ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოგზაური და ლაბნას საიდუმლო

მოგზაური და ლაბნას საიდუმლო

მოგზაური და ლაბნას საიდუმლო

   ქვით ნაშენ გალავანთან ვდგავარ, გალავანი თითქმის მხრებამდე მწვდება, ვერ ვარჩევ,სადამდე მიდის მისი მრუდე სილუეტი. მიწურული მთვარე ბაცად ანათებს , ირგვლივ სიბნელე და სველი ნისლია. ცენტრში გორაკზე ,ჩამონგრეული ეკლესია დგას,ჭაღარასავით ნაცრისფერი და რაღაცით ბრძოლაში წაქცეულ ჯარისკაცს ჰგავს, გუმბათიც გვერდზე მოჰქცევია, ადრე მოოქროვილი უნდა ყოფილიყო, ეხლა ალაგ-ალაგ ჟანგის ნაკბილარები ეტყობა. სარკმლები ცას ცარიელი თვალებივით აჰყურებენ. ჩამომტვრეული ადგილებიდან  წითელი აგურები შემხმარი სისხლივით მოჩანს,ტაძრის ირგვლივ რამდენიმე ხე დგას, ტოტებდამტვრეული, ალაგ-ალაგ გამხმარი ,წელში მოხრილი, მაგრამ ამაყი მაღალი ხეები. ამ სანახაობამ კიდევ უფრო დამზაფრა, გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ადგილიდან ვერ ვიძვრი, გულისცემა ყურებში მესმის, ვგრძნობ,ოფლით როგორ მეცვარება სხეული, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს,აქ როგორ აღმოვჩნდი? ფეხშიშველი და საღამურით, ან ეს რა ეკლესიაა? ომ გამოვლილს ჰგავს, მაგრამ რომელი ომის? სად იყო ომი? ნისლი სადაცაა სრულად შთანთქავს ჩამონგრეულ ტაძარს და სუნთქვაც უფრო მიჭირს, მეჩვენება, რომ ნისლში ჰაერი არ არის. ასეთი ნისლი არასდროს მინახავს ბლანტი და სქელი,ვგრძნობ,თითებს შორის გველივით როგორ დასრიალებს. მესმის , რაღაც არსებები როგორ დაძრწიან ჩემ გარშემო, ნისლში ვხედავ მათ სილუეტებს, გაქცევა მინდა,მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებ, დაწყევლილივით მხოლოდ ეკლესიას შემიძლია თვალი გავუსწორო და ისიც ნელ-ნელა ქრება. თავბრუ დამეხვა, სიცივე კანს მიკაწრავს, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი, პირსაც ვერ ვაღებ, რომ ვიკივლო და შველა ვითხოვო. ვგრძობ,ნისლი მძიმედ როგორ მაწვება და სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიძნელდება, ვიცი, მალე სრულიად დამფარავს. პანიკამ მომიცვა ,თავს არ ვზოგავ მაგრამ მაინც ვერ ვიძვრი, სულ ოდნავადაც ვერ ვატოკებ სხეულს. ყელში ბურთი გამეჩხირა, ვიხრჩობი. გაქცევა მინდა, მაგრამ ჩემი სხეული არ მემორჩილება, სისხლი ტვინში მომაწვა, ყურები დამიგუბდა. ყვირილი მინდა, მაგრამ ტუჩებს ვერ ვხსნი, ტირილი დავიწყე.

- ნუ გეშინია!

უცებ უკნიდან მომავალმა ხმამ ყველა შეგრძნება ერთიანად გადაფარა, მომინდა უკან გამეხედა, რომ დამენახა,ვინ იყო.მაგრამ ადგილიდან ისევ ვერ დავიძარი.

-ნუ გეშინია, ეს სიზმარია.

ხმამ მთელს სხეულში როგორც ელვამ ისე გამიარა; ვიგრძენი, სიმშვიდემ როგორ მომიცვა. ვცადე, შემეხედა.უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, რომ სულ ოდნავ მაინც შემევლო თვალი იმისთვის ვინც ამ ნისლში ჩემს გადასარჩენად მოვიდა, მხოლოდ მის გრძელ, შავ, ტალღოვან თმას მოვკარი თვალი. თმებში ჩამჯდარი ცვარი ვარსკვლავებივით ბზინავდა, მინდოდა, უფრო მეტი მენახა, მინდოდა, მისი სახე მეხილა. ხელზე ხელი მძიმედ მომიჭირა. ჩემი მუშტად შეკრული ხელი მისმა ხელმა მთლიანად დაფარა და ერთიანად მოვდუნდი. ვიგრძენი მისი ხელის სიმხურვალე, მისი სუნთქვა ჩემს კისერთან ახლოს, მთელ სხეულში ცხელმა ალმა დამიარა.

-გაიღვიძე, - ჩუმად, მაგრამ მტკიცე ხმით მითხრა და მისმა ხმამ თითქოს ნისლი გააპო.

თვალები გავახილე. გული ისე მიცემდა, მთელი სხეული მის ფეთქვასთან ერთად ხტოდა. მისი ხმა ჯერ ისევ ექოდ ჩამესმოდა ყურებში და ჩემში ფეთქავდა. ხელები ისე მომემუშტა, რომ ფრჩხილები ხორცში მქონდა ჩასობილი. ტკივილით გავხსენი მუშტებად შეკრული ხელები, ხორცში ღრმად იყო ფრჩხილები ჩასული, წითელი რკალები ორივე ხელის რბილობზე მქონდა, თითები კი ტკივილისგან ფეთქავდა. საწოლში წამოვჯექი, ოფლით დანამული შუბლი ხელისგულით მოვიწმინდე. ოთახი ღია ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქით იყო განათებული , თვალი მოვავლე, რათა დავრწმუნებულიყავი ,რომ მართლა საძინებელში ვიყავი. ადას და ლილეს ჯერ ისევ მშვიდად ეძინათ.

-ეჰ, მე ასეთი კოშმარი ვნახე და ამათ კი ასე მშვიდად სძინავთ, -გავიფიქრე და ჩემს ფეხებთან მძინარე კატას დავხედე,

-არც შენ გიგრძნო გულმა არაფერი, ხო, ლუციფერ? - გაბრაზებულმა ვთქვი. ორი ნათელი თვალი შემომაგება, დაამთქნარა და საწოლიდან გადახტა.

 -მოღალატე, -ჩუმად მივაძახე.

თავშესაფარში, ჩემ გარდა, ყველას მშვიდად ეძინა.

ისევ ხელებს დავაკვირდი, მუშტები შევკარი და გავშალე, ტკივილმა თითქმის გამიარა, დავრწმუნდი რომ სხეულს ვაკონტროლებდი. წყალი დავისხი და მთელი ჭიქა ერთ ყლუპად გამოვცალე.საწოლიდან ავდექი და ღია ფანჯარასთან მივედი, დიდი სავსე მთვარე ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანდა, გავიფიქრე, რომ მოვინდომო, ალბათ, ხელით შევეხები-მეთქი, შემოდგომის გრილი ნიავი ღმრმად ჩავისუნთქე. სიზმარი გამახსენდა, ყველაფერი ისეთი რეალური იყო, ისე ცხადად მახსოვდა ჩამონგრეული ტაძარი, ნისლი და ის ბიჭი. მისი ხმა ისევ ისე მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში.

-როგორ შეიძლება სიზმარი ასეთი რეალური იყოს? - თავი გავაქნიე, ცუდ ფიქრებს თავიდან ასე ვიშორებ. - რამდენიც უნდა იფიქრო, ფაქტია, სიზმარი ნახე, ამაზე მეტ ფიქრს რა აზრი აქვს, სიზმარი სიზმრად დარჩება.

 მთვარეს გავხედე, ისე ახლოს აღარ მეჩვენა, მაგრამ ხელი მაინც გავიშვირე. ლუციფერი რაფაზე ამოხტა და უცნაურად შემომხედა. გამეღიმა საკუთარ სისულელეზე, ღრმად ჩავისუნთქე, ლუცის თავზე მოვეფერე, უბეწვო, ნაზმა და ცხელმა კანმა გაყინული თითები დამწვა, მთვარის შუქი მის მოლურჯო-მონაცრისფრო შეფერილობას კიდევ უფრო მისტიურ იერს სძენდა.

- როგორი ლამაზი ხარ, ლუცი.

ხელში ავიყვანე  და საწოლს დავუბრუნდი.

1 თავი

   დილით გოგოების სამზადისმა გამაღვიძა.

-ელი, ადექი, - ადამ საბანი გადამხადა.ის ჩვენ სამში უფროსია. მართალია, დები არ ვართ, მაგრამ თავშესაფარში ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, არც ერთს არ გვყოლია, ერთმანეთის გარდა, სხვა ოჯახი. - მალე გაემზადე. თორემ ისევ  დაგვაგვიანდება და საუზმის გარეშე დავრჩებით.

-ადა, შენც მალე ჩაიცვი, მარტო ელის და მე რომ დაგვჩხავი მთელი დილაა, - უკმაყოფილოდ გასძახა ლილემ. ლილე შუათანაა, ის ქერა, ხუჭუჭა გოგოა მრგვალი სახით, დიდი ყავისფერი თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით,სავსე ლამაზი ტუჩებით, საოცრად ჭკვიანი და მორცხვი; იმდენად მორცხვი, რომ მისი ჭკუის პატრონიც კი საშუალო სიძლიერის მოსწავლის სტატუსს ატარებს , რადგან ვერც ერთი აღმზრდელი და მასწავლებელი ვერ ამჩნევს თუ რამდენად გასაოცარი ნიჭის პატრონია.

   როგორც იქნა, გავემზადეთ და ოთახიდან გამოვცვივდით, ხის ვიწრო დერეფანს გავუყევით და ცენტრალურ კიბეებზე დავეშვით. ძველი ხის კიბეები ჭრაჭუნითა და დაღლილი კვნესით ეპასუხებოდა ჩვენს ნაბიჯებს, კედელთან მდგარ სარკესთან შევჩერდით.სარკე სიძველისგან გაყვითელბულიყო, კიდეები ისეთი დაბურული ჰქონდა რომ საკუთარ გამოსახულებებს თითქოს ნისლს მიღმა ვაკვირდებოდით. სამივემ გულმოდგინედ შევათვალიერეთ საკუთარი თავები.ადას გრძელი, წაბლისფერი თმა უკან ჰქონდა აწეული რაც უფრო მკაცრ იერს სძენდა მის სახეს. პატარა, გამოყვანილი ცხვირი, ყავისფერი თვალები, ამოღამებული თვალის უპეები, თხელი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი,პატარა, მაგრამ სავსე ტუჩები… სახე მუდამ ფერმკლრთალი ჰქონდა და საოცრად თხელი კანის მიღმა ვენების დანახვაც კი იყო შესაძლებელი. ლილეს, როგორც ყოველთვის, მისი დაუმორჩილებელი თმა ახლაც ყალყზე ედგა, სცადა სარკეში მისი გასწორება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საკუთარ თავს დაეჯღანა. სამივეს გაგვეცინა და სასადილო ოთახისკენ გავიქეცით.

- რა უცნაური სიზმარია, რამე საშიში ხომ არ წაიკითხე ძილის წინ და ჩაგყვა?- მკითხა ლილემ თან ომლეტის გემრიელი ლუკმა გადასანსლა.

- კი, ბიოლოგიის გაკვეთილი წავიკითხე მიკროორგანიზმებზე, მაგის ბრალია ვითომ? - წარბაწეული რაც შემეხლო სერიოზული სახით მივაჩერდი ლილეს, ჩემი სახის გამომეტყველებაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.

პირველი გაკვეთილის ზარი სკოლის ზღურბლზე შემოგვეგება, ერთმანეთს გადავხედეთ და საკლასო ოთახისკენ გავიქეცით.

მთელი დღე ვერაფრით მოვისვენე, ისევ და ისევ მახსენებდა სიზმარი თავს.

-ადა, როგორ შეიძლება, სიზმარში ასე ცხადად მეგრძნო სიცივე, ჩემი ცრემლების სითბო ან იმ ბიჭის შეხება. შემიძლია დავიფიცო, რომ მისი სუნთქვის წვა ვიგრძენი კისერზე. აი აქ, - ხელით ვანიშნე, - ასეთი რეალური როგორ შეიძლება სიზმარი იყოს?

- დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს და იმდენად გჯეროდა, რომ ცხადში იყავი, შენი ტვინი მოტყუვდა და ყველა შეგრძნება რეალურად აღიქვა.

- ჩშშ… - ლილე უკმაყოფილო სახით გვიყურებდა წინა მერხიდან - გაჩუმდით, თორემ ისევ შენიშვნას მოგცემენ და გაგყრიან კლასიდან.

 ლილემ და ადამ რამდენჯერმე სცადეს ჩემი ფიქრებიდან გამორკვევა, მაგრამ, როცა მიხვდნენ რომ ისევ იმ სიზმარზე ვფიქრობდი და აზრი არ ჰქონდა ჩემს გამოფხიზლებას, ორივემ თავი დამანება.

-იცი, ელი, სიზმარში ნანახი არც ერთი სახე არ არის ჩვენი გამოგონილი, ყველა მათგანი გვინახავს რეალურ ცხოვრებაში, ფოტოზე ან ტელევიზორში - მითხრა ლილემ რამდენიმე დღის მერე, როცა შემატყო, რომ სიზმარზე ფიქრს ისევ არ ვწყვეტდი და ვცდილობდი, გამეხსენებინა კიდევ რაიმე  სიზმარზე და იმ უცნაურ ბიჭზე. ლილეს სიტყვების მერე გამალებით დავიწყე სიზმარში ნანახი ბიჭის და ეკლესიის ძებნა  ფოტოებზე,წიგნებში, მაგრამ ვერც ეკლესია და ვერც ის ბიჭი ვერავის მივამსგავსე.

   გამეღვიძა, საათს დავხედე. ისევ 4:15 წუთია, ყოველ ღამეერთი და იმავე დროს მეღვიძება ერთი და იმავე განგაშის შეგრძნებით, გული ყელში მაქვს მობჯენილი და გამალებით მიცემს. ოფლში ვცურავ და სხეული მიკანკალებს. შიშის და განგაშის შეგრძნება არ მშორდება, თითქოს ეს-ესაა სიკვდილს გადავურჩი, არადა, ცუდი სიზმარი არ მინახავს, არც კი დამსიზმრებია რამე, უკვე ზედიზედ მეცხრე ღამეა, ასე მეღვიძება. საათს რომც არ დავხედო, უკვე ვიცი 4:15 წუთია. გადავბრუნდი და ვცადე, ძილი გამეგრძელებინა, არ მეფიქრა შიშის განცდაზე რომელიც მთელ სხეულს შიგნიდან მინგრევდა. ძლივს, მაგრამ მაინც ჩამეძინა.

-ლილ, რას უნდა ნიშნავდეს, ასე რომ მეღვიძება ერთსა და იმავე დროს ამ კოშმარული შეგრძნებით?

- ალბათ, გამოცდების გამო ნერვიულობ და ამის ბრალია. იცი, ზარმაცობ ,შენი ტვინი კი გიპროტესტებს და ძილს არ გაცდის.- ამ კითხვით გაბეზრებულმა, ისე მიპასუხა, წიგნიდან თავი არ აუწევია.

ცოტა არ იყოს, მისი პასუხი მეწყინა, რადგან ვგრძნობდი, ამ უცნაური გაღვიძების მიზეზი რაღაც სხვა იყო, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს უბრალო წინასაგამოცდო ღელვაა. მაგრამ როგორც უნდა მეცადა, ვერაფრით ვიხსენებდი, რა ხდებოდა ძილში, რას ვნახულობდი ისეთს სიზმარში, რომ ასე შეშინებულს მეღვიძებოდა.

გამეღვიძა. ბნელა, ინსტინქტურად ავდექი. ვიცი რომ გარეთ უნდა გავიდე. ვგრძნობ, ის იქ მელოდება და უნდა გავიდე. არც ფეხსაცმელი მიძებნია და არც მოსახური, პირდაპირ კარებისკენ გავემართე. უცნაურია, მაგრამ შიშის გრძნობა საერთოდ არა მაქვს. უფრო მეტიც, სიხარულისგან ლამის ფრთაშესხმული მივფარფატებ. ვიცი, დრო არ უნდა დავკარგო, რაც შეიძელბა მალე უნდა გავიდე გარეთ.ზუსტად ვიცი, საათი 4:15 წუთს უჩვენებს და ეს შეხვედრა ყველა კითხვაზე გამცემს პასუხს. პირდაპირ მივაბიჯებ, ღამის წყვდიადში ხელის ცეცებაც არ მჭირდება ისე მივდივარ, თითქოს ყველა ავეჯი სიბნელეში გადნა და ყველა კარი გაიღო. კიბეებზე დავეშვი, ხის კიბეებს პასუხად მისი ჩვეული კვნესა არ შემოუგებებია, ირგვლივ ყველაფერს დაეკარგა ხმა და ფორმა. თავშესაფრის კარებს ხელი მოვკიდე, ისიც  უხმოდ გაიღო და გარეთ გავედი.

ჩემ წინ ყველაფერი განათდა,ცივი ნაწვიმარი მიწის ნაცვლად ფეხისგულები ცხელმა ქვიშამ დამიწვა, თვალები კი კაშკაშა მზემ მომჭრა. ერთხანს თვალებს ვერ ვახელდი, რამდენიმე წამის მერე თვალები ნელ-ნელა შეეგუა დღის სიკაშკაშეს და ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ. უკან რომ მოვიხედე თავშესაფრის კარები, რომლიდანაც ეს ესაა გამოვედი, აღარსად ჩანდა. ცა და ქვიშა ისე შერეოდა ერთმანეთს, ვერ გავარკვიე სად იყო ერთის დასასრული და მეორის დასაწყისი, თითქოს უკან უსასრულობა იყო გამეფებული.წინ უკიდეგანო ოკეანე მშვიდად ღელავდა,არც აქ ჩანდა საზღვარი, ირგვლივ ერთიანი უსასრულობა სუფევდა. მღელვარებისგან და სივრცის უსასრულობისგან თავბრუ დამეხვა და სუნთქვა შემეკრა. ოკეანის ზედაპირზე მზის სხივები ვარსკვლავებივით ბრწყინავდა, ცაზე პატარა ღრუბელიც კი არ ჩანდა, არც მწერი,არც ჩიტი არსად იყო.არც ერთი სულიერი ირგვლივ, მხოლოდ სრული სიმშვიდე გამეფებულიყო. თუკი სამოთხე არსებობს, ალბათ, ასეთი უსასრულო უნდა იყოს- გავიფიქრე და კიდევ მოვავლე თვალი ირგვლივ გამეფებულ უსასრულობას და ის , ის დავინახე. ჩემკენ ზურგით იჯდა , ოკეანეს გაჰყურებდა. გრძელი ფეხები გაეშალა, შიშველ ტერფებზე ტალღები ეხეთქებოდა, მხრებამდე გაშლილი შავი ტალღოვანი თმა ნიავთან ერთად ნაზად ირხეოდა. ფართო მხრები გრძელ ძლიერ ხელებს უდარდელად ეყრდნობოდა, მკლავზე სისხლშემხმარი სახვევი ეკეთა. საკუთარი გულისცემის ხმა გავიგე და ხელი გულზე დავიდე, თითქოს მის გაჩუმებას ასე შევძლებდი. ჰაერი დამძიმდა. ღმრმად ჩავისუნთქე,ნიავს ცხელი ქვიშისა და მარილის სუნი მოჰქონდა. როგორღაც შევძელი, ფილტვები ჟანგბადით გამომევსო.

- რას ელოდები? ბევრი დრო არ გვაქვს- ისევ ის ხმა. ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ.

- მოდი, - დამიძახა, ამჯერად ცოტა უხეშად და ხელი ისე დამიქნია, ჩემსკენ არც გამოუხედავს.

როგორც იქნა, ადგილიდან დავიძარი.

-მანდ გაჩერდი, უფრო ახლოს არ მოხვიდე.

- რატომ? - ვკითხე დაბნეულმა.

- არაა საჭირო -მოკლედ მომიჭრა.

მისი ხმა იმდენად მტკიცე იყო, რომ შეწინააღმდეგების სურვილიც არ გამჩენია, შორიდან მისი სახის ნაწილი დავინახე- თეთრი კანი, მუქი ჩამჯდარი თვალები, სწორი ცხვირი, წითელი, კიდეებში აპრეხილი, სავსე ტუჩები, გამოყვანილი ყბა, ვიწრო ნიკაპი და ნაიარევი,რომელიც თვალიდან ლოყას მთელ სიგრძეზე დაუყვებოდა. ნაიარევი სახეს კიდევ უფრო მკაცრ იერს სძენდა.შავი თმის ნაწილი წინ ჩამოყროდა.

- ბევრი დრო არა გვაქვს - ისევ მან დაიწყო, -შენ იშვიათი ძალა გაქვს.

-რა ძალა?

ღმრმად ამოისუნთქა და ისე განაგრძო, თითქოს ჩემი შეკითხვა არც გაუგია. - არის ორი სამყარო, შენ ამ ორი სამყაროს ნაწილი ხარ, ერთია ის, სადაც შენ ცხოვრობ, მეორე ეს. - ცალი ფეხი მოხარა, ხელისგულებიდან ქვიშა ჩამოიფერთხა და ხელი მუხლს დააყრდნო.

“აი, ელი, სიზმარიც ასეთი უნდა, ფანტაზიას ნამდვილად არ უჩივი”, გავიფიქრე.

- ჯერ ეხლა დაიწყე მოგზაურობები და გიჭირს გაკონტროლება, როცა ვცდილობ დაგეხმარო და შენი სამყაროდან აქ გადმოგიყვანო, გეღვიძება, აქამდე 9 მცდელობა მქონდა და მხოლოდ დღეს შევძელი შენი ამ სამყაროში გადმოყვანა, მაგრამ ეხლაც არასრულად.

- ამიტომ მეღვიძებოდა ყოველღამე ერთსა და იმავე დროს? და, საერთოდ ,რომ აღარ სცადო ჩემი არსად გადაყვნ- გამდოყვანა? -ვკითხე გაღიზიანებულმა.

- მე რომც არ მეცადა, ადრე თუ გვიან, როგორც მაშინ, შენით მოახერხებდი გადმოსვლას, რადგან შენს სულს ძლიერი კავშირი აქვს ჩემს სამყაროსთან და ის იზიდავს. - შავი თმა სახიდან მოიშორა , ასე კიდევ უფრო კარგად დავინახე მისი ნაიარევი, მისი სქელი წარბები, ხშირი წამწამები, სახის მკაცრი მოხაზულობა. ვიგრძენი, ისევ როგორ ამიჩქარდა გული, მთელს სხეულზე როგორ წამეკიდა ცეცხლი. - ასეთი გადმოსვლები შენთვის უსაფრთხო არაა, სამყაროებს შორის სივრცე სახიფათოა, პირველად როცა გადმოხვედი, მთელი სივრცის არსებები აიკიდე,მათ შეეძლოთ შენი მოკვლა,გაგიმართლა რომ დროულად გიპოვე.

- არ შეიძლება რომ არ ვიმოგზაურო? არ მინდა.- გამახსენდა ნისლში მოცურავე სილუეტები და ღამის მივიწყებული კოშმარებიც გამახსენდა, არსებები რომლებიც ყოველი მხრიდან მესხმოდნენ თავს, მე კი მხოლოდ გაქცევა შემეძლო.

- არა, ელი, ასე არ გამოვა, ჩვენ შენ გვჭირდები, შენ კი-ჩვენ.

-ჩემი სახელი საიდან იცი? ან “გჭირდებით” რას ნიშნავს?

- დღეს მეტის ახსნა არ შემიძლია, უნდა წახვიდე.

- რას ნიშნავს მეტის ახსნა არ შეგიძლია? გგონია რომ საერთოდ რამე ამიხსენი?- ყელში ბურთი მომაწვა, ყველაფერი ერთ დიდ აფსურდს ჰგავდა, რომელიც მინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.

-დღეს არა, ელი, გპირდები, ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს, მაგრამ ეხლა არ შემიძლია, ეს კავშირი ზედმეტად სუსტია და შენი აქ გაჩერება ძალიან საშიშია. უნდა წახვიდე.

-წავიდე? როგორ უნდა წავიდე? - გაოცებულმა თითქმის ყვირილით ვუთხარი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. უფრო მეტი კითხვა დამიგროვდა ვიდრე პასუხები მივიღე.მთელი სხეული ზამბარასავით დამეჭიმა და მზად ვიყავი, ნებისმიერ წამს მეფეთქა

- როგორც მოხვედი! - მოკლედ მომიჭრა.

- ხო, მაგრამ იქ კარები აღარ არის. -ბრაზისგან ერთიანად მაკანკალებდა,

- უკან გაიხედე.- ისევ ისე მშვიდი მონოტონური ხმით მიპასუხა.

გავიხედე. კარის სილუეტი ბაცად მოჩანდა, უხმოდ შემოვბრუნდი და კარებისკენ მტკიცე ნაბიჯით წავედი, რაც უფრო ვუახლოვდებოდი კარს ,უფრო მკვეთრად ჩანდა ნაცნობი კარის სილუეტი.  სახელურს ხელი მოვკიდე, გავაღე, სანამ შევიდოდი, უკან მოვიხედე- ყველაფერი, თითქოს  ნისლში იძირებოდა. ოთახში შევედი და… საწოლში გამეღვიძა.


2 თავი

-ელი, რა გჭირს?

-არაფერი, ლილ, ხო იცი, ამინდი როგორ მოქმედებს ჩემზე.

-ეგ კი ვიცი ,მაგრამ თვალები სულ ჩაშავებული გაქვს. ისევ ყოველღამე ერთსა და იმავე დროს გეღვიძება? - ისე შემომხედა, თითქოს გამადიდებელი შუშით მათვალიერებდა.

- არა, - ძალდატანებით გავუღიმე და სახე ავარიდე, - უბრალოდ ვერ მოვისვენე.

- რამ არ მოგასვენა?- ცალი წარბი მაღლა აწია და გამომცდელად დამაშტერდა.

-ეხლა არა, ლილ- ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, მთელი არსებით ვცდილობდი, არ მეყვირა და სიმშვიდე შემენარჩუნრბინა.

- ელი, ლილე - უცებ მასწავლებლის ხმამ ყველაფერი გადაფარა, - თუ ჩემზე საინტერესო რამეზე საუბრობთ, შეგიძლიათ დაფასთან გამოხვიდეთ და ისე ისაუბროთ, რომ ყველამ გავიგოთ, -ორივემ თავი დაბლა დავხარეთ. ადამ უკმაყოფილოდ გამოგვხედა. გულში ვლოცავდი მასწავლებელს, რომ უსიამოვნო საუბრის გაგრძელებისგან მიხსნა, -ასეც ვიცოდი, არც ერთის ხმა არ გავიგო, თორემ ორივე დირექტორის კაბინეტში წაბრძანდებით.

ლილემ შეკრული წარბებიდან გამომხედა და თავის მოძრაობით მანიშნა, ამით არ დასრულებულაო. თვალი ავარიდე და წვიმით დანამული ფანჯრიდან ქუჩას გავხედე. ხეებს ფოთლები აქა-იქ ჯერ ისევ შერჩენოდა და ძლიერი ქარი მათ ლამის მიწამდე აწვენდა. მესმოდა გამხმარი ტოტების გადატეხვის ტკაცუნი,მინების ზანზარი, ქარის ზუზუნი. თვალები დავხუჭე და სიზმარი გამახსენდა.

  ღამეა, ქუჩაში გავრბივარ. ირგვლივ წყალია, წყალში მივრბივარ, წყალი კი არა, მდინარეა,ლამის მუხლებამდე მწვდება. შუა ქალაქში გზის ნაცვლად მდინარე რატომ არის? არც ერთი სახლის ფანჯარაში შუქი არ მოჩანს, არც ერთ სახლს კარები არა აქვს. გავრბივარ, გავჩერდი, გული გამალებით მიცემს, უკნიდან წყალის დგაფუნი შემომესმა, გავიხედე და ურჩხული დავინახე. სუნთქვა შემეკრა, ძალა გამომეცალა და შიშისგან ჩავიკეცე. ყველა შეგრძნება ცხადად გამახსენდა, შევკრთი, თვალები გავახილე, ისევ საკლასო ოთახში ვარ.

-კარგად ხარ?-ადამ ტუჩების მოძრაობით მკითხა.

თანხმობის ნიშნად  თავი დავუქნიე და გავუღიმე.

 თვალები დავხუჭე,ოფლით დანამული შუბლი ხელისგულით მოვიწმინდე და ისევ სიზმარს მივუბრუნდი. ორ მეტრამდე სიმაღლის, წელში მოხრილი,ქვედა ნაწილი შედარებით წვრილი, ამრეკლავი პრიალა კანი,გრძელი, ძლიერი ხელები, შვიდივე თითზე სისხლისფრად მოელვარე წვეტიანი კლანჭები… მაღალ წვრილ ფეხებზეც დიდი ბასრი კლანჭები , სახით სულ ცოტათი ძაღლს მივამსგავსე. არც ყურები ჰქონდა და არც თვალები,წინ დინგივით გამოწეული პირიდან უსწორმასწორო ფორმის, ყვითელი, რამდენიმე რიგად წინ გადმოწეული, წვეტიანი და ბასრი კბილები უელავდა,კბილებზე დუჟი გადმოსდიოდა და დამპალი ლეშის სუნი ასდიოდა.

ზარის ხმამ გამომაფხიზლა. ლილეს და ადას არ დავლოდებივარ, ისე გავიქეცი საცხოვრებლისკენ. მინდოდა, თუნდაც რამდენიმე წამი მარტოს გამეტარებინა.

- გოგონი, შენ კარგად არ ხარ.- ლილე ხმაურით შემოვიდა ოთახში.უკან ადა მოჰყვებოდა.

- კარგად ვარ, რა გინდა?- გაღიზიანებულმა ვუპასუხე,ორივე ჩემ წინ დონჯშემორტყმული დადგა, უტიფრად თვალი გავუსწორე- რა უნდა მჭირდეს? რას გადამეკიდეთ? საქმე არა გაქვთ? - კბილებში გამომცრა. ჩემი ხმის მაღალმა და ცივმა ტონმა მე თვითონ გამაოცა. გოგოებიც შეცბნენ,ადას თვალები აუცრემლიანდა, ლილე კი უკან დახევას არ აპირებდა. ამქვეყნად ყველაზე მეტად მათი წყენინება არ მინდოდა,მე ხომ, მათ გარდა ,არავინ მყავს. ღრმად  ამოვისუნთქე ,მოვეშვი და მშვიდად წამოვჯექი საწოლში. - უბრალოდ ცუდად, მეძინა,ველოდები და მუცელი მტკიოდა, თან ,ხო იცით, ამ დროს როგორი გაღიზიანებული ვარ, თავიც მტკივა- შუბლზე თითები რამდენჯერმე ძლიერად გავისვი და სახის გამომეტყველება, რაც შეიძლებაოდა, საწყალი მივიღე- მაპატიეთ გოგოებო.

- არ შეგეძლო აქამდე გეთქვა? - მისაყვედურა ადამ და თავისი მაგიდისკენ გასწია, ლილემ კი ეჭვნარევად გამომხედა და საწოლზე მიწვა.

  უკვე მერამდენე ღამეა, ერთი და იმავე სიზმარს ვხედავ, ის არსებები მომდევენ გავრბივარ, მერე გაოფლილს მეღვიძება, გულისცემას მთელი სხეულით ვგრძნობ, ჰაერი არ მყოფნის, თავბრუ მესხმის და გული მერევა. სხეულზეც თითქოს ცეცხლი მიკიდია, წამოვჯდები საწოლში და ჩუმად ვიწყებ ტირილს. ყოველღამე ვლოცულობ, მაგრამ ვერც გულზე დაკიდებულმა ჯვარმა და ვერც ლოცვამ მიშველა, დაძინების მეშინია. ორი ღამეა, არ მძინებია და არც ვაპირებ. მირჩევნია უძილობით მოვკვდე, ვიდრე ის სიზმარი კიდევ ერთხელ ვნახო.

ვახშმის შემდეგ ოთახში ავედით. ადამ ტანსაცმელი დაკეცა და კარადაში შეინახა, ლილე ისევ კითხულობდა. სწრაფად ამოვიცვი პიჟამო და დავწექი, მაგრამ დაძინებას არ ვაპირებდი. როცა გოგოებმა დაიძინეს საწოლში წამოვჯექი,ლუცის ვეფერებოდი, გულში სიმღერის ტექტსებს ვიხსენებდი. Შემდეგ- გამრავლების ტაბულას. გავიხსენე, როგორ უნდა გამომეთვლა სინუსი, კოსინუსი, ტანგესი. ამინომჟავას ფუნქციური ჯგუფი; იგი,იგის მთელი ნაწარმოები თავში ფილმის კადრებად დავატრიალე.  იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო… ყველაფრის გახსენება ვცადე, ვცდილობდი, გონება, რაც შეიძლება ფხიზლად შემენარჩუნებინა,მაგრამ მაინც ორი ღამის უძილარს გონება მეთიშებოდა, ავდექი დერეფანს ფეხაკრეფით გავუყევი, სააბაზანოში შევედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე.

-ესეც ასე, აღარ ჩამეძინება.- სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, გავამხნევე და საწოლში დავბრუნდი.

მაინც ჩამეძინა.

გავრბივარ გადამწვარი ქალაქის ნანგრევებში. ირგვლივ უამრავი ჩონჩხი და ნახევრად გახრწნილი გვამი ყრია. ამჯერად ვიცი, რაც მომსდევს, არ უნდა დამიჭიროს. გავრბივარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ახლოს არიან. ხელზე ვიგრძენი ძლიერი ხელის მოჭერა, ხელმა გზიდან გადამახვევინა, კედელს მიმანარცხა,თვალები დავხუჭე და პირი გავაღე რომ მეკივლა, მეორე ხელით ტუჩებზე დამაწვა.

-ჩჩჩ.. მე ვარ!

თვალები გავახილე და ის იყო. ერთიანად მოვდუნდი,სიმშვიდემ მომიცვა და თავით მკერდზე მივეყრდენი, მისი ტანი სრულიად მფარავდა. ჩემსა და კოშმარებს შორის იდგა, მისი სუნი ვიგრძენი, თავი დახარა მისი შავი თმა სახეზე ნაზად მომეღუტუნა, გული წამიერად გაჩერდა და ვიგრძენი, მტკივნეულად როგორ დაიწყო ფეთქვა. აღარ მესმოდა, რა ხდებოდა ირგვლივ, თმაზე ნაზად მეფერებიდა.

-დამშვიდდი, აქა ვარ. -ჩურჩულით მითხრა.

თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე, დაგროვილმა ემოციამ ერთიანად ამოხეთქა, ახლა შემეძლო, დავმშვიდებულიყავი. ამდენი უძილობის,ღამეული კოშმარების მერე პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად. ღმად ამოვისუნთქე და ამ ამოსუნთქვას გულიც ამოვაყოლე.

- ნუ გეშინია, ეხლა გაიღვიძებ.

მისი გული მშვიდ რიტმში,ძლიერად ფეთქავდა, მე კი სულაც არ მინდოდა გაღვიძება,ბოლო კვირების განმავლობაში პირველად ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ. ფართოთ გახელილი თვალებით ავხედე. მე არ მიყურებდა ირგვლივ გარემოს ათვალიერებდა , მისი ერთი ხელი,ისევ ჩემს ტუჩებს ფარავდა.

-ელი, ეხლა გაგეღვიძება,მაგრამ ამაღამ იცოდე აუცილებლად ადრე უნდა დაიძინო. გპირდები,  უსაფრთხოდ გადმოგიყვან და ყველაფერს აგიხსნი.

   თვალები გავახილე, ასე მშვიდად ბოლოს როდის გამეღვიძა, არ მახსოვს.

-ოჰ, ვიღაცას გამოუძინია- საწოლიდან გამომხედა ადამ, როდესაც დამინახა, ახალგაღვიძებული როგორ ვიზმორებოდი.

- მოდი, ბაღში გავისერნოთ, - იმედიანი თვალებით შევხედე გოგოებს.

- გავისეირნოთ, დღეს შაბათია და შეგვიძლია მთელი დღე ვისეირნოთ.

აუჩქარებლად ავდექით, შაბათის დაგვიანებული საუზმისთვის ვემზადებოდით, თან ერთმანეთს ვაჯავრებდით.ლილემ თმა ჩამიწნა, თავის აბურძგნულ კულულებს სარკეში გახედა და ხელი ჩაიქნია.

-სწრაფად ვისაუზმოთ და გავიდეთ, თქვა ადამ და ერბო კვერცხის ლუკმა პირში არისტოკრატის გრაციოზულობით ჩაიდო.

მე და ლილემაც ტემპს ვუმატეთ, სულ რამდენიმე წუთში ეზოში ვიყავით, არც ისე დიდი ეზო აქვს თავშესაფარს, არც ლამაზი ეთქმის, მაგრამ ჩვენ სამს მაინც გვაქვს ჩვენი საყვარელი ადგილი. ეზოს ბოლოში დიდი ტირიფის ხე დგას, ყველასგან და ყველაფრისგან შორს , ტირიფის ტოტები მიწამდე ეშვება როგორც გრძელი ფარდა , ტოტებს შიგნით პატარა ხის სკამია, როცა ძირს დაშვებული ტოტები ფოთლებით იფარება, ვერც ერთი მხრიდან დაინახავ, რა ხდება ტოტებს შიგნით.

- აბა, მოყევი რა ხდება ახალი და საინტერესო? - წარბაწეულმა მკითხა ლილემ და ორივე ინტერესით ჩამაცქერდა. ვიცოდი, გუშინ ჩემი ერთი სიტყვისაც რომ არ დაიჯერეს, ამ სიცივეში ასე მარტივად ამიტომ გამომყვნენ აქ.

- მოგიყვებით, უბრალოდ, მეც არ ვიცი რა ხდება.- ვცადე გონებაში ყველაფერი კარგად დამელაგებინა და მათთვის  დაწვრილებით მომეყოლა,არც ერთი დეტალი არ უნდა გამომრჩენოდა. ვიცოდი, რამდენად დაუჯერებელი ამბის მოყოლას ვაპირებდი, მათ კი არა, მეთვითონ არ მჯეროდა  იმისა, რაც უნდა მომეყოლა, გონება მოვიკრიბე და მთელი გრძნობებით მოვუყევი, უწვრილეს დეტალებამდე, ყველაფერი გულახდილად გავანდე.

- აბა, რას ფიქრობთ? - ბოლოს ნერწვი გადავყლაპე და ინტერესით დავაკვირდი.

- სახელი

- რა სახელი -გაოცებულმა შევხდედე ადას.

- ერთი და იგივე ბიჭი სიზმარში ნახე ოთხჯერ და სახელი არც ერთხელ არ კითხე?

- ჯერ ერთი, სამჯერ ვნახე,- ჩავუსწორე ღიმილით,- თან არ მცხელოდა მაგისთვის.

- საინტერესოა, ანუ ამაღამ გავიგებთ, გაგიჟდი თუ არა, - მითხრა ღიმილით ლილემ.

 დღის დარჩენილი ნაწილი ოთახის მილაგებას მოვანდომეთ. მეც და ლილეც თვალს ვადევნებდით, რომ ადა ჩვენს ნივთებს არ გაჰკარებოდა, რადგან რასაც ადა შეეხება, ვერასდროს ვერავინ პოულობს.

 -ძალიან მაინტერესებს, დღეს რამე დაგესიზმრება თუ არა, - გულრწფელი ინტერესით მითხრა ლილემ.

-მეც, მაგრამ რაღაცნაირად მჯერა, რომ აუცილებლად დამესიზმრება.

- იცი, უნდა ვცადოთ ყველანაირად, რომ თავიდან აირიდო ძილის წინ ეს ფიქრები, თორემ ისე გამოვა, რომ ძალით დაისიზმრე,- მითხრა ადამ, თან საწოლს ასწრებდა.

- კი, აქამდეც ყოველღამე ძალით ვისიზმრებდი კოშმარებს, - წარბშეკრულმა გახედე და საწოლში წამოვჯექი- იცით, რა საშინელება იყო ორი ღამე რომ არ მეძინა?

 - ხოდა ამაღამ დაიძინებ და ყველაფერს გავიგებთ - საწოლის სწორებას მორჩა ადა და მე და ლილეს გადმოგვხედა- როგორც იქნა, ოთახი მილაგებულია, თქვენ თქვენს ნივთებს მიხედეთ და აქეთ-იქით ნუ მიყრით.

- არის, უფროსო - სიცილით ვუთხარი,ადამ თავი გააქნია, თაროდან წიგნი აიღო და სავარძელში ჩაეშვა.

   ფეხზე წამოვდექი, ირგვლივ ბზინვარე სინათლე იყო, სად ვარ?

-არის აქ ვინმე? - ჩემი ხმა სიჩუმეში ჩაიკარგა- ორი ნაბიჯი გადავდი და უცებ რიყის ქვებს დავაბიჯე ფეხი, უკან გავიხედე და ხეებს მიღმა, მდელო დავინახე, ისევ ისეთი უჰორიზონტო უსასრულო, ხასხასა მწვანე მდელო. მდელო სადღაც ცას ერწყმის, ხეების ტოტები ერთმანეთშია გადახლართული და ბუნებრივ თაღს ჰქმნის, ხეივნის ქვეშ კოჭებამდე კამკამა მდინარე მორაკრაკებს, ნიავი სასიამოვნოდ ქრის, ოქროსფერი და ვერცხლისფერი თევზები წყალში სწრაფად დაცურავენ,მზის სხივებს ირეკლავენ და ისე ჩანს თითქოს წყალი ბზინავს , წყალში ხელი ჩავყავი,ცივმა წყალმა თითები დამწვა.

- გამარჯობა.

შევკრთდი,ფეხზე სწრაფად წამოვდექი და პირველად შევძელი მისი თავიდან ფეხებამდე შეთვალიერება. ოვალური სახის ფორმა, გამოყვანილი ყბები,ღამ