ჩიტი, რომელმაც ფრენა არ იცის
ჩიტი, რომელმაც ფრენა არ იცის
ემუს, რაც თავი ახსოვს, კვერცხის პატარა ნაჭუჭიდან ადევნებს სამყაროს თვალს. ათასობით ადამიანი შეჰხებია, უამრავი ისტორიისთვის მოუკრავს ყური და მათი მონაწილეც ყოფილა. არაერთი საუბარი მოუსმენია და თავისი პატარა ნაჭუჭიდან ჩართულა კიდეც დიდების მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში. ვინ დათვლის, რამდენი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიღებულა ემუს თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით.
- საკმარისია! დროა, სამყარო პირადად გავიცნო, - გაიფიქრა ერთ დღეს და დაიწყო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭის დასამსხვრევად.
კვერცის ნაჭუჭიდან გამოსვლა არც ისეთი მარტივი ყოფილა, ისეთი წინააღმდეგობა გაუწია ემუს, რომ თითქოს საერთოდ არ აპირებდა დამსხრევას. ემუ ძალიან დაიღალა ამ ძლიერ და ჯიუტ ნაჭუჭთან ბრძოლით, მოიწყინა და დედიკო ინატრა. თან, ნაჭუჭის ბზარებიდან უკვე სიცივე იპარებოდა და ემუს სველ ბუმბულებს უხეშად ეპოტინებოდა, შესცივდა და ძილი მოუნდა, ის იყო, ღონემიხდლს, თავი უნდა დაედო და დაეძინა, რომ ნაჭუჭი გარედან შეირხა, ნაპრალი გაიზარდა, სიცივეც უფრო აუტანელი გახდა, უცნაური სინათლე თვალებს სტკენდა და აწუხებდა.
უცებ ჭახ და საზიზღარი ნაჭუჭი პატარა ნაწილებად დაიშალა. ემუს თავი გადმოუვარდა და ადამიანის ხელებში დაეცა. პატარა ხელები იყო, თბილი და ფაფუკი.
- სახლში უნდა წავიყვანოთ და მივხედოთ - მოესმა ემუს ადამიანის ხმა.
- „სახლში? სად სახლში?“ - არ იცოდა, ფიქრობდა თუ ხმამაღლა აჟღერებდა ამ კითხვას ემუ მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი არსებების მისამართით. ალბათ უფრო ფიქრობდა, რადგან პასუხს არავინ სცემდა. დაღლილობისგან ვეღარ ერეოდა თავს, არ იცოდა, სად მიდიოდა, იცოდა მხოლოდ ის, რომ არ უნდა შეშინებოდა, ზედმეტად ფაფუკი ხელები ჰქონდა ამ უცნობ არსებას..
-
სადღაც მივიდნენ. ოდნავ ბნელოდა და ემუს თვალები იმდენად აღარ სტკიოდა, თან ზუსტად ის სუნი ტრიალებდა ირგვლივ, ემუს წარმოდგენებში სახლს რომ ასდიოდა ხოლმე.
- ნუ გეშინია, მე გაგათბობ, - ჩასჩურჩულა ემუს რაღაც შავმა ბეწვიანმა ცხვირმა. ემუმ ენითაუწერელი სითბო იგრძნო შავი ცხვირის რბილ მუცელში თავჩარგულმა და სიამოვნებისგან დაიძინა.
-
არ ახსოვს, რამდენი ხანი ეძინა ემუს. როდესაც თვალი გაახილა, არც თვალები სტკიოდა და აღარც დაღლილობასა და სიცივეს უჩიოდა. ეს რბილი მუცელი უკვე მისი საყვარელი ლოგინი გამხდარიყო დღეიდან.
გამარჯობა მე ოდრი ვარ და იმედია, ასე ძილს არ შეეჩვევი- ჩასჩურჩულა შავმა ცხვირმა და ძალიან ფრხილად წამოდგა.
ემუ რბილ ლეიბზე დასკუპდა და მიმოიხედა.
ემუს აღქმით, შავი ცხვირი საკმაოდ დიდი ვინმე ბრძანდებოდა, ოღონდ ვერაფრით ამოეხსნა, ვინ იყო. მისი ტანის საფარი ბუმბულს აშკარად არ ჰგავდა, ოთხ ფეხზე დადიოდა და აპრეხილ კუდს გამალებით იქნევდა.
- მე ნიკოლა ვარ - გაისმა ადამიანის ხმა. ტყეში გიპოვეთ და ჩემ სახლში მოგიყვანეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ დაგიცავთ, გაგათბობთ და გეთამაშებით. ოღონდ ჯერ არ იხმაურო, დედამ არ იცის, რომ აქ ხარ.
პატარა ბიჭი ჩაიმუხლა და ემუ ხელისგულზე დაისვა
- მე ვფიქრობ, შენ ოზი უნდა იყო, შენსავით საყვარელი სახელია.
ემუმ გაიღიმა:
- კარგი არჩევანია ჩემთვის ამ სახელის შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მე ავსტრალიაში არასოდეს ვყოფილვარ, წარმოშობით მაინც ავსტრალიურ ფრინველად ვითვლები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემზე დიდი ზომის ფრინველი მხოლოდ აფრიკული სირაქლემაა, მაგრამ პირადად არასოდეს შევხვედრილვარ მათ.
- ცოტა მოყოჩაღდი და ყველაფერს განახებ - შეჰპირდა ნიკოლა.
ემუმ ისევ შეათვალიერა შავი ცხვირი და დაასკვნა, რომ ნიკოლა შავი ცხვირის ადამიანი იყო, ხოლო შავი ცხვირი - ნიკოლას ძაღლი. ემუ კარგად იცნობდა ძაღლებს და მათ ერთგულებას თავისი ადამიანების მიმართ. ალბათ, ამიტომ ჰქონდა მას ასეთი თბილი მუცელი?
შავმა ცხვირმა ემუს პატარა თეფშით საკვები მიუტანა და ფრხილად დადო იატაკზე.
- ეს მიირთვი, იმედია მოგეწონება. რავიცი, თუთიყუშებს მოსწონთ - იქვე მოიკალათა შავმა ცხვირმა და კმაყოფილი გამომეტყველებით მხრები აიჩეჩა, ოზიმაც ისკუპა ძირს და პირველად დააგემოვნა სხვადასხვა მარცვლეულისგან შექმნილი გემრიელი საკვები.
- და რა უნდა ვაკეთოთ? - იკითხა საჭმელში თავჩარგულმა ოზიმ
- ვიმეგობროთ, ვითამაშოთ, ყველაფერი შევიცნოთ, თუმცა ვუფრთხილდეთ დედას, რომელმაც არ იცის, რომ სახლში ახალი არსება ცხოვრობს და შესაძლოა, საერთოდ არ მოეწონოს.
- ხო, მესმის. ხშირად მსმენია კვერცხის ნაჭუჭიდან დედების უკმაყოფილო გამონათქვამები, როდესაც სხვა ადამიანებს სახლში მეგობარი არსება მოჰყავთ. მესმის მათიც, ბავშვებს მხოლოდ მათთან თამაში უხარიათ, მოვლით კი ძირითადად დედები წუხდებიან. ბავშვები ვერ ხვდებიან, რომ დედები ძალიან გადაღლილები არიან და მათ მოფრთხილება სჭირდებათ.
- შენ ზედმეტად ბევრს ფიქრობ, ოზი,-გაუღიმა ნიკოლამ. მე სკოლაში უნდა წავიდე და როდესაც საათის პატარა ისარი ციფრ სამთან მივა და დიდი ისარი - 12- თან, მე აქ დავბრუნდები. შენ ფრხილად იყავი და გახსოვდეს, დედას არ დაენახო.
ოზიმ გაიღიმა, თუმცა ეს ღიმილი მხოლოდ ნიკოლას გასამხნევებლად იყო გამიზნული, სინამდვილეში მას სულაც არ უნდოდა, ნიკოლასა და დედას შორის უკმაყოფილების ან გულისწყვეტის მიზეზი გამხდარიყო. ოზიმ იცოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედა მის სახლიდან გაშვებას გადაწყვეტდა, ნიკოლას გული ძალიან ეტკინებოდა და ეს ტკივილი, შესაძლოა, გამოუსწორებელ ტრავმად დარჩენოდა. აუცილებლად უნდა მოეფიქრებინა, თუ როგორ წასულიყო თვითონ ისე, რომ ნიკოლას არაფერი სტკენოდა. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ნიკოლას და დედას მოსალოდნელი უთანხმოება თავიდან უნდა აერიდებინა. ეფექტიანი გეგმა იყო საჭირო.
ამ ფიქრებში გართულმა, ვერც კი შენიშნა, როგორ აღმოჩნდა სულ სხვა ოთახში, თან უცხო ადამიანთან ერთად, თორემ, აუცილებლად მოასწრებდა დამალვას.
- ღმერთო ჩემო შენ ემუ ხარ? აქ საიდან გაჩნდი, ღმერთო, როგორ გაუხარდება ნიკოლას შენი გაცნობა- ამ სიტყვებით ემუ ხელში აიტაცეს და სახესთან ახლოს მიიყვანეს.
ემუსთვის ეს რამდენიმე წამი საუკუნესავით გაიწელა, ამხელა წამი არასოდეს გაუტარებია, ასე არასოდეს უნერვიულია. აშკარად ნიკოლას დედის ხელისგულზე იდგა და სირცხვილისგან ერჩივნა, საერთოდ არ დაბადებულიყო.
- ნიკოლას სიურპრიზს მოვუწყობ, უკვე მალე დაბრუნდება სახლში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან, პატარა ემუ - დედას ხმაზე ეტყობოდა, თუ როგორ უხაროდა.
ოზი გრძნობდა, რომ აუცილებლად დაახრჩობდა ბედნიერების ცრემლები ჩიტი რომ არ ყოფილიყო.
- ალბათ გშია, წამოდი, ვიცი რაც მოგეწონება - ემუ წამში სამზარეულოს მაგიდაზე აღმოჩნდა და გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე მიირთმევდა უგემრიელეს, ნიკოლას დედის მიერ მორთმეულ, მარცვლეულს.
ოზი ფიქრობდა, ალბათ სწორედ ამ სიმშვიდეს და სიხალისეს გრძნობენ ადამიანები, რომლებიც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ახსენებდნენ და რომ ეს გრძნობა ისეთი ძლიერია, რომ შესაძლოა თავიდან ბოლომდე მოგიცვას.
ოზი ბედნიერი იყო, მშვიდად იყო, ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა მოგზაურობას ნიკოლასა და ოდრისთან ერთად და დანამდვილებით იცოდა, რომ არასოდეს მოისურვებდა უკან, ნაჭუჭში დაბრუნებას.