ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დაშლილი კალეიდოსკოპი

დაშლილი კალეიდოსკოპი

 დაშლილი კალეიდოსკოპი  ნინო საძაგლიშვილი2023 ნაწილი 1ადამიანებსა და ა-დამიანებზე ადამიანები დაუსრულებლად ვაბედნიერებთ ერთმანეთს:ზოგი ჩვენი ყოფნით, ზოგი კი — ჩვენი არყოფნით.   მინინოველადიდი ხნის წინ, ნაცნობმა მითხრა, დღეს ერთს გული გადავუშალეო.– კარგია, როცა ასეთი მეგობარი გყავს... — შევნიშნე – არა, ის ჩემი მეგობარი არ არის, უბრალოდ, მეტი არჩევანი არც მქონდა... — მიპასუხა. ოდესმე, თუ ჩვენი ეპოქის მარტოსულობაზე ერთაბზაციანი მინიამბის დაწერა მომიხდა, ამას მოვყვები. სათაური თავად შეურჩიეთ.  ერთ ადამიანზე ვთქვი, ეგ — ადამიანი სადგურია-მეთქი, ბევრ ადამიანს გაისტუმრებს, უმასპინძლებს, მაგრამ ბოლოს მაინც მარტო იქნება. როგორ თუ სადგური? — მომიბრუნდა თანამოსაუბრე, — ძალიანაც კარგი ადამიანიაო!  კარგია, ბატონო, ვინ გეუბნება, რომ არ არის კარგი, მაგრამ არიან ასეთებიც — იმდენად კარგები არიან, რომ მათთან მხოლოდ სულის მოსათქმელად ჩერდებიან, ან თავიანთ მატარებელს ელოდებიან და მერე მიდიან, თითქოს, მისი დასაკუთრების ეშინიათ და კაცობრიობის წინაშე თავს დამნაშავედ იგრძნობენ, მან რომ სხვებსაც არ გაუნაწილოს თავისი სითბო და მყუდროება.  სადგურებიც არიან ცუდები, კარგები, საშუალოები.კარგია კარგი სადგური, ზოგჯერ ხომ მატარებელი უსაშველოდ იგვიანებს!  ადამიანი-სადგურის ტრაგედია ისაა, რომ, საბოლოოდ, მარტო დარჩენილი გააყოლებს ხოლმე თვალს მიმავალ მატარებელს ბედნიერი მგზავრებით და ვერც ვერავის უსაყვედურებს, უმალ უპასუხებენ, მე მგზავრი ვიყავიო და მხრებს აიჩეჩავენ.მაგრამ თუ სადგურობა გერგო, კარგი სადგური მაინც უნდა იყო!    ნეფერტიტი და ბერგამოტის მურაბა(ნეფერტიტი – ძვ. ეგვიპტურად: „მშვენიერი ქალბატონი მოვიდა“) ბავშვობაში გამიგონია, დედოფალ ნეფერტიტის გამოსახულების ტარებას, უბედურება მოაქვსო. რატომ უნდა მოჰქონდეს უბედურება სინატიფისა და დახვეწილობის სიმბოლოდ მიჩნეულ ქალს?იქნებ, იმიტომ, რომ სილამაზისაც ისევე გვეშინია, როგორც — სიცილის, უმიზეზო სიცილის?! არადა, ყველაზე უმიზეზო და ულოგიკო, ალბათ, სიცილი და ბედნიერებაა!უბედურება ნეფერტიტს კი არა, მისი სახების სხვა ადამიანისგან ტარებას მოაქვს — როგორც ხდება ხოლმე — ავიკვიატებთ მავანის ცხოვრებას და გულზე მიბნეული კამეასავით დავატარებთ, ამასობაში კი, საკუთარ სახეს ვკარგავთ.ერთი ადამიანი, მეორეს ყელზე ჩამოკონწიალებულს ვერასოდეს ატარებს — მეტისმეტად მძიმე ტვირთია! ნეფერტიტები ვერაფერს დაგვიშავებენ, თუ მათ ყელზე ჩამოკიდებულს კი არ ვატარებთ, არამედ, ჩვენ გვერდით მყოფთ შევამჩნევთ, ისინი კი ირგვლივ მართლაც არიან, ქალები, რომლებსაც საკუთარი ისტორია აქვთ, გინდ მარტო იყვნენ და გინდ — შვილიშვილებით გარშემორტყმულნი.აი, თუნდაც ის, მეტროდან:შეჭაღარავებულია, ყელთან შესამჩნევად მოშვებია კანი, ტილოს მუქი იისფერი, ტომრისებური კაბა მის თხელ წვივებსა და ხმელ აღნაგობას უფრო გამოჰკვეთს. ფეხზე აცვია ტყავის სწორძირიანი ფეხსაცმელი, თასმებით. თმა ლითონის სარჭით, კეფასთან აქვს აკეცილი. ყურებზე მოზრდილი, ეტრატის მოყვანილობის საყურე უკეთია (ეს უკვე ერთი მისი ამბავია, ასეთ საყურეს ყოველი გამვლელი არ ატარებს, ის აუცილებლად უნდა გაჩუქონ და თან — ექსკლუზიურად შენ!), მაჯაზე — თხელი ვერცხლის სამაჯური, გიშრის ძლივსშესამჩნევი თვლით.სწორთმიანი, თხელკანიანი ქალები მალე ბერდებიან, კანი ისე ეშვებათ, თითქოს, ატმის ყვავილობა სრულდება და ფურცლები ჩამოცვენას ლამობსო, თითები უფრო გამხდარი და დაძარღვული მოუჩანთ.სახლში ათასი ხაბაკ-ხუბაკი უყრიათ — წარსულის ნამსხვრევები დღევანდელი მოზაიკის ასაწყობად. ჰოდა, ერთ დღეს გამოაღებენ გარდერობს, სათითაოდ გამოსწევენ ძველი კომოდის ყოველ უჯრას და ფერადი ნაკუწებისა და არშიების ამოქექვას შეუდგებიან, რომ ახალი სუნთქვა შთაბერონ. სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ ეხერხებათ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც ასრულებს წმინდათაწმინდა რიტუალს — ხარშავს ბერგამოტისა და ფორთოხლის მურაბას, რომელსაც ჩაიზე საუბრების დროს, მის მურაბად მოიხსენიებენ და ისიც ამაყად გადაუნაწილებს ყველას, ვინც მისი ამბების გაზიარებას მოისურვებს, ბებიისეული ძველებური ვერცხლის კოვზებით ჩამოურიგებს გამჭვირვალე, დუმფარისებურ ლამბაქებზე.და როდესაც ერთ ციდა კოვზი მურაბის ქარვისფერი წვენში ჩაიძირება და მზის სხივზე გადაიზნიქება, ეს ქალი მოიგონებს ბებიას, რომელმაც ამ მურაბის ხარშვა ასწავლა და, კაცმა რომ თქვას, მეტი არც იყო საჭირო....ახლა მეტროს ქალი ვიღაც კაცს ესაუბრება, თავისივე ასაკისას, ვისთან ერთადაც ვაგონში შემოვიდა. ეს კაცი მისი ქმარი ან ძმა არაა. ელაპარაკება თავისუფლად და ბუნებრივად, იმ გაუცნობიერებელი მოკრძალების გარეშე, მდედრები რომ მამრებს ესაუბრებიან ხოლმე. ხელი ჩანთის სახელურზე აქვს ჩამოდებული, მხრის გაყოლებით და ხმადაბლა ლაპარაკობს, თმების სწორებისა და მეტროს კარის მინებში საკუთარი ანარეკლისთვის თვალის ფარულად შევლების გარეშე, მერე, რატომღაც, ჩანთიდან სანთებელას იღებს. ზიპოა, სრულიად მამაკაცური ზიპო, ალბათ ვინმეს დანატოვარი. იღებს ამ ზიპოს და აწკაპუნებს და აწკაპუნებს ცერა თითის დაყოლებით. გავდივარ......არ ვიცი, ვინ არიან ერთმანეთისთვის, არც ის ვიცი, რა მართებთ ერთმანეთის, მაგრამ ასეთი ქალების ცხოვრებიდან რომ ბოლომდე არ მიდიან (თუნდაც, ბოლომდე დარჩენაც არ შეეძლოთ), ეგ კი ცხადია, ამიტომაა სავსე მათი ცხოვრება ყოფილი ქმრებით, ყოფილი თაყვანისმცემლებით, ყოფილი კეთილისმსურველებით, ყოფილი მეგობრებით...ყველათი, ყოფილი საკუთარი თავის გარდა...ამიტომ ამზადებს ფორთოხლის მურაბას ბერგამოტით. მწკლარტე არომატი დაჰკრავს ბერგამოტს!!! საღამოს 9 საათია. მეტროში ვზივარ და მუხლებზე ურომანტიკულესი, წითელგულიანი მუყაოს ჩანთა მიდევს. ჩემ წინ მჯდარმა ფრიად ტრივიალური გამოხედვის მქონე ქალმა, ერთი-ორჯერ ამაყოლ-ჩამაყოლა მზერა და განზე გაიხედა — ალბათ ჰგონია, პაემნიდან მოვდივარ, მუცელში პეპლები, გულში — ნაპერწკლები და ტვინში — მოკლე ჩართვა მაქვს და უკვე იმრიზება იმის გამო, მე რომ ჯერ ისევ გოგო ვარ და ის — ქალი. არადა, არ იცის, რომ ამ გულებიან პარკში, მეგობარმა წვიმისგან სველი, ჭუჭყიანი ჩემივე წინდები ჩამილაგა, რადგან, სიჩქარეში, სხვა ჩანთა ვერ იპოვნა. მე კი მაცვია სხვისი მშრალი, ოდანავ გაწელილი წინდები და სევდიანად მივაჩაქჩაქებ საკუთარ მაგრად გაწურულ წინდებს გვარიანად ძირმომბალი მუყაოს, ბრჭყვიალა გულიანი ჩანთით.სხვის ბრჭყვიალა გულებს, მაინცდამაინც, ნუ შეიხარბებთ, მეგობრებო, რა იცით, იქნებ, შიგნით, სულაც, სველი წინდები, ანდა, კიდევ უფრო უარესი — არაფერიც არ ელაგოს. რაზე სწუხან სირინოზებიგასულ კვირას არქეოლოგიურ მუზეუმში შევიარე, ათენის საუკეთესო მუზეუმში, რომელიც არც მთლად ცენტრში მდებარეობს და არც იმ მუზეუმთაგანია, მოდერნისტული იერით რომ თავისკენ გითრევს, ფეხებში გებლანდება და, თუ ექსპონატების ფასი არ იცი, ინსტაგრამისთვის მაინც გადაგაღებინებს სურათს. ეს ისეთი მუზეუმია, საგანგებოდ რომ უნდა იცოდე, რომ აქ მიკენის ოქროა დაცული, რომ აქ მსოფლიოში უზარმაზარი ნარკოტიკების კოლექცია ინახება, რომ აქ არის ლარნაკი, რომელზეც პირველად გვხვდება მრგვლივი წარწერა არა იმ ეპოქისთვის ჩვეული მთავრული ასოებით, დაყოფისა და სასვენი ნიშნების გარეშე, არამედ ისეთი სახით, როგორიც ბერძნულმა ტექსტებმა შემდგომ მიიღო და რომ აქ ეგიპტურ-ბერძნული კულტურის უზარმაზარი დარბაზია... და, რაც მთავარია, კუროსები, დაახლ. ძვ. წ.აღ 650-500 წლის ჭაბუკები ბრტყელ სახეებზე შეყინული არქაული ღიმილით, სადღაც შორეთს მიპყრობილ მზერას რომ გამოთიშვია და განცალკევებით აღბეჭდილა საუკუნეებშემშრალ ბაგეებზე და სირინოზები, რომლებიც არ იღიმიან. სირინოზები, რომლებიც სწუხან.და რაზე სწუხან სირინოზები?სირინოზები კი მარადიულად სწუხან, ოკეანის სიღრმეშიც და — მუზეუმის გათოშილ მდუმარებაშიც და ძველი პარკებისა და სასაფლაოების აუზებსა და მოაჯირებთანაც. ყოველთვის ამოუხსნელ განცდას მგვრიდა პარკებში მიყუჩებული დამსკდარი, ნაცრისფერკანიანი ქანდაკებები, ფოთლები რომ ნელა ეყრება. ჯერ ხომ პარკები და პლატია-პიაცებია თავისთავად რაღაცნაირი, დიდი ქალაქის სიმარტოვეში ამოჩრილი ამოოხვრებივით და თუ მცველად ორიოდე ძველი ქანდაკებაც უყენია, ხომ მით უფრო!!!ეგ ისეთი ადგილებია, სადაც ადამიანები კი არ დარბიან, ფიქრობენ... თავისდაუნებურად. თუ პარკში წახვალ და შენთვის დაჯდები, უნდა იფიქრო კიდეც. ეს ისეთი მოცალეობაა, ასე რომ გაურბის დღევანდელი სამყარო და ესოდენ შორს რომ არის უბრალოდ უსაქმურობისგან. მაგრამ რაზე სწუხან სირინოზები? — ვუყურებ ანტიკურ სირინოზს და კაშკაშა, მოკისკისე არიელი მახსენდება, რომელიც არც ჰგავს და ჰგავს კიდეც ამას, იმიტომ, რომ სირინოზი ყოველთვის წუხს, მეზღაპრის ფანტაზიაშიც და – მოქანდაკის საჭრეთელის ქვეშაც, თავის ორად გახლეჩილ არსებობას დასტირის. ორ სამყაროს შორის გახლეჩილები ყოველთვის სწუხან და აქეთ-იქით აწყდებიან.იქნებ, ზღაპრის გმირების ყოფა არც ისე ზღაპრულია, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე? ეგებ, კაციბრივი უსუსურობა უფრო სანატრელია, ვიდრე — ჯადოსნობა?  ეგებ, ადამიანობა მეტად გაძლევს შეცდომების დაშვების, და, მაშასადამე, ბედნიერების უფლებას?რატომ დასაჯა დალიმ ბეთქილი ესოდენ მწარედ? ერთი უბრალო მოკვდავი იყო, ამდგარიყო და, უბრალოდ, დაევიწყებინა, თავისა და მუხლის მომდრეკი მოაკლდებოდა კლდის დალს თუ — რა... მაგრამ არა, დალიმ ბეთქილს ადამიანობა არ აპატია, იმიტომ, რომ თვითონ ვერასოდეს გახდებოდა ადამიანი!აი, რატომ არის ჰუმანისტური ძველი ბერძნული ქანდაკება, ჰუმანისტურია მწუხარე სირინოზებისა და მომღიმარი კუროსების გამო და არა — სრულყოფილი ფორმების გამოისობით!!! წადით არქეოლოგიის მუზეუმში!!!  No Barbie...ბავშვობაში ყველას აქვს საძულველი ტანსაცმელი, რომელსაც ჩაიცვამ და — ცუდ განწყობაზე დგები, ჩაიცვამ და — რაიმე უსიამოვნო ხდება, ჩაიცვამ და — თავს ისე გრძნობ, თითქოს, წითელ მუნდირში იყო გამოწყობილი, ყვითელი ეპოლეტებითა და მწვანე ღილებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიაბიჯებდე და ხეეებიც კი ხითხითებდნენ.ერთი კაბა-სვიტერი მეც მქონდა. სვიტერი იყო, მაგრამ ჩემი და მისი სიგრძის თანაფარდობით თუ ვიმსჯელებთ, კაბადაც გამოდგებოდა. ლურჯი იყო, ბარბი და ვარსკვლავები ეხატა და ისე უსაშველოდ ვიწროდ იყო აჭრილი თავის ამოსაყოფი ადგილი, რომ ყოველ ჩაცმაზე გეგონებოდა, ის ბარბი მშობიარობდა და მე ვიბადებოდი.ჩაიცვამდი და გულის შემაწუხებლად სქელი და თბილი იყო. და ყველაზე მთავარი: ბარბი იყო ზედ გამოსახული!!! ბარბი, რომელსაც ბავშვობიდან ვერ ვიტან, როგორც ბავშვური იდეალების არასწორ ყალიბს! არასოდეს მესმოდა, რატომ უნდა ვიზრუნო ვიღაც კეკლუც, ცარიელგამოხედვიან დეიდაზე, როცა შეიძლება, საყვარელი ბაია-თოჯინა დავაპურო და გამოვაწყო?...დღეს, როცა ბარბებიან სვიტერებს აღარავინ გვაცმევს, როგორც ნამდვილ გოგოებს, სხვა უამრავი უხილავი ლოზუნგით აჭრელებული რამეებით გვმოსავენ. ასეთ უხილავი სამოსელი უფრო იოლია ჩასაცმელია, ვიდრე — ჩემი ბარბიანი ჯემპრე, მაგრამ, აბა, გახდა სცადე!  და დღეს, როდესაც ასეთი უხილავრაღაცრუღაცებიანი ზიზიების ჩაცმას მთავაზობენ, ჩემი ბარბი მენატრება ხოლმე, ჩემი ლურჯი, ვარსკვლავებიანი ბარბი!  ლაქა უდაბნოშიწარმოიდგინეთ, რომ მალინისფერ ოთახში ხართ, ყველაფერი მალინისფერი ქსოვილითაა ამოგებული: იატაკიც, ჭერიც, კედლებიც. ფანჯრებზეც მალინისფერი ვიტრაჟებია, ხოლო კუთხეში მალინისფერი სავარძელი და მალინისფერი საჟურნალე მაგიდა დგას, მალინისფერი პატარა ბოთლით. თქვენც თავიდან ფეხებამდე მალინისფერებში ხართ გამოწყობილი.ერთი სიტყვით, შედიხარ და ფერში ეფლობი, მალინისფერ სიცარიელეში, სულს რომ გიწუხებს და გაურკვევლად გაფორიაქებს, არადა, მალინისფერი მშვენიერი ფერია, როდესაც სხვა ფერებსა და შინაარსებთანაა შერწყმული და კომპოზიციას ქმნის, მაგრამ, საკმარისია, განცალკევდეს და გააბსოლუტურდეს, რომ გაუდაბურდეს და საკუთარ არარაში ჩაგაღრჩოს. ავიღოთ მალინისფერი მომცრო ბოთლი, მალინისფერ საჟურნალე მაგიდაზე — ოთახში ერთადერთ ავეჯზე რომ დაუდგამთ. მასში, რატომაღაც, შავი მელანი ჩაუსხამთ. ჩავაწოთ მალინისფერი ფუნჯი შავ მელანში და ოთახის უსავარძლო და უმაგიდო კუთხეში დაავწვეთოთ.ახლა მალინისფერი ოთახის შორეულ კუთხეში პატარა, შავი წერტილია და ამის ცოდნა, მალინისფერ ოთახს სხვა განზომილებას სძენს, გარინდული სიცარიელიდან გამოჰყავს და ურთიერთმიმართების სივრცეში შეჰყავს... სწორედ ასეა ზოგიერთი ადამიანი — მალინისფერ უდაბნოში დაწვეთებული მელნის წვეთივით, რომელიც არც კი ჩანს და რომელიც ამ სიცარილეს მაინც შინაარსს სძენს, უდაბნოს, სადაც ყველაფერი უნაკლო, ლამაზი და პროპორციულია, მაგრამ მაინც უდაბნოა იმ ლაქის გარეშე, სადღაც, კუთხეში რომ გეგულება, ლაქა, რომელსაც შეგიძლია ელაპარაკო, როდესაც მალინისფერ უდაბნოში თქვენ ორნი იქნებით! ერთი დრაჰკანისა და მოსაბრუნებელი მოგზაურობებისა„– თუ გინდა, ერთი დრაჰკანი დამიტოვე.– ერთი? რატომ?– ამობრუნება რომ შეძლო.– რისთვის?– იმ ერთი დრაჰკანისთვის.– ამას რა გამოლევს,- თქვა დომენიკომ და ტომარას დაადო ხელი.“გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“ * * *როდესაც სადმე დიდი ხნით მივდივარ, ყოველთვის ვტოვებ ნახევრად დაუთოვებულ პერანგს, ნახევრად დალაგებულ ოთახს, ბოლომდე მიულაგებელ უჯრას და მგონია, რომ ისევ ისეთი დავბრუნდები, როგორიც წავედი...არადა, გზა ყოველთვის გცვლის, როგორი გზაც არ უნდა იყოს ეს.ქართული ზღაპრის გმირებიც, შინ ყოველთვის სხვანაირები ბრუნდებიან, ოღონდ აუცილებლად ბრუნდებიან, ისე, როგორც დაბრუნდა ოდისევსი, ანდა ქართული ხალხური ზღაპრის გმირი „მიწა თავისას მოითხოვს“. დაბრუნება — ცხოვრების ციკლური პრინციპი, მიწიერი, ქმნილი ბუნების კანონია — ადამიანი ყოველთვის ბრუნდება იქ, სადაც რაიმე ეგულება, თავისივე დანატოვარი, იქნება ეს რაიმე, ვინმე თუ — სულაც, თავისივე, დიდი ხნის წინ დავიწყებული თავი. გზა თითქმის ყოველთვის გზრდის. რაღაცას გაძლევს, ოღონდ — რაღაცის ფასად.და ილევა შენი დრაჰკანებით სავსე ტომარა, დაულეველი რომ გეგონა.სამაგიეროდ, შენ ივსები ახალი გამოცდილებებით, ახალი ამბებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხურჯინს ორი თვალი აქვს: იცლება ერთი და ივსება მეორე.მთავარია, შინ ერთი დრაჰკანი გქონდეს დატოვებული. ჰარი პოტერი რამ გამახსენა და, მთელ შვიდ ტომში, ყველაზე კარგი მიგნება დემენტორები მგონია — შავ-ბნელი არსებები, რომლებიც ადამიანის ენერგიით იკვებებიან, მოგონებებსა და ემოციებს გამოსწოვენ მას და უსულგულო არსებად აქცევენ, დემენტორები — უგალავნო და უგისოსო აზკაბანის გუშაგები, ციხისა, რომელსაც კედლები არც სჭირდება, მისი ტუსაღები ხომ საკუთარი უარყოფითი ემოციების ტყვეობაში არიან მოქცეულნი და, გისოსების ნაცვლად, საკუთარ თავს ღრღნიან! აზკაბანს გადაურჩება ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეძლებს, ერთი ნათელი მოგონება მაინც, მათგან ხელშეუხებელი დატოვოს. დემენტორების უბრალოდ სიახლოვეც კი იმდენად შემზარავია, რომ ადამიანები ფიზიკურ ტკივილს განიცდიან, გარემოს სიცივე ედება და სიხარული კვდება...და, მართლაც, რაც უფრო ეშვება ადამიანი ნეგატიურ განცდებში და, მით უარესი — თავად ეფლობა სიბოროტეში, მით უფრო იშლება დამცავი ბარიერი მასა და უარყოფით ძალას შორის, მით უფრო მდაბლდება მისი სულიერ-ემოციური იმუნიტეტი და მოწყლვადი და ნეგატიური ზემოქმედებისთვის მისაწვდომი ხდება.ბოროტებისადმი გახსნილობა, თუნდაც მასთან გარიგებით დასრულებული, მისგან თავდაცვის გარანტიას სულაც არ გაძლევს, პირიქით, ბოროტების პირისპირ დგომა, თავადაც გაზიანებს და სულიერ პოტენციალს გართმევს. თანამედროვე ბერი, წმინდანად ახლახან შერაცხული მამა პორფირი კავსოკალიველი ამბობდა, რომ, დღევანდელი ადამიანები, სულიერ ბრძოლას, ხშირად, ნეგატიურ შინაარსს ვძენთ — ჩვენ ვებრძვით ვნებებს ისე, რომ ქრისტე არ შეგვიყვარებია, ჩვენ ვიცით, რა არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ არ გვისწავლია, რისი გაკეთება ჯერ არს! არადა, ყველაფერი მარტივია: გახსენი დაგმანული დარაბები და ბნელი თავისთავად გავა ოთახიდან, მორწყე ყვავილები და ეკალი თავისთავად მოხმება!შეიყვარე კეთილი და ბოროტსა და ცივს ადგილი აღარ ექნება შენში, ფეხს ვეღარ მოიკიდებს!!!„მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას“ (ფსალმ.33) !!! ძილისპირულივით(სულ სხვა რაკურსით ვენდიზე)ჯეიმს მეთიუ ბარის ცნობილ ნაწარმოებში „პიტერი და ვენდი“ (შინაურულად რომ ვთქვათ, პიტერ პენი), არის ასეთ ფრაგმენტი: „...არ მინდა გაზრდა, — განაგრძო გაცხარებულმა პიტერმა, — მინდა, ყოველთვის პატარა ბიჭი ვიყო და არაფერზე ვიფიქრო! ამიტომაც გავიქეცი კენსინგტონის ბაღში და ფერიებთან დავიწყე ცხოვრება.ვენდი უდიდესი აღტაცებით შესცქეროდა პიტერს. ბიჭს ეგონა, ჩემი გაქცევის ამბავი მოეწონაო, სინამდვილეში კი, ვენდის ის გაუკვირდა, პიტერი რომ ფერიებს იცნობდა, ვენდი კარჩაკეტილად ცხოვრობდა და ფერიებთან ნაცნობობა, მისთვის დიდებულზე დიდებული რამ იყო. პიტერის გასაოცრად, სეტყვასავით დააყარა კითხვები ფერიების შესახებ.– თავი მომაბეზრეს ამ ფერიებმა! — ზიზღით თქვა პიტერმა, — ერთთავად ფეხქვეშ გედებიან. ზოგჯერ კიდეც მივტყეპავ ხოლმე.მაგრამ მაინცდამაინც ძალიან არ ეჯავრებოდა და ვენდის მათი გაჩენის ამბავიც უამბო.– იცი რა, ვენდი, როდესაც ქვეყნად ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ-იქით მიმოიფანტა. ასე გაჩნდნენ ფერიები.მოსაწყენი ამბავი იყო, მაგრამ ვენდის მაინც მოეწონა, კარჩაკეტილი ცხოვრობდა და იმიტომ.“ (1976. ლია იმერლიშვილის თარგმანი)მთელ ამ მონაკვეთში, ახლაც და — მაშინაც, პირველად რომ ამოვიკითხე, ყურს ერთადერთი ფრაზა მჭრიდა და მჭრის: „კარჩაკეტილი ცხოვრობდა და იმიტომ!“ადრე თუ გვიან, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში შემოიჭრება პიტერ პენი, რომელიც მის კარჩაკეტილ ცხოვრებას ახლებურ იერს შესძენს და რომელიც დაანახვებს, რომ მისი საკუთარი მყუდრო, უსაფრთხო და პატარა ოთახის გარდა, რომელსაც დედის თვალებივით დარაჯობენ ღამის ნათურები, დიდი სამყაროც არსებობს ფერიებით, არნახული კუნძულებით, თავგადასავლებითა და ბევრი ისეთი რამით, ადრე რომ თავში არც მოგივიდოდა, მაგრამ ყოველივე ამისთვის, საზღაურიც უნდა გადაიხადო — სახლი უნდა დატოვო და კიდევ უფრო მეტიც — ფრენა ისწავლო!!!მერე მამა იტყვის, რომ Mea culpa, ერთგული ძაღლი ნენა ყოველთვის დაიყეფებს პიტერის ხსენებაზე, დედას კი თვალები ცრემლებით აევსება, თუმცა არაფერს იტყვის, მას ხომ ახსოვს, რომ ვენდის მოგონებებში, საღამოობით რომ აწესრიგებდა ხოლმე, პიტერის სახელი ყველაზე მსხვილი ასოებით ეწერა...საერთოდაც, ვენდის დედა გადასარევი ვინმეა — ბოლომდე არავის უხსნის ტუჩის კუთხეებში დამალულ ღიმილის პატარ-პატარა სკივრებს, ყოველთვის თხოულობს ვენდისგან მის საყვარელ სამაჯურს, როდესაც სტუმრად მიდის (ეს ვენდისა და დედის პატარა ქალური სოლიდარობა და საიდუმლოა), ხოლო პიტერს, რომელმაც შვილები ამდენი ხნით წაართვა, ვენდისა და სულში შემორჩენილი სილაღის ნაპერწკლის გამო, არასოდეს კიცხავს!ერთი სიტყვით, მისის დარლინგი მარტო მზრუნველი დედა კი არა, ფრიად საინტერესო ქალია!დავუბრუნდეთ იმ ამბავს, ვენდი რომ კარჩაკეტილად ცხოვრობდა და ფერიებთან ნაცნობობა დიდებულ ამბად ეჩვენებოდა.ეს ყველაფერი, უკვე საკმაოდ ძველი და მოყირჭებული რამ იყო პიტერისთვის, მაგრამ ამ ამბავში მისთვისაც აღმოჩნდა რაღაც ხელჩასაჭიდი — მისთვის ხომ, აქამდე, არცერთ გოგოს არ მოესმინა ისე, თითქოს, ყველაზე საოცარ და დიდებულ ამბავს ისმენდა...და სწორედ აქ დაიწყო არნახული კუნძულის ისტორია — მათ საკუთარი სამყაროები უნდა უწილადონ ერთმანეთს, პიტერმა თავგადასავლები უნდა შესთავაზოს ვენდის, ვენდიმ კი მოუსმინოს და საღამოობით ზღაპრები უამბოს, ხოლო, როდესაც პიტერს უწინდელი, ლონდონური ცხოვრების კოშმარები დღის გმირობებს დაავიწყებს და ძილში მთლად პატარა ბიჭივით აატირებს, ვენდიმაც მთლად დიდი გოგოსავით და დედასავით უნდა გადაუსვას თავზე ხელი და გაუღვიძებლად დააშოშმინოს......ასე რომ, როდესაც ვინმეს ისტორიები იმდენად დიდებულად მომეჩვენება, რომ საკუთარ კარჩაკეტილობას დამავიწყებს, ყოველთვის გამოვაღებ ხოლმე ფანჯარას, ავხედავ ცას, თუნდაც ვარსკვლავები არ ჩანდეს და გავიფიქრებ, რომ პიტერი დაბრუნდა!!!  დანაე ანუ ოთხ კედელში მომწყვდეული დრამის ამბავიბერძნული მითოლოგია ტრაგიკული პერსონაჟებითაა სავსე, მაგრამ მე, მაინც, უფრო სამი გმირის ბედი შემაფიქრიანებდა ხოლმე: არაქნესი — მქსოველი ქალისა, ხელმარჯვეობაში რომ ქალღმერთ ათენას შეეჯიბრა და, მისგან დასჯილი, ობობად გადაიქცა, აქტეონისა — არტემისის სიშიშვლის ხილვის გამო, ირმად რომ იქცა და საკუთარმა მწევრებმა დაგლიჯეს და დანაესი, აკრისიოსის, არგოსის მეფის ერთადერთი ქალიშვილისა, პერსევსის დედისა.მეფეს მისანმა უწინასწარმეტყველა, რომ მის ასულს შეეძინებოდა ვაჟი, რომელიც თავად მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. ხელმწიფემ ასული კოშკში გამოკეტა, მაგრამ ბედისწერას ვერსად გაექცა — ზევსმა, რომელმაც მშვენიერ ქალწულს თვალი მოჰკრა, კოშკში ოქროს წვიმად გარდასახულმა შეაღწია... დანაესა და მისი შვილის ბედი მერეც უცნაურად წარიმართა, მაგრამ ჩვენ აქ შევჩერდეთ:რემბრანდტის ცნობილ ფუმფულა, ხელშესახებ, წყლიანთვალება დანაეს, ჩემი ბავშვობისა საყვარელ წიგნში, ნ. კუნის „ბერძნული მითოლოგია“ გამოსახული ძველი ბერძნული ლარნაკის ერთი შეხედვით სქემატური, მაგრამ ბევრად მისტიური ნახატი მერჩივნა, დიდი ჰოლანდიელის ოქროსფერ ბურუსს კი — ლარნაკის ოქროს წვიმა...ვერასოდეს ვეგუებოდი დანაეს პოზასა და პოზიციას — სარეცელზე მიწოლილი მომლოდინე დანაე, რომელიც ადამიანთა და კაცთა პარნასელ განმგეს კოშკში დახვდა, ოთხ კედელშუა გამომწყვდეული და მისი მოპოვებაც კი არ გახდა საჭირო, იქვე, ხელის გაწვდენაზე დაუხვდა.ეტყობდა, ზევსმა, ოლიმპოელმა მეხთამტყორცნელმა, როულინგის პრინციპის შესახებ არ უწყოდა — ჯადოქრებს რომ მაგლების სამყაროში მაგიის გამოყენება ეკრძალებათ...მოკლედ, ზევსის მხრიდან, დიდი უნამუსობა იყო და, თანაც, დანაეს, სიყვარულის შანსიც კი არ დაუტოვა — არა მგონია, ვინმეს ოქროს წვიმა უყვარდებოდეს — თვითონ კი, გაგიხარია, თვალს აამა დანაეს მშვენიერი ნატიფი სხეულით, დაუტოვა თავისი ღვთაებრივი სპერმა და აორთქლდა!!!მერე დანაე ჩასვეს კიდობანში ჩვილთან ერთად და ზღვას გააყოლეს, მერე დანაემ გაისტუმრა ერთადერთი ვაჟი მედუზა გორგონას მოსაკლავად...დანაესა და ზევსის შეყრის სცენა, თავისი პასიურობის გამო, არასოდეს მიყვარდა და ყოველთვის პროტესტის უცნაურ განცდას აღმიძრავდა ხოლმე, მერჩივნა, ღმერთი და მოკვდავი თავისუფალ, გაშლილ ველზე შეხვედროდნენ ერთმანეთს, სადაც დანაეს გაქცევის შესაძლებლობა მიეცემოდა, როგორც ნიმფა დაფნე გაურბოდა აპოლონს...ამიტომ, როდესაც ვინმე მაშინ მობობღავს შენი სატუსაღოს კედელზე, როდესაც შიგნით ხარ გამომწყვდეული, მაინცდამაინც, ნუ წარმოიდგენ, რომ მეხთამტყორცნელი ზევსი, ანდა რაპუნცელის რაინდია, შესაძლოა, ერთი მხდალი მოკვდავი აღმოჩნდეს, გარანტირებულ სივრცეში რომ ამჯობინებს მოქმედებას......დანაეს კი ხელი აქვს გამოწვდილი; შენს რაკურსზეა დამოკიდებული, საით მიმართავ ამ ხელს — თავის ოთხ კედელში გიწვევს თუ ოთხი კედლიდან გაღწევისკენ მოგიწოდებს და გარეთ მიგითითებს... იდეალური გოგომზეთუნახავისა და ურჩხულის ისტორიაც ისეთივე ბანალური და სნობისტურია, როგორც — კლიმტის ოქროსფერი კოცნები და ვან გოგის ჩახჩახა მზესუმზირები, მუზეუმის კედლებიდან რომ წინდებზე, ჩანთებზე, მაისურებსა და რვეულებზე გადმოუნაცვლებია და სუბიექტური სფეროდან, ობიქტურში გადაუნაცვლებია, ანუ მისი ტარება სულაც აღარ ნიშნავს, რომ მატარებლისთვის რაიმე განსაკუთრებულს უკავშირდება, არამედ, ხშირად, ეს უბრალოდ, სტილის ამბავია, დაახლოებით, ისე, როგორც სტილის ამბავია, იყო ბელი — ნაზი, ლამაზი, წიგნების მოყვარული, ყვავილებში მოფუსფუსე და მზრუნველი. ყოველ ნაბიჯზე მხვდებიან გოგოები, რომელთაც ურჩევნიათ, „საყვარელი“ ან „ორიგინლური“ უწოდო, ვიდრე — ჭკვიანი, კეთილი, შინაარსიანი და სხვ. უყვართ გვირილები, ნაქარგი ხელსახოცები, მიიჩნევენ, რომ ქალი ცოტა მსუბუქი უნდა იყოს და ბევრ რამეს არ უნდა ჩაუღრმავდეს, გიჟდებიან კლიმტის კოცნაზე, ფერად, უფრო სწორად — წითელ-ყვითელ კაბებზე ხაზგასმულად ფემინური შტრიხებით, რეტრო ნივთებზე არიან გადარეულები, მოსწონთ ცოცხალი და ხმელი თაიგულები, უჯრები ბევრი იაფფასიანი ნივთით აქვთ გამოვსებული და სადმე აუცილებლად მოეძებნებათ ფრიდა კალოს ფოტოც. ხშირად, უგემოვნობისა და ექსტრაორდინალურობის ბეწვის ხიდზე დააბიჯებენ, საღამოობით ქსოვენ ჭრელ შარფებს და ძილის წინ სოციალურ ქსელებში გულნატკენ პოსტებს ტოვებენ. ეს იდეალური გოგოა, რომელსაც გოგოები მეგობრად ირჩევენ, ბიჭები კი — შეყვარებულებად, გოგო რომელიც ყოველთვის პირდაპირ გეტყვის, როგორ გიჟდება შენზე, როგორ მოენატრე და, საერთოდაც, თავის ჭრელ შარფს მაგრად შემოგახვევს, გოგო, რომელსაც, თუ ყვავილს აჩუქებ, მთელი წელი კილოში იმ ყვავილით ივლის, ვიდრე მთლად არ გამოიფშუტება და იძულებული არ გახდები, ზუსტად ისეთივე ყვავილი მეორედაც აჩუქო. ორჯერ ერთი და იმავე ყვავილის ჩუქება კი უკვე რაღაცას ნიშნავს და ის, ამიერიდან, ამ ყვავილს „ჩვენს ყვავილად“ მოიხსენიებს, შენ კი თავს უხერხულად იგრძნობ, ამბავი ისევ მხოლობითში გადაიყვანო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიყვება ხმელი ფოთოლის ამბავს, გუშინ რომ მის მოქსოვილ შარფს დაეცა და გააბედნიერა!ჰოდა, ასეთ გოგოებს აუცილებლად სჯერათ, რომ ურჩხული და მზეთუნახავი სრულებით რეალური ამბავია და რომ ადამიანს უპირობო ნდობა და სიყვარული ცვლის. მაგის მეც მჯერა, ოღონდ, მხოლოდ ურჩხულის ცვლილების — არა!იცვლება ბელიც, ურთიერთობიდან ორი სრულებით სხვა (შესაძლოა — უკეთესიც კი, მაგრამ სხვა!) ადამიანი გამოიძერწება ხოლმე.თუ ურჩხულისა და მზეთუნახავის ამბავი ასეთი ცვლილებით არ დაგვირგვინდა, იგი ძველი სიუჟეტის ისეთივე უგემოვნო გადამღერებად დარჩება, როგორიც ზოგიერთი ასეთი გოგოა — მწვავე პუბერტატს (და აქ მხოლოდ ასაკი არ იგულისხმება) რომ მოიყვავილებს, ცხოვრების რომელიმე სასურველ, კონკრეტულ ფაზას მიაღწევს და დაღვინდება ხოლმე. არადა, ღრმა ორიგინალურობა არასოდეს ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას უცნაური მეტყველებით და კატის ყეფაზე ხუმრობებით, არც ურჩხულის მხსნელად წარმოისახავს თავს, არამედ მშვიდად დაატარებს თავის ჭრილობებს, ურჩხულის გარდაქმნის პროცესში რომ მიუღია, კაბის კალთებიდანყველა ზანზალაკი ჩამოხსნილი აქვს და, ნაცვლად, თავისი ისტორიის უსაშველოდ გარომანტიკულებისა, მას უბრალოდ ტვირთულობს. აი, ეს კი ნამდვილად იდეალური გოგოა, იმიტომ, რომ მან თავისი გზა ურჩხულთან ერთად მარტო მან გაიარა და იდეალური სულაც რომ არ იყოს, ურჩხულისთვის ყოველთვის იქნება ასეთი — ისინი ხომ თავიანთი მარტოსულობით (თავისი ურჩხულობით და თავისი მზეთუნახავობით) აღმოჩნდნენ ერთიმეორის გვერდით; ისეც ხომ ხდება, ათასი ადამიანი ირევა ირგვლივ და შენ, მაინცდამაინც, იმ ერთადერთი ურჩხულის პირისპირ აღმოჩნდები და სხვა რაღა დაგრჩენია — ურჩხული ადამიანად უნდა აქციო!!!