ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დაბრუნება

დაბრუნება

დაბრუნება

 

ის ნანატრი დღე როცა დადგა,რომელსაც სრულიად თხუთმეტი წელი ველოდი,უზარმაზარი ჩემოდანი გადმოვიღე და ორი დღე დაუსრულებლად ვარჩევდი და ვაწყობდი ტანსაცმელს, რომლის დამთავრებასაც ბოლო არ უჩანდა. უფრო მეტი ბარგი და საჩუქრები უკვე წინასწარ მქონდა გაგზავნილი. თითქმის მზად ვიყავი. ახლადთმაშეჭრილი, ჩემოდანჩალაგებული, ბარგგაგზავნილი და საბუთიანი.

მღელვარებისა და განცდებისგან ისე დაცლილი, თითქოს არც არაფერი ხდებოდა ჩემს თავს.

ის დღე ისე სწრაფად შემომადნა ხელში საბოლოო საჩუქრების საყიდლად მაღაზიაში მორბენალს, ვერფერი გავიგე.

ქუჩაში გარეთ გამოსულს შემცივდა. იანვრის ნესტი და სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. საათზე დავიხედე. ორ საათში აეროპორტისკენ უნდა წავსულიყავი. სახლში მისული ფართხა _ფურთხით გავემზადე.უზარმაზარი ჩემოდანიც საბოლოოდ დავკეტე და ჩემს მეგობართან ერთად მეტროთი ათენის, ,,ელეფთერიუს ვენიზელუს,,სახელობის აეროპოეტისაკენ დავადექი გზას, რომელიც დასაწყისი იყო ჩემი სამშობლოსთან მიახლოების.

აეროპორტში მე და ჩემი მეგობარი უსიტყვოდ გადავეხვიეთ თვალცრემლიანნი ერთმანეთს.რეგისტრაციის გასავლელად გავემართე.ანა მანამ მიყურებდა, სანამ თვალს მივეფარებოდი.

ფრენამდე,რომელიც შუაღამის ორ საათზე იყო დანიშნული,სამი საათი დრო მქონდა.

აუჩქარებლად და მშვიდად გავიარე სხვადასხვა სახის რეგისტრაცია.საბოლოოდ პასპორტისა და საბუთის შემოწმებაზე რომ მიდგა ჯერი, რატომღაც ავღელდი.

მაღალმა, სიმპატიურმა ბერძენმა მილიციელმა, ღიმილით გადაავლო თვალი ყველაფერს. მერე მე შემომხედა, მერე ისევ პასპორტში ჩაიხედა და მხიარულად მკითხა:__είσται από Την όμορφη μάς Θεσσαλονίκη?(ისტე აპო ტინ ომორფი მას თესალონიკი?)თქვენ ჩვენი ლამაზი თესალონიკიდან ხართო? ახსნა იმისა რომ ჩემი მეგობარი ინგას დახმარებით იქ საბუთი გავაკეთე, ისე კი ათენში ვცხოვრობ, საჭიროდ არ ჩავთვალე და მეც ღიმილით დავუქნიე თავი.

საბოლოოდ თავისუფალი უზარმაზარი აეტოპორტის ესკალატორის დაუსრულებელ გზას დავადექი . რამოდენიმე წუთის შემდეგ ქართველებით სავსე მოსაცდელს მივემატე.

ზუსტად ერთ საათში თვითმფრინავში ჩასხდომა იწყებოდა.

სხვების მსგავსად, არც ყავის დასალევად დავმჯდარვარ დროის გასაყვანად, არც წიგნის კითხვა დამიწყია, არც ტელეფონში ფილმის ყურება. სურვილიც რომ მქონოდა, მაინც ვერ მოვახერხებდი. ამდენი წლის შემდეგ სულ რამოდენიმე საათი მაშორებდა საქართველოს.მშვიდად ვღელავდი. ემიგრანტისთვის ძვირფას წუთებს ვითვლიდი.ახლა უკვე ისე ახლოს ვიყავი თხუტმეტი წლის წინ დარჩენილ ჩემს მშობლებთან, ქვეყანასთან, ყვარელთან, ბავშვობის სახლთან, მინდოდა თვითმფრინავში ასვლამდე დარჩენილი ეს ერთი საათი, ახლა მაინც დამეთმო ჩემი თავისა და იმ მოგონებებისათვის, რაც საქართველოსა და საბერძნეთში, ან გერმანიაში განმევლო.

განმარტოებით ვიჯექი აეროპორტიის რკინის ცივ სკამზე. ქართველების ხმამახალი ლაპარაკი და მოურიდებელი ტკარცალი დრო და დრო მაფხიზლებდა და რეალობის აღქმას მიბრუნებდა.

თითოეული განვლილი წუთი,თუ წამი, უფრო მეტად ამოკლებდა დროს ათენსა და თბილისს შორისს.

სანამ საბუთებს გავაკეთებდი და საქართველოში გამოსამგზავრებელ ბილეთს შევიძენდი, გულში მუდმივად ვიქადნებოდი:__როცა ეს ნანატრი დღე დადგება,აუცილებლად სახეზე საქართველოს დროშამოხატული ჩავფრინდები თბილისში მეთქი.ჩემს თავს დავხედე. საბოლოოდ ,მოკლე, შავ დუბლიონკასა და თეთრზოლებიან,შავ ,,დაპლისულ,,მოკლე ქვედაბოლოში ვიყავი გამოწყობილი. არც საქართველოს დროშის ,,ტატუ,,მიმშვენებდა ლოყას.

,,Τα μεγάλα λόγια,,(ტა მეღალა ლოგია,,)როგორც ბერძნები წაირონიებენ:__,,დიდი სიტყვები, დიდი ზრახვები,,.ო..

სწორედაც რომ დიდ ზრახვად დარჩა მაშინდელი ჩემი აღტკინებული სურვილი და სიტყვები.

ან, რად მინდოდა დროშით სახის მოხატვა, როცა მთელი ჩემი გული საქართველოს ეკუთვნოდა!

ბილეთი სამი თვით ადრე მქონდა შეძენილი სამასორმოცდაათ ევროდ, მხოლოდ დაბრუნება, რადგან წინასწარ ზუსტად არ ვიცოდი, თუ როდის გამოვფრინდებოდი უკან.

ცრემრლმორეულმა,ლამაზმა,ახალგაზრდა,ქართველმა ოპერატორმა საზეიმოდ გადმომცა ეს ,, განძი,, ბილეთი,როცა გაიგო ამდენი წლის მერე სამშობლოში ვბრუნდებოდი. ჩემი აკანკალებული თითები,როდესაც პირველად შეეხო თეთრ, პრიალა ბილეთს, მაშინ ვიგრძენი ცხადად მთელი ამდენი წლის მარტოობა,გასული დრო და უსაზღვრო მონატრება სამშობლოსი. სწორედ მაშინ მოვარდა ყველა გრძნობა ერთად გრიგალივით:სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და სინანული, ტკივილი,გასული დროის შეგრძნებისა, რომლებთანაც გამკლავებას უკვე ვეღარ ვახერხებდი. ერთმანეთში ირეოდნენ და იზილებოდნენ ბრაზი და ნეტარება.მოლოდინი.მოლოდინი და კიდევ მოლოდინი.დაბორიალებული მივუყვებოდი ქუჩას ფიქრებით;. თურმე დიდი სიხარულიც მძიმე ელდასავით ყოფილა და მასაც ღირსეულად შეხვედრა და გამკლავება უნდა, როგორც მწუხარების ელდას, რადგან ის ელდაა, მოულოდნელია. ისეთია,არასდროს რომ არ ელოდი, არასდროს რომ არ გიფიქრია მასზე, სიზმარშიც კი რომ არ გინახია. ანდა პირიქით, მთელი ცხოვრება რომ ნატრობდი, ელოდი, ფიქრობდი, ძილშიაც რომ ელოლიავებოდი.და უცბად წამოსული ზვავივით რომ დაგატყდება თავზე და ცოცხლად რომ დაგმარხავს. მწუხარებისა და ბედნიერების

დროსაც, ელდა მაინც მეხის დაცემასავითაა და კაი ბიჭი ხარ და ნუ გაუმკლავდები!

ჰოდა, მეც ბედნიერებისგან მეხდაცემული,თუ თავზარდაცემული, ვბღუჯავდი ამ ბილეთს ხელში და მაშინ მოხდა ჩემი კიდევ ერთი ,,გასხივოსნება,, გადაფასება აქ გატარებული, თხუტმეტი ,,ბერძნული,,წლისა და იმ,,,ქართული,,ოცდაორი წლის,რომელიც უკვე უკან მომეტოვებინა.

ზუსტად მაშინ გამოისახა ჩემს გულში მკვეთრად, აქამდე ვითომ ბინდ _ბუნდში მყოფი საქართველოს დროშა და დაღადაც დაესო საბოლოოდ ჩემს გულს. მაშინ გადავიფიქრე საქართველოს დროშით სახის მოხატვაც.

ან, რად მინდოდა?!ისედაც ხომ ჩემი სამშობლო ყოველთვის გულში თბილად მყავდა ,,შენახული,,რასაც ვერასდროს სხვა ქვეყნის დროშები ვერ ჩაანაცვლებდა.

მოსაცდელში,რაც უფრო მეტად იწურებოდა დრო, მით უფრო მეტად მიცემდა გული.

მშვიდად კი ვიჯექი, ვინმეს რომ შემოეხედა ჩემთვის, მაგრამ ვინ რა იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს,რა განუმეორებელი ბოლო წუთები მაკვდებოდნენ ხელში ათენში ყოფნისა.

საბოლოო გამოძახება დაიწყო.

ჩემი თვითმფრინავი უკვე უზარმაზარ ფანჯრებს მიღმა იდგა და იმ მგზავრებს უცდიდა, რომელთაც სამსაათნახევარში თავიანთ ნანატრ ქვეყანაში გადააფრენდა.

ეს იყო ,ალბათ ყველაზე კეთილი და ემიგრანტებისთვის საოცნებო, საყვარელი, თვითმფრინავი.თვითმფრინავი, რომელსაც პლანეტაზე გაბნეული უამრავი ქართველის გული ნატრობდა ცხადად, თუ მალვით!

ეს ის დრო იყო წამებად ქცეული, რომელსაც უამრავი ემიგრანტი ნატრობდა და ელოდა !

აეროპორტი იყო ეს საოცნებო ადგილი, რომელსაც წუთში დავტოვებდი და ბოლოს და ბოლოს დაიწყებოდა

გზა თვითმფრინავამდე,(როგორც , ,,ოდისეას,,გზა ,,ითაკამდე,,) რომელიც იქნებოდა დასაწყისი დასასრულისა,იმ ერთი ცხოვრებისა და ბევრჯერ სიკვდილსა,რაც აეროპორტში მომლოდინეს ბოლო წამებამდე გამევლო .

გაგრძელება შემდეგში.

 

24.10.2023.ათენი