უსახელოს დღიური
უსახელოს დღიური
“სამყაროს აქვს დასაწყისი, მაგრამ არა დასასრული. - უსასრულობა.
ვარსკვლავებსაც აქვთ დასაწყისი, მაგრამ სწორედ მათი ძალა იწვევს მათ განადგურებას. - სასრული.”
· შტეინის კარიბჭე
დღე 0: დღიური
“გამომართვი და ის დღიურად აქციე.” მეუბნება სულელურ კოსტუმში გამოწყობილი ბიბლიოთეკარი და სახეზე შემშრალი მოლოდინით ელის მაგიდიდან წიგნს როდის ავიღებ.
“რაში მჭირდება?” ვეკითხები და მეთვითონვე ვიბნევი “არა, არა მოიცა.” თავი იდიოტივით გავაქნიე და თავს სულელად ვგრძნობ. “სიზმარში ვარ?” მიმოვიხედე და გარშემო გადაჭიმულ უსასრულო წიგნებზე მივანიშნე.
მსმენელი, რომელიც კომფორტში ბანაობდა და კმაყოფილი დამცქეროდა, მშვიდად მპასუხობს. “რა მნიშვნელობა აქვს?” ჩემი რეაქციებით აშკარად სიამოვნებას იღებს. “მთავარია შენი ამბავი ისტორიად აქციო!” იცინის და სახეზე ყურებისას ვიცი არ დაუმთავრებია. “იცოდე ყველას არ აქვს მსგავსი შესაძლებლობა. ვაი და ერთ დღეს ინანო, მერე სად მიდიხარ? თანაც შენი რა მიდის?” ისედაც ვუსმენ და მოსმენა მინდება.
“არ ვიცი.” ვპასუხობ და მის გვერდით ვჯდები. ყველაფერი არარეალურს ჰგავს. სიზმრისთვის ზედმეტად ცხადია, მაგრამ თავში უფრო მეტი ბუნდოვანება დამიგროვდა. “ეს თაროები და წიგნები?” ყურადღება ირგვლივ სამყაროზე გადავიტანე. “ეს ყველა წიგნი სხვების დღიურია?”
სახეზე ხელი მოისვა. ვითომ ღრმა ფიქრებს მიეცა და სიტყვები სწორად დაალაგა. “რაღაც გაგებით კი. რეალურად მოთხრობილი ამბებია, რომლებიც ნამდვილ, ჭეშმარიტ ისტორიად იქცა. ზოგი მათგანი ლეგენდებით დაიწყო. ბევრიც შთამომავლობების მიერ მოყოლილი ზღაპარია. არაერთი პირადად მოვისმინე და ზოგსაც თვალით შევესწარი. მთავარია თითოეული წიგნი ცალკე სამყაროა, თავისი განსხვავებული და საოცარი თავგადასავლებით.”
მისი სიტყვები სცენარებად ფორმირდება. თავს დრო მივეცი მისი კარგად გამეგო. ვაღიარებ მეშინოდა, მაგრამ დაინტერესებულიც ვიყავი. “შენ, თქვენ ვინ ხართ?”
“მე?!” გაიცინა და გულზე ხელი მიიდო. “მე უბრალო მეზღაპრე ვარ. ერთდროულად მსმენელი და თან მთხრობელი.” ფეხზე წამოდგა, მეც მივყევი, ერთი ხელით წიგნაკი აიღო და მეორე მხარზე დამადო. რაღაც უცნაურ შეგრძნებებს ველოდი, თუმცა არაფერი მომხდარა. თითქმის ერთ სიმაღლეზე ვიდექით და ცარიელი წიგნაკი გამომიწოდა. “გადაშალე და შენ თვითონ ნახავ. მიხვდები, რომ ის ვეღარ იცდის შენი ამბავი შენთან ერთად დაწეროს.”
მისი წვიმის შემდეგ დარჩენილი მიწისფერი თვალები მეგობრული სიახლოვით მთხოვდა. “კარგი.” დავთანხმდი და წიგნის გამოსართმევად ხელი გავუწოდე. “მოიცა ხომ უფასოა? გადახდა მიწევს? იმედია ფულს არ მომთხოვ.”
მეზღაპრემაც გაიცინა. მინდოდა ეპასუხა. არაფერი თქვა. შევეხე მყარ ფურცლებს და იმ სიბნელეში დავბრუნდი, საიდანაც მოვედი.
დღე I: უძილო ღამე
ნაცნობი მაღვიძარას ხმა თავის მოვალეობას წარმატებით ასრულებს. თვალები ქუთუთოებს არ უშვებს, გულში იკრავს და გახელის საშუალებას არ მაძლევს. შევებრძოლე ზუსტად ისე, როგორც ყველა დანარჩენ დღეს. სახე მოვიფშვნიტე და ზურგზე გადმოვგორდი. ჭერს მივაშტერდი და წამიერ სიმშვიდეში გადავეშვი. კისრის ქვეშ ბალიში ამოვიდე და ფანჯრისაკენ გავიხედე. ჯერაც ბნელოდა, სქელი ფარდა ოთახში სინათლეს არ უშვებს.
ავდექი, ფარდა გადავწიე და გვიანი გაზაფხულის სიმწვანეს შევეგებე. ხუთწუთიანი ვარჯიში და გაწელვებიც გავაკეთე. განსაკუთრებული არაფერი, ყოველი დღე ასე იწყება. პირსახოცი მოვიმარჯვე და ცივი შხაპი მივიღე. ფიქრებში გავიფანტე და სამომავლო იდეები მეწვია.
უმეტესობა წყალმა წაიღო, თუმცა ცოტაოდენი მოტივაცია მაინც შემომინახა. ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და შესაძლო ვარიანტებს გადავხედე. ბევრი არ მიფიქრია, მარტივი შესაბამისობა ავირჩიე და კომფორტულად ჩავიცვი. მხრებამდე ჩამოსული, ჯერ კიდევ სველი, წაბლისფერი თმა სამურაივით შევიკარი.
მერე მაგიდაზე ახალმა, მაგრამ თითქოსდა ნაცნობმა ნივთმა მიიპყრო ყურადღება. მივედი და თეთრი ყდის მქონე წიგნი ვნახე, რომელიც არ ვიცი ჩემს ოთახში რას აკეთებდა. გადავშალე და პირველივე გვერდზე ჩემივე კალიგრაფიით მხვდება ჩანაწერები, რომლის დაწერის პროცესი არ მახსენდება. კონტენტიც უჩვეულო იყო და წიგნაკის რაობას გარკვეულწილად ხსნიდა.
მოგონებები ბუნდოვნად დამიბრუნდა. კადრებად სიზმარი აღმიდგა, სადაც უცნაურ მეზღაპრეს ველაპარაკე. ბევრი ვერაფერი გავიხსენე, თუმცა დღე 0-ის ჩანაწერები ყველაფერს მეუბნებოდა, რისი ცოდნაც ამ მომენტში შემეძლო. “ვეღარ იცდის ჩემი ამბავი ჩემთან ერთად დაწეროს?” ხმადაბლა ვთქვი და რეალობად ქცეულ სიტყვებს დავუკვირდი.
გამოდის, რომ მე არაფრის გაკეთება მომიწევს? კი, მაგრამ რა უნდა ჩაიწეროს, განსაკუთრებული ხომ არაფერი ხდება? არ ვიცი, ამოუხსნელის წინაშე აღმოვჩნდი. მთავარია ჩემი არაფერი მიდის და ვნახოთ რა იქნება. თან რაღაც სასწაული, წარმოუდგენელი ჩანს. არ მგონია იგივე ბევრს დაემართოს, ამიტომ მომენტით დავტკბები.
უნივერსიტეტში წასასვლელად მზად ვიყავი. მარტო ჭამა დამრჩა. იოგურტი და ხილი მივირთვი, ავტობუსი არ მაინტერესებდა. შორს არ ვცხოვრობ და ტრანსპორტს არ ვიყენებ. ფეხით გასავლელ გზას სირბილით გავდივარ. ჯერ კიდევ გრილი ამინდი და სახეზე ჰაერის სიო სასიამოვნო ემოციებს წარმოშობს.
უნივერსიტეტში კარგად ვერთობი. უცნაურია, წესით კარგად უნდა ვსწავლობდე, მაგრამ გართობამდე უფრო ხშირად მივდივარ. ყოველდღე ახალ და ახალ ადამიანებს ვიცნობ და მოსაწყენ ლექციებს სახალისო აქტივობებს ვუმატებ. დღე კი შეიძლება დამღლელად, თუმცა ჩქარა ჩაივლის.
დღევანდელი დღეც არაფრით გამოირჩეოდა. ერთი შეხედვით ყველაფერმა ჩვეულებისამებრ ჩაიარა. სანამ შენობის კორიდორში ძლიერი ქუხილი არ გავიგონე; ხმის მიმართულებით გავიხედე და წაქცეულ სკამთან გოგონა დავინახე. ვიცნობდი მას. ნუ დაახლოებით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა. კიბეებზე დაცვა დავინახე, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია და ვიცი რა ამბავსაც აწევდა.
არ მიფიქრია, გოგოსთან მივირბინე, ხელი ჩავჭიდე და საპირისპირო მიმართულებით გავიქეცით. ერთი სართულით მაღლა ავედით და სტუდენტთა მოსასვენებელ დარბაზში დავიმალეთ. ბევრი არ გვირბენია, თუმცა შეკრული სუნთქვის გამო გულისცემა ორივეს აგვიჩქარდა. სამშვიდობოზე გასულებს დრო მოგვეცა ერთმანეთისთვის შეგვეხედა.
“***?” ჩემი სახელი შემოსძახა და გაკვირვებული მიყურებდა. “აქ რას აკეთებ?”
ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ჩემს ტვინში ახლაღა დაფიქსირდა. გოგონას ვიცნობდი, მაგრამ არა რეალურ სამყაროში. ის ცოტახნის წინ ონლაინ გავიცანი და არასდროს მითქვამს, რომ მეც იგივე უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სანამ ვინმე განმსჯიდეთ იცოდეთ, რომ საჭირო არაა. ამას ახლა და ამ წუთას ისედაც ვაკეთებ. საკუთარი თავის დასაცავად ვიტყოდი, რომ როცა საქმე გრძნობებს ეხება, რთულია მათში ლოგიკის მოძებნა.
ახლოს არ ვყოფილვართ. შეიძლება ერთი ღამე მასთან წერაში გავატარე, მაგრამ ეს იყო და ეს. შეიძლება მომწონდა ის, ყოველ შემთხვევაში ინტერესი ნამდვილად გამაჩნდა. ერთმანეთი ორივემ ვიცანით და მე მის შეკითხვაზე უნდა მეფიქრა.
“რატომ არ მითხარი შენც აქ თუ სწავლობდი?” ხელები გულთან გადაიჯვარედინა, თითქოს უკმაყოფილებას გამოთქვამდა. “არ მეგონა ასეთი მორცხვი თუ იყავი.” მიყურებს და მიცინის. სახიფათოა ყურება, მაგრამ თვალებს ვერ ვაკონტროლებ. ღიმილი მეც გადმომედო და ტვინი ქაოსისგან გაიწმინდა. მისი ბუნებისგან წოდებული მოწითალო თმის ფერი შორეულ შემოდგომას მივამსგავსე. შავი თვალები უფსკრულს შევადარე, რომელში ჩაშვების შემთხვევაში უკან ვერასდროს დაბრუნდებოდი. მერე ხელზე დაიხედა, რომელიც ისევ ჩემს ხელში იყო.
ინსტიქტურად გავუშვი და ჩვენს გარშემო შექმნილ ცალკეულ სამყაროს დავაკვირდი. კომფორტს მივაგენი და მისი შენარჩუნებისთვის პირი გავაღე. “ძებნაში ვარ და ადგილსამყოფელს არასდროს ვიძლევი. თან სწავლა ახლახანს განახლდა.”
მის სახეს ღიმილი არ ტოვებს. ეშვისებრ კბილზე პომადა ეცხო. რაღაცნაირად მის პერსონას მოუხდა, ალბათ უფრო სრულყოფილს ხდიდა. ვფიქრობ ეგო მატყუებდა, რომ ჩემი ნახვით გახარებული ჩანდა. “არაუშავს, არაუშავს.” ეგოს ჩემი გაცურების უფლება მივეცი და მის სიტყვებს ყურადღებით მოვუსმინე. “ახლა ის მითხარი რატომ გავიქეცით?”
“დაცვა მოდიოდა და ვიცი ტვინს უაზროდ შეგიჭამდა. თუ არ იციან ვინ დააშავა, მაშინ არც არაფერი დაშავებულა. თან თუ არ ვცდები, მაგ ადგილს კამერაც ვერ ხედავს.” გულწრფელად ვუპასუხე და თავისუფალ სკამებზე დასხდომა შევთავაზე.
მისი ხის ფერი ტუჩები სიცილისგან გაფართოვდა. “უცნაური ფილოსოფიაა.” ხმამაღლა თქვა. ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა. “მაგრამ გეთანხმები.” მისი ცივი ხმა და სურნელი გულს წამიერად მიჩერებდა. “მომწონს შენი იუმორი. სულ ვიცოდი, რომ სასაცილო იყავი.” მზემ დაგვანათა. მისი სახე შუქზე პრიალებდა. “მიხარია შენი ნახვა.” დაამატა და რამდენიმე ამოსუნთქვაც მომპარა.
მიღებული შექება მოულოდნელი იყო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სერიოზული ვიყავი. “ჩემი ხუმრობები ბევრს არ მოსწონს. ეს შენ გაქვს უცნაური იუმორის გრძნობა.” პირდაპირ ვუთხარი. მერე მისგან გადმოდებული ღიმილი ჩემს სახეზე გადმოვიტანე და თვალებში შევხედე. “მეც მიხარია შენი ნახვა. რომ მცოდნოდა ასეთი ლამაზი იყავი, აქამდე აუცილებლად გნახავდი.” მართალს ვამბობდი. ვიცოდი, რომ მომნუსხველი იყო, მაგრამ შეხვედრამ ათასგვარად სხვა შედეგი დამანახა. მისი ეჭვ შეპარული გამომეტყველება სერიოზული სახის შენარჩუნებაში ხელს მიშლიდა.
“სურათები ხომ ნახე? მათ გარეშე ვერც მიცნობდი?” მპასუხობს და მზისგან შეწუხებული ახლად გათავისუფლებულ მაგიდას მივუსკუპდით.
თავი გავაქნიე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს დიდი შეცდომა დაეშვა. “არაფერიც არ იცი. სად რეალობა და სად პიქსელები?!”
მანაც მხარზე ხელი მკრა და სიამოვნება ნარევი ხმით მითხრა. “ვხედავ გრძელი ენაც გქონია.” საათს დახედა და ნაჩქარევად წამოხტა. “სულ დამავიწყდა ლექციაზე უნდა გავიქცე. აბა შენ იცი, იმედია გნახავ.” რამდენიმე ნაბიჯი ახალი გადადგმული ჰქონდა, გაჩერდა და ჩემთან მოირბინა. ხშირი თმა ყურს უკან გადაწია და მარტო ჩემს გასაგებად მითხრა. “შენს ლოკაციას არ გავცემ არ შეგეშინდეს. მადლობა დახმარებისთვის.” თვალი ჩამიკრა და გზას დაუბრუნდა.
გავიცინე და ხმამაღლა მივაძახე. “კბილზე პომადა დაგრჩა.” არ გაჩერდა, სვლა არ შეაჩერა, თუმცა მისი ტანის რხევით მივხვდი გაიგო. კარგი დღე იყო. სახლში ისევ ფეხით ვბრუნდები. დაქანცული უკვე ძუნძულით. მამაჩემიც მოსულა და ახალი, საინტერესო გაჯეტი მოიტანა. ტექნოლოგია ***** გამოიყენება და გამოსადეგი რამე ჩანს. მისი კონტროლისთვის სპეციალური აპია საჭირო და მთელმა ოჯახმა სათითაოდ ჩავიწერეთ. სახლს გარეთ ერთად გავედით და მუსიკას თანდასწრებით ვარსკვლავების თვალიერებით გავერთეთ.
დედა, მამა და ოთხი დედმამიშვილი ცის წინაშე მარტოები ვიდექით. თავს მშვიდად ვგრძნობდი, ჩვენ ექვსის მყუდროებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. არ ვიცი წიგნაკი რისთვის მივიღე, მაგრამ მსგავსი კომფორტული დღეების დამახსოვრება ურიგო არ იქნებოდა. დაწოლამდე დრო ახალი სათამაშოს შესწავლაში გავატარეთ. ყველა აღტაცებული ჩანდა და ძილის დრო შეუმჩნევლად მოგვეპარა.
ლოგინს დავუბრუნდი და ჭერს მივაშტერდი. თვალები დავხუჭე და ფანტაზიის კოშკები ავაგე. გადავბრუნდი და დაძინება ვცადე. დრო გადიოდა და ძილი არაფრით მომეკიდა. როგორც წესი მარტივად ვითიშები და პრობლემა არასდროს მქონია. საათმა საათი წაიყვანა და წოლის ყველა შესაძლო პოზა ვცადე. გარეთ ხმაურია, ძაღლები შეუწყვეტლივ ყეფენ. გადაწეული ფარდის მიღმა სრული სიბნელე იმალება. სიზმრები, რომელთა მოლოდინშიც მთელი ღამე გავატარე, არადა არ მეღირსა. კითხვა ვცადე, თუმცა დაძინებამდე ვერც მან მიმიყვანა. მერე წიგნაკიც მოვიმარჯვე, დღე 0-ის ჩანაწერი არაერთხელ შევისწავლე და მისი ცარიელი გვერდებიც ვშალე.
დღე II: გრძელი ღამე
გათენდა, მზემ თავი გამოყო და მე თვალიც არ მომიხუჭავს. ქუთუთოები დამძიმდა, თითქოს დიეტა დაარღვია და წონაში იმატა. გათიშულ სხეულს ენერგია აკლდა, ნებისყოფა მოვიკრიბე და საწოლიდან წამოვდექი. წინა დღის რუტინა გავიმეორე; ფარდა გადავწიე და ცოტაოდენი სინათლე ოთახში შემოვაპარე. მარტივი გაწელვები გავაკეთე და სანამ საბანაოდ შევიდოდი, წიგნაკს მივაშურე. დარწმუნებით მახსოვს ის თავთან ახლოს მედო. მეხსიერებაში ნაცნობ ადგილებში არ დამხვდა, თუმცა მაგიდაზე მელოდა.
არ ვიცი იქ როგორ გაჩნდა, ან თავისით რანაირად დაბრუნდა. სკამს მივუჯექი და თავიდან გადავშალე. დამხვდა ის, რასაც ველოდი და აღარ გამკვირვებია. დღე 0 აღარ იყო დღიურის ერთადერთი ჩანაწერი. მას თავისი სათაურით დღე I-იც დაემატა. უძილო ღამე ჩემს წინა დღეს აღწერდა, რომელიც ამჯერადაც ჩემი კალიგრაფიით დაიწერა. ჩემი ფიქრებისა და დღის წაკითხვა მაინცდამაინც კარგი გამოცდილება არ ყოფილა. თითქოს ჩემ ჩაწერილ ხმას ვუსმენ და ყურების დახუჭვა მომინდა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე და ზუსტად ვიცი შიგნით არაფერი დამიწერია. შავი მელანი, რომელიც გუშინდელ დღეს ყვებოდა, ჩემს ოთახში არსებულ არცერთ კალამს ეკუთვნის.
ყველა დანარჩენი გვერდი სათითაოდ შევისწავლე. ზოგი ცეცხლის შუქზე, ზოგიც ულტრაიისფერ ნათებაზე გავსინჯე, მაგრამ თვალისთვის საეჭვო არაფერი ეტყობოდა. საიდუმლოების ამოხსნაში მეტ დროს გამოვყოფდი, რომ არა უნივერსიტეტში წასვლის ვალდებულება. თბილი წყლით გადავლება დავიწყე და გამოცოცხლებისთვის ცივი შხაპით დავასრულე. ენერგიით ავივსე, რომელიც ვიცოდი დიდხანს არ გამყვებოდა.
მისტერიულ მოვლენაზე ფიქრში გართული სასწავლებელში გაუცნობიერებლად აღმოვჩნდი. ინტერესი მიპყრობდა და თან ცოტაოდენი შიშიც თავს არ მანებებდა. უნივერსიტეტში მომდევნო დღისთვის პრეზენტაცია უნდა მომემზადებინა. საგანი არც თუ ისე საინტერესო, თუმცა ლექტორი და გარემო ერთობ მისაღებ სიტუაციას ბადებდა.
პროექტზე მუშაობა მარტო არ მიწევდა და პროცესით ნამდვილად დავტკბი. ბევრი არ მიწვალია და მალე გავთავისუფლდი. სასწავლებელი ერთ გოგონასთან შეხვედრის იმედით არ დავტოვე. წარმატებას ვერ მივაღწიე, ოდნავ ცხვირი ჩამოვუშვი და სახლში ნახევრად მძინარე გავიქეცი.
მამაჩემი ჯერ არ მოსულა. დანარჩენი ოჯახი ეზოში ვიყავით და მობილურ მომარჯვებულები ახალ ტექნიკას შევისწავლიდით. აპლიკაცია კარგად აწყობილი, გამართული სისტემის მქონე იყო და ჩემი ოთხი წლის პატარა ძმაც მარტივად იყენებდა. ბაღში ხმაური იყო და ჩვენი ძაღლიც და ხეებიც ამინდთან შესაფერისად გამოიყურებოდნენ.
უფროსმა ძმამ ინტერესი დაკარგა და თავის ოთახს დაუბრუნდა. დედაჩემი და ჩემი და უწყვეტად ბედნიერები ჩანდნენ და პატარას გვიანობამდე ეთამაშებოდნენ. სამსახურიდან მამაჩემიც დაბრუნდა და ძაღლის გასეირნება შემომთავაზა. იშვიათი არ იყო ჩვენი გვიანი ღამის ბნელ ქუჩებში ბოდიალი. ცხოველის საკვების მარაგის შევსება და კომპანიონობა ერთობ დასამახსოვრებელ ტრადიციად იქცა.
ჰეკატე დამჯერი, შავი ძაღლი იყო, რომელიც სიბნელეს ერწყმოდა. მისი დაცქვეტილი ყურები და ბუმბერაზი ტანი ძლიერ, შეიძლება საშიშ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. “ჰეკატე მოდი ჩემთან.” ერთი დაძახება საკმარისი იყო და ის წკმუტუნით უმალვე მიახლოვდებოდა. ხალხში მისულმა მას საყელო გავუკეთე და მისი საყვარელი საჭმელიც ვიყიდეთ.
მამაჩემი წყნარი კაცი იყო, თუმცა ისტორიების მოთხრობა ეხერხებოდა. მე და ჰეკატეს მუდამ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა და სეირნობას დამატებით შედეგიანს ხდიდა. როგორც წესი უფრო დიდხანს ვივლიდით, რომ არა ჩემი დაწეული უძილობა. უკან დავბრუნდით და ლოგინს მივაშურე. მანამდე დავრწმუნდი, რომ წიგნაკი კარადაში ჩავკეტე, რათა უცნაური გადაადგილების ფენომენიც ამომეხსნა.
დაღლილი თვალები ღია ძლივს რჩებოდა. ამ ღამესაც იგივე განმეორდა. რა მეთოდი, რა პოზიცია და რა წყნარი მუსიკა არ ვცადე, მაგრამ ძილი არადა არ მომერია. გარეთ ძაღლთა ყეფა არ შეწყდა, თუმცა ჰეკატე ყოველთვის მშვიდი იყო. ვითომდა სხვა ძაღლების დონეზე არასდროს ეცემოდა და მათ არაფრად აგდებდა. ხმაური მოძლიერდა, ჩემი დაძინების სურვილი კი მხოლოდ ნატვრად დარჩა.
კიდევ ერთი უინტერესოდ გატარებული ღამე კიდევ უფრო გადამღლიდა. ტელეფონი მოვიმარჯვე და ინტერნეტის უკიდეგანო სამყაროში გადავეშვი. მოწყენილს მომდის მესიჯი და მისი გახსნისთანავე წითურ პროფილის სურათს ვხედავ. “რატო არ გძინავს?”
გაკვირვებულმა ჩემთვის შევიცხადე და თითებს პასუხი ნაჩქარევად გავაგზავნინე. “წარმოდგენა არ მაქვს, ორი დღეა ასე ვარ. თავად რატომ არ სიზმრაობთ?”
გაგზავნილი წერილი ეგრევე ნახა და უკუკავშირიც არ დაგვიანდა. “შუადღეს კარგად გამოვიძინე და მეყო.” პაუზა არც აუღია ახალი შეკითხვა მომცა. “გინდა მაგარი რაღაც განახო?”
სენსორულ ეკრანზე რამდენიმე ასოს დაწერა ძლივს მოვასწარი, როცა გზავნილად სურათი მომდის. მისი სახის ფოტო იყო, რომლის ორივე წარბი და ცხვირი ახლად გაეხვრიტა. პირსინგები მოულოდნელი იყო, მაგრამ უნდა ვაღიარო მისი ნაკვთების ერთობას ნამდვილად მოუხდა.
სიბნელეში გადაღებულ ფოტოში მთელი მისი სახის მოყვანილობა ჩანდა. რამდენიმე წამი უმოძრაოდ, შესაძლოა თვალების დახუჭვის გარეშე გავატარე. ტელეფონის ხმამ აზრზე მომიყვანა და ხელები ახლიდან ავამუშავე. ჩუმად, ყველა არსებულ, არარსებულ, ცოცხალ თუ მკვდარ ღმერთს მადლობა გადავუხადე, რადგან მსგავსი მშვენიერების ნახვის საშუალება მომეცა.
“ვახ, ვახ. დღეს გაიკეთე?” მესიჯი ისევ უმალვე ნახა. წერა რამდენიმე წამი არ დაიწყო. ჩემი აჩქარებული გულისთვის საბედნიეროდ დიდხანს არ მალოდინა.
მოვიდა ნოთიფიკაცია და ყვითელი, გაბრაზებული ემოჯებიც მოიტანა. “შეფასებას ველი.”
ვიცოდი რაღაც მსგავს მეტყოდა. “ჩემგან შეფასების მიღება გჭირდება?”
“არ მჭირდება. უბრალოდ აზრი მაინტერესებს.” ფერადი სმაილები ადგილზე იყო.
ფიქრების გამოხატვა იოლი არასდროსაა. მითუმეტეს გულწრფელი, გულიდან წამოსული. “მომწონს. გიხდება, თითქოს თავის ადგილზეა და აქამდეც უნდა გქონოდა.”
ჩატში სიწყნარე აღდგა. ნახევარი წუთის განმავლობაში არაფერი მოუწერია. ჩემი სიტყვები ნანახი ჰქონდა. “მადლობა.” მოძრავი სტიკერები და კვლავ პაუზა. “თქმა ასეთი რთული იყო??”
“არც ისე..” ბოლომდე არ გამოვუტყდი.
“დღეს გავიკეთე. დაძინებამდე. მტკივნეულიც არ ყოფილა.” ძველ შეკითხვაზე მიპასუხა. ჩქარე წერდა. მიჭირდა მისთვის რამდენიმე წინადადება გადაბმულად მიმეწერა.
“მაშინ ხვალ მაგნიტს წამოვიღებ და ვნახოთ თუ მიეკრობი.” ვუთხარი და ლოგინიდან წამოვდექი. მიყვარს, როცა ხუმრობა რეალობად იქცევა. მაგნიტის რამდენიმე სხვადასხვა ფორმის ნაჭერი მოვძებნე და მაგიდაზე დავაწყე.
დღე III: არსი
მზე შეუმჩნევლად ამობრწყინდა და ვერც გავიგებდი ჩემს გათენების კომპანიონს რომ არ ეთქვა. ღამე მობილურის სიახლოვეს გავატარე. ეკრანმა თვალები დამიღალა, მაგრამ არცერთი წამით მინანია. “კარგი წავედი მოვემზადო.” ვუთხარი და ლოგინიდან წამოვდექი.
“მიდი, მიდი. შუადღემდე არაფერი მაქვს და ცოტას წავუძინებ. გნახავ დღეს.” სმაილებით ემოციების გამოხატვას არ მოეშვა და ონლაინ სტატუსი მოწერისთანავე დატოვა.
დაღლილი ვიყავი. ტვინში ნისლს ვგრძნობდი, რომელიც აზრების დაკავშირებაში ხელს მიშლიდა. თავიც მტკიოდა და სხეული მითითებების შესრულებას აგვიანებდა. როგორღაც ტანში სიმსუბუქე იდგა. უენერგიო, თუმცა მჩატე კუნთები ავამუშავე და მაგიდის წერტილს დავაკვირდი, რომელზეც წიგნაკი შეუმჩნევლად გამჩდარიყო.
აღარ შემიცხადავს. ველოდი და არც საკმარისი ძალა მქონდა გაკვირვება გამომეხატა. გადავშალე მისი უკვე შევსებული ფურცლები და წინა დღის ჩანაწერებს გავეცანი. განსხვავებული არაფერი დამხვედრია. გუშინდელი წარსული დაკვირვებით წავიკითხე და აბაზანა ფიქრებში ხეტიალით მივიღე. სამზარეულოში ჩემი უფროსი ძმა დამხვდა, რომელიც საკვებს უღონოდ იმზადებდა.
“ასე ადრე აქ რა გინდა?” ვკითხე და მისი გვერდი დავიკავე. როგორც წესი გვიანობამდე ეძინა და შუადღემდე ოთახს არ ტოვებდა.
მანაც თვალები მოიფშვნიტა და დაბალ ხმაზე მიპასუხა. “ვერ დავიძინე. ცოტას წავუხემსებ და თავიდან ვცდი.”
“ვერც შენ? ორი დღეა მეც მასე ვარ.” ყავა დავადგი და დასალევი გავამზადე
“არ წახვიდე უნივერსიტეტში, დაწექი დაისვენე.” შემომთავაზა და პურზე ჯემი გადაუსვა.
წყალი ადუღდა და ორთქლს მოეცვა ოთახის პატარა ნაწილი. პასუხის გარეშე დავუსხი და ჩემს ფინჯანში ორი კოვზი შაქარი ჩავყარე. მისთვის მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე და გამჭირვალე ჭიქაში დავუსხი. “იყოს არ მინდა. უმოქმედობისგან უფრო დავიღლები და არ მგონია ჩამეძინოს.”
ცივი სითხე ჯარისკაცებივით დაწყობილ პურის ნაჭრებს მიაყოლა და თბილად გამიღიმა. “ნება შენია.” ჭამის მერე თავზე ხელი გადამისვა და დამთქნარებით მთხოვა. “გვიან ნუ მოხვალ სადმე არ გაითიშო.”
მეც გავუღიმე და სასწავლებლისკენ გავიქეცი. გრილი სიო და სხეულის სწრაფი მოძრაობა გამოუყენებელ ენერგიას მმატებდა. ლექციები ყველა დანარჩენ დღესთან შედარებით გაცილებით მოსაწყენი გამოვიდა. აუდიტორიიდან აუდიტორიებში დავდიოდი და გზად ხმამაღლა შევხტი.
უკნიდან ნეკნებში ძლიერი თითები ვიგრძენი და ადგილზე რამდენჯერმე წამოვხტი. დამნაშავე კარგად ნაცნობი ქალბატონი ყოფილა, რომელიც ანცი გამომეტყველებით მიყურებდა და ჩემი რეაქციით სიამოვნებას იღებდა. სახეზე სიცილსაც არ მალავდა და შემართებით მომესალმა.
რამდენიმე წამის განმავლობაში მომლოდინე არსებით მიყურებდა და თვალებს ბოლომდე ჭყეტდა. მეც კარგად ვიცოდი რაც აინტერესებდა, შესაბამისად, ჩემებური პასუხიც მიიღო; ჩანთიდან ორი მაგნიტის ნაჭერი ამოვიღე და შორიდან მუქარისთვის დავუმიზნე.
მის სახეზე გამოხატული ცვლილება და ცვალებადი ემოცია ჩემს სიცილად გარდაიქმნა. მართალია ამისთვის მუცელში მუშტით დავისაჯე, თუმცა ვიცი, რომ ღირდა. “იდიოტი ხარ.” შემომძახა და თვითონაც გაიცინა.
სანამ ფილტვებში ჟანგბადს დავაბრუნებდი იქამდე შეტრიალდა და გზას დაადგა. ღრმად ჩავისუნთქე და ხმის იოგების უმცირესი დაძაბვით წარმოვთქვი. “ლამაზია. მომწონს, იმდენად, რომ მეც მომინდა გავიკეთო.”
მისი გადადგმული ნაბიჯი ჰაერში გაქვავდა. 180 გრადუსით შემოტრიალდა და ისევ ავი მიმიკებით შემომხედა. სანამ მის რეაქციებს ველოდი, ტელეფონზე მესიჯი მივიღე და თურმე ჩემი თანაპრეზენტატორი მეძებდა.
“წასასვლელი ვარ.” მობილურის შემოწმებისთანავე მივუგე და ამჯერად მე თვითონ უნდა შემოვტრიალებულიყავი. ისიც მიყურებს და ხმას არ იღებს. “პრეზენტაცია მაქვს.” მოკლედ ავუხსენი.
ის კი მოდის და გვერდით მიდგება. “მაშ წავედით.” მეუბნება და ზურგზე მაწვება.
“საით?” გაკვირვებით ვეკითხები და დაკვირვებით ვაკვირდები.
“სად გაქვს გამოსვლა გამიძეხი.” ხელებს მეტ ძალას ამატებს და ნაბიჯებსაც მადგმევინებს.
“კარგი, კარგი.” ყალბად ამოვიხვნეშე. “ოღონდ მეორე მხარეს მივდივართ.” ახლა თავად მივაწექი და აუდიტორიისკენ გავიქეცით.
სირბილის მომენტში თვალს მისწორებს და ამაყად მეუბნება. “ერთად უკვე მეორედ გავრბივართ.” იცინის და წინასწარ ვიცი მომავალი სიტყვები კარგს არაფერს მოიტანს. “ოღონდ წინაშე ხელჩაკიდებულები ვიყავით.”
გავჩერდი და ვიცი სულელური გამომეტყველება მივიღე. ალბათ ისეთი, როგორიც მეზღაპრესთან შეხვედრისას მქონდა. გაშტერებული ტვინი მაინც დაიქოქა და ხელი დასანახად გავუწოდე. “გინდა ტრადიციად ვაქციოთ?” არ ვიცოდი რას მეტყოდა, მაგრამ სასურველი პასუხი ცხადი იყო.
წამით მის თავდაჯერებულ თვალებში აღელვებული ტალღები დავინახე. ცხელი წყალივით სიამოვნების ჩანჩქერი თავზე გადამესხა. გული სირბილზე მეტად მისმა ლოდინმა ამიჩქარა.
მისი დაბლა დაშვებული ხელი ზევით წამოვიდა და დრომ სვლის სიხშირე შეანელა. ის იყო ჩემი ხელი მისას უნდა შეხებოდა, როდესაც სინანულით მანიშნა. “მგონი მოვედით.” ღია კარები და შიგნიდან ალიაქოთი გამოვიდა.
შესასვლელთან გავჩერდით და ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ. ვიცი ერთსა და იმავე საკითხზე ვფიქრობდით და როგორმე უხერხულობა უნდა გამეფანტა. არ დავნებდი და თამამად მივმართე. “შეკითხვაზე არ გიპასუხია.”
უკვე მზად დამხვდა. არ შეცბა და დარწმუნებულმა ჩამჩურჩულა. “მოქმედება სიტყვებამდე.” ოთახში შევიდა და ყველას თბილად მიესალმა. მერე ადგილი იპოვა და დანარჩენებთან ლაპარაკი გააბა.
გავიცინე, მაგრამ სახეზე არაფერი დამჩნევია. აუდიტორიის შემადგენლობას შევუერთდი და პრეზენტაციის წარდგენისთვის მოვემზადე. ნერვიულობა თან არ მსდევდა. უფრო ჰარმონიული, მაგიური ემოციებით ვივსები და მთელი დღეების დაღლილობა უკვალოდ ქრება. ბევრი არ მიშრომია, საკითხი ისედაც კარგად ვიცოდი და იმპროვიზაციისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის უნარებით დავალებას ყოველთვის მარტივად ვუმკლავდები.
ამავდროულად მიუღწეველი განცდები მიპყრობს და მსმენელთა ყურადღებას შეკრული მუშტით დავატარებ. წამით მეზღაპრის უბრალო შეხედულება თვალწინ დამიდგა. მისი ჩვეული ლაპარაკიც კი სპექტაკლურ გამოსვლას ემსგავსება. მასზე დაკვირვებული ცალკეულ სიტყვებს აზრებსა და დანიშნულებას ვაწვდი და მუსიკალური რითმებივით ვმეტყველებ. თითქოს სცენაზე დგომა და დიადი შუქის თავზე ნათება ზუსტად საჩემო საქმე ყოფილიყოს. მუდამ ვიცოდი რა მინდოდა და ახლა და ამ წუთას იშვიათ ადრენალინს ვგრძნობ, რომელიც უფრო და უფრო მეტ სტიმულს ითხოვს.
დრო ჩემგან დამოუკიდებლად მუშაობდა. პრეზენტირებას ვამთავრებ და არაერთ სიცილსა და ტაშს ჩემივე დაკრეჭილი ტუჩებით ვხვდები. ლექტორი მიეჩვია ჩემს სამსახიობო პერფონმანს და ქებასთან ერთად ორიოდე რჩევაც არ დაიშურა. წარდგენის დროს მზერა ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე ხშირად გამეპარა. ყოველთვის, როცა შევხედავდი მისი თვალები ჩემს ფიგურას არ ტ&