ჩვენ მოგვატყუეს!ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ
ჩვენ მოგვატყუეს!ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ
ჩვენ მოგვატყუეს! ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ
მინიატურები ავტორისგან.
ათას ცხრაას თვრამეტს დავუმატოთ ასოთხი
ხალხი ჩემს ირგვლივ არის, როგორც პირველად, როგორც ყოველთვის. მაგრამ მე მაინც ვერ ვუგებ მათ. არ შემიძლია. ეს ფიქრი, ეს ფიქრები მკლავს, და ვერ ვხვდები რა გავაკეთო. ზედაპირული! ყოველთვის მინდოდა რომ ზედაპირული ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც ყველაფერს ვამჩნევ და ყველაფერი გულთან მიმაქვს ახლოს, და მწყინს. მწყინს, რომ ძვირფასი მომენტები მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ არ დავაფასე, უფრო სწორად ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ სათანადოდ მაინც ვერასდროს. ნეტა რა მოხდებოდა სხვა სამყაროში, რომ მეცხოვრა, სადაც უკეთესი მომავლის შანსი მექნებოდა, მაგრამ ვერ ვბედავ, ან უფრო სწორი იქნება ვთქვა, რომ ძალიან მინდა, და თან მეშინია. ალბათ ზოგი მეტყვის, მაშინ დალპი შენს ქვეყანასთან ერთად, და არ უზრუნველყო კარგი ცხოვრებით საკუთარი თავი და შენი შთამომავლები, მაშინ არ იწუწუნო, როცა შენი შვილები ისე შემოგხედავენ, რომ მათ თვალებში შენს მიმართ ბრაზი და ზიზღი დაინახო. თავი უსარგებლოდ იგრძნო და ბოლოს მოკვდე, მოკვდე ისე, რომ დატანჯო ყველა, ვინც აქ დატოვე და გაიმეტე ცხოვრებისთვის შენს გარეშე. ისინი დაიტანჯებიან ამის გამო, რადგან თურმე მათ სიკვდილამდე უყვარდი, და ეს შენც იცოდი სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც გეცოდინება.
გვერდით ბებიაჩემი საწოლზე წევს. სძინავს. დაიღალა ყოველდღე ქუჩაში ყვავილების გაყიდვით. ის ერთადერთია, რომელიც ოჯახის წევრებიდან შემომრჩა. ჩემს გამო ყოველ დღე დილიდან საღამომდე ქუჩაში ზის და წითელ ვარდებს და ყაყაჩოებს ყიდის.
ალბათ სადღაც, რომელიმე სხვა სამყაროში მე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, ყველა ბედნიერი და ცოცხალია. და მე არ მეშინია ხვალინდელი დღის, და მე ვუყურებ მათ და არ ვთხოვ, რომ არ დაიძინონ, რადგან მგონია, რომ აღარ გაიღვიძებენ. არ ვამოწმებ ძილის დროს სუნთქავენ თუ არა. და არ ვფიქრობ დღეს ხომ არ დაიგვიანებენ სამსახურის შემდეგ. ალბათ ასეთი რეალობა, რომ არსებობდეს, სხვანაირ საქართველოში უნდა მეცხოვრა. ბევრი რამე დამითმია ჩემს ცხოვრებაში, რაც ჩემს ხასიათში არ მომწონდა, ამას გაზრდას ვეძახი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ეს აზრია - რა მოხდებოდა. რა მოხდებოდა, რომ სხვანაირ საქართველოში მეცხოვრა, რა მოხდებოდა, რომ რაც მოხდა არ მომხდარიყო, რა მოხდებოდა, რომ დროზე მესწავლა, რა მოხდებოდა... წარსულს მივტირი. არ ვიცი ეს სისუსტეა, თუ რამანტიკოსობა. მაგრამ მგონია, ყველაზე უფრო საბრალო არსება ვარ, რომელიც საკუთარ თავს თავად აკნინებს და წარსულად აქცევს ყოველ შესაძლებლობას.
ბებიამ გაიღვიძა, როგორც ყოველთვის მკვდარი თვალებით მიყურებს, ან რა უნდა გაუხარდეს, როცა მეც მკვდარი თვალებით ვუყურებ. ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება კი არა სუნთქვა ქვია.
- ბებო, - ვეძახი დაღლილი ხმით - ჩაი გავაკეთე შენთვის, კვერცხი შეგიწვი, ერთად ვისაუზმოთ და ერთად გავიდეთ სახლიდან - ვეუბნები უკვე დაზეპირებულ სიტყვებს.
- კიტა, შვილო არ დაგაგვიანდეს უნივერსიტეტში, მე მარტო წავალ - ისიც მეუბნება უკვე დაზეპირებულ სიტყვებს.
ყველას ჩვენს ტკივილთან გვინდა დარჩენა, მარტოს. თუნდაც ოჯახის წევრი იყოს, ვერ გამოვხატავთ საკუთარ ემოციებს სხვასთან. თუნდაც ერთ პატარა მაგიდასთან ვიყოთ ორივე, თუნდაც ხმას არ ვიღებდეთ და ერთმანეთის ტკივილით არ ვამძიმებდეთ ისედაც დამძიმებულ გულს, ჩვენ მაინც ვგრძნობთ, რომ მე ბებიას ვკლავ, ის კი მე მკლავს. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვიყვარს, მაგრამ მაინც პოეტურია! ვკლავთ იმას, ვისი სიცოცხლეც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის.
- ბე - ვუთხარი აკანკალებული ხმით ბებოს.
- გისმენ ბებო - მითხრა მან, ისე, რომ ჩემსკენ არ შემოუხედავს.
- მიყვარხარ - დუმილის შემდეგ ძლივს ვუთხარი.
მან ჭამა შეწყვიტა, სახეზე მომაშტერდა, თვალებში დამდგარი ცრემლები შევნიშნე, რომლებიც არ გადმოცვინდა, და რომელიც თვალებშივე გაშრა.
- კიტა, მეც მიყვარხარ შვილო.
,,სიყვარული“, ,,მიყვარხარ“ იმდენად ძვირფასი სიტყვებია, რომ არ მახასიათებს მათი ხშირად გამოყენება. და როცა ვამბობ, იმდენად ხელოვნურია, რომ მისი გამოთქმა ლამაზად არ გამომდის.
მამაჩემი კი, ისე ლამაზად, მთელი სინაზით, მთელი გულით მეტყოდა პატარა ბიჭს ამ სიტყვას, რომ სულ ვეხუტებოდი, და სულ მჯეროდა მისი ამ სიტყვის.
ზოგჯერ ვფიქრობ, რით ვიყავი ასეთი გამორჩეული, რომ ღმერთმა ჩემს მამად ასეთი იდეალური ადამიანი მარგუნა, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მადლობელი ვარ.
ეს ჩემი ფიქრებია, ბებო კი რას ფიქრობს, არ ვიცი. ზოგჯერ მგონია, ერთმანეთს რომ დაველაპარაკოთ ამ საკითხზე უკეთესი იქნება, მაგრამ არ შემიძლია. ზედმეტად ცუდად ვარ იმისთვის, რომ კარგად ყოფნაზე ვიფიქრო.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ნიჰილიზმი საბჭოთა კავშირის გამო გვაქვს ქართველებს. მძულს ეს რევოლუცია, რომელმაც ჰომოსოვეტიკუსებად აქცია ქართველი ხალხი. მგონია, რომ არა საბჭოთა კავშირი, ჩვენ ასი წლის წინ გავივლიდით იმ გზას, რომელსაც ახლა გავდივართ. აი კიდევ - ,,რა მოხდებოდა“. რა მოხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი არ შექმნილიყო, რა მოხდებოდა, რომ სტალინს არა სტალინი, არამედ ფოლადი რქმეოდა, რა მოხდებოდა, რომ მეორე მსოფლიო ომში არა საბჭოთა კავშირს, არამედ საქართველოს გაემარჯვა, და ამ მოსაზრების დაშვება არც იქნებოდა სასაცილო, თუ სტალინი ჩვენს მხარეს იქნებოდა, თუ ემახსოვრებოდა ,,ვისი გორისა არის“.
,,ხემ თქვა: ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო.“
მე და ბებო ერთად გავედით პატარა ბინიდან, ავტობუსი მოვიდა. ავტობუსი წავიდა. როგორც ყოველთვის მთელი ავტობუსი გადაჭედილი იყო. როგორც ყოველთვის ადამიანებს სახეზე არაფერი ეწერათ, მხოლოდ ერთ წერტილს მისშტერებოდნენ. როგორც მანქანები, როგორც ერთ კონკრეტულ საქმეზე მომართული რობოტები, იყურებოდნენ წინ, ელოდნენ თავიანთ გაჩერებას, რომ ასეთივე მექანიკური მოძრაობით წასულიყვნენ სამსახურში, მექანიკურად ემუშავათ. და მექანიკურად დაბრუნებულიყვნენ სახლში, რათა მეორე დღეც ზუსტად ისეთივე ყოფილიყო. არ იხედებოდნენ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, თითქოს განზრახ, რათა ჩემი საბრალო ბებო არ დაენახათ, რომელიც ერთ უზარმაზარ კაცს ლამის დაეფარა, ყვავილების პატარა ქოთანს ძლივს იკავებდა პატარა ხელით, მეორე კი სკამზე ქონდა მოჭიდებული. მე ის დავკარგე ამდენ ხალხში, ავტობუსი პატარა იყო, მაგრამ ხალხი ბევრი. არავის უნდოდა ადამიანობის გამოჩენა, ყველა სასტიკი იყო, თავის სიმართლეში დარწმუნებული, რომ ეს ადგილი მისია, ამ ადგილში მან გადაიხადა.
ნახევარ საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ბებო ჩამოვიდა, მე დანარჩენი შეკვრა მივეცი წითელი მიხაკების და ვარდების, ისედაც დამძიმებულ სხეულს უფრო დიდი შეკვრა დაემატა და მძიმე ნაბიჯით ბებო თავისი ადგილისკენ წავიდა.
ჩემი საბრალო ბებო, ჩემი საბრალო ცხოვრება. 15 წლამდე არაფერი მქონდა საწუწუნო, არაფერი გვაკლდა არც მე, არც ბებოს, არც დედას. მამა ექიმი იყო, მაგრამ როცა 15 წლის გავხვდი, მე და ბებო მარტო დავრჩით დიდ, უზარმაზარ ბინაში. რომელიც შემდეგ მამაჩემის ვალების გამო გავყიდეთ, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით. ჯერ შედარებით კარგ ბინაში გადავედით, მერე ნაკლებად კარგში და დღეს აქ ვართ.
მეც მივაღწიე მექანიკური მოძრაობით ჩემი დანიშნულების ადგილს, უნივერსიტეტს.
შესასვლელში ნუცა და გიორგი დავინახე.
- კიტა სალამი, გუშინ ლექციებს რატომ არ დაესწარი? - მეკითხება ნუცა.
- შენ რა გაინტერესებს, - საყვედურივით გამოუვიდა გიოს, მერე მე მომიბრუნდა - დღეს ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად? - სანდრომ დაგვპატიჟა თავის ახალ ბინაში, მერე ჩემთან გადავიდეთ. - მეუბნება აჟიტირებული გიო.
მე თავის არიდებას ვცდილობ - ისა, არ ვიცი.. კვირებია არ ვმეცადინეობ, გამოცდებამდე უნდა მოვასწრო... რამენაირად სხვა დროს იყოს... - და სწრაფად ვშორდები.
- კიტა, სულ ასე რატომ იქცევი - დამადევნა სიტყვა ნუცამ. - ერთ დღესაც დაუპატიჟებლად მოვალთ შენთან იცოდე!
მე შევჩერდი.
ჩემთან ახლოს მოვიდა გიო და ჩუმი, სერიოზული ტონით მკითხა - ეს კვირებია სად ხარ, შენზე რატომ არაფერს გვეუბნები. იმიტომ დავვახლოვდით ჩემდაგასაკვირად, რომ ალალი, ერთგული მეგობარი ხარ, მაგრამ მართლა მაკვირვებ ხოლმე.
მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გვერდი ავუარე და ჩემს გზაზე წავედი. როგორ მეთქვა, რომ ეს კვირები მშენებლობაზე ვმუშაობდი მუშად, როგორ მეთქვა, რომ ამდენი ხანი იმიტომ ვერ შევეხმიანე რომ ფული არ მქონდა, თუნდაც ტელეფონზე დარეკვისთვის. როგორ მეთქვა, რომ უმაგრესი ბინიდან, სარდაფში ვცხოვრობთ და რომ ჩემს გამო, ორი კაპიკი რომ იშოვოს ბებომ, ასე იწამებს თავს, და მე, ერთდროს ამაყი ბიჭი, ვერ ვეხმარები მას ვერაფერში, ვერ ვუქმნი მას ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს, და რომ მე ნელ-ნელა ჩემს ბებიასთან ერთად ვკვდები.
ლექციებს დავესწარი, ღმერთს მადლობა გამგები ლექტორები მყავს, თორემ ყველა საგანში ჩავიჭრებოდი. მაგრამ მეცინება - რატომ დავდივარ უნივერსიტეტში, როცა არაფერი მაინტერესებს, რატომ ვღელავ რას დამიწერენ, როცა არ ვიბრძვი რაღაც მიზნისთვის.
კარგად ვსწავლობ, მაგრამ რა აზრი აქვს. საკუთარი შესაძლებლობების არ მჯერა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ხვალიდან მეორე სამსახურში გავდივარ, სადაც ასევე მძიმე ფიზიკური შრომა მომიწევს და მერე ღამით უნდა ვიმეცადინო, რამენაირად.
როცა დაძინებას ვაპირებდი, ბებო შემოვიდა ჩემს ოთახში, საწოლზე ჩამოჯდა და მოულოდნელად საუბარი დაიწყო, რაც არ ახასიათებდა მას: კიტა, ისე ვცხოვრობდი, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბოლოს ასე დავასრულებდი, ვიცი ჩემი ფულით ვერაფერში გეხმარები, მაგრამ არ მინდა გამოუსადეგარ ადამიანად მიმიჩნიო, უფუნქციო ადამიანად, და ჩემი დანახვა აღარ მოგინდეს. ალბათ მაინც ჩემი ზედმეტი სიამაყის ბრალია, შენთვის ბოდიშის მოხდაც, რომ არ შემიძლია ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რაც წარსულში ხელიდან ჩვენი დაუდევრობის გამო გავუშვით. ამ ცხოვრებისთვის მზად არ ვიყავით, არც ველოდით და შესაბამისი რეალობაც დაგვიდგა. ბევრი ფული გვქონდა, რომელიც გავანიავეთ, განიავება ქვია ჩვენს საქციელს, რადგან ნაყოფიერად, შენც ხედავ, რომ არ გამოგვიყენებია. ყოველდღე, როდესაც გიყურებ, თავი მაინც ცივად მიჭირავს, მაგრამ შინაგანად მაინც ვხვდები, რომ სწორად არ მოვქცეულვარ. თუმცა ჩემი სიცივისა, იცი რომ მთელს სამყაროს და საკუთარ თავს მირჩევნიხარ, ყველაფერს მირჩევნიხარ ჩემო ერთადერთო შვილო, და მაპატიე, რომ გტოვებ და გაცლი შენს სულიერ მეგობარს, რომელმაც შენი შინაგანი ტკივილის შესახებ ყველაზე უკეთ იცის.
ბებო გასვლას აპირებდა, როდესაც ჩემსკენ ბოლოჯერ შემობრუნდა და მითხრა: დღეს უკანასკნელი ვარდები გავყიდე, ვიღაც გზააბნეულმა ბიჭმა იყიდა და შენც წარმატებები გისურვა.
როცა თვალები გავახილე, ბებო იქ აღარ იყო, თუმცა მაინც ვგრძნობდი მის სითბოს ჩემს ირგვლივ. ვიფიქრე, უკვე თავის ოთახში იქნებოდა...
- ალბათ სადღაც, რომელიმე სხვა სამყაროში მე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, ყველა ბედნიერი და ცოცხალია. და მე არ მეშინია ხვალინდელი დღის, და მე ვუყურებ მათ და არ ვთხოვ, რომ არ დაიძინონ, რადგან მგონია, რომ აღარ გაიღვიძებენ. არ ვამოწმებ ძილის დროს სუნთქავენ თუ არა. და არ ვფიქრობ დღეს ხომ არ დაიგვიანებენ სამსახურის შემდეგ.
ამნეზიიდან გამოსვლის უშედეგო მცდელობა
ჰერქან გუნეში, ართვინის ზღვისპირა ნაწილში ცხელ მზეს ეფიცხება, და ცივ ყავს მიირთმევს.
ის თავისი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია, ზაფხულში თავის ოჯახთან ერთად აქ ისვენებს ხოლმე, და თავის შვილებს იმ ზღაპრებს ასწავლის დიდ სულთან სულეიმანზე, მთელი ოსმალეთის უძლიერეს მეთაურზე, რომელიც მას თავისმა მამამ ასწავლა.
მის ზღაპრულ ცხოვრებას ერთი მინუსი აქვს, რომელიც ძილის წინ არ ასვენებს ხოლმე. ეს არის გაურკვეველი სიზმრები, გაურკვეველი სახეები და სახელები. ამ სახეებიდან და სახელებიდან მისთვის მხოლოდ თავისი ბაბუის სახეა ცნობილი. მის სიზმრებში, თავის ბაბუასთან ერთად, უცხო ადამიანები მოდიან ხოლმე, და რაღაც გაურკვეველ ისტორიებს უყვებიან.
სიზმარში ის და ბაბუა, ყოველთვის თავიანთი სოფლის სახლთან, მდინარესთან ახლოს, მდელოზე სხდებიან ხოლმე. ბაბუას თან ყოველთვის მოჰყვება, მრავალი უცხო ადამიანი, რომელთა სახეები და სახელები ჰერქანისათვის უცხოა ხოლმე.
ბაბუა სიზმარში ყოველთვის საყვედურობს.
,,რატომ გეძახიან სხვა სახელს, მე ხომ შენ დათიკოს გეძახდი ბავშვობაში, რატომ დაივიწყე, ჩვენებურად ქართულად, რომ გამღერებდი და ფანდურზე დაკვრას გასწავლიდი, რატომ დაივიწყე, რატომ გადააგდე ნაგავში ის პატარა ფანდური, რომელიც გთხოვე, რომ როგორც საკუთარი თავი, ისე შეგეყვარებინა. რატომ დაუჯერე, როდესაც დედამ დამალული პატარა ნივთი ყელიდან მოგგლიჯა და სახლის სხვენში გამოკეტა. მე ვიცი, რომ ცოტა ხანი მაინც ეძებდი ამ ნივთს, მაგრამ დრომ თავისი ქნა და შენ მისი ძებნა შეწყვიტე, აღარც კი გახსოვს, რა მოგგლიჯა ყელიდან დედამ და რა გამოგიკეტა სხვენში.
ყოველ ღამით ძილის დროს, როცა მამაშენი სულეიმანზე ზღაპრების მოყოლას შეწყვეტდა, აღარ გახსოვს? თავს მოიმძინარებდი, რომ წასულიყო, რადგან მე მელოდებოდი. გინდოდა შენს ნამდვილ, დიდ მეფეებზე გაგეგო ისტორიები, დავითზე, თამარზე, ფარნავაზზე, რომელმაც ანბანი შეგვიქმნა ქართველებს, და წინ წაგვწია, სანამ სულეიმანის წინაპრები, მამის მხრიდან, მონღოლეთის მდელოებზე ძროხებს აბალახებდნენ, ან გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ.
ისევ, ჩვენი ხალხის ტირანული ამბიციების ბრალია, ასე, რომ მოგვგლიჯეს ჩვენს სამშობლოს და შენც, რომ დღეს ჰერქანს გეძახიან, და არა დათიკოს, ჩემო შვილო.
ჰერქანი მომღიმარ უცხო სახეებს მისჩერებოდა, რომლებიც სიყვარულით და სინანულით უმზერდნენ მას. - ბაბუ, რა იყო ის ნივთი? რაც დედამ სხვენში გამომიკეტა?
ბაბუას არ ესმის მისი შვილიშვილი რას ეუბნება, მდინარის პირას, პატარა მდელოზე ერთად ზიან, მაგრამ ბაბუას მაინც არ ესმის, რას ეკითხება თავისი შვილიშვილი.
სიზმარში ჰერქანი, ისევ გამწარებით ცდილობს, მიახვედროს, რას ეკითხება ის ბაბუას, მაგრამ უშედეგოა, ეს ყველაფერი უშედეგოა. ბაბუა სხვა უცხო სახეებთან ერთად, სადღაც ქრება.“
ერთ წელზე მეტია, რაც ასეთი გაურკვევლი სიზმრები ესიზმრება ხოლმე და უფრთხობს ღამის მშვიდ ძილს. მის სიზმრებში მთავარი ყოველთვის ბაბუაა, რომელსაც ძალიან ბევრი უცხო ადამიანი, უცხო სახელებით მოჰყვება ხოლმე.
გაღვიძებისას, ბაბუის მონათხრობის უმეტესი ნაწილი ყოველთვის ავიწყდება ხოლმე. ცდილობს გაიხსენოს, გაიხსენოს, რას ეუბნებოდა ბაბუა, ვიღაც მეფეებზე და სულეიმანის წინაპრებზე, მამის მხრიდან, მაგრამ მისი მცდელობები უშედეგოა.
ჰერქანის გულსა და სულში, ისევე როგორც მრავალ მის მსგავსთა რეალობაში, 5 საუკუნოვან ამნეზიას დაუმკვიდრებია ადგილი. რომელიც სარეველა ბალახივით შემოხვევია მათ ცნობიერებას, და არ აძლევს სხვენში ასვლის შესაძლებლობას.
სუროგატი დედების ქვეყანა
ქალაქის ყველაზე იღბლიანი ქალბატონები დღეს ჩაის ერთად მიირთმევენ და თავიანთი შვილების ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებაზე საუბრობენ. მთელი ქალაქი მათ იღბლიანებად მოიხსენიებს და შურის თვალით უყურებს. რადგან ოთხი ქალბატონიდან, ერთი გერმანელზეა დაქორწინებული, მეორე თურქზე, ხოლო მესამე რუსზე. მეოთხე ქალბატონი კი ბედნიერია, რადგან მისი შვილი მალე საფრანგეთში დაბრუნდება.
მიმტანმა მათ ჩაის ფინჯნები და დესერტი მიუტანა.
- მადლობთ.
მიმტანი წავიდა.
- იცით, ჩემი შვილი დღეს საფრანგეთში ბრუნდება, ძლივს დაანება თავი ვიღაც აქაურ გოგოს, თავიდანვე ვიცოდი, რომ ბექა მასთან ვერ გაჩერდებოდა, ერთმანეთის საერთოდ არ ესმოდათ, სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ყოველთვის ვეუბნებოდი, და როგორც იქნა თავადაც გაიგო.
- ძალიან კარგი, გამოდის, რომ ერთად წავლენ ჩვენი შვილები საფრანგეთში - გაუხარდა ერთ-ერთ ქალბატონს. - საფრანგეთიდან ჩემი გოგო სახლში მიემგზავრება.
- დღეს კიდევ ჩემი შვილი სახლიდან გამოემგზავრა, იქ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, აქ ვიზიტით ერთ თვეს დაჰყოფს, აქაურობაც ხომ მის სახლად უნდა ჩაითვალოს. დაგვიჯერა, ბათუმში ულამაზესი გოგო გაიცნო, შეუყვარდა და მალე დაქორწინდებიან.
- ნეტა ჩემი შვილი როდის დაბრუნდება თავისი მოგზაურობიდან, ყოველთვის მეუბნება დღეს, ხვალ, დღეს, მგონი აღარც ვახსოვარ. თავისი ერთ-ერთი რესტორნის გვერდით ბავშვებისთვის თავშესაფარი გახსნა, ხომ იცი რუსეთში რამდენი ბავშვი არის ოჯახის გარეშე, როგორ მეცოდებიან, კარგ საქმეს აკეთებს ჩემი შვილი, უნდა, რომ თავის სამშობლოს გამოადგეს. ძალიან კი მენატრება, მაგრამ ნახე რა კარგი სამკაული გამომიგზავნა, გთხოვ მაპატიე, მე ვერ ჩამოვდივარ, მაგრამ სანაცვლოდ ეს ატარეო.
ოთხივე დედა მისჩერებოდა დიდ თვლიან და ბრწყინვალე ყელსაბამს, რომელიც ამშვენებდა მათ, როგორც დამსახურებული საფასური - გაყიდული და დაკარგული თაობისათვის.
თუმცა მათ პასუხი როგორ უნდა მოვთხოვოთ - საქართველოს ისტორია, ლამის დასაბამიდან, ხომ სუროგატი დედების ისტორიაა, რომლებიც სხვა ქვეყნის აღმშენებლობისათვის აჩენენ შვილებს, და საქართველოც სუროგატი დედების ქვეყანად არის ჩასათვლელი.
ოცდამეერთე საუკუნის მეორე ნახევარი
როდესაც თურქეთის არმია, 2053 წელს, ბათუმში შეიჭრა, მაინც ვერ ვიგებ, რად უნდოდათ ძალის გამოყენება. რიცხვები, რომ ძალიან გავაბუქოთ, ალბათ მიზნის მისაღწევად, თურქეთის მთავრობას კიდევ 30 წელზე მეტი ნამდვილად არ დასჭირდებოდა, რადგან ნიადაგის მომზადება პროპაგანდისტული მანქანებით, უკვე ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლებიდან ჰქონდათ დაწყებული, და კიდევ საუკუნეზე ცოტა ნაკლები, რომ მოეცადათ, შემზადებული, კეთილგანწყობილი საზოგადოება მშვიდად და დიდი სიხარულითაც მიიღებდა, მათი საყვარელი მსახიობების ხათრით, თურქთა ღია ჯაყოობას.
თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოცდამეერთე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობენ განსხვავებულად მოაზროვნე ერთეულები, რომლებსაც მათზე მაღლა მდგომი, გონება-კოლონიზებული საზოგადოება, უკვე ორიათასიანი წლების დასაწყისიდან, მოიხსენიებდა მარგინალებად.
თურქეთის მთავრობას, რომ კიდევ ცოტაც მოეცადა, ალბათ მარგინალთა ეს ნაწილი კიდევ უფრო შეთხელდებოდა, და საბოლოოდ განიცდიდა ასიმილაციას საქართველოს მოსახლეობის სხვა გონე-კოლონიზირებულებთან.
მაგრამ რახან, მაინცადამაინც 2053 წელი აარჩია, მათ წინააღმდეგაც მარგინალთა საკმაოდ დიდი მოხალისეთა არმია გამოვიდა, რომელსაც ორმოცდაათიანებში, ჯერ კიდევ ქართული ჯარის სახელით ვიცნობთ.
საქართველოს და თურქეთის ფორმალურ ხელისუფლებასა და ფორმალურ ოპოზიციას, არაფორმალურად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ომის შედეგები, მაგრამ ჯერ კიდევ საღ აზრს შემორჩენილი მოსახლეობის გასათვალისწინებელი რაოდენობის სინდისის დამშვიდებისათვის, ფორმალურმა სახელმწიფომ მოხალისეთა ეს ჯერ კიდევ მძლავრი ძალა შეუშვა პირდაპირ ომის ეპიცენტრში. როგორც ტელევიზიაში მაშინ განაცხადეს - ეს ადამიანები თავიანთი სამშობლოსათვის სწირავდნენ თავს, უკეთესი მომავლისათვის, თუ რაღაც, ზუსტად არ მახსოვს.
მაინც ვერ ვიგებ, რად უნდოდა თურქეთს ბათუმში იარაღით შეჭრა, როდესაც აჭარის ნახევარი უკვე თურქებით იყო სავსე, მეორე ნახევარი კი თურქულ სერიალებს უყურებდა და ჯამეში ლოცულობდა.
რატომ დაბომბეს ეს გამზადებული ქალაქი, ამ ფორმალური ომის შემდეგ, მაინც მათი ასაშენებელი იქნება.
მაგრამ ყველაზე უფრო რაც მიკვირს, ეს მაინც თურქეთის მხარეს მებრძოლი ერთ-ერთი ჯარისკაცია, რომელიც ნერვიულად და გამუდმებით, გულის ჯიბეს ამოწმებდა.
ის ერთ-ერთ მარგინალ ტყვესთან შევიდა, რომელსაც სახე დასიებული და ჩალურჯებული ჰქონდა.
თურქი ჯარისკაცი ცოტა ხნით უყურებს მას და შემდეგ ეკითხება:
- თურქული იცი? - და ხელებიდან ბორკილებს ხსნის.
პასუხს ვერ იღებს, მაგრამ როცა ქართველი ტყვეს სახეს უყურებს, მასში შეურაცხმყოფელ მზერას ამოიკითხავს.
- ინგლისური? - ახლა უკვე ინგლისურად მიმართავს.
როდესაც პასუხს ისევ ვერ იღებს, საუბარს აგრძელებს - ვიცი, რომ ინგლისური გესმის. აქ შენი წამებისათვის არ მოვსულვარ, უბრალოდ საუბარი მინდა შენთან, სანამ დასახვრეტად გაგიყვანენ.
სიგარეტის ორი ღერი ერთმანეთის მიყოლებით მოსწია, მესამე ტყვესაც შესთავაზა, მაგრამ ტყვემ ბრაზით და ირონიულად ჩაიღიმა.
- კარგი, რახან არ გინდა ჩვენი არაფერი, მაშინ პირდაპირ იმას გკითხავ, რაც მაინტერესებს. - ინგლისურად განაგრძო მან.
ბურაქს სახეზე მოუსვენარი მზერა ეტყობოდა, მუდამ კარისკენ იყურებოდა, მაგრამ ცდილობდა, რომ მისი ნერვიულობა ტყვესთან არ შეემჩნია.
- რა გქვია?
ტყვე ისევ დუმს.
გარეთ ყვირილის, ტირილის, აფეთქებების და ორ ენაზე ლოცვის ხმა ისმის.
ორივე ასე იყვნენ, ერთმანეთს მიჩერებულები, ტყვე სიტყვას არ ამბობდა, მაგრამ ბურაქს მის მზერაში მაინც შეეძლო საშინელი ზიზღისა და სიძუვილის ამოკითხვა. ასე გავიდა რამოდენიმე საათი.
არ ვიცით, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ასე, უცებ ბურაქის თანამებრძოლი, რომ არ შემოსულიყო და ბურაქი სადღაც არ გაეყვანა.
ქართველი ტყვე, ისევ მარტო დარჩა, და უცებ ათას ნაწილად დაიშალა, დასუსტდა, სახიდან სიამაყე და შეუვალი მზერა მოშორდა და თავის ერთადერთ მშობელზე დაიწყო ფიქრი, რომელიც მოასწრო, რომ დედაქალაქში გაეგზავნა. ის თავის მამაზე ბავშვობიდან ბრაზობდა, რადგან თავისი მამის ცხოვრება არასდროს იყო, არსებული რეჟიმის მიმართ, პროტესტითა და კრიტიკით სავსე. არ შეეძლო იმის, ატანა, რომ მამამისი არ ხედავდა იმას, რისი დანახვაც მას შეეძლო და არც ის მოსწონდა, რომ უკვე ბავშვობიდან საკუთარ მამას ამსგავსებდნენ და პატარა ირაკლის ეძახდნენ, მისი სახელის ნაცვლად. თუმცა ახლა, ამ ომის გამო, ამ ომის განმავლობაში, მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ის ჰყვარებია და ყველაზე მეტადაც ის ენატრებოდა.
ბორკილების გაკეთება, რომ არ მოესწროთ, ალბათ გაქცევას შეძლებდა კიდეც. ფარ-ხმალს არ ჰყრიდა, მაგრამ იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ იმ ჰიბრიდისათვის, და მოდიფიცირებული, ადამიანის ახალი ჯიშის წარმომადგენლისათვის, მოესმინა, რომელსაც მუტანტად აღიქვამდა. ალბათ ბოლო ის იქნებოდა, ვისაც დაელაპარაკებოდა, თანაც დააინტერესა, ასე ნერვიულად რას მალავდა ის გულის ჯიბეში.
მეორე დღეს ბურაქი მართლაც დაბრუნდა, და ისევ ისეთი მოუსვენრობა ეტყობოდა სახეზე.
გეგა ფენიქსივით უკვე აღდგენილი იყო, ათას ნაწილად დაშლის შემდეგ, და პირველი მან დაიწყო ინგლისურად საუბარი, ბურაქის გასაკვირად.
- მე გეგა მქვია.
ბურაქს ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, და მალევე მოიშორა. მის შორიახლოს სკამზე ჩამოჯდა.
- მე ბურაქი მქვია.
- ბურაქ, რა გაინტერესებს, გუშინ თქვი, რომ ჩემთან საუბარი გინდა, სანამ დასახვრეტად გამიყვანენ.
ბურაქი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ცდილობდა სწორი სიტყვები შეერჩია, მაგრამ შესაბამისი, რომ ვერაფერი მოიფიქრა, პირდაპირ ასე მიმართა:
- გეგა, რატომ იბრძვი? რა აზრი აქვს შენს ან შენი მებრძოლების წინააღმდეგობას, ვერ ხედავ, რომ არაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ.
გეგას გაკვირვებისგან სახე გაუშტერდა. არ ელოდა ასეთ შეურაცხმყოფელ შეკითხვას. მაგრამ გადაწყვიტა მისთვის არ დაეთმო, და ბრძოლაში თუ არა, ამ დიალოგში გამარჯვებული მაინც წასულიყო ამ ქვეყნიდან.
- და შენ?! - ხმას აუწია გეგამ. - თუ ამ ომში შენი სურვილით წამოხვედი ბოროტი ყოფილხარ. ხოლო, თუ ამ ომში რაიმე სამართლიანს ხედავ - სულელი.
ბურაქი არაფერს ამბობს. მისი სახე თითქოს ნეიტრალურია.
გეგა ისევ აგრძელებს.
- თუმცა შენ რას გაიგებ, - და ირონიულად იღიმის.
გეგასთვის უკვე სულერთი იყო, კარგად მოეწყო თავის სავარძელზე.
- ეს ინსტინქტია, გათანაბრებული ადამიანის ძირითად ინსტინქტებთან, დაიცვას ის, რასაც თავისად აღიქვამს და მისია.
- გასაგებია - დაეთანხმა ბურაქი, - მაგრამ აქაურობა თქვენი როდიდან გახდა?
ბურაქმა უკვე მეორედ შეძლო გეგას გაგკვირვება, თუმცა გეგა მალე მოეგო გონს:
- აა, ხო, ეს თქვენი ინტერპრეტაცია... ისტორიის. მართალია, სკოლაში ამას გასწავლიდნენ. რას ვიზამთ, მე და შენ, ორივე უსამართლობის მსხვერპლები ვართ.
- იცი რას გეტყვი გეგა, ჩვენ, რომ არა, სული ამოგძვრებოდათ ქართველებს, სიღატაკით, შიმშილით, და წყურვილით მოკვდებოდით - ბურაქმა ბრაზმორეულმა, კონტეინერში დარჩენილი წყალი მოსვა.
გეგა ცოტა ხნით, ამრეზილი მზერით უყურებდა მას.
- ალბათ ეგ წყალიც თურქეთიდან წამოიღე, რახან აქ არ მოგვეპოვება.
ბურაქი არ იმჩნევს დაცინვას და აგრძელებს:
- რა, არ იცი რამდენი ადამიანი ჩამოდიოდა, ამ დიდი ისტორიის და პატივმოყვარე ინდაურების ქვეყნიდან, რომ სამსახური ეშოვნა და წელში გამართულიყო?!
- ხო, მართალია, კოლოსალური რაოდენობის ექსპორტი გყავთ გატანილი, ადამიანების სახით. და თქვენი სახით, ჩვენი ქვეყანაც, სტაბილური იმპორტით მარაგდება.
ბურაქის ისევ ნეიტრალური სახე.
- როგორი დაბნეული ხარ, ბურაქ. საერთოდ რა გინდა ამ ომში? - ეკითხება გეგა. - რა გაინტერესებს, რა არ გასვენებს, და მაგ გულის ჯიბეში რას ინახავ?
ბურაქი გველნაკბენივით შეკრთა. უცებ კიდევ ვიღაც დიდ ულვაშებიანი და შესაშური წარბების თურქი თანამებრძოლი შემოვიდა, გეგას მწყრალად და მედიდურად შეხედა, და მოუხეშავი ტლანქი მოძრაობით, ბურაქს რაღაცას თურქულად უხსნიდა. აპირებდა, რომ წაეყვანა.
გეგა ინტერესით აკვირდებოდა მის მოძრაობებს და გარეგნობას, ბოლოს ხელი ჩაიქნია და მასაც მიმართა ინგლისურად:
- გეტყობა, რომ შენს სისხლში ქართველის სისხლი არ ურევია, - შემდეგ ჩაიცინა და გაკვირვებით გააგრძელა - სიმართლე გითხრა პირველად ვხედავ ათასი წლის წინ დაბადებულ, პირველი თაობის ნაღდ თურქს, რომელიც სტამბულის ბაზარზე პირველად აპირებს წასვლას.
ბურაქის თანამებრძოლი დაიბნა, ვერ გაიგო გეგა რას ეუბნებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ მისი სიტყვები კარგს არაფერს ნიშნავდა და თავი ვალდებულად ჩათვალა, ხელ-ფეხ შეკრული ჯარისკაცისთვის ორ-სამჯერ შემოეკრა, ისედაც დასიებულ და ჩალურჯებულ სახეზე.
ბურაქი მასთან ერთად სადღაც გავიდა. გეგაც ისევ ათას ნაწილად დაიშალა, მათი გასვლის შემდეგ.
დაღამდა, გათენდა, ისევ დაღამდა და გათენდა. გეგა ვერ ხვდებოდა რამდენი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც აქ მოათრიეს და გამოკეტეს. მხოლოდ ტყვიების, ვერტმფრენების, შენობების ნგ