ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ადამის შვილები

ადამის შვილები

ადამის შვილები

 

ქეთევან კუხალეიშვილი

 

 

შესავალი

გამარჯობა მკითხველო, მე ქეთი ვარ, ავტორი და ნაწარმოების გმირი. მინდა მოგიყვეთ რატომ ხართ დღეს ჩემთან ერთად და რა ხდებოდა ჩემს თავში, როცა ამ წიგნზე მუშაობა დავიწყე. საუკუნეების, დეკადების, წლების, თვეებისა და დღეების მანძილზე ყოველთვის ასე იყო. მინიმუმ შვიდი მილიარდი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იღვიძებდა და თავის ცხოვრებას წერდა. ზოგი ხალისით, ზოგი ბოღმით, ზოგი ბედნიერებით, ზოგიც კი შურით, ზოგიც სიყვარულით, ზოგიც კი სიძულვულით, ზოგისთვის ყოველი დღე ფერადი იყო, ზოგისთვის კი უღიმღამო, თუმცა ისებიც ვარსებობთ ვისთვისაც დღე შეიძლება ყველანაირი იყოს, ცხოვრება კი მითუმეტეს.

           ხშირად ვამბობთ ხოლმე ერთმანეთზე „როგორი უცნაური ადამიანია?“ თუმცა ჩვენ ყველანი უცნაურები ვართ ერთმანეთისთვის, შეიძლება ერთის ხასიათი შენს ხასიათთან უფრო ახლოს იყოს და ვიდრე მეორესი, მაგრამ მერწმუნეთ იმ მეორესთვის თქვენც უცნაურები ხართ.

ვერ გეტყვით ეს როდის დაიწყო, მაგრამ ხშირად უბრალოდ ქუჩაში მიმავალ ადამიანზეც კი მიფიქრია „ნეტავ საიდან მოდის, რას ფიქრობს, რას გრძნობს, როგორ გაიღვიძა, პირველი რა გააკეთა, უბრალოდ მაღვიძარა გამორთო, ადგა და მოემზადა თუ ძილი შეიბრუნდა და მერე სახლიდან გასვლის დრომდე 10 წუთით ადრე ირბინა სახლში მოსამზადებლად, რატო ჩაიცვა ასეთი მუქი სამოსი ? მოწყენილია თუ უბრალოდ ელეგანტურია მისთვის ? სად მიდის ამ დროს ? ნეტა სად მუშაობს, რა საქმე ელოდება წინ, მაგრამ მოიცათ, ეს ადამიანი კარგი მაგრამ ის ადამიანი რას შვება ვინც უბრალოდ სახლშია და წასასვლელი არ აქვს ? ის რაზე ფიქრობს ?“ ბევრჯერ გამოვსულვარ საკუთარი თავიდან და მინატრია სხვისი არსებობით მეცხოვრა, თუნდაც ერთი დღე, მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება, მე ვერც დედის ყოველდღიური ცხოვრებას გავიგებ ბოლომდე, მიუხედავად იმისა რომ ზეპირად ვიცი მისი ქცევები, როგორ გულით ამზადებს ყავას და მოაქვს ლოგინში ღიმილით, როგორ გწერს პიჯვარს სახლიდან გასვლისას და როგორ ლოცულობს მუხლოყრილი ხატების წინ. სწორედ ამიტომ ფანტაზიას მივმართავდი, ვფიქრობდი იმ მუქ ტანისსამოსიანზეც, იმაზეც ვინც მაღვიძარამ გააღვიძა, იმაზეც ვისაც ჩაეძინა, იმაზეც ვისაც 24 საათი საქმეების მოსაგვარებლად არ ყოფნიდა და იმაზეც ვისაც წასავლელიც კი არასად ქონდა. ვფიქრობდი რატომ და რისთვის ცხოვრობდენენ ადამიანები. ამ ფიქრების საწყისი ალბათ მეექვსე კლასში ბუნების გაკეთვილიდან დაიწყო, როცა მასწავლებელმა გალაქტიკაზე გვიამბო, ჩვენს ადგილზე და არსებობაზე, გაჩენასა და სავარაუდო გაქრობაზე. მან თქვა რომ ერთ დღეს შეიძლება საერთოდ აღარ იარსებონ ადამიანებმა და დედამიწა უსიცოცხლო პლანეტა გახდეს.  იმ დღეს სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. ბავშვი ვიყავი ალბათ სიკვდილზე ფიქრიც მაშინებდა, მაგრამ ყველა ? მთელი დედამიწა ? ცხოვრებას ბუნების საჩუქრად ვთვლიდი და ამიტომ სულ დედის ნათქვამი ანდაზა მახსენდებოდა - ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, ქარის მოტანილს ქარი წაიღებს - ძილშიც კი ვიმეორებდი სიტყვებს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, საუკუნეების მანძილზე ამდენი რამ იმიტომ შევქმენით რომ უკვალოდ გამქრალიყო ? ამდენი იმიტომ ვისწავლეთ რომ წყალში ჩაგვეყარა ? ამდენი იმიტომ ვიომეთ რომ ბოლო ნაკადის ხალხი ერთად დახოცილიყო ? ამდენჯერ იმისთვის შევიყვარეთ და ვშობეთ სიყვარულის ნაყოფი რომ დედამიწის გაქრობას მოსწრებოდნენ ? რაში იყო ჩემი ან ამდენი ადამიანის ცხოვრების არსი ? იქამდე გაძლებაში სანამდეც ცხოვრება საშუალებას მოგვცემდა ? მე მეექვსე კლასელს ჩემი თინეიჯერული პრობლემები მქონდა, კომპლექსები, თავის დამკვიდრება, თავის შეყვარება, ინდივიდად ჩამოყალიბება, არ ვიყავი მზად იმ აზრებისთვის რაც ერთიანად დამატყდა თავს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ნაშენები ისე უნდა განადგურებულიყო, როგორც ცელქი ბავშვები ანადგურებდნენ ჭიანჭველის ბუდეს, ან წყალს ასხამდნენ ან ცეცხლს უკიდებდნენ ან ბურთს ესროდნენ.

დროსთან ერთად, კითხვები ტაშივით ავაყოლე ერთმანეთს. შენ მკითხველო, როგორ ფიქრობთ, ყველა ადამიანი თავის თამაშს თვითონ ქმნის და თამაშობს თუ უკვე შექმნილის შემანდგელობას ერგება ? თუ უბრალოდ სურვილი აქვს განსხვავებული იყოს ? იქნებ მის ტყავში ყოფნა ურჩევნია, გამოწვევების გარეშეე ? იქნებ ბედს თანხმდება და რასაც ყოველი ახალი დღე მოუტანს იმას ჯერდება? ამ ყველაფრიდან რომელი ჯობია ? იყო ადამიანი ვინც მის ცხოვრებას თვითონ ქმნის რისკებითა და დრამით თუ მშვიდად განვლო ეს რამდენიმე ათწლეულიანი ცხოვრება ? 

ალბათ ბედს უნდა დათანხმდე და თან შენი ცხოვერების გამგე თვითონ იყო. მე სურვილი მაქვს რომ ჩემ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებდე, თვითონ ვაწყობდე ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს, თუმცა ჩემი ჭადრაკის დაფაზე არასდროს ვითამაშებდი განსაზღვრული მიმართულებებით, ისეთებით როგორიც ცხენს, ვეზირს და პაიკს აქვს. სხვათაშორის არც მეფე-დედოფლობა მაწყობს, რადგან ზოგჯერ ისეც უნდა ქნა რომ დაფას გაცდე, სადმე გადაეშვა და რაღაც პერიოდი არც კი იფიქრო როდის რა ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისთვის.

ჩვენ ყველას ცხოვრების ამოუხნსელი, გიჟური სურვილი გვაქვს, ჩემი მიზანი კი ამის ამოხსნა იყო, რატომ, რისთვის ვიბრძით, ვომობთ, ვმეგობრობთ, ვიყვარებთ, ვქმნით ან ვანგრევთ. მე ჩემი გიჟური სურვილი უნდა მქონდეს, შენ შენი და იმ მინიმუმ შვიდ მილიარდ ადამიანს ვისაც არ ვიცნობ და ცხოვრებაც არ მეყოფა მათ გასაცნობად კიდევ თავისი სურვილები აქვთ, შეიძლება ერთმანეთის მსგავსი ან სრულიად განსხვავებული, თუმცა მაინც ერთი მიზანი ამოძრავებს მთელს მსოფლიოში ყველას - იცოცხლოს.

 

 

 

I

სახელი : ემიკო

ასაკი :75

ხასიათი : მზრუნველი

ცხოვრების მიზანი : ყველა ასაკში სხვადასხვა, დღეს ოჯახი.

 

           სოფლის ლამაზ და სამი ადამიანისთვის საკმაოდ დიდ სახლში ისევ ისეთი დღე გათენდა როგორიც ბოლო ასი წლის მანძილზეა. სულ რაღაც 6 საათია, თუმცა სახლში ერთ მკვიდრს უკვე გაეღვიძა, დინჯად აახამხამა თვალები, ღრმად ამოისუნთქა, ლოგინიდან ჯერ მარჯვენა ფეხი გადმოდგა, შემდეგ მარცხენა, იქვე ჩამოჯდა და ფიქრბმა წაიღო. ის რაც ძილში იკარგებოდა, სიფხიზლის პირველივე შეგნებულ წამზე გაახლდა. „ჩემი ბაშვები“ - ეს იყო ბატონის პირველი ფიქრი. ტანისამოსი იქვე მაგიდის სკამიდან აიღო და ჩაიცვა, ჩუმად გამოვიდა ოთახიდან რომ ცოლი არ გაეღვიძებინა და ეზოში გავიდა. გაზაფხულის სუსხიანი დილა იყო, მზე ცაზე წითელ ლაქებს აჩენდა, ახალი დღე იწყებოდა სამყაროსთვისაც, ემიკოსთვისაც და მილიარდი ადამიანისთვისაც ვისაც სიცოცხლე არგუნა ბედმა.

           ბუნებით ტკბობა კატის კნავილმა შეწყვიტა „მიაუ“ ასე იწყებოდა ემიკოს ყოველი დილა, ეზოში გასვლის წამიდან მის გვერდით ჯეკო ჩნდებოდა, პატარა მსუნაგი ფისო, რომელიც მის ხელებში გაიზარდა.

-ოხ შე მსუნაგო ჯეკო, „ღამის კლუბიდან“ ბრუნები ?! - ასე მიეფერებოდა ყოველ დილით კატას, რომელიც თანხმობის ნიშნად თავით ფეხზე ეხახუნებოდა დიდ მეგობარს და საჭმელად მიყვებოდა.

-ანუ გამოდის რომ დღეს ისევ შენ უნდა მიირთვა ჩემზე ადრე - ეზოს ერთად შემოივლიდნენ, ახალ დღეს მიესალმებოდნენ, ქათმებს გამოუშვებდნენ თავის პატარა ეზოში, ძაღლს საჭმელს დაუყრიდნენ, სახლის დაცვისთვის გაუღიმებდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.

-ეკას შენი საჭმელი დაავიწყდა, დღეს ნადუღს შეჭამ, იქნებ პაშტეტიც ჭამო და მერე მე მაცადო თავის მოვლა ?

ჯეკოსთვის საჭმლის მიწოდების შემდეგ დგებოდა თავის მოვლის დროც, ბანაობა, ჭამა, ახალი ამბების მოსმენა და ყველაზე საყვარელი ეზოს მიხედვა. ემიკოს ძალიან დიდი ეზო ქონდა, სადაც ბევრი ყვავილები ხაროდა, ბევრი ხეები იყო, პალმები და პატარა ბოსტანიც. თავის შესაქცევი იყო პენსიონერი კაცისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება დაფასებულ შრომაში გაატარა.

მკვითხველო, თქვენი აზრით რაზე უნდა ფიქრობდეს პენსიონერი კაცი დღის მანძილზე, ორი ახალგაზრდა შვილით და არცერთი შვილისშვილით ? სწორად მიხვდი, ბავშვებზე, გვარის გაგრძელებაზე და იმაზე რომ მოიწყინა. ხო ემიკოც თავის მოვლის შემდეგ ამას ფიქრობდა დილიდან მზის ჩასვლის ყურებამდე, თუმცა ძალა არასდროს დაუტანია შვილებისთვის, ვერც იზამდა, იცოდა შვილების ინეტერესები და მანაც ამავე მიზეზით ასაკში შექმნა ოჯახი, ამიტომ დღევანდელ მოწყენილობას მის თავსაც აბრალებდა, თუმცა ასაკში ახალი გასართობი იშოვა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ახლა დიდი ვენახი, ლამაზი ბოსტანი და ყვავილებითა და პალმებით დახუნძლულუ ეზო აქვს მოსავლელი.

გაზაფხულია, ამიტომ ემიკო ვენახშია, ვენახი აქვს ასაკრავი, სიამივნებით ეფერება ვაზის ყველა ტოტს და იცით რას იხსენებს ? ახალგაზრდობას, იმ ვაზის გემოს რომელსაც წლებია უვლის და წლებია მიირთევს ხან ლხინის სუფრებში, ხანაც მწუხარების. ახსენდება არაერთი სუფრა მისი თამადობით და გამოცლილი ჭიქები, განსხვავებულები, გათენებული ღამეები და მრავალჟამიერი.

-ჯეკო, აქაც მოხვედი ?! შენც გინდა ღვინო ? ღამის კლუბში გოგოებს უნდა უმღერო ? -თავისთვის ერთობოდა კატასთან დიალოგით ბევრის მნახველი ემიკო.

მკითხველო არ იფიქრო რომ ჩვენი გმირი მარტოსულია და ეს აიძულებს ჯეკოს ესაუბროს, მას ხალისიანი ცოლ-შვილი ყავს, რომლებსაც საოცრი სიშვიდე მოაქვთ მისთვის, უბრალოდ ახლა 7 საათია და ჯერ საყვარელ მეუღლეს და ოჯახის იმედ ვაჟს არ გაუღვიძიათ, ქალიშვილსაც ძინავს ალბათ, ოღონდ ის სხვა ქალაქში ცხოვრობს. არა მკითხველო, ის დაოჯახებული არ არის, უბრალოდ ხმაურიან ქალაქში ცხოვრება და მუშაობა ურჩევნია. ხო, ახლა მოდი ემიკოსთან ვენახში დავბრუნდეთ, რომელიც ვაზის ნორჩ ფოთლებს ემშვიდობება რადგან მისი სიყვარულების გაღვიძების დრო მოდის, იცის რომ ცოლმა შეიძლება მაღვიძარა გათიშოს და ჩაეძინოს, ამიტომ ტრადიციულად უნდა უთხრას მას "ჩაგეძინა ეკა, გაიღვიძე და ეცადე დღეს მაინც დაიძინო ადრე, რომ ხვალ გამოძინებული იყო" თუმცა თვითონაც იცის რომ აზრი არ აქვს ამ ტექსტებს, ეკა ყოველთვის გვიან იძინებს რადგან "დიდი სახლის პატარა დიასახლისია" მუდმივად საქმე აქვს და საკუთარ თავსაც საკმაო დროს უთმობს.  

-ვიღვიძებ ემო, ახლავე ავდგები

-მე არ მეჩქარება - და ბედნიერად იღიმოდა.

-გეგიმ გაიღვიძა ? - ძილში იკითხა ეკამ

-ჯერ ადრეა, ძალიანაც არ ჩაგძინებია.

-შენი დამსახურებაა, მადლობა - წითელი ხალათი მოიცვა, მისაღებში გამოვიდა და ქმარს ტკბილად აკოცა ლოყაზე.

ოჯახში ეს სცენები ყველაზე თბილი იყო დღეს, ყოველღიური ცხოვრება სიამოვნების საწყისად იყო ქცეული. ასეთივე განწყობით მიუკაკუნა შვილსაც კარზე " ჩაგეძინა ჯუჯუ ბიჭო"

-მღვიძავს მა - ძილში მყოფმა დაიძახა ოთახიდან.

ცოტახანში სახლში საოცარი ფუსფუსი ატყდა, ვინ აბაზანაში იყო, ვინ საჭმელს ამზადებდა, ვინ ყავას. სამსახურში მიეჩქარებოდათ, ეს ხმაური თან სიამოვნებდა ჩვენს ახლანდელ გმირს, თან გული წყდებოდა, რადგან ერთ საათში ჯეკოსთან ერთად მარტო დარჩებოდა სახლში, საღამომდე, სანამ საყვარელი ცოლ-შვილი დაბრუნდებოდა.

მკითხველო მე გითხარით რომ ემიკოს ქალიშვილიც ყავდა სხვა ქალაქში, არ იფიქროთ ის მასზე არ ფიქრობდა, რადგან გასაღვიძებელი არ ყავდა. "ალბათ ჩემი ტუტუ გოგო უკვე ადგა, ყავას ამზადებს და იპრანჭება, რომ სამსახურში გაიქცეს, მას არასდროს აგვიანდება, მამას გოგოა"

-წავედი მა, ბედნიერად, ეკა ეცადე არ დააგვიანო, არ გავაჩერებ მარშუტკას.

-ახლავე, ახლავე გამოვალ

ემიკო იჯდა და უყურებდა ცოლს, რომელიც აუცილებლად ბოლო წამს მივიდოდა ადგილზე, როგორც ყოველთვის, ხან ნერვებს უშლიდა ეს სიტუაცია, ხანაც ღიმილს გვრიდა, ხანაც გულიანად იცინოდა.

-გავიქეცი ემო, არ მოიწყინო - და ეკამაც კარი მოიხურა.

თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, მარტოობა, როგორი მოსაბეზრებელია. როგორი მტკივნეულია. როგორი შემაწუხებელია. 75 წლის კაცის შესაბამისი მუხლების ტკივილით წამოდგა სკამიდან, თან წამოზიდა მთელი მისი ცხოვრება, რომელიც ისტორიების სიმრავლით იქნებ მუხლებსაც უკეცავდა, თორემ ნამდვილად ახალგაზრდად გრძნობდა თავს, მალევე გაიმართა და ეზოში გავიდა სასეირნოდ, საბოლოოდ ფიქრებმა ქალაქში გასვლა აიძულეს. მოემზადა და წავიდა, ისეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ როგორიც მან გაიარა რთული იყო სახლში გამოკეტვა, თუნდაც ის ერთ ჰექტარს მოიცავდეს. აქ ყველა ხეს იცნობს, ყველა ქვას და იქნებ კენჭსაც. ჩვენი დღევანდელი დღის გმირი კარგი კაცის და სტომატოლოგის სახელით არის ცნობილი, ამიტომ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი ესალმება მას სახლიდან ბაზრამდე, სადაც გავლა გადაწყვიტა.

-ემიკოს სალამი, ემიკოს სალამი, ემიკოს სალამი - ყველა მხირდან ისმოდა ხოლმე, ემიკოც თავის მხრივ თავს დაკვრით უპასუხებდა ყველას და გზას გააგრძელებდა.

-ბატონო ემიკო, იქნებ დამეხმარო, ერთი სვეტი დამრჩა, ვერაფრით ვერ ჩავსი, ესკიმოსების სახლი არის ...

- იგლუ ჯიმშერ, იგლუ..

- ი, გ, ლ, უ სათითაოდ წარმოთქვა და თან კროსვორდში ცარიელი უჯრები შეავსო.

- შენ გაიხარე ბატონო ემიკო, რა კარგ ფეხზე გამოიარე, რადგან ეს დავასრულე წავალ ახლა და მშვიდად ვიყიდი ახალ გაზეთს, შენმა ოჯახმა იხარა - მთელი გულით ლოცავდა კაცი, რომელსაც ბოლო 30 წლის მანძილზე კროსვორდის შევსებაში ეხმარებოდა. თავის ძველ სტომატოლოგიურ კლინიკასთანაც ჩაიარა და ის დღე გაახსენდა როცა სკამები, იარაღები, აპარატები გააჩუქა და სტომატოლოგიური დაკეტა - „პირდაპირ მტკივნეული რატომ გავიხსენე, ხომ შემეძლო ის დღე გამხსენებოდა როცა მუშაობა დავიწყე, პირველ პაციენტს დავეხმარე და ტკივილი შევუმსუბუქე, ან ის დღე როცა სტუნდეტებს ვასწავლიდი, რატომ დასასრული“ ფიქრიც კი შეწყვიტა თითქმის ერთი საათი და გზას მიუყვებოდა, მერე თავის თავს გამოუტყდა „ალბათ ყველაფერი ასაკს მოაქვს, დასასრულთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე საწყისთან, იმაზე მეტს ვერ გავივლი ვიდრე გავიარე, ალბათ ამიტომ, ალბათ ამიტომ“ ნაცნობი ადგილების გავლას და ისტორიების გახსენებას თავი ბოლომდე მიუძღვნა, რა ქნას კაცმა დიდი ისტორიით, როცა ყველა ადგილი რაღაც ამბავს ახსენებს, მანაც მოგონებებს გასაქანი მისცა და ბოლომდე ჩაიძირა მის სიღრმეში. იქამდეც მივიდა, მამა რომ ასეირნებდა ეზოში ხელჩაკიდებულს და იქამდეც ტელეფონზე რომ ურეკავდნენ ხოლმე. ტელეფონზე ურეკავდნენ ? მოიცა ეს აწმყოა. „ტუტუ გოგო რეკავს“

- მაა, როგორ ხარ ? - მთელი სიხალისით და სიყვარულით ისმოდა ეს ტექსტი „ყურმილის მეორე მხირდან“

- ტუტუ გოგო, არამიშავს, რა უნდა ვქნა ? შენ როგორ ხარ ? როგორ მიდის შენი შეჯიბრი ?

- ახლაც გზაში ვარ, კიდე მინიმუმ ორი საათი უნდა ვიარო უეჭველი, თორე შეიძლება ბათუმლებმა გადამასწრონ. სამსახურიდან ფეხით მივდივარ, ისე დავიღალე, მაგრამ რას ვიზამ.

- რომელ ადგილზე ხარ ტუტუ გოგო ?

- მეორეზე მა, მაგრამ აშკარად მეწევა ერთი და დღეს თუ არა ხვალ მესამეზე გადავალ.

- მერე შენ ხომ ჩემი გოგო ხარ, შენ ხომ არასდროს ნებდები, მე შენი იმედი მაქვს ხომ იცი ?

-ყველაზე კარგად ეგ ვიცი მა - სიჩუმე ჩამოვარდა, როგორი სიჩუმე იცით, პირისპირ რომ ყოფილიყო მამა-შვილი აუცილებლად ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს, ხო და ახლა ზუსტად იმ ჩახუტების სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ტელეფონს და დისტანციას ეს არ უხდებოდა - მა რას აკეთებდი ახლა ?

-მე...ვსეირნობდი და ცხოვრებაზე ვფიქრობდი... - როგორც ყოველთვის, მათ ერთმანეთს გული გადაუშალეს, შეუხებელი ფიქრები გაუცვალეს ერთმანეთს. საათიანი საუბრის შემდეგ ემიკომაც სახლში წასვლა გადაწყვიტა, უკვე ეკა და გეგიც მალე დაბრუნდებოდა. ბაზარში შეიარა და სახლისკენ გაუყვა გზას. პროდუქტებით დახუნძლულმა გააღო ჭიშკარი და გეგიც მისკენ გაემართა რომ მიშველებოდა ჩანთების წამოღებაში. ამ სცენამ ემიკოს გაახსენა მისი შვილების ის ასაკი როცა სიცილ-კისკისით ეჯიბრებოდნენ რომელი მიასწრებდა მამამდე რომ ჩანთა გამოერთმიათ. „ჩემი შვილები, როგორ გაიზარდნენ“ გონება არ და ვერ ნებდებოდა, ისინი მისი სიმდიდრე იყო, მისი საკვებიც და სასმელიც.

- ერთი ბავშვი ვერ მოიყვანეს თერაპიაზე და ადრე წამოსვლა მოვახერხე, გამიკვირდა რომ არ დამხვი - ჩანთა გამოართვა გეგიმ - ვიფიქრე დღევანდელ თამაშებზე ვილაპარაკებთთქო, ჩამოსასხმელი ლუდიც წამოვიღე.

-ხო და ახლა ვილაპარაკოთ, თან დავლიოთ - გაუღიმა - სახლისთვის რაღაცები იყო საჭირო და მოსატანად გავედი, ანუ მისაყოლებელიც ბევრი გვაქვს. ეკას დავუცადოთ ხო ?

- აბა, მის გარეშე როგორ შეიძლება - ორივემ ერთნაირი მაიმუნობა ნარევი სიყვარულის ღიმილით გაიღიმეს.

საათები საათებს მიჰყვა, ისე მალე არა როგორც ძილის დროს, მაგრამ არც ისე ნელა რომ მამა-შვილის საუბრისთვის საკმარისი ყოფილიყო. ლუდის ბაკლები და სასაუბრო კი ნამდვილად არ გამოლეულა. მკითხველო, ჩვენს წინ ახლა ორი ერთნაირი ადამიანია, ერთი ასაკში, მეორე ახალგაზრდობაში, ჩვენი გმირი ასე ფიქრობს და მგონი რეალურიც არის, როცა გეგის ერთ დღეზე გიამბობთ, მიხვდებით რომ დიდი მსგავსებაა, თუმცა რაზეც მე საბოლოოდ გწერთ, ვერ გეტყვით რამდენად ექნებათ საერთო, ვერ გეტყვით მათი ცხოვერბის მიზანი ერთი და იგივე არის თუ არა.

-ემოო, მოვედი - ეკა შემოფრინდა სახლში ჩიტივით - დედიკო შენც აქ ხარ ? - ორივეს თბილი, მზრუნველი ღიმილით გაუღიმა - ქეთის ველაპარაკე, ისევ დადის, სულ გაგიჟდა. ჯერ სამსახური და მერე ამდენი სიარული.

-აცადე, ხომ იცი როგორი მებრძოლია, ბოლო დროს ძალიან მოეშვა, იქნებ ამით ოდნავ გამოცოცხლდეს და მის თავსაც კარგად მიხედოს - ვერ მოითმინდა ლუდით გულმიცემულმა მამამ და ოდნავი წუხილიც ეგრევე ამოიღო.

-ლუდი მეც მინდა, მოიცა ახლავე ხინკალს მოვხარშავ - თემა მომენტალურად შეცვალა, იცოდა რომ რაიმეს შეცვლა თვითონ იმ ადამიანს შეეძლო ვიზეც საუბრობდნენ, ასე აღზარდეს შვილები „თუ რაიმე გინდა იბრძოლე, ოღონდ პატიოსნად და არასდროს არავის არაფერი არ მოგინდეს“ თუმცა სულ არაფრის თქმაც არ გამოვიდოდა, ამიტომ უპასუხა - მართალი ხარ ემო, იქნებ გამოცოცხლდეს და თავის საქმეს დაუბრუნდეს.

სუფრას მიუსხდნენ, ისაუბრეს, დალიეს, ცოტა სიფხიზლე თამაშისთვისაც შემოიტოვეს, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. ამ ოჯახში მუდმივად საზეიმო დღე, თუმცა თამაშამდე კიდევ საათი იყო დარჩენილი, ამიტომ ემიკო მის კაბინეტში შეიკეტა, ძველ გრამაფონზე „გაზაფხულის ვასლი“ ჩართო და წერა გააგრძელა. მისი ჰობი იყო, ისტორიების სხვადასხვა წყაროდან მოძიება და ერთ ნაშრომად გადაკეთება, მისი აზრების ფურცლებზე გადმოტანა, ესედ, ჩანახატად, ანგარიშად. ეს ის ჰობი იყო რომელიც უკლებლივ გადასცა მის შვილებს. ის არასდროს ყოფილა მხოლოდ წიგნის ჭია, თუმცა ყოველი მოგზაურობის დროს წიგნებით დახუნძულილი ბრუნდებოდა, ყოველი ახალი წიგნის წაკითხვისას მეორეს წაკითხვის სურვილი უჩნდებოდა. ასე წლების მანძილზე მან 3 ათასზე მეტი წიგნი მოაგროვა და შვილებს მათი სიყვარული ასწავლა.

- მა წამოდი, თამაში იწყება - გეგიმ შემოაკითხა, სამივენი ტელევიზორის წინ დასხდნენ და დიდი თამაშიც დაიწყო. - უფფ აფსაიტია - მსაჯმა გოლი სამართლიანადაც არ ჩათვალა.

- ემო, აფსაიტი რა არის ? - გაეცინა და რიგით მერამდენედ ახსნა თავიდან თვითონაც არ იცოდა, თუმცა ცოლის გულის მოსვლას ერჩია ყოველ ჯერზე აეხსნა ის რაც ეკასაც არ აინტერესებდა დიდად, თუმცა მისი ქმრის და შვილების აღშფოთების მიზეზს ასე მშვიდად ვერ გამოტოვებდა. ფინალში არცერთი მათი საყვარელი გუნდი არ იყო, ამიტომ დიდად არ განიცდიდნენ შედეგებს. თამაშის შემდეგ, ყველა თავის მოვლაზე გადავიდა. ერთი ემიკო ჩაჯდა სავარძელში და ისევ ფიქრებმა წაიღო „კიდევ ერთი დღე გავიდა, კიდევ ბევრი გავა, ხვალ რა მოვიფიქრო, დღეს ჩემს დებს როგორ არ დავურეკე, ეს როგორ მომივიდა, მაგრამ რაღაცნაირად წამიღო მოგონებებმა და საკუთარმა თავმა შორს, დრო აშკარად ძალიან მალე გადის, ნეტა იმ დროს სულ საძმოსთან ერთად რომ დავდიოდი საქეიფოდ, იმ დროს როცა კოლეჯში ვასწავლიდი, იმ დროს როცა დედა მხვდებოდა სახლში. მართალს ამბობდა მამაჩემი, დრო მართლა საოცრად მიფრინავს, ისე მენატრებიან ხოლმე, მაგრამ რამდენიც დავკარგე იმდენი ახალი სიცოცხლე შევიძინე, ალბათ ასე უნდა იმუშაოს სამყარომ „იგი წავა და სხვა მოვა“ ყველა ამას არ ამბობდა ? ჩემი მშობლები ან მე რა ცას გამოვეკიდები, ან ჩემი შვილ... არააა, არაა, ოღონდ ისინი არა, ვინც გინდათ, ოღონდ ისინი არა, ჩემი ჯუჯუ ბიჭი და ტუტუ გოგო. მათთვის ვცხოვრობ“

-ემოო, გამომხედე ვინ დაგანახო - ეკა მივარდა ქმრის გვერდით, ტელეფონი მიუტრიალა და იქედან ორი მომღიმარი თვალი უყურებდა

- მამიიკო, აბა როგორ მოგეწონაა თამაში ?

- ტუტუ გოოგოო, ტუტუუ გოგოო - ბედნიერების ცრემლები მოადგა თვალებზე „როგორ ზუსტ დროს დარეკა“

- აი ემო ვერ იყო ბოლო საათი ხასიათზე და ზუსტად მისი წამალიც გამოჩნდი, დაგინახა და ნამდვილად უკეთ არის

ჩვენი გმირიც ბავშვივით გაინაბა და კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ოჯახი არის ის რისთვისაც ცხოვრება ნამდვილად ღირდა.

 

 

 

II

სახელი : ეკა

ასაკი : 60

ხასიათი : მებრძოლი

ცხოვრების მიზანი : დედობა

 

- ჩაგეძინა ეკა, გაიღვიძე და ეცადე რომ დღეს მაინც დაიძინო ადრე, ხვალ გამოძინებული რომ იყო - ასე აღვიძებს ჩვენს ქალბატონს ყოველ დილით მისი ქმარი. გგონიათ მაღვიძარას ხმა არ ესმდა ხოლმე, რომელიც ყოველთვის 10 წუთით ადრე ურეკავდა ? მშვენივრად ესმოდა, უბრალოდ ქმირს სიტყვებით გაღვიძება უფრო სიამოვნებდა ვიდრე მაღვიძარის ცივი მელოდია. როგორც ყოველთვის ეკა ახლაც მხიარულად წამოდგა ლოგინიდან, პიჯვარი გადაიწერა, ღმერთს ახალი დღისთვის მადლობა გადაუხადა, წითელი ხალათი მოიცვა და ქმარს აკოცა ყურადღებისთვის, შვილი მოიკითხა და თავის მოწესრიგებას შეუდგა.

           არ ვიცი მკითველო თუ იცნობთ ასეთი ტიპის ხალხს, მუდმივად ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსეს, მუდმივად მებრძოლს და ახალი მისწრაფებებისკენ მიმავლს. ადამიანებს რომლებაც ყოველთვის იციან რა უნდათ და ისიც იციან სხვისთვის რა არის კარგი, ისეთებს რომლებიც არ მოგცემენ ფეხის წამტვრევის უფლებას თუ თავისი მაგალითი აქვთ და ამას ყველანაირი მეთოდით დაგანახებენ. ჩვენი ახლანდელი გმირი ასეთია, ბოლომდე მებრძოლი. გადამწვარ ნათურას რომ ცვლიდეს და ნათურას მომჭერიც რომ მოყვებოდეს, ან გაყვანილობა იყოს გადამწვარი, ერთსაც გამოცვლის და მეორესაც, ანუ თუ იტყვის რომ „მე ამას გავაკეთებ“ აუცილებლად გააკეთებს.

-ოხ ჯეკო ბატონო, დაბრუნებულხარ, რაო ემომ არ გაჭამა ? - კატა აფირისტულად მიეალერსა ფეხზე - ოხ ჯეკო, ოხ ჯეკო, დიდი მშიერი კატასავით იყურები, გეგონება ახალი ნაჭამი არ იყო, ემოს არასდროს ავიწყდება სხვებზე ზრუნვა - ამ სიტყვების მიუხედავად მისივე განებივრებული კატა მაინც შეიყვანა საჭმელად, ახლა პაშტეტი მიართვეს მსუნაგ ფისუნიას.

- პატარა კატას გაუმარჯოს - გეგი შემოვიდა ოთახში და ჯეკოს ყოველდღიურ მსუნაგობაზე, გაეცინა.

- კიდე აჭმევ ეკა ? ერთი საათის წინ ვაჭამე - ამ საყვარელ სიტუაციას ემიკოც შემოესწრო.

- რა ვქნა, ისეთი თვალებით მიყურებდა, შემეცოდა, რა უჭირს ჭამოს - თავი დაიძვრინა ეკამ და ოთახიდან გასვლაც დააპირა.

- ჭამოს, ამ სახლში ჭამას ვის ამადლიან, უბრალოდ ვეღარ მოძრაობს ხომ ხედავ ? მალე ალბათ თაგვები მე უნდა დავიჭირო, ამას არაფრის თავი აღარ აქვს. წავა ახლა დაიძინებს, მერე ისევ საჭმელად გამოვა, ისევ დაიძინებს და ღამით წავა „საგულაოდ“

- უკვე გავებით მამა, ასე რომ ჩვენი ოჯახის წევრია ესეც - სიცილით ჩაურთო გეგიმ და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი მამას, ამ სახლში ყველაზე მეტად თვითონ ემიკოს უყვარდა ჯეკო, ამიტომ მას ეს სიტყვები ნამდვილად სიამოვნებდა.

- გეგი ცისფერ პერანგს ჩაიცმევ ხო ? გუშინ საღამოს გავაუთავე და აქ მაქვს - მეორე ოთახიდან გამოძახა დედამ შვილს და დილის სამზადისი დაიწყო.

ოთახში შესული ეკას ფიქრები ერთი იყო „ნეტა მე რა უნდა ჩავიცვა“ კარადა გამოაღო, დიდი ხანი იხედებოდა ასე და ხან ერთ მაისურს უხამებდა მეორე შარვალს, ხან მეორე მაისურს პირველ კაბას, ვერაფრით ჩამოყალიბდა. „საერთოდ რა ამინდია დღეს“ იქნებ ეს მაინც დახმარებოდა არჩევაში, მაგრამ მაინც იმავე ადგილზე დაბრუნდა, „ჰოროსკოპი დამეხმარბა,  ნეტა მზე ახლა რაში არის, რომელი ფერები ჯობია დღეს რომ ჩავიცვა“ ჟურნალებს გადახედა და გადაწყვითა რომ დღეს იასამნისფერი შარვალ კოსტუმი ჩაეცვა, შიგნით შავი გიპიურის მაისური და ფეხზე შავი ტუფლები. თვალებს ამავე ფერებში ჩაიხატავდა, ნაზად და ჩანთა.. ჩანთა.. რომელი ჯობია ? შავი თუ იასამნისფერი ? ისევ ეჭედებოდა, ამის გამო შეიძლებოდა, სულ ახალი სტილზე ჩაეცვა და ახალი გეგმა დაჭირვებოდა. დიახ მკითველო სწორად მიხვდით, ეკა 60 წლის თინეიჯერია. ქალია რომელსაც მთელი ცხოვრება უყვარდა და ეყვარება მისი თავი.

-ემო, ემო, მითხარი ამ ლუქს ეს შავი ჩანთა უფრო უხდებდა თუ ეს იასამნისფერი ? - ოთახიდან კაკუნით და ორი ჩანთით ხელში გამოვიდა, მისი მთავარი მრჩეველი და შემფასებელი ყოველთვის ადგილზე იყო.

- მგონი უფრო შავი უხდება, ბევრი იასამნისფერია და სამი მცირე შავი დეტალი უფრო კვეთს ფერს. მოკლედ შავი და იჩქარე არ დაგაგვიანდეს - დინჯად უპასუხა ქმარმა

-ხო, ხო, ხო ახლავე ემო.

ახლა სარკის წინ ტრიალის დრო იწყებოდა, ჯერ დღის კრემი, მერე ტონალური, ქოსნილერი, ღია და მუქი, ლაინერი, ტენები, ტუში, ჰაილაითერი, კონტური, პომადა, პუდრი და საბოლოო შტრიხი, სარკეში საკუთარი თავის დაკვირვება, როგორ მოიხდინა ყველაფერი. საყურეები, სამაჯურები და სათვალეც მოიხდინა, ახლა გამოწყობილი სარკის წინ დადგა და საკუთარი თავით ტკბობას შეუდგა, ბოლო ყლუპი ყავაც მოსვა და სახლიდან გავიდა, ისე თითქოს არც არსად აგვიანდებოდეს და მარშუტკა 3 წუთში არ გადიოდეს, როცა თვითონ 7 წუთის გზაზეა გაჩერებიდან. არაუშავს, ის ყოველთვის ასწრებს, ან უცდიან, ან მირბის, ან სხვას მიყვება. მისთვის არის რაღაცები რასაც არასდროს დააყენებს დროზე წინ. დრო ისედაც მიდის, 60 წლის არის, ეს იცის, თუმცა არასდროს დაუშვებს რომ დრო შეეტყოს, თავადის სისხლის ქალია, თავადური სიამაყით და ეშხით.

-დილა მშვიდობის, კარგ დღეს გისურვებთ - გულზე ხელს იდებს და ისე ესალმება იმ მოხუც წყვილს რომლებიც გაჩერდებისთან ცხოვრობენ და ყოველ დილით სახლის წინ ერთად სხედან სკამეიკაზე, ისეთი გულის ქალს კი როგორიც ეკაა არ შეუძლია, არ მიეფეროს იმ წყვილს, რომელთა თვალებიც ყოველთვის სითბოს ასხივებს. მარშუტკაში და სამსახურში ანალოგიური მეორედებოდა ყოველთვის, ის მთელი გულით ესალმებოდა ყოველთვის ყველას, უღიმოდა, კარგ დღეს უსურვებდა, ესაუბრებოდა რაღაც პირად თუ საკაცობრიო საკითხებზე, ზოდიაქოს მიხედვით ყველას ურჩევდა რა უნდა გაეკეთებინა და როგორ, სამსახურშიც გვერდში ედგა იმას ვისაც დაჭირდებოდა, მოკლედ ის ყველგან იყო თუ ვინმეს დაჭირდებოდა, ალაბთ მთელი წიგნის მანძილზე მე ვერ გაგცნობთ