ნუ დამივიწყებ
ნუ დამივიწყებ
საკუთარი თავის ძიება, ხანდახან, საკუთარი თავის დაკარგვით სრულდება. არ ვიცოდი, რომ სინამდვილეში შეიძლებოდა ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდი სრულიად განადგურებულიყო და გამქრალიყო, თანაც ისე, რომ ბრმა ვყოფილიყავი იმის მიმართ, რომ ეს იყო ზუსტად ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. დღეს აღარ ვარსებობ, დაიკარგა პიროვნება, რომელსაც ოდესღაც ჩემი სულის ნაწილები ქმნიდა. ნაწილებად დამეშალა სულიერი სივრცე და გავიჭედე უსასრულო სიცარიელეში, რომლიდანაც თავს ამ სიცოცხლეში შეუძლებელია რომ დავაღწიო.ამბობენ, რომ ტკივილი საჭიროა, რათა სულიერად გაიზარდო და გაძლიერდე, მაგრამ, როდესაც, ახალგაზრდა, ლაღი, ცხოვრების შავ-ბნელი მხარეების მიმართ ბრმა და უბრალოდ ბედნიერი ხარ, ადრეა ამის გამოცდა. ამასაც ამბობენ, რომ ნამდვილი გმირები ყველაზე რთულ გზას გადიან, მაგრამ ვის რად უნდა გმირი თუ იგი ამ მოგზაურობაში საკუთარ თავს დაკარგავს?ჩემი გონების დაუსრულებელ, ღრმა გამოქვაბულში ვიჯექი და ვოცნებობდი, რომ ოდესღაც ხმას გავიგებდი სინათლიდან და ეს იქნებოდა პასუხი იმისა, რომ ყველაფერს, რაც მოხდა, მიზეზი ჰქონდა და არაფერი ყოფილა უაზრო. დრო გადიოდა და ვერ ვპოულობდი პასუხს, შედეგს, მიზეზს და ამ ყველაფრის ძიებაში ჩემი მდგომარეობა უფრო რთულდებოდა. თავი გავყავი საკუთარი ტვინის ლაბირინთებში, საიდანაც ამოსვლა ხანგრძლივ ძიებას ჰგავდა. წარსულიდან შემორჩენილი მქონდა მხოლოდ ნაჭუჭი ჩემი ძველი, ლაღი და ბედნიერი თავის, დანარჩენი ყველაფერი დაკარგული იყო. საკუთარი თავის თავიდან მოპოვება შეუძლებელი იყო, ხოლო ხელში აყვანა კი, არც განიხილებოდა. ვიწექი და ვიწექი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ან რომც ავმდგარიყავი, სად წავსულიყავი? არ ვიცოდი სად იყო ჩემი ადგილი ან ჩემი სახლი, სად ცხოვრობდა ჩემი სული და სად გრძნობდა ჩემი სხეული თავს მშვიდად. ყოველდღე გაღვიძება სიკვდილის ტოლფასი იყო და გამოსავალიც არ ჩანდა.ოდესღაც მახსოვს ბედნიერება, დროში, როდესაც პატარა, ყველაფრის მიმართ მიჯაჭვული, თუმცა სრულიად ჩუმი და სიცოცხლის ახალთახალი მკვლევარი ვიყავი. მაშინ სულერთი იყო ყველაფერი, მაგრამ, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მელოდებოდა წინ და ამის გაკვლევაში ჩემი საყვარელი ადამიანების დახმარებით, სადარდებელი არაფერი მექნებოდა. ეს ადამიანები ხატავდნენ პორტრეტს, რომელშიც, მოკლედ და მარტივად, გამოიხატებოდა ოჯახის სული, გონება და ყველაფერი, რაც ადამიანად გვაქცევდა. ვფიქრობდი, რომ სამყარო მათი შექმნილი იყო და ამ ყველაფრის მომსწრე და მთავარი მაყურებელი სწორედაც რომ მე ვიყავი. არაფერი იყო იმაზე უკეთესი, როცა ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ან რაც არ უნდა დამმართნოდა, ყოველთვის მეყოლებოდა ვინმე, ვინც ამ ტკივილს შემიშუპებდა და, უფრო მეტიც, საკუთარ ტკივილადაც აქცევდა. გარშემო ვხედავდი სიყვარულისა და ერთიანობის იდეალურ ბმას, ოჯახისა და მეგობრების ძლიერ ჯაჭვსა და ყველაფერს საოცარს, რასაც ჩემი ასაკის მოზარდი ინატრებდა.საღამოს სიო თმებში მიძვრებოდა, როცა ჩემი ოთახის აივნის იატაკზე ვიჯექი და თვალებდახუჭული ღრმად ვსუნთქავდი. მაშინ, არ ვიცოდი, რომ ამას მედიტაცია ერქვა, თუმცა თავის მოვალეობას შესაფერისად ასრულებდა და მარტივად მამშვიდებდა. ამ დროს, ვფიქრობდი, რომ დრო ჩერდებოდა და გონებას იპყრობდა სრული დუმილი, რომელიც ამოუხსნელ შვებას მგვრიდა. ვსუნთქავდი და ველოდი, როდის დამიძახებდა დედა, რომ რესტორანში, მამას მეგობრის დაბადების დღეზე წავსულიყავით და იქაურობა ჩვენი ოჯახით დაგვეპყრო. ოთახში შევბრუნდი, სარკეში ჩავიხედე და კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს თავს თვალი. მხარზე ფაფუკი, ნაზი შეხება ვიგრძენი, დედა იყო:- სოფიო, უკვე თორმეტი წლის ხარ, შენით შეგიძლია შეარჩიო ტანსაცმელი? - გამოთქვა თავისი რბილი, ნაზი ხმით.- რა თქმა უნდა, დედა. - აღელვებული სახით თავი დავუქნიე.კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის გროვას აციმციმებული თვალებით ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ბებიას ნაჩუქარი, ლურჯი, ყვავილებიანი კაბა იდეალური ფორმა იყო იმ სიტუაციისთვის, რომელშიც აღმოვჩნდებოდით - არც ფერადი და არც სადა. მანქანიდან თბილისის ქუჩების დათვალიერების შემდეგ, დანიშნულებამდე მივედით და გავემზადეთ, რომ გართობისა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნის განწყობაზე ვყოფილიყავით. მამა წინ გაგვიძღვა, დედას ნოე, ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ამ დროს მხოლოდ სამი წლის იყო, ხელში ეჭირა და მამას გვერდით უკან მიდიოდნენ, გვერდით უფროსი და, ლიზა მედგა. ჟრიამულის ხმა გარეთაც გამოდიოდა, ერთი სული მქონდა როდის შევაღებდით კარს და ვნახავდით მამას მონატრებულ სამეგობრო წრეს.- ამ ჭიქით მინდა, რომ ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს, გამთლიანებულს და სწორ გზაზე მიმავალ საქართველოს, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების იმედზეა. გულით მჯერა, რომ გათენდება დილა და ამაყად ვიტყვი, რომ მე ქართველი ვარ და ჩემი შვილები საქართველოში იზრდებიან. მრავალი სისხლი დავღვარეთ, დაუსრულებელი ტანჯვა გამოვიარეთ და ისტორიის წიგნები გავავსეთ ჩვენი გამძლეობით. მინდა, რომ ასეთი მონდომებით გავაგრძელოთ და, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც მოვითხოვოთ, ყოველთვის ვიბრძოლოთ და უკან არასოდეს მოვიხედოთ. ვამჩნევ, როგორ მიიწევს წინ ჩვენი მომავალი თაობა, როგორ შრომას დებენ და ოფლს ღვრიან, რომ ხვალ უკეთეს ქვეყანაში გაიღვიძონ ახალგაზრდებმა. მეამაყება ყოველთვის, როცა მათი წარმატება მესმის. მჯერა ჩემი სამშობლოს წინსვლის, მჯერა ჩემი შვილების, მჯერა ჩემი ხალხისა და არასოდეს შემეცვლება შეხედულება. - სუფრის თამადამ ჭიქის დაცლა დაიწყო და სხვებს დაუთმო სადღეგრძელოს თქმა.- გაუმარჯოს, გაუმარჯოს. - ჭურჭლების ჭახუნი მელოდიასავით ჩამესმოდა ყურებში.თვალებს ვერ ვაჩერებდი და იქაურობას ვათვალიერებდი. რესტორნის განათებები ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა, ზემოთ ჭერზე დოქები იყო ჩამოკიდებული, ამ ტრადიციულ გარემოს თავისებურ ხიბლს სძენდა. ხალხი მშვიდად და პატივისცემით აღნიშნავდა სხვადასხვა სიხარულს, რაც ისედაც ძვირფას შენობას უფრო მეტად ალამაზებდა. ყოველთვის მიყვარდა ასეთ ხალხმრავალ ადგილას ოჯახთან ერთად ყოფნა, მახარებდა ლხინი და ადამიანთა შეკრება და ჩვენი იქ ყოფნა სრულიად უცხო პიროვნებების მიმართაც კი შინაურულად მაგრძნობინებდა თავს.მამა არასოდეს უშვებდა შანსს ხელიდან, რომ თავისი აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე ხმამაღლა გაეჟღერებინა, მაშინაც კი, თუ მე ყოველთვის არ მესმოდა მათი. დღეს ის ამ მყუდრო რესტორანში ესაუბრებოდა ზვიადს, მის საუკეთესო მეგობარს. კერძების დაგემოვნებისას თან ყურს ვუგდებდი:- სახელმწიფო დიდ თავსატეხს ჰგავს, თითოეული ნაწილი წარმოადგენს პიროვნებას და როდესაც ეს ნაწილები ერთად მუშაობენ, პაზლის სრულ სურათს ვიღებთ.მამას ვუყურებდი, საუბრისას ხელებს იშველიებდა და ამით ცდილობდა მისი მეტყველება უფრო მკვეთრად აღგვევქვა.- მაგრამ, – ჩაერია ძია ზვიადი, – ინდივიდუალურ ძალაუფლებასაც ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. შეხედე იმ წარმატებულ ბიზნესმაგნატებს, რომლებმაც საკუთარი იმპერიები ააშენეს, მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია.მამამ გაიცინა და უკან გადაიხარა, ამ საკითხზე დაფიქრებული ჩანდა. - მართალი ხარ, ინდივიდუალურად ბევრს მიაღწიეს, მაგრამ მოდი უფრო დავფიქრდეთ ამაზე. წარმოიდგინე, რომ ამ ბიზნესმაგნატებს არ ჰყავდეთ თავიანთი თანამშრომლები, მომხმარებლები და მომწოდებლები, შეძლებდნენ ისინი ამ იმპერიის აშენებას?ჩემს უფროს დას გავხედე, რომელიც დარბაზის მეორე მხარეს ტელეფონში იყო ჩაფლული. თვითონაც შემამჩნია და თვალი ჩამიკრა იმის ნიშნად, რომ ჭკვიანი ვიყავი მოსმენისთვის.- ერთობა არის გასაღები, - განაგრძო მამამ. - ხალხი ერთად იკრიბება და მუშაობს საერთო მიზნისკენ, ფეხბურთის გუნდს ჰგავს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ ვარსკვლავური მოთამაშეები, მაგრამ მეკარე, მცველები და ნახევარმცველები რომ არ თამაშობდნენ თავიანთ როლებს, გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევდა.საჭმელს ფრთხილად ვიღებდი თეფშიდან და ყურადღებით ვუსმენდი, ჩემთვის მაშინ ერთობა ნიშნავდა ოჯახის გუნდურ მუშაობას, რომ სახლი დაგველაგებინა ან ჩემოდნები გაგვემზადებინა. ლიზასთან ერთად მამამაც შემნიშნა, რომ ვუსმენდი:- ხედავ, - თქვა მამამ და ისევ ზვიადისკენ გაიხედა, - ჩვენს ოჯახშიც კი ყველას ჩვენი როლები გვაქვს. სოფიო თავისი სიმღერით გვილამაზებს დღეს, პატარა ძმა გვართობს, ლიზა გვეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში, დედა და მე კი სამსახურში მივდივართ, რომ ყველას კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე ვიქნებოდით.როცა მამა ლაპარაკობდა, ვფიქრობდი ყველა იმ დროზე, როცა ვიცინოდით, ვთამაშობდით და ერთმანეთს მხარში ვუდგებოდით. ის მართალი იყო - ჩვენ ვიყავით გუნდი, ზუსტად ისეთი როგორც ფეხბურთის. ავხედე და გავუღიმე, ვამაყობდი, რომ მან ამ პაზლის წევრად მაგრძნობინა თავი, თუნდაც პატარა ნაწილი ვყოფილიყავი.მამა და ბიძია ზვიადი განაგრძობდნენ პოლიტიკასა და ერთიანობაზე საუბარს და, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზრდასრული საუბრები ჩემთვის რთული მოსასმენი იყო, არ მჭირდებოდა ყველა სიტყვის გაგება. უკვე ვიცოდი, რომ ერთად ყოფნა, როგორც ოჯახი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. გადავწყვიტე, რომ დარჩენილი დრო სეირნობაში გამეტარებინა, ამიტომ სკამიდან წამოვდექი და იქაურობას თვალი შევავლე. შიგნით, რესტორანში შოპენის “Nocturne op.9 No.2” იყო გაჟღერებული, გარეთ კი ჩიტების მელოდიები გაისმოდა. მოვინახულე ვერცხლისფერი, სადად მოპირკეთებული შადრევანი. წყალში, რომელშიც ხელები ჩავყავი, მიმოფანტული ყვითელი ფოთლები ტივტივებდა, იქაურობა შემოდგომის სამოთხეს ჰგავდა. შენობა ბუნებასთან ახლოს იყო, რაც ნიშნავდა, რომ ხეების შრიალი, მდინარის ხმაური და ჭრიჭინების ხმები, ყველაფერი ერთად მესმოდა. ხელების გაგრილებისას, ანარეკლი შევამჩნიე. დედა მართალი იყო, მე სწრაფად ვიზრდებოდი და გარდატეხის ასაკის დასაწყისი წლები მნიშნველოვნად მეტყობოდა სახეზე. ხელები ჰაერში ვიქნიე, რომ წყალი მომეშორებინა. ცოტა ხნით, ანარეკლს ვუყურე და ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა შემდეგი, რა მელოდა წინ და შინაგანად კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. გული მიგრძნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თმები გავისწორე, უკან რესტორანს გავხედე და შიგნით შევბრუნდი. მამას გააჩნდა ბრწყინვალე გონება, რომელსაც ახასიათებდა თავისი ექსტრავერტული ინტუიცია და წინდახედული აზროვნება. ჰქონდა თანდაყოლილი უნარი დაენახა შაბლონები და პატერნები, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევდნენ და ხშირად ქმნიდა კრეატიულ გადაწყვეტილებებს რთული პრობლემების გადასაჭრელად. ცოდნის წყურვილმა მას საშუალება მისცა შეესწავლა სიცოცხლის ფართო სპექტრი, ღრმად ჩაეყვინთა თითოეულ მათგანში ენთუზიაზმითა და დაუნდობელი სწრაფვით. მისი არატრადიციული აზროვნება ხანდახან უბიძგებდა მას საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმების ეჭვქვეშ დაყენებასა და მრავალი საკითხის სხვა თვალით დანახვისკენ. უყვარდა საზღვრებს გაცდომა და დებატების გაჩაღება, სხვებს შანსს აძლევდა, რომ ყველაფერი ახალი პერსპექტივიდან დაენახათ. იყო მეოცნებე, ყოველთვის უყურებდა უფრო დიდ სურათს და ხელს უწყობდა გარშემომყოფებს ეფიქრათ არსებულის მიღმა. იდეების ამოუცნობ ტერიტორიებს მთელი ძალისხმევით შეისწავლიდა და ამ ყველაფერთან ერთად მოგზაურობაც უყვარდა. მისი გადმოცემით, ყაზბეგი, კაირო და ათენი საუკეთესო ადგილები იყო დედამიწაზე.მისი პიროვნების საფუძველზე, მან აღმოაჩინა, რომ უძრავი ქონების აგენტის როლი სრულყოფილად ემთხვეოდა მის ბუნებრივ ნიჭსა და წყურვილს ახალი გამოცდილების მისაღებად. კლიენტების მრავალფეროვნებამ, რომელიც თევდორეს ხვდებოდა, ამდიდრებდა მის ცხოვრებას უწყვეტი სწავლისა და პიროვნული ზრდის თვალსაწიერით. ყოველი ახალი კლიენტი ნიშნავდა სხვადასხვა არქიტექტურული სტილის, უბნებისა და საინვესტიციო გეგმების შესწავლის შესაძლებლობას. კლიენტების უძრავი ქონების შესახებ რჩევების მიცემა მისთვის არ იყო მხოლოდ ტრანზაქციების ამოცანები - ეს იყო მათ ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის შანსი, დახმარებოდა მათ ეპოვათ ადგილი, რომელსაც დაუძახებდნენ სახლს.რესტორანს შიგნით გამჭვირვალე კედლებიდან ვუყურებდი, დავინახე, როგორი შემართებით ცეკვავდა ლიზა ტრადიციულ ცეკვებს, ვამაყობდი, რომ ამდენი ადამიანი უყურებდა ჩემს უფროს დას. მამა სხვებთან ერთად ტაშს უკრავდა და არანაკლებ სიამაყეს გრძნობდა შვილის მიმართ. რადგან ყველა გადართული იყო ლიზას ცეკვაზე, გადავწყვიტე, რომ ჩემი ერთ-ერთი დაუოკებელი სურვილი ამესრულებინა. ასეთ გარემოებში, ყოველთვის მქონდა ცნობისმოყვარეობა, რომ სამზარეულოში შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა, როგორ მუშაობდა ადგილის პერსონალი. ტვინი მკარნახობდა, რომ სამზარეულოსკენ წავსულიყავი და რეალურად გამომეცადა რას ნიშნავდა ერთობა და გუნდური მუშაობა - იდეალური და შესაბამისი დასასრული იქნებოდა დღევანდელი დღის. მაგიდების გავლის შემდეგ, მივადექი სამზარეულოს კარს, რომელიც სიფრთხილით შევაღე და იქაურობას თვალი შევავლე. ვუყურებდი, როგორ მუშაობდნენ შეფები, დამლაგებლები, მიმტანები და როგორ ხატავდა მათი შრომა ადამიანური კავშირებისა და ერთობის ლამაზ სურათს. ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია მიმტანის ფორმაში ჩაცმულმა ქალმა, რომელიც შეკვეთის ასაღებად ემზადებოდა და შეფს თეფშებს ართმევდა. მისი ქერა, გრძელი და სწორი თმა, დიდი თვალები და გამოყვანილი ტუჩები მის სახეს უცხოურ სილამაზეს ჩუქნიდა. დიდი ხნის მიშტერების შემდეგ, უკნიდან ხმა მომესმა:- აქ რას აკეთებ, სოფიო? - უკან გავიხედე, მამა იყო.- ერთობას ვუყურებ მამა, ისინი ერთად მუშაობენ და ერთმანეთს ეხმარებიან, ზუსტად ისე, როგორც შენ თქვი. - მიხარია, რომ ჩემი ნათქვამი სწორად გაიგე, პრინცესავ, მაგრამ აქ ყოფნა არ შეიძლება, მიმტანებს ხელი შეეშლებათ გავლა-გამოვლაში. წამოდი, გავაგრძელოთ სუფრასთან სხდომა.მამის ნათქვამზე ლოყები უხერხულობისგან გამიწითლდა და საკუთარი შეცდომა, რომ მიმტანებს ხელს შევუშლიდი, მარტივად გავიაზრე. მამას გავყევი და სუფრას დავუბრუნდით. თვალები მაინც სამზარეულოსკენ გამირბოდა, არ შემეძლო უბრალოდ თვალი დამეხუჭა იმ ადამიანურ მშვენებაზე, რაც იქ ვიხილე. წვეულების დასრულების შემდეგ, მამა მანქანისკენ გაგვიძღვა და სახლში დასაბრუნებელ გზას გავუდექით. გზაში ჟრიამულისა და მხიარულობისგან გადაღლილებმა დუმილი ვარჩიეთ და ასე წყნარად გავუყვებოდით თბილისის ქუჩებს. ამის მიუხედავად, მალევე, მამამ სიჩუმე დაარღვია.- სოფიო, დღეს ერთიანობაზე ვისაუბრეთ და შენ მისმენდი. მიხარია, რომ ისე გაიგე ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ამასთან ერთად სხვა რამეც მინდა, რომ გითხრა. - ცნობისმოყვარეობისგან ყურები ამეწია, - ერთობა სასწაულია, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო, თან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვებზე. - გამიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, როგორ იყო ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი თუ სხვებზე მეტად საკუთარ თავზე უნდა მეფიქრა.- მაგრამ ეს ხომ გამორიცხავს იმას, რასაც შენ ამბობდი? ერთიანობა ხო სხვა ადამიანების სიყვარულის საფუძველზეა დამყარებული, როგორ შეიძლება ამის ამოშლა? - დედამ დაუყონებლივ გასცა პასუხი კითხვის სახით.- არაფერს არ გამორიცხავს, ლანა. თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, რომ სხვა შეიყვარო. იგივეა, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გყავდეს გაერთიანებული საკუთარი თავისთვის, რომ სხვებსაც გაუზიარო ამის გამოყენების ძალა. როგორ გამოდგება გუნდის მოთამაშედ ის, ვინც არ ემზადება იმისთვის, რომ უკეთესი მოთამაშე იყოს ვიდრე წინათ.მამას ბოლო სიტყვების გაგონების შემდეგ, ცას ავხედე და ფანჯრიდან გაცქერილს, თვალებმა ნელ-ნელა ძილისკენ მიბიძგა.დღის განმავლობაში, ზოგჯერ, არსაიდან მოსული სიხარულის განცდა მეუფლებოდა. ოთახს ვუყურებდი და ფერები უფრო ფერადად მეჩვენებოდა, განათება უფრო კაშკაშებდა და ნებისმიერი ხმა, იმ დროს, უფრო მეტად სასიამოვნო მოსასმენი ხდებოდა. ლოგინიდან ფეხზე წამოვდექი და მიმიზიდა ფანჯარამ, რომლიდანაც ბუნებრივი განათება შემოდიოდა და ეთერიულ შეგრძნებას ტოვებდა. ფანჯრიდან უკანა ეზოში დავინახე ჩემი და, ლიზა, რომელსაც ნახევარი სხეული აუზში ჰქონდა მოქცეული, ხოლო მარჯვენა ხელში ფორთოხლის წვენი ეჭირა. ცნობისმოყვარეობით ვუყურებდი, თუ რა იქნებოდა მისი შემდეგი მოძრაობა ან ნაბიჯი. მაინტერესებდა, წყალში თუ შეცურავდა და ბოლომდე ჩაყვინთავდა. ლიზა ჩემზე ხუთი წლით დიდი იყო. პირველი მოგონება, რაც მასთან მაკავშირებდა იყო, როდესაც ბავშვობაში, საბავშვო ბაღიდან სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი და მისი მზერა შევამჩნიე. არ ვიცოდი, რომ მისი ცბიერი და ავი მზერა, რომელიც მაშინ მტრულად მეჩვენებოდა, უბრალოდ დასაწყისი იყო ჩვენი სიახლოვისა. მას თავიდან გაუჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ პატარა და ეყოლებოდა და ყურადღებას მის გარდა, მშობლები სხვაზედაც გადაიტანდნენ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ლიზას ყველაზე მეტად შევუყვარდი. მან მასწავლა დათვლა, ასოების გარჩევა, ცხოველების სახელები, მეთამაშებოდა და მიხაროდა, როცა მისი სამეგობრო წრის გარშემო უფლებას მრთავდა, რომ ვყოფილიყავი. ის იყო ჩემი შთაგონება და იდეალი, რომლისთვისაც უნდა მიმეღწია, რათა საკუთარი სრულყოფილება შემეგრძნო. რასაც აკეთებდა, როგორც აკეთებდა, სადაც აკეთებდა, ყველაფერი განსაკუთრებულად საინტერესო იყო ჩემთვის და ერთი სული მქონდა, როდის მექნებოდა შანსი, რომ მეც მისსავით გამეკეთებინა ყველაფერი. ფიქრებში გართული უცბად გამოვფხიზლდი და ლიზასთან ერთად წყალში ყოფნა მეც მომინდა. დაბალი სართულისკენ გავიქეცი, მისაღები ოთახის გავლის შემდეგ, ეზოს ძლივს მივაღწიე და ერთი სული მქონდა, როდის ჩავხტებოდი აუზში. მთელი სისწრაფით ტანსაცმელი გავიძრე და გავაკეთე ნახტომი, რომელიც წარმატებულად არ დასრულდა და მუცლით დავენარცხე. ტკივილის შეგრძნება იმდენად მწვავე იყო, რომ წყლის შიგნით მუცლის მასაჟით ვცდილობდი შემეჩერებინა, მაგრამ ამ მოძრაობამ უფრო ღრმად ჩამაგდო მაშინდელ წყლის უფსკრულში. ლიზა წყალში შემოვიდა, ხელი გამომიშვირა და “ამომიყვანა”.- სოფიო, სიცოცხლე გადაგირჩინე.- მადლობა. - ხუმრობით დავუბრუნე პასუხი.მოზარდობის ასაკში, ლიზა ჩემგან მეტ დისტანციას იჭერდა. საკუთარი სამეგობრო წრის საქმეებში იყო გართული და მის პიროვნებასაც მაშინ თავისი მეგობრები წარმოადგენდა.მახსოვს, ერთხელ მისი დღიური დაუკითხავად წავიკითხე, იმ იმედით, რომ ჩემს თავზე რამეს ვიპოვიდი, მაგრამ მრავალი ფურცლის გადაშლის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემ შესახებ ერთი სიტყვაც არ მქონდა ნანახი. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა და ყალიბდებოდა, როგორ ეცვლებოდა აზრები ამა თუ იმ საკითხზე. რადიკალური და მკაცრი შეხედულებებიდან ნელ-ნელა უფრო გაწონასწორებულ მხარეზე გადმოდიოდა და ცხოვრებას მეტად ნაცრისფრად აღიქვამდა. ამ პერიოდში იგი ზრდასრულ ასაკს აღწევდა და საკუთარი თავის ღრმა ძიებაში იყო, რამაც შედეგი გამოიღო და, მშობლების დახმარებით, მიზნები, ოცნებები, პრინციპები, თავდაჯერებულობა და გამძლეობა ჩამოუყალიბდა. ვფიქრობდი, რომ მის ასაკს რომ მივაღწევდი, მეც ზუსტად იგივეს გავივლიდი, რაც მას უკვე გამოვლილი ჰქონდა. ჩემი ცნობიერი არ სცდებოდა იმის საზღვარს, რომ მე და ჩემი და ერთი და იგივე ადამიანები არ ვიყავით. ის ჩემი სისხლი და ხორცი იყო, პირველი მეგობარი და მეტოქე, რომელსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში - ყველაზე მეტად მიყვარდა.ცეკვის გარდა, ლიზას მიდრეკილება ჰქონდა მხატვრობის მიმართ და ამ აქტივობას საკუთარი გრძნობების გამოსახატავად იყენებდა. განსაკუთრებით უყვარდა პორტრეტების დახატვა და ხშირად ოჯახის წევრებსაც გვხატავდა:- სახე ოდნავ მარჯვნივ გაწიე, - მითხრა მან და პლანშეტზე თითის მოსმები გააკეთა. - ახლა, ზემოთ.- ლიზა, მალე მორჩები? კისერი დამეღალა.- მოვრჩი უკვე, უბრალოდ მცირე დეტალებს ვამატებდი.- მანახე!ლიზამ მოწყობილობა შემოატრიალა და საკუთარი თავი მანახა. ამჯერად, სურეალისტური ნახატი უნდოდა, ამიტომ ჩემი თავი მარტივად ვერ ამოვიცანი, გარდა იმისა, რომ ოქროსფერი თმა დავინახე. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს მე ვიყავი, თუმცა სრულიად გაფანტული და უცნაურ ფერებში გაფერადებული. სახეზე თვალები და ტუჩები წითლიდან შავში გადადიოდა, ყურები და ლოყები მწვანედ ანათებდა და გარშემო მომაჯადოებელი წრეები იყო მიმოფანტული. ხელში მეჭირა, ვუყურებდი ნახატს და საკუთარ თავში სრულ ქაოსს აღვიქვამდი.ბავშვობაში, ჩემი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ საკუთარი ცნობიერი საკმარისად არ მქონდა შეცნობილი და, ამის შესაბამისად, მიზნები და ოცნებებიც არ მქონდა ჩამოყალიბებული. ბევრი მესმოდა ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელზე, მის ოცნებებსა და მისწრაფებებზე. ვიცოდი, რომ ყველა ადამიანს, ამაოების დასამარცხებლად, ერთი გზა უნდა აერჩია და ამ ბილიკს გაჰყოლოდა, თუმცა ყოველთვის ამოუცნობი იყო ჩემი ყველაზე სიღრმისეული სურვილები, რომლებიც გულის სიღრმეში იმალეობდა. მშობლებს ვეტყოდი, რომ ექიმობა მინდოდა ან სიმღერით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ გულის სიღრმეში არასოდეს ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოცნების ან მიზნის იარლიყი დამედო. ასეთი განცდა ოჯახისგან განსხვავებულად მაგრძნობინებდა თავს, რადგან დედა, მამა და ლიზა საკუთარ თავში დარწმუნებული და მიზანდასახული ტრიო იყო. მათი თვით-აღქმა თითქოს სხვა ადამიანებზეც ანათებდა და პროექციას ახდენდა. მათთან საუბრისას, მარტივად მიხვდებოდი რომ ძლიერი პიროვნებები იყვნენ და საკუთარ რეალობას არასოდეს უღალატებდნენ.დედაჩემი, ლანა, ასევე შრომისმოყვარე და გამორჩეული ქალბატონი იყო. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა გაჭირვებოდა, გრძელვადიანი ოცნებები და მიზნები არასოდეს ავიწყდებოდა. ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, თუ რა უნდოდა ხუთ წელიწადში და რა უნდა გაეკეთებინა, რომ ამ მიზნისთვის სწრაფად და ჭკვიანურად მიეღწია. მამასგან განსხვავებით, ნაკლებად სოციალური იყო და ბევრი ლაპარაკიც არ უყვარდა, თუმცა მისი სიბრძნე და განათლება ყველა საკითხში ვლინდებოდა. ლიზა ლანას ახალგაზრდობა იყო, ისინი თითქოს ზუსტად ერთიდაიგივე ადამიანები იყვნენ, უბრალოდ განსხვავებულ დროებში. ორივენი საკუთარ თავებსა და მიზნებზე კონცენტრირებული, მაგრამ ამასთან ერთად, ძლიერად მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ხშირად არ ჰქონდათ, თუმცა ეს მათი ხასიათების საერთო მახასიათებლის გამომდინარე ხდებოდა. დედა თავის რჯულს, მართლმადიდებლობას ბავშვობიდანვე ერთგულად ეპყრობოდა და არასოდეს ღალატობდა. მახსოვს, ადრეულ ასაკში, ეკლესიაში მატარებდა და მეუბნებოდა, რომ ღმერთთან კავშირი საკუთარი თავის აღმოჩენასა და განვითარებას ნიშნავდა. მაშინ, არ მესმოდა რას გულისხმობდა, თუმცა რაც უფრო ვიზრდებოდი, ჩემებურად აღვიქვი, რომ ღმერთი ყველა ადამიანში არსებობდა და მისი გააზრებისა და აღმოჩენის შემდეგ იწყებდნენ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიებად გადაქცევას. ერთ დღეს, უძველეს ქვის ბილიკს რომ გავუყევი, ჰაერი სიჩუმით იყო სავსე, თითქოს ჩემი ფეხების ქვეშ ქვები წარსული საუკუნეების ზღაპრებს ჩურჩულებდა. ჩემს თვალწინ ამაღლებული და ელეგანტურობით შემკული ეკლესია იდგა. ჩუქურთმები ამშვენებდა შესასვლელს, რაც მოწმობდა დახელოვნებულ ხელებს, რომლებმაც თავიანთი მხატვრობა ყოველ კუთხეში გასაოცრად ლამაზად გამოაჩინა. როცა დედასთვის და ჩემთვის მძიმე ხის კარები გავაღე, თითქოს წყნარ სივრცეში ჭექა-ქუხილი გაისმა, თითქოს ეკლესიამ თავად შემიპატიჟა შიგნით.ხელში სანთელი მეჭირა, ვლოცულობდი, უფალს მადლობას ვუხდიდი და ვთხოვდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ამ დროს, გამახსენდა ჩემი მთავარი ნაკლი, გაურკვევლობა საკუთარ ფიქრებსა და მისწრაფებებში, ამიტომ თვალები დავხუჭე და ღმერთს ვთხოვე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ოცნება ან სურვილი, რომელიც ჩემი სულის სიღრმეში იმალებოდა და გამოჩენას ელოდებოდა, შევევედრე, რომ აესრულებინა. იმის დასტურად, რომ ოცნებას ამისრულებდა, სანთლის ცეცხლი არ უნდა ჩამქრალიყო, ამიტომ სული შევუბერე და ჩემდა გასაკვირად, თვალები, რომ გავახილე, ცეცხლი ხელშეუხებელი დამხვდა. ამ მომენტში ვიგრძენი, რომ ღმერთი ჩემ გვერდით იყო და მისი ძალა დამეხმარებოდა, რომ ოცნებები ამესრულებინა. ვიცოდი, რომ ნებისმიერი ოცნება, რასაც ჩავიფიქრებდი, ამისრულდებოდა.ერთ დღეს, სკოლიდან დაბრუნებულს, დედამ შემამჩნია, რომ ხასიათი გაფუჭებული მქონდა:- რამე ხომ არ მოხდა, სოფიო? - თავისი ნაზი ხმით მკითხა. - არ მოგერიდოს, მითხარი.- არაფერი, დედა, უბრალოდ მასწავლებელმა ყველას კითხა ვის რა უნდოდა, რომ გაეკეთებინა მომავალში და ჩემი პასუხით არ ვიყავი კმაყოფილი.- რატომ? - არ ვიცი, თითქოს, არ მაქვს ოცნებები ან მიზნები. ვერ აღვწერ რა შეგრძნებაა, რადგან როცა ამ საკითხზე ვფიქრობ ვერაფერს ვერ ვგრძნობ და არ ვიცი როგორ გამოვხატო.- ჩემო პატარა, მგონი ზედმეტად ნერვიულობ და ფიქრობ. არ არის საჭირო, რომ ცხოვრებაში ყველაფერს სახელი ერქვას. არ არის საჭირო, რომ ჩვენს ყველა ქმედებას ან ჩანაფიქრს რაღაც იარლიყი ედოს. ნუ გამოიტენი ტვინს ისეთი აზრებით, რომლებიც უკან დაგხევს. ყველაფერი კარგად იქნება და მჯერა, რომ ერთ დილას გაიღვიძებ და იტყვი, რომ, აი, ეს ყოფილა ჩემი ოცნება და მე გაუაზრებლად ავისრულე.დედას სიტყვებმა დამაფიქრა. ნამდვილად არ იყო საჭირო, რომ ყველაფრისთვის რაღაც კულტურული მნიშვნელობა მიმეცა და სხვა ადამიანების ტალღას ავყოლილიყავი, მე უბრალოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს შიგნით და ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ბედნიერი ცხოვრება არ მექნებოდა. მე ხომ გარშემო მყავდა ხალხი, რომელიც მთელი გულითა და სულით მიყვარდა. მაგრამ იყო ეს საკმარისი?როდესაც ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, ღმერთისგან გამოგზავნილი ანგელოზი, ჩემი უმცროსი ძმა, ნოე შეემატა ყველაფერი უფრო გაბრწყინდა. მისი არსებობა ჩვენი ურთიერთობის გაძლიერების საფუძველი გახდა. ამ პატარა ხორცის გროვამ მოახერხა, რომ ყველა ჩვენგანის გულები მოიგო და სულ მალე გახდა თითოეულის საუკეთესო მეგობარი.პატარა ნოე თავისი სიჭკვიანით გამოირჩეოდა. ნამდვილად რთული იყო იმის თქმა, რომ ის ჯერ ხუთი წლისაც არ იყო, როდესაც იგი მნიშველოვან საკითხებში, როგორიც იყო მეგობრობა და ურთიერთგაგება, საკმაოდ კარგად ერკვეოდა. მისი გენიოსობა ასევე ვლინდებოდა საუბრებშიც, ყოველთვის რაღაც სასაცილოს წამოგვაძახებდა, რაც საერთოდ არ ჰგავდა ბავშვის ნათქვამს.მისი მოვალეობა იყო, რომ უბრალოდ ეარსება და ამით მივდიოდით დასკვნამდე, რომ საკმარისს აკეთებდა. ყველა ოჯახის წევრი, უმცროსი და უფროსი, იმაზე ვიყავით გადართულები, რომ ნოეს არაფერი მოკლებოდა. პატარა ანგელოზმა ოჯახის წევრებს შორის შეკრა გაუწყვეტელი თოკი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად გვაახლოვებდა.ყოველი ჩქმეტა, ჩახუტება, კოცნა გულიდან მოდიოდა და ნოეს საჩუქრის სახით გადაეცემოდა. ეს პატარა უცხოპლანეტელი ჩემი ტვინის ემოციურ მხარეს მთლიანად იკავებდა და მის ბატონობას გულის არემდეც აგრძელებდა. შეგრძნება მქონდა, რომ ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და მის გარეშე არასოდეს მიცხოვრია.