პატიოსანი ადამიანი
პატიოსანი ადამიანი
ლიტერატურული კონკურსი
„გახდი ბესტსელერის ავტორი“
რომანი
პატიოსანი კაცი
ავტორი: ნიკა არახამია
2023
მაგიდაზე იდო, შავი ტყავის ჩანთა. ისეთი (კომუნისტების დროს დიპლომატს რომ ეძახდნენ). ორმოცი წლის, ტოტომ სათვალე მოირგო, ჩანთაში გულდასმით ჩაიხედა, დაკეტა და გავიდა სახლიდან. ჩანთა სამბორბლიანი მოტოციკლეტის ეტლში ჩადო, რომელიც ოდა სახლის გვერდზე იყო გაჩერებული. მზერა გზისკენ გადაიტანა. ჭიშკართან იდგა კაცი და იქვე ელექტრო ბოძზე საარჩევნო პლაკატს აკრავდა.
ტოტომ ჭიშკარი გააღო და შეხედა საარჩევნო პლაკატზე გამოსახულ დიდთავა მამაკაცს, რომელსაც ტარასა ერქვა და მისი ლოზუნგიდან ჩანდა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ქალაქის დეპუტატად აირჩევდნენ, ბრწყინვალე მომავალს პირდებოდა ხალხს...
- გამარჯობა შვილო ტოტო, როგორ ხარ?
მიესალმა ტოტოს მოხუცი, რომელსაც იღლიაში თეთრი ინდაური ამოეჩარა.
- მადლობა, თქვენ ხომ კარგად, ლენა ბებო?
- როგორ ვიქნები, დავბერდი. დღევანდელ თაობას ყველაფერი ხელით მორთმეული უნდა. ინდაურებს მე უნდა დავზდევდე?
ლენა ბებო ჩაიმუხლა. თეთრი ინდაური მიწაზე გააკრა და სტვენით მოუხმო შავ მამალ ინდაურს, რომელიც სხვა დედალ ინდაურებთან ერთად იქვე ღობის გვერდზე ბალახს წიწკნიდა. სტვენის ხმაზე ინდაური დაწინაურდა, თავი მედიდურად წინ წამოწია, ფრთები გაშალა, წითელი თავი მთლად გაუწითლდა და დედალს ზურგზე შეაჯდა.
ლენა ბებო ყოველ დილით ხვდებოდა ტოტოს ჭიშკართან და სულ ზეპირად იცოდა თუ რას ეტყოდა. ამიტომ მისი მოსმენა არც უფიქრია...
ქალაქამდე ოცი კილომეტრი აშორებდა. მარჯვნივ და მარცხნივ მთებზე, ხეები სხვადასხვა ფერებით იყო შემოსილი და თითქოსდა ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებოდნენ. ზოგი სრულიად გაყვითლებულიყო, ზოგსაც სიმწვანით მოჰქონდა თავი. თუმცა საერთო სურათში, ბუნება პირდაპირ შემოდგომისკენ მიგანიშნებდათ და ამ ფერთა გამაში გამავალ გზაზე, ტოტო მოტოციკლეტით მშვიდად მოძრაობდა. შორიდან შენიშნა ქალი, ნელი ნაბიჯით მიდიოდა და მალი-მალ უკან იყურებოდა. ტოტო ინსტიქტურად შეჩერდა, ქალის გახეთქილი შუბლი თვალში მოხვდა. გრძელი, მუხლებთან ამოხეული და დასვრილი კაბა ეცვა. სავარაუდოდ მიწაზე იყო ნათრევი. ქალმა ცრემლი მოიწმინდა და ძლივს ამოილუღლუღა.
- ქალაქში ხომ არ მიდიხართ?
ტოტომ სიტყვის უთქმელად გადაწია ეტლის გადასაფარებელი და ჩანთა გვერდზე გადადო. ქალი უხმოდ დაჯდა. ტოტო დაიძრა. სიჩუმეს მოტოციკლეტის ძრავის გუგუნის ხმა არღვევდა და უფრო დრამატულს ხდიდა მათ მდგომარეობას. ტოტომ ქურდულად გადახედა ქალს, რომელსაც გრძელი წაბლისფერი თმა გასჩეჩოდა და პროფილში მხოლოდ ცხვირის წვერი უჩანდა. მზერა ატყავებულ ხელზე გადაიტანა და თვალი მოარიდა. მდუმარება ქალის შეკივლებამ დაარღვია. მოსახვევში გაჩერებულ მანქანას მიაჩერდა. დამფრთხალი თვალებით ირგვლივ მიმოიხედა, თითქოსდა თავშესაფარს ეძებდა. გაჩერება უფრო ბრძანების კილოთი სთხოვა, ტოტოს და სასოწარკვეთილმა წამოიძახა.
- აქეთ მოდის?
მოსახვევში მანქანა მოტრიალდა და თვალს მიეფარა. რამდენიმე წამში ხეებით დაფარულ გზას გაივლიდა და მინდორზე გავიდოდა, საიდანაც უკვე თავისუფლად შეეძლო გაზაზე გაჩრებული მოტოციკლეტის დანახვა.
ქალი აწრიალდა. გაქცევა დააპირა, მაგრამ ტოტომ შეაჩერა. ეტლში დამალა და ზევიდან გადასაფარებელი გადააფარა. მერე აქ თითოს არაფერიო, გზა განაგრძო.
რვად მოკეცილმა ქალმა იგრძნო, მოტოციკლეტი გაჩერდა და კაცის ხმა ბრძანებით ტონში გაისმა.
- ქალი ხომ არ გინახია?!
- არა.
- სადღაც აქ დავტოვე, წესით უნდა გენახა.
- არა, ბატონო, არავინ არ მინახია.
მანქანის ძრავის ხმა მიწყნარდა და ეტლში მზის შუქი შეიჭრა. ქალმა, ტოტოს გაღიმებულ სახეს შეხედა. მის თვალებში იგრძნობოდა, ყველაფერი კარგად იყო. ქალმა მადლიერებით გაუღიმა და სავარძელში მოკალათდა.
ქალაქში ისე ჩავიდნენ ხმა არ ამოუღიათ. ქალი ქანდაკებასავით გაშეშებული იჯდა და ერთ სივრცეს იყო მიჩერებული. მიუხედავად მისი ცივი დამოკიდებულებისა, ტოტო გრძნობდა, გულში გაურკვეველი წარმომავლობის სითბო ეღვრებოდა. თითქოსდა რაღაც ძალა მისკენ ეზიდებოდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა. კლავდა წყურვილი გაეგო ვინ იყო ქალი, რომელიც ასე უცებ შეიჭრა მის ცხოვრებაში? რატომ გაურბოდა კაცს? ან ეგ კაცი სად ენახა?.. გონება მაშინ გაუნათდა, როცა ქალაქის შესასვლელთან, ბილბორდზე გამოსახული ტარასას გაღიმებულ სახეს წააწყდა. ღმერთო, ეგ ხომ დეპუტატობის კანდიდატი იყო? კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ეძებდა ქალს. რა კავშირშია ნაცემ-ნაგვემი ქალი, კაცთან, რომელიც ამომრჩევლებს კეთილდღეობას პირდებოდა?..
ქალაქში შემავალ ხიდზე გადავიდნენ. ტოტომ მოტოციკლეტი გააჩერა. ქალმა მის მზერაში იგრძნო გულწრფელი კითხვა და მოკრძალებით წარმოთქვა.
- თუ შეგიძლიათ, პოლიციაში მიმიყვანეთ.
რამდენიმე წუთში პოლიციის შენობის წინ შეჩერდნენ. ქალაქში სულ შვიდი ხუთსართულიანი შენობა იყო. ძირითადად კერძო დასახლებას წარმოადგენდა. ერთი შეხედვით დიდ სოფელსაც კი წააგავდა, მაგრამ ქალაქის სტატუსით სარგებლობდა და მის შემადგენლობაში ათამდე სოფელი შედიოდა.
ქალმა მადლობა გადაუხადა, ღმად ჩაისუნთქა, თითქოსდა გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, ყოყმანობდა. ტოტო მოტოციკლეტიდან გადმოვიდა, მაგრამ ქალმა შეაჩერა, ოდნავ გაუღიმა და თბილად მიმართა.
- ნუ შეწუხდებით. გმადლობთ.
ტოტო არ განძრეულა, მანამ სანამ ქალი თვალს არ მიეფარა.
* * *
ტელეატელიეში, ტელეფონის ზარის ხმა დაემატა, ტელევიზორის ეკრანიდან, აქციაზე მოგუგუნე ადამიანების ხმას, რომლებიც „საქართველოს გაუმარჯოს“ გაჰყვიროდნენ. ტოტოს ესმოდა ზარის ხმა, მაგრამ ტელევიზორს იყო მიჩერებული. საქართველოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდა გოგო მთელი შეგრძნებით, ემოციით მიმართავდა შეკრებილ ადამიანებს. ეკრანი უცებ ჩაბნელდა. ტოტომ „სხემაზე“ ელეკტრო ლამფა დაადო და ისევ გამოჩნდნენ ქვეყნის მომავალზე გულანთებული ადამიანები...
ტოტომ კედელზე ჩამოკიდებული ტელეფონის ყურმილი აიღო.
- ტელეატელიე გისმენთ. (გაისმა მისი თავაზიანი ხმა). ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ქალბატონო. გუშინ ვერ მოვახერხე... დღეს აუცილებლად... ყოველ მიზეზის გარეშე, აი ახლავე დავიძვრები თქვენსკენ... მისამართი შემახსენეთ...
ტოტომ ჟურნალი გადაშალა, სათვალე გაისწორა და თითი გააყოლა ჩამოწერილ მისამართებს. ნაკარნახევი გვარი იპოვა, ქალს სიაში მისი არსებობა დაუდასტურა და დაემშვიდობა. საათს დახედა და თვალი მიმოავლო პატარა ოთახს, სადაც იმდენი ხარახურა ეყარა ადამიანი ძლივს გაივლიდა. „ხვალ მივალაგებ“ გულში გაიფიქრა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ტელეატელიე.
ტოტომ მოტოციკლეტი ხუთსართულიანი შენობის სადარბაზოსთან გააჩერა და შეხედა ბინის ნომერს. მოტოციკლეტის ეტლიდან ტყავის ხელჩანთა ამოიღო და კიბეს ნელი ნაბიჯით აუყვა.
ზარი გაცრეცილ ხის კარზე დარეკა. კარს მიღმა ბავშვის ხმა ისმოდა, რომელიც ტოტოს გათვლით ანბანს სწავლობდა.
- ახლავეე.
სახლიდან გაისმა ქალის ხმა. ტოტომ ხშირ, ჭაღარაშერეულ თმაზე ხელი გადაისვა, სათვალე გაისწორა და კარიც გაიღო. სანდომიანი სახის ქალმა სახლში შეიპატიჟა და მისაღებ ოთახის კუთხეში ტელევიზორთან მიიყვანა. ბოდიში მოუხადა, აბაზანაში შევიდა და სარეცხის რეცხვა განაგრძო.
ტოტოს, შავ-თეთრი ტელევიზორის უკანა საფარის მოხსნისას ჭანჭიკი გაუვარდა. თვალი მიმოავლო იატაკს, რომლის პარკეტები ალაგ-ალაგ ამოყრილი იყო. მზერა კედელზე ჩამოკიდებულ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილ კაცის, გადიდებულ სურათზე გადაიტანა. მერე ტელევიზორის შეკეთებას შეუდგა.
სამზარეულოდან შეწყდა ბავშვის ხმა, რომელიც ანბანს იმეორებდა და დედასთან მივიდა.
- დედი, დედი დღეს მულტფილმს მაყურებინებ?
- კი, შვილო. შენ კარგად ისწავლე, მანამდე ბიძია გააკეთებს ტელევიზორს და მერე ერთად ვუყუროთ.
- აუ, რა მაგარიაა.
აღტაცებით წამოიძახა ბავშვმა, წამით შეხედა ტოტოს და კვლავ დედას მიუბრუნდა.
- დედიკო, დედიკო, ბიძია მიდის. შეხედე ტელევიზორი გააკეთა.
ტაში შემოკრა ბავშვმა და ტელევიზორის ეკრანს გასხივოსნებული თვალებით მიაჩერდა. ტოტომ ღიმილით შეხედა ბავშვს, კარის სახელური ჩამოწია.
- მიბრძანდებით, ბატონო?
- დიახ.
- კი, მაგრამ... რამდენია ჩვენი დავალიანება?
- არაფერი, ქალბატონო.
- ხუმრობთ? ეგ როგორ?
- არაფერი არ სჭირდა. უბრალოდ მტვერი იყო შესული.
ტოტომ თავაზიანად დაუკრა თავი ქალს და ჩქარი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. ზურგს უკან, რამდენიმე წამი, მის ყურთასმენას საფეხურების და ქალის მადლობის ხმა ესმოდა. დეტალი, რომელიც ტელევიზორს შეუცვალა იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო და შეხედა კორპუსის მეოთხე სართულზე მომუშავე მღებავებს, რომლებიც ფასადს ღებავდნენ და ზედა სართულიდან ქვევით ეშვებოდნენ. გონებაში, ქალის სახლის კედლების ჩამოხეული და გაცრეცილი შპალერი ამოუტივტივდა. მღებავები ზუსტად ქალის სახლის გარეფასადს უახლოვდებოდნენ. ტოტომ უკმაყოფილოდ დაქოქა მოტოციკლეტი და გაუყვა გზას. ქალაქის გასასვლელთან შეჩერდა და შეხედა ხელოსნებს, რომლებიც ტარასას ბილბორდის მოპირდაპირედ პრეტენდენტი კანდიდატის სურათს აკრავდნენ და მისი დაპირებაც არანაკლები იყო. ორივე მზად იყო ხალხის მორჩილებასა და მათი კეთილდღეობის სადარაჯოზე მსხვერპლად შეეწირათ თავი...
ბინდდებოდა, როცა ტოტო მივიდა გაღმა სოფელში. ცენტრში შეჩერდა და უბის წიგნაკში მისამართი მოიძია. ქალმა დაურეკა, ტელევიზორის ჩაბარება უნდოდა. ტოტო ძველ ტელევიზორებსაც ყიდულობდა, შეაკეთებდა და დამატებით შემოსავალს აქედანაც იღებდა. მისამართზე მისულმა, სახლს შეხედა და მობრუნება გადაწყვიტა, ქალი იქვე დახვდა და მოერიდა. მოკრძალებით მიესალმა ხანში შესულ ქალს, რომელსაც ქალურობის მხოლოდ ხმის ტემბრი შერჩენოდა. მოკლედ შეჭრილი თმა და ტუჩზე ხშირი თმა კაცურ იერს აძლევდა.
სახლს გარედანვე ეტყობოდა სიმდიდრის ბრწყინვალება. ეზოში, ძვირად ღირებულ მანქანას გვერდი აუარეს და სახლიდან რამდენიმე მეტრში არსებულ სათავსოსკენ წავიდნენ.
ტოტომ გაუღიმა ბიჭს, რომელიც დაჭრილ მორებს აპობდა. იგი თოთხმეტ წლამდე თუ იქნებოდა. ნაჯახი ისეთი მორისთვის ჩაერჭო ძლივს აწია, შებარბაცდა, ტანი შეიმაგრა, მორზე დარჭობილი ნაჯახი ყველაზე დიდ მორს დაარტყა და შუაზე გახლიჩა...
ქალმა, სათავსოს აივანზე, კუთხეში მიგდებული ძველი ტელევიზორი აჩვენა. ტოტომ თითით გადაწმინდა მტვერი და გამოჩნდა წარწერა „ივერია“. ტოტომ ახედ-დახედა ტელევიზორს და ქალს უთხრა.
- ყველაზე დიდი ორმოცი ლარი შემიძლია მოგცეთ.
- რაო? ორმოცი ლარი რა ფულია ბიჭო?
- რა ვქნა, ქალბატონო. ოცი ლარის ნაწილი უნდა. ერთი ოცი ლარი მეც ხომ უნდა დამრჩეს? ეს ტელევიზორი ოთხმოც ლარად თუ გაიყიდა მაგარია. ასეთი ტელევიზორები ნაკლებად იყიდება.
- არა ბატონო. ორმოც ლარად ჯობია აქ ეგდოს.
- ნება თქვენია. კარგად ბრძანდებოდეთ.
ტოტომ მოტოციკლეტის დასაქოქს ფეხი ჩამოჰკრა და ბიჭის ხმა შემოესმა.
- ბიძია, ბიძია.
აქოშინებული ბიჭი მის წინ შეჩერდა. ოფლი მოიწმინდა.
- ბიძია... ქალბატონმა თქვა ორმოცდაათ ლარში წაიღოსო.
სასოწარკვეთილი ბიჭი სულმოუთმენლად ელოდა ტოტოს პასუხს, მაგრამ იგი დუმდა.
- ბიძია, არ წაიღებთ? - წარმოთქვა შეწუხებულმა.
- არა!
ტოტომ მოტოციკლეტი დაქოქა.
- ბიძია, გთხოვთ წაიღეთ. შრომის საზღაურისთვის უნდა გადამიხადონ. გთხოვთ წაიღეთ, ძალიან მჭირდება ფული.
ტოტომ მოტოციკლეტი ჩააქრო და სიტყვის უთქმელად გაყვა ბიჭს, რომელიც გახარებული თითქმის სირბილით მიდიოდა სახლისკენ...
* * *
ტოტოს ტელეატელიე მეორე სართულზე იყო. ტელევიზორი კიბეზე ძლივს აათრია. სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და სხემებს გულდასმით დაუწყო გასინჯვა. ტელეფონმა დარეკა. კედელზე ჩამოკიდებული ყურმილი აიღო.
- ტელეატელიე გისმენთ.
ყურმილში ჩასძახა და ფანჯრისკენ წავიდა. თვალი გაუშტერა შავ ჯიპს, საიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა, შენობა შეათვალიერეს და შიგნით შევიდნენ. მათ შორის იყო ატელიის მფლობელი, გენო.
- დიახ, გისმენთ. დღეს ვერ შევძლებ... აქეთ თუ მოიტანთ შევხედავ... კარგით.
ტოტომ ყურმილი დაკიდა და ჩაფიქრებული მიუახლოვდა ფანჯარას. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და კარი გაიღო. ოთახში გენო და ორი ადამიანი შემოვიდა. სამივეს შარვალ კოსტუმი ეცვა. გენო ომახიანად მიესალმა ტოტოს. სხვებმა ზედაც არ შეხედეს, ოთახს დაუწყეს თვალიერება. გენომ, ტოტო მოიკითხა და ტელევიზორს შეხედა.
- ივერია. რა მაგარი ტელევიზორი იყო არა?..
ტოტოს ხმა არ ამოუღია, გაკვირვებით თვალს ადევნებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც ოთახს ისე ათვალიერებდნენ, თითქოსდა გასაყიდი საქონელი ყოფილიყო. გენომ განაგრძო.
- ეგ ტელევიზორები კიდევ აქვთ? ამას ვინ უყურებს ახლა?
- სამწუხაროდ ბევრს არა აქვს ახლის ყიდვის საშუალება.
- კი, მაგრამ უკვე ამათი დრო დამთავრდა.
- ვისთვის როგორ ბატონო, გენო. ზოგს ეგეთი ტელევიზორიც არა აქვს.
- ბატონო გენო, ეს რამდენი კვადრატია? - მომყოლთაგან ერთმა იკითხა.
- თუ არ ვცდები ოცი. საბუთები მანქანაში მაქვს და ვნახოთ.
- კარგით, მაშინ წავედით. ყველაფერი გასაგებია.
- მანქანაში დამელოდეთ, ორ წუთში მოვალ.
მათ გასვლას დაელოდა. სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა.
- ტოტო, შენ ხომ იცია ძალიან გაფასებ. ცხონებული, მამაშენი ძალიან მიყვარდა...
- რა ხდება?
- დამიჯერე, ასე უცებ არ ვაპირებდი.
- ანუ?
- გავყიდე... ყველაფერს დაანგრევენ და ახალ შენობას ააშენებენ. შენზე ვუთხარი, იქნებ გაითვალისწინოთ და ატელიე დარჩეს-თქო, ან სადმე გამოუყავით რომელიმე სართულზე ადგილი-თქო, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე.
ტოტოს მზერა გაუშეშდა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა მამამ აქ მოიყვანა. უმაღლესში სასწავლებლად ვერ წავიდა, მაგრამ ხელობა კარგად აითვისა. არ არსებობდა ტელევიზორი, რადიო თუ მაგნიტოფონი, რომ მას არ შეკეთებინა. ჩხირკედელაობის ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი პროფესია გააგრძელა და ქალაქში ერთადერთი ხელოსანი იყო...
ტელეატელიეში, ტოტოს ავლადიდებას ტყავის ჩანთაში მოთავსებული ხელსაწყოები წარმოადგენდა. ტელევიზორი რომელიც ქალისგან შეიძინა მოტოციკლეტის ეტლში მოათავსა, ზედ ტყავის ჩანთა დადო და სამუდამოდ დატოვა სახელოსნო, რომელთანაც მრავალი წელი და მამაზე მოგონება აკავშირებდა...
* * *
დილით ადრე ადგა და გაახსენდა არსად ეჩქარებოდა. თუმცა ლოგინში კოტრიალი არ უყვარდა. შეუდგა საქმეს, რასაც ყოველდილით სამსახურის წასვლამდე აკეთებდა. ჯერ ძროხებს დაუყარა ჩალა, მოწველა და მერე ქათმები გაუშვა საქათმიდან. ძროხები გადადენა სახლის უკანა ეზოდან. ხელ-პირი დაიბანა და სანამ ისაუზმებდა, გაახსენდა შეკვეთა, რომელიც გაღმა სოფლიდან იყო…
ჭიშკარი დაკეტა და შეამჩნია ბებო. ტოტოს ჯინზე ინდაურები ყოველ დილით მისი სახლის წინ ორღობესთან იყრიდნენ თავს. მოდიოდა ბებო და მოყავდა თეთრი ინდაური. მამალი როგორც ჩანს მიჩვეული იყო ძღვენს და გაფხორილი ელოდებოდა, გაურკვეველ ხმებს გამოსცემდა და გაშლილი ფრთებით მიწას სერავდა.
ტოტო არ დალოდებია ბებოს. წამით შეავლო თვალი ტარასას საარჩევნო პლაკატს და დიდი სისწრაფით დაძრა მოტოციკლეტი.
ქალაქის შესასვლელთან საწვავის ჩასასხმელად შეჩერდა.
- ახლავე მოვალ.
გამოსძახა ბენზინგასამართი სადგურის ოფისიდან დირექტორმა და ძუნძულით გამოვიდა.
- ტოტოს გაუმარჯოს.
მიესალმა და თაბახის ფურცელი სვეტზე გააკრა.
- რამდენი გავუშვა?
- შეენ? სადაა კოსტიას ბიჭი?
- რა მიყო მაგ თავგასიებულმა არ იცი?
- წავიდა?
- ცოლი მოუყვანია.
- ვაახ, ყოჩაღ მაგას. ათი ლარის გაუშვი.
დირექტორმა წყრომით განაგრძო.
- ეგრე უპასუხისმგებლოდ როგორ შეიძლება? ცოლი მოგყავს, კი ბატონო ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, მაგრამ ხომ უნდა მითხრა წინასწარ? ახლა რა ვქნა, უცებ მწყერი ხომ არაა,რომ ავაფრინო ჩამსხმელ ოპერატორი?
ტოტომ, კაცის მიერ სვეტზე გაკრულ თაბახის ფურცელზე შემდეგ სიტყვები წაიკითხა. „გვესაჭიროება ჩამსხმელ ოპერატორი“.
- ტოტო, ერთი საქმეს გამიკეთე ძმურად?
ტოტო უხმოდ იდგა ჩაფიქრებული.
- განცხადებას გაგატან და შენს სოფელში რამდენიმე ადგილას გააკრავ?
- არა!
- რა იყო შეკაცო, ისე არ მინდა, მაყარიჩი იქნება.
ტოტომ სვეტზე გაკრული განცხადება ჩამოხია.
- ეე, რას შვები, გადაირიე?
- თანამშრომელი ხომ გინდა?
- რაო?
- ჩამსხმელ ოპერატორს ხომ ეძებ?
- მოიცა, მოიცა. გყავს ვინმე?
- დილით რომელზე იწყებ?
- ცხრიდან საღამოს ცხრამდე.
- მოვალ. - ტოტომ მოტოციკლეტი დაქოქა.
- შეენ?..
- ცხრაზე აქ ვიქნები.
გაკვირვებულმა კაცმა თვალი გააყოლა ტოტოს, რომელიც მოსახვევში გაუჩინარდა. მან გეზი სოფლისკენ აიღო სადაც ტელევიზორი უნდა შეეკეთებინა. სანამ ცენტრამდე მივიდოდა კინაღამ პოლიციის მანქანებმა გაიტანა. ისინი დიდი სისწრაფით მიჰქროდნენ. მიზეზი მალე გაარკვია. სოფლის ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მისულ კანდიდატს თავს დაესხა რამდენიმე კაციანი ჯგუფი და საარჩევნო აგიტაციის საშუალება არ მისცა. მდგომარეობა უკონტროლო გახდა, სიტყვიერ შეურაცყოფიდან ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდნენ. პოლიციამ ძლივს განმუხტა მდგომარეობა...
როცა ტოტო სოფლის ცენტრში შეჩერდა ინციდენტი უკვე თითქმის დამთავრებული იყო. აქტივისტები მანქანებში შეტენეს და მოაცილეს საბრძოლო ველს. უკმაყოფილო ხალხი სახლებისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. სახლი რომელსაც ეძებდა ასიოდე მეტრში აღმოჩნდა. ჭიშკართან, რამდენიმეჯერ უშედეგოდ დაასიგნალა. შიგნით შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ კაცი, რომელიც ცენტრიდან მოდიოდა, შეჩერდა და მიმართა.
- სახლში არ არიან.
ტოტომ მზერა გააყოლა პერანგშემოხეულ კაცს, რომელიც თავისთვის ბუტბუტებდა, შეჩერდა და ისევ ტოტოს მიმართა.
- რაიონის საავადმყოფოში წაიყვანეს. შეკრებაზე თავი გაუტეხეს...
შუადღე იყო როცა სახლში მივიდა. მზე შემოდგომის შესაბამისად სასიამოვნოდ ათბობდა დედამიწას. სამყარო სხვადასხვა ფერებში იყო შემოსილი და საითაც არ უნდა გაგეხედათ საოცარი ლანდშაპტების აღქმაში ბუნების მთელ ბრწყინვალებას შეიგრძნობდით. სოფელი, რომელშიც ტოტო ცხოვრობდა ოდნავ შემაღლებულ ადგილას იყო გაშენებული და სახლებს შორის ასი მეტრი თუ იყო დაშორება. მთლიანობაში მთელი სოფელი ხეებში იყო ჩაფლული. ტოტოს სახლი, რომელიც მამას აუშენებია, არ იყო თანამედროვე სტილის, თუმცა შიგნით ყველა საჭირო პირობები ჰქონდა...
ტოტო ახალ სამსახურში დანიშნულ დროზე მივიდა. წამებში აითვისა თუ როგორ უნდა ჩაესხა საწვავი მანქანის ავზში და მუშაობას შეუდგა. მართალია ტელევიზორის შეკეთებისგან შორს იყო ჩამსხმელ ოპერატორობა, მაგრამ სახლში ჯდომას ერჩივნა. ის ერთადერთი ხელოსანი იყო და საღამოს, როცა მუშაობას მორჩებოდა, შეკვეთებზე დადიოდა...
მუშაობის პირველი დღე დამთავრდა. ტოტოს შემცვლელი ტანზე იცვლიდა, როცა სადგურში ჯიპი შემოვიდა. მანქანიდან გადმოვიდა ღიპიანი კაცი.
- გაავსე.
გაღიმებული სახით მიმართა და საპირფარეშოში შევიდა. ტოტომ თვალი გააყოლა დეპუტატობის კანდიდატ ტარასას და მზერა მანქანის სალონისკენ გადაიტანა. დაბურული შუშის მიღმა ქალის სილუეტს მოკრა თვალი. გული აუჩქარდა.
- ნუთუ ის არის?
გაიფიქრა და საწვავის ჩასხმას შეუდგა. ყურთასმენას შუშის დამწევის ხმა მიწვდა. ინსტიქტურად მოტრიალდა. გვერდითა სარკეში თვალი მოჰკრა ქალის ჩალურჯებულ თვალს. მან ნაძალადევად ოდნავ გაუღიმა, მზერა საპირფარეშოსკენ გადაიტანა და წამებში დაბურულმა შუშამ შთანთქა მისი გამწარებული სახე. გაახსენდა ქალი, რომელიც პოლიციაში მიიყვანა. ქალი, რომელიც ტარასას გაურბოდა, ახლა მის მანქანაში იჯდა... ფიქრებიდან ტარასას ხმამ გამოიყვანა.
- თქვენ ახალი ხართ?
კითხა და სველი ხელები შარვალს შეაწმინდა.
- დიახ.
ტოტოს არც შეუხედავს, საწვავის ჩასასხმელი პისტოლეტი თავის ადგილზე ჩამოკიდა.
- მაშინ უნდა ჩაინიშნოთ.
ოფისიდან გამოვიდა ტოტოს შემცვლელი. ტარასა მას მიუბრუნდა.
- გივი, აუხსენი რაა.
უთხრა ზრდილობიანად და მანქანაში ჩაჯდა.
- არჩევნების წინ როგორი თავაზიანები ხდებიან ხოლმე. პირდაპირ შაქარს ყრიან. ფულის გადახდა ახლა ეზარებათ და ეგენი ხელისუფლებაში თუ მოვიდნენ რას გაგვახარებენ?.. ტოტო, აქ ხარ?
ტოტო მანქანას უყურებდა და ფიქრობდა ქალზე, რომლიც რაღაც განსაცდელში იყო. რატომ ჩამოწია შუშა, ამით დახმარებას ხომ არ თხოვდა ტოტოს? გივის კითხვაზე „რა გჭირს კაცო, რა ფერი გადევსო“ უხერხულად შეიშმუშნა და თავის დასაძვრენად კითხვას კითხვით უპასუხა.
- ოტიას სიტყვები გახსოვს?
- ოტია ვინღაა?
- იოსელიანი, მწერალი. - ტოტო მოტოციკლეტისკენ წავიდა.
- არ ვიცი, რა თქვა?
- პოლიტიკოსები მტრედებს გვანან, სანამ ძირს დაგოგმანებენ, ჩვენი ხელიდან ჭამენ საჭმელს, აფრინდებიან და ზემოდან გვასკლინტავენ თავზეო.
გივის ხარხარი მოტოციკლეტის ძრავის ხმამ ჩაახრჩო. კიდევ რაღაცა თქვა, მაგრამ ტოტოს არ ესმოდა. რაც შეეძლო იმ სიჩქარით მიდიოდა მიმართულებით საითაც ტარასას ჯიპი გაუჩინარდა. გონებაში აღბეჭდვოდა ქალი, რომლის თვალებში სევდასთან ერთად სიხარულის სხივიც კიაფობდა. ნუთუ ეგ ტოტოს ნახვით გამოწვეული იყო, თუ უბრალოდ ცხოვრების დაცინვა და სასოწარკვეთილების გამოვლენა?..
დაუსახლებელ პუნტქტში, სადაც გზა ქარაფს მიუყვებოდა და მარცხენა მხარეს ტყე გაშლილიყო, ბეწვის ხიდზე ქალი შენიშნა. ტოტომ მოტოციკლეტი გააჩერა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ქალისკენ. ხიდი, რომელიც მთასა და მთას შორის იყო გადებული საკმაოდ შორი მანძილით იყო დაშორებული მდინარიდან, რომელიც სწრაფი დინებით ეხეთქებოდა საალ კლდეებს და ექო მთელ სიგრძე-სიგანეზე იშლებოდა. ქალი დაიკუზა და ბეწვის ხიდის სახელურის ქვეშ თავი გაყო...
- ამას ნუ იზამთ!
ქალი შეჩერდა, თავი არ მოუტრიალებია. კვლავ გაისმა ტოტოს აღელვებული ხმა.
- გთხოვთ, ღვთის გულისათვის.
ქალმა ცრემლით სავსე თვალი მიანათა. ტოტოს მოეჩვენა თითქოსდა ცრემლებში ღიმილის ნაპერწკალი აკიაფდა. მან მზერა მდინარისკენ გადაიტანა, რომელსაც უშველებელი ქვები ვერ აჩერებდნე და ჯიქურ ეშვებოდნენ დაბლობისკენ, თითქოსდა ესწრაფოდნენ სიმშვიდის მოპოვებას. ტოტო ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ქალს. სიტყვებს ვერ პოულობდა, რა ეთქვა არ იცოდა. არადა ახლა სიტყვით თუ შეძლებდა მის გაჩერებას. ქალმა ჯერ ერთი და მერე მეორე ფეხი დადო გაჭიმულ ბაგირზე, გადასახტომად მოემზადა, თვალები დახუჭა და გაისმა.
- მე თქვენ მიყვარხართ! - ქალი გაშეშდა.
- შეიძლება ეგ სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ.
ქალმა მკლავებში იგრძნო, მამაკაცის ხელმა ძლიერ მოქაჩა და ბეწვის ხიდზე ორმა სხეულმა ბრაგვანი მოადინა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვნენ. ქალს ღრიალი აღმოხდა.
- მე მეტი არ შემიძლია. გთხოვთ თავი დამანებეთ.
ტოტომ ვერც ახლა იპოვა დასამშვიდებელი სიტყვა. ერთადერთი რაც ზუსტად იცოდა, ქალს ხელს არ გაუშვებდა. წყლის შხეფების ხმას ქალის ქვითინი შეუერთდა. რამდენიმე წამში ოდნავ დამშვიდდა, თვალებიდან უკანასკნელი ცრემლი ჩამოუგორდა და დადუმდა. იწვნენ გარინდებულები და ვინ იცის კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა, რომ არა ფეხის ნაბიჯის ხმა. ტარასამ მხეცივით დაიღრიალა და წიხლი ამოჰკრა ტოტოს. ტარასამ ირგვლივ მიმოიხედა, ზედ დაჯდა ტოტოს სხეულს და სახეზე უმოწყალოდ მუშტები დაუშინა. ბეწვის ხიდის ფიცრები სისხლით შეიღება. ქალის კივილზე, ტარასა შეშინდა, უგონოდ მყოფ ტოტოს თავი გაანება. ქალი ძალით წაათრია მანქანისკენ და წავიდა...
- ვაპროტესტებ.
სასამართლო დარბაზში გაისმა მოპასუხე ადვოკატის ხმა. განსასჯელის სკამზე იჯდა ტოტო და იატაკს ჩაჰყურებდა. მოსამართლემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ადვოკატმა განაგრძო.
- ბატონო მო