ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტალღები ქალაქის ცენტრში

ტალღები ქალაქის ცენტრში

 

 

„ტალღები ქალაქის ცენტრში“

 

  

ნიკა ზირაქაშვილი 


   რა მოხდება ერთხელ მე რომ გავიღო და ფანჯარა გადახტეს? დაღლილი ღამე ხმას არ იღებს. უპასუხოდ დარჩენილი გადავყურებ ყიფშიძის ქუჩას. მტვრიანი სივრცე ჩემი აივნიდან საკმაოდ დაბლაა, ზღვისგან კი ზედმეტად შორს. მის თავზე უკვე ბევრჯერ იქცნენ ღრუბლები წვიმად და დაპირებები სიცრუეებად. უკვე ერთი წელია, რაც სანაპიროზე გამორიყულ ქაფად ყოფნაც კი არ გამომდის ამ მტვრიან გარემოში. ყოველდღე თითო ნატეხი აკლდება ჩემ ადამიანობას და ალბათ მალე მათხოვრის გამოწვდილი ხელისგულის ამოსავსებადაც კი აღარ იქნება საკმარისი. ლუდის ქილის სიცივე თითების გაბრუებას განაგრძობს, თვალები კი ლამპიონის ნათურის ცქერით ცდილობენ ნაკლული სითბოს შევსებას. მართლაც აჯობებდა ერთი დიდი, ლამაზი ბროწეულის ხე რომ ჩაერგოთ ამ ქუჩის გახუნებულ ასფალტში, ჩემი არსებობის მაგივრად. იქნებ ამ დაჩრდილულ შესახვევს ამით მაინც შესძენოდა ღია ბარათისთვის შესაფერისი ხასიათი. მოპირდაპირე კორპუსის ლოყებზე კვლავ ზედმეტად ცოტა ფანჯარა ღაჟღაჟებს. ცაზე ზაფხულის პირველი ღამის დაწოლას არავინ იმჩნევს. დაბურულ ფასადს თვალს ვარიდებ და აივნის კუთხეში მდგარ სავარძელს ვუბრუნდები. ბოლო დროს ამ ქალაქისთვის თვალის გასწორებას მხოლოდ მცირე ხნით ვახერხებ. უკვე შევეგუე კიდეც, რომ შემოდგომისთვის აშენებული ქალაქია თბილისი. არც ზაფხულისთვის საკმარისი ხეები აქვს და არც ზამთრისთვის ყოფნის თბილი გულების რაოდენობა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭისთვის, რომელმაც უკვე ოცდასამი გაზაფხული გადავიტანე ასეთ ყუთში, შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენაც კია საკუთარი თავის განახევრებულ ადამიანად ჩათვლა. ქილაზე ჩამოცურებული წვეთი თითზე მეხება და მახსენებს, რომ ამ ქუჩებში ჩემი წილი ჰაერის ჩასუნთქვა ჯერ მაინც არ მრცხვენია. ვერც შეუმდგარი და გრადუსებით შეკოწიწებული ოცნების, მხატვრის კარიერის ზურგით თრევისგან ვიკავებ თავს. მოკლემკლავიანი მაისური ბოლომდე ვერ ანეიტრალებს გამოუძინებელ სახეზე მოხვეულ სითბოს. ბროწეულის ხეებისთვის შეუფერებელ ქუჩაზე, ზაფხულისთვის შეუფერებელი სიმშვიდე აგრძელებს დინებას. მხოლოდ ქვედა სართულის ფანჯრებიდან, ნოეს სახლიდან გამოსული სიჩუმე არ მაწუხებს. წინა ზაფხულის ტრაგედიის შემდეგ თვალსაც კი ვეღარ ვუსწორებ მას. მომავალი რამდენიმე კვირა, სანამ ბუნგალოების გარემოცვა მოწყინდება, ჩვენ ქუჩაზე შედარებით მშვიდად შევძლებ გავლას. ალბათ, პირველ ივნისს ასეთი პათეტიკური ფიქრებით არ უნდა ვხვდებოდე. ზაფხულის მოსვლა ყოველთვის ახალ წელზე მეტად მახარებდა, მაგრამ ამ ქალაქში მგონი არაფერს შეუძლია მარადიულობის შენარჩუნება. მზერა ოთახისკენ გადამაქვს. ლამპის შუქით განათებული საძინებლის ჭერს ვაშტერდები. კიდევ უფრო ზამთრული ფიქრები თავისით მაცოცდებიან კეფაზე. ნეტავ როდის მოასწრო ჩემმა ოცნებებმა ჭერზე შემხმარ ყვითელ ლაქებს შორის გაჭედვა? გარშემო ჩამომჯდარი კითხვის ნიშნები უხმაუროდ სუნთქავენ. სასმელით ხელში მჯდარს, მერიდება კიდეც რაიმე პრეტენზიის წამოყენება. მთელი წელია სრული კრეატიული ბლოკით დამძიმებული დავდივარ და მხრებზე კიდევ ერთი-ორი კითხვის ნიშნის ჩამოჯდომაც უნდა ავიტანო წესით. ზღვის ტალღების მიერ ერთმანეთისთვის გზის დათმობის ცერემონიად ვთვლი ამას. წყალი კვლავ იგივე მიმართულებით განაგრძნობს დინებას, თუმცა ნაკლები სიჩქარით. ასე უფრო ადვილია პათეტიკის ატანა. ახლაც, სრულიად აუჩქარებლად ვდგები და საწოლზე ჩამოდებული ლეპტოპის ხმას ვამაღლებ, შემდეგ კი კვლავ აივნის მოაჯირს ვუბრუნდები. ბოუის იმედიანი ტონი ოდნავ ასატანს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩემ წინ გადაშლილ ქალაქში განათება ყოველთვის საჭიროზე უფრო ნაკლებია. ამ მშრალი, მრავალჯერ დატრიალებული ფიქრების ფირფიტას საათზე დახედვა მიჩერებს. ღამის პირველი საათია. საძინებელში ვბრუნდები, ნაჩქარევად ვიცვამ კედებს და ლამფასაც ვაქრობ. ლეპტოპის გამორთვისგან თავს ვიკავებ, მხოლოდ სიმღერას ვცვლი. ერთი ღირებული ადამიანის ხმა მაინც ხომ უნდა ისმოდეს ამ სახლში. დინამიკებიდან გადმოწოლილი კოენი ლურჯ საწვიმარზე იწყებს ამბის მოყოლას. მხრებზე შემოფარებულ უძილობას ვისწორებ და კარის საკეტს ვატრიალებ, უსარკეებო ოთახისთვის თვალის მოვლების გარეშე. ლიფტის გამოსაძახებელი ღილაკზე თითის დაჭერას არ ვჩქარობ და ხარბად ვიძირები ჩაბნელებული დერეფნის სიგრილეში. ნეტავ დღეს რა ისტორიას მომიყვება ეს ხმაურიანი არსება. ცარიელი შემომეგებება თუ ვინმეს არსებობას დამარღვევინებს ჩემი შესვლით. მოძველებული კარებები ჭრიალით იღება და გაცისკროვნებული სიღრმიდან მხოლოდ საკუთარი თავი მიყურებს, ჩაშავებული თვალებით. პირველი სართულის გაბზარულ ღილაკს ვაჭერ და ლიფტის მკერდად ქცეულ სარკეში გამოსახულ სილუეტზე დაკვირვებაც გრძელდება. წაბლისფერ თვალებში ჩახედვის სურვილი არ მაქვს. საყელოზე მიმხმარი საღებავიც არ მაკვირვებს. გამხდარ ფიგურაზე გადატარებული მზერის ინტერესს მხოლოდ მუხლზე მიძინებული შრამის დანახვა იწვევს. ცხოვრებას ჩვენი პირადი ისტორიის დაწერის საკმაოდ საინტერესო ხერხები აქვს. წარსულის მნიშვნელოვან მოგონებებს ხან დეპრესიის სახით გვინახავს, ხან სასიამოვნო სიზმრების ფორმით ალაგებს ქვეცნობიერის თაროებზე. შარშან იმაშიც დამარწმუნა, რომ ზოგჯერ წარსულისთვის პატივის მისაგებად შრამების დახატვასაც არ ერიდება. დღემდე მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა კარგი ამბის სამუდამოდ დამახსოვრებაა საჭირო, ყველა ცუდი ამბის, მითუმეტეს. ზურგს უკან კარის გაღების ხმა მაფხიზლებს. შორტის ჯიბეებში ჩამალული ხელებით ვკვეთ ქუჩას და მოპირდაპირე სადარბაზოს კიბესთან მისულს, მძინარე კატის სილუეტი მხვდება თვალში. მშვიდი, თეთრი გროვა ჩემ დასანახად თვალების გახელასაც კი არ კადრულობს. მისთვის ზედმეტი პრობლემების გაჩენის გარეშე ვაგრძელებ გზას და გრილ დერეფანში შესული, კიდევ უფრო ნაცნობი ლიფტის ღილაკს ვაჭერ თითს. კარებები მაშინვე იღება, უხმაუროდ. ლამაზ ყუთს უხმაუროდ ავყავარ ბოლო სართულამდე. ლიფტიდან გამოსვლისას საათი უკვე აღარ მიღიმის: ღამის ორი საათისკენ უკვე რვა წუთია გაქცეული. რკინის გისოსებიანი კარის გავლით სახურავზე გავდივარ. შედარებით უფრო წმინდა ჰაერი მეხვევა სახეზე. ანე კუთხეში კიდესთან მიჩოჩებულ სკამზე ზის. მუხლებამდე ჩამოშვებულ ქვედაბოლოს თბილი ნიავი თითქმის შეუმჩნევლად არხევს. შავ პერანგში გამოწყობილს ნელა ვუახლოვდები და ვატყობ, როგორი შეწითლებული აქვს კანი, პატარა ცხვირის ირგვლივ. ყელთან რამდენიმე შეხსნილ ღილსაც ვამჩნევ, თუმცა ეს მუქი ზედა მაინც ზედმეტად თბილი მეჩვენება ზაფხულის პირველი ღამისთვის. მზერა იქვე, ძირს მდგარ ღვინის ბოთლზე გადამაქვს. გახსნილია.

-        უჩემოდ ხომ არ დაიწყე? - ვკითხულობ მშვიდი ტონით და გოგონას გვერდით ვჯდები.

-        ახლა დავასხი, შენი ზედმეტად პუნქტუალური ბუნების გათვალისწინებით სწორად გამომითვლია.

ქერა ტალღებში გახვეულის ხმაც მშვიდია, ღიმილით შემთბარი. თხელი თითები ღვინით სავსე ჭიქას მიწვდიან და ცივ შუშაზე ჩამოწოლილი ნამი ხელს მიგრილებს. ჰორიზონტზე გადაშლილი ყვითელი ზღვა მდუმარედ შემოგვყურებს. ლამპიონების ტალღების პირას მჯდარს, ქალაქის სიუხეშე წამიერად მავიწყდება. საათზე საბოლოოდ ისახება 1:11 და ამას ანეს ხმადაბალი ამოსუნთქვაც მოსდევს:

-        ზაფხულს - ჩურჩულით წარმოთქვამს და კიდეებ შეყვითლებულ შუშას ჩემკენ სწევს. 

ნამიანი ჭიქების წვეთები წამიერად ეხუტებან ერთმანეთს და მათ რევერანსს მეც ხმადაბლა ვახმოვანებ:

-        ზაფხულს გაუმარჯოს.

ორივე ჭიქას თითო ყლუპი აკლდება, თითქმის ერთდროულად. უკვე მესამე წელი სრულდება, რაც ზაფხულის პირველ ღამეს, ზუსტად ორის თერთმეტ წუთზე ამ ადგილას ვხვდებით და ზაფხულის სადღეგრძელოს ვსვამთ. ღვინის ბოთლის და ორი ჭიქის მოტანის ვალდებულება რიგ-რიგობით გვიწევს. წელს ანეს ჯერი იყო და რა თქმა უნდა, მისი საყვარელი წითელი ღვინით დამხვდა. მე ყოველთვის თეთრ, ნახევრად ტკბილს ვარჩევ. წითელსაც არ დაეწუნება არაფერი, მაგრამ მიჩვევა სჭირდება. მთვარის შუქი მკრთალად აგრძელებს გოგონას მხრებზე ჩამოშლილი, სიყვითლით დამდნარი თმების შეფერადებას. გრადუსიანი ამოსუნთქვა საუბრის წამოწყებას მანდომებს:

-        უკვე სამი დღეა, რაც ლიფტში არავინ არ გადამყრია.

-        მაინც ვინ გინდა შემოგხვდეს?

-        რავიცი, ტურისტი რომელიმე დასავლური ქვეყნიდან, ან უბრალოდ სამსახურიდან დაბრუნებული მოხუცი, თვალებში ჩაგუბებული დაღლილობით. მოკლედ ვინმე ისეთი, ვინც ჩემი ფიქრების ფირფიტაზე საინტერესო ხაზის დატოვებას მოასწრებს, სანამ ჩემ სართულამდე ავალთ.

-        რაიყო, დემიენ რაისის მოსმენით ვეღარ ივსებ ხატვის მუზას?

-        დემიენი ბოლო პერიოდში მარტო სასმლის ჭიქას მავსებინებს.

ღიმილიანი მზერით გამოხატავს თანაგრძნობას. სკამზე ჩამოდებულ კოლოფს ერთ ღერს ვაცლი და ვუკიდებ. ირგვლივ ღამე თავისთვის აგრძელებს ცეკვას. სახურავის მეორე ბოლოდან კატის გადარბენის ხმა ისმის, თუმცა ჩრდილში ვერაფერს ვარჩევ. ღრუბლებს მთვარისკენ მიმავალ გრძელ რიგში დგომა ეზარებათ და ჩვენს თავზე უინტერესოდ დგანან. ნაპირზე გამორიყულ ბოთლში დაგუბებულ სიმშრალეს გავს ეს რეალობა. კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი და მთვარიანი გამომეტყველებით მჯდარს ჩავეძიე:

-        ასე თბილად რატომ გაცვია?

-        მთელი საღამო მეძინა, წეღან გამოვფხიზლდი. პირველი რაც მომხვდა ხელში, ის გადავიცვი.

-        რა ხდებოდა? - მის ნათქვამს ნისლიანი ინტერესი შევაჩეხე.

-        ღამის სამ საათამდე მომიწია მუშაობა, შემდეგ კი მოულოდნელად ლუნას ვეტერინართან წაყვანა დამჭირდა სუნთქვის გართულების გამო. არვიცი კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ასე ყოფნას.

-        ვეტერინარმა რამე ახალი ხომ არ გითხრა?

-        არა, ისევ გადარჩენის ოც პროცენტიან შანსზე მობოდა. არც კი ვიცი რა ვიფიქრო ამ რიცხვზე.

თავდახრილი ლაპარაკობდა, მშრალ სევდაში ამოვლებული ხმის ტემბრით. ღვინით დანესტილ, ყავისფერ საცობს ათამაშებდა თითებს შორის. სიგარეტს დავაცქერდი, ნელა იწვოდა. არ ვიცოდი რა მეპასუხა. წვიმის წამოსვლა ვინატრე. სქელი წვეთები ყოველთვის ყველაფერს ანეიტრალებს, ამსუბუქებს და მარტივად ასატანს ხდის. წვიმაში ადამიანებს მხოლოდ ქარი სძულთ. სხვა ყველაფერზე მარტივად შეიძლება თვალის დახუჭვა. წვიმაში უმი სევდის უხმაუროდ დაღეჭვაც კი ადვილდება. ცაზე გაწოლილმა ღრუბლებმა მხრებიც კი არ აიჩეჩეს ჩემი სურვილის საპასუხოდ. ირგვლივ მხოლოდ შემთბარი ნიავის კალთები და შორიდან მოტანილი ყრუ ხმები ირხეოდა. ამ ზუზუნთან ერთად, ანეს შინაგანი წვიმის ხმაც კარგად მესმოდა, მიზეზთან ერთად. საყვარელი ძაღლი ერთადერთი რამ იყო, რაც სოფის ცხოვრებიდან შემორჩა. ამინდის შეცვლა არ გამომივიდა, ამიტომაც გადავწყვიტე საუბრის თემა შემეცვალა:

-        იცი, დედამიწაზე უფრო მეტი ხეა, ვიდრე ვარსკვლავები ჩვენ გალაქტიკაში.

-        ანდრომედეს შემოერთების შემდეგაც ეგრე იქნება? - იკითხა ხმადაბლა, ზრდილობის გამო.

-        ჰო, ხეების რაოდენობა კვლავ უფრო მეტი იქნება.

-        მაშინ რატომ არის ჩვენს ირგვლივ მაინც ასეთი ცოტა ხე?

მოკლედ ამოიოხრა და ჩემ ნათქვამში არსებული მთელი სიფერადე მოგუდა. ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც ჰაერში დატრიალებულ სევდას ვერაფრით გაექცევი. სწორედ ასეთი მომენტი იყო ახლაც. ფიქრების სამეფოში ნეგატიური აზრების დინასტია გამეფდა. სიგარეტი ძირს დავაგდე და ფეხით გავსრისე, შემდეგ კი ანეს ჭიქა მივაწოდე. ხელის ნელი მოძრაობით გამომართვა. ეტყობოდა, რომ მისი გონება და სხეული სრულიად განსხვავებულ ტალღებზე მუშაობდნენ. ჩემი წილი ნესტიანი შუშა ავიღე და გოგონასკენ გავწიე:

-        ვარსკვლავებს გაუმარჯოს.

-        ვარსკვლავებს გაუმარჯოს. - გაიმეორა მშვიდად და ცას ახედა.

ლურჯი თვალები მთვარის ანარეკლმა გაუნათა და წამის მეასედით ზღვის ნაპირს დაამსგავსა. ჭიქები ბოლომდე გამოვცალეთ. სკამის საზურგეს მივეყუდე, ჯიბიდან ყურსასმენები ამოვიღე და მობილურს შევუერთე, შემდეგ კი სიმღერების სიას ჩავაცქერდი. ანე შეტრიალდა, ფეხები სკამის მოაჯირზე გადაკიდა და ზურგით მკლავზე მომეყრდნო. სქელი, რბილი თმით დაფარული კეფა მხარზე გადადო და ცას მიაცქერდა. არჩევანი კოლტრეინის სენტიმენტალურ ხასიათზე შევაჩერე. ცალი ყურსასმენი მე გავიკეთე, მეორე კი გოგონას ყურზე ჩამოვდე მსუბუქად. ჩრდილებით სავსე მუსიკამ საბოლოოდ გადააჯაჭვა ჩვენი ნერვები ერთმანეთს და ცივ მდინარეში ჩააწვინა. მუსიკით გაგრილება ვერაფერი შეედრებოდა. თავი საზურგეზე გადავდე და მეც ცას მივაშტერდი: ღრუბლების მუქი გროვა კვლავ ჩვენს თავზე თვლემდა. მთვარის ცალი კალთა მორიდებით იღვრებოდა სიშავეში. ხელი დაბლა ჩასწია, ღვინის ბოთლი აიღო და პირდაპირ მისი პირიდან მოსვა, შემდეგ კი მე გამომიწოდა. იგივე გავიმეორე. კოლტრეინმა თავის მიზანს მიაღწია და გონების სცენა დატოვა. მის შემდეგ მობილურის ეკრანზე Velvet Underground გამოისახა: Pale Blue Eyes. ვიგრძენი როგორ მოეშვა ქერა მხრები - საყვარელი სიმღერის დაწყებასთან ერთად. ატმოსფერო თანდათან იმუხტებოდა. მალე ბოთლიც ბოლომდე დაიცალა და ორგანიზმში დაგროვილმა ლუდის და ღვინის ნაზავმა ოდნავ შემამსუბუქა კიდეც. ანე წამოდგა და სახურავის კიდესთან მივიდა, ქალაქისთვის თვალის გასასწორებლად. შორს მდგარი ლამპიონების ლეგიონის პირისპირ მდგარი, სიმშვიდეს ასხივებდა. ყვითელი წერტილების ფონზე თხელი სილუეტი ორმაგად უფრო ნაზი მოჩანდა. ამ გრაციოზული პორტრეტის დახატვა ნებისმიერ მხატვარს მოუტანდა ექსტაზის მსგავს შეგრძნებას. თუმცა, მე ერთხელაც არ მითხოვია ეს.

-        შესაძლებელია იმის ფიზიკურად შეგრძნება, შენი ცხოვრება ფრანგული დასასრულისკენ მიდის თუ არა? - ვკითხე კიდეზე მდგარს.

-        არ ვიცი, ბედნიერებას ყოველთვის ფიზიკურ სიმპტომად მივიჩნევდი.

ნახევრად ჩრდილში გახვეულმა სილუეტმა ხმამაღლა მიპასუხა, მხრების გაურხევლად. ზედმეტად შორს მყოფ ხმაურს კიდევ ცოტახანი აკვირდებოდა, შემდეგ კი უფრო მშვიდად დაამატა:

-        მგონი სევდამაც და ბედნიერებამაც შეიძლება ერთ დღეს მოულოდნელად გაგიაროს, სურდოსავით. ამიტომ შეიძლება იგრძნო კიდეც, ბედნიერი ან ტრაგიკული დასასრულის მოახლოება.

-        მაგ კონცეპტის მიხედვით ბედნიერების და სევდის სამკურნალო აბებიც უნდა არსებობდეს, ხომ ასეა?

-        ჰო. ნარინჯისფერი ცა, ზღვის ტალღები, საყვარელი სიმღერა, სითბო და კიდევ უამრავი რამ შეგიძლია აქციო შენი ბედნიერების აბებად.

-        სევდის აბებზე რას იტყვი? - ჩავეძიე. მსურდა, კიდევ ბევრი ელაპარაკა ამ თემაზე.

-        ეგენი ძირითადად სხვებს მოაქვთ შენთვის და ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც კი გიტოვებენ საწოლთან.

-        მარტივად ჟღერს. - წარმოვთქვი ღიმილით.

ქერა ტალღები არც ამ ნათქვამს გაურხევია. თავ გაჭეჭყილი კოლოფიდან კიდევ ერთი სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ცხოვრების ფერებთან ყოველთვის კომპლექსური დამოკიდებულება მქონდა. ზღვის სანაპიროზე ზაფხულის ნაცვლად ზამთარში ჩასვლაც ამიტომ მომწონდა. ამ დროს ტალღებს უფრო ნეიტრალური, რეალური ფერები აქვთ. მუქი ნაცრისფერი ხმაურის მოტანილი ჰაერი უფრო მკვეთრი სიწყნარითაა გაჟღენთილი. ყოველდღიურობასაც თითქმის ასეთი ლოგიკით ვუყურებ. ყოველდღიური აზრები და მოვლენები ერთ დიდ ფირს წარმოადგენენ და ყოველი კადრის გამჟღავნება ერთნაირად მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. ანეს მიერ წარმოსახულმა ემოციების კონცეპტმა სწორედ ამ შეხედულებაზე დამაფიქრა:

-        თურმე, ცხოვრების პალიტრის უბრალო, ორ ფერად გაყოფაც საკმაოდ დიდი სიმშვიდის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ოდნავ გაეღიმა. ჩავთვალე, რომ მიხვდა საითაც წამიყვანა საკუთარი მოსაზრებით. ჩემი ჩამოშვებული სახისკენ გამოხედვის შემდეგ, კიდევ უფრო თბილი ტონით წარმოთქვა:

-        ვიცი არ გიყვარს ყველაფრის შავ-თეთრ ტონში აღქმა, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმაოდ აადვილებს ცხოვრებას. ოკეანის ნაპირიდან შორს დავიბადეთ და ამ ყოველდღიურობაში სიმშვიდის წვეთების პოვნა ისედაც ძნელია.

-        ალბათ მართალი ხარ. ზოგჯერ ყველაფრის გამარტივებით ჩვენ თვითონვე უნდა დავალბოთ ირგვლივ არსებული რეალობა.

სიგარეტს ღრმა ნაფაზი გამოვტყუე და წამოვდექი. გოგონას გვერდით ჩამომდგარმა მთელი გულით ჩავისუნთქე ნიკოტინი და თბილისური ღამის სურნელი. უცხო უბნების ლამპიონები მართლაც უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენი ქუჩის მანდარინები.

-        ალბათ კიარა, იცი რომ მართალი ვარ - წამოიყვირა სიცილ ნარევი ტონით.

-        კარგი ჰო, მართალი ხარ. ყველა ოკეანე ჩვენგან თითქმის ერთნაირი მანძილითაა დაშორებული და ამას ვერაფრით შევცვლით.

ხმამაღლა გაეცინა. სიგარეტი ტუჩებიდან ამაცალა, ბოლო ნაფაზი დაარტყა და ორი თითით მოისროლა წინ. გამჭირვალე ტუჩსაცხით განაზებული ნამწვი ენერგიულად დაეშვა ცარიელი ქუჩისკენ. იყო ამ მომენტში რაღაც ნოსტალგიური, მაგრამ განუმეორებელი. მასიურად შეკუმშული ქალაქის ხედის ფონზე კიდევ ათას უაზრობაზე ვისაუბრეთ; თუმცა, როდესაც სახურავიდან ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, ჩიტების გაღვიძებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. ცარიელი ღვინის ბოთლი მე ავიღე, მან კი ჭიქის წვრილ ფეხებს წამოაცვა თითები და ასე ჩავედით ლიფტამდე. პრიალა კარებები ღილაკის მიჭერისთანავე გაიღო, განათებულ ყუთში შევედით და მე ერთიანს მივაჭირე, ლამაზმა თითმა გაცრეცილი ექვსიანი აანთო. მის სართულზე შეჩერებისას თბილად გადავეხვიეთ ერთმანეთს. ზურგს უკან ჭიქებმა გაიწკარუნა, შემდეგ კი გოგონა ლიფტიდან გავიდა და ბნელ დერეფანში გაუჩინარდა. კორპუსიდან გამოსულს, კიბეზე კატის ნასახიც კი აღარ დამხვდა. იმედგაცრუებულმა, ღვინის ბოთლი იქვე მდგარ ურნაში ჩავაგდე და ჩემი სადარბაზოს ლიფტს მივაშურე. შედარებით მოძველებულს. მარტო მგზავრობისთვის მართლაც ზედმეტად ნელი იყო. შიგნით ამჯერადაც არავინ დამხვდა და მეხუთე სართულამდე ასვლა ისევ რუტინული ხმაურის ფონზე მომიწია. სახლში დაბრუნებისთანავე ფეხსაცმელები გავიძრე, მაცივრიდან ლუდის ორი ქილა გამოვიღე და საძინებელში დავბრუნდი და საწოლზე წამოვწექი. ოთახში ტომ უეტსის ძილისპირულით ისმოდა. აივნის ღია კარიდან ანეს სივრცე მოჩანდა, ჩემზე ერთი სართულით უფრო მაღლა გამოკიდებული. იგი ყოველთვის ზემოდან დამყურებდა და ამის გამო მფარველ ანგელოზსაც კი ვეძახდი ხოლმე. ამაზე ორივეს გვეცინებოდა. ახლა მისი საძინებლის ფანჯრები მთლიანად ჩაბნელებული იყო. ვიცოდი, ჩემსავით სურდა უფრთო სიმშვიდესთან განმარტოება.

1 ივნისი

         კივილის ხმა ძილის მირაჟს საბოლოოდ აქრობს. თვალებს მძიმედ ვაღებ. სახეზე დაცემული ჰაერით ვატყობ, რომ ივნისის ათვლა ცხელი ამინდით დაიწყო. მშრალ ოთახში წამომჯდარი, რეალობას რუდუნებით ვუსინჯავ გემოს. დაბინდული გონება თანდათან აცნობიერებს, რომ კორპუსს პოლიციის სირენა აზანზარებს. მომაბეზრებელი წივილი ქუჩის ბოლოში იკარგება. აივანი მთლიანად მზის დაგეშილ სხივებს უკავიათ და ოთახშიც ამის კვალი ზედმეტად ნათლად იგრძნობა. სანამ მეძინა, ზაფხული მთელი თავისი ეშხით შემოიპარა ქალაქში. პირველი ივნისი სულშიც და კატებით სავსე ქუჩაზეც. კომპიუტერში ეტა ჯეიმზი ჩავრთე, ხმას ბოლომდე ავუწიე და აბაზანაში შევედი შხაპის ქვეშ გასაყუჩებლად. ეტას ხმა და ცივი წყლის წვეთები ერთნაირი წარმატებით აგრილებდნენ სისხლს. გონების რადიოს სტუდია მაინც ცარიელი იყო. ჩემი ფიქრები ჯერ კიდევ საბანზე იწვნენ და ღრმად ეძინათ. გარედან კიდევ ერთი სირენის ჩავლის ხმა მოისმა. აბაზანიდან გამოსულმა თხელი შარვალი ამოვიცვი და პერანგი მოვიხურე. ღილების შეკვრაზე ენერგიის დახარჯვის გარეშე, შიშველი მკერდითა და ფეხებით გავედი აივანზე. ცას ერთი ღრუბელიც კი არ ეჯდა კალთაში. გამახსენდა, რომ ღამით მთვრალი წყვილის თავზე მოგროვილმა ღრუბლებმა ხმადაბლა მოყოლილ ისტორიებს დასტაცეს ხელი და მათთან ერთად სადღაც შორს გაიქცნენ. მზეში მდგარს, ძაღლის ყეფა მომესმა. მზერა მოპირდაპირე კორპუსის შესასვლელამდე ჩამოვიტანე: სადარბაზოს ზღურბლზე მდგარი ანე ოქროსფერი კულულებით დაფარული ძაღლისთვის საყელოს შებმაში იყო გართული. თბილი სამოსის ნაცვლად ამჯერად ლურჯი, უმკლავებო მაისური ეცვა. მოშიშვლებული ხასიათისთვის ყვითელი შორტები და კედები შეეხამებინა. ქერა თმები კისერზე ჩამოშვებულ ორ სქელ ზოლად ჰქონდა დაწნული. მათი შერხევისთვის საკმარისი ნიავი ქუჩაში უკვე აღარ იძვროდა. მოაჯირის კიდისკენ მივჩოჩდი მკერდზე მიხუტებული მზით და მტვრიან კიბეებზე მიმდინარე აქტის ყურება განვაგრძე. გოგონას სახეს მწვანე, მრგვალი შუშების მქონე სათვალე ფარავდა. ძაღლი ერთ ადგილზე ცქმუტავდა, საბელის მობმის შემდეგ კი ოდნავ დამშვიდდა და გარემოს თვალიერება განაგრძო. როდესაც ტროტუარზე ჩამოვიდნენ, ხმამაღლა დავუშტვინე. ნაცნობი ხმის გაგონებაზე ლუნა ერთიანად შეხტა, ფეხებს შორის გაუძვრა ანეს და გაფაციცებით დაიწყო ირგვლივ ჩემი ძებნა. ფეხზე შემოხვეულმა თოკმა ნაწნავების პატრონი კინაღამ წააქცია. თუმცა, ტუჩზე ჩამოდებული ჩუპა ჩუპსით მდგარმა გოგონამ თავი შეიკავა და ცხოველს ერთ ადგილზე გაჩერება უბრძანა. როდესაც ძაღლი ძირს დაჯდა, მზეში მდგარმა სიყვითლემ პირდაპირ ჩემ აივანს მოაპყრო მზერა. გაღიმებულმა, შუა თითი მიჩვენა და ფეხებში გაბლანდული საბელი მოიშორა. რამდენიმე წამში ყვითელი ნაწნავები და ფუმფულა კუდი ერთდროულად მოეფარნენ ქუჩის კუთხეს და ქალაქის გახურებულ მდინარეში გაუჩინარდნენ. ოთახში შევბრუნდი, პოსტერებით დაფარულ კედლებს შორის უკვე ბეთ ჰართის გრადუსები ჟღერდა, კვლავ მაღალ ხმაზე. ყავის და ყველიანი ტოსტის მომზადებისას ჯერ კიდევ ვგრძნობდი შიშველ მკერდზე შემორჩენილ სითბოს. საუზმობის შემდეგ მუსიკის ხმას დავუწიე და ნახევარი ფინჯანი ყავით და სამხრეთის გზატკეცილით ხელში აივანს მივაშურე. დილის ალერსით გახუნებულ სავარძელს ხულიო კორტასარის ტონი საკმაოდ გემოვნებიანად შეერწყა. რამდენიმე გვერდმა მშვიდად ჩაიარა, შემდეგ კი კიდევ ორმა ავტომობილმა ჩაიარა მთელი თავისი ხმაურით და სიფერადით. კითხვის სურვილიც ჩაიფერფლა. ოთახში შევედი და ტელევიზორი ჩავრთე: ეკრანზე საინფორმაციო გადაცემის სტუდია და მაგიდასთან მჯდარი, თეთრ პიჯაკში გამოწყობილი წამყვანი დამხვდა. ქალის გამომეტყველება ცივი იყო და მისი ტუჩებიც მონოტონურად გადმოსცემდნენ უახლეს ტრაგედიას. სანამ მეძინა, სამყარომ კიდევ ერთხელ მოასწრო გაგიჟება. ცისფერ ზედაპირზე ვაკის პარკი და მის შუაგულში მოცეკვავე სიგიჟე ამოვიცანი. ბებერი ხეების კოლონები ცეცხლში ჩაძირულიყვნენ, მათ ირგვლივ ჩამოწოლილ ყვითელ ტალღებს შორის კი ასობით ფურცელი დაცურავდა. რბილი სიო, რომელსაც უბრალოდ ზაფხულთან ჩახუტება და მისი მოყოლილი ზღაპრების გაქროლება სურდა ქუჩიდან ქუჩამდე, ახლა ამ არეულობის პიკში შავი ქაღალდების დასტას დააფრიალებდა მომაკვდავ ხეებს შორის. კიდევ ერთი ქილა ავიღე. ცივი სასმელი, მენტალური სიცხის გასაზავებლად. ეკრანთან დაბრუნებულს, უფერული ბრბო შემრჩა ხელთ. პარკის გულში გაჩაღებული ხანძრის პირას გაშეშებული უამრავი თვალი. ჩვეული აპათიით შეჰყურებდნენ მომდევნო თბილისურ ტრაგედიას. არც პირველად და ალბათ არც უკანასკნელად. ქილით თითებდანამული ვუცქერდი ქანდაკებების ზოლს და ცისფერი ეკრანიდან გადმოღვრილი სიტუაცია უკვე მეც თეატრალურ დადგმას მაგონებდა, ენით აღუწერელ ტრაგედიაზე უფრო მეტად. ამის გააზრებამ საბოლოოდ ჩაკლა სუნთქვის სურვილი და ლუდი გავხსენი. ჰაერის ნაცვლად ახლა სისველე სჭირდებოდა სულს. ქილა თითქმის ბოლომდე გამოვცალე ერთი მოყუდებით. უნებურად აულაგებელ საწოლს გავხედე. თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა თავი, აბსურდული სცენის წინ მდგარს. ოპერატორი უკვე პარკის ზღურბლიდან აგრძელებდა გადაღებას. შორიდანაც კი უჭირდა ცეცხლის მასიური ფარდის ერთ კადრში მოქცევა. სტუდიაში მჯდარი წამყვანი სიჩუმეს შეკედლებოდა, დამარცხებული არმიის ქვემეხივით. გაცეცხლებული ხეების ირგვლივ ქაღალდების კორიანტელი აგრძელებდა ცეკვას. კამერა ერთ-ერთ ფურცელს მიუახლოვდა. თეთრი თაბახის ცენტრში მზესუმზირის ყვავილის მინიმალისტური გამოსახულება ეხატა. მომწვარი კიდეების ფონზე, ზედმეტად ცხოველური შესახედაობა ჰქონდა ამ კადრს. კისერი გამიცია შავი და ოქროსფერი ხაზების ერთობლიობამ. კამერა ტრაგიკომედიის სიმბოლოს ახლო კადრს ჩამოშორდა და კვლავ ცეცხლში გახვეული ხეებისკენ გადაინაცვლა. აყვავებას მონატრებული ტოტები მთელი გულით იწვოდნენ. ვერავინ ვერავინ ბედავდა მათ შეჩერებას. ოთახის გაბზარული ჰაერი ნელი ნაბიჯით გადავკვეთე და ტელევიზორი გამოვრთე. გონება დედამიწის გრავიტაციას გაურბოდა. მხოლოდ ჩემი მფარველი ანგელოზის საყვარელი ფრაზა ტრიალებდა საფეთქლებს შორის: „მალე ამ ქალაქიდან ხეებიც გაიქცევიან.“ მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. მოლბერტი ოთახში შემოვარდნილი მზის შუაგულში გამოვაჩოჩე და მასზე ჩამოდებულ ქათქათა სიმშვიდეს თვალი გავუსწორე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად. გაცრეცილი ფუნჯების ნაცნობ სამეულს წავავლე ხელი და მზე ღრმად ჩავისუნთქე. ცოტახანში სხეული თავისით ამოძრავდა, ყვითელ საღებავს საკუთარი გრავიტაციის ველი გასჩენოდა და მეც უსიტყვოდ შევეგუე ამას. ხმელ ტილოზე ფუნჯის ყოველი გადასმა მთვარის მიერ აღრიალებული ზღვისთვის ბოდიშის მოხდას მაგონებდა. როდესაც სხეულის მოტორული ფუნქციები საბოლოოდ დაუბრუნდა სანაპიროზე შემორჩენილი ქაფის სიმსუბუქეს და გონებაც ამუშავდა, ფუნჯი ძირს მდგარ ჭიქაში ჩავაგდე და საწოლზე ჩამოვჯექი. მცხელოდა. კუნთებსაც აღარ შიოდათ. წინ მდგარ ტილოს კარდინალური ოცნებების სუნი ასდიოდა, უხეში. ოფლი მოვიწმინდე და გრილ ბალიშზე დავდე კეფა. შეკუმშული ვენები მოწიწებით იშლებოდნენ. გახურებული კისერიც თანდათან ნებდებოდა ცივი ბალიშის პირის პატივისცემას. თვალებდახუჭული, ამ მომენტში განვიცდიდი იმ ეიფორიას, რომლის ძებნაშიც უამრავი ბოთლი დაიცალა ბოლო წლის განმავლობაში.

    უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა. გაუხეშებული წამწამები კიდევ ერთხელ მოვისრისე და ჭერს მივაშტერდი. ყვითელი ლაქა თავის ადგილას დამხვდა, ირგვლივ კი კვლავ ძველებური რეალობა მიედინებოდა. წამოვჯექი და ბურუსიანი მზერით მოვათვალიერე ოთახი. ამანაც ვერ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ჩემს საწოლში მართლაც ზედმეტი ტანჯვის გარეშე ჩამეძინა, სულ რაღაც რამდენიმე წამში. ლამპიონის შუქის დანახვით მივხვდი, რომ ამასობაში საღამოც შემოპარულიყო ქუჩაზე. პერანგის ღილები შევიკარი და აივანზე გავედი. სქელი სიჩუმე იწვა ირგვლივ და ერთი გამვლელიც კი არსად ჩანდა. როგორ შეიძლება ზაფხულის საღამო იყოს ასეთი უაზრო, უღიმღამო და მარტოსული, ყველასგან დავიწყებული. მოპირდაპირე კორპუსის კიბეზე დაღვრილ მუქ წერტილს დავაკვირდი. ამჯერად ყავისფერი კატა მოკალათებულიყო თბილ საფეხურზე და მშვიდად თვლემდა. მის ირგვლივ გადმოკიდული, უპირობოდ ჩაბნელებული ფანჯრებიდან უაზრო ცხოვრების კივილი ჟონავდა და ამ ნაცრისფერი ფასადის თვალებით გადმოჰყურებდა ჩემს რეალობას. ერთ ადგილას ვიყავი გამოკიდული, ზედმეტად პატარა აივანზე. ფიქრებით კვლავ მენტალურად ამღვრეულ მდინარეში მივაბიჯებდი. სულის გამყინავი წყალი მთელი ძალით მიექანებოდა გონების ცენტრში, მაგრამ რატომღაც ჩემი წაღება არ სურდა. საკუთარი სიცივით მატკიებდა ერთდროულად ყველა ნერვს, მ