ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შებერვამდე იფანტებოდნენ

შებერვამდე იფანტებოდნენ

ზაფხული, 13 წლის ჰეტე         

 

-არ წახვიდე! ისევ რამდენიმე დღე არ გამოჩნდები- ზაფხულის თბილი დილის მიუხედავად მთელი სხეული და ყბა უკანკალებდა ქმრის წინ მდგარ ქალს

-უკვე გითხარი, საღამოს მოვალ - ცივი სახით უპასუხა ქმარმა რომელსაც არც ერთი წამით არ შეუწყვეტია გამზადება. მანქანის გასაღები ჯიბეში ჩაიცურა და კართან მისული ცოტახნით გაჩერდა, როცა ცოლმა თითქმის იკივლა

-ჰეტეს სიცხე აქვს, განიცდის როცა მიდიხარ, არ წახვიდე- კაცმა ამოიხვნეშა, კეპი საკიდზე ჩამოკიდა და ოთახისკენ გაეშურა.

  კამათის ხმა გაიგონა თუ არა, ჰეტე მაშინვე ფანჯარას მივარდა, შემოაღო, გადაეყუდა მთელი ტანით და შფოთვა მხოლოდ მაშინ გაუნელდა როცა მშობლების ხმის გარდა ქუჩიდან შემოსული სხვადასხვა ხმა შემოაწყდა სახეზე, მათზე კონცენტრირდა. მშობლების გაქრობა მანამდე შეძლო, სანამ მკლავზე ხელი არ იგრძნო, მამა იყო

-ასე არ აძვრე ჰეტე, საშიშია.

 საერთოდ არ ჰგავდა წეღანდელ ხმას მამას ხმა, ეს ხმა ზრუნვით იყო სავსე. ჰეტე უემოციოდ აძვრა ლოგინზე. მამამ შუბლზე აკოცა. ვერც ერთ წამოწყებულ საუბარში ვერ აიყოლია, ბოლოს დანებდა, თმაზე მოეფერა და ოთახი დატოვა.

-მაინც მიდიხარ? სულ ასე მიკეთებ-მოისმა მაშინვე. ჰეტე ისევ წამოხტა, მამის დაკეტილი ფანჯრის სახელურს წვდა როცა ჰარუს ტირილი გაიგონა. ფანჯარას შეეშვა და ოთახიდან გავიდა. სავარძელზე მტირალი, გაშეშებული დედა იჯდა, კარს აშტერდებოდა, 3წლის ჰარუ ხელებაწვდენილი ყურადღებას ითხოვდა და ტიროდა, ბოლოს, ფეხზე მოეხვია დედას და ტირილს უმატა. ჰეტემ ძმა ხელში აიყვანა, ჰარუმ სველი სახე მხარზე დაადო. ჰეტეს ძალიან უნდოდა შემოეღო ფანჯარა, მაგრამ ჰარუს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა.

 

 

 

თავი I

სექტემბერი, ჰერსი

მე-9 წელია, ყოველი სექტემბრის ბოლოს არეს ვსტუმრობ. აქ ყოფნის მეორე დილის 8საათია. გრძელმკლავიან თეთრ, თერმულ ზედაზე გადაცმული ქურთუკითა და შორტით სარბენად გამოვედი. მე-9 წელია უზარმაზარ მინუსად მეგებება ის, რომ დაახლოებით მთელი კვირა დამჭირდება ძილის დასაბრუნებლად. არე წითელ ქალაქში ცხოვრობს და ჩემი ვიზიტებიც იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ადგილობრივებს ტროტუარები ნეკერჩხლის ჩაჭრილი ფოთლებით ეფარებათ. არეს სახლს ის ტროტუარი ეკუთვნის, სადაც მთელს ქალაქში ყველაზე მეტი ველოსიპედი პარკინგდება. სირბილს ვიწყებ…

ქურთუკის სიზედმეტე და სუსხი ერთიანად უტევს სახეს, ცხვირი ვარდისფრად მიხურს. 23 წლის ვარ, სიმაღლე-სადღაც 1.78. ქურთუკი, რომელიც მაცვია, M ზომის ფიტნეს მოდელი, საკმაოდ მეწელება მკლავებთან. დაახლოებით გამხდარი ვარ.

არეს 14 წლიდან ვიცნობ. შემოდგომით აქ ვიზიტები მე და დედამ მას შემდეგ დავიწყეთ რაც დედას საუკეთესო მეგობარს ქმარი გარდაეცვალა. დედა და არეს დედა საუკეთესო მეგობრები იყვნენ. 3 წლის განმავლობაში ვსტუმრობდით არეს და მათთან ხშირად ვრჩებოდით ხოლმე, შემდეგ დედას მეგობართან ურთიერთობა დაეძაბა. მათ ურთიერთობა გაწყვიტეს. 17 წლისამ პირველად ჩამოვაკითხე საუკეთესო მეგობარს მარტომ.

15 წუთი გავიდა, სიარულზე გადავედი და პარკის გადაჭრა დავიწყე. სავალ გზებზე გადმოსული, ხშირი წვიმით დამლბალი, ფერშეცვლილი ფოთლები ფენებად მეკვრიან ლანჩებზე. ფუნქციაშეჩერებულ შადრევნებს გავცდი და გრძელ კიბეზე ასვლა დავიწყე.

კიბის ნახევრის ჩამოტოვებისთანავე ყურთან ნაცნობი მუსიკის მელოდია იწყებს ვიბრირებას. კიბის დასასრულიდან მარცხნივ მჯდომს კალიმბა ჰქონდა მოქცეული მტევნებში. მთელი ყურადღებით იყო გადართული საკრავზე. მუქი ლურჯი ქურთუკის ელვა ცხვირის წვერთან ეკვროდა და ტუჩის ორივე ნაწილს უფარავდა. წეღანდელი გაკაჟება გადამდიოდა და ვხვდებოდი იმაზე მეტად ციოდა ვიდრე სახლის დატოვებამდე. ,, Now everybody's dead"... ამ მომენტზე ვიცანი მუსიკა 1975ის იყო. მარტივი იყო დასკვნა, რომ მელოდიას არ აწყობდა უკვე იცოდა და იმდენად იტაცებდა მხოლოდ გვერდით ჩავლისას ამომხედა. ნაცრისფერ სქელ ნისლში გავარჩიე თვალის შავი ფერი. მალე იწვიმებდა. ნაბიჯებიდან სირბილზე გადავედი და ვფიქრობდი, მაინტერესებდა სად, სხეულის რა ნაწილში ატარებდა ნათებებს კალიმბას პატრონი.

 

 

 

 

 

 

 

 II თავი

კარგად არ მახსოვს როდის გაჩნდა ჩემს მარცხენა თვალში ცისფერი რგოლი. წრე გუგასა და ფერად გარსს უმნიშვნელოდ ყოფდა და ანათებდა. ნათების გარდა უჩვეულობას ისიც უვსებდა, რომ მხოლოდ მე ვხედავდი. წუწუნით რომ დავღალე, დაახლოებით 11 წლის ასაკში, ოფთალმოლოგთან წამიყვანა დედამ. არც კი მაცალა ახსნა და თვალში რაღაც რგოლივით ჩხაპნისო მიახალა. თვალბუდის საგულდაგულო ქექვის შემდეგ თინეიჯერობის დასაწყისში აკვიატებულ წიკთაგან ერთ-ერთად შემირაცხეს ჩივილი და წამოვედით. მივიღე, შევეშვი წუწუნს. ნაკლად არასდროს აღმიქვია, უბრალოდ განსხვავებულ ასაკში სხვადასხვა ფუნქციას ვუსვამდი დიაგნოზად. ბოლოს, დავასკვენი, რომ სხივებს ვერ ვუშვებ თვალიდან, იდეალური მხედველობაც არ მაქვს და ამ უცნობ რგოლს უბრალოდ ვატარებ.

ნათებებს სხვებიც ატარებენ, თუმცა, არა ყველა. განსხვავებულია ფორმა, ფერის სიმძაფრე და ადგილი სხეულსა თუ სახეზე. კალიმბას გოგოს ნათება თითებზე და სახეზე არ ჰქონია…

სააბაზანოდან გამოვედი და არეს ყვრიმალებ და წარბებ აზიდულ სახეს შევხვდი. აშკარად შენიშნა შემოსვლისას გათბობას რომ დავუწიე. თავს მანამდე ანაცვლებდა, ხრიდა სხვადასხვა მიმართულებით და გზას წინ ჩახტომით მიჭიდა, სანამ არ დავიწყე:

-კატასტროფულად ცხელოდა არე, მიიწიე-პუფი მოვიცურე და მარცხენა ცერით მობილურის სქროლვა დავიწყე

-პერსი მოვა დღეს სამსახურის მერე - მაპატია წეღანდელი სიცივე და მშვიდი ხმით მაცნობა. პერსი არეს უფროსი დაა, სწავლის პარალელურად უნივერსიტეტში ასწავლის.

-ახალი სამაგიდო თამაში ჩამომივიდა გავსინჯოთ. მთელს დაფაზე ვიკინგებია გადაჭიმული და წესებიც ვიკინგურია - სანამ განმარტავდა გაზიანი სასმელი გავხსენი.

-ხშირად გსტუმრობს?

-ვინ? პერსი? არაა. ჯერ ისევ იბოღმება პატარა ძმა მასზე ადრე რომ გამოძვრა იმ სახლიდან.

-სამეგობრო შეგცვლია… შევნიშნე გუშინ - ვუთხარი და გადავხედე არეს

-მშვენივრად იცი როგორი ექსტრავერსირებულია ჩემი სული, ღია და მიმღები - ბოლო ორ სიტყვაზე სწრაფად შემოჰკრა ხელები და გაიღიმა - ეჭვიანი ინტროვერტი ხარ

-იოცნებე

-გეშინია ვიცი - ხმამაღლა დამცინა - მაგრამ არ ვაპირებ არცერთი სანტიმეტრით არათუ საფეხურით დაბლა ჩაგწიო. ფიქსირებულთა კატეგორიაში ხარ

-იდიოტი ხარ - ხმამაღლა გამეცინა მეც - მშია…

-გამოვიძახოთ თუ გავიდეთ?

-გავიდეთ.

-კარგი და თეთრ ქურთუკს მე ვიცმევ მხრებს მიკვეთს - გამეკრიჭა და ოთახში შეიყოლა ზედა. ხელებზე მივაშტერდი. არე გავიცანი მაშინ, როცა ყველაზე მეტად ებრძოდა ფეთქებადობას. ჩემზე 2 წლით უმცროსი და 2-ჯერ სრული აღნაგობის იყო. განიერი მხრები და საკმაოდ მოზრდილი მტევნები ჰქონდა. ხაზებიც ნათებებად ამ მუშტებზე მიუყვება. ვამჩნევდი ეუხერხულებოდა ხელები. მუდმივად კრავდა მუშტს ან თუ უკან დამალვის საშუალება არ ჰქონდა ბარძაყებზე მიიკრავდა ხოლმე. მუდმივ კონფლიქტში იყო დედასთან, სკოლასთან და არასოდეს ჩემთან. დაუსრულებლად უთითებდნენ ან საყვედურობდნენ ძალის გამო და სულ ცდილობდნენ შეებოჭათ პროტესტის, თავის გამოვლენის ყველასთვის მიუღებელი ფორმები. როგორც ჩანს სხეულის ენამ მაინც აითვისა რამდენიმე მათგანი შენიშვნებიდან. ამ ყველაფერს ის ტკივილიც ერთვოდა მამის გარდაცვალების გადატანა რომ ჰქვია. ჩემი ერთ-ერთი პირველი ვარაუდიც არეზე იყო - ალბათ ნაკლოვანი მხარეები გვინათებენ. არეს ენთებოდა მტევნები, რომლებიც მუშტებად იკვრებოდნენ და ვერშეკავებული აგრესიის დროს სტკენდნენ სხვას… არვიცი… ჯერ ისევ ვარკვევ.

ქალაქში ნეკერჩხლები დომინირებდნენ და განსაკუთრებით ვუცდიდი მზეს ბევრი სიწითლის ჩასაჭერად. ნაცრისფერი ამინდები არ მიყვარს. ამინდი 10 საათისთვისაც იგივე იყო: სველი, მძიმე და ნაცრისფერი. ისევ საკრავი გამახსენდა…

კრიზისული ასაკის შემდეგ არეს დედასთან კონფლიქტი შეუმსუბუქდა, მაგრამ შესაძლებლობისთანავე დატოვა სახლი, რაც არეს უფროსმა დამ ვერ შეძლო, მეტიც, დედასთან ერთად მუშაობს უნივერსიტეტში, სადაც არეს დედა ჯერ პროფესორი იყო ახლა კი დეკანია.

ჩემი მეგობარი აგრესიის დაბალანსებას თავში ჩაკეტვის სწავლით ახერხებდა და პერიოდულად ჰქონდა მომენტები სიცარიელის. დეპრესიულობა განივითარა. ამ უკანასკნელს კი - იუმორით ფუთავდა. არე გარეთ ყოველთვის სხვა იყო, განსხვავებული არე მორგებული დადიოდა საკმარისად არ ახლობელ ადამიანებთან.

ჩაბნელებულ, წიგნებით სავსე, რესტორნის ფუნქცია შეთავსებული, კაფის მაღალ ფანჯარასთან ვისხედით. ამინდი მეტად აბნელებდა და უცნაურად მყუდრო იყო ყველაფერი. დამატებითი სანათები მაგიდებზე ან კედლებზე, პუფებისთვის, იყო განთავსებული კითხვის მსურველთათვის. აუცილებელი თხოვნით -სანათს არ ვანთებდით თუ არ ვკითხულობდით.

მეორე დღეა და ვხვდებოდი თუ როგორ ვიგროვებდი, ვიმუხტებოდი იმ სიმყუდროვით რაც არეს ადგილებს ახლავს. ჩემს ,,დიდ" მეგობარს პატარა დეტალით შეეძლო აეკრიფა ღიმილი და გაეყოლებინა დღის ბოლომდე. ეს მაშინ ისწავლა, როცა ყველაზე ნაცნობი პროტესტის ფორმა - ყვირილი შეწყვიტა და სამალავების ძებნას შეუდგა. დეტალებით, გარემოთი, მუსიკითა თუ უბრალოდ ნისლიანი წვიმით სიამოვნების მიღება არესთან ყოფნის უზარმაზარი პლიუსი იყო.

ბევრი სეირნობისა და საუბრის შემდეგ უკან საღამოს დავბრუნდით. ჩემი ასაკის პერსი გაშლილი ხელებით დამიხვდა. დაახლოებით ის ღიმილი ჰქონდა გადაკრული ლოყებზე, რომლითაც პატარა ძმის სტუმრად მოსულ მეგობარს ლოყაზე ჩქმეტენ ან თმებს შუბლზე ჩამოუყრიან ხოლმე.

-უჟმური ძმის ჯიუტად მყარი მეგობარი, მთელი გულით ვუთანაგრძნობ - ბოლო სიტყვებზე ხმას დაუწია და ხმამაღალი მოკლე კისკისი გააბა.

პერსი უცნაურად განლაგებული ნათებების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ძმის მსგავსად ნათებებს ხელები აერჩია თუმცა-თითის ბალიშების იმ ნაწილში ჰქონდა თავმოყრილი სილურჯე, სადაც ფრჩხილი მთავრდება. თითქოს ბავშვობაში ფრჩილის ნაცვლად, მავნე ჩვევად, ამ კანს იჭამდა. იქნებ ნათებები მავნე ჩვევებზეც მიუთითებენ. დამაბნეველია.

პერსის თან ოთხი მეგობარი ახლდა. კალიმბას პატრონი თვალებით ვიცანი. უცნაურად მსუბუქი თვალები და მზერა ჰქონდა. ისიც გავიფიქრე ალბათ ვერასოდეს დააძალებს თვალებს ემოციები გამოხატონ, არ გამოუვა-მეთქი. მარცხენა ხელი დამიქნია პერსის წარდგენის საპასუხოდ და წრედ შეკრულ პუფებთან მივიდა, დაჯდომა გადაიფიქრა და ფანჯარა შემოაღო. არეს ძებნა დავიწყე, გონებაში გადაითამაშა მისმა რეაქციამ, როცა შეიტყობდა როგორ უძევებდნენ სითბოს.

ჰეტე, კალიმბას მფლობელს ჰეტე ერქვა. ვუყურებდი და ვეძებდი ნათებებს. ქურთუკს შიგნით თხელი დახურული მაისური ეცვა. მკლავებზე, ხელებზე, სახეზე არაფერი ჰქონდა. ჩავთვალე რომ ჰეტე ნათებებს არ ატარებს.

წრეში ლუდები და გაზიანი სასმლის ქილები გაჩნდა. არეს 2 მეგობარს ვუცდიდით. პერსი მთელი ემოციით განიხილავდა სამეგობროში მომხდარს როცა დააკაკუნეს. უკვე ცხრანი ვისხედით და სასმელების გვერდით სილიკონის თასებიც ივსებოდა სასუსნავებით. მონაცვლეობით ვავსებდით წრის მარაგს მაცივრიდან. პერსის საუბარის მოსმენა დავიწყე

-მკლავი მოიტეხა და მე თუ მკითხავ ის სტუდენტი ერთი სემესტრით მაინც უნდა დასჯილიყო და კრედიტები არ ჩაეთვალათ

-კარგი რააა, ის ბიჭი როგორ აიყვანეთ დაცვის თანამშრომლად, ვარდისფერი ბაფთით-ხმამაღლა გაიცინა არეს ერთ-ერთმა მეგობარმა, პოსემ

-არასოდეს კეთებია ბაფთა, მითუმეტეს, ვარდისფერი - პერსის გაბრაზება დაეტყო

-შეხედავ თუ არა ესახება, წარმოგიდგება რომ უკეთია, თან, აუცილებლად ვარდისფერი - რამდენიმე მეგობარი აიყოლია სიცილში - ქალები, და ფემინური ბიჭები ფრთხილად უნდა არჩევდნენ სამსახურს, მკლავი ასე მარტივად როგორ უნდა მომტეხოს ვინმემ - პოსემ კმაყოფილებით დაიხედა მკლავზე. ვერ ვიგებდი არე სად არჩევდა ამ წრეს. ამ ბიჭს არესთან საერთო მხოლოდ აღნაგობა ჰქონდა

-ჰეტე შენ რას ფიქრობ პერსის თანამშრომელზე?-პოსე აშკარად ცდილობდა ეაქტიურა და მაქსიმალურად ბევრი გადმოებირებინა

-დაშავებულზე? ძალიან ცუდია, სხვას რას უნდა ვფიქრობდე

-ფემინურ ბიჭებზე რას ფიქრობ-არ ეშვებოდა პოსე

-გააჩნია რა აქცევს შენთვის ფემინურად-ლუდის ბოთლის თავი ორივე ცერით დახურა, თითების ნაწილი ბოთლს შემოაკრა და პოსეს შეხედა

-ნაზი მკლავები-სახეზე ღიმილი ჰქონდა გადაკრული საუბრისას, თითქოს საკუთარი აზრის სისწორე და უპირატესობა ეჭვშეუვალი ყოფილიყო- მარტივად, ხელის ჩამორთმევისას რომ უზიანდებათ და ალბათ იტირა ხოო?-ისევ პერსის მიუბრუნდა კითხვით, პერსიმ გაღიზიანებულმა გადაატრიალა თვალები

-ცრემლების წარმოდგენა მასკულანობის ხარისხს რომ გირყევს ეს შენი პრობლემაა პოსე, იმ ბიჭს არაფერი სჭირს დამიჯერე - ბოლო სიტყვაზე პოსეს უკმაყოფილოდ ეცვლებოდა სახე თუმცა ღიმილის შენარჩუნებას ჯერ ისევ ცდილობდა-და საერთოდ პატივისცემას იმსახურებს ყველა ვინც საკუთარს არავის და არაფრის გამო არ ჩქმალავს. ვარდისფერი ბაფთის გაკეთება არაა პრობლემა მეგობარო, გაკეთება რომ გინდა და სურვილის გაჩენამდე სხვისი აზრისა თუ დამოკიდებულების შიში გიკლავს ამ ყველაფერს ესაა პრობლემა. - ჰეტემ მშვიდი სახე პერსისკენ მიაბრუნა და უკვე სხვა თემის განხილვას შეუდგნენ.

ცარიელ ბოთლებს ვეღარ ვითვლიდი, ალკოჰოლი წრის ხასიათს ცვლიდა, უკვე ზემოქმედებდა ჩემზეც

-ვფიქრობ იქ, სადაც ჯანსაღი ქიმიაა არ და ვერ უნდა იფიქრო რამდენად კარგი თანკბილვა ან კანის სტრუქტურა აქვს, ალბათ უბრალოდ ვერ ჩაკირკიტდები ამაზე - მთელი გულით ესაუბრებოდა არე მეგობრებს რაღაც თემაზე როცა საპირფარეშოდან დავბრუნდი, პერსი კი უკონტროლოდ იცინოდა, ადგილი შეეცვალა და ახლა პოსეს გვერდით იჯდა. წეღანდელი გაბრაზების კვალი არსად ჩანდა ორივე ერთად იცინოდა.

-ჩემს ძმას სულ უბედური ხალხი იზიდავს - თითქმის ყვიროდა პერსი, რომელიც პირველივე წვეთზე თავდაჭერის უნარს კარგავდა - კურნავს, ისინი გარბიან და დამატებით ერთი ტკივილით ტოვებენ. ისევ ჰერსი ჰყავს ბოლოს - თითი ჩემკენ გამოიშვირა.

პერსის ახასიათებდა დაუფიქრებლად ტკენა. დროც ძალიან ეწელებოდა ამის გასააზრებლად, სამაგიეროდ, მალევე ეტყობოდა ხასიათზე რომ ნანობდა და პატარა ბავშვივით მანამდე ირბენდა აქეთ-იქით სანამ არ იგრძნობდა რომ შეამსუბუქა დანაშაული.

ვერ ვიხსენებ როდის დავრჩით მარტოები ისევ მე და არე, როდის მოწესრიგდა პუფები და როდის დავწექი დასაძინებლად. მახსენდება მხოლოდ ის, რომ წარმოვიდგენდი და გონებიდან პირდაპირ ოთახში გადმომქონდა სიტუაციები სხვადასხვა თემებით. მე ვსაუბრობდი ხმამაღლა თითოეულის ირგვლივ. ოთახში ჰეტე იყო და გაოცების ზუსტად ის შთაბეჭდილება ჰქონდა თვალებზე აკრული, რაც ალბათ სასმლისგან მოდუნებულ ჩემს სახეზე დარბოდა მისი მოსმენის დროს. წარმოდგენებში კალიმბას გოგოს ჩემი საუბრები აოცებდა. ვერ ვიაზრებდი სიმთვრალეს, მაგრამ ვიცოდი დანამდვილებით, რომ მინდოდა ჩემს წინ მჯდომ, გამოგონილ ჰეტეს ესაუბრა. ესაუბრა დაბალი, არაფრით გამორჩეული, მსუბუქი ხმით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

III თავი

მეორე დღეს წამოდგომის თავი არ მქონდა. ვიწექი და ვაკავშირებდი დეტალებს ნელ-ნელა რომ მიღდგენდა გონება. რამდენიმე დღიან შეკრებაზე ვსაუბროდით. წყობა მერეოდა, ვერ ვიხსენებდი რომელი ვარიანტი ამოვარჩიეთ ან ისევ თუ განიხილება ეს თემა. ვატყობდი გუშინდელი აღტაცება დილით აღარ მომყვებოდა. სავარაუდოდ გარემო, ჩემთვის გამორჩეულად არამეგობრული ალკოჰოლი და ჰეტეს პასუხები პოსესადმი ერთად კრავდა იმ მუხტს, რომელიც მთელი ღამე გაუჩერებლად მონაცვლეობდა მარჯვენა ნახევარსფეროში. გამეცინა გახსენებაზე, თან, მამძიმებდა ფიქრი, რომ უცნაურად მოვწყდი რეალობას.

შუადღე იყო. სირბილს, მოახლოებული აქტივობებიდან, უკანასკნელს განვიხილავდი. წყლის გასაგრილებლად მოშვებულ ონკანს დავებჯინე. გრილოდა, როგორც ჩანს არეს დავასწარი ადგომა. ფანჯარა შემოვაღე და სავსე ჭიქით არეს ოთახში შევედი.

-პერსის ვწერ - ხრინწმოგროვილი ხმით მიპასუხა და ეკრანი ოდნავ მომიტრიალა. პერსის სინანულის ვრცელ სიას მოვკარი თვალი, როგორც ჩანს ახსოვდა და საკმარისად კარგად.

-ახალი არაა, მახსოვს ადრე პერსის ასე საქციელს მძაფრად აღიქვამდი

-პერსი ასეთია. ყველა ის წესრიგი, რომელსაც ვურღვევდი პერსისთან მიჰქონდა დედას. არასოდეს ჰქონია პროტესტი. მაშინ ეს მაბრაზდება, ახლა -ვიგებ.

პერსიმ დარეკა. არე მარტო დავტოვე ოთახში მე კი საშინელი შიმშილი ვიგრძენი და გადავწყვიტე სასწრაფოდ მიმეხედა ამისთვის. არეს მაცივარი გამოღებისთანავე დავიწუნე და მობილურში ჩაშლილ საჭმელებს დავუწყე არჩევა.

მთელი კვირა წვიმდა. ის მონაკვეთები სადაც წვიმა ჩერდებოდა სველი, მძიმე ნისლით იცვლებოდა. დილით ისევ დავრბოდი. გზას ვიგრძელებდი და უკანასკნელ დილამდე უკან დაბუნებისას არ გადამიკვეთავს პარკი. მთელ კვირას ვირწმუნებდი თავს რომ ჰეტეზე სიმპათიის გამო არ ვფიქრობდი. პერსის თქმით ხვალ შევძლებდით ქალაქიდან ორ დღიან გაცლას. რამდენიმე საათიან მგზავრობას A ფორმის ხის სახლებამდე უნდა მივეყვანეთ. ყავის პატარა სახლთან გამოვფხიზლდი, გადავიხადე და დედას ნაჩუქარ ფიტნეს საათს დავხედე დროის შესამოწმებლად. ცხელ კაპუჩინოს მარცხენა ხელის თითის წვერები გასათბობად წავუჭირე. დაახლოებით თვენახევარი ვგეგმავდი არესთან ყოფნას. ეს ქალაქი წვიმების გადატანის შემდეგ წარმოუდგენლად ლამაზდებოდა. გრილი წითელი და მუდმივი მზით შეწუხებული შემოდგომა დგებოდა. მაღიზიანებდა ლანჩებზე აკრული ფოთლები.

იმავე სკამზე ფეხებშემოკეცილი კალიმბას პატრონი დღეს არ დამხვდა. ის უცნაური წარმოდგენა, რის გამოც მთელი ეს დრო პარკს არ ვკვეთდი, რომ შეუცვლელი სიზუსტით დამიხვდებოდა ყველაფერი, გაიფანტა.

არეს სახლის წინ ნაცრისფერი ჯიპი იდგა. გამახსენდა გუშინ პერსიმ როგორ შესთავაზა დედას ვთხოვ მანქანას და არ ვეტყვი საჭეს შენ რომ გითმობო. კარი შევაღე

-მანქანა მოიყვანა პერსიმ

-შევამჩნიე-ზედა ჩამოვკიდე და შეიქერის შევსება დავიწყე. არემ თავი გადაიქნია როგორც კი პროტეინი ჩავუშვი წყალში.

-ადამიანებს განსხვავებული გენეტიკის თრევა უხდებათ, ყველა შენს მსგავსად ვერ ნებივრობს.

არეს ვიწრო, მაღალი წელი და განიერი მხრები ჰქონდა. არც გრძელ მკლავებს გადაბმული მტევნები დაიჩივლებდნენ სილამაზეზე, რომ არა მათი ვერსად წაღების დაუსრულებელი უხერხულობა. ხელებს განსაკუთრებით მაშინ ერჩოდა, როცა არც ისე ახლო ან ახალ გარემოში უხდებოდა თავის წარდგენა, გარევა. მუდამ მოკლედ, ერთ დონეზე შეჭრილ ღია ყავისფერ თმას ატარებდა. თეთრი კანის ფერი და ღია ყავისფერი თვალები აქვს. თმებთან შედარებით რამდენიმე ტონით მუქი, ხშირი წარბები.

არესთან შედარებით ბევრად მუქ თმის და წარბის ფერს ვატარებ. თვალის ნაცრისფერი გარსი თეთრი ხაზებით მაქვს დაქსაქსული და იმ ადგილას სადაც ნათება გუგას აცალკევებს ყავისფერი და ყვითელი ჭარბობს. ღია ხორბლისფერი კანი და განსაკუთრებით ცხვირის მიდამოში დაყრილი ფერმკრთალი ჭორფლი მაქვს.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IV თავი

 

გზისთვის განკუთვნილი სამი საათი ყურსასმენებით გავატარე. უკანა სავარძელი ავირჩიე და არე მის ახალ მეგობარს დავუთმე. დაწეული მინიდან მზის სხივები სუსტად მითბობდა თვალებს და ცხვირს. აქ ჩამოსვლის შემდეგ პირველად გამოიდარა.

-ჰერსი!- ყრუდ აპობდა არეს ხმა ყურსასმენებს. მკლავზე ხელს მსუბუქად მირტყამდა გასაღვიძებლად. ნეკერჩხლებით გადაღლილი ქალაქის შემდეგ უცნაურად ცარიელ მდელოზე ვიდექით. ერთმანეთისგან მოშორებით გაფანტული ათამდე კოტეჯი იდგა. ნისლი მაღლა იწევდა და ირგვლივ შემოკრული მთებს მისტიურად ეკრა გარს. ჯერ ისევ სუსხავდა. მგზავრობისას ჩამთბარ სხეულს მაშინვე მთელი სიმძაფრით მიმეხვია სიცივე, ქურთუკის ელვა შევისწორე და ზურგჩანთა გადმოვიტანე. სახლის წინა მხარე მინით იყო დაფარული. შესასვლელ კართან ხისავე სავარძლები და მაგიდის ფუნქცია ათვისებული მორები იდგა. პერსის ვუცდიდით. თეთრ სედანს ჰეტე მართავდა. პერსიმ კოტეჯის გასაღების ჩხარუნით და დიდი ღიმილით გადმოაბიჯა

-ვიცი გალოდინეთ, მაგრამ ნახევარ საათამდე მაინც დაგჭირდებოდათ აქაურობით დამტკბარიყავით და ალბათ დიდი დისკომფორტიც არ განგიცდიათ - სახლისკენ გაემართა, ჩემოდანი არემ გადაიბარა და გვერდით მიჰყვა.

ჰეტეს გრძელი, სწორი შავი თმა ჰქონდა. ნაცრისფერი, დაბალყელიანი კონვერსებიდან თეთრი წინდები მოუჩანდა. მუქი ლურჯი დაშვებული და ბოლოში რამდენჯერმე შემოკეცილი ჯინსი ეცვა. ნაცნობი ლურჯი ქურთუკი თეთრ, გრძელ, მაისურზე გადაცმულ, ჩახსნილ პერანგზე მოიხურა. თითზე წამოცმული გასაღები მუჭში მოიმწყვდია, ჩემოდნის დაგრძელებული სახელური მოქაჩა და დანარჩენებს შეუერთდა.

სახლში ხის სუნი და სიჭრელე ჭარბობდა. ჭრელი პუფები, პლედები, სანათები და სათავსოები. კოტეჯის ზედა, დაბალიჭერიანი ნაწილი მხოლოდ დასაწოლად იყო გათვლილი. კიბე პირველი სართულის შუაგულიდან იწყებოდა და ერთმანეთის საპირისპიროდ ორ კიბედ იშლებოდა. თითოში ორი, ულოგინოდ იატაკზევე გაშლილი საწოლი და ხის პატარა კარადები და მინი, მრგვალი სანათები იდგა. დღისით სინათლეზე პასუხისმგებლობას მინის კედელი იღებდა. არესეული სიმყუდროვე იყო. ჰეტე, პერსი, და მათი ორი მეგობარი გოგო მაღლა განაწილდნენ. სამზარეულო პატარა დახლით და კომფორტული თაროებით პირველი სართულის უკანა კედელს იკავებდა. პერსიმ მარცვალი სამზარეულოზე შემოდგმულ ყავის აპარატში ჩაყარა. ერთჯერად ჭიქებს პარკი შემოაცალა და ხალხი შემოიკრიბა. პერსი ლამაზია. თითქმის უნაკლო გარეგნობა და გრაცია აქვს. უმარტივესია საერთოს გამონახვა და მუდამ ფერადია. სამეგობროსაც მარტივად იკრებს თუმცა ხშირად მსმენია არესგან რომ დეპრესიულია. ზედაპირულად აღიქვამენ და ადამიანებიც დიდი სისწრაფით ეცლება ხელიდან.

ჰეტეს ესპრესო ეჭირა და არეს ესაუბრებოდა. შესამჩნევი იყო რომ მეგობრის პატარა ძმას ესაუბრებოდა. ახლა მარტო გავიაზრე რომ არეზე 5წლით უფროსი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ქალაქი და სუპერმარკეტები 10 წუთის სავალზე იყო, პერსის ინიციატივით მანქანები უამრავი ნივთისა და საკვებისგან იყო დასაცლელი. მზის ამოსვლისთანავე ნისლი და სუსხი გაუჩინარდა. სახლში გათბობის გარეშეც ჩამოცხა. არეს ვეყრდნობოდი და ერთ ერთი მეგობრის მობილურს ჩავშტერებოდით. რამდენიმე უვარგისი მოტოციკლის ხელის შევლებას, გაყიდვას და სათავისოდ ახლის ყიდვის იდეას გვახვევდა, თან კანდიდატების ათეულობით ფოტოს გვანახებდა.

-წინა ცხოვრებაში ცოტა მეტად უნდა მეზრუნა ქველმოქმედებაზე- მობილური გამორთო და პუფზე გადაწვა - ფულთან დაკავშირებული სატანჯველები მდიდარი ოჯახით ჩამინაცვლდებოდა. გაგვეცინა. რამდენიმე წუთში ჰეტეს გახედა და ისევ დაიწყო

-ეს ზედმეტად ძველ დროში ცხოვრობდა და ბოლომდე ანიავებდა ხაზინებს დასახმარებლად. არე და მისი დაბალი მეგობარი ისევ სიცილს მოჰყვნენ. როგორც ჩანს სედანი რომელსაც მართავდა არეს მსგავსად დედისგან არ უთხოვია ჰეტეს.

კოტეჯში უამრავი სანათი და ნათურა იყო. სავარძლებზე და პუფებზე კომფირტულად მოკალათებულნი მიმოფანტულად ვისხედით. სურვილისამებრ მონაცვლეობდა სასმელები მაცივრიდან. ვსაუბრობდით, უმეტესად ვიცინოდით. პოსე განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხუმრობებით და რეაქციებით მათი თქმისას რომ იწვევდა. პოსეს გაღიმებისას ტუჩის კუთხეში მოხაზული ნაოჭები, ცხვირის ნესტოებამდე რომ გრძელდებოდა - უნათებდა. უამრავი ვარიანტი მიტრიალებდა გონებაში თუ რა შუაში იყო ღიმილის ნაკეცები ნათებებთან.

აღმოჩნდა რომ ირგვლივ მდგომი ხის სახლების უმეტესობა დაკავებული იყო. არე და პოსე ფრენბურთის ბადის გაჭიმვაში მონაწილეობდნენ. თამაშს ხვალ გეგმავდნენ. წინა კვირის მძიმე შეგრძნება არ გამნელებოდა და ლუდზე უარი ვთქვი. არე თავისუფლად, გაშლილი მტევნებით იჯდა და უხვად იღიმოდა. მიყვარდა ჩემი მეგობარი და უცნაურად ვიზიარებდი მის ნაკლოვანებებსა თუ კომპლექსებს. მინდოდა საუბრის დაწყება თუმცა ვერ ავუხსნიდი რა მიზეზით მაშფოთებდა მისი მტევნები და საზღვრები რომელიც უხერხულად მუჭშეკრულს ყოველთვის მზად ჰქონდა სიმარტოვის არ დასაკარგად.

ბავშვები ცვლიდნენ ადგილებს, ისტორიებს, მობილურის ეკრანებს და საუბრებიდან წამოსულ ენერგიებს. სახლში ცხელოდა. ქურთუკი შევიკარი, მუქი წითელი ქუდი კისერთან შევისწორე და გარეთ გამოვედი. კარისგან ოდნავ მოშორებით მდგარ ხის სკამზე ჩამოვჯექი და მობილური ავიღე. ,,დაახლოებით ერთ თვეში გინახულებ. რამდენიმე ლამაზ ჭიქას აგირჩევ გპირდები"-შეტყობინება გავგზავნე.

დედას ლამაზი ჭურჭელი უყვარს, უფრო ჭიქები. აუცილებლად გავიყოლებ საჩუქრად. ჩვევისამებრ ან ყურს მოტეხს, ან შეღებავს ან სულაც დაამტვრევს და სხვა ჭიქის ,,ლამაზ" ნაწილთან დააკავშირებს, მაგრამ უბედნიერესია როცა ჩუქნიან. ჩემი ოთახის გარდა ყველგან ეს სახეცვლილი ჭურჭელი გეჩხირება თვალში. ნაწილი კედლებზე სურათებს ჩარჩოს უცვლის, ნაწილი ლარნაკად შეკრული აკრავს ყვავილებს. დედა ყველაზე მეტად ამ ოთახებში იგრძნობა. თვალის ჭრილები ბედნიერებისგან ეზიდება მაღლა და იღიმის, საათობით აკვირდება სახე და ფუნქციაცვლილ ჭურჭელს.