ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კაცი კითხვის ნიშნით ეძებს კაცს ძახილის ნიშნით

კაცი კითხვის ნიშნით ეძებს კაცს ძახილის ნიშნით

                    კაცი კითხვის ნიშნით ნიშნით ეძებს კაცს ძახილის ნიშნით

თენდება. უკვე 8 საათია. ჩემი მაღვიძარაც ხმაურობს, თუმცა ამ ხმაურში მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ძილს. ძილბურანში ვარ, თბილად და კომფორტულად. ნეტავ, შაბათი დილა იყოს, ცხვირსაც არ გავყოფდი გარეთ. ყველაფერი უსიცოცხლო და ნაცრისფერია. ისევ ეს საზარელი ხმა... მაღვიძარას ხმისგან გაბეზრებული ზანტად ვდგები საწოლიდან და ფანჯრის, პატარა კუთხიდან ვხედავ როგორ თოვს. უჩვეულოდ თეთრი გარემოა. თბილისისთვის უჩვეულო.

დიდი ხანია ქალაქს თოვლი არ ახსოვს. სწრაფად გავემზადე, ჩემს "ლურჯას" უნდა შევხვდე. აი, ისიც მოვიდა. ავტობუსში ასვლისთანავე მახსენდება, რომ ჯერ ქალაქს შემოვუვლით და შემდეგ მივალთ დანიშნულების პუნქტამდეც. რატომ? - უწყინარი მიზეზის გამო. მთავარი გზა გადაკეტილია. "ლურჯათი" ვიწრო ქუჩებზე შევდივართ. ჯერ მარცხნივ უხვევს, შემდეგ კი- მარჯვნივ. ღმერთო ჩემო! თავბრუ დამეხვა. ფოკუსს ვასწორებ და ერთ ფინჯან ყავაზე ვფიქრობ. უცებ, ნახევრად ამოშენებულ, ნაცრისფერ კედელზე წარწერას ვკითხულობ. შავად წერია: „კაცი კითხვის ნიშნით, ეძებს ადამიანს ძახილის ნიშნით". ეს როგორ? „კაცი კითხვის ნიშნით, ეძებს ადამიანს ძახილის ნიშნით"-ო. ახლა კიდევ უფრო დაბნეული და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. მგონი, ჩემი ახალი მოთხრობის გასაღები ვიპოვე!

და მაშინ , როცა უჩვეულო ფიქრთა სვლას სხვადასხვა სიუჟეტებამდე მივყავარ, ბაც და უკვე ქალაქის მთავარ ქუჩაზეც მივსრიალებ. კარგით რა! მომიწევს დროებით ისევ რეალურ სამყაროში დავბრუნდე.

ოფისში მისვლისთანავე, თავგზააბნეული სამზარეულოში შევდივარ. ჩემს ღია ვარდისფერ, წეროებმოხატულ ჭიქაში „დილის ნუგეშს“ ვისხამ და, არა, ასე უფრო სჯობს, უფრო ჟღერადია: „კაცი კითხვის ნიშნით ეძებს, კაცს ძახილის ნიშნით". ცოტა დავმშვიდდი. თუმცა ეს ფრაზა ჩემთვის იმდენად მრავალმხრივია, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო მასზე წერა. კითხვები და პასუხები, ან ვერ დასმული შეკითხვები და პასუხგაუცემელი კითხვები. ვინ იცის?!

სამზარეულოს განათება თვალს მჭრის, თუმცა იქვე სკამზე ვკალათდები და ყავის დიდ ყლუპს ვსვამ. ნამდვილად მაცოცხლებელი ძალა აქვს. უცნაურია, ოფისის მოფუსფუსე ხმებში სიმშვიდე ვიპოვე. ისევ ვიწრო ქუჩებზე, ზამთრის სუსხიან საღამოსა და ქუჩის ყვითელ, მბჟუტავ განათებებზე მეფიქრება. აქა- იქ სახლის სახურავებზე ლოლუებიც კია შემორჩენილი. სადღაც შორიდან ძაღლების ყეფის ხმა ისმის. თითქოს ერთმანეს ელაპარაკებიან და პოულობენ კიდეც. ქუჩის ბოლოდან აჩქარებული ნაბიჯების და ხელჯოხის კაკუნის ხმა ისმის. ნეტავ ვინ არის და სად ეჩქარება. უჩვეულოდ გამოიყურება. დღევანდელობისთვის უჩვეულოდ. ისეთ კაცს ჰგავს, პასუხები რომ უნდა ჰქონდეს. ალბათ 50-60 წლის იქნება. სწრაფად დადის და ყველაფერს აკვირდება. თვალებს საოცარი სისწრაფით, გაფაციცებით ამოძრავებს და თითოეულ სახლს, ბილიკს, ხეს, მოკლედ ყველაფერს აკვირდება... მინდა მივუახლოვდე და ვკითხო, დახმარება ხომ არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელობისთვის იმდენად უჩვეულო ვინმე სჩანს, რომ გადავიფიქრე. მაინტერესებს რას ან ვის ეძებს. საკუთარ სამყაროსა და ფიქრებში მყოფმა არა მგონია შემამჩნიოს. შავი ან ნაცრისფერი სმოკინგი აცვია, ბაფთის გარეშე. (ზედმეტად გადაპრანჭული იქნებოდა). ცილინდრისებური ქუდი ახურავს, შავი ხელთათმანები და გაპრიალებული ფეხსაცმელები. ნეტავ სად მიდის? უცებ ჩერდება. რამდენიმე რესტორანს თვალი მოავლო და მოულოდნელად ქუჩის მეორე მხარეს ბარში შევიდა. ნუთუ ამას ეძებდა. მწერლების ბარი - ასე ჰქვია. ეს კაცი კიდევ უფრო მეტად მაკვირვებს. მეც ჩემს ფიქრებში ფეხდაფეხ მივყვები. ბარის ერთ პატარა კუთხეში ვკალათდები და მიმტანიც მოდის თავისი კითხვებით.

სანამ რამეს მკითხავს, მალევე ვეუბნები: - ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ყურადღება ბარის მაგიდისკენ გადამაქვს. მგონი მისთვის ჩვეული და ნაცნობი გარემოა. სწრაფად მოშინაურდა და ბარმენსაც გაუჩერებლად ესაუბრება. ცოტა არ იყოს, აქ ყოფნა, უკვე, მომბეზრდა. არა, უფრო სწორად საკუთარ თავზე ვბრაზდები - ნეტავ სად მივყვებოდი. კარისკენ წასვლა დავაპირე თუ არა, უკვე თავად აღებდა კარს და ისევ ქუჩაში ბრუნდებოდა. მეც დაუფიქრებლად უკან გავყევი და ვხედავ ქუჩის მეორე მხარეს, ნახევრად ამოშენებულ კედელთან დგას. ნახევრად სიბნელეშიც კი ჩანს მისი ავისმომასწავლებელი სახე. ხელჯოხი აღარც კი ახსოვს. მომნუსხველი გარემოა, თუმცა ვგრძნობ, როგორ იწყებენ ჭიანჭველები ჩემი სხეულის დამორჩილებას და ყელში ბურთი მეჩხირება. არა, აქედან წასვლა მინდა. უკან უხმოდ ვტრიალდები და სიბნელეში ცივი, გამყინავი ხმა მესმის:

- ახლა მიდიხარ?! როცა უკვე იპოვე! მაგრამ არა, შენ კი არა მე ვიპოვე. ისევ! ნუთუ ვინმემ მაინც არ გითხრა, რომ უკან ადევნება არ შეიძლება! სად მიდიხარ რომ მიდიხარ?!

ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ირგვლივ არავინ არის და ჩემი ხმაც დადუმდა. გავშეშდი და ვეღარაფერს ვამბობდი.

- შენ გელაპაარკები. ლაპარაკი დაგავიწყდა, თუ რა ხდება? კითხვები ყველას აქვს, პასუხები კი ნაკლებად ან საერთოდ არა აქვთ.

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მხრებში გავიმართე და მართლაც, რას მივყვებოდი უკან მაგრამ ახლა უკვე გვიანია. როგორც იქნა ამოვილუღლუღე:

- გამარჯობა , ვიფიქრე დახმარება გჭირდებოდათ და ამიტომ გამოგყვევით. (ამაზე საცოდაობას ვერც მოიფიქრებდა კაცი)

უცნობს გაეღიმა და ჩემთვის მოულოდნელად მეუბნება:

- მართალია, ადრე, წლების წინ დახმარება ნამდვილად მჭირდებოდა. ბევრი კითხვა იყო რომელზეც პასუხები არ მქონდა და ბევრიც ბლა- ბლა -ბლა... ახლა, 30 წლის შემდეგ კი ვიპოვე. იცი ,ზოგი საერთოდ ვერ პოულობს...

სრულიად დაბნეული მის წინაშე ვდგავარ და მინდა, ამ ქუჩიდან ავორთქლდე, მაგრამ...

- ნუ გეშინია, მომიახლოვდი რაღაც მინდა გაჩვენო. ეს კედელი ნაცრისფერი კი არის, მაგრამ ბევრი რამის გაგება ან დაფიქრება შეიძლება.

თითქოს, ჰიპნოზის ქვეშ ვარ. აუჩქარებლად მივდივარ და ვუყურებ, კედელზე წარწერაა.

- ხმამაღლა წაიკითხე!

- კარგი, ( თითქოს წინააღმდეგობის გაწევას რაიმე აზრი ჰქონდეს) აქ წერია: „კაცი კითხვის ნიშნით ეძებს ადამიანს ძახილის ნიშნით"

- დამაბნეველია, არა?!

- კი, საკმაოდ. თან ცოტა უცნაურიც, მაგრამ საინტერესო. მგონი ასე უფრო უკეთესია: კაცი კითხვის ნიშნით ეძებს კაცს ძახილის ნიშნით.

გაეღიმა. მისი თვალები ჰორიზონტს მიღმა იყო. რამდენიმე წამის შემდეგ კი შემომხედა და გამომცდელი მზერით მიყურებდა. ისე თითქოს, შენივე სხეულიდან შენივე ფიქრების წაკითხვა უნდათო და დაიწყო: - წლების წინ 30 წლის წინ ამ აქალაქში ჩამოვედი. მაშინ ალბათ 25 წლის ვიქნებოდი. ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში დავხეტიალობდი.... ამას საკუთარი თავის ძიებას ვეძახდი. ხან სად ვიძინებდი, ხან სად... ხან ვჭამდი, უფრო ხშირად კი მშიერი ვიძინებდი. მორიგი ხეტიალის დროს ეს წარწერა ვიპოვე. ხშირად მოვდიოდი აქ. ამ უბანს ვერ ვშორდებოდი და პასუხებს ვეძებდი. მეც არ ვიცი, რომელ კითხვებზე ან ვისთვის უნდა მეკითხა, მაგრამ იცი, ცხოვრებამ რა მასწავლა?

- რა გასწავლათ? მომლოდინები თვალებით შევყურებ და ის ისევ ჩუმადაა. ცნობისმოყვარეობისგან უკვე მზად ვარ ვიყვირო და მეუბნება:

- არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი შენ თავად არ გექნება. ყველაფერი ჩვენ შიგნით იხარშება. საკუთარ თავზე უკეთ სხვა ვერასდროს გაგიცნობს. საკუთარი ფსკერი შენ იცი და ისიც იცი, როგორ დააღწიო თავი . მთავარი სურვილია. შესაძლოა, სხვას დახმარება ან გამოცდილების გაზიარება სთხოვო, რჩევა ჰკითხო , მაგრამ ერთსა და იმავე კითხვას სხვადასხვა პასუხი აქვს. პასუხები კი იქედან მოდის, რა ღირებულებებზეც დგახარ. გაიგე, რას გეუბნები?!

 და, მოულოდნელად, ზურგს უკან ვიღაცის ხელს ვგრძნობ.

- მარუს, მარუს, ხომ კარგად ხარ? უკვე 10 წუთია ასე უმოძრაოდ ზიხარ და თითქოს აქ არ ხარ.

- არა, კი კარგად ვარ უბრალოდ... შეხვედრა დღეს 11-ზე არის ხომ?

- იყო, მაგრამ გადაიდო, ხვალ იქნებაო. კარგი, რაკი კარგად ხარ, ლანჩზე გნახავ.

- ჰმ, დროებით.


P.S ნეტავ, რა უნდა ერქვას იმ კაცს ჩემს ფიქრებში, ცილინდირესუბური ქუდით რომ გამომეცხადა? მართლაც აქვს კითხვებზე პასუხები? ვინ იცის?! დროა მიწიერ სამყაროსა და ოფისი საქმეებს დავუბრუნდე.