იქ,სადღაც ცაცხვის ძირას ...
იქ,სადღაც ცაცხვის ძირას ...
ჩვენთან ამ დროს შემოდგომის სურნელი იგრძნობა ხოლმე მკვეთრად,ასე უხვად არის მიმოფანტული და ყველა რაღაც ფუსფუსშია.როდესაც ირგვლივ ყოველი კუთხე ოქროსფრად ელავს,ყოველი ხის ქვეშ ყრია გულაბი ვაშლები,მუცლყვითელა მსხლები და მარგალიტის მძივებად ასხმული ყურძნის მტევნები,რომლებიც იყურებიან მედიდურად ზემოდან.თუმცა სიამაყეში,ამპარტავნებასა და თავკერძობაში ვერავინ შეეცილებათ ალისფერ სიმინდის ტაროებს,თავს რომ იწონებენ და არ იხრებინ მზის წინაშე,როგორ გინდა გული არ აგიჩქარდეს და აგიტოკდეს ძარღვებში სისხლი.
იცით როგორი დროა? სულში გაგდის რაღაც საოცრად უცნაური გრძნობები,ელი სიახლეს,ახალ თავგადასავალს და ახალ ძალას შიგნიდან,რომ შეგავსოს.ბუნება ემზადება სხვა განზომილებაში გადასასვლელად ამ დროს და ეს რაღაც ჩვენს რეინკარნაციასაც ნიშნავს თითქოს.რაღაცნაირად მოზაიკური პერიოდია,ნათელიც,მოღუშულიც,ბრდღვიალა-ბრჭყვიალაც.შემოდგომაზე ბარდნის ნაირფერად,თვალწარმტაცად.როგორ ტკაცუნობენ ფოთლები ქუჩაში სიარულის დროს,ალბათ შეგიმჩნევიათ,თითქოსდა ჩვენთან ერთად მოდიან და მოგვყვებიან,ქარი რომ დაუბერავს სადღაც ხეს შერჩენილი ფოთოლი გულსაკლავად არ ნებდება და არ წყდება იმ ტოტს. მეც ძლიერ მიყვარდა წელიწადის ეს დრო,მით უფრო რომ შემოდგომაზე დავიბადე და თითქოს,სხვანაირად ვართ შემოდგომის ფოთოლცვენის ხალხი,ფოთლებს ჩამოყოლილები. გათენდა,მზე შემოგორდა ცაზე და ნელ-ნელა დათბა,ცვარი შეაშრო ბალახს და გამოვვარდი გარეთ,რომ დილის განთიადის სუნს პირველი შევჯახებოდი,როგორ მიყვარდა,როგორ მსიამოვნებდა და მელამუნებოდა სახეზე,სულ მინდა ასე ვიგრძნო,სულ მინდა ასე ვიყო და უცებ:
-კეკე,რას აკეთებ მანდ?
-მზეს ვესაუბრები დედა.
-ნუ სულელობ,გამოდი დროზე,ტყლაპებია გასაკიდი გარეთ და გელოდები .
-მოვდივარ დედა .
ამ დროს მიყვარდა,რომ გადმოვფენდი ტყლაპებს,ხურმის,ვაშლის,ქლიავის,ლეღვის ჩირებს,ჩურჩხელებს ჩამოვაკონწიალებდი.ვგრძნობდი,რომ შემოდგომა დამქონდა ხელით სახლის ყოველ კუთხეში.
-კეკე რას შვრები?
-რაც დამავალე დედა,გამოვფინე ჩვენი სიმდიდრე.
-სიმდიდრე,სასაცილოა,მორჩი ეხლა მაგას და წამოდი ნათელასთან გადავიდეთ,მოხმარება სჭირდება და სირცხვილია.
-მოვდივარ დე,მაგრამ მე რა ვაკეთო იქ,რაში გამოგადგებით
-მარტო არ მინდა წავიდე, ისე იჯექი და არაფერი გააფუჭო.
ნათელა ბებო,ჩვენი მეზობელი იყო და მარტო ცხოვრობდა,შვილები დედაქალაქში იყვნენ გადასულები,წელიწადში ერთხელ თუ ჩამოაკითხავდნენ საცოდავს და მეზობელები ვეხმარებოდით ხან რაში და ხან რაში.ეხლა მოსავლის აღების დრო რომ იყო სიმინდის მოტეხვაში და ნალიაში შესაყრელად ვემზადებოდით.ასე შევიკრიბებოდით ხოლმე ყველანი ერთად,ავტეხდით ჟრიამულს,ვმღეროდით და ამ გართობა-გართობაში სწრაფად გადიოდა დროც და ვერ ვგრძნობდით შემობინდებას.მიხაროდა და მიყვარდა ეს ყველაფერიც ,ის ურთიერთობა,მეზობლობა და ასე ტკბილობა ერთმანეთთან.ცოცხლდებოდა გარემო და სიცილით იყოს კედლები გაჟღენთილი.ნათელა ბებოც ხარობდა და ღმერთმა ნუ მომიშალოს მეზობლებო თქვენი თავიო,დაგვლოცავდა და გამოგვისტუმრებდა.მიყვარდა მე ნათელა ბებოც,ჩემად ვგრძნობდი,იმიტომ რომ მისგან ძალიან ბევრი სიკეთე და სიყვარული მახსოვდა.ღრმა ბავშვობა თითქმის მასთან ერთად მქონდა გატარებული და ეს ერთი-ორად მზრდიდა.ყველას უყვარდა ნათელაი,ასე ეძახდნენ და ყველა პატივს სცემდა,მაგრამ მე კიდევ სხვა გრძობები და სიახლოვე მქონდა,ამის მთავარი მიზეზი კი მისი შვილიშვილი არჩილი იყო,რომელთანაც ყველაზე დიდი გრძნობა,სიყვარული მაკავშირებდა ბავშვობიდან,იქიდან,როდესაც პირველად დავინახეთ ერთმანეთი ეზოში და პირველად ვიჩხუბეთ ტყლაპოში ჩავარდნილი ვაშლის გამო.ფსიქოლოგები ამბობენ,სიყვარული ჩხუბით და კამათით იწყებაო და ალბათ ესეც ნიშანი იყო.მე ისე,ძალიან ცრუმორწმუნე ვარ,ყველაფრის მჯერა,მწამს და მგონია,რომ ყველაფრის ახსნები და განმარტებები არსებობს,უბრალოდ არ ვეძებთ.ხო,ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი,ასე შევპირდით ერთმანეთს,შუა ტყეში 10 წლის ასაკში,ვეება ცაცხვის ხის ქვეშ და სამახსოვრო კოცნაც კი ვაჩუქეთ ერთმანეთს,სახელები ამოვტვიფრეთ და ვთქვით რომ ისევ მოვიდოდით აქ წლების მერე ხელიხელჩაკიდებულები.ვერ წარმოიდგენთ,როგორ ველოდებოდი იმ დროს,იმ წუთებს,ჩემი ბავშვობის სიყვარულს და ნამდვილს,სულ ის მიყვარდა მთელი სულითა და გულით,მთელი არსებით,ის პირველი შეკანკალება ათი წლისამ რომ ვიგრძენი და ჩემს გონებას არ მივეცი საშუალება არჩილის იქით წასულიყო.ნათელა ბებოსთან ერთად ყოფნით,თითქოს ვგრძნობდი მასთან სიახლოვეს და ისე გადიოდა ზაფხული ვერ ვხვდებოდი,ხან მე არ ვიყავი ,ხან ის არ ჩამოდიოდა და ასე გაიწელა წლები.მაგრამ მე ჯიუტად მჯეროდა ყოველთვის,რომ ის მიერთგულებდა ჩემსავით და ასე უბრალოდ არ გაქრებოდა ის წუთები,წამები...
ადამიანები იზრდებიან და სხვანაირები ხდებიან,ზოგი კიდევ ივიწყებს ყველაფერს,არავინ და არაფერი ახსოვს,თუმცა ეს ოპტიმიზმი და მოლოდინი რომ გაქვს შემორჩენილი,ვერაფერს ვერ უხერხებ და ასე მიერეკები შენს ემოციებს,ოცნებებს,ფიქრებს და განცდებს.ყოველთვის მახსენდებოდა ის მიყვარხარ,ისე თბილად ნათქვამი და ტკბილად აჟღერებული.ჩამესმოდა და მსიამოვნებდა.ძალიან ღრმად შევიჭერი ამ ორომტრიალში ფიქრებში.
-კეკე მივდივართ.
-კი,კი მოვდივარ.
-ხომ კარგად ხარ?
-კი დედა,უბრალოდ დავიღალე ცოტა და მეძინება კიდეც.
-აცივდა უკვე,ცეცხლი შევანთოთ და ავაგიზგიზოთ.
-არა დე,უკვე გვიანია,გადავიდეთ სახლში უცებ და საწოლში ჩავიფუთოთ.
-შენ თუ არ გინდა და არ გცივა,კარგი დე.
მე და დედამ გადმოვჭერით მოკლე გზა ნათელა ბებოს სახლიდან,უკვე ღამე იყო,შემოდგომის ცივი და ქარიანი ღამე.მციოდა ძალიან,ტანში ჟრუანტელი დამდიოდა,ერთი სული მქონდა სახლში შევვარდნილიყავი და ჩემს ბალიშს ჩავხუტებოდი,მერე გამეგრძლებინა ფიქრი,ოცნება და აზრები მიმოფანტულიყვნენ ჩემი ოთახის კედლებში.