შარადა
შარადა
დასაწყისი
მაისის თბილი დილა იყო, მზე ძველი უბნის ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს ათინათებად დაჰფენოდა. ახლად მორწყულ და სუფთად დაგვილ ქუჩაზე მიწისა და აყვავებული ხეების სურნელი იდგა . მსუბუქი ნიავი ჭადრის თეთრ ბუსუსებს ჰაერში ატრიალებდა, ახლად აყვავებული ხვიარა ვარდებისა და აზალიების ბუჩქები საოცარ სილამაზეს და ელფერს მატებდა ისედაც მშვენიერი არქიტექტურის ძველი სახლებით დამშვენებულ ქუჩას. მერცხლების ჟივილხივილი და სახურავებზე ჩამომსხდარი მტრედების ღუღუნი ქალაქის მთავარი საათის ხმამ დაახშო...
შავთელის ქუჩის კუთხეში მდებარე, პატარა ვინტაჟური კაფის ფანჯრის ორივე ფრთა გაიღო და ვიღაცამ პურის ნამცეცები გადმოყარა. იქვე პატარა შადრევანზე შემოსკუპებულმა ბეღურებმა, თვალი მოჰკრეს თუ არა, მყისვე ფანჯრის ძირთან გადმოფრინდნენ. კაფის შესასვლელში გაწოლილმა მთვლემარე კატამ, რომელიც დილის მზეს ეფიცხებოდა ჩიტებისკენ ზანტად გააპარა თვალი. წამოდგა, ზურგი მოიმრგვალა, გაიზმორა და თავდასხმმელის პოზა მიიღო. ის იყო ნახტომი უნდა გაეკეთებინა, რომ კაფის შიგნიდან ვიღაცის ხელმა ცოცხი მსუბუქად მოსცხო
- მურილიო !!! შე გაზულუქებულო! სჯობია თაგვებს მიხედო!!
ჩიტები დაფრთხნენ. დიდთავა, ნაცრისფერი, ყვითელთვალება კატა კი გაბუსხული და ნირწამხდარი სახით თავის ადგილს დაუბრუნდა. ორიოდე წუთში კაფიდან გამხდარი, აწოწილი, წინსაფრიანი გოგო გამოვიდა. შავი თმა ბიჭურად შეეჭრა, ძალიან თეთრი სახის კანი და დიდი ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა. პატარა თეფშზე დაყრილი მშრალი საკვები კატას წინ დაუდგა, ზემოდან ბლინი დაუმატა და ისევ უკან შებრუნდა. როგორც ჩანდა, კატა აქ დიდ პატივში იმყოფებოდა. ზანტად წამოიწია და ბლინს დააცხრა. ამასობაში ბეღურებს უკვე მოესწროთ და პირწმინდად მოესუფთავებინათ ნამცეცები.
კაფის გაღებული კარიდან გვერდულად გამოვიდა ფუშფუშა ქალბატონი, ხელში მოწნული
კალათა ეჭირა, ჭრელი ყვავილებიანი კაბა ეცვა და თავზე სასაცილო მოწნული შლაპა დაეფარებინა. ღაჟღაჟა ლოყებიანი მრგვალი სავსე სახე და პაჭუა ცხვირი ჰქონდა, ღია ფერის თვალები და წვრილი, მაღლა აზიდული წარბები. ტანთან შედარებით უჩვეულოდ მომცრო და ნატიფი თითები და ასევე უჩვეულოდ მკვირცხლი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა. მეორე ხელში საფულე ჩაებღუჯა. გამოსვლისთანავე მურილიო კრუტუნით ფეხებზე მოეგლასუნა. სხვა დროს ალბათ დაუყვავებდა ქალბატონი აკმა, მაგრამ ეხლა ძლივს გადარჩა, რომ ლამის წონასწორობადაკარგულმა ძირს არ მოადინა ზღართანი. ისევ თავის სიმკვირცხლემ უშველა და
საფულიანი ხელი კარის ჩარჩოს სტაცა, თავის შესამაგრებლად.
,-უხ ეს ზანტი კატაო !!!- წამოიძახა განაწყენებულმა და ოთახის სიღრმისკენ გასძახა -თუთა ! მე ბაზარში მივდივარ. ბიძაშენი სახელოსნოშია. ყურადღებით იყავი, დისტრიბუტორი ბიჭი მოვა და ტომრით ფქვილს მოიტანს. დეფიციტშიაო გამოაცხადეს და წინასწარ მოვიმარაგოთ ერთი-ორი კვირის სამყოფი. გადაღმა თონეშიც მაგათ მიაქვთ თურმე, ვანომ მიმასწავლა. ხოო, კიდე ასაწონ დროჟსაც დატოვებს. ფული გადახდილი მაქვს. როგორც კი მოიტანს, ბიძაშენს დაუძახე შემოგატანინოს, კატა არ აძვრეს ზედა. მე მალე მოვბრუნდები. ნადუღი და ჭარხლის ფოთლები უნდა მოვიტანო. საღამოს ის
უცხოელები მოდიან სავახშმოდ და კარქათ უნდა დავხვდეთ გენაცვა! აკმა ნახევრად სომეხი იყო, ნახევრად ბერძენი. თბილისსში დაბადებული გაზრდილი. დღე და ღამე ციბრუტივით ტრიალებდა სახლში, კაფეში, მეზობლებსაც და კაფის სტუმრებსაც განსაკუთრებით უყვარდათ, მისი ხალასი და მზრუნველი ხასიათის გამო. სახე სულ უღიმოდა და ჩაცმაც ისეთი ჭრელა-ჭრულა და ფერადი ჰქონდა, კანარის ჩიტივით თვალს და გულს ახარებდა და ახალისებდა. თუთა აკმას ქმრის- სულხანის ძმის შვილიშვილი იყო. ჭიათურაში ცხოვრობდა მისი ოჯახი. სკოლის მოსწავლე იყო. პანდემიამ ჯერ მოხუცი ბებია წაართვა და ბაბუა ლოგინს მიაჯაჭვა. მერე მაღარო ჩამოინგრა და მარჩენალი მამამისი
გამოეცალათ ხელიდან. დედა და უმცროსი და-ძმა დარჩა. ერთადერთი ვინც გაჭირვების პერიოდში გვერდით ედგათ სულხანი და მისი ცოლი იყვნენ. თბილისსში წამოიყვანეს ბაბუა. უმკურნალეს, თუმცა ფეხზე ვეღარ დადგა და ქალაქშიც აღარ გაჩერდა; ბოლო დღეები ჩემს კერაზე უნდა გავატარო და იქ დავლიო სულიო. რძალმაც ვერ დატოვა მოხუცი და უვლიდა, თავს ევლებოდა. თუთა უკვე დიდობდა 14-15 წლის იყო და დედას ეხმარებოდა.
ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რადგან მაინც ონლაინ სწავლაზე იყო, ახალი წლის მერე თბილისში ჩასულიყო და სულხანს და აკმას კაფის ამუშავებაში დახმარებოდა. რომ რაღაცით მაინც გადაეხადათ მათი ამაგი. ამასთან საჭირო უნარ-
ჩვევებსაც შეიძენდა. სანამ ზამთარი იყო ცოტა გაუჭირდა ხალხიც იმდენი არ შემოდიოდა კაფეში. მაგრამ ძველი ქალაქის უბნები ისე მოსწონდა, კარგ თავშესაქცევად ექცა, თავისუფალ დროს ქუჩებში სეირნობა და შენობების თვარიელება, განსაკუთრებით კი მშრალი ხიდი და იქ გამართული ძველმანების ბაზრობა იზიდავდა ...
☕️🐈🗝 კაფე
შავთელის ქუჩაზე მდებარე პატარა კაფე, სინამდვილეში საცხოვრებელი სახლის ქვედა სართული იყო. ეს სახლი თავის დროზე რომელიღაც აზნაურ გენერალს ეკუთვნოდა, შემდეგ ვიღაც მოგზაურს შეეძინა და რამოდენიმე ხნით უცხოვრია, რაღაც
დროის მერე კი პარიზში წასულა და მის მერე მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. სახლი კაი ხანს გამოკეტილი და უპატრონო ყოფილა. ერთ დღეს მოგზაურისგან წერილი მოსულა უბნის სახლთმმართველის სახელზე, სადაც წერდა, რომ სახლი გაეყიდათ რამდენადაც გაიყიდებოდა და თანხა მის სახელზე გადაეგზავნათ. სწორედ ასე შეიძინა აკმას მამამ ეს სახლი, ავლაბარში მდებარე ნახევრსარდაფი, სადაც წლები ცხოვრობდნენ- გაყიდა, დანაზოგი თანხა დაამატა და ამ კოხტა ორსართულიან სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად ცოლთან და სამ შვილთან ერთად. ზედა სართული საცხოვრებლად გამოყვეს, ქვედაში კი ქსოვილების მაღაზია მოაწყვეს, პატარა სამკერვალოთი. აკმას მამა
ხელოსანი იყო ოქრომჭედელი, დედა კი მკერავი, უფროსმა ტყუპმა ძმებმა ინსტიტუტები დაამთავრეს და საავიაციოში მოეწყვნენ, მერე დაოჯახდნენ და ოთხმოცდაათიანებში ცხოვრება რომ გაჭირდა ორივენი ემიგრაციაში წავიდნენ ოჯახებთან ერთად. აკმა ძმებზე ბევრად უმცროსი იყო, სულხანი სტუდენტობის დროს გაიცნო, საპროვიზოროზე როცა სწავლობდა, სულხანი გრავირებით იყო დაინტერესებული, ჭიათურის მაღაროებში ძრომიალს ქალაქში ჩამოსვლა და აქ მუშაობა არჩია, ჯანმრთელობაც არ უწყობდა ხელს , ბავშვობიდან სუსტი ფილტვები ჰქონდა და მამამისიც ხედავდა რომ მაღაროსთვის არ გამოდგებოდა და არც ემეტებოდა. თბილისში წამოსვლაზე ხელი შეუწყო და მალე
სულხანი სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. თავიდან სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ლითოგრაფიაზე, მერე ვერცხლის ქუჩაზე მოხვდა ოქრომჭედლების სახლოსნოში; იქ აკმას მამა გაიცნო და მასთან დაიხვეწა პროფესიულად. აკმა რომ ნახა , ერთი ნახვით ჩაუვარდა გულში და საბოლოოდ გადაიფიქრა სოფელში დაბრუნება, გადაწყვიტა თბილისში დაფუძნებულიყო, დღე და ღამეს ასწორებდა და საკუთარი შრომით იმდენი შეძლო, ორ წელში ერთოთახიანი პატარა ბინა შეიძინა ორთაჭალაში. არც აკმა იყო გულგრილი, სულხანს ყველაფერში ეტყობოდა რომ პატიოსანი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა იყო. მალე აკმას მშობლებს მისი ხელი სთხოვა და მალევე იქორწინეს. ჯერ
ორთაჭალაში იცხოვრეს, მერე კი აკმას ძმებმა გამგზავრება რომ დააპირეს, სთხოვეს მშობლებთან გადმოსულიყვნენ და მიეხედათ, სანამ დაბრუნდებოდნენ. მაგრამ დროსთან ერთად დაბრუნება გადაიფიქრეს, ისრაელში კარგად აეწყვნენ და დაფუძდნენ. ფინანსურად ეხმარებოდნენ და ხანდახან ჩამოდიიდნენ კიდეც. აკმა და სულხანი აკმას მშობლებს არაფერს აკლებდნენ. მშობლები როცა გარდაიცვალნენ, ძმებმა უარი თქვეს მშობლების ქონებაზე და შავთელის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი მათლიანად აკმას და სულხანს დაუთმეს. ჩვენ მანდ საცხოვრებლად ჩამომსველელბი აღარ ვართ ,ისე მივეჩვით უკვე იქ ცხოვრებას და თქვენი იყოს ეგ სახლი, მხოლოდ
ხანდახან გესტუმრებით ხოლმეო. აკმას და სულხანის ერთადერთი შვილიც ბიძების კვალს გაყვა, დიდ ავიაციაში ინჟინრად წავიდა და ეხლა ამერიკაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, დაბრუნებს არც ის ჩქარობდა.
დარჩნენ ამხელა ორსართულიან სახლში მარტო აკმა და სულხანი, უკანა ეზოში სულხანმა სახლოსნო გაიკეთა, სახლში მუშაობდა ოღონდ ამჯერად ისევ გრავირებას დაუბრუნდა, გულს აყოლებდა. თავიდან სტუდენტებზე აქირავებდნენ პირველ სართულს, მერე რომ ნახეს ირგვლივ ყველამ კაფეებად გადააკეთა სახლები, იფიქრეს ჩვენც ხომ ად გავაკეთოთ კაფეო, მითუმეტეს, რომ აკმა კარგი კულინარი იყო. შვილს დაურეკეს და რჩევა კითხეს, იმანაც მოუწონა იდეა,
ცოტა გახალისდებით და ქალაქის ტურისტულ განვითარებაში თქვენს წვლილსაც შეიტანთო. საჭირო თანხები გამოუგზავნა და რამოდენიმე კვირაში , მშვენიერი ვინტაჟური კაფე მზად იყო. თანხის ძირითადი ნაწილი კედლების გამაგრებას და გაყვანილობას დასჭირდა ,ხოლო დანარჩენი თითქმის ყველაფერი აკმას გემოვნებით იყიდეს და მოაწყვეს, როცა საქმე ინვენტარზე მიდგა აკმამ თანამედროვე ჭურჭელი იუარა , დედამისის დანატოვარი სერვიზები გადმოალაგა, ზოგი
რამე-რუმეებიც დიდი ძველებური სამოვარი, მერლხიორის დანა-ჩანგალი მშრალი ხიდიდან მოზიდა, მაგიდის გადასაფარებელი და ფარდები თავად შეკერა. გზის პირას რომ ფანჯარა იყო, იმისთვის კერძო
ხელოსანს ლამაზად მოხატული ფერადი ვიტრაჟები შეუკვეთა, ძველებური მეორადი ავეჯი ინტერნეტით იყიდა სახლებიდან და რესტავრირება გააკეთებინა, მეორე სართულიდან ძველებური დედამისის ნაქონი ბუფეტი ჩამოიტანა, ზედ დედამისის ხელით ნაქარგი ტილო დააფინა და ვინტაჟური ჭურჭლით გაავსო. რაც ცალ-ცალი ფინჯნები დარჩა , ჭერში თოკებით ჩამოკიდა სხვადასხვა სიმაღლეზე, ძველებური ფაიფურის სანთლებიანი ჭაღი უფრო დაამშვენა ამ ახალმა კომპოზიციამ. მერე ძველი პიანინო იყიდა კაპიკებად, ვიღაცამ მოიშორა სახლიდან რელიქვია, ხელოსანს ააწყობინა, გააპრიალა და კაფის მარჯვენა მხარეს მიუჩინა ადგილი, ბუხრის გვერდით. არაფერი სჯობდა
ზამთარში ამ ბუხრის ტკაცატკუცის მოსმენას, მეტადრე თუ რომელიმე სტუმარი პიანინოს მიუჯდებოდა და გემოვნებიან მუსიკას დაუკრავდა. გაზაფხულიდან მოყოლებული ,გვიან შემოდგომამდე კი კაფე ნაირ-ნაირი ყვავილებით ივსებოდა, მაგიდებზე დიდი ლარნაკებით დადგამდა ხოლმე ყვავილებს და სუფრა მათ ირგვლივ იშლებოდა, სულ ოთხი მაგიდა ედგა ბუფეტთან მოგრძო ბარი ჰქონდა მიდგმული, სადაც მხოლოდ უალკოჰოლო სასმელები და მშრალი ნამცხვრეულობა ელაგა. ერთი სიტყვით თუ ვინტაჟის მოყვარული ბრძანდებოდით , ეს გარემო მისწრება იყო, კარს შეაღებდით თუ არა ზღაპრულ გარემოში აღმოჩნდებოდით. ალკოჰოლს ამ კაფეში ვერასდროს დალევდით, მხოლოდ საახალწლოდ
მზადდებიდა გლინტვეინი, ან თუ უცხოელი სტუმარი მოისურვებდა ქართული ღვინის გასინჯვას, მაგ შემთხვევაში თითო ბოთლი მათ საპატივცემულოდ იხსნებოდა. მთავარი და ერთადერთი მზარეულიც აკმა იყო, კულინარიაში ბადალი არ ჰყავდა, სადილებიც გემრიელი გამოსდიოდა და დესერტები და ნამცხვრებიც. სტუმრებისგან მისი ნახელავი ყოველთვის შექებას იმსახურებდა ხოლმე. კაფეს ძირითადად ახალგაზრდები, სიძველეების მოყვარულნი და ხელოვანი ხალხი სტუმრობდა, ასევე ხშირად ჰყავდათ უცხოელი სტუმრებიც, რომლებსაც ერთმანეთისგან სმენოდათ ამ კაფის არსებობის შესახებ.
როდესაც კაფე პანდემიისას რეგულაციების გამო კაი ხნით
დაიკეტა, აკმას აღარც ჰქონდა იმედი, თუ ოდესმე ისევ გახსნიდნენ, მოიწყინა, დეპრესიული გახდა, ვეღარც მურილიო ართობდა. მთელი დღეები ხან ძველი სურათების ალბომს ჩასჩერებოდა , ხანაც შვილის ან რძლის ვიდეო ზარს უცდიდა, რომ ერთი წლის შვილიშვილი დაენახა და შორიდან მოსიყვარულებოდა. მაგრამ როგორც კი რეგულაციები მოიხსნა და კაფეებს გახსნის უფლება მისცეს აკმა გამოცოცხლდა, დატრიალდა , დახეხა, გააწკრიალა ყველაფერი, მენიუც განაახლა და სტუმრების მოლოდინში გული სიხარულით უცემდა. სულხანმა როცა თუთას ქალაქში გადმოყვანაზე უთხრა, მაშინ ხომ სულ გადაირია სიხარულით, ,,ვუაიმე რა კარქია გენაცვა, მაგას მიმალავდი
ცავატანემ? ჩამოიყვა შენი გოგო, ისე გავერთოთ და ვიხალისოთ, მთელ ტფილისსში ვერავინ გვაჯობოს!!! ნახე როგორ გაგვახალისოს ჩვენმა თუთამა ჯან !? ჩამოსვლისთანავე თუთა გულში და სულში ჩაიკრა აკმამაც და სულხანმაც, დიდად არაფერს ავალებდნენ, ჰყავდათ ორი დამხმარე ქალი ერთი ალაგებდა და მეორე აკმას ეხმარებოდა სამზარეულოში და ორიც მიმტანი, იმ შემთხვევაში თუ საღამოს ბევრ სტუმარს ელოდებოდნენ. თუთას ძირითადად უცხოელებთან კონტაქტი ევალებოდა, რადგან ინგლისური კარგად იცოდა და ხანდახან აკმა თუ გააგზავნიდა ცოლმე რამის მოსატანად ახლომახლო მაღაზიებში. სულხანის რძალი უცხოელი იყო და მათი კაფის გვერდი ჰქონდა შექმნილი და
ფოტოებით და მენიუთი აცნობდა კაფის შესახებ, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა ტურისტებს შორის. უმეტესად საქართველოში ჩამოსვლამდე ჯავშნიდნენ ხოლმე სადილს ან ვახშამს. ასე იყო დღესაც, უცხოელ სტუმრებს ელოდნენ ვახშამზე...
🏺🗝🐈 უცნაური ბიჭი
აკმა როგორც კი წავიდა, თუთამ ორივე კარი მიხურა. მაგრამ მერე იფიქრა ვინმემ რომ დაიძახოს, შეიძლება ვერ გავიგოო და ცალი კარი ოდნავ შეღებული დატოვა. სამზარეულოში შევიდა და ცხელი შოკოლადი ფინჯანში ჩამოისხა. მერე ძველებური სამფეხა ბროლის სანამცხვრიდან კრუასანი ამოიღო, თეფშზე დადო და მაგიდასთან
მოკალათდა. ცხელი შოკოლადი მოსვა და კრუასანი გემრიელად ჩაკბიჩა. არა აკმას ნამდვილად ჯადოსნური ხელი ჰქონდა. იმიტომაც იყო, ვინც ერთხელ მაინც გასინჯავდა მის ნახელავს, აუცილებლად ბრუნდებოდა კაფეში, მისი ცნობილი გემრიელობების დასაგემოვნებლად. საათს შეხედა , ჯერ ათის ნახევარიც არ იყო. დღეს შაბათი იყო და შესაბამისად არც ონლაინ გაკვეთილები ჰქონდა. აკმა რომ დაბრუნდებოდა, ცოტას მიეხმარებოდა რაღაცეებში, ან სადმე გაეგზავნებოდა თუ გააგზავნიდნენ, მერე კი საღამომდე თავისუფალი იქნებოდა. სანამ სტუმრები მოვიდოდნენ შეეძლო მშრალ ხიდზე გაესეირნა, თუ წვიმა არ შეუშლიდა ხელს. რატომაც არაო - გაიფიქრა, მშვენიერი საბოდიალო
დღე იყო, თუ ამინდიც შეუწყობდა ხელს. მზე კარგად ამოსულიყო უკვე და ფანჯრის ფერად ვიტრაჟებიდან ათასფერ ფერებად ეფინებოდა კაფის კედლებს და იატაკს. ცაც მოწმენდილი იყო, მაგრამ მაინც ამინდის შესამოწმებლად ლეპტოპი გახსნა, 7 მაისის გასწვრივ მზიან ამინდს აჩვენებდა, ნაწილობრივ მოღრუბლულს. ქუჩაზე სიმშვიდე იყო, როგორც წესი აქ 12 საათის მერე იწყებდა ხალხი მოძრაობას, თუ არ ჩავთვლიდით კაფე-რესტორნების მეპატრონეებს და მხატვრებს, რომლებიც დილიდან გამოფენდნენ ხოლმე თავიაანთ ნახატებს. საღამოს კი აქაურობა სულ მთლად გადაივსებოდა ხოლმე, ადგილობრივებით და სხავდასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებით. ფინჯანი და თეფში
გარეცხა, კაფის რაფაზე მიმაგრებულ ქოთნის ყვავილებს წყალი დაუსხა და მზეზე მიფიცხებულ მურილიოს ხელით ცოტა წყალი მიაწუწა. მურილიო ზანტად აიზლაზნა და მოშორებით გადაწვა. თუთამ გაიფიქრა - ასეთი ზანტი ცხოველის მნახველი არ ვარო! და ის იყო ფანჯარას უნდა მოცილებოდა, რომ უცაბედად გზის გადასწვრივ მდებარე შადრევნის ძირში მოღუღუნე მტრედების გუნდი ერთიანად დაფრთხა და სახურავებისკენ აიჭრა. ამას ქვაფენილზე სწრაფად მორბენალი ფეხის ხმა დაემატა. შენობის მარჯვენა მხრიდან ვიღაც ბიჭმა მთელი სისწრაფით ჩაურბინა ფანჯარას, კაფის წინ გამოდგმულ აბრას წამოედო, გადააყირავა, იქვე მწოლიარე მურილიოს ზედ
გადაახტა და მეზობელი სახლის გამოწეულ კედელს ინერციით შეასკდა. მაგრამ დაცემისგან თავი მაინც შეიმაგრა, მერე ძირს გაგორებულ რაღაც პატარა ნივთს სწრაფი მოძრაობით დასწვდა და სანამ გაოგნებული თუთა აზრზე მოვიდოდა და აფხორილი მურილიო მიხვდებოდა თუ რა მოხდა, კაფის ღია კარში შევარდა. კარი ფრთხილად მოიხურა და თვალებით თითქოს დასამალ ადგილს ეძებსო, ყველა კუთხე სწრფად მოათვარიელა. თუთა რომ დაინახა შეცბა და მომენტალურად გაშეშდ. გარეთ ფანჯარას რამოდენიმე ციგნის ბავშვმა ჩაურბინა ხმაურით, აშკარა იყო ვისაც მისდევდნენ ...
ბიჭს მოგრძო მსხვილი ხვეული თმა შუბლზე ჩამოყროდა, მუქი კანი და უფრო მუქი თვალები ჰქონდა.
ასაკით თუთას ტოლი ან ცოტათი უფროსი იქნებოდა. ხაკისფერი შარვალი და შავი კედები ეცვა. მარჯვენა ხელზე ტყავი სამაჯურები და შავი ბურთულებიანი მძივები ჰქონდა ასხმული. თეთრ მაისურზე გვერდულად ბრტყელ სამხრეებიანი ფოტოაპარატი გადაეკიდა და წელზე შავი პატარა ტყავის ჩანთა ეკეთა, სადაც სასწრაფოდ დამალა რაღაცა პატარა შავი საგანი. თითქოს ქართველს არ ჰგავდა, ზედმეტად მუქი კანი ჰქონდა, მაგრამ არც ციგანს გავდა, არც ქურდს, მაგრამ არც ნდობას იწვევდა. თუთამ ყოველი შემთხვევისთვის ზურგს უკან მაგიდაზე დადებული ცომის საბრტყელებელი ხელით მოსინჯა. შეეცადა ხმაში შიში არ გარეოდა და რაც შეეძლო კატეგორიული ტონით მიმართა -დაკეტილები ვართ!!!
რაზეც პასუხი იყო - ეუფ! კაი ერთი! წყალი შეიძლება?
-არა! დაიძაბა თუთა
-ბევრი ყინულით! უტიფრად გააგრძელა ბიჭმა და სკამზე ანიშნა -დაჯდომა ხომ შეიძლებაო. და სანამ პასუხს მიიღებდა უკვე მოკალათდა. თუთამ იმ წამს ბევრი რამ გაიფიქრა: ვიყვირებ და სულხანი შემოვაო, ცომის საბრტყელებელით მოგერიებაც განიხილებოდა ერთ-ერთ გეგმად, მაგრამ რადგან უცნობი ჩამოჯდა ეგ გადაიფიქრა. მანიაკი ან თავდამსხმელი რომ იყოს არ დაჯდებოდაო. ბოლოს სიბრაზეს მაინც ცნობისმოყვარეობამ სძლია, ზუსტად ნიჟარასთან იდგა ფეხის მოცლაც არ დასჭირვებია ,ოდნავ მიბრუნდა და ჭიქა წყლით აავსო. თან ბიჭს თვალს არ აცილებდა, წინ ორი ნაბიჯი წადგა, ხელი რაც
შეეძლო მაქსიმალურად დაიგრძელა და ჭიქა მაგიდის კიდეზე დადო და მეტი დამაჯერებლობისთვის - ცივიაო ! დაამატა. რადგან ადგილიდან განძრევას და მაცივრიდან ყინულის გამოღებას ნამდვილად არ აპირებდა. ბიჭმა წყალი სულმოუთქმელად დალია -მადლობაო თქვა და წამოდგა. იდაყვი ამოატრიალა და მოზრდილი ნაკაწრი შეათვარიელა. იდაყვის ზემოთ ჰორიზინტზე ჩამავალი ალისფერი მზე ჰქონდა ამოსვირინგებული, რომლის დაბლაც იდაყვთან უფრო ახლოს სამი პატარა პირამიდა ეხატა, პირამიდებს წვერებთან თითოს თითო ერთნაირი ზომის წერტილი ჰქონდა. მზე და წერტილები ფერადი იყო პირამიდები კი შავად მოხაზული. ნაკაწრი მაისურის
მკლავის შიდა მხრიდან მოდიოდა და ზუსტად მზეს კვეთდა შუაში. უკეთ დასათვარიელებლად მაისურის მკლავი აიწია და -არაფერიაო თქვა. ამ დროს ციგნის ბავშვების იგივე ჯგუფმა ხმაურით გამოირბინა და კაფის წინ შადრევანთან შეჩერდნენ. რიგ-რიგობით სვამდნენ წყალს. თან ყურადღებით მოათვარიელეს ახლო-მახლო ტერიტორია. ბიჭმა თვალი მოჰკრა თუ არა, სწრაფად დაიკუზა, რომ გარეთ მდგომებს არ შეემჩნიათ და თუთას ანიშნა- ფანჯარა მიხურეო. თუთამაც დაუჯერა. რატომ დაუჯერა იმ მომენტში არ იცოდა, მაგრამ ინტუიციურად მოქმედებდა.
-მგონი შენ გეძებენ და შენ კი ემალები, მგონი დროა თქვა რა ხდება. ან რატომ მოგდევდნენ ! უთხრა ბიჭს და დაჟინებული მზერა მიაპყრო.
-შენი საქმე არაა!!! სხარტად მიახალა ბიჭმა.
-კაი, როგორც გინდა!! უდარდელად უპასუხა თუთამ. იფიქრა თამაშში ავყვები და ამას ვასწავლი ეხლა ჭკუასო. ფანჯარასთან მივიდა და - აქ ძალიან დაიხუთა ჰაერი მგონი და ჯობია გავანიავებო.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
ორივე დაიძაბა, თუთამ იფიქრა აკმა დაბრუნდაო და როგორ ავუხსნი აქ რა ხდებაო, მითუმეტეს რომ თვითონაც ვერ გარკვეულიყო და ხდებოდა. ისიც იფიქრა ციგნის ბავშვები აკაკუნებენო, ბიჭმაც მგონი იგივე იფიქრა. ცხადი იყო, რადგან აკვარეუმში მომწყვდეული ზაზუნასავით დაფაცურდა და აქეთ იქით მიაწყდა მაგიდებს. კაკუნი ისევ გაისმა, თუთა კარისკენ გაემართა. ბიჭმა კი დრო იხელთა და
პიანინოზე მდგარ დიდ როკოკოს ვაზას ხელი დასტაცა, შიგ ჩაწყობილი ჰორტენზიების თაიგული სწრაფად ამოიღო, წელის ჩანთა მეორე ხელით გახსნა, რაღაცა ამოიღო და ვაზაში ჩააგდო, ყვავილებიც უკან დააბრუნა. ამასობაში თუთამ კარი გამოაღო და კართან დაბღვერილი 30 წლამდე ახალგაზრდა იდგა, თუთა დაიბნა- რა გნებავთო?
-ფქვილი მოვიტანეთ, აკმამ დაგვაბარაო ! თქვა უკმაყოფილო ტონით და ჯუჯღუნით, აქაო და რას მალოდინებთო. ეხლაღა გაახსენდა თუთას აკმამ რაც დაუბარა დილით, ფქვილს მოიტანს დისტრიბუტორიო.
- აა ჰოო.. დიახო! გამოერკვა თუთა, დისტრიბუტორი მანქანის საბარგულთან მივიდა რის ვაი ვაგლახით ტომარა გადმოათრია და -
ამიწე მოდი გაინძერი, რას დგახარო!! თუთას ეგონა მე მეუბნებაო, მაგრამ მერე მიხვდა დისტრიბუტორი იმ უცხო ბიჭს უყურებდა. ისაც შინაურულად დასწვდა და უცებ შემოატანინა ტომარა. მერე ფრთხილად კაფის გარეთა ტერიტორია მოათვარიელა და რომ დარწმუნდა ციგნის ბავშვები აღარ ჩანანო, ხელები გაიფერთხა, დისტრიბუტორს მხარზე დაჰკრა საქმიანად- მადლობაო! გაოგნებულ და დაბნეულ თუთას ხელი აუწია ჩაოო!!! მიაძახა, თითქმის სირბილით შავთელის ქუჩიდან ანჩისხატის ტაძრისკენ ჩამავალი კიბით თავქვე დაეშვა და გაუჩინარდა...