რომ შემიძლია, მაგრამ აქ მთავარი განსხვავება ვალდებულებაა. ძნელად თუ მივიღებ ისეთი ქმედებისგან სიამოვნებას, რომლის გაკეთებასაც ვინმე მავალდებულებს. კვირაში სამჯერ აუცილებლად ერთ საათი რომ მქონდეს მეტროს ვაგონებში გასატარებელი ეს ადგილი ალბათ ჯოჯოხეთად მომეჩვენებოდა, ახლა კი შემიძლია ერთ დღის ოთხი, ან სულაც ხუთი საათი დავუთმო მიწისქვეშეთში უაზრო ბოდიალს.
მოკლედ, იმ დღეს ჩემთვისაც მოიძებნა ადგილი მეტროში. ძილი მერეოდა, თუმცა იქ ჩაძინებას ნამვდილად არ ვაპირებდი, ამიტომ ჩემს გვერდით მჯდომი გოგოს წიგნის კითხვას შევუდექი. ნამდვილად არ იყო კარგი გადაწყვეტილება, ორიოდე წინადადების წაკითხვაღა მოვასწარი ჩაძინებამდე. როგორც აღმოჩნდა სამი გაჩერება მეძინა, ბოლოს კი იმ გოგომ გამაღვიძა, უკაცრავად რკინაზე გიდევთ თავი უკვე სამი გაჩერებაა და რამე არ იტკნოთო, თან იცინოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ დამცინოდა. შინაურული იერი ჰქონდა, არ ვიცი სხვა სიტყვებით როგორ გითხრათ, ეს შეფასება, რასაკვივრელია, სუბიექტურია და ჩემთვის შინაური შეიძლება თქვენთვის გარეული იყოს, მაგრამ მოდით აღვწერ და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია. შუბლზე სწორად ჰქონდა შეჭრილი თმა, ჩვენთან იმათგან დამკვიდრებულ ბარბარიზმს ეძახიან გოგოების თმის წინა ნაწილის მსგავს მდგომარეობას, თუმცა ახლა ნამდვილად არ ვაპირებ იმ სიტყვის გამოყენებას, გვერდებზე და მაღლა კი ტალღისებურად ჰქონდა ჩამოკლანკილი მხრებამდე ნახშირზე უფრო შავი თმები. მარჯვენა მხარეს ერთი პატარა ნაწნავი ჰქონდა რამდენიმე ფერადი რეზინით დამაგრებული, მხოლოდ თმის ის ნაწილი ჰქონდა შეღებილი ჩემი კარამელიანი ყავის ფრად. ისედაც გამორჩეული ვარცხნილობა ჰქონდა, მაგრამ ეს პატარა დეტალი აგვირგვინებდა ამ მშვენებას. სახის დეტალურ აღწერას არ დავიწყებ ამაოა. საშუალო ზომის ტუჩები და ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, რომელსაც ოდნავ სქელი წარბები ამშვენებდა, თავად წარბს კი პატარა პირსინგი ახლდა თან. ცხვირი პატარა და კოპწია ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა არც იმდენად დიდი იყო, რომ ეს იდილია დაერღვია(დიდ ცხვირებს არაფერს ვერჩი, კაცია და გემოვნება). საშუალო ზომის ცხვირი ჰქონდა ასეთივე ზომის კეხით, ვფიქრობ ასე უფრო უხდებოდა. რთულად წარმოსადგენი იყო მასზე პატარა, აპრეხილი ცხვირი. როგორ გავბედე და დამავიწყდა, ლამაზად წასმული შავი ლაინერი, რომელიც მისი თვალების ყურებით მობეზრების შანსს მინიმუმამდე ამცირებდა. ღმერთმანი, ახლა მშვენივრად გამოვიყენე ამათგან დამკვიდრებული ბარბარიზმი, თუმცა იყოს, წყეული ორმაგი სტანდარტები. ზემოთ კანისფერი კორსეტისმაგვარი ეცვა, მუცელს მხოლოდ ნახევრად უფარავდა, თუმცა იმდენი თასმით იყო მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სურვილის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელი იქნებოდა მთელი შიშველი სხეულის მუმიფიცირება ნაჭრის ნაცვლად თასმებით. ვერაფერს ვიტყვი ფრიად ლამაზი ზედატანი შეეძინა და რაც უფრო მთავარია, უხდებოდა. არ მინდა პროპორციებისა და ზომების მონა გეგონოთ, თუმცა ცხვირისგან განსხვავებით მკერდი ნამდვილად კოპწია ჰქონდა. ამ სიტყვის არა მომცროს , არამედ კოხტას გაგებით. ჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუში იყო, ცოტა მანიაკურად ჟღერს ჩემი სიტყვები, ნამდვილად არ მივშტერებივარ, უბრალოდ ლამაზი იყო. ქვემოთ უბრალო აქაიქ გაცრეცილი ცისფერი ჯინსები ეცვა, რომლის ქვეშაც ფეხმაჯური მოუჩანდა. ერთი პერიოდი მოდაში იყო ფეხმაჯურები და მაშინ დიდ სიმპატიას ვერ იწვევდა ჩემში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოდიდან გადავიდა და იშვიათად თუ მომხვდება თვალში, საკმაოდ მომწონს.
სანამ ისტორიის მოყოლას გავაგრძელებ რაღაცაში უნდა გამოგტყდეთ, ბევრჯერ შემიმჩნევია მსგავს სიმდაბლეში ჩემი თავი, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ. საკმაოდ ხშირად მიფიქრია სხვა ადამიანების კონკრეტულ ქმედებებზე, რომ არასწორად იქცევიან და წამიერად ზიზღიც გაუღვიძებიათ ჩემში მსგავსი ქმედებით, შემდეგ კი ჩემი თავი „დამიჭერია“ ანალოგიური რაღაცის გაკეთებისას. ისეც ხდება, რომ ჯერ მე ვაკეთებ რაღაცას, სრულიად ნორმალურად მეჩვენება, ყურადღებასაც კი არ ვაქცევ, მაგრამ სხვამ რომ ზუსტად იგივე შესცოდოს მისი მოკვეთა მინდება საზოგადოებიდან და სრული სიმკაცრით დასჯა. ეს ზიზღი რამდენიმე წამში გადამდის, რადგან მახსენდება, რომ მეც მოვქცეულვარ ასე, მაგრამ სწორედ ეს რამდენიმე წამია ძალიან მძიმე. წარმოიდგინეთ გძულდეთ ადამიანი იმის გამო, რასაც თავადაც აკეთებთ. ეს იგივეა თქვენი თავი შეიძულოთ, რა უნდა გააკეთო ადამიანმა ამაზე ცუდი. ალბათ, ნაგვის ქუჩაში დაყრა, სხვა სიბოროტეებს რთულად თუ გავუტოლებ ჩემს სიმდაბლეს. ასევე წამიერად მეზიზღება ხალხი, რომელიც ქუჩაში ყრის ნაგავს, მაგრამ მერე მახსენდება, რომ მეც მყავს ნაცნობები და ახლობლები, რომლებიც ასეთივე „ცოდვის“ ჩადენისას გამომიჭერია. თუ იფიქრეთ, რომ წინა წინადადება ჩემს მიერ ქუჩაში დაყრილ ნაგვამდე მიგიყვანდათ ძალიან შემცდარხართ. ვერც კი წარმოვიდგენ რა უნდა დამემართოს ასე რომ მოვიქცე, დღესაც კი შეგიძლიათ კარადიდად გამოიღოთ თბილი ქურთუკი, რომელიც ბოლოს წინა ზამთარს მეცვა. მის პატარა ჯიბეებში ბლომად ნახავთ ხელსახოცებს, კევის შეფუთვებს, კინოს ბილეთებს და ა.შ. თუ ახლოს ვერ ვხედავ სანაგვეს ხელში ჩაკუჭული ქაღალდი ჩემს ქურთუკში იდებს ბინას რამდენმე თვით. წელიწადის სხვა დროებში ყველაფერი შედარებით მარტივადაა, ქურთუკის როლს პირნათლად ასრულებს შარვლის უკანა ჯიბე, რომელიც სახლში მოსვლისას მთელი დღის მონაგარს სანაგვე ურნაში გადაამისამართებს.
ახლა კი მივუბრუნდეთ ჩვენს გოგოს. პრინციპში, ჩემი ნამდვილად არასდროს ყოფილა და თქვენი მით უმეტეს. ძველ წიგნს კითხულობდა, მკაფიოდ ყვითელი ფურცლებითა და ძველებური ბუსუსებიანი ყდით. ლურჯი წიგნი იყო, სახელი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შემიძლია იმ ორი გვერდის შესახებ გიამბოთ მოკლედ. ერთ გოგოზე იყო ვიღაცას ეძებდა, პარკში და მაღაზიაში შეირბინა ... ხომ არ გინახავთო, ძებნილის სახელი ნამდვილად არ მახსოვს. იმ ორ გვერდში ის გოგო ირგვლივ მყოფ ადამიანებს, პარკში მოსეირნე ბებიასა და მაღაზიის ახალგაზრდა გამყიდველს, ისე აღწერდა, მეგონა სელინჯერის ჰოლდენის მდედრობით ვერსიაზე ვკითხულობდი წიგნს. მაღაზიაში მომუშავე ახალგაზრდა ბიჭზე ისიც კი თქვა, ისეთი თვალებით შემომხედა უმალ შევატყვე თავში ჰქონდა ავარდნილი და ...-ზე კითხვას დიდი აზრი არც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი უნდა მეცადაო. ბოლოს ისიც კი დააყოლა დარწმუნებული ვარ თავი ისე გამიქნია ვერც კი გაიგო რას ვეკითხებოდიო. ფრიად საინტერესო წიგნი იყო, თუმცა იმ მომენტში თვალების დახუჭვით გამოწვეულ ნეტარებაზე საინტერესო არაფერი მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ნაჭრის ხელჩანთა ჰქონდა ზედ გადაკიდებული ყურსასმენებით, რომლიდანაც მუსიკის ხმა ისმოდა. ყოველთვის მშურდა ასეთი უბრალო და პრაქტიკული ხალხის, მუსიკა სულ ჩართულია და როცა მოგეპრიანება გაიკეთებ ყურსასმენს, მე კი ყოველი მოხსნისას არა თუ მუსიკას ვთიშავ ტელეფონიდან, არამედ ყურსასმენთანაც კი არ ვტოვებ დაკავშირებულს და როცა მოსმენა მინდება ხელახლა ვაკავშირებ. არ ვიცი ტელეფონის ელემენტს ვუფრთხილდები თუ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემს გარეშე გაივლის რამდენიმე მუსიკა ჩემს სათაყვანებელ ჩამონათვალში. სულ ოცდაოთხამდე მუსიკისგან შედგება ეს სია, ხომ გითხარით დიდი მელომანი არ ვარ მეთქი. ჟანრს რაც შეეხება, არც კი ვიცი ჩემი საყვარელი მუსიკა რომელ ჟანს მიეკუთვნება, თითქმის ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, მთავარია რამე მნიშვნელოვანთან ასოცირდებოდეს ან უბრალოდ პირველივე მოსმენისას მომეწონოს. საკმაოდ რთულია ამ სიაში მოხვედრა, ბევრს უცდია, თუმცა ამაოდ. მსგავს რაღაცებს სერიოზულად ვეკიდები და შეიძლება რამდენიმე საათიც კი ვიფიქრო ჩამონათვალში მუსიკების განლაგებაზე ან ახალი მუსიკის დამატებაზე. თითქმის არასდროს ვშლი მუსიკას, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის მასთან დაკავშირებულ ადამიანთან როგორ წამივა საქმეები. როგორც არ უნდა მომექცეს ის მუსიკა მაინც ყოველთვის მას გამახსენებს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ოცდაოთხიდან, ალბათ, ოცი კონკრეტულ ადამიანთან ან მოვლენასთანაა დაკავშირებული. მიყვარს სიმბოლიზმი, ზედმეტადაც კი.
ბოლო გაჩერებამდე ვისაუბრეთ მე და იმ გოგომ, მეტროს კიბეებიდან ამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ერთი მიმართულებით უნდა ავსულიყავით, ფეხით გასეირნება შევთავაზე და უყოყმანოდ დამთანხმდა. გზად ჩემს საყვარელ საცხობში ორცხობილებიც შევიძინეთ, იმათგან დამკვიდრებული სახელის გამოყენებას არც ახლა ვაპირებ, ჩვენებურ შესატვისს კი ვერ ვუძებნი, ამიტომ შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი საჭმელი წარმოიდგინოთ. გზაში წიგნზე ვკითხე და მითხრა, რომ ის გოგო კატას ეძებდა. მარტოსული იყო და მხოლოდ კატა ჰყავდა, მისი დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იყო თუ რაღაც მსგავსი წესიერად ვერც ვუსმენდი იმდენად ლამაზი ხმა ჰქონდა. უფრო სწორად, ვუსმენდი, ვერ ვიაზრებდი. ნაკრების თამაშის მეორე დილას მაქვს ხოლმე ყვრილით ჩახლეჩილი ხმა, რაღაც მაგდაგვარს წააგავდა, დინჯად და გაბზარული ხმით საუბრობდა, თან ისეთ სიტყვებს აცოცხლებდა ჩემს გონებაში, რომელიც ბოლოს ათი ან უფრო მეტი წლის წინ გამეგო. ღმერთმანი, გოგო მიყვებოდა როგორ გააოცა სიუჟეტის მოულოდნელმა განვითარებამ და მეუბნება, ასეთ ანაზდეულ ცვლილებას არ ველოდიო. შეძლება ყბადავარდნილიც კი ვუსმენდი, ნამდვილად ვერ გეტყვით, რთულია თავის კონტროლი, როცა ლამაზი გოგო ვიღაცას პირფერობის ნაცვლად ლიქნას უწუნებს. ყოველი ასეთი სიტყვა უფრო და უფრო ღვთაებრივს ხდიდა ჩემს თვალში. ჯერ შარავანდედი გამოესახა თავზე, შემდეგ ფრთები, ბოლოს გასხივოსნდა კიდეც. ძლივს გამოვედი მოჯადოებიდან და ნელ-ნელა აზროვნება დავიწყე. როგორც გავიგე ჩემს საყვარელ წიგნებზე მეკითხებოდა რაღაცას, მაგრამ უპასუხოდ დავტოვე და იქვე პარკში შევთავაზე დროის მოკვლა. არც ამჯერად უყოყმანია, გადავუხვიეთ პარკისკენ და გზაში კითხვა ისევ გამიმეორა. ცვაიგის რამდენიმე ნოველა და ორუელის შედევრები დავუსახელე, არც ბერჯინსი დამვიწყებია, პოეზიის სიყვარულზეც გავაჟღერე ერთ-ორი სიტყვა. გალაკტიონის ხსენება საჭიროდ არ ჩავთვალე, პოეზიის სიყვარულიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ჩემთვის იყვნენ სხვა კარგი პოეტები და მათ ზემოთ გალაკტიონი. ყველაფერი წაკითხულ ჰქონდა, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ ამას სასიამოვნო დამთხვევბის ნუსხაში ნამდვილად ვერ გავატარებდი, რადგან ეჭვი მქონდა ძალიან ბევრს კითხულობდა და უცნაურიც კი იქნებოდა რამე ისეთი დამესახელებინა, რაც არ ეცოდინებოდა. სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მისი მონდომება და ლაპარაკი, მე მთელი გზა მხოლოდ ვუსმენდი, თითო-ოროლა სტყვას თუ ჩავაგდებდი, ძირითადად მისივე კითხვების საპასუხოდ. ეს მოცემულობა სავსებით მაკმაყოფილებდა, მოსმენა მირჩევნია. საუბარი ბოლოსკენ მიდიოდა, უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო, როცა ჩანთიდან ყურსასმენი ამოიღო და რატომღაც დიდი მოწიწებით მკითხა, შეიძლება რაღაც მოგასმენინოო, მეც, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ დავთანხმდი და ყურსასმენები მოვირგე. რამდენიმე წამში სიმღერაც ჩართო, მელოდია არ მეცნო, გამიხარდა, რომ თავის მოკატუნება არ მომიწევდა, თითქოს პირველად ვუსმენდი. შიგადაშიგ მიყურებდა ხოლმე, ჩემი რეაქცია აინტერესებდა,თუმცა დაჟინებით ცქერისგან თავს იკავებდა, იცოდა, რომ დისკომფორტი შემექმნებოდა. ქართული ჯგუფის სიმღერა იყო, ჟანრს ვერ დავასახელებ აწ უკვე ნახსენები მიზეზის გამო, მაგრამ ძალიან მომეწონა. ეტყობოდა, რომ მხოლოდ რამდებიმე ასეულმა, ან მაქსიმუმ ორიოდე ათასეულმა ადამიანმა თუ იცოდა ამ სიმღერის არსებობის შესახე. მიყვარს მცირე მასებში გავრცელებული ჯგუფები,ხშირად ვეძებ კიდეც ასეთებს. რაღაცნაირად განსაკუთრებულად გაგრძნობინებენ თავს, სად ათას ორასი კაციდა ერთ-ერთი მსმენელი რომ ხარ და სად ას ორმოცდაჩვიდმეტი მილიონიდან. იმდენად მომეწონა, რომ სიმღერის ან ჯგუფის სახელის კითხვაც კი დამავიწყდა, ეჭვი მაქვს ვერც ვერასდროს ვიპოვი, ტექსტი ისეთი ჰქონდა, მაგით ძებნა ვშიშობ, უშედეგო იქნება. გაუხარდა ჩემი გულწრფელი შეფასება, ნაქწარევად წამოდგა, ყურსასმენები გამომართვა, ჩანთის სახელოზე გადაკიდა და დადგა ჩემ წინ უხმოდ. სიმართლე გითხრათ უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ერთხანს გაუგებრობაშემოსუილი მზერით ვუყურებდი, ბოლოს როგორც იქნა მიხსნა განსაცდელისგან და თავადვე დაარღვია სიჩუმე.
-მე უნდა წავიდე.
-გაგაცილებ.
-არ არის საჭირო, ჩემით წავალ.
-კი მაგრ…
-მადლობა,კარგი საღამო გამოვიდა,- გამაწყვეტინა საუბარი და უკანმოუხედავად აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა.
არც მისი სახელი ვიცი,არც მისამართი, მაგრამ როდესმე თუ სადმე ვნახავ აუცილებლად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ისევ გავისეირნებთ. სახელის კითხვა ან რაიმე საკონტაქტო ინფორმაციის გამორთმევა ვიფიქრე, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი თავადვე არ სურდა ამ ყველაფრის ასე გაგრძელება. იმ ბედისწერის იმედადღა დავრით,რომლისაც არ მჯერა, თუმცა იმედი მაქვს იმას სჯერა და ესეც საკმარისი იქნება სამომავლოდ კიდევ ერთხელ შესახვედრად.
ჩავედი მეტროში, დიდი მოლოდინი არ მქონდა ამ დღისგან, ამიტომ დიდად არც ვათვალიერებდი ადამიანებს. იმედი მქონდა ჩემი ადგილიც გამოინახებოდა ვაგონში და კომფორტულად ვიმგზავრებდი. იმედი ბოლოს კვდებაო, უთქვამთ ადრე და მე როგორ გავბედავდი მათთან შეწინააღმდეგებას. ბოლოს ამოსულმა ჭაღარაშეპარულმა ქალმა მომიკლა ჯდომის იმედი. კარს ნუ მიეურდნობით,ალბათ, ყველაზე მეტჯერ დაწერილი გაფრთხილებაა ჩვენს ქალაქში, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყველაზე დარღვევადიც, პარადოქსია. მეც იმ ადამიანთა რიცხვის განვეკუთვნები, რომლებიც შინაგან პროტესტს ვერ იმორჩილებენ და დაუმორჩილებლობის ამ ზღვა სურვილს იმ კარის მიყრდნობით გამოხატავენ, რომელსაც დიდი წითელი ასოებით აწერია “ნუ მიეყრდნობით”. მივეყრდენი და ვფიქრობ ჩემს ყურსასმენებზე, მათთან ერთად ეს გზა ბევრად მოკლე იქნებოდა. სადგურიდან სადგურამდე საუკუნე მივდიოდი, მაშინ როცა ყურსასმენებთან ერთად ნახევარი სიმღერაც საკმარისია.
უაზრო ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მეტროს გამომცხადებლის მობეზრებულმა, წრიპინა ხმამ ჩემს უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე სადგურის სახელი გამოაცხადა. უცებ დავხედე საათს, ოთხის ნახევარი იყო, სამიოდე წამი ვიყოყმანე და ბოლოს უკან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმით დავტოვე ვაგონი. იმის მიუხედავად, რომ თითქმის არასდროს დავდივარ ლექციებზე, მაინც ზეპირად მახსოვს დღეები და საათები. ოთხზე ლექცია მქონდა, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე რომელ საგანში, თუმცა ეს პრობელმას არ წარმოადგენდა, რადგან ორ მიჯრით მდებარე აუდიტორიაში გვიტარდება ლექციები და რომელშიც ხალხი იქნებოდა იქ შევიდოდი. მეტროდან ამოსასვლელ მოძრავ კიბეს წლების განმავლობაში არასწორად ვეძახდი სახელს, არ ვიცი ასო „ქ“ როგორ აღმოჩნდა ჩემებებურ ინტერპრეტაციაში, თუმცა ამ შეცდომის გარეშეც დიდად არ მეხატება გულზე ესკალატორები. თითქოს კომფორტული კიბეა, დაღლის გარეშე ადიხარ მაღლა უბრალო დგომით, მაგრამ საშინლად ნელი. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მესმის ადამიანების, რომლებიც თავის ძალისხმევასაც ახმარენ მაღლა ასასვლელად და ისედაც ზემოთ მოძრავ კიბეზე თავადვე დგამენ ნაბიჯებს. ყველა მინუსის შემდეგ ერთადერთ პლუსს(არ დაღლას) ატანენ ქარს. ნეტა მხოლოდ ის იყოს პრობლემა, რომ ნელია. საპირისპიროდ მოძრავი კიბე, რომელსაც დაბლა ჩაჰყავს ადამიანები, საკმაოდ ახლოსაა და უძრავად მდგარი ვალდებული ხარ უყურო ადამიანებს და აიტანო უხერხულობა სანამ არ ჩაგივლიან. ახლა თუ ფიქრობთ, სხვა რამეს უყურე, შენც კარგი პრობლემა გამონახეო, აბა წარმოიდგინეთ ჩადიხართ მეტროში და იქიდან ამოდის ადამიანი, რომელიც კედელს, ჭერს, ესკალატორის დასვრილ საფეხურს ან რაიმე სხვა ნივთს შორის ათამაშებს თვალებს. ერთ ობიექტზე მზერის გაჩერება დამერწმუნეთ საკმაოდ რთულია, როცა რამდენიმე წამში ის თქვენს უკან აღმოჩნდება. ეს უკანასკნელი ბუებს არ გეხებათ!
როგორც იქნა ამოვაღწიე სამშვიდობოს, პირველი, რაც გავაკეთე ჩემს ჰაჩიკო მეგობართან დარეკვა და საქმის კურსში ჩაყენება იყო, ტყუილად რომ არ დამლოდებოდა. ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა დავსწრებოდი ლექციას და დამთავრებისთანავე მასთან წავიდოდი. ხშირად ვამბობ უწყინარ ტყუილებს, მაგალითად, თუ მელოდებით, დამირეკავთ და მკითხავთ სად ვარ, აუცილებალდ იმ ადგილს გეტყვით, სადაც ათ წუთში ვიქნები. თავად ვერ ვიტან ლოდინს და მირჩევნია თავი დავიზღვიო, თან ათი წუთით დაგვიანება დიდი არაფერია, ბოლოს და ბოლოს მეტროში იყო შეფერხება, ან სულაც ავტობუსის მძღოლი გადავიდა რაღაცის საყიდად და უკან დაბრუნებულს უკმაყოფილო მგზავრებთან მოუწია საქმეების გარჩევა. მე ხომ არაფერ შუაში ვარ, იმ ავტობუსიდან გადმოსვლა და სხვაში გადაჯდომა უფრო დიდ დროს წაიღებდა. გავუყევი გზას უნივერსიტეტისკენ, ნახევარი საათი საკმარისი დრო იყო ფეხით მისვლა რომ მომესწრო. გზად ერთი ისეთი შენობაც ვნახე, ბოლოს იქ გავლისას ჯერ კიდევ ნახევრად რომ იყო აშენებული, ალბათ, რთული მისახვედრი არ არის რა ინტერვალებით დავდივარ ლექციებზე. თუმცა, ჩემდა სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს მშენებლობები. ღრმად მინდა მჯეროდეს, რომ ხარისხიც შესაფერისია და ათიოდე წელიწადში ყველაფრის თავიდან აშენება არ გახდება საჭირო. ეს საქმე პროფესიონალებს მივანდოთ, ზოგადად კარგად თუ არა, ჩემზე უკეთესად ნამდვილად იციან.
ლექციის დაწყებამდე მივედი, აუდიტორიებთან ახლოს მისვლაც საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელ მათგანში მომიწევდა შესვლა, კარებთან სტუდენტები დაჯგუფებულიყვნენ და ლექტორს ელოდნენ. რამდენიმე ვიცანი კიდეც, თუმცა გამოლაპარაკების სურვილი არ გამჩენია, მივეყუდე კედელს და ბეჭდით თამაში დავიწყე მარტო დგომის გადასაფარად. მსგავს მომენტებში მგონია, რომ ყველას ყურადღება ჩემკენაა მომართული და ერთი სული აქვთ როდის გაიგებენ მარტო ვარ, თუ ველოდები ვინმეს. რა თქმა უნდა, რეალურად ვერც კი მამჩნევენ და თუ შემამჩნევენ არც ესაა პრობლემა, დარწმუნებული ვარ ბევრი მარტო მდგარი ადამიანი უნახავთ. იმ მომენტში მსგავსი აზროვნება დაქვეითებული მაქვს ხოლმე და ისევ პირვანდელი აზრის გარშემო ვტრიალებ, თითქოს მე ვარ ყურადღების ცენტრში.
ამასობაში ლექტორიც მოვიდა, კართან ყველაზე ახლოს მდგარ მოწადინებულ სტუდენტს ორიოდე სიტყვა გაუცვალა გასაღების გადაბრუნებამდე და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა ოთახში. ისე ჩქარობდა, თითქოს ახალი აღმოჩენა გაეკეთებინოს და ცხელ-ცხელი მასალის გადმოცემის სურვილი კლავდა. არ მესმის, როგორ ახერხებ წლების განმავლობაში ერთი და იგივე ტექსტებით ლექციების ჩატარებას, ყოველი ახალ სასწავლო წელს იგივე მასალა, იგივე წიგნები, იგივე წინადადები, იგივე სიტყვები, მხოლოდ ადრესატების სახეები იცვლება, მაგრამ ისინი მეორეხარისხოვნები არიან. მაინც ლექტორი რჩება აუდიტორიაში მთავარ მოქმედ პირად. მოსაბეზრებელია, ვერასდროს ვიქნებოდი ლექტორი ან მასწავლებელი.
აუდიტორიაში ყოველი უკანა სკამი წინაზე მაღლა იყო ,ალბათ,არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ შეძლებისდაგვარდ მაღლა მოვკალათდი, ჩემს უკან აღარავინ იყო. იქ ლექციის მოსასმენად ნამდვილად არ მივსულვარ, მაგრამ თუ ლექტორის ინტონაციას და მონდომებას გავითვალისწინებთ საკმაოდ საინტერესო რაღაცაზე საუბრობდა. აქაიქ ყურიც მოვკარი, როგორ განიხილავდა ვიღაცების თეორიებს რაღაც საკითხევზე, მერე ორი მეცნიერის თეორია დააპირისპირა ერთმანეთს და აუდიტორიაში მსხდომებს ჰკითხა, რომლის პოზიციას იზიარებდნენ. რამდენიმეს წამიც კი არ დასჭირვებია პასუხის გაცემის უფლების მოსათხოვად, ხანდახან მგონია, რომ ზოგს რაღაც ბერკეტი აქვს ტვინში, რომელიც კითხვის დასმისას ხელის ორი თითისკენ გამავალ ნერვს აწვდის ბრძნაბეას, რომ მაღლა აღემართოს. პირველ სიტყვასა და ინტონაციაზეც ეტყობათ,რომ ეს არ არის ლაპარაკი პასუხისთვის, ეს უბრალოდ ლაპარაკია ლაპარაკისთვის. კითხვას გადაატრიალებენ-გადმოატრიალებებ ხოლმე, ხან იქიდან მოუვლიან, ხან აქედან, ოღონდ პასუხის გაცემა და საკუთარი აზრის დაფიქსირება არ მოუწიოთ. მე რომ მკითხონ და გავაკეთო იგივე, არაფერი დაშავდება, რადგან იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა, იმათ კი, ღმერთმანი, ვინმეს იარაღი ჰქონდა შუბლზე მიბჯენილი, ხელი აწიე და უპასუხეო.?
ვზივარ და ისევ ჩემს ყურსასმენებზე ვფიქრობ, მეტროში მუსიკის მოსმენა ვერც შეედრება ლექციაზე ყურსასმენებში რამე გენიალურის მოსმენას. მხოლოდ ერთხელ მაქვს გაკეთებული, სხვა შემთხვევაში დიდ პატივს ვცემ ლექტორებს და ჩემს თავსაც. რომ მომიბრუნდეს და მითხრას, თუ მოსმენა არ გინდოდა ვინ გექაჩებოდა აქ მოსასვლელადო, დამტოვებს გაღიმებულს. არადა ნეტა თვითონ თუ იციან რამდენად სასიამოვნოა, მუსიკის მოსმენა და თან ხალხის პირის მონდომებული მოძრაობების ყურება. მთელი განცხრომით საუბრობენ, კამათობენ, განიხილავენ, ბჭობენ შენ კი ყურში რაღაც სხვა, ჰარმონიული ჩაგესმის.
რამდენიმე წუთის დაგვიანებით კარი გაიღო და გოგონა შემოვარდა, მთელი აუდიტორია მიაჩერდა და მის სიტყვებს ელოდა. ღმერთმანი, ნამდვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას. მოროშა რაღაც დაგვიანების გასამართლებლად და მწვანე შუქიც მიიღო ლექტორისგან. გოგონამაც გაიღიმა და აუდიტორიას გადმოხედა, შეათვალიერა ხალხი, ადგილი და დასაჯდომად გაემართა. არც მეტი, არც ნაკლები ჩემს უკან დაჯდა, წინ დაახლოებით ასამდე თავისუფალი ადგილი იქნებოდა, მან კი მოახერხა და მე გამიფუჭა განწყობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა იმ ოთახში ბოლო მე ვყოფილიყავი. ეს თავხედობა არ აკმარა, რამდებიმე წუთში მხარზე დამადო ხელი და ჩუმად ჩამჩურჩულა, კალამი ხომ არ გაქვს, დამრჩა და ვერ ვიწერო.
გავიფიქრე, ხომ არ მეხუმრება-მეთქი, მაგრამ მაინც თავაზიანად პასუხი ვარჩიე და უარით გავისტუმრე. შუბლზე მეტყობოდა, რომ კალამი არ მექნებოდა. ცოტა ხანში ისევ გადმოიწია ჩემს ყურთან და ფანქარი მაქვს ორი და შემიძლია გათხოვოო, არ ვიცი რატომ, მაგრამ გამოვართვი და დიდი მადლობაც არ დავაყოვნე. მაგიდაზე დავიწყე რაღაც ფიგურების ხატვა, ხანდახან სიმეტრიულ ორ ნახატს ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა ფიგურებით, შედეგი დიდად არა, მაგრამ პროცესი ძალიან მომწონს. გართული ვარ მარჯვენა და მარცხენა მხარეს მსგავსი სამკუთხედების დახატვით, როცა ეს გოგო გვერდით მომიჯდა და ეს თავხედობის მთელი ბუკეტი საყვედურითაც დააგვირგვინა.
-მაგიდებზე ხატვა ვანდალიზმია.
არაფერი ვუპასუხე, გავხედე და თავის დაკვრით ვანიშნე რომ გავიგე, თუმცა ეს საქმიანობის გაგრძელებაში ხელს არ შემიშლიდა.
-სხვის ქონებას აზიანებთ, ჩემს თვალწინ ჩემივე ფანქრით, მე თანამზრახველი გამოვდივარ.
-ბოროტმოქმედების წყვილი, მშვენიერია.
-სულაც არ არის სასაცილო, შეგიძლია გაჩერდე?
-კარგი, თუ ასე გსურს, რას გავეწყობი, ვითვალისწინებ პარტნიორის აზრს.
-სალომე.
-ისევ პარტნიორი ჯობია.
-სულ ერთია, როგორც გენებოს.
ჩემს წინ მსხდომებს ვათვალიერებდი, ყველა თავისებურად ცდილობდა დროის გაყვანას, რამდენიმე უსმენდა და პოლემიკაშიც კი შედიოდა ლექტორთან. საათს დავხედე, ჯერ მხოლოდ მეოთხედი იყო გასული, უმალ ვინანე ლექციაზე მოსვლის გადაწყვეტილება სპონტანურად რომ მივიღე. ასე ადრე უმიზეზოდ ადგომა და გასვლაც არ იქნებოდა კარგი ტონი, ამიტომ ვიჯექი და ვცდილობდი ოთახში ახალი რაღაცები აღმომეჩინა. ლექტორის უკან ორი დიდი პლაკატი ეკიდა,ორივეზე აინშტაინი იყო გამოსახული, თავისი ფორმულითურთ, მეორეზე კი ბრძნული გამომეტყველებით და თავზემოთ ციტატით: სამყარო საშიში ადგილია არა იმ ბოროტი ხალხის გამო, რომელიც აქ ცხოვრობს, არამედ იმათ გამო ვინც არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად. რაღაც მსგავსი შინაარსი ჰქონდა, არც კი ვიცი ნამდვილად ალბერტის სიტყვები იყო თუ არა. თუ მართლა მისია მაშინ სულელურს ვერ დავარქმევ(ბევრ სხვა ადამაინს რომ ეთქვა უთუოდ ამ ეპითეტით შევამკობდი), მაგრამ არ მესმის როგორ შეიძლება ამხელა გენიოსს ასეთი უაზრობა ეთქვა. ჩვენს თაობაში ხშირად მიაწერენ ხოლმე ზოგადსაკაცობრიო ფრაზებს სხვადსსხვა მწერალს ან მეცნიერს, იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა, სხვანაირად ვერ ავხსნი როგორ ხედავდა პრობლემას ალბერტი იმ ხალხში, რომელიც არაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად. უფრო ადვილია პრობლემას დაარქვე პრობლემა და მისი არარსებობით ინატრო მისივე მოგვარება. არც თუ ისე პროფესიონალურად შესრულებული პლაკატები სტუდენტების გაკეთებულს ჰგავდა, რაც მიზრდიდა ეჭვებს მის არასანდოობასთან დაკავშირებით. ამაზე ფიქრში გამყავდა დრო, როცა ჩემმა პარტნიორმა მხარი გამკრა და თვალით მისივე საშლელის ადგილმდებარება მანიშნა. ვის რა უშავებდა ჩემი ათსანტიმეტრიანი ნახატი უკანა მერხზე არ ვიცი, თუმცა ნამუსზე აგდება ამ გოგოს ნამდვილად კარგად გამოსდიოდა. საგულდაგულოდ წავშალე ნახატი და უკან დავუბრუნე საშლელი, არ მორიდებია ისე დამახვედრა კმაყოფილი გამომეტყველება, აქმდე მოღუშული წარბები გაესწორებინა.
-კმაყოფილი ბრძანდებით?- ვეცადე გაბრაზებული ხმით მეთქვა, ბრაზს არ ვგრძნობდი, ჩემთვის სულერთი იყო იმ ნახატის ბედი, უბრალოდ მინდოდა ეფიქრა რომ უკმაყოფილო ვიყავი.
-საკმაოდ, კარგი დამნაშავეები კვალს არ ტოვებენ.
პასუხი ძალიან მომეწონა,მაგრამ არ შევიმვჩნიე და შევეწინააღმდეგე.
-თავად დანაშაულს თუ გავაქრობთ, მაშინ არც დამნაშავეები გამოვდივართ.
-მშვენიერია, მაგას რა ჯობია, დანაშაული ჩავიდით მიღებული სიამოვნებაც შეგვრჩა და დამნაშავეებიხ კი არ ვართ,იდეალურია.
ღმერთმანი, როგორ მაღიზიანებდა მისი მშვიდი ტონი, თითქოს ჩემზე ერთი თავით მაღლა იდგა და ცხოვრებას მასწავლიდა. ვერაფერს იტყვი, პასუხები მზად ჰქონდა.
-ლექციის შემდეგ რას აკეთებ?
-არაფერს საინტერესოს,- შეძლებისდაგვარად კარგად ვუპასუხე მოულოდნელ შეკითხვას.
-ერთსაათიანი შუალედი მაქვს შემდეგ ლექციამდე, თუ საქმე არ გაქვს დროის მოკვლაში დამეხმარები.
-როგორც ჩანს, უკვე გადაწყვიტე ჩემს მაგივრად, რა გაეწყობა.
ნამდვილად უცნაური ადამიანი იყო, მე უცხო ხალხთან ასე არასდროს მივდივარ და ვეცნობი, თან ასე სწრაფად. რამდენიმე წუთის წინ კალამი მთხოვა, ახლა კი მბრძანებლობა დაიწყო. არ ვამბობ, რომ ასეთი კომუნიკაბეულურობა ცუდია, უბრალოდ უცნაურია. ამ ყველაფრის მიუხედავად არ გავს იმ ტიპს, თავს რომ მოგაბეზრებს ჰიპერაქტიურობით, ვერ ვხვდები როგორ მოახერხა ამ ქცევებით ასეთი შთაბეჭდილების დატოვება, თუმცა ასეა.
-ლამაზი სამაჯურია,- კვლავ სცადა საუბრის დაწყება.
-მადლობა.
მინდოდა მისთვისაც მეთქვა კომპლიმენტი, მაგრამ ახლა თქმა უბრალოდ ვალდებულს გამომაჩენდა, ამიტომ გადავიფიქრე.
-მგონი ჯობია ლექციას უსმინო, რამე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს.- გადავუჩურჩულე.
-თუ ჩემთან ლაპარაკს შეწყვეტ, ალბათ, არაფერი გამომრჩება.
-კი მაგრ...
-ჩშშ!- ტუჩებზე მიიდო ხელი და გამაწყვეტინა.
საშინლად მომიშალა ნერვები, აშკარად სპეციალურად აკეთებდა ამ ყველაფერს ჩემს გასაღიზიანებლად, გამარჯვების უფლებას ვერ მივცემდი, თავი ხელში ავიყვანე და განვაგრძე აუდიტორიაზე დაკვირვება.
სადღაც წავიკითხე დღეში საშუალოდ 70 000-ზე მეტი ფიქრი გაუელვებს ადამიანსო, მე კი იმ მომენტში მხოლოდ იმ გოგოზე ვფიქრობდი. თავისუფლად შეეძლო ისე ფა
ეტარებინა დღე, რომ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილიყო და ახლა მასზე არ მეწერა. მთელი არსებით მინდოდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენა, არა იმიტომ რომ მომეწონა, ღმერთმანი, არა! პირიქით - დარწმუნებული ვიყავი, რომ თავი ჩემზე კარგი ეგონა და მინდოდა ეჭვის წყალი მაინც შესდგომოდა მის მყარ ფიქრებს. საუბრის დაწყების რამდენიმე ვარიანტი განვიხილე, თუმცა სპონტანურობა დროებით მოვიშორე და დაფიქრების შემდეგ ყველა მათგანი უკიდურეს სისულელედ მეჩვენა. ახლა არც სიმამაცის ოცი წამის დრო იყო, სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო (მოგვიანებით გესაუბრებისთ სიმამაცის ოც წამზე, ფრიად გამოსადეგი რამეა). ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ მასავით უნდა მოვქცეულიყავი, ანუ უცნაურად. მასზე დაკვირვების შემდეგ ჩემს გონებაში დამარცხების რისკები მინიმუმამდე შემცირდა და გადავწყვიტე მომავალი ერთი საათის გატარება ბილიარდის მაგიდასთან შემეთავაზებინა. ვერ გეტყვით, როგორ დავასკვენი, რომ ჩემს გვერდით მდედრობითი სქესის ეფრენ რეიესი არ იჯდა, მაგრამ წინათგრძნობამ მითხრა, რომ წინ ადვილი გამარჯვება მელოდა. მეორე საკითხია რამდენად მოახდენდა ეს გავლენას მის წარმოდგენებზე, თუმცა ბილიარდის მაგიდასთან უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ნებისმიერ სკვერში ჩრდილში დადგმულ სკამზე.
ბილიარდი ძალიან მიყვარს, ხანდახან მარტოც კი მივდივარ და ვთამაშობ ჩემთვის. გამოგიტყდებით, ჩემი თავის წინააღმდეგაც მითამაშია და რიგი აცილებების შემდეგ დამიცინია კიდეც. უცნაურად ჟღერს, თუმცა საერთოდ არ არის, თქვენც უნდა სცადოთ, მიდით საბილიარდოში და თქვენი მარცხენა ხელი შეაჯიბრეთ მარჯვენას, თავიდან სუსტი ხელი მიჯრით რამდენჯერმე დამარცხდება, მაგრამ შეაგულიანეთ და ფარ-ხმლის დაყრის საშუალება არ მისცეთ. ისიც ხომ ადამიანია...
-ბილიარდზე ხომ არ გავსულიყავით, აქვე ახლოსაა, დროც უფრო მალე გავა.
-კარგი იდეაა.
დაუფიქრებელმა თანხმობამ შინაგანად ცოტა დამაფრთხო, მაგრამ გარედან კვლავ კლდესავით ვიდექი და თავაზიანად ვუღიმოდი. კვლავ ყურადღების გადატანას ვცდილობდი, ლექტორს უსმენდა და საუბარი აღარ გავუგრძელე, მინდოდა სხვა რამეზე მეფიქრა. გადავწყვიტე ლექციისთვის მომესმინა, დარწმუნებული ვიყავი უინტერესო იქნებოდა და ორიოდე წუთში ჩემდაუნებურად გავიპარებოდი ფიქრებში. ვერც მაშინ გავიგე და ახლა, მით უმეტეს, არ მახსოვს რაზე საუბრობდა, თუმცა შედარებები მოჰყავდა, ორი მეცნიერის მოძღვრებას შორის სხვაობა უბნის გორასა და ევერესტს შორის სხვაობას შეადარე. დამაინტერესა ევერესტზე საჭირო ინფორმაცია თუ ჰქონდა, მისი მაგალითში მოყვანა რომ გაბედა. ეჭვი მეპარება სცოდნოდა, რომ ევერესტის წვერიდან ზარის განხორციელება შესაძლებელია. მსგავს ინფორმაციებს მაგნიტივით ვისრუტავ, ვინ იცის, ალბათ, ნახევარზე მეტი ტყუილია, თუმცა როდესმე წარმოიდგენდით, რომ 8 848 (ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ეს რიცხვი, თუმცა ამასწინ ვიღაცამ მაჩვენა რამდენიმე წყარო სადაც ერთი მეტრით მეტია მითითებული, ალბათ, წინა ზაფხულს აიყარა ტანი ევერესტმა, სხვა ახლსნას ვერ ვუძებნი, ამიტომ იყოს 8 848) მეტრის სიმაღლეზე შეგიძლიათ ახვიდეთ, და იქიდან დარეკოთ პიცის გამოსაძახებლად. მინდა იმ კურიერის სახის დანახვა, რომელიც ევერესტზე აიტანს პიცას და იქ მყოფები იტალიელები ერთ ჯგუფად შეკრული ხუთი თითის ქნევით უსაყვედურებენ ანანსისი პიცა რა ჯანდაბაა ჩვენ მეტი პეპერონით შევუკვეთეთო.
ლექცია დამთავრდა, დღეს გაცნობილმა პარტნიორმა და მოსისხლე მტერმა მთელი თავისი აღწჭურვილობა პედანტური თანმიმდევრობით და სისწორით ჩაალაგა ჩანთაში და ღიმილით მანიშნა, რომ წასასვლელად მზად იყო. სწრაფად ჩავირბინეთ კიბეებზე და მალე უნივერსიტეტის შენობიდანად გავედით, საშინლად მომინდა ნაყინი. ოქტომბერში ნაყინი ცოტა რთულად საშოვნელია, მაგრამ არა ისე, როგორც დეკემბრიდან-თებერვმალდე. იმედი მქონდა სალომეც დამთანხმდებოდა, მარტო ხომ არ დავიწყებდი ნაყინის ჭამას, რატომაც არა, მაგრამ უხერხულია. ამჯერად აღარ გამიფუჭა განწყობა და დიდი სიხარულით დამთანხმდა, მალევე მივაგენით ნაყინიან მაღაზიას და ბედნიერები გავუყევით გზას საბილიარდოსკენ. გზაში სასწავლო წელზე მელაპარაკებოდა რაღაცას, თავს ვუქნევდი და შიგადაშიგ ზოგად ფრაზებს შევუგდებდი ხოლმე: „მართლა?“, „და, ანუ ეგრე როგორ?“ , „ვაა, ეგ არ ვიცოდი“. ის კი მართლა მონდომებით აგრძელებდა საუბარს, სასიამოვნო იყო ასეთი ძალისხმევით რომ ცდილობდა ჩემთან საუბარს, თუმცა იმ დროს წინა დღეს მოსმენილ ალბათობებზე ვფიქრობდი. ტრილიონიდან ერთია იმის შანსი, რომ კოსმოსური ნაგავი პირდაპირ ჩემს სახლს დაეცეს. ყველანაირი ძალისხმევა ჩავდე იმის გასარკვევად, რამდენი რამდენიდან იყო ქუჩაში ახალგაცნობილ ბოროტ ადამიანთან საბილიარდოსკენ მიმავალ გზაზე ნაყინის ჭამისას კოსმოსური ნაგვის დაცემის შანსი, თუმცა გამოთვლა შეუძლებელი იყო. ვინ ჭამს ახალგაცნობილ ბოროტ ადამიანთან ერთად ნაყინს საბილიარდოსკენ მიმავალ გზაზე? ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა თურმე რაღაც მკითხე და რომ არ ვუპასუხე თვალებთან ხელი რამდენჯერმე დამიქნია.
-აქ ხარ?
-კი, უბრალოდ შენს სიტყვებზე ვფიქრობ და აქამდე სად ვიყავი, როგორ შეიძლება თან სწვალა გინდოდეს და თან ამ ყველაფერს ახლა იგებდე პირველად, ჩემს თავზე ვბრაზდები.
-კი ეგრეა, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი უნდა მოინდომო კიდეც.
ღმერთმანი, თავის ქებაში ჩამომართვით, მსგავს მომენტებში უბადლო ვარ. არ გეგონოთ, რომ ხშირად ვიქცევი ასე, არ ვუსმენ ადამიანებს, მათი აზრი არ მაინტერესებს ან რამე მსგავსი, უბრალოდ არასაჭირო თემაზე ლაპარაკობდა და იმ ინფორმაციის შესრუტვით, შეიძლება ჩემი მეხსიერებიდან რაიმე მნიშვნელოვანი ამოვარდნილიყო. ტვინში რაღაც ახალი ყოველთვის ძველს ანაცვლებს, სად ვსდიო მერე დაკარგულ მოგონებებს ან ცოდნას? სასწავლო პროცესზე ამ იდიოტობის მოსმენით შეიძლება აღარ მცოდნოდა, რომ დაცემინების სიჩქარე 160 კმ/სთ-ა და თუ ფინიშის სწორზე გაციებული ადამიანი და დედამიწის უსწრაფესი ცხოველები აღმოჩნდებიან, ეს უკანასკნელები უშანსოდ არიან. რა თქმა უნდა, ფრინველებს არ ვითვალისწინებ ამ რბოლაში, ისინი საერთოდ სხვა ლიგაში არიან. და ამ ყველაფრის მერე, გულწრფელად მითხარით, ორმოცდაათი წლის მერე გამოცდების რაოდენობის ცოდნა უფრო გაგახარებთ, თუ ამ ინფორმაციის გახსენება. წარმოიდგინეთ, ხანში შესული მე ვზივარ აივანზე, ხალათით ვკონწიალობ ჩემს საყვარელ სკამზე, ერთ ხელში კროსვორდი მიჭირავს, მეორეში კარამელიანი ყავა და უცებ დავაცემინე. ყავა გადამესხა კროსვორდის ნაწილზე და ხალათზე, მაგრამ მახსენდება, რომ ჩემი ცხვირიდან აივნის ბოლომდე დაცემინება უფრო სწრაფად მივა, ვიდრე დედამიწის უსწრაფესი ცხოველი, ავაზა. ყავის გადასხმის მიუხედავად დილა მაინც ბედნიერად იწყება. დიდი წვალების მიუხედავად ვერ ვხედავ ჩემს მომავალში მომენტს, როცა დასაგროვებელი ქულების ან გამოცდების რაოდენობის ცოდანა დღეს გადამირჩენენ. ესაა და ეს, თორემ იმ გოგოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მინდა თავი დიდი ვინმე არ ეგონოს და მიხვდეს, რომ არაფერს წარმოადგენს უსასრულოდ დიდ სამყაროში.
შევედით საბილიარდოში, ბევრი თავისუფალი ადგილი არ იყო, ამიტომ გადავწყვიტე ცალკე ოთახი ამეღო. ერთი ქალი დგას ხოლმე დახლთან, თან ლუდის და ჩუფსების ყიდვა შეგვეძლო, მაგრამ ცხიმიანი ხელებით თამაში ნამდვილად არ მხიბლავს. ერთი საათი სამი ლარი ღირს, საკმაოდ იაფია, დაბრუნებული ორი ლარი ჩავიჯიბე და ჩემს მსხვერპლს ხაფანგისკენ გავუძეხი.
აქვე გეტყვით, რომ სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, უმოწყალოდ დავამარცე რამდენჯერმე. ბოლოს ვატყობდი, რომ თამაშის სურვილი არ ჰქონდა და ინტერციით თამაშობდა, მაგრამ არ შევწყვიტე და მოცემული ერთი საათის უკანასკნელ წამამდე ვითამაშეთ, მეტიც ბოლო მატჩის დასრულებაც ვითხოვე და კიდევ რამდენიმე წუთი იტანჯა.
თუ ვინმე როდესმე ბილიარდს ითამაშებთ ერთ მარტივ რჩევას მოგცემთ. შეიყვარეთ წითელი ბურთი და მარტივად მოიგებთ. წითელი ბურთი, შავის შემდეგ, ყველაზე შესამჩნევია, ამიტომ ბევრი უნდა ისაუბროთ მასზე. სულ ყურადღების ცენტრში უნდა ამყოფოთ, თუ მოწინააღმდეგე მას ჩააგდებს, ის მაინც მაგიდაზე იქნება მის გონებაში, ამიტომ მარტივად შეგიძლიათ მას ყურადღება გადაატანინოთ და აწ უკვე ჩაგდებული წითელი ბურთი დააბრუნოთ თამაშში. ჩემი პრადი რეკორდი ერთ მატჩი მკვდარი წითელი ბურთის სამჯერ მობრუნებაა, მეოთხეჯერაც შემეძლო, თუმცა აღარ გავრისკე, არ მსურდა ყველაფრის წყალში ჩაყრა. თუ როდესმე ოთხჯერ „გააცოცხლებთ“ აუცილებლად დამიკავშირდით.
თამაშისას რამდენიმე შედარებით საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, მართლა არ ჩანდა ცუდი ადამიანი. დიდი სიამოვნებით გავატარებდი მასთან კიდე დროს, თან რაც მთავარია, უინტერესო თემებზე საუბრის გარდა მისგან ნამდვილად შეგეძლოთ მოგესმინათ რაღაც ღირებული. ბევრი იცოდა, მაგრამ მისი პრობლემა ინფორმაციის არასწორად შერჩევა იყო. შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ლოკოკინებს შეუძლიათ სამი წელი ძილში გაატარონ ისე რომ არ გაიღვიძონ, მაგრამ დაგელაპარაკებოდათ როგორ შეიტანა გამოცდის საკითხებში ლექტორმა ის თემა, რომელიც სადღესასწაულო დასვენებების გამო ლექციებზე ნორმალურად არ გავულიათ.
ლექცია რომლიდანაც გამოვედით შესვენების გარეშე ჩატარდა, ამიტომ დაგეგმილზე ადრე მორჩა. აქედან გამომდინარე საათზე მეტი დროის განმავლობაში ბილიარდის თამაშს ხელი არ შეულია სალომეს შემდეგ ლექციაზე დროულად მისვლაში, რასაკვირველია, უნივერსიტეტამდე გავაცილე და ბოლოს...
ჰესტია...
აქამდე როგორ ვერ გავიხსენე, ოლიმპოს მეათე ღმერთი, ქალ, ქალღმერთი. კრონოსის ერთ-ერთი შვილია, თუმცა ზუსტად არ მახსოვს ისტორია როგორ გადარჩა ეს. იმ შეჩვენებულ კრონოსს უწინასწარმეტყველეს შენი შვილი დაგამხობსო, ესეც ძალაუფლების დაემონა (ღმერთი რომ ხარ და რაღაცას ემონები უკვე ნათელია, რომ პრობლემა შენშია) და თავისი შვილების ჭამა დაიწყო, წაუსაუზმსადილვახშმებდა ხოლმე ახალშობილ ღმერთებს. ვერ ვიხსენებ ეს რამდენიმე ჩვენთვის ცნობილი ღმერთი როგორ გადარჩა. ალბათ, კრონოსის დამ/მეუღლემ იხსნა ბავშვები, რთულია შენი შვილის/ძმისშვილის სიკვდილს გულგრილმა უყურო, თან ცალსახად დამამძიმებელი გარემოებაა, როცა შენს შვილს/ძმისშვილს შენი ძმა/მეუღლე მიირთმევს.
...თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, სანამ კიბეებზე არ აირბინა და მის წინ მიმავალი ჯენტლმენის დაკავებულ კარგში ჩქარი ნაბიჯით არ შევარდა იქამდე არ დავტოვე იქაურობა. დაგვიანების კარგი მიზეზი უნდა მომეფიქრებინა, არც უმიზეზობა დაანგრევდა ქვეყანას, მაგრამ უნამუსო ხომ არ ვარ? მარტივი მიზეზებს თქმა არ მიყვარს, ვცდილობ ბეწვის ხიდზე გავიარო დასაშვებ რეალობასა და ზღაპარს შორის.
ლექციიდან გამოსვლისას იქვე ქუჩაში მდგარი თავშიხელებწაშენილი ლექტორი დავინახე, რომელიც მანქანას წრეებს უვლიდა. კმაყოფილს ნამდვილად არ ჰგავდა, გადავწყვიტე მივსულიყავი და გამერკვია რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მისი გაპრიალებული მანქანა საამაყოდ ვერ ფუნქციონირებდა, „წყალი აუდუღა“ თუ რაღაც მსგავსი, ვერ ვერკვევი მანქანებში. მანქანის წინა ნაწილი მთლიანად ბოლს მოეცვა, საიდანღაც ცხელი ოხშივარი მოდიოდა, ხელში ცარიელი ბოთლი ეჭირა და თან ტელეფონზე ვიღაცას უხსნიდა ადგილმდებარეობას, ალბათ, დახმარებისთვის შესაბამის ნომერზე დარეკა და მალე მოვიდონენ ერთნაირ ფორმაში ჩაცმული მამაკაცები დიდი მანქანით, შეაბამდნენ გაპრიალებულ რაშს და გაუყენებენ სახელოსნოს გზას. დახმარება შევთავაზე, ნაჩქარევი და თავაზიანი მადლობით გამისტუმრა, თუმცა გავიგე, როგორ ეუბნებოდა ყურმილის მეორე მხარეს მყოფს წყალი არ მაქვს და ვერ ვავსებ, იქნებ იჩქაროთო. იქვე მაღაზიაში გადავედი და სამი ბოთლი წყალი ვიყიდე, არ ვიცოდი რამდენი სჭირდებოდა. ვასხამდით ამ წყალს რაღაც უშნო რეზერვუარში და ხაზებს ვაკვირდბეოდით წყლის დონის გასაზომად. სანამ დასახმარებლად არ მოვიდნენ იქამდე არ მივატოვე, რამდენჯერმე დაიწუწუნა უნდა გავყიდო, მაწვალებსო, მაგრამ ბოლოს მაინც ეტყობოდა, რომ ძალიან უყვარდა.
მგონი კარგი ტყუილი გამოვიდა, ადვილად დასაჯერებელია და ბილიარდში გადახდილ სამიოდე ლარსაც თავისუფლად ავხსნიდი ამ ისტორიით, თუ ამის საჭიროება დადგებოდა. დღის ისტორია უკვე მზად მქონდა, ამიტომ კმაყოფილი მივუყვებოდი ქუჩას, გვიანღა შევამჩნიე რომ სახეზე ღიმილი მქონდე მიყინული და ჩამვლელების თვალში ნამდვილად არ დავტოვებდი ამ სახით ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას.
ჩემი ყურადღება ქუჩაში მდგარმა ჯიხურმა მიიქცია, რომლის ნახევარიც ფერად ჟურნალ-გაზეთებს დაეფარათ. მხოლოდ მსგავს ადგილებში თუ იშოვი კროსვორდს, გადავწყვიტე დარჩენილი ქონება სოლიდურად გამეფლანგა და კროსვორდი მეყიდა კალმითურთ. რამდენიმე წამიღა მაკლდა რაციონალური ნაბიჯის გადადგმამდე, როცა ხანშიშესული გამყიდველის ზურგსუკანა კედელზე ათასგვარი გადასაფხეკი შევამჩნიე. დამიჯერეთ, საკმაოდ რთულია მოგების შანსის ცდუნებას გაუძლო მაშინ, როცა ამ შანსში შენი უკანასკნელი ფული მიდის. მალევე ავარჩიე მაიმუნების გადასაფხეკი და გაღიმებული სახით გავეცალე ჯიხურს. ნახევარი ნაბიჯი აღმოჩნდა საკმარისი სინანულამდე მისასვლელად, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად აწეული ფეხი ჯერ კიდევ ჰაერში იყო, როცა დროის უკან დაბრუნებას და კროსვორდის ყიდვას ვნატრობდი(დროის მანქანა რომ მოეცათ ისევ გადასაფხეკს ვიყიდდი). ადრე ვფიქრობდი, რომ მსგავს ლატარიაში გამარჯვების შანსი ერთი რამდენიღაცმილიონთან იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხოვრებაზე წარმოდგენა შემეცვალა და ყველაფერს სხვამხრივ შევხედე ეს შანსები არნახულად გაიზარდა. ჩემივე ფიქრებით უამრავ ნულში გადაკარგული მოგების პროცენტი 50-მდე ავწიე. ან მოიგებ, ან წააგებ, 50-50-ზე, ვუმეორებდი ჩემს თავს და ამით მთლიანად იღბალზე აღარ ვიყავი დამოკიდებული, მეც ხომ უნდა გამეკეთებინა რამე. შვიდი რიგი იყო გადასაფხეკი, პირველ რიგში ცხოველი უნდა ამოსულიყო, მეორე რიგში კი მოგებული თანხის რაოდენობა ბანანებში. გვიანღა მივხვდი, რომ უკანასკნელი ორმალირიანით გადასაფხეკის ყიდვა არც ისე გონივრულია, რადგან უშუალოდ გადაფხეკის პროცესსაც სჭირდება ე.წ. რკინის ფული. საბოლოოდ ბეჭედი მოვიხსენი თითიდან და შევუდექი განძის ძიებას. პირველი რიგის ცხოველთა სვეტის გასწვრივ სპილო ამომივიდა, მის ქვეშ კი 500 ბანანი ეწერა(ბანანების რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაში კონვერტირდება ფულში, თუ მათ ზემოთ მაიმუნი წამოსკუპდება). საერთოდ თუ იცოდა ამ გადასაფხეკის შემქმნელმა, რომ სპილოებს ახტომა არ შეუძლიათ. უცებ გასაანალიზებლად რთული და საინტერესო ფაქტია, იფიქრებ, ფეხები ხომ აქვს აწევს ყველას და ახტებაო, მაგრამ მეორემხრივ შენივე თავს ეწინაამღდეგები მისი სიმძიმის არგუმენტით. თუ არ დაფიქრდები შეიძლება ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ სპილოს ახტომის შეუძლებელი პროცესი წარმოდგენილი არ გქონდეს, საბედნიეროდ, ამ მხრივ ჩემთან ყველაფერი რიგზეა. ექვსი შანსიღა მრჩებოდა. მეორე რიგში ბანანების სოლიდური რაოდენობის მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ლომებს ანტილოპების ჭამა ურჩევნიათ. სადმე რომ შევხვდე ორ ფეხზე ჩამომჯდარ ლომს, რომელიც ბანანს ფრცქვნის 2500 ლარს ჩავიჯიბებ. მესამე ფრთხილად გადავფხიკე და მალევე შევამჩნიე, რომ ნაცრისფერი ზედაპირის ქვეშ მაიმუნი იმალებოდა, პულსი ამიჩქარდა, თუმცა თავს იმედგაცრუებისგან ვიზღვევდი, ქვემოთ ნული ბანანი იქნება-მეთქი. შევცდი, სამბანანიან ნახატზე ლამაზად იყო დაბეჭდილია ხუთიანი, მთელი ხუთი ლარი მოვიგე და წინ კიდევ ოთხი რიგი იყო. მეოთხე და მეხუთე რიგებმა სპილო(ცხოველი დაილია?) და დაბალი ჟირაფი გამაცნეს. მეექვსე რიგში კი ისევ დაჯღანული მაიმუნი შემეგება, ახლა უკვე თავადვე აღარმჯეროდა იმედგაცრუების და ვერც თავს ვამშვიდებდი. ოცი, ოცი დალოცვილი ბანანი. უკვე ოცდახუთ ლარი მქონდა, რაც ოცდაოთხ კროსვორდსა და ერთ კალამს გასწვდებოდა, აშკარად გაამართლა რისკმა. ყურებამდე ბედნიერმა აღმოვაჩინე, რომ მეშვიდე რიგშიც მაიმუნი ჩამოსკუპებულიყო, უკვე აღარ ვიცოდი სად წამეღო ზღვა სიხარული, გაფაციცებით ვიხედებოდი გარშემო, მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. სამწუხაროდ, ასეთ მომენტში არ ჩამოივლის ხოლმე ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი, თორემ აბა ოდნავ შეზარხოშებული წავიდე ფეხბურთის სათამაშოდ, გავილუმპო ოფლით სამსაათიანი ენაგადმოგდებული სირბილის შემდეგ, უმალ სტადიონის კართან აეტუზება და შენი ქოშინის მიუხედავად ოჯახის ყველა წევრზე დაგტყუებს ახალ-ახალ ინფორმაციას. ღრმად ჩავისუნთქე და ბოლო მაიმუნის ქვეშ დავიწყე გადაფხეკა, ბანანებს ზემოთ ასიანი ეწერა...
ფაქტობრივად არაფრისგან 125 ლარი მქონდა, უჩვეულოდ გახარებული ვიყავი. საერთო გადმოსახედიდან ას ოცდახუთი ლარისთვის ზედმატად გახარებული ვიყავი, ალბათ, ქუჩაში რომ მეპოვა ასე ძალიან არ გამიხარდებოდა, ბრალოდ გაწეულმა რისკის გამართლებამ გამაბედნიერა. ალბათ ფიქრობთ, რისკი ხმამაღალი ნათქვამია სასწორზე ორლარიანი იდოო, თუმცა ჩემი თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს. ახალი კროსვორდსა და კალამს ჩამოვედი მაიმუნების მოსაძებნად, საბედნიეროდ, ექსპედიცია წარმატებით დასრულდა. ჯიხურთან მივბრუნდი და ბედნიერი სახით დავდე გამარჯვებული გადასაფხეკი მაგიდაზე. გამყიდველმა ჯერ მე ამომხედა, შემდეგ კისერზე ყელსაბამივით ჩამოკიდებული სათვალე გაიკეთა, ბილეთი აიღო შორს გასწია და ყურადღებით დააკვირდა.
-ყოჩაღ, ბედი გქონია.- თავადაც ეტყობოდა ხმაში გახარება.
-ბედი არაფერ შუაშია, მე გავზარდე მოგების შანსები,- სიტყვებს ვერ ვიმორჩილებდი, ამის თქმა აშკარად უადგილო იყო.
-ეგ როგორ?- მოგდებულად მკითხა, თითქოს საინტერესო პასუხს არც ელოდა.
-ჩვეულებრივად.
-გასაგებია, მაგრამ ას ლარზე მეტს ჩემთან ვერ გაანაღდებ ამ გადასაფხეკი კომპანიის ფილიალში უნდა მიხვიდე,- მითხრა და თითით ჩემი მოგებული ბილეთის მარჯვენა ზედა კუთხეში მიხატული ლოგო მაჩვენა.
- და ეგ სად არის?
- აქვე, დაბლა მეტროსთან, ძეგლი გაჰყურებს პირდაპირ, მოგების მოლოდინში...
- ახლა ღია იქნება? - ხუმრობა ვერ შევამჩნიე, ანერვიულებული ვიყავი, არ მინდოდა ხასიათი გამფუჭებოდა.
საათზე დაიხედა და სწრაფად მითხრა.
-თუ გაიქცევი შეიძლება მიუსწრო, შვიდზე იკეტებიან, მაგრამ ხანდახან ნახევარი საათი გადაუცდებათ-ხოლმე.
მადლობა უკვე გზიდან მოვაძახე, თავქუდმოგლეჯლი არ გავრბოდი, თუმცა ჩქარი ნაბიჯებით საკმაოდ კარგი ტემპით გადაადგილდებოდი. პიტ სტოპამდე ნამდვილად გავუწევდი წინააღმდეგობას ფერარს, მერე რაიმე გენიალურს მოიფიქრებდნენ და უშანსოდ იქნებოდნენ. უკვე გითხარით მანქანებში ვერ ვერკვევი-მეთქი, მაგრამ ფორმულა 1 ძალიან მიყვარს, ბოლო რამდენიმე წელია რბოლა არ გამიცდენია.
ადვილად შევამჩნიე ოფისი, ის უფრო მიკვირს იმ მიდამოებში აქამდე როგორ ვერ დავლანდე ამხელა ლოგო. ნაჩქარევად გადავედი მიწისქვეშა გადასასვლელით და კარი გავაღე. რიგში 22-ე ვიყავი...
სალაროსთან N135 ენთო, მე კი ხელში N157 მეჭირა, ამან ცოტა შემირყია განწყობა, მაგრამ ტელეფონის ზარმა საქმის ბოლომდე მიყვანის უფლება არ მისცა. არც ისე სასიამოვნო ხმა ჰქონდა დაჩის, ეტყობოდა, რომ მელოდებოდა, დიდი ხანი მელოდებოდა.
-ვერ დაიჯერებ ისეთი რაღაც მოხდა, ახლა რიგში ვარ, მოვალ და ყველაფერს მოგიყვები,- ვუთხარი გახარებული ხმით.
-ნორმალური ხარ, რა რიგი?
-ყველაფერს მოგიყვები,- ვუთხარი აღტკინებული ხმით და გავუთიშე, ამ ამბის ტელეფონით თქმა არ მინდოდა.
წარმოიდგინეთ ჯერ ვუყვები ლექტორისა და მანქანის ამბავს, შემდეგ გადასაფხეკის და თვალწინ ავუფრიალებ ფულს, ეს ყველაფერი ზედმეტად აადვილებს პირველი ისტორიის დაჯერებას. ვიფიქრე ცოტა ხომ არ გავართულო-მეთქი, მაგრამ სიზარმაცემ თავისი გაიტანა. მოვიდა ჩემი რიგირც, უპრობლემოდ გავანაღდე ას ოცდახუთივე ბანანი. სასწრაფო წესით გავემართე მეტროსკენ, მინდოდა რაც შეიძლება მალე მივსულიყავი დანიშნულების ადგილამდე. გზაში ვფიქრობდი თანხა რაში უნდა დამეხარჯა და მოვიფიქრე, რომ არ უნდა მეფიქრა. არაფრისგან მოსული ფული ასევე სპონტანურად უნდა დამეხარჯა. ქარის მოტანილი ქარმავე თუ არ წაიღო, შეიძლება ხვალ ჩემს წინ მიმავალი ურემი რომ გადაბრუნდეს გზა აღარ გამოჩნდეს და მერე პასუხს ვერავის მოვთხოვ, ჩემივე დანაშაულისთვის დავისჯები.
***
- ცოტა ნელა დაკაკუნება არ შეგეძლო?
- არა,- ვუთხარი ცხრა სართულის ფეხით ასვლის მიუხედავად ბედნიერმა და სახლში შევვარდი. მგონი ურიგო არ იქნებოდა ჩემი კუთვნილი ფულის ბოლო ლარი სულ ხუთთეთრიანებით მოეცა იმ მოლარეს, მაგრამ რა გაეწყობა, ამთაც კმაყოფილი ვარ.
- შენი მიზეზი ჩემს უსასრულო ლოდინს და დროის გასაყვანად სამი იდიოტური ვიდეოს ყურებას გადაწონის, წამოდი სამზარეულოში, ახალი რაღაც გავაკეთე და გასინჯე.
- რამდენს ლაპარაკობ, ახლა უნდა იჯდე და მისმენდე.
- ხო, გისმენ,- მითხრა და თეფშზე არც ისე ლამაზი შესახედაობის სალათისმაგვარი საჭმელი გადმომიღო.
- ლექციაზე რომ უნდა მივსულიყავი აუცილებლად ხომ გითხარი,- დავიწყე მოყოლა და თან პირველი ლუკმაც გავსინჯე, საკმაოდ ნორმალური იყო, თან პირთან მიტანილმა საჭმელმა გამახსენა, რომ დილის წვნიანის ამარა დავიარებოდი ამდენი ხანი და მშიოდა,- გამოვედი ლექციიდან და ვხედავ უნივერსიტეტის წინ ლექტორის მანქანას ბოლი ასდის...
- როგორია?
- რავი, შუახნის კაცია, მანქანა მართლა კარგი ყავს.
- საჭმელი როგორია?
- ა, მშვენიერია, საიდან ისწავლე ან საერთოდ რა არის.
- ო, ეგ საიდუმლოა,- ისე მითხრა თითქოს ცხვისწინ არ მედოს მარტივი ინგრედიენტების კომბინაცია.
- მოკლედ მივედი ამ ლექტორთან,- გავარგრძელე მოყოლა,- და დახმარება შევთავაზე...
- ოოო, და სანამ ეხმარებოდი დრო გავიდა, ამიტომ დაგაგვიანდა არა?
- მომისმინე!- ვუთხარი მკაცრად და ჩემი დიდძალი ქონება მაგიდაზე დავდე.
- ეს საიდან, არ მითხრა, რომ ლექტორმა მოგცა დახმარებისთვის.
- არა, მისმინე, ამის შემდეგ წამოვედი შენთან და...
- მოკლედ მოყევი ძალიან გთხოვ, წიგნს ხომ არ წერ, რა დაგემართა.
- გადასაფხეკში მოვიგე. - გამიფუჭდა ხასიათი.
- რამდენი დახარჯე?
- პირველივეში ამოვიდა სამი მაიმუნი: ხუთიანი, ოციანი და ასიანი.
- მერე რა სახე ჩამოგტირის, მთლიანი ამბის მოყოლა გინდოდა?
- არა, ჩაიცვი წამოდი ბარში გავიდეთ, მე გეპატიჟები, ფული არ მაქვს თუ რა? - დავიბრუნე ხასიათი.
- მოდი, შენ ჩადი და ცოტა ხანში მეც ჩამოვალ, მითხარი სად იქნები.
- ერთად გავიდეთ.
- არა, პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჩემამდე არ გამოთვრები იმედია.
სასხვათაშორისოდ უნდა ითქვას, რომ ამ მოცემულობას ხასიათი არ გაუფუჭებია. ამჯერად ლიფტით ჩავედი, ხუთთეთრიანების მთელი ქილა იდო შემოსასვლელში. თავს იღბლიანად ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე „სუპერ ბაზუკა“ მომენახულება. ვგიჟდები ამ ბარზე. ვგიჟდებოდი. რამდენიმე თვეა დაიხურა, მიზეზიც კი არ ვიცი. ნიკოსთან, იქაურობის ბარმენთან და უფროსთან, საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვსაუბრობდით. რამდენჯერმე მხოლოდ მასთან სასაუბროდაც გავსულვარ იქ, ფონად კი რამდენიმე გასროლა არაყი დამილევია. სასიამოვნო სიტუაცია იყო, ზედმეტ ხალხს თითქმის ვერასდროს გადააწყდებოდით, ყოველთვის ნახევრად სავსე იყო. ორსართულიანი, პატარა მყუდრო ბარი, პირველი სართულის სიგანეში ერთ ცხენს თუ დააყენებდი, სიგრძეში სამს. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეს უზარმაზარს აჩენდა პატარა პირველი სართული. მეორე სართულზე ორივე მარჯვენა ფეხებზე თუ დადგებოდა ცხენი, სხვანაირად კვლავ პირველზე მოუწევდა კოქტეილის წრუპვა. თუ ბართან არ ვიჯექი და ნიკოს არ ველაპარაკებოდი, ანუ სხებიც მახლდნენ თან, ასეთ შემთხვევბში მეორე სართული მისწრება იყო, მყუდროდ მოვკალათდებოდით ხოლმე და კარგ დროს ვატარებდით. რაღაცის მონატრების სურვილი რომ მომაწვება ხოლმე, სულ სუპერ ბაზუკა მახსენდება. ასეთი იღბლიანიც არ ვყოფილვარ, კვლავ დახურული იყო. მინის კარებიდან კვლავ ჩანდა ბარი, ისევ ისეთი იყო, ნიკოღა აკლდა.
უცებ გამახსენდა, რომ ჩემს ფსიქოლოგთან ვიზიტი მქონდა დარჩენილი და უკეთეს დროს ვერც ვიპოვიდი, მით უმეტეს, იქვე ცხოვრობს. არ მიყვარს ჩემი ფსიქოლოგი, ყოველ ჯერზე ერთ ხუმრობას ამბობს: მაზოხისტი სადისტ გამტაცებელს ემუდარებოდა მაწამეო, სადისტი კი მტკიცე უარზე იყო. მართლა კარგი ხუმრობაა, უბრალოდ ყველაფერს აქვს ადგილი და საზღვარი. ხშირად ვატყუებდი ხოლმე, საინტერესო დიალოგები რომ გამოგვსლოდა, არც ეს ჯერი იყო გამონაკლისი. წინაზე ვუთხარი რომ არაფრის მოტივაცია მქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ დავიწყებია.
-ისევ მოტივაციის ნაკლებობას ხომ არ უჩივით?
-საკმაოდ ხშირად ყოველ მიზეზგარეშე ზემოტივირებული ვხდები, იმდენი რაღაცის გაკეთება მინდა, რომ აჟიტირებული ვადგენ გასაკეთებელი საქმეების სიას, თუმცა სიის ბოლომდე ჩასვლაც კი არ არის საჭირო, ის უკვე უსარგებლო ფურცლის ნაგლეჯი ხდება, რომელიც ყოველთვის იდება ჩემს კარადაში, მაგრამ დანიშნულებისამებრ არასდროს არავინ გამოიყენებს. სიის სათავეში მყოფი საქმეც კი არათუ სისრულეში ვერ მომყავს, მის გაკეთებასაც ვერ ვიწყებ. მგონია, რომ ეს მოზღვავებული მოტივაცია და აღტკინებული ფიქრი მღლის, ბოლოს იმედგაცრუებული და დაქანცული ვუბრუნდები ყოველდღიურობას.
-სიებს ხშირად ადგენთ?
-საკმაოდ, თითქმის ყველაფრის შესახებ მაქვს სია. წიგნები, მწერლები, ფილმები, ჩიტებიც კი და საქმეები, თავისთავად.
-დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ?
-მთავარი პრობლემა დაწყებაა.
-ბევრს ფიქრობთ.
-არ ვიცი, ალბათ, კი.
-ეს შეკითხვა არ იყო, თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ხანდახან უმჯობესია უბრალოდ გააკეთოთ.
-სულ მინდოდა სულელების კატეგორიაში მოვხვედრილიყავი.
-რას გულისხმობთ?
-ხომ გაგიგიათ, ვხვდებით ორი ტიპის ადამიანს: სულელს და შესაბამისად ბედნიერს ან მოაზროვნეს და შესაბამისად უბედურს. არ ვგულისხმობ სულელის კლასიკურ გაგებას, განათლება ან ჭკუა არაფერ შუაშია, უბრალოდ ადმიანების გარკვეულ კატეგორიას აქვს უნარი ზედაპირულად შეხედოს საკითხს და რამდენიმე წუთში სამუდამოდ დაივიწყოს ის, სხვანი კი ფიქრობენ, ფიქრობენ იქამდე სანამ ბოლომდე არ ამოწურავენ თემას, ეს კი შეუძლებელია. რაც უფრო მეტის გაგებას ცდილობ, მით უფრო რთულია ბედნიერება.
-საინტერესო თეორიაა, თუმცა ვერ დაგეთანხმებით. გამჭრიახი ადამიანი ყოველთვის იპოვის გზას, ცოდნიათ მიაგნოს ბედნიერებას, სულელს კი საბოლოოდ ხელში არაფერი შერჩება.
-საქმეც ამაშია, თუ პირველი მათგანი ვერ მოახერხებს ცოდნით ბედნიერებამდე მისვლას ის გააცნობიერებს, რომ თავადვე დაუშვა შეცდომა და ამ შეცდომის გამოსწორების შეუძლებლობა დაღუპავს მას, სულელი კი, რომელსაც ხელში არაფერი შერცება ვერც კი გააცნობიერებს ამას და მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.
-ბედნიერი ხართ?
-არა.
-უბედური ხართ?
-არა.
-შეგიძლიათ, ბედნიერი იყოთ?
-კი.
-და შეგიძლიათ უბედური იყოთ?
-არა.
-მაშინ, რაშია თქვენი პრობლემა?
-ამ ყველაფრის არსი არ მესმის. რა აზრი აქვს როგორ ვიყავი, ვარ და შემიძლია ვიყო?
-გასაგებია, თვლით, რომ ყველაფერი ამაოა.
-არა, ვფიქრობ, რომ ყველას შეგვიძლია რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რაც ჩვენს შემდეგაც დარჩება, ყველას შეგვიძლია კვალი დავტოვოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალი.
-უკაცრავად, ვერ გავიგე რა პოზიცია გაქვთ იმ საკითხებზე, რომელზეც ვისაუბრეთ, ვთვლი, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ორივე პოზიციას ემიჯნებით, მაგრამ სათითაოდ ორივეს ეთანხმებით.
გამაკვირვა, მე არ მესმის, თვითონ რას გაიგებდა. საშინელ ყავას ადუღებდა, მაგრამ უარს მაინც არ ვეუბნებოდი. კარგ დიალოგს უხდება კოფეინი. ძალიან კარგი იდეა მომივიდა თავში, მალევე შევთავაზე.
-ხომ არ ჯობია დროებით ადგილები შევიცვალოთ, ასე უფრო მეტს გავიგებთ ერთმანეთზე და შესაბამისად უფრო კარგად გამიცნობთ, ხომ გაგიგიათ კითხვების თერაპიაზე.
-რა თქმა უნდა, რამდენჯერმე გამომიცდია კიდეც, ვცადოთ, რატომაც არა,- მითხრა და ადგილი გამიცვალა
-თავს როგორ გრძნობთ?
-შესანიშნავად.
-შესანიშნავად თავს არავინ ვგრძნობთ, დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ!
-სტანდარტულად.
-აი, ეს პასუხი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.
-და რა არის ჭეშმარიტება?
-ის, რომ თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ თქვენთვის კარგად ნაცნობი ხრიკებით თქვენივე თავს უმალავთ ამას.
-თქვენ არ იცით მე როგორ ვარ, რამდენიმე საათის წინ გნახეთ პირველად.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ არ იცით მე რა ვიცი და მეტიც, ისიც კი არ იცით თქვენ როგორ ხართ.
-სიტყვებით თამაში მეც კარგად მეხერხება.
-ბევრი რამე გეხერხებათ კარგად?
-არც ისე, როგორ კითხვებს მისვამთ, - დაბნეული ხმით მიპასუხა.
-როგორს?
-აი, ახლაც, თითქოს რაც პირველი მოგადგებათ პირზე იმას მეკითხებით.
-სწორი ბრძანდებით, ასე ვაკეთებ.
-უცნაურია, მაგრამ კეთილი, როგორც გენებოთ.
-კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ?
-არა,- უცებ მომიჭრა
-მინდა, რომ თვალები დახუჭოთ.
-რა საჭიროა?
-უბრალოდ დახუჭეთ თვალები და მომისმინეთ.
-როგორც გენებოთ,- თითქოს უკვე მობეზრდა პაციენტობა.
-წარმოიდგინეთ როგორ მიდიხართ ქუჩაში, ყურებზე შეგცივდათ. დღის რა მონაკვეთია?
-ძალიან ბნელა, ღამეა.
-წინ რას ხედავთ?
-ჩენთან სიბნელეა, მაგრამ შორიახლოს ყვითელ შუქს ვხედავ, ჩემთან ჩამქრალია ლამპიონი.
-მიდით, შუქს მიუახლოვდით,- რამდენიმე წამიანი პასუხის შემდეგ გავაგრძელე,- ირგვლივ მიმოიხედეთ რას ხედავთ?
-ქუჩის შუაში ვდგავარ, სიჩუმეა. შენობებში შუქია ჩამქრალი, გარდა ერთი ადგილისა.
-რომელ სართულზეა შუქი?
-არა, სართული არ არის, შენობის ქვეშ ბარია და იქ ციმციმებს აბრა.
-რა ჰქვია ბარს?
-სახელი არ წერია, ფერადი აბრაა, ჩარჩო ციმციმებს შიგნით კი ღიაა აწერია ასევე ფერადი ნათურებით.
-თავს როგორ გრძნობთ, ისევ ცივა?
-კი, წვიმას იწყებს.
-სად უნდა შეაფაროთ თქვი?
-ბარში უნდა შევიდე.
-კეთილი, შედით ბარში,- კვლავ რამდენიმე წამიანი პაუზა,- ვის ხედავთ შიგნით.
-მუსიკაა ჩართული, ბარმენი კი მაგიდებს ასუფთავებს, სხვა არავინაა.
-ბართან არავინაა, მაგრამ ირგვლივ მიმოიხედეთ.
-დიახ, კუთხის მაგიდასთან ზის ერთი ქალი, თუმცა ზურგითაა ვერ ვხედავ ვინაა.
-არ გინდათ მიუახლოვდეთ?
-დიახ, ის... ის ჩემი ცოლია.
-რას შვრება თქვენი ცოლი?
-ის... ის აქ არ უნდა იყოს.
-იღიმის? ტირის? რას აკეთებს?
-ეს შეცდომაა, ის აქ არ უნდა იყოს.
-კარგი საკმარისია, გაახილეთ თვალები.
-ბოდიში, ეს არ უნდა დამმართნოდა.
-რისთვის იხდით ბოდიშს, დაბრძანდით, ახლა უკვე ვიცით რაზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ის, ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
-ძალიან ვწუხვარ, რა დაემართა?
-ღამით ბრუნდებოდა სახლში სამსახურიდან, ჩაეძინა და მანქანით ტბაში გადავარდა.
-უბედური შემთხვევა,- ავტოავარიაზე საუბრის დასრულება ვცადე.
-მე ის ხშირად გამომყავდა სამსახურიდან, თუმცა იმ დღეს, იმ წყეულ დღეს ფინალი იყო და სახლში დარჩენა, ყურება ვარჩიე.
-ამაში თავს არ უნდა იდანაშაულებდეთ.
-ამას არც ვაკეთებ, უბრალოდ ყველაფერი ცუდად დაემთხვა ერთმანეთს, ერთი რგოლი მაინც რომ ამოვარდნილიყო ამ ბედისწერის ჯაჭვიდან, არაფერი მოხდებოდა. ფინალის ყურებაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი რგოლია.
-მესმის, თუმცა ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ჩვენი ახლანდელი საუბარიც შეიძლება რამე მნიშვნელოვანი მოვლენის ერთ-ერთი რგოლია, მაგრამ ვერ გავიგებთ ეს მოვლენა კარგია თუ ცუდი, სანამ არ მოხდება. შეიძლებოდა იმ დღეს სახლში დარჩენით როგორღაც ვინმეს სიცოცხლე გადაგერჩინათ, თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. გარემოებები განაპირობებენ მომხდარს, ჩვენ კი უძლურები ვართ და ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, გლოვა და საკუთარი თავის დადანაშაულებაა, მაგრამ ვიცით რომ ეს არასწორია.
-თქვენ ისე საუბრობთ და თან გაურბიხართ ამ თემას, რა გადაგხდათ, რაში ადანაშაულებთ თქვენს თავს.
-ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთი ისტორია გამახსენა, არაფერი მნიშვნელოვანი.
-მინდა, რომ მოვისმინო, არ დაგვავიწყდეს, რომ რეალურად თქვენ ხართ პაციენტი და ჩემი ამ სავარძელში მოკალათებაც თქვენს ამოცნობას ემსახურება.
-კეთილი, ერთხელ ავტოავარიას შევესწარი, ჩემი ზოგადი პირველად დახმარების უნარ-ჩვევების გამოყენებით დავეხმარე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე წყვილს, შემდეგ კი ჩემივე მანქანით საავადმყოფოში გავყევი, რომ დავრწმუნებულიყავი ყველაფერი კარგად იყო. როგორც აღმოჩნდა ახალ დაქორწინებულები ქალაქში ახალი გადმოსულები იყვნენ და მათი ნათესავების ჩამოსვლას რამდენიმე საათი დასჭირდა, იქამდე იქ ვიყავი და მხოლოდ გამთენიისას, როცა მათ კარგად ყოფნაში დავრწმუნდი, დავტოვე საავადმყოფო. არ მახსოვს რა, მაგრამ რაღაცის გამო სახლში მივიჩქაროდი, როგორც მახსოვს ისედაც დამაგვიანდა, მაგრამ მაინც ვჩქარობდი. გზაში დაღლილს რამდენიმე წამით ჩამომეძინა და როცა თვალი გავახილე ლურჯი მანქანა დავინახე, რომელსაც ჩემდაუნებურად გზა გადავუჭერი და გზიდან გადავარდა. მანქანა გავაჩერე და იქაურობის დათვალიერება დავიწყე, ვერაფერი ვიპოვე და რადგან არც ხმა გამიგია გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა, რადგან გადაღლილი ვიყავი და თან ჩემდაუნებურად საჭესთან ჩამეძინა. გზა დიდი ყურადღებით გავაგრძელე და სახლში მივედი. მომდენო დღეები დიდი გულისყურით ვამოწმებდი ახალ ამბებს და მსგავს ავტოავარიაზე ან მსხვერპლზე არაფერი შემხვედრია. მხოლოდ ახალდაქორწინებული წყვილის შემთხვევაზე წერდნენ. თითქოს უნდა დავმშვიდებულიყავი და გამეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ვერ ვივიწყებ იმ დღეს. დღემდე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული მომეჩვენა თუ არა.
(რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა და მან საერთოდ ჩემი ასაკიც კი არ იცოდა, ზუსტად არ მახსოვს, მგონი ვუთხარი რომ 25 წლის ვიყავი, კარგია არალიცენზირებულ ფსიქოლოგთან სიარული, საბუთებს არ ითხოვენ.)
-ეს აქამდე არავისთვის მოგიყოლიათ?
-და რა უნდა მეთქვა, მე თავად არ ვიცოდი რა მოხდა.
-მაგრამ, თქვენ ამით იტანჯებოდით?
-ვიტანჯებოდი?
-დიახ.
-იცით საერთოდ რა არის ტანჯვა და ადამიანებს რისი გადატანა უწევთ?
-დამიჯერეთ, იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონიათ.
-მაშინ მომიყევიათ, რითი იტანჯებით თქვენ.
-მე ცოლი დავკარგე, ჩემი შვილების დედა და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მაგრამ იცით რა არის ყველაზე ცუდი ამ ამბავში?- რამდენიმე წამი მოიცადა თავისივე კითხვისთვის პასუხის გაცემამდე,- მე ის არც არასდროს მყვარებია. დარწმუნებული ვარ მან ეს იცოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს?
-საყვარელი გყავდათ?
-არა, არა,- შეიცხადა ,- როგორ გეკადრებათ, მე მისთვის არასდროს მიღალატია, ეს ცოტა სასაცილოცაა, მაგრამ ფიზიკურად მისთვის არასდროს მიღალატია, სიყვარულით კი არც არასდროს მყვარებია.
-ეს როგორ?
-მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა მიყვარს ადამიანი, რომელსაც, ალბათ, არც კი ვახსოვარ. ვიცი, ამ ასაკში ეს სისულელეა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ვხვდები, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი.
-ეს, ბოდიშით, მაგრამ ეს სისულელეა, სასაცილოც კი.
-იცინეთ, მეტსაც გეტყვით, იმ ადამიანმა არც კი იცის, რომ როდესმე მის მიმართ გრძნობები გამაჩნდა. თავის დროზე ვერ გავბედე ყველაფრის თქმა, ახალგაზრდა ვიყავი, მეშინოდა, რომ მასთან ყველანაირ კავშირს დავკარგავდი და უბრალო მეგობრობით ვკმაყოფილდებოდი, რისკი არც არასდროს მყვარებია, შედეგად კი ამდენი წლის მერე ახლა აქ ვსხედვართ გამოკეტილები და კვლავ მას ვიხსენებ. ჩემი ცოლის ნაცვლად, რომელმაც სიცოცხლე შემომწირა, შვილები მაჩუქა, ვზივარ და უმადურად კვლავ იმას ვიხსენებ, ვისაც, ალბათ, არც კი ვახსოვარ.
-იცით ახლა სად არის?
-არა, წლების განმავლობაში ვერ ვბედავდი მის მოძებნას, რადგან მისი დაკარგვიდან მალევე შევირთე ცოლი, მაგრამ ბოლოს შემთხვევით გავიგე, რომ საზღვარგარეთ გაემგზავრა სასწავლებლად. თავიდან, როცა ეს გრძნობა უფრო ძლიერი იყო, არა, სხვანაირად მინდოდა მეთქვა, ეს გრძნობა ახლაც კვლავინდებურად ძლიერია. როცა ამ გრძნობით მქონდა გონება შეპყრობილი, შუა ღამით ჩემი მძინარე ცოლის გცერდით მწოლიარე ვფიქრობდი, როგორ ვერ ვიტანდი ჩემს გვერდით მყოფ ადამიანს, რადგან ის არ იყო, ვისთვისაც იმ მომენტში ყველაფერს გავცვლიდი. დროდადრო ვაცნობიერებდი, რომ შეპყრობილი ვიყავი.
-ამოკით შეპყრობილი? - ჩამეცინა.
-დიახ, სწორედ ამოკით შეპყრობილივით ვიქცეოდი. სასხვათაშორისოდ, როცა ცვაიგს ვკითხულობდი ჩემი თავი მახსენდებოდა, საუბედუროდ, ამოკით შეპყრობილივით ვიქცეოდი, თუმცა ამას კარგად ვნიღბავდი, მხოლოდ ფიქრები დააინფიცირა ამოკმა, გარედან კვლავ მოსიყვარულე ქმარი და მალევე მოსიყვარულე მამა ვიყავი.
-ბევრი მოგონება დაგრჩათ თქვენი ერთადერთი სიყვარულისგან, რომელიც ბედისწერამ გამოგტაცათ?
-მგონია, რომ დამცინით.
-სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ბავშვობის მეგობარს მისტირით ათწლეულებია.
-ბავშვი აღარ ვიყავი, და საერთოდაც ეს თქვენი მხრიდან არაპროფესიონალიზმია.
-არაპროფესიონალიზმი? აქ მე პაციენტი ვარ, პროფესიული ვალდებულებები სახლში დავტოვე, ზედა თაროზე.
-ხუმრობები გიყვართ, როგორც ვატყობ.
-თქვენგან განსხვავებით.
სხარტი სიტყვების გაცვლის შემდეგ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
-გაიწიეთ, არ დაგეცეთ!
-რას გულისხმობთ?
გამეცინა და კითხვა უპასუხოდ დავტოვე.
-უკაცრავად ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ფხიზელი ბრძანდებით?-
-რა თქმა უნდა!
-მაშინ ვერ ვხვდები თქვენი არაადეკვატური ქცევის მიზეზს?
-პირდაპირ თქვით რისი თქმაც გინდათ.
-თქვენ ნორმალური ხართ?!
-ნორმალური რომ ვიყო ახლა აქ არ ვისხდებოდით.
აშკარად პასუხის გაცემა უნდოდა, თუმცა სიტყვებს ვერ მოუყარა თავი და საზურგეზე გადაეშვა, ისევ ჭერის ყურება არჩია არაფრისმომცემი საუბრის გაგრძელებას.
-თუ წინააღმდეგი არ ხართ დავუბრუნდეთ თქვენს... არ ვიცი რა დავუძახო, წინა ტერმინზე აღშფოთდით.
-მერი.
-დავუბრუნდეთ მერის, მომიყევით მის შესახებ.
-ცოტა უხერხული მგონია უცხო ადამიანთან ღრმად მეგობრული საუბარი, მით უმეტეს, ისეთ თემაზე, რომლის ხსენებას მეგობრებთანაც კი ვერიდები.
-დიახ, სწორედ ამიტომ უნდა ისაუბროთ ახლა, რადგან სხვები საკმაოდ დიდი ხანია გიცნობენ იმისთვის, რომ გულთან ახლოს მიიტანონ ეს ამბავი.
-ორი ზრდასრული ადამიანი შუა ღამით ერთ-ერთის ბავშვობის სიყვარულზე საუბრობს, ფანტასტიკურია...
-თავად არ თქვით, რომ ბავშვი აღარ იყავით?
-დიახაც, არ ვიყავი. მერი დიდებული ადამიანი იყო, სიმართლე გითხრათ მოსაყოლი არაფერია. მასთან გატარებული დრო უბრალოდ დიდებული იყო, იმდენად ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში, რომ სრულად ერთ მთლიან მოგონებას ვერც კი ვიხსენებ. დეტალები მახსოვს, ლამაზი დეტალები. არასდროს გვიჩხუბია, ერთად ცოტა დრო გვაქვს გატარებული, მაგრამ მეგობრებისთვის საკმაოდ ბევრი, იმისთვის რომ რამეზე წავკამათებულიყავით. ყველაფერის მიტოვება შემეძლო, ოღონდ მასთან გამეტარებინა დრო. არაფერი გამორჩეული, ისე მიყვარდა, როგორც ყველა სხვას უყვარს ერთხელ ცხოვრებაში. და მაინც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ თქვენთან მერიზე ლაპარაკისას, - თითქოს შესაფერის სიტყვებს ეძებდა,- ცუდად არ გამიგოთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ, პრობლემა მასშია, იმდენად დიდი ამბავია ეს ჩემთვის, რომ მის გამოსახატავად, ალბათ, არასდროს ვიქნები მზად.
-გასაგებია, როგორც თქვენ იტყვით. ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი საუბარი ერთჯერადი გვიანი ღამის აზრების გაცვლა უფროა უცხო ადამიანთან, ვიდრე ფსიქოლოგთან ვიზიტი ან რამის გამოსწორების მცდელობა. უცხო ადამიანთან გულახდილი საუბარი ბევრად სასიამოვნოა, რადგან ამ საუბრით იწყებს შენს გაცნობას და ყურადღებით გისმენს, რაც მთავარია - აინტერესებს.
-მეგობრები გყავთ?
-შაბათ საღამოს შეკრებას, ვისკის სმას, პოკერის თამაშს და ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბარს თუ მეგობრობას დავარქმევთ, კი, გამოვძებნი რამდენიმე მეგობარს.
-თანამოსაუბრე?
-ჩემი ცოლი, თუმცა ეს ყველაფერი ასაკთან ერთად ქრება, ხომ გესმით. ადრე უფრო ხშირად ვსაუბრობდით, ახლა ყოველდღიურ თემებზე უფრო ვსაუბრობთ, ვიდრე ჩვენს თავზე.
მეგონა ეს ყველაფერი უფრო სახალისო იქნებოდა, ვეცდები აღარ მოვატყუო, მაგრამ ვერ დაგპირდებით. ჩემი ჩანახატების ჩვენება ვთხოვე, თავიდან რომ მოვდიოდი ხოლმე მთხოვდა რაღაცები დამეწერა. რასაკვირველია, რამდენიმე მათგანს თქვენც გაგიზიარებთ, სახელებითურთ.
ბურიჩაგა
ბოლოჯერ ვწერ, წელს.
ვფიქრობდი რამე ლამაზი უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ ცოტა რამ თუ იყო წელს ლამაზი ჩემს ირგვლივ. რთულია ლანაზად წერო, როცა არ იცი სილამაზე რას ნიშნავს.
ბევრი ლამაზი ვინმე იყო წელს ჩემთან, მაგრამ სილამაზე ჩემს ცხოვრევაში არცერთს შემოუტანია.
არ იტირო იმიტომ რომ დასრულდა, გაიღიმე იმიტომ რომ მოხდაო, ბევრგან შემხვდა, უაზრობაა.
კიდევ ერთი წელი გავიდა, კიდევ თორმეტჯერ ჩამოიხა კედლის კალენდარი, ხვალ თორმეტზე ამ წლისთვის ბოლოჯერ და იმ წლისთვის პირველად გამოვარდება გუგული საათიდან. ვინ იცის წელს რას მოგვიტანს ან ვის მოგვიყვანს. იქნებ არც არაფერს აპირებს წინ და უკან სიარულის გარდა. ბევრს ვითხოვთ გუგულისგან, თავად არაფერს ვაკეთებთ.
ახალი წლის მართლა მჯერა, რატომღაც.
წინა წელსაც მჯეროდა, მაგრამ არ გამოვიდა.
უმადური ვერ გამოვჩნდები, რამდენჯერმე მართლა ვიყავი ბედნიერი.
წელს აღარ მინდა გმირი ვიყო.(არც შარშან ვყოფილვარ, უბრალოდ მინდოდა)
წელს პირველად აღარ მინდა გმირი ვიყო.
გმირები სამყაროს გადასარჩენად წირავენ სიყვარულს.
წელს მინდა ვინმე ერთისთვის გავწირო მთელი სამყარო.
წელს ვიეგო ვიყო.
(Viego)-return my queen!
(Senna)-You will destroy this world!
(Viego)- She is my world!
წელს მინდა ვიეგი ვიყო.
ლოგინის ქვეშ არასდროს შემიხედავს
უკიდურეს სისუტედ მიმაჩნდა დღიურის ქონა, მაგრამ ძლიერად ყოფნის აზრს ვერ ვხედავდი.
გამუდმებული წუწუნი იმაზე, რომ ადამიანებმა მიგატოვეს. აბა ადამინია რისია, თუ არ მიგატოვა. ძაღლი ხომ არ არის.
სხვების წასვლაზე წუწუნში ვერც კი ამჩნევ, რომ შენივე თავი გტოვებს. სწორედ შენ ხარ ის ერთადერთი ვინც შეგიძლია დაადანაშაულო წასვლაში. სხვას ვერაფერს ეტყვი, მარადიულობა არავის შემოუფიცავს და თუ შემოგფიცეს არავის უთქვამს დაიჯერეო.
შენ კი ვალდებული ხარ დარჩე, მაგრამ მიდიხარ. მიდიხარ ისე, რომ ვერც ხვდები.
ჩემი თავისგან დაცლილს ადამინები მენატრებიან ხოლმე. ქუჩაში მარტო მიმავალს ბევრჯერ გადამიხედავს ტელეფონში ჩაწერილი ნომრებისთვის. სახელებს ვეძებდი, რომელთაც დავურეკავდი. მალევე მივხვდი, რომ ჩემი ზარი უფრო გაუკვირდებოდათ ვიდრე გაახარებდათ.
რაც ჩემმა თავმა დამტოვა უფრო უშიშარი გავხდი. ზოგი შიშიც თან გაიყოლა. სამწუხაროდ.
ჯობია საბნიდან გამოწეული ფეხით დაძინების გეშინოდეს, ვიდრე ცარიელი იყო.
ჯობია ოთახში შუქის ჩაქრობისას ლოგინისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდე, ვიდრე იდგე უმოძრაო სხეულივით შენივე სიცარიელეში.
.
რამდენი რამის დაწერა შეიძლება, ბევრად ნაკლები რამის დაწერა შემიძლია და მე მაინც ყოველ ჯერზე შენ მახსენდები.
არ შემიძლია ვუყურო ასოებს და შენი სახელი ვერ დავინახო. ძალიან მინდა შემეძლოს, მაგრამ სურვილი როდია საკმარისი.
ყველაფერი კარგი შენს თავს მახსენებს. წელს პირველ თოვლს შევესწარი. ცოტამ თუ ნახა ჩემამდე, შუაღამეს კარგად გადაცილებულზე ვიდექი და ვფიქრობდი რაღაც რიგით სისულელეზე ლამპიონის შუქზე პატარა ფიფქები რომ შევნიშნე. თვალის დახამხამებისას მათმა ზომამ იმატა, ხელთათმნიანი ხელი გამოვყავი საწვიმარი ლაბადიდან და ფიფქებიც ნაზად დაესვენნენ ხელისგულზე. მართლა ფიფქების ფორმა ჰქონდათ, საახალწლოდ სკოლაში რომ გამოჭრის ფურცლებისგან ერთი-ორი ნიჭიერი მოსწავლე და კლასის ფანჯარაზე გააკრავს, ეგეთი ფიფქების. ხელთათმაბი ხშირად გიკეთია, შენ გამახსენდი. თოვლი გიხდება. ძალიან გიხდება. ცოტა რამ თუ უხდება ისე ვინმეს, როგორც შენ თოვლი.
არ მინდა შენი ნახვა, მაგრან ყოველ ჯერზე როცა ისეთ ადგილას მოვხვდები, სადაც შენი გამოჩენის შანსი მხირეოდენია, გელოდები. უფრო სწორი იქნება, არ მინდა მინდოდეს შენი ნახვა.
ძალიან დავიღალე შენით, მაგრამ მენატრები. შენ არა, შენთან ლაპარაკი მენატრება.
ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ შენ არაფერი იცი. არცერთი დეტალი, იქამდე ყველაფერი იცოდი, თითქმის ყველაფერი. არ შემიძლია შენზე წერა, წავალ ხეებზე დავწერ.
22
ძინავს და ჩემი არ ესმის, ძილის ბრალი როდია, როცა ფხიზლობს არც მაშინ იგიჟებს თავს ყურადღებით მოსმენით. ან რომ მომისმინოს რა აზრი აქვს, სხვანაირია, მაგრამ ლამაზია და ამიტომ ძინავს ახლა აქ. თვითონაც იცის, რომ ლამაზია და მხოლოდ ამით კმაყოფილდება. ამიტომაა სხვანაირი. მახსოვს პირველად რომ შევხვდი არც ისე ფხიზელი ვიყავი, შესაბამისად გამბედაობაც საკმარისად მქონდა და პირდაპირ შევთავაზე ბინძური რაღაცების საწერად მჭირდები მეთქი. არასდროს წაუკითხავს რას ვწერდი, თორემ ალბათ აღარ წამომიგორდებოდა საწოლზე კანისამარა. განა ზედმეტად ინტიმურ არ გარყვნილ რაღაცებს ვწერ, ეგ როდია მისთვის პრობლემა, უბრალოდ არც ისე კარგად გამომდის. პრინციპში არც ეგაა პრობლემა, რომელი დიდი შემფასებელი ესაა. მაგრამ ლამაზია, ძალიან ლამაზი. საბეჭდი მანქანის ხმაც ვერ აღვიძებს იმდენად არ აინტერესებს ცხოვრება. განა კამიუ ან რამე მსგავსი, არა. თმის საღებავის ნომრები და ტუჩსაცხის ფერის ტონები უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ჩემი ნაწერები მასზე. ამით კმაყოფილი ვარ, სწორედ ასეთ ადამიანს ვეძებდი.
მზის სხივი შემომეპარა ფანჯრიდან, დარწმუნებული ვარ ფარდები გადავწიე გუშინ ღამით, ალბათ ამან გაამოძრავა თავისი სულელური კოსმეტიკური რაღაცების ძებნისას, რაც უფრო დიდი ხანი ცხოვრობს ჩემს სახლში მით უფრო მეტ რაღაცას აფუჭებს. სხივი მხაზე დაეცა, თეთრ ბალიშს ეხუტება და ისე სძინავს. სხივმა მხარზე პატარა ოქროსფერი ფერის თმები გამოუკვეთა. რამდენიმე წუთში სხივი სახემდეც ააბობღდება, ეჭვი მეპარება ამან შეაწუხოს. სანამ მის თვალის ლაინერს არ დაემუქრება საფრთხე იქმდე არ გაიღვიძებს. ლოგინზე მიჭყლეტილი მკერდი ლამაზად უჩანს, წელსქვემოთ თეთრი საბანიაქვს გადაფარებული, თუმცა ისე აქვს ფეხებსქვეშ შემოხვეული, რომ სხეულის კონტურები ზედ საბანზეა ამოტვირფული. თმები გზააბნეული მოლაშქრის ბილიკებივით მიუყრია აქაიქ, ლამაზი ფერის თმებიაქვს. ამხელა ყურადღებას უთმობდეს თმის საღებავს და ლამაზი თმებიც არ ჰქონდეს, საცოდაობა იქნებოდა. გუშინ ღამით არც ისე ენერგიული იყო, თავის თავთან შედარებით. რამე იდიოტური მიზეზი ექნებოდა მოსაწყენად, მაგრამ მაინც კარგად გავერთეთ. მუსიკის ფონზე ვიგორავეთ რამდენიმე საათი, სანამ არ მიგვეძინა. მუსიკა ნამდვილად ესმის, ჩემზე კარგად. ეს ჩემი დამსახურება უფროა, მე საერთოდ არ მესმის, მაგრამ მიყვარს მოსმენა თუ არ ყვირიან.
ვგრძნობ, რომ ვიხვეწები ნელ-ნელა. ბევრი ფურცელი შეეწირა ამ ყველაფერს, ბევრი დაიკუჭა, მაგრამ არცერთი გადაყრილა, ყველა სანაგვე ურნაშია. აქვე, ოთახის შუაში დადებულ სანაგვე ურნაში ყრია. თავიდან არ ვიშორებ, რადგან იმედი მაქვს ერთხელ ადგება საწოლიდან ჩემთვის ყავის გასაკეთებლად, თვალებს მოიფშვნეტს,ნახევრადჩაცმული ჩამოჯდება ნაგვის ყუთთან და გაკუჭულ ფურცლებს გახსნის. ფურცლების გასწორების ხმა გამაღვიძებს, მაგრამ თვალებს არ გავახელ, ამ ღვთაებრივ პროცესს ხელს ვერ შევუშლი. წაიკითხავს თავის თავს და მიხვდება ვინ არის. სწორედ ამ მომენტიდან გახდება ვინ და არა რა. სწორედ ამ მომენტიდან ვეღარ დავწერ მასზე ძველებურად. ვეღარ გამოვიყენებ იმისთვის, რისთვისაც მოვიყვანე. ის ამ ყველაფერზე მეტი გახდება, მიზნის მიღწევა გამირთულდება, მაგრამ ეს ამად ღირს.
იმ დღიდან სხვანაირად დავწერ მასზე, სახელის გახსენებისასაც აღარ ვიყოყმანებ. ამ ყველაფრის პარალელურად კი თვითონ დაკარგავს ინტერეს ჩემს მიმართ.
[1] ორივე მხრიდან მძიმეებში, მსუბუქად.
[2] თუ არ იცით, ანუ არც არის საჭირო იცოდეთ.
[3] აქ შეიძელბოდა რომელიმე სხვა აფთიაქის რეკლამა ყოფილიყო.
[4] თამაში, რომელიც არ უნდა ითამაშო. მაგრამ, თუ წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო, მაშინ - Padrinio - მომძებნე და ერთად დავარღვიოთ.
[5] ჩემი პოემა, რომელსაც ვერასდროს წაიკითხავთ.
[6] ჩემს უჯარში ჩაყრილ ყურსასმენებზე უფრო ახლართული სერიალი.
[7] (CH3)2CS და თუ გაინტერესებთ რა არის შეგიძლიათ სადღაც ახლო-მახლოს მიგდებული ტელეფონი მოძებნოთ და მერე თვითონ