ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მეკომოკონები

მეკომოკონები

ნინო ჟვანიამეკომოკონებიანუძუიჰიცუ ლეონარდო, მუსიკის დეფექტი და „საიდუმლო სერობა“ რამდენი ხანია მინდა დავწერო ლეონარდოზე. მილანში ყოფნისას გადავაწყდი მის ჩანახატებსა და ჩანაწერებს Codex Atlanticus-იდან, გამოფენილთ Pinacoteca Ambrosiana-ში. ერთ-ერთზე, რომელიღაც მუსიკალური ინსტრუმენტის ესკიზის თავზე მიუწერია: „მუსიკას ორი დეფექტი აქვს: პირველი - ის მოკვდავია, მეორე - ის ქრება... მუსიკის მოკვდავობა იწყება მისი დაბადებისას, ქრობადობა კი მას საცოდავსა და უბედურს წარმოაჩენს თავის განმეორებადობაში.“ განა მუსიკა არ უყვარდა? მისი ბიოგრაფის, ჯორჯო ვაზარის მტკიცებით, ღვთაებრივად მღეროდა თურმე, უკრავდა ფლეიტასა და ლირა და ბრაჩოზე, უამრავი მუსიკალური საკრავის ესკიზი აქვს შექმნილი, სერიოზულად იკვლევდა მუსიკალური ბგერის ფენომენს. რომ არ ყვარებოდა, „ფერწერის პატარა დაიკოდ“ მოიხსენიებდა განა? მაგრამ ფერწერა არასოდეს წარმოჩნდება „საწყალი“, ვინაიდან „ის არ კვდება დაბადებისას და რჩება ყოფიერებაში...“ იქნებ ამიტომ არჩია მხატვრობა? ხომ წერდა მუსიკასაც. იმდენივე ყურადღება რომ მიექცია მუსიკის შექმნის ხელოვნებისთვის, ეგებ კიდევ ერთი დიდი კომპოზიტორი ჰყოლოდა მსოფლიოს, ბახის სადარი?! და რა უცნაურია, რომ მისი ყველაზე დიდი შედევრი, მისი ფრესკა „საიდუმლო სერობა“ თითქოს იზიარებს მუსიკის დეფექტს. ის ქრება... თავისი პერფექციონიზმიდან გამომდინარე, ექსპერმენტული ტექნიკა აურჩვია ხატვისას. ტრადიციულად, ფრესკის ხატვის პროცესი მოითხოვდა, რომ მხატვარს სწრაფად დაეტანა საღებავი ბათქაშზე, ვიდრე ის გაშრებოდა და მყარად მიამაგრებდა პიგმენტს კედელზე. ეს კი გამორიცხავდა რაიმე ცვლილების შეტანას ნახატში, რაც  ლეონარდოს არაფერში აწყობდა. მან გამოიმუშავა ე.წ. მშრალი ტექნიკა, ატანდა რა ტემპერასა და ზეთის საღებავებს ორი შრისაგან შემდგარ მშრალ ძირზე. ასე პიგმენტი სამუდამოდ არ ეკვროდა კედელს, ლეონარდოს კი ჰქონდა შესაძლებლობა, 3 წლის განმავლობაში მიბრუნებოდა ფრესკას და ნელ-ნელა სრულეყო თავისი შედევრი. სამწუხაროდ, ძირისთვის დამზადებული ნარევი არ აღმოჩნდა მტკიცე. პიგმენტმა მალე დაიწყო გაფხვიერება და სულ რამდენიმე წელიწადში ხრწნის პროცესი დაიწყო. ამას დაემატა ნესტი, მონასტრის სამზარეულოდან წამოსული ორთქლი და კვამლი, სანთლების ჭვარტლი, მე-19 საუკუნის დასაწყისში მომხდარი დიდი წყალდიდობა, მეორე მსოფლიო ომისდოინდელი დაბომბვა... მაგრამ ეს ყველაფერი Santa Maria delle Grazie-ს სატრაპეზოს მოპირდაპირე კედელზე დახატულმა ფრესკამაც გაიარა... ჯოვანი დონატო და მონტორფანო ლეონარდოს პარალელურად „ჯვარცმას“ ხატავდა. მან ტრადიციული ტექნიკა გამოიყენა და დღესაც შეგიძლიათ, თუ მოხვდით მაგ სატრაპეზოში, დატკბეთ მონტორფანოს ნამუშევრით... ჰოდა, ის ფრესკა, შექმნილი ტრადიციული ტექნიკით, გადარჩა... (რამდენიმე ფიგურა მიუხატია ლეონარდოს ამ ფრესკაზე, და ისინიც ქრება...). მაგრამ ვის ცხელა მონტორფანოსთვის? იმ ლეგენდარულ სატრაპეზოში რომ მოხვდეთ, თვეებით ადრე უნდა ჩაეწეროთ, შემდეგ რიგში ჩადგეთ, სამი ელექტრონული ჭიშკარი გაიაროთ (თავი ციხეში მეგონა...) და სულ თხუთმეტი წუთი გეძლევათ, რომ გაიგოთ, რატომ გიჟდება სამყარო ამ ფრესკაზე. შენ კი შედიხარ და ხედავ, როგორ ქრება ეს ლეგენდარული ფრესკა... ეს წამი.... ჩემთვის ყველაზე დრამატული წამი არა მარტო „ახალ აღთქმაში“, არამედ კაცობრიობის ისტორიაში.... ქრისტემ რომ აცნობა თავის მოციქულებს ერთ-ერთი მათგანის ღალატის შესახებ. ეს წამი უკვდავყო ლეონარდომ. წერდა კიდეც ფერწერაზე, ის სახეებს ღმერთებად აქცევსო და დროს უნახავსო. ეს ღმერთად ქცეული წამი ქრება... მუსიკასავით.  Santa Maria delle Grazie-ს სატრაპეზოში დგომისას გავიფიქრე, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნებისმიერ მოვლენასა თუ საგანს მისი ქრობადობა ანიჭებს.... და იქნებ სწორედ ეს ქრობადობა აახლოებს მუსიკას ცხოვრებასთან და ხდის მას გაცილებით უფრო ბუნებრივ მოვლენად, ვიდრე მხატვრობაა?! და იქნებ ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ სულაც არაა წარუმატებელი ექსპერიმენტი (როგორც ამოვიკითხე არაერთ სტატიაში), არამედ მხატვრობის გამუსიკალურებისა და ცხოვრებასთან დაახლოების წარმატებული ნიმუშია?! (რამდენად უნდოდა ეს ლეონარდოს, ეს სხვა საკითხია)... ჭეშმარიტი უკვდავება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოდის, როდესაც მოკვდავი უერთდება დროის არმცნობ მარადისობას. მანამდე კი ყველა და ყველაფერი დროშია განფენილი, განწირული გაქრობისთვის. ეს ცხოვრების დეფექტია, რომელიც „პატარა დაიკომ“ გაიაზრა, მიიღო და თავისი არსის ნაწილად აქცია... ყველა სახის მცდელობა წამიერების შეჩერებისა კი ილუზორულია თავისი არსით... ასე გვგონია მე და მუსიკას... :) არ იფიქროთ, რომ ვერ ვგრძნობ, რამდენად „საწყალი და უბედური“ ვარ ამ წუთას... ლეონარდოს რომ ვეკამათები. მაგრამ მეზობელ ოთახში ჩემი პატარა დაიკო მეცადინეობს ახლა ბახის მეექვსე პარტიტას, ვინ იცის მერამდენეჯერ განმეორებულს თავისი სამსაუკუნოვანი „ყოფიერების“ მანძილზე. როგორ ვთქვა, და... ბახის წინაშე არც დიდი ლეონარდოა ბევრად უკეთეს დღეში...   P.S. არადა დიდია მართლა! იტალიიდან რაც დავბრუნდი, უკვე მესამეჯერ დამესიზმრა „ქრობადი“ მაცხოვარი და მისი მოციქულნი... როგორ მიემართებიან უკვდავებისკენ მიმავალ გზაზე... იმ წამისკენ, როდესაც გაქრებიან და ჭეშმარიტ ღმერთებად იქცევიან!          მარადიულ ღამეში ჩაკარგულნი მძიმე დღე იყო... ჯერ აღმოვაჩინე, რომ ბანკის ბარათი დავკარგე. დავრეკე საქართველოში და დავაბლოკინე. მერე ბირმინგემის აეროპორტში ჩასულს გატეხილი ჩემოდანი დამახვედრეს. ვიარე ამ გატეხილი, ოცკილოგრამიანი ჩანთით. ვასაჩივრე, ნერვები ვიშალე. მერე ამ გასაჩივრების დროს სადღაც მობილური ტელეფონი დამრჩა. იქ მეწერა ჩემი მასპინძლის, ნანა კაციას მისამართი, ტელეფონი და ყველაფერი, რაც მჭირდებოდა ბირმინგემში დასაბინავებლად. მატარებელში შესვლამდე აღმივაჩინე დაკარგვა (კიდევ კარგი!). გამოვბრუნდი ამ გატეხილი ოცკილოგრამიანი ჩემოდნით. მოვიარე სადაც ვიყავი ის ადგილები და ვიპოვე. მერე, ნანასთან ერთად ამ გატეხილი ჩემოდნით რომ მივუყვებოდი ბირმინგემის ქუჩებს, მწარედ დავეხეთქე მიწაზე. ჩემს ირგვლის აქა-იქ მიწაზე ეყარნენ მთვრალი ქალები და კაცები (სულ მესმოდა ლეგენდები ინგლისელთა უიკენდურ გართობებზე.... სიმართლე ყოფილა). მოკლედ, ვეცემოდი რამდენიმე წამი (ვინც მიცნობს, იცის, რომ სულ ვეცემი და ვეცემი დიდხანს). ვეცემოდი და ვფიქრობდი, ახლა ხომ არავინ დაიჯერებს, რომ გალეშილი მთვრალი არ ვარ-მეთქი. ისე შთამბეჭდავად დავებრეხვე, რომ რამდენიმე ნასვამი ინგლისელი ჯენტლმენის ყურადღება მივიპყარი. მომვარდნენ, წამომაყენეს. ხომ ხართ კარგადო? არ ვიყავი. გული ამიფრიალდა. როგორია ორ დღეში ხუთ თვითფრინავს და ორ კონცერტს რომ გადაიტან და მერე შუა ბირმინგემში ოცკილოგრამიანი გატეხილი ჩემოდნით დაეცემი?! მოკლედ, გული ამიფრიალდა და თან ისტერიკული სიცილი ამიტყდა. ცალკე ნანა სკდება სიცილით, ცალკე მე. ბოლოს ამატყავეს მიწიდან და ნანას ვეუბნები: იმდენი უბედურება დამატყდა თავს, ეს ვიზიტი უდაოდ წარმატებული იქნება-მეთქი. დამეთანხმა. მოვედით სახლში ღამის ორის ნახევარზე. გავხსენი ჩემოდანი და ალკოჰოლის სუნმა სუნთქვა შემიკრა. ჩემს გატეხილ ჩემოდანში ქართული წითელი ღვინოც გამტყდარა და ჩემი ტანსაცმელი სულ გაუწითლებია. ნანამ, უნდა გადავარჩინოთ, რაც გადარჩენადიაო და დავიწყეთ რეცხვა. ღამის ორ საათზე. ვრეცხეთ ერთი საათი. ჩამოვსქროლე Facebook-ის ნიუსფიდი. საქართველოში კვლავ მიტინგია. თავხედი მთავრობა, შეძახილები რუსთაველის გამზირზე. მოკლედ... ბოლო 30 წლის ჩვეული დღე. დავწექი. ვფიქრობ: ღმერთო! აი რა იყო ეს?! რატომ? და მერე Facebook-მა სირიის ომის ბავშვის, პატარა გოგონას ვიდეო ამომიგდო; რომ ეკითხებიან, მამა სად არისო, და მოკვდაო, და საუზმე ჭამეო... და ჯერ რომ იღიმის და მერე ტირილი უვარდება. გული ამტკივდა. დილით გავიღვიძე და ისევ ეს ვიდეო ამომივარდა კედელზე. ოლგა ტოკარჩუკის, ნობელის პრემიის 2019 წლის ლაურეატის წიგნი ვიყიდე ვარშავაში. ფანტასტიკური რომანია. მთავარ გმირს უილიამ ბლეიკი უყვარს და ბლეიკის ერთ ლექსს ციტირებს: Every Night and every Morn Some to Misery are Born. Every Morn and every Night Some are Born to sweet delight. Some are Born to sweet delight, Some are Born to Endless Night. გმირი კითხულობს, როგორ უნდა ითარგმნოს ბლეიკის ყველაზე ცნობილი ლექსი პოლონურად ისე, რომ საბავშვო ლექსის რიტმი არ დაიკარგოსო. მართლა ისე ჟღერს, თავისუფლად შეიძლება ბავშვებმა გამოიყენონ გათვლისას. ჰოდა, როგორ ვთარგმნო ქართულად საბავშვო სათვალავის რიტმში გახვეული სევდის მომგვრელი... არა, გულის განგმირავი ჭეშმარიტება? როგორ იბადება ზოგი ტანჯვისთვის, ზოგი სიამოვნებისთვის, ზოგი კი.... მარადიული ღამისთვის. მარადიულ ღამეში ჩაკარგული სირიელი ბავშვის ვიდეოს ვუყურებ... თან ვსაუზმობ ბირმინგემის კონსერვატორიის კაფეში, ყავას მივირთმევ, ხელებს ვისვამ ნატკენ მუხლებზე და უკიდეგანოდ მრცხვენია მათი, ვინც განგებამ ღამისთვის გასწირა...    ეძიებდე და ჰპოვებდეო გქონიათ შემთხვევა, შეხვედრიხართ სრულიად უცნობს ქუჩაში, ან ტრანსპორტში, შეგიხედავთ და გიცვნიათ? ოღონდ სახეზე არა... აი რაღაცნაირად, შიგნიდან; სახე-უცნობი, ადამიანი კი - საშინლად ნაცნობი. მე ეს სამჯერ დამემართა მხოლოდ. სამივე შემთხვევა მახსოვს. პირველად შემეშინდა... მეორჯერ - არა; უკვე ვიცნობდი ამ შეგრძნებას. მეორე შემთხვევის შემდეგ დავინტერესდი რეინკარნაციის იდეით. იდეას მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მასზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მაგრამ როდესაც ასე მწარედ შეიგრძნობ სრულიად უცნობ ადამიანს, სულის მიერ განსხვავებული ფიზიკური სხეულების მოცვლის იდეა, არაერთ კულტურაში დამკვიდრებული, ამ აუხსნელი ფენომენის ერთადერთ ახსნად გესახება. მესამედ შეგრძნება 2019 წლის 24 ნოემბერს, ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ძველეგვიპტური კოლექციის თვალიერებისას მეწვია... „გებელეინის მამაკაცის“ ბუნებრივი მუმიის თვალიერებისას. ქრისტეს შობამდე დაახლოებით 3500 წელს დაუმარხავთ სავარაუდოდ 18-21 წლის ბიჭი უძველეს ქალაქ გებელეინის სასაფლაოზე, ტილოში გახვეული, წელში მოხრილ მდგომარეობაში. მშრალმა და ცხელმა ქვიშამ გაახმო სხეული და ბუნებრივ მუმიად აქცია. 1896 წელს რომ ამოთხარეს, იმდენად კარგად იყო შენახული, ტვინის, ფილტვებისა და თირკმელების იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. 1900 წელს ბრიტანეთის მუზეუმმა შეიძინა და მას შემდეგ განისვენებს შემინულ კარადაში, წელში მოხრილ მდგომარეობაში.... აუტოფსიაც ჩაუტარეს. მარცხენა მხარში ჩაურტყავთ თურმე მჭრელი საგანი. დაუზიანებიათ მხრის ფირფიტა და ნეკნი, გაუხვრიტიათ ფილტვი...“'გებელეინის მამაკაცი', როგორც ჩანს, არასტაბილურ დროში ცხოვრობდა. რეგიონული ცენტრები ერთმანეთს ტერიტორიებისა და ძალაუფლებისათვის ეჯიბრებოდნენ. საბოლოოდ, ძვ. წ.-ით 3100 წელს გვიპტე გაერთიანდა და ამაში, როგორც ჩანს, ძალადობამ უდიდესი როლი ითამაშა. სავარაუდოდ, გებელეინის მამაკაცი თავისი დროის მსხვერპლია,“ - წერია კარადის კუთხეში მიმაგრებულ დაფაზე. იქვე დგას აუტოფსიის დიგიტალური მაგიდა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია თავად გაკვეთო ვირტუალური ხელსაწყოებით ვირტუალური გებელეინელი და დაათვალიერო მისი ვირტუალური შინაგანი ორგანოები. ვერ გავკვეთე. არავირტუალურ მუმიას რომ ვუყურებდი, წელში მოხრილს, აი მაშინ გამიჩნდა ის შეგრძნება... რომ ვიცნობდი. მომეჩვენა, რომ მარცხენა მხარში ტკივილი ვიგრძენი, ძალიან ნაცნობი. საშინლად მეხამუშა, რომ ასე იწვა, ასეთ პოზაში, საჯაროდ გამოფენილი. აი „გაკვეთა“ რომ დავიწყე, შეგრძნება დამეუფლა, რომ საკუთარ თავს ვკვეთდი და გავჩერდი... მაშინ გამიელვა თავში სრულიად ფანტასმაგორიულმა იდეამ. წარმოიდგინეთ, ხომ შეიძლება... აი, თუ არსებობს იმის შანსი, რომ ჩვენი სულები ათასწლეულების განმავლობაში დაბორიალობენ ამ ქვეყანაზე და იცვლიან სხეულებს ისე, როგორც ტანისამოსს... ხომ არსებობს სულ მცირე, თუნდაც თეორიული შანსი იმისა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში სეირნობისას შეიძლება საკუთარ სხეულს გადაეყარო. ერთ-ერთს... ეგვიპტის მწველმა მზემ და ცხელმა ქვიშამ რომ შემოგინახეს ისეთს. რა საოცარი სახეა... ადამიანები, მუზეუმები, წარსულიდან შემონახული ნივთები, მათ შორის მუმიები, რომლებიც ოდესღაც შეიძლება რომელიმე დამთვალიერებელს ეკუთვნოდა... დავდივართ ასე და ვათვალიერებთ საკუთარ თავებსა და ცხოვრებებს ისე, რომ ვერც კი ვხვდებით... და სწორედ იმ წუთს, აი ამის გააზრებისას ერთდროულად შემომიტია ორმა სევდამ... წარმავლობისამ და მუდმივობისამ. ამ ორ სევდას შორის გამომწყვდეული რატომღაც წელში მოვიხარე და თან გავიფიქრე: ნუთუ სევდაა არსებობის არსი? ნუთუ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავექცევით მას? ან რატომ ვევლინებით დედამიწას მხოლოდ ერთხელ? ან რატომ დავწოწიალობთ უკვდავებისგან დაღლილნი ათასწლეულებში? ან რატომ ვსვამთ განსხვავებულ და იმავდროულად ერთნაირ კითხვებს ისევ და ისევ? ან რატომ არავინ იძლევა პასუხს? ვეძებთ რამეს? ვინმეს? საოცარი სახეა... და თან საშიში. სჯობს, დავიჯერო, რომ მდიდარი წარმოსახვის ადამიანი ვარ და ცხოვრებაში წაკითხული და განცდილი უბრალოდ ისე ირევა თავში, რომ ფანტასმაგორიულ სახეებს ბადებს. სჯობს, ირგვლივ განფენილი სამყარო მარტივ მამრავლებად დავშალო და ჩემთვის საინტერესო მამრავლებით დავტკბე. სჯობს... კიდევ ბევრი რამ სჯობს... ეს გავიფიქრე, წელში გავიმართე და ქრისტეს შობამდე მეოთხე ათასწლეულში ძველი ეგვიპტის ცხელ ქვიშაში ჩამარხულ, წელში მოხრილ გებელეინელს სურათი გადავუღე. ჰოდა, მას შემდეგ დავდივარ ასე, წელში გამართული და გამარტივებული ... მაგრამ ხომ ვიცი... ვიცი, რომ ყველანი ვეძებთ... ვის? რას? ეძიებდე და ჰპოვებდეო...        ეპილოგიშენი მარტოობის მეკომოკონი... [1]                        P.S. ამ წუთას მივხვდი, რატომ დავძრწივართ კოსმოსში სიცოცხლის აღმოსაჩენად... სინამდვილეში ერთი მარტოსული პლანეტაა ეს დედამიწა, სხვა არაფერი... იქნებ ამიტომ წერდა ვოლტერი, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ თავად უნდა გამოგვეგონა იგიო...  ნუთუ, გამოვიგონეთ?!     [1] თუ სურვილი გაგიჩნდა, წერილადაც გამომიგზავნე - mekomokonebi@gmail.com