33-ე გასასვლელი
33-ე გასასვლელი
ეს მხოლოდ ჩემი ამბავი არ არის, ეს ყველა მიტოვებული გოგოს ამბავია, რომლისგანაც დიდი და უკანმოუხედავი ნაბიჯებით წავიდნენ ზამთრის სუსხიან დილას. ეს ამბავია ჩასახულ იმედებსა და მკვდარ ოცნებებზე, მზის უნახავი ამბავი, რომელსაც დღე ჩრჩილი ჭამს ღამე კი სიჩუმე. ეს თითქმის, ყველა გოგოს ამბავია.
მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, გავნაპირდით, გავთითოკაცდით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ვართ ხმაურიან სამეგობრო წრეში, რომ კიდევ უფრო ხშირად რეკავს ჩვენი ტელეფონი კვირის მიწურულს, არის ამბები, რომლებიც არ არის, რომლებშიც მარტონი ვართ და არის დღეები, როდესაც პირდაღებული მარტოობის წინაშე ყველა სრულიად უძლურნი ვრჩებით. არაფრისმომცემი დიალოგებისთვის თავის ასარიდებლად აგერ უკვე მერამდენედ ვრთავთ ტელეფონს და მაღვიძარას. ფიქრებზე ფილტრს ვაყენებთ და ვიძინებთ ყველაზე ღრმა ზამთრის ძილით, თითქოს ძილს მიჰქონდეს და სხეულიდან ნაგლეჯ-ნაგლეჯ გვაცლიდეს კანს, როგორც შემოდგომის სითბოგამოლეულ დღეებს, რომლებიც ასე გვაგონებს იმ ხნიერი ბებიის თვალებს, რომლებშიც ყოველსაღამოს ესვენება ჩვენზე ფიქრით აღმოსავლეთიდან ამოსული მზე.
ჩაიდანს ვდგამ და ვფიქრობ, რომ კი, ჩვენ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით ვაგებთ პასუხს, არჩევანზე, რომელიც გავაკეთეთ, რომ ხო, ყველა ნათქვამი კი, ან არა ჩვენი ცხოვრების კალენდარზე საკუთარ წრეებს ხაზავს და ამბებს ქმნის, რომლებსაც ერთ დღეს აუცილებლად მოვუყვებით ჩვენს უფროს შვილიშვილებს თუ გამბედაობა გვეყო და თუ შენ დღეს ხარ ის, ვისგანაც სუსხიან დილას ჯერ კიდევ სითბოშერჩენილი ლოგინიდან უკანმოუხედავად წავიდნენ და თუ შენ ხარ ის, ვინც ადგა და გზა გააგრძელა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველა ამბიდან გამოძვრები და ყველა ჭიდან ამოძვრები.
“ყველაფერი სოლომონის ბეჭედია”, ვამბობთ და ყოველ ჯერზე, როდესაც ცხოვრება ფეხს გვიდებს და ვეცემით, სახლში დაბრუნებული მოთმინებით ვკრეფთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ტელეფონის ნომრებს და შუაღამემდე ვესაუბრებით მათ, ვისთან დიალოგებიც მალამოსავით გვედება ჭრილობებზე.
“ყველაფერი სოლომონის ბეჭედია” ...
ეს ჩემი ამბავი არ არის, ეს ყველა მიტოვებული გოგოს ამბავია, რომლისგანაც დიდი და უკანმოუხედავი ნაბიჯებით წავიდნენ.
ეძღვნებათ გოგონებს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროებიდან ტიბეტის მაღალმთიან სოფლებამდე. გოგონებს განსხვავებული კანის, თმის და თვალის ფერით, თუმცა ერთი სხივით თვალებში და სურვილით, იყვნენ ბედნიერები. ეძღვნებათ გოგონებს კვირის დღეებში საქმიანი ნაბიჯებით, მუქი სამოსითა და ჭრელი შარფებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით კიდევ უფრო მაღალსართულიან შენობებში, შაბათ- კვირას კი დახეული ჯინსებით, კედებით, ზოლიანი მაისურებით და კეფაზე გამონასკვული თმებით, გარუჯული მუხლისთავებითა და ჭორფლიანი მხრებით, მზის გოგონებს, რომელთაც საოცარი ძალა აქვთ, როდესაც გიღიმიან.
არასოდეს დაუჯეროთ მათ, ვინც ოდესმე გეტყვით რომ რაიმეს ვერ შეძლებთ, არასოდეს დაუჯეროთ მათ, ვისაც თქვენი ფერფლიდან წამოდგომის ნიჭში ეჭვი ეპარება, რადგან ხო, ხშირად ასეც ხდება, რომ ბეწვის ხიდზე კი არა გავარვარებულ ვულკანის თავზე დავდივართ, ხან ცხოვრება გვაცამტვერებს , ხან ადამიანები, ხან ჩვენ ვანგრევთ ყველა მითსა და რეალობას, რადგან რწმენა ასეთი უცნაური რამეა, ერთხელ თუ კი ერთხრელ რაიმე დაიჯერეთ ზვავივით აგორდება და თავზე ჩამოგაწვებათ მე კი ყველა რწმენას შორის ყველაზე მეტად მწამს გოგონების ნების, სურვილებისა და მონდომების, როგორც უპირობო ძალის სამყაროში რაღაცეები სხვა რელსებზე დააყენოს და შეცვალოს ყველაზე წარმოუდგენელი რეალობები!
ძალიან დავიღალე! მითხრა, აწყლიანებული თვალები დახუჭა და როგორც ბავშობაში იცოდა თავზე საბანი გადაიფარა. ვგრძნობდი, ცრემლები ახრჩობდა და მე ყველაზე მეტად მაცოფებდა საკუთარი უსუსურობა, რომელსაც მსგავს მომენტებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობ. მაისი იყო, მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა, დასაფლავებაზე გამოიდარა მხოლოდ, ერთიანად გადაიკრიფა ციდან საავდროდ მოგროვილი ღრუბლები და მზემ გამოანათა, თითქოს ბოლო გზაზე გაგვაცილებინა თავი.
მე და თინიმ ერთმანეთი მეექვსე კლასში გავიცანით. მახსოვს, რომ შემოვიდა ჭაობისფერი სვიტერი ეცვა და მრგვალ, მწვანე თვალებს უხერხულად აცეცებდა საკლასო ოთახში. მაშინვე მომეწონა. ავდექი, მივუახლოვდი და ჩემთან დაჯდომა შევთავაზე ეს თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი კლასის მაჟორების რიგებში უპირობოდ იყო მიღებული. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც ერთი ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სახლებში, 90-იანი წლების მიწურულს სანთლისა და სანათების შუქზე ნელა და ნაცრისფრად გადიოდა. ერთმანეთის ამბებსა და საღამურებში გაზრდილებს ხშირად გვეშლებოდა ზღვარი სად იწყებოდა ჩვენი ტკივილები და სად მთავრდებოდა მისი, სად იწყებოდა ჩვენი ბედნიერება და სად მისი...
თინი თხელი აღნაგობის, ქერათმიანი მწვანეთვალება და ალბათ ყველაზე მშვიდი არსებაა, ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში შემხვედრია. რაღაცნაირად, ზედმეტად ამართლებს თავის ჰოროსკოპის ნიშანს და თევზებისთვის დამახასიათებელი მშვიდი ცურვით მიჰყვება ცხოვრების დინებას, თითქმის არასოდეს ცურავს დინების საწინააღმდეგოდ და თვითგანადგურებამდე მიჰყავს საყვარელი ადამიანებისადმი ერთგულებასა და ზრუნვას. თუ კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრიხართ თევზებს, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ რაზეც ვსაუბრობ. იგი იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება, ცოტა მეგობარი რომ ჰყავს, ერთი შეხედვით, თითქოს, რომ ვერაფრით გამოარჩევთ მასისგან, თუმცა ახლოს გაცნობისას ხვდებით, რომ მხრებით გალაქტიკები დააქვს.
თინისგან აბსოლუტურად განსხვავებულია ლეკა. ჩვენი დედები ბავშობიდან მეგობრობენ და ჩვენც თითქმის დაბადებიდან მოვდივართ ერთად. მთელი ბავშვობა მათ დიდფანჯრებიან სახლში გავატარე. ლეკა გრიბოედოვის ქუჩაზე უძველეს და ულამაზეს სახლში გაიზარდა, რომლის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. ქუჩა თურმე 1843 წლიდან მაშინდელი კომენდანტის სახელს ატარებდა. ცოტა მოგვიანებით 1881 წლიდან მას ცნობილი მწერლის, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი ეწოდა. სწორედ ამ ქუჩაზე 1903 წელს თბილისელი, ეროვნებით სომეხი ვაჭრის, ტუნიბეკოვის დაკვეთით იტალიელმა არქიტექტორმა ანდრეა ოლეტიმ გასაოცარი ორსართულიანი სახლი ააშენა. მას შემდეგ, რაც სახლის მეპატრონე გერმანიაში გარდაიცვალა სახლი მისმა შვილმა და მეუღლემ გაჭირვების გამო ნაწილ ნაწილ გაყიდეს. რომ მკითხოთ როგორი იყო ჩემი ბავშობა, აუცილებლად გეტყვით, რომ ის ლეკას ბებია-ბაბუის სახლია: ძველ, ფსევდო მავრიტანულ სტილში, როკოკოსა და ბაროკოს ელემენტებით და საოცარი ოქროსფერი ჩუქურთმებითა და ორნამენტებით, დიდი მისაღებით, კუთხეში მდგომი შავი გერმანული „Bechstein“-ის როიალით, დიდი ოქროსფერი სამოვარით, რომელშიც ყოველ საღამოს აყენებდა ლეკას ბაბუა ბატონი ალექსანდრე უგემრიელეს ჩაის და საშობაო ქადებით, რომლის გემოც არასოდეს დამავიწყდება. მთელი ჩემი შეგნებული და გააზრებული ცხოვრება, რაც საკუთრი თავი მახსოვს, მახსოვს ლეკა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე ვერაფრით შევაჩვიე თვალი მის სილამაზეს. ხან მგონია, რომ ჟურნალის ყდიდან გადმოხტა, არ ვიცი რა დრო უნდა გავიდეს, რამდენი წელი უნდა ვუყურო იმისთვის, რომ თვალი შეეჩვიოს და თეთრ მაისურსა და კედებშიც კი ასე თვალისმომჭრელად ლამაზი არ მეჩვენებოდეს. აი ხასიათი კი თავისი ნამდვილად აუტანელი აქვს, საშინლად ჯიუტი და თავნებაა, ტონობით ყავას სვამს და კიდევ უფრო მეტს ეწევა. როგორც თვითონ ირწმუნება არ უყვარს ადამიანები, თუმცა დამერწმუნეთ ეს წმინდა წყლის სიცრუეა. მისი ერთი შეხედვით უდარდელი და ინფანტილური ხასიათის უკან ძალიან ნაზი და კარგად აღზრდილი გოგო დგას, რომლის გულის ტკენაც ძალიან მარტივია და სწორედ ამიტომ, რაღაცნაირად მთელი ბავშვობა მისი მოვლა-პატრონობის დაუკებელ სურვილსა და მცდელობაში გავატარე. ძალიან პატარა ასაკში დავიფიცეთ, რომ ჩვენ ორიდან, რომელიც პირველი გათხოვდებოდა მეორეს აუცილებლად წაიყვანდა მეჯვარედ და ჩვენი ბავშობის და მეგობრობის ყველაზე საყვარელი ნივთებიც 12 წლის ასაკში კიკეთში ყოფნისას დავმარხეთ მის ეზოში თუთის ხის ქვეშ იმ პირობით, რომ 30 წლის ასაკში აუცილებლად დავბრუნდებოდით მის ამოსათხრელად. როგორც სამი მუშკეტერი ჩვენ სამნი ყოველთვის ვიყავით და ვართ ერთად და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება მომავალში ზუსტად ვიცი არის ამბები, რომლებსაც დრო და ბოროტება ვერ ეხება!
- კატოზე ამბობთ? კატო ჩვენი კლასის მთავარი მატრაკვეცაა, პრინციპში უკონკურენტო. დიდი ხნის მანძილზე დედისერთა ეგონა ყველას, ვინც ახლოს არ იცნობდა, ესეც მის ხასიათზე მეტყველებს, იმ დროისთვის უჩვეულოდ ლაღი, თავისუფალი და დედისერთებისთვის დამახასიათებელი სითამამე ჰქონდა, რაც დამერწმუნეთ საშინლად აღიზიანებდა ჩვენს დამრიგებელს ნატალია ანდრეევნას და შანსს არ უშვებდა ხელიდან კატოს მიმართ გრძელი საყვედურების კასკადის ლეილასთან დასაცლელად.
ლეილა კატოს ბებია გახლავთ. ბიჭები მოფერებით ლევანოვნას ეძახიან, ჩვენს კლასში რუსული ვარიაციებით გვარების გადაკეთებაც რთული მისახვედრი არ არის რომ მათი იდეაა, ისეთი ქალია ტყვიას ტყვიაში აჯენსო, რომ ამბობენ. მეცხრე კლასამდე ჰყავდა კატო გამწესებული: სკოლა, მასწავლებლები, მუსიკა, ცეკვა, და მაინც ყოველთვის, ყოველთვის ახერხებდა მეგობრებთან ერთად ყოფნას. მახსოვს ერთხელ, ანი გამისონიამ თქვა „ეგ გოგო ნახევარ სკოლას უყვარს და ნახევარს ეჯავრება “-ო, ანი მისით აღფრთოვანებულთა რიგებში ნამდვილად არასოდეს მდგარა. საკმარისია გაიცნოთ, დაგელაპარაკოთ და აუცილებლად მოიგებს თქვენს გულს. ბავშვობიდან უცნაურია. ყველას მეგობარი და გადაუდებელი დახმარება იყო. თოთხმეტი წლისები ვიყავით მამა რომ დაეღუპა, იმ დროს მუსიკალურში გამოცდები გვქონდა შვიდწლედს ვამთავრებდით და 4 დღე ვატყუებდით ყველა მის გარშემო, რომ თემო მძიმედაა, საავადმყოფოში წევს და მის სანახავად უნდა ჩავიდეს მოსკოვში, სიმართლე მხოლოდ გოგოებმა ვიცოდით და წარმოდგენაც არ გვინდოდა იმის, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, რეაქცია კი ნამდვილად საშინელი ჰქონდა, გათენებამდე ტიროდა სანამ ძალა გამოცლილს არ ჩაეძინა, ვერ იცნობდით ერთიანად დასიებული ჰქონდა სახე, ახალ რეალობასთან შეგუება გაუჭირდა, რთულად გადაიტანა, ღამეები არ ეძინა და გამუდმებით ჩაბნელებულ ფარდებჩამოფარებულ ოთახში იჯდა. მასწავლებლებთან სიარულს უკლო, რაღაცნაირად აღიზიანებდა ეს სიბრალულით და თანაგრძნობით სავსე თვალები. სიმღერითაც წლები აღარ უმღერია მას შემდეგ, რაც დამერწმუნეთ ვინც მას იცნობს ყოვლად წარმოუდგენელია. მერე თითქოს ნელნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ადამიანები ყველაზე დიდ უბედურებასაც კი ვეგუებით დროთა განმავლობაში და ის, რაც ერთ დროს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი აუტანელ ტკივილს გვგვრიდა წლების შემდეგ მხოლოდ ძველი ნაიარევივით გვრჩება სხეულზე. ერთი ეგ იყო ხშირად ესიზმრებოდა მამა, ყველა სიზმარში საყვედურობდა, რომ არ უნდა მიეტოვებინა ასე უსინდისოდ და არ უნდა დაეტოვებინა მარტო ამ უსამართლო ქვყანაში. მერე იყო გრძელი კასკადი მისი უცნობი ძმაკაცების ვიზიტების, სკოლაში, სახლში, უბანში, სადაც ის იზრდებოდა, ხომ გესმით, საქართველოა, თბილისია, ბნელი 90-იანები. თემოს შავბნელი გარემოცვის ძმაკაცების შიშით უბანში ახლოს ვერავინ ეკარებოდა კატოს, თუმცა მიუხედავად ამისა თაყვანისმცემლების დეფიციტს ნამდვილად არასოდეს განიცდიდა.
- ერთმანეთი როდის გაიცნეს მან და დემეტრე გელოვანმა?
- ეგ გრძელი და ჩახლართული ისტორიაა, თქვა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა ლეკამ...
„ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ტურფავ ლამაზო “…
- რას მღერის ეს მახარაძე ჩემს ყველა გავლა-გამოვლაზე გიჟი ხომ არ არის გადმომიჩურჩულა კატომ დერეფანში მახარაძის მორიგი გამოხტომისას. პასუხის დაბრუნება ვერც მოვასწარი, მახარაძე ვიღაც სიმპათიურმა და ჩვენზე ასაკით უფროსმა ბიჭმა რომ გადაკოცნა, თითქოს მეცნობოდა და თან ვერაფრით ვიხსენებდი საიდან, როცა უეცრად მოულოდნელობისგან შევკივლე:
- კატო ეს ხომ დემეტრეა გელოვანი, საინტერესოა ჩვენს სკოლაში რას აკეთებს ვთქვი და მთელი ძალით შევეცადე ყური მომეკრა რაზე საუბრობდნენ. ამ დღის შემდეგ თითქოს პირველი ექსპერიმენტალურის განუყოფელ ნაწილად იქცა რიტუალი, რომ ყოველ დღე, გაკვეთილების შემდეგ მთელი სკოლის გოგოები ფანჯრებიდან იყვნენ გადაფენილი გელოვანის დასანახად, რომელიც ერთსადაიმავე დროს, მეექვსე გაკვეთილის შემდეგ მოთმინებით იდგა ჩვენი სკოლის ეზოში ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად და კატოს ელოდებოდა.
- რა ურთიერთობა ჰქონდათ კატოს და გელოვანს?
- ურთიერთობა კი არა სიგიჟე უფრო იყო. მთელმა ქალაქმა იცოდა მათი სიყვარულის ამბავი, თუმცა თავიდან კატო კარგახანს არ აქცევდა მას ყურადღებას, ან ალბათ უფრო საკუთარ თავს არ უტყდებოდა, ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე: ეს უბანში და სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგო იყო, ის გათამამებული და გოგონების ყურადღებით ზედმეტად განებივრებული ბიჭი. დემე იმთავითვე უცნაური და თავისებური ხასიათით გამოირჩეოდა.
- და რაში გამოიხატებოდა ეს უცნაურობა?
- როგორ გითხრათ, ბოლომდე ვერასოდეს გაიგებდით რა ჰქონდა ჩაფიქრებული კატოსთან დამოკიდებულებაშიც ასე იყო, თან მეგობრობდნენ თან არა, თან უყვარდათ ერთმანეთი და თან ერთმანეთს არ უტყდებოდა არცერთი, სანამ ერთ დღეს სკოლის წინ მისი ეჭვიანობის გამო საბოლოოდ არ იჩხუბეს.
***
- რამდენჯერ გითხარი დემე გაკვეთილებზე ნუ მწერ მასწავლებელი ტელეფონს წამართმევს .
- როგორც წაგართმევს ისე დაგიბრუნებს! კაი რა, მიდი დაადე ფიზრას და ბავშვებთან ერთად მცხეთაში წავიდეთ მითხრა და ცხვირის წვერზე წკიპურტი წამკრა.
- რა მცხეთა და ლობიო აგიტყდა ამ წვიმაში გელოვანი, ან ამინდი არ იცი ან საქმე არ გაქვს? გამეცინა მე.
- კაი რა, ნუ ხარ ასეთი მოსაწყენი ცხოვრებაში ერთხელ გადაუხვიე გზიდან და რაიმე სპონტანურად გააკეთე ხომ შეიძლება? მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა.
- „სპონტანურობა“ : იგივე უპასუხისმგებლობა, დაუდევრობა, დაუგეგმავად რაიმე ქმედების ჩადენა, თავქარიანი საქციელი, სიტყვათა კონა დემეტრე გელოვანი სხაპასხუპით წავუსისინე მე.
- შენ ამდენი კითხვით მალე გააფრენ. გადაბჟირდა გელოვანი და მეტი დამაჯერებლობისთვის წასტვენისას საფეთქელთან მიტანილი საჩვენებელი თითი ჰაერში დაატრიალა.
- მერე შენ აქ არ ხარ, მიხსნი გასაჭირისგან თვალი ჩავუკარი მე და უარესად გადავბჟირდით ორივე.
- ჩვენს ადგილზეც არ გამოხვალ სკოლის მერე?
- არ გამოვა, თქვენ წადით, დღეს მუსიკა მაქვს, ისედაც ორჯერ გავაცდინე მომკლავს ლიანა. აი ხვალ პარასკევია და ერაძესთან ვიკრიბებით თუ გინდა ამოდი.
- ოო, ერაძე კარგი აზრია, თან როგორ მიყვარს მამამისის კონიაკი. სიამოვნებისგან ხელები მოიფშვნიტა დემემ
- ანუ დღეს უეჭველი ვერა ხო?
- ნწ, უეჭვ.
- კარგი იმნაძე, იმედია ქოლგა წამოიღე თორე, დადნები და ლეილას რა ეშველება მერე
- დეგენერატი ხარ გელოვანი
- к вашим услугам, დიდებულივით თავის დაკვრით დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
გადაუღებლად წვიმდა შუადღის ორ საათამდე, სკოლიდან გამოვედით თუ არა რატიანი მოგვადგა თავისი „ღმერთო დამიფარე “ყვავილებით. არა სულ მაოცებდა ამ ბიჭის სინაგლე ვერანაირ ენაზე ვერ აუხსნეს ეტყობა, რომ აქ დასაფლავების ბიურო არ გვაქვს და ამხელა „ვენოკები “საჭირო არ არის
- საით გაუწევიათ ქალაქის ყველაზე ლამაზ გოგოებს? გაიკრიჭა რატიანი და რევერანსი გაგვიკეთა.
- აქვე ვიყავი და ვიფიქრე ბარემ ყვავილებს მივართმევ ქალაქის მშვენებას, იქნებ წვიმაში მაინც გამოანათოს ჩემთვის მზემთქო გაილექსა მისთვის დამახასიათებლად.
- იცი საბა შენ მზეს აღმოსავლეთიდან ამოსვენება არ უწერია და კარეტაც კარგახანია კვახად გადაგექცა ამდენ ლოდინში წავუსისინე მე.
- თინი შენ მაინც მიშველე რამე ხელები გაასავსავა საბამ
- ვერაფრით დაგეხმარებითქო უნდა მეთქვა, როდესაც ზურგსუკან ძრავის ისეთი ბღუილი შემოგვესმა გვეგონა მინიმუმ სამასი ცხენის ძალით მოქროდა ჩვენსკენ მანქანა და სასწაული თუ გადაგვარჩენდა. მაინც ვერ გადავრჩით გელოვანის თვალებიდან წამოსულ ცოფის ნაპერწკლებს მანქანის შუშის მიღმაც იგრძნობდა კაცი, თქეში წვიმა იყო, დემე მანქანიდან გადმოვიდა და კატოო ისეთი არადამიანური ხმით დაუძახა ინსტიქტურად ავიტუზეთ ორივე, „თინი მიშველე“-ო ერთი საცოდავად ამოიკნავლა კატომ და გაწუწული ლეკვივით გამომყვა უკან.
- თინი მანქანში ჩაჯექი რა ორი წუთი, მე და კატოს ცოტა სალაპარაკო გვაქვს მითხრა მე და კატო იქვე თუთის ხის ქვეშ გაიყვანა.
...
- არაფრის თქმა არგინდა?
- იცი დემე მართლა არ ვიცი საიდან გაჩნდა აქ, წარმოდგენაც არ მაქვს დავიწყე ენის ბორძიკით. ნერვიულობისგან ჩემი სისხლის შხუილის ხმა მესმოდა, ყველა კუნთი დაბუჟებული მქონდა, სიცივისგან ამიტანა კანკალმა თუ ნერვიულობისგან ვეღარ ვხვდებოდი.
- მე არ გამომყევი და მაგ ახვარს უჯდებოდი მანქანაში? კბილებში გამოცრა დემემ
- დემე გეფიცები არავის არ ვუჯდებოდი ზრდილობის ამბავია, ენა დამება მე...
- რა არის გოგო ზრდილობის ამბავი, რომ ვიღაც მემტრედეს უჯდები მანქანაში? - მე მაგისი სიმწრით ჩამარცვლა და სიგარეტს მოუკიდა .
- ჯერ ერთი, მაგ მტრედების ამბავი დიდი ხანია გარკვეულია, მერე მართლა არსად მივყვებოდი და ეგეც რომ არა, რა გინდა საერთოდ გელოვანი?
- კიდევ მე რა მინდა გოგო, ვერ ხვდები, ვის უნდა ელაპარაკო და ვის არა?
- მე ვისაც მინდა იმას დაველაპარაკები, შენ რატომ სწუხხარ ასე ძალიან მამაჩემი ხარ თუ ძმა - ტონს ავუწიე მე და ხმაში ირონია შემეპარა.
- არადა რომ გკითხონ ჭკვიანი გოგო ხარ, რათ გინდა ეს ტოლსტოები და დოსტოევსკები თუ ელემენტარულ რამეებსაც ვერ ხარშავს შენი ტვინი მითხრა და შუბლზე საჩვენებელი თითი მომიკაკუნა.
- არა მითხარი, გისმენ, რატომ მოდიხარ ყოველ დღე ჩვენს სკოლაში, რატომ დაუმეგობრდი ჩემს ბიჭებს, რატომ მაკითხავ შუაღამისას ფანჯრებთან და მთელი ღამე ჩაქმრალ მანქანაში ეწევი სიგარეტს, რატომ მირეკავ ნასვამი და მაღვიძებ, რატომ ხარ და თან არც ხარ ჩემს ცხოვრებაში ისტერიკა ნარევი ხმით ვიყვირე და თან არ მჯეროდა საკუთარი გამბედაობის.
- იმიტომ რომ არ შემიძლია არ მოვდიოდე, არ გნახულობდე, არ გირეკავდე არ გეხუტებოდე, არ ვბრაზობდე და არ მიყვარდე გესმის თქვა მან თავჩახრილმა თითქოს უფრო თავისთვის და სიგარეტი იქვე მდგომ ჟანგიან ურნაში მოისროლა.
მეგონა თავი გამისკდებოდა სისხლი ისე მომაწვა საფეთქლებთან, ყურები დამიგუბდა, ვიგრძენი როგორ მიფეთქავდა გული ყელში, მერე მოვიდა ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია, თვალებში ჩამხედა და მითხრა სიტყვები, რომლის გაგონებაზეც ამდენი ხნის მანძილზე ასე ვოცნებობდი.
- მე შენ მიყვარხარ კატმანდუ მთელმა ქვეყანამ იცის ეს შენს გარდა!
- მართლა? საცოდავად ამოვიკნავლე მე და გული მომეწურა
- მართლა მიპასუხა მან და შუბლზე მაკოცა. ასეთი იყო, სულ შუბლზე მკოცნიდა შუბლს არც აცდებოდა, არც ჩაცდებოდა.
***
იმ დღის შემდეგ ძალიან დიდხანს დადიოდნენ ერთად, აქამდე თუ სკოლაში სკოლის ნახევარ გოგოებს არ უყვარდათ კატო ახლა ოფიციალურად ვერ იტანდა მთელი სამდედრეთი და შანსს არ უშვებდნენ მისთვის კბილის გასაკრავად.
- რატომ დაშორდნენ?
- იმ წელს სკოლას ვამთავრებდით, გამოცდების ციებ-ცხელებაში ვიყავით ყველა, ისე მოხდა, რომ დემეტრეს ოჯახი საბოლოოდ გადაბარგდა ოდესაში საცხოვრებლად. მთელი ღამე სვამდაო დადუ უყვებოდა კატოს. სვამდა, რეი ჩარლზს უსმენდა და ეწეოდა, მერე მამამისი შესულა ოთახში და უთქვამს „მოკიდე ხელი და წამოიყვანე თუ კი ასე გიყვარს, მაგრამ მას თუ უყვარხარ და თუ გამოგყვება “-ო.
- ვუყვარვარ ყრუდ ჩაულაპარაკია დემეტრეს, მაგრამ არ გამომყვება. მართალიც იყო, კატო არსად გაყვებოდა, კატო არასოდეს წავიდოდა თავისი ოჯახის და ლეილას წინააღმდეგ, კატოს გეგმებში ნაადრევი დაოჯახების იდეა ნამდვილად არ შედიოდა. კატოს ყველას იმედები უნდა გაემართლებინა და ყველასთვის დაემტკიცებინა საკუთარი სიძლიერე, ასეთია კატო და ყოველთვის ასეთი იყო.
- 2 წელი იყვნენ ასე სხვადასხვა ქალაქებსა და სარტყლში უკან დაბრუნებული დემე კი ის აღარ იყო, რაც მანამდე. თავიდან ვერ ვხვდებოდით კონკრეტულად რა შეიცვალა სანამ ლიზიმ შემთხვევით არ ნახა ქუჩაში და ძალიან მშვიდად არ უთხრა კატოს:
- კატო მგონი დემე იკეთებს!
- კარგი რა დედა, საიდან მოგაქვს ხოლმე ეს სისულელეები, ნუ ხო, ერთობა, რაღაცეები იქნებ გასინჯა კიდეც, მაგრამ რა დამოკიდებული, გოგი ამას არ დაუშვებდა ხომ იცი.
- კატო მე მესმის ახლა ძალიან რთულია ამის გააზრება და აღიარება, მაგრამ მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი მიყურებია და დამიჯერე დამოკიდებულ ადამიანს თვალებზე ვცნობ, ხმის ტემბრსა და საუბრის მანერაზე ეტყობა, ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ თუ ასეა იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან მისი დახმარება შეპარვით სცადა კატოს გადმობირება ლიზიმ.
- დედა დემე არ იკეთებს , უბრალოდ გაიზარდა, შეიცვალა, ის ბავშვი აღარაა შენ რომ გახსოვს, მანერებიც სხვა აქვს და საუბრის სტილიც, ეგეც რომ არა, ის ამას არასოდეს გამიკეთებს ჩუმად, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კატომ და ოთახიდან გავიდა.
....
- იმ წელს მთელი ზაფხული ერთად ვისვენებდით ყველა. ჯერ კვარიათში, შემდეგ ხევსურეთსა და სვანეთში, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი დემე გაქრა.
- როგორ თუ გაქრა?
- აი ასე უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა და წკაპ.
- და არავინ იცოდით სად იყო?
- არავინ!
- არავის დაგკონტაქტებიათ?
- არავის!
- უბრალოდ ადგა და გაქრა აღარ დარეკა, აღარ მოიწერა, აღარ გამოჩნდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მისი ოჯახიც გოგის ბიზნესის გამო ოდესაში საბოლოოდ გადაბარგდა და ფაქტობრივად არავინ იყო ისეთი, ვისთანაც მის ამბავს მოიკითხავდი და ვისთანაც შესაძლო იყო მისი მოკითხვა კატო თავმოყვარეობის გამო არ გაგაკეთებინებდა.
- კატო იმნაძე თუ შეიძლება მობრძანდით დაიძახა თეთრხალათიანმა გამხდარმა გოგონამ საავადმყოფოს გრძელ და თეთრი შუქებით განათებულ კორიდორში და ექიმის კაბინეტისკენ გამიძღვა.
- ოხ, კატერინა, კატერინა გამიღიმა ზურაბმა და ფეხზე წამოდგა ჩემი დანახვისას.
- კიდევ რამდენ ხანს უნდა ვანერვიულოთ გოგო ლეილა არ გრცხვენია?
ზურაბ შანიძე , ქალაქში ცნობილი ნევროპათოლოგი და დიდად საპატივსაცემო კაცი, ბებიაჩემის ძმა გახლავთ, როგორც კი ნერვული პრობლემები და უძილობა დამეწყო მაშინვე მასთან გამაქანა ლეილამ. თემოს გარდაცვალების შემდეგ ეს უკვე მეორე კურსი იყო მკურნალობის, რომელიც ბოლო ექვს წელიწადში ზედიზედ მომიწია, ამიტომ არც მისი კაბინეტი და არც საავადმყოფოს გრძელი თეთრი კორიდორი ჩემთვის უკვე აღარ წარმოადგენდა საძულველ ადგილს, როგორც მანამდე.
- კი მრცხვენია ზურა ბიძია მაგრამ... ავიჩეჩე მხრები და მაგიდაზე შემოსკუპებული ფეხების ქნევას მოვყევი
- ერთი ის მითხარი გოგო, მე რომ ბიძიას მეძახი, გუჯას რატომ გაუწყალე გული ბაბუას ძახილით, 10 წლით პატარაა კაცი ჩემზე და შენ კი ნაადრევად აბერებ გულიანად გაიცინა ზურაბმა.
- ვგიჟდები გუჯას გაბრაზებაზე თვალი ჩავუკარი მე და წყალი მოვსვი. ზურაბმა ჩემს ანალიზებს გადახედა, დეტალურად გამომკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს და თავის ყავისფერ ტყავისყდიან წიგნაკში მონიშვნები გააკეთა.
- ეხლა მე შენ საბოლოოდ შეგიმცირებ დოზებს და მოუსვი აქედან, მითხრა და ჩემი მკურნალობის ბოლო კურსის რეცეპტის წერა დაიწყო.
- და რომ მომენატრები?
- რომ მოგენატრები შემომიარე ხოლმე, წამლებს ნუღარ გამომაწერინებ შენ შემოგევლოს შენი ზურა თუ არა ცოდოა ბებიაშენიც ცხონებული მამაშენის მერე ეგ ესეთი შეშინებული და ცარიელი მე არმახსოვს. ხომ ხედავ შენი თვალებიდან ამოდის მაგისისთვის მზე და შენს თვალებში ესვენება, შეწუხებულია ქალი პატარა ხომ არაა, მოფრთხილება უნდა სითბო ჩაეღვარა ზურაბს ხმაში.
- კარგი, ეს ბოლო იქნება გპირდები თავი დავუქნიე და ფეხებს ჩავაჩერდი.
ზუსტად ორჯერ მომიწია ამ დიალოგის შემდეგ ზურაბის მიმღებში დაბრუნება და ჩემი გრძელი, ნათელი, სტუდენტური დღეებიდანაც ბუნდოვნად მახსოვს რამე. მაშინ, როცა თინი და ლეკა მსოფლიო მოდის ლუქს ბრენდებით იყვნენ გატაცებული, მე ზოლიან მაისურს, დახეულ ჯინსის შარვალსა და კონვერსის კედებში გავატარე მთელი სტუდენტობა. ძვირადღირებული სუნამოს ნაცვლად კორვალოლის სურნელი ამდიოდა და მთელი ჩემი სტუდენტური მოლხენა ვალოსედისა და ვალერიანის წვეთების კოქტეილი გახლდათ. ასე იყო თუ ისე, ამ ამბიდანაც გამოვძვერი, ის ის იყო ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, რომ მივხვდი სულ რამდენიმე კვირაში 20 წლის ვხდებოდი. მეც არ ვიცი საიდან მოვიდა ამხელა ენერგია და ხალისი, ლიზიმ, რათქმაუნდა, გრანდიოზული დაბადებისდღე გადამიხადა ქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში, სადაც ყველა ჩემი მეგობარი და საყვარელი ადამიანი დაპატიჟა. ვიჯექი და ვუყურებდი ბრჭყვიალა სანათებით განათებულ დარბაზს და საშინელ ოთხ , რომელიც სრულ იზოლირებასა და მოჩვენებით სიმშვიდეში გავატარე, ჩემდაუნებურად მომეწურა გული, თითქოს ვიღაცამ ცივი ყინულიანი ხელი მომიჭირა და რომ არ მეტირა თვალებამდე ამოსული ცრემლები მუცელში ჩავიბრუნე,
- კატო იმნაძე რომელია? მომესმა ზურგიდან უცნობი ხმა.
- მე გახლავართ, გამიკვირდა მე უცნობი ბიჭის დანახვა, რომელსაც ხელში უზარმაზარი ყვავილების თაი