ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

არტური

არტური

არტური ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან უცნაური

კაცი იყო, მეორეც იმიტომ, რომ არტურს საერთოდ არ ჰყავდა მეგობარი, მესამე იმიტომ,

რომ ყოველთვის სველი თეთრეულის სუნი ასდიოდა და ასე შემდეგ.... მეექვსე,

მეშვიდე, მერვე და სადღაც მეათე თუ მეთერთმეტე იმიტომ, რომ არტური ერქვა.

მეგობარი არ იყო, მაგრამ კარგ გამარჯობას არასოდეს ვამადლიდი და სამსახურიდან

გასვლის წინ „ნახვამდისაც“ ვეუბნებოდი, თუ მაინცდამაინც თვალში მოვხვდებოდი.

სხვები ამასაც არ აკეთებდნენ, თუმცა, რომ გითხრათ ეს არტურს დიდად ადარდებდა, ან

ჩემი „ნახვამდისები“ დიდად ახალისებდა-მეთქი, რა თქმა უნდა, მოგატყუებთ.

არტური ორმოციოდე წლის მარტოხელა მამაკაცი გახლდათ. მისი გარეგნობა იმედის

ნატამალსაც არ იძლეოდა, რომ ოდესმე არ იქნებოდა მარტოხელა, ან წარსულში ან

მომავალში. მაღალი, მეტისმეტად გამხდარი, ძალიან სათვალიანი, დიდი ცხვირი და

მეჩხერი წითური თმა, ოდნავ მოჭუტული, ზედმეტად ბაცი ცისფერი თვალები და

საშინელი კბილები - აი, ასეთი იყო არტურის გარეგანი სამყარო, შინაგანი კი არავინ

იცოდა. ყოველ დილით ზუსტად ცხრა საათზე მოვიდოდა სამსახურში, საკუთარ საქმეს

გააკეთებდა, შესვენებაზე ყაბაყის სენდვიჩს შეჭამდა და საღამოს სახლისკენ მიდიოდა.

რატომღაც წარმოდგენილი მქონდა არტურის სახლი: პატარა, ნაცრისფერი, მუდმივად

ჩაბნელებული, ერთადერთი ნათელი - ტელევიზორის მოცისფრო-მოვერცხლისფრო

ციალი ფანჯრებზე. ან შეიძლება ტელევიზორიც არ ჰქონდა არტურს, თუ ჰქონდა კიდე,

ალბათ, ძველი და დიდი ხნის წინ გაფუჭებული.

დიდხანს ვფიქრობდი, რითი ცხოვრობდა არტური, რითი ერთობოდა, რა აბრაზებდა ან რა

ახარებდა და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე, ანუ მოვიფიქრე, რომ არტური არც არაფრით

ცხოვრობდა, არც არაფერი ართობდა, არც ახარებდა და მით უმეტეს, არც აბრაზებდა და

საერთოდ, რომ არა სამსახური, არტური ალბათ თავს მოიკლავდა.

იმ დღესაც, ნუ რომელღაც დღეს, არტური ჩვეულებისამებრ ცხრა საათზე მოვიდა

სამსახურში, დაიკავა თავისი კუთვნილი ერთნახევარი კვადრატული მეტრი და თავი

უზარმაზარ დავთარში ჩარგო. მივიხედ-მოვიხედე, ყველა საქმეში იყო ჩაფლული,

ყურადღებას არავინ მოგვაქცევდა მე და არტურს, შესაბამისად, არც არავინ დამცინებდა,

ნახეთ, ნახეთ ვის ელაპარაკებაო, ამიტომაც გავბედე და არტურთან მივედი.

- გამარჯობა.

არტური ძლივსშესამჩნევად შეკრთა, ამომხედა, მერე მიმოიხედა, როგორც მე რამდენიმე

წამის წინ და თავი ისევ დავთარში ჩარგო.

- გაგიმარჯოს, – ამომძახა ყველაზე უსიამოვნო ხმით, რაც კი ოდესმე გაგიგიათ.

- დღეს სამსახურის მერე რას აკეთებ?


აშკარად შევატყვე, რომ კითხვა შეწყვიტა, თითები, რომლითაც დავთრის კიდეებს

ჩაფრენოდა, გაუწითლდა, თუმცა თავს ზემოთ არაფრის დიდებით არ წევდა.

- არ გინდა საღამოს გავიდეთ სადმე, ლუდი დავლიოთ? – არ მჯერა, რომ მე ამას არტურს

ვეუბნები.

- არ ვსვამ, – უუფ, ამოვისუნთქე გუნებაში.

- სადმე სხვაგან წავიდეთ... კინოში, მაგალითად, – მგონი შეშლილი ვარ.

- არ მიყვარს კინო... – წაიდუდუნა არტურმა და კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე შვებით.

მივხვდი, საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და იმასაც მივხვდი, რომ ჩემი

ვარაუდი, რომ არა ეს სამსახური, არტური დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა-მეთქი, კიდევ

უფრო მყარდებოდა.

იმ დღემაც ჩვეულებრივ ჩაიარა, შესვენებაზე არტურმა ყაბაყის სენდვიჩი ჭამა, მერე თავი

ისევ უზარმაზარ დავთარში ჩარგო და საღამოს ექვს საათამდე არც განძრეულა. ერთი ეგ

იყო, როცა დგებოდა და თან თავის რუხ პიჯაკს იცვამდა, მომეჩვენა თითქოს წამის

მეასედითა და თვალის კუთხით ჩემსკენ გამოიხედა.

სახლისაკენ ცუდ ხასიათზე წავედი. მიზეზს, რომ გეკითხათ, ზუსტად ვერც გეტყოდით,

შეიძლება წვიმის ბრალი იყო, შეიძლება ცუდი წინათგრძნობის. სახლში მივედი,

მაცივრიდან ლუდის ბოლო ბოთლი გამოვიღე, ბნელ ოთახში დივანზე დავჯექი და

დავფიქრდი... დივანზევე გამეღვიძა, დილის ოთხი საათი იყო, ლუდის გაუხსნელი

ბოთლი კი სადღაც შეგორებულიყო. საწოლში გადავწექი, ცოტა ხნით ისევ არტური

გამახსენდა, კიდე კაი სამსახური აქვს-მეთქი, გავიფიქრე და დავიძინე.

დილით სარკის წინ კბილებს რომ ვიხეხავდი, მივხვდი, რომ ზედმეტად

სენტიმენტალური გავხდი. არტურზე, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო და

გამაღიზიანებელ ადამიანზეც კი დავიწყე ზრუნვა, მერე პირში მოგროვილი წყალი

გადმოვაფურთხე და სამსახურში წავედი. ათი წუთი დამაგვიანდა, დირექტორის მზერას

ოსტატურად ავუარე გვერდი და ჩემს მაგიდასთან ისე დავჯექი, თითქოს ერთი ათი

წუთის მისული ვიყავი. ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ოთახში რაღაც

ისე არ იყო, როგორც სხვა დროს. ჟალუზი ადგილზე იყო, საათი ექვსი წუთით

ჩამორჩებოდა რეალურ დროს, კედელზე მოლურჯო ლაქა გაკრულიყო... ჰმ, არტური!

არტურს არ ჰქონდა თავი ჩარგული უზარმაზარ დავთარში, მეტიც, არტური თავის

მაგიდასთანაც კი არ იჯდა... იქნებ ავად გახდა? მაგრამ არტური ცხრა წელია ავად არ

გამხდარა, ან პირიქით, ცხრა წელია სულ ავად იყო. მოკლედ, მისი მდგომარეობა ამ ხნის

განმავლობაში არასდროს შეცვლილა და ვერაფრით გაიგებდი, გამუდმებით ავად იყო თუ

პირიქით, არასდროს ხდებოდა ავად; იქნებ ტუალეტში გავიდა... არტური?

წარმოუდგენელია! სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი, არტური კი არ ჩანდა. შუადღისთვის,

დაახლოებით იმ დროს, როცა არტური ყაბაყის სენდვიჩის უკანასკნელ ლუკმებს ღეჭავდა

ხოლმე, გავბედე და ჩემს გვერდით მჯდომს ჩუმად გადავულაპარაკე


- ე!

გვერდით მჯდომმა თავიდან ვერ გაიგო ჩემი ჩუმი შეძახილი, რადგან ყურსასმენში

ჩართულ მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უსმენდა.

- ე! – გავკარი ხელი იდაყვზე.

გვერდით მჯდომმა ყურსასმენის ცალი მხარე გამოიძრო და მიმიკით მაგრძნობინა

კითხვა, რა გინდაო.

- ბიჭო, ეს არტური სადაა, ე?

- გაუშვეს ეგა, – მიპასუხა გვერდით მჯდომმა და ყურსასმენი ისევ ყურში დაიცო.

ჯერ აზრზე ვერ მოვედი, ნუ, გაუშვეს და გაუშვეს, მერე რა მოხდა, აქ ყოველთვე ვიღაცას

უშვებენ სამსახურიდან. მერე დავფიქრდი: არტური გაუშვეს?! არტური, რომელსაც

სამსახურის გარდა არაფერი და არავინ ებადა... მე ხომ თავს მოვიკლავდი მის ადგილას,

მე რომ არტურისნაირი მახინჯი, მარტოხელა და... და... ნუ, მოკლედ, არტური

ვყოფილიყავი, თანაც უსამსახურო, ხომ იმავე საღამოს მოვიკლავდი თავს, როგორც კი

აღმოვაჩენდი, არტური ვარ-მეთქი და არტური რას იზამს, არტურიც მოიკლავს თავს,

არტურმა ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია იცის, რომ არტურია.

სამუშაო დღე უცებ ჩამთავრდა. სამსახურიდან, როგორც ყოველთვის, დაღლილი და

როგორც არასდროს, აფორიაქებული გამოვედი. კაფეში შევიარე, სამი ნაჭერი შოკოლადის

ნამცხვარი შევჭამე, მერე სათამაშოების მაღაზია დავათვალიერე, მერე ავტობუსში

ჩავჯექი და წრეზე გავყევი. მერე სახლში მივედი, შხაპი მივიღე და თან სულ ვფიქრობდი,

მაინც რანაირად მოიკლავს-მეთქი თავს არტური. მისი ნატურიდან გამომდინარე, წესით,

თავი უნდა ჩამოიხრჩოს, თუმცა საწამლავიც არაა გამორიცხული, ვენების გადაჭრა არა

მგონია, არც იარაღი, გაზიც შეიძლება... წარმოვიდგინე კიდეც გაზის ღუმელში

თავჩარგული არტური, ყველაზე მეტად ეგ მოუხდა, შეიძლება იმიტომ, რომ იმ

უზარმაზარ დავთარში თავჩარგული მახსოვდა მუდამ. როგორ ამომხედა იმ დღეს... არა,

მორჩა, არტური უნდა გადავარჩინო! ეს რომ გავიფიქრე, ჯერ კიდევ შხაპქვეშ ვიდექი.

მაშინვე გამოვვარდი, ტელეფონის წიგნს ვეცი და არტურის გვარი მოვძებნე, არტურის

გვარის ქალაქში სულ სამი მოსახლე აღმოჩნდა. გვარიც კი ისეთი ჰქონდა,

თვითმკვლელობისკენ გიბიძგებდა გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანს. პირველ

ნომერზე დავრეკე.

- ალო!

- არტურს თხოვეთ...

- ვიის?

- არტურს.

- ეგეთი არავინაა აქ!


მეორე ნომერზე გადავრეკე, არავინ იღებდა. “ეს ხომ არ არის, ხომ არ დავაგვიანე?” -

ვფიქრობდი და თავისუფალი ხელის ფრჩხილებს ვიკვნეტდი, როგორც იქნა ვიღაცამ აიღო

და “ალო” იმ ნაცნობი, ყველაზე უსიამოვნო ხმით თქვა, რომელიც კი ოდესმე გაგიგიათ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არტურის ხმის გაგონება ასე გამახარებდა, ახსნის დრო

არ იყო, სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი, ტელეფონების წიგნიდან საჭირო გვერდი

ამოვხიე, ზუსტად ისე, როგორც ფილმებშია ხოლმე და არტურის ნომრის გვერდით

მითითებული მისამართისაკენ გავწიე.

არტურის სახლი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა: მეზობლის აბეზარი

ბავშვების მიერ გაკეთებული დამცინავი წარწერებით აჭრელებული, ოდესღაც თეთრი

კედლები, მოუვლელი ეზო და ჩაბნელებული ფანჯრები.

ერთხანს არტურის კართან გავიტრუნე. ვერ ვბედავდი შესვლას, ვფიქრობდი: ვაითუ

უკვე მკვდარია, ვაითუ დავაგვიანე, რატომ ტელეფონით არ დაველაპარაკე-მეთქი. თან

სახლიდანაც ჩამიჩუმი არ ისმოდა, რაც ეჭვებს მიძლიერებდა, ეჭვები კი თავის მხრივ ამ

სახლიდან სადღაც, არ ვიცი სად, ყოველ შემთხვევაში შორს მიმათრევდა და ვინ იცის,

რით დამთავრდებოდა ეს ჩემი შინაგანი ბრძოლა საკუთარ ეჭვებთან, რომ არა რაღაც

ფაჩუნი არტურის კარს მიღმა. ძლივს მოვასწარი ბუჩქს უკან გადახტომა, კარი გაიღო და

სახლიდან არტური გამოვიდა. ფრთხილად მიმოიხედა, სახლის კარი ჩარაზა და ქუჩას

ქვემოთ დაუყვა, ანგარიშმიუცემლად მივყევი უკან. “ესე იგი ჯერ კიდევ ცოცხალია”, -

ამის გაფიქრებაც კი ვერ მოვახერხე, ისეთ დაძაბულობას ვგრძნობდი გონებაში, ხელებში

და სადღაც მუცლის ღრუშიც. ათიოდ წუთს ვსდიე არტურის სილუეტს, ბოლოს მან

მაღაზიაში შეუხვია, მე კი ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და იქიდან განვაგრძე

თვალთვალი, კარგად არ ჩანდა, რას ყიდულობდა არტური მაღაზიაში, სამაგიეროდ

კარგად ჩანდა გამყიდველის შეწუხებული სახე და არტურის ჟღალი კეფა. ორ წუთში

თვალთვალის ობიექტი მაღაზიიდან გამოვიდა, ხელში გამჭვირვალე, ცელოფნის პარკი

ეჭირა შიგ კი საკმაოდ მსხვილი და გრძელი თოკი დაგრეხილიყო.

„ესე იგი, მაინც თავის ჩამოხრჩობა, ჰმ, თვითმკვლელობის კლასიკაა“, – გავიფიქრე

ჩემთვის და არტურს ახლა უკან, სახლისკენ გავყევი უჩუმრად.

გზადაგზა გეგმას ვსახავდი, უფრო სწორად საკუთარი თავით ვტკბებოდი, რომ

წარმოვიდგენდი, როგორ დაველოდებოდი სახლთან არტურის ჩამოკონწიალებას ერთი

ათიოდ წუთი, როგორ შევამტვრევდი კარს, თოკს გადავჭრიდი სამზარეულოს დანით,

ჩამოვხსნიდი საბრალო არტურს, შესაშური დემაგოგიით ავუხსნიდი, რომ თავის

მოკვლაში არ არის გამოსავალი და ვალმოხდილი და ამაყი იმით, რომ მე შევძელი

სიკვდილს გადამერჩინა ადამიანი, რომელიც მსოფლიოში არავის უყვარს და ცოცხალი

იქნება თუ მკვდარი არც მე და არც სხვას არავის არ აინტერესებს, წავიდოდი სახლში.

ამ ფიქრებში გართული საკუთარი თავი არტურის მინიატურული ეზოს მისადგომებთან

აღმოვაჩინე. თავად არტური სახლში შესულიყო, ალბათ უკვე ყულფს აკეთებდა თოკით

და მოახლოებული სიკვდილისათვის ემზადებოდა. საათს დავხედე - ოცდაერთი და

ორმოცდაშვიდი იყო. ოცდაერთზე და ორმოცდაჩვიდმეტზე კარი უნდა შევამტვრიო...


დრო ბანალურად ნელა გადიოდა, საათზე დახედვა საშუალოდ ყოველ წუთ-ნახევარში

ერთხელ მიწევდა... ვეღარ მოვითმინე და ზუსტად ოცდაერთ საათსა და

ორმოცდათხუთმეტ წუთზე არტურის კარი მეორე ცდაზე შევამტვრიე. სამზარეულოს

გუმანით მივაგენი, ყველაზე დიდ დანას დავავლე ხელი და ოთახებში სირბილს მოვყევი,

დავრბოდი და თან ვყვიროდი: - არტურ! არტუურ!!!

არტურს ტუალეტში მივაგენი, უნიტაზზე იჯდა ხელში ყაბაყის ნახევრად შეჭმული

სენდვიჩი ეჭირა და ძალიან შეშინებული მიყურებდა.

- აქ რატომ ხარ? – გამიკვირდა გულწრფელად

- ტუალეტში მომინდა და...

- რა ტუალეტში? თვითმკვლელობის წინ ვინ დადის ტუალეტში, ან საჭმელს ვინ ჭამს?

არტურმა ისეთი დაბნეული სახით შემომხედა, მაშინვე მივხვდი, თავის მოკვლაზე

ცხოვრებაში არ ეფიქრა, ამას კი მივხვდი, მაგრამ სხვა ყველაფერი ამერია, რატომ არ

უფიქრია თვითმკვლელობაზე? რა აზრი აქვს მის ცხოვრებას? რისთვის აგრძელებს

სიცოცხლეს? ვუყურებდი არტურის თითქმის გამჭვირვალე თვალებს და თავში ეს

კითხვები მიტრიალებდა.

- არტურ, მომისმინე არტურ, შენ ხო არავინ გყავს ვისაც უყვარხარ ან ვინც გიყვარს? –

ვგრძნობდი, რომ მოულოდნელობისაგან უცნაური კითხვები მიჩნდებოდა და ვსვამდი

კიდეც.

- არა... – არტურმა შიშისაგან და დაბნეულობისაგან ყაბაყის სენდვიჩი ჩაკბიჩა.

- რამე ჰობი გაქვს, ან კინო, ან მხატვრობა, ან წიგნები, ან მარკებს თუ აგროვებ?!

მიპასუხე!

- არა, – არტურმა ნახევრად დაღეჭილი ლუკმა გადაყლაპა.

- ანუ ერთადერთი, რითიც ცხოვრობდი, ხო ეს შენი სამსახური იყო, არტურ?!

- კი.

- მერე, რო გამოგაგდეს იმ სამსახურიდან, შენმა ცხოვრებამ აზრი არ დაკარგა?!

- აარა...

- თოკი ხომ იყიდე თავის ჩამოსახრჩობად?!

- არა, უკანა კარი მივაბი კედელს, თორე ქარის დროს იქცეოდა ხოლმე.

- სახლიც საშინელი გაქვს, გული არ გერევა აქ რომ იღვიძებ ხოლმე?

- რა ვიცი, არა...


ვერაფერს ვხვდებოდი, არტურს თვალს ვერ ვუსწორებდი, კითხვების ნიაღვარსაც ვერ

ვუმკლავდებოდი.

- სკოლაში ხომ დაგცინოდა ყველა?

- ახლაც დამცინიან... ტელეფონზე მირეკავენ ყოველდღე და მაგინებენ ხოლმე.

- ამიხსენი, არტურ, თუ ამ ცხოვრებაში არავინ გიყვარს, თუ არავის უყვარხარ, არც რამე

საქმე გიყვარს, ტელევიზორიც კი არ გაქვს, გაზეთებსაც არ კითხულობ, ძაღლი არ გყავს...

- ალერგიული ვარ და...

- ჩუმად! რა ჯანდაბის აზრი აქვს შენს ცხოვრებას?! – უკვე ყვირილზე გადავედი.

არტური დაფიქრდა, სულ რამდენიმე წამით დაფიქრდა, მერე ისევე შემომხედა, როგორც

მაშინ, სამსახურში და წაილუღლუღა.

- რა ვიცი... ვცხოვრობ...

- აჰ, ცხოვრობ არა?! ცხოვრობ, ხო?! ისე უბრალოდ, ხო?! არაფერი არ გჭირდება, არა?!

ყველა ფეხებზე გკიდია, ხო?! ხო ხედავ, რომ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მოიკალი რა

თავი, მოიკალი შენი!!! მეც უნდა ვცხოვრობდე ამ ქვეყნად და შენც? მე, რომელიც

ვწვალობ, რომ ყველას დავუმტკიცო, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს, ვიღაცეები მიყვარს,

ვიღაცეები მძულს, ყოველ პარასკევს ბილიარდს და ყოველ მეორე შაბათს ბოულინგს

ვთამაშობ მეგობრებთან ერთად, ნათესავების ბავშვებს ვეფერები, უპატრონო ძაღლებს

ვპატრონობ და კიდევ ათას სისულელეს ვაკეთებ და შენ, რომელიც არაფერს აკეთებ

იმისათვის რომ იცხოვრო, რომ შენი ცხოვრება რამისთვის ღირდეს? რატომ არ იკლავ

თავს, რატომ??? ა?! მიპასუხე?! მიპასუხეეე!!!

ამ სიტყვებით მეთორმეტე ჭრილობა მივაყენე არტურის უკვე მკვდარ სხეულს, მერე

დავჯექი საშინლად ბინძურ იატაკზე, გასისხლიანებული დანა შორს მოვისროლე,

არტურის ნარჩენი ყაბაყის სენდვიჩი ავიღე, ჩავკბიჩე და პოლიციას დაველოდე.

ერთადერთი, რასაც პოლიციელების კითხვებს ვპასუხობდი იყო: ყაბაყის სენდვიჩს

საშინელი გემო აქვს... ყაბაყის სენდვიჩი საზიზღრობაა...

 

უხაროდა

იყო და არა იყო რა, ანუ თან იყო და თანაც არაფერიც არ იყო, ანუ რაც იყო, იმავდროულად

არც იყო, ანუ… ნუ, მოკლედ, როგორც იყო. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ერთ არცთუ

ისე პატარა სამეფოში ერთი გლეხი ცხოვრობდა.

გლეხს ღარიბი არანაირად არ ეთქმოდა, დუქანი ჰქონდა გახსნილი და საკმაო

შემოსავალი შემოსდიოდა. პრინციპში, თუ დუქანი ჰქონდა, გლეხიც აღარ ეთქმოდა,

მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თან ზღაპრების უმრავლესობა ხომ

სწორედ გლეხებზე მოგვითხრობს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე... ალბათ უფრო ასე იყო, ამ

გლეხს ერთი გასაჭირი ჰქონდა – შვილი არ უჩნდებოდა. რა არ სცადა საბრალო გლეხმა,

ჯადოსანთანაც იყო, რომელმაც რაღაც ვაშლი მისცა, ეს ცხრა ნაწილად გაყავიო და დღეში

თითო ნაჭერი ჭამეო; ჯადოქართანაც მივიდა, რომელმაც უთხრა, ეგ ჯადოსნები მაგარი

აფერისტები არიან, ვაშლი ცხრა ნაწილად კი არ უნდა გაგეყო, არამედ შავტარიანი დანით

უნდა დაგეჭრაო. ესეც სცადა გლეხმა, მაგრამ ნანატრი შვილი არა და არ უჩნდებოდა.

ბოლოს მეზობელმა ურჩია, ცოლი მოიყვანე და შვილიც გეყოლებაო. გლეხმა გაიფიქრა, ამ


ერთხელაც ვცდიო და მართლაც ცოლის მოყვანიდან ზუსტად ცხრა თვეში შვილი შეეძინა.

სწორედ იმ დღეს, იმ საათს, იმ წუთს და იმ წამს გლეხის ცხენმა თეთრშუბლა კვიცი

მოიგო და გლეხის ძაღლმა კუდისთეთრწვერიანი ლეკვი დააგდო.

გლეხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ექვსი დღე და ღამე უხაროდა, მეშვიდე დღეს

დაიღალა და დაისვენა. დრო კი გადიოდა. გლეხის შვილი იზრდებოდა. სხვები თუ

წლობით იზრდებოდნენ, ეს დღეებით იზრდებოდა, ისე რომ, 16 წლისა უკვე 17-ისას

ჰგავდა. უყურებდა გლეხი თავისი შვილის ამ წარმატებას და უხაროდა, ამიტომ შვილს

უხაროდა დაარქვა. უხაროდა ძალიან ღონიერი გამოვიდა, ბავშვობიდან ნიჩბოსნობაზე

დადიოდა, რაც, მოგეხსენებათ, კარგად ავითარებს ბიცეფსებს, ტრიცეფსებს და ზურგის

კუნთებს, ამიტომ თავის თანატოლებთან თამაშისას მათ შემთხვევით ხან ფეხს

მოაძრობდა, ხან თავს.

საბრალო გლეხი და მისი ცოლი ვეღარ აუდიოდნენ უხაროდას მეგობრების მშობლების

საყვედურებს.

დრო კი გადიოდა. მალე უხაროდა იმ ასაკის გახდა, ზღაპრებში რომ ბედის საძიებლად

წასვლა უნდებათ ხოლმე ყმაწვილებს. უხაროდამაც გადაწყვიტა, წავალო, მივიდა

მამასთან და უთხრა:

– მამი, უკვე დიდი ვარ, წავალ ბედის საძიებლადო.

– წადი, შვილო – უპასუხა მამამ, რომელიც სხვათა შორის, სიკვდილის პირას იყო უკვე, –

ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულეო.

– რა თხოვნაო ? – ჰკითხა უხაროდამ.

– რა და, შენ რომ დაიბადე, სწორედ მაშინ ჩვენმა ფაშატმა რომ თეთრშუბლა კვიცი

მოიგო და ჩვენმა ძაღლმა კუდისწვერთეთრა ლეკვი დააგდო, ისინიც თან წაიყვანეო.

– რას ამბობ, მამა? – გაუკვირდა უხაროდას, – ის თეთრშუბლა ცხენი უკვე კვდება და

ხვალ ხორცკომბინატის ხალხს უნდა გავატანო, კუდისწვერთეთრა ძაღლი კი შარშან

მოკვდა და ხევში გადავაგდეთ თუ პირიქით, ზუსტად არ მახსოვსო.

– რაც გინდა ის ქენი მაშინო, – უპასუხა მამამ, კედლისკენ გადაბრუნდა და მოკვდა.

უხაროდამ აიღო მამისეული ჩანთა, ჩაალაგა შიგ ორი ხელი თეთრეული, ორი წყვილი

წინდა, საგზალი, რომელიც სამ ნაწილად იოლად გაიყოფოდა, მივიდა დედასთან,

ძუძუზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა, სად ჰქონდა მამას ფული დამალული და გაუდგა

გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გზად ერთი მათხოვარი შემოხვდა.

– გამარჯობა, უხაროდა, – მიესალმა მათხოვარი ვაჟს.

– ჩემი სახელი საიდან იცი? – გაუკვირდა მისალმების პასუხად უხაროდას.


– ოოო, ეს ძალიან მარტივია, – დაიწყო მათხოვარმა, – შენს ფეხსაცმელზე მოყვითალო

მტვერია, ესეთი მტვერი კი მხოლოდ სოფელ მუშამბეთიდან ზანდუკის მთისკენ

მიმავალ გზაზე გვხვდება. მერე, შევამჩნიე შენს მაჯაზე – ამ სიტყვებით მათხოვარმა

უხაროდას მარჯვენა მაჯას ხელი სტაცა და სწრაფად ამოუტრიალა – სულ სხვანაირი

ნარუჯი, ასეთ ნარუჯს მხოლოდ სოფელ მუშამბეთის მკვიდრთა თოხები ტოვებენ მზის

გულზე თოხნისას.

ეს საკმარისი იყო რომ მიმხვდარიყავი, შენ მუშამბეთელი ხარ. მერე ჩემი ყურადღება

შენი პერანგის ერთი შეხედვით უცნაურმა ნაქარგებმა მიიპყრო. მე ახალგაზრდობაში

ვსწავლობდი ადგილობრივ ნაქარგებს და საკმაო წარმატებასაც მივაღწიე ამ დარგში,

ამიტომ არ გამიჭირდა მათში საბანთუბნური ნაქარგები ამომეცნო, ამით ნათელი გახდა,

რომ მუშამბეთელ კაცს ცოლად საბანთუბნელი ქალი მოეყვანა, ასეთ ოჯახებში კი ბიჭებს

მხოლოდ ორ სახელს არქმევდნენ ოდითგანვე: ლევანს და უხაროდას. რადგან

ალბათობით უხაროდა უფრო უნდა გრქმეოდა, მეც ეს სახელი დაგიძახე და არც

შევმცდარვარ.

– ჰოო???!!!?!! – ძალიან გაუკვირდა უხაროდას.

– ეს გავარკვიეთ, – განაგრძო მათხოვარმა, – ახლა დამეხმარე.

უხაროდამ აბგიდან თავისი საგზლის მესამედი ამოიღო, მათხოვარს მისცა და გზა

განაგრძო.

ბევრი გაიარა თუ ცოტა გაიარა, წინ იგივე მათხოვარი შემოხვდა ოღონდ ულვაში

მიეწებებინა და უხაროდას სახეს არიდებდა.

– გამარჯობა, უხაროდა, – მიმართა მათხოვარმა არაბუნებრივად დაბოხებული ხმით.

– საიდან იცი ჩემი სახელი??? – გაუკვირდა უხაროდას.

– ოოო, ეს ძალიან მარტივია, – დაიწყო მათხოვარმა და ზუსტად იგივე უთხრა პირღია

ვაჟს, ბოლოს კი თავისი სიტყვა – დამეხმარეო – ასე დაამთავრა.

რაღას იზამდა უხაროდა, ამოიღო თავისი საგზალის მეორე მესამედი, მისცა მათხოვარს

და გზა განაგრძო.

ბევრი გზა გაიარა თუ ცოტა უხაროდამ, უხაროდასვე გზად „მესამე“ მათხოვარი

შემოხვდა. ამჯერად თავზე მელოტი პარიკი და თვალებში ლურჯი ლინზები ეკეთა.

– გამარჯობა, უხაროდა, – მიესალმა მათხოვარი უხაროდას.

– საიდან იცი ჩემ… ანდა არ გინდა, არ გინდა, – დროზე შეიკავა თავი ვაჟმა. მერე თავისი

საგზლის მესამე, ბოლო მესამედი მისცა და ის-ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ

მათხოვარმა შეაჩერა:

– მოიცა, უხაროდა, ის სამივე მათხოვარი მე ვიყავი და რადგან შენ ასეთი სიკეთე მიყავი

და მთელი შენი საგზალი მე მომეცი – აქ მათხოვარმა პაუზა გააკეთა – ამიტომ მეც


მადლობას გადაგიხდი. – ამის თქმა იყო და ჰოი საოცრებავ, მათხოვარმა მართლაც

მადლობა გადაუხადა უხაროდას. რაღას იზამდა უხაროდა, გაუდგა ისევ გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, უხაროდა ერთ სოფელს მიადგა. ამასობაში ჩამოღამებულიყო

კიდეც. უხაროდამ ღამის გასათევ ადგილს დაუწყო ძებნა.

ძებნა იმით დასრულდა, რომ უხაროდამ იპოვა ღამის გასათევი ადგილი, ყოველ

შემთხვევაში, გარედან ის ქოხი, რომელიც უხაროდამ პირველად დაინახა და რომლის

კარშიც ვიღაც დედაბერი ჩანდა, სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. უხაროდამაც

არ დაახანა და გარედან დაიძახა:

– დედი, დედაშვილობას, ღამე გამათევინეო.

– შემოდი, შვილო, სტუმარი ღვთისააო, – უპასუხა დედაბერმა. უხაროდა სახლში

შევიდა, აბგა კუთხეში მიაგდო და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

– დედი, ეგებ მაჭამო რამე, მგელივითა მშია, – სთხოვა უხაროდამ დედაბერს.

– შენ რომ დედაშვილობა არ გეთქვა, არც არაფერი მოხდებოდა, მაგრამ რომ მითხარი,

რაღაცნაირად მესიამოვნა. აგერ ტახტზე წამოწექი, მოისვენე, მე კი მანამდე პურს

გამოვაცხობო.

მართლაც წამოწვა უხაროდა ტახტზე და დაღლილს ჩასთვლიმა კიდეც. წესიერად

თვალის მოტყუებაც ვერ მოსწრო, დედაბერმა დაუძახა, მოდი, შვილო, პური გამოცხვა,

სანამ გაცივდება, ჭამეო.

უხაროდა მაგიდასთან მივიდა და ცხელ პურებს ხარბად დააცხრა.

– დედი, ბარემ მადლს მარილიც მოაყარე და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე.

– ეეეჰ, შვილო, – სევდიანად მიუგო დედაბერმა, – სადა გვაქ წყალი, რაც ჩვენს წყაროს

ერთთავიანი დევი დაეპატრონა, წყალი თვალით არ გვინახავს.

– აბა, პური როგორ გამოაცხვე? – გაოცდა უხაროდა.

დედაბერმა, ეეჰო, თქვა, შემდეგ მაგიდაზე დაყრილ ფქვილის გორაკს გადაალაჯა, ზედ

მოშარდა და ცომის ზელას შეუდგა.

უხაროდამ ამის დანახვაზე პირიდან ნახევრად დაღეჭილი პური გადმოაგდო და

დედაბერს უთხრა:

– ნუ გეშინია, დედი, მე გავათავისუფლებ თქვენს წყაროს ერთთავიანი დევისგანო.

თქმა და ქმნა ერთი იყო. უხაროდა წყაროსკენ მიმავალ გზას დაადგა. ნელა მიდიოდა.

არა, ფეხს კი არ ითრევდა, უბრალოდ ახალ ნეხვში ჩაედგა შემთხვევით ფეხი და ახლა

გზადაგზა იწმენდდა. ასე წმენდა-წმენდით ბოლოს და ბოლოს წყაროსაც მიადგა.

– ჰეი, დევო, – შესძახა უხაროდამ.


– ხხხმმმ, – მოისმა გაურკვეველი ხმა გამოქვაბულიდან (გამოქვაბული იქავე, წყაროსთან

იყო, უბრალოდ თავიდანვე აღნიშვნა დამავიწყდა).

– გამოდი, უნდა შეგებრძოლო!!!

ამის თქმა იყო და გამოქვაბულიდან დევი გამოვიდა. საშინელი შესახედავი იყო, ახლად

გაღვიძებული დასიებული თვალებით და გაუპარსავი. უხაროდა მაშინვე ეძგერა დევს,

მოიქნია და კოჭებამდე მიწაში ჩაარჭო. გაბრაზდა დევი, მოჰკიდა ხელი უხაროდას,

მოიქნია და მიწაში სწორედ იქამდე ჩაარჭო, სადაც ნორმალურ მამაკაცს ყვერები აქვს,

მაგრამ ეს მაინც ზღაპარია, ბავშვები კითხულობენ, ამიტომ ვთქვათ წელამდე-თქო.

მოკლედ, მოიქნია დევმა უხაროდა და წელამდე მიწაში ჩაარჭო, მერე ვეებერთელა პირი

დააღო და ის-ის იყო უხაროდასთვის თავი უნდა მოეკვნიტა, რომ ამ დროს უხაროდას

გამოეღვიძა – თურმე დედაბრის ტახტზე ჩასძინებოდა – შვებით ამოისუნთქა და

დედაბრის ხმაც შემოესმა:

– უხაროდა, მოდი, შვილო, პური უკვე გამოცხვა. უხაროდა წამოდგა, მივიდა

მაგიდასთან და ცხელი პურების ჭამას შეუდგა.

– დედი, ბარემ მადლს მარილიც მოაყარე და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე, – შესძახა

დედაბერს უხაროდამ.

– ეეეჰ, შვილო, – სევდიანად მიუგო დედაბერმა, – სად გვაქ წყალი, რაც ჩვენს წყაროს

ერთთავიანი დევი დაეპატრონა, წყალი თვალით არ გვინახავს.

– ამის თქმა იყო და უხაროდას გული აერია, იქვე მაგიდის ქვეშ არწყია, მერე მივიდა

დედაბერთან, ძუძუზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა სად ჰქონდა ფული დამალული და

გაუდგა გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, უხაროდა ერთ ქალაქში მივიდა. შევიდა თუ არა ქალაქში,

იქვე, გარეუბანში მდგარ სახლს მიადგა.

– მასპინძელო! – დაიძახა უხაროდამ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეძახილები

ქართულ ხალხურ ზღაპრებში ძალზედ იშვიათად გვხვდება ხოლმე. ალბათ ეს იყო

მიზეზი იმისა, რომ სახლიდან არავინ გამოიხედა.

– არის აქ ვინმე? – სხვა შეძახილი სცადა უხაროდამ. აქაც არავინ გამოეხმაურა. მოკლედ,

ასე იდგებოდა უხაროდა და იყვირებდა ზღაპრის ბოლომდე, ჩვენდა ბედად იქვე, სახლის

წინ ქალი რომ არ მდგარიყო.

– გამარჯობა, ფრაუ, – სულ აიჭრა უხაროდა, და საერთოდ, ის იმ დღეს საკუთარ თავს

ვერ სცნობდა და რომ არა ის უცნობი ქალი, შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური

ტრავმაც მიეღო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ქალმა იქით მიმართა:

– მოჯამაგირედ ხომ არ გინდა ჩვენთან დადგომა???

– კი, კი, – შვებით ამოისუნთქა უხაროდამ.


– მოდი, მუშახელი გვჭირდება. რასაც ჩვენ შევჭამთ, იმას გაჭმევთ შენც, დაძინებით კი

აგერ, ქუჩაში დაიძინებ.

ოჯახი, სადაც უხაროდა მოეწყო მოჯამაგირედ, საკმაოდ კეთილი აღმოჩნდა. უხაროდას

ქუჩაში ეძინა და ჭამდა იმას, რაც ოჯახმა უკვე შეჭამა. ბედს არ უჩიოდა, რადგან საქმეც

ბევრი არ ჰქონდა, უბრალოდ სახლი უნდა დაელაგებინა, ბაღი მოერწყო, მეზობლის

ძაღლი გაესეირნებინა, დილით გაზეთები მოეტანა, შუადღეს ბაზარში წასულიყო,

საღამოსაც ბაზარში წასულიყო, რათა დავიწყებული პროდუქტები მოეტანა, მატყლი

გაეპენტა, ნამცხვარი გამოეცხო, სახურავი შეეკეთებინა, მერე მანქანა გაერეცხა, მერე

ოჯახის უფროსისთვის თავის დასაბანად წყალი დაესხა და ბოლოს, ძილის წინ,

დიასახლისისთვის წიგნი წაეკითხა. ეგ იყო და ეგ. სამაგიეროდ დილის ოთხი საათიდან

დილისვე შვიდ საათამდე ჩიტივით თავისუფალი იყო და შეეძლო რაც უნდოდა ის

ეკეთებინა, ოღონდ კვირაობით, და თუ ეს კვირა თვის 15 რიცხვს დაემთხვეოდა.

ცხოვრობდა ასე უხაროდა და თან ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასეთ კარგ ოჯახში

მოხვდა. იმედოვნებდა, ერთ წელიწადში მანქანის ყიდვასაც შევძლებ და სახლში

წავიყვანო, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.

ჰოდა, უხაროდასაც გაეგონა ეს ფრთიანი ფრაზა და ეშინოდა, მეც ასე არ დამემართოსო.

მართლაც, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიკავეო, ხომ გაგიგიათ, სწორედ ასე

დაემართა უხაროდასაც და ის ზემოთ ხსენებული ფრთიანი ფრაზა – კაცი ბჭობდა და

ღმერთი იცინოდაო – აუხდა.

ერთხელ, როცა უხაროდა ბაზრიდან დატვირთული ბრუნდებოდა, შორს მტვრის

კორიანტელი შენიშნა. მტვერი რაც უფრო ახლოვდებოდა, ირგვლივ მყოფ ხალხს უფრო

და უფრო ეტყობოდა აფორიაქება.

– რა იყო, რა მოხდა, ხალხო, ან ის რა მტვერია, ან თქვენ რატომ შეშფოთდით ასე,

ამიხსენით თორემ გავთავდი კაცი, – ამის თქმაც ვერ მოასწრო უხაროდამ, რომ მთელი

ხალხი მუხლებზე დაემხო და მიწას ჩააშტერდა. მხოლოდ გაკვირვებული უხაროდა

დარჩა ფეხზე. ამ დროს მტვრის მთამ სულ ახლოს მოაღწია მასთან და იქიდან

ცხენოსნები გამოიკვეთნენ.

ვაჟმა მათში მეფის ამალის მხედრობა ამოიცნო. მხედრობას უკან ეტლი მოჰყვებოდა,

საიდანაც აუწერელი სილამაზის ბიჭი იმზირებოდა და სწორედ ახლა გააცნობიერა

საბრალო უხაროდამ, რატომ იზიდავდა ბავშვობაში გოგონებთან თამაში ხან

სახლობანასი და ხანაც რეზინობანასი, რატომ ერჩივნა დედასთან დარჩენილიყო სახლში

და არა მამას გაჰყოლოდა დუქანში, დაძინებითაც დედის გვერდით დაძინება ერჩივნა,

ვიდრე მამის ხვრინვის მოსმენა. დიახ, გააცნობიერა და მიხვდა, რომ მასში არაფერი

ჰომოსექსუალური არ იყო, რადგან ის კალმით ნახატი ყმაწვილი სულაც არ მოეწონა –

რომელიც სავარაუდოდ რაღაც პაჟის მსგავსი უნდა ყოფილიყო – უფრო იმ გოგონამ

მიიზიდა, რომელიც ეტლის სიღრმეში მიყუჟულიყო და ძალიან ლამაზიაო, ვერაფრით ვერ