ანცი სული
ანცი სული
იყო დ არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!
იყო ყველაფერი და იყო არაფერი, ანუ სამყაროს დასაწყისი. დრო, როდესაც ყველაფერი თავდაპირველ სხეულს იძენდა და სულს იყალიბებდა. ეს იყო დრო, როცა ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა და ახალი ფორმები იქმნებოდა. გაჩნდა პირველი წყლის წვეთი და იქცა მდინარედ, პირველი სიო და იქცა ქარად, პირველი სხეული და იქცა ცხოველად, პირველი ბგერა და იქცა სიტყვად. ყველაფერს პირვანდელს სხვანაირი ფორმა ჰქონდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დღევანდელთან. სასწაული ისაა, როგორ გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამყარო, უბედურება კი ის, როგორ დაიკარგა და გაქრა ზოგიერთი ფორმა. დღევანდელი ამბავი სულზეა, რომელმაც სხეული ვერ შეისხა, ფორმა ვერ ჩამოიყალიბა. ამბავი ყველაზე დიდ სიხარულსა და სევდაზე. მაშ ასე…
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო სული, ყველაზე ბობოქარი, მხიარული, მოუსვენარი. სული ქარიშხალივით სწრაფი, მზესავით კაშკაშა, წყაროსავით წმინდა და კლდესავით შეუდრეკელი. ბევრ სხეულს მიაწყდა პატარა მაძიებელი, ბევრი ფორმა შექმნა და ვერაფერი მოირგო. არცერთ სხეულში არ ეტეოდა მისი სიდიდე და სიმსუბუქე.
თავდაპირველად სითბოთი გაჟღენთილი მზედ იქცა, გაიზარდა, მთელ სამყაროს მოედო, სიცოცხლის დასაბამად იქცა. ცოტახანს ბედნიერი იყო, მერე მოიწყინა. მზეს არ ჰქონდა დრო თამაშისთვის, მას მხოლოდ სამყარო უნდა გაეთბო და სიცოცხლლე გაემრავალფეროვნებინა. დატოვა სულმა თავისი პატარა ნაწილი მზეში და მოგზაურობა განაგრძო ფორმის შესაძენად.
მოუსვენრობით შეპყრობილი სული ახლა წყაროდ იქცა, წყარო მდინარედ, მდინარე ჩანჩქერად. სისწრაფით აჟიტირებული მთელი ძალით მიექანებოდა და ვეღარ ჩერდებოდა, რათა მის გარშემო არსებული სამყარო შეეცნო, ფერები დაენახა, ჩიტებთან ერთად ეჭიკჭიკა. დაუტოვა მდინარეს თავისი სიცელქე და ისევ გზას გაუდგა.
ცოტახანში ბობოქარი სული ცეცხლად იქცა. აალდა, ველებზე გაიშალა, უკონტროლოდ მოედო ტყეებს. მისი სილამაზე საშიში გახდა, გამანადგურებელი. რაც მოსწონდა, რასაც ეხებოდა, ყველაფერი კვდებოდა და ფერფლად იქცეოდა. უკონტროლოდ ბობოქრობა აღარ შეეძლო ახალბედა სულს, ამიტომ ცეცხლსაც დაუტოვა თავისი პატარა ნაწილი და ახალი ფორმის ძიება განაგრძო.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, პირველი წვიმის შემდეგ მიხვდა, მოღრუბლულ ამინდს არაფერი მოუხდებოდა ცისარტყელაზე მეტად. გაიშალა, ფერები მიწას მოჰფინა, ცაში აიჭრა და ულამაზეს რკალად გადაიშალა. ააბრდღვიალა და გაალამაზა ტყე, მდელო, მდინარე, ყველგან მისი ანარეკლი ჩანდა. მზემ რომ დააცხუნა ცისარტყელამ გაფერმკრთალება დაიწყო. მიხვდა ანცი სული, ვერც ამ სხეულში იქნებოდა მთელი ცხოვრება, დაუტოვა კაშკაშა ფერები ცისარტყელას და სულმოუთქმელად დაიწყო სიახლის ძიება.
ბევრ სხეულში ჩასახლდა, ბევრი იმოგზაურა, მაგრამ ვერსად გაჩერდა დიდხანს, სამაგიეროდ ყველგან თავისი პატარ-პატარა ნაწილები დაარიგა: სილამაზე ყვავილებს დაუტოვა, ანცობა-ქარებს, სიმტკიცე-კლდეებს, განადგურების დაუოკებელი სურვილი-ზვავებს, შიშები-თაგვებს, სიამაყე-ფარშევანგებს, გესლი-გველებს, ერთგულება-ძაღლებს. ასე მოედო ყველაფერს, სულიერსა და უსულოს. მთელ სამყაროდ იქცა და თავად ვერცერთი ფორმა ვერ მოირგო. არ შეეძლო რომელიმე ერთი ყოფილიყო. ამიტომაც მოუსვენარი სული ყველაფერში განაწილდა და თავად სიცარიელედ იქცა ბოლოს. აღარაფერი ჰქონდა რითიც საბოლოო ფორმის შეძენას შეძლებდა. უყურებდა სამყაროს, ხედავდა რომ ყველგან, იყო, ყველაფერში იყო მაგრამ თავად არცერთი იყო. დაღონდა სული, მოიწყინა და ნელ-ნელა გალევა დაიწყო.
დიდხანს უყურა მრავალფეროვანმა სამყარომ, როგორ ქრებოდა ანცი სული. სული, რომელიც ყველა ფორმასა და სხეულში არსებობდა, სული რომლის დამსახურებითაც იყო სამყარო ისეთი, როგორიც იყო. ყველამ ერთად დაიწყო გამოსავლის ძიება. არ შეიძლებოდა გამქრალიყო ის, ვინც სამყაროს ყველა სხეულში თავისი კვალი დატოვა. ბევრი სევდის, ნერვიულობისა და ფიქრის შემდეგ დაიბადა პირველი ადამიანი - ლამაზი, კეთილი, ბობოქარი გულითა და ფერადი ფიქრებით. გაჩნდა ადამიანი, რომელმაც დღემდე არ იცის რომ ყველაფერი რაც გარშემოა მისი ნაწილია, რომ მისი სული ყველაფერშია და თავადაც იმიტომ არსებობს რომ სამყარომ სიკეთე უკან დაუბრუნა.
საუკუნეში ერთხელ კვლავ იბადება ადამიანი პირვანდელი სახით, ყველა იმ სიკეთითა და ნაკლით რაც ანც სულს ჰქონდა ბოძებული. დღეს ეს ანცი სული პატარა გოგონაა, პირვანდელი სამყაროს ხატია. გოგონა, რომელიც ერთია, ერთადერთია და შემდეგ საუკუნემდე არ განმეორდება.
სამყარო სიკეთეს არასდროს არ ივიწყებს. რასაც გასცემ უკან გიბრუნდება. ვინც ეს იცის, შეუძლია მისთვის ბოძებული სიცოცხლის ბედნიერად გატარება. შეუძლია იყოს პატარა ანცი გოგო, რომელიც მთელ სამყაროს იტევს.
ლხინი იქა, ლხინი აქა! ფსვილი იქა, ფქვილი აქა!