ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სასიკვდილო წერილი

სასიკვდილო წერილი

სასიკვდილო წერილი


1 თავი

ინფექციური საავადმყოფოს თეთრი დერეფანი უკაცრიელი ჩანდა. იდეალურ სიჩუმეს შიგადაშიგ პალატებიდან გამოსული კვნესის ხმა არღვევდა. დერეფნის ბოლოს გამჭვირვალე კარებს მიღმა შუა ასაკის ჭაღარათმიანი მამაკაცი რაღაცას უხსნიდა აცრემლებულ ქალს. კაცმა მხარზე ხელი მოხვია მსმენელს და კიბეებისკენ უბიძგა. საავადმყოფოს გასასვლელამდე გააცილა და გულდამძიმებული ამობრუნდა მეორე სართულზე. დერეფანს გაუყვა და თავისი კაბინეტის კარები შეაღო. მომცრო ოთახში მქრქალ განათებაზე ძლივს მიაღწია სავარძლამდე და მოწყვეტით ჩაეშვა შიგ. ის იყო თვალები მილულა და რამდენიმე წუთით წათვლემა დააპირა, რომ ტელეფონი აწკრიალდა.

-გისმენთ, - უპასუხა ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ექიმმა. იცოდა რომ წინ მძიმე ღამე ელოდა. იმედი ქონდა რამდენიმე წუთს მაინც დაასვენებდა სხეულს. ასაკი თავისას შვებოდა, გულმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროს მისცა ყვითელი ბარათი, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება. ახლა უკვე წითელ ბარათს უჩვენებდა. მკერდზე ხელი მიიჭირა მამაკაცმა. იმ ავადმყოფთან უხმობდნენ, რომელზეც ყველაზე მეტად წუხდა, არ უნდოდა თავისი საყვარელი სტუდენტისთვის ეთქვა, რომ მამამისი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. თუმცა ანასტასია კახიძე თავადაც ხვდებოდა ამას და მხოლოდ იმედს ებღაუჭებოდა.

პალატაში შესულ ექიმ ალექსანდრეს ახალგაზრდა მორიგე ექიმი დახვდა. სასუნთქ აპარატზე შეერთებულ ავადმყოფს თავზე დადგომოდა და გულ-მკერდს უსინჯავდა.

-მარიამ გენაცვალე, რა ხდება? - ხანში შესულმა ექიმმა მხარზე ხელი შეახო თავისივე აღზრდილს.

-ბატონო ალექსანდრე ცუდადაა საქმე. გულის უკმარისობა და სანათურების აშრევება დაეწყო. შინაგან ორგანოებს სისხლი აღარ მიეწოდება. თირკმელები მწყობრიდან გამოვიდა.

-ქიმიოთერაპიას არ ექვემდებარება?

-არა. ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპია უძლურია. უკვე იმედი აღარ არის.

-იბრძოლე და აბრძოლე მარიამ. უიმედობა არ მისწავლებია მე შენთვის. - შეუბღვირა ალექსანდრემ ახალგაზრდა ექიმს.

მარიამმა თავი დაუქნია, ეწყინა გამზრდელის საყვედური. ისევ პაციენტს მიუბრუნდა, რომლის სიცოცხლისთვის უკვე სამი დღე-ღამეა იბრძოდა.

-ანასტასიას დაურეკე, შეიძლება უნდოდეს მამის ნახვა - გადაულაპარაკა ექიმს ალექსანდრემ და ისევ ავადმყოფზე მიერთებულ აპარატს მიუბრუნდა.

-მაინც ვერ გავიგე ამ კაცს ანთრაქსის ფილტვის ფორმა საიდან დაემართა. მანქანასა და კაბინეტს შორის დადიოდა, ცხოველები მარტო National Geografic - ზე ეყოლება ნანახი. იმასაც თუ უყურებდა - თავისთვის ლაპარაკობდა ექიმი - თან სწრაფად წავიდა პროცესი, რაღაც არ ჯდება ლოგიკურ ჯაჭვში.

2 თავი

ალექსანდრემ კაბინეტთან ჟღალი, გაჩეჩილი თმა დაინახა და გული შეუფართხალდა. ანასტასიას დანახვა სიცოცხლეს უხალისებდა ექიმს. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ამ პატარა, კაფანდარა ქალბატონს. გოგო რომ ყოლოდა, ამაზე უკეთესს ვერ ინატრებდა. ახლა მის ანას თვალები ჩაქრობოდა. აღარ დახტოდა ჭინკები მის ცისფერ გუგებზე. ისედაც გამხდარი გოგონა უფრო დასუსტებული ეჩვენა დიდი ზომის ტანსაცმელში. მამის სიკვდილმა და დასაფლავებამ გაანახევრა ანასტასია. ალექსანდრეს გულმა მოუჭირა. მკერდზე მიიდო ხელი. გოგონას კაბინეტის კარები უსიტყვოდ გაუღო და წინ გაატარა.

-არ მომწონხარ ანა, რამე გტკივა? - თავისი სავარძელი დაიკავა ექიმმა და ისე შეათვალიერა სტუმარი.

-არა, კარგად ვარ ბატონო ალექსანდრე, თქვენი ნახვა მინდოდა - თავი ჩაღუნა გოგონამ.

-რაო ქალბატონო ანასტასია, საავადმყოფოში დაბრუნება გინდა? ჩვენ მზად ვართ შენს მისაღებად. - ხელები გაშალა ექიმმა.

-არა, ბატონო ალექსანდრე, პირიქით, აკადემიური წლის აღება მინდა და თქვენი დახმარება მჭირდება.

-რაო? - ფეხზე წამოდგა კაცი, მაგრამ მკერდში ტკივილი იგრძნო და ისევ სავარძელში ჩაიკეცა - ბოლო კურსიდან აპირებ უნივერსიტეტის მიტოვებას? იმ საავადმყოფოს მიტოვებას, სადაც შენი ადგილი უკვე დამკვიდრებული გაქვს? შენს ოცნებაზე უარის თქმას აპირებ? - არ ცხრებოდა ექიმი და თან მკერდზე ხელს იჭერდა. ანასტასია უთქმელად ადგა, თაროდან წამლის პატარა კოლოფი აიღო და ალექსანდრეს მიაწოდა.

-ბატონო ალექსანდრე, მამაჩემმა ძალიან ბევრი არეული საქმე დატოვა, თავი უნდა მოვუყარო. დედაჩემის ატანა აღარ შემიძლია. მხოლოდ რამდენიმე თვე მჭირდება - წყნარად თქვა გოგონამ და უზარმაზარი ქურთუკი გაიხადა, რომელშიც ალბათ მისი ზომის, კიდევ სამი ადამიანი ჩაეტეოდა.

მთელ საავადმყოფოში გარჩევის საგნად იყო ქცეული ანასტასიას ჩაცმულობა, მისი ორმაგად დიდი ზომის ტანსაცმელი, მუდმივად გაწეწილი თმა და დიდი სათვალე. ალექსანდრეს აქამდე ყურადღება არასდროს მიუქცევია ამისთვის, ახლა კი გოგონას ფარფატა სხეული თვალში მოხვდა. მისი ანას თავს რაღაც ხდებოდა და ეს არ ასვენებდა ექიმს.

-ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, მამაჩემს საიდან შეიძლება ქონოდა ციმბირის წყლული?-გოგონა იმ საკითხს შეეხო რომელიც ექიმს ვახტანგ კახიძის მასთან მიყვანის წუთიდან აწუხებდა.

-ანა, ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა ასე ადვილად არ ემართება ადამიანს. ეს რომ კანის წყლული იყოს, ვიფიქრებდი, რომ სადღაც დაავადებულ ცხოველს მოეფერა, ან ინფიცირებულ ხორცთან ქონდა შეხება, მაგრამ ფილტვისმიერი ფორმა იშვიათია. ფაქტი ერთია შვილო, ამ საზიზღარმა დაავადებამ იმსხვერპლა მამაშენი. - ექიმი ფიქრებში წავიდა. მერე უცებ გამოფხიზლდა. - რა საქმეებია ანა ასეთი, შევძლებ შენს დახმარებას?

ალექსანდრე მკერდში სპაზმს აღარ გრძნობდა და მთელი ყურადღება მოიკრიბა, რომ როგორმე სწრაფად მოეგვარებინა ანასტასიას პრობლემები. რაც შეიძლება მალე უნდა დაებრუნებინა საავადმყოფოში თავისი ჟღალი გოგო.

-დედაჩემს წარმოდგენა არ აქვს მამაჩემის ბიზნესზე. არც არასდროს გაეგებოდა რამე - ამოიოხრა ანამ და სავარძელში ჩაიკეცა -არასდროს უკითხავს საიდან მოდიოდა ამდენი ფული, რა ხდებოდა მამას ტურისტულ სააგენტოში. მას ყოველთვის უნდოდა, რომ მე ბიზნესის მართვა მესწავლა, ისეთი ქმარი მეპოვნა ვისთან ერთადაც მამის ბიზნესში ჩავერთვებოდი. ჩვენი ომი მაშინ დაიწყო, როცა მე ექიმობა გადავწყვიტე. ახლა ეს ომი გამძაფრდა.

-მაგ ამბისთვის მომიკრავს ყური - უხერხულად შეიშმუშნა ალექსანდრე.

-ჩაიზე მოყოლილი ჭორებია? - გაეღიმა ანას.

- დედაშენი - ქალბატონი ინგა, ჩემი ცოლი, მაგათი მეზობლები და კიდევ ვინ აღარ განიხილავდა ამ საკითხს ერთი-ორჯერ, ისე ზოგადად - დეტალებზე საუბარი აღარ გააგრძელა კაცმა. რამდენჯერმე უხეშადაც მოუწია ქალბატონი ინგას მოგერიება, როცა თხოვდა, რომ მისი შვილი საავადმყოფოდან გამოეშვა და დაერწმუნებინა, რომ მისგან კარგ ექიმზე უფრო კარგი „ბიზნეს ლედი“ დადგებოდა. რა თქმა უნდა ალექსანდრეს ცოლი და სიდედრიც მხარს უბამდნენ ინგას. ეს ძველი თბილისელების შთამომავლები თავს არავის უყადრებდნენ. ხოხბის შვილიშვილის შვილიშვილები ტონობით სვამდნენ იმ ადუღებულ წყლისგან მომზადებულ ჩაის, რომელშიც მათი წინაპარი ჩაიხრჩო და ნერვებს უშლიდნენ მოქმედ და მომავალ ექიმებს.

-ხოდა ახლა - ფიქრებიდან გამოიყვანა ალექსანდრე ანასტასიას ხმამ - აღარ შემიძლია მისი გაძლება. მამას ბიზნესი უნდა გადმოვიბარო, გავერკვე რაღაცებში. მერე ვინმე სანდოს ჩავაბარო. ეს ყველაფერი თუ არ გავაკეთე, დედაჩემს ჩაის და ფრანგული სუნამოს ფული მოაკლდება და ან მე მომკლავს და ან თავს მოიკლავს.

-კარგი დაწყნარდი, - მხარზე ხელი მოხვია უფროსმა ექიმმა უმცროსს და გაწეწილ თმაზე ტუჩები შეახო. - ასე ვქნათ, ჯერ ომართან წახვალ, თერაპევტთან. გაპროტესტება არ გაბედო. - ხმას აუწია კაცმა, როცა მიხვდა, რომ გოგონა შეწინააღმდეგებას აპირებდა. - მე ახლავე დავრეკავ ომართან. ვეტყვი გაგსინჯოს და წამლები გამოგიწეროს. რას დაემსგავსე თუ ჩაგიხედავს სარკეში? მამა მეც მომიკვდა, დედაც. სხვასაც მოკვდომია, მაგრამ საფლავებში კი არ მივყვებით. მარტო ლანდი დარჩი და ეგ გაჩეჩილი თმა.

წამით შეჩერდა ექიმი.

 - მოკლედ ამ საღამოს მე ვიღაც- ვიღაცებს შევაწუხებ. დანარჩენს მერე მივხედოთ. მე და შენ კარგი გუნდი ვართ და შენ ჩემი ადგილი უნდა დაიკავო. აბა ჩემმა ბედოვლათმა შვილმა ადვოკატობა მოინდომა და ირბინოს ახლა დღე და ღამე გაუთავებლად და სდიოს ამდენ დამნაშავეს. - ალექსანდრე სახეზე წამოჭარხლდა. მიუხედავად იმისა, რომ შევილის ადვოკატობა ჯერ კიდევ ვერ მოინელა ექიმმა, ქალბატონი ინგასავით წივილ-კივილი არ დაუწყია და მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ანას არ უყვარდა ალექსანდრეს შვილი, არც დედას დაყვებოდა ექიმის ოჯახში ჩაის დასალევად. ერთი-ორჯერ თუ მაინც წაყვა ამ საძულველ ტრადიციაზე, ამაშუკელების ერთადერთმა მემკვიდრემ მისი წითელი თმის გამო სასაცილოდ აიგდო.

3 თავი

ანასტასიას თავზე დაათენდა, მხოლოდ გამთენიას მოხუჭა თვალი. ახლა კი ლოგინიდან წამოდგომაზე ფიქრიც არ უნდოდა. სახლში ხმაური ისმოდა, დედამისის, ქალბატონი ინგას, გარდა არავინ უნდა ყოფილიყო. ორი წუთიც არ გასულა, რომ ქალბატონი დოდოს წიკვინა ხმა მოესმა და ზუსტად წარმოიდგინა რა ხდებოდა მის სამზარეულოში. საძინებლის კარი ოდნავ გაიღო და ისევ მიიხურა. ანამ თვალები გაახილა. ინგა მის კარადასთან იდგა და რაღაცას გამალებით ეძებდა.

-სტუმრები გვყავს დედა? - რაც შეიძლებოდა წყნარად იკითხა ანამ.

- დოდო დეიდაა მოსული თავის მეგობართან ერთად - გაიღიმა ინგამ და ისევ კარადას მიუბრუნდა.

- მერე შენ რას აკეთებ აქ? წადი სტუმრებს მიხედე. - მხარი იცვალა საწოლში გოგონამ.

-წესიერ ჩასაცმელს ვარჩევ შენთვის, მაგრამ ყველა ერთნაირი საზიზღრობაა - დაიჯღანა ინგა და კარადიდან გადმოყრილ ტანსაცმელს ხელი მოხვია. - ერთ დღეს ავდგები და ამათ დავწვავ. მერე ხომ იყიდი ნორმალურს.

ეს ტექსტი ანასტასიას უკვე მილიონჯერ ქონდა მოსმენილი და მაინც არაფერი იცვლებოდა. არც დედა წვავდა ტანსაცმელს და არც ანა ცვლიდა ჩაცმის სტილს. ინგას რცხვენოდა თავისი ერთადერთი შვილის „ფეთხუმობის“, როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე. ქალს ისტერიკა ეწყებოდა, თუმცა ახლა წივილ-კივილის დრო არ იყო, სტუმრები ელოდნენ, ამიტომ სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა და მეგობრებს მიუბრუნდა.

-ანასტასია მალე შემოგვიერთდება - გაუღიმა ქალებს და სიგარეტს მოუკიდა.

-როგორ გაიზარდა ჩვენი ანასტასია, ექიმობა უნდა. როგორ მახსოვს ლამაზი კაბებით რომ დაგვყავდა და თავზე კიკინები ეკეთა - მოგონებებში ჩაიძირა დოდო. ამ ქალს მუდმივად წითელი პომადა ესვა ტუჩებზე და კბილებზე გადადიოდა. რაზეც ანასტასიას ეცინებოდა და დედის წყრომას ვერ აცდებოდა ხოლმე.

-მე არ მინდოდა მაგის ექიმობა ნინო - მეორე გაპრანჭულ სტუმარს მიმართა ინგამ - მინდოდა ბიზნესი ესწავლა, მამას გვერდით დადგომოდა. აი ახლა ხომ ხედავ, მოულოდნელად დავიღუპეთ და საქმის გამგრძელებელი არავინაა. - თავი ჩაღუნა ინგამ და თეთრ მაქმანიანი ცხვირსახოცით ამოიწმინდა ცრემლები.

-შენ არ ინერვიულო დედა, მივხედავ მე მამის საქმეებს. - კარებში გაჩეჩილი თმით და დიდი სათვალით ანასტასია იდგა და იღიმებოდა.

ინგამ თავი აწია რაღაცის სათქმელად, მაგრამ სახე გაუშეშდა, ანას „მიკი მაუსიანი“ საღამურების დანახვაზე.

-დოდო დეიდა როგორ ბრძანდებით? - მოიკითხა ქალი ანამ და სამზარეულოში ფეხშიშველი შეტყაპუნდა.

-კარგად ჩემო ლამაზო. შენ კიდევ უფრო გამხდარხარ - შეათვალიერა სტუმარმა გოგონა - სულ დამავიწყდა, ეს ნინოა, ჩემი დეიდაშვილი - გააცნო დოდომ მეორე სტუმარი - ისე აინტერესებდა შენი გაცნობა, იმდენს ველაპარაკებოდი შენზე, ისიც და მისი შვილიც ძალიან დაინტერესდნენ.

ანასტასია ზრდილობიანი ღიმილით უყურებდა ნინოს, მაგრამ თანდათან ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც საჭიროა.

-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნინო, - მიუბრუნდა ახალგაზრდა ქალს ანა - არ შეგიშლით ხელს, მე ყავას დავისხამ და გავალ - თავის დაძვრენა სცადა ანამ. მის სამზარეულოში რაღაც რიგზე ვერ იყო. სამეულის თათბირს კარგი პირი არ უჩანდა, ამიტომ გაცლას ამჯობინებდა ანასტასია.

-ყავას არ უნდა სვამდე დილაადრიან, ჩაი არსებობს - სასწრაფოდ გააპროტესტა შვილის იდეა ინგამ - ჯერ წადი და ჩაიცვი. ლამაზად და კოხტად - ბოლოს სიტყვებს ხაზი გაუსვა ქალმა.

ანა ხმის ამოუღებლად გაბრუნდა კარისკეს, აღარც ყავა უნდოდა და არც ამ ქალების დანახვა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცლოდა გველების ბუდეს.

-ლამაზი გოგოა, მაგრამ ამხელა ქალს ასე ჩაცმა არ ეკადრება - დაეწია ანას დოდოს ხმა.

- გახდება ჩემი რძალი და მერე ჩაიცმევს ისე როგორც საჭიროა, ჩემი გიორგი კარგად მოუჭერს ხელს - დააიმედა ნინომ.

-ღმერთმა ქნას - დაეთანხმა ინგა და კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ გოგონას აღარ გაუგონია. უკვე მამას კაბინეტში იდგა და მაგიდას დაჩერებოდა.

ოთახში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ზუსტად ისე, როგორც ვახტანგმა დატოვა. გადაშლილი საქაღალდე, მიმობნეული კალმები და ძირს დაყრილი ფურცლები. ეს არეულობა კაცისთვის წესრიგი იყო, ზუსტად იცოდა რა სად და რატომ იდო.

კაბინეტის კარები ოდნავ შეიღო და შავი სველი ცხვირი გამოჩნდა.

-შემოდი ტაისონ - შეიპატიჟა უზარმაზარი პიტბული ანამ.

ძაღლმა ნებართვა მიიღო და ორ ნაბიჯში გოგონასთან გაჩნდა, დაეტაკა და ძირს დააგდო. ლოკავდა და ფეხზე წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა. მთელი სახლის პატრონი იყო ტაისონი, მხოლოდ ამ ოთახში შემოსვლა ეკრძალებოდა, რადგან დალაგებულ ქაოსს თავდაყირა აყენებდა. ამ ულამაზეს და უჭკვიანეს ცხოველს ქალბატონი ინგა ვერ იტანდა. მუდმივად ეჭვიანობდა მამა-შვილის და ძაღლის სიყვარულზე. თავის სამეგობროში თავს იწონებდა ულამაზესი პიტბულით და მხოლოდ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც აჩერებდა სახლში.

-ტაისონ აქ დაჯექი - მიუთითა ფანჯარასთან მდგომ სავარძელზე ძაღლს ანამ. ისიც წყნარად ახტა მითითებულ ადგილზე, თავი რბილი სავარძლის სახელურზე ჩამოდო და გარეთ ყურება დაიწყო.  

-ჩემი ჭკვიანი კაცუნა - მოეფერა გოგონა და შავ დრუნჩზე აკოცა. ტაისონმა ჭკვიანი თვალები მიანათა და საპასუხოდ სახე აულოკა.

ანასტასიამ ძირს მიმობნეული ქაღალდები აკრიბა. ხელი გადაუსვა მამის ნაწერს. გათიშული მობილური ტელეფონი დასამუხტად დადო. ვახტანგის მარჯვენა ხელის, ივანე მახარაძის ნომერი აინტერესებდა ანას, მასთან საუბრით ბევრი რამის გაგების იმედი ქონდა.

ანასტასიას არასდროს მოსწონდა ივანე, თვლიდა, რომ მლიქვნელი და მატყუარა იყო. ის ოჯახის მეგობრად არ ითვლებოდა, სახლში იშვიათად მოდიოდა, მაგრამ ქალბატონ ინგას ძალიან მოსწონდა. ალბათ იმიტომ რომ ვახტანგსა და ანასგან განსხვავებით, ჩაიზე დაეწვეოდა ხოლმე ოჯახის დიასახლისს და ერთად თბილისურ ჭორ-მართალს განიხილავდნენ. ივანემ ყველაზე კარგად იცოდა ვახტანგის ბიზნესის ამბები. ეს გაიძვერა კაცი არც იმაზე იტყოდა უარს, აწყობილი საქმე თავისთვის დაეტოვებინა და კახიძეების ოჯახი მშრალზე დაეტოვებინა.

სამზარეულოდან თავშეუკავებელი სიცილ-კისკისი მოესმა. კახიძის ქვრივი და მისი მეგობრები ალბათ რომელიმე საერო ნაცნობს დასცინოდნენ. ანას პატარაობისას გაუჩნდა ეჭვი, რომ ინგა დედამისი არ იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იმდენად ემსგავსებოდა მას, რომ, ეჭვის შეტანა შეუძლებელი ხდებოდა. ამ მსგავსების გამო ყოველთვის ცდილობდა დედამისისგან განსხვავებულად ჩაეცვა, მოქცეულიყო და ხშირად თავისი სურვილების წინააღმდეგაც წასულიყო.

ანამ მამამისის სავარძელი დაიკავა. ვახტანგის სურნელი ჯერ კიდევ შერჩენოდა ნივთებს. კედელზე დიდი სურათი იწონებდა თავს. მის გვერდით ჩამოკიდებული გობელენის უკან მცირე ზომის ტელევიზორი მიმალულიყო. აქ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ სიმშვიდეში დასვენება შეძლებოდა პატრონს. ფანჯარასთან ახლოს მუხის დიდი სამუშაო მაგიდა იდგა, რომელზეც ვახტანგი ხუმრობდა: „ ეს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის საპრეზიდენტო მაგიდის ანალოგია და უამრავი უჯრა აქვსო“. ანას აქამდე არ უფიქრია, რომ ეს ნათქვამი შეიძლება მართალი ყოფილიყო. მამამისი არასდროს არაფერს კეტავდა. შუა ქუჩაში მდგომ მანქანასაც კი ბევრჯერ ღიას ტოვებდა. ახლა კი ანას მაგიდის ბოლო უჯრა დაკეტილი დახვდა. ყველაზე პატარა გასაღები მოარგო, საკეტი გადაატრიალა და უჯრა მექანიკურად ამოსრიალდა ანჯამებიდან. ფსკერი იმდენად ღრმა არ გამოდგა, რასაც ელოდა. დიდხანს ათვალიერა შიგნით-გარედან. მასში ჩაწყობილი ქაღალდებიც ასჯერ გადაქექა, მაგრამ საეჭვო და ჩასაკეტი ვერაფერი იპოვა. კიდეებს მიყვა და თანმიმდევრულად დააწვა კუთხეებს. „ტკაც“ და ფსკერის ძირი ზევით აიწია. საკმაოდ ღრმა უჯრაში ათეულობით წითელი პასპორტი ანათებდა. ანასტასიამ გაოგნებული სახით ამოაწყო საბუთები. სულ ახალი, გადაუშლელი ლიეტუის და პოლონეთის პასპორტებიდან ქართული სახელ-გვარები იწონებდა თავს. ბევრი ფიქრი არ ჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ყველა ყალბი იყო.

რამდენიმე წამი ანა იატაკზე იჯდა და წითელ წიგნაკებს უყურებდა. მერე კედლებს მოავლო თვალი. ანასტასიას სურათის უკან, ვახტანგს სეიფი ქონდა გაკეთებული, მაგრამ გოგონას შიგ არასდროს შეუხედავს. ქალბატონი ინგა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქმარს თავის ბრილიანტებს არასდროს ანდობდა და მას ცალკე საცავი ქონდა. ანასტასიამ ისიც არ იცოდა დანამდვილებით, დედამისს მართლა ქონდა თუ არა ბრილიანტები, მაგრამ რომც ქონოდა, არც ეს იქნებოდა გასაკვირი.

 ანასტასიამ თავისი დაბადების რიცხვი აკრიბა თუ არა, საკეტის ტკაცანი გაისმა. მანქანაში ნაპოვნი გასაღების აცმიდან ერთ- ერთმა კარებიც გააღო.

სეიფში რამდენიმე შეკვრა ას ევროიანი იწონებდა თავს. ალბათ სულ რამდენიმე ათასი. მათ ქვეშ მოჩანდა ბანკიდან გამოტანილი გაუხსნელი კონვერტი ანას სახელზე. ანამ ქაღალდი დაუდევრად გადახია და ბანკის ბარათთან ერთად პინ კოდის ფურცელი გადმოვარდა. მამამისმა ისე შეუკვეთა ბანკის ანგარიში მის სახელზე, რომ თვითონ წარმოდგენაც არ ქონდა. ფანჯარასთან მჯდომ ტაისონს გახედა. ბარათი იქვე მაგიდაზე დადო და ძაღლს მიუჯდა.

-დღეს ძალიან ბევრი ახალი რამე აღმოვაჩინეთ ტაისონ. - თავზე ხელი გადაუსვა გოგონამ მეგობარს. ძაღლმა თავისი ჭკვიანი თვალები მიანათა და ყურები მაღლა აწკიპა. - ყალბი პასპორტები, ანგარიში ჩემს სახელზე, საინტერესოა კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებს მამაჩემი? მოდი ეს ყველაფერი ბატონ ალექსანდრეს წავუღოთ, იქნებ რამე გვირჩიოს.

სამზარეულოდან ისევ ხმაური ისმოდა. მორიგ ჭორ-მართალს განიხილავდნენ ქალბატონი ინგა და მისი მეგობრები. ანამ ფეხაკრებით გაიარა მისაღები ოთახი და საძინებელში მიიმალა

 4 თავი

ექიმ ალექსანდრე ამაშუკელს კაბინეტთან რამდენიმე კაცი უცდიდა. ანასტასიას გამოჩენისთანავე ახალგაზრდა ექთანი გამოვიდა, გოგონას ხელი მოკიდა და ცარიელ პალატაში შეიყვანა. რამდენიმე წუთში გულზე ხელმიჭერილი ექიმი გამოჩნდა.

-ანა შვილო, კარგად ხარ? რომ დამირეკე შემეშინდა. - აქოშინებული ალექსანდრე იქვე საავადმყოფოს საწოლზე ჩამოჯდა.

-ბატონო ალექსანდრე, აი რა ვიპოვნე.

ანამ ჩანთა ამოატრიალა და წითელი პასპორტები ფეხებთან დაუყარა ექიმს - და კიდევ აი ეს - ბანკიდან გამოგზავნილი კონვერტი მიაწოდა ხელში.

-ეს რა არის? - თვალები გაუფართოვდა ექიმს.

-ყალბი პასპორტები ალბათ. ეს კი ჩემს სახელზე გახსნილი ბანკის ანგარიშია.

ალექსანდრეს ჯერ ცივმა ოფლმა დაასხა. მერე ნაცრისფერი დაედო. ჯიბეში ხელი ჩაიყო და ნიტროგლიცერინის პატარა აბი ენის ქვეშ დაიდო. რამდენიმე წამი პასპორტებს დააჩერდა და თვალები გაუნათდა.

-ეს ყველაფერი ჩანთაში ჩაალაგე. სახლში წავიღებ, იქნებ ჩემი ბედოვლათი შვილი ახლა მაინც გამომადგეს.

ანასტასიამ უსიტყვოდ გააკეთა რაც უთხრეს და ჩანთა ალექსანდრეს გადასცა. მერე ხელები ჯიბეებში დამალა და ამაშუკელს მიაჩერდა.

-შენ კიდევ კარგად დაათვალიერე მამაშენის კაბინეტი. ყველა ფურცელს თავი მოუყარე, არაფერი გადაყარო. არ შეგეშინდეს. ვახტანგს რა საქმეებიც უნდა ეკეთებინა, შენ არაფერი გემუქრება. დაგირეკავ.- შუბლზე აკოცა უმცროს კოლეგას ექიმმა და გულზე მიიხუტა. მერე ჩანთა მარჯვენა მხარზე გადაიკიდა - არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს. - უთხრა და თავი მის წითელ თმაში ჩარგო.

5 თავი

ლუკა ამაშუკელი ოცდაათი წლის სანდომიანი სახის, მაღალი, მხარ-ბეჭიანი და კარგად ნავარჯიშები ახალგაზრდა კაცი იყო. მართალია მამას, ექიმ ალექსანდრე ამაშუკელს, იმედები გაუცრუა და იურისპუდენცია არჩია ექიმობას, მაგრამ ბატონი ალექსანდრე მაინც ძალიან ამაყობდა შვილით. უფლებადამცველობა ბავშვობიდან უნდოდა და არასდროს გადაუხვევია ამ აზრისგან. მისთვის ყველა ადამიანი თანაბარი იყო და მზად იყო ყველას ერთნაირად დახმარებოდა. დედამაც კი ვერ მოახდინა გავლენა მის ხასიათზე, რომელიც ხალხს „თბილისელებად“ და „ჩამოსულებად“ ყოფდა. შვილს სამეგობროს ურჩევდა. „ხოხბების შთამომავლებს“ ცხვირში ჩრიდა და სხვა ყველას მისგან ჩამოშორებას ცდილობდა. ლუკას სკოლაშიც და ეზოშიც ხშირი მუშტი-კრივი ქონდა გამართული, ხან ვის და ხან ვის დასაცავად. ხშირად ნაცემიც იყო, მაგრამ არას დაგიდევდათ.

ექიმი ალექსანდრე ჩართულ ტელევიზორთან იჯდა, საინფორმაციო გამოშვებას უსმენდა, მაგრამ მის გონებას ჟღალთმიანი ანასტასია არ შორდებოდა. შუაღამე გადასული იყო უკვე, ექიმი შვილს ელოდა. ზუსტად იცოდა, რომ ლუკა უყურადღებოდ არ დატოვებდა მამამისის ფავორიტს.

კარები ოდნავ შეიღო და უზარმაზარი ჩრდილი გაწვა დერეფანში. ორ მეტრიანი ლანდი ისე ჩუმად დააბიჯებდა, რომ ჩქამიც არ იძვროდა. ლუკამ ჯერ სამზარეულოში შეიარა და ცივი წყლით ხელდამშვენებული მისაღები ოთახისკენ დაიძრა.

-მამა შენ ხარ? - იკითხა გაკვირვებულმა, როცა სავარძელში მთვლემარე ალექსანდრეს მოკრა თვალი - ცუდა ხომ არ ხარ? რატომ არ გძინავს?

-შენი დახმარება მჭირდება - მშვიდად გაახილა თვალები კაცმა და შვილს შეხედა.

-ჩემი? - ლუკას თვალები გაუფართოვდა და მამამისის მუხლებთან დაიჩოქა.

- მე კი არა ანასტასიას ჭირდება, ჩემს ანასტასიას, კახიძეს.

- იმ წითელ ანასტასიას? შენს ფავორიტს? - გულიანად გადაიხარხარა ლუკამ - გახსოვს მა, ერთხელ დედამისმა ჩვენთან რომ მოიყვანა, იმდენი ვიცინე მის წითელ თმაზე, მეტჯერ აღარ გამოჩენილა. ისე ცუდად მოვიქეცი მაშინ. ბოდიშიც არ მომიხდია. ახლაც ჟღალია? ისე ლამაზი ბავშვი იყო ძალიან. მაშინაც მომეწონა და რომ დამემალა, იმიტომ დავცინოდი.

ლუკა მთელ ხმაზე ხარხარობდა და თვალებიდან ცრემლები ცვიოდა.

-თუ მორჩი სიცილს ჩემს კაბინეტში წავიდეთ - ფეხზე წამოდგა ალექსანდრე.

-შენს არა, ჩვენს კაბინეტში - შეუსწორა შვილმა.

-შენ იქ არასდროს შედიხარ, ესე იგი ჩემს კაბინეტში. - შეუსწორა მამამ და მასაც გაეღიმა.

ალექსანდრემ პატარა დერეფანი გაიარა და კუთხის ოთახის კარი შეაღო. კაბინეტში ყოფნა უყვარდა ექიმს. უამრავი წიგნით გადაჭედილ ამ პატარა ოთახს ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას გაუკეთა მასიური კარები. ისე რომ ხმაური არასოდეს აწუხებდა და არც შიგნიდან ისმოდა ჩქამი.

ლუკა ამჯერად სერიოზული სახით დაუჯდა მამას წინ და მოლოდინით სავსე თვალებით მიაშტერდა. ალექსანდრემ კარადიდან ანასტასიას ჩანთა ამოაძვრინა და შვილს ფეხებთან გადმოუპირქვავა. ბიჭს სახეზე ფერებმა გადაუარა და რამდენიმე პასპორტს დაწვდა, ხელში ნვაატრიალა, კარგად დაათვალიერა.

-ყალბია, თუმცა პროფესიონალური ნამუშევარია. შენ საიდან გაქვს ესენი? - თვალი გაუსწორა მამას ლუკამ.

-ანასტასიამ იპოვნა მამამისის კაბინეტში. -ჩაიჩურჩულა ალექსანდრემ.

-ეს რომ ვინმეს ენახა დაიჭერდნენ ვახტანგს. - ვარაუდი გამოთქვა ლუკამ.

-ვიცი, მაგრამ სიკვდილმა დაასწრო.- დაუდასტურა მამამ.

-ეს უკანონოა და თან ძალიან საშიში. ნეტავ რამდენს იღებდა მათ დამზადებაში. პოლონეთის და ლიეტუის პასპორტებია. სხვა ქვეყნების რატომ არ დაამზადეს? აქ რამდენია? - კითხვას კითხვაზე სვამდა ადვოკატი.

-22 - დაუფიქრებლად უპასუხა ალექსანდრემ.

-ნეტავ სულ რამდენი დაამზადეს, ან კლიენტურას სად შოულობდა? ვახტანგი ხომ მკვდარია და რათ უნდა ანასტასიას ამ საქმის გამოქექვა? - პასპორტებს ხელში ატრიალებდა ლუკა და მათ შესწავლას ცდილობდა.

-გამოქექვა არა ლუკა, გამოძიება - შეუსწორა ალექსანდრემ შვილს- იმიტომ უნდა, რომ მამამისმა ბანკის ანგარიში დაუტოვა, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ქონდა. ამასთან უნდა ვახტანგის ბიზნესში გაერკვეს, რომ დედამისს შემოსავალი არ მოაკლდეს. და თუ ყველაფერი არ დაალაგა, ვერ გააგრძელებს საავადმყოფოში მუშაობას.

-მამა, ანასტასიას კარგი ბუღალტერი და მაგ სფეროში მომუშავე ადვოკატი ჭირდება. ვახტანგის ყველანაირი ფინანსური დოკუმენტი უნდა შემოწმდეს. - ლუკამ მცირე პაუზა გააკეთა. - შენ ექიმი ხარ, მე სისხლის სამართალში ვმუშაობ. ჩვენ რა უნდა ვქნათ?

-ეგ რომ მცოდნოდა, დახმარებას შენ არ გთხოვდი. - ჩეფიქრებული ალექსანდრე სავარძელში მიწვა და შვილს თვალი თვალში გაუყარა. ლუკას შუბლი აეწვა. არ უნდოდა ამ საქმეში გარევა, მაგრამ მამას ხათრს ვერ გაუტეხავდა. პერანგის ღილები შეიხსნა და შუბლზე ოფლი შეიწმინდა.

-კარგი - ფეხზე წამოდგა ბიჭი და ოთახში გაიარ-გამოიარა, მაგრამ მისი გრძელი ფეხებისთვის ეს ოთახი პატარა აღმოჩნდა, ადგილი აღარ ეყო და ისევ დაჯდომა ამჯობინა.

-მე მყავს ერთი მეგობარი, ეკონომისტია და ძალიან კარგი ფინანსისტი. მას ვთხოვ რომ ვახტანგის დოკუმენტაცია შეამოწმოს. ანასტასიას რაზეც ხელი მიუწვდება ყველაფერი უნდა მოგვცეს. ვნახოთ რა გამოვა. - თქვა ბოლოს.

-ძალიან კარგი მაგრამ დედაშენმა არაფერი უნდა გაიგოს და არც დედამისმა. - ხმაში კმაყოფილება გაერია ექიმს, მაგრამ რაღაც ეჭვები აწუხებდა, რასაც შვილსაც კი არ უმხელდა.

- გუშინ საღამოს დედაშენი მეუბნებოდა, რომ ამ კვირაში რაღაც კონცერტია კონსერვატორიაში, იქნებ ბილეთები ვიყიდო და ორივე წავიყვანო? შენ და შენი მეგობარი ანასთან მისვლას შეძლებთ.

-ანასთან რატომ უნდა მივიდე მამა? - გულწრფელად გაუკვირდა ლუკას - ყველაფერი შეაგროვოს და მომიტანოს.

-მე მინდა რომ მიხვიდე და იქ ყველაფერი დაათვალიერო შენი მახვილი თვალით.

-რას ვეძებთ მამა? რას მალავ მითხარი. - პროფესიულმა ინსტიქტმა გაიღვიძა ადვოკატში.

-არაფერს და თან ყველაფერს ლუკა. რაღაც ეჭვი მაქვს მაგრამ ჯერ ძალიან აბსურდულია.

ლუკა მუხლებს იდაყვებით ეყრდნობოდა და მამას ისე მიჩერებოდა. შავი თვალები გაუფართოვდა და ცხვირის ნესტოები დაებერა. მაძებარ ძაღლს დაემსგავსა, რომელმაც რაღაც იყნოსა.

-გთხოვ დაეხმარე ანას. - ალექსანდრემ მხოლოდ ესღა უთხრა შვილს და კაბინეტი დატოვა.

6 თავი

ქალბატონი ინგა მგლოვიარე ტანსაცმელში გამოწყობილიც კი ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. ყურებსა და ყელს მარგალიტები უმშვენებდა. მიუხედავად მეუღლის ახლახანს გარდაცვალებისა, დიდი მევიოლინის კონცერტს ვერ გამოტოვებდა და ვერც ალექსანდრესა და მის მეუღლე ნინას ეტყოდა უარს მიპატიჟებაზე.

ანასტასია მოჩვენებითი სიმშვიდით უყურებდა დედის სამზადისს. აუჩქარებლად სვამდა ენერგეტიკულ სასმელს და უსმენდა დედის მონოლოგს, ამ სითხის მავნებლობაზე.

ქალბატონი ინგას მანქანა ქუჩის კუთხეში მიიმალა და კარებზე ზარმაც არ დააყოვნა. ტაისონმა ხმამაღლა შეყეფა, კარებთან მიირბინა და მთელი ტანით აიწია მასზე. ამ „კაცუნას“ სახლში გამოჩენის შემდეგ, მისი თათებისგან დაჩხაპნილი შემოსასვლელი კარები სამჯერ შეღება და გააახლებინა ქალბატონმა ინგამ. ტაისონიც ბევრჯერ დატუქსა, მაგრამ ვ