ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აურელია

აურელია

აურელია

ნუციკო თხელიძე

„გაიხსნა თეთრი ფიქრების რკალი

და მოგონების წამები ჰქრიან.

და მატარებელს მწუხარე ქალის

თეთრი ხელები თოვლივით მიაქვს.“

ტერენტი გრანელი

 

პირველი ნაწილი

1

“ჩემი წასვლის დროა ფელიქს,

მაპატიე...”

       კაცი მოულოდნელმა, ძლიერმა ინერციამ გამოაფხიზლა ძილის ბურანიდან და თავზე ჩამოვარდნილი ბარგის სიმძიმე დააწვა.

-რა ხდება? ჩავედით?-იკითხა დაბნეულმა და ახალგაზრდა კაპრალს მიაჩერდა, რომელთან ერთადაც მგზავრობდა.

-არა სერ, მემგონი შეფერხებაა,-უთხრა მან და ფანჯრიდან შენიშნეს, როგორ იცლებოდა მატარებელი მგზავრებისგან - წავალ, გავარკვევ ყველაფერს-მიუგო ენერგიულად ბიჭმა და კაბინიდან გავარდა.

     მამაკაცმა მძიმედ ამოიოხრა და ხელსახოცით, შუბლზე დაწინწკლული ოფლი ჩამოიწმინდა. საშინელი კოშმარისგან გამოღვიძებულმა გადაწყვიტა, რომ მოწევა სჭირდებოდა, რათა გონება გაეწმინდა. იგი მძიმე ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ და სადგურზე ჩამოვიდა, სადაც დანარჩენი მგზავრები ფაციფუცობდნენ.

    ჰაერში თამბაქოსა და მატარებლის კვამლი ტრიალებდა. სანელებლებისა და ოფლის სუნი ერთმანეთს ერწყმოდა, ხალხი კი სხვადასხვა ენაზე ჩხუბობდა და კონდუქტორებს უყვიროდნენ, ის მაინც გვითხარით, რამდენ ხანში დავიძრებითო. ზოგს სამსახურში აგვიანდებოდა, ზოგს კი ბაზრის დაკეტვამდე უნდოდა ქალაქში ჩასვლა, ზოგს ბავშვები ყავდათ, რომლებიც ტიროდნენ, ზოგიც კი მოუთმნელნი იყვნენ და ლოდინი არ შეეძლოთ.

    უფროსმა სერჟანტმა აუჩქარებლად წაუკიდა სიგარეტს ცეცხლი და ღრმად შეისუნქა მისი კვამლი. ჰაერი ფილტვებამდე ჩაუშვა და ზუსტად იმ მომენტში ამოუშვა, სანამ სული შეეხუთებოდა. არ უყვარდა ხალხმრავალი ადგილები და არც ქალაქი. ყველაფერი ზედმეტად უწესრიგო, ხმაურიანი და ქაოტური ეჩვენებოდა. ომამდე, მთელი ცხოვრება ამ ყველაფრისგან შორს იზრდებოდა, ჩვეულებრივი ხალხისაგან მიუვალ მამულში, ამიტომ  ქალაქი თავს ატკიებდა .

-ერთი ზედმეტიც ხომ არ გექნებათ?- მოულოდნელად ჰკითხა უცნობმა მამაკაცმა და სერჟანტს თამბაქოს კოლოფზე ანიშნა.

    სამხედრომ უცნობი შეათვალიერა, მკაცრად განსაჯა მისი უღიმღამო ჩაცმულობა, ჩაშავებული ფრჩხილები, სახის ნაოჭებზე ჩამჯდარი მტვერი და გულში ოდნავ ჩაეცინა, თუმცა მამისაგან ნაჩუქარი, ოქროთი მოვარაყებული კოლოფი მაინც გახსნა და სიგარეტი გაუწოდა.

 „აქ ჩემი ადგილი არ არის“ - გაიფიქრა გულში იმედგაცრუებულმა და ყურადღების გადატანა სცადა გლეხისგან, რომელიც ზედმეტად შეხედვის ღირსადაც არ მიიჩნია. მისმა ახალგაზრდა თანამგზავრმა სწორედ ამ დროს შენიშნა და ხალხის მორევი ძლივსძლივობით გადაკვეთა.

-უფროსო სერჟანტო რეიმონდ! აქ ყოფილხართ, მე კიდევ კაბინაში გეძებდით-აღმოხდა ქოშინით - კონდუქტორს ველაპარაკე პირველი ვაგონიდან და თქვა, ვიღაცა რელსებში მოყოლილაო, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, პანიკა რომ არ ატყდესო.-თქვა და სიტყვის დასრულებისასღა გაიაზრა, რომ უცნობი ჯერ კიდევ გვერდით ედგა მის უფროსს, თანაც ყურს უგდებდა საუბარს.- იმედია თქვენც არავის ეტყვით, სერ-მიმართა ბიჭმა და ნერვიულად ჩაიცინა.

  კაცმა ხელი აიქნია უარყოფის ნიშნად.

-პირველი შემთხვევა არაა, იმასაც გეტყვით, რომ მარტო ამ თვეში უკვე მეორედ ხდება მსგავსი რამ-მოახსენა მან.

- მძაგს მატარებლით მგზავრობა-ამოილაპარაკა სერჟანტმა და კიდევ ერთხელ გააბოლა.-ყოველთვის „რაღაც“ ხდება.-გამოსცრა პირში.

-ნუ იტყვით სერ, საშინელებაა, თანაც ახალგაზრდა გოგო ყოფილა, საბრალო...- მიუგო შეწუხებულმა კაპრალმა.

-წლების წინაც მახსოვს მსგავსი შემთხვევა, მატარებლის გზა ახალი გაყვანილი იყო მაშინ ჩვენ მხარეში ... გოგონა 14 წლის იქნებოდა- გაიხსენა უცნობმა-პატრონი არ ყავდა უბედურს, მის დასამარხადაც კი არავინ გამოჩნდა...

  რეიმონდს სუნთქვა შეეკვრა და მკერდზე მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო, მაგრამ ამჯერად თამბაქოს გამო აღარ. ცივმა ოფლმა დაასხა და კვლავ ის აუტანელი სიზმარი წარმოუდგა, რომელმაც წლებია მოსვენება დაუკარგა.

-ავიდეთ-უბრძანა ნაჩქარევად უმცროსს და დაუსრულებელი სიგარეტის ნამწვი რელსებში მოისროლა.

-სერ, არ იდარდოთ, ჩათვალეთ მანქანით კოლორადოდან ჩრდილოეთ კაროლინამდე რომ წამოვსულიყავით, ჯერ ნახევარი გზაც არ გვექნებოდა გავლილი, მატარებლით კი მთელ დღეს მოვიგებთ!-გაამხნევა კაპრალმა, რომლის ულიმიტო ენთუზიაზმი, უფროს სერჟანტში რატომღაც აგრესიას იწვევდა.

-თუკი მალე დავიძარით,გენიოსო-თქვა რეიმონდმა და შეეცადა სუნთქვა გაეკონტროლებინა, რათა თავბრუ არ დახვეოდა. -არ უნდა დამეჯერებინა შენთვის.

    მგზავრები დიდხანს ელოდნენ სანამ მატარებელი კვლავ დატოვებდა სადგურს. უკვე რამდენიმე საათი გასულიყო მოლოდინში, მაგრამ დაძრის ხმა არ ისმოდა. ამასობაში უფროს სერჟანტს კვლავ წაეთვლიმა. ძილბურანში ჩაესმა ქალების კივილი და ქოთქოთი, რომელთაც როგორც ჩანს, მატარებლის შეფერხების მიზეზი გაიგეს. ვინ იცის ეს ამბავი დღეს საერთოდ თუ დასრულდებოდა. მაგრამ რეიმონდი, რომელიც უკვე სიზმრების სამყაროში ინაცვლებდა, ერთადერთი რამ ისურვა - რომ კვლავ თავის კოშმარს მიბრუნებოდა. იმ საზარელ მშვენიერებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. რომლის წყალობითაც არ ავიწყდებოდა ის.

    თითქოს უკვე შორიდან ჩაესმა მატარებლის გრუხუნი, ბოლტების ყრუ ჭახა-ჭუხი და მგზავრების მქრქრალი ფუსფუსი. ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი სიზმარშიც ნახა, მაგრამ აქ გოგონას მისი სახე ჰქონდა. ისეთი, როგორადაც რეიმონდს ბოლოს ახსოვდა. გოგონას მისი კაბა ეცვა, თეთრი მაქმანებით და მისი დაწნული ქუდი ეხურა, აწ უკვე დამჭკნარი გვირილებით. ცხადად ხედავდა მისი მწვანე კაბის ხემს და მასზე ნერვიულად მოთამაშე თხელ, მარმარილოსფერ თითებს, რომლებიც ნაჭერს ჭმუჭნიდნენ და აწვალებდნენ. არ ავიწყდებოდა მისი მარწყვის ნაზი სურნელი, რომელიც მის ტანსაცმელში მუდამ გაჟღენთილიყო. ხედავდა, როგორ დასთამაშებდა მზის სხივები ოქროსფერ თმაში და თითქოს ახლიდან გრძნობდა ზაფხულის დღესავით თბილ, შაქარყინულივით ტკბილ კოცნას.

                                                         ნეტავ კვლავ რომ ეგემა...ისეთივე ტკბილი თუ იქნებოდა?

   წამიერად, მისი ნატვრა გაწყვიტა გოგონას ცხედრის დანახვამ, რომელიც რკინის რელსებზე გატეხილი ფაიფურის თოჯინასავით ესვენა და მეწამულისფერ სისხლს, მისი სახე და სხეული შეეღება, ხოლო მისი ხელი თითქოს სამუდამოდ გამოწვდილი დარჩენილიყო.

   რეიმონდი კანკალმა აიტანა და სანამ გოგონას ხელზე შეხებას შეძლებდა, კაპრალის ხმაც ჩაესმა.

-მოვედით უფროსო, ჩასვლის დროა-დასჭექა ახალგაზრდამ და ბარგი თაროდან გადმოიღო.-როგორი ღრმა ძილი გცოდნიათ სერ-ჩაიცინა ბიჭმა.

-რა სწრაფად გავიდა დრო-თქვა კაცმა და თვალები მოიფშვნიტა. ისეთი შეგძნება ჰქონდა, თითქოს საუკუნის ძილისაგან გამოეფხიზლებინათ. სხეული დამძიმებული და დაუძლურებული ჰქონდა.

-ეგ თქვენთვის,-ჩაილაპარაკა კაპრალმა და უფროსის ყურადღება მიიქცია.-მთელი გზაა გძინავთ, მე კი დამლაპარაკებელიც არ მყავდა, არადა მეგონა, ერთად კარგად გავატარებდით დროს.

-მე ძალიან კარგი დრო გავატარე-ამოთქვა კაცმა და წელში გასასწორებლად ფეხზე წამოდგა. ახალგაზრდა, წვერგაუპარსავ ბიჭს კი ტუჩები სევდიანად ჩამოეწელა.

-საკვირველია, სულ ბორგავდით და ვიღაცის სახელს ჩურჩულებდით, მეგონა ცუდ სიზმარს ნახულობდით-მიუგო მილერმა.

    რეიმონდისთვის ეს ბევრჯერ უთქვამთ. ხშირად გამოუღვიძებიათ კოშმარებისგან და ისიც უკითხავთ, თუ ვინ არის გოგონა, რომლის სახელსაც მუდმივ იმეორებს. გოგონა, რომელიც მოსვენებას არ აძლევს. თუმცა არ სურს ამ ყველაზე ინტიმური და ყველაზე ძვირფასი მოგონებების ვინმესთვის გაზიარება. იგი, მხოლოდ მას ეკუთვნის.

-ჰო, ყოველთვის ცუდ სიზმრებს ვხედავ-უპასუხა კაცმა ყოველგვარი ახსნის გარეშე,  ჩანთა ჩამოიღო და მხარზე შემოიგდო. უფროსმა სერჟანტმა ორ რიგად ჩამწკრივებული მედლებიც გაისწორა და ქუდი დაიხურა.

    მატარებლიდან ჩასვლისას ცხელი,მძიმე ჰაერი დაეჯახა და სუნთქვა შეეკრა. ეგონა, რომ ამოსუნთქვას ვეღარასოდეს შეძლებდა. თითქოს ქალაქისთვის მთელი ჰაერი გამოესრუტათ და მხოლოდ მძიმე ოხშივარი დარჩენილიყო. თანაც საღამო სრულდებოდა. ბაქანზე უამრავი ხალხი ირეოდა, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ მომდევნო მატარებელზე დაგვიანების შიშით.

   სამხედროები კონდუქტორებს დაეკითხნენ და აღმოჩნდა, რომ მათი მძღოლი სადგურიდან რამდენიმე კილომენტრის მოშორებით ელოდათ, თუმცა იქამდე მისასვლელი გზა ორმაგად დიდი ჩანდა გაუსაძლისი სიცხის გამო. რეიმონდი თავჩაქინდრული მიუყვებოდა ხრიოკიან ბილიკს და თანამგზავრთან მხოლოდ ძალიან მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა.

     ცოტა ხანში, სასადილოს წინ, მამაკაცებმა შენიშნეს მათი მომლოდინე ძველი როლს როისი, რომლიდანაც მძღოლი ხელს უქნევდათ და რეიმონდა შვებით ამოისუნთქა.

-სალამი ჯელტმენებო-მიუგო კაცმა, სიგარეტი გადააგდო და თივისგან მოწნული ქუდი მოიხადა, რათა სათანადოდ მისალმებოდა. სერჟანტს არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ მძღოლს კბილები თითქმის არ ჰქონდა, რომ სახესა და ხელებზე მზისგან მიღებული, საშინელი რუჯი მიეღო და რომ როლს როისი არც ისეთი ახალი და გამართული ჩანდა, როგორიც განცხადებაში აღეწერათ.

-გაგიმარჯოთ, ბატონი ლი ალბათ თქვენ ბრძანდებით?-დასამოწმებლად იკითხა რეიმონდმა და ჩემოდნები ძირს დაალაგა.

-დიახ გახლავართ,-თქვა კაცმა და ხელი ჩამოართვა-იუჯინი დამიძახეთ, ყველა ასე მომმართავს.-უთხრა მან. რეიმონდმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ინსტინქტურად, ჩამორთმეული ხელი შარვალზე შეუმჩნევლად გაიწმინდა.

-მე უფროსი სერჟანტი ფელიქს რეიმონდი გახლავართ, ეს კი კაპრალი ოტის მილერია-თქვა და ახალგაზრდა ბიჭზე ანიშნა-ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი გალოდინეთ, გზად მატარებელს შეფერხება ჰქონდა.

-კი, ვიცი ბატონებო, ბაქანზე გელოდით და იქ მითხრა გამცილებელმა, რომ მატარებელს შეაგვიანდებაო, გაგიმართლათ, რომ აქ ბევრი ნაცნობი მყავს და დროულად გავიგე, თორე გავბრუნდებოდი სახლში და დარჩებოდით ტრანსპორტის გარეშე, ადგილობრივები კიდევ ორმაგად მეტს ითხოვენ ხოლმე-გაეცინა კაცს.

   რეიმონდმა უხერხულად ჩაახველა.

-დიახ, ნამდვილად გაგვიმათლა-თქვა და უმცროსს მიუბრუნდა-მილერ, აჩვენე იუჯინს ჩვენი სამხედრო ბანაკის მდებარეობა.

     ოტისმა სასწრაფოდ დაუკრა თავი, ჩანთაში დაიწყო ქექვა და როდესაც საბოლოოდ იპოვა რუკა, მტვრიანი მანქანის ბაქანზე ფართოდ გაშალა.

-ეს არის ბატონო, -თქვა და მძღოლს ფანქრით, წითლად შემოხაზულ მდებარეობაზე ანიშნა-არ ვიცი რამდენად გეცოდინებათ ეს ადგილი, ახალი დაბანაკებულია...

-როგორ არ ვიცი, ცხრა კილომეტრის სავალზეა, მაგრამ ჯელტმენებო, უკვე საკმაოდ შებინდდა, იქამდე სავალი გზა კი სულ ქვაღორღიანია...ნუ, მე კი აგიყვანთ იქამდე, მაგრამ უკან დასაბრუნებლად ცოდო ვარ, შეიძლება გავიჭედო სადღაც, კაცისგან მიუვალ ადგილას, თან ისეთი მიყრუებული ტყეა...-მიუგო იუჯინმა და მელოტი თავი მოიქექა იდეის ძიებაში, ბოლოს კი თქვა:- მაგრამ ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ჩემ სახლში გიმასპინძლებთ ამაღამ, ხვალ დილით კი ადრიანად გავუდგეთ გზას.

    თანამგზავრებმა ერთმანეთს ორჭოფობით გადახედეს.

-სერ, არ ვიცი...

-შენ არ თქვი მანქანით ჯერ ნახევარი გზაც არ გვექნებოდა გავლილიო? -მიუბრუნდა უფროსი, რომელსაც კომფორტული საწოლის მეტი არაფერი სურდა იმ მომენტში-ამიტომ ჩათვალე იმ მოგებულ დღეს ხვალ გამოვიყენებთ და მაინც დროულად ჩავალთ- თქვა რეიმონდმა. -შევთანხმდით, იუჯინ!

 

      ჩასხდომისთანავე, მილერმა მაშინვე გამონახა სალაპარაკო თემა მძღოლთან და ორმა დიდმა მოსაუბრემ ყველანაირი ინფორმაცია გაცვალა, რაც კი მოკლე მანძილზე შეიძლებოდა, რომ მოესწროთ. რეიმონდი საბედნიეროდ უკანა სავარძელზე იჯდა და არ სჭირდებოდა ყველაფერში მონაწილეობის მიღება. დროდადრო, თუკი რაიმეს ჰკითხავდნენ, უპასუხებდა. სხვა შემთხვევაში კი- დუმდა.

-მაშ რისთვის გამოგიშვეს ამ უდაბნოში?-იკითხა ჯომ- იმ ოფიცრის მკვლელობის ამბავზე ხომ არა?

-თქვენ საიდან იცით?-გაუკვირდა მილერს და თვალები გაუფათოვდა.

-ჩვენთან არაფერი დაიმალება შვილო, ყველამ ყველაფერი ვიცით, ამიტომ უცხო ოფიცრის მკვლელობის ამბავს ვერავის გამოაპარებდით.

-საინტერესოა,-ჩაფიქრდა ოტისი- მოსახლეობას დავკითხავთ, იქნებ ვინმემ საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდოს, არა სერ?-თავი მოაბრუნა მილერმა თვალდახუჭული უფროსისკენ, რომელმაც უმნიშვნელოდ დაუქნია თავი.-გთხოვთ, ისევ არ ჩაგეძინოთ, თითქმის მივედით, არა მისტერ იუჯინ?- დაეკითხა კაცს, რომელმაც ენერგიულად დასძინა, უკვე აქ ვართო.

   უფროსმა სერჟანტმა ნელა ასწია დამძიმებული ქუთუთოები და წელში გაიმართა. შეეცადა იუჯინისმაგვარი ენთუზიაზმი გამოეხატა, თუმცა დაღლილობისგან არაფრის ძალა აღარ გააჩნდა. ყველაფერი სტკიოდა და ეგონა, რომ თავში უროს უბათქუნებდნენ, მაგრამ ამის მიუხდავად, როდესაც ტრანსპორტიდან გადმოვიდნენ, მისი ყურადღება ერთი სახლის აბრამ მიიქცია. მასზე დიდი ასოებით იყო გამოყვანილი „აურელია“.

        უცნაური სიტყვა ეჩვენა სახლზე გამოსაკრავად. იმ მომენტში ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაავიწყდა, რაღაც, რაც იმ სიტყვას უკავშირდებოდა და ამან უფრო მეტად დაუკარგა მოსვენება.

-აურელია? ეს რა ადგილია?- შეეკითხა იუჯინს, რომელიც კითხვის გაგონებისას უხერხულად შეიშმუშნა და დაბნეულმა უპასუხა:

-სასტუმრო სახლია სერ, ისეთი არაფერი-მიუგო და ჩემოდნების გადმოტანაში დაეხმარა.

-კი მაგრამ, აქ რატომ არ გვირჩიეთ დარჩენა თუკი სასტუმრო იყო?-დაეკითხა მილერი-სერ, აქ არ სჯობს ?-მიუბრუნდა უფროსს, რომელიც მოგონების გაწყვეტილი ძაფის შეკოწიწებას ლამობდა.

     სასტუმრო ექსტერიერით ძველ სასახლეს ჰგავდა, რომელიც საგულდაგულოდ განეახლებინათ და თანამედროვე, მეოცე საუკუნის გარკვეული იერი შეეძინათ. ძალიან დიდი არ იყო, თუმცა ოთხი სართული ჰქონდა და მართლაც საკვირველი იყო, რატომ არ მოაფიქრდა მათ მომცილებელს, სტუმრებისთვის აქ დარჩენის შემოთავაზება.

-არა ჯელტმენებო, იმიტომ არ გირჩიეთ, რომ სასტუმრო ყოველთვის გადავსებულია, თანაც ზაფხულობით მით უმეტეს არ აქვს ადგილები... არ გირჩევთ, არა-უთხრა კაცმა და შეეცადა ყურადღება გადაეტანათ, საკუთარ სახლში შეეყვანა, მაგრამ სერჟანტს თითქოს რაღაც უხილავი ძაფი ქაჩავდა სასტუმროსკენ.

-მეპატრონე ვინ არის?- ჰკითხა ისე, რომ წარწერისთვის თვალი არ მოუცილებია.-ჩვენ დაველაპარაკებით, დარწმუნებული ორ ოთახს გამოძებნის ჩვენთვის.

   იუჯინმა დანებების ნიშნად ამოიხვნეშა და ბარგი დაბლა დააწყო, რადგან ხელებში საკმაოდ დაუმძიმდა.

-მისის აგნეს კარტერი, მაგრამ ახალგაზრდებო, მეეჭვება თქვენი დარჩენა მოხერხდეს...

-აგნეს...- რეიმონდს ელდა ეცა, „აი ისიც!“- რა თქმა უნდა...-ბურტყუნებდა კაცი და თავისთვის იმეორებდა ქალის სახელს.- როგორ შეიძლება უბრალო დამთხვევა იყოს?-იკითხა გაუაზრებლად და „აურელიას“ შესასვლელი კარებისკენ დაიძრა.

-რა არის შეუძლებელი სერ?-უკან მიჰყვა დაბნეული კაპრალი, რომელიც მძიმე ჩემოდნებს მიათრევდა.

   უფროსი სერჟანტი რეიმონდი უკვე აღარავის უსმენდა, აღარაფერი ანაღვლებდა, მხოლოდ სურდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ჭკუიდან არ იშლებოდა.

2

    სერჟანტი აჩქარებული ნაბიჯებით კარებს მიავარდა და ჭიშკარი ფართოდ გამოაღო. არც კი დალოდებია მის უკან ადევნებულ ბიჭს და არც მოხუც კაცს, რომელიც მძიმე ბარგებს მიათრევდა. რეიმონდს არ სურდა, რომ რაიმეს შეეკავებინა. ეგონა, რომ მალე რაღაც აუხსნელს, ფარდას ახდიდა.

  მოულოდნელად, ეზოდან თითქოს ედემის შუქი გადმოიღვარა და მზე მეორედ ამოვიდა. ზუსტად ერთი ნაბიჯი აშორებდა სამოთხისგან, ან ეგონა მას ასე. ოტისი მალევე უკან დაეწია და აღფრთოვანებისგან პირი დააღო. თითქოს ჰაერიც კი სხვანაირი იყო იმ ჭიშკარს მიღმა. თვალებგაფართოებული ათვალიერებდნენ წითელი ვარდების ხეივანს, იასამნის გადაბიბინებულ ტოტებს, ზღაპრულ მცენარეებს, რომელთა უმეტესობა ცხოვრებაში არასოდეს ენახათ. იქ ეგულებოდათ კოხტად მორთული ძველებური მაგიდები, არტ ნუვოს სტილის ორნამენტებიანი რიკულები, ნახატებით შეღებილი ოდესღაც თეთრი კედლები და ხელოვნური ყვავილებით მოქარგული დეკორაციები. დარაბებს ვარდები შემოხვეოდათ, ხოლო ღაჟღაჟა, გაკრეჭილი გაზონი ხალიჩასავით იყო გაშლილი.

      სილამაზით თავბრუდახვეული სერჟანტი, ხელით კედელს ჩამოეყრდნო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საღებავი ბოლომდე არ შემშრალიყო და კაცს ხელი წითლად შეღებვოდა. ჭიამაიას ნახატი ოდნავ გაიდღაბნა და რეიმონდმა სასწრაფოდ დაიწყო ხელის წმენდა, რათა სამხილი დაემალა.

-სერ, რას აკეთებთ? -გადაუჩურჩულა ოტისმა და შეშფოთებულმა დახედა ხელზე- გაიჭერით?-შეჰყვირა მან და უფროსმა მეორე ხელით სწრაფად ანიშნა, რომ გაჩუმებულიყო.

-საღებავია, დაწყნარდი-გამოსცრა კბილებში და აგრესიულად დაიწყო თეთრი ხელსახოცით, გაწითლებული ხელის წმენდა. მაგრამ საღებავი ჯიუტად არ შორდებოდა.

   როგორც ჩანს, სამხედროების ფაციფუცმა, მასპინძელს მათი სტუმრობის შესახებ შეატყობინა და შემოსასვლელი კარები ღრჭიალით გაიღო. სახლიდან ნათურების ოქროსფერი შუქი გადმოიღვარა და ქალის სილუეტს მთელს სხეულზე, მზისფერ რკალად შემოეხვა. სერჟანტი იმდენად გართულიყო ხელიდან საღებავის მოცილებით, რომ არც შეუნიშნავს, როგორ გამოვიდა დიასახლისი.

-აქ რა ხდება? რა გესაქმებათ ჩემს ეზოში?-შესძახა მკაცრად და ოტისი შეაცბუნა. ახალგაზრდამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და უფროსს დაუთმო ასპარეზი.

   ფელიქსმა როგორც იქნა ყურადღება ქალზე გადაიტანა და როდესაც მათი თვალები შეხვდა. ენა ჩაუვარდა. სხეული გაეყინა და პასუხიც კი ვერ ამოღერღა.

                                        მის თვალში-

                                     იგი უნაკლო იყო.

     ქალბატონს გრძელი, თეთრი სატინის კაბა ემოსა. ფეხსაცმელი არ ეცვა, ოქროსფერი თმა გაშლილი ჰქონდა და თუმცა თაიგული არ ეჭირა, იფიქრებდით, რომ ტყის პატარძალი იყო ან ლაგუნიდან ამოსული ნიმფა. გოგონას წყლისფერი თვალები, სახლიდან გადმოღვრილი შუქის წყალობით, ვარსკვლავებივით ციმციმებდა და ბრაზისგან ელვარებდა. იმ მომენტში, ფელიქსს შეეძლო დაეფიცა, რომ ეს თვალები, ეს გამომეტყველება ადრეც ბევრჯერ ენახა.

-რა სითავხედეა,-წაიჩურჩულა ქალმა და მწარედ ჩაეცინა-როგორ ბედავთ ჩემს კარებზე მოდგომას? -გამოსცრა მან-რაიყო ენა გადაყლაპეთ? გამეცით პასუხი რომელიმემ!-შესძახა უხეშად, როგორი ტონიც რეიმონდის აზრით, მისი შესახედაობის ქალბატონს არ შეშვენოდა.

-მ-მის კარტერ, ჩვენ...-დაიწყო ოტისმა ენის ბორძიკით და სერჟანტს მიუბრუნდა, რათა პასუხისთვის საჭირო სიტყვები მოეძებნა, რადგან საბრალო ბიჭის წარმონათქმი უაზროდ ეჯახებოდა ერთმანეთს.

-მისის კარტერ-შეუსწორა ქალმა და მამაკაცები თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.-იმედია სწორად მივხვდი და მხოლოდ და მხოლოდ ოთახს ეძებთ?-ჰკითხა მან და პასუხად მაშინვე მიიღო ოტისისგან თავის დაკვრა.

-დიახ მემ, მისის კარტერ, მემ, ჩვენ ვეძებთ დროებით დასარჩენს... მემ.-ამოიბლუყუნა ბიჭმა.

-ხოდა სხვაგან მოძებნეთ, თქვენთვის ადგილები არ არის!-მიუგო ცივად და მათ მიღმა დალანდულ ჩრდილს გადახედა.-იუჯინ, შენც აქ ყოფილხარ, ჩაიზე დამეწვევი?-ჰკითხა ტკბილი ხმით კაცს, რომელმაც დაბნეულად დაუკრა თავი.

-სიამოვნებით აგრეს, ძვირფასო, მაგრამ... ოჰ, აგნეს, ამ ბიჭებს ასე ხომ ვერ დავტოვებ? იმხელა გზა აქვთ ხვალისთვის გასავლელი, ცოდოები არიან, მეკიდევ თავს დამნაშავედ ვიგრძნობ.-ჩამოარაკრაკა იუჯინმა და დაბნეულ მეგზურებს გადახედა.

-არა იუჯინ, სჯობს აქედან გამეცალონ სანამ თავაზიანად ვეუბნები-მიუგო ქალბატონმა და კვლავ გამყინავი მზერით გადახედა ორ მამაკაცს -აქ, სამხედროების ადგილი არ არის- თქვა და რეიმონდს გადახედა-ეს კი კომპენსაციას გადაიხდის.- დასძინა აგნესმა და ფელიქსმა პატარა ბავშვივით, რომელიც მავნებლობაში გამოიჭირეს, სასწრაფოდ დამალა გაწითლებული ხელი ზურგს უკან. 

3

   რეიმონდსა და მილერს ღამით იუჯინის სახლში დარჩენა მოუწიათ. კაპრალი პატარა ოთახს წრეებს ურტყავდა და აღშფოთებული გასძახოდა, ეს რა უსინდისობაა, ასე როგორ გვექცევიანო. უფროსი კი დაღლილი თვალებით უყურებდა ოტისს. ნიკაპი ხელზე ჩამოედო და გონებაში მისის კარტერის გამოსახულებას ატრიალებდა. მისი უკმაყოფილებისაგან აპრეხილი ცხვირი, შეჭმუხნილი შუბლი, გამკიცხავი, ამაყი მზერაც...ასე სურდა დაენახა, მაგრამ უფრო ზუსტად, ის ხედავდა ქალის ნაზ, რომაულ ნაკვთებს, ოქროსფერ თმას, წყლისფერ თვალებს და იმ მომენტალურ, პატარა ღიმილს, რომელიც სახეს უნათებდა. რაც ყველაზე მეტად აწუხებდა კი იყო ის, რომ ვერ იშორებდა განცდას, რომ ამ ქალს პირველად არ ხედავდა.

   რეიმონდი შეეცადა ფიქრები თავიდან ამოეგდო და რკინის ჭრაჭუნა ლოგინში ჩაწვა. უკვე ხვდებოდა, რომ დილით ამ ლოგინის გამო ზურგი და გვერდები ეტკინებოდა, მაგრამ არც მაგას დარდობდა. იმ იმედით გაეხვა თხელ საბანში, რომ ხვალ უკვე „აურელიას“ ბუმბულივით რბილ საწოლში დაიძინებდა. იცოდა, არაფრის დიდებით არ დანებდებოდა.

  ოტისმა როგორც იქნა დაასრულა უკმაყოფილო ბუტბუტი და ერთადერთი ნათურაც ჩააქრო. ფელიქს რეიმონდი ჩაძინებამდე კვლავ ფიქრობდა აგნესზე. რა იყო მისი ისტორია და რატომ ერქვა მის სასტუმროს „აურელია“.

   აგნესი

   აურელია...

    ეს სახელები და მათი შესაძლო კავშირი მოსვენებას არ აძლევდა და ისეთ მოგონებებს უღვივებდა, რომელთა გახსენებაც დღემდე უფორიაქებს სულს.

 

 

 -dis maintenant - la fleur est belle, გთხოვ გაიმეორე ფელიქს- ეს ყვავილი ლამაზია

- la fleur est belle

-de nouveau, კიდევ გამიმეორე... ეი შენ, გოგონა, გეყოს ყვავილების ჩაწყობა, არავის უთხოვია მთელი ბაღი შემომიტანეო! აბა ფელიქს გამიმეორე რაც თქვი.

- la fille est belle

-No! გოგონა კი არა, ყვავილი ფელიქს, ყვავილზე ვსაუბრობთ, რომ ლამაზია

-professeure , ახლა გამახსენდა, რომ როცა ფერებს ვსწავლობდით, არ გითქვამთ ოქროსფერი როგორ არის.

- doré , ფელიქს. თემას ნუ სცდები, ახლა კი გამიმეორე....

                                        

 

-დღეს ახალი სიტყვა ვისწავლე!

-ვიცი, მეც მესმოდა

- tu as des boucles dorées, გითხარი, რომ ოქროსფერი კულულები გაქვს

-ჰო, ვიცი

-მაგრამ ეს სიტყვა ოქროსფერი არ მომწონს, ბევრი ვეძებე და მგონი მივაგენი უფრო ლამაზ სიტყვას, იმედია მოგეწონება

-რას?

-აურელია... ma femme, aurelia...

***

   რეიმონდმა ელდანაკრავივით გამოიღვიძა და ხარბად დაეწაფა ჰაერს, თითქოს ნახევარი საათია წყალქვეშ ყოფილიყოს. როდესაც გული და სუნთქვა დაუმშვიდდა, კაცმა თვალები მოისრისა და წელში გაიმართა, შემდეგ კი გარეთ გავიდა მოსაწევად, სადაც იუჯინს წააწყდა.

-დილამშვიდობის უფროსო, როგორ გეძინათ?-ჰკითხა კაცმა და მის გვერდით ჩამოჯდა გრძელ სკამზე.

-ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ ნორმალურად -მიუგო პასუხად და არც მოუტყუებია. წლების შემდეგ პირველად გამოიძინა კოშმარების გარეშე, თუმცა კი შფოთვა მაინც არ ასვენებდა-მილერი სად არის?-ჰკითხა იუჯინს და კაცსაც აუნთო სიგარეტი.

-თქვენი თანამგზავრი უკვე საუზმობს-უთხრა მასპინძელმა და დიდი კვამლის ბოლქვები ამოუშვა.

-თუ იცით მისის კარტერი ახლა სახლშია? მასთან დალაპარაკება მინდა, თორემ გუშინ ძალიან უტაქტოდ გამომივიდა.

-ოჰ არა, არ გირჩევთ-მიუგო იუჯინმა-ძალიან ჯიუტია.

-იცით, ჩემზეც იგივეს ამბობენ-წარმოთქვა ეშმაკური ღიმილით და წარბები აზიდა-ვნახოთ ვინ მოიგებს.

-თავს შარში ნუ გაიხვევთ, აგნესს თუ გააბრაზებთ, მთელი ქალაქი გადაგემტერებათ და აქ დარჩენის უფლებას არავინ მოგცემთ, მათ შორის მეც-უთხრა კაცმა და თვალი ჩაუკრა- ეჰ, საბრალომ ისედაც რთული ცხოვრება გამოიარა... მეცოდება ძალიან.

-რას გულისხმობთ?-დაეკითხა უფროსი სერჟანტი.

-არაფერი, არაფერი, ბებერი კაცი რაღაცას წაილუღლუღებს კი არ უნდა მოუსმინო-დაუყვავა იუჯინმა- მეგობარს შეუერთდით საუზმეზე, თორემ ვატყობ მთელ მაგიდას გადაჭამს, ახალგაზრდებმა ძღომა არ იციან ხოლმე-მიუგო კაცმა და წელზე ხელშემოდებული სახლში შებარბაცდა.

     სერჟანტმა ღრმად ამოიოხრა, ქუდი ჩამოიცვა და მისის კარტერის სახლისკენ აიღო გეზი. იცოდა, რომ იუჯინის სახლში გაკეთებული საჭმელი მას ვერ დააკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტა საუზმე გამოეტოვებინა. კაცმა ედემის ბაღი გადაკვეთა და შეღებულ კარში შეიჭყიტა, სადაც ბავშვი შენიშნა. ღია წაბლისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, საყვარელი ხმა და მანათობელი ღიმილი. კაცმა მაშინვე გაიფიქრა, რომ ეს დიასახლისის ბიჭი უნდა ყოფილიყო, რომელმაც უმალვე შენიშნა.

-დედააა!-დაიყვირა ბავშვმა და სასწრაფოდ რომელიღაც ოთახისკენ გავარდა. დაპანიკებულმა ფელიქსმა სასწრაფოდ დააკაკუნა კარზე, რათა უფრო მეტად არ გამოეწვია უხერხულობა.

-ტობიას, რა მოხდა?-გამოსძახა დედამ. ამ დროს ბიჭუნა კარებთან დაბრუნდა დედასავით გაბოროტებული მზერით და ხის გამოთლილი ხანჯალი დაუმიზნა სამხედროს.

-გამარჯობა,-მიუგო უხერხულად კაცმა და შეეცადა მომართული იარაღი არ შეემჩნია- გუშინ შენი დედიკო გავიცანი, მე ფელიქსი ვარ-თქვა და უნდოდა ბავშვისთვის თავზე ხელი გადაესვა, მაგრამ ბიჭმა უკან დაიხია და იარაღი უფრო მაღლა აღმართა მუქარას ნიშნად.

  ფელიქსს ჩაეცინა და ჯიბიდან მონეტა ამოიღო რათა ბიჭისთვის გადაეცა. მარცხენა ხელზე ჯერ კიდევ ეტყობოდა წითელი საღებავის კვალი.

 -ეს ბოდიშის ნიშნად-უთხრა ტობიასს-მგონი გუშინ ნახატი გაგიფუჭე-უთხრა და დიასახლისიც ამ დროს გამოჩნდა.

-თქვენი აზრით რას აკეთებთ?-დაუყვავა ქალმა და შვილი უკან ისე სწრაფად გამოსწია, რომ ბიჭუნა წაბარბაცდა. დედამ ხელები გულზე ფარივით შემოხვია და კაცისგან რაც შეიძლება შორს დააყენა.

-არა, გთხოვთ არასწორად არ გამიგოთ-მიუგო აღელვებულმა-ეს კომპენსაციაა გუშინდელის გამო...

-მერე ჩემს შვილთან რა გესაქმებათ?-დასძინა მკაცრად და ბავშვთან დაიხარა- დელაილასთან წადი, ახლავე მოვალ საყვარელო-უთხრა შვილს.

-არა! უნდა დაგიცვა-შესძახა ბავშვმა და გაგიკვირდებათ, მაგრამ ლამის ატირდა ასეთი მამაცური პასუხის შემდგომ. პატარა ხელები იარაღზე ისეთი სიძლიერით მოეჭირა, რომ სულ გათეთრებოდა და სხეული უცახცახებდა.

-ზუსტად ხუთ წუთში დავბრუნდები, გპირდები- მიუგო დედამ სამყაროში უტკბილესი და უსათუთესი ხმით. ბიჭმაც ორჭოფობით, მაგრამ თავი მაინც დაუქნია. თუმცა ოთახიდან გაქცევამდე, ტობიასმა კიდევ ერთხელ კარგად შეათვალიერა კაცი და უნდობელი მზერა მიაპყრო.

-მომიტევეთ, ცუდი განზრახვები არ მქონია, მგონი არასწორ ფეხზე დავიწყეთ ურთიერთობა...

-აქ რატომ ხარ?-მიმართა ფორმალობების გარეშე,თითქოს ძველი ნაცნობები ყოფილიყვნენ და ხელები გადაიჯვარედინა. რეიმონდს წამით დეჟა ვუს შეგრნება დაეუფლა-უკვე გასაგებად გითხარით, რომ თქვენნაირებს არ მივიღებდი ჩემს სახლში.-თქვა და კაცის უნიფორმა ამრეზით შეათვალიერა, რომელსაც ფელიქსი ესოდენ ამაყად ატარებდა.

-მის კარტერ...

-მისის კარტერია თქვენთვის-ჩაუსწორა ქალმა, რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა.

-დიახ, მომიტევეთ-თქვა და ქუდი მოიხადა ბოდიშის ნიშნად-მე და ჩემი თანამგზავრი, აქ სამუშაოს გამო, გამოძიებას ვატარებთ და ერთი თვით ვრჩებით. პატივს დაგვდებდით,თუ დროებით ბინას შემოგვთავაზებდით, გადასახადის პრობლემა არ იქნება, ყველაფერს დროულად მოგაწვდით-

-არა!-მოუჭრა მოკლედ და ზურგი აქცია. კაცი მოულოდნელობისგან ადგილზე გაიყინა და რამდენიმე წამი დასჭირდა, რათა პასუხი გაეაზრებინა.

-უკაცრავად?-ამოილუღლუღა აღშფოთებულმა და დიასახლისს უკან აედევნა. თავბრუ ეხვეოდა, თითქოს პირველად არ ხდებოდა ეს ან წარსული კვლავ და კვლავ არ აძლევდა საშუალებას დაევიწყებინა ის -მე...მე თქვენი არ მესმის...

-მე უარი გითხარი