ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

მოთხრობები

                                                        მარმარილოს ბიჭები  ომიდან სხვანაირები ბრუნდებიან...   ქედას რატიც სხვანაირი დაბრუნდა...  ქედა კავკასიური ნაგაზი იყო. ქედას პატრონს რატი ერქვა. საფლავის ქვაზე დაეხატათ ორმეტრიანი რატი... იყურებოდა სურათიდან მოკლეშარვლიანი, დოინჯშემოყრილი მომღიმარი რატი მუხლისთავებამდე ალოკილი მარმარილოს წვივებით... აეტოტებოდა პატრონს ქედა, დააწყობდა უშველებელ თათებს მარმარილოს მხრებზე, მიადებდა ბომბორა შუბლს მარმარილოს მკერდზე, ჩაეხუტებოდა მარმარილოს გულში და ტიროდა...   რატის გვერდით მარმარილოს ღიმილიანი მისი ბავშვობის მეგობრებიც მოჩანდნენ... დაწკრიალებული ჰქონდა იმათი საფლავის ქვებიც ქედას თავის ხორკლიანი ენით. ბევრჯერ გაუბრაზებიათ ბიჭებს მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებოდა... ყოველდღე ადიოდა გორაზე და დიდხანს ემუდარებოდა ხმა გამეცითო. შორს ისმოდა მისი მუდარა...   აღარც ჭამდა,   აღარც სვამდა,   და ერთხელაც აღარ გათენდა დილა ქედას ყმუილით საფლავებზე...  წავიდა თავის რატისთან როგორც იქნა,   გაერია მარმარილოს ბიჭებში...                                                                  ინუ    ინუს ისევ თამაში დაესიზმრა. ძნელია დღისით ცარიელი მუცლით თამაში. ისიც მიწვება ხოლმე სადმე ლოდის ქვეშ თვალდახუჭული და ოცნებობს.   ცაზეც და მიწაზეც- ყველგან კრავიჭამია არწივები ტრიალებენ. გაშლილ ადგილზე ძილი სიკვდილს უდრის. იცის ეს ინუმ, ამიტომ უკვე თვეებია ქვის გროვებში სახლობს.   მტერი ყველგანაა, ქვებში პითონები ცხოვრობენ და მათაც შიათ ...  არ უნდა დასუსტდეს ინუ. კრავიჭამიები სუსტებს იტაცებენ და ჭამენ. ასე დედამ უთხრა ვიდრე დედას ბენზინს მიასხამდნენ და დაწვავდნენ ცუდი ადამიანები.   ბოლო ორი თვეა მამაც არ ჩანს. სათევზაოდ წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ახსოვს ინუს, როგორ გაუჩინარდა მამას ნავი წყლის ორთქლში.  ამასწინათ რამდენჯერმე მწარედ დაკორტნეს კრავიჭამიებმა...    ბოლო დღეებია სულ სიზმრებშია ინუ. აღარც სურს გაღვიძება. ხან კალიასავით დახტის ყვავილებით სავსე მინდორზე და ხანაც ზღვის ქორივით ცაში დანავარდობს...    ახლაც ღრუბლებში თამაშობდა როცა მუქი სილუეტი მიუახლოვდა და ხარბად დააცქერდა გალეულ სხეულზე... თითქმის არ უგრძვნია ტკივილი. თხემიდან ღაწვებზე დაშვებულმა ალისფერმა ჰიდრამ ელვისსისწრაფით აუარა გვერდი ოდნავ ღია, სიცხისგან დახეთქილ, მომღიმარ ტუჩებს, ყელზე ჩასრიალდა და ინუმაც მშვიდად განაგრძო ღრუბლებში თამაში.                                                                                                                      მაია                                                                             1.    პირველი ჭურვი რომ ჩამოვარდა სოფელ ილტოზაში, მაია ქსოვრისის მთაზე აძოვებდა თავის ოციოდე თხას. იქიდან ადევნებდა ხოლმე თვალს საომარ შეტაკებებს. მთიდან კარგად ჩანდა ბრძოლის ველი... ჩასცქეროდა ქსოვრისის მთიდან ქსნის ციხეს პირმოკუმული და გულში იმეორებდა: - „ჩემს ფხაზე ნისლი იხევა, გულზე მინთია ძახველიო...“   მამა-პაპისგან იცოდა მაიამ ომის ამბები. იცოდა რომ მისი წინაპრები სულ ომში იყვნენ, რომ მისი ქვეყანა მეომრების ქვეყანა იყო. ძმა არ ყავდა და აბა ვის მოუყვებოდნენ? დედისერთა იყო მაია, მამისერთაც და პაპისერთაც. პაპას რუსებთან ერთად ეომა გერმანელების წინააღმდეგ, მამამ კი კარგად არც იცოდა ვისთან იყო ნაომარი აფხაზეთში... მარიალის ცხრამეტში 15 წლის ხდებოდა მაია, ფერიცვალებას იყო დაბადებული, პატარა აღარ ეთქმოდა, უნდოდა სცოდნოდა ბოლო-ბოლო ვისთან უნდა ეომა მამა-პაპასავით. ამიტომაც უკანასკნელ ხანს ვეღარც ისვენებდა სახლში და ფხუკიანი კანჯარივით სულ გარე-გარე მიუწევდა გული.       ... ომის შიშით ნახევარი სოფელი უკვე დაცლილიყო მოშიებული სტუმრისთვის სახელდახელოდ გამოკანკალებული ხელადასავით, ნახევარიც ილეოდა. სამხედრო თვითმფრინავები ქინქლებივით ირეოდნენ ხევზე, გმინავდა ბებერი ქსანი, ზანტად მიგორაობდა ქვემოთკენ და ტალღები უკან რჩებოდა, აღარ უნდოდა ციხის ძირებში გავლა. თითქოს რაღაცის ერიდებაო -, ხმაგაკმენდილი მიზოზინობდა მუხრანის ბოლოს...  რაღაც უნდა გაეკეთებინა მაიას, სახლში ვერ დაჯდებოდა და თოჯინებით ვეღარ ითამაშებდა. ამასწინათ წამოსცდა: წავალ ექიმებს დაჭრილების მობრუნებაში მაინც დავეხმარებიო და სიცილით მიწასთან გაასწორეს უფროსებმა.   ჩემი მაია წყნეთელი ხარო; ეხუმრებოდა პაპა დაძინებამდე.-        „მაიკო, ცხრაფრთიანი მათრახი ჩამოიღე ჭერიდანო“, -         „ხორასანს ფხა გაუსინჯეო,“-        „ჯანღა მერანი შეკაზმეო...“   ხმა არ ამოუღია იმის შემდეგ წასვლაზე... ასე თხების მწყემსვით იკლავდა დარდს...                                                                       2  ...კვირაზე მეტია მამასაც აღარ მოუწვდენია ხმა ომიდან. ამბობდნენ ხევგაღმა სოფლები, სადაც მაიას მამა იბრძოდა ყურღანებად იქცნენო... დედაც მინდვრის თაგვივით დაპატარავებულიყო ამ ერთ კვირაში. გალეულიყო და გაწრიპულიყო. ეცოდებოდა მაიას დედა. რაღაც უნდა ეღონა, ჰოდა სოფელში რომ პირველი ჭურვი ჩამოვარდა სწორედ იმ დილით მიიღო გადაწყვეტილება სახლიდან ომში გაპარულიყო მამის მოსაძებნად მაგრამ აღარ დასცალდა... ჩამოვარდა ის ჩვენი სახატე ქვეყნის ბოღმით გატენილი ბომბი და მაინცდამაინც მაიას დედა შემოიხვედრა პირველი, თითქოს ქსოვრისის ჭყანტობებში ცოტა იყო მინდვრის თაგვი... რამდენიმე დღეში სოფლის ბოლოს თანასოფლელებთან ერთად 71 წლის ხელში ხირიმაღებული მოხუცი პაპაც დაუხვრიტეს მაიას გადამთიელებმა... დარჩა მარტო აღარავისერთა მაია, აღაც დედა, აღარც მამა და აღარც პაპა. არც ჩასულა ნახანძრალ სოფელში... რაღა დარჩენოდა იქ... მთელი სოფელი მეზობლად სოფელ მუხრანში ჩაწურულიყო მოგოგორავებული ყურძენივით... ყვავების გასაწეწი და გასაზიდი გახდა სოფელი... ვირთაგვების საკრეფი და საძარცვი... დარჩა თავისერთა და თხების ანაბარა მაია. მას შემდეგ ველის კალიებს გაუგო გემო, ხევის ჩოღუმს გაჰკრა კბილი... ქსნის ციხესავით ეღვიძება ბოლო დღეებია გარინდებულს და გაქვავებულს. ჯავრი მისდგომია თავის მძიმე ხარიხით და შიგ თვალის კაკლებში უბარტყუნებს დაუნდობლად...                                                                   3. ... ვიდრე ილტოზაში პირველი ჭურვი ჩამოვარდებოდა რამდენიმე დღით ადრე საძოვრებიდან კარგად დაინახა მაიამ როგორ შემოიტანეს საბრძოლო მასალები სოფელში ქართველმა სამხედროებმა და გადამალეს... აი ის გამოქვაბულიც; სამი დღე და ღამე ფრთხილად აკრავდა ასაფეთქებელ ხელყუმბარებს თოჯინებივით ხელზე გამოზრდილ თავის თიკნებს მუცელზე თან შეუმჩნევლად ზვერავდა მტერს. მტრის ჯარისკაცებს ტყეში უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მანქანები, თვითმფრინავები, ტანკები და ტყვია-წამალი შეეზიდათ...                                                                    4.   მარიალის ცხრამეტი იქუფრებოდა. ფერნაცვალ ხეობაზე წურბელებივით ეკიდნენ ტყვიისფერი ღრუბლები და უკანასკნელ სისხლის წვეთებს სწოვდნენ ჩამავალ მზეს.   მიუახლოვდა ტყეში დაბანაკებულ მტერს მაია თავისი ოთხფეხა რაზმით. ფხიზლად იყვნენ გუშაგებიც, შორიდანვე დაუძახეს „შეჩერდიო“ , მაიამ ხელების ქნევით მიახვედრა თხების გაყიდვა მინდა და ცოტა ფული მომეცითო. გუშაგებმა იარაღი დაუშვეს ერთი გადაიხარხარეს და მთელი არვე მავთულხლართის შიგნით შეირეკეს. მერე მაიას ცოტა ფული გადმოუგდეს და დაუყვირეს აქედან მოუსვიო. უცებ გაიშალა არვე მთელ ტყეში... თვალისდახამხამებაში მოედო თხა ჯავშანმანქანებს, ქვემეხებსა და იარაღის საწყობებს...  „...მეც თქვენთან დავრჩებიო...“ - თვალი თვალში გაუყრია მაიას გუშაგებისთვის, აუთვალიერ-ჩაუთვალიერებიათ 15 წლის მაია გუშაგებს და შეუშვიათ ისიც ბანაკში. ყელზე მოხვევია მაია თოჯინასავით დახატულ ერთ-ერთ თიკანს თვალცრემლიანი... მერე სწრაფად მოუხსნია მიმაგრებული ხელყუმბარიდან დამცავი მარყუჟი და ავხორცი ღიმილით ზურგსუკან მდგარი გუშაგისთვის მუჭაში ჩაუდვია: „ესეც ჩემი თხასავით გაყიდული სამშობლოს ხურდაო...“   საზარლად დაუჭექია არე-მარეს, შეზანზარებულან ქსნის ხეობები და სიმწრისგან კიდევ უფრო ჩაკუმეტებულა ქსოვრისის მთის გაშავრკინებული მთაქვაბები.                                                                   სარიდანა     უცნაურ, ახირებულ კაცად იცნობდნენ სარიდანას. თავის დროზე ფიზკულტურას ასწავლიდა, სკოლის მოედანზე თავდაყირა რომ გეძებნა კენჭს ვერ მიაგნებდი, სამაგიეროდ თვითონ აჩხრიალებდა მთელი სკოლის ხვინჭას ოცდაათი ვერცხლივით.-„სარიდან კაცო რას დაათრევ ამ ქვებს?- ხო, ხედავ ეზოში დასაყრელი ადგილიც აღარა გაქვს?!“ თუ ეზო კარის გამაგრება გინდა მოდი, ჩვენც, მოგეხმარებით ერთად ვიყიდოთ საშენი მასალები და დააყენე საშველი“-სირცხვილია კაცო, შინაურისა და გარეულისა, ქვებით ჯიბეგამოტენილი რომ დაიარები დღედაღამე რას იფიქრებენ? გვითხარი მაინც გულში რა გიდევს, მიზეზი ვიცოდეთ რომ მტერ-მოყვარეს პასუხი გავცეთ“-ეომებოდა დიდი და პატარა.-„მადლი ქენით ქვაზე დადეთ გაიარეთ და წინ დაგხვდებათო“ იტყოდა ხოლმე და გაივლიდა.   გზაზე დაგდებულ, ქვას რომ დაინახავდა გაიხედავ-გამოიხედავდა, ახლო-მახლო თუ ვერავის შეამჩნევდა უშველებელ ჯიბეეში გადაუძახებდა უმალ.   ხალხს ეგონა დილაადრიან საქმეზე მიდისო საზიდარში შებმული ვირით სარიდანა და მუშაობით დაღამებამდე თავს მოიკლავსო, სინამდვილეში კი დატვირთული ბრუნდებოდა მალევე უკან უშველებელი რიყის ქვებით. -„გავიგეთ პირამიდებს აშენებს და მუშებად წაგვიყვანეო“ ეყბედებოდნენ ავყიები...    თუ ვინმე მორიდებით და თბილად ჰკითხავდა ქვებზე, მორჩილად ხან რა მიზეზს მოიდებდა, ხან რას: „ფასი უნდა მიეცესო“ „სახლისთვისო“, „შვილის სახლისთვისო“, „შვილიშვილისთვისო“ „ გომურისთვისო“, „სათონისთვისო, საფარისთვისო“, „სამარისთვისო“- სათვალავი აგერეოდა.  არავის არ სჯეროდა მისი. თავს გაიქნევდნენ და გასცილდებოდნენ ღიმილით.მოკლედ ერთხელ ავდექი და უკან გავყევი, ბინდდებოდა. შარვლისა და პიჯაკის ჯიბეები კარგად დაეხუნძლა ქვებით, ხელები უკან დაეკრიფა, მარცხენა ხელით მარჯვენა ეჭირა, მარჯვენაში კი ჭრელი ქვა მოუჩანდა. ღობისპირა ხეებამდე მივატანე, იქიდან კარგად ჩანდა სარიდანას ეზო-ყურე:  ქვის უზარმაზარ ზვინებს დაეფარა მთელი ეზო, ტონობით დაეხვავებინა დალოცვილს, პირდაპირ სახლისკენ გაემართა ნადავლით დატვირთული და არა და აღარ გამოჩნდა. მახსოვს გაწბილებულმა მესერს გვერდი ავუქციე და სახლის უკანა კედლის სარკმელში სარიდანას მოვკარი თვალი მობრიალე სანთლებთან, ალბათ შუქი გამოურთეს  - მეთქი გავიფიქრე და გამოვბრუნდი.   ისე გარდაიცვალა აღარაფერი მითქვამს და მიკითხავს.   მერედამერე ხმა დაირხა სარიდანას ქვებს მირონი სდისო...   კარგა ხნის მერე მივხვდი ქვაზე დადებული მადლის არაკსაც, ისე გვიან რომ ერთი უბრალო მადლობაც ვერ ვუთხარი სარიდანას.   მერე მივხვდი, რომ ეს კაცი ქვებს კი არა, ქვაზე დადებულ მადლს აგროვებდა, ქვიანად სახლში მიჰქონდა და სანთელს უნთებდა. სულ ეს იყო მისი ახირება...    გვიან მივხვდი სარკმელში თვალწამოკრულ სანთლებს, სარიდანას შეგროვებულ ქვებზე, რომ ედგათ ფესვები...   ვზივარ ახლა ნაცნობ მესერთან გაქვავებული სფინქსივით და უხმოდ შევყურებ უშველებელ პირამიდებს , სარიდანას სასანთლე ყურღანებს, ნასანთლევით დამურულ ქვაშუბლებს...  ეს არც მურია და არც მირონი, ეს ქვის წყალობაა, სარიდანას დაკოჟრილი ხელებით დანთებული სანთლების ნატამალი, ნაკვალევი და ნაიარევი...    წუთისოფელი კეთილად გაუმარადდეს ყველას ვისაც შენს ეზოში გაჩენილ მადლის რიყეში წილი უდევს გარიყულო კაცო, დღეიდან მე ვაგრძელებ შენს საქმეს, ქვებს თუ არა, ქვისპირზე დატოვებულ მადლიან ამბებს მაინც შევუგროვებ წუთისოფელს.                                                                                                                                                                                                                          ჯეკო    როგორც ყველა ისიც ცხოვრებასთან მეომარია. მარტო უვლის ავადმყოფ ბებიას, ასეა საქმე. იტანჯება მისი შემყურე, მაგრამ საიმქვეყნო იმედს მაინც არ კარგავს: ,,სულს სული არ ეთმობაო’’ იტყვის ხოლმე და მწარედ ჩაფიქრდება. ამტანია ჯეკო, რკინის მჭედელთა გვარიდან, ხარივით მომთმენი: სახლს ქვის ყორე მოერღვა - გულს არ იტეხს. ერთად შევაკეთოთ მეთქი ვპირდები და ზაფხულგამოვლილ მახრჩობელა  რქაწითელს ვაწვდი: ,,დიდება ღმერთსა, შეწყალება ერსა, დამარცხება მტერსა’’ იტყვის ხოლმე და გადაჰკრავს მათრახივით.   თავისთვის პურის ყუას სჯერდება, უცნაური ხელის მოძრაობით, თითქოს მადლში ამოაწოო; პირჯვარს გადაწერს და მადიანად ილუკმება. სხვისთვის კი სულის პურის გამოცხობასაც არ ერიდება - დიდი მეღვთეა და მისი მეთავთავე ვინც არ იცნობს. მეპურეობას არ გიქებ ძმაო, ის მომწონს როგორც ნაყრდები.-,,სიკეთით შეფხიზლებული ცოტაა, ცოდვით გაშტერებული ბევრიო’’ - წუხს; თან ეღიმება.  მორჩილია ჯეკო ბედისა, საღვთო სიტყვის შემკრებია და შემკონავი. თავისხელა ლოდებიც უგორებია ჯეკოს სოფლის სალოცავში ტაძართა სამაგრებლად. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი კაცის მიცვალებას ვერ ეგუება: ის იყო მისთვის ყველაზე დიდი მოძღვარიც, სალბუნიც და საზრდოც. მიყვება ხოლმე ბერდიდების ისტორიებს გამალებით, ერთისულით და ვიცი სულის ყველა კუნჭული ებადრება, მეც, ვუსმენ ჩემი გულისყურის მიწურიდან და მიჭირს მისი მზერიდან ჩამობერტყილი, ამდენი ერთდროულად აბრიალებული ვარსკვლავის, ერთ პეშვში შეგროვება - თავგანწირულად დავქარბორბალობ აქეთ-იქით.    ვიცი რაც არხევს შენი სულის ზეცას ძმაო, ვიცი...                                                          ქრისტესგულა კოტე   კოტე ქრისტეს გულით დაიბადა. ვერ იცხოვრა ფხიანად. ქრისტესგულა კოტე ყველას უყვარს. კოტესაც ყველა უყვარს.    სულ გულშიწიგნებჩახუტებული დადის. მოსიარულე ცოცხალი ბიბლიოთეკაა, რა გინდა რომ არ იცოდეს, რას კითხავ რომ ვერ გიპასუხოს.    ხმოვანი წიგნივითაა კოტე და ყველას ხელკავით ეპატიჟება თავის ბიბლიოთეკაში, მაგრამ ხალხს დრო არ აქვს, ყველა სადღაც გარბის, ყველას სადღაც ეჩქარება: -          „სხვა დროს კოტე’... „მერე, მერე...“ ესვრიან ერთ- ორ სიტყვას მწარედ, დაჭრიან ქრისტესგულა გულში და ვითომ არაფერი თვალს მიეფარებიან...   დარჩება ხოლმე კოტე გაღიმებული და თვალებაწყალჭალებული. მაინც არავისი სწყინს, მაინც არავის საყვედურობს.   ტყავის ჩანთა გაძეძგილი აქვს კოტეს წიგნებით; მოგიყვება, წაგიკითხავს, გაგატანს, გათხოვებს, შეელევა, გაჩუქებს... ოღონდ შეუჩერდი, ოღონდ დაელაპარაკე, ცოტა ხნით შეურბინე ბიბლიოთეკაში, ნაბიჯს მაინც შეუნელე, სიტყვა გადაუგდე, მიესალმე, მიექრისტესგულე და მერე წადი, გზა განაგრძე, იხარე, აშენდი...