სიყვარულის ელეგია
სიყვარულის ელეგია
სიყვარულის ელეგია
-ცხრა მთა და ცხრა ზღვა უნდა გადაიარო, ის რომ იპოვო.
- მე ჩემი ქუჩის თავთან შევხვდი.
რთული იყო შეყვარება მაშინ. თვალი რომ გაგეპარებინა ბიჭისკენ, ცოლადაც უნდა გაჰყოლოდი. თუ არ გაჰყვებოდი, სხვაც არავინ მოგიყვანდა და შენთვის აჯობებდა, ენას კბილს თუ დააჭერდი, გულის ხმას ყურს არ დაუგდები და უკიდურეს გადაღლამდე გააჩენდი ბავშვებს. ასე გათხოვდა ანაც, ნანაც და ჩემი საყვარელი მაკაც. მეც ასე გავთხოვდი. ან თავს ვაჯერებდი, ნამდვილად ასე იყო-მეთქი. იმ დღეს, როცა გივიკოს მონატრება და ჩემთვის ჩვეული მელანქოლია გამიძლიერდა, მაკამ მომაკითხა.
-კარგი კაცი იყო გივიკო, -თქვა და კედელზე დაკიდებულ მის სურათს გახედა, -მამაც საუკეთესო იყო და ქმარიც. კი-მეთქი, თავი დავუქნიე. არ შემეძლო მასზე წარსულში საუბარი, არც სხვა თემაზე შემეძლო რამის თქმა. მაგიდასთან ვისხედით და ყავას ვსვამდით. ზამთრის ისეთი ამინდი იყო, როცა გინდა თბილ ადგილას მოიკალათო და არაფერი გადარდებდეს.
-გახსოვს, ამ ჭიქებში რომ ჩავახედეთ ერთ ბოშა ქალს?,- მკითხა მოულოდნლეად მაკამ და ჭიქა სახესთან ახლოს მიიტანა, რომ კარგად შეეთვალიერებინა. მახსოვდა. ჩემი სამზითვო სერვისი იყო. ჯერ კიდევ თინეიჯერები ვიყავით, ჩემი სახლის კარებთან ბოშა ქალი რომ შეგვხვდა და გვითხრა, თქვენი საბედოების სახელს გეტყვით, თუ ახლავე გაამზადებთ ყავასო. მე ვიფიქრე, რომ საბედოს ნახვას განსაკუთრებული ფინჯანი სჭირდებოდა და სამზითვო ჭურჭლეულობის სკივრს მივვარდი, დიდი ვაივაგლახით ამოვაძვრინე სამი ჭიქა.
-მახსოვს,- ვუთხარი და გამეღიმა.
-შენ გითხრა, სამ საბედისწერო კაცს შეხვდებიო და კინაღამ გულზე დაგარტყა,- ხმამაღლა გაიცინა მაკამ. კი, ნამდვილად ასე მითხრა ბოშამ, სამი კაცი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და მხოლოდ მესამეს აირჩევ ქმრადო. ხელების კანკალით დავდე ჭიქა მაგიდაზე. შეუძლებელი გახდა ძილი იმ ღამეს, მხოლოდ გამთენიისას ჟან ჟენეს წიგნზე თავჩამოდებულს ჩამეძინა და ალბათ, კიდევ მეძინებოდა, რომ არა მარიამის გაუთავებელი რეკვა, დედა, სად ხარ, რამდენი ხანია გირეკავო. მარიამი ჩემი და გივიკოს პირველი სიხარული იყო. მისი ყოველი დილა ჩემი მოკითხვით იწყებოდა.
ბაცი განათება მქონდა ოთახში, თავი და თვალები რომ არ ამტკივებოდა, მაკა დივანზე იყო მიწოლილი და მკერდთან ოდნავ შეღეღილი მაისური ეცვა. კარგი გენეტიკა დაჰყვა, არ მოუმატია ასაკში ჩემსავით. თმას ყოველ კვირა ქერად იღებავდა და ფრჩხილებზეც მუდმივად ლაქი ესვა. ეს არ იყო ქალობაში მთავარი, მაგრამ რაღაცას მაინც ნიშნავდა. პარკიდან მისი მოტანილი ბროწეულები ამოვალაგე. ცალკე შეფუთვაში სახის კრემი იდო.
--ფრანგული ბრენდია, ჯერ მეც არ მიცდია, ამბობენ, ლოკოკინის შრატზე უკეთესიაო,-მითხრა.
-ნეტავ, მიშველის რამეს?,-ხუმრობა ვცადე.
-ჯერ ძალიან ადრეა შველაზე საუბარი,-თქვა და თვალები ოდნავ დახუჭა,- პიტნის ჩაის დავლევდი.
-ახლავე გავაკეთებ,-ბროწეულები, კრემი და ჟან ჟენე მაგიდიდან გადავწიე და ორი ფინჯანი დავალაგე.
-ასე მეგონა ჩემი ცხოვრება მორჩა, ორმოცს რომ გადავცდი,-თქვა მაკამ და ჩვეული ჟესტით ყურებს უკან გადაიწია თმა,-ყველაფერი ერთფეროვანი გახდა, თითქოს მთელი ცხოვრება ელოდები, როდის მიუახლოვდები ორმოცს..
-უფრო სწორედ, ელოდები, რაც შეიძლება გაიწელოს მასთან მიახლოების დრო,-შევაწყვეტინე.
-მერე ხდები ორმოცის და თითქოს თმები უფრო სწრაფად გიჭაღარავდება, თვალების გარშემო მეტი ნაოჭი გაქვს, შენი საუბარიც უვარგისი ხდება,- გააგრძელა საუბარი.
-და თითქოს მისაღწევი არაფერი დაგრჩა, დაქორწინდი, შვილებიც გყავს, რაც გინდოდა, ყველაფერი მოხდა,ან იჯერებ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ზუსტად ის გინდოდა,-ხმადაბლა ვამბობ, ისე თითქოს მას კი არ ვეპასუხები, მის საუბარს ვაგრძელებ და ფინჯნებში ჩაის ვასხამ. ჯერ ისევ ისეთი ცივი ზამთარია, სიმარტოვეს რომ უფრო აუტანელს ხდის. დივანზე ვიკალათებ, მის ფეხებთან და ფინჯანს მუხელბზე ვიდებ, მსიამოვნებს ჩაისგან გაცხელებული ჭიქა თითებს რომ მითბობს და ისეთ სიმყუდროვეს ვგრძნობ, თითქოს არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი საყვარელი ადამიანი არ დამეკარგოს.
-მაგრამ ხომ მაინც ვერ იტყვი, უბედური ვარო?,-ვეკითხები და მისკენ ვტრიალდები.
-არა, მაგას მხოლოდ ისინი იტყვიან, ვინც ვერც დაქორწინდნენ და ვისაც შვილებიც არ ჰყავთ,-დარწმუნებულად ამბობს, მაკვირვებს,-გემრიელი ჩაია, როგორც ყოველთვის.
- მაგრამ ვერც იმას ამბობ ბედნიერი ვარო,-ვცდილობ ნაკლებად პირდაპირი ვჩანდე.
-ჰო, ეგ რთულია. შეიძლება ვარ კიდეც და არ ვიცი. შეიძლება ვერ ვხვდები, რადგან არ გამომიცდია, რას ნიშნავს უქმროდ და უშვილებოდ ყოფნა, რომ შევადარო,-ისე საუბრობს, ვხვდები, ამაზე ბევრი უფიქირია, მარჯვენა მხარზე წვება, სახით ოთახისკენ, მე არ მიყურებს. არაფერს ვამბობ, ვიცი, თვითონვე გააგრძელებს.
-გტკივა, როდესაც იაზრებ, რომ ვერ იპოვე ის სიყვარული. ორმოც წლამდე შეიძლება ჯერ კიდევ გჯერა, იმედი გაქვს, მაგრამ ზუსტად შენი დაბადების დღეს ძალიან მარტოსულად გრძნობ თავს და ხვდები, უკვე გასათხოვარი კი აღარ ხარ, დაუოჯახებელი ხარ, -მარცხენა ხელს ძალიან ნელა უსვამს ფინჯნის ზედაპირს,- მე ეს ტკივილი წარმოდგენით ვიცი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ალბათ ბედნიერი ჰქვია ამასთან შედარებით.
-ჰქვია კი?,-ვცდილობ არ ვიყო მტკივნეული.
-არ ვიცი,-რამდენიმე წამით ჩუმდება,-მინდა, რომ ერქვას,-ამატებს პაუზის შემდეგ,-სულ მცირე, მეზობლები მაინც არ აღნიშნავენ ჩემს მარტოობას. მხოლოდ მე ვიცი,-გამომხედავს,-და ალბათ შენც, ხანდახან.
გულის სიღრმეში ვეთანხმებოდი ბედნიერებაზე. მტკივნეული იქნებოდა იმ ფაქტის გააზრება, რომ შენს ცხოვრებაში ვერ გადაიკვეთე იმ დიდ სიყვარულთან, რომელზეც თუნდაც ძალიან ირონიულად, მაგრამ ერთხელ მაინც გაგეფიქრებოდა. ეს შეიძლება შენი ნაკლითაც გამოწვეულიყო და უპირატესობებითაც. იქნებ, შენმა გარემომ არ მოგცა შანსი შენი მოცემულობის ადამიანს შეხვედროდი, ვინც ისე მოგისმენდა, როგორც გჭირდებოდა, ისე მოგეფერებოდა, რომ თავს მშვიდ და დაცულ გოგოდ იგრძობდი, პატარა ქალად, რომელიც ეს-ესაა აღმოაჩენს თავის სექსუალობას და მზად არის სხვისთვის თავის მისაძღვნელად. იქნებ, იქ დაიბადე, სადაც რთული იყო შენი გაგება და იმის გამო, რომ არ ესმოდათ, გკიცხავდნენ კიდეც. ალბათ, რამდენი ბრძოლის გამოვლა დაგჭირდა, რომ სათვალავში არ ჩაგეგდო სხვების აზრები, ალბათ, ტიროდი კიდეც ჩაძინებამდე, იქნებ, გინდოდა ერთადერთი სიყვარულისგან თუ არა,სხვა ვინმესგან მაინც მიგეღო შუბლზე კოცნა, ხელებზე კოცნა, ან ტუჩებზე, მაგრამ გაბედვა გაგიჭირდა, მარტივი ხომ არაა, ადგე და შენში ბავშვობიდან ფესვგადგმულ მორალს უარი უთხრა და გულის სიღრმეში ღრმად გამჯდარ რწმენასაც, რომ ორმოც წლამდე იქნებ გამოჩნდეს...
იმ ღამეს ჟენე არ წამიკითხავს. დავწექი თუ არა, ჩამეძინა.
ასე გადიოდა ჩემი დღეები, ვიღვიძებდი, მარიამისგან ზარს ვიღებდი, შემდეგ მე თვითონ ვურეკავდი გიორგის და ნიკუშას, ჩემი და გივის კიდევ ორ დიდ სიხარულს და ვკითხულობდი. მაკა მსტუმრობდა ხოლმე საღამოობით და მასთან საუბარი იყო ჩემი ერთადერთი გასართობი სოფლის ერთფეროვნებაში. ზოგჯერ მეზობლებიც გამოივლიდნენ, ჭიქა ყავაზე და იმის სანახავად, როგორ ვუმკლავდებოდი ცხოვრებას ამჯერად უკვე მარტოდმარტო. ერთადერთი ფიქრი, რაც მოსვენებას არ მაძლევდა, ბოშა ქალის მოგონება იყო. მაკასთან საუბრის შემდეგ ცხადად აღვიდგინე გონებაში მისი ნათქვამი ყველა სიტყვა და კიდევ ერთხელ გადავითვალე თითზე კაცები-მურო, გიორგი, გივი. კი, გივი იყო ცისფერთვალება, ლამაზი ღიმილით, ნაიარევი უნდა ჰქონოდა კისერთან ახლოს და ჰქონდა კიდეც. რაც მთავარია მესამე იყო. როგორც მან მითხრა, მესამე კაცზე დავქორწინდი.
მე თბილისში ვსწავლობდი მაშინ, ეკონომიკის ფაკულტეტზე, როცა ჩემს თანასოფელ გივის გულში ჩავუვარდი. ბევრი ბიჭი იყო ჩემით დაინტერესებული და გივისთვის არც კი მიმიქცევია ყურადღება. ორი წელი იწვალა საწყალმა და ერთ დღეს მეც გადავწყვიტე ჩემი თავი მისთვის მიმეძღვნა. სოფელში დარხეულა ჩვენზე ჭორები და სხვანაირად არ იქნებოდა ლამაზი. გივიც არ ჩანდა ცუდი ბიჭი, გონიერიც იყო, შეძლებული ოჯახიდანაც და შესახედაობასაც არ უჩიოდა. სხვა რა უნდა მდომოდა? ჩემი სოფლელი ქალებისგან განსხვავებით მე არ მოვუტაცივართ. ყველა იცნობდა მამაჩემს.. რაღაც თანამდებობის იყო. მომიტაცებდნენ და მასთან ექნებოდათ საქმე. მასთან ჩემზე დასალაპარაკებლადაც ვერ მოდიოდნენ, თუმცა მეზობლებისგან ვიგებდი, რომ ბევრს ვუნდოდი სარძლოდ. მამაჩემის შვილობამ მომცა უპირატესობა, ის ამერჩია ვინც მინდოდა, ჩვენ არასდროს არაფერი გვაკლდა, სასმელიც გვქონდა და საჭმელიც, დასასვენებლადაც დავდიოდით და კარგადაც გვეცვა. ჩემთვის გათხოვება თავის შველა არ იქნებოდა და როგორც დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, კარგი იქნებოდა, თუ პირიქით არ ვიზამდი და თავს არ დავიღუპავდი. ამიტომ გივის მხოლოდ იმიტომ გავყევი, რომ ყველანაირად მისაღები იყო და ერთ დღეს უნივერსიტეტის შენობასთან ჩემმა კურსელმა ნონამ დაინახა, როგორ მაკოცა ტუჩებში. დარმწუნებული ვიყავი, მთელ სოფელს ეცოდინებოდა. მამაჩემს სახელს ვერ გავუტეხავდი.
-კი მაგრამ, გიყვარს?,- მკითხა მაკამ, როგორც კი ერთმანეთთან საუბრის საშუალება მოგვეცა.
-ეს არ არის მნიშვნელოვანი ახლა,-ძალიან დარწმუნებულმა ვუპასუხე.
-ხომ იცი, რომ მთელი ცხოვრება მისი ცოლობა მოგიწევს და თუ არ გიყვარს..,-არ ვიცი რატომ ცდილობდა ახლა ჩემს გამოფხიზლებას. ძალიან დაგვიანებული იყო.მსხლის ხესთან ვიდექით იმ ეზოში, რომელიც გივის ოჯახს ეკუთვნოდა და შიგნით ჭამა-სმა იყო გამართული, დოლ-გარმონის ხმა ისმოდა, ჩვენს შეუღლებას აღნიშნავდნენ.
-მიყავრს,კი, მიყავრს,-ისე ვუპასუხე, ცხადი იყო, მხოლოდ მაკას გასაჩუმებლად ვსაუბრობდი.
-და უნივერსიტეტი?,-არ ნებდებოდა მაკა.
-დავამთავრებ,-არ ვიყავი დარწმუნებული ნამდვილად ასე მოხდებოდა თუ არა, რადგან გივიმ სწავლა ზუსტად მაგ წელს დაასრულა და ახლა ალბათ სოფელს დაუბრუნდებოდა და აქვე იპოვიდა სამუშაოს.
-აი, პატარძალიც დაგვიბრუნდა,-შესძახა თამადამ, როგორც კი მე და მაკა სუფრასთან დავბრუნდით,- იყავით დიდხანს, სულ ასე სიყვარულით გიციმციმებდეთ ეგ ლამაზი თვალები და თქვენი ბავშვები მოედოს სოფლის ყოველ კუთხე-კუნჭულს,-თქვა თუ არა, უზარმაზარი ყანწი ერთი ამოსუნთქვით დაცალა. თავდახრილი ვიდექი სუფრის თავში, გივის გვერდით, გრძელ სადღეგრძელოებს ვისმენდი და არაფერზე ვფიქრობდი. თითქოს ჩემი კი არა, მანანას ქორწილი იყო, ჩემი კურსელის, სულ ორჯერ რომ მყავდა ნანახი.
მაკა ჩემამდე მოიტაცეს, მეზობელ სოფელში. დავითი ძალიან შეძლებული და კარგი ოჯახისშვილი იყო. მაყრიონი დაუყოვნებლივ დაადგა გზას იმ იმედით, რომ მაკას დააბრუნებდნენ, მაგრამ იქ დანახულმა სიტუაციამ თავიანთ გეგმაზე ხელი ააღებინა. დატოვეს იმ დიდებულების გამო, რასაც იმ დროს სოფელში ერთი-ორი კაცის სახლში თუ ნახავდით. მაკაც არ ჩანდა დიდად წინააღმდეგი, პირიქით, თვალებიც კი უციმციმებდა სიხარულისგან. გრძელი ღია ფერის თმები მხრებზე ჰქონდა გადაშლილი და თითქმის დავითის სიმაღლე, მეტისმეტად გამხდარი, წელში ლამაზად გამოყვანილი კოჭებამდე გაშლილი კაბით თავმომწონედ იდგა სუფრის თავთან.
კარგად შეგუებული იყო მაკა დიასახლისობას, როცა ჩავაკითხე. ეგრევე ქაფქაფა ყავა გამიმზადა და თავის ოთახში წამიყვანა საჭორაოდ. სარკის გარშემო სავსე იყო მისი პარფიუმერიით, მოსკოვიდან ჩამოტანილი სუნამოებით და ულამაზესი ფერის თვალის ჩრდილებით. პატარა სკამთან გვერდულად ჩამოჯდა, რომ თან მსუბუქი მაკიაჟიც გაეკეთებინა და თან მეც ვყოლოდი მხედველობის არეალში, კაბა მუხლებამდე აიწია და ოდნავ წინ გადაიხარა, შავი ფანქრით თვალები რომ კარგად მოეხატა.
-კარგი ბიჭია დავითი,-მითხრა და ალმაცერად გადმომხედა.
-მეც ეგრე მგონია,-გავუცინე,-კარგია, რომ მოგწონს და ახლა ამის ნაცვლად წუწუნის სმენა არ მიწევს,-საწოლზე გადავწექი, იდაყვებზე დაყრდნობილი ვუყურებდი.
-ნამდვილად, კარგი ქმარი გამოდგა. თბილი, მზრუნველი,-პაუზა გააკეთა,-ისევ გადმომხედა გვერდიდან,-და როგორც მამაკაციც კარგია,-ოდნავ ღიმილით თქვა და ტუჩების მოხატვაზე გადავიდა.
მივხვდი რასაც გულისხმობდა და ლოყები ამეწვა, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან უახლოესი მეგობრები ვიყავით და თემა არ იყო,რაზეც არ გვესაუბრა, მაინც უხერხულობა ვიგრძენი და ზედიზედ ორჯერ მოვსვი ყავა.
-არაფერი მტკენია, პირიქით, პირველივეზე ძალიან მომეწონა,-თქვა და მაკიაჟის კეთებასაც მორჩა, ჩემთან გადმოინაცვლა საწოლზე, მარჯვენა ფეხი შემოიკეცა და მუხლებზე შემოდებულ ყავის ფინჯანს თითები შემოავლო.
-ნუ იყურები ასეთი დამფრთხალი, -თვითონვე გააგრძელა, როცა მიხვდა, რომ ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი,- ეს ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ჩვენი მეგობრობა. ერთ დღეს შენთანაც ხომ უნდა მოხდეს?
-ჩემთანაც უნდა მოხდეს,- ვთქვი ლამის ჩურჩულით, ყავის ფინჯანი საწოლთან მდგარ კომოდზე შემოვდე და ზურგზე წამოვწექი, ხელები გულზე დავიწყვე და მათი საწოლის თავზე დაკიდებულ ჭაღს დავუწყე თვალიერება. ამ საწოლმა დაიმახსოვრა ყველა ვნება და სინაზე, რაც ახალშეუღლებულმა წყვილმა გამოსცადა ერთად ყოფნის მცირე ხნის განმავლობაში. ამ საწოლზე წოლითაც უხერხულად, ზედმეტ, მესამე პირად ვგრძნობდი თავს.
-ჰოდა, არ შეგეშინდეს, თურმე არც სიყვარულია მთავარი ამისთვის,- თქვა, მანაც გადადო ფინჯანი და გვერდით მომიწვა, ახლა ორივენი მისი ოთახის ჭერს ვუყურებდით,- შეიძლება მისი გამოხედვა, ხმა, ან სუნიც საკმარისი იყოს ამისთვის, ან მისი ავტორიტეტი,-მცირე პაუზის შემდეგ დაამატა,-მშვენიერია იმის ნახვა, როგორ უგდებენ ყურს მის ყოველ სიტყვას,-მშვიდად და ბედნიერებისგან ამოიხვნეშა და ჩემკენ შემოტრიალდა,- და უფრო მშვენიერია იმის ნახვა, როგორ გიგდებს ყურს შენ, როცა ოთხაში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ.
-სულ არ გეშინოდა?,-ვკითხე, როცა გაჩუმდა, რადგან ვიგრძენი, რომ დრო იყო, რაიმე მეთქვა.
-სულაც არა, როცა საძინებელში მარტო დავრჩით, ასე მეგონა, თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ძილში მქონდა გატარებული. ვფიქრობდი, თითქოს დედამიწაზე სხვა ქალი არ არსებობდა მისთვის, ერთადერთი ლამაზი და სასურველი მე ვყავდი, ჩემთან უნდოდა დაბერებაც და უთვალავი ბავშვის გაჩენაც,- არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს რომ მოვისმინე, თვალები ცრემლებისგან დამისველდა და თავს არ დავატანე ძალა,რამე მეპასუხა.
-რა სულელი ხარ,-თვითონვე დაარღვია დუმილი და გადამეხვია.
ასე მეგონა, ბავშობა მხოლოდ მაკასთვის კი არა, ჩემთვისაც მორჩა. ხმაგაკმენდილი ვიწექი მაკას სიყვარულით სავსე საწოლზე და ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველებ კაცებზე დავფიქრდი.
***
სულ სამი კაცი იყო ჩემს ცხოვრებაში: მურო, გიორგი და გივი. სამივე კაცს თავისი ნიშა ჰქონდა, თავისი სურნელი, სამივე მათგანი რაღაც განსაკუთრებულს მახსენებდა ჩემი ცხოვრებიდან და სითბოს და მზრუნველობის განცდას მიჩენდა. მურო დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაშინ ცამეტის ან თოთხმეტის თუ ვიქნებოდი. ბებიასთან მგზავნიდნდნე ხოლმე დასასვენებლად ზაფხულობით მეზობელ სოფელში, ულამაზესი ბუნება იყო, სუფთა მდინარე, სადაც ბევრი ჩემი თანატოლი იყრიდა თავს, ცოტათი ზაფხულის სიცხისთვის რომ თავი დაეღწიათ და უფრო მეტად ბავშვური სიცელქით შეექციათ თავი. მე ადგილობრივ თანატოლებთან შედარებით უფრო თავდაჭერილი და ცოტათი მორცხვიც ვიყავი. განსაკუთრებით მერიდებოდა იმ ბიჭების მზისგან გარუჯულები, დაკუნთული ხელებით სალტოებით რომ ხტებოდნენ წყალში და გადახტომისას ისე ყვიროდნენ, გეგონებოდა, მთელი ზამთარი ერთ ოთახში ჰყავდათ მშობლებს გამოკეტილი და ხმის ამოღების საშუალებას არ რთავდნენ. ერთ რომელიღაც შუადღეს საგულდაგულოდ გავემზადე მდინარეზე წასასვლელად, ბებიაჩემის რუმიანით ლოყებიც კი შევიფერე, მეზობელ გოგონებს კარებთან დავუცადე და მათთან ერთად გავემართე საფხულის მორიგი მხიარული თავგადასავლისთვის,რომელსაც მალე დასრულების პირი უჩანდა, რადგან არდადგები ერთ კვირაში იწურებოდა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა იმ დღეს, მდინარის სანაპირო სავსე იყო გასარუჯად წამოწოლილი გოგონებით და ბიჭებით, ისევ ისეთი, ბავშვური ჟრიამულის ხმა ისმოდა, როგორც ყოველ დღე, ერთი ის იყო, რომ მურო, რომელიც აქამდე ყურადღებასაც არ მაქცევდა და ბიჭებთან ყოფნას ამჯობინებდა, ამჯერად განსაკუთრებით დაინტერსებულიყო ჩემით და გვერდიდან არ მცილდებოდა. როცა მდინარეში ჩავედი, შეუმჩნევლად ისიც ჩამომყვა და როცა იმ ადგილისკენ გავცურე, სადაც წყალი ღრმავდებოდა, გადაწყვიტა, რომ გამოსალაპარაკებლად შესაფერისი მომენტი იყო.
-აქ ბანაობა საშიშია,-ერთი ამოსუნთქვით მითხრა და წყალში ჩაყვინთა.
-ვიცი,-ჩავიფრუტუნე ჩემთვის და უფრო შორს გავცურე.
-დახმარება რომ დაგჭირდეს, ვერავინაც ვერ დაგეხმარება, არავის არ აქვს შენი აზრი,-მითხრა და ნაპირისკენ გაიხედა, სადაც მართლაც ყველა თავისი თავით იყო გართული.
-არ დამჭირდება,-ვუთხარი და უხერხულობისგან, რომ ვიღაც უცნობი ბიჭი ჩემს ჯანმრთლობაზე ღელავდა, უფრო მაგრად მოვუსვი ხელები.
არაფერი გვითქვამს ამის მეტი, მე მონდომებით ვუსვამდი ხელებს და არ ვიტყობდი, რომ უკვე ძალა არ მყოფნიდა, ცურვის გასაგრძლეებლად, მურო კი გვერდით მომყვებოდა იგივე სისწრაფით და მონდომებით, ისიც არაფერს ამბობდა და ისეთი უდრტვინველი სახე ჰქონდა, თითქოს ამხელა მდინარეში თავისი ნებით კი არ დაცურავდა ჩემ გვერდით, არამედ მდინარის სივიწროვის გამო სხვა გზა არ ჰქონდა.
მომდვენო დღეები წვიმდა და საბანაოდ ვერ გავედით. სახლში მოდიოდნენ გოგონები და ძირითადად, ჭორაობით ვიქცევდით თავს. არ ვიცი რომელ გოგოს დაებადა თავში იდეა, რომ ზაფხულის გამოსამშვიდოდბებლი საღამო მოგვეწყო, მაგრამ ყველას იმდენად დაგვიჯდა ჭკუაში, რომ ჩვენ-ჩვენ მშობლებს მივმართეთ თხოვნით. ეს ამბავი ბებიაჩემმა იკისრა, უზარმაზარი სუფრა გაგვიშალა, ყველანაირი ტკბიულეულით და სასუსნავით, ყველაფერი იყო, რაც გაგვიხარდებოდა. მთელი სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა ჩვენთან. ამ ამბით ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან სხვა დღეებში დიდად არ მეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, ახლა კი ბებიასთან გამართულ ზეიმზე აუცილებლად იგრძნობდნენ ჩემს არსებობასაც. ასეც მოხდა, იმ დღეს ყურადღების ცენტრში მოვექეცი, თითქმის ყველა ეცადა ჩემთან გამოლაპარაკებას და კომპლიმენტების თქმას. არც მურო აღმოჩნდა გამონაკლისი.
-ლამაზად გაქვს თმები,-მითხრა და აივანზე, სადაც ცოტა ხნით სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გამოვედი, ჩემ გვერდით დადგა.
-დიდი მადლობა,-ვუთხარი და თმებს უხერხულად წავავლე ხელები. სიბნელეს გავყურებდი აივნიდან და პრეტენზიას ოდნავადაც არ გამოვთქვამდი იმ სიჩუმეზე, რაც ჩვენ შორის პატარა დიალოგს მოჰყვა.
-კარგი, მაშინ მე შევალ,-მითხრა და ისე რომ პასუხს არც დაუცადა, ოთახში შევიდა და მალევე მისი მეგობრების ჯგუფს შეუერთდა სუფრასთან.
ის მშვენიერი საღამო დიდებული ცეკვით დავასრულეთ. ყველანი დაწყვილდნენ და რადგან ცეკვის სურვილისთვის მზაობა არც მე გამომიჩენია და არც მუროს, ცარიელ სუფრასთან ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით. ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ დღეს ჩვენი თანატოლებით გადავსებული, ბებიაჩემის ულამაზესად მორთულ ოთახში მე და მურომ ვიცეკვეთ, მე და ჩემი ცხოვრების პირველმა სიყვარულმა. მას მამამისის სუნამოს სუნი ასდიოდა, ჩემს ლოყებზე კი ბებიაჩემის ფერუმარილის სუნს იგრძნობდი. მხოლოდ თითის წვერებით ვეხებოდით ერთმანეთს. როცა მუსიკა მორჩა და ყველამ შეწყვიტა ცეკვა, ერთმანეთს თვალებშიც ჩავხედეთ.
ამ ამბის შემდეგ ისევ ჩვეული ტემპით განვაგრძე ცხოვრება, ლაღი ბავშვობა მქონდა, მშობლების ნებიერა იყოო, ჩემზე იტყდონენ. შიგადაშიგ მახსენდებოდა მუროც, მისი მზისგან დამწვარი მხრები და ლოყები, მისი სუნამოს სუნი ზაფხულის გამოსამშვიდობებელ საღამოზე, ჩვენი ცეკვა და სიკეთისგან სავსე თვალები, მაგრამ ჩემს ყოველდღიურობაში მისი ადგილი არ იყო და როცა მასზე ფიქრები შემომიტევდნენ, დაუყოვნებლივ ვდევნიდი ხოლმე. ბეჯითად მეცადინეობაში გაილია ის სასწავლო წელი, ზამთარში დასასვენებლადაც ვყავდით, ნელ-ნელა სუსხი გაიფანტა, გაზაფხულიც მოვიდა,ახასხასდა მდელო, ყვავილებიც გაიშალნენნ, სულ სხვა სურნელი დატრიალდა ჰაერში, გულიც სხვანაირად მიცემდა და მალე ის დიდებული ზაფხული დადგა, რომელსაც ყოველ წელს ასე სულმოუთქმელი ველოდი ხოლმე.
მას ისევ იქ შევხვდი, მდინარეზე, მეზობელ გოგო-ბიჭებთან ერთად. ნაპირს რომ მივუახლოვდით, ძალიან ზოგადი, მოკრძალებული სალამი გვითხრეს, ასევე ზოგადად გამოგვკითხეს ვინ რას ვაკეთებედით ამ ერთი წლის განმავლობაში. არც მე გამიღია ხმა და არც მუროც.
ცოტა ხანში, როცა კლდის იმ შვერილზე ჩამოვჯექი, რომლიდანაც განსაკუთრებით მიყვარდა მდინარის და ბავშვების მხიარულობის ყურება, მომიხალოვდა.
-თმები ძალიან გაგზრდია,-მითხრა,არ შემოუხედავს ჩემთვის, იქით იყურებოდა, სადღაც, შორს, ჰორიზონტზე.
-კი, გაიზარდა,-ვუპასუხე და შევნიშნე, რომ ხმა დაბოხებოდა და ძალიან აეყარა ტანი.
-მოგენატრა აქაურობა?,-მკითხა ისევ ისე, სასხვათაშორისოდ. ახლა უფრო თამამი იყო, მეტად თავდაჯერებული და გამბედავი.
-მომენატრა, კი. მიყვარს აქაურობა,-ვუთხარი გულწრფელად.
-გინდა გადავხტეთ?,-მკითხა და ხელით წყლისკენ მანიშნა.
-მინდა,-ცოტა ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე. წამოდგომაში რომ დამხმარებოდა, ხელი გამომიწოდა და შემდეგ სამამდე დაითვალა. ზუსტად იმ წამს, როცა უნდა გადავმხტარიყავით, ჩემი მზადყოფნის შესამოწმებლად, გამომხედა. ერთი წლის შემდეგ ჩვენი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს. ფიქრის დრო არ იყო, გადავხტით.
ბევრი ვიწრიალე იმ ღამეს, თუმცა არაფერი მაწუხებდა, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი. გამიხარდა ბავშვებთან შეხვედრა, მათი ამბების მოსმენა, მათი ჟრიამულის ფონზე მდინარის ღრმა ნაწილებისკენ გაცურვა. განსაკუთრებით კი მუროს ნახვა გამიხარდა. უკვე მოესწრო მზის მოკიდება კანზე, მისი ხმა აღარ ჰგავდა ჩემი თანატოლი ბიჭის ხმას, უკვე კაცი იყო, მხრებიც უფრო გაგანიერებოდა და არც ჩემთან საუბრის დროს წითლებოდა ძველებურად. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვეულო გამბედაობით მესაუბრებოდა. გამომკითხა ყველაფერი, რითი ვიყავი დაკავებული მთელი ზამთარი და გაზაფხული, როგორი იყო ჩემი სწავლასთან დამოკიდებულება, რა გეგმები მქონდა სამომავლოდ, მომწონდა თუ არა ვინმე. ამაზე რომ არაფერი ვუპასუხე, მხრები აიჩეჩა და მუცელზე გაწვა. ვუყურებდი მის მზისგან გაწითლებულ ზურგს, ხელებს, რომლებიც იდაყვებში მოეხარა, რომ თავქვეშ კომფორტულად ამოედო, მის წელს ოდნავ ქვემოთ მოქცეულ საცურაო კოსტუმს, გრძელ და ძლიერ ფეხებს და არ ვიცოდი, რა მეპასუხა მის კითხვაზე.
ყველა კითხვას პასუხი ნელ-ნელა გაეცა, თანდათან შევნიშნე, რომ, როცა სანაპიროზე ყველანი შევიკრიბებოდით, მურო კი არ ჩანდა, იქნებ სულაც განზრახ იგვინებდა, ვიწყენდი და მდინარეში საბანაოდაც არ ჩავდიოდი, მარტოდმარტო ვიჯექი ხოლმე სანაპიროზე და მზეს ვეფიცხებოდი. როცა გამოჩნდებოდა და ჩემს გვერდით მოიკალათებდა, თავს ისევ უხერხულად, მაგრამ იმ პატარა განაწყენებულ ბავშვად ვგრძნობდი, რომელიც ეს-ესაა ტირილს დაიწყებდა, მისთვის თავზე ხელი რომ არ გადაესვათ. აგვიანებდა, მაგრამ მაინც მოდიდოდა ხოლმე და ყოველთვის ჩემ გვერდით იჯდა ნაპირზე, ჩემ გვერდით დაცურავდა მდინარის ღრმა ნაწილებში და ჩემთან ერთად ხტებოდა კლდიდან.
წვიმებიანი კვირის შემდეგ, როცა ყველანი მეტისმეტად გამოვიკეტეთ ჩვენ-ჩვენ სახლებში და მოწყენილობისგან არ ვიცოდით, რა გვეკეთებინდა, როგორც იქნა ისევ გამოანათა მზემ, ისევ მთელი მონდომებით გამოვიპრანჭეთ გოგონები და კვლავ მდინარის სანპიროსკენ გავეშურეთ.
-აქეთ მოიწიე,-მითხრა მურომ, როცა დამინახა. მივუახლოვდი.
-მოდი, აქ დაჯექი,-ხელით მანიშნა მის გვერდით ადგილზე,-რა გჭირს, არ გიკბენ,-მითხრა და გაიცინა. დავჯექი, როგორა ხარ-მეთქი, ვკითხე. კარგად ვარ, მოვიწყინე და მომენატრეო. ისე დავიბენი, რომ იქვე დაგდებულ ქვას ხელი ვტაცე და წყალში გადავაგდე, შემდეგ ავდექი და სასწრაფოდ შევედი წყალში, ყველაზე ღრმა ნაწილისკენ გავცურე. არ გამომყოლია მურო. მდინარის ნაპირიდან მიყურებდა. არ გამიხედავს მისთვის, მაგრამ ვგრძნობდი მწველ მზერას. უფრო შორსაც გავცურავდი, რომ შემძლებოდა. ნაპირზე რომ ამოვედი, არც მაშინ მომახლოვებია. კრინტიც არ დაუძრავს, მხოლოდ ნაძალადევი მხიარულებით უსმენდა მისი მეგობრები როგორ ამასხარავებდნენ ერთ თანასოფლელ ბიჭს. მხოლოდ სახლში წასვლისას, როცა წყლისგან დასველებულ სხეულებს საგულდაგულოდ ვმალავდით ტანსაცმელში, რომ მეზობელბს ჩვენზე ქოქოლა არ დაეყარათ მეტისმეტი სიშიშვლის გამო, ჯგროდ მიმავალ თანასოფლელელებს გამოეყო და მომიახლოვდა.
-გავისეირნოთ დღეს, თუ გინდა. ჯერ დაისვენე და მერე,-მითხრა ხმადაბლა.
თავდახრილი მივდიოდი, მხოლოდ ჩვენს ფეხებს თუ ვხედავდი, ფეხშიშველი მომყვებოდა და წყლისგან გათეთრებულ ტერფებზე მიწა და ტალახი აეგლისა. მინდოდა არაფერი მეპასუხა და უბრალოდ ასე, მის გვერდით მევლო სახლამდე.
-კარგი,-ვუპასუხე დიდიხნიანი პაუზის შემდეგ,-ოღონდ ბებია ნებას არ დამრთავს.
-გამოიპარე,-თვითონაც ჩვენს ფეხებს იყო ჩაჩერებული.
არაფერი მიპასუხია და არც მას დაურღვევია დუმილი მანამ, სანამ დამშიდობებისას მხოლოდ ჩემს გასაგონად ძალიან ხმადაბლა არ თქვა:
-საღამოს მოვალ, როცა ყველა დაიძინებს. ეზოში დამხვდი.
ეზოში დავხვდი, როგორც მითხრა. კარგად იყო დაბნელებული, როცა მოვიდა. თეთრი კაბა მეცვა, დედამ რომ შემიკერა დაბადების დღისთვის, ფეხშიშველი ვიდექი კარებთან და ქოშები ხელში მეჭირა, რომ ფეხსაცმლის ხმაურით არავინ გამეღვიძებინა. ჭრიჭინების ხმა ისმოდა და ის სუნი იდგა გარშემო, რის გამოც ასე ძალიან მიყვარდა ზაფხული. მეშინოდა ამ ღამის, ვღელავდი, ბებია საქვეყნოდ არ შემერცხვინა, ვაითუ, ვინმეს გაეგო ჩემი შინიდან დაუკითხავად გაპარვის ამბავი. როცა ჭიშკართან მუროს სილუეტი დავინახე, მისკენ გავიქეცი. კარები გამიღო და არ ვიცი, რისგან, შიშიგან, მღელვარებისგან თუ მუროს მიმართ გაჩენილი გრძნობისგან, დიდი ხნის უნახავივით გადავეხვიე. ვგრძნობდი, რომ თვითონაც ღელავდა. დიდხანს ვიდექით ასე, იმ სუნამოს სუნს ვგრძნობდი, გასულ წელს, ზაფხულის გამოსამშვიდობებელ დღეზე რომ ესხა. აქეთ წავიდეთო, მითხრა და ხელით მიმითითა გზის იმ ნაწილისკენ, საითაც არასდროს წავსულვარ, ხელი ჩავჭიდე და გავყევი. ღამის შიშიც კი გამიქრა მასთან ყოფნისას. ყველგან გავყვებოდი, ასე მეგონა. ჭრიჭინების ხმაურში ცაცხვის ხეივნები რომ გავიარეთ, მხოლოდ მაშინღა შევნიშნე, რომ ჯერ კიდევ ფეხშიშველი ვიყავი და ბალახებში გაბნეული ხიჭვები ძალიან მტკენდნენ. შეამჩნია თუ არა ეს , ხელებში ამიტაცა და ასე, თეთრ კაბაში გამოწყობილი, გაზაფხულის და მისი სუნამოს სუნით სავსე, ცოტაოდენი დანაშაულის და შიშის შეგრძნებით, როგორც ყველაზე სასურველი და სათუთი პატარა ფრინველი, ჩემთვის ნაცნობი მდინარის იმ ნაპირას მიმიყვანა, რომელიც დავინახე თუ არა, მაშინვე ვიცანი.
-ის ადგილია, ბანაობისას კლდის შვერილიდან რომ ვუყურებ ხოლმე,-დავიყვირე აღშფოთებულმა.
-ის ადგილია,-მითხრა და ჩამომსვა. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა, იმაზე მეტად, ვიდრე შვერილიდან ჩანდა. მდინარის ნაპირს მივუახლოვდი. მირუმ მისი პერანგი დააგდო ბალახზე და მასზე ჩამოვსხედით.
-მიყვარხარ,-ერთი ამოსუნთქვით მითხრა და თვალებში შემომხედა. მიუხედავად სიბნელისა, გარკვევით ვხედავდი მისი სახის ნაკვთებს. გული ამიჩქარდა.
-მიყვარხარ ძალიან, მიყვარხარ მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე მდინარეზე. იმ მომენტიდან დღე არ გასულა შენზე არ მეფიქრა,-მეუბნება და მომიხალოვდა. მის სურნელს ახლა უფრო მკაფიოდ ვგრძნობდი. ჩვ