საით მიდიან ციცინათელები
საით მიდიან ციცინათელები
სოფიო ანთაძე
საით მიდიან ციცინათელები?…
მოთხრობა
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა ...
და იყოს იგი ვითარცა ხე,
რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა
და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას.
ფსალმუნნი. კანონი I
I
სავლე ნამდვილად არ იყო ცუდი ადამიანი. უფრო, სრულიად პირიქით... რა თქმა უნდა, თავისებური „ხუშტურებიც“ ჰქონდა. თვითონ საკუთარ თავზე სულ რაღაცას ხუმრობდა და თვითირონიაც საკმარისად გააჩნდა. ყველაფერ ამაში იუმორის გრძნობა ძლიერ უწყობდა ხელს. როგორც ადამიანების უმრავლესობა, არც სავლე გეგმავდა თავის ცხოვრებას ისეთს, როგორსაც გადიოდა. რომ დაფიქრდებოდა (და საკმაოდ ბევრს ფიქრობდა), იღბლიანი ვარო ასკვნიდა, არადა არც ნაღველი მიკლებია და არც საკეთებელ-საწვალებელი.
ერთ დღესაც ადგა და საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადავიდა. - ესეც მისი ერთერთი ხუშტურიო, ფიქრობდნენ ნაცნობ-მეგობრები.
- ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის. წლები მემატება, რაღაცნაირად შინაგანად დავიღალე, ბუნებაში დასვენება მინდა და სოფელზე კარგ ადგილს სად ვნახავ- ამბობდა სავლე. ასაკით ოცდაათზე ცოტა მეტის იყო, დიდი არაფერი, მაგრამ ამ ვითომ ხუმრობაში საკუთარ სიმართლეს დებდა, დაღლილი იყო განვლილი ცხოვრებით, ნამდვილად.. სოფელი და სავლე, სხვათაშორის, ჰარმონიული შეხვედრა გამოვიდა. სახლი ატმოსფერულად მოაწყო, გესიამოვნებოდა შესვლა. ეზოც მოვლილი ჰქონდა. შრომა არ ეზარებოდა ამ „ ასფალტზე გაზრდილ “ კაცს. მუშაობდა და ფიქრებით ან წარსულში ტრიალებდა, ან მომავალში. არასდროს აწმყოში.
დედა ოცდახუთი წლისას გარდაეცვალა. ეს უკიდეგანო თემა იყო მისთვის, უნაზესად უყვარდა და მეგობრობდა მასთან. როგორც ამბობდნენ, მართლაც გამორჩეულად კარგი პიროვნება ყოფილა ქ-ნი ეფემია. რამდენიმე წელიწადში მამაც დაკარგა. ისიც საოცრად კეთილშობილი ადამიანი და მისთვის უდიდესი მეგობარი. იცოდა სავლემ მშობლების ფასი და სიყვარული, ამიტომ, მათი წასვლის შემდეგ, უმძიმესი მარტოობის გრძნობა გაუჩნდა.
დილა იწყებოდა რიტუალით - ამას უკვე აღარც საქმე ერქვა, არც მოვალეობა. გვერდით ოთახში თავის დას მოინახულებდა, ეთიას. მიდიოდა მისკენ და თავისთვის ღიღინებდა: - ჩემი გოგო ეთია, ქვეყანაზე ერთია. - უსასრულოდ უყვარდა ეთია სავლეს. ეს და-ძმა მართლაც ერთმანეთის მფარველი ანგელოზები იყვნენ. ეთია სავლეზე უფროსი იყო. სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდა ეს „ღვთის შვილი“, სათნო გოგო. ბავშვობისას ძლიერ გაცივებულა, რასაც მოჰყოლია თავის ტვინის ანთება და... – „ბავშვს მოეშალა ჯანმრთელობა”, ეს სიტყვები კარგად ახსოვდა
დედისგან, რომელიც თითქმის არ ახსენებდა ამ თემას, რადგან ძალიან უჭირდა ამაზე საუბარი. შემდეგ ეთიამ თანდათან ლაპარაკიც შეწყვიტა და უფრო ზეციური არსებების რიგს შუერთდა, ვიდრე მიწიერი ადამიანებისას. ფიზიკურად ულამაზესი იყო, მშვიდი, გულუბრყვილო, სრულიად უცოდველი. მის გვერდით ყველა და ყველაფერი სულიერი, თითქოს მის სათნოებას გრძნობენო, რაღაცნაირად მოწიწებული, მორიდებული, ხდებოდა. ეთიას უსუსურობამდე სუფთა და უმანკო გამოხედვა სავლეს გულს სიყვარულით, სიბრალულითა და ტკივილით ავსებდა. ეს ღრმა და განსაკუთრებული მოვლენა არსებობდა მის ცხოვრებაში და სავლეც უკიდეგანო ერთგულებით ეკიდებოდა... ატარებდა... თუ მიუძღვებოდა მას თავის წუთისოფელში. მეორე დაც ჰყავდა სავლეს. ისიც მასზე უფროსი, დარია. უჭკვიანესი და ულამაზესი დარია, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა, თავისი და-ძმის მთავარი იმედი, მხარდაჭერა და მონატრება იყო. კიდევ კარგი, ახერხებდა და ჩამოდიდოდა ხოლმე მათთან. ჭეშარიტად დიდი სიყვარული სუფევდა ამ სამეულში. თავისი მორიგი ჩაფიქრებისას სავლე ძალიან მარტივ და თვალსაჩინო დასკვნამდე მიდიოდა- რომ ის ეკუთვნოდა სრულიად განსაკუთრებულ და უფლის რჩეულ ოჯახს. - ეს ამბიცია არ არის, ფაქტია, - შეაჯამებდა ბოლოს და რაღაცნაირად კმაყოფილი იყო მერე მთელი დღის მანძილზე. კიდევ ერთი საინტერესო და უცნაური მოვლენა დაინახა მან საკუთარ არსებობაში, ეს იყო ერთგვარი ანაქრონიზმის შეგრძნება. მისი შინაგანი სამყარო, ცხოვრების სტილი, უახლოესი გარემო, თითქოს ხშირად არ ემთხვეოდა რეალურად მიმდინარე დროს...
ღამე ცუდად ეძინა. მარტო ეთიას დახედავდა რამდენჯერმე... როცა ჩაიძინებდა, თითქმის სულ ერთსა და იმავე სიზმარს ნახულობდა. თითქოს ციცინათელებს ადევნებოდა უკუნ ღამეში. ისეთ უკუნეთში, თვალთან თითს ვერ მიიტანდა ადამიანი. ორად ორნი იყვნენ ეს მოციცმციმე არსებები. ერთი ძალიან დიდ შუქს გამოსცემდა, მეორე უფრო ნაკლებს. მიცანცარებდნენ ბნელ სოფელში და მიუხედავად მათი ციცქნობისა, ერთად საოცარ სინათლეს ასხივებდნენ. მხიარულები, ბავშვურები დაეძებდნენ კიდევ მათნაირს. ერთი მაინც რომ შეგვემატოს მეტი შუქი იქნებაო, ეუბნებოდნენ ერთმანეთს.
II
სავლე განათლებული კაცი გახლდათ, ერთდროულად (მაშინ ეს შესაძლებელი იყო)დღის და საღამოს დასწრებით ორი დარგი დაამთავრა. ფილოსოფიური, საკუთარი ინტერესის გამო და იურიდიული, უფრო პრაქტიკული მოსაზრებით. რომ დაფიქრდა, ფილოსოფიით თავს ვერ გავიტანო და რატომღაც, იურისტობა ჩათვალა ამ მხრივ მომგებიანად. მითუმეტეს, რასაც თავის ცხოვრებაში ძირითადად აკეთებდა, სიმართლისა და დაჩაგრულების დაცვა იყო. ამიტომ საბოლოოდ გახდა ფილოსოფოსი იურისტი. ბევრს კითხულობდა და იყო საოცარი მოსაუბრე, ღირდა მისი მოსმენა, განსაკუთრებით, თუ რამეს ისტორიიდან ან ლიტერატურიდან განიხილავდა. სოფელში გადმოსვლის შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა და აქაურ ახალგაზრდებს ფრიად ხელსაყრელ ფასად მშობლიურ ენასა და ისტორიაში ამეცადინებდა, აბიტურიენტებს ამზადებდა. გარდა ამ საგნებისა, რელიგიურ ცოდნასაც სძენდა ბავშვებს. ისინი თვითონაც ვერ გრძნობდნენ, ისე ესახებოდათ საკუთარ არსებაში მადლიერების გრძნობა და სინდისის ხმა. მერე ტაძარში სიარულსაც მოუხშირეს, სადაც ისევ „სავლე მასწს“ შეხვდნენ. მოყვარული მუსიკოსი სავლე რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა, თან არც თუ ცუდად და
თავისივე შექმნილ სოფლის გუნდებს ხელმძღვანელობდა. ერთი- ეკლესიის მგალობელთა გუნდს. მეორე - იბრძოლა, სკოლაში იარა, ბავშვები წაახალისა და ჩამოაყალიბა ერთგვარი გუნდიც და ბენდიც. ასწავლა ინსტრუმენტებზე დაკვრა და სიმღერა. როდის როგორი მუსიკა მიაჩნდა მისაღებად, ისეთ კონცერტს მართავდა. ისტორიულ თარიღებს ხალხური მუსიკით ამშვენებდა. ახალ წელს, თუ სხვა სახალხო დღესასწაულებს თანამედროვე და ქალაქურ სიმღერებს უსადაგებდა. ჰქონდათ ორი გიტარა, ელექტრო პიანინო და ტამტამი. ეს ყველაფერი მისივე ნაყიდი. უხდებოდა იქაურ შინაურულ გარემოს ასეთი მიდგომა. სოფელმაც შეიყვარა სავლე. ხალისი და სიცოცხლე მოუტანა ამ ადამიანმა, მთელ რაიონში ცნობილი გახადა. ინტერესი გაუჩნდათ მის მაცხოვრებლებს. ხშირად მიმართავდნენ ამ „ჭკუასაკითხავ და გულშემატკივარ კაცს“: - დაგვეხმარე ახლა, პროექტი გვჭირდება რამე, რომ დავსაქმდეთ, თავი ვირჩინოთ და აქედან წასვლაზე აღარ ვიფიქროთ.. მერე ისხდნენ და ფიქრობდნენ, აბა რა შეგვიძლია დოვლათის შესაქმნლადო. ასე გადიოდა დრო. შინაარსიანად ცხოვრობდა სავლე სადაც არ უნდა ყოფილიყო, სხვანაირად არ შეეძლო.
სიზმარში ისევ იმ ორ ქარაფშუტას დასდევდა და უსმენდა მათ მხიარულ ღუნღულს. ძლიერ აინტერესებდა მაინც საით მიემართებოდნენ ეს სიკეთის ციმციმები და სად დაამთავრებდნენ თავიანთ სავალს. რამდენჯერ, ბნელში მოხვედრილ მგზავრს დაულოცავს - გზა გამინათეს, ბოლომდე არ დამტოვეს, სამშვიდობოს გამიყვანესო. სიზმარშივე გაიფიქრებდა სავლე, - ასეთი პატარები, ორად ორი ცალი და რამხელა საქმეს აკეთებენ.
III
ქალაქიდან მეგობარი სტუმრობდა ხოლმე, ფრიად მრავალფეროვანი ბუნების, რომანოზი. ხან დაიკარგებოდა რაღაც პერიოდი, მერე ისევ გამოჩნდებოდა. ან რაღაცით უსაზღვროდ აჟიტირებული, უცებვე გადაიფიქრებდა, მოდუნდებოდა და იყო ასე... რომანოზი სიყმაწვილიდან მოყვებოდა სავლეს, ერთმანეთის ცხოვრების ყველა ფერს იცნობდნენ ფაქტიურად, კარგი ადამიანი იყო ისიც და თბილი ურთიერთობაც ჰქონდათ. ამჯერადაც გაახარა მისი ჩამოსვლით მეგობარი.
- შენ აღარ ხუმრობ ხო იცი? - შემოსძახა ეზოში მყოფ მასპინძელს რომანოზმა. - ვატყობ, აქ მართლა დიდი ხნით გამოჯექი.
- ოჰ, საიდან დაასკვენი გაფიცებ - ჩაეკითხა მისკენ მიმავალი, გამხიარულებული სავლე. უყვარდა მეგობრის ჩამოსვლა. მოწყენილი იყო ხშრად, ძირითადად ხომ ჩუმად იყვნენ სახლში. ეთია ვერ ლაპარაკობდა, სხვა არავინ ჰყავდა გვერდით, ორნი ცხოვრობდნენ მხოლოდ. სავლეს დაოჯახება კიდევ, ცალკე თემა იყო...
- რაზე ვატყობ და ეზო მოგიწიკწიკებია ძმაო. ამდენ შრომას იოლად ვერ ჩაყრი წყალში ადამიანი. - გაღიმებული ათვალიერებდა მიდამოს რომანოზი.
- ანუ ეტყობა ხელი აქაურობას ხო?- აიტაცა სავლემ შექება.
- კიი, აბააა? - გაწელა სიტყვები თვალებით ეთიას ძებნაში გართულმა რომანოზმა. მერე ეზოში გამოსული რომ დაინახა, მივარდა, ცოტა გაეთამაშა, შეუღიტინა, აკისკისა, მოეფერა და მისი საყვარელი ტკბილეულიც მიართვა. ამის გარეშე აბა როგორ ჩამოვიდოდა. პატარასავით
ჰყავდათ მიღებული ეს ბავშვივით უწყინარი გოგო. მართლა ისეთი საყვარელი იყო, თითქმის სულ გაღიმებული იყურებოდა, საკუთარი შინაგანი სინათლე მოსწონდა და ამშვიდებდა ალბათ.
თუმცა, სხვისთვის ეს მხოლოდ „სათნო სურათი“ ნელნელა, ჩუმად, სხვის შეუწუხებლად ადნობდა უმცროსი ძმის გულს. არც თუ იოლი სატარებელია დიდი სიყვარული.
- წამო ახლა ვისადილოთ და თან გისმენ, რაა ახალი შენკენ ჩემო რომულუს. სავლე, რომელსაც ისტორია ძლიერ უყვარდა, ხუმრობით ამ სახელს უფრო ხშირად ეძახოდა მეგობარს, ვიდრე თავის ნამდვილს.
- რომის დამაარსებლის სეხნია გაგხადე ხომ ხედავ. - ამადლიდა კიდეც ხუმრობით ძმაკაცს.
.. და იწყებოდა მეგობრების საუბარი მთელი ღამე. ყველაფერს მოყვებოდნენ. როგორც თვითონ ეძახდნენ ამ მომენტს „დაიცლებოდნენ შემდეგ შეხვედრამდე“.
იმ ღამეს ციცინათელები არ უნახავს სავლეს.
დილით წასასვლელად გამზადებული რომანოზი ეზოში გამოვიდა და შეჰყვირა:
- ნუ გადამრევ, კიდევ ძაღლი მოიყვანე ბიჭო? მერამდენეა უკვე ?!
- მეხუთე, რა იყო, გამისკდა გული - გაეცინა სავლეს. ხუთი ძაღლი ბევრია? ამხელა ეზო მაქვს. ორი დღის წინ ვნახე რაიონში. ხედავ როგორი გაძვალტყავებულია, ვერ დავტოვებდი. იმდენი ადამიანი ჩაუვლის გვერდით, არც კი გაიფიქრებენ საერთოდ ცოცხალ არსებას რომ უყურებენ. საჭმლის მიწოდება ხომ ზედმეტია... გაოცებული ვარ, ხანდახან მგონია სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ...
- შენ მართლა სხვა პლანეტაზე ცხოვრობ. - გაიცინა რომანოზმა და თან კატები გადათვალა. - კატების რაოდენობა უცვლელია, ყოჩაღ ძმაო. ძაღლი რომ დაიმატე, ერთი გასაცოდავებული კატა არსად შეგხვდა დავიჯერო?
- კაი ხო, შენ მაიმუნობ და მე მიჭირს გაცილება ხომ იცი. მალე ჩამოდი რა. შენებიც ჩამოგვიყვანე. - მეგობრები ეზოდან გავიდნენ, დაემშვიდობნენ. რომანოზმა გზა გააგრძელა, მერე კი შემობრუნდა, რომ ჩვეულებისამებრ, ეს საყვარელი კადრი ენახა, - ჭიშკართან იდგა მის ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე საიმედო და ძვირფასი ადამიანი, რომელიც ღიმილით უცქეროდა და თვალებით ეუბნებოდა: - აბა შენ იცი რომულუს, არ დამტოვო დიდი ხნით მარტო. მის გასწვრივ კი, დაბალ ღობეზე ათი თათი და ამდენივე ცნობისმოყვარე თვალი უყურებდა და ზუსტად იცოდა, ისინიც გულწრფელად მოელოდნენ ძვირფასი სტუმრის დაბრუნებას. რომანოზმა გზა გააგრძელა, სავლეც შებრუნდა კვლავ დადუმებულ სახლში, ჩამოჯდა ეთიას გვერდით და გააკეთა ის, რასაც ყოველთის აკეთებდა როცა განსაკუთრებით გრძნობდა მარტოობას - დარიას დაურეკა.
სხვათაშორის, ამ ათი თათის ნახვა მარტო რომანოზს არ უყვარდა. თავიდან, ისედაც ზედმეტად ცნობისმოყვარე სოფელი გააოცა და კარგა ხნით სალაპარაკო თემით მოამარაგა სავლეს იქ გადასახლებამ. ვერსიები მრავლად იყო. ნეიტრალურით დაწყებული, რომელსაც უმცირესობა იზიარებდა, - მოუნდა სუფთა ჰაერი და სიმშვიდე და გადმოვიდა იმ მტვრიანი ქალაქიდან... ჭორებით დამთავრებული - რაღაცა პრობლემას გამოექცეოდა. ვინ გეტყვის სიმართლეს. - თანდათან გამოჩნდა სავლეს პიროვნება, უნარები, ღირებულებები, მისწრაფებები.
მათ შორის ცხოველების სიბრალული და სიყვარული. მერე მის ეზოში გაჩნდნენ ახალი ბინადრები. თუმცა მოვლილები იყვნენ, ახალი პატრონი მათ მოყვანისთანავე ვეტერინართან
მიარბენინებდა, მაგრამ მაინც შეშფოთდნენ მეზობლები: -აავსო ეზო ძაღლებით და კატებით ამ ბიჭმა. ჭიშკართან ჩავლის გვეშინია. აჩვევს ამას თუ რა ხდება, გადმოაწყობენ ღობეზე თათებს და იყურებიან ჭორიკანა ქალებივით. რომ გადმოგვიხტნენ ერთხელაც გზაზე?.. ან ჩვენ თავს ვინ ჩივის, ბავშვები არ შეგვიშინონ... სად მიდის მერე ვაჟბატონი საინტერესოა. -იცოდა სავლემ ამ ლაპარაკის შესახებ, აბა რა დაიმალებოდა მითუმეტეს სოფელში, მაგრამ სდუმდა. ელოდა... კიდევაც მიაღწია საწადელს. თანდათან, თავისდაუნებურად მისი უბანი საოცრად შეეჩვია, როგორც ხუმრობით ეძახდნენ, ამ „ღობის ინ ჭორ ბიუროს“. კუდის ქიცინით და ცმუკვით რომ გამოხატავდნენ „ნაცნობების“ ხილვის სიხარულს. ყველა, ვინც მანამდე ბუზღუნებდა, ახლა სავლეს ჭიშკართან ჩავლისას თვალებით ეძებდა ოთხფეხა ცნობისმოყვარეებს და თუ არ დახვდებობდნენ, აუცილებლად შეივლიდნენ ეზოში, რომ გაერკვიათ მათი არყოფნის მიზეზი. დრო გადიოდა. სავლეს სულ უფრო ხშირად ესმოდა „თავის მართლების“ მაგვარი: - ამხელა სახლია, ერთი კატა როგორ არ უნდა მყავდეს, თაგვებზე რომ ინადიროს. ან კიდევ : - გზაზე ვნახე, ავტობუსები რომ ჩერდებიან იქ. მოვიდა და ფეხებთან დამიდგა. ისე მიყურებდა, ადამიანი ვარ, შემეცოდა. ერთ ძაღლთან მეორეს ვეღარ ვაჭამე? კი დარბის აგერ ეზოში ბედნიერი... და ასეთი რამდენი... ზოგჯერ სერიოზულად სჯეროდა სავლეს, რომ მის სოფელში დაწყებული ეს ჰუმანური მოძრაობა დანარჩენებსაც გადაედებოდათ და უსახლკარო ცხოველების ბედი სიკეთისკენ საგრძნობლად და გლობალურად შეიცვლებოდა.
IV
ვერასდროს იტყოდა ვინმე, სავლე მოწყენილი ვნახე, ან რამეზე იწუწუნაო. არ იცოდა საფიქრალის დამჩნევა. ზოგიერთს ამის გამო ავიწყდებოდა კიდეც ეთია რომ ჰყავდა ცხოვრებაში ამ ახალგაზრდა კაცს... სახლიდან დიდად ვერ გადიოდა დის გამო, მარტოს ვერ ტოვებდა. როცა კი გაირბენდა სადმე ცოტა ხნით, მეზობლის ქალს სთხოვდა და გადმოიყვანდა მასთან. მერე მალევე მორბოდა უკან, ყველას თავისი საქმე აქვს, უხერხულიაო. თუმცა, თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებდა, ირგვლივ ყველას ეიმედებოდა.
სიმპატიურიც იყო საკმაოდ. არ იყო ძნელი არც მისი მოწონება, არც შეყვარება, მაგრამ რაღაცა ხდებოდა, არ ქორწინდებოდა რატომღაც.
ციცინათელები უკვე ბნელში დაკარგულ მერამდენე ადამიანს შველოდნენ და უნათებდნენ გზას, ვინ იცის. ყველაფერ ამას სავლე ხედავდა. მთელი ღამე დაჰყვებოდა უკან იმ ორ კინკილას და ენით აუწერელ ნეტარებას განიცდიდა. რატომ მოსწონდა ასე მათთან ყოფნა, რატომ იყვნენ ციცინათელები მისთვის ასე ახლობელნი და ძვირფასები, ვერ გაეგო. ზოგჯერ სადღაც შორს გამოჩნდებოდა სინათლის წერტილები და ასტეხდნენ ესენი ჟრიამულს, დავინახეთ, დავინახეთო. თუმცა არასოდეს მოუხმიათ მათთვის და არც თავად მიერთებიან. გაკვირვებული გაიფიქრებდა სავლე, რატომ არ ეძახიან, ან არ უერთდებიან იმათ. აკი დაეძებენო თავისნაირს..
ერთხელ, სიზმრად მორიგი ხეტიალის დროს, მოულოდენლად სავლეს ძლიერ ახლობელი ხმა ჩაესმა :
- მთა ბნელი და უხილავი,
და ეს ტვირთი უზიდავი,
და ეს ფიქრი უმართავი,
ამბობს: ეს გზა უარყავი.
რა მოხდა... ვინ იყო.. .ეს ხმა, რა საოცრად ახლობელია... რატომ ვერ იხსენებს ვის ეკუთვნის იგი, ვინ ეუბნება ამ სიტყვებს... გაოგნებული ირგვლივ იყურებოდა, ეძებდა- წყვდიადში, უკუნ ღამეში ვიღაცა საკრალურზე, მარადიულზე ესაუბრებოდა. უეცრად გამოერკვა და შეშინდა. ხომ არ ჩამორჩა ციცინათელებს, ხომ არ დაიკარგა ამ თვალუწვდენელ სიბნელეში. მიმოიხედა და შვებით ამოისუნთქა. განა ისინი, ვინც სწორედ დაკარგულების შველა და იმედი იყვნენ, მარტოს დატოვებდნენ თავიანთ იდუმალ მეგზურს, თითქოს საუკუნეა რომ ასდევნებოდა და მათთან ერთად დააბიჯებდა ღამის დედამიწაზე. სავლეს ირგვლივ შუქი აშკარად მომატებულიყო. სასწაული ჟრიამული იდგა. - ნუთუ მესამე იპოვეს, გაიფიქრა მან, ყურადღება მოიკრიბა და ციცინათელებს გახედა. სამნი იყვნენ...
მთელი დღე ფილოსოფიაში გადავარდა სავლე. თავში სულ სიზმრიდან გამოყოლილი სიტყვები უტრიალებდა: ტვირთი, მთა, უარყავი,... მიუხედავად იმისა, რომ თავის შეგნებულ ცხოვრებას სწორედ ღირებულებების სამსახურში ატარებდა, გონებაში მაინც გამოეკვეთა ერთგვარი მთავარი შეკითხვა.. თუ მიზანი.. თუ თემა.. და მოჰყვა მსჯელობას: - პირობითად რომ ვთქვათ, ადამიანები ხომ ძირითადად „სავლეები“ ვართ. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ,- რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე? მარტივი და მისაღები პასუხია: - იმისთვის რომ სიკეთე ვაკეთოთ, საბოლოოდ კი, რაც ვართ იმაზე უკეთესები გავხდეთ. თუ თემას გავაგრძელებთ და უფრო შორს წავალთ, მარადიულ სიცოცხლეზე დავფიქრდებით და მივიღებთ აბსოლუტურ ფენომენს, რასაც სულის უკვდავება, ანუ მარადიული სიცოცხლე ჰქვია. ყველაფერ ამას გააჩნია ერთი კონკრეტული შეჯამება: მხოლოდ კარგი ადამიანი აღწევს სულის უკვდავებას. ანუ, „სავლე“ უნდა გახდეს „პავლე“... ეს ძალიან, ძალიან მარტივად რომ ვიმსჯელოთ.
იმ დღიდან სავლეს ეზოში სამლოცველოს მშენებლობა დაიწყო. თუმცა მას პირადად არავისთვის უთხოვია, ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ეთია ძალიან გაახალისა მეზობლების ჟრიამულმა და საღამოობით „პურის ჭამამ“. მასაც მოეწონა გამოცოცხლებული გარემო. უკვე სულ რაღაც ათ დღეში სახლის გვერდით მომცრო ზომის, კოხტა, ვიწრო სარკმლებიანი „სახლუნა“ იდგა. ხატები თავადაც ბევრი ჰქონდათ და-ძმას, პატივისცემის ნიშნად რამდენიმე კიდევ მოუბრძანეს მეზობლებმა. სახლის თითქმის ყველა ოთახში დატოვა სავლემ თითო ხატი, დანარჩენით კი სამლოცველო მორთო. ასევე ჰქონდათ სასანთლე და პატარა მოგრძო ხის სკამი. შეიყვარა ოჯახმა „ახალი წევრი“. ხშირად შეფარფატდებოდა ხოლმე ეთია, ისედაც ანგელოზად რომ მოვლენილიყო ამ ქვეყანაზე და სავლეც. დაანთებდა სანთელს, ყოველთვის იქნებ არც ელოცა, იჯდა ჩუმად და ფიქრობდა. ან უფალს თავის სატკივარს მოუყვებოდა. ამ ბოლოს წარსულს ნაკლებად იხსენებდა, რატომღაც მომავალი აფორიაქებდა უფრო. ძირითადად ეთია იყო მისი შფოთვის საგანი. - მე რომ რამე დამემართოს, ამას რა ეშველება. არ დამეჩაგროს ბავშვი(სულ დავიწყებოდა და რომ თითქმის თორმეტი წლით უფროსი იყო მასზე). დარიამ
როგორ უნდა მიხედოს, რა უნდა ქნას, ცხოვრება იმ სიშორეზე აქვს აწყობილი. დაუქირავებს ვინმეს? მერე, ეს ჩემი უსუსური, უენო გოგო ვის ხელში ჩავარდება, როგორ მოექცევიან... იტყვის
ამბავს, მოყვება რამეს თუ რა. არაა, ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან, ან ერთ დღეს, ან ჯერ ეთია და მერე მე, მალე. მის გარეშე მაინც ვერ გავძლებ. ასე ჩემ საბრალო გოგოსთანაც სამართლიანი იქნება, დარიასაც დიდი საფიქრალი აცდება. - ამ აზრებს რომ უფრო შორს გაჰყოლოდა, ალბათ მართლა მოუვიდოდა რამე, ამიტომ წყვეტდა ფიქრს სადაც მოერეოდა და სხვა რამეზე გადართვას ცდილობდა. სიამოვნებდა დანთებული საკმევლის სურნელი. - ოჯახი რომ მყავდეს, ისინი გამაძლიერებდნენ, მეყოლებოდნენ იმედად. გაიფიქრებდა ბოლოს...
სიზმრად უკვე ოთხნი იყვნენ. სამი ციცინათელა და სავლე. აქტიური ჩანდა ახლადშემომატებული, ძლიერ შეჰხაროდა დანარჩენ ორს.
- ვხედავ შორით რაღაც მოსჩანს,
მივდივარ და მივალ როცა,
დავინახავ ჩუმად მლოცავ მზეს.- და ისევ ის „ უხილავი ახლობელი“ ...
V
გაზაფხულდა.
ამ პერიოდში სხვანაირად იფურჩქნებოდა სოფელი. მისი ბუნება, მაცხოვრებლები. ახლოვდებოდა დედის დღე, რვა მარტი. სავლეს გუნდ-ბენდის გამოსვლებს მოუთმენლად ელოდა პუბლიკა. მაესტროც გადაეშვა რეპეტიციებში. იმ დილით მიხედა ეთიას, ჩააცვა, ასაუზმა. ორივე განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყვნენ. მზიანი ამინდის ბრალი იყო ალბათ. მერე ეზოში გამოიყვანა და მისი საყვარელი სანახაობა გამართა. ძაღლების წვრთნაზე ყურება ძალიან უყვარდა ეთიას. - დაჯდა! -მკაცრად იტყოდა სავლე. მაშინვე ხუთი სხვადასხვა ჯიშის, ზომისა და შეფერილობის კუდი მიწაზე გართხმული აღმოჩნდებოდა. - ადგა! ... დუჩე, დაწვა!.. ლუკრეცია, მომიტანე!.. ძაღლები დიდი გონიერებითა და ხალისით ემორჩილებოდნენ პატრონს. ამ წარმოდგენის კულმინაცია კი ეთიას ყველაზე საყვარელი ნომერი იყო: - დაწვა და იკოტრიალა! დაიძახა სავლემ საზეიმო ხმით და ძაღლებიც გოგონას მოკისკისე ხმის ქვეშ, მწვანე ბალახზე, ბედნიერი სახეებით თითქოს იცინიანო, ტრიალებდნენ და ხვანცალებდნენ. ამ დროს კი, მთვლემარე, კარგად გამომძღარი, როგორც ყოველთვის ეთიას ახლო მოკალათებული ორი კატა, უცქეროდა ამ ხუთ გაბურძგნულ, არასერიოზულ არსებას და თან უკვე მერამდენე ძილისთვის ემზადებოდა. ბოლობოლო დაიღალა „ცირკის დასი“, სავლემ ტანისამოსი გამოიცვალა, დას ილუსტრაციებიანი წიგნი თავისი ფლომასტერებით მოუტანა და უთხრა - აი, თათული დეიდაც მოვიდა. წავალ მე ცოტა ხნით. შენ არ მოიწყინო ჩემო გოგო.- თავზე აკოცა, ჩარბენით მიესლმა მეზობელს და გავარდა ჭიშკარში.
დაღლილი ძაღლები თუ დასვენების ნაცვლად ჭიშკრის გარეთ დახვდებოდნენ, ნამდვილად არ ელოდა. საოცარი სურათი დახვდა. ხუთივეს წრეში მოემწყვდიათ მშვენიერი, წითურთმიანი გოგონა, ეთამაშებოდნენ და წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
- უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, ხომ არ შეგაშინეს? - წარმოთქვა სავლემ. დაბნეულმა და რატომღაც ბედნიერმა.
- თქვენებია? -კითხვა შემოუბრუნა უცნობმა. თან ისე თბილად ეფერებოდა და ელაპარაკებოდა ძაღლებს, ჩვეულებრივად გეგონებოდათ მათი პატრონი.
- კი ბატონო. - სავლემ მეტი ვერაფერი დაამატა.
- ლალე. ოდნავ დაუქნია თავი წითურმა ლამაზმანმა, თვალები გაუსწორა და რაღაცნაირად გაუღიმა.
- შემოიპატიჟე სტუმარი ბიჭო. - მოესმა ეზოდან თათულის ხმა. - ძაღლებმა როგორ უნდა გაჯობონ. - სამივეს გაეცინა. არ ელოდა სავლე .. რაღაც სრულიად განსხვავებული ხდებოდა მის არსებაში. აღარ უნდოდა არსად წასვლა. მაგრამ ერთი აუცილებელი საქმე ჰქონდა. ამიტომ, ცოტა ხანში გულდაწყვეტილმა დატოვა სამეული: ეთია, ლალე, თათული და წავიდა.
- ასეთი გადაუდებელი რა საქმეეები აქვს ?.. მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ლალემ. თან ცნობისმოყვარეობის და ცოტათი წყენისაც დაფარვას ცდილობდა.
- ჰმ.. გაეღიმა თვალებგამთბარ თათულის. - მაგას ჰგონია არავინ იცის, ისე საგულდაგულოდ მალავს ამ ამბავს... სოფელში თუ ვინმე გაჭირვებული და მრავალშვილიანია, ყველას ეხმარება როგორც შეუძლია. ახლაც, ამდენი პარკით რომ წავიდა, ზოგში წამლებია, ზოგში საჭმელი, ჩასაცმელი... რამდენსაც და როგორც მოახერხებს, მიუტანს და თან ეუბნება - არ უნდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკიო. მისი და რასაც უგზავნის, სანახევროდ ასე ხარჯავს. თავისი კაპიკებით აბა რას მოახერხებდა. სკოლის ხელფასი აქვს ნორმალური, თუ ბავშვებს ართმევს გგონია რამე სახეიროს. მშობლები რასაც მოუკითხავენ კეთილი გულით სოფლის ნაწარმს, ეს არის და ეს. რამდენის მარტოობას ავსებს და მომავლის იმედს უსახავს, ვინ იცის. ვითომ საკუთარი მარტოობა და საფიქრალი აკლია.
მიდიოდა სავლე და უცნაური შეგრძნება დაუფლებოდა. თითქოს ახლა აღმოაჩინა, რომ აქამდე სხეულის ერთი ნახევარი ცარიელი ჰქონდა. მას სციოდა, სტკიოდა, მაგრამ არც ხმა გააჩნდა და არც ძალა, რომ ეთქვა, ან შველა ეთხოვა და შვება მიეღო. ფიქრებით ქალაქიც მოიარა..
საიდან გაახსენდა - მაინც საით მიდიან, ციცინათელები?.. - მისი ციცინათელები ხომ მართლაც მიდიოდნენ, პაწაწინა ფრთების ფარფატით, მაგრამ მიდიოდნენ, თითქოს ჰაერში დააბიჯებენო თავისი არსებობით კმაყოფილები და სხვებთან სიხარულის გაზიარებით ბედნიერები. ალბათ ეს ამბავი ყველა ცოცხალ არსებას ერთნაირად გვაქვს მოწყობილი - მაგალითად, ჩვენს ყოველ საქციელს, ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, ხომ „ნაბიჯს“ ვეძახით ადამიანები. ჰოდა მივდივართ ცხოვრების გზაზე ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ვწერთ საკუთარ ისტორიას, თუ განაჩენს...
ერთ ჭიშკართან გაჩერდა, სწრაფი, ფაქტიურად ავტომატური მოძრაობით გააღო (ამას უკვე დიდი ხანია აკეთებდა) და სახლის მუდმივად ღია კარებში დაიძახა: - კარლო, კარლოო. უბრალოდ პახუსი გამეცი და წავალ, მეჩქარება მაინც. - ჰოოო, -გაისმა ოთახიდან ჩახრინწული ხმა.. დანარჩენს არც დალოდებია. - კაი ბიჭი ხარ კარლუშა (გაუხარდა პასუხი. სულ ჰქონდა ფარული შიში, რამე არ დაემართოსო), ცელოფანი კარის სახელურზე ჩამოკიდა და თითქმის სირბილით გამოვიდა ეზოდან.
კარლოს მშობლები დაღუპული ჰყავდა. მისი უფროსი ძმა დიდი ხანია უცხო ქვეყანაში წავიდა საცხოვრებლად. „შორს“ მრავალი მიზეზით ცხოვრობენ, მათ შორის ადამიანები, რომლებიც „არასასურველ ყოფას“ უბრალოდ უძებნიან მარტივ გამოსავალს, მიდიან... ამჯერად სწორედ ეს
შემთხვევა იყო. სანამ დედ-მამა ცოცხლები იყვნენ, იშვიათად მაინც დარეკავდა და უფრო იშვიათად, გამოგზავნიდა ორ კაპიკს. მათი გარდაცვალების შემდეგ კი, ძმებმა ერთი-ორჯერ ტელეფონით ილაპარაკეს და მერე საერთოდ აღარ გამოსულა კავშირზე. კარლო სავლეს თანატოლი იყო, უკვე წლებია მარტო ცხოვრობდა. უცოლშვილო, უმუშევარი, გალოთებული, ნელნელა მიექნებოდა უფსკრულისაკენ და ფაქტიურად მთლიანად დაწოლოდა მხრებზე სოფელში გადმოსულ მეგობარს.
- რაღაცნაირად გული აქვს აცრუებული, ჩაიქნია ყველაფერზე ხელი. მისი ძმისაც ვერაფერი გაიგო, დარდობს ადამიანი. - ბანდა პირს კარლოს თათულისა და მეზობელი ქალების წინაშე.
- ვის არ აქვს სადარდებელი ჩემო სავლე. კაპასობდნენ ისინი. - დედ-მამა მარტო მაგას მოუკვდა თუ რა. მართალია, იმ ბიჭის ამბავი არ ვიცით, მაგრამ დანარჩენად: ჯანმრთელია, ახალგაზრდა, სახლი აქვს და კარი. იმუშაოს, გაანძრიოს ხელი და გააგრძელოს ცხოვრება. აბა ეს ჯობია, ცოცხლად რომ იმარხავს თავს?.. გაიგებს იმის ამბავსაც .. ძნელია, მაგრამ, ასეთი ცხოვრებით ცვლის რამეს? - სავლეს არაფერი უთქვამს. თვითონ ეძებდა კარლოს ძმას. ყველა მისი მეგობრებისთვის ჰქონდა ნათქვამი. ქალაქიდან ბევრი მათგანი იყო იმავე ქვეყანაში წასული.
სკოლაში შეირბინა, გუნდის შეკრება გადადო, დაითხოვა ხვალამდე. წვრილშვილიან ყარაულიძეებს შესძახა- ამას მიხედეთო. ცელოფნით გაცივების წამლები ჭიშკარზე ჩამოუკიდა და კისრისტეხით გამოვარდა სახლისკენ. ახლა ვერაფერს გულს ვერ დაუდებდა. ბავშვებსაც და მუსიკასაც .
- რა თქმა უნდა წასული იქნება. რამდენი ხანია გამოსული ვარ, რატომ გაჩერდებოდა. უცებ ეთია გაახსენდა, შესცივდა სადღაც შიგნით, გულში (ასე ემართებოდა, როცა რაიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანზე გაიფიქრებდა. უფრო სადარდებელზე). რა მოხდა მათ შორის ნეტა. რა ხდება ჩემსას... ქორწინებას რომ დიიდი სიფრთხილით ეკიდებოდა ის ხდებოდა ახლა სწორედ...
დიახაც, ბედნიერება და უფლის ნება იყო- ლალე არა თუ წასულიყო, თათულიც გაეშვა და ეთიასთან მარტო დარჩენილი, მის ილუსტრაციებიან წიგნს უკითხავდა. ამას ისეთი გულმოდგინებით აკეთებდა, სავლე ერთ ადგილზე შეყოვნდა, იქნებ რაღაცა მომელანდა და გამოვერკვეო. მშვენივრად იცოდა, რომ უკიდურესი სიღრმით აღიქვამდა ყველაფე