მოთხრობების კრებული
მოთხრობების კრებული
ვარსკვლავი საახალწლოდ ახალ წელს - ახალი იმედით ვხვდებით. ვცდილობთ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები, ეჭვები, ყველაფერი ის, რაც ასე გვამძიმებს. რაც მთავარია, არ უნდა დავკარგოთ რწმენა, როგორც საკუთარი თავის, ასევე ამ სამყაროსი. სასწაულების უნდა გვჯეროდეს! მე პირადად მჯერა. კი, არ მოგესმათ, ის არსებობს და ცხოვრების ყველაზე მოულოდნელ ეტაპზე, შეიძლება თოვლივით დაგეცეს თავზე. წარმოიდგინეთ, მიყვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ერთ მშვენიერი დღეს, ყველაფერი ყირაზე გადადის და ტრიალდება 180 გრადუსით. ამას, რა თქმა უნდა ორ სიტყვაში ვერ ჩავატევ, ამიტომ აქვე გულს გადაგიშლით: დეკემბრის ჩვეულებრივი დილა გათენდა. გზად, დანქინში ვიყიდე ჩემი საყვარელი ყავის სასმელი - ამერიკანო შოკოლადის სიროფით და ნაღების მუსით და გავეშურე ოფისში. ლიფტთან ვიდექი, უკვე ვემზადებოდი შესასვლელად, როცა გავიხედე და რას ვხედავ - მოდის სტეფანე, თან მიღიმის. ვიფიქრე რა ეტაკა-მეთქ, რაც არ უნდა სიმპათიური იყოს, ჩემთვის სრულიად უსიამოვნო პიროვნებაა, აი, საერთოდ მიუღებელი პიროვნული თვისებებით. მომიახლოვდა და მომმართავს: - სალამი ნინა, რა ლამაზად გამოიყურები! - ეტყობა პირი დავაღე გაოგნებისგან და ისიც მიხვდა - მისმინე, პატარა საქმე მაქვს შენთან... – კიდევ უფრო გავოცდი, ისიც ანერვიულდა თითქოს და მომაყარა: - ვიცი, ალბათ ძალიან გიკვირს... ვხვდები, ხშირად არ ვკონტაქტობთ... მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... – ეუჰ! შევიცხადე ფიქრებში, ალბათ გამოუვალ მდგომარეობაშია და მე უნდა შემტენოს რამე, ან გამომიყენოს მეთქი და აი, უკვე მზად ვარ დავაუარო, ან თუნდაც დავაიგნორო და უცბად მხარზე დამადო ხელი და ლიფტიდან მოშორებით, ნაკლებად ხალხმრავალ ადგილზე გამომიყვანა, დამაყენა და ველოდები რას იტყვის, ვხედავ რომ ძალიან ღელავს და გონზე ვერ მოვდივარ ჩემგან საერთოდ რა უნდა. მაგრამ, კვლავ გამაოგნა - გამომიცხადა: - მიყვარხარ და ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ხარ!... - ალბათ თვალები ისე გამიფართოვდა, რომ ეგრევე მიაყოლა - ოღონდ გთხოვ, აქ ყველას წინაშე თავს არ დამესხა, გევედრები ავიდეთ ოფისში და თუ გინდა მანდ მეჩხუბე, დამაყარე და რაც გინდა ის მიქენი.. ყველა ვარიანტში უნდა დაგელაპარაკო, ძალიან გთხოვ, გევედრები მომისმინე... აი მუხლმოდრეკით გევედრები - თქვა და უცბად მუხლებზე დავარდა..აზრზე ვერ მოვედი, მართლა, არც ჩხუბის და არაფრის თავი არ მქონდა, ენა ჩავყლაპე... ხმას ვერ ვიღებდი, თან ვხვდებოდი, რომ ძალიან ავნერვიულდი ამ ყველაფრისგან, აბსოლუტური გაურკვევლობისგან და შოკისგან. ჩემდა გასაკვირად ჩემთან ერთად შემოვიდა ლიფტში, ჩვენს სართულამდე მთელი გზა ჩუმად ვიდექით. ბოლოს ამოვედით ჩვენს სართულზე. ოფისში ბევრი არავინ დაგვხვდა, ჩემს მაგიდას ვეძებდი თვალით და განზრახული მქონდა მანდ გაპარვა, სტეფანემ ეს აშკარად შენიშნა, გამომაბრუნა და ჩუმად შემიყვანა თავის კაბინეტში. ადგილზე რომ აღმოვჩნდით, დამსვა და კარიც ჩაკეთა... გულმა ხმამაღლა ძგერა დამიწყო და ამან თითქოს ცოტა აზრზე მომიყვანა. ვიფიქრე ახლა უკვე ნამეტანია, ან კარს რატომ კეტავს?.. დროა განგაში ავტეხო - მაგრამ უცბად წყალი გამომაწოდა, მხარზე მსუბუქად, თითქმის შეუხებლად მომითათუნა ხელი და მთხოვა დამშვიდება: - გეფიცები ყველას, არფერს ცუდს არ გიპირებ და მშვიდად იყავი. ვიცი, რომ გულზე არ გეხატები, ვხვდები, მაგრამ მართლა სხვა გზა არ მაქვს უნდა მოგიყვე, თორემ ალბათ გავრეკავ! ერთადერთი ვისაც შეუძლია დამეხმაროს , ეს შენ ხარ!..თავი ხელში ავიყვანე, მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი:- კარგი, შეგიძლია მითხრა რისი თქმაც გინდა, ოღონდ ამ სიყვარულის ბუშტების გასკდომის გარეშე... თუ არ გინდა რომ სილა გაგაწნა, ან კიდევ რამე უარესი - ვეღარმოვითმინე ბოლოს... სახეზე შევატყვე, მომზადებული იყო ამ საუბრისთვის.- კარგი, მაქსიმალურად ვეცდები აგიხსნა ყველაფერი, ვიცი, ძალიან ფანტასტიკას მოგიყვები ახლა და რთული იქნება ამის დაჯერება, მითუმეტეს, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ჩემზე მზე და მთვარე არ ამოგდის... – ღრმად შეისუნთქა და დაიწყო:- კარგი, მაშ საიდან დავიწყო... ერთ დღეს, ალბათ დაახლოებით 1 თვის წინ, სამსახურში მოვდიოდი დილით, თან ვიცოდი, ვემზადებოდი იმისთვის, რომ დღეს, სავარაუდოდ, ან გამათავისუფლებდნენ, ან მე თვითონ დავწერდი განცხადებას... ამ კომპანიას 10 წელი მივახარჯე, 10 ვირივით შრომის წელიწადი...- კეთილსინდისიერაბაზე რა მოგახსენო! - კბილებიდან გამოვცერი უეცრად - კაი მაპატიე, გააგრძელე... - სამწუხაროდ დირექტორმა ჩემს ადგილზე სულ სხვა ადამიანის დანიშვნა გადაწყვიტა და ან უნდა ჩამოვქვეითებულიყავი სხვა თანამდებობაზე, ანუ დავრჩენილიყავი, ან უნდა წამოვსულიყავი... წინა საღამოს შენ გესაუბრე ამაზე. რატომ - შენ იკითხავ? ჯერ ეს ერთიც, ჩემთვის ძალიან რთულია გამოვემშვიდოვო ადგილს, რომელსაც მთელი 10 წელი ვემსახურე და უცბად ამ ჩემ მიერ აწყობილ საქმეებსა და პოზიციაზე ნიშნავენ ვიღაც უცხო ახალგაზრდას, გამოუცდელ სტაჟიორს.. უბრალოდ წარმოუდგენელი რამეა!.. ხოდა შენ მითხარი, რომ სხვა სამსახური მენახა, რადგან გარდა იმისა, რომ ამხელა შრომას არავინ მიფასებს, ჩემთვისაც არასოდეს იცლიო... ეს ბოლოს უკვე ცხელ გულზე აღმოგხდა. ვერც დაგადანაშაულებდი, მართლაც მასე იყო..- ერთ რაღაცას ვერ ვხვდები, შენ და საყვარელი ადამიანი?.. - მივხვდი რომ უადგილო კითხვა იყო ამ მონაყოლში, მაგრამ ვერ შევიკავე თავი - მაპატიე ვერ ვიკავებ თავს, თავისით ხტება პირიდან სიტყვები... - არაუშავს, მოველოდი ამას... მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ - მე ის არ ვარ, ვინც გგონივარ და იცნობ... და ვერ იტან... სულ ოდნავ მაინც წარმოიდგინე, რომ ვარ მოსიყვარულე, ერთგული მამაკაცი, ჩვენს მომავალზე დიდი იმედებით შეპყრობილი. მამაკაცი, რომელიც ამასთანავე დაუღალავად შრომობს რომ წარმატებული მომავალი ჰქონდეს, მაგრამ არავინ ხედავს მას და აფასებს... იმ დილით სამსახურში წამოსვლისას, გაჩერებაზე დამეძინა და ჩემი ავტობუსი გამოვტოვე. რომ გავიღვიძე, ჩვენი კომპანიის მძღოლმა გამაღვიძა და მომმართა - „ბატონო სტეფანე, ცივა, გაიღვიძეთ, ოფისში დროზე უნდა მივიდეთ, შეხვედრა გაქვთ“. - წამოვხტი ძილ-ბურანში და ჩავჯექი მანქანაში. ოფისთან რომ გაჩერდა მანქანა, მერე მივხვდი სად ვარ და გონზე ვერ მოვდიოდი, ჩემი დირექტორის მანქანაში რატომ აღმოვჩნდი? წვრილმანებს აღარ მოვყვები, როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომ, მაგრამ დავამატებ იმას, რომ აქ რაც აღმოვჩნდი, დამხვდა ოფისში ჩემი პირადი კაბინეტი, ბევრი უცხო ადამიანი და ბევრი ნაცნობიც. ასევე მიხვდვი, რომ თანამშრომლებს არ ვუყვარდი და როგორც გავარკვიე, ანუ, მთავარი რაც იყო, კომპანიის დირექტორის აღმასრულებელი თანაშემწე ვიყავი, სწორედ იმ თანამდებობაზე აღმოვჩნდი, რომელზეც ვოცნებობდი. შემდეგ გავიგე რომ მაქვს ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი ანაზღაურება და მანქანა, მემსახურება მძღოლი! ბინაზე აღარაფერს ვამბობ - ჭავჭავაძეზე, თაუერსის შენობაში... წარმოგიდგენია?... - კი არ წარმომიდგენია, ვიცი, ასევე თანამშრომლებზეც ვიცი და მესმის... - მაპატიე, ახლაც ვერ ვიჯერებ... ხოდა ისევ დავუბრუნდები იმას, რასაც გეუბნებოდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა ამისა, ის რაც აქ დამხვდა... კი, თავიდან ცოტა ხანი ვიყავი დადებითად გაოცებული, თუმცა, რაც დრო გადიოდა, უფრო ვგრძნობდი სრულ მარტოობას და გაუცხოებას. ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი სამყარო არ იყო... შენს თვალებში ჩემ მიმართ სრული უსიამოვნება რომ ამოვიკითხე, ამან საერთოდ ბოლო მომიღო, სრულებით. თუმცა კი ვიფიქრე, მაინც ვცდი... როგორც მიხვდი, იქითკენ მიმყავს საუბარი რომ ის, ვისაც შენ იცნობ და არ მოგწონს, მე ის არ ვარ და არც ვიცი, ოღონდ რანაირად, მაგრამ აქ შემთხვევით მოვხვდი, სავარაუდოდ პარალელური სამყაროდან... სხვას ვერაფერს ვფიქრობ... სხვანაირ ახსნას ვერ ვპოულობ, მაგრამ მე აქედან არ ვარ...- მოიცა მოიცა, ანუ გინდა თქვა, რომ შენ, კომპანიის ცნობილი „ლაველასი“, სტეფანე მაჩაბელი, სინამდვილეში პარალელური სამყაროდან გადმოსული, პატიოსანი და მშრომელი, შეყვარებული მამაკაცი ხარ? სხვა სტეფანე?... - უცბად სიცილი ამიტყდა...რაღაც ხანი ვერ ვჩერდებოდი, მაგრამ რომ მოვსულიერდი, მითხრა:- ვიცი, ძალიან დაუჯერებელია და ალბათ გგონია, რომ მოგმართე მხოლოდ იმის გამო, რომ შენი გამოყენება მინდოდა, მაგრამ არა, შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია ვენდო... ვის გარეშე დღეც კი ვერ წარმომიდგენია... მე, მე არ ვარ უშენოდ...- აუ გეხვეწები, მორჩი, „ფინიტა ლა კომედია“! დიახ, ზუსტად მასე მგონია და სხვას არც უნდა ელოდო ჩემგან... - ვთქვი და წამოვდექი.- ვიცი... ველოდი ამას. დროს მოგცემ და მიხვდები, რომ მე მართლა არ ვარ ის სტეფანე, რომელსაც ვერ იტან... - ისეთი სევდიანი გამომეტყველება მიიღო, მეთქი ესგულთამპყრობელი, კაი მსახიობიცაა ყველაფერთან ერთად. ამან კი უფრო გამამწარა, თუმცა ეს გრძნობა ჩემში ჩავახშე და ვკითხე მისთვის მოულოდნელად:- აი, უბრალოდ, ინტერესის გამო - რას აპირებ?- არ ვიცი... თუმცა რაშიც ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოოდ დამიჯერებ!- ეს თუ კიდევ ერთი შენი ოინია და უბრალოდ მკერავ, მართლა ვერ გადამირჩები, პოლიციაშიც წავალ თუ საჭირო გახდა! - გაცხარებულმა განვაცხადე მე. - არ იქნება საჭირო, დამიჯერე... - ჩაილაპარაკა ნაღვლიანი ხმით.- მაგასაც ვნახავთ! - ავიბზუე ცხვირი, გამოვედი მისი ოფისიდან, თვალი კიმოვკარი მის სევდიან სახეს, მაგრამ ჩემ თავთან გადავწყვიტე, რომ მის ხაფანგზე აღარ წამოვეგებოდი... მე და სტეფანე ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდით. იმ სტეფანეს, რომელსაც მე ვიცნობდი, არც თუ ისე კარგი რეპუტაცია ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ყველაზე შესაშური ბერბიჭა იყო, ასევე საქმეში თავისი კეთილდღეობისთვის, ადამიანის გამოყენებაც შეეძლო. ამასთანავე მსმენია, რომ საქმეში მართლაც პროფესიონალი იყო. ჭორები დადიოდა, რომ დირექტორს მისთვის პარტნიორობა უნდა შეეთავაზებინა, რასაც სტეფანე ძალიან ელოდა. მე ვმუშაობდი მარკეტინგის მენეჯერად და ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევდა მასთან შეხება, ძირითადად პროექტების დამტკიცების დროს... ნუ კარგი, გამოგიტყდებით და მხოლოდ თანამშრომლური შეხება არ გვქონია - პაემანზე დამპატიჟა ერთხელ. ბევრი არაფერია გასახსენებელი, თითქოს საინტერესოდ დაიწყო საღამო, მომაკითხა, თავისი სუპერ მანქანით. მიმიყვანა რესტორანში, შევუკვეთეთ ღვინო, საჭმელი და სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, ვისაუბრეთ, სხვადასხვა თემებზე. საბოლოოდ ეს საღამო სრული კრახით დასრულდა. საპირფარეშოდან გამოსულს, ადგილზე არ დამხდვა და მოსაძებნად გავედი. მალე ის ბარში დავინახე, ვიღაც უცხო გოგოს გვერდით ეჯდა და ეფლირტავებოდა. რესტორანში შეკვეთის თანხა მე გადავიხადე და წამოვედი... ეგ ნაკლებად იყო სანერვიულო, სამაგიეროდ მისი ნამდვილი სახე დავინახე. ჰოდა წარმოიდგინეთ ახლა - ესეთი ადამიანი მოულოდნელად რომ გეძგერება, გიხსნის სუყვარულს და ამტკიცებს რომ ის ის არაა, ვისაც ყველა იცნობს და პარალელური სამყაროდან მოვიდა... აი, თქვენ დაიჯერებდით, რეალურ ცხოვრებაში, ასე რომ დაგადგეთ ვინმე და გამოგიცხადოთ ასეთი რამ?.. ხოდა მეც ვერ დავიჯერე... თავიდან. ამ ამბის შემდეგ, თითქოს აღარ გადავკვეთილვართ, სამსახურში შედარებით, ცოტა გვიან მივდიოდი ხოლმე, ვერიდებოდი მასთან ოფისში გადაკვეთას. ამასობაში დეკემბერის თვე წინ მიიწევდა, კომპანიაში ატყდა საახალწლო ჩოჩქოლი. მე ვმუშაბდი ერთ კამპანიაზე, რომელიც ეხებოდა მოხუცებულთა სახლს და დიდი იმედი მქონდა, რომ კომპანია დამეხმარებოდა და სახსრებს გამოყოფდა ამისთვის, ასევე ფართიც მჭირდებოდა. ბევრი ადამიანი გავიცანი ვინც მხარში დამიდგა საქმეში და ერთადერთი რაც მაკლდა, იყო დირექტორის თანხმობა. ამ პროექტის და შესაბამისად ჩემი სურვილი და მიზანი იყო მოხუცებს ახალი წელი ახალ სახლში, სითბოში გაეტარებინათ. თითქმის ყველაფერი მზად იყო, პროექტის გაშვებამდე, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მაშორებდა, პროექტის დირექტორის მიერ დამტკიცება. ამასთანავე უფროსთან, მხოლოდ სტეფანეს გავლით მოვხვდებოდი, ამიტომ ცოტა ხანს გავჩერდი და დავფიქრდი, როგორ მოვქცეულიყავი... ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. ამიტომ ერთ დღეს აღმოვჩნდი სტეფანეს კაბინეტის კართან. დაკაკუნებას ვაპირებდი, მაგრამ მისმა მდივანმა, თამარამ მითხრა, რომ დღეს ის ოფისში არ იყო. გადავწყვიტე ხვალისთვის გადამედო საუბარი. საღამოს, სამსახურის შემდეგ, სახლისკენ მიმავალს, მოულოდნელად სტეფანე დამხვდა ჩემს სადარბაზოსთან, შარვალ კოსტუმში გამოწყობილი, იდეალურ ვიდზე, როგორც ყოველთვის:- თამარამ მითხრა, რომ დღეს შემომიარე - დავიბენი და მხოლოდ თავი დავუქნიე. ბოლოს მაინც ამოვღერღე:- კი, შემოგიარე, მაგრამ არ იყავი და ვიფიქრე ხვალ ვეტყვი-მეთქი...- რის თქმას აპირებდი? აგერ ვარ და მითხარი ბარემ.კი, გამიკვირდა მისი ჩემს სადარბაზოსთან მოსვლა და თან ისიც, როგორ კარგად გამოიყურებოდა. თუმცა რატომღაც მომეჩვენა რომ არ იყო კარგ განწყობაზე, თითქოს რაღაც აწუხებდა, მოუთმელობაც ეტყობოდა და თან ნამეტანი ახლოს იდგა ჩემთან და ეს ღელვა აშკარად გადამდები იყო.- მოდი დავსხდეთ სადმე და ისე მოგიყვები, მნიშვნელოვანი საკითხია კომპანიისთვისაც და ჩემთვისაც.- კარგი, წამოდი, შენს საყვარელ დანქინის ყავას დაგალევინებ შოკოლადის სიროფით და ნაღების მუსით, თან მომიყევი რა გინდა. - კი გამცრა, საიდან იცოდა ჩემისაყვარელი ყავის შესახებ?.. - კარგი, წავიდეთ - მარტივად დავეთანხმე, წინ მე დამითმო ჯერ გზა და გავუდექით დანქინისკენ... - ისე საიდან იცი დანქინის კონკრეტულად ეს ყავა რომ მიყვარს? თუმცა არ გინდა, რაც გჭირდება, ყველაფრის გაგებას მოახერხებდი, ზუსტად ვიცი. - ნინა, ბევრი რამე ვიცი შენს შესახებ, ჩვენ ხომ სხვა ცხოვრებაში ერთად ვართ, ერთად ვცხოვრობთ. სამსახურში წასვლამდე, გავდივარ და შენთვის ამ ყავას ვყიდულობ დანქინში, ყოველ დილით. სანამ ყავა ოდნავ არ გაცივდება, მანამდე არ სვამ... ზოგჯერ შესაგრილებლად შეუბერავ ხოლმე...- კაი, გეყოფა, დისკომფორტს ვგრძნობ ასე რომ მელაპარაკები, მოდი საქმეზე გადავიდეთ... შევედით დანქინში, მე ავარჩიე ცოტა შიგნით განლაგებული მაგიდა და დავჯექი. ცოტა ხანში მან ჩემი საყვარელი ყავა მომართვა და ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა:- გისმენ, რით შემიძლია დაგეხმარო? – და სერიოზული სახით შემომხედა, მეჩემდაუნებურად ყავისთვის უნდა შემებერა და რომ დავიჭირე ამაზე თავი, დროულად შევჩერდი და დავიწყე:- მოკლედ, საახალწლოდ ერთ კამპანიაზე ვმუშაობ, თითქმის ბოლომდეა მისული საქმე, მხოლოდ დირექტორმა უნდა დაამტკიცოს, მინდა პროექტი გაეშვას რაც შეიძლება მალე, საახალწლოდ რომ მოესწროს. გეგმაა ისეთი, რომ მოხუცებულთათვის სახლის, ფართის გამოყოფა, ან სულაც, პატარა პანსიონის დაქირავება შეძლოს კომპანიამ. ვფიქრობ, ჩვენი შენობებიდან შესაძლებელია გამოიყოს შესაბამისი ფართი და დაფინანსდეს მოხუცებულებისთვის, რომ საახალწლოდ ჭერი ჰქონდეთ თავზე. თანამშროლმები ჩაბმულები არიან ამ პროექტში უკვე აქტიურად. ცალკე კამპანიაზე, ცალკე ინტერიერის დიზაინერებთან მიდის მოლაპარაკება. ასევე წვეულებას ვგეგმავ 24 დეკემბერს, სპონსორები რომ ვიშოვო, შემდგომში მომსახურე პერსონალიც რომ დაფინანსდეს და მოხუცებულთა სახლი კათარზისივით კი არა, ნამდვილი, კეთილმოწყობილი პანსიონივით, ან თუნდაც სასტუმროსავით მუშაობდეს. მოხუცებულები თავს რომ გრძნობდნენ საჭიროდ, დამოუკიდებლად და დაცულად... - რომ დავასრულე ავიხედე და სტეფანეს თვალებში სისველე დაეტყო, გამიფათოვდა თვალები...- რომ არ გიცნობდე კარგად... საოცრად კეთილი ხარ! - აი ძალიანუხერხულად ვიგრძენი თავი, არ შევიმჩნიე, ვეცადე... - კარგი, - უცბად თავს მოერია და მიპასუხა:- ნამდვილად კარგი პროექტია და ვეცდები დაველაპარაკო დირექტორს, რომ თანხმობა მარტივად მოგცეს. ოღონდ, მზად იყავი იმისთვისაც, რომ შეიძლება პირდაპირ შეხვედრაზეც დაგიბაროს.- კი კი, არაა პრობლემა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე.. - დამაკვირდა და გამიღიმა:- ვიცი მოხუცები შენთვის რასაც ნიშნავს. შენს ბებოს რამდენი ხანი უვლიდი. ბაბუს შემდეგ ცხოვრება აღარ უნდოდა, მაგრამ შენი ხათრით რამდენიმე წელი გაძლო...- საიდან იცი? მართლა? რამე სახსრები ჩართე ასეთი რამე რომ გაგეგო? იცოდე გრძნობებზე თუ თამაშობ, ძალიან მწარედ ინანებ... - გავცხარდი უცბად, გაოგნებული ვიყავი, ასეთი დეტალები მართლა საიდან შეიძლებოდა ცოდნოდა?.. - მაპატიე, ვერ ვაკონტროლებ თავს, ვიცი რომ რთულია შენთვის ამის დაჯერება... მაგრამ ღმერთო, რატომ არის ასეთი რთული? - უცბად ზევით აიხედა, გეგონება მართლა ელაპარაკებოდა მამა ზეციერს... - როგორ დაგაჯერო, რომ არ ვარ ის უგულო კაცი, რომელიც ეფლირტავება ყოველ ქვედაბოლოს და პირადი ინტერესებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი? პირდაპირ გეუბნები, გულწრფელად - ნინა, შენზე ახლობელი ამქვეყნად აღარავინ მყავს... წინა ცხოვრებაში მშრომელი, გულწრფელი, მაგრამ ცოტათი იღბალს მოკლებული ადამიანი ვიყავი. მომავალზე დიდი გეგმები მქონდა, ამიტომ სერიოზულ იმედებს ვამყარებდი სამსახურზე, მაგრამ მოულოდნელად ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი და ეგ ამბავი კი მოგიყევი უკვე. სასოწარკვეთილმა გულში გავიფიქრე, ნეტა ყველაფერი ისე აწყობილიყო, რომ სადარდებელი აღარ მქონოდა კარიერაზე და უკვე შემდგარი ადამიანი ვყოფილიყავი... მასეც მოხდა, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, მე, ის მე არ ვიყავი, მაგრამ მაინც მე ვიყავი... კი, იმ წარმატებას, რაც მინდოდა, ამ ცხოვრებაში მივაღწიე, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე მინდოდა. ფინანსურად არაფერზე სადარდებელი არ მაქვს, ყველაფერი გამაჩნია რასაც ვისურვებდი. თუმცა, ეტყობა ყველაფრის ერთად ნატვრა შეუძლებელია, ყოველთვის ბალანსი უნდა დაიჭირო - მე კვლავ გაოცებული დავრჩიმისი საუბრისგან. მიუხედავად იმისა, რომ თითქო მართლაც გულწრფელად ყვებოდა თავის ამბავს, თავს მაქსიმალურად ვაძალებდი, რომ არ დამეჯერებინა... აღარ მინდა კვლავ გულუბრყვილობის გამო დავზარალდე. დავფიქრდი და ვუპასუხე:- მეორეჯერ გვხდები ბოლო პერიოდში და თითქოს მართლაც შენს თავს არ გავხარ, მე რომ ასე მიცნობ და ყველაფერს რასაც ამბობ, ჩემზე, შენზე, ჩვენზე... მაგრამ მართლა ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაჯერება... - ცოტა ხანს პაუზა დადგა, მერევიფიქრე თემა შემეცვალა და ვკითხე:- ისე მე რას ვსაქმიანობდი შენს ამ სხვა ცხოვრებაში, ბარემ გკითხავ - ვეცადე ცოტა სხვანოტი შემომეყვანა საუბარში, ეს ჩემთვის ხელოვნური სევდა რომ გაქარწყლებულიყო.- შენ მწერალი ხარ, პატარ პატარა მოთხრობებს წერ - დაუფიქრებლად მიპასუხა -რომანის დაწერაც ძალიან გინდა, მაგრამ ვერ დგავ ამ ნაბიჯს, გეშინია, რომ ბოლომდე ვერ გაქაჩავ და ამიტომ არ ჰკიდებ ხელს... ბებოს გარდაცვალების შემდეგ სცადე ერთხელ, მაგრამ მალევე დაანებე, ისევ შეგეშინდა. თავს იტყუებ, რომ კომფორტულად ხარ შენ თავთან, თუმცა კი ვიცი, რასაც გრძნობ სინამდვილეში.. - ამას ისეთიგამგებიანი ხმით ამბობდა, აი მიწვევდა რომ დამეჯერებინა... მაგრამ თავი მაქსიმალურად ყოჩაღად მეჭირა.- საინტერესოა ისე, - მართლა გავიფიქრე - წერა ყოველთვის მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ საკმარისი არ იქნებოდა და ამ თანამედროვე პროფესიებიდან რაც ახლა ასეთი პოპულარულია, ცოტა უფრო მასშტაბური ავირჩიე... მარკეტინგი...- მართლაც საინტერესოა, თუმცა შენ მაინც ისეთი ხარ, როგორსაც გიცნობ, ცოტათი უფრო გაბედული, შესაძლოა... - მივხვდი, რომ ისევ თავიდან დაიწყებდა და შევაჩერე:- ყავა დავლიე, მადლობა, - აღარ ვაცადე გაგრძელება - დაელაპარაკები დირექტორს, მქონდეს შენი იმედი?- კი, დაველაპარაკები აუცილებლად, მაქსიმალურად ვეცდები დავარწმუნო ამ პროექტის სიკარგეში და კომპანიისთვის გამოსადეგიანობაშიც. რადგან მართლაც მასეა.- მადლობა - და გავუღიმე - ისე შემომხედა, მოლოდინით, გეგონება მართლა მარტოა ამქვეყნად. პარალელურად გავიფიქრე: ახლა ალბათ დაბრუნდება თავის სუპერ ბინაში და მანდ სახლში ვინმე გრძელფეხება ლამაზმანი ელოდება და აი, მარტოობისთვის ნაღდად არ ეცლება... - გაგაცილებ - მითხრა და გამოვედით. მიმაცილა სახლამდე და სანამ დავიშლებოდით, მითხრა:- ნინა, ერთი სათხოვარი მექნება, ვიცი რომ ახალი წელი ძალიან გიყვარს, ხოდა საახალწლოდ ნაძვის ხის და მორთულობების საყიდლად რომ გაომომყვე, შეძლებ? სუპერში წავიდეთ, ან სადაც გინდა, რას იტყვი? - ცოტა ხანს დავფიქრდი...- მოდი იცი როგორ ვქნათ, დირექტორის ამბავი გაარკვიე და შემდეგ გეტყვი პასუხს. –არ მინდოდა ასე მარტივად, ერთი შეხედვით პატარა საქმეზე დავთანხმებოდი.- კარგი, მესმის... მაშინ საღამო მშვიდობის, ნინა - ხელი გაუტოკდა, თითქოს ჩემკენუნდოდა წამოღება, მაგრამ გადაიფიქრა. შეტრიალდა და წავიდა. ასე დასრულდა საღამო. შემდეგ კვირაში, ჩემდა გასაოცრად, დირექტორმა მართლაც დამიბარა შეხვედრაზე. მივედი, მაგრამ სტეფანე არ დამხვდა. დირექტორმა მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა სრულიად პროექტზე, გეგმაზე, სპონსორებზე, ვის ჩართვას ვაპირებდი, პრეზენტაციაც ვაჩვენე და ისიც ავუხსენი - ეს პროექტი რომ დადებითად აისახებოდა ჩვენს კომპანიაზეც. დირექტორმა ცოტა ხანი იფიქრა, შემდეგ გამიღიმა, გამომიწოდა ხელი, ჩამომართვა და მითხრა - შენნაირი კადრები ამდიდრებს ამ კომპანიასო. ხელი მოაწერა საჭირო საბუთს და გამომაცილა კარისკენ. მართალია, გაოგნებული დავრჩი, მაგრამ ამასთანავე ძალიან გახარებული. შედარებით მცირე პროქტებს უარით ისტუმრებდნენ და ამ დიდ პროექტზე ესეთ რეაგირებას არ მოველოდი ნამდვილად. ნეტავი რა უთხრა ამისთანა სტეფანემ, გავიფიქრე... რომ გამოვედი დირექტორი კაბინეტიდან, დავინახე, ჩემკენ როგორ მოემართებოდა. მომიახლოვდა და გაღიმებულმა მკითხა, როგორ ჩაიარა შეხვედრამ, მე მადლობა გადავუხადე და ორი სიტყვით ვუამბე, თუ როგორ დაამტკიცა დირექტორმა ჩემი პროექტი. - შენ ამას იმსახურებ! - თქვა ეს და დირექტორთან შევიდა. გახარებული მიუჯექი ჩემს მაგიდას, ადმინისტრატორს ჩავანიშნინე შეხვედრა თანამშრომლებთან, ვინც ჩართული იქნებოდა ამ პროექტზე. დავიწყე გეგმის შედგენა და პრეზენტაციის აწყობა. კრებაზე უნდა გვესაუბრა წვეულებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, სტუმრად პროექტის სპონსორები უნდა მოგვეწვია, რომლებიც მოხუცებულთა სახლთან დაკავშირებულ ყველაფერს დააფინანსებდნენ. საღამოს, უკვე გადაღლილს, მომშივდა. სახლში დავაპირე წასვლა და „ვოლტით“ გამომეძახა რამე. ეს ესაა დავიწყე აბარგება და დავინახე სტეფანე, შორიდან მიღიმოდა და ჩემ მაგიდასთან გაჩერდა:- ჩემს თხოვნაზე პასუხს როდის მომცემ? - არ ეშვებოდა თავისას.- კარგი, სხვა გზა არ მაქვს, უნდა დაგთანხმდე, რადგან დღეს ნამდვილად ძალიან დამეხმარე და კეთილ საქმეს მიჰყავი ხელი და მჯერა, რომ იქ ცოტახნით სხვა საქმეებს დაგივიწყებენ, რო რამე... - ეს ვუთხარი და ცაზე თითით მივანიშნე, რაზეც ორივეს გაგვეცინა.- როდის გეცლება? ოღონდ ძაან არ გადადო, თორემ უკვე 10 დეკემბერია, დრო ისე გარბის, რომ ახალი წელიც გაგვითენდება მალე.- კარგი, მცალია ახლაც, თუ გინდა წავიდეთ, შენც თუ გცალია, რა თქმა უნდა...- კი, წავიდეთ. სუპერში გინდა?- წავიდეთ სუპერში!ჩავსხედით მის ულამაზეს მანქანაში, ვერცხლისფერ ლექსუსში და გავეშურეთ თბილისში ყველაზე ცნობილ საჩუქრების მაღაზიაში. სტეფანე ცოტათი სწრაფად, მაგრამ პროფესიონალურად ატარებდა მანქანას. რადიოში უცბად ჩემი საყვარელი სიმღერა გაჟღერდა, Coldplay-ის „Everyday Life“, ცოტა ავუწიე, წავიღიღინე და ისიც ამყვა.- არ ვიცოდი Coldplay თუ მოგწონდა? - კი, ყოველთვის მომწონდა. გახსოვს, პიანინოზე რომ დაუკარი მწერალთა სახლში, მაშინ... - ავტომატურად დავიწყე გახსენება, მაგრამ არაფერი მომაგონდა ასეთი - მანდ გაგიცანი პირველად, შენ ჩართული იყავი მუსიკაში და მე დაგიდექი პიანინოსთან და გითხარი: “Trouble” - პარაშუტების ალბომის უსაყვარლესი სიმღერაა!- ჩემიც - იმდენად ავტომატურად ვუპასუხე, ორივეს გაგვეღიმა, თან მივხვდი რომ სხვა სამყაროს ნინაზე საუბრობდა.- ზუსტად ასე მიპასუხე და გამიღიმე მაშინაც. - რატომ ვგრძნობ თავს უხერხულადმის სიახლოვეში, გავიფიქრე? როგორც იქნა, მივედით სუპერში. მაღაზიაში ბევრი ხალხი დაიარებოდა. საახალწლო ჰიტები იყო გაშვებული ფონურ მუსიკად, რაც სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. პირველ რიგში მივედით ნაძვის ხეებთან.- როგორი გინდა? მაღალი, დიდი, მწვანე, ვერცხლისფერი?- კაი გაჩე, მეც ვხედავ როგორებია - შემაწყვეტინა - მიდი აბა რომელიმესთან და ისეთი აარჩიე, რომელიც შენზე ყველაზე მაღალი იქნება.- გამომოიყვანს ახლა ხალხის წინაშე ლილიპუტად - წავიწუწუნე, მაგან კი გემრიელადგადაიხარხარა:- კარგი არ გეწყინოს, მიხვდები მერე, რატომ მინდა ასეთი მაღალი ნაძვის ხე - მალეაღმოვჩნდი ზუსტად ისეთ მაღალ ნაძვის ხესთან, ალბათ როგორიც უნდოდა და დავუდექი გვერდით, ხელი გადავხვიე, რაზეც სტეფანეც გაეღიმა, ამოიღო ტელეფონი და ფოტო გადამიღო.სტეფანემ კონსულტანტს დაუძახა და აუხსნა მანქანა სადაა, რომ შეეფუთათ და ისე დაედოთ მანქანის სახურავზე.- ისე ასეთი საქმეებით შენი მდივანი არ არის ხოლმე დაკავებული? თავად რატომ მოინდომე წამოსვლა და ყიდვა?- ვიფიქრე ელფებს დავასვენებ ამჯერად და მე თვითონ გავილამაზებ ახალ წელს-მეთქი! - კარგი სანტა, როგორც გენებოს.- წამოდი ახლა ნათურები ავარჩიოთ, ვერცხლისფერი მინდა, ჩემი ლექსუსის ფერში...- გამოდი გიცანი სტეფანე! - და ორივეს გაგვეცინა. მაღაზიიდან საახალწლო „ინვენტარით“ დატვირთულები გამოვედით. ნაძვის ხე უკვე მანქანაზე ზემოდან დაგვხვდა დამაგრებული. ჩვენ კი ლექსუსში ჩავსხედით და წავედით მისი სახლისკენ.- კიდევ კაი ლიფტი გაქვს, თორემ მოგიწევდა მხრებზე ნაძვით და კბილებში სათამაშოებიანი პარკებით ასვლა, მაგარი სანახაობა იქნებოდი! - გავეხუმრე მე და სტეფანესაც გაეცინა ჩემს ხუმრობაზე.- ამისთვის კონსიერჟი არსებობს და ლიფტი. სათამაშოებს ჩვენ წამოვიღებთ.როგორც იქნა სტეფანეს ბინაში აღმოვჩდით, მე ცოტა მიმოხედვა მოვასწარი და რა თქმა უნდა როგორც აქსის თაუერს შეესაბამება, შესაბამისი აპარტამენტები ჰქონდა. სათამაშოებით სავსე პარკები რომ დავდეთ, დავეხმარე ნაძვის ხის ამოლაგებაში და უკვე დავაპირე წამოსვლა რომ სტეფანემ გამაჩერა:- კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, ნინა, ძალიან გთხოვ მორთვაში დამეხმარე, არაა ჯერ ძალიან გვიანი, თუ რა თქმა უნდა რამე არ გქონდა დაგეგმილი. თან მშიერი იქნები შენც, გამოვიძახებ რამეს, ვივახშმოთ და მერე მოვრთოთ ჩემი სახლი, კარგი? - კარგი, არაფერი მაქვს დაგეგმილი. გამოიძახე, ნამდვილად მშია, ჩვენ კი ამასობაში ნაძვის ხე გავშალოთ. სტეფანემ გამოიძახა სუში და გახსნა თეთრი ღვინო, რომელიც სუშის ძაან მოუხდა. ჭამის შემდეგ ნაძვის ხე ავაწყვეთ და დავდგით, ნათურები და ბოლოს სათამაშოებიც ჩამოვკიდეთ. - თავზე რა გავუკეთოთ? ვარკვლავი, თუ ეს... შუბის წვერს რომ ჰგავს?- არა, იყოს ვარსკვლავი, ოღონდ თუ შეიძლება მე დავკიდებ - მე აზარტში შევედი,სტეფანეს გაეღიმა და მკითხა:- ხელით დაგიჭირო, თუ ტაბურეტი მოგაწოდო? - სკამი მომაწოდე - არ დავიბენი მე და ცხვირი ავიბზუე, ამ ჩემს სიმაღლეზე რომმეხუმრებოდა. დავდექი სკამზე და დავაგვირგვინე ნაძვის ხე ვარსკვლავით. ამ დროს ნაძვის ხის განათება ჩართო სტეფანე, ამ დროს გავხედე და ის იდგა და თვალებში შემომცქეროდა. უცბად, სულ რაღაც წამებში თითქოს სხვაგან აღმოვჩნდი და ნათლად დავინახე ასეთი სცენა, მე ნაძვს თავზე ვარსკვლავს ვადგავ და ის ამ დროს ნათურებს ანთებს, შემდეგ მოდის, სკამიდან ხელში ავყავარ და მკოცნის. გამოვფხიზლდი. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და კინაღამ ჩამოვვარდი, სტეფანემ მოასწრო ჩემი დაჭერა. ასე უხერხულად თავი არავისთან მიგრძვნია. სტეფანემ დამსვა იატაკზე. სხვა გზა აღარ მქონდა, მის ბინაში ვეღარ გავჩერდებოდი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს: - საქმე გაკეთებულია, მადლობა ვახშმისთვის და თუ არ გეწყინება სახლში წავალ, ცოტა დავიღალესავით და დავიძინებ, ხვალიდან იმდენი საქმეა - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.სტეფანემ კი ნაღვლიანი მზერა მესროლა და მითხრა:- კარგი... წაგიყვან სახლში...- არა იყოს, ტაქსის გამოვიძახებ, შენც დაიღალე და სახლს ხომ არ დატოვებ... – მოკლედ ყველანაირად გავაგებინე, რომ არ მინდოდა გავეცილებინე. დავტოვე მარტო. გარეთ რომ გავედი, ცოტა ფეხით გავიარე, მიუხედავად სიცივისა. ეს რა იყო ახლა რაც დამემართა? ძალიან დავიბენი. იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე. მის მიმართ მიზიდულობა გამიჩნდა, ეს უცნაური გრძნობა თითქოს რაღაც ფორმას იღებდა, უფრო მეტი იყო ვიდრე აქამდე ოდესმე განვიცდიდი მის მიმართ. მინდოდა ლოგიკა დამენახა მოვლენების განვითარებაში, მაგრამ ამაოდ. ნუთუ მართლა ასეთი ბოროტია და მატყუებს, რისთვის ჭირდება, ან ჩემზე ამდენი დეტალი საიდან იცის? სახლში რომ მივედი, კიდევ დიდი ხანი ვიყავი ფიქრების მორევში ჩაფლული და საკმაოდ გვიან ჩამეძინა. შემდეგი კვირა ცოტა რთული აღმოჩნდა. პროექტი გაშვებული იყო, სპონსორები დავპატიჟეთ 24 დეკემბრის წვეულებაზე, მოხუცებულთა სახლის შექმნის აღსანიშნავად. დაგროვდა ყველაფერი ერთად, ცალკე ღონისძიების ხარჯები, პრეზენტაცია, საცხოვრებელში გადმოსასახლებელი მოხუცები, ვინც იცხოვრებდა ამ სახლში. ძირითადად მარტოხელები და შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები იყვნენ. ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი წყვილი გავიცანი: კესო და ნოდარი, თითქმის 60 წელი ერთად იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ შვილები არ ჰყავდათ. კესო ბებოს დისშვილი ყავდა, რომელიც თვითონ ვერ უვლიდა და გადაწყვიტა ჩაებარებინა მოხუცებულთა სახლში, იმ პირობით, რომ ხშირად ესტუმრებოდა მათ. ძალიან რთულია, როცა საკუთარი ოჯახის წევრები მოხუცებს ტოვებენ სხვაგან, უცხო გარემოში, მაგრამ ეტყობა სხვა გზა არ იყო. ზოგი საერთოდ მარტოხელა იყო, არავინ ყავდა. კესო ბებომ რომ გამიცნო, ისე მოვეწონე, რომ თავისი ხელნაკეთი მძივები მაჩუქა. როცა ვუთხარი, რომ ჩემს ბებოს მაგონებდა, რომელმაც გამზარდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:- ბებო, შენნაირი შვილიშვილი მაინც რომ მყოლოდა, ახლა შვილთაშვილები ისხდებოდნენ ჩემს კალთაში. ახალ წელს გოზინაყს გავაკეთებდით ერთად...ვაჩვენებდი როგორ კეთდება. წარმოიდგინე პირები თაფლით მოთხვრილი რომ ექნებათ! -გადაიხითხითა და გაჰკრა ხელი ნოდარი ბაბუს, რომელსაც ასევე ტკბილად ჩაეცინა. ამის შემყურეს თვალზე ცრემლი მომერია და კესო ბებოს ჩავეხუტე, შემდეგ ავდექი და გავშორდი, თორემ ასე აღელვებული ვეღარ გავაგრძელებდი მუშაობას. მალე გამოვემშვიდობე მოხუცებს და წამოვედი სამსახურში. ლიფტთან სტეფანე დამხვდა, პარკით ხელში, ეტყობა ლანჩზე იყო გამოსული. თან კედელთან მიყუდებული იდგა, ჩაფიქრებული. ლიფტში ჩვენს გარდა არავინ იდგა და ვკითხე:- რაზე ჩაფიქრებულხარ?- მგონი ნელ -ნელა მავიწყდება ის, პარალელური ცხოვრება და ძალიან შემეშინდა, უფრო სწორად ახლაც მეშინია! არ მინდა იმ უგულო არსებად გადავიქცე, ვისაც შენ იცნობდი ჩემი სახით. - მერე გამომხედა და გაოცება დაინახა ეტყობა ჩემს თვალებში: არ მომაქციო ყურადღება... შენმა დღემ როგორ ჩაიარა? - ისე უცბად შემიტრიალა საუბარი კითხვაში. ცოტა ხანი პაუზა ჩამოვარდა, მაგრამ მალე ვუპასუხე:- მოხუცებულები მოვინახულე, ისინი ვინც იცხოვრებენ ჩვენს მოხუცებულთა სახლში, ძირითადად მარტოხელები არიან და შშმ პირები, თუმცა ერთი საყვარელი წყვილია, თუ გეცლება და სურვილი გექნება, როგორმე გაგაცნობ კესოს და ნოდარის.სტეფანემ გამიღიმა და მიპასუხა:- კი, როცა კი გენდომება - ცოტა მეუცნაურა მისი ქცევა. ჩვენს სართულზე რომამოვედით, ის თავისი კაბინეტში შევიდა ეგრევე. კი გავაყოლე თვალი, მაგრამ მეც დავუბრუნდი ჩემს მაგიდას და გავაგრძელე მუშაობა, საქმე მართლაც ჯერ კიდევ ბევრი იყო. შაბათს მეგობრებთან ერთად საახალწლოდ მორთული ქალაქის დასათვალიერებლად წავედით, რუსთაველსა და თავისუფლებაზე. სურათები გადავიღეთ, ბოლოს გლინტვეინის დალევა მოგვინდა და საახალწლო სოფელში მივედით, რომელიც ვარდების მოედანზე მდებარეობდა, და გლინტვეინის რიგში დავდექით, რომელიც არც თუ ისე პატარა იყო. სულ წინ სტეფანე შევნიშნე ვიღაც ქალთან ერთად, იცინოდნენ და ხუმრობდნენ. ძალიან დავიბენი და ვიგრძენი რომ ძალიან უსიამოვნო იყო რაც დავინახე, თან იმასაც ვიაზრებდი რომ გასაკვირი არაფერი იყო, სტეფანე, რომელსაც ვიცნობდი ასეთი იყო. თუმცა ბოლო მოვლენებს თუ გავითვალისწინებდით, მაინც გამიკვირდა და გულში ხინჯად დამრჩა. დაქალმა შეამჩნია, რომ ვიღაცას მივაშტერდი და მკითხა:- ისე არაუშავს, სიმპატიურია, ვინ არის, იცნობ? - ეს სტეფანეა...- უი, მოიცა, ის სტეფანეა, პირველივე პაემანზე, რომ გადაგაგდო?- კი, ეგა არის - დაქალისთვის ბოლოს მომხდარი ამბებიდან არაფერი მომიყოლია.გადავწყვიტე ყურადღება აღარ მიმექცია სტეფანესთვის და ეს კვირა სრულიად საქმეებში ვიყავი ჩაფლული. არც კი შევხვედრილვართ ოფისში. კვირის ბოლოს უკვე კათოლიკური შობა იყო და ჩვენი წვეულებაც, რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდი. სპონსორებში, ძირითადად სამშენებლო და კვების კომპანიების წევრები იყვნენ მოწვეულნი, იცოდნენ რომ ნამდვილად კეთილ საქმეს აკეთებდნენ. პარასკევს საღამოს, სამსახურიდან ამ დღისთვის სპეციალურად შეკერილი კაბის გამოსატანად მივდიოდი. ლიფტში რომ შევდიოდი, სტეფანე დამეწია და შემოვიდა ჩემთან ერთად, მარტონი არ ვიყავით, სხვა თანამშრომლებიც იდგნენ და უბრალოდ გამიღიმა, გამოსვლისას მკითხა, თუ სად მეჩქარებოდა და ვუპასუხე, რომ კაბის გამოსატანად მივიჩქაროდი. აიჩემა გინდა, თუ არა მე წაგიყვანო. თავიდან ვიაუარე, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა, რომ დავთანხმდი. მიმიყვანა სამკერვალო სალონში, კაბა შეფუთული იყო, გავხსენი მაგრამ არ ამოვიღე, არ მინდოდა მის წინაშე თვალიერება და მოზომვაზე საუბარიც ზედმეტია, სახლში ჩავიცმევ, ვიფიქრე. სალონიდან წამოსვლისას მკითხა:- კესო ბებო და ნოდარი ბაბუ სად არიან ახლა, ხომ არ გავუაროთ? - კი ძალიან მინდოდასახლში მისვლა და კაბის მოზომვა, თან ბევრი საქმეც მქონდა წინ, ხვალ ხომ დიდი დღე იყო. მაგრამ მოხუცებს სიამოვნებით ვნახავდი, მათი თუნდაც ერთი ტკბილი სიტყვა გულს გამითბობდა და ხვალინდელ საღამოს უშიშრად გავიყვანდი.- კესო ბებოს დისშვილთან არიან დროებით, ის ვეღარ ერევა ყველაფერს და გადაწვიტა ჩვენს მოხუცებულთა სახლში გადმოესახლა ესენი..- გასაგებია, ტეროტორიულად სად არიან?- წერეთელზე, გამოფენის მოპირდაპირე ქუჩაზე, მგონი სამტრედიის ქუჩა ჰქვია. ძველ სახლში, იტალიურ ეზოში.სტეფანე ქალაქს კარგად იცნობდა და სწორად გაიკვლია გზა მოხუცების მისამართამდე. რომ მოვედით მომიტრიალდა:- ისევ გიკვირს ქუჩებში ასე კარგად რომ ვერკვევი? ხომ იცი მოსიარულე „გუგლ მეფი“ რომ ვარ - რაზეც ორივეს გაგვეცინა.მოხუცებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა, სტეფანე გავაცანი. ნოდარი ბაბუმ მოდი კონიაკი დავლიოთო, მაგრამ სტეფანე ადვილად გამოერიდა, საჭესთან ვზივარ ნოდარი ბაბუ და არ შეიძლებაო.- მოდი მე დავლევ 1 ჭიქას, - არ გავუტეხე გული ბაბუს და გადავკარით ორივემ,სხვათაშორის საკმაოდ გემრიელი და ძლიერი კონიაკი იყო. სანამ ნოდარი ბაბუ სტეფანეს ემუსაიფებოდა, კესო ბებომ შემომხედა და მითხრა:- ეს ახალგაზრდა შენზე ძლიერ შეყვარებულია, ბებო, თვალები უციმციმებს მასთან რომ დგახარ და სიმართლე გითხრა მგონია, არც შენ ხარ გულგრილი... ალბათ თქვენ ის წყვილი ხართ, სულ რომ ერთად იყავით და მერე გვიან მიხვდი, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, არა? - ამ დროს სტეფანემ მოიხედა და მე გავწითლდი.- არა კესო ბებო, ჩვენ თანაშრომლები ვართ, თუმცა კარგი ადამიანია და თქვენ რომ ახალ სახლში იცხოვრებთ, მისი დამსახურებაცაა! - კესო ბებომ სტეფანეს დაუძახა და ორივედაგვლოცა. მალევე წამოვედით, კი გამათბეს რთული დღის შემდეგ, მაგრამ სტეფანესთან მაინც მიჭირდა ყოფნა. თან მიჭირდა, მაგრამ თან ძალიან მინდოდა. როცა მიმიყვანა სახლამდე, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, ხელი მომკიდა და გამაჩერა, რაზეც ისევ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ არ შევიმჩნიე:- ნინა., მინდა გამოგიტყდე: მგონია, რომ მალე ესეთი სტეფანე აღარ ვიქნები, ნელ ნელა ვქრები და ის სტეფანე ბრუნდება, ხშირად რომ ვერ გნახულობ, ვცარიელდები ნელ ნელა. არ ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს ასე ყოფნა, ჩემს სამყაროს ვეღარასდროს დავუბრუნდები ვიცი. შენც რომ იცოდე, ახლა ჩემი ცხოვრების მთავარი არსი შენ ხარ, ვიცი, რომ ახლაც არ გჯერა ბოლომდე, მაგრამ...- მაგრამ რა სტეფანე?..- ახალ წელს მე აღარ ვიქნები აქ, ამ სხეულში... - გული გიჟივით მიცემდა, ენა ჩამეყლაპადა არ ვიცოდი რა მექნა, ის მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა ძაან ნაზად... იმხელა ნებისყოფა დამჭირდა, რომ არ ამეხედა და არ ჩავხუტებოდი, არადა იმდენად ძლიერი გრძნობა დამეუფლა იმ მომენტში და ისე ძლიერად მინდოდა მასთან, ძლივს ვიკავებდი თავს. - კარგი, გადაიღლებოდი დღეს, მიხედე საქმეებს, ხვალ გნახავ... - მანქანიდან გამოვედი და სტეფანემ ეგრევე დაძრა თავისი ვერცხლისფერი ლექსუსი. სახლში სრულიად შოკირებული შემოვედი, დავჯექი და ასე ვიყავი უმოქმედოდ, ალბათ ნახევარი საათი, მართლა არ ვიცოდი რა მექნა. ბოლოს აზრზე რომ მოვედი, კაბა გადმოვიღე და მოვიზომე. იდეალურად მქონდა, ლამაზი წითელი ხავერდოვანი კაბა იყო, ნაზი დეკოლტეთი, მხრებიც კი გახსნილი ქონდა... შემდეგ გამოვიცვალე, ცოტა მივალაგე და დავწექი. კარგა ხანს ვერ ვიძინებდი. მოხუცებულთა სახლის პროექტის აღსანიშნავი წვეულების ნანატრი დღეც დადგა. ღონისძიება ჩატარდა დიდ საბანკეტო სივრცეში, განახლებულ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“. საბანკეტო დარბაზი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი, საახალწლო განათებებით, ულამაზესი დიდი ნაძვის ხეებით კუთხეებში. უკრავდა ნაზი, საახალწლო ჯაზი. ნელ-ნელა შეიკრიბნენ სპონსორები, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები, ვინც იყო ჩართული პროექტზე, ყველა. ასევე შერატონის მენეჯმენტი, ანუ დღევანდელი მასპინძლები. რა თქმა უნდა დირექტორიც მოვიდა, თავის მეუღლეთან ერთად. ყველაფერი ბრწყინავდა და იყო იდეალურად. მხოლოდ ერთ ადამიანს ვერ ვხედავდი სუფრასთან - სტეფანეს. გულში ისევ გამრკა მწარედ. მაგრამ არ შევიმჩნიე. პრეზენტაცია ენერგიულ ნოტაზე და გაღიმებულმა ჩავატარე, ყველა ტაშს უკრავდა. უსაყვარლესი კესო და ნოდარი წარვუდგინე ყველას. მოხუცებმა თავისი საყვარელი სიმღერა შეასრულეს და დარბაზი აფეთქდა აპლოდისმენტებით. შემდეგ სპონსორებს გავესაუბრე მომავლის გეგმებზე, პირობა დავდე, რომ აქტიურად ვიქნებოდი ჩაბმული ამ საქმეში ბოლომდე და სხვას არავის გადავცემდი. სპონორები ხელს მართმევდნენ და მისურვებდნენ წარმატებას. ყველა მიირთმევდა შვედურ მაგიდაზე გაწყობილ შამპანურსა და დესერტებს. უცბად ნაცნობი სოლუეტი შევნიშნე, მოვიდა. თუმცა მივხვდი რომ ეს ჩემი სტეფანე არ იყო... ამ სამყაროს სტეფანე ბრუნდებოდა მართლაც. ნუთუ მართალი იყო? ყველაფერი რაც მოხდა ჩვენს შორის, ეს ხომ მეც ვიგრძენი? რატომ ვუარყოფდი? აი, რატომ?.. ესე რთულად რომ არის სამყარო მოწყობილი, სიყვარულიც კი წარმოუდგენელია, საკუთარ თავთან ბრძოლის გარეშე... მივხვდი, რომ მიყვარდა სტეფანე და მის დანახვაზე, თავი ვერ შევიკავე, ცრემლები წამომივიდა და რესტორნის დარბაზიდან გარეთ გამოვედი... მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დირექტორმა ხელი ჩამომართვა, თავისი მეუღლე გამაცნო და შემაქო, რომ დიდი მომავალი მქონდა მის კომპანიაში, ამ სიტყვებმა საერთოდ არ იმოქმედა ჩემზე... უბრალოდ გავიაზრე, რომ ის რაც განვიცადე ამ დეკემბრის თვეში, ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერება იყო, სიყვარული იყო, რომელსაც ალბათ ვეღარ დავიბრუნებდი... მოხუცები სახლში მიდიოდნენ და გასვლისას კესო ბებომ დამინახა, მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და მითხრა:- ბებო, სიყვარული, თუ ნამდვილია, ყოველთვის იპოვის გზას შენი გულისკენ, არ იდარდო! - მე ჩავეხუტე კესოს და მადლობა გადავუხადე, რადგან მისი ყოველი შეხებადა ტკბილი სიტყვა, სითბოს მიღვრიდა გულში. წვეულების შემდეგ საცხოვრებლის მოხუცებულთა სახლად გადაკეთების პროცესი დაიწყო. მე მაქსიმალურად ჩართული ვიყავი საქმეებში, პარალელურად სხვა საახალწლო კამპანიებსაც ვხელმძღვანელობდი, დირექტორიც კი გამოხატავდა ინტერესს ჩემი საქმისადმი და სულ მაქებდა, მამხნევებდა, რომ შენს კრეატიულობას უმადლის კომპანიაო და მიხარიხარო ძალიან. სხვა დროს დირექტორის ასეთი ქცევა, ალბათ ჭკუიდან გადამიყვანდა, იმდენად დიდი მიღწევა იყო ეს ჩემთვის. ახალი წელი ახლოვდებოდა... 29 დეკემბერი იყო და ლიფტში სტეფანეს შევეჯახე, ბოდიში მომიხადა, შემდეგ ჩემი დავარდნილი პარკი აიღო და მომაწოდა და თავისი ლურჯი თვალები მომაპყრო. პარკი რომ გადმომცა ხელით შემეხო და უცბად შეკრთა, ის თავისი ჩვეული ღიმილი, რაც იმ ეგოცენტრულ სტეფანეს სჩვეოდა, სახიდან წაეშალა:- ნინა! მე ჯერ კიდევ აქ ვარ... - თვალები დამიმრგვალდა და ცრემლიც მომადგა,მაგრამ ხმა რომ უნდა ამომეღო, ჩემი სტეფანე ისევ გაქრა... ჩემში პატარა იმედის ნაპერწკალი აგიზგიზდა, ესე იგი არ გამქარალა სრულებით... აი მანდ, გადავწყვიტე, რომ უნდა დავაბრუნო „ჩემი“ სტეფანე, რაც არ უნდა დამიჯდეს! მეორე დღეს „დეი ოფი“ ავიღე, რადგან მუშაობას ვერ შევძლებდი, უუნარო ვიყავი უბრალოდ. მთელი დღე სახლში ვიყავი, პლედშემოხვეული და წიგნით ხელში. არც ერთი სიტყვა არ წამიკითხავს, აი, საერთოდ წაშლილი ვიყავი, დაკარგული, არ ვიცი რა უნდა მექნა, ვხვდებოდი რომ ის „ჩემი“ სტეფანე, თუ ჯერ კიდევ მანდ იყო, უნდა დამებრუნებინა, მაგრამ როგორ? რაღაცნაირად ხომ მოხვდა ამ სხეულში, ხომ სხვა სტეფანე იყო? ამ თვეში მასთან გატარებული ყოველი წუთი გამახსენდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იტყუებოდა, რადგან ის სტეფანე მე არც მცნობდა, უინტერესოდ მიყურებდა, უფროსწორად ზედ არ მიყურებდა. „ჩემი“ სტეფანე კი სიყვარულით სავსე მზერით შემცქეროდა, ასეთი სიყვარული არავისგან მიგრძვნია, ჩემს ცხოვრებაში. არ იყო აუცილებელი ფიზიკური შეხება, ვნება და მთელი ეს ორომტრიალი და დრამა, ეს გრძნობა უბრალოდ იყო, არსებობდა, ალბათ ასეც იყო ჩაფიქრებული და სადაც, ან რადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მაინც ასე უნდა მომხადირიყო, ყველგან მასე იქნებოდა, ყველა სამყაროში. ეს ცხადი იყო, ნათელი. მე უკვე გავიაზრე, რომ მის გარეშე აღარ მინდოდა ყოფნა. 31 დეკემბერიც მოვიდა, ოფისში წელს „სიქრეთ სანტაც“ დაგვავიწყდა, თუმცა საახალწლო ჟრიამული მაინც იყო. წინასწარი დამდეგის მოლოცვები და სურვილების გაცვლა, კომპანიის ხოტბა-დიდება. სტეფანე არ იყო მოსული, მის მდივანს, თამარას ვკითხე და გაეთავისუფლა დღესო, შემდეგ ჩუმად ჩამიჩურჩულა - სადღაც საახალწლო ფართიზე მიდის მგონიო, ისევ დაუბრუნდა ძველ ჩვევებსო. ვიფიქრე ამ ახალი წლის ღამეს, სანამ სადმე წავა, დავადგები. ამის დროც მოვიდა. საახალწლოდ გამოვეწყვე და ტაქსით, ფეერვერკების აკომპანიმენტით, გავეშურე მისი სახლისკენ. მანქანიდან რომ გადმოვედი, თეთრი ფანტელები ცვიოდა, თოვდა. თაუერსის ადმინისტრაციაში ვიკითხე, ხომ არ გასულა თქო, ახალი წელი მივულოცე იმ ღამის მორიგეებს. როგორც მითხრეს, სტეფანე არ გამოსულა დღის განმავლობაში. ავედი ლიფტით, მივადექი მისი ბინის კარს და დავაკაკუნე. გამიღო, სადღესასწაულოდ გამოწყობილიყო, ძალიან კარგად გამოყურებოდა, მოსიარულე დღესასწაული იყო, პირზე თავისი სარკასტული ღიმილით დამხვდა, ოდნავ კარი შეაღო, ზევიდან ქვემოთ ჩამომხედა და მომმართა:- ვაა ნინა, აქ რას აკეთებ? გილოცავ დამდეგს!- მადლობა, შენც გილოცავ... საქმე მაქვს შენთან.- მმ... ქვემოთ მელოდებიან და „ფართიზე“ მივდივართ, თუ გინდა შენც წამოდი ჩვენთან ერთად?- ვინ თქვენთან ერთად?- მე და მარიამი ვართ და თემოსთან მივდივართ, თავის სახლში აწყობს საახალწლო წვეულებას მთაწმინდაზე.- არა მადლობა... იმასაც არ ვიკითხავ მარიამი ვინაა, ან შენ ვინ ხარ... - წავიბუტბუტე ჩემთვის... მერე გავაგრძელე - სტეფანე, შენ კი იცი ვინ ხარ და რას წამოადგენ, კი, საქმეში კარგი ხარ და დაფასებული, ყველაფერში თითქმის იდეალური ხარ... - პირი გამიშრა... - დავჯდები ტახტზე შეიძლება?სტეფანე გაკვირვებული მიყურებდა, თან საათს უყურებდა და თან ვერ მიბედავდა გაგდებას, ეტყობა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემი გამოჩენა მიმსთვის. - ხოდა რას ვამბობდი: გიფიქრია, კარიერული მიღწევებისა და ქვედაბოლოების დევნის გარდა, ამ ცხოვრებაში სხვა რა გაგიკეთებია?.. კი, მე არ გიცნობ კარგად... მაგრამ?...- მაპატიე ნინა, ვერ ვხვდები რას გულისმობ და მოთმინებაც მეკარგება, უმაგრეს წვეულებაზე მივდივარ და მაცდენ, ქვემოთ მელოდებიან და ეს ღამე დაუვიწყარი უნდა იყოს -ამ სიტყვებზე შემაჟრჟოლა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. თუმცა თავი ხელში ავიყვანე.- კაი, კაი, უბრალოდ მიპასუხე, რამდენად ბედნიერი ხარ და რომ არაფერი გაკლია ამ ცხოვრებაში, აი გულწრფელად მითხარი, თვალებში შემომხედე!- ყველაფერი კარგადაა! კმაყოფილი ხარ? ახლა წამოდი... - თვალებში არც შემომხედა, ისე, გადაჭრით მიპასუხა და მიმითითა კარისკენ.- ნუთუ სულ ესაა? - არ ვნებდებოდი - ასე უნდა დასრულდეს? - დავიჯერო, მხოლოდმოჩვენებითი ნაპერწკალი იყო ჩემს ცხოვრებაში, თვალები ზევით აღვაპყრე, ნუთუ ეს დავიმსახურე? – „ის“ სტეფანე გაოგნებულიც იყო და უკვე ბრაზდებოდა, შევატყვე... - კარგი ერთი თხოვნა მაქვს მაშინ და თავს დაგანებებ, გპირდები! შენი ნაძვის ხის ვარსკვლავი მომეცი და ნათურებიც გამორთე. ოღონდ მე თვითონ მოვხსნი ნაძვის წვერიდან მაგ ვარსკვლავს! -განვაცხადე, თან ვხვდებოდი რა სიგიჟეს ვჩადიოდი. - კარგი რაც გინდა ის ქენი, ოღონდ დამანებე თავი და გამიშვი - გამომიტანა სკამი,დავდექი ამ სკამზე, ვთხოვე, რომ ნათურებთან მისულიყო და აენთო, მასეც გააკეთა და ისევ ერთდროულად მე მოვხსენი ვარსკვლავი, მერე ისევ დავაბრუნე ადგილას, მან კი აანთო ნათურები, ამ დროს ცოტა წავბორძიკდი, მაგრამ „ის“ სტეფანე არც გატოკებულა, იქიდან მკითხა - ხომ მშვიდობააო და მეც მერე, იატაკზე ჩამოსულმა ვუთხარი: - მადლობა... სამსახურში არავის მოუყვე ამის შესახებ, კარგი?... და ისე... - მთელი ჩემისხეულით შემოვუტრიალდი, მასთან ახლოს დავდექი და მივახალე ერთი ამოსუნთქვით:- მიყვარხარ სტეფანე და ალბათ მასე იყო და იქნება ყოველთვის!.. - თვალებში შევხედეთ ერთმანეთს. მცირე პაუზის შემდეგ, ჩაეცინა და მითხრა:- შენ კაი მთვრალი ყოფილხარ, არ მეგონა. კაი, არაფერს ვიტყვი სამსახურში, პირობას გაძლევ, წამო სახლამდე მიგიყვან, მგონი სოლოლაკისკენ ცხოვრობ შენც, არა?- კი... - ვუპასუხე და ბოლო იმედიც გადამეწურა... - კაი, ჩადი ქვემოთ და ჩამოვალ მე, ვარსკვლავი შეგიძლია დაიტოვო, გჩუქნი... უკვე 12 საათი ახლოვდებოდა, სახლთან რომ ჩამომსვა და თვითონ გაეშურა წვეულებისკენ, მარიამთან ერთად. მთელი გზა ფლირტაობდნენ და იცინოდნენ. მე ჩემს მახლობლად მდებარე სკვერში შემოვედი და ჩამოვჯექი სკამზე, გვერდით ვარსკვლავი დავდე. ვიფიქრე, ალბათ ნიშანი იყო ეს ყველაფერი, ან მომეჩვენა. აი, ახალი წელიც მოვიდა და ახალი დღე გათენდება, ახალი ცხოვრების ეტაპი. გული კი ძლიერ მტკიოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და უკანასკნელი შანსი გავუშვი ხელიდან.ვიგრძენი რომ ვიყინებოდი, 12-ს აკლდა 10 წუთი, შევვარდი სახლში, ცოტახანს გათბობასთან დავდექი, რომ გავმთბარიყავი. ვიფიქრე, კაი, შენახულ შამპანურს გავხსნი და ჩემს თავს მივულოცავ ახალ წელს. ტელევიზორიც ჩავრთე, მაგრამ ხმას დავუწიე. მალე საათები დაეხატა ეკრანზე და დაიწყო ათვლა. სურვილი ჩავიფიქრე, ავწიე ბოკალი და დავლიე შამპანური: გილოცავ ახალ წელს ნინა, არაუშავს, ყველაფერი დალაგდება, ახალი წელი, ახალი იმედი. მაგრამ თავს მეტს ვერ მოვატყუებდი, ჩამომეღვარა მწარე ცრემლები..უცბად გარედან შემომესმა ნაცნობი ჰანგები - ეს იყო Coldplay-ის Trouble, კრის მარტინის ხმა ჩამესმოდა და ვერ ვხვდებოდი საიდან მოდიოდა, ან რა ხდებოდა საერთოდ. კარზე კაკუნი გავიგე, შემეშინდა, მაგრამ მაინც მივედი და გავაღე. ვხედავ სტეფანე დგას ვარსკვლავით ხელში და მეუბნება:- ეს ჩემი ნაჩუქარი ვარსკვლავი გარეთ დაგრჩა. - შემდეგ მაგიდას დახედა და სახით მიმანიშნა: - ახალ წელს ხომ არ გამოტოვებდი, შამპანურის გარეშე! თუ შემომიშვებ, ამ ვარსკვლავსაც მოეძებნება ადგილი, უკეთესი, ვიდრე ჩემს ბერბიჭულ და ლაველასურ ბინაში - შემოვიდა, ვარსკვლავი მაგიდაზე დადო და მომიახლოვდა:- ნინა, არ მინდა მარტო ვიყო ახალ წელს და იმედია არც არასოდეს ვიქნები, ეს ისევ მე ვარ, შენ დამაბრუნე, შენმა სიტყვებმა. ამიერიდან მხოლოდ ერთად ვიქნებით, კარიერულ საფეხურებზეც ერთად ავალთ მარდად და ყველაფერი იქნება კარგად, რადგან ახალი წელია! გილოცავ ნინა, ჩვენს საერთო ახალ წელს სულ ყოველთვის მოგილოცავ, ყოველ ახალ წელს!- დაასრულე? - მოულოდნელად ვუთხარი, თვალებში ჩავხედე და კისერზე მოვხვიეხელები. სტეფანემ ამიტაცა ხელში, წელზე შემომეხვია, ძლიერ ჩამეხუტა და მაკოცა, ჯერ ძალიან ნაზად და შემდეგ უკვე ძლიერად. გული საოცრად ამიჩქარდა და რაღაც წამებში, თვალწინ გამირბინა ჩვენმა ცხოვრებამ, უფრო სწორად, ორივეს ერთდროულად გაგვირბინა, ყველაფერმა აბსოლუტურად, რასაც სტეფანე მიყვებოდა სხვა ცხოვრებაში თანაცხოვრებაზე: როგორ შევხვდით მწერალთა სახლში, Trouble-ის აკორდების აკომპანიმენტის ქვეშ, როგორ ვისერინეთ სოლოლაკიდან რუსთაველამდე, ვსაუბრობდით მუსიკაზე და ყველაფერზე. ბებოს სიკვდილის შემდეგ, როგორ მედგა მხარში, როგორ ვამხნევედი სამსახურის ამბებზე, ჩვენი საერთო დღესასწაულები, განსაკუთრებით ახალი წელი, ჩემი ტაბურეტზე დადგომის და ნაძვის ხის წვერზე ვარსკვლავის ჩამოცმის რიტუალი, განათებები... ყველაფერი ერთდროულად!... მე და სტეფანე დიდი ხანია ვიცნობდით ერთმანეთს, ამ ცხოვრებასა, თუ იმ ცხოვრებაში, ყოველთვის განუყრელები ვიქნებით! ესაა ნამდვილი ბედნიერება! დააფასეთ რაც გაქვთ, დააფასეთ სიყვარული, რაც გაგაჩნიათ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. არ დაკარგოთ თავი, გარისკეთ, იბრძოლეთ! ეძიეთ და დაიმსახურეთ თქვენ პირადი ბედნიერება, დაიჯერეთ სასწაულების, ეს ხომ ახალი წელია, ახალი იმედი - ახალი დასაწყისი! ანა მამაცაშვილი