ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აი და ამე

აი და ამე


სიყვარული მთვარეზე

ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც პატარა მანანის თოვლის პაპამ ახალ წელს დიდრონი ტელესკოპი ჩამოუტანა საჩუქრად ლაპლანდიიდან და ვინაიდან ტელესკოპი თვით ბავშვზე ოთხჯერ დიდი მაინც იქნებოდა, მშობლები დაეხმარნენ გოგონას საძინებლის სარკმელთან საჩუქრის გამართვაში.

როდესაც მანანიმ პირველად მიაყრდნო საკუთარი დიდრონი, გრძელწამწამიანი, ცისფერი თვალი ტელესკოპის ბუდეს და ლინზათა წყება გაკვეთა გუგიდან მოწყვეტილმა მზერამ _ ის მიხვდა, რომ იმ წამიდან მასში აღძრული სიამოვნება აღარასოდეს განქარდებოდა, ვინაიდან მილის ბოლოში სჩანდა ის რაც აქამდე ბუნდოვნად სჩანდა და ის უსაზღვრო, ანუ უსასრულო იყო, ისეთივე უსაზღვრო, როგორიც პატარა მანანის ფანტაზია...

თუმცა ტელესკოპში შორეულ სამყაროთა გარდა მოსჩანდა ისიც, ზოგჯერ მოთეთრო და ზოგჯერ ყვითელი, ხან სრული და ხანაც ნამგალა, ცაზე გამოკერებული დისკო, რომელიც მანანის ჯერ ასე ახლოდან არასოდეს ენახა. იმ დღიდან მთვარე გოგონას საყვარელ დაკვირვების საგნად გადაიქცა.

ის ხომ საკმარისად შორს იყო რათა ოცნებათა ობიექტი გამხდარიყო გოგონასათვის და საკმარისად ახლოს, რათა მის რეალურობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.

მანანი იზრდებოდა, იზრდებოდა ტელესკოპის ზომაც, ლინზების რაოდენობაც და მაშასადამე დაკვირვების ობიექტის გამოსახულებაც.

მანო, რამდენ ხანს უნდა იყურო მაგ ტელესკოპში, ვინმე გაიცანი, მეგობრები გაიჩინე, მთვარე არსად გაიქცევა, ხვალაც იმავე ადგილას დაგხვდება, ეს ტელესკოპი კი სჯობს სხვენზე ავიტანოთ, ოთახში გასავლელი ადგილი აღარაა...

ეტყოდნენ მანანის მშობლები მეათასეჯერ და მანანიც მეათასეჯერ წაუყრუებდა.

მას მხოლოდ იმის სჯეროდა რასაც ხედავდა და ვინაიდან დაბადებამდე ვერაფერსაც ვერ ხედავდა, მისი საყრდენი ყოველთვის საკუთარი გამოცდილება, ანუ დაბადების შემდგომი პერიოდი იყო. მან არ იცოდა მთვარე არსებობდა თუ არა მის არსებობამდე, უფრო სწორად არ ენახა და მაშასადამე წონადი მტკიცებულება არ გააჩნდა ამის დასაჯერებლად.

მანანიმ არც ის იცოდა მთვარე არსებობას გააგრძელებდა თუ შეწყვეტდა მისი სიცოცხლის დასრულების შემდეგ. ხანდახან უბრალოდ ეჩვენებოდა, რომ მთვარე არა დედამიწის, არამედ მის გარშემო ბრუნავდა და როდესაც ცა მოიღრუბლებოდა, მანანი საშინლად ნერვიულობდა და მთელი გულით შესთხოვდა ცნობიერებას ცის განწმენდის შემდეგ სანუკვარი მთვარე კვლავ ჩვეულ ადგილას დაჰხვედროდა...

როდესაც მშობლებმა უწინ მანანის „ბავშვურ აკვიატებად“ მონათლულ დამოკიდებულებაში პრობლემის აშკარა სილუეტი დაინახეს და დროებით ტელესკოპის გადამალვა გადაწყვიტეს, მანანის პანიკური შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაყვანილი მანამ ვერ მომჯობინდა, სანამ მისი საყვარელი ტელესკოპი პალატაშივე არ გაუმართეს.

თეთრი ოთახიდან შუშაბანდის წინ მდგარი მრავალლინზიანი მოწყობილობა მთვარისკენ მიმართულიყო და ფეხშიშველ, პაციენტებისათვის განკუთვნილ ხალათში გამოწყობილ მანანისაც დავიწყებოდა ის საშინელი განცდა, რომელიც მშობლების დაუდევრობის გამო ფეხებს ჰკვეთდა, სასუნთქ გზებს უხშობდა და ანადგურებდა...

 სასტუმროს პალატიდან დისკო ისევე ლამაზად მოსჩანდა, როგორც მისი საძინებლიდან, კრატერებით დაწინწკლული, ღვთაებრივად მოელვარე...

უეცრად მანანიმ მოზღვავებული ენერგია იგრძნო, მთელ სხეულზე ოფლმა დაასხა, კუნთები მისგან დამოუკიდებლად ამოქმედდნენ და გოგონას ფეხები ერთმანეთს წარმოუდგენელი ძალით მიეკრნენ. მანანის დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ არ წაქცეულიყო. სულ მალე მისი სხეული სრულიად მოდუნდა, შემსუბუქდა და გოგონაში საოცარი სითბო და სიყვარული ჩაიღვარა...

მანანის არასოდეს განეცადა მსგავსი შეგრძნება. იმ დღიდან მანამ აკვირდებოდა თავისი დიდრონი თვალებით ვერცხლისფერ დისკოს, სანამ ზემოხსენებული არ განმეორდებოდა და ჰორიზონტზე ოქროსფერი ბურთი არ გამოჩნდებოდა.

ვერ იტანდა მანანი მზეს. დილაობით მუდამ ეძინა. სწორედ ამის გამო მასსა და სხვა ადამიანთა შორის გიგანტური უფსკრული გაჩნდა. თუმცა მეორეს მხრივ, მთვარემდე მანძილი თითქოს სულ უფრო და უფრო მცირდებოდა...

მანანის გრძნობები მთვარისადმი იმდენად ძლიერი იყო, იგი სხვაზე არაფერზე ფიქრობდა. მშობლები მალე ტელესკოპთან მდგარი გოგონას ფონად გადაიქცნენ, მოძრავ, ხმაჩახშობილ აჩრდილებად...

დრო გადიოდა.

ერთ ჩვეულებრივ ღამეს მანანი ძლიერმა შიმშილის გრძნობამ შეაწუხა. აღმოაჩინა, რომ ლანგარზე გამზადებული საკვები ამჯერად კარებთან არ დახვედროდა. იგი წამიერად სიბრაზემ მოიცვა, ოთახიდან გასვლა მთვარესთან ყოფნის შესაძლებლობის არგამოყენებას უდრიდა. თუმცა მას ხომ ასე ძალიან შიოდა...

მაშინ ჩაბნელებულ სახლში კიბეებზე ჩაირბინა და სამზარეულოს მიაშურა. მაცივარი ცარიელი დახვდა. ვინაიდან შიმშილის გრძნობა აუტანელი გახდა, მან მშობლების საძინებელისკენ აიღო გეზი, ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ კარი შეაღო.

როდესაც მანანიმ შუქი აანთო, შენიშნა, რომ ოთახში არავინ იყო, ყველაფერს მტვერი დასდებოდა. უჩვეულობით დაბნეული დედიკოს საყვარელი სარკისაკენ შებრუნდა, მის წინ შევერცხლილთმიანი, თვალებჩაღამებული, ძვალწვრილი, ცისფერთვალება მოხუცი იდგა...

მანანას ფეხები მოეკვეთა, უნდოდა დაეყვირა, საშველად მოეხმო, თუმცა გაღებული პირიდან ხმა არ ამოსდიოდა. მაშინ საზარელმა ფიქრმა გაუელვა თავში _ "თუკი მოვკვდები და ვერცხლის დისკო არ გაქრება, ჩემს მიერ გაღებული მსხვერპლი ვერასოდეს იქნება გამართლებული!"...

მანანა ფანჯარასთან მიხოხდა, თუმცა მშობლების საძინებლის სარკმლიდან მთვარე არ სჩანდა. მაშინ დარჩენილი ძალღონე მოიკრიბა და კიბისაკენ აიღო გეზი.

მისი გამხდარი ხელები ძლივს ერეოდა საკუთარი სხეულის წონას. კიბის საფეხურები დაუსრულებელ ტანჯვად გადაიქცა. მანანას გული უფრიალებდა, ძალღონე ელეოდა... სამი საფეხურიც და იგი საკუთარი ოთახის ზღურბლთან ამოყოფდა თავს.

მთელი დარჩენილი ენერგია გადასცა წინა კიდურებს და სულ მალე მანანა საკუთარი ტელესკოპის გვერდით იყო გართხმული. ხელებზე წამოიმართა, ძალიან ეცადა ღამის წყვდიადში მნათობი დაელანდა, თუმცა სარკმელში აღარაფერი სჩანდა...

მაშინ მანანის ისეთივე სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში როგორც უწინ. ხელები მოუდუნდა. აჩქარებული გულის ცემა ჯერ მინელდა, შემდეგ კი სრულიად გაქრა.

ცაზე გადაჭიმული შავი ღრუბლის მიღმა _ დიდრონი, ვერცხლისფერი დისკო ირეკლავდა მზის მიერ უანგაროდ გამოტყორცნილ სინათლეს...

 

 

 

 

 

 

ჰაიეკი

- ჰაიეკ! გაამზადე ამანათები უსაფრთხო დაშვებისთვის! დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებით.

ჰაიეკმა სკამიდან ასწია თავისი ტლანქი საჯდომი და საწყობისაკენ გაეშურა. ყუთები სათითაოდ გადაამოწმა. ყველა მათგანი დალუქული და საიმედოდ დაბმული დახვდა. მის დაცქვეტილ ყურებს არაფერი გამოეპარებოდა. ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა. 

- ყველაფერი კარგადაა ბოს, მზად ვართ.

ეს მეორე შემთხვევაა როდესაც ამ სამუშაოს ასრულებს. ყველაფერი მარტივია, მათ ევალებათ ფუთების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. ტრანსპორტირებისას ყუთები არ უნდა გაიხსნას ან დაზიანდეს. თუკი რაიმე სახის ხმაურს გაიგონებს შიგნიდან, ეს ნიშნავს, რომ ტვირთი დაზიანებულია და ამის შესახებ ბოსს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს. არანაირი კითხვები, არანაირი დისკუსია, ფიქრიც კი.

მისთვის ეს სამყაროში ყველაზე კომფორტული სამსახურია.

ბოსი გახლავთ ის, ვინც თავის დროზე შეიფარა ჰაიეკი. მისცა საცხოვრებელი ადგილი. ჰაიეკს არასოდეს უკითხავს მისი სახელი.

დაშვების პროცესი არც უწინ ყოფილა ადვილი. ყველამ საკუთარი ადგილი დაიკავა და ღვედები შეიკრა.

ხომალდმა ატმოსფეროში შესვლა იწყო. ჰაიეკი სავარძლის მისაყუდებელს შპალერივით აეკრა. წამიერად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს გულის ფიცარი ხერხემალს შეეხო და შიგნეულობა მათ შორის მოიყოლა. თუმცა შემდეგ ხომალდის სიჩქარემ იკლო, რასაც საბოლოოდ მისი ზედაპირზე უხეში დანარცხება მოჰყვა.

ჰაიეკმა მიმოიხედა, როგორც ჩანს დაშვება მშვიდობით განხორციელდა.

ახლა საჭირო იყო დაეცადათ მანამ, სანამ ხომალდი მგზავრებისა და ეკიპაჟისგან დაიცლებოდა და საწყობიდან ტვირთის შეუმჩნევლად გატანას შეძლებდნენ.

ვინაიდან საჩქარო აღარაფერი იყო, ჰაიეკმა ერთი ჯიბიდან ქაღალდში საგულდაგულოდ გახვეული, საუზმიდან მორჩენილი ნამცეცები ამოიღო და საჭმელი მარჯვენა ხელის გულზე დაიყარა. შემდეგ მეორე ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოაძვრინა, ახლოს მიიტანა და ისე მოხერხებულად გახსნა თავისი ერთი შეხედვით მსხვილი და მოუქნელი თითებით, რომ შიგნით არსებული ტარაკანი პირდაპირ მის კოჟრიან ხელის გულზე აღმოჩნდა და მაშინვე ნარჩენების ათვისებას შეუდგა.

ჰაიეკი გაშტერებული აკვირდებოდა ცხვირწინ განვითარებულ მოვლენებს და როდესაც ტარაკანამ საკუთარი მოვალეობა წარმატებით შეასრულა, უმალ დააბრუნა მისთვის განკუთვნილ აპარტამენტში, შემდეგ კი კოლოფი ჯიბისკენ გააქანა.

- ჰაიეკ, ტარაკნები დედამიწაზე არ გყოფნის ჯიბით რომ არ ატარო? თუ ეგ განსხვავებულია ჰა? იქნებ განსაკუთრებულ ხმას გამოსცემს გასრესვისას? არ გინდა შევამოწმოთ? _ იკითხა მელბიმ და წყლით სავსე ბოთლი ერთი მოყუდებით, ხმაურიანად გამოსცალა, შემდეგ ხელი მოუჭირა გასრესვის ხმის იმიტაციისთვის და ურნაში მოისროლა.

ჰაიეკს არაფერი უპასუხია, როგორც ყოველთვის. ის მხოლოდ ბოსს უსმენდა და საჭიროების შემთხვევაში ესაუბრებოდა კიდეც.

 

 

 * * *

ანიკას ბავშვობა არაფრით ჰგავდა სხვათა წარსულს. მას წილად ხვდა ბედნიერება დაბადებულიყო ოჯახში, რომელიც მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგებოდა კაცობრიობის სწრაფი განვითარებით გამოწვეულ ცვლილებებს და იმ კუნჭულში ემალებოდა "ცივილიზაციის სიკეთეებს", რომელიც გასაოცარ შემთხვევითობათა გამოისობით ჯერ კიდევ "აუთვისებლის" სტატუსს ატარებდა.

ანიკამ იცოდა როგორ გამოიყურებოდა გაზაფხულის ფოსფორისებრი, ნახევრად გამჭვირვალე სიმწვანე. მას არასოდეს გამოეცადა სიმჭიდროვისგან გამოწვეული სტრესი, არ აწუხებდა კლაუსტროფობია. არ იცოდა რა ხდებოდა ფუტკრის სკებივით გატენილ მეგაპოლისებში. ანიკას არ გაესინჯა ხელოვნური ხორცი. არ მიეღო მზის დამწვრობა. მისნაირი ადამიანები უმრავლესობის მხრიდან _ განუვითარებელ და ტექნოლოგიებს ჩამორჩენილ არსებებად აღიქმებოდნენ. ისინი არ იყვნენ აღრიცხულნი და შესაბამისად არ გააჩნდათ უფლებები. ღმერთის წარმომადგენელი მათ არ მიიჩნევდა ხატად ღვთისა, თუმცა ანიკას არასოდეს გაუგია, რომ ამ სამყაროში არსებობდა ადამიანი, რომელიც ღმერთის სიტყვას, სხვათათვის რთულად აღქმადს და გასაგებს, თავად გააჟღერებდა.

როდესაც ანიკას ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა, მასში ცნობისმოყვარეობამ პიკს მიაღწია. იგი იქ უნდა მისულიყო, სადაც ზონი სრულდებოდა და ის სამყარო იწყებოდა, რომელსაც ასე თავგამოდებით გაურბოდნენ მისი მშობლები...

წინასწარ გამზადებული „ზურგჩანთა“ გატენილი იყო მგზავრობისთვის საჭირო ნივთებითა და საკვებით. წვიმის სეზონის დასასრულს ანიკამ ბოლოჯერ მოავლო თვალი საკუთარ კარ-მიდამოს და მშობელთა დაუკითხავად დაადგა გზას იქით, საითაც მრავალი წლის წინათ ამა მდებარეობდა.

მცენარეთა შორის გზის გაკვალვა არც თუ ისე ადვილი იყო. ანიკა გამეტებით იქნევდა ჟანგიან, ნახევრად გალეულ მაჩეტეს. მის მიერ გაკვეთილი ბილიკის ხაზი დაგრძელდა, მდინარის განშტოებათა კალაპოტი ნელ-ნელა დავიწროვდა, წყლის დონემ კი თანდათან იკლო.

ანიკა... ანიკა... ანიკა... ნიავი შვილს გამოდევნებულ მშობელთა ძახილს მოაქროლებდა შორიდან.

მის ყურამდე მიღწეულმა ხმამ კიდევ უფრო შეჰმატა ანიკას ენერგია და სურვილი მისულიყო იქ, სადაც არასოდეს ყოფილა და ენახა ის, რაც არასოდეს ენახა .

მალე გაუვალი ტყე მეჩხერად გარდაიქმნა, შემდეგ საერთოდ გაქრა და ბუჩქნარმა ჩაანაცვლა, მდინარე კი გამშრალ და დახეთქილ მიწაში ჩაიკარგა. 

როდესაც ბუჩქნარის დასასრულს მიუახლოვდა, ანიკამ მონდომებით დაიწყო არემარის თვალიერება. ბნელდებოდა. ჰორიზონტის ხაზი სრულად მტვრის ღრუბელს დაეფარა და მის მიღმა არაფერი სჩანდა.

ანიკას მშობლების ძახილს ფორმა დაეკარგა და გაურკვეველ ბგერათა წყობად გადაიქცა...

როდესაც მზე სრულად ჩავიდა, მტვრის ღრუბლის მასა თვალისმომჭრელმა ნათებამ გაარღვია და ანიკა მიხვდა, ზონი დასრულდა, მტვრის ფარდის მიღმა კი მეგაპოლისი იმალებოდა...

როდესაც გოგონა ჰორიზონტისკენ დაიძრა და ხრიოკის გადაკვეთა განიზრახა, უჩვეულო ბგერა მისწვდა მის მახვილ სმენას... ანიკა ჩვეული სისხარტით შემობრუნდა და მაჩეტე მოიმარჯვა, თუმცა წყვდიადში ჩაკარგულ ბუჩქნარში ვერაფერს არჩევდა.

- დედა, მამა, თქვენ ხართ?

პასუხი არავინ გასცა.

მოულოდნელად კისრის არეში მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნო. შემდეგ, ყველაფერი ბუნდოვანი გახდა, ისეთი ბუნდოვანი, როგორიც მტვრის ღრუბელს ამოფარებული მეგაპოლისი. მაშინ გოგონა ზურგზე დაეცა. უვარსკვლავო ცა უწინ არასოდეს ენახა...

 

* * *

- ჰაიეკ, გადაამოწმე დაშვებისას რომელიმე გზავნილი ხომ არ დაზიანდა, თოკები ჩახსენი, ერთ საათში ჩამოტვირთვას ვიწყებთ!

ჰაიეკმა ბოსს თავი დაუქნია და უხმოდ გაემართა ყუთების ხელმეორედ შესამოწმებლად.

მელბი საკუთარ სკამზე გადაწოლილიყო და ბავშვობაში გაგონილ მელოდიას უსტვენდა, შიგადაშიგ ტექსტად საკუთარ მოგონილ სიტყვებს იყენებდა, ვინაიდან მეხსიერება ღალატობდა, თუმცა შედეგით უკმაყოფილო, ბოლოს კვლავ უსიტყვო მელოდიის სტვენას ამჯობინებდა. სხვები ბოსთან ერთად კარტის თამაშით იქცევდნენ თავს.

როდესაც ჰაიეკი სატვირთო განყოფილებაში შებრუნდა და ბრძანების შესრულებას შეუდგა, შეამჩნია, რომ ერთ-ერთი გზავნილის სამაგრი დაშვებისას გამწყდარიყო, თუმცა ყუთს ადგილი არ შეეცვალა და არც დაზიანების რაიმე კვალი ეტყობოდა.

ამის მიუხედავად ჰაიეკმა გადაწყვიტა ყუთისთვის თავი მოეხადა და დარწმუნებულიყო გზავნილის დაუზიანებლობაში. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ბოსს შეატყობინებდა ყველაფერს და ამგვარად, არაფერი დაშავდებოდა.

როდესაც ჰაიეკმა ყუთს თავი აჰხადა, კარი გაიღო და ოთახი წამით მელბის ბავშვობის მელოდიამ აავსო. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა.

- ჰაიეკ, კონტრაქტის წაკითხვა დაგავიწყდა? შეგახსენებ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გზავნილს შევეხოთ. შენი ტარაკნის ასანთის კოლოფი კი არაა, როცა გინდა მაშინ გახნსა...

ჰაიეკს ხმა არ ამოუღია, იგი ყუთის შიგთავსს მისჩერებოდა. მელბისაც წასძლია ცნობისმოყვარეობამ და ჰაიეკის გვერდით მდგარმა ყუთში ძილის კაფსულა დალანდა. კაფსულაში ოციოდე წლის ახალგაზრდა გოგონა იწვა და მონოტონურად სუნთქავდა.

- ანგელოზივით სახე აქვს, და ასეთი ნაზი კანი გინახავს სადმე ჰაიეკ? ყველაზე ძვირიანი მზის დამცავი კრემიც რომ გამოიყენო, შეუძლებელია...

და როდესაც მიხვდა ჰაიეკი ფიქრებში გართულიყო და არ უსმენდა, მელბიმ მხარზე ხელი ძლიერად დაჰკრა და დასძინა

- არა განიკითხო და არა განიკითხები ჰაიეკ, ეს გოგონა სავარაუდოდ არაა აღრიცხული, ასე რომ ჩვენი სინდისი ისეთივე სუფთაა, როგორც ღმერთის წარმომადგენლის!

ჰაიეკს მელბისთვის არც ახლა მიუქცევია ყურადღება, საკუთარ ფიქრებში ჩაკარგულიყო.

- ჰაიეკ, გზავნილი არ დაზიანებულა, დავლუქოთ ყუთი და დავივიწყოთ რაც მოხდა, თუ გინდა რომ შემდეგ ფრენაზეც დაგვიკავშირდნენ...

ამჯერად ჰაიეკმა საკუთარი ფიქრების მოცილება წარმატებით მოახერხა და უხმოდ მიიღო მელბის შემოთავაზება. მათ ყუთი ფრთხილად დალუქეს, გზავნილი ახალივით იყო, შემდეგ თოკები ჩახსნეს და კარისკენ აიღეს გეზი.

- ისე, ჰაიეკ, რომ იცოდე რას არ მივცემდი ამ ღვთისგან დავიწყებულ მიწაზე ასეთი გოგონასათვის... _ ამოიოხრა მელბიმ და ნოსტალგიით გაჟღენთილი მელოდია ახალი სიტყვებით გააჟღერა

- რაც არ უნდა დავემალოთ სიმართლეს, ჩვენ თავად ვართ ტარაკნები კოლოფში...

- ჰა ჰაიეკ? მგონი კარგად დააჯდა მელოდიას, რას იტყვი?

მელბის შესაფერის სიტყვათა წყობის აღმოჩენის სიხარულით სახე გაჰბადვროდა.