ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მასწავლებლის სახელით

მასწავლებლის სახელით

"ყველა სახელი და დამთხვევა შემთხვევითია"


2023 წელი

          ხომ იცი, მასწავლებლებისთვის შეუკვეთა იმ ქალბატონმა ნამცხვარი, ქოქოსის ფანტელით. უფროსმა გასძახა მცხობელს:

  - იდეალური გააკეთე, ქმრის ორმოცი აქვს და თანამშრომლებთან მიაქვს, სული ხელში ჩამიდო, შენი ჭირიმე, არ შემარცხვინოო. - დავპირდი საუკეთესო იქნებოდა. შუახნის მცხობელმა ქალმა თეთრი ნამცხვრის ფირფიტებს, რომელსაც კრემი უკვე წასმული ჰქონდა და მეორე ფირფიტა უნდა დაედო ზემოდან, ამოიღო და დიდი კოვზით კრემი დამატებით სქლად გადაუსვა.

  - აბა, მოდი ნახე, საკმარისია ამდენი კრემი? -  შუახნის ქალი ლოყებაღაჟღაჟებული მოვიდა ნამცხვართან, დახედა და ჩაფიქრდა.

  - ახლა არ მითხრა, რომ საკმარისი არ არის, თორემ გადავირევი, ამაზე მეტი კრემი დაალბობს ფირფიტებს და არ იქნება კარგი. - ქალმა თვალი გაუშტერა ნამცხვარს, ფიქრებში წავიდა.

 - საკმარისია? - ქალი გამოერკვა ფიქრებიდან.

 - ქოქოსის ფანტელი დაუმატე, ფანტელი შეიშრობს ნაწილს.

 გარეთ ღამდებოდა, ფანტელები კი კარაქის და რძის კრემში იძირებოდნენ.

ოქტომბრის დილა გათენდა, არ ციოდა, მაგრამ მზე და შავი ღრუბლები ირეოდნენ ერთმანეთში. ტაქსი საცხობთან გაჩერდა, იქიდან შავებში ჩაცმული 50 წლამდე ქალი გადმოვიდა და საცხობის მინაზე დააკაკუნა. საცხობის გვერდით პერსონალისთვის განკუთვნილი რკინის კარი ხმაურით გაიღო. იქიდან ქალი გამოვიდა ხელში მოზრდილი მუყაოს ყუთით. ქალებმა ერთმანეთს შეხედეს.

- ბოდიში რომ შეგაწუხე და ასე ადრე მოგიყვანე, მერე ვეღარ გამოვიდოდი, მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ მცალია, მანამ აქ გამოვიდოდი და წავიღებდი, აღარავინ დამხვდებოდა სკოლაში. ხომ იცი, ყველა გაქცევაზეა.

- არაუშავს, ვერ ვიჯერებ რომ ორმოცი დღე გავიდა. ლობიანები და ხაჭაპურები აიღე უკვე?

- კი კი ავიღე.

- ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, საუკეთესო ნამცხვარია. არაფერი დავაკელი.      ტაქსისტის სიგნალის ხმაზე ორივე გამოერკვა, გამოართვა ნამცხვრის ყუთი და დაემშვიდობა. ყუთი ჩადო ძველი მერსედესის საბარგულში და ჩაჯდა. მანქანაში მტვრის, სურნელოვანი ჰაერის გამწმენდის, ოფლის და სიგარეტის სუნი იდგა. მძღოლი უღიმღამოდ მიუყვებოდა გზას. არც ჩქარა, არც ნელა. ფანჯრიდან კი მოჩანდნენ ძველი ქარხნის მილები, ხრიოკზე გაზრდილ ხეებზე აქა - იქ ეკიდა ცელოფნის ნაგლეჯები, სასაფლაო, ლიანდაგები და ასეთივე ცა.

2010 წელი

უღიმღამო დილა დაიწყო, მშობლების განვადებით ნაყიდი ლეპტოპი, რომლის ფასსაც და გადახდის სირთულეს კვირაში რამდენჯერმე მახსენებდნენ, გავხსენი და  სამსახურის ძებნას შევუდექი. საძიებო სისტემაში მივუთითე ხელოვნება. სულ რამდენიმე ვაკანსია იყო შემოთავაზებული. რთული დღეებია. ზამთრის ყველაზე უიმედო დღეები. გაზაფხული ხომ ახლოსაა, მაგრამ არაფერი შეგრჩენია ადამიანს. ყველა ენერგია, რომელიც მზისაგან და ზაფხულისგან მიიღე კარგა ხნის ამოწურულია. წინ ნაცრისფერი დღეებია, დღეში 1 ლობიანის და კოკაკოლის ამარა დარჩენილი, დიდი მიზნებით. სრულიად უცხო ქალაქში, სამსახურის ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ სამსახურების უმეტესობის განმარტებაც კი არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ დააკმაყოფილებდა. შემოთავაზებული ვარიანტებიდან ყველაზე ადვილი და რეალური მასწავლებლობა ჩანდა. აქ არ ითხოვდნენ არც უცხო ენისა და არც კომპიუტერის უმაღლეს დონეზე ცოდნას. მოთხოვნები მინიმალური, მშვენიერია- გავიფიქრე გულში. გუგლში ვეძებ სივის ფორმებს, უამრავი ვერსიიდან ყველა გამოუსადეგარია. ვადგენ მარტივ სივს და ვაგზავნი.

სულ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა, 20 წლის გავხდი. ვცხოვრობ ადამიანებთან, ვისთვისაც სხვისი დაბადების დღეები არაფერს ნიშნავს. ყველა დაბადების დღეზე იმას მიმეორებენ, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი დღეა, არაფრით გამორჩეული. რა საჭიროა აღნიშვნა, დროსტარება და მითუმეტეს სუფრები. მაგრამ გაგიკვირდებათ და, მათი დაბადების დღეები ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ხდება.

 თბილად ვიცვამ, ზუსტად ვიცი, რაც მაცვია არ მიხდება, მაგრამ ნაკლებად მცივა და გავდივარ ქუჩაში. ვაკვირდები ქუჩებს, სახლებს, ადამიანებს - ყველაფერი მოსაწყენია ირგვლივ. გავუყევი უნივერსიტეტის გზას. საცხობში ყველაზე იაფიანი ტკბილი ფუნთუშის მსგავსი რამ ვიყიდე, ყველაფერზე ეტყობოდა, რომ მის გამოცხობაში არანაირი ზრუნვა არ იყო ჩადებული. ორი ლუკმის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაზე არასასიამოვნო საჭმელი მშიერზე ტკბილეულია. მოვისროლე ურნაში და შევედი ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის შესასვლელთან ყვავილებს რწყავდა ბიბლიოთეკარი ქალი, რომელიც, დიდი ალბათობით, დაბალ ხელფასზე მუშაობდა, მაგრამ მუდამ მიღიმოდა. შემობრუნდა, მომცა წინა დღით შეპირებული წიგნები და გააგრძელა ყვავილების მოვლა. სამი კომპიუტერი უღიმღამოდ მუშაობდა, სავარაუდოდ, ძალიან მალე დახუჭავდნენ თვალებს. დიდი ხანია, მათ თანატოლ კომპიუტერებს მშვიდი ძილით ეძინათ. ნეტა, სად მიდიან კომპიუტერები სიკვდილის შემდეგ, გამიელვა თავში ფიქრმა. ისე ამათთვის მადლი იქნებოდა დასვენება. ალბათ, ჯოჯოხეთში ვერ მოხვდებიან, რადგან იმდენი რამ უნახავთ ამ ბიბლიოთეკაში, დროის მოსაკლავად შემოსული სტუდენტებისგან, აბა, როგორ გაიმეტებდა ბედთა განმგებნი მათთვის ცუდს. ფიქრებიდან გოგოების სიცილმა გამომიყვანა, რომლებიც სავარაუდოდ არა სასაცილო ხუმრობაზე იმიტომ იცინოდნენ, რომ მოსწონდათ.

საღამოს დამირეკეს და მეორე დღეს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიაზე, გასაუბრებაზე დამიბარეს.

დღის ორი საათია. სკოლის შენობა ტრიალ მინდორზე დგას. არანაირი ღობე, არცერთი ხე ირგვლი, მხოლოდ ხრიოკი, უსიცოცხლო მიწა. როგორც კი შევდგი ფეხი შენობაში, პირველი რაც გავიფიქრე, ეს იყო ციხე. კედელზე გამოკრული ფორმატები, უგემოვნოდ მიწებებული ფოთლები, აქა - იქ ფოთლებმიმხმარი ხის ტოტები, ძნელი მისახვედრი არ იყო იმის დადგენა, თუ როდის მოტეხეს( ალბათ, მასწავლებლებლის და მოსწავლეების დეკორაციის ნაწილი იქნებოდა). ნეტა, სად მოტეხეს ეს ტოტები, ან ეს ფოთლები საიდან მოიტანეს, სიახლოვეს ხე არსად ჩანდა. მეორე სართულის მოსაცდელში ოცამდე ქალბატონი შეკრებილიყო. შანსი არ მაქვს, აქ ვინ მიმიღებს. დავდექი ფანჯარასთან და დაველოდე. ფანჯრიდან მოჩანდა სკოლის სიახლოვეს მშენებარე ეკლესია, რომელსაც ეტყობოდა, დიდი ხანია არაფერი შეუმატებიათ. რიგი სწრაფად გადიოდა, გასაუბრებიდან გამოსული აპლიკანტები გვიღიმოდნენ და წარმატებას გვისურვებდნენ. წასვლას ვფიქრობდი, რადგან ყოველ წამს ძმაკაცი მირეკავდა და მაჩქარებდა, კახეთში ვაპირებდით გამგზავრებას, თავის სოფელში. რამდენიმე ქალბატონს ვთხოვე რიგის დათმობა. სიხარულით გამიშვეს, რადგან ერთი კაცი ვიყავი და ვიმსახურებდი ურიგოდ შესვლას. დიდად შესვლის სურვილი არც მათ ეტყობოდათ. კარზე მსუბუქად დავაკაკუნე და შევედი დიდ ოთახში. გასაუბრება დირექტორის კაბინეტში ტარდებოდა. საკმაოდ დიდ და კეთილმოწყობილ ოთახში იდგა ორი უზარმაზარი მართკუთხედის ფორმის მაგიდა. ცენტრალურ ადგილზე იჯდა დირექტორი. აქ გასაუბრების მაგივრად ჩემი დაბადების დღის სუფრა რომ ყოფილიყო გაშლილი, თამადა იჯდებოდა, გავიფიქრე, რომ სხვა ვინ იქნებოდა თუ არა დირექტორი. კედელთან ძვირფასი სამეული იდგა, კუთხეში ხელოვნური ყვავილები ლარნაკით, რამდენიმე სიგელი და დიპლომი სიამაყისთვის კედელზე გამოკიდებული, მაგრამ წაუკითხავად მიხვდებოდი, რომ არაფრის აღმნიშვნელი არ იყო, მხოლოდ სივრცის დიზაინის ნაწილს წარმოადგენდა. დირექტორის უკან, კი ჩარჩოში ჩასმული დიდი ფოტო მიხეილ სააკაშვილისა. სამარისებული სიჩუმეა. 13 ადამიანი მაგიდის ირგვლივ იჯდა, ყველა დაძაბული. ვგრძნობ, არავის უნდა ოთახში ყოფნა, ყველა მე მომჩერებია, დახეული ჯინსი და პაჟები მიკეთია, არაფერი უთქვამთ, მაგრამ უსიტყვოდ ვიგრძენი, როგორ გამხადეს ეს შარვალი და ჩამაცვეს სხვა. ვგრძნობ, როგორ დაიწყო ჩემმა მოსაწყენმა და ნაცრისფერმა ცხოვრებამ გაფერადება. ყველაფერი მენატრება ამ წამს, უღიმღამო დილები, უგემური ტკბილეული, მოსაწყენი რუტინა, ყველაფერს ხორცი შეესხა ოღონდ ახლა ეს 13 ადამიანი არ მიყურებდეს ასე დაჟინებით და არ ცდილობდეს ჩემთვის ყურის დაყენებას იმ მხარეს, სადაც თავად მიაჩნიათ სწორად.  

-დაბრძანდით - მიმითითა სააკაშვილის პორტრეტის ჩრდილქვეშ მყოფმა. დავჯექი. პირი გამშრალი მაქვს, ყურები დაგუბებული, არაფერი მესმის. ვცდილობ ტუჩების გამოძრავებას, რომ გადავამოწმო შემიძლია თუ არა საუბარი. ერთს ვხვდები მხოლოდ, ფიქრი შემიძლია, ნაფიქრს კი არ ემორჩილება სხეული. მიწებებული ტუჩები დიდი ძალისხმევით ავაძრე ერთმანეთს, ისეთი შეგრძნება მქონდა ნერწყვის მსგავსად წებო მესხა პირში, რომელიც საოცარი სისწრაფით შრებოდა. როდესაც ტუჩები ავამოძრავე, დიდი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ შევძელი სხეულზე კონტროლის მოპოვება. დაიწყო შაბლონური კითხვები, ვინ ვიყავი, საიდან მოვედი, რა მინდოდა და შევძლებდი თუ არა ღაზის სექტორში მუშაობას? ასე მოიხსენიებდნენ საკუთარ სკოლას, სადაც წლები იმუშავეს და ალბათ, კიდე დარჩენილი ცხოვრების გატარება აქ მოუწევდათ. სამსახური ასოცირდებოდა ბრძოლად. თავად იყვნენ მხარეები, რომლებსაც ომი უნდა მოეგოთ ბავშვებისთვის. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ამ ბრძოლაში შესვლისთვის. საუბრიდან ის დამამახსოვრდა, რომ კომისიის წევრები ერთმანეთს მიმართავდნენ ასე, გისმენთ, ლამარა მასწავლებელო, გისმენთ, მზია მასწავლებელო, რამე ხომ არ გაქვთ სათქმელი, ლამზირა მასწავლებელო. აი, გიული მასწავლებელს აქვს კითხვა. მოდი დავასრულოთ გულნაზი მასწავლებლის კითხვით. როდესაც გამოვედი ოთახიდან, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგონა ამ ქვეყნად. ტელეფონს დავხედე და მესიჯი დამხვდა ძმაკაცის უამრავი შემოსული ზარი. ჩქარი ნაბიჯით წამოვედი გასასვლელისკენ. გამოსასვლეში ჩემზე ცოტა დიდი გოგო დამეწია და მითხრა თუ მიგიღეთ, ასე ჩაცმული არ მოხვიდეო. იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ არ მიმიღებდნენ, ირონიით ვუპასუხე - აბა, როგორ მოვიდე შავი შარვლით?! არა შავი ნაჭრის შარვალი აუცილებელი არ არის, მაგრამ, მაგალითად, შავი ჯინსი. კარგი,იყოს შავი ჯინსი.

გასაუბრებიდან გამოსული დაუფიქრებლად ჩავჯექი მარშუტკაში და გადავწყვიტე კახეთში წასვლა. აღარც ზამთარი მეჩვენებოდა ისე ცივი და აღარც პეიზაჟები ჩანდა ისეთი ნაცრისფერი. როგორც დამპირდა მეგობარი, გზაზე დამხვდა. სუფრაზე მისულს ყველა ნასვამი დამხვდა, ჩემთვის არავის ეცალა, არც მე გამოვირჩევი დიდი სმით და არც თავი გამოვიდე განსხვავებულების ჩამოცლით. თავადაც მიხვდნენ არ ღირდა ჩემთან გაჯიბრება, დასაწყისშივე დამარცხებული ვჩანდი მათ თვალში, თუმცა ორი ჭიქა მაინც დავლიე და სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ სხვის 20 ჭიქას დავწეოდი. რამდენიმე საათში ტელეფონმა დამირეკა, ტელეფონში ქალბტონმა მამცნო, რომ სამსახურში ამიყვანეს და ხვალ დილით 9 საათზე სკოლაში უნდა ვყოფილიყავი. სადაც ვიყავი ხმაური იყო და თან ორი ჭიქა მქონდა დალეული რაც მაეჭვებდა მოვლენების რეალურობას. სწრაფად გამითიშა. ვერ გადავურეკე მომერიდა. ვერ ვხვდებოდი, ეს ყველაფერი ნამდვილად ჩემ თავს ხდებოდა თუ ცუდი სიზმარი იყო. არ მინდოდა აქედან წასვლა. სულ რაღაც 2 საათის ჩამოსული ვიყავი, ახლა უნდა დაწყებულიყო ყველაფერი, მე კი უნდა დავბრუნებულიყავი უკან ქალაქში. მოვიკრიბე ძალა და ძმაკაცს ვუთხარი სამსახური დავიწყე და უნდა წავიდე-მეთქი. გაოცებული მიყურებდა. მაგრამ არ შემეწინააღმდეგა. კარგად ნასვამმა მამამისმა დაურეკა მძღოლს და ჩემი თავი ჩააბარა. ერთ საათში მოვქროდი უკანა გზაზე თავში უამრავი ფიქრით, ბუნდოვანი საქმით, რაც უნდა მეკეთებინა და უფრო ბუნდოვანი ხალხით, სადაც უნდა მემუშავა.

დილით 5 საათზე გავიღვიძე, საგანგებოდ გამოვიპრანჭე და დავიწყე დროის ათვლა, რომელიც თითქოს გაჩერდა. თითოეული წამი საუკუნედ მეჩვენება, წუთი ათასწლეულად და მეტის გაძლება აღარ შემეძლიო. სახლიდან გავედი, ფეხით გავიარე. სამი საათის გზა სამ წუთში გავიარე. სკოლაში ადრე მივედი, არავინ დამხვდა. დამლაგებელმა გამიღო სამასწავლებლოს კარი, უხერხულად ჩავჯექი დივანში. ჩაჯდომის პროცესში ვიგრძენი ჩაწყვეტილი ზამბარების კვნესა და ფრთხილად მოვსინჯე ისეთი ადგილი, რომელიც შედარებით კომფორტული იყო. გახუნებულ კედლებზე მწერლების ფოტოები ეკიდა, ჩემი ბავშვობისდროინდელი, ალბათ, ჩემი მშობლების ბავშვობაშიც ესენი ეკიდა. მწერლების გახუნებული პორტრეტები სევდიანად იყურებოდნენ. შევეცადე გამეხსენებინა ჩემი სკოლის კედლები, სამასწავლებლო, შემდეგ დირექტორი და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი იგივე იყო. რამდენიმე წამით ისიც კი გავიფიქრე, აქ ხომ არ ვსწავლობდი შემთხვევით. აბა, აქ როგორ ვისწავლიდი, მაგრამ ფაქტია ეს ყველაფერი აქამდეც მქონდა ნანახი, ამ ადამიანებს აქამდეც შევხვედრილვარ, ეს პორტრეტებიც მინახავს, ეს დივანიც და ეს სკოლის შენობაც ,მაგრამ სად? როგორ? რანაირად? ამაზე პასუხების დრო არ მქონდა. ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა ადამიანებით რომლებიც ჩემს ბიოგრაფიას ნაწილ-ნაწილ გებულობდნენ და ფაზლივით აწყობდნენ. ზარის დარეკვამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი. ერთმა ისიც მითხრა, რომ უკვე დაგვიანებულია და ცოლი მჭირდება, რომ ამ სკოლაშიც არიან ახალგაზრდა, გასათხოვარი მაწავლებლები, რომელსაც გამირიგებს. მე საათს მივაშტერდი და ცხოვრებაში ასე არასდროს გამხარებია ზარის დარეკვა. მიხსნა ნაძალადევი ჯვრის წერისგან.

ზარის ხმაზე წამოვდექი, ფიქრის დროც კი არ მქონდა მეფიქრა გაკვეთილზე, ახლა იმაზე უფრო ვდარდობდი, როგორ მომეშორებინა თავიდან გარიგების სურვილით შეპყრობილი ადამიანი. დირექტორი დაყენებული, ნახევრად გაბუტული სახით გამიძღვა სკოლის ლაბირინთებში. ირგვლივ ბავშვები ირეოდნენ, ვგრძნობდი მათ დაჟინებულ მზერას, ინტერესს. გზად დირექტორი მოუწოდებდა ბავშვებს სწრაფად შესულიყვნენ საკლასო ოთახებში. დერეფნის ბოლოს ღია კარში შევაბიჯეთ. სრული ანარქია.

საქართველო 21-ე საუკუნე

კლასის კარი ღია დაგვხდა. ერთდროს ლურჯი კედლები ალაგ- ალაგ ამონგრეულიყო. თითქმის ცარიელ კედლებზე ჩამოკონწიალებული გამსახურდიასა და წერეთლის პორტრეტები სადაცაა ჩამოცვიოდა. ნეტა, როდის გაასწორეს ესენი ბოლოს გავიფიქრე და მასწავლებლის მაგიდისკენ გავყევი დირექტორს.  ჩემი ბავშვობისდროინდელი ძველი მერხებიდან ბრახაბრუხით ალაგებდნენ ბავშვები აყირავებულ სკამებს, რომლებსაც კუთხეები აქა იქ ამოსტეხოდა. დიდი საკლასო ოთახის იატაკის ნახევარზე პარკეტი აქა - იქ ამოცვენილიყო და შემდეგ ნახევარზე ლინელიუმი  დაგლეჯილი დაგორგოლავებულიყო.

არავინ გვაქცევს ყურადღებას ყველა ბავშვი რაღაცით არის დაკავებული, ზოგი მერხიდან სკამს იღებს, ზოგი ჩანთიდან წიგნს ბრახუნით დებს მაგიდაზე. ერთმანეთში  საუბრობენ. ვცდილობ რაიმე დიალოგის დაჭერას, მაგრამ სულ ტყუილად. ვერც ერთი სიტყვა ვერ გავარჩიე. დირექტორმა როგორღაც მოახერხა ნაძალადევი წესრიგის დამყარება. ბავშვებმა უინტერესო სახეებით დაგვიწყეს ყურება. ზოგიერთი კვლავ აგრძელებდა დაწყებულ საქმეს და რაღაცას ეძებდა ჩანთაში, ან სკამი გადაჰქონდა სხვა მხარეს. როგორც კი დირექტორმა საუბარი დაიწყო და გადაწყვიტა ჩემი წარდგენა, სწორედ, ამ დროს ორი ბიჭი ხელის კვრით შემოვარდა კლასში. სავარაუდოდ, დაიგვიანეს. არ ელოდნენ დირექტორის დანახვას და სახტად დარჩნენ. დირექტორმა გამჭოლი მზერით გახედა. ბიჭებისთვის ეს მზერა კარგად ნაცნობი  ჩანდა და დიდი ხნის წინ გამოემუშავებინათ იმუნიტეტი. არანაირი წუხილი არ დაეტყოთ გაემართნენ ადგილებისკენ. ერთ - ერთი თავისუფალ სკამზე დაჯდა, მეორე კლასელ გოგოსთან მივიდა და სთხოვა ადგილის დათმობა. გოგო არ თმობდა ადგილს. დირექტორმა მიუთითა დამჯდარიყო თავისუფალ ადგილზე. ბიჭი ცდილობდა ახსნას რომ ეს მისი ადგილი იყო და ხელით ცდილობდა კლასელის გადაქაჩვას. სწორედ ამ დროს გაისმა დირექტორის ყვირილი, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კლასში აღარაფერი მოძრაობდა, ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. საშინელი მტვრის, ნესტის და შმორის სუნი ვიგრძენი. ეს თქვენი ახალი ხელოვნების მასწავლებელია. აბა, თქვენ იცით! იმედი მაქვს ამასაც არ გააგიჟებთ. თქვა და დამტოვა.

ზამთრის მიწურული იყო მაგრამ დილიდან კარგი ამინდი ჩანდა. მზე ანათებდა და ვგრძნობდი გარეთ თბილოდა. ყველაფერს გავცვლიდი, ოღონდ გარეთ მზის გულზე გავსულიყავი. ახლა ლობიანი და კოკაკოლა ყველაზე მეტად გემრიელი იქნებოდა. მარტო ვიყავი ამ პლანეტაზე 38 მეცხრე კლასელთან 20 წლის ბიჭი და არ ვიცოდი საიდან დამეწყო. კლასს მოვავლე თვალი, ფარდები ორ სამაგრზე ეკიდა ნახევრად ჩამოწყვეტილი, ოთახის ბოლო ფანჯარა კი ღია იყო. ოთახში საკმაოდ ციოდა. ფანჯარა ხომ არ დავხუროთ ? - ვიკითხე. ერთხმად მიპასუხეს - ცხელა მას! გეგონება ამ ადამიანებს მთელი ცხოვრება ემეცადინათ სინქრონში როგორ ეთქვათ ერთად ,,ცხელა მას“. ნებისმიერ დირიჟორს შეშურდება ასეთი სიზუსტის. მივხვდი რაც არ უნდა მეთქვა ყველაფერზე მსგავს პასუხს მივიღებდი. შემდეგ დავიწყე სიის ამოკითხვა, კვლავ სინქრონში მპასუხობდნენ ,,არ არის და ვარ“.

დავიწყე საუბარი თემაზე: ,,ხელოვნების როლი ადამიანის ცხოვრებაში“. ჩემდა გასაოცრად ბავშვები მისმენდნენ. წლების შემდეგ მივხვდი, რომ შეიძლება ეს სიმშვიდე პირველი გაკვეთილის დამსახურება იყო. ჯერ ფხიზლდებოდნენ. შუა გაკვეთილზე ღია ფანჯრიდან შემოფრინდა ჩიტი, კლასში 38 ბავშვმა დაიწყო ისტერიული კივილი. მთლიანი სკოლა ზანზარებდა, ამათ ყვირილზე კი ჩიტი გულგახეთქილი ეხეთქებოდა კედლებსა და ფანჯრებს. ბავშვები კი უმატებდნენ ყვირილს. მე არ ვიცი რა გავაკეთო, ვუყურებ ჩიტს და ვფიქრობ, როგორ გაატანა ქარს ჩემი ოცნება საუკეთესო მასწავლებლობაზე. ყველანაირი დასაწყისი წარმომედგინა ცუდიც და კარგიც, მაგრამ ეს ჩიტი საიდან შემოფრინდა? არც ერთ დაშვებაში და არც ერთ სცენარში ჩიტი არ მოიაზრებოდა. მე ვზივარ სკამზე, ვუყურებ მოსწავლეთა სიას. რამოდენიმე წამში ხმაური და ყვირილი მინელდა. ბოლოს სრულიად გაჩუმდა ყველაფერი. ავწიე თავი და ყველა მე მომჩერებია. ჩიტი კვლავ ოთახშია. გავაგრძელე საუბარი იქიდან, სადაც გავჩერდი. ვგრძნობ ჩემს გულისცემას, თვალების დახამხამების ხმაც კი მესმის. ბოლო რიგში ბიჭი იწევს ხელს, რაღაცის თქმა უნდოდა. გავწყვიტე საუბარი. -გისმენ.

-მას! ჩვენ ვყვიროდით.

-ვიცი, მესმოდა.

-მას! ჩვენ ვყვიროდით - გამიმეორა.

-ვიცი, გავუმეორე.

-ყვირილი არ შეიძლება გაკვეთილზე- არ მეშვება ჯიუტად.

-რატომ?- ვუბრუნებ კითხვას

-დირექტორი შემოვა.

-შემოვიდეს- ვპასუხობ მშვიდად.

-რომ შემოვიდეს შენიშვნას მოგცემთ მას!

-რაზე მომცემს შენიშვნას?

-ვყვიროდით.

-რატომ ყვიროდით?

-ჩიტი შემოფრინდა

-ჩიტის გამო ყვიროდით?

-გვეშინოდა მას და ვყვიროდით.

-მერე დირექტორი რომ შემოვიდოდა, რაზე მომცემდა შენიშვნას?

-ჩვენ ვყვიროდით მას!

მათ ხმაში ვიგრძენი რომ რაღაც ისე ვერ იყო. მათ სცენარში აირია რაღაცები.

- მე რა უნდა გამეკეთებინა, რომ არ გეყვირათ?

-გვეშინოდა მასს! ერთხმად წყენანარევი ხმით.

-დირექტორს ვეტყოდი, რომ გეშინოდათ. შიშს კი ვერავინ დაგიშლით. მე კი შევეცდები აღარ შეგეშინდეთ მომავალში. გავაგრძელე გაკვეთილი რამდენიმე წუთში ზარი დაირეკა . ჟურნალი ავიღე და კარისკენ გასვლა გადავწყვიტე. ვხედავ, როგორ დგას ყველა ბავშვი და მიყურებს. ერთმა ხელი გამომიწოდა, ჩამომართვა და გადამკოცნა, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე.. დაბნეულმა გადავხედე რიგს და ღია კარში მდგომ დირექტორს მოვკარი თვალი. შევატყე არ ესიამოვნა ეს სცენა. ხელიდან გაუშვა ჩემი შენიშვნა. მე კი ვიგრძენი, რომ სწორედ ასეთი დასაწყისი იქნებოდა იდეალური. ამ ამბავში უკვე ჩიტიც მომწონდა და დაყირავებული მწერლის ფოტოებიც აღარ მეჩვენებოდა ტრაგედიად ნელ-ნელა სწორდებოდა ყველაფერი, ფარდები უბრუნდებოდნენ საკიდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ამის ფონზე, დირექტორის იმედგაცრუებული სახე ჩანდა. იმედია, ამასაც არ გააგიჟებთ. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ სწორ ადგილზე ვიყავი და არაფერზე გავცვლიდი ამ ყველაფერს.

ჩემი პირველი გაკვეთილის ამბავი სწრაფად გავრცელდა სკოლის კედლებში, გასცდა სკოლას და უბანში გადაინაცვლა. უბნის სალონების, ყავაზე ერთმანეთის სახლში გადასული ქალების, ბირჟაზე მჯდომი კაცების მთავარ თემად იქცა. რომ თურმე ახალი მასწავლებელია ამ სკოლაში და ბავშვებს ყვირილი არ დაუშალა, აბა, ეს როგორ შეიძლება, ზოგი ამართლებდა, ზოგი იმას ამბობდა, აი, ასეთი მასწავლებლები შემოჰყავთ ამერიკიდან დაფინანსებულები არიან ეგენიო. ვიღაცამ ისიც თქვა, სოროსი უხდის მაგათ ხელფასსო. ვიღაცას ეჭვით უკითხავს, ბავშვებს რომ მოეწონათო? ზუსტად ეგაა პრობლემა, ბავშვებს რომ მოეწონათ, სწორედ მანდ მარხია ძაღლის თავი, არ იცი რა მოსწონთ ჩვენ შვილებსო? ბევრი იმსჯელეს, ბევრი მიმოიხილეს, კითხვები ბევრი იყო, პასუხები კი არ ემთხვეოდა მათთვის ნაცნობი მასწავლებლის სტანდარტს. ხოდა, ყველა შეთანხმდა იმაზე,, რომ ამას ბავშვები უნდა მოვარიდოთ რა ვიცით რას ასწავლის.

პირველი გაკვეთილიდან გამოსული დავბრუნდი სამასწავლებლოში. ყველა ვინც ოთახში შემოდის მაკვირდება, ისე მათვალიერებს, ვგრძნობ დასხივებას. თითქოს სკანერი ქვეშ ვარ და ეს სკანერი რადიაციას გამოსცემს. ალაგ-ალაგ ვგრძნობ, როგორ  მიხურდა, შინაგანი ორგანოები. ზოგი მხოლოდ მიყურებს, მათვალიერებს შორიდან. ზოგიერთი მოდის და უხერხულად ხელს მართმევს და სახეზე აწერია ირონიული თანაგრძნობა. რა გინდა აქ, რა დაგრჩენია?

ერთმა ისიც თქვა:

-აი, თუ არ მოვლენ ახალგაზრდები სკოლაში?

-კარგი რა, ვის რად უნდა სკოლა, არ გაშინებ შვილო,

 მაგრამ მალე გაიქცევი.

საიდანღაც მომესმა:

-აი, ვინ უნდათ ბავშვებს, მოვიდა და დაამშვიდა ის კლასი. იქ მყოფთა თვალებიდან შხამიანი ისრები გამოფრინდა და ამ ტექსტის ავტორისკენ აიღო გეზი. მზერის ისრები წამებში გადაიქცა სიტყვებად და კრიტიკის ნიაღვარმა ღვარცოფივით გადაუარა ამის მთქმელს.

-რას ამბობ, რომ ჩვენ ვერ ვამშვიდებთ?

-ანუ, არ ვუყვარვართ?

-რასაც ჩვენ ვუძლებთ ამათ თუ ამათ მშობლებს, მეტის ღირსები ვართ..

-ჩვენ ვჭამთ ერთმანეთს და მერე სხვისგან გვწყინს.

-ზუსტად.

-ეს, რა ლაპარაკია, რა საჭიროა საერთოდ?

სამასწავლებლოს კარი ღია იყო. კარში იდგა ბიჭი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ იკითხა, უკაცრავად შეიძლება დარბაზის გასაღები ავიღო? მასწავლებლები ისე იყვნენ გართულნი პოლემიკაში, პასუხის გასაცემად არავის ეცალა. ერთი დღის მისული როგორ გავბედავდი რაიმის თქმას. ბიჭი დაღლილი სახით იცდიდა ღია კარში, ოთახის შემოსასვლელში ტანსაცმლის საკიდი იყო მიმაგრებული კედელზე , რომელიც ტანსაცმლის მაგივრად გასაღებების საკიდად გადაექციათ. არასასიამოვნო საუბრის გასაფანტად გაღიზიანებულმა მასწავლებელმა თქვა, ჩუმად ბავშვია. - რა გინდა შვილო? მიმართა გაღიზიანებულმა მეორემ. -უკაცრავად, დარბაზის გასაღები მინდა მასწავლებელმა გამომგზავნა. - შემოდი აიღე! ბიჭი უხერხულად და მოწიწებით შემოვიდა სამასწავლებლოში, დაბნეული მივიდა გასაღებების საკიდთან, უამრავ გასაღებში დაუწყო თვალიერება მისთვის სასურველს. თან იმდენად ჩქარობს გასაღების ძებნას, თითქოს წამზომი ჩართულია და რამდენიმე წამში ბომბი აფეთქდება. თითოეული წამის შემდეგ ბიჭი უფრო და უფრო ნერვიულობს, უფრო ჩქარობს თან გაქცევაზეა და აი, არ დააყოვნა - რას ეძებ ამდენ ხანს?!

- ვერ ვიპოვე. - ხმაში თავისმართლება და თანადგომის სურვილი ჩანდა

- ეს რა იციან ამ ბავშვების გამოგზავნა .

-შეიძლება ამდენი ხანი სამასწავლებლოში ბავშვი იყოს?

-ამათაც მეტი რა უნდათ, ოღონდ გაკვეთილიდან გამოიყვანე- დივანზე მჯდომმა ამოიხედა სათვალის ქვეშიდან.

- გიორგი, შენ ამ კვირაში უკვე მეორედ ხარ აქ ხო?

ბიჭმა არც უარყო და არც დაეთანხმა, ჩანდა არ ახსოვდა.

ბიჭი უხმოდ გავიდა. გიორგი, კარი მოკეტე რა, დააწია კომპიუტერთან მჯდომმა სიტყვა და კმაყოფილმა დაარტყა კლავიატურის მისთვის სასურველ ასოს თითი. შემდეგ ეკრანზე გამოსახულებას მიაჩერდა და მიხვდა, რომ მიზანს მიაღწია. სწორად მოარტყა მიზანში. კმაყოფილი ჩანდა და მეორე ასო ამოიღო მიზანში. 

 -რას ბეჭდავ?-ჰკითხა ერთმა. რა ვიცი ტესტებს ვერ ვაწერინებდით ადრე რვეულებში ეს რა მოიგონეს. გამარჯვებულის მდგომარეობიდან მალე გამოვიდა და სწრაფად გაღიზიანდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში სულ რამდენიმე ასო დაეწერა ჯერ და წუხდა როდის გავიდოდა ბოლოში.

-არ მაქვს ახლა გაკვეთილი და მე დაგიბეჭდავთ. შევთავაზე

-არა, არა! მეტი რ უნდა იმას. დირექტორი იგულისხმა.

-ამ ახალგაზრდებმა ასეთი რაღაცები იციან და წაგვაჭამეს რა თავი. ისევ დირექტორს გადასწვდა. რა აზრი აქვს ნეტა, ვაწერინებ თუ არა საერთოდ. ვინ წერს, ვის სჭირდება საერთოდ. ამ დროს სამასწავლებლოში ახალგაზრდობას კარგა ხნის გადაბიჯებული სასწავლო ნაწილი შემოვიდა, სახლში გასწორებული გაშლილი თმით, ამაყი სახით, მყარი ნაბიჯებით გაემართა მაგიდის თავისკენ, სადაც თამადები სხდებიან ქართულ სუფრაზე. მაგიდაზე ბლოკნოტები და სხვა საკანცელარიო ნივთები ელაგა. სკამის უკან კედელზე რამდენიმე ხატი ჰქონდა გაკრული. ნივთებში რაღაცას ეძებდა. კომპიუტერთან ვინც ტესტს კრეფდა, მოუმატა ბეჭდვის სისწრაფეს. დანარჩენებმა საუბარი შეწყვიტეს და საქმეში გულმოდგინედ ჩაიძირნენ. შიგადაშიგ ისმოდა ოხვრა და წუხილი, ბავშვების ნაწერების ცქერისგან მოგვრილი. გასვლისას მომაძახა დირექტორის მოადგილემ, ისე შენ განცხადება გაქვს დასაწერი. გავიდა და კარი ისე მოკეტა, გვაგრძნობინა, აქ მე ვარ ყველაფრის ბატონ- პატრონი და არაფერი შეგეშალოთო. ერთი რამ, რაც ძალიან მომწონდა ამ კედლებში ის იყო, რომ ყველაფერი საუბრობდა კედლები, კარები, მაგიდები, სკამები, ჩუმად მყოფი ადამიანები. ყველაფერი რაღაც ამბავს ჰყვებოდა. მოკეტილ კარს მივაშტერდი და განცხადებაზე ფიქრი დავიწყე. კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა. ყველა დუმს. ოთახში რამდენიმე ადამიანია. არავის აქვს რეაქცია. მეორედ კვლავ დააკაკუნეს და მივხვდი გაღებას არავინ აპირებდა. შემოდი!  დაუძახა კარადის უკან მყოფმა მასწავლებელმა, რომელიც ყავას ადუღებდა. კარადები გამოეყენებინათ კედლებად და შიგნით მოეწყოთ მინი სამზარეულოს მსგავსი. წინიდან არაფერი ჩანდა, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი იყო ასეთ პატარა სივრცეში სამზარეულოს მოწყობა. როგორც ჩანს, დაძახების ხმამ კარის გარეთ ვერ გააღწია და კარზე მესამედ დააკაკუნეს. მე თავს სტუმრად ვთვლიდი ამიტომაც, არ მიფიქრია ადგომა და კარის გაღება. მასწავლებელი, რომელიც წებოვანი ფერადი ქაღალდებისგან ანგელოზებს ჭრიდა და ლენტზე ამაგრებდა,  მიატოვა ჭრა, წამოდგა და გააღო კარი.

-შემოდი! რა უნდა გეახლოთ?

კარში ბავშვი იდგა მეორე - მესამე კლასელი.

-რა გინდა?

-ცარცი.

-ვინ გამოგგზავნა?

-თიკო მასწავლებელმა.

-მიდი აიღე.

ქალი დაბრუნდა საკუთარ მაგიდასთან. ბავშვი მივიდა ოთახში მდგარ ძველებურ გამოუსადეგარ, ფუნქცია დაკარგულ მაგიდასთან, რომელიც წინა ცხოვრებაში სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა ცარცის ყუთის დასადებ მაგიდობას ეწეოდა, ზემოდან გადაფარებული ჰქონდა ძველი ნაქსოვი გადასაფარებელი სიძველეების დასაფარად.

 - მობრუნდი დამანახე რამდენი მიგაქვს? ბავშვს გასასვლელში დაეწია ხმა. მობრუნდა და ხელში ორი ცარცი ეჭირა.

- ერთი წაიღე! ბავშვი შემობრუნდა ერთი ცარცი დააბრუნა ყუთში და გავიდა.

- კარი ვინ უნდა მიხუროს? ბავშვი აღარ მობრუნებულა.

 ავდექი და კარი დავხურე.

- სად იზრდები