ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“

I თავი

-        დეიდა მართა, ასმათი ვარ სამკერვალოდან. თქვენი ქურთუკი მოვიტანე. დეიდა მართა.

-        შინ არ არის. დასაკითხად მეც ვუკაკუნებდი და კარს არავინ აღებს, შვილთან დავრეკეთ და მასთან ყოფილა რამდენიმე კვირით.

-        უი, უკაცრავად? თქვენ ?

-        ლეიტენანტი ნიკო ელბაქიძე.

-        ყველაფერი რიგზეა?

-        დიახ, უფრო სწორედ არა, გამოძახებაზე ვართ.

-        მშვიდობაა?

-         მეზობლებმა ჩხუბის ხმა გაიგონეს, მაგრამ აქ აშკარად არავინაა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ერთი თვით გააქირავა ბინა, მაგრამ დამქირავებელი არასდროს უნახავს. მგონი რაღაც გაუგებრობაა.

-        და მეზობლები? ისინი ხომ დაცვის კამერებივით დგანან სადარაჯოზე, ყველა სამეზობლოს ჰყავს ასეთი პირი, დამიჯერეთ. ცნობისმოყვარეობის უმაღლესი გამოვლინებით.

-        დიახ, დავკითხეთ და მოპირდაპირე ბინიდან დაინახა ქალბატონმა, როგორ შევიდა ორი ჩრდილი, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიდა.

-        ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ ერთ-ერთი დააკავეთ?

-        არა, აქ არავინ დაგვხვდა.

-        გამოძიების მსვლელობიდან გამომდინარე თავს არ უნდა იკავებდეთ კომენტარებისგან?

-        დიახ, მაპატიეთ, უბრალოდ თქვენთან საუბარი საინტერესოა, ეს საქმე კი ზედმეტად უცნაური, ფოკუსს ჰგავს ან ქალბატონ ფატიმას ეშლება რაიმე.

-        ფატიმა? ა, მეზობელი, გასაგებია. 

-        დიახ.

-        შეიძლება მეც შემოვიჭყიტო ?

-        არ შეიძლება.

-        გთხოვთ, პოლკოვნიკო თუ არავინ და არაფერია, არც არაფერი დაშავდება ჩემი იქ შესვლით.

-        ლეიტენანტი ვარ, ჯერ... თქვენთვის გამონაკლის დავუშვებ.

  ლეიტენანტი ასმათს შეუძღვა ოთახში. კედლების სიცარიელე თვალშისაცემი იყო, არანაირი პოსტერი, სურათები ან ემოციის აღმძვრელი ნივთები.  სასტუმროს ნაქირავებ ნომერს ჰგავდა, სადაც პირადული არაფერია. სამზარეულოს დახლზე სრული წესრიგი, მხოლოდ ერთი ყურმოტეხელი ჭიქა იდგა. ფერწამხდარი თეთრი, ცალ გვერდზე hello kitty-ის სიმბოლური კატით და წარწერებით. ჭიქასთან ვერცხლის ჩუქურთმებიანი კოვზი იდო. ბინა ზედმეტად მოწესრიგებული იყო, თითქოს ის ერთი თვეც არავის უცხოვრია. ასმათი გადაიხარა კედელს მიეყრდო და აბაზანაში შეიჭყიტა.

-        შეიძლება შევიდე? იკითხა ასმათმა, მაგრამ ლეიტენანტის სიტყვები - არ შეიძლებაო, კარის ჭრაჭუნში მოყვა. აქაც იდილია სუფევდა, თითქოს კარგა ხანია არავის გამოუყენებია, მაგრამ თავის დროზე გულიანად დაუსუფთავებია. გამოსვლისას თითქოს მისი თვალები რაღაც საინტერესოს წააწყდნენ, ერთ ადგილს მიაშტერდნენ, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ფანჯრისთვის მარჯვენა ხელზე გადაკიდებული პალტო ლეიტენანტს მიაჩეჩა ხელში და ინტერესის ობიექტთან მიიჭრა, მაგრამ ჯერ ელბაქიძის ყურადღება უნდა გადაეტანა სხვა რამეზე, ამიტომ მისკენ შებრუნდა და ანიშნა, მგონი აბაზანაში წყალი გასდის მილსო. სანამ ლეიტენანტი აბაზანაში შევიდა და შეამოწმა სისველე ხომ არ იყო, ასმათმა ფანჯრის რაფას ხელისგულები გაუსვ-გამოუსვა, ზემოთ ასწია, რაფის ქვეშ ხელი შეაცურა და პატარა წიგნაკი გამოიღო. ჩუმად მოკეცა და შარვლის ჯიბეში ჩააცურა.

-        სამწუხაროა, შევცდი არაფერია აქ. დეტექტივობანას თამაში სულ მიყვარდა. ლეიტენანტო იცით სერიალი “ იფიქრო, როგორც დამნაშავემ“? სულ ვუყურებ. აუცილებლად ჩაუჯექით. კარგით ჯობია წავიდე, სამწუხაროა, რომ ვერაფერი იპოვეთ ხელჩასაჭიდი.

-        ვიპოვეთ, მაგრამ ყველაფერი გამოუსადეგარი... ეჰ...

-        მაინც რა ?

-        ისეთი არაფერი, წიგნის რამდენიმე გვერდია. ლეიტენანტმა სამხილების ჩანთიდან სპეციალურ ცელოფანში გახვეული წიგნის გაცრეცილი ფურცლები ამოიღო და დაანახა ასმათს.

-        შეიძლება ახლოდან შევხედო?

-        მგონი ზედმეტად ჩაგახედეთ უკვე გამოძიებაში.

-        ბოლო თხოვნაა პოლკოვნიკო.

-        ჯერ ლეიტენანტი ვარ ხომ გითხარით, მაგრამ ... თქვენთვის უარი მიუღებელია ხომ ? ჩაეცინა ლეიტენანტს და ფურცლები გაუწოდა. ამით მხოლოდ დამქირავებლის ლიტერატურულ გემოვნებას თუ გაიგებთ. ან შესაძლოა სულაც მეპატრონისაა ჯერ არ გვიკითხავს. ეგ კი არაფრისმომცემი ინფორმაციია.

-        არ დაგეთანხმებოდით ლეიტენანტო. ასმათი დააკვირდა ფურცლებს და წარმოთქვა: „მე მოვკალი!.. აყარეთ ფიცრები!... აქ... აი, აქ სცემს მისი წყეული გული!“

-        უკაცრავად? დაიბნა ლეიტენანტი.

-        პო, ეს ედგარ ალან პოა.

-        ანუ?

-        ჩვენ ხმაურიან დამნაშავეს აშკარად ძალიან ხიბლავს მისი შემოქმედება, შეხედეთ ამ ფურცლებს, როგორი გაცვეთილია. ვისაც პო უყვარს ის უთუოდ გამოიყენებს მის ხელწერას.

-        შეგიძლიათ ამიხსნათ რას გულისხმობთ?

-        აყარეთ ფიცრები, თქვენი დაკარგული ჩრდილი აქ არის. „ აქ სცემს მისი წყეული გული“.

    ლეიტენანტი ადგილიდან არ იძვროდა, მიშტერებოდა მკერავ ასმათს, რომელიც მისთვის წარმოუდგენელზე ლაპარაკობდა.

-        ლეიტენანტო, რას დგახართ ახლავე აყარეთ ფიცრები, შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალია. ახლავე...

  უცნობ ქალს ყველა უსიტყვოდ დაემორჩილა, ლეიტენანტიც გამოფხიზლდა, შეწინააღმდეგება გაიფიქრა, მაგრამ ვერ გაბედა.

-        ხომ გაიგონეთ ქალბატონმა რა თქვა, სასწრაფოდ აყარეთ იატაკი.

  დაბნეული ელბაქიძე ფიცრის ღრიჭოებს აკვირდებოდა, სანამ მისი ბიჭები იარაღებს მოიტანდნენ. გული გამალებით უცემდა, რამდენჯერმე კი გაიფიქრა ეს ქალი ხომ არ გაგიჟებულაო, მაგრამ სხვა „ხელჩასაჭიდი“ არაფერი ჰქონდა ამიტომ მიენდო, თანაც ასმათის თავდაჯერებულ და მომთხოვნ ტონს ვერ ეწინააღმდეგებოდა.

  

 

***

  

         ყოჩაღ ლეიტენანტო ელბაქიძე, საქმის ასე ოსტატურად წამართვა პირველად ვნახე, ეს უყურადღებოდ არ დარჩება. ჩვენი აკადემია ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა.

-        და გამოძიება ? მკვლელობის მიზეზები ხომ უნდა დავადინოთ?

-        ეგ მეორეხარისხოვანია, ჟურნალის სათაურები წარმოიდგინეთ. თბილისში, იატაკში  ჩამარხული გვამი იპოვეს, სცენარისტი ედგარ ალან პო. ეს ნამდვილი სენსაცია იქნება, ეს წინსვლაა, ჩვენზე არა მარტო პოლიტიკურ სიახლეებში, არამედ ლიტერატურულ გამოცემებშიც დაწერენ.

-        კი მაგრამ...

-        არავითარი მაგრამ, საამაყო პოლიციელი ხართ, ელბაქიძე.

-        მე არ მიპოვია კომისარო.

ამ სიტყვებმა კომისარს სიამაყის შარავანდედი შემოაფლითა და დაბნეულმა იკითხა:

-        მაშ ვინ?

-        ქალბატონმა მკერავმა. ელბაქიძემ თვალისცეცებით დაუწყო ძებნა ასმათს, მაგრამ ის დიდიხანია იქ აღარ იყო, რადგან კომისრის ქებაზე სასარგებლო რამ აღმაოჩნია, რაც არამარტო გვამს, არამედ მკვლელსაც აპოვნინებდა.

 

***

-        გოგო, ასმათ ისევ დაიგვიანე, სულ მანერვიულებ, ვერ ხედავ რა ხდება?

-        რა ხდება ლუიზა დეიდა, რა... შენ სულ ნერვიულობ და წნევა გიწევს.

-        ტელევიზ...

-        რამდენჯერ გთხოვე ტელევიზორს აღარ უყურო-თქო, ახალ ამბებს მაინც, ისინი რეიტინგს იმაღლებენ შენ კი წნევას.

-        ნუ იცი ხოლმე ასე მწარედ თქმა. შენ ის მითხარი, ასე რატომ დაიგვიანე ?

-        შეკვეთა მივიტანე, მაგრამ არავინ დამხვდა.

-        კი, მაგრამ საკურიერო მომსახურეობა არ გვაქვს. გადამრევ შენ მე ... მიდი, საქმეს შეუდექი მანჟეტებზე ინიციალი გაქვს ამოსაქარგი, ამ საღამოს მოვა ის ყმაწვილი. ნეტავ შენ თავში ჩამახედა, კულტურულია, ეთიკური, ყურადღებიანი, ცოტა უხასიათო ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავშეკავებულობის გამო არ აჩენს, უთუოდ მხიარულიც უნდა იყოს.

-        და მაგით რისი თქმა გინდა?

-        თვალი გაახილე გოგო, ხელიდან გასაშვები ბიჭი არაა.

-        ოხ, ლუიზა, ლუიზა. შენ ის მითხარი რა თქვენს ასეთი ახალ ამბებში, რომ აწრიალებული დამხვდი.

-        პოლიკოვსკაიაზე კაცი უპოვიათ, იატაკში ჩამარხული, წარმოგიდგენია? მერი იყო ოჯახთან მისული და მიუსამძიმრა.

-        და ვინ იპოვა ლუიზა, ჩვენ საგამოძიებო ბიუროს ვითომ ტრენინგებმა უშველა?

-        მოიცა, გავიხსენო, ბაქრაძე, არა, არა, ლეიტენანტი ნიკო ელბაქიძე. ისეთი სიმპატიური, ახოვანი პოლიციელი იყო, მერმა საჯაროდ ჩამოართვა ხელი და დაწინაურებას შეპირდა. ხომ ხედავ, ქართველი კაცის გონი მაინც სხვაა.

-        ეჰ, ლუიზა შენ და შენი გაიდიალების ნიჭი.

-        ნუ დამცინი ქალბატონო, ქალებს რაც გვეხერხება და აზრს ვატანთ კი ხედავ რასაც ვაკეთებთ. მიდი, მიდი მანჟეტებს მიხედე თორემ სადაცაა მოვა და რომ დაუგვიანოთ არ იფიქროს არ მაფასებენ, ამიგდესო.

-        ოხ, ქალბატონო ლუიზა.

 

 

***

   ასმათმა ცხრასათულიანი კორპუსის სადარბაზოში შეაბიჯა. ლივტის კარებზე წარწერებს თვალი შეავლო და გზა კიბით განაგრძო. მეოთხე სართულზე ყავისფერ კართან შეჩერდა და სანამ მესამედ დაკაკუნებას მოასწრებდა სახელურს ვიღაცამ ჩაავლო ხელი და გამოაღო.

-        როგორც იქნა მოხვედი, დედას არ სძნავს, გელოდებოდა, როგორც ყოველთვის. კი მაგრამ ჯერ მხოლოდ 6 საათია.

-        ახალაზრდა გასათხოვარი გოგოსთვის 6 საათი ძალიან გვიანია ქალბატონო ასმათ.

-        კი, მაგრამ მე ხომ ვმუშაობ, დედა.

-        თუ გგონია არ ვიცი, რომ ლექცია ისევ გააცდინე ძალიან ცდები. ალბათ ისევ ვინმეს უთვალთვალებდი ან საათების განმავლობაში რაიმე მისტიურს ეძებდი. როდის უნდა დასრულდეს ეს . შენ ქალი ხარ, ქალი და ეს შენი საქმე არ არის. მეგონა სამედიცინოზე, რომ ჩააბარებდი დამშიდდებოდი, შენ კი მხოლოდ ქიმიის ლექციებს ესწრები. მაშინ აფთიაქარი გახდი, მშვიდი სამუშაოა, ქალისთვის შესაფერისი, უსაფრთხო.

-        და ვინმე ნარკომანკა, რომ შემომივარდეს აფთიაქში მერეც ასე ილაპარაკებ, ან ომის წინა ხაზზე რომ წავიდე მედდად? არაფერია უსაფრთხო ამ ქვეყნად.

-         ყოველთვის გაქვს პასუხები, შეპასუხებას ვერ გადაეჩვიე, იცოდე ვისთან და როგორ ილაპარაკო, რომ გათხოვდები მერე რა გეშველება, ან ვინ წაგიყვანს საერთოდ ასეთი ხასიათით?!

-        დედი, გინდა გითხრა ვის გავხარ, როცა ასე ლაპარაკობ ? და საერთოდ რას აიტეხეთ ეს გათხოვება, არასდროს გავთხოვდები ისეთ საზოგადოებაში, რომლის მორალიც ამორალურია და აზროვნება დეგრადირებული. აღარ მიხსენოთ... ჯერ მარტო სიტყვას დააკვირდი, გა-თხოვება, ვიღაცამ ვიღაცას შენი თავი ათხოვა, ეს სწორი დამოკიდებულება გგონია? მე რა ნივთი ვარ თუ პირადი საკუთრება...

-        გაჩერდი ასმათ.

-        ნესტან, არ ჩაერიო. 

-        არაფერი თქვა, ვიცით, რომ ჭკვიანი ხარ, მაგრამ ახლა რამეს თუ იტყვი გულს ატკენ დედას.

-        ჯანდაბას, ჩემ ოთახში ვიქნები.

-        თვალით არ დამენახო, ვირო.

 

     ასმათი ოთახში გამოიკეტა და სანამ ნესტანი დაარღვევდა კედლებში გამეფებულ სიჩუმეს, იმ წიგნაკს მიუბრუნდა, რომლის შესწავლასაც მთელი დღე მოუთმენლად ელოდა.   

  ფერწამხდარ ყდაზე ჯერ კიდევ ემჩნეოდა პირვანდელი ფერის კვალი. ალაგ-ალაგ ჭაობისფერი იყო,  თხელი, მაგრამ უხეში კანით დაფარული. ნესტით გაჟღენთილიყო,  თუმცა ეტყობოდა ხშირად იყენებდნენ. პირველი რამდენიმე გვერდი ამოფხრეწილი იყო, თითქოს სხვა დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ გადაუფიქრებიათო, ამას ჩაბეჭდილი ცხრილები ადასტურებდა. წიგნაკი დაწესებულებისთვის იყო შექმნილი, აღწერის ან რაიმე სხვა კონკრეტული დანიშნულებით. ცარიელი გვერდები არ სრულდებოდა, ბოლოს გამოჩნდა სია, სათაური დაშიფრული იყო :

       ⴋⴄⴍⴋⴐⴄⴁⴈ:

1.     ლიზა ხინთბაია;

2.     კონსტანტინე ლამბაქიძე;

3.     შუშა ალანია;

4.     დიმიტრი კომახიძე;

5.     ზიზი ცინაძე;

6.     იოსებ თითისტარაშვილი

7.     ჯამელ შოშაევი;

8.     გურანდა გვიმრაძე;

9.     ცქვიტა ყურაშვილი;

10. ლამარა ასათიანი;

11. შამილ კარაპეტოვი...

ასე გრძელდებოდა სია 37 ადამიანამდე. შემდეგ გვერდზე ხელის მონახაზები იყო, პატარა ხელების, სავარაუდოდ ბავშვების, სხვადასხვა სიგრძის და სიგანის თითები, ასე სამი ბავშვის მაინც. ახალ გვერდზე ახალი სია იწყებოდა, ნუმერაცია სამამდე იყო ჩამოწერილი თუმცა მხოლოდ ერთი სახელი ეწერა:

1. გუბაზ ჩაჩანიძე.

2.

3.

               ასმათს ეს სახელი სადღაც გაეგონა, თითქოს ახლაც ჩაესმოდა ეს ხმა, მაგრამ ვერ იხსენებდა. იქნებ ის იყო იატაკქვეშა სამარხიდან, პასუხის პოვნა შემდეგ გვერდებს მიანდო, გადაშალა თუ არა hello kitty- ის  ბანტიანი ფისოები შეამჩნია, ვიღაცას ამ ფისოებით გაეფორმებინა ფანქრით ჩაწერილი რამდენიმე სტრიქონი.

     „ დღეს ჩემი დაბადების დღეა, ლექსო ასე ამბობს, ამიტომ დღეს ლამაზ ფისოებიანი ჭიქა და ჩუქურთმიანი კოვზი მომიტანა, რომ რაღაც მაინც მქონოდა საკუთარი. მართალია, ამის გამო ქალბატონმა სონიამ წკეპლით სცემა, მაგრამ ლექსომ თქვა, არაუშავს პირველად ხომ არ ვუცემივარ, ოღონდ შენ გაიღიმე და თუ უნდა ყოველდღე მწკეპლოსო. ამ საზარელმა სონიამ ჩემი ჭიქა ძირს დაანარცხა, თუმცა მხოლოდ ყური მოტყდა, არაუშავს ეს ლექსოს საჩუქარია, ამიტომ უყუროდაც მეყვარება, ის ხომ ჩემია, მხოლოდ ჩემი.“

        ლიზა 1996/11/31

    ასმთას გაახსენდა პოლიკოვსკაიას 7, სადაც დილით იყო, იქ სამზარეულოს მაგიდაზე ასეთივე ჭიქა და კოვზი იდო. ის ბინა, სადაც მკვდარი კაცი და ეს წიგნაკი იპოვა. ეს ნივთები მკვლელისთვის სენტიმენტალური და პირადია, ამიტომ აუცილებლად დაბრუნდება, - ფიქრობდა ასმათი და სახე კლასობანას მოთამაშე ბავშვისას მიუგავდა, რომელმაც პირველ უჯრაზე ასკინკილით სწორად და ურყევად დაახტა.

-        ასმათ, გთხოვ ახლა მაინც გამოდი, დედამ ჩვენთან ერთად ივახშმოს- მაინცო, გვიკადროსო.

-        თვითონ არ მითხრა თვალით არ დამენახოო?

-        კარგი რა, თითქოს პირველად გეჩხუბოთ.

-        მოვდივარ, მოვდივარ.

 

 

***

-        „ შუა ქალაქი“ იწყება, გადართეთ.

-        კარგი რა ნესტან, ახალ ამბებს მოვუსმინოთ.

-        დედააა.

-        ნენ, გაჩერდი ახლა, სირცხვილია, მეზობლები რას იფიქრებენ, ჩართე ცოტახანს სიახლეები, მოვუსმინოთ ქვეყანაში რა ხდება და მერე გადართე სადაც გინდა.

-        ოხ, რა... გეგონება სამყაროს გადამრჩენლები მყავდეთ ისე უსმენთ, გვაბოლებენ, გვაბოლებენ, რით ვერ მიხვდით.

-        საიდან ასეთი სიტყვები, ნესტან ობოლაძე.

-        ჩუმად, ჩუმად მოიცათ...

-        პოლიკოვსკაიას 7 ნომერში მომხდარი მკვლელობის საზარელი ფაქტები, გარდაცვილი ვინმე გუბაზ ჩაჩანიძეა, 58 წლის ლიტერატურული ჟურნალისტი. დამნაშავის ვინაობა კვლავ უცნობია, ის პოლიციის მისვლამდე მიიმალა დანაშაულის ადგილიდან.

  ასმათის გონებაში დიდი არეულობა იყო, რა კავშირი იყო გოგონას ჩანაწერსა და ამ მკვლელობას შორის, ასევე კიდევ უფრო საინტერესო იყო, ვინ იყვნენ სიაში N2 და N3 …

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II თავი

„ბაყაყობანა“

             პოლიკოვსკაიას შვიდ ნომერში, სოხუმის უნივერსიტეტის შესასვლელთან დიდხანს იდგა წაბლისფერ პალტოიანი, წითური გოგონა და გამვლელებს აკვირდებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტია, რადგან არავის გამოლაპარაკებია, პირიქით შესამჩნევად შეუმჩნეველიც კი იყო მათ შორის. ეს  ასმათ ობოლაძეა, რომელიც მოუსვენრობამ აიტანა და გათენებისთანავე მკვლელობის ადგილას მოვიდა. მისი გათვლებით ის ნივთები, რომლებიც გუბაზ ჩაჩანიძის მკვლელობის ადგილას იპოვეს, მკვლელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელია, ამიტომ აუცილებლად დაბრუნდება მის წასაღებად. საქმეს ართულებს სტუდენტებით გამოწვეული ხალმხრავლობა, მაგრამას ასმათის თვალები მიჭედილია კონკრეტული სადარბაზოსკენ. ზოგჯერ აივანსაც მიაჩერდება ხოლმე, რადგან სავარაუდოა მკვლელი ღამით შეპარულიყო შინ. ასმათისთვის არ არსებობს ღამე, სიბნელე და შიში, ის ზედმეტად გამბედავი და ცნობისმოყვარეა, დიდი მოთმინებაც გააჩნია, მაგრამ ქართული მენტალიტეტის სტიგმატიზაციის გავლენით ღამით ვერ ახერხებს სახლიდან გამოსვლას, ხშირად გამოპარულა, მაგრამ დედასთან გაუთავებელი კამათი ხშირად აიძულებდა თავშეკავებული ყოფილიყო.

     მზე ზენიტშია, სტუდენტები აუდიტორიებს ტოვებენ და პოლიკოვსკაიას ასახვევში იმდენი ადამიანია, გეგონება სოლიდარობის აქციას მართავენო. ასმათს აგვიანდება. ლუიზას ჩიჩინს დაგვიანებაზე ვეღარ აიტანს, ამიტომ გადაწყვიტა ბინაში ავიდეს, თუნდაც მკვლელის პირისპირ მოუწიოს ყოფნა, შესაბამისად საფრთხის წინაშე, მისი სურვილი ლოგიკურად ამოხსნას მოცემული მკვლელობის რაკურსი და დაინახოს მოსალოდნელი გამბედაობას მატებს. ბინა N43 ლენტებით არის გადაღობილი, თითქოს მათი აძრობა და უკან დაბრუნება შეუძლებელი იყოს. პოლიციის ასეთი მიდგომა, რომ მკვლელობის ადგილსა და სავარაუდო სამხილებს დაიცავს წებოვანი ლენტებით ღიმილს ჰგვრის ასმათს. ფეხაკრეფით სულშეკრული შედის ბინაში და პირველ რიგში ჭიქასა და კოვზს ეძებს, მაგრამ არსადაა, ალბათ პოლიციამ შეძლო იმდენის განსაზღვრა რომ დნმ-ისთვის წაეღოთ, მაგრამ, როდესაც შეამჩნევს, რომ  ფანჯრის რაფაც მომძვრალია მიხვდება, რომ ეს მკვლელის ნამოქმედარია. როგორც სჩანს საგულდაგულოდ ეძებდა თავის წიგნაკს, მაგრამ ის უკვე ასმათის ხელში იყო. 

       ასმათი სამკერვალასკენ მისეირნობდა და თან ფიქრობდა, რომ თუ მკვლელის პოვნა და მიზეზის გაგება სურდა ჯერ მსხვერპლის სულის ანატომია და ცხოვრების ისტორია უნდა შეესწავლა. მხოლოდ მსხვერპლი თუ მიიყვანდა პასუხებამდე, ამიტომ გუბაზ ჩაჩანიძის შესწავლა დაიწყო. ადამიანის რუტინასა და ცხოვრებისეულ მოვლენებზე ყველაზე მეტს სოცილაური ქსელი გვიყვება, ამიტომ თავდაპირველად მისი გვერდი მოიძია. ფრთიანი გამონათქვამებისა და წმინადების ხატების გვერდით ღრეობისა და ნადირობის ამსახველი ვიდეოები შეგხვდებოდათ. დაბადების თარიღთან ერთად სამუშაო გამოცდილებაში მხოლოდ ლიტერატურული ჟურნალი „ტრადიცია“  იყო მითითებული, დაბადების ადგილად თბილისი, მაგრამ საცხოვრებელ ადგილად რუსთავი მოენიშნა. ასმათმა ჟურნალის მისამართი მოძებნა ინტერნეტში, მაგრამ ლუიზასთან ვეღარ დაიგვიანებდა, ამიტომ დაურეკა დამატებითი ლექცია დაგვინიშნეს და ვერ მოვალო, სწრაფად გაუთიშა ყურმილი, რომ უფროსის ბუზღუნი გულთან არ მისწვდომოდა.

      ჟურნალის რედაქციის შენობა სულ რაღაც ერთი ოთახი იყო, რომელიც ქერჩის ქუჩაზე, მაღაზიისთვის განკუთვნილ კომერციულ ფართში გაუხსნიათ. ფანჯრები ქაღალდის გაზეთებით იყო დაფარული, ასმათს შესვლისთანავე ეცა საკმევლისა და ჭაჭის ნარევი სუნი.  კუთხეში ორი მამაკაცი იჯდა, რომლებიც ისე საუბრობდნენ ქართულ აღმზრდელობით მეთოდიკაზე, რომ ვერც შეამჩნიეს უცხო გოგონას იქ შესვლა. მათი სიტყვები ერთდროულად საბჭოთა შეხედულებებისა და რუსოს მეთოდიკის ნარევი იყო, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ ეს ქართული მამაპაპურია, რადგან წარსულიდან მოგვდგამს ეს წესები. ასმათს აფსურდულად ეჩვენებოდა თითოეული სიტყვა, ხედავდა ოთახში როგორ ბნელოდა, ამას გაზეთით თვალებაკრული ფანჯრები კი არა, ეს ორი გონება იწვევდა, რომლებშიც საღი აზრის ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა, წამით გაიფიქრა, გუბაზ ჩაჩანიძეც თუ ასე ფიქრობდა, მისი მკვლელობის მოტივი საძიებელი აღარააო, მაგრამ სარკაზმი მოიცილა და სრული სერიოზულობით ჩაახველა, რომ ყურადღება მიექცია.

-        გამარჯობა, მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მგონი ვაკასნია გაქვთ თუ არ ვცდები, განცხადება ვნახე.

   ამ ორმა „ წარმოსადეგმა“ კაცმა საყელო ისე გაისწორა თითქოს შეიფერეს, რომ რაღაცის განკარგვა და გადაწყვეტა შეეძლოთ ცხოვრებაში. 

-        ვაკასნია არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება შევქმნათ თუ თავს მოგვაწონებთ ახალგაზრდა ქალბატონო, თანაც ახლახანს ერთი თანამშომელი დავკარგეთ.

 ასმათმა სარკაზმის მოზღვავებას ვერ გაუძლო და წამოსცდა, იმაზე ნაკლები მკვდრები არც თქვენ ხართო, მაგრამ მერე შეასწორა, ვიცი ტელევიზორში ვნახე, რომ თქვენი გამომცემლობის თანამშრომელი მოუკლავთო.

-        ნუთუ ტელევიზიაში ჩვენი ჟურნალი ახსენეს?

-        შოთა რა გიკვირს, ხომ იცი სიკვდილს სიცოცხლე მოსდევსო, ხოდა ჩვენ ჟურნალსაც შეამჩნევენ და იქნებ მოგვისმინოს ამ უკუღმართმა თაობამ. გუბაზი ისეთ სტატიებს წერდა უთუოდ ახლა დააფასებენ, როგორც ცხოვრების წესმა იცის, სიკვდილის შემდეგ. 

ასმათი სიცილს ძლივს იკავებდა და ფიქრობდა უთუოდ სტატიის გამო შემოაკვდებოდა ვინმესო.

-         რადგან გუბაზი ახსენე ახალგაზრდა ქალბატონო, მოდი შენი შესაძლებლობები მოვსინჯოთ, ამიტომ გუბაზის ბოლო საქმეს მოგცემთ. თუ მოგვეწონება შენი შექმნილი კრიტიკა მაშინ აგიყვანთ, ოღონდ ხელფას ამ წლიდან თუ არა შემდეგი წლიდა გეტყვით როდის დაგინიშნავთ. კაცურ სიტყვას გაძლევთ. 

-        ოთარ სიმონევიჩ, ქვედა უჯრიდან მომაწოდე თუ კაცი ხარ გუბაზის მასალები.

-        ეს ?

-        კი, კი. შვილო გუბაზი ბოლოს ერთი მლიქვნელი, ფსევდონიმს ამოფარებული ლაწირაკის ლექსების კრიტიკას წერდა, ხოდა აბა შენ იცი და შენმა ქალობამ. დანარჩენს ყველაფერს მანდ ნახავ. აბა, ჰე, მიდი ახლა და გელოდებით როცა, თუ მორჩები.

  ასმათს ერთი სული ჰქონდა გასცლოდა იქაურობას, ამიტომ თავი დაუქნია და სწრაფად გამოვიდა „ გამომცემლობიდან“. პირველ ჯერზე ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიექცია, ამიტომ ზედმეტი კითხვები არ დასვა. აშკარა იყო გუბაზის მკვლელის „ტრადიცია“-ში ძებნა უსაფუძვლო იყო. მორგისკენ მიმავალი ავტობუსში მსხვერპლის ჩანაწერებს ათვალიერებდა, როგორც ჩანს lacrimosa იმ ავტორის ფსევდონიმი იყო, რომლის „კრიტიკის“ დაწერასაც გუბაზი ცდილობდა, რამდენიმე ლექსს გადახედა და ძალიან ეცნო, მაგრამ ვერ მიხვდა, რომელ ავტორს მიამსგავსა. უცებ გონება გაუნათდა პალტოს შიგნითა ჯიბიდან მკვლელობის ადგილას ნაპოვნი წიგნაკი ამოიღო, ფურცლებს ხელისცეცებით შლიდა, თითქოს ხვდებოდა რაღაცას მიაგნო და ზუსტად იგივე ლექსმა მიიპყრო მისი ყურადღება, რომელიც გუბაზის ჩანაწერებში ნახა:

***

მოგონებებმა დაღვარეს სისხლი,

შენი სიცოცხლე ჩაყლაპა ჟამმა,

ვერ დავივიწყებ შენს ბავშვურ სიცილს,

ოთხმა ფიცარმა, რომ გადაფარა.

 

და შენი მკვლელის ჯალათი ვხდები,

დაო და გული ურძეოდ შრება,

ვერ დაგიცავი, თავს ისევ ვწყევლი,

წლები უშენოდ მხოლოდენ ცვდება.

 

 ეს ლექსი თითქოს ავტორის, ანუ ეჭვმიტანილის მოტივზე მიუთიტებდა, მაგრამ გუბაზი რატომ დაიწყებდა იმ ადამიანის შემოქმედების კრიტიკის წერას, ვისგანაც თუნდაც საფრთხეს გრძნობდა, იქნებ ეს მხოლოდ პოეტური წარმოსახვა იყო და ამ სიტყვების მოტივად აღქმა სისულელე იქნებოდა.

 

 

 

 

III თავი

„ორდროშობანა“

 

     ცეცხლივით წითელთმიანმა და წაბლისფერ პალტოიანმა სადა გარეგნობის გოგონამ პროზექტურის შესასვლელში სამედიცინო სტუდენტის ცნობა წარადგინდა და უპრობლემოდ შეძლო მორგში შესვლა, მკვდრებს ისედაც ყურადღებას არავინ აქცევდა, მათ არც არავინ გაძარცვავდა და არც ვინმეს შეეძლო იქიდან გამოქცევა. ჩანაწერებში გუბაზის ძიება და ლაშას შემოსვლა ერთი იყო. 

-        ასმათ, ისევ გული უნდა გამიხეთქო?

-        ამ ოთახიდან ფეხის ხმა, რომ მესმის შიშით ოფლად ვიღვრები.

-        ნეტავ ვიცოდე აქ რატომ მუშაობ?

-        იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით მე ექიმობას ვაპირებ და ორგანოების შესწავლა, აქ საუკეთესოდ შემიძლია, პრეტენზიული კლიენტებიც არ მყავს, თან დამატებითი ქულები მჭირდება.

-        მართალია, ცოცხლებზე მეტად მკვდრები უფრო მეტი სანდოობით და კეთილშობილებით გამოირჩევიან არა?! ჩაეღიმა.

-        კარგი, მითხარი აქ რამ მოგიყვანა, ახლა რა ხათაბალაში ყოფ თავს, თავსატეხები თუ გიყვარს ექიმობაზე მეტი თავსატეხი რა გინდა, ლექციებზე მაინც იარე.

-        დავდივარ.

-        კი, როგორ არა მარტო ქიმიის და მხატვრული ლიტერატურის ლექციებზე დადიხარ, ქიმია კარგი, მაგრამ ნეტა ვიცოდე იქ რა გინდა, სამედიცინოს სტუდნტებიდან მილორავას მგონი მხოლოდ შენ ესწრები.

-        მეჩქარება ლაშა, გუბაზ ჩაჩანიძის გვამი უნდა მანახო.

-        კაი ერთი, იცოდე ისევ შარში გაყოფ თავს, ექსტრემი მეც მომწონს, ხომ ხედავ მორგში ვმუშაობ, მაგრამ ეგ ზედმეტია. შენ ცოცხალ მკვლელებს დასდევ და მათ შეუძლიათ რეალურად დაგიშაონ რაიმე.

-        ლაშა, შეგონების მოსმენის დრო არ მაქვს, გთხოვ, ბოლოა. თან შენი პერანგით თუ ვისმჯელებთ სამი დღეა არ გიბანავია და სახლში არ ყოფილხარ, მე მივხედავ აქაურობას მხოლოდ გვამი მანახე, შენ წადი იბანავე თორემ მკვდრის სუნს აიკიდებ და მერე ნუცა ზედ აღარ შემოგხედავს.

-         მეთოთხმეტე მაცივარი გამოაღე.

          ასმათმა სწრაფი პრაქტიკული მოქმედებით გამოაღო მეთოთხმეტე მაცივარი, თითქოს იქ გვამი კი არა თავსატეხების პასუხი ყოფილიყო, რომელსაც მოუთმენლად ელოდა.

-        კბილებს შორის ხროტინის კვალი ემჩნევა,  თვალის რქოვანა შემრღვეულია,  კისერზე და გულმკერდზე სილურჯეებია, თითქოს ვიღაც ჯერ ახრჩობდა, მერე პირველად დახმარებას უწევდა და მის გადარჩენას ცდილობდა, საბოლოოდ ეს ასფიქსიაა.

-        ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი.  და კიდევ ყურის უკან...

-        კი ყურის უკან ტატუ აქვს. ეს მიმოზაა. აფხაზური ჯიშის, მარტის პირველ რიცხვებში ყვავის ყოველთვის.

-        ვინ იფიქრებდა ამ „გრუზინა“ კაცს, რომ  ყვავილები უყვარდა.

-        უყვარდა რო... 90-იანებში „ყვითელი მიმოზა“ დაჯგუფება იყო, რომელსაც საქართველოს გავლით, მათ შორის სამაჩაბლოდან  კონტრაბანდა გადაჰქონდა რუსეთში, მიმოზის პირველივე ყვავილობისას აძვალტყავებდნენ ხეებს და მიჰქონდათ, მაგრამ ეს მეყვავილეთა ბიზნესი კი არა არალეგალურ საქმეთ იმპერია იყო. 

-        და ფიქრობ რომ გუბაზი მათი წევრი იყო? და საერთოდ ასეთები რატომ იცი...

  მეორე დღეს გუბაზის დაკრძალვა იყო რუსთავის სასაფლაოზე, ასმათი ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვიდა მის შესასწავლად, ამისთვის კი მოუწევდა ლუიზასთან ისევ დასვენების დღე აეღო, ამიტომ არჩია მთელი საღამო სამკერვალოში ემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ უფროსს უთხრა ვერ მოვალ დღესო, მაინც წავიდა. ეს საუკეთესო საქმე იყო ფიქრისთვის. სწორედ ამიტომ დაიწყო იქ მუშაობა.

 

***

    გუბაზის ბინის კარი ღია იყო, შიგნიდან ნაცნობი საკმევლისა და ღვინის სუნი გამოდიოდა, ოთახში შესვლისთანავე იგრძნობოდა ქლორის სიმძაფრე, პანაშვიდისთვის მზადების კვალი, ასმათის ფეხის ხმას მოჰყვა დიდი წივილ- კივილი, გლოვის სცენარის გათამაშება დაიწყო, სახეები ცრემლით მოერწყათ, მაგრამ სიტყვებში მწუხარება საერთოდ არ იგრძნობოდა. მათი ხმა მშრალი და გულისამ