ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მამის ინსტინქტი

მამის ინსტინქტი


მეუღლის მშობიარობასაც დაესწრო და საქართველოს შრომის კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული ორკვირიანი შვებულებაც გამოიყენა იმისთვის, რათა უკვეთ გაეცნო საკუთარი პირმშო და მელოგინე მეუღლეს დახმარებოდა ბავშვის მოვლაში. თავიდანვე ძლიერი ემოციური კავშირი ჩამოყალიბდა მამასა და ქალიშვილს შორის, როდესაც ახალშობილი დედის მკერდზე დააწვინეს, მამამ ქალიშვილს ხელი ხელზე მოჰკიდა და სახეზე შეხედა, ქალშვილმა კი ქუთუთოები ასწია და მამას ლურჯი თვალებით შეანათა. მამა მიხვდა, რომ ამ მზერის გამო და მისი გულისთვის ყველაფერს შეძლებდა.

 

ქალიშვილის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა: თუ მანამ გვიანამდე რჩებოდა ხოლმე სამსახურში იმისთვის, რათა მეტი სამუშაო შეესრულებინა და ამ გზით ანაზღაურების ოდენობაც გაეზარდა, მას შემდეგ, რაც გოგონა ეყოლა, თითქმის მთელი დღე ქალიშვილსა და მის ლურჯ თვალებზე ფიქრობდა და როგორც კი 8 საათიანი სამუშაო დღე დასრულდებოდა, მაშინვე ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო სახლში. ზოგჯერ გამოსდიოდა, ზოგჯერ ვერა და თუ ისე მოხდებოდა, რომ 19:00 საათზე თავს ვერ დააღწევდა მონურ შრომას, ძლიერი შფოთვა, განგაში და დანაშაულის შეგრძნება უჩნდებოდა იმის გამო, რომ ქალიშვილთან ურთიერთობისთვის განკუთვნილ დროს სხვა რამეში ხარჯავდა. ასეთ დროს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა სამუშაო ადგილას გასაჩერებლად და პროდუქტიულობა სერიოზულად უქვეითდებოდა, რადგან მისი ფიქრები პატარა გოგონასთან იყო. და როდესაც მაინც მოახერხებდა ოფისიდან გასვლას, სახლისკენ გიჟივით მიჰქროდა, რამდენჯერმე საავარიო სიტუაციაშიც აღმოჩნდა და ერთხელ უკნიდან შეეჯახა კიდეც წინ მიმავალ მანქანას. საბედნიეროდ, არავინ დაშავდა და ზიანიც არ იყო კატასტროფული, თუმცა ამის მიუხედავად, ქალიშვილთან ყოფნის დაუძლეველ სურვილს ვერაფერი მოუხერხა და სამსახურიდან გამოსული ისევ თავქუდმოგლეჯილი მირბოდა ლამაზი გოგონასკენ.

 

სავარაუდოდ, ქალიშვილიც გრძნობდა მამის უსაზღვრო სიყვარულს და მასთან ყოფნის სურვილს და თავადაც იმავეთი პასუხობდა. ჭამითაც მამასთან უკვეთ ჭამდა, ძილითაც მამასთან უკეთ ეძინა, ბანაობაზე, თამაშსა და გართობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ცხადია ორივე უდიდეს სიამოვნებას იღებდა ამ აქტივობებით. დედა ოდნავ შეშფოთებული იყო ამ ყველაფრით, თუმცა ხვდებოდა, რომ მამასა და შვილს შორის ასეთი ურთიერთობა კარგის მეტს არაფერს ნიშნავდა და თავადაც ყველანაირად უწყობდა ხელს მამა-შვილის სიყვარულს.

 

დილაობით ჭირდა ხოლმე ძალიან, როდესაც გოგონა იგრძნობდა, რომ მამა სამსახურში წასვლას აპირებდა, საჩვენებელ თითზე მოჰკიდებდა ხოლმე ხელს და არ უშვებდა. დედისა და ძიძის ჩარევა ხდებოდა საჭირო, რომ მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ, რათა მამას დრო ეხელთა და გაპარულიყო, თუმცა თუკი კიბეებზე ჩასულს ქალიშვილის ტირილი ან ძახილი შემოესმებოდა, ისევ უკან ბრუნდებოდა და მანამ ელოდა და არწმუნებდა გოგონას, სანამ მისგან წასვლის ნებართვას არ მიიღებდა ან ისევ არ გაიპარებოდა. ამის გამო, სამსახურში ხშირად აგვიანებდა, თუმცა მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც ნაკლებად თავგამოდებული, მაგრამ მაინც მამა გახლდათ საქმის კურსში იყო და ამ დაგვიანების გამო (რომელსაც საღამოს ორმაგად ანაზღაურებდა) პრობლემებს არ უქმნიდა.

 

ერთი წლის რომ გახდა, გოგონას აუყვანეს ძიძა, რომელსაც ევალებოდა მასზე ზრუნვა მშობლების სახლში არყოფნის დროს. ძიძა აჭმევდა, აძინებდა, ბანდა, უცვლიდა, ასეირნებდა და ა.შ. გოგონა მასთანაც კარგად გრძნობდა თავს, თუმცა ცხადია, მშობლებთან და განსაკუთრებით მამასთან ყოფნა ერჩივნა. წელიწადნახევარი უვლიდა ძიძა გოგონას, თითქოს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თითქოს უყვარდა კიდეც, თუმცა ერთ დღეს ბელგიაში ერთი კვირით წავიდა და უკან დიდხანს აღარ დაბრუნდა, თან ისე, რომ მასთან საკომუნიკაციო ყველა არხი მოსპო და მისი აღსაზრდელის მშობლებს არც პოსტ ფაქტუმ შეატყობინა რაიმე. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ თურმე ბელგიაში დარჩენილიყო და იქ დაეწყო სამსახურის ძებნა.

 

ძიძის წასვლა გოგონას საბავშვო ბაღში მიყვანის დროს დაემთხვა. დაბრუნდნენ ზღვიდან, დასრულდა ზაფხულის შვებულება-არდადეგები და დედამ და მამამ გოგონა გამოაწყვეს და საბავშვო ბაღში წაიყვანეს .ეზოში დიდი ზარ-ზეიმი დახვდათ, მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული, ადმინისტრაცია, აღმზრდელები, აღსაზრდელები და მათი მშობლები ქაოტურად ირეოდნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. ცოტა ხანში აღმზრდელებმა ბავშვები და მათი მშობლები შენობაში და მის შესაბამის ოთახებში (რომლებსაც თავად რატომღაც ჯგუფებს უწოდებდნენ) შეიპატიჟეს. მართალია, ოთახში არსებულმა სათამაშოებმა გოგონას ყურადღება მიიპყრო და თამაში დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წუთში მამა მოიკითხა და კინაღამ ატირდა კიდეც, სანამ მის მკლავებში აღმოჩნდებოდა. რამდენჯერმე სცადეს მშობლებმა გოგონას ოთახში დატოვება, ხან თხოვნით, ხან დამშვიდობებით, ხან გაპარვით, მაგრამ როგორც კი მიხვდებოდა, რომ მიდიოდნენ, ან იქ არ იყვნენ, მაშინვე ხმამაღალ ტირილს იწყებდა. ცოტა ხანს იყვნენ ოთახში და შემდეგ აღმზრდელსა და ფსიქოლოგის რჩევით გოგონა სახლში წაიყვანეს.

 

მომდევნო დღეს გოგონა ისევ ორივე მშობელმა მიიყვანა საბავშვო ბაღში, რადგან დედა სამსახურში მალევე უნდა წასულიყო, ხოლო მამას წინა დღეს უკვე მოესწრო უხელფასო შვებულების აღება, ქალიშვილი ჯერ დედამ შეიყვანა ოთახში და ნახევარ საათში მამამ ჩაანაცვლა. მართალია გოგონა თამაშობდა, მაგრამ მამას დიდი ხნით არ სცილდებოდა და მის სიახლოვეს ყოფნას ამჯობინებდა. საუზმეზე მხოლოდ ერთი ნაჭერი უკარაქო პური შეჭამა (მეტი არ იყო გათვალისწინებული და იმასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ კარაქი არ ყოფილიყო წასმული), არ ეყო, კიდევ მინდაო, არ არისო, მიუგეს აღმზრდელებმა. ორ საათში სადილის დროც მოვიდა და გოგონამ კიდევ ერთი ნაჭერი პური შეჭამა. თამაშობდა, მღეროდა, ცეკვავდა, ჯგუფელსაც გამოელაპარაკა და ამასობაში მალე შუადღის ძილის დროც დადგა. საბავშვო ბაღში მისვლიდან ძილის დრომდე მამამ რამდენჯერმე სცადა ოთახიდან გასვლა, მაგრამ გოგონა ცოტა ხნითაც კი არ უშვებდა, ტირილს იწყებდა მალევე. საძინებელ ოთახში საკუთარი ინიციატივით შევიდა, დაათვალიერა კიდეც, მაგრამ დასაძინებლად არ დაწვა, ფსიქოლოგმა კი მამას უთხრა, რომ თუ ბავშვი არ დაიძინებდა, მაშინ სახლში უნდა წასულიყვნენ და რადგან გოგონამ უარი განაცხადა დაძინებაზე, იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საბავშვო ბაღის ტერიტორია.

 

ის, რაც მეორე დღეს მოხდა, განმეორდა მომდევნო დღეებშიც. გოგონა უფრო და უფრო ეჩვეოდა გარემოს, აღმზრდელებს, სხვა ბავშვებს, მაგრამ მამის წასვლაზე ისევ მძაფრად რეაგირებდა, ამიტომ ის იძულებული იყო ოთახში დარჩენილიყო. ასე გავიდა ათი სამუშაო დღე, გოგონა დილით მამას მიჰყავდა საბავშვო ბაღში, შემდეგ ნახევარ დღეს იქ ერთად ატარებდნენ, თამაშობდა, აფერადებდა, ხატავდა, ცეკვავდა, მღეროდა, პურს ჭამდა, მაგრამ გოგონა მამის გარეშე არ რჩებოდა საბავშვო ბაღში და მშობლის გარიდების ყოველი მცდელობა ისტერიკული ტირილით სრულდებოდა. სხვა მშობლებს შვილები შეჰყავდათ ოთახში და მაშინვე გარბოდნენ ისე, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ საკუთარი შვილების განწირულ ტირილს. ალბათ ზოგს სხვა გზა არ ჰქონდა, ზოგს შეიძლება არც აღელვებდა ეს, ზოგი შეიძლება იდიოტური რუსული მკაცრი აღზრდის მომხრე იყო, ზოგი კი შემდეგ გარეთ იდგა ფანჯრებთან და ისმენდა, როგორ ეძახდა საკუთარი შვილი, ღელავდა, თუმცა შიგნით მაინც არ შედიოდა. მამას არ შეეძლო ეყურებინა ან ესმინა საკუთარი შვილის ტირილი, სწორედ ამიტომ ვერ ტოვებდა ქალიშვილს და მის ტირილს ერჩივნა ბავშვებისთვის განკუთვნილ ხის პატარა სკამზე მჯდარიყო და სხვათა შვილების ტირილზე ენერვიულა.

 

დედამ და მამამ ბევრი იფიქრეს, იმსჯელეს, ითათბირეს და ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე, რომ რადგან გოგონა ჯერე კიდევ საკმაოდ პატარა იყო, აჯობებდა, საბავშვო ბაღში ტარებაზე დროებით უარი ეთქვათ და კვლავ ძიძა აეყვანათ. სოციალურ ქსელებში დაწერეს, სააგენტოებს დაუკავშირდნენ და აქტიურად დაიწყეს ძიძის ძებნა-შერჩევის პროცესი. მოკლე სიაში მოხვედრილი და გასაუბრებაზე მიწვეული ხუთი ქალბატონიდან მხოლოდ ერთთან მივიდა ცოტა ხნით, დროის სიმცირის გამო მშობლებმა მასზე შეაჩერეს არჩევანი, თუმცა გოგონა მასთანაც არ გაჩერდა დიდხანს და პირველივე სამუშაო დღეს ბავშვის დედა იძულებული გახდა სამსახურში არ წასულიყო და სახლიდან ემუშავა. იგივე განმეორდა მომდევნო დღეს შერჩულ კიდევ ერთ ძიძასთან. თითქმის გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა, დედამ განაცხადა, რომ მუშაობას თავს ვერ დაანებებდა და კარიერაზე უარს ვერ იტყოდა, არც მამას უნდოდა სოლიდურ ანაზღაურებაზე უარის თქმა, მაგრამ გოგონაზე ვინმეს უნდა ეზრუნა დღის განმავლობაში.

 

სექტემბრის თბილ და მზიან დღეს მამა და ქალიშვილი მრავალსართულიანი შუშებიანი შენობის ცენტრალური შესასვლელიდან გამოვიდნენ. მამამ, რომელსაც გოგონა მარჯვენა ხელში ეჭირა, ყვითელი პიჯაკის ჯიბეში მოსინჯა იდო თუ არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მის მიერ ოთხად გაკეცილი ეგზემპლარი, ლურჯ ცას ახედა, გოგონას თავზე დაყნოსა, აკოცა და მტკიცე ნაბიჯით გასწია მუშთაიდის ბაღისკენ.