მოთხრობები
მოთხრობები
ს ა რ კ ი ს წ ი ნ
კესოს ლამაზი არ ეთქმოდა. თუმცა, ისევე როგორც ყველა ადამიანს, მასაც თავისი ხიბლი ჰქონდა. თხელი, მოყავისფრო თმა, რომელიც თხემზე საგრძნობლად გამეჩხერებოდა, სწორად გადაევარცხნა და კეფაზე გაენასკვა. ცბიერი სიუხვით შეპარულ ჭაღარას არ იღებავდა, რაც 45 წელს მიტანებულ ქალს ხანს საგრძნობლად მატებდა. ჭროღა თვალები ზღვაში ნახევრად ჩაძირული მზის დისკოებს მიუგავდა. მათი შემხედვარე იფიქრებდით, აი ახლა, წუთი-წუთზე ჩაეძინებაო. ფერმკრთალი ტუჩები მკაცრად მოეკუმა და ადრეული მოზარდობიდან აკვიატებული, სისხლსა და ხორცში გამჯდარი ჩვევის დაჟინებულობით ცდილობდა, მარჯვენა ქვედა ეშვი დაეფარა. მტაცებლური გარეგნობის მქონე ეს მტარვალი, რომელიც მეზობელ კბილებზე მუჯლუგუნების კვრით ოღრო-ჩოღროდ ამოსულიყო და თავის კუთვნილ ადგილას გვერდულად ჩამდგარიყო, მის პატრონს ბავშვობიდანვე უსიამოვნო განწყობას უქმნიდა. შესაბამისად, გამოიმუშავა კიდეც აბეზარი ნაკლის ჯიუტად დამალვის უცნაური თვისება - იშვიათად იღიმებოდა, და როცა იღიმებოდა, მაშინაც ცალყბად. მხოლოდ გულიანი სიცილის დროს ავიწყდებოდა აგრერიგად საფუძვლიანად შესისხლხორცებული წესი და ამ დროს უნებლიეთ ყველა კბილს აჩენდა. მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად ხდებოდა. ტალღასავით მოულოდნელად მოვარდნილ სიცილს გაქცეული და სადავეში ხელწავლებით დაჭერილი ცხენივით მყისვე ლაგამს ამოსდებდა და ბაგეებს ერთმანეთზე დაყრდნობით პირკატანაცემივით მჭიდროდ შეატყუპებდა ხოლმე. უცნაური ის გახლდათ, რომ უკვე რამდენიმე წელიწადი გასულიყო, რაც ეს თავისშემაწყენელი, ბავშვობიდან მტანჯველი წუნი აკლდა - მას თავისი ჭირი მოეჭამა, მოტეხილიყო და უგზო-უკვლოდ დაკარგულიყო, მაგრამ ქალს ახლა ამ ყოფილი ნაკლის ნაკლულობა უქმნიდა უხერხულობას და თავის ძირძველ ზნე-ჩვეულებას ამჟამად ქვედა მარჯვენა კბილებს შორის დარჩენილი სიცარიელის მიჩქმალვისათვის იყენებდა. პირის ღრუს წინა რიგის წერტილოვანი ღიაობის ამოსავსებად არც მარტოობითა და ცხოვრებისეული სევდით დამძიმებული გული ერჩოდა და არც ფინანსურად ჰქონდა ამის მზაობა. ამიტომაც ხელი ჩაიქნია და გულისგამაწყალებელი მეტოქის უნებლიე და უცაბედი გაქრობის შემდეგაც პედანტურად პირმოკუმული და შიგადაშიგ ცალყბაგაღიმებული დადიოდა. ეშვს მხოლოდ გვირგვინი ჩამოსტეხოდა, ფესვი კი, როგორც დამღადამსმელი მანკის უძველესი და აწ უნაყოფო მარცვალი სისხლნაკლული, ბაცი ვარდისფერი ღრძილის სიღრმეში ჩაეტოვებინა.
კესოს ძირითად მომხიბვლელობას ნახევრადჩაძირულ, მეოცნებე თვალის გუგებთან ერთად მისი ხელები წარმოადგენდნენ. საოცრად მეტყველი მტევნები ჰქონდა. ზემო კიდურების ეს კიდურა წევრები მუდამდღე თავიანთი პატრონის განწყობას გამოხატავდნენ. ამაში არა მხოლოდ მათ ანატომიურ პროპორციულობას, ფირუზისფერი ვენებით ფაქიზ, გადაუჭარბებელ დაქსაქსულობასა და თლილ, გრძელ თითებს ედოთ ლომის წილი, არამედ იმ ჰაეროვან მოქნილობას, სინატიფესა და გონებადამჯდარ სიდინჯესაც, რომლითაც ადამიანის შრომის იარაღად წოდებული ეს კონკრეტული წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ. მათ შემხედვარეს აუცილებლად ალბრეხტ დიურერის „მლოცველის ხელები“ გაახსენდებოდა. როგორც ნიურნბერგელი ფერმწერის შედევრის მხილველს არ უჩნდება უკმარისობის განცდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გვიჩვენა შემოქმედმა, ვის ეკუთვნის ეგზომ გამომსახველობითი, დიაგონალურად ზეაპყრობილი მტევნები, ასევე კესოს ხელების ნახვისასაც ისეთი მსუყე გაჯერებულობისა და ემოციური სისავსის შეგრძნება დაგეუფლებოდათ, რომ მათი მფლობელის სხვა ნაკვთების ხილვა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო თუ მოგინდებოდათ, და არა მიღებული შთაბეჭდილების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
კესო გარეგნობით დედის ალი-კვალი იყო, თუმცა ხასიათით მას სრულებითაც არ ჰგავდა. ამას თავადაც ხვდებოდა და ამიტომაც ხშირად უფიქრია, ბუნებით ალბათ მამაჩემს დავემსგავსეო. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენდა, რადგან მამა არ ახსოვდა. გოგონა ორი წლის იყო, როდესაც ზურაბ რობაქიძე გარდაიცვალა. ღრმა ბავშვობის ნედლმა მეხსიერებამ ვერ შემოინახა მშობლის სახე და მამა მხოლოდ სურათებიდან გაიცნო. თავისი შინაგანი სამყაროს მამისეულობაც მხოლოდ საკუთარი, ლოგიკური დაშვება გახლდათ, რადგანაც მზია თალაკვაძეს თავის ერთადერთ პირმშოსთან ნაადრევად წასულ მეუღლეზე საუბარი არ უყვარდა. სხვა ვინმე სულიერი კი, ვინც კესოს ზემოხსენებულ ჰიპოთეზას დაადასტურებდა ან უკუაგდებდა, უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობდა - დედა-შვილი სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩის 13 ნომერში ფრიად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ნათესაობასა თუ მეგობრებთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. მზიასა და ზურაბის გენეალოგიური შტოს აწმყოში დარჩენილმა ყოველმა წარმომადგენელმა ორივე მათგანის ხსენებაც კი აუკრძალა საკუთარ თავსა და ყველა გარშემომყოფს, არათუ მათი ნახვა. საქმე ის გახლდათ, რომ თავის დროზე მზია თალაკვაძეს მკვიდრი დეიდაშვილის საქმრო თავდავიწყებით შეჰყვარებოდა. როდესაც ნიშნობაზე დაპატიჟებულს მომავალი სასიძო წარუდგინეს, ქალს გული ყელში ისე მოაწვა და ხელებიც ისე დაუბუჟდა, რომ ორივე მტევანზე ჭიანჭველების ბუდეშეკიდებულს შეეშინდა, გონება არ დაეკარგა. მთელი წვეულების განმავლობაში თვალებში არ ჩაუხედავს ციური გაგოშიძისათვის, რომელიც თავის გულისსწორს ხელს არ უშვებდა და სახეგაბადრული გულიანად კისკისებდა. ბოდიში მოიხადა და ვიწრო წრეში გაშლილი სუფრა ნაადრევად დატოვა.
- მზიკო, ჯერ რა დროს წასვლაა, შენ შემოგევლოს შენი დეიდა?! - წუხდა ხანში შესული, თმაშევერცხლილი ქალბატონი და თან სამი განსხვავებული ნამცხვრის ორ-ორ ნაჭერს დისშვილს ალუმინის ვერცხლისფერ, სიფრიფანა ქაღალდში მზრუნველად უხვევდა.
- თავი ამტკივდა საშინლად. ამ ბოლო დროს ძალიან შემომეჩვია ეს შაკიკი, - იცრუა მზიამ და ცალყბად გაიღიმა.
ზაფხულის მიწურული დადგა და წლის ყველაზე ცხელი სეზონის ხვატი წელში მოიხარა. სასიამოვნოდ აგრილდა და აგვისტოს ბოლო დღეებმა კარს მომდგარ შემოდგომას გადამწვანებული გარემოს სურნელება სარბიელად დანანებით გადაულოცეს. ზოგი ზღვიდან დაბრუნდა, ზოგიც კი სწორედ ახლა გაეშურა მის წიაღსა და შემოგარენში განსატვირთად. მზია ამ უკანასკნელთა რიგში აღმოჩნდა. მარტოდმარტო გაემართა მწვანე კონცხისაკენ, ოღონდ უფრო ვნებათაღელვის დასაცხრომად და აღრეულ ემოციებში გასარკვევად, ვიდრე დასასვენებლად. განზრახული ჰქონდა, ჯანმრთელობის პრობლემები მოემიზეზებინა და სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი დეიდაშვილის ქორწილისათვის თავი აერიდებინა. მაგრამ ბედი რისი ბედია, რომ თუკი სიმუხთლე გადაწყვიტა, ბოლომდე არ გიმუხთლოს და სადაც თავშესაფარს ეძებ, სწორედ იქ არ დაგახვედროს ის საფრთხე და საცდური, რომელსაც ასე თავქუდმოგლეჯილი გაურბიხარ?! ჩასვლის მეორე დღესვე ქალი ბათუმში სამი დღით მივლინებაზე წასულ ზურაბს გადაეყარა. მოხდა ის, რასაც ამ ორიდან ვერცერთი მათგანი ყელში მობჯენილი გულის, დაბუჟებული ხელისგულების, ოფლით დაცვარული ტორსის, გამომშრალი პირისა და ამ ყველაფრის გამომწვევი ახალგაზრდული ჟინისა და დაუდგრომელი ტემპერამენტის გამო წინ ვერ აღუდგა. მოგვიანებით მზია ცდილობდა გაეხსენებინა, თუ ეს ყველაფერი რა თანმიმდევრობით განვითარდა - როდის დაკარგა საკუთარი თავი და მასთან ერთად ყოველგვარი პასუხისმგებლობისა თუ დანაშაულის შეგრძნება მზის მეწამულისფერ ჩანჩქერში სულის ყველაზე მიჩქმალულ და ბნელ კუთხე-კუნჭულამდე გაშიშვლებულმა; როდის დაიწყო როკვა უხსოვარ დროს ჩათვლემილი და ახლახანს გამოღვიძებული ვულკანის მაგმის სიღრმეში პირველყოფილი აღტყინებით და ამოსახეთქად მომწიფებულმა ტრაპეციის ფორმის კრატერისაკენ ქვემეხისებრი გრუხუნით აბორგებულმა ჯიქურ გასწია; როდის და როგორ ანჯღრიეს მისტიკურმა ტალღებმა გრძნეული ალქიმიკოსების კოლბასავით გადმოსაღვრელად მიმავალ გზაზე და როგორი ტკივილამდე მისული ნეტარებით შეიგრძნო თითოეული ბიძგის რყევა; და ბოლოს, როგორი ველური ყიჟინით ამოიფრქვა მხურვალე ლავად ქცეული, მთის დამრეც ფერდობებზე კისრისტეხით დაშვებული ნელ-ნელა გაგრილდა და ცივ სიბლანტეში შედედდა. ეს ყველაფერი იმდენად მძაფრად ჩარჩენილიყო მისი სხეულის თითოეულ უჯრედში, რომ ემოციურად ახსოვდა, თორემ ისე, ამ პერიოდის ფაქტების მიმართ, ამნეზია დამართვოდა და აღარ იცოდა, რომელმა მათგანმა გადადგა პირველი ნაბიჯი ამ ურთიერთობაში, რომელმა უფრო იაქტიურა იმ ტაბუდადებული ბარიერის დასამსხვრევად, რომელიც საზოგადოებისა და მოყვასისათვის ანგარიშის გაწევის ზღვარზე ძევს და რომლის გადალახვის შემდეგაც ბევრი რამ გაცილებით იოლი და თავისთავადი ხდება. ვერ იგონებდა, თუ რომელს აღმოხდა პირველად ის საოცნებო სიტყვები, რომლებიც სმენას ასე ტკბილად ელამუნებოდნენ და დაბინდულ გონებას ილუზიის მარადიულობას აჯერებინებდნენ. ეს დეტალები აღარ შემორჩა მზიას გონებას. მეხსიერება სრულიად ნათლად მხოლოდ იმ დროიდან აღმდგარიყო, როდესაც დეიდაშვილის ქორწილი სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიშალა, რის გამოც ნათესაობამ იგიც და მისი მომავალი ქმარიც თავისი გენეალოგიური დაფიდან ძირფესვიანად ამოშალა და გულიდანაც ამოირეცხა. მიუხედავად ასეთი გაუგონარი აყალმაყალისა, ოქტომბრის ბოლოს მზიამ და ზურაბმა ერთადერთი მეჯვარის, რობაქიძის მეგობრის თანხლებით ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერას მხოლოდ ეს სამი და მღვდელი დაესწრო, რომელმაც თავისი საქმე პირნათლად აღასრულა და წყვილი უფლის წინაშე მეუღლეებად გამოაცხადა.
პატარძალს სადა, თეთრი, მუხლებამდე კაბა ეცვა. თავზე მოკლე, გამჭვირვალე ქსოვილისაგან დამზადებული ფატა ეხურა, რომელიც ბეჭებამდე სწვდებოდა. მარცხენა ხელში იისფერი ჰორტენზიების მომცრო თაიგული ეჭირა, ხოლო მარჯვენათი სანუკვარი ადამიანის მტევანი ჩაებღუჯა.
- გვირგვინოსან იქმნების მონაი ესე ღმრთისა ზურაბი და მხევალი ღმრთისა მზია. სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულითა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოძღვარმა იოანეს სახარების ის ეპიზოდი წაიკითხა, როდესაც იესომ გალილეაში თავისი პირველი სასწაული მოახდინა და კანას ქორწილში წყალი ღვინოდ აქცია.
„აავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები... ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს.“
- აქამდე თქვენ წყალი იყავით, შეუღლების შემდეგ კი ღვინოდ იქცევით, - წარმოთქვა მამაომ და მოოქროვილი სასმისიდან ნეფესა და დედოფალს მონაცვლეობით შეასვა წითელი ღვინო, როგორც მომავალი ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვისა და დაკისრებული უღლის პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილების სიმბოლო.
ტაძრის გარეთ ღვინობისთვე იდგა და რქაწითელივით ქარვისფერი, ჭარმაგი მზე გარდასული ზაფხულის აქტიურობიდან მოჩვენებასავით შემორჩენილი, თითქოს ჯერ კიდევ მხნე, მაგრამ სინამდვილეში ჩამქრალი ცეცხლის ნაღვერდალივით მინავლული ენერგიით თეთრი მტრედისფერი ეკლესიის აბსიდსა და კამარებს ელამუნებოდა, ხოლო სამლოცველოს შიგნით ხელჩაკიდული, მტევნებზე ოლარგადაფარებული მზია და ზურაბი რძისფერი ქსოვილით შემკულ ანალოღიას გარშემო უვლიდნენ და შიგადაშიგ ერთმანეთს თიბათვის მნათობის ცეცხლოვანი მზერით ეალერსებოდნენ. ყოვლადწმინდა სამების ალეგორიად სამჯერ დატრიალდნენ წრეში, როგორც მარადიულობის სიმბოლოში. შემდეგ ამბიონზე ავიდნენ და კანკელზე დაკიდებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს ემთხვიენ. აი, სწორედ ამ დროს მოხდა უცნაური რამ, რაც მაშინ მღვდელმაც ვერ ახსნა და რამაც წყვილი საოცრად შეაშფოთა - პატარძლის თეთრი ფატა ისე მოულოდნელად აალდა, რომ ნეფემ ძლივს მოასწრო ცეცხლის შიშველი ხელებით ჩაქრობა, რათა დაუპატიჟებლად მოვარდნილი სტიქია ქალს თმაზე მტრად არ წაჰკიდებოდა. არადა, თითქოს არცერთ შანდალსა და კანდელს წამოსდებია, ისე ფრთხილად გაიარა თალაკვაძის ქალმა საკურთხევლის შემაღლებულ ადგილას. მზიას რომ სცოდნოდა, თავისი დეიდაშვილი ამ დროს სად იმყოფებოდა, ჯვრისწერის ინციდენტი კიდევ უფრო დააფრთხობდა. ციური გაგოშიძე ჩოხატაურის სოფელ მეწიეთში კუპრისფრად ქვებუდანი მისიით ჩასულიყო: ჩანთით ახლო ნათესავისა და მისი საქმროსა თუ უკვე ქმრის სურათები მიჰქონდა, ხოლო გაბოროტებული გულით კი - კუნაპეტად ქვეშქვეშა ზრახვები.
აგრაფინა ქუტიძემ მოსულ კლიენტს ფოტოები ჩამოართვა და წაბლისფერ ჯორკოზე ჩამოაჯინა. წინასწარ მომზადებულ ალუმინის თასში სამი ახალდადებული კვერცხი ჩაახალა და მზიასა და ზურაბის ფოტოებს გულის ადგილას თითო-თითო სადგისი გაურჭო. შემდეგ მარცხენა იღლიაში ამოჩრილ მამალს სამზარეულოს, როგორც ჩანს, არცთუ ისე ბასრი დანით ისეთი წვალებ-წვალებითა და სისასტიკით წააგდებინა თავი, რომ ციურის ცივმა ოფლმა დაასხა და შეშინებულმა წამიერად საფეთქლები დაიზილა, გული არ შემიღონდესო. მჩხიბავმა ოდესღაც გოროზ, დილაობით მთელი სოფლის მედიდური ყივილით გაღვიძებას ნაჩვევ, აგონიაში მოფართხალე, დეზებიან სხეულს ხელი უშვა, ხოლო ხერხივით დაკბილულ-წითელ-ბიბილოიანი, ერთ დროს მეტისმეტად მზვაობარი, ახლა კი უსიცოცხლო, სისხლით მოთხვრილი თავი კვერცხჩახლილ ჯამში მოისროლა. მოყვითალო-ქარვისფერი მასა მყისიერად მეწამულისფრად შეიფერა. ამას მოჰყვა ხორბლის სამი თავთავი და ძმრის მომჟავო სითხით ჭურჭლის შუამდე შევსება. პურეული მცენარის ყვავილები შესარისხად გამზადებული ნაზავის ჭუჭყიან ალისფრად აქაფებულ ზედაპირზე მარტოსულად ტივტივებდნენ. მისანმა თასი ეზოში მდგარ, ბალონზე მიერთებულ გაზქურაზე შემოდგა და როდესაც შეჩვენებისათვის მომზადებულმა მასამ ნელ ცეცხლზე ზანტი თუხთუხი წამოიწყო, ანათემაზე გადასაცემი ორი პიროვნების გულდაისრული სურათებიც ქაფქაფა, ეშმაკისეულ კერძში ჩაუძახა.
- მზია და ზურაბი, თქვენ არ გეღირსოთ ბედნიერება და არ გაიხაროს თქვენმა ჯიშმა და მონაგარმა, თქვე დასამიწებლებო, თქვენააა!
- ზურაბი, არ გამრავლდეს შენი თესლი ამ ქვეყანაზე, შე პირქვედასამარხო, შენააა!
- მზია, შენი საშვილოსნოს ნაშობს არ ეღირსოს თეთრებში სიარული და სილაღით ვერ იბოგინოს ამ დუნიაზეეე!
- ზურაბი, შენ დაგისამარდეს ეგ ხელები დროზე ადრე, დაგეფსოს ეგ თვალები, დაგეფლითოს ეგ გული და მაგ დაგლეჯილ გულზე ამოგივიდეს სარეველა ბალახიიი!
- მზია, შენ ჩამოგიჭკნეს და დაგეღაროს ეგ სახე ცრემლებით, შე შეჩვენებულო შენააა!
მაჯისშემტყობი კრულვისა და ხატზე გადაცემის ფრაზების ბოლო ხმოვნებს სიმღერასავით აგრძელებდა და თან მოთუხთუხე ჯამს ვერცხლისფერი ჩამჩით ურევდა. მთელი ეს თეატრალური სანახაობა უნიჭო და უგემოვნო ხუმრობასავით აბეზარი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ამავდროულად ამაზრზენი და ხალხურ-კუთხური რეკვიემის დატირებასავით სისხლის გამყინავი. როდესაც მარჩიელმა თავისი შავბნელი საქმიანობა მოათავა და კუთვნილი გასამრჯელოც ჩაიჯიბა, ციური, თავისდა გასაკვირად, რატომღაც დათრგუნული, თუმცა მაინც კმაყოფილი დაბრუნდა სახლში, რომ თავისი ბედნიერების დამანგრევლების დასალახვრად მოხმობილი დემონური ენერგია გაათავისუფლებინა და შურის საძიებლად კოსმოსში, ციურ სხეულებთან გააშვებინა.
დაქორწინებიდან სამ და ქალიშვილის შეძენიდან ორ წელიწადში ზურაბი მართლაც მარილზე გავიდა. ღმერთმა უწყის, შემთხვევითობა იყო ეს თუ ეშმაკის ვერაგი ოინი. არადა, ხეზე ყოფნისას ბავშვობიდან ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. იმ დღეს მაინც ბედმა უმუხთლა და შაბათ-კვირას აგარაკზე წასულს კაკლის ბერტყვისას ტოტზე ფეხი მოუცურდა. მიზიდულობის ძალით შეტორტმანებული დედამიწისაკენ ხელგაშლილი წამოვიდა და იქვე ჩასობილ, წამახვილებულ სარს პირდაპირ გულ-მკერდით ჩამოესო. ტირილისაგან თვალებდაოსებულ მზიას დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯვრისწერისას მომხდარი, ავისმომასწავებელი აალების ამბავი მოაგონდა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
კესოსათვის მშობლების ჭინჭარივით მსუსხავი წარსულის შემზარავი ფრაგმენტები არასოდეს არავის გაუნდია. მიუხედავად ამისა, მაინც თავიდანვე მეტისმეტად გულჩათხრობილი ბავშვი გახლდათ. თითქოს სხეულითა და სულით გრძნობდა წინაპრების ცოდვებით დამძიმებული თავისი ამქვეყნიური მოვლინების ბედკრულობას. იშვიათად იღიმებოდა და კოპებშეკრული სახლსა და ეზოს შორის დაღვრემილი სახით მიმოდიოდა. მეგობრები თავიდანვე თითო-ოროლა ჰყავდა და ცხოვრების ქარტეხილებზე ისინიც ბაბუაწვერას ყვავილის ბუსუსებივით შემოეძარცვა. მისი ერთადერთი მესაიდუმლე ძველებური, მოჩუქურთმებულ ხის ჩარჩოში ჩასმული, ადამიანის სიმაღლის, შვეულად დაკიდული სარკე იყო. თავის დროზე უამრავი სახისა და გამომეტყველების მნახავ და ამრეკლავ ვერცხლის ამ სიფრიფანა ფირფიტას, რომელიც საგანგებო დაფაზე საუკუნოვანი ტექნოლოგიების წყალობით დაუთოვებულივით უნაოჭოდ გადაეტკიცათ და შემდეგ გულდასმით შეემინათ, გოგონას ყველა სასიხარულო თუ სევდიანი გულისნადები გაეთავისებინა და თავის მბრწყინავ ზედაპირზე ხმაამოუღებლივ განეზავებინა. ადამიანის ფასადის არეკვლის გამაშუალებელი ეს მისტიკური, ანტიკვარული ნივთი თავისი ამჟამინდელი მფლობელის არა მხოლოდ ბავშვობისა და გარდატეხის ასაკის მზარდი და თვალდახელშუა ყოვლად ცვალებადი ნაკვთებისა და ფიზიკური დეტალების ამსახველი და მომსწრე გახლდათ, არამედ მისი სულიერი განვითარებისა და ემოციური წიაღსვლების უტყვი ჟამთააღმწერელიც. სწორედ ეს თავად უსულო, თუმცა ცოცხალი არსებების მიერ სულშთაბერილი, დეკორაციისა და ადამიანების ექსტერიერის თვითშესაფასებლად განკუთვნილი საგანი წარმოადგენდა ჩვენი მთავარი გმირის შინაგანი სამყაროს ყოვლად მიჩქმალული კუთხე-კუნჭულების ავან-ჩავანის უტყვ და ერთგულ მემატიანეს.
კესოს ადრეული მოზარდობიდანვე დასჩემდა სარკის წინ საათობით ჯდომა, თავისი სილუეტის გულდასმით თვალთვალი და გულისნადების მოყოლა, ისე, როგორც ამას უახლოეს მეგობართან გააკეთებდა. სიტყვაძუნწი მესაიდუმლე თავიდანვე გოგონას საძინებელ ოთახში გაამწესეს და ბავშვიც სარკესთან ხან საგარეოდ, ხან საშინაოდ ჩაცმული და ხანაც ღამის პერანგის ამარა იჯდა და ჰყვებოდა. ჰყვებოდა ყველაფერს, სასიხარულოსაც და სამწუხაროსაც, ყველაფერს, რაც კი მის ჯერჯერობით ახალამოწვერილი ბალახივით ნედლ ბუნებას ემოციურად შეხებოდა. მოსაყოლი კი ბევრი ჰქონდა. მზარდი სხეული ყოველდღე იცვლებოდა. მასთან ერთად იცვლებოდა გუნება-განწყობილებაც და ამ გადასახედიდან დანახული სამყაროც. მართალია, რეალური სამყარო ასეთ სწრაფ ცვლას არ ექვემდებარებოდა, როგორსაც ქალიშვილის მაჭარივით ჯერ დაუდუღებელი პიროვნება განიცდიდა, მაგრამ მთავარი არა რეალური, არამედ გოგონასათვის რეალობად ქცეული ის სამყარო იყო, რომელიც მის მზარდ ასაკთან ერთად ზვირთებივით მერყევი ხდებოდა, რადგანაც მეტისმეტად სწრაფად იცვლიდა ფერს, სურნელსა და გემოს, ისე სწრაფად, როგორც ეს საბავშვო ჭოგრიტებში ხდება ხოლმე, როდესაც მათში ბრჭყვიალა, დამსხვრეული მინის ნატეხების ჩაყოლებით წარმოქმნილი ფერად-ფერადი წახნაგები მოჭუტული თვალით ყურებისა და სათამაშოს ცალი ხელით წრეზე ტრიალისას ყოველ ჯერზე სხვადასხვა, თვალისმომჭრელ მოზაიკურ გამოსახულებებში გარდატყდება.
კესომ თავისი პირველი სიყვარულიც სწორედ სარკეს გაანდო. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც ბაჩოს შეხვდა. ქალი ქიმიის ფაკულტეტზე იყო, ვაჟი - ფიზიკის და ერთმანეთის დანახვისთანავე მათ შორის ამ ორი საბუნებისმეტყველო დისციპლინის ყველანაირი ძალა და კანონი ერთდროულად ამოქმედდა. როგორც მჟავა ერწყმის ტუტეს გასანეიტრალებლად და დადებითი მუხტი იზიდავს უარყოფითს ენერგიის გამოსაყოფად. სწორედ ისე ელტვოდნენ ერთმანეთს ეს ორნი პირველივე ნახვიდან მოყოლებული. დიდი ხანი არც უცდიათ. არც აციეს, არც აცხელეს და ჯვრისწერის დღე დანიშნეს.
მაჩაბლის 13 ნომერში მომცრო ზომის ტკბილი სუფრა გაეშალათ. კესო, მისი ერთი ჯგუფელი, რომელიც მეგობარს მეჯვარის მოვალეობას უწევდა და მზია თალაკვაძე სიძის მოლოდინში იყვნენ. გარეთ ალუბლის ხეების ახალაფეთქებული კვირტების სურნელით შეზარხოშებული მაისის შაბათი იდგა, ხოლო შიგნით კი პატარძალს ქაფისფრად თეთრი, ტყემლის ახალაყვავებული ყვავილების ფერის სადა, მუხლამდე კაბა ეცვა. თავზე მოკლე, გამჭვირვალე ქსოვილისაგან დამზადებული ფატა ეხურა, რომელიც ბეჭებამდე სწვდებოდა. დედა და ხელისმომკიდე საქმიანად ფუსფუსებდნენ, ხოლო ნეფის მოახლოებული ხილვით აღელვებული დედოფალი სკამზე დაფიქრებით ჩამომჯდარიყო. შემდეგ წამოდგა, საძინებელში შევიდა, სარკის წინ ჯერ პირისპირ დადგა, შემდეგ გვერდულად და კმაყოფილი უკან გამობრუნდა. ლოჯში ხატების კუთხეს ჩაუარა და იქიდან სამზარეულოს გავლით კვლავ მისაღებ ოთახში შებრუნდა. სწორედ ამ დროს სწვდა ელდანაცემი დედა კესოს და ძლივს მოასწრო ცეცხლწაკიდებული ფატა შიშველი ხელებით ჩაექრო, რათა შვილის თმა საშობაო ბუხარივით არ აბრიალებულიყო. ვერაფრით დაადგინეს, როდის და როგორ აალდა ეს დაწყევლილი საქორწინო ატრიბუტი - დანთებულ სანთელთან თუ ანთებულ გაზის ქურასთან ჩავლისას. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ამ ინციდენტმა სამივე ქალს ხასიათი მოუშხამა, ხოლო მზია თალაკვაძეს კი შავბნელი მოგონებები წამოუშალა და ავი წინათგრძნობით დათრგუნულს გულმა რეჩხი უყო.
სიძეს შუადღემდე ელოდნენ და როდესაც გაწბილებულმა პატარძალმა საქორწინო სამოსის გახდა გადაწყვიტა, სწორედ მაშინ გაისმა ტელეფონის ზარის გაბმული წკრიალი.
- რობაქიძის ბინაა? - იკითხეს ხაზის მეორე ბოლოს.
- დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით? - მზიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახმო იოგები გაშეშებოდა და თავად უკვირდა, რომ ხმის ამოღება მაინც შეეძლო.
- მე პოლიციიდან გირეკავთ. ბაჩო ბედია რამდენიმე საათის წინ ავარიაში მოყვა და ადგილზევე გარდაიცვალა. თქვენი ნომერი დაღუპულის მაყრიონიდან ერთმა ახალგაზრდა კაცმა მოგვცა, - უცნობმა ხმამ ფერდაკარგულ ქალს ეს ფრაზები ცივი იარაღიდან გასროლილი ტყვიებივით დაახალა და კვლავ დადუმდა.
როდესაც გონებადაბინდულმა დედამ შვილს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ამბავი ამცნო, თვალებში სიცარიელეჩამდგარმა კესომ საზარელი პირგამეხებით შეჰყვირა, აი, თურმე რატომ დაიგვიანა ამ ვაჟბატონმაო. შემდეგ დაჭრილი ძუ ვეფხვივით შევარდა თავის ოთახში, სარკის წინ დადგა და საკუთარ ანარეკლს რამდენიმე წამის განმავლობაში დააკვირდა, თითქოს იცოდა, ასეთი მწვავედ უბედური და ეული ცხოვრებაში აღარასოდეს იქნებოდა, რადგანაც ყველანაირმა დარდმა შეჩვევა და შეამხანაგება იცის, და ამიტომაც ცდილობდა, თავს დატრიალებული წისქვილის ქვის გასასიგრძეგანებლად თავისი სახის შეშლილი იერი და თვალების საზარელი გამომეტყველება წამიერად მაინც აღექვა, რათა კარგად დაემახსოვრებინა. მერე ელდანაცემი მისაღებში გამოენთო, შეტრუსული ფატა ერთი ხელის მოსმით მოიგლიჯა, ფეხებით შედგა და სულშემღვრეულივით გაგულისებულმა გაშმაგებით თელვა დაუწყო. როდესაც ამ უცნაური საქორწინო როკვით გული იჯერა, ქაფისფრად თეთრი, ტყემლის ახალაყვავებული ყვავილების ფერის კაბა ელვისებური სისწრაფით შემოიძარცვა და ასე თითქმის დედიშობილა თავჩამომხრჩვალივით დაკიდულ, აბრეშუმის რძისფერ ფარდას შიშველი მკლავებით შეეკიდა. ქსოვილმა სხეულის სიმძიმეს ვერ გაუძლო, ფანჯრის თავზე წაბლისფერი წარბებივით გადაკალმულ ხის საკიდს ქარიშხლის მიერ ფესვებიანად ამოძირკვული ხის მსგავსად სამაგრებიანად მოწყდა და სტიქიასავით მოვარდნილ, გამძვინვარებულ არსებასთან ერთად ძირს დაეშვა. ფარდაში გახლართული კესო სუდარაში წაგრაგნილი მარტვილივით იატაკზე გართხმულიყო და კიდურებასხმარტალებულს ჯერ კიდევ მაკიაჟშერჩენილი ტუჩებიდან დუჟი სდიოდა.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ მზია თალაკვაძემ წერილი წაიღო. შვილის უბედურებამ თავისი დაწყევლილი სვე-ბედი გაახსენა და ახალგაზრდობის იარა გაუმწვავდა. დარდმა ჯერ ცოცხლად შეჭამა და ბოლოს საიქიოსაც გაისტუმრა. უცაბედად გათავდა, თვალდახელშუა. ძილისპირულის ლოცვა ჩვეულებისამებრ აღავლინა, დაწვა და პირი კედლისკენ იბრუნა. მეორე დღეს შვილმა იმავე პოზაში მწოლიარე იპოვა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ბაგეები - შეღებული და მარმარილოს ქანდაკებასავით ცივი იყო.
კესო მარტოდმარტო დარჩა. მართალია, განმარტოებას ბავშვობიდანვე შეჩვეოდა, მაგრამ ეს სხვა მარტოობა იყო. ადრე დედა იქვე ეგულებოდა, ყურისძირში, და იცოდა, რომ თუკი დასჭირდებოდა, მშობელი ნემსის ყუნწში გაძვრებოდა და მისთვის შეუძლებელს შეძლებდა. ახლა თავს ყოვლად ეულად გრძნობდა, სამყაროში დაკარგულად. გალაქტიკაში ერთი ცოცხალი არსებაც აღარ ეგულებოდა, რომელიც მისი გულშემატკივარი იქნებოდა. ჰოდა, უმეგობრობითა და უთვისტომობით გათანგულმა ერთ მშვენიერ საღამოსაც სახლში ქუჩის ძაღლი მოიყვანა, რომელიც გვიანი შემოდგომის ცივ, ნისლიან ამინდში ბუკიას ბაღთან უმისამართოდ მოხეტიალეს ძველი ნაცნობივით აეტორღიალა. ახალშემოკედლებულ არსებას მურა წაბლისფერი ბეწვი ჰქონდა და ირიბად გადაგდებული თავით, ღია პირიდან გადმოვარდნილი ენითა და მარჯვნივ - ჩაკეცილი, მარცხნივ კი - აცქვეტილი ყურით ადამიანივით დაჟინებული მზერა სჩვეოდა. ოჯახის ახალი წევრი მისმა ქომაგმა ლაზარედ მონათლა და ამ დღიდან მოყოლებული, კესოს ღიმილი, თუნდაც ცალყბა, მართლაც რომ მკვდრეთით აღდგა.
ლაზარე თვინიერი და კარგი ზნის ვაჟბატონი აღმოჩნდა. როდესაც სახლის პატრონი შინ არ იყო, მისთვის მიჩენილ, ფარდაგდაგებულ კუთხეში მორჩილად იჯდა და წინათათებგადაჯვარედინებული თავის კეთილისმყოფელს მოთმინებით უცდიდა. ამ ლოდინში ხანდახან ჩასთვლემდა კიდეც, ოღონდ ცოტა ხნით, ზედაპირულად. როგორც კი სადარბაზოს კორიდორიდან ნაცნობი ნაბიჯების ხმას გაიგებდა, მყისვე შეშლილივით ზეზე წამოიჭრებოდა, თუნდაც რულმომკიდებელი სიესტის განცხრომაში ყოფილიყო, მაინც, და გამაყრუებელი ყეფითა და თათების რტყმით გადაკეტილ კარს მივარდებოდა. თუკი ოთხკედელშუა მარტოდმარტო გამომწყვდეული არ გახლდათ და მეგობარი შინ ეგულებოდა, მაშინ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა. სადაც თავისი ბატონი იჯდა, თავადაც იქ მიცუცქდებოდა და კუდის ქიცინით, მარჯვნივ ჩაკეცილი ყურითა და უტყვი სიყვარულით გაჯერებული, ირიბად თავგადაგდებული მზერით ერთბედქვეშ მყოფს თვალებში შესციცინებდა. ღამღამობით დიასახლისის ლოგინის შორიახლო ეძინა და განსაკუთრებული სიახლოვის მოწყურებისას საბნის ქვეშ მის ფეხებთან მყუდროდ მოკალათების პატივითაც ტკბებოდა.
თითქოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მიედინებოდა, სანამ ერთი უჩვეულო შემთხვევა მოხდა. ამ ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ამ ყველაფერმა ბოლოს რეგულარული, თითქმის ყოველკვირეული სახე მიიღო. დეკემბრის ყველაზე გრძელი ღამის მისტერიულ საათებში, როდესაც გადაფითრებული მთვარე შესუდრული, ქორწინებამდე გარდაცვლილი ქალწულივით ცის კაბადონის შავბნელი ქვეშაგებიდან ამოცურდა და მადიანად გაიზმორა, მაჩაბლის 13 ნომერში სისხლისგამყინავი კივილი გაისმა. ხმამ ჰორიზონტი ჰაერში უმისამართოდ მოქნეული მახვილივით მყისიერად შხუილით გააპო, უკაცრიელი ქუჩა რამდენიმე წამის განმავლობაში აზანზარა, შემდეგ კი კვლავ სიჩუმეს შეერია და შედედდა. იტალიური ეზოს ბინადრები ელდისაგან ზეზე წამოიჭრნენ და ანგარიშმიუცემლად იქითკენ გაიქცნენ, საიდანაც ამაზრზენი ყვირილი რამდენჯერმე მოესმათ. ბინის კარი ღია დახვდათ და ოთახში შესულებმა თვალი უცნაურ სანახაობას ჰკიდეს: სანახევროდ შიშველი კესო ლოგინზე გულწასული ეგდო, თმის დალალები ბალიშზე მედუზა გორგონას დაგრაგნილი გველებივით უსწორმასწოროდ მიმოყროდა, მკერდი მძიმედ აუდი-ჩამოუდიოდა, მკლავები ზეწარზე უმწეოდ დაელაგებინა, ხოლო ფეხები მუხლებში კლიმტის დანაესავით ვნებიანად მოეხარა და განზე გადაეშალა. საწოლთან უკანა თათებზე ძაღლი დაყუნცულიყო, თავი ირიბად მიექცია, ენა გადმოეგდო და მარჯვნივ - ჩაკეცილი, მარცხნივ კი აცქვეტილი ყურებით სარკეში თავისი პატრონისა და საკუთარ გამოსახულებას ყურადღებით აკვირდებოდა.
როდესაც ქალი გონს მოეგო, ქუთუთოები მძიმედ ასწია, მიბნედილი თვ