ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

საყდრის გვერდი

საყდრის გვერდი

-ვაი, თქვენ ამოწყდით და გადაშენდით! - მოგვსდევდა წივილ-კივილით გაავებული თინია და ზემოდან ქვებს გამალებით გვიშენდა. მე და ჩემი ბიძაშვილი ელა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, კისრისტეხით ჩავრბოდით დაღმართზე. ქვები სულ ბზრიალ-ბზრიალით მოქროდნენ თავქვე, ხან ჩვენ ვუსწრებდით ქვებს, ხან ქვები გვისწრებდნენ. თინია ქვებს ისე გვიშენდა, რომ არც ერთი არ მოგხვედია ეტყობა, მაინც ეშინოდა და იცოდა ჩვენი ,,გიჟი’’ მამების ამბავი. მანამდე გვსდია, სანამ ცენტრალურ გზამდე არ ჩავედით და მერე თავი დაგვანება. „პლანიგზაზე“ (ასე ეძახდნენ ჩვენი სოფლელები მოასვალტებულ გზას) ფეხსაცმელები გავიხადეთ, ცხელ ასვალტს ტყაპა-ტყუპით გავუყევით, სასიამოვნო იყო მასზე სიარული, როცა ცხელ გუდრონში ფეხი ეფლობოდა. შემოვლითი გზით ისევ აღმართს ავუყევით.

  თინია ერთი შინაბერა მეზობლის ქალი იყო, რომელიც წინაპრებისეულ ნაკვეთს იჩემებდა, საყდრის გვერდით საძოვარზე საქონელი რომ გაგვერეკა, მისი ადგილი უნდა გაგვევლო. აქ კი ნამდვილი „ბლოკ-პოსტი“ ჰქონდა მოწყობილი. თუ ხასიათზე არ იყო, კი გვიწევდა ,,პლანიგზაზე’’ ჩარბენა და საქონლის მიტოვება. არც საქონელს ადგა კარგი დღე, იმათაც ქვების სროლით გადარეკავდა საძოვარზე. უპატრონოდ დარჩენილი საქონელი კი კოლექტივის ჯეჯილის ყანას მიადგებოდა და გვარიანად გადაძოვდა. აქაც მეორე ფრონტი გვეხსნებოდა, თუ მეველე მოგვისწრებდა, საქონელს თავის სახლში ან საბჭოში მიერეკებოდა ჯაჯღანით.

   მეველეს თუ მივასწრებდით, კარგად გამაძღარი საქონელი ჯეჯილიდან გამოგვყავდა საძოვარზე მიგვყავდა, სადაც ზანტად იყვნენ და აღარ გვაწუხებდნენ. მინდორში ვთამაშობდით სხვა ბავშვებთან ერთად რიკტაფელას, კენჭაობას, წრეში-ბურთს, ვკითხულობდით წიგნებს, ვუსმენდით რადიოს, ვაკეთებდით გვიმრის ტოტებისგან კარვებს, თუ წვიმა იყო ცეცხლზე ვწვავდით სიმინდს, რომელსაც ხან ჩვენი ყანიდან და ხან სხვისი ყანიდან ვიპარავდით. 

   თინია სოფლის ფოსტაში მუშაობდა, მეორე ცვლაში. ხანდახან ჰქონდა გამონაკლისი დღეები, როცა მთელი დღე უწევდა მუშაობა და მაშინ ჩვენ ვხარობდით. მისი ნაკვეთიდან ფეხს აღარ ვიცვლიდით, მთელი დღე ძროხებს ვაბალახებდით ქორფა მინდორზე, ვთამაშობდით. ნაკვეთის დაბლა, ჭალაში, მეზობელს ვენახი და მის გარშემო ატმის ხეები ედგა, რომელიც საადრეო ატმებს ისხამდა. ჩვენც ვესტუმრებოდით ახლად შეთვალებულ ატმებს, ვკრეფდით მავთულის ღობეზე ამძვრალები და პირდაპირ უბეში ვიყრიდით იმ ჩინჩლიან ატმებს. ზემოდან თუ მეველე დაგვინახავდა, გვიყვირებდა და დასმენით გვემუქრებოდა. ჩვენ კი ყურსაც არ ვიბერტყავდით, რადგან იქ, ატამზე, მისი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ამოვდიოდით ისევ საყდრის გვერდზე და მადიანად ვიხეპებოდით იმ მწვანე ნახევრადშეთვალებული ატმებით. მერე მთელი დღე შეწუხებულები ვიყავით ატმებით დასუსხული, დაწითლებული მუცლით და გვერდებით. ვიფხანდით და კიდევ უფრო გვეფხანებოდა. მიუხედავად ატმის ასეთი ,,უკუჩვენებისა’’, მაინც კმაყოფილები ვიყავით, რომ საადრეო ატმები ვჭამეთ.

   საწყალი ატმის პატრონი, ერთი ატამიც აღარ ხვდებოდა, ყოველ წელს ჩვენ ვჭამდით. ერთი საყვედური ან საჩივარი არ დასცდენია ჩვენზე, ასე რომ ვექცეოდით. ერთხელ ბიძაჩემთან მოვიდა ნოდარა, ასე ერქვა მეპატრონეს. დავიმალეთ, გვითხრეს - ატამი, რომ მოიპარეთ, მაგიტომ მოვიდა. მე და ელა საწოლის ქვეშ შევძვერით და თითქმის მთელი დღე იქ გავატარეთ, სანამ ნოდარა არ წავიდა. თურმე ღვინის საყიდლად იყო, ჩვენ კი ასე დავისაჯეთ.

   თინიას მუდამ მოვლილი კარ-მიდამო ჰქონდა. ერთხელ თინიასთან ნაჩხუბარმა მეზობლის მთვრალმა ჟორიკომ მასზე შურისძიება მოინდომა და შუაღამისას თინიას ჭიშკრის წინ მოისაქმა. შემდეგ კი კმაყოფილი სიმღერ- სიმღერით გაუყვა ორღობეს. სახლში მისული იგი ცოლმა ეზოში დააყენა, ცოცხით და წყლის ჭავლით ჩამორეცხა ჩასვრილი სხეული, იმ ცივ ზამთარში. თურმე შარვლის შიგნით ღამის შარვალიც ეცვა და ჩაწევა დაავიწყდა...

   გრიგოლი- ასე ერქვა თინიას ძმას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა . იგი მფრინავი იყო , მისი თვითმფრინავი მტერმა ზღვაში ჩამოაგდო და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ჭკუიდან გადავიდა. დადიოდა გრიგოლი წყაროზე თავის დიდი ჩაფით. სახლი და წყარო მისი სავალი გზა იყო, სხვაგან არსად მიდიოდა. ეცვა ომიდან ჩამოყოლილი ,,ტელეგრეიკა’’ და დაბამბული შარვალი. [კიდევ კარგი, დემნა გვასალიას არ უნახავს , თორემ შეიძლება ისიც მისი შთაგონების წყარო ყოფილიყო]. ზამთარ- ზაფხულ ეცვა ეს ტანსაცმელი წლების განმავლობაში. გაცვდა , დაიხა, მაგრამ პატრონი გულდასმით ისევ კემსავდა, ასაკერველებდა, რეცხავდა და არ იშორებდა. ბევრჯერ სცადეს დებმა მისი ძველი ტანსაცმლის გადაგდება, მაგრამ ისევ იძულებული იყვნენ უკან დაებრუნებინათ, რადგან ახალს არ იცვამდა.

  წყაროზე ჩამოსულ გრიგოლს ბავშვები გასუსული ვხვდებოდით, რიგს ვუთმობდით და კრძალვით ვუსმენდით, როცა ჩაფს წყალს შეუდგამდა, თვითონ ჰორიზინტს გაჰყურებდა და ხელებით ვიღაცას ელაპარაკებოდა. ბევიჯერ ვცადეთ ყურის გდება, მაგრამ ვერც ვერაფერი გავიგეთ ვერასდროს თუ რაზე ლაპარაკობდა.

   ჩვენს დიდ ,,მტრებს’’ თინიასა და მეველეს ყოველ წელს აბრეშუმის ჭია მოჰყავდათ სახლში და თუთის ფოთლებს აჭმევდნენ. მათ შორის გამალებული ომი მძინვარებდა გავლენის სფეროებისთვის, ვინც მეტ თუთის ხეს მიითვისებდა. ერთი ასეთი ხე საყდრის ეზოში იყო და საკმაოდ მოზრდილ პრიალა ფოთლებს ისხამდა. ერთხელაც თინიამ იმარჯვა და შეასწრო ხეზე. მეველეც იქვე მიადგა და წავიდა დიდი ჩხუბი. არა, ჩემია ეს თუთის ხე , არა, ჩემი! მათი ჩხუბით ჩვენ ძალიან გავხალისდით, მაინც თინიას მხარე დავიჭირეთ და გაიმარჯვა კიდეც. მეორე დღეს თინიას ამბავი მივუტანეთ, თუ როგორ ტრაბახობდა მეველე, თითქოს თინიას ხეზე ფეხში სწვდა და ძირს ჩამოათრია. ჩვენ დავუმატეთ - ნიფხვის თათიც ჩამოვახიეო. გაწიწმატებული თინია გაჰკიოდა: - ვინა ჭიჭია {ასე ერქვა მეველეს} მახევდა მე ნიფხავს? - ვაი, ისემც ამ ჩემს გულს დეეყაროს მიწა! ლანძღავდა და თათხავდა ჩვენს მეველეს. ჩვენ კმაყოფილები ვხარხარებდით. თინიაც დროებით ზავს ჩამოაგდებდა,, ბლოკ-პოსტზე’’ და მშვიდობიანად გავდიოდით და გამოვდიოდით, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი ეს მშვიდობა არავინ იცოდა.

   მეველეს კი იცოცხლეთ, კარგად ვაბრაზებდით. აბიბინებულ ცვრიან ჯეჯილში ვგორაობდით, თითქოს დავცურავდით და ვჯეგავდით ყანას. რასაც ძროხები აკლებდნენ, ჩვენ ვანაზღაურებდით...  ასე გრძელდებოდა ჩვენი ცელქი და უდარდელი ბავშვობა, არასდროს მათზე გაბრაზებულებს სახლში ამბავი არ მიგვქონდა, ჩვენ თვითონ ვაგვარებდით კონფლიქტებს.

   წავიდა, გაფრინდა ბავშვობა, ჩვენც დავტოვეთ სოფელი. საყდრის ეზო, რომელშიც ოთხი- ხუთი მიცვალებული იყო დასაფლავებული, სადაც ვთამაშობდით, ხეზე ხილს ვჭამდით, აივსო მიცვალებულებით. საყდრის ეზომ , რომ არ დაიტია მიცვალებულები მეზობლის ყანაც მიუმატეს. სოფელში ჩასულები დღეს შიშით ვიხედებით საყდრისკენ, რომელიც უცხოეთში წასულმა თანასოფლელმა აღადგინა.[დანგრეული იყო] მაგრამ ვისთვის?   

 დაცარიელდა სოფელი, ახალგაზრდების უმეტესობა ქალაქში და საზღვარგარეთ წავიდა. სოფელში დარჩა ერთი- ორი მოხუცი და მიტოვებული სახლები. წავიდა იმ ქვეყანაში თინიაც და მისი ოჯახი, წავიდა ჩვენი მეველეც, დარჩა საყდრის გვერდი ობლად. მაყვალ- ბარდებმა გადაუარა ყველაფერს. აღარავინ გიშლის არც გადავლა-გადმოვლას და არც არაფერს. აღარ ისმის ჩვენი ბავშვობის ჟივილ-ხივილი, ცელქობა,სტვენა, სიმღერა...აღარც ნოდარას ატმები და ვენახია. ყველაფერი გახმა, ჩაკვდა, დადუმდა, მხოლოდ მომრავლებული შაშვი თუ ამოჭახჭახდება ეკალ- ბარდით გადავლილი ბუჩქებიდან...