ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დაბრკოლება

დაბრკოლება

მირეკავს ტელეფონი და მართა მეკითხება:

-            ამ უქმეებზე რას აკეთებ? არ გინდა, სადმე, ხორვატიის რომელიმე სანაპიროზე გავისეირნოთ? მზე მინდა! ძალიან მინდა მზე და ლურჯი ზღვა, ცოტა გარუჯვაც... კარგი იქნებოდა, რომ წავსულიყავით. რას ფიქრობ?

-            ვაუ! რა მაგარი იდეაა. იცი რაა? ჯერ Არაფერი არ დამიგეგმავს ამ შაბათ-კვირისთვის და წავიდეთ, რა პრობლემაა. - აღფრთოვანებულმა ვუპასუხე მე.

-            მე უკვე გადავხედე ბილეთებს და ყიდვაც შეგვიძლია თუ დრო გაქვს.

-            კი, ვიყიდოთ ახლავე. შეგიძლია ბმული გამომიგზავნო?

-            აი, ამ წამს გამომიგზავნე “მესენჯერში” და მოდი დავრეკოთ კამერით და უცებ ვიყიდოთ ბილეთები და უკვე ჩავნიშნოთ კიდეც ჩვენი მოგზაურობა რიეკასკენ.

ვიყიდეთ ბილეთები და იმ წამიდან მოუთმენლად ველოდი პარასკევის საღამოს დადგომას. სამუშაო დღის მერე ვეღარ შევინახე ჩემი ემოციები მხოლოდ ჩემთვის და მართას მივწერე:

-            “უკვე მთელი გულით ველოდები, როდის დაღამდება პარასკევი საღამო, რომ ჩავსხდეთ ავტობუსში და ერთად ვესტუმროთ ახალ ქვეყანას.”

-            “მეც, მეც!” - იმ წამსვე მიპასუხა მართამ და თან მოაყოლა, რომ არც კი სჯერა, რომ ასე უცებ დავგეგმეთ მოგზაურობა და სულ ორი დღე გვაშორებს ჩვენს მომავალ თავგადასავლამდე.

არც მე არ მჯეროდა. მე, ასე სპონტანურად, ვერც კი მოვიფიქრებდი, რომ ხორვატიაში “ვიქენდი” დამეგეგმა. რა საკვირველია, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, მეც მინდოდა, რომ მცირედი წვლილი მაინც შემეტანა ამ მოგზაურობის დაგეგმვაში და გადავწყვიტე, თავად მომეძებნა სასტუმროები და საოჯახო საცხოვრებლები "ბუქინგის” ვებ-გვერდზე. რამდენიმე ვარიანტს გადავხედე და შევარჩიე, კერძო მეპატრონის მიერ გამოქვეყნებული ბინა, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტური იყო და რაც მთავარია, არც თუ ისე შორს საბლიცევოს სანაპიროდან. დაახლოებით ნახევარი საათის დაშორებით იყო ფეხით ჩვენი საცხოვრებლიდან და მოკლედ ეს ვარიანტი ძალიან მომეწონა. მართასაც გავუზიარე მოძებნილი ბინის ბმული და ერთობლივი გადაწყვეტილებით, მისი “ბუქინგის” პროფილის საშუალებით, დავჯავშნეთ კიდეც.

ჩვენ ზოგადად არასდროს არ გვეზარება ფეხით სიარული, პირიქით, რაც უფრო მეტს დავდივართ, უფრო და უფრო ვიგრძელებთ გზას და ხან რომელ ქუჩას გავუყვებით ხოლმე ხან - რომელს. თან ამ ბოლო დროს შევნიშნეთ, რომ როცა ფეხით დავდივართ, ჩვენ გარშემო ყოველთვის რაღაც ხდება. ან ვიღაც უცხო გადაგვეყრება ან ჩვენ ვხვდებით შემთხვევით ნაცნობს და მოკლედ სულ რაღაც საინტერესო ხდება ჩვენ თავს.

ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხორვატიაში როცა ჩავალთ, ჩვენი ბედი რომ ვიცი, იქაც გადავეყრებით ვინმეს. მინიმუმ ქართველს ან კიდევ უნგრელს. ვინ იცის... როგორც კი ეს გავიფიქრე, მაშინვე მართას მივწერე და ვეუბნები:

-            ნეტა იქ რა ფათერაკს გადავეყრებით?!

-            რა ფათერაკს გოგო?! - მიგზავნის სიცილის “სმაილს”.

-            რავიცი, ყველგან ყველაფერი ხდება!

-            მოიცა, გეხვეწები რა! მშვენივრადაც გავერთობით და ბევრსაც ვიხალისებთ. ვგრძნობ, რომ მშვენიერი უქმეები გამოგვივა. - თვალებანთებული ღიმილები მომწერა მართამ.

-            ვნახოთ, ვნახოთ...

***

2023 წლის 7 ივლისის საღამოს, სამუშაო დღე დავასრულე და მოუთმენლად ველოდებოდი 10 საათის დადგომას, რათა სახლიდან დროულად გავსულიყავი და ღამის 11 საათზე დანიშნული ავტობუსის რეისით წავსულიყავით რიეკასკენ. სულ ორი დღით კი მივდიოდით სამოგზაუროდ, მაგრამ ნებისმიერი ამინდისთვის მზად რომ ვყოფილიყავი, ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფერი ჩავალაგე.

მე და მართა ერთმანეთს ნეპლიგეტის მეტროსთან შევხვდით და ერთად ვიპოვეთ ჩვენი “ფლიქსბასის” ავტობუსი, რომელიც როგორც აღმოჩნდა მწვანე ფერის არ იყო და როგორც ელექტრონული შეტყობინებით გვაცნობეს, სხვა ფერის ავტობუსია ამ რეისზე დანიშნულიო. ჩვენც მარტივად მივაგენით ჩვენს ბაქანს და რამდენიმე წუთში ჩვენი ავტობუსიც ჩამოდგა. სიხარულით ავედით სალონში და დავსხედით იმ მხარეს, საიდანაც ნაკლებად შეგვაწუხებდა სინათლე მზის ამოსვლისას. არა და ბუდაპეშტიდან რიეკასკენ სწორედ მზის საძებნებლად მივდიოდით და ავტობუსში ჩასხდომისთანავე, ის მხარე შევარჩიეთ დასაძინებლად, საიდანაც მზე არანაირად არ შეგვაწუხებდა.

ხომ ვამბობდი, ყველანაირი ამინდისთვის მოვემზადე და ტანსაცმელიც ისე ჩავაბარგე-თქო და ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი ჩემოდანი საბარგულში დარჩა და მე მოკლემკლავიანი მაისურისა და მოკლე შორტის ამარა, ჩემს სავარძელზე, მთელი ღამე გავიყინე და კონდიციონერის გამორთვამაც კი არ მიშველა. ჩემი გეგმა, რომ 7 საათი გაუნძრევლად უნდა მძინებოდა, სამწუხაროდ ვერ შედგა. ჩემი ჯინსის ქურთუკითაც კი ვერ გავითბე გაყინული ძვლები და ავტობუსის ფანჯარასთან ჩამოკიდებული ფარდებით ვცდილობდი ყურების გათბობას. არა და ტემპერატურა 18 გრადუსამდე აღწევდა ტრანსპორტში, რაც ზოგადად “okay-ია”, მაგრამ იმ მომენტში, საძილედ, ნამდვილად არ იყო კომფორტული და ბოლომდე გმირულად ვუძლებდი ამ გამყინვარებას.

ამას დამატებული ავტობუსის მძღოლი, რომელიც როგორც მივხვდით უნგრელ-ხორვატიელი იყო (ორივე ენას საკმაოდ კარგად ფლობდა), ისე ატარებდა ავტობუსს, რომ გეგონება სედანს მართავდა და გიჟივით მიგვაქროლებდა 50-ზე მეტ ადამიანს. ზოგადად მიჩვეული ვარ, რომ ჩემ გარშემო, ყველა მძღოლი, მამაჩემი, ჩემი ძმა ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი ვის მანქანაშიც აქამდე ვმჯდარვარ, როგორც მძღოლები, ყოველთვის დინჯად და აუჩაქრებლად ატარებენ მანქანას და არასდროს არ მქონია შიში იმისა, რომ ახლა ამ მანქანის მძღოლი რაღაც სწრაფ მანევრს შეასრულებს და სავარძლიდან გადმომაყირავებს. Მაგრამ ჩვენი მძღოლი იმდენად სულსწრაფი იყო, ალბათ დაგეგმილ შესვენებაზე ეჩქარებოდა საპირფარეშოს საჭიროებით, სხვანაირად ამ სიჩქარეს ვერ ვხსნიდით. ვერც მე და ვერც მართა. Მართლაც რამდენიმე წუთში, მძღოლმა გადაუხვია ბენზინგასამართი სადგურისკენ და ჩვენი ნანატრი შესვენების დროც დადგა. თან მიკროფონით გამოგვიცხადა: 15 წუთი გაქვთ რომ დაისვენოთ და გთხოვთ, ზუსტად თხუთმეტ წუთში უკან დაბრუნდით.

-        კარგი! კი ბატონო! - ჩავილაპარაკე ქართულად და მართასაც გამოეღვიძა.

ავტობუსის გაჩერება იყო და Ჩვენი მძღოლი საპირფარეშოსკენ პირველი გავარდა და ორივეს გაგვეცინა. Მივხვდით საბოლოოდ რაშიც იყო საქმე. შემდგომში ისე მშვიდად და წყნარად ვიარეთ რიეკამდე, რომ თვალი მხოლოდ დილის ექვსის ნახევარზე გავახილეთ და ჩვენდა გასაკვირად, ნახევარი საათით ადრე ჩავედით პაწაწინა და უსაყვარლეს საპორტო ქალაქში - რიეკაში. ავტობუსიდან ჩასვლისას პირველი ხორვატიული სიტყვაც კი მოვისმინეთ - “დოვიდჟენია”, რაც როგორც შემდგომში გადავთარგმნეთ და ისედაც მივხვდით, ნიშნავდა ნახვამდის.

რიეკა

და აი, Ჩვენი დილაც დაიწყო რიეკაში. პირველი შეგრძნება რაც რიეკაში დამეუფლა, ამას ალბათ ვერანაირად ვერ გადმოვცემ. იმდენად საამურ გარემოში მოვხვდით მე და მართა, რომ რამდენიმე წამი ჩუმად ვიყურებოდი აქეთ-იქით და სუფთა ჰაერს, ჯერ კიდევ გამონაბოლქვისგან დაუბინძერებელს, მთლიანად ვისრუტავდი. თან Ჩვენ წინ აღმართული “კაპუჩინსკას” ტაძარი ისე მედიდურად და შთამებჭადავად გამოიყურებოდა, რომ თვალებს ვერ ვწყვეტდი აღმაფრენისგან. ისეთი საოცარი კომპოზიცია იყო ჩვენ წინ გაშლილი, რომ შეუძლებელი ამ მომენტებით არ დაგვეწყო ჩვენი მოგზაურობით ტკბობა. ტაძრის წვერში და მის გარშემო, თოლიები ულამაზეს სანახაობას ჰქმნიდნენ და თითქოს ცეკვადნენ და მზის ამოსვლისა და გათენების სიხარულს ასე გამოხატავდნენ. ჩვენთვის ნამდვილად საუცხოო დახვედრა იყო და საოცარი განწყობა შეგვექმნა ორივეს დილიდან. რამდენი ტაძარი მინახავს, კათოლიკური თუ მართლმადიდებლური, მაგრამ რატომღაც ამ ეკლესიას რაღაცნაირი სევდიანი იერ-სახე ჰქონდა და ვერ ვხსნიდი რატომ იყო ასეთი ჩუმი და წყნარი და რა საიდუმლოებებს ინახავდა გულის სიღრმეში.

მართაც თითქოს ჯერ უენერგიოდ იყო და რაღაცნაირად იშმუშნებოდა. ისედაც, ჯერ ბინაში შესვლას ვერ შევძლებდით და შუა დღის ორ საათამდე, დრო რამენაირად უნდა გაგვეტარებინა. არაფერი არ იყო ღია, მხოლოდ ღამის კლუბები და ბარები, რომლებიც პარასკევს საღამოს მისულ სტუმრებს ისტუმრებდნენ სახლისკენ. ჩვენ, როგორც უნგრეთში მაცხოვრებლებს, არ გაგვკვირვებია, მსგავსი გარემოება, მაგრამ ის მაინც ვერ დავიჯერეთ, რომ დილის 6 საათამდე, როგორ გაძლო ამ ხალხმა. ან არ დაიღალნენ ან არ მობეზრდათ მუსიკის მოსმენა მაინც?!... ზოგს შეიძლება წასასვლელიც კი არ ჰქონდა. რას გაიგებ, კაცი... - გავიფიქრე ჩემთვის.

ამასობაში, ცოტა შემცივდა და გავხსენი ჩემი ჩემოდანი და ამოვაძვრინე ჩემი ერთადერთი გრძელმკლავიანი ზედა და ჩავიცვი, რადგან დილის მზე ჯერ-ჯერობით ვერ მათბობდა და ამ უცხო ხალხივით დილის სიგარეტითა და ყავით ვერ გავითბობდი თავს. მართაც ათვალიერებდა ვარიანტებს თავის ტელეფონში, რისი ნახვა შეგვეძლო დილიდან, ან საით მხარეს გაგვესეირნა, მაგრამ სანაპიროს გარდა ასე ადრე ვერსად ვერ წავიდოდით. ნელ-ნელა დღის გეგმაც შევადგინეთ, რომ ჯერ სანაპიროს მოვინახულებდით და შემდეგ, განწყობის მიხედვით განვარგძობდით დათვალიერებას.

სანამ გავიკვლევდით გზას, უკნიდან ერთი კაცი მოგვადგა თხოვნით, რომ ცოტა ხნით მისი ნივთებისთვის მიგვეხედა, რომლებიც ახლახანს ჩამოაწყო საბარგულიდან და შემდეგი ავტობუსისთვის რომ მიესწრო ტაქსის მძღოლი უნდა მოეძებნა. იქვე ახლოს უამრავი ტაქსი ტრიალებდა, მაგრამ არც ერთი არ გამოდგა იმ ზომის, რომელიც ამ უზარმაზარ ბარგს დაიტევდა და როგორც ჩვენგან მოჩანდა ან დაკავებული იყო ტაქსი ან არავინ არ უჩერებდა მანქანას. საწყალი კაცი, ამაოდ ცდილობდა, რომ ტაქსით მომსახურების კომპანიებისთვის დაერეკა, მაგრამ ან არავინ პასუხობდა ან კიდევ მხოლოდ პატარა სედანის ზომის მანქანებს შეეძლოთ გამოსვლა, ისიც 50 წუთში. იმედიც კი გადაეწურა ჩვენს უცნობს, რომ შემდეგ ავტობუსს მიასწრებდა. თან თითქოს ნერვიულობდა კიდეც, გადიოდა და გამოდიოდა, წრეებს არტყამდა გარშემო ერთსა და იმავე მონაკვეთს და ვერ გაგვეგო რა ხდებოდა მის თავს. ერთი შეხედვით, აშკარად, გამოუძინებელი და დაღლილი იყო.

რამდენიმე წუთში, ისევ ჩვენთან მოვიდა ყურმილით ხელში. გვთხოვა, რომ ცოტა ხნით კიდევ, მისი ნივთებისთვის ყურადღება მიგვექცია. გვითხრა, რომ პარაპლანით ფრენის ძვირადღირებული აღჭურვილობა ჩამოიტანა და არ უნდა რომ ვინმემ მოპაროს. ცოტა გასაკვირიც კი იყო, რომ ამ უცხო გოგონებს ასე გვენდობოდა, მაგრამ არ მიგვიცია არანაირი საბაბი იმისა, რომ მის ნივთებს შევეხებოდით. იქვე ახლოს დავდექით მის ნივთებთან და თვალს არ ვაშორებდით მის ბარგი-ბარხანას.

-            როგორ დავიჯერო, რომ ახლა ამას აქ პარაპლანის აღჭურვილობა უწყვია? -თითქოს მართას აზრის მოსმენაც მინდოდა. იქნებ ბომბია და უნდა აფეთქდეს რამდენიმე წუთში?!

რატომღაც უნდობლობას ვგრძნობდი ამ ადამიანის მიმართ პირველივე წამიდან. არა და ზოგადად, ყოველთვის, ისე ვარ რომ უცხო ადამიანებს მარტივად ვუახლოვდები ხოლმე და უნდობლობას, ზოგადად, იშვიათად გამოვხატავ მაგრამ ამ კაცის მიმართ ეგრევე ეჭვი გამიჩნდა. უცებ მართა მომიბრუნდა და მეკითხება:

-            ნანი, შენ და არ ენდობი?

-            შეხედე მართა როგორ გამოიყურება...

-            ხო გეთანხმები, ისეა ჩაცმული, როგორც ბუდაპეშტელი უსახლკაროები. იმათთან შედარებით აღარაფერი უკლია.

-            შარვალიც გაცვეთილი, თითქოს ნასვამი სახე აქვს და არ ვიცი მოკლედ, ვერ ვენდობი ამ ადამიანს. - ცოტა ცუდი ტონით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ კაცის მიმართ, მაგრამ სიმართლე იყო, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც “ბომჟი”.

ამ დროს გაისმა ისეთი მჭახე ხმა, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით და წითელი  ოპელ ასტრას ავტომობილის მძღოლი შემოვლითი გზის შუაგულში აღმართულ საგზაო ნიშანს დიდი დამუხრუჭებით, მთელი ძალით შეასკდა და იმ წუთსავე წარმოვიდგინე ის შემზარავი ფაქტი, რაც იმ მანქანის სალონში შესაძლოა მომხდარიყო. მაგრამ ჰოი, საოცრებავ! მძღოლი მანქანიდან საღ-სალამათი გადმოვიდა. კარი ღია დატოვა, მოუკიდა სიგარეტს და ამ შეშინებულ ხალხს გვერდით  ისე ჩაგვიარა, მშვიდად ფეხით მოსიარულემ, გეგონებოდა რომ არაფერიც არ მომხდარა და რამდენიმე წამის წინ მის მიერ დადგმული სცენის მომსწრენი არ გაგხვადა თითოეული ჩვენგანი.

ეს ყველაფერი ჩვენს უცნობსაც კი არ გამორჩენია და ცოტა ხანში ჩვენთან მოვიდა და გვეუბნება:

-            პოლიციას დავურეკე, მოკლედ მოვუყევი მომხდარის შესახებ და გადავეცი მანქანის სერიის ნომერი და ასე თქვეს, რომ რამდენიმე წუთში აქ იქნებიან.

მე ცოტა არ იყოს და გამიკვირდა, რატომ შეიწუხა ამ კაცმა თავი და ამ ამბავში უნებლიეთ გაეხვა.

-            სერბია ეს კაცი, მანქანის ნომრებით ვიცანი. - დარწმუნებით გვითხრა პეტარმა.

-            სერბს რა საქმე აქვს ამ დილა უთენია ან განზრახ რატომ იკლავს თავს? - გაოცებული სახით შევეკითხე.

-            არა მგონია, რომ ამ კაცს თავის მოკვლის მიზნით გაეკეთებინა მსგავსი რამ. უბრალოდ ისტორიას ვერ ეგუება. ჩვენი მოგზაური შეეცადა დამატებითი კითხვებისთვის თავი აერიდებინა და აღარ უთქვამს აღარაფერი ამ თემასთან დაკავშირებით სანამ პოლიცია არ მოვიდა.

-            ხო მართლა, გოგონებო, მე პეტარი მქვია. Ხელი ჩამოგვართვა და გაგვეცნო ორივეს.

-            მე ნანი მქვია. - დინჯად წარვუდგინე საკუთარი თავი.

-            Მე მართა ვარ. - დაზარებით ახსენა თავისი სახელი ჩემმა მეგობარმა.

-            საიდან ხართ გოგონებო? - დიდი ინტერესით გვკითხა პეტარმა.

-            ბუდაპეშტიდან ჩამოვედით უქმეების გასატარებლად.

-            ოჰ! უნგრეთი... - ამოიოხრა პეტარმა და ის, ის იყო, რომ ჩვენ მიმართ უკვე დამოკიდებულება ეცვლებოდა (ისევ ისტორიის მიზეზით სავარაუდოდ), რომ უცებ მე ვახსენე. - მაგრამ ქართველები ვართ და უნგრეთში ვცხოვრობთ. არ ვიცი სახეზე რამდენად გამომეხატა ჩემი შინაგანი მდგომარეობა იმ წუთას, მაგრამ მიუხედავად გარშემო მომხდარი ამბისა, ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ჩემს წარმომავლობას ვახსენებ ხოლმე და მუდამ მიხარია ის ფაქტიც, რომ სადღაც შუაგულ ევროპაში ჩვენს პაწაწინა საქართველოს ვახსენებ. გულს მიჩქარებს ხოლმე ის მომენტი, როცა უცხო ადამიანებს ჩვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ მაინც სმენიათ.

-            “გრუზიააა” და საქართველოს ხსენებაზე პეტარს მაშინვე სახე გაუნათდა.

-            მე ოპატიადან ვარ, მაგრამ იქ, ჩვენიანი, თითქმის აღარავინ აღარ ცხოვრობს. მხოლოდ ჩემი მშობლების ძველი სახლია შემორჩენილი. ახლა უკრაინიდან ჩამოვედი, ალბათ ასე ცხრამეტი საათია რაც გზაში ვარ. კრკიში მივდივარ, ჩემს კუნძულზე, სამსახური მელოდება იქაც. ძალიან დავიღალე ავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომით. თითქმის არ მიძინია.

უცებ პეტარმა თავის მხარზე გადასაკიდ ჩანთაში ქექვა დაიწყო და უკრაინის პაწაწინა დროშა გვაჩვენა, რომელსაც უკანა მხარე ასაფხრეწი ქსოვილის ჰქონდა.

ეს დროშა, უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცს მოვხსენი და შევინახე, რადგან მისმა სიკვდილმა ძალიან შემძრა. მე გადამეფარა, როგორც კონტრტერორისტს და თვითონ სასიკვდილოდ დაიბობმა თავი. არ ვიცი რატომ გადაწყვიტა, რომ ეს დროშა ჩვენთვის ეჩვენებინა და რატომ მოგვიყვა ეს ამბავი, მაგრამ ასე მითხრა, რადგან ქართველები ხართ, თქვენ გაჩუქებთო. და პირადად მე გამომიწოდა ქართველობის ნიშნად.

-            ბოდიში, როგორ ახსენეთ? “Counter terrorist-ი”?

-            კი, კი! - დამიდასტურა პეტარმა.

-            ანუ ქართულად, კონტრტერორისტი! ვაუ! საინტერესოა! მართასთან ერთადაც გავიაზრე მისი პროფესიის სახელი, რადგან ჯერ კარგად არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა გამომეხატა მისი პროფესიის შესახებ. იმდენად უცხოდ ჩამესმა ეს სიტყვა ყურში, რომ სანამ ჩუმად არ მოვძებნე განმარტება ჩემი ტელეფონით “გუგლში”, თუ რას ნიშნავდა “counter terrorist-ი” ქართულად, მანამდე ვერც კი გავიაზრე ვისთან გვქონდა საქმე და ყოველდღიურად რას საქმიანობდა. განმარტების წაკითხვისა და მისი მონაყოლის შემდეგ პეტარმა მოგვიყვა, სულ სხვანაირად დავინახე პეტარი და მთელი გულით შევეცადე, რომ სახეზე დიდი მხარდაჭერისა და პატივისცემის გრძნობა გამომხატვოდა. სიტყვები იმ მომენტში უცებ ვერ მოვძებნე. რა თქმა უნდა, მის მიერ ნაჩუქარი უკრაინის დროშაც უფრო დავაფასე და ჩემი ჩანთის წინა ჯიბეში, როგორც ახალი თილისმა, ისე ჩავდე და მერე თითქოს სევდაც კი შემომაწვა. წარმოვიდგინე, თუ რა ჰქონდა მას გამოვლილი რუსეთ-უკრაინის ომის დროს. მისი მოვალეობა ხომ მშვიდობისთვის ბრძოლა და ტერორიზმის ჩახშობა იყო. რამდენიმე წუთი კიდევ ვერ ვიჯერებდი, თუ ვის შევხვდით მე და მართა...

პეტარმა მხარზე ხელი დაიდო და გვაჩენა ის დასახიჩრებული მხარი, რომელიც იმ საბედისწერო მომენტში გაეჭრა და გვითხრა, რომ დღემდე რკინას ატარებს სხეულში, რომ ხელის მტევნის მოძრაობა ასე თუ ისე შეძლოს. ამ ამბების მოსმენის შემდეგ, რა თქმა უნდა სრულიად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ და მის მიმართ დადებითად განვეწყე. ის კი არა, ზურგჩანთას, რომელსაც ხელიდან გაუშვებლად თან ატარებდა, ჩამოიხსნა და ელვა შესაკრავით გახსნა... პირდაღებულებმა შევხედეთ ერთმანეთს მე და მართამ. საბრძოლო იარაღები ეწყო იმ ჩანთაში, როგორც გვითხრა, ძალიან ძვირადღირებული საბრძოლო ტექნიკა იყო და მუდმივად თან ატარებდა. მართა და მე თვალებს ვერ ვუჯერებდით.

-            უბრალოდ ამ ზურგჩანთას აქ ვერ დავდებ და ვერც თქვენ მოგთხოვთ ამის ყარაულობას. - გაგვაფრთხილასავით პეტარმა.

ჩვენც თითქოს შევემზადეთ მანამდე მომხდარი მოვლენების მოსასმენად, უკვე იმდენად დავუახლოვდით ამ ადამიანს და თვითონაც როგორც ჩანს გვენდობოდა.

-            გოგონებო, რამე კაფეს ვნახავ ახლოს, რომ ყავა ვიყიდო, თორე ფეხზე ძლივს ვდგავარ.

პეტარი ყავის საყიდლად რომ გავიდა, მართას ვუთხარი. - წარმოგიდგენია? ტყუილად კი არ მქონდა ეგ შეგრძნება, რომ იქნებ ბობმია ამ ნივთებში-თქო... ხომ ხედავ ნაწილობრივ გამართლდა კიდეც...

-            მეც არ ვიცი რა გითხრა, აშკარად რთული ცხოვრება გამოიარა ამ კაცმა და მისი გარეგნობაც ამაზე მეტყველებს. - გულდამწუხრებით შეაფასა მართამ პეტარის ცხოვრება.

 

***

გავიდა თითქმის ორმოც წუთზე მეტი და როგორც იქნა პოლიციის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გამოჩნდა. ახლოს გააჩერა მოტოციკლი და ჩვენკენ წამოვიდა. პეტარმა, რა თქმა უნდა, მომხდარის შესახებ პოლიციელს თითოეული დეტალი აცნობა და სულ რამდენიმე წუთში, მინივენის ტიპის მანქანით დანარჩენი თანამშრომლებიც მოვიდნენ. პეტარს დიდი პატივისცემით მიესალმნენ და ჩვენ ეს ფაქტი ძალიან გაგვიკვირდა. პეტარი მათ მანქანაში ჩაჯდა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორც შემდგომ შევიტყვეთ, შეძლეს მანქანის ნომრით მეპატრონის ამოცნობა და მართლა სერბი აღმოჩნდა ის კაცი. მანქანიდან რომ გადმოვიდა, პეტარმა თითი ჩვენკენ გამოიშვირა და ჩვენი თავი, როგორც იქ მყოფი თვითმხილველები, ისე წარუდგინა პოლიციელებს. თუმცა ჩვენი ჩართვა ამ საქმეში საჭირო არც იყო და პეტარმა გვიხსნა ზედმეტი თავის ტკივილისგან.

ამის შემდეგ პოლიციამ იმ გზით განაგრძო სვლა, რომლისკენაც ჩვენმა სერბმა მოწყვეტით განაგრძო გზა. თანაც ისე, რომ პოლიციის მოსვლამდე ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ შევნიშნეთ, საერთოდ როდის და რანაირად დაბრუნდა მანქანაში... იმ ადგილიდან ისე დაძრა მანქანა და ისეთნაირად ჩაგვიქროლა, რომ გეგონებოდა ფორმულა ერთის მძღოლიაო და პირველობისთვის იბრძვისო. მანქანის საბარგულიც ღია ჰქონდა, უკანა ორი კარიც და ისე მიაქროლებდა ამ თავის წითელ მანქანას, თითქოს ფრთები შეესხა და გაფრენას აპირებსო.

***

ცოტა ხნის მერე, ნელ-ნელა მოვიკრიბეთ გონება და დავგეგმეთ რა უნდა გვექნა შემდგომში. Მაგრამ პეტარმა არ დაგვანება და გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის პატივი ეცა და უნდოდა რომ კაფეში ყავაზე დავეპატიჟეთ.

ძალიან ადრე იყო. არც კი იცოდა, რომელ ქუჩაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ღია თუნდაც მაღაზია, სადაც ყავის ყიდვას შეძლებდა. თანაც, პეტარს საქმე აღარ ჰქონდა, რადგან მისი გამოთვლით, შემდეგი ერთი ან ორი საათი კიდევ ვერ გააგრძელებდა გზას კრკისკენ. პირველი ავტობუსი, რომლითაც წასვლა უნდოდა, ცხადია უკვე გავიდა და დალოდება უწევდა. ახალგაზრდა გოგონების კამპანიაზე უარს არავინ არ იტყოდა და საბოლოოდ, დავთანხმდით მის შემოთავაზებას. ჩვენც მეტი საქმე არ გვქონდა იმ მომენტში და არაფერი არ დაშავდებოდა ჭიქა ყავაზე რომ გვესაუბრა პეტართან...

მეორე პრობლემა კი ის იყო რომ პეტარს სულ ხუთ მეტრში რომ სდომნოდა მისი ნივთების გადატანა, ტაქსი იყო საჭირო ან 5 ძლიერი ვაჟკაცი, რომლებიც ამ ყველაფერს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანდნენ და ბოლო-ბოლო გავეცლებოდით ამ ინციდენტის ადგილს.

ცოტა ხანში ჩვენც გვეშველა და ერთმა კეთილმა ტაქსის მძღოლმა მუშტრის თვალით ჩაგვიარა. პეტარმა ხელი დაუქნია და ამ კაცმაც იქვე მიაყენა მანქანა. ახლოს რომ მოვიდა და პეტარის უზარმაზარი ბარგი დაინახა, უცებ შეკრთა, მაგრამ როგორც სიტუაციიდან მივხვდით, პეტარმა აუხსნა, რომ რაღაცნაირად ჩავაწყობდით ამ ყველაფერს საბარგულში და თუ ნებას დაგვრთავდა, უკანა სავარძლებზეც კი. ჩავაბარგეთ ყველაფერი და როგორც იქნა ჩავსხედით. იმდენად ვიწროდ, რომ ყველაფერი თავზე გველაგა, მაგრამ სულ ხუთასი მეტრი უნდა გაგვევლო მანქანით და ამ ქაოტური მდგომარეობის ატანა დიდხანს არ მოგვიწევდა.

-            გჯერა ახლა რომ მართლა უახლოეს კაფეში მივდივართ ამ მანქანით თუ გატაცებულები ვართ? სიცილით მეკითხება მართა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართულად ვსაუბრობთ, ჩვეულებრივი ტონით, რომ ჩვენი საუბრის ტონითაც კი არ იგრძნონ, რაზე ვსაუბრობთ.

-            რავიცი, მგონი კი. თითქოს მგონია რომ რაც მანამდე გადაგვხდა და მისი (პეტარის) დამოკიდებულებაც ჩვენ მიმართ ჯერ-ჯერობით რაღაც ისეთი არ ყოფილა. მემგონი ნორმალურ გარემოში ამოვყოფთ თავს და დაე, ასე გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავალი... Ბევრი მოგონება დაგვიგროვდება.

ჩვენდა გასაკვირად, სწორ ადგილას აღმოვჩნდით და ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ პეტარმა, რა თქმა უნდა, მცირედი თანხა შესთავაზა მძღოლს და უარი უთხრა. ამ პატარა მანძილზე ფული როგორ გამოგართვაო. პეტარის ხორვატიული ენა ჩვენთვის მთლად ჩინური არ იყო (რუსული ორივეს გვესმოდა და ხორვატიული რუსულს ძალიან ჰგავდა) და  უთხრა, რომ შენთვის ეს სამსახურია და აჰა, ხუთი ევროვო.

ეს ფაქტიც, რაღაცნაირად მოგვეწონა მე და მართას და ორივემ იმ წამს რატომღაც ღმრად ამოვისუნთქეთ. Ბოლოს და ბოლოს მშვიდად მოვედით აქამდე. Მიუხედავად იმისა, რომ ეს უბანი ერთ-ერთ ტურისტულ და ხმაურიან ადგილად ითვლებოდა, გარშემო ჯერ ისევ არაფერი არ იყო ღია. სხვა გზა არ გვქონდა, სამივეს ერთად რამენაირად უნდა მოგვესვენა და გაგვეყვანა. ამიტომ, პეტარმა გადაწყვიტა, ერთ-ერთი მაღალი კლასის რესტორნის გარე მაგიდებთან დაეწყო თავისი ნივთები და მოკლედ, შემდეგი რამდენიმე საათი იქ “დავპარკინგდით”. მე და მართა გაოგნებულები ვიყურებოდით აქეთ-იქით. ვხედავდით, რომ დაკეტილი რესტორნის ტერიტორიაზე შემოვიჭერით, ამხელა ბარგი, თითქმის შუა გზაში გვეწყო და თან იმას ვდარდობდით, ვინც გაივლის, რას იფიქრებსო. ან კიდევ როცა გაიხსნებოდნენ, რას იტყოდა რესტორნის პერსონალი ჩვენზე. დილიდან დაუპატიჟებელი სტუმრების გამოცხადება, არც ერთ რესტორანს არ ესიამოვნებოდა. მაგრამ პეტარი დარწმუნებული იყო, რომ არავინ არსად არ გაგვაგდებდა და მოკლედ, იქვე შემოვრჩით.

***

ჩვენ ასეთ საქციელს მიუჩვევლები ვიყავით. ბუდაპეშტში ან თუნდაც საქართველოში, ასე უნებართვოდ, სხვის ტერიტორიაზე როგორ შევიჭრებოდით, მაგრამ პეტარი იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს თავის მიწაზე, რომ კაცი იფიქრებდა, ამ ქვეყნად მას ყველაფრის უფლება აქვსო და სადაც მოინდომებს იქ გაშლის თავის კარავსო. იმ მომენტშიც, ზუსტად ეგ ხდებოდა, ოთხკაციან მაგიდას მივუსხედით, რომელიც ჩაკეტილი არ იყო. პეტარმა ძირს ჩამოაწყო ოთხივე სკამი და სამივე მივუსხედით ამ მაგიდას.

პეტარს და მართას ყავის დალევა უნდოდათ, მაგრამ ეს რესტორანი დაკეტილი იყო და ჩვენთვის ამ ადგილს, ახლა ნამდვილად არავინ არ გააღებდა. ჯერ რვა საათიც კი არ იყო. მართამ ახსენა, რომ მისი დილა მუდამ ყავით იწყება და ზოგადადაც ადრე იღვიძებს და არ აწყენდა ერთი ფინჯანი გემრიელი ესპრესო. პეტარი წამოხტა და იქვე, ცოტა მოშორებით, ღია კაფე დაინახა, რომელიც ალბათ ძალიან ადრე გაიღო და მართაც თან გაჰყვა. მე კიდევ ამხელა ბარგის ყარაულად დამტოვეს და ვიჯექი ასე ჩემთვის, წყნარად. თან თითქოს დარცხვენილივით და შეშინებულიც. უკნიდან ამ რესტორნის მეპატრონე რომ მომადგეს რა ვუთხრა?! Აქ რა ხდება?! Რატომ ვზივარ აქ ასე უსახლკაროსავით და მთელი სახლი თან რატო დამაქვს? დარწმუნებული ვიყავი ნებისმიერი გამვლელი ზუსტად ამ ფიქრებით მივლიდა გვერდს. ალბათ ისინიც კი, ჩემ წინ რამდენიმე წუთით რომ შეყოვნდნენ და იტალიურად „ბონჯორნო“ რომ მითხრეს.

სხვა გზა არ მქონდა, ვიჯექი ჩემთვის, მაგრამ ის რამდენიმე წუთი უქმად არ გამიტარებია. ჩანთიდან პატარა სარკე და წარბების პინცეტი ამოვიღე და სანამ დრო მქონდა წარბებს შევავლე ხელი. ამხელა “დანაშაულს” ჩავდიოდით ამ კოპწია რესტორანში და ჩემი თავის მოვლის პაწაწინა რუტინა, უკვე აღარავის აღარ გაუკვირდებოდა. თან ორივე თვალით ჩვენსას კი არა, პეტარის ბარგს ვუყურებდი, რომ ვინმეს რამე არ მოეპარა და შინაგანად ვფორიაქობდი კიდეც. თან ხომ ვიცოდი, რასაც ვყარაულობდი. ის იარაღებით სავსე ზურგჩანთაც პეტარმა აქვე, „ჩვენს მაგიდაზე“, დამიდო.

***

უუჰ! როგორც იქნა გამოჩნდნენ პეტარი და მართა. მართას ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა და მესიამოვნა კიდეც, რომ არ დავავიწყდი. მივხვდი რომ ერთ-ერთი ცხელი სასმელი ჩემთან მოჰქონდა და იმ წუთასვე მოვხალისდი.

-            ნანიკო, ეს Შენ მოგიტანე, შავი ჩაი თაფლით და ლიმონით. წეღან რომ გციოდა, გათბები ცოტა და ყავა რახან არ გიყვარს, ჩაიკო მოგიტანე.

-            მადლობა მართიკო! მადლობის ნიშნად თბილად გავუღიმე.

-            მე მინდოდა ორივე თქვენგანის დაპატიჟება, მაგრამ მართამ არ დამანება და თქვენი სასმელების ფული მართამ გადაიხადა. - ოდნავ დარცხვენით მომახსენა პეტარმა.

-            არაუშავს, არ იდარდო. რა პრობლემაა, არ ვიცნობთ ერთმანეთს და რა ვალდებული ხარ? - სწრაფად გასცა პასუხი მართამ.

-            უბრალოდ ჩემი ინიციატივა იყო თქვენი აქეთ გამოყვანა და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს.

-            “It’s fine”. მთავარია, ყველას ჩვენ ჩვენი ცხელი სასმელი გვაქვს და ისღა დაგვრჩენია, რომ ვისიამოვნოთ. - გულახდილად ვუთხარი მე.

იმ მომენტში, თითქოს სიჩუმე ჩამოვარდა, არც ერთმა არ ვიცოდით რა გვეთ