ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დრამატურგია და კოსმოსი

დრამატურგია და კოსმოსი

  დრამატურგია და კოსმოსი

რომანი

 

სოლომონის სახელი და სახე (ანუ 1-ლი ნაწილი)

1-ლი თავი

 

***

ეგრე სადაა:

რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,

და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.

 

შევინიღბე.

არ იყო სხვა გზა.

ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,

სხვები – გარედან.

 

სიმართლე თითქოს გათანაბრდა.

საწყენია, ლექსები გაქრნენ.

 

ზვიად რატიანი

 

       რაღაცები ბანალურად იწყება. შეიძლება, ზოგიერთ მომენტში გაგრძელებაც ბანალური იყოს, მაგრამ თანდათან, თანდათან, თითქოს ერთმანეთზე დალაგებულ საფეხურებზე ადიხარ და ყველაფერი განსხვავებულად მთავრდება. და ეგეც არ არის ცნობილი, ნამდვილად მთავრდება, თუ არა. როგორც დღის გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ დრო შეწყდა, ისე სახლში მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ სივრცე ჩაიხერგა. :)

******

პატარა ქალაქის ოთხსართულიან საერთო საცხოვრებელში ახალი მობინადრე გადმოვიდა.

               მეზობლებმა მის შესახებ ბევრი რამ გაარკვიეს, მაგალითად ის, რომ ახალგაზდა კაცის ასაკოვანი მშობლები ოღროჩოღრო გარეუბანში დარჩნენ, ბიჭი მდიდარი არ იყო, მაგრამ ძალიან ღარიბსაც ვერ დაარქმევდი, ჯერ არ დაოჯახებულიყო და უმაღლესი სასწავლებელი ორი წლის წინ დაემთავრებინა დიდ ქალაქში. 

               მეზობლებმა მალე საიდანღაც ისიც გაიგეს, რომ სოლომონ ლომიძეს ძალიან სდომებია საცხოვრებლადაც იქვე დარჩენილიყო, სადაც სტუდნტობა გაატარა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო არ გამოუვიდა. დედ-მამასთან დაბრუნებული, საბოლოოდ, ვეღარც პროვინციის ერთფეროვან ყოფას შეეგუა. ამას გარდა, მგზავრობა ყოველდღიურად მორყეული, საწვავის სუნით გაჟღენთილი მიკროავტობუსით უწევდა: ჯერ პატარა ქალაქის ცენტრში, ახლადნაშოვნ სამსახურში მისასვლელად და მერე უკან, შინ, ყრუ გარეუბანში დასაბრუნებლად. მისი სახლიდან სატრანსპორტო ტრასაც მოშორებული იყო და ატალახებულ გზებზე ფეხით ბლომად უნდა ევლო. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ეს სამსახური მის ცხოვრებისეულ ინტერესებს არ ემთხვეოდა. ამ ყველაფერმა სოლომონი, თურმე, დაღალა და გააღიზიანა.

როგორც ჩანს, მშობლებმა ეს იგრძნეს, ძალიან შეწუხდნენ, რომ ერთადერთი, საამაყო შვილი ეჩაგრებოდათ, ხეხილიანი მიწის მოზრდილი ნაკვეთი გაყიდეს, აღებული ფულით ბიჭს სამუშაო ადგილის სიახლოვეს, ანუ პატარა ქალაქის ცენტრში ოროთახიანი ბინა უყიდეს და სთხოვეს, მალე ცოლის მოყვანით გაგვახარეო.

              ბინები იმ შენობის დანაყოფებს გვიან დაერქვა, თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ის რაღაც დაწესებულება უნდა ყოფილიყო, რომელიც პოლიტიკური არეულობების გამო ამუშავებამდე გაუქმდა. ეს ნაგებობა საერთო საცხოვრებლად იქ თვითნებურად შესახლებულმა ხალხმა აქცია, შეჭრილები ფართს შეესიენ და დაინაწილეს, ყველამ თავისი სივრცე შემოსაზღვრა, გადატიხრა, შეძლებისდაგვარად გაარემონტა და შენობაც დერეფნული სისტემის სახლად გადაიქცა.

               მოკლედ, კორპუსის მაცხოვრებლებს თავიდან სოლომონზე ეგონათ, კარგი სამეზობლო ბიჭი გადმოვიდაო. ეზოს კაცებმა საქეიფოდ დაუძახეს, ერთ საღამოს გოგოებმაც მიიპატიჟეს ყავაზე. კაცებს უარი უთხრა და რაღაც გადაუდებელი საქმე მოიმიზეზა, გოგოებთან კი ხუთი წუთით შეიარა, შოკოლადი მიიტანა, ცოტა ხანს ოდნავ გაღიმებული, უხერხულად გაშეშებული იჯდა, თავის თავზე არაფერი მოუყოლია და მალევე წამოვიდა.

               კარი გაიხურა თუ არა, გოგოებმა თქვეს, რა მაგარი იდიოტი და ამპარტავანიაო. ვერ მიხვდნენ, რომ სოლომონი არ იყო უკმეხი ტიპი, უბრალოდ იმ გოგოებსა და თავის ფანტაზიაში წარმოსახულ იდეალურ წრეს შორის დიდი სხვაობა დაინახა. თვალთმაქცობა კი ძაბავდა, იბოჭებოდა და არ იცოდა, რა ეთქვა, ან რა გაეკეთებინა, ამიტომ მის სულში დგებოდა ის უსასიამოვნო მომენტი, როცა ვერ არკვევდა, რა საქციელი სჭირდებოდა მისგან ,,დამკვეთს“, ანუ გარემოცვას... თან ეშინოდა, მდაბიო საზოგადოება არ შესჩვეოდა და ეს ამბავი მისთვის მოსაწონ ადამიანებს არ გაეგოთ. გარდა ამისა, ფიქრობდა, ამ გოგოებს თუ დავუახლოვდები, შეიძლება, რომელიმეს ეგონოს, რომ მისით დავინტერესდი და ამით იმეტიჩროსო. ან ეგეც რომ არ იყოს, რა საკადრისია ჯერ ყურადღების გამოჩენა და მერე იმედგაცრუება, როცა არცერთ მათგანთან ურთიერთობას არ ვაპირებო.

               ისე კი, მეზობელი გოგოების საქციელი მაინც ესიამოვნა, თავისთვის იფიქრა, ამათ, ალბათ მოვეწონე, სამი დღის შემოსახლებული ვიყავი და უკვე მიმიპატიჟესო.

******

               სტუდენტობის პერიოდის გასვლის შემდეგ დედ-მამასთან ჩამობარგებულ სოლომონს მცდელობა არ დაუკლია, რომ პატარა ქალაქის მთავრობას დაახლოებოდა. უფრო კულტურის განყოფილების და ასევე, თითქმის დახურვის პირას მყოფი თეატრის თანამშრომლებთან ურთიერთობას ცდილობდა. სამხატვრო ხელმძღვანელს რამდენჯერმე მიუტანა თავისი დაწერილი პიესები და დადგმა შესთავაზა. მის წინადადებას აღფრთოვანება არ მოყოლია, პასუხიც ბუნდოვანი იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ასეთივე ბუნდოვანი საერთო გეგმები მაინც მოხაზეს. პატარა ქალაქის მესვეურები მოსახლეობას ერთ დროს აქტიური კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას ჰპირდებოდნენ და ბიუჯეტიდან კუთვნილ ნაჭერს თეატრიც ელოდებოდა. ეს მოლოდინი ძალიან გაწელილი რომ არ მოსჩვენებოდა, ახლაგაზრდა კაცმა დროებითი სამსახურის ძებნა დაიწყო. აქ უკვე ბოლო პერიოდში შეძენილი ნაცნობები დაეხმარნენ მერიიდან და დასაწყისისთვის, პროფესიით გეოლოგს, პროვინციის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის ადგილი გამოუნახეს.

               იმ მომენტში სხვა, უკეთესიც არაფერი ჩანდა. გადაწყვიტა, მხოლოდ დროებით ემუშავა ამ ადგილზე. ადრე ვერასოდეს წრმოიდგენდა, რომ როდისმე პედაგოგობას დაიწყებდა, მაგრამ...

******

               სოლომონს ბავშვები თითქმის შეუყვარდა. გაკვეთილების ჩატარება ძირითადად ეზარებოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა, კარგი მასწავლებელი ყოფილიყო და მოსწავლეებში საუკეთესო თვისებები გაეღვივებინა. ამავე დროს, უნდოდა, რომ საკუთარი ღირსებები მთელი სკოლის წინაშე კარგად წარმოეჩინა. სჯეროდა, რომ მალე ცნობილი დრამატურგი გახდებოდა და უნდოდა, ძველ ნაცნობებს კარგად გაეხსენებინათ. შეფარულად ცდილობდა, სამსახურში ყველას გაეგო, რამდენად მაღალი დონის და ნაკითხ ადამიანს წარმოადგენდა - ფიქრობდა, თანამშრომლებსა და მომავალ თაობაში პატივისცემის გამოწვევას ამით მოახერხებდა.

სოლომონის მცდელობის მიუხედავად მოსწავლეები მისი დონისა და ნაკითხობის მიმართ ინტერესს არ ავლენდნენ.

               -მოგესალმებით, ახალგაზრდებო! დროა, შეწყვიტოთ ხმაური და მე მომაპყროთ ყურადღება! – ასე იწყებოდა გაკვეთილი.

ბავშვები ისევ ხმაურობდნენ.

               -მემგონი გავიგონეთ ზარის ხმა! შევწყვიტოთ ხმაური! - ამბობდა სოლომონი უფრო ხმამაღლა, მაგრამ არა ყვირილით და ამ დროს სახეზე უკმაყოფილო, მკაცრ გამომეტყველებას იწებებდა. კლასს ემჩნეოდა, რომ იქ მისი სიმკაცრისა არავის სჯეროდა... მასწავლებელი შეუვალ იერს იღებდა, თავის მაგიდასთან ჯდებოდა, ჟურნალს შლიდა და სიას კითხულობდა. გვარისა და სახელის წარმოთქმის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ყურადღებით გახედავდა-ხოლმე. თუ რომელიმე ,,ვარ“-ის დაძახებასთან ერთად ფეხზეც წამოდგებოდა, გმადლობთ, დაბრძანდითო, ეუბნებოდა და საქმიანი სახით ისევ ჟურნალს უბრუნდებოდა. ამ ფორმალურ პროცედურას გულმოდგინედ ასრულებდა, მისი აზრით გაკვეთილის ასეთ შესავალს სერიოზული განწყობა უნდა გამოეწვია.

...მაგრამ ბავშვებს არც გაცდენების აღნიშვნისა ეშინოდათ და არც სერიოზულ დამოკიდებულებას იჩენდნენ სწავლის მიმართ...

               გამოსაკითხ მოსწავლეს წინასწარ, ერთი წინამორბედით ადრე აფრთხილებდა:

               -გაკვეთილის საპასუხოდ მოემზადება დიდიძე ქეთევან!

               ამას იმიტომ აკეთებდა, რომ არ უყვარდა ადამიანების უსიამოვნო მდგომარეობაში ჩაყენება. ცდილობდა, თავის კარგად წარმოჩენის შანსი ყველასთვის მიეცა. განსაკუთრებით უფროსკლასელებს ზოგავდა. ხან ღელავდა კიდეც... ბევრი მოსწავლე გაფრთხილების მიუხედავად, წიგნში ჩახედვასა და ერთი-ორი წინადადების დამახსოვრებას ზედმეტად თვლიდა. ძიძგილაობა, ცხოველივით ღმუილი, კლასში სიარული და გაკვეთილის თემისგან დაშორებული გამომწვევი კითხვების დასმა ერჩია. ასეთ შემთხვევაში სოლომონი ფეხზე დგებოდა, წელში სწორდებოდა, წარბებს კრავდა და ამრევს მიმართავდა:

               -თავი შეიკავეთ, ახლაგაზრდავ. დაუყონებლივ დაიკავეთ კუთვნილი ადგილი და მოემზადეთ პასუხისათვის!

               ეს ახალგაზრდა ამ დროს ფანჯარაზე იჯდა და იქიდან ღრეჭით ეუბნებოდა, აუ, მას, ვნერვიულობ, რომ გამიძახეთ, რა ჩემი ბრალია, მერხზე ვერ ვჩერდებიო. თან დანარჩენებს აკვირდებდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ კლასელებს მისი დაუმორჩილებლობა ამხიარულებდათ.

               -მე შეფასებაში ლმობიერი მხოლოდ მის მიმართ ვიქნები, ვინც დისციპლინას იცავს! - ასეთ დროს ეს გეოგრაფიის მასწავლებლის ბოლო განცხადება იყო - ხოლმე, მერე გაკვეთილს აგრძელებდა და შეფარულად ფრთხილობდა, რომ თავხედი მოსწავლის გაღიზიანება არ გამოეწვია - ,,მოზარდები ადვილად იძაბებიან და ზოგჯერ ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდის საქმე“, ფიქრობდა ის.

               ყველას, ვინც გაკვეთილს უყვებოდა, ერთ ნიშანს უმატებდა. მას კი, ვინც პასუხზე უარს ეუბნებოდა, კლასიდან გასვლამდე მკაცრი ტონით ეუბნებოდა:

               -შემდეგ გაკვეთილზე თქვენ პირველს გამოგკითხავთ და დაიმახსოვრეთ, ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ დირექტორი დაგვესწროს!

დამაჯერებლად კი ამბობდა, მაგრამ მომდევნო გაკვეთილზე მაინც არასოდეს იძახებდა ამ მოსწავლეს. არავინ იცის, რატომ ავიწყდებოდა მუქარა.

               -დირექტორი კიბის ქვეშ ეგდო წეღან, მას! მაგარი დაბოლილი იყო და ვინც თქვენ დაგესწროთოო, ძმებოო, იმისიო!.. – ხოტორა ბიჭი ხელებით უწმაწურ ჟესტს განასახიერებდა... კლასი ხარხარებდა. სოლომონი წარბშეკრული იდგა და კარგად იცოდა, ასეთ დროს პროვოკატორისთვის თავი არ უნდა გაეყადრებინა, მასზე მაღლა უნდა დამდგარიყო...

               საკონტროლოებზე გეოგრაგრაფიის მასწავლებელი ხედავდა, რომ ყველა იწერდა, მაგრამ რიგებს შორის თავაწეული დადიოდა და შიგადაშიგ იმეორებდა:

               -ერთმანეთთან საუბარს, უმჯობესია, მე მკითხოთ! დამერწმუნეთ, ახალგაზრდებო, ბევრად მართებული პასუხი გაეცემა თქვენს კითხვას!

               როცა კარგ განწყობაზე იყო, სოლომონს შეეძლო, გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ აეხსნა. ბავშვები ზოგჯერ უსმენდნენ. ის ასეთ დროს ამაყად გამოიყურებოდა და ენერგიულიც ხდებოდა - იშველიებდა თვალსაჩინოებებს, მრავალფეროვნად გადმოსცემდა თემას, გონებამახვილობდა და თავშეკავებულ იუმორსაც ჩაურთავდა-ხოლმე. რომ ვუყურებდი, ასეთ მომენტებში ლამის მეც დამეჯერებინა, რომ მასწავლებლობა არ სძულდა და პირიქით, აბედნიერებდა.

მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით ცუდი ამინდის შემდეგ გამოსულ მზიან დღეებში, მოსწავლეები ჭკუიდან იშლებოდნენ, ვერ ისვენებდნენ, თვალი ფანჯრებს გარეთ ეჭირათ, ხორხოცებდნენ, შენიშვნებს არაფრად აგდებდნენ და სიცილით იფხრიწებოდნენ.

               -იცოდე, ამაღამ ცოლად მომყავხარ, სხვას არ გაჰყვე, თორეე! მარიანის ღრმულში ჩაგახრჩობთ ორივეს, ჯომოლუნგმიდან გადაგჩეხავთ, ოო, სიძვის დიაცოო! – ყვიროდა ვირგლა ბიჭი და თმაგაჩეჩილ გოგოსთან ჩახუტებას ცდილობდა.

გოგო ბიჭს ხელების ქნევით იშორებდა და წიოდა.

მეორე ბიჭი გამწარებულ მეტოქეს განასახიერებდა, შორიდან გამორბოდა და თავით კედელს ეხეთქებოდა.

ასეთ დროს სოლომონი კლასს ჯერ წესრიგისაკენ მოუწოდებდა, შემდეგ გაკვეთილის ახსნას აგრძელებდა, მაგრამ თუ ხმაური გაუსაძლისი ხდებოდა, ის უბრალოდ იბუტებოდა. რუკას ახვევდა, კარადაში ინახავდა, სკამზე ჯდებოდა და დაბოღმილი სახით ფანჯრისკენ იყურებოდა.

******

               ბავშვებს სადღაც ყური მოეკრათ, თითქოს მათი მასწავლებელი სცენარებს წერდა, თავში პირველად რაც მოუვიდათ, სამხრეთამერიკული სერიალები იყო და ალბათ, ამის გავლენით სოლომონინიო შეარქვეს.

               საერთო ჯამში მოსწავლეებს გეოგრაფიის მასწავლებელი ცოტათი უყვარდათ. ეს იქიდან ჩანდა, რომ ჩხუბის ატეხვას არ ცდილობდენ და ზურგს უკანაც არ აგინებდნენ. ცოტა მასხარაობა სათვალავში ჩასაგდები, ალბათ, არ არის...

 

(სოლომონინიო მასწავლებლობის პერიოდში)

 

******

               სამაგიეროდ, უპატივცემულო გამონათქვამებს მისი მისამართით ხშირად იყენებდნენ მეზობლის ბიჭბუჭები. ვერ აპატიეს, რომ მას, მათ თანატოლს სახლში არცერთი მათგანი არ შეუპატიჟებია და არც არასოდეს დაულევია ეზოს საძმოსთან ერთად. ,,მოდის ეს სირი“, ამბობდნენ გრძელ მაგიდაზე შემომსხდარები, როცა პეწიანად ჩაცმული სოლომონინიო ნაშუადღევს სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. მათ რომ გაუსწორდებოდა, ბიჭები ლაყბობას წყვეტდნენ, თავშეუკავებელი ირონიით უყურებდნენ და მის ცოტა ამაყ, მაგრამ ზედმიწევნით თავაზიან სალამს დაუდევრად პასუხობდნენ. ხანდახან მის ზურგსუკან იფურთხებოდნენ კიდეც.

               კორპუსის წინ, ბირჟაზე გამოფენილებმა ერთი-ორჯერ განგებ უთხრეს, რატო არ ჩამოდიხარ დაბლა, ძმაო, მაგრად გვინდა შენისთანა კაი ტიპთან რო ვიმეგობროთო. მერე სხვა დროს კიდევ ჰკითხეს, ჰა, ეხლა, როდის ვიკრიბებით შენთან, აღარ უნდა ჩავუსხდეთო?.. პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: დიდი სიამოვნებით, მეც ნამდვილად მოხარული ვიქნებოდი, უბრალოდ, ამ ეტაპზე საოცრად დაკავებული ვარ და ვიმედოვნებ, არ გამინაწყენდებითო.

ასეთი დიალოგის დროს სოლომონინიო იბნეოდა-ხოლმე, ჩქარობდა და ერთხელ ენაც დაება.

               მას ეს ბიჭები პარაზიტ, ხეპრე, ტლანქ ადამიანებად მიაჩნდა და იმის მიუხედავად, რომ სადღაც, თავისთვის, ჩუმად მოსწონდა კიდეც ისეთი თვისებები, როგორიც დიდგულობა და სითამამეა, მათთან სიახლოვეს მაინც თავს არიდებდა.

******

               სამსახურში სოლომონინიოს მშვიდ და ზრდილობიან ახალგაზრდად თვლიდნენ. ძალიან არც თანამშრომლებს შეეთქვიფა, მაგრამ მათთან ურთიერთობის სურვილს მაინც უფრო მეტად ამჟღავნებდა, ვიდრე – მეზობლებთან. სამასწავლებლოში შესვლისას ყველას მკაფიოდ, თავაზიანად ესალმებოდა, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ თვითონ ყოველთვის ისმენდა, რასაც გარშემო მყოფები ამბობდნენ. მოკითხვა დაინტერესებული სახით იცოდა, თუმცა, ხანგრძლივი დიალოგი არავისთან ეწყობოდა.

თვითონ სოლომონინიოს იშვიათად თუ შეეხმიანებოდა ვინმე, ისიც მხოლოდ საქმიდან, ან აუცილებლობიდან გამომდინარე თემებთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა კაცი სამასწავლებლოში დირექტორის, ან რომელიმე მოადგილის შემოსვლისას ფეხზე დგებოდა. სკოლის პედსაბჭოს სხდომებზე, ან რაიმე საკითხზე ერთობლივი მსჯელობის დროს ჩართვას ცდილობდა და ისეთ ფრაზებს ამბობდა, რომ ვგრძნობდი, უნდოდა, თავი გონიერ პიროვნებად წარმოეჩინა. ლაპარაკს ყოველთვის შეპარვით და ხმადაბლა იწყებდა, თითქოს დაინტერესებას ელოდებოდა. ამჩნევდა, რომ ყურადღებით თითქმის არასოდეს უსმენდნენ და სათქმელსაც ხშირად აწყვეტინებდნენ. სოლომონინიო წყენით ივსებოდა, მაგრამ განცდას გულში ინახავდა, თავს ჯიუტად ხრიდა და პირმოკუმული ფურცლის ჯღაბნას იწყებდა.

******

               ამ ფურცლებს არასოდეს ყრიდა, კეცავდა და შინ მიჰქონდა. სახლში მიტანისას მათზე ფრაზებს, სიტყვებს, დახაზულ ფიგურებს, დახატულ სახეებს პოულობდა, გადასაყრელად ენანებოდა და ფიქრობდა, რომ როდისმე ეს ქაღალდები ჩავლილი სინამდვილიდან რაღაცას ძალიან ნათლად გაახსენებდა...

კარადის ერთი განყოფილება ასეთი დაჯღაბნილი ფურცლებით, კიდევ, სხვადასხვა სიტუაციიდან შემორჩენილი სამახსოვრო წვრილმანი ნივთებით ჰქონდა გამოტენილი (ბილეთებით, ბლოკნოტებით, დაძველებული კანფეტებით, ნაყიდი ნივთების ეტიკეტებით) და ზოგჯერ, დასვენების დღეებში, როცა მათი თვალიერების ხასიათზე დგებოდა, მარტო მოგონებების კადრებს კი არა, მათგან შთაგონებულ სიუჟეტებსაც ხედავდა თავისი პიესებისთვის.

******

         ბოლო დროს, სამასწავლებლოში ყოფნისას, თითქმის ყოველთვის, რაღაცნაირად, ინგლისურის ერთი ახალგაზრდა და ლამაზი მასწავლებლის გვერდით აღმოჩნდებოდა-ხოლმე. რამდენიმე გამჭრიახმა თანამშრომელმა ეს შენიშნა. ისინი ამ ფაქტზე ერთმანეთს თვალის ჩაკვრით ანიშნებდნენ და თან ქირქილებდნენ.

(თეა, ინგლისურის მასწავლებელი, სოლომონინიოს მასწავლებლად მუშაობის პერიოდში)

 

               როგორც სხვა სკოლებში, აქაც თანამშრომლების უმრავლესობა ქალები იყვნენ. 

სოლომონს მათ გარემოცვაში ყოფნა თან მოსწონდა და თან აღელვებდა. ,,მდედრებს“ (თავისთვის უწოდებდა ასე) ჩუმად ხშირად აკვირდებოდა. საერთოდ, ის მათ ისეთ არსებებად თვლიდა, რომლებსაც, მისი აზრით, ჯერ კიდევ ვერ ჩასწვდა და ამის გამო რცხვენოდა. ძალიან აინტერესებდა, სინამდვილეში რას წარმოადგენდნენ ის კაცები, რომლებიც ქალებთან თავისუფლად, წარმატებით აბამდნენ ურთიერთობას და მათი საყვარლები, ან შეყვარებულები ხდებოდნენ... მართლა საინტერესოები და მაგრები იყვნენ, თუ, უბრალოდ, თავი ეჭირათ ასე?.. ან იქნებ, როლის თამაში შეიფერეს?

               თავის თავთან მარტო დარჩენილი სოლომონინიო ხშირად და აჩემებით იმეორებდა კითხვებს. ზოგჯერ ხმამაღლაც. ბოლო დროს კი მათ იწერდა და საღამოობით, ტახტზე წამოწოლილი პასუხის გაცემას ცდილობდა. სრულად ვერა, მაგრამ მაინც შემიძლია, მის მიერ ჩამოწერილი კითხვები ჩამოვთვალო, რადგან მის ოთახში ღრუბელივით დაკიდულს ჭერზე ოდნავ ნაკლები სიმაღლიდან ყველაფერი წამიკითხავს:

1. ქალები მთლად ადამიანები არიან? თუ არა? ანუ სიცოცხლისა და ცხოვრებისათვის იგივე სჭირდებათ, რაც მამაკაცებს, თუ - რამე განსხვავებული?

 2. ყოფიერებასა და ურთიერთობებს იგივენაირად ხედავენ, როგორც ნამდვილი ადამიანები, ანუ კაცები?              

3. გრძნობენ თავიანთ დიდ ძალაუფლებას, თუ ბოლომდე ვერ ხვდებიან, რა გავლენა აქვთ? იქნებ პირიქით, ფიტულივით არარაობები არიან?

4. ყოველდღიური რეალობა მათთვის გარდაუვალი რუტინაა, თუ სიცოცხლის მაგიურ რიტუალში მონაწილეობა? 

5. რა არის ქალებისთვის ნამდვილად საინტერესო და ფასეული კაცში?

6. რა არის წესიერება და პატიოსნება მათთვის? იდეალი? ხაფანგი?

7. როდის, რატომ და როგორ ინიღბებიან ისინი?

8. რას ნიშნავს ცოცხალი არსებისთვის, აცნობიერებდეს, რომ მის სხეულში – ანუ მის ტერიტორიაზე ვიღაც სხვა უნდა შეიჭრას თავისი განსხვავებული სხეულით? არ არის ეს საშინელება? როგორ უნდა გაიგო ეს, როგორც ინტერვენცია, თუ როგორც შეერთება, ან განსაკუთრებული სიახლოვე?

9. ან კიდევ, რას ნიშნავს, მზად იყო იმისთვის, რომ შენს სხეულში სხვა, მეორე სული უნდა გაღვივდეს და მამაკაცისგან განსხვავებით ხორციელად გრძნობდე, რომ ეს სული შენს ხარჯზე უნდა გამოზარდო? საერთოდ, როგორია, შეეგუო იმას, რომ შენი სხვადასხვა რესურსის დიდი ნაწილი მომავლის გაგრძელების სამსხვერპლოზე უნდა მიიტანო? ან ამას მსხვერპლად აღიქვამენ ქალები?

10. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქალისა და მამაკაცის შესაწირი ცხოვრებისადმი?

               სოლომონინიო ტახტზე გორაობის ყოველ ჯერზე უფრო მეტი რწმენით ასკვნიდა, რომ ქალების მოდგმა სიცოცხლის აზრითა და შინაარსით სადღაც ერთი საფეხურით მაინც მაღლა, ან დაბლა იდგა მამრობით სქესზე, ოღონდ ვერ იგებდა, რომელი ვერსია იყო ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს – მაღლა, თუ დაბლა.

ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ორივე ერთადაც დასაშვები იყო.

               ...და საერთოდ, რაც უფრო მეტ კითხვას იწერდა ფურცლებზე, მით უფრო მეტად ღრღნიდა ეჭვი, რომ ზუსტად არ იცოდა, რა მასალისაგან იქმნებოდა საინტერესო მამაკაცის ის პორტრეტი, რომელსაც ქალებთან ურთიერთობის დროს მშვიდად ამოეფარებოდა...

               სანამ სოლომონინიო საქალეთს სხვადასხვა კუთხიდან აკვირდებოდა, მოსწავლეების შერქმეულმა სახელმა თანამშრომლებშიც შეაღწია და ყველამ გაიგო მეტსახელთან დაკავშირებული არაპირდაპირი მიზეზიც - თურმე, კაცი პიესებს წერდა...

******

               ერთ სამშაბათს, დიდ დასვენებაზე, ინგლისურის ახალგაზრდა და ლამაზმა მასწავლებელმა ქალმა (რომელიც სხვა მასწავლებლებმა წააქეზეს, მიდი, დაელაპარაკე, თავისით ვერ ბედავსო), მის მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინა, მიუახლოვდა, მსუბუქად გაუღიმა და უთხრა:

              -გავიგე, წერთ... აქ თქვეს... და დიდი ხანია? დავინტერესდი, რომ გავიგე… მეც ვცდილობდი ერთ დროს...

               -ოო, თქვენ გაიგეთ ეს?! – სოლომონინიოს თვალები გაუნათდა, მღელვარებისგან სახე გაუხურდა და შეიშმუშნა, - აქ თქვეს?! ეს... აქ?

               -კი, აქ... ჩვენთან, სკოლაში. ნიჭიერი ადამინიაო, ამბობდნენ... – მემგონი, ქალი თვალთმაქცობდა. უბრალოდ, საუბრის სასიამოვნოდ წარმართვა უნდოდა და მნიშვნელობა არ მიუნიჭებია იმისთვის, რომ ტყუილი თქვა. მე ვერ ვიხსენებ, ნიჭიერიაო, ამ კაცზე თანამშრომლებიდან ვინმეს ეთქვას.

              - მახარებს ეს ეპითეტი, თუმცააა... არა მგონია, ვინმეს რაიმე ობიექტური საფუძველი ჰქონდეს, იმსჯელოს ჩემი ნიჭიერებისა თუ უნიჭობის თაობაზე... – განაგრძო მორცხვობა სოლომონინიომ, მაგრამ მის თვალებში სიხარულმა გაიელვა.

               - თქვენ გეოგრაფი ბრძანდებით, არა?..

               - კი! უფრო სწორად, არა... გეოლოგი, – გაიცინა კაცმა - თუმცა, მაინც გავბედე წერა... თავხედად ნუ ჩამთვლით!..

               - მით უმეტეს! გეოლოგი პიესების წერას რომ დაიწყებს, ეტყობა, სჯერა თავისი ნიჭის...

               - ოო, უფრო ჩემთვის... ჩემთვის ვწერ, ჩემს ჭიას ვახარებ!.. – წამოიძახა სოლომონინიომ ხელის ჩაქნევით და ტკბილად გაიღიმა.

               -იქნებ სკოლისთვის რამე დაგეწერათ? ბავშვები დადგამდნენ... ჩამკვდარია ყველაფერი.

               კეთილგანწყობის მიუხედავად გეოგრაფიის მასწავლებელმა წყენა ძლივს შეიკავა. არაფერი შეიმჩნია და ქალს თავშეკავებული, რბილი ხმით უთხრა:

               -თეა, მოდითთ... იქნებბბ... ფილოლოგი თქვენ ბრძანდებით... მე კარგა ხანია მსურს, პროფესიონალმა წაიკითხოს ჩემი პიესები. იქნებ, სწორედ თქვენ და ვგონებ, მართებულადაც, მოგანდოთ შეფასება... რას იტყოდით?

               -უი, რას ამბობთ! აჰ-აჰჰჰ! არ მეგონა, თუ ასე დაინტერესდებოდით ჩემი აზრით... – გულღიად და მომხიბვლელად გაიცინა ქალმა.

               -ოო, მაინტერესებს, ცხადია! წაიკითხეთ და შეაფასეთ. იქნებ, ჩემი ნაწარმოებები სასკოლო სცენაზე მეტს იმსახურებს... – ნახევრად ხუმრობით წარმოთქვა სოლომონინიომ, წელში ოდნავ მოიხარა და ინგლისურის მასწავლებელს ხელზე აკოცა.

******

მესამე დღეს კაცმა ლამაზი, მწვანე ბლოკნოტი წამოიღო სახლიდან.

თავის ნაწარმოებებს თავიდან საჯღაბნ რვეულში წერდა, მწვანეყდიანში კი ათეთრებდა-ხოლმე. დასრულებული პიესები ლამაზი კალიგრაფიით გადმოჰქონდა, ასოებს ღვლარჭნილად, ორნამენტებივით ხატავდა. სცენების პირველი სიტყვების საწყისი - საზედაო ასოებისგან ჩუქურთმები გამოჰყავდა...

სამშაბათის საღამოდან მოყოლებული, მთელი ოთხშაბათის განმავლობაში, სახლში სხვა არაფერი გაუკეთებია, ნაწერები ყურადღებით გადაიკითხა და რამდენიმეგან ულამაზოდ მოხაზული ასო აღმოაჩინა. ზუსტად იგივე ფერის პასტა მოძებნა და იმით ჩაასწორა. პიესებში ზოგი ადგილით ისე მოიხიბლა, რომ დაიჯერა, ამ ნაწილების წაკითხვით თეა მასში რაღაც არაჩვეულებრივს აღმოაჩენდა და მის სულსაც ჩასწვდებოდა. ბოლოს ბლოკნოტი კმაყოფილებითა და მღელვარებით სავსემ დაკეცა, საწოლის თავთან მო