5+1
5+1
5 + 1
იოანემ ახლად გაუთოვებული, ჯერ კიდევ თბილი პერანგი ჩაიცვა და გული უცნაურად დაუმძიმდა. მარტოსულობის განცდით შეშფოთებულმა პირველად გააცნობიერა, რომ მას შემდეგ რაც სახლს დატოვებდა, ლინდა ტანსაცმელს ვეღარ გაუუთოვებდა. ალბათ თავად საერთოდაც არ მოჰკიდებდა უთოს ხელს, რადგან დაკუჭული ტანსაცმლით სიარული არანაირ პრობლემას არ უქმნიდა, მაგრამ დედის გაუთოვებული პერანგი , რომელსაც არცერთი ნაკეცი არ ეტყობოდა და რომელსაც ჯერ კიდევ თბილს შემოიცვამდა ხოლმე, ალბათ ძლიერ მოენატრებოდა.
სახლის დატოვებამდე მარჯვენა ჯიბეში ტყავის გაცვეთილი საფულე ჩაიდო, მარცხენაში კი პატარა წიგნაკი და მასზე პატარა კალამი და ფეხაკრეფით გაიპარა სახლიდან. რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ყველაზე მეტად ლინდას გარეშე ცხოვრება აფრთხობდა, ამის გამო მასთან განშორებაზე ფიქრი არ უნდოდა.
მისი ცხოვრების ოცდახუთი წელი ისე გავიდა, რომ დედასთან გამომშვიდობების გარეშე სახლიდან არ გასულა. ოჯახში მხოლოდ ორნი იყვნენ და ალბათ ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა ამ ჩვევის ჩამოყალიბებაზე. დედაც ყოველთვის ასე იქცეოდა, გუაფრთხილებლად არ მიდიოდა სახლიდან და შვილისგან განსხვავებით ყოველთვის დათქმულ დროს ბრუნდებოდა შინ.
იოანეს ამ ყველაფერზე ფიქრი არ უნდოდა. ყველაფერი ეს ძლიერ მტკივნეული იყო არა იმიტომ, რომ თვითონ ამ ყველაფრის გატანა გაუჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ იცოდა ლინდა მასზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ალბათ ღამეებს გაათენებდა მისი ერთადერთი შვილის ასავალ-დასავალზე ფიქრში. მოელანდებოდა, რომ მისი შვილი ,,ნახევრად მშიერია’’ და დაკუჭული ტანსაცმლით დაბორიალებს უცხო ქვეყნის, უცხო ქუჩებში და ეს მთლად ტყუილიც არ იქნებოდა...
იონემ გადაწყვიტა გამგზავრებამდე დედას აღარ გამომშვიდობებოდა, სახლიდან ფეხაკრეფით გაპარულიყო ხოლმე და უკან დაბრუნების დროც აღარ აღეთქვა მისთვის. ამ დროს ისე გაბრაზდა, ფრენის ბილეთები ჯიბეში, რომ ჰქონოდა მთელი ძალით მოკუჭავდა.
,,ეს ოქტომბერი უჩვეულოდ თბილია. სამყაროში კი შემთხვევითობები არ არსებობს. იქნებ არც ეს მშვენიერი საღამოებია შემთხვევითი. იქნებ სამყარო დროს მაძლევს ყველაფერ იმას რაც ძლიერ მიყვარს საფუძვლიანად გამოვემშვიდობო’’- გაიფიქრა იოანემ, რომელიც ქუჩაში ბილიკს მიუყვებოდა და მსჯელობდა გეზი საითკენ აეღო. ამ ფიქრებში გართული გულის სიღრმეში ძალიან კარგად გრძნობდა ყველა იმ ადგილის ნახვა, რომელიც უყვარდა იმიტომ კი არ უნდოდა, რომ გამომშვიდობებოდა, არამედ იმიტომ რომ იმ ქვეყანაში დარჩენის მიზეზები ეძებნა, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა.
ავტობუსში, რომ ავიდა კიდევ უფრო ჩამოცხა. მოუთმენლად ელოდა ავტობუსი თბილისის ხმაურს და ,,ჩაგუდულ’’ ჰაერს როდის ჩამოიტოვებდა უკან და მთაწმინდის ფერდს აუყვებოდა. იმ წამსვე გრძნობდა ხოლმე ჰაერი როგორ იცვლებოდა და ნაძვების ოდნავ მომწარო სურნელში იძირებოდა.
უცნაური ჩვევა ჰქონდა, პარკში ყოველთვის უკანა მხრიდან შედიოდა. ჯერ ამერიკულ მთებს ჩაუვლიდა გვერდს, შემდეგ მოჩვენებათა ციხე-კოშკს და მეგა დაცემასთან მარცხნივ, გიგანტური ბორბლისკენ უხვევდა. თბილისის ხედი ყველაზე მეტად ამ ადგილიდან მოსწონდა. ბორბლის გვერდზე მყოფს ეჩვენებოდა, რომ თან ძალიან ახლოს იყო ,,თბილისურ დაძაბულობასთან’’, თან ძალიან შორს. ამ დროს ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით რთული ეჩვენებოდა, მარტივდებოდა და მის არსებაში სიმშვიდე და ბედნიერება ისადგურებდა.
დღეს ქალაქი განსაკუთრებით მისტიური მოეჩვენა. პირველად იგრძნო, რომ ის რასაც მის წინ ხედავდა უამრავ საიდუმლოს მალავდა. მოეჩვენა, ან იქნებ დაინახა კიდეც, რომ მტკვარი შავი ზღვასავით აღელდა, მაღლა და მაღლა წამოვიდა და ლამის კალაპოტიდან გადმოვიდა.
წიგნაკის ძებნა დაიწყო, მაგრამ ხელში საფულე შერჩა.
-ფუ, ამის...-ჩაიდუდღუნა, საფულე თავის ადგილას დააბრუნა და მეორე ჯიბიდან წიგნაკი და კალამი ამოიღო.
შემთხვევით ხომ არაფერი ხდება სამყაროში, წიგნაკი იმ გვერდეზე გადაშალა, რომელზეც ქალაქის შესახებ ჰქონდა ჩანახატი დაწერილი.
გუშინ სიზმარში დამესიზმრა შებინდება,
შებინდების დროს მთელი ქალაქი გაუჩინარდა,
მისი ადგილი კი პოეზიის თეთრმა ზეწარმა დაიკავა.
პოეზია ყველაფერზე იწვა, ყველაფერი კი არ ჩანდა.
დაიწყო თოვა... პოეზიის თეთრი ზეწარიც თოვლმა დაფარა.
მე მივშტერებოდი ყველაფერს, რომელიც არაფრად იქცა და ვნერვიულობდი.
ღმერთო, რაზე დავწერო, როცა გაუჩინარდნენ უსახური კორპუსები,
პატარა სახლები, მატყუარა მეზობლები, ქუჩაში უკანონოდ მოვაჭრე გამყიდველები,
დროშა, ჰიმნი, ღმერთიც და პოეზიაც...
მე გოლიათივით დიდი გავიზარდე და თოვლში ჩავწექი,
ვიგრძენი ჩემს სხეულ ქვეშ გაფენილი პოეზიის ზეწარი და მის ქვეშ გაფენილი ქალაქი,
თავისი უცნაური ადამიანებით, მუდმივი საცობებით და უაზრო ჭყიპინით გატენილი.
ახლა უფრო უკეთ ვგრძნობდი ყველაფერს, ვიდრე მაშინ როცა ვხედავდი.
მე ვგრძნობდი ჩემში მოცურავდა მტკვრის თევზის სუნი
და მეთევზეების ანკესები სხეულზე ნაიარავებად მედებოდნენ.
ამ ნაიარევებში იპოვეს სახლი უსახკაროებმა
და ყოველთვის, როცა ჩემი ნაიარევები მოშუშებას ცდილობდნენ,
ისინი თავიდან მხსნიდნენ ჭრილობებს, რათა უსახლკაროდ არ დარჩენილიყვნენ.
ამ ჭრილობებისგან მიყენებულმა ტკივილმა გამაღვიძა
და მაინც... ისინი შემეცოდნენ, ჩემი თავი დავადანაშაულე,
რომ უსახლკაროები კიდევ ერთხელ უსახლკაროდ ვაქციე.
ვეცადე სიზმარში დავბრუნებულვიყავი და იქ დავრჩენიყავი სამუდამოდ,
მაგრამ ვერ შევძელი, შეუძლებელი მოვისურვე.
თავისმა ლექსმა კიდევ უფრო გაუმძაფრა რამდენიმე წამის წინ დაუფლებული შეგრძნება. ეს ქალაქი მართლაც რაღაცას მალავდა, ძალიან ძველს, მნიშვნელოვანს, საინტერესოს და გულში ჩამწვდომს....
უეცრად მისთვის უცნაური სურვილი გაუჩნდა. პირველად მოუნდა მედიტირება. ბაღის სკამზე ჩამოჯდა, კარგად მოთავსდა, მოდუნდა, ხეების სურნელი ჩაისუნთქა, ხელები მუხლებზე დაიდო და თვალები დახუჭა. ლინდა ყოველთვის ასე აკეთებდა, როდესაც მედიტირებდა. მერე გაიხსენა დედამისის სიტყვები ღვთაებრივ ენერგიაზე, დიდ ნათელ ძალაზე, რომელიც მაღლიდან ეშვებოდა მისკენ.
იოანემ სითბო ჯერ ხელის გულებზე იგრძნო, თითების ბალიშები სასიამოვნოდ გაუბრუშდა, შემდეგ ნათელი ენერგია მთლიან მტევნებზე გადავიდა. წარმოიდგინა, რომ ეს ენერგია ხელებზე ტალღებს წარმოქმნიდა და ამ ტალღებზე პატარა გემები დაცურავდნენ. სინათლე ძარღვებამდე, რომ ჩავიდა, მთელ მის ხელზე გადავიდა. შემდეგ თავზე და თავიდან კი მთელ სხეულს მოედო.
,,ჩემზე ღვთიური ნათელი გადმოდის, ჩემზე ღვთიური ნათელი გადმოდის’’- გონებაში რამდენჯერმე გაიმეორა იოანემ და საოცარი სიმშვიდე იგრძნო.
ენერგია ფეხებამდე, რომ ჩავიდა, მიწას შეურთდა, შემდეგ კი მთელ პარკზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ბოლოს მთელ სამყაროზე გავრცელდა. იოანეს თვალების გახელა არ უნდოდა, არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ სიმშვიდეს და ბედნიერებას გრძნობდა.
-დამშვიდი, დამიწდი და სამყაროს მიენდე...- ამას ეუბნებოდა ხოლმე ლინდა, როცა შფოთავდა და სულ წყველასავით ესმოდა. ხვდებოდა, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა სწორად არ ესმოდა, მაგრამ, თუ ამხელა სხვაობა იყო მის წარმოდგენილსა და რეალურს შორის ვერ წარმოიდგენდა.
უსაზღვროდ დიდი ენერგია შემოდიოდა მასში და გაედინებოდა მისგან. აღარც კი ახსოვდა თავს ასე მშვიდად ბოლოს როდის გრძნობდა. სამყაროს მადლობა გადუხადა და გაუკვირდა... ასეთი რამ პირველად გააკეთა. რამდენჯერმე გაიმეორა: მადლობა სამყაროს, მადლობა ღმერთს, მადლობა ყველას.... თვალები, რომ გაახილა ქალაქის ხედი კიდევ უფრო ლამაზი, პარკი კი კიდევ უფრო მშვიდი მოეჩვენა.
იოანემ იგრძნო, რომ სამყარო შეიცვალა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გუშინ იგრძნო, მაშინ როდესაც მისთვის სრულიად უცხო ქუჩაზე გადაუხვია, უმიზეზოდ, მოულოდნელად მარკეტში შევიდა და ლიზა დაინახა. მთელი ღამე ფიქრობდა რატომ გადაუხვია იმ ქუჩაზე, რატომ მოუნდა უცაბედად იმ მარკეტში შესვლა და რატომ დახვდა იქ ლიზა.
მისი დანახვისას ძველი მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ამოუტივდივდნენ გონებაში. სკოლა. ზარის ხმა. არეული მერხები. იმ ადამიანებიის სახეები, რომელთა გახსენებაც სრულებითაც არ უნდოდა და ელზას სახე.
გაახსენდა ტელეფონზე, რომ ურეკავდა ხოლმე და გაკვეთილებს ეკითხებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა სკოლაში იყო, თუ არა მისთვის უნდა დაერეკა და ეკითხა მასწავლებელმა დღეს დავალება რა მოგვცაო.
ამ დროს წიგნაკი, რომელშიც ზედმიწევნით ინიშნავდა დავალებებს, წინ ედო. ელზა კი ზუსტად იმ თანმიმდევრობით და სიზუსტით, ძალიან მშვიდად აუხსნიდა და ჩაანიშნინებდა ყველაფერს, როგორც თავად მას, წიგნაკში ჰქონდა ჩანიშნული. იოანე ვეღარ ახერხებდა კითხვების დასმას, დროის გაწელვას, მისი ხმის დიდ ხანს გაგოგენებას, რადგან ელზა ყველაფერს ზედემტად კარგად უხსნიდა.
მაინც როდის დაიწყო ეს ყველაფერი? ალბათ მაშინ ელზას ძალით, რომ წააკითხეს ისტორიის გაკვეთილზე თავისი დაწერილი ლექსი და თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა, მაშინ მერვე კლასში იყვნენ, მხოლოდ თოთხმეტი წლისები, მაგრამ იოანე უკვე გრძნობდა რა აკლდა სამყაროს და რა აკლდა ადამიანებს მის გარშემო. ეს გულწრფელობა იყო, აღარავინ იყო ნამდვილი. ასეთ პატარა ასაკშიც კი მას აღარც აღარავის ცრემელი აკვირვებდა და აღარც აღარავის ღიმილი, მათში ყოველთვის შეჰქონდა ეჭვი და სრულიად საფუძვლიანადაც, მაგრამ ელზას ცრემლები იმ წამს, ეს ცრემლები იმდენად ნამდვილი იყო, რომ ძლიერ, ძალიან ძლიერ შეაშფოთა მთელი მისი სული. ამ წამიდან ძალიან ბევრი საერთო იპოვნა ელზასთან. ორივე წერდნენ, ორივეს უყვარდა მარტო ყოფნა, ორივეს ჰქონდა საკუთარი, ძალიან დიდი სამყარო და პასუხისმგებლობის შეგრძნება.
ნუთუ ელზას არასდროს გასჩენია ეჭვი რატომ ურეკავდა და ანიშნინებდა უკვე ჩანიშნულ გაკვეთილებს? იმ ასაკში ალბათ არა, მერე შესაძლებელია... მაშინ ისეთი ნაზი და გულწრფელი იყო და თავად იმდენად არ აინტერესებდა სიყვარული, ვერ დაინახავდა იმას რაც უნდა დაენახა.
ერთ წელიწადში იოანეს ცხოვრებიდან გაქრა, სხვა სკოლაში გადავიდა, მეთორმეტე კლასში კი ისტორიის რეპეტიტორთან გადააწყდნენ ერთმანეთს. იოანე სახლში გრძელი გზით ბრუნდებოდა ხოლმე დრო, რომ გაეწელა და მასთან საუბარი შეძლებოდა. ერთ საღამოს სრულიად მარტოები გამოვიდნენ მასწავლებლის სახლიდან და ქუჩაში, რომ მიდოდნენ მოულოდნელად ელზამ თვალებში ჩახედა.
მის გულწრფელ თვალებში დაინახა, რომ არაფერი გამოვიდოდა. დაინახა, რომ ელზა ურთიერთობისთვის მზად არ იყო, ამისთვის არც დრო ჰქონდა და არც გამბედაობა. ამ წამს კიდევ უფრო აღფრთოვანდა მისი ,,ნამდვილობით’’. არაფერი უთქვამს მისთვის, იოანე თავის ბილიკზე გადავიდა და ხეების ხეივანში მიმავალი ფიქრობდა, რომ ეს ყველაზე ლამაზი დაშორება იყო სამყაროში. ისინი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ერთად არც ყოფილან და ერთმანეთისთვის გული არ უტკენიათ.
სხვა გოგონებისგან განსხვავებით ელზას არ უცდია მისთვის ტყუილი იმედები მიეცა, არ უცდია ის სიყვარულში გამოეტეხა, შემდეგ ეთქვა არაფერი გამოვაო და მეგობრებთან ამაზე ეტრაბახა. იცოდა ელზა არასდროს იტრაბახებდა მეგობრებთან, რომ ვიღაცას უყვარდა, თუ ეს სიყვარული იმ ვიღაცას გულს ტკენდა. სწორედ ამიტომ უყვარდა. მან თავად ელზაზე უკეთ იცოდა, რომ ის სხვებს არ ჰგავდა...
იოანემ ისიც იცოდა, რომ წლებთან ერთად ყველაფერი გაქრებოდა, შეიძლებოდა ეს მოგონებებიც ვეღარ აღედგინა გონებაში ზუსტად, მაგრამ დარჩებოდა უსაზღვრო პატივისცემის გრძნობა და როდესაც ელზას დაინახავდა იგრძნობდა, რომ მისთვის ღირებულ ადამიანს ხედავდა.
სწორედ ასე მოხდა, როდესაც დაინახა, გულში უცნაური სითბო იგრძნო და ამის გამო ერთ ადგილას გაშეშდა.
-გამარჯობა, როგორ ხარ? - ელზა თავად მიესალმა.
-კარგად,- უთხრა შეძლებისდაგვარად მშვიდად,-შენ?
-მეც კარგად, - უთხრა ღიმილით ელზამ და გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა.
-ექიმთან იყავი? - იოანემ გაუცნობიერებლად ჰკითხა და ელზა, რომელიც უკვე შეტრიალებას აპირებდა მოულოდნელობისგან შეცბა.
-ექიმთან?- ჰკითხა დაბნეულმა.
-თამთა ხომ გეუბნებოდა, ექიმთან მიდი, შაქარზე ანალიზები აიღე, ბევრ წყალს სვამო? - ჰკითხა იოანემ და თავისი კითხვით თვითონვე დარჩა გაოცებული.
-რამდენჯერმე ავიღე ანალიზი და ნორმაშიაო მითხრეს,- უთხრა გაკვირვებულმა ელზამ, რომელსაც მხოლოდ ამ წამს გაახსნედა, რომ ისტორიის მასწავლებელმა რამდენჯერმე მართლაც უთხრა შაქარი შეიმოწმეო.
-კარგი მაშინ... - ჩაიბურტყუნა იოანემ და სალაროსთან ახლად გატარებული ,,Tropical Fruit Drops’’ მთლიანი ყუთი მიაწოდა, თან დახედა, კუთხეში შესამჩნევად ეწერა ,,Sugar free’’,- აიღე, შაქრისგან თავისუფალია... რომც არ გქონდეს ნორმაში არაუშავს.
-მარტო ერთს ავიღებ,- დაბნეულმა ელზამ გამოართვა, მაგრამ თავი ვერ მოხსნა.
-არ მინდა, შენი იყოს... მაინც მთელი შეფუთვა შენ გიყიდე, - ჩაილაპარაკა იოანემ და მაღაზიიდან გამოვიდა.
,,ეს ხომ შვიდი წლის წინ იყო. საერთოდ საიდან მახსოვდა ეს შაქარი?’’ - გაიფიქრა და თავისი თავი დატუქსა ასეთი სისულელე, რომ წამოროშა. სახლში დაბრუნებულმა ძველი წიგნაკი მოძებნა და ის ჩანახატი აღმოაჩინა რომელიც ელზას მიუძღვნა.
მე სულ მეჩვენებდა, რომ
შენს მაჯაზე ცხოვრობდა განთიადის ნაპერწკალი,
ნაპერწკალში არსებობდა ფარშევანგი, ფარშევანგი ეშვებოდა ციდან
და კუდით ჩამოჰქონდა ვარდისფერი ფერი, რა თქმა უნდა განთიადის ფერი.
ფერი იყო ნახატი მხოლოდ ხელით, ყველაფერს ეხებოდა, როგორც ქარი.
ირგვლივ ყველაფერი იყო ფერადი, გაცრეცილი ვარდისფერი ფერით.
ეს ყველაფერი კი ხდებოდა ძალიან ნელა და მდუმარედ.
იცვლებოდნენ ფარშევანგები, ხედები, ჰორიზონტები
და როგორც ბავშვს ეშინია დაარქვას მოწყენილობას მოწყენილობა,
სევდას სევდა და სიხარულს სიხარული, როგორც ბავშვს ეშინია,
რადგან არ იცის რას ნიშნავს ისინი, ასე მალულად, უსახელოდ
და თავხედურად გადადიოდნენ ისინი ერთი მეორეში
და სასტიკ ვნებას აღძრავდნენ ჩემში... და მაინც...
მე გამოვფხიზლდი, თვალები გავახილე, მზეზე მოვიფშვნიტე
და მაშინ მივხვდი, მე შენ არ მიყვარდი,
მე შენს მაჯაში ჩასახლებული დრო მიყვარდა და მეც იქ ჩავსახლდი.
ახლა იცი: შენს მაჯაზე ცხოვრობს დრო,
მე შენს მაჯაზე გაბატონებულ დროში ვცხოვრობ.
,,მე შენს მაჯაზე გაბატონებულ დროში ვცხოვრობ’’ რამდენჯერმე გაიმეორე გონებაში ეს სიტყვები, თბილისის ხედს კიდევ ერთხელ გადახედა და ის სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც მედიტაციის დროს დაეუფლა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. იოანე ეჭვობდა, რომ ამ ხედისგან, ამ ქალაქისგან, ლინდასგან და ელზასგან შორს თავს ასე მშიდად ვერ იგრძნობდა, მაგრამ ამის აღიარება არ უნდოდა.
ქალაქში დაბრუნება ისეთივე მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც წასვლა. ავტობუსი გაჩერებასთან რომ მოვიდა ხალხი, როგორც ყოველთვის ერთბაშად მიაწყდა. იოანე ადგილისთვის ბრძოლაში არ ჩართულა, მედიტაციის შემდეგ თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა, არ უნდოდა რაიმეს ეს ენერგია ,,შეელახა’’. კარგად ხედავდა ხალხის სახეზე მისი მსგავსი სიმშვიდე არ იყო გამოსახული, ამიტომ ყველას მოერიდა, წყნარად ავიდა ავტობუსში და მის ცენტრში ფეხზე დადგა.
მის პირდაპირ, ტრასპორტის წინა ნაწილში, თავისუფალი ადგილები დაიკავეს ახალგაზრდა, ჟღალთმიანმა, ოცდაათწლამდე გოგონამ და მასთან ერთად მყოფმა, თორმეტი-ცამეტი წლის ბავშვმა. ჟღალთმიანმა მუხლთან შარვალი დაიფერთხა. ამ დროს მის წინ ქერა, სათვალეებიანი გოგო დაჯდა. ის იოანესგან ზურგით იჯდა, ამიტომ მხოლოდ მის პროფილს ხედავდა და ისიც ნაწილობრივ.
ავტობუსის უკან ადგილებზე ორმოცდაათ წლამდე, თმაგაჩეჩილი ქალბატონი და ოცწლამდე გოგონა მოთავსდნენ, რომელსაც ტუჩზე პირსინგი ეკათა. აშკარად ერთად იყვნენ, ერთმანეთს პარკები გაუცვალეს და იმის მიუხედავად, რომ ქალი ტელეფონზე საუბრობდა რაღაც გადაუჩურჩულეს.
ქალმა ტელეფონი გათიშა და ჟღალთმიანს მიმართა:
-შვილო ვერ გავიგე რა პრობლემა გქონდა, რანაირად ამოხტა ახლაო, თუ რანაირად იციან ასე ამოხტომაო.
ჟღალთმიანმა ყურადღება არ მიაქცია. აშკარა იყო კამათის დაწყება არ უნდოდა.
-კიდევ კარგი მე არ გამიგია, თორემ საერთოდ ვერ ამოვიდოდა ავტობუსში,-აღნიშნა ქალთან ერთად მყოფმა გოგონამ.
ჟღალთმიანს სახე შეეცვალა, დაავიწყდა კამათში შესვლა, რომ არ უნდოდა და იმის მიუხედავად, რომ შკარად მისთვის სრულიას უცხო, სათვალეებიანმა გოგონამ ანიშნა, თავი დაანებეო, ქალს დაგვიანებით უპასუხა:
-ქალბატონო ბავშვთან ერთად, რომ ამოვდივარ და ამოფრინდით ავტობუსში და თან ფეხი მომარტყით მუხლზე, პრეტენზიის გამოხატვაც არ შეიძლება? - ჰკითხა გაბრაზებულმა.
-აჰა, ესე იგი ფეხი მოგარტყი! - ირონიულად უპასუხა ქალმა და მის გვერდით გოგონას მიაშტერდა,- ეგაა ბავშვი? მაგან აქეთ უნდა დამითმოს ადგილი, ბავშვია ხუთი - ექვსი წლის!
-თუ ბავში აუტისტია... - აგრძელებს მის გვერდით მყოფი, პირსინგიანი გოგონა, რომელიც აშკარად მისი შვილია.
-არაა აუტისტი და აქ ადგილზე არაა საუბარი,- თქვა ჟღალთმიანმა გოგონამ და თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.
-და რომ ყოფილიყო რა? - ქერა გოგო, რომელიც რამდენიმე წამის წინ მოუწოდებდა მაგათ არ აყვეო, თავად ჩაერთო კამათში.
-შენ ტრაკი დააყენე, რას გამოესარჩლე ახლა მაგათ,- უთხრა პირსინგიანმა.
-მე სანამ აქ ამოვიდოდი კრუნჩხვებში ჩავარდი სასწრაფო მყავდა გამოძახებული,-ამბობს დედამისი.
ახლა ჟღალთმიანმა ანიშნა ქერას ხელით თავი დაანებეო. ორივე მიხვდა, რომ გიჟებთან ჰქონდათ საქმე. ამ დროს კი იოანემ გააცნობიერა, იმ სიმშვიდისგან, რომელიც პარკიდან წამოიღო ძალიან მალე აღარაფერი დარჩებოდა.
-ახლა მე აქ ისეთ ამბავს დავატრიალებ, ისეთ სიტყვებს ვიტყვი, საერთოდ გაგონილი არ გექნებათ,-თქვა გოგონამ და ავტობუსში ყველა გაოგნებული მიაშტერდა.
-გინება, მე რომ ვიცი, შენ არც დაგესიზმრება, მაგრამ ახლა, აქ, საზოგადოებაში გინებას ხომ ვერ დავიწყებ? - იონეს გვერდით მდგარმა ახალგაზრდა ბიჭმა ჰკითხა.
გოგონამ რამდენიმე უწმაწური სიტყვა თქვა. იოანემდე ვერ მიაღწია მისმა სიტყვებმა, მაგრამ მან მაინც გაიფიქრა: ,,იქნებ კარგია აქედან, რომ მივდივარ’’.
-ეგ ჩვენი შეურაცხყოფაა, ესე იგი პატივს არ გვცემ, ვინც აქ ვართ, - უთხრა მის უკან სკამზე მჯდომმა, ხვეულთმიანმა ქალმა გოგონას.
-სულ ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი! - იოანემ და მის გვერდით მდგარმა ბიჭმა ერთმანეთს შეხედეს. აშკარაა ორივეს ენახა თავხედები ცხოვრებაში, მაგრამ ამან ორივე გააკვირვა.
-ჩამოვლენ ეს სოფლელები ქალაქში და არ იციან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქცევის წესები, იმიტომ, რომ იქ არ აქვთ საზოგადოებრივი ტრასპორტი...- გააგრძელა პირსინგიანმა.
რამდენიმე ადამიანმა შეშფოთებულმა შეხედა. აშკარად უნდოდათ ეკითხათ, ვინ გითხრა, რომ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აქვთო, მაგრამ გაჩუმდნენ. პირსინგიანმა სოფლიდან ჩამოსული ხალხის ლანძღვა განაგრძო.
-სოფლელებს შეურაცხყოფას რატომ აყენებ? მე აქ დავიბადე და გავიზარდე... მაგრამ რასაც შენ ამბობ და როგორც ამბობ, ეგ არი ადამიანების შეურაცხყოფა,- უთხრა ხვეულთმიანმა.
-სულ ყ**ზე მკიდია რას თვლით თქვენ შურაცხყოფად და არაფერი არ მაინტერესებს,- უყვირა გოგონამ.
-თავხედი ხარ შვილო და გაუზრდელი,- უთხრა ქალმა.
-რატომ თავხედი? რატომ თავხედი? - ჩაილაპარაკა დედამისმა.
-ეს არის ჩემი გამზრდელი და ხომ ხარ ღირსი დედა, რომ მ*******ს ახლა? - უყვირა პირსინგიანმა.
-შენ შვილო თავი სად გგონია? ბაზარში დგახარ? - იყვირა მძღოლმა, ავტობუსი გააჩერა და წინ გადმოვიდა,- ჯერ ყველაფერს, რომ თავი დაანებო გოგო ხარ და რა დღეში ხარ?
-პოლიცია, პოლიცია გამოვიძახოთ,- თქვა რამდენიმემ.
-დაანებეთ თავი,- ჟღალთმიანმა თავი გააქნია და ალმაცერი სახე მიიღო, გიჟებო არიანო სახეზე ეწერა.
-გამოიძახეთ, გამოიძახეთ, მიდი გამოიძახეთ,- ყვირის პირსინგიანის დედა, - ვნახოთ ვის გაამტყუნებენ...
-ჩააგდეთ... ჩააგდეთ...- დაიძახა ხვეულთმიანმა.
-მიდი, მიდი გამოიძახეთ,- აგრძელებს თმაგაჩეჩილი ქალი.
-ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს,- თქვა ხვეულთმიანმა.
-აჰა, ესეიგი ვირიც ვყოფილვარ, რომ იცოდეთ კახელი არ ვარ,- თქვა ქალმა და ყველა მიხვდა, ვისგან ისწავლა შვილმა ადამიანების ქალაქელებად და სოფლელებად დაყოფა.
-რაც დედაა, ის შვილია,- ჩაილაპარა ქერამ და დაამატა,- საერთოდ აუტუსტი ბავშვი, რომ ახსენა უკვე მივხვდი რა საზოგადოებაც იყო, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე.
-კარგი, კარგი დამშვიდდით ახლა,- ჩაერთნენ სხვებიც და რამდენიმე წამით სიტუაცია მართლაც განიმუხტა.
მძღოლი თავის ადგილს დაუბრუნდა და ავტობუსი დაძრა. იოანეს სიმშვიდისგან აღარაფერი შერჩენოდა, გრძნობდა, რომ ის მდინარესავით აიმღვრა, აიმღვრა და ბოლოს სრულიად გაქრა... მის გვერდით მდგარ ახალგაზრდას ისეთი სახე ჰქონდა, ცოტაც და გული აერეოდა.
-აი, რა შეიძლება მოჰყვეს შენ ნათქვამ ერთ უაზრო სიტყვას,- უთხრა თმაგაჩეჩილმა ჟღალთმიანს, რომელსაც ბავშვმა ანიშნა ავტობუსიდან ჩავიდეთო.
-ყველას სახეზე აწერია რაც არის,-ჩაერთო ისევ ხვეულთმიანი.
-მაინც რა მაქვს სახეზე? რა მაქვს ერთი მითხარით? - არ ჩერდებოდა თმაგაჩეჩილი.
-რა ვიცი თვითონ აქვს სახე დამწვარი და შენზე რას ამობობს? - უთხრა შვილმა,- ან ეს თმა რას გიგავთ, -გახედა ქალს,- გაუხეშებილი, რომ არის არ გინდათ ნიღაბი დაიდოთ?
-ასეთ ქალაქელს ახლა, მე რომ ვარ ისეთი სოფლელი როგორ არ ჯობია,- ჩაილაპარაკა ვიღაცამ წინ და იოანეს და მის გვერდით მდგარ ბიჭს გაეცინათ.
-ახლა ჩავდივარ, თორემ ხელზე დაგიხვევდი,-უპასუხა ქალმა და ავტობუსიდან ჩავიდა.
-მგონი ცუდად ვარ... კალცის ნაკლებობა მაქვს...- იძახის თმაგაჩეჩილი,- რომ ვნერვიულობ კრუნჩხვებში ვარდები.
,,შვილს, რომ ზრდიდი მაშინაც კალცის ნაკლებობა გქონდა?’’ - იონეს გაეღიმა იმიტომ, რომ იცოდა გონებაში ყველამ ეს გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ კითხა.
-მგონი მართლა დაკარგა ფერი,- უთხრა ბიჭმა და ქალთან მივიდნენ.
-სასწრაფო გამოვიძახოთ? გავაჩეროთ ავტობუსი? - ჰკითხა იოანემ ქალს.
-არა, სახლამდე მივალ...
პირსინგიანი ისევ აგრძელებს ლანძღვა-გინებას. ხალხი ჯერ კიდევ შოკშია იმისგან რაც ნახეს და მოისმინეს. ავტობუსი ნელ-ნელა დაიცალა და მგზავრები სინანულით ტოვებდნენ ტრანსპორტს, ისე აინტერესებდათ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
-აი, ხელები ამიკანკალდა,- იძახის ქალი და ჟღალთმიანს უყურებს.
-ქალბატონო, გინდათ სახლამდე მიგაცილოთ? - იოანე მიუახლოვდა და მშვიდად ჰკითხა.
-არა, არა ჩემი შვილი აქ არ არის? არ მინდა.
-კარგი,- თავი დაუკრა იოანემ.
დედა-შვილის ჩასვლის დრო, რომ მოვიდა პირველი შვილმა დატოვა ავტობუსი, სანამ ქალიც დატოვებდა ტრანსპორტს ჟღალთმიანმა დაუძახა. ხალხი დაიძაბა. ბოლო აკორდს სულგანაბულები ელოდნენ.
-ქალბატონო, მე თქვენი განერვიულება არ მინდოდა. ჩემი მიზანი თქვენი ცუდად გახდომა არ ყოფილა. დამშვიდდით! დაწყნარდით! ყველაფერი კარგად იქნება! - ხელი ხელზე მოკიდა,- ახლა ცოტა რთული პერიოდია! დაბნელებების კორიდორს გავდივართ, ყველა განერვიულებული და გაღიზიანებულია. ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემებიც იჩენს ხოლმე თავს, მალე გადაივლის.
-მართლა? - ქალს გამომეტყველება შეეცვალა, სახე დაუმშვიდდა, თვალები გაუნათდა, თითქოს თმებიც აღარ უჩანდა ისეთი გაბურძგნული.
-კი, მართლა. მაქსიმუმ ორი კვირა გაგრძელდეს ეს ყველაფერი,-უთხრა დარწმუნებით ჟღალთმიანმა და ქალს თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა.
-ხო, ასეთი ამბავი არ უნდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს,- აღნიშნა უჩვეულოდ მშვიდად.
-ნამდილად ასეა,-უპასუხა ჟღალთმიანმა და მის გვერდით ბავშვმა ტირილი დაიწყო.
-დამშვიდდი,- მუხლზე ხელის დადებით დაამშვიდა ქერამ.
-აღარ ჩამოდიხარ? - დედამისს დაბლიდან დაუძახა პირსინგიანმა.
-კარგი, კარგად,- თქვა ქალმა და ავტობუსიდან ჩავიდა.
ირგვლივ ხმას ვეღარავინ იღებდა. იოანე მიხვდა, რომ მის მსგავსად თვალებიდან არავის ამოსდიოდა ქალის გაბრწყინებული მზერა. მან მის თვალებში ის სინათლე და სითბო დაინახა მადიტაციის და ელზაზე ფიქრის დროს, რომ იგრძნო და ამის გაფიქრებისას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა, ძალიან იშვიათად აოცებდა რაიმე ისე ძლიერ, რომ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელის დავლა ეგრძნო და სწორედ ამიტომ ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ დიდხანს ფიქრობდა ყველაფერ იმაზე რაც მოისმინა და დაინახა.
იოანემ სახლში მისვლამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადამხდარი სხვა ამბებიც გაიხსენა და სახიდან ღიმილი არ მოსშორებია. ბოლოს რამდენიმე წლის წინ მომხდარი მოვლენა ამოუტივტივდა გონებაში. მასზე ნოველაც დაწერა და ავტობუსი N15 დაარქვა. სეირნობის დროს მთელი ამბავი კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე გაიხსენა.
იოანე წვიმიან ამინდში ავტობუსში ავიდა და ოცდაათწლამდე გოგონა და ბიჭი დაინახა. გოგონა სკამზე იჯდა, ბიჭი მის წინ იდგა და მას მიშტერებოდა.
-შენ გიოს და არ ხარ? ფეხბურთზე რომ დადიოდა იმ გიოსი? - ჰკითხა უეცრად.
-კი, გიოს და ვარ, მაგრამ ვერ გიხსენებ,-უპასუხა და სახეზე მიაშტერდა,- ვაიმე მგონი გიცანი. შენ ის ხარ ეზოშიც, რომ ვიყავით ხოლმე ერთად. პირველ სართულზე, რომ ცხოვრობდი...
-კი, კი ეგ ვარ,- იმ ფაქტით გახარებულმა კაცმა, რომ იცნეს სიცილით უპასუხა,- რას შვები? როგორ ხარ? გიო როგორ არის? სოფო ხო მგონი? სახელი ზუსტად არ მახსოვს.
-კი, კი სოფო, - თავი დაუქნია ქალმა,- და შენ მგონი ლევანი.
-ასეა.
-ვა, რა კარგია, რომ გნახე. აქეთ ცხოვრობ? - კაცმა თავი დაუქნია,- ქალმა განაგრძო,- ნუ გიორგი არის ჩვეულებრივად ცოლი მოიყვანა, ერთი გოგო ყავს, ცოლთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად გვერდით ქუჩაზე და ჩვენ მეოთხეში გადავედით, მე და დედა.
-ვაა, ხო. მე ისევ იქ ვარ და რამდენი ხანია არსად დამინახიხართ არცერთი.
-ცოტახანი ქმართან ვცხოვრობდი, მერე დავშორდი და ახლა დედაჩემთან ვარ.
-ააა და ბავშვი?- ინტერესით ჰკითხა კაცმა.
-ბიჭი, ერთი ბიჭი მყავს. შენკენ რა ხდება? ცოლი გყავს, ასე მახსოვს,- ღიმილით უთხრა და თან დაამატა,- ჩანთა მომე, დაგიჭერ!
-დავშორდი, მე ორი გოგო მყავს,-უპასუხა და ჩანთა მიაწოდა.
-აჰ, რაღაც ძალიან შარმიანი ცოლი გყავდა ასე მახსოვს. რატომ დაშორდით? - ჰკითხა და თან მუხლებზე ფრთხილად დაიდო მისი ჩანთა.
-არ იყო ალბათ მთლად შარმიანი და... შენ რატომ დაშორდი ქმარს?
-რა ვიცი, ერთი კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. ბავშვებს ნახულობ?
-კი, როგორ არა, უმცროსი სულ ჩემთანაა. ნუ, უფროსს დედამისთან ურჩევნია ცოტა უცნაური ხასიათი აქ და...
-კარგია. ჩემი ყოფილი ქმარი არ ნახულობს ხოლმე და... არა, ისე კარგი ადამიანია, მაგრამ ბავშვი მარტო სამშბიაროში ჰყავს ნანახი.
იოანე თავისი ფიქრით მხოლოდ ამ წამს ჩაერთო მათ დიალოგში, იქამდე მხოლოდ უსმენდა.
,,რანაირად არის კარგი ადამიანი, თუ შვილი მარტო სამშობიაროში ყავს ნანახი?’’ - ჰკითხა საკუთარ თავს და ყურადღება ისევ ქალზე და კაცზე გადაიტანა.
-თავიდან კი მეშინოდა გაშორების, ბავშვზე არ იმოქმედოსთქო, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი ყველა ჩემი მეგობარი დაშორებულია ქმარს და...
-კი, ზუსტად და კომპლექსები ახლა იმ ბავშვებს უფრო აქვთ დედ-მამა, რომ ერთად ჰყავთ,- ღიმილით თქვა ლევანმა და მხრები აიჩეჩა,- ყველაფერი იცვლება.
-კი, ეგრეა. ნუ, მე ახლა დედაჩემი მეხმარება და მაინცდამაინ არ მიჭირს ბავშის გაზრდა.
-ხო მეც მეხმარება დედაჩ