მოთხრობების კრებული
მოთხრობების კრებული
*
წარმოიდგინე რომ უკუნეთ სიბნელეში ხარ, მაგრამ არა იმიტომ რომ თვალები გაქვს დახუჭული ან ბრმა ხარ.
არა, უბრალოდ იმიტომ რომ შეუძლებელია დაინახო. შენ უბრალოდ ხარ. არსებობ და ყოფნა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. არ არსებობს კარგი და ცუდი, სიბნელე ან სინათლე.
არსებობს მხოლოდ ჰარმონია და თანაარსებობა. თითოეული წუთი არის იდეალური, იმიტომ რომ უბრალოდ არსებობ.
უეცრად რაღაც იცვლება. ხდება ის რაც აქამდე არასდროს გამოგიცდია. რაღაც სრულიად ახალი და უცხო, მაგრამ გრძნობ რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს და უბრალოდ მიჰყვები დინებას.
თავიდან უცნაურად გეჩვენება, რომ სივრცეში მარტო აღარ ხარ. განსხვავებული, სასიამოვნო შეგრძნებები გაბრუებენ და უცნაური შერწყმის სურვილი გეუფლება.
შემდეგ ხდება სასწაული. ორი ნაწილაკი ერწყმის ერთმანეთს და ბადებს ახალ სიცოცხლეს.
*
წარმოიდგინა ხარ ულამაზეს ადგილზე დანარჩენ მცენარეებთან და არსებებთან ერთად. დანარჩენებივით ტკბები მზის გარშემო ტრიალით. არსებობ, და ეს არის შენი სამყარო, რადგან სხვა არასდროს გამოგიცდია. ეს არის ერთადერთი ადგილი, რაც გინახია, იმიტომ რომ აქ დაიბადე და გაიზარდე. შენც სხვა დანარჩენი მცენარეებივით გაიარე ყველაფერი და გამოცადე საკუთარ თავზე, მაგრამ მაინც არის ერთი განსხვავება.
ალბათ გაინტერესებს რა?
ნება მომეცი გაგაკვირვო. ერთადერთი განსხვავება არის სახელი. სახელი, რომელიც შეგირჩიეს და დაგარქვეს. კიდევ უარესი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, შენ მავნებელი ხარ, სარეველა.
საიდან უნდა იცოდნენ მათ რა არის მავნებელი?
ნუთუ ცუდი ხარ, თუ ადამიანებს არ ემსახურები. თუ მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებ. შენ მაინც გესმის, მაგრამ არ გესმის რატომ...
კიდევ ასატანი იქნებოდა უბრალოდ სახელი რომ იყოს. ყველაზე საშინელი ნაწილი ისაა, რომ ყველა პროცესს სხვა დანარჩენი მცენარეების მსგავსად გადიხარ და შემდეგ, ერთ დღეს, იმიტომ რომ სხვა სახელი გქვია მოდიან და თუ იღბლიანი ხარ გჭრიან. თუ არც ისე იღბლიანი ხარ ფესვებიანად გთხრიან და იტანჯები წყლის და მიწის გარეშე სანამ სიცოცხლის ბოლო წვეთი არ ამოშრება შენგან.
*
ცხრა თვე თბილ ბუდეში, დედის მუცელში, საუკეთესო დასაწყისია. შენ მისი ნაწილი ხარ და ნებივრობ სიყვარულში ზრდასთან ერთად. შემდეგ დრო მოდის და სხვა სამყაროში გიბიძგებენ. ამასაც აქვს პოზიტიური მხარე, ხმა რომელიც მეთელი ცხრა თვის მანძილზე ჩაგესმოდა იძენს სახეს, ყველაზე სათუთს, რადგან ის სიყვარულს ასხივებს, განსაკუთრებით შენთვის. შენ ყოველი წამით ტკბები, თან იზრდები და შენს გარშემო სამყაროს შეიმეცნებ.
შენი ინტერესი იზრდება და როგორც კი სწავლობ ადგომას და ნაბიჯების გადადგმას, შენი შეჩერება შეუძლებელი ხდება. შენ გიყვარს აღმოჩენების გაკეთება, მაგრამ შენს გარშემო მყოფებს არც ისე. სამყარო ისეთი უზარმაზარია. ადამიანები ისეთი დიდები არიან თავისი გრძელი ფეხებით და მუდმივად ზემოდან გადმოგყურებენ. როგორც კი ახერხებ და მათ დაუსხლტები, რომ გარემო თავისუფლად შეისწავლო, რაღაც ჯადოსნური ძალით ისინი ხვდებიან და გაჩერებენ. მათი ფეხები და ხელები ისეთი გრძელია რომ მომენტალურად გიჭერენ.
რაც უფრო დრო გადის, უფრო იზრდები და გარშემო სამყაროსაც უკეთ შეისწავლი. თუ მანამდე მხოლოდ შენი სხეული იყო აქტიური, ეხლა შენი ტვინიც აქიურია და კითხვებსაც არ აქვთ ბოლო. გარშემო ადამიანებს უფრო და უფრო ნაკლებად მოსწონხარ. მაშინ უფრო საყვარელი იყავი, როცა არც სიარული და არც ლაპარაკი არ შეგეძლო.
რაც უფრო დრო გადის მოთმინებას უფრო და უფრო მალე კარგავენ. რაღაცნაირად შენს გარშემო უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. შენ უფრო და უფრო ცოტა უფლებები გაქვს. თუ გაბედავ და ლაპარაკობ, გაჩუმებენ. ადამიანები შენს გარშემო უფრო და უფრო მაღლები გეჩვენებიან, მათი ხმაც უფრო და უფრო ხმამაღალია და ისინი უფრო უხეშები ხდებიან. ძალიან ცოტა ადამიანია კარგი შენს მიმართ და მხოლოდ ისინი ზრუნავენ შენზე. მხოლოდ ისინი არიან მზად მოისმინონ შენი თითოეული სიტყვა, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან.
შენს გარშემო სამყარო უფრო და უფრო საშიში ხდება.
შენ საკუთარ თავში იკეტები, მაგრამ ესეც კი აღიზიანებს მათ.
შენ იბნევი.
ისინი ხშირად გცემენ, გიყვირიან,
გამცირებენ. შენ კი ზიხარ გულჩათხრობილი და ფიქრობ:
ნუთუ მათ დაავიწყდათ თავიანთი ბავშვობა?
ნუთუ არ ესმით რომ ერთ დღეს შენც გაიზრდები?
როგორ ჩაგხედავენ ისინი თვალებში?
გაბედავენ?
*
ერთ ჩვეულებრივ დღეს, ერთი კომფორტული ადგილი ვიპოვე. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა ნამდვილად პირველად დამემართა.
ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. ჩემს გარშემო მყოფი ბავშვებისგან ცოტათი განსხვავებული ვიყავი, ამიტომ ჩემი განცდებიც და პრობლემებიც ცოტათი განსხვავებული იყო. სხვებს არასდროს ვუზიარებდი, რადგან მათთან საკმარისად კომფორტულად არ ვგრძნობდი თავს. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. შემდეგ სუნთქვის რიტმს მივყევი. უცნაური იყო, მაგრამ ჩემი გონება ჩემს სახელზე ჩაიციკლა. ნინო, ნინო, ნინო...არც კი ვიცი რამდენჯერ გავიმეორე, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ თითქოს ჩემმა სახელმა მნიშვნელობა დაკარგა. სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა. ისეთი სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ მივყევი. უფრო და უფრო ღრმად ვსუნთქავდი და სიმსუბუქის შეგრძნებაც მატულობდა. თითქოს საკუთარ სხეულში აღარ ვიყავი. სადღაც შუაში ვიყავი, ცაში ვიძირებოდი და უფრო და უფრო მატულობდა ჩემს წინ სივრცე. ჩემს თვალწინ ჩაიქროლა დედამიწამ, მზემ, სხვა პლანეტებმა და თითქოს უფრო და უფრო ღრმად ვიძირებოდი კოსმოსში. რაღაც მომენტში შემეშინდა და წამიერად აღმოვჩნდი ისევ საკუთარ სხეულში. უცნაური გამოცდილებისგან შოკში ვიყავი და ძალიან შემეშინდა. ვერ მივხვდი რა მოხდა. შიშისგან ვერც გაზიარება გავბედე. თითქოს დავივიწყე კიდეც.
წლების მერე კუნდალინის იოგის შეხვედრაზე ვიყავი. ვარჯიშის ბოლოს, მედიტაციის დროს ინსტრუქტორმა გვითხრა საკუთარ თავში ჩაგვეხედა. მეც ჩავიხედე და ჩემს თვალწინ უსაზღვრო კოსმოსი გადაიშალა უზომოდ ბევრი ვარსკვლავებით და საოცარი სიმშვიდის შეგრძნებამ დაისადგურა ჩემში. ბავშვობაში განცდილი გამოცდილება გამახსენა, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემში ისე რომ ვერც კი მივხვდი.
ეს ორი ყველაზე გასაოცარი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც ძალიან ბევრი მასწავლეს.
მივხვდი რომ სულერთია რა მიმართულებით იმოგზაურებ გზა ერთნაირია, რადგან მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საკუთარი თავის აღმოჩენის და შემდეგ მისი მე-დან ჩვენ-ად გარდასხვის გზა. რადგან მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ
ჩვენ ვარსებობთ როგორც ერთი მთლიანი. განცალკევება ილუზიაა და იმ მომენტიდან როცა ამას ვაცნობიერებთ ენით აღუწერელი კმაყოფილების და სიმშვიდის განცდა ისადგურებს ჩვენში.
ჩვენ ვიტანჯებით, რადგან გვჯერა რომ მარტო ვართ, მაგრამ როგორც კი ვიხსნებით თითქოს ყველაფერს აზრი აქვს და მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულით ვივსებით ყველას და ყველაფრის მიმართ.