მთვარის განთიადი
მთვარის განთიადი
სხეული ჩემი ძაფებმობმული თოჯინასავით, სული კი პირახვეული და მდუმარე, თვალები ბურუსმოცული, ირგვლივ მოცეკვავე სიყალბე, დაცემა უკვე ათასჯერ, ირგვლივ აშლილი აჩრდილები და წამოდგომისას ხელის კვრა, ისევ დაცემა, გადატყაული მუხლები, ხმა მარცხის ტვინიდან და ყალბი ღიმილი, ხალხში გარეული ან იქნებ არეული მე, სიცილი ტირილში გადასული, ბედნიერება სევდანარევი, ამოსუნთქვა და უკანასკნელი ჩასუნთქვა, ხელები ყულფივით ყელზე და წამებში მილეული ჟანგბადი... ნაბიჯი წინ და ნაბიჯი უკან, მთრთოლვარე აჩრდილი ჩემს უკან და ფეხდაფეხ აყოლილი გადადგმული მძიმე ნაბიჯი... ჩუმი ნაბიჯებით მივაბიჯებთ ხმაურიან გახუნებულ ფოთლებში, მარტო არ მტოვებ თუმცა ვიცი რომ ლანდი ხარ, ან სულაც ჩემი შიშნარევი სიზმრების დაუპატიჟებელი სტუმარი, ან იქნებ შენც გზააბნეული სული ხარ ვინ იცის... მომყვები მდუმარედ, თითქოს არც სუნთქავ თუმცა შენ ხომ ლანდი ხარ, ჩემმა გონებამ გადაწყვიტა რომ ლანდი ხარ, ზოგჯერ ძალიან საშიში, ზედმეტად მდუმარე და ალბათ მე მეშინია შენი სიჩუმის და ვბრუნდები დასაწყისში.... ისევ გამოღვიძება, ნისლიანი დილა, იისფერი ბურუსი, მონაცრისფრო ღრუბლები, ისევ მყვირალა მაღვიძარა, გამოღვიძების დროა, მაგრამ სხეული ჩემი ჯიუტი, დაუღალავად ებრძვის გამოღვიძების მანქანას და ასე დაუსრულებლად, ათ წუთიანი ძილღვიძილებით იწყება სულისშემხუთველი სიმარტოვე, ზოგჯერ ვფიქრობ რომ ჩემს ირგვლივ სამყარო ზედმეტად უფერულია, იქნებ სულაც ჩვენ გამოვიგონეთ ფერები მარტოობის შესანიღბად, იქნებ ყოველ დღე ახალ ნიღაბს ვიწეპებთ არაფრისმთქმელ გაყინულ სახეზე, დილით კიდევ უფრო გაორმაგებულია ეს მოსაწყენი ფიქრები, წამოვდექი, ზანტი ნაბიჯებით გადმოვაბიჯე საწოლიდან, თმა ავიწიე და ისევ დაჟინებით მივაშტერდი სარკეში საკუთარ თავს, თითქოს რაღაცას დავეძებ, ხელების არეული დაისით შევისწავლე ჩემი უმოძრაო სახე, ნეტავ როდის გაქრა უკვალოდ მასზე ემოციები, აპლოდისმენტებს იმსახურებს ბოროტი მოქანდაკე, ისევ განვაგრძე დაუკითხავად ხელების დაისი ჩემს სახეზე და მაინც რისი ამოკითხვა მინდოდა? თვალები ჩამქრალი, უკანასკნელი სხივიც კი გამწყდარიყო, სამყაროს მოვწყდი, სამყაროს ჩემს ირგვლივ და ჩემში, აღარც ხმაური, აღარც სუნთქვა, აღარც ღიმილი, მხოლოდ შიშები, საკმარისია კი ისინი სიცოცხლისთვის? შიგადაშიგ ყრუდ გაისმოდა ჩემი გულის ცემა, რომლის ხმაურიც ოდესღაც საზღვრებს არღვევდა, ისევ შეხება გათოშილი ხელების, ყველაფერი იმაზე მეტად ნათელი იყო ვიდრე ცაზე მოკიაფე ვარსკვლავი. ცხოვრება რომელიც ერთ დროს მიყვარდა, შემძულდა, ჩემში მცხოვრები ღიმილა გოგოც დავღალე, უკანასკნელი ღიმილებიც წავართვი, მალე ისიც დამტოვებს და მე მასაც შევიძულებ, უკანასკნელი სანთელიც ჩაქვრება და გაიყოლებს იმედებს... წვიმს, ადრე არ მიყვარდა წვიმა, ახლაც არ მიყვარს, მაგრამ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებ, მზე უარესია, თავისებურად ლამაზია კიდეც, მაგრამ მას არ ესმის შიშნარევი სევდა, ალბათ ამაზე საუბარი მოსაწყენია, ისევ შემახსენა დრომ რომ მაგვიანდება, სწრაფად გავემზადე, წყალი მოვსვი, რომელიც ვინ იცის რამდენი დღეა ასე ხელუხლებლად დგას ჩემს საწოლთან, ზოგჯერ მახსენდება, რომ აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ რომ ეს ძალდატანებაა საკუთარ თავზე, გასაღებს დავავლე ხელი და სადგურისკენ გავემართე, ისევ ბევრი ხალხი ირევა, საქმიანი და უძინარი სახეები მონაცვლეობს ერთმანეთში, თითქოს მათთვისაც ძალდატანებაა ცხოვრების ეს რუტინა, დღეს მატარებელი იგვიანებს, ყურსასმენი გავიკეთე და მუსიკათა ქაოსში კიდევ უფრო ქაოსი დავატრიალე, საბოლოოდ ჩავრთე მუსიკა, რომელიც თითქმის ორი თვეა მივიწყებული მაქვს, მომნატრებია ეს მელოდია, ჩემს ყურებში აცეკვებულ ნოტებს ვცდილობ ნაბიჯი ავუწყო და თან ადამინებს ვაკვირდები, ჩემი საყვარელი საქმიანობაა: ბიჭი წითელი მაისურით და აჩეჩილი თმით, მატარებლის ფანჯრიდან ფიქრიანი მზერით გაჰყურებს გაქცეულ ბუნებას, მისი მზერა ერთდროულად სევდიანი და იმედის მომცემია, თითქოს წარსულიდან ესტუმრა სევდანარევი ფიქრები, მაგრამ სამყაროს იმდენად თბილი თვალებით გაჰყურებს, ალბათ ფიქრობს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია, ჩაეღიმა კიდეც საოცრად ლამაზია.. კუთხეში ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესასავით გოგონას, დედა დაბალი ხმით ესაუბრება და უყვება დიდ ქალაქზე, ალბათ პირველად აღფრთოვანდება მისი ფერებით, ჩემს წინ გადაშლილმა პეიზაჟმა რამოდენიმე წუთით შეაჩერა, ჩემი გონების ქაოტური რბენა, ჩემი ჩასვლის დროა, ზოგჯერ ვფიქრობ რომ ეს ათწუთიანი გზა, ჩემი დღის ყველაზე ბედნიერი ნაწილია, სამსახური ზედმეტად რუტინულია, თუმცა ბევრი ფიქრის დრო მაქვს და მეც დაუღალავდ ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილ ლანდზე, ვერ გეტყვით საიდან გაჩნდა თუმცა რამოდენიმე თვეა ჩემს გონებას კიდევ უფრო ქაოტურს ხდის, იცი? გაზაფხულზე დაიბადე ჩემს გონებაში, ატმის ყვავილივით აყვავილდი ჩემს ფიქრებში, პირველი გამოჩენა იმდენად ამაღელვებელი იყო, საიდანღაც შემოიჭერი, თითქოს გაზაფხულის თბილ სიოს მოჰყევი და ბინა ჩემს ფიქრებში დაიდე, თანდათან გულშიც შემოაღწიე და ახლა უკვე ჩვენ ორი ვცხოვრობთ, მე და ჩემი დემონი, სასაცილოა უკვე დემონიც გახდი, თუმცა ვფიქრობ ცვლილება ატმის ყვავილიდან დემონობამდე, ერთი ნაბიჯი იყო, ახლა უკვე მაშინებ, სიჩუმით, უბრალოდ დამყვები, დამდევ, წარსულის ნაიარებივით, ზოგჯერ თითქოს რაღაცას ამბობ კიდეც, მაგრამ მე არ მესმის და ეს კიდევ უფრო მეტად მაბრაზებს, თითქოს უსუსური და უმოქმედო ვარ, მე ხომ საკუთარ დემონსაც ვერ ვუგებ, დაუპატიჟებლად შემოაბიჯე და ჩემს ფიქრებზე გაბატონდი, მე კი არ გებრძვი, არ გაგდებ, თანდათან ვიაზრებ რომ მოგეჩვიე კიდეც, ახლა უკვე ჩემი დღე შენთან საუბრით მთავრდება, გიყვები უმცირეს დეტალებსაც კი, გეკამათები, ზოგჯერ გიბრაზდები და ასე გაბუტული ვიწყებ ფიქრს, თუ როგორ გაგაგდო ჩემი უფერული სამყაროდან, მერე? მერე ვიაზრებ, რომ ჩემს ცხოვრებას სული შენ შთაბერე და თუნდაც მხოლოდ შიშები გამოგეწვია მაინც ჯიუტად გთხოვ დარჩენას, ზოგჯერ შენ ბრაზდები და რამოდენიმე დღით ტოვებ ჩემს სიზმრებს. მე ყველა ის ღამე მძულს, როცა შენ არ იყავი მთვარის მკრთალ ნათებას მოყოლილი სტუმარი, უკვე იმდენად ძლიერად შემოიჭერი ჩემს გონებაში, რომ სტუმარსაც ვეღარ გიწოდებ, დღეები რბიან, უკვე შემოდგომაა, თითქოს ყველაფერი უცვლელია, შენ ისევ აქ ხარ, მე ისევ ქაოტური ვარ, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ბავშვურობა ღიმილს გგვრის და ვაგრძელებ დიდ ბავშვად დარჩენას, ეს ყველაფერი უცნაურია ...
ბოლო დროს გადავწვიტე ხატვა შემყვარებოდა და ფურცელზე ჯიუტად ვათამაშებ ფუნჯს, შედევრიც ქაოტურია და ყოველ ღამით სიმზმრებში დაუღალავად ვკამათობთ, ფერებზე ჩემს ნახატში, თითქოს ეს ღამეც ყველა სხვა წინამორბედის მსგავსი იყო... ღამის პირველი საათია ისევ ძილსა და უძილობას შორის გამართულ ბრძოლაში მოვყვევი, ისევ ვერ ემთხვეოდა სხეული და ტვინი ერთმანეთს, სავსე მთვარეა, ისე ძლიერად კაშკაშებს, ირგვლივ, შორიაოხლოს რამოდენიმე ვარსკვლავი მიმოფანტულა, თითქოს მიახლოვებას ვერ ბედავენ, ჩემს და შენს გაცეკვებას გავს სიზმრის ბიჭუნავ, ისევ ეს დროის მანქანა, რომელიც დაუღალავად მესვრის წუთებს და რეალობაში მაბრუნებს, ძილის დროა, თუმცა ვიცი, რომ ამ ღამითაც მოხვალ... მაგრამ ეს ღამე... პირველად ვნახე შენი თვალები, ნაცრისფერი, პატარა, თეთრი სხივებით, ზუსტად ისეთი, როგორიც ოთახში შემოჭრილი მთვარის ლანდი იყო, ისე იქცეოდი თითქოს მე ვიყავი სტუმარი, ჯიუტად შეაჩერე მზერა ჩემს ტუჩებზე და თითები წვიმის წვეთებივით ააცეკვე მასზე, შეხება იმდენად ნაზი იყო, რომ არ მეშინოდა შენი, თითქოს ბუნებაც აგყვა, ქარი არხევდა ფოთლებს და სამყაროს ნოტების ვალსიც გაისმა, შენ ისევ აცეკვებდი, შენს თითებს ჩემს ტუჩებზე, მკერდზე, ფუნჯივით ჩასრიალდა შენი თითები ჩემს წელზე, ფეხებზე, ახლა მე ვიყავი ტილო, რომელზეც შენ ალბათ შედევრს ქმნიდი, საღებავივით ურევდი ერთმანეთს ემოციებს და შემდეგ გადაჭარბებით ღვრიდი ჩემს სხეულზე, მცირეოდენი პაუზა, ალბათ ფიქრობდი დასასრულის ფერზე, ისევ აათამაშე ფუნჯი, თითქოს ტილოს ყველა ნაკეცი შეისწავლე, რაღაც ჩაიჩურჩულე ჩემთვის უცნობი და ახლა უკვე ბროწეულივით დამსკდარი ტუჩები ააცეკვე ჩემს წელზე, თითქოს ნაწიბურებს მოჰფინე წითელი ელვა, ისევ წამიერად შეჩერდი, სივრცეში მიმოფანტე აფეთქებული გრძნობები, დროის მანქანას გახედე, ვარსკვლავები გამქრალიყვნენ, ვალსიც თითქოს მიჩუმდა და მთვარის ნათებაც მიილია, თენდებოდა და შენც... გამომეღვიძა, ტიკ ტაკ დილის ექვსი საათია, დაღლილი და უცნაურად ბედნიერი წამოვხტი საწოლიდან, ვცქმუტავდი, ვცეკვავდი და მზის ამოსვლას გავყურებდი, არაფერი მინახავს სამყაროში ამაზე მშვენიერი.. თუმცა არა გამახსენდა სიზმრის ბიჭუნას თვალები, ის მზის ამოსვლაზე ბევრად მშვენიერი და მაცოცხლებელი იყო...
დღეს გადავწყვიტე ფერადი ვყოფილიყავი და ეს ფერები სამყაროსთვისაც მეწილადა, კარადა გამოვაღე წითელი სვიტერი, ლურჯი ქვედაბოლო და ჭრელი წინდები გამოვიღე, ჩემი საყვარელი ფეხსაცმელიც გამოვაღვიძე, უკვე მისი სეზონიც მოსულიყო, ღიღინით ჩავიცვი, თმა გავიშალე და თავზე ლურჯი თავსაბურავი გავიკეთე, ცოტაოდენი ფერუმარილიც, სარკიდან თითქოს პატარა ლიენი მიცქერდა (ჰო ეს მე ვარ, მაპატიეთ თავხედობა არ გაგეცანით, მე ლილიენი ვარ, მამა ლიენს მეძახდა, მეგობრები ლილუს, ლეიენი შემომრჩა)... უცნაურად ბედნიერმა ჩანთას ხელი დავავლე და სადგურისაკენ გავეშურე, ისევ ჩემი საყვარელი მელოდია: ,,world in my eyes“ ეს ჰანგები წარსულიდან, ტკბილ მოგონებებს მახსენებდა, მაშინ როცა ბედნიერი ვიყავი... საოცარია ამდენი ხნის შემდეგ ისევ უჩვეულოდ ბედნიერი ვარ, ბავშვივით ვცქმუტავ, ირგვლივ ყველას ვუღიმი, ალბათ ფიქრობენ, რომ გიჟი ვარ, მაგრამ სულერთია, ეს მდგომარეობა მომწონს, დღეს სამყაროც უჩვეულოა, მოხატული მატარებელი მოვიდა და სამსახურისაკენ გავემართე, გახსოვთ წითელმაისურიანი ბიჭი? ისევ ვნახე, სევდის ნაკვალევიც კი აღარ იყო მის თვალებში, მის გვერდით მდგომ ჭორფლიან გოგონას, სიყვარულის სხივებით შეჰყურებდა და ამ სიყვარულს სამყაროსაც უზიარებდა, ბედნიერი ვიყავი მის გამოც, ის უსაზღვროდ ბევრს იღიმოდა და ეს ღიმილი ყველა იქ მყოფს გადმოგვედო.
დრო სწრაფად გავიდა ბავშვურ აღტაცებაში, გადავწყვიტე სამსახურის შემდეგ წიგნის მაღაზიაში შემევლო, იქვე სადგურთან ფერადი პატარა მაღაზია იყო, წიგნები და ცოტაოდენი ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა, ამ ადგილს ერთდროულად წარსულის, სევდის და მომავლის იმედის სურნელი ასდიოდა, გამყიდველიც ტკბილი ქალბატონი იყო, დეიდა ენი, წითური, ლურჯი თვალებით, ღიმილიანი, ლოყასთან პაწაწინა ჩაღრმავებით, ყოველთვის თბილად მესალმებოდა ხოლმე, დიდიხანია იქ აღარ ვყოფილვარ და სწორედაც რომ დღეს შესაფერისი დრო იყო სტუმრობის...
- ლიენ ჩემო მშვენიერო, რატომ დაივიწყე დეიდა ენი? წყენანარევი ტონით მომესალმა და ჩასახუტებლად გამოემართა.
- დეიდა ენი მომენატრეთ. –
- შენთვის რამოდენიმე წერილი მაქვს გადანახული ჩემო გოგონა. (ადრე როცა ვსტუმრობდი, ერთად ვკითხულობდით წერილებს, ძველ წიგნებში აღმოჩენილს, ისინი სამყაროსხელა სიყვარულს ინახავდნენ, მთელი რუდუნებით.)
- ჩამოჯექი, ფინჯანი ჩაი დავლიოთ, ვისაუბროთ, იმედია არ ჩქარობ.
თაროდან ხის მოჩუქურთმებული ყუთი გადმოიღო, ფრთხილად გახსნა და უამარავი სიძველისგან გაყვითლებული, პატარა ბარათი ამოიღო, თითოეული მათგანი გვიამბობდა ზღაპრისეულ ისტორიებს სიყვარულსა და მონატრებაზე, სევდაზე, მშვენიერსა და იდუმალ სევდაზე. ვერ გეტყვით რამდენი დრო გავიდა მათ კითხვაში, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა თითქოს სამყაროსაც სურდა გამეზიარებინა სიყვარულის გალობა შორეული წარსულიდან. შენთვის ერთი განსაკუთრებული წიგნიც მაქვს ლილიენ, მაგრამ არ მახსოვს სად დავდე, მოხუცი დეიდა ენი, საკუთარ თავს ტუქსავდა და მეორე ოთახში, წიგნთა სამფლობელოში დაეძებდა, ჩემთვის სანუკვარ წიგნს. ვიღაც მძიმე ნაბიჯებით მოუახლოვდა დახლს და დაბალი ათრთოლებული ხმა გაისმა:
-დეიდა ენი!
- აქ ვარ.
- წიგნი მოგიტანეთ, მადლობა, ის მართლაც მშვენიერი იყო.
-ნოა ჩემო ბიჭო.
აი შენი წიგნიც ვიპოვე ლიენ, ერთმანეთი გაიცანით? ნოა ჩემს ზემოთ სართულზე, ბინაში გადმოვიდა, რამოდენიმე კვირის წინ, შაბათობით მსტუმრობს და ერთად ვვახშმობთ, მარტო არ მტოვებს, მე მოხუცს. როგორი გულისხმიერებაა, თავაუწევლად წამოვიძახე და უმალვე ვინანე. დეიდა ენი, უცნაურია ამ დროს, რომ ისევ აქ ხართ, სინათლე დავინახე და გადავწყვიტე შემოვსულიყავი, წიგნიც თან მქონდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. დაბალი ხმით საუბრობდა, აუღელვებლად, მაგრამ თითქოს მაინც დაარღვია ირგვლივ არსებული სიმშვიდე, თავი ოდნავ ავწიე, ვცდილობდი დავკვირვებოდი, მუქი ჯინსი, მწვანე სვიტერი, სამხედრო ჩექმა და შავი ტყავის ქურთუკი ეცვა, თმა გრძელი და ოდნავ ხვეული, ცხენის კუდივით შეეკრა, ხელში წითელი ჩაფხუტი ეჭირა, სახე არ უჩანდა, ჩემგან ზურგით იდგა და მთელი ყურადღება დეიდა ენისკენ მიეპყრო. -ბავშვებო იქნებ ერთად გვევახშმა, აღტაცებით წამოიძახა დეიდა ენიმ, ლიენ ჩემო გოგონა, იმედია ერთ საღამოს გაატარებ მოხუც დეიდასთან, აქაურობას მოვაწესრიგებ და წავიდეთ, იქამდე ისაუბრეთ, ნოას ძალიან უყვარს წიგნები, ვფიქრობ საერთო ენას გამონახავთ. ,,პატარა უფლისწული“ მზისფერი ასოებით ეწერა წიგნს, რომელიც დეიდა ენიმ მომცა, ვცილობდი ყურადღება წიგნისკენ მიმეპყრო, რადგან ნოას იქ ყოფნა უცნაურად მაფორიაქებდა, თითქოს ისიც იმავეს გრძნობდა, წიგნი ბოლო გვერდზე გადავშალე, რამოდენიმე სტრიქონი ამოვიკითხე, გადავფურცლე, აქაც იყო წერილი, გაყვითლებული, თუმცა არა ბოლომდე, სიო არც თუ ისე შორეული წარსულიდან, ,,სიყვარულით ენის."
- აპირებ წაიკითხო? გაისმა ხმა ჩემს ზემოდან, ვერც კი მივხვდი როგორ მომიახლოვდა
-ვფიქრობ სხვისი წერილების კითხვა ვერ გიხსნის მარტოსულობის ქარცეცხლიდან
-მარტოსული?
თქვენ?! სიტყვები დამებნა, ჩემს წინ მთვარის განთიადი იყო, ბიჭი სიზმრიდან, ნაცრისფერი თვალები, თეთრი სხივებით, ტუჩებიც ზუსტად ისეთი როგორიც ჩემს ფიქრებში, ბროწეულივით დამსკდარი, სისხლის ფერი ტუჩები, განა შეიძლება კი იმდენად ძლიერად წარმოიდგინო, რომ სიზმარი გაცხადდეს? იქნებ გავგიჟდი, ან იქნებ ეს ყველაფერი ისევ სიზმარია.
-წასვლის დროა ბავშვებო, წამოვდექი, წონასწორობის უკანასკნელ მარცვლებს დავეძებდი, დაბნეულმა მოვკრიბე ნივთები.
- ვფიქრობ, ეს წერილი თქვენია, გაისმა ხმა მთავრის განთიადის და წერილი დეიდა ენის გაუწოდა.
- ეს წერილი, ამოიჩურჩულა მან და ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა, სინათლე გამორთო და ხმაურიან ქუჩებში გადავაბიჯეთ, ისინი საუბრობდნენ, მე კი ჩუმად მივყვებოდი და ვცდილობდი ვარდის ფურცლებივით მიმოფანტული ჩემი გონება ერთად შემეკრიბა, მაგრამ ამაოდ, ფრაგმენტებად მახსოვს შინ მისვლა, ვახშამი, თუმცა...
- ღვინოს მიირთმევთ? მკითხა ხმამ სიზმრიდან, პასუხს არც დაელოდა, ისე შემივსო ჭიქა, თითქოს ჩემში არსებულ ცეცხლს, კიდევ უფრო მეტ ცეცხლს ამატებდა, ათრთოლებული ხელით ავიღე ჭიქა და თითქმის სულ მოვსვი.
- გწყურებიათ ლიენ, ჩაეღიმა და ისევ შემივსო ჭიქა.
- თქვენი სახელი, ის უცნაურია, თუმცა ლამაზიც.
- თვენიც, ამოვილუღლუღე მე.
- დეიდა ენი, ესეიგი ლიენიც თქვენი მეგობარია?!
-ის ჩემი წერილების მეგზურია.
- წერილების მეგზური? თქვენში ყოველთვის მაოცებდა მათთდამი სიყვარული, რისი მოცემა შეუძლიათ გახუნებულ ყვითელ ბარათებს? იქნებ თქვენ ამიხსნათ ლიენ!
-ისინი, ამოვილუღლუღე ისევ, ისინი ემოციებს ინახავენ, უკლებლივ ყველა გრძნობას სიყვარულიდან შიშამდე და ისეთი ლამაზია, ბარათები გახუნებულია სიძველისგან, ზოგჯერ სიტყვების გარჩევაც კი რთულია ხოლმე, მაგრამ მათში მძინარე ემოციები, ცოცხლები არიან, უბრალოდ სძინავთ, ყოველ ჯერზე როცა მათ ვკითხულობ, ისინი იღვიძებენ, რამოდენიმე წუთით, მაგრამ იღვიძებენ და ისევ ისე ლამაზად უყვართ მათ გმირებს ერთმანეთი, როგორც მაშინ როცა კალამი მოიმარჯვეს ხელში, გრძნობათა დასახატად,
- ისინი მარტოსულობას გივსებენ?
- შეეშვით ჩემს მარტოსულობას, მე მათ გამოღვიძების საშუალებას ვაძლევ, სულ ესაა...
- როგორი გულისხმიერებაა.
- თქვენ ცინიკოსი ბრძანდებით ნოა.
-მე რეალისტი ვარ ლიენ და დიახ ვფიქრობ, რომ წერილები, ეს უბრალოდ პირადულია და თუნდაც ამ წერილებს არ ჰყავდეთ პატრონი, ვიღაც მარტოსულ, დაბნეულ გოგონას არ აქვს უფლება ისინი წაიკითხოს...
-ნოა, მინდა ამ წერილის წაკითხვა გთხოვო! საუბარში ჩაგვერთო დეიდა ენი და ბარათი გაუწოდა.
-უარი არ მითხრა რეალისტო ბიჭუნავ.
,,ჩემო ენი, სიცოცხლევ, ჩემო სევდა და იმედო, ჩემო პატარა, ჩემო ცისთვალა, როცა ამ წერილს ნახავ, ალბათ უკვე ქცეული ვიქნები ვარსკვლავად, ბევრს ვერ ვწერ ჩემო გოგონა, ხელები, ისინი ისე მეურჩებიან, აქ ერთი გოგონაა, შენსავით ლურჯი თვალები აქვს, შენზე ვუამბობ ხოლმე, გუშინ კესანები ვთხოვე, შენთვის ჩემო ცისთვალა, გიგზავნი ამ წერილს და კესანეს, მინდოდა ისეთი გხსომებოდი, როგორიც მხოლოდ შენს ფიქრებში ვიყავი, მაპატიე ეგოიზმი, შენს ლამაზ თვალებს არ უნდა ენახა ჩემი სისუსტე, არ მინდოდა დაჩაჩანაკებული, მბჟუტავი სანთელივით მილეული ჩემი სხეული გენახა, ვიცი ახლა ბრაზობ, სუსტი აღმოვჩნდი, მაგრამ ვერ ვნახავდი სამყაროსხელა ლურჯ თვალებში სიბრალულით ჩანაცვლებულ სიყვარულს, გარდაუვალი იქნებოდა რადგან მე თავად სიბრალულიღა შემრჩენია ჩემდამი, დავიღალე თითქმის ვეღარ ვწერ, მაგრამ უსასრულობამდე მეყვარები, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სიკვდილის შემდეგ, მეორედაც მოვდიოდით ამ სამყაროში, მოვიდოდით სხვა სახით, სხვა ისტორიით, ცაზე ყოველითვის დაინახავ ვარსკვლავს, რომელიც მუდამ გაანათებს შენთვის, ცისთვალავ როცა წაიკითხავ ცხელი ცრემლები დაასველებს ალბათ ჩემს სიტყვებს. გამიღიმე, რათა ისევ ვანათო. სიჩუმე, ვერ გეტყვი რამდენ ხანს ვიყავით ასე, გაისმოდა მხოლოდ ჩურჩული: ,,უსასრულობამდე."
- დეიდა ენი, ძლიერად ჩავეხუტე მე. ვარსკვლავი, გაიღიმეთ რომ ისევ ანათოს.
- ჩემო გოგონა, მადლობა. ნოა, შეგიძლია ლიენი მატარებლის სადგურამდე მიაცილო? ჩემი სიმშვიდისთვის, ჩემო ბიჭუნა.
წვიმდა, თუმცა აუჩქარებლად მივაბიჯებდით, არ ვსაუბრობდით, თითქოს მაინც გვესმოდა ერთმანეთის ფიქრები.
- ლიენ, მომმართა სიზმრის ბიჭუნამ, მომიტევეთ უხეშობა, ამ სამყაროში ალბათ ყველა მარტოსულნი დავეხეტებით, იქნებ ეს გახუნებული ბარათები ყველაზე კარგი მეგზურები არიან, ვინ იცის. - ლიენ, ისევ ამოიმღერა ჩემი სახელი და თითქოს სამყაროს ყველა ნოტი ჩატია მასში. შემდეგი მატარებელი საათსა და 17 წუთში მოვიდოდა და მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ დაუსრულებლად გაიწელებოდა გაცხადებული დრო, გადავწყვიტე მარტო დავრჩენილიყავი.
- მადლობა რომ მომაცილეთ, ვფიქრობ არ ღირს დაელოდოთ მარტოსულ გოგონას.
-იქნებ ღირდეს, დაბალი, სივრცეში ბაბუაწვერასავით მიმოფანტული ხმით მიპასუხა მან, ვხვდებოდი, რომ ჩემი მცდელობა ამაო იყო და უნდა მიმეღო მისი მეგზურობა, უამრავი ფიქრი, ქაოტურად მიმობნეულიულყო ჩემს გონებაში, ისევ გადავწყვიტე ძალდატანება და საუბარი დავიწყე.
- ცოდვასა და უცოდველობას შორის არსებობს ზღვარი? - მათ შორის მხოლოდ სივრცეა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და დაუღალავ იწყებენ აწონვას ყველა ნაბიჯის.
-შეიძლება შიში სასიამოვნო იყოს?
-მარტოსულ გოგონას შიშებზე სურს საუბარი?
- დიახ, თქვენ ხომ უარყოფთ მას და არამარტო მას.
-,,უარყოფა“ ეცადეთ მასთან ფრთხილი იყოთ, რაც შეეხება შიშებს მათ ზოგჯერ სიამოვნების მწვერვალზე ავყავართ, რომ არა შიშები, თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენ ჯერ დასაწყისში ხართ, ახლახანს ახვედით გემბანზე, ამიტომაც განიცდით მხოლოდ მარტოსულობას.
- თქვენ მე არ მიცნობთ.
- ცდებით ლიენ, თქვენი ჩაცვენილი თვალები, ფერმკრთალი შავი კონტურებით, რომ გამოყოფილან დანარჩენი სახისგან, იმაზე მეტს ამბობენ თქვენზე, ვიდრე თქვენი ბაგეებიდან გამოსროლილი ჭეშმარიტება. რამდენ სევდას ინახავენ ისინი, თითქოს სევდათა მორევია, წითელი ლოყები, ისინი დაუღალავად საუბრობენ თქვენს თოშებზე, დაუსრულებელ ზამთარს ჰგავს, ჭრილობები ხელებზე, თქვენს სიმხდალეზე ჩამჩურჩულებენ, ნუ გრცხვენიათ მე ისინი უკვე დავინახე, სიტყვები, მოკლე და მიმოფანტული, ალბათ ემოციები წაართვეს, როგორც ნარკომანს უკანასკელი მაცოცხლებელი ნაფაზი, თქვენი თვალები კი, გეტყვით, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი და ამავდროულად მახინჯი თვალები, ისინი რუკას ჰგავს, თითქოს გზას მიჩვენებ, ცრემლებად დაღვრილი გულისაკენ. სდუმხართ, ალბათ ისევ სიმხდალეს ამჯობინებთ ლიენ.
მაგიჟებდა იმის მოსმენა, თუ როგორ ალაგებდა ჩემი ფიქრების მიმოფანტულ ანბანს უცხო, ვიაზრებდი, რომ თანდათან ის შეიძლება ქცეულიყო მწერლად, უნდა მიმომეფანტა ანბანი, მზერა მოვაშორე და სივრცეში ცქერა დავიწყე, მომაკვდავივით ხარბად დავიწყე ჰაერის ძებნა, ჩანთიდან ფურცლების შეკვრა ამოვიღე და ჩემში ჩასახლებული ქაოსის გადმოტანა დავიწყე, ვიცოდი, რომ გაქცევა იყო, მაგრამ უნდა მეცოცხლა, ის კი სიცოცხლის უკანასკნელ იმედსაც მართმევდა, წამიერად სიძულვილმა შეცვალა, ჩემი დილის აღტაცება სიზმრის ბიჭუნასადმი, როგორც იქნა, დროც მიილია და თავი რკინის ყუთს შევაფარე, გვირაბში დაიკარგა, სახე მთვარის განთიადის, წვიმამ გათოშა ცეცხლშეკიდებული ჩემი ფიქრები, ბოლო ნაბიჯიც გადავდგი ცრემლებით და პირქვე ჩავემხე გაყინულ მორევში, პირველად არ შემოიჭრა ჩემს ფანჯრებში მთვარის მკრთალი ნათება.