ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შეპყრობილი

შეპყრობილი

***

- რას ნიშნავს გამოძიება დასრულდა? არავითარ შემთხვევაში არ დავიჯერებ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არა მკვლელობა! - მან მთავარი გამომძიებლის მაგიდას მთელი ძალით დაარტყა ხელი.

- მესმის, რომ ის შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო, მისთვის სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა ფაქტი იმისკენ მიუთითებს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, - ამოიხვნეშა გამომძიებელმა, - შენც პოლიციელი ხარ და ჩემზე უკეთ იცი, რომ სიმართლე ფასდაუდებელია და ყველა იმსახურებს სიმართლის ცოდნას, მაგრამ როგორც სიმართლის ძებნა, ასევე მისი მიღებაც უნდა შეგეძლოს, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს, როგორც არ უნდა გინდოდეს, მას წინ ვერ აღუდგები.

- ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთვისაც თავს გავწირავდი, იმას, რასაც მეუბნებით, სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს! თქვენ შეგიძლიათ საქმე დახუროთ, მაგრამ მე მაინც გამოვიძიებ ამას, - თქვა და მთავარ გამომძიებელს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

მე პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, ჩემს პაციენტთან ერთად, მომხდარის შემდეგ მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან მისი გრძნობები იმ ბომბივით იყო, რომელიც არ იცი როდის აფეთქდება.

ჩემს პაციენტს სახლში გაშვების ნება მისცეს, ვინაიდან ყველანაირი ბრალდება მოუხსნეს, მისი ეჭვმიტანილად ცნობისთვის ბოდიშიც კი მოუხადეს, მაგრამ მას მაინც იქ დარჩენა უნდოდა, მიღებული შოკის გამო ისე დასუსტებულიყო, არსად წასვლის თავი არ ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ ენერგია და ძალა მისი სხეულიდან განდევნა.

მთავარი გამომძიებლის ოთახიდან სიმპატიური პოლიციელი გამოვიდა, ცოფიანი ძაღლივით თითქოს ჩვენ საკბენად მოემართებოდა. ჩემს პაციენტს მკაცრი მზერა მიაპყრო, მზერას რომ ადამიანის მოკვლა შეეძლოს, ჩვენ ვერ გადავურჩებოდით.

- ინტუიცია მკარნახობს, რომ შენი ცოლი მოკალი, გაფრთხილებ, ყველა სამხილს მიწიდან ამოვთხრი და შენს დანაშაულს მაინც დავამტკიცებ, - თქვა უხეშად და მთელი სიმტკიცით, - ახლა შეიძლება თავისუფალი ხარ, მაგრამ ჩემგან ვერასდროს გათავისუფლდები.

ჩვენ ხმის ამოღებაც ვერ შევძელით, ისე წავიდა. ვგრძნობდი, ჩვენ გარშემო როგორი დაძაბული აურა დატოვა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიციის განყოფილებაში ამდენი ხანი მომიწევდა ყოფნა. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემს პაციენტთან შეხვედრის შემდეგ ძალიან აირია.

ეს ყველაფერი კი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო.

თავი 1

19 ოქტომბერი, 2023 წელი,

ხუთშაბათი შუა დღეა, ჩემი ძმის კაბინეტში ვზივარ და ღია ფანჯარასთან მდგარ ჩემს ძმას თვალს ვერ ვწყვეტ, ვუყურებ ქარი მის ოქროსფრად მოელვარე თმას ნაზად როგორ არხევს, ჩემი ძმა უბრალოდ დგას, რაღაცას უყურებს, თან ყავას სვამს, მის მშვენიერ პროფილს ვაკვირდები, მის უკან ქარი ხის ტოტებს არხევს, ყვითელი და წითელი ფოთლები აქეთ-იქით დაქრის და ვფიქრობ, მხატვარი რომ ვყოფილიყავი, ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს შედევრს დავხატავდი, თუმცა ალბათ ჩემი ძმის მშვენიერებას ვერც ერთი ხელი ვერ გადმოსცემდა.

ნიკა ალბათ ბევრი ხელოვანის მუზა იქნებოდა თუ თვითონ მოინდომებდა, თუმცა მას ფსიქოლოგიის მეტი არაფერი აინტერესებდა და მის მთავარ მიზანს ადამიანების შესწავლა წარმოადგენდა, მართალია მასავით უნაკლო ვიზუალი არ მერგო, თუმცა ორივეს გვაქვს ადამიანების ცნობის და ადვილად გაგების ნიჭი.

ჩემი ძმა ჩემთვის ყველაზე სამაგალითო ადამიანია, რატომ? რადგან მასავით მშვიდი, გაწონასწორებული, ჭკვიანი და გამგებიანი ადამიანი ცხოვრებაში არსად მინახავს, თანაც ყოველთვის მაოცებს მისი შესაძლებლობა, დაინახოს ადამიანში ის, რასაც სხვა ვერავინ ხედავს, წამებში მიხვდეს რას გრძნობს სხვა, ადამიანის თვალებში ის მთელ მის შინაგან სამყაროს ხედავს, რა თქმა უნდა ჩემგან განსხვავებით.

ჩემი ძმის შემყურეს შეუძლებელი იყო ფსიქოლოგიით არ დავინტერესებულიყავი, გადავწყვიტე მეც მის გზას გავყოლოდი, ნიკა  ყველაფერს მასწავლიდა, რაც თავად იცოდა, ადამიანის ქცევებს და ემოციებს მეც ნიკასავით ვაკვირდებოდი და შევისწავლიდი, ეს იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი, ისე, როგორც ჩემი ძმა მეხმარებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სკოლის პერიოდში ხშირად დაგვცინოდნენ იმის გამო, რომ ჩვენი მშობლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ფლობენ. ერთხელ ბიჭის ცემა დავაპირე, რადგან მითხრა, რომ ჩემმა მშობლებმა საგიჟეთი ჩემნაირი გიჟის გამო გახსნეს, ჩემი ძმა კი უბრალოდ მოვიდა, ბიჭს რაღაც ჩასჩურჩულა, დღემდე არ მეუბნება რა, მაგრამ მას შემდეგ ის ბიჭი ჩვენს დაცინვას ვეღარ ბედავდა. ამის შემდეგ ხშირად მეუბნებოდა: „ადამიანს ჭკუით უნდა აჯობო და არა ხმის ტონით, ყვირილით მხოლოდ საკუთარ თავს დაიმცირებ სხვების წინაშე.“

გაბრაზებული ან განრისხებული ნიკა არასდროს მინახავს, არ მესმოდა ყოველთვის სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა. ამით ერთმანეთს ვავსებდით, მის მაგივრად მე ვბრაზდებოდი, ის კი ჩემ მაგივრად აუღელვებლად საუბრობდა და ასე აგვარებდა საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე 5 წლით უფროსი იყო, ის ჩემთვის დედაც იყო და მამაც. წარმოდგენა არ მაქვს რა გზას დავადგებოდი, გვერდით ჩემი ძმა რომ არ მყოლოდა.

-ვი... ვიიი - ფიქრებში გართულმა სანამ არ დამიყვირა, მანამდე მისი ხმა ვერ გავიგონე.

- უი, მაპატიე, რაღაცაზე ჩავფიქრდი.

- არა უშავს, ხდება ხოლმე, დღეს 4 საათზე ვინ უნდა მოვიდეს? ჩემი განრიგის განმკარგველი ხომ შენ ხარ, - მაგიდასთან დაჯდა, ჭიქა დადო და თან გამიღიმა.

- ლილე გიორგობიანი, დღეს მისი მე-3 სეანსია.

ვუპასუხე და ბლოკნოტი დავხურე, სტუდენტობის პერიოდში ნიკასთან ერთად მუშაობისას უფრო ბევრი ვისწავლე, ვიდრე უნივერსიტეტში, მართალია როცა ამბობენ, რომ პრაქტიკის დროს უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე თეორიულადო.

უნივერსიტეტი ახლახან დავამთავრე, ჩემმა ძმამ 2 წლის წინ თავისი ოფისი გახსნა, სადაც თითქმის ყოველდღე დავდიოდი, რამდენიმე თვის წინ მასთან ოფიციალურად დავიწყე მის თანაშემწედ მუშაობა, რამდენიმე კვირაში კი უკვე მეც ჩემი კაბინეტი მექნება და პაციენტების მიღებას დავიწყებ, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია ამის იმედი მაქვს.

- შეგიძლია კამერა მოამზადო? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

- მაინც არ მესმის თქვენი საუბრის ჩაწერა რა საჭიროა.

- პირველ რიგში ის უნდა იცოდე, რომ თერაპევტი არასდროს უნდა იღებდეს ან იწერდეს საუბარს მასსა და მის პაციენტს შორის, პაციენტის ნებართვის გარეშე. ჩანაწერის ნახვის უფლება მხოლოდ მე და პაციენტს გვაქვს, ჩანაწერის ყურების დროს ხშირად შემიმჩნევია ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რაც პირისპირ საუბრის დროს ვერ შევამჩნიე, თანაც ეს მეხმარება უკეთ შევისწავლო ჩემი პაციენტი, დავაკვირდე ჩემთან საუბარს ის უკეთესობისკენ მიჰყავს თუ არა, შედეგი გამოიღო თუ არა, ასევე რაიმე რომ ჩაიდინოს ან რამე სერიოზული დაემართოს, ვფიქრობ ჩანაწერი გამოსადეგი იქნება, - ჩემთვის კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც კარზე დააკაკუნეს.

- ვფიქრობ ლილე ადრე მოვიდა.

- ვი, კამერის ჩართვა არ დაგავიწყდეს, ლილეს ყველა ვიზიტის ჩანაწერი უნდა შევინახო, მაგრამ ხომ იცი, ჩვენს საუბარს შენ არ უნდა მოუსმინო, - მკაცრი მზერით შემომხედა.

- ვიცი, ასე პირველად ხომ არ ხდება არა? - ავდექი და ლილეს კარი გავუღე, გოგონა მომესალმა, ყოველგვარი ღიმილის ან ემოციის გარეშე, - შემობრძანდით, მე მარტო დაგტოვებთ.

ოთახისკენ გავეშურე, სადაც ჩემი ძმის კომპიუტერები ინახებოდა, დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კამერების ჩართვა მე მომანდო, ამ საქმეს ყოველთვის თვითონ ასრულებდა.

კომპიუტერთან დავჯექი თუ არა რამდენიმე წამი ვცდილობდი გამეგო აქედან კამერის ვიდეო ჩაწერა როგორ დამეწყო, იმ მოხუც ბებიას ვგავდი, ტექნიკის რომ არაფერი გაეგება და რაღაცებს ხელს უაზროდ აჭერს. როგორც იქნა ჩაწერის ღილაკს მივაგენი, თუმცა გამოსახულება ძალიან ცუდად ჩანდა, სამაგიეროდ ხმა მშვენივრად ისმოდა.

- აბა, წინა ვიზიტზე რაზეც გავჩერდით იქიდან ხომ არ გავაგრძელოთ? - ჰკითხა ნიკამ ლილეს.

- რ...როგორც თქვენ გ...გირჩევნიათ, - ძლივს ამოილუღლუღა ლილემ, გოგონა 25 წლის იყო, თუმცა უფრო პატარას ჰგავდა.

როგორც იქნა ვიდეოს გამოსახულება გასწორდა, ვიფიქრე რამდენიმე წამი დაველოდები და დავაკვირდები ხომ სწორად მუშაობს-მეთქი. ჩემი ძმა გოგონას აკვირდებოდა, დარწმუნებული ვიყავი იმ მომენტში მის ყველა გამომეტყველებას შეისწავლიდა.

- ლილე, შეგიძლია ნერვიულობას მორჩე, ხომ იცი, შეგიძლია როგორც მეგობარს ისე მესაუბრო, ღრმად ამოისუნთქე და ნაზად ჩაისუნთქე, - ჩემს ძმაში ყველაზე მეტად სწორედ ეს მიყვარდა, ის თავის პაციენტებს როგორც მეგობარს ისე იღებდა და ესაუბრებოდა, ამბობდა, რომ ასე უფრო ენდობოდნენ ადამიანები და მასთან თავს შედარებით კომფორტულად გრძნობდნენ.

- არ ვნერვიულობ, - სერიოზულად უთხრა ლილემ, ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს.

- თითებს ერთმანეთში ათამაშებ და თანაც თვალებში ვერ მიყურებ, - ლილემ არაფერი უპასუხა, - ბოლოს მითხარი, რომ გერმანიაში წახვედი, მოდი ამაზე ვისაუბროთ. იქ წასვლის გადაწყვეტილება რამ მიგაღებინა?

- თბილისში გადასვლა მინდოდა, ახლა ხომ ყველა იქ გარბის არა? - ლილე რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ კი გააგრძელა, - ბინის ყიდვა მინდოდა, აქ ბევრს ვმუშაობდი, თუმცა ხელფასი არაფერში მყოფნიდა, ჩემი მშობლებისთვის კი ფულის გამორთმევა არ მინდოდა, ისედაც არ ჰქონდათ საკმარისი, რომ ჩემთვის მოეცათ. წასასვლელი ფული სხვისგან ვისესხე, როგორც კი ვალი გავისტუმრე, უკვე ბინისთვის ფულის მოგროვება დავიწყე.

- გერმანიაში ყოფნა არ გაგიჭირდა?

- თავიდან ძალიან, უცხო ქვეყანაში, სადაც შენი არავის ესმის და არც შენ გესმის მათი, ნამდვილი საშინელება იყო, ადამიანს სხვა ქალაქში გადასვლა უჭირს და უცხო ქვეყანაში ხომ საერთოდ ურთულესია.

- იქ სულ მარტო იყავი?

- თავიდან დიახ, მაგრამ 2 ადგილას ვმუშაობდი, ამიტომაც სახლში, რომელიც დავიქირავე, მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, შემდეგ კი როდესაც მარტო აღარ ვიყავი... - მათი საუბრის მოსმენას შევყევი, რაც მეკრძალებოდა, ადგომას და გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ნიკას კითხვამ შემაჩერა.

- ისეთი სახე გაქვს, თითქოს ახლა ყველაზე რთულ ნაწილზე მოგიწევს საუბარი, ასეა? - ლილემ თავი დაუქნია და საუბარი აღარ გაუგრძელებია, - სად მუშაობდი?

- ორ რესტორანში, ერთში მიმტანი ვიყავი, მეორეში კი ჭურჭელს ვრეცხავდი, ერთი სამსახურიდან მეორეში გავრბოდი, ყოველდღე ვმუშაობდი.

- თქვი რომ შემდეგ მარტო აღარ იყავი, მოდი ამაზე ვისაუბროთ, - ლილე თითებს უარესად აწვალებდა, - შეიძლება მასე ფრჩხილი მოიტეხო ან დაიზიანო, შემომხედე, - ლილემ თვალი-თვალში გაუყარა, - ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, დამიჯერე, თუ გინდა რომ უკეთ ყოფნაში დაგეხმარო, მაშინ ყველაფერი უნდა მითხრა. თუმცა არ გაჩქარებ, დრო საკმარისად გვაქვს.

- იმ ადამიანმა ცხოვრება დამინგრია! - ლილემ უეცრად იყვირა და სავარძლიდან წამოხტა, ნიკა მას მშვიდად უყურებდა და ხელით ანიშნა რომ მის ადგილას დამჯდარიყო, გოგონა ასეც მოიქცა, - უკაცრავად, მასზე ფიქრის დროსაც კი ნერვები მეშლება.

- მაგას ვხედავ. ეგ ადამიანი სად გაიცანი?

- რესტორანში, სადაც მიმტანად ვმუშაობდი, დაახლოებით 2 თვეში ახალი მიმტანი აიყვანეს, ანდრო კიკაბიძე, წარმოიდგინეთ როგორ გამეხარდებოდა უცხო ქვეყანაში ისეთი ადამიანის ნახვა, ვისაც ჩემი ენის ესმოდა და შემეძლო თავისუფლად დავლაპარაკებოდი, თითქმის მთელ დროს მასთან ერთად ვატარებდი, ვინაიდან ერთად ვმუშაობდით, გერმანიაში დამლაპარაკებელი მის მეტი არავინ მყავდა და ძალიან დავუახლოვდი.

- ეგ დაახლოება რომანტიკაში გადაიზარდა?

- დიახ, ის ძალიან ზრუნავდა ჩემზე, ისე უეცრად შემიყვარდა, ვერც კი მივხვდი ეს როგორ მოხდა.

- სიყვარული ასეთია, წინასწარ არ გაფრთხილებს შენთან ისე მოვა. ანდროსაც შეუყვარდი?

- დიახ, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. გერმანიაში ზუსტად 1 წელი და 7 თვე ვიყავი, ანდრომ ჩემზე ყველაფერი იცოდა, იმის ჩათვლით, რომ ბინისთვის ფულს ვაგროვებდი. მეორე სამსახურის გამო რესტორანში ხშირად ვაგვიანებდი და ანდრო ჩემს მაგივრადაც მუშაობდა, ცდილობდა ყველანაირად დამხმარებოდა და ამის გამო კიდევ უფრო შემიყვარდა. რესტორანში, სადაც მხოლოდ ჭურჭლის რეცხვა მევალებოდა, დამლაგებლადაც მამუშავებდნენ ხოლმე, მონასავით ვმუშაობდი, მაგრამ ფულის გამო სხვა გზა არ მქონდა. ერთ დღეს მეორე რესტორანში ძალიან დაღლილი მივედი, ფეხზე დგომა მიჭირდა, როდესაც სტუმრებისთვის ლანგრით საჭმელი მიმქონდა თავბრუ დამეხვა და ლანგარი დამივარდა, ყველაფერი გატყდა რაც მასზე იდო. ანდრო მაშინვე ჩემთან მოვარდა და მომეხმარა, თუმცა რესტორნის მფლობელი საშინლად მეჩხუბა. ამდენი დაგვიანების და სამუშაოს კარგად ვერ შესრულების გამო სამსახურიდან გამაგდო, თანაც ჩემთვის ხელფასის მხოლოდ 30%-ის მოცემას აპირებდა, ვინაიდან საჭმელი დავაქციე და ჭურჭელი გავტეხე.

- და შენ ვერაფერი უთხარი?

- ვერა, - თქვა დარცხვენილმა, - ხმა ვერ ამოვიღე, თუმცა ანდრომ ჩემი სათქმელი უთხრა, უფრო სწორად რომ ვთქვა, უყვირა, სანამ ჩემი კუთვნილი ხელფასი ბოლომდე არ მოაცემინა, უფროსს არ მოეშვა, შემდეგ კი ჩემთან ერთად სამსახურიდან ანდროც წამოვიდა.

- ამის შემდეგ ახალი სამსახურის ძებნა დაიწყე?

- არა, მე და ანდრომ ვილაპარაკეთ, დამარწმუნა, რომ ჯობდა საქართველოში დავბრუნებულიყავით, უკვე ნახევარი წელი იყო, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, თუმცა მას სურდა, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულად ყოფილიყო, იცოდა რომ უკვე 23,000$ მქონდა შეგროვებული, მითხრა, რომ ცოტა თანხას დამიმატებდა და ბინა ერთად გვეყიდა, მეც დავუჯერე, 1 კვირაში კი საქართველოში ჩამოვედით.

- საქართველოში დაბრუნება შენც გინდოდა თუ უბრალოდ რასაც ანდრო აკეთებდა, შენც იგივეს შვებოდი, შენივე სურვილების საწინააღმდეგოდ?

- მე ანდროსთან ერთად ყოფნა მინდოდა, სადაც ის წავიდოდა, მეც თან გავყვებოდი, - ლილე იატაკს მიაშტერდა, - მართალია, როდესაც ამბობენ სიყვარული აბრმავებსო, იმდენად დაბრმავებული ვიყავი, რომ ისიც ვერ შევამჩნიე როგორ მატყუებდა.

- კონკრეტულად რა მოგატყუა? - ლილეს არაფერი უპასუხია, მე კი ნიკასგან განსხვავებით ინტერესით ვკვდებოდი, - კარგი, მოდი ის მითხარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რა მოხდა.

- ანდრომ შემომთავაზა ქართულ ბანკში ბინისთვის შეგროვებული ფული მის ანგარიშზე შემენახა, რადგან ანდროს იქ საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა შენახული, თან პროცენტები ემატებოდა და ჩვენი საერთო ანგარიში იქნებოდა. მეც დავთანხმდი, ანდრო ძალიან ჭკვიანი და ჩემზე ფრთხილი იყო, ამხელა თანხის სახლში შენახვა მეშინოდა და ამიტომ ბანკში წავედით და ფული მის ანგარიშზე შევიტანე. რამდენიმე დღე ბინას ვეძებდით, როდესაც ჩვენი მოსაწონი ბინა ვნახეთ და თანხაზეც მოვრიგდით, შევამჩნიე, რომ ანდრო უცნაურად იქცეოდა.

- შენთან ერთად ცხოვრება გადაიფიქრა?

- არა, მითხრა რომ დედა ავად ყავდა და ამიტომ ოპერაციის ფული ანგარიშიდან უნდა გამოეტანა, ამიტომ ახალი ბინის მოძებნა უნდა დაგვეწყო, ცოტა დაბალ ფასად. ანდროს დედას ჯერ არ ვიცნობდი, მითხრა რომ ავადმყოფობდა და ჯერ გაცნობის დრო არ იყო, ოპერაციის შემდეგ კი მას აუცილებლად გამაცნობდა. მოკლედ მინდოდა ანდროსთვის ხელი შემეწყო და ბინის ყიდვა დროებით გადავდე. მომდევნო დღეს ანდროს ვურეკავდი, ვწერდი, სოციალურ ქსელებშიც ვცადე დაკონტაქტება, მაგრამ არ მპასუხობდა, ვიფიქრე, რომ დედის გამო არ ეცალა.

- მაშინ რას ფიქრობდი ან გრძნობდი?

- ყველაზე მეტად მას ვენდობოდი, ცუდს არაფერს ვფიქრობდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი, რამდენიმე დღე მასთან კავშირი არ მქონდა, სულ მასზე ვფიქრობდი, ისიც კი გავიფიქრე ვაი თუ დედამისს მოუვიდა რამე-მეთქი.

- ბოლო-ბოლო კავშირზე გამოვიდა?

- არა. მისი ერთი მეგობარი ვიპოვე სოციალურ ქსელში და მას მივწერე, მითხრა, რომ ანდრო მის შეყვარებულთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა, რამდენჯერმე გადავამოწმე ხომ ერთი და იგივე ანდროზე ვსაუბრობთ-მეთქი, შემდეგ ვუთხარი, რომ მე ვიყავი მისი შეყვარებული, მაგრამ ის მიმტკიცებდა, რომ 1 წელზე მეტია ვიღაც ნინის ხვდება, ჩემზე კი სიტყვაც არავისთვის უთქვამს, - ლილეს თვალებზე ცრემლები მოადგა და ხმის ტემბრიც შეეცვალა, აშკარად ამ თემაზე საუბარს ყველაფერი ერჩივნა.

- შემდეგ რა გააკეთე?

- ამის შემდეგ გული ძალიან მეტკინა, უაზროდ ტირილი დავიწყე, შემდეგ უეცრად ტვინში ერთმა აზრმა გამიელვა, ისე ავღელდი მთელი სხეული მიკანკალებდა, ჩანთას ხელი დავავლე და მაშინვე ბანკში გავიქეცი. რიგში ლოდინის თითო წამი საუკუნედ მეჩვენებოდა, როდესაც ჩემი რიგი დადგა, მოლარე-ოპერატორს მაშინვე ანგარიშის ნომერი ვუთხარი, როდესაც მითხრა, რომ ანგარიშზე არანაირი თანხა არაა დარჩენილი და ბატონმა ანდრო კიკაბიძემ მთელი თანხა გაიტანა, იქვე ყველა და ყველაფერი გაქრა, თითქოს უკუნეთ სიბნელეში ვიჯექი, გავითიშე, სიბრაზე, ტკივილი, იმედგაცრუება, მრისხანება, ყველა ცუდი გრძნობა ერთდროულად მიტევდა, ბანკიდან როგორ გამოვედი ისიც არ ვიცი.

- ეს ყველაფერი როდის მოხდა?

- თითქმის 4 კვირის წინ.

- და ანდროს დასასჯელად არაფერი გააკეთე? - ლილემ პასუხის გაცემას დუმილი არჩია, - თანხა ვერ დაიბრუნე?

- ვუჩივლე, მაგრამ რადგანაც ფული მის ანგარიშზე ჩემი ხელით შევიტანე, ქურდობად არ ჩათვალეს, მან ხომ მისივე ანგარიშიდან აიღო შენახული თანხა. პოლიციამ არაფერი გააკეთა, მე ვცადე მომეძებნა, მაგრამ ამაოდ. ამდენი თვე ვიწვალე, ჩემი ტანჯვით მოპოვებული ფული წამებში აიღო, თანაც მომატყუა, არადა ანდროსავით არავის ვენდობოდი, ახლა კი სიტყვა „ნდობის“ გაგონებაც კი მეზიზღება.

- ამ ამბავთან გამკლავება როგორ სცადე?

- ჩემი მშობლები და მეგობრები მეხმარებოდნენ, იმედს მაძლევდნენ, რომ იმ ნაბიჭვარს იპოვიდნენ და ყველაფრისთვის პასუხს აგებინებდნენ, მაგრამ არც მათ სიტყვებს ვენდობი.

- თავს მარტოსულად გრძნობ?

- სიმართლე გითხრათ არა. ერთი ბიჭია, დაჩი, 7 წელია ვიცნობ, მასთან ძალიან ახლოს ვარ, ყველაზე მეტად ის ამომიდგა მხარში და ანდროს მოსაძებნად ყველაფერს აკეთებს. თითქმის ყოველდღე საჩუქრებით მავსებს, რომ ცოტა სიხალისე დამიბრუნოს, ბევრ ხუმრობებს მიყვება, მისი და მისი მეგობრების ამბებს მთელი ემოციებით მიზიარებს. რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ ვუყვარვარ.

- როცა სიყვარულში გამოგიტყდა, რა რეაქცია გქონდა?

- არაფერი.

- საერთოდ არაფერი? დარწმუნებული ხარ?

- არ ვიცი, გამიკვირდა, მაგრამ სხვა ვერაფერი ვიგრძენი, რადგან მისი არ მჯეროდა, - დავინახე ჩემი ძმა რაღაცას როგორ იწერდა თავის ბლოკნოტში.

- რატომ?

- ანდრომ ისე მატკინა გული, სხვისი ნდობა არ მინდა. დაჩი ძალიან კარგი ბიჭია, ამდენი წელია ვიცნობ და ვიცი არ მატყუებს, მაგრამ მაინც არ შემიძლია ვენდო, დარწმუნებული ვარ არაფერს მომაკლებს და ჩემზე იზრუნებს, მაგრამ არავისთან ყოფნა არ შემიძლია, ხანდახან მისგან გაქცევაც კი მინდა, მიუხედავად მისი ყველა მცდელობისა.

- იქნებ დაჩისთან ყოფნამ წარსულის მოგონებები და მიყენებული ტკივილი დაგავიწყოს?

- მასთან ყოფნის სურვილი ნამდვილად მაქვს, უბრალოდ არ შემიძლია.

- და რატომ არ შეგიძლია?

- მაგაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს.

- სამაგიეროდ მე მაქვს. ლილე, შენი მთავარი პრობლემა ახლა პისტანტროფობია.

- ეგ რას ნიშნავს? - ლილემ ძალიან დაბნეულმა შეხედა ნიკას.

- პისტანტროფობია შფოთვითი აშლილობის ტიპია, ეს არის შიში ნდობის მიმართ, ამას იწვევს ძლიერი იმედგაცრუება ან ადამიანებთან ერთიერთობის მტკივნეული დასასრული. აი სწორედ ანდროსთან მომხდარის შემდეგ გაგიჩნდა ფობია, რის გამოც ახლა ადამიანებს ვეღარ ენდობი, მათ შორის დაჩისაც და აი სწორედ ესაა პასუხი იმაზე, თუ რატომ არ შეგიძლია ახალი ურთიერთობის დაწყება, გეშინია, რომ დაჩიც ისევე გატკენს გულს და იმედებს გაგიცრუებს, როგორც ანდრო. გეშინია, რომ სხვა ნებისმიერი ადამიანი ისე გადათელავს შენს მისდამი ნდობას, როგორც ეს შენმა ყოფილმა შეყვარებულმა გააკეთა. ანდროსგან მიყენებული ტრავმის შედეგად შენ გეშინია ხელახალი ტრავმის მიღების, ახალი ურთიერთობის დაწყება არ გინდა, რათა თავი დაიცვა იმედგაცრუებისგან და მსგავსი მტკივნეული შემთხვევისგან. გირჩევნია საკუთარ თავში გამოიკეტო, ვიდრე ადამიანებს დაელაპარაკო და უფლება მისცე დაგეხმარონ.

ლილეც და მეც სუნთქვაშეკრულები ვუსმენდით ჩემს ძმას, ნიკა ძალიან მშვიდად, ანგელოზის ხმით საუბრობდა, ლილეს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ნიკამ მის გონებაში და გრძნობებში იხეტიალა და ყველაფერი სინათლეზე გამოიტანა.

- ლილე, ეს ფობია თუ არ დავამარცხეთ მაშინ შენთვის შეუძლებელი იქნება ადამიანთან როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი ურთიერთობის გაბმა, ხელს შეგიშლის ახალი პერსპექტივის მოპოვებაში და სასიამოვნო გრძნობების მიღებაში. მე დაგეხმარები აღიდგინო ადამიანების მიმართ ნდობა, მაგრამ პირველ რიგში შენ უნდა დაეხმარო შენს თავს. ვიცი, რომ გეშინია, შეიძლება ახლა არც მე მენდობი, მაგრამ მაინც გეტყვი, ერთხელ მომხდარი არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ განმეორდება, ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს, მაგრამ ცხოვრებაში როგორც არსებობენ ადამიანები, რომელთა ნდობაც არ შეიძლება, ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდა ენდო. ერთ შანსს ყველა იმსახურებს. იმას არ გეუბნები, რომ 100%-ით უნდა ენდო, ნდობასაც თავისი დოზა აქვს, მაგრამ ნდობის საერთოდ არ ქონა, დამიჯერე, ცხოვრებას გაგირთულებს.

- არ ვიცი ადამიანის ნდობა როგორ დავიბრუნო, დაჩის თუ არ ვენდობი, მაშინ მასთან ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება.

- ხოდა მაშინ მიეცი შანსი, რომ შენი ნდობა დაიმსახუროს და თუ ამას იზამს, ის არ დაკარგო. ყველა ადამიანი ანდრო არაა. მისი საპირისპიროებიც არსებობენ, ეს ხომ იცი არა?

- დიახ, ვიცი, მაგრამ მაინც მეშინია, ზუსტად იმის, რაც თქვენ თქვით, უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა.

- ჩემთან ყველაფერი უნდა აღიაროთ, იმიტომ რომ, თუ არ იტყვით, ამას მაინც მივხვდები, ჩემი სამუშაო სწორედ ესაა.

- და რა გავაკეთო?

- კიდევ რამდენიმე ვიზიტის და საუბრის შემდეგ ამ ფობიას ერთად დავძლევთ. მანამდე კი იმას გეტყვი, რომ სიყვარულს ყოველთვის უნდა მისცე შანსი, ბოლომდე სიყვარულის მორევში არ უნდა გადაეშვა, საკუთარი თავი არ დაკარგო, და გულზე მეტად გონებას მოუსმინე. მაგრამ თუ მართლა გიყვარს, ყველანაირი შიში და ცუდი ფიქრები უნდა გაფანტო, შენს თავს იმედი მისცე, რადგან იმედის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ერთი სახლი ინგრევა, მის ადგილას უკეთესი შენდება. სასიყვარულო ურთიერთობაც ასეა, ერთი დაინგრევა, მაგრამ სხვა მოვა და უკეთესს შექმნის, კიდევ დაინგრევა და კიდევ სხვა მოვა. შენ ხომ გინდა ბედნიერი იყო?

- ყველაზე მეტად ახლა სწორედ ბედნიერება მენატრება.

- ხოდა, იზრუნე საკუთარ ბედნიერებაზე, თორემ ამას სხვა შენ მაგივრად არავინ გააკეთებს, შენს თავს შენ თვითონ უნდა მისცე ნება, რომ კარგი ემოციები გამოსცადო და ამან წარსულიდან მიღებული ზიანი გადაფაროს. შენი ცხოვრება შენს ხელშია და ასე ყოფნით შენვე აყენებ შენს თავს ზიანს. გააკეთე მხოლოდ ის, რაც გაგაბედნიერებს, შეეცადე მაინც. ახლა, ყოველგვარი ფობიის და ბევრი ფიქრის გარეშე, გულწრფელად მითხარი, დაჩი მოგწონს?

- დიახ.

- მის მიმართ ნდობის შიშის გარდა სხვა რამე გიშლის ხელს?

- ვფიქრობ, არა.

- შესანიშნავია, ამაა გამოვასწორებთ. ლილე, ხშირად ცხოვრება შანს გვაძლევს უკეთესი ცხოვრების დასაწყებად და ამ შანსს ვერც კი ვამჩნევთ, შეიძლება დაჩი ახლა სწორედ ეგ შანსი იყოს, მიეცი უფლება შენზე იზრუნოს, უყვარდე და გაგაბედნიეროს, მაგრამ ჯერ დარწმუნდი, რომ ის შენთვის სასურველი ადამიანია და შენს ნდობას იმსახურებს თუ არა. მოდი ამ თემას ხვალ ჩავუღრმავდეთ კარგი?

- კარგი და დიდი მადლობა, - ნაზად გაუღიმა ლილემ ნიკას.

- მადლობას რისთვის მიხდი?

- ახლა ვგრძნობ თქვენი წყალობით ჩემს გულში იმედის ნაპერწკალი როგორ ინთება, საუკეთესო ფსიქოთერაპევტი ხართ, - ნიკამ ყურებამდე გაუღიმა.

- ამის მოსმენა მიხარია, ორშაბათს შევხვდებით?

- რა თქმა უნდა.

ვფიქრობ მათი სეანსის ჩაწერის დასრულების დრო მოვიდა და კამერა გავთიშე. ლილეს ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, დიდი ალბათობით ნდობისადმი შიში მეც დამეწყებოდა. ლილე და მე ერთდროულად გამოვედით ოთახებიდან, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩემი ძმის კაბინეტში შევედი, აშკარად იმ ლეკვს ვგავდი, რომელმაც იცის, რომ რაღაც დააშავა და ყველაფერი სახეზე აწერია.

- ვიქტორია, რა გააკეთე? - მაშინვე მკითხა ნიკამ.

- ძალიან დიდი ბოდიში, შემთხვევით თქვენს საუბარს მოვუსმინე, უბრალოდ ვიდეოს გადაღებას ვამოწმებდი, რომ რამე ხარვეზი არ ჰქონოდა და ლილეს ამბავი ისე საინტერესოდ ჟღერდა, მოსმენას შევყევი, - სირცხვილის გრძნობამ შემომიტია და თავი ძირს დავხარე.

- იცოდე, შენც მომავალი ფსიქოლოგი ხარ და რაც პაციენტისგან გესმის, ამას თქვენ ორის გარდა სხვა არავინ გებულობს. ჩემი და ჩემი პაციენტის საუბარი მხოლოდ იმას უნდა ესმოდეს, ვინც ჩემს ოთახშია, და ამ ოთახში მშვენივრად იცი, რომ მხოლოდ ორი ადამიანია.

- შენ და შენი პაციენტი. მაპატიე, მეორედ აღარ ვიზამ.

- არა უშავს, ჩემი და ხარ და ჭორიკანა ნამდვილად არ ხარ. იცი, ფანჯარასთან დიდხანს ვიდექი და ცივი ქარი ქროდა, ეტყობა დამგრილა, უკვე დროა სახლში წავიდეთ და ცხელი შოკოლადი დავლიოთ.

- მე დღეს პაემანი მაქვს - პატარა ბავშვივით გავიღრიჯე, - ისე, ლილეს როცა ელაპარაკებოდი, სხვასაც რომ მოესმინა იფიქრებდა, რომ შეყვარებული მე კი არა შენ გყავს, - ნიკას გულწრფელად გაეცინა.

- არაა აუცილებელი შეყვარებული გყავდეს, რომ სიყვარულზე ილაპარაკო.

არაფერი მითქვამს, უბრალოდ თავი ოდნავ დავუქნიე. ნიკამ და მე მისი ოთახი მოვაწესრიგეთ, ნიკა პირველი წავიდა, მე კი შენობის წინ გავედი, რათა ჩემს შეყვარებულს დავლოდებოდი. შენობის წინ მანქანა გაჩერდა, ჩემი საყვარელი მოდელი იყო, ჩემს წინ მდგარ მშვენიერ “Ford Mustang Shelby GT500” მივაშტერდი, შემდეგ საათს დავხედე, ჩემი შეყვარებული აშკარად აგვიანებდა, უეცრად მანქანიდან სიგნალი გავიგონე, მძღოლი აშკარად მე მისიგნალებდა, გავიფიქრე, ალბათ ვიღაც ჩემთვის თავისი მანქანით შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს-მეთქი და მისკენ არც გამიხედია. მძღოლი ისევ მისიგნალებდა, მე კი გზას ვუყურებდი და ვერცხლისფერი „ტოიოტას“ გამოჩენას ვუცდიდი. ამასობაში ჩემი ტელეფონი გაზუზუნდა და როდესაც ჩემი შეყვარებულის ნომერი დავინახე, მაშინვე ვუპასუხე.

- იქნებ მანქანისკენ გამოიხედო, - სერიოზული ხმის ტონი ჰქონდა.

- რომელი მანქანისკენ? შენს მანქანას ვერსად ვხედავ, - აქეთ-იქით მიმოვიხედე და უფრო დავიბენი.

- შენ წინ ვდგავარ, ბოთე, - გავიგონე ალექსანდრემ ტელეფონში როგორ ჩაიცინა.

ჩემ წინ მდგარი შავი „Ford Shelby”-სკენ გავიხედე, რომელსაც ორი წითელი ზოლი ამშვენებდა, მძღოლის მხრიდან კარი გაიღო და ჩემი შეყვარებული დავინახე. არ ვიცი თავი როგორ შევიკავე, რომ ტელეფონი ხელიდან არ გამვარდნოდა. ქანდაკებასავით უძრავად ვიდექი, ამასობაში კი ალექსიმ მგზავრის კარი გამიღო და ხელით მანიშნა ჩავმჯდარიყავი, ასეც მოვიქეცი. ჯერ კიდევ შოკირებული ვიყავი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ოცნების მანქანაში ოდესმე ჩავჯდებოდი.

ალექსიმ მანქანა დაძრა და თვალს ჩემკენ აპარებდა, მე კვლავ გაკვირვებისგან ენა ჩამვარდნოდა, ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გამომხედა და გაიცინა.