ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფრთხილად! ცირკში მკვლელია!

ფრთხილად! ცირკში მკვლელია!

პარასკევი, 14 ოქტომბერი  * * *-ბატონო თეიმურაზ, ახლა რა უნდა ვქნათ?-უნდა მოვკვდეთ, სტაჟიორო, მეტი რა დაგვრჩენია?-ხუმრობის დრო არ არის! თუ თხუთმეტ წუთში სასწაული არ მოხდება, წყალი წაგვლეკავს, ამას ხომ აცნობიერებთ?-ხოდა დაველოდოთ სასწაულს!     რამდენიმე დღით ადრე . . .   კვირა, 9 ოქტომბერი 1   ღამეა. სულ მალე თერთმეტი საათი შესრულდება. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სიჩუმე სუფევს. ყველა თავისი მოსაწყენი და დამღლელი საქმით არის გართული და ჟამთა დაუმონებელ სვლას ვერ ამჩნევს.  თეიმურაზმა სამუშაო დროულად მოამთავრა და სახლში წასასვლელად მზადება დაიწყო. ისედაც ბევრი აღარაფერი შემორჩა საკეთებელი. ერთ კვირაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას დატოვებს და ახალ პროფესიას დაეუფლება - ტყუპი შვილიშვილების გამრთობ-მომვლელი გახდება.  28 წლის იყო, როდესაც პირველად შემოდგა ფეხი ამ კაბინეტში და მას შემდეგ თითქმის 42 წელია, რაც ეს დახვეწილი დიზაინის მქონე ერგონომიური სკამი ერთგულად უამებს წელის ოსტეოქონდროზს და ავიწყებს უკანასკნლი შვიდი წლის განუყრელ მეგობარ ოსტეოართრიტს.  მოხუცმა იტალიური ტყავისგან დამზადებული ყავისფერი პორტფოლიო ხელში აიღო, ქუდი დაიხურა და სახელურის ჩამოწევა დააპირა თუ არა, გაშეშდა. უფროსის აჩქარებული ფეხის ხმა ესმის. „გავიწიო, თორემ ისევ საფეთქელში გამიშხუილებს კარს და მერე მისი ბოდიშები ჩემს ფეხებს მომირჩენს ატკივებულ თავს!“, ჩანაფიქრს რეალობაში ახორციელებს. უფროსი ისეთი სისწრაფით შემოიჭრა, რომ ხელოვნურად წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა მაგიდზე დაწყობილი ფურცლები იატაკზე მიმოფანტა. აღელვება ეტყობა. როგორ ჩანს, მნიშვნელოვანი რამის სათქმელად გამოცხადდა, უფრო სწორად, შემოვარდა.  ცუდი კაცი არაა, მაგრამ კარგიაო - ვერც ამას იტყვით. ცოტა სერიოზულობა აკლია, ცოტა დაკვირვებულობა და ცოტაც გამოცდილება. თეიმურაზს დიდად გულზე არ ეხატება მისი პირფერული საუბარი, არარიტმული სიარული, ასიმეტრიული სახე და ზოგადად ყვეელაფერი, რაც მას ეხება, თუმცა ერთი კვირა კიდევ გაუძლებს როგორმე. სადაც შვიდი წელი, იქ შვიდი დღე არაფერია.  დეტექტივი სკამზე ჯდება, უფროსს მოჭუტული თვალებით აშტერდება და მოჩვენებითად უღიმის, „ნეტა, რა ეშმაკმა მოათრია აქ ამ დროს?“, ფიქრობს, თუმცა შესაფერისს პასუხს ვერ პოულობს. „ისევ ის მყრალი სუნამო დაუსხამს!“.-მოკლედ, თეიმურაზ, ბოდიში აურზაურისთვის და უფრო დიდი ბოდიში, რომ შინ წასვლას აპირებდი, მე კი შენი შეყოვნება მომიწევს.-რას ბრძანებთ, ბატონო როსტომ, გისმენთ! რა საქმე გაქვთ? „ჩემს კალამს ნუ აწკაპუნებ, დააგდე!“-შენთვის ორი ამბავი მაქვს. ერთი ცუდი, მეორე კი ძალიან ცუდი. რომლის გაგება გსურს პირველი?-„არცერთის!“ ჯერ ცუდი ბრძანეთ, უფროსო!-ცუდი ამბავი არის ის, რომ... - გაუაზრებლად აღებული კალამი დადო და მარცხენა ხელით მაგიდის კიდეს მძიმედ ჩამოეყრდნო. რაკი ასე პირდაპირ თქმა ვერ გაბედა, ჩვეული მომაბეზრებელი მიკიბულ-მოკიბული საუბარი დაიწყო, - ვიცი, ერთ კვირაში აპირებ, თანამდებობა დატოვო, ამის გამო კი მთხოვე, ახალი საქმის გამოძიება არ დამევალებინა და მეც დაგპირდი... მაგრამ არ გამოვიდა. თეიმურაზ, ამას შენ გარდა ვერავის დავავალებ. მხოლოდ შენ შეძლებ მაქსიმალურად სწრაფად გამოამჟღავნო სიმართლე. მე მხოლოდ შენ და შენს პროფესიონალიზმს ვენდობი, - „იმდენი შენ რა გითხარი!“ - გთხოვ, უნდა გამიგო! ამ ერთხელაც აიღე საქმე! - როსტომს აგრეთვე უნდოდა ეთქვა, ბოლო თვის ხელფასს გაგიორმაგებ, ოღონდ ეს გამოძიება შენ ჩაიბარეო, მაგრამ იცის, ვერანაირი ქრთამით ვერ შეძლებს მოისყიდოს ის, ვინც ახლა წინ უზის.-მადლობა ნდობისთვის და ასეთი დაფასებისთვის, თუმცა...-ო, რას ბრძანებ, ჩემო თეიმურაზ! სიტყვები არ მეყოფა შენი გამჭრიახობისა და პროფესიული ოსტატობის შესამკობად...-თუმცა, - ჯიუტად გააგრძელა მაინც, - როგორც გითხარით, ვისურვებდი, უკანასკნელ კვირას მშვიდობიანად ჩაევლო. გთხოვთ, პატივი ეცით ჩემს მოკრძალებულ სურვილს! -თეიმურაზ! - უფროსმა ისეთი ინტონაციითა და განცდით წარმოთქვა დეტექტივის სახელი, რომ დარწმუნებული იყო, გადაწყვეტილებას თუ სრულად ვერა, ნაწილობრივ მაინც შეაცვლევინებდა.  რაღაც ამდაგვარი გამოუვიდა.-კარგით, მაშინ მოდით ასე მოვიქცეთ! - მოხუცი ქვედა უჯრიდან სათვალეს იღებს, იკეთებს და სკამის რბილ საზურგეს ეყრდნობა, - თუ საქმე არ მომეწონება, - პაუზას აკეთებს და შემდგომ ნელა და გადაჭრით იძახის, - არ ავიღებ!-მშვენიერია! შევთანხმდით! -მაშინ, გთხოვთ, მომახსენეთ საქმის დეტალები! „მეტი არ მინდა, რამე იდიოტობის გამოძიება დამავალო!“-ჯამბაზის მკვლელობა უნდა გამოიძიო, - უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, - იგი მოგუდეს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მივიღე. ცხედარი ჯერ კიდევ თბილისის ცირკის არენის შუაგულშია.  კვლავ სიჩუმეა.  „ჯამბაზიო?... დამშვიდდი! ნეიტრალური სახე მიიღე!“, მოხუცი დიდი ჭიდილის შემდეგ, როგორც იქნა შინაგან ხმას დამორჩილდა, შეჭმუხნული წარბები გახსნა, მრისხანება დამალა და საუბარი აუღელვებლად განაგრძო.-ანუ ჯამბაზი!-დიახ, სწორად გაიგე ყველაფერი!  წამით კვლავ მდუმარებამ დაისადგურა კაბინეტში. თეიმურაზი აცნობიერებს, რომ ამდენწლიანი დეტექტივობის განმავლობაში არასდროს ჰქონია შეხება მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანის მკვლელობასთან. უცნაურად ეჩვენება ყოველივე და ამავე დროს ლოგიკურადაც. -და ძალიან ცუდ ამბავში, რაც დასაწყისში ახსენეთ, ალბათ, მოწმეების არარსებობას გულისხმობთ ხომ, უფროსო? -არა... - როსტომი ადგა და ფანჯარას მიუახლოვდა, - ისე კი უნდა ვაღიარო, მოწმეები მართლაც არ გვყავს. საქმე ისაა, რომ მკვლელობას ახალ სტაჟიორთან ერთად გამოიძიებ, - წამით დეტექტივისკენ გააპარა მზერა, რათა მისი რეაქცია შეემოწმებინა და რადგანაც მოხუცის გაქვავებულ სახეს, რომელიც თითქმის არასდროს გამოხატავს კმაყოფილებას, გაღიზიანებისა და განრისხების ვერანაირი ნატამალი ვერ შეამჩნია, სათქმელი მშვიდად განაგრძო, -  ვიცი, არ გიყვარს წყვილში მუშაობა, თუმცა გუშინ ავიყვანეთ და ეს მისი პირველი გამოძიება იქნება. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ჭკვიანი, სანდო, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული, თან ჩემი მოადგილის შვილია, - „შანსი არაა!“ - და... შენზე უკეთესს ვის შეიძლება მივაბარო? თავიდან სტაჟირებას შენთან გაივლის. ყველაზე კარგად მომავალ პროფესიას შენ გვერდით დაეუფლება. დაგაკვირდება, ბევრ რამეს ისწავლის, გააუმჯობესებს თავის უნარებს, მერე კი, როცა დაგვტოვებ, სხვასთან გადავიყვან და მიღწევების მიხედვით ან გახდება დეტექტივის თანაშემწე, ან არა.  თეიმურაზმა რაღაცის თქმა დააპირა თუ არა ხველა აუტყდა. როსტომმა მაშინვე წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა და ზურგზე რამდენჯერმე სუსტად დაარტყა. უფრო ძლიერად ვერ გაბედა. -მადლობა, ბატონო როსტომ, რამდენი წვეთიც დავლიე, კიდევ იმდენი წელი გაცოცხლოთ ღმერთმა! - მხოლოდ ტუჩები დაისველა, ყელში არაფერი გადასვლია. -გაიხარე, ჩემო თეიმურაზ! - ისევ დაჯდა და ორივე იდაყვით მაგიდას ჩამოეყრდნო იმის მოლოდინში, რომ სასურველ პასუხს მიიღებდა კითხვებზე, - აბა, რას იტყვი? შენზეა ეს საქმე?   ხანგრძლივი ფიქრისა და განსხვავებულ სურვილთა წინააღმდეგობრივი ჭიდილის შემდგომ, მოხუცმა დეტექტივმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება. -ჩემზეა! - წარმოთქვა ამაყად, თუმცა საკუთარი ნათქვამის გაგონებით ოდნავ გაკვირვებულმაც კი, - მანქანა მზად არის? როსტომმა ეშმაკურად გაიღიმა.-ვიცოდი, რომ მკვლელობის ადგილზე წასვლას ამ წუთასვე მოისურვებდი, ამიტომ გიზო უკვე მანქანაში გველოდება. -მშვენიერია!  თეიმურაზი დგება, იტალიური ტყავისგან დამზადებულ პორტფოლიოში აზერბაიჯანელი როსტომის იდაყვით დაჭმუჭნილ ქაღალდებს ფაქიზად აწყობს და ბოლოჯერ ამოწმებს მაგიდის ქვედა უჯრა, რომელშიც 13 განსხვავებული სათვალე უწყვია, საიმედოდ არის თუ არა ჩაკეტილი. -წავედით?-დიახ, წავედით, უფროსო!  როსტომმა კარი გააღო და აჩქარებული ნაბიჯებით გაიჭრა გარეთ. „აბა, იქნებ მოიფიქრო და მოხუცი ადამიანი გამატარო წინ!“   2  უფროსი და დეტექტივ-გამომძიებელი შენობიდან გამოვიდნენ. ავტოსადგომისკენ მიემართებიან. ასფალტი ჯერ კიდევ სველია. ხეებს ნამეტნავად უხეშად ჩამოებერტყათ გამხმარი ფოთლები. შემოდგომის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი მძიმეა. ერთ-ერთი ლამპიონი საცოდავად ბჟუტავს. მომაკვდავის სუნთქვას მოგაგონეთ, მრავალწლიანი სიცოცხლის დასრულება რომ ენანება და გულისცემის შენარჩუნებას უკანასკელ წამამდე ცდილობს.  ასფალტზე მანქანის ფარების შუქი ზანტად გაწვა. სინათლემ ჩაბნელებულ ჰაერში მიმალული წვიმის წინწკლები ააბრჭყვიალა და ახლა მათი ჟღერადობა უფრო ხმამაღალი გახდა. თითქოს ამ გამოაშკარავებისთვის წყლის ნაზი მოლეკულები თეთრი ფერის Hummer EV-ის მფლობელს პატრონს აგინებდნენ და ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, რომ გეგონებოდათ სიმფონიას ქმნიდნენ. ადამიანი, რომელსაც ეს საოცარი მუსიკალური შედევრი მიეძღვნა, გიზოა. როგორც ყოველთვის, კეპიანი ბერეტი ახურავს, ცალმხარეს გაბზარული სათვალე უკეთია და ღია ლურჯი ფერის პერაგის გარედან ადიდასის შავი სპორტული შემოსაცმელი აცვია. ამ უკანასკნელს მხოლოდ ღამით მგზავრობისას იცვამს. რატომ? - არ ვიცი. ჩვეულებრივ, სამუშაო საათებში კი გამოწყობილია ზედმეტად ვიწრო სილუეტის პიჯაკში, რომელშიც სუნთქვა ეკვრის და მანქანის სიმხურვალის შეგრძნება უორმაგდება. ჭაღარა კარგა ხნის წინ შეპარვია ნახევრად მელოტ თავზე. მარცხენა ხელზე ნეკა თითი სამჯერ დამოკლებია. ამის მიზეზი ასაფეთქებლების გადამეტებული სიყვარული და მოუხერხებლობაა. -გიზო, ავარიაში მოყევი? რა დაემართა კაპოტს? - როსტომმა მანქანის ჩაჭეჭყილ ნაწილ მიუთითა.-ო, მაგი, უფროსო... ხეს კარგა მოზრდილა ტოტი მოტყდა და აგერ ქე ხედავთ რაც უქნა ჩემს ჰამერს. ერთი საათის წინ იმისთანა ქარიშხალი იყო ამოძირკვა გონია მთელი ვაკე-საბურთალო. უნივერსიტეტის მხარეს რო მოვდიოდი, ეეე... მანდ მემივიდა მარცხი! ჩვენკენ შედარებით წყნარად უბერავს. იქ მტრისას! -ჰოო... მართლაც, რომ ვერ დაგმართნია კარგი ამბავი! – წარმოთქვა დეტექტივმა და კარის სახელურს შეეხო.  გიზო მთელ დეპარტამენში ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც თეიმურაზს ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა აქვს და მხოლოდ კარგს ფიქრობს მასზე. ნუ, უმეტესად ასეა ხოლმე.  „რას დაეთრევი ამ მთასავით მანქანით?! „ამ ჩემს ძვლებს კიდევ ეს უნდათ?“, დეტექტივს სახე ავადმყოფურად დაეღრიჯა, როცა ძლივს აბობღდა და ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგეზე მიყრდნობისას სხეულში ყრუ ტკაცანის ხმა გაიგონა.  ტყავის პორტფოლიო მარცხენა მხარეს, ჩვეულებისამებრ, დედოფალივით დაასვენა. -აბა, საით, როსტომ ბატონო? - მუდამ უმიზეზოდ მომღიმარმა მძღოლმა მზერა უფროსს მიაპყრო.-ცირკში!-სადა? - ახლა მეგობარს გახედა გაკვირვებულმა, - მეიცა კაცო! ცირკში რა გვინდა ამ ღამე? -ჯამბაზის მკვლელს სახე და საჯდომი უნდა გავუერთიანოთ! - მოკლედ მოუჭრა თეიმურაზმა.-რაი შენე?... დასაკარგი დრო არ გვქონია, ესე იგი! - საჭეს ორივე ხელით მოეჭიდა, - აბა, ჰე! წევეით!... გაგიჟებულა ეს ხალხი და ეგაა! მეტი ვერავინ ნახეს, ნეტაი, მოსაკლავი ამხელა თბილისში?  - ბოლო სიტყვები ისე ჩუმად წარმოთქვა, რომ ელექტრო ძრავის ხმამაც კი შეძლო მათი გადაფარვა.  ზუსტად ხუთ წამში თეთრი ჰამერის საბურავები სველ გზაზე აშხუილდა და მტკვრის სანაპიროს მიაშურა.     3 -გიზო, შენ არ წამოხვალ?-უი, არა! არა! უფროსო! - გაასავსავა ხელები, - მაგ მოჯამბაზებული მიცვალებული რო დევინახო ცირკის არენაზე გაშხლართული, ხო გემეხსნა გულის სარქველები!გამორიცხულია! მე აქანა დეგელოდებით, თქვენ წაით, შემოგევლოთ ჩემი თავი! -როგორც გენებოს! - თეიმურაზმა მხარზე დაადო ხელი, შემდგომ ჯიბიდან სათვალე ამოიღო და გაუწოდა, - აწი ეს გაიკეთე! მიჩუქნია სამახსოვროდ!-მეიცა! ესე იგი... მართალია მაგ ამბავი?... მიდიხარ?... - სათვალის გამორთმევას არ ჩქარობს. დეტექტივი იღიმის და ხვდება როგორ მოენატრება გიზო და მისი საუბრის რაღაცნაირი მანერა. ოცდაათწლიანმა ერთობლივმა თანამშრომლობამ ისე მოულბო გული, რომ სამუშაო მაგიდის ქვედა უჯრაში გამოკეტილი კოლექციიდან ყველაზე ძვირფასი სათვალე აჩუქა ერთგულ მძღოლს.-მივდივარ, თუმცა იქამდე კიდევ ერთი ნაძირალა უნდა გამოვკეტო გალიაში. გიზომ თეიმურაზის აკანკალებულ ხელს დახედა და უეცარი სითბო იგრძნო. გაიღიმა და ამჯერად ეს გაღიმება უმიზეზო არ ყოფილა. -კაი კაცი ხარ, თვალისჩინივით გოვუფრთხილდები შენს საჩუქარს, ჩემო თემოიე... კი არა და, თეიმურაზ! - მაშინვე გამოასწორა ნათქვამი, როგორც კი შეამჩნია დეტექტივის წარბები დაუნდობლად შეჭმუხვნას რომ იწყებდნენ. -კარგით, წავედით ხომ, თეიმურაზ? - როსტომმა ყვითელ ლენტას გადააბიჯა და ბილეთების სალაროს გაუსწორდა.-დიახ, უფროსო, მოვდივარ!-გიზო, შორს არსად წავხიდე! მაქსიმუმ ერთ საათში დავრუნდებით!  მძღოლმა, თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.  მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ორი საათის წინ აქ მკვლელობა მოხდა, სიწყნარეა. ალაგ-ალაგ გაფანტული პოლიციელების საუბარს ვერ ძალუძს გაარღვიოს სიჩუმის ხმა. სალარო ხან ლურჯად ნათდება, ხან კი წითლად, მის წინ ტალახით მოსვრილი სამი ბროშურა აგდია. ხოლო ორად გაყოფილ კიბეზე ბატიბუტებია მიმოფანტული. ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობა ბამბის ნაყინის სუნი.  თეიმურაზს, როგორც კი ცენტრალურ კიბემდე მივიდა, ხველა აუტყდა. რამდენიმე წამით შეისვენა და მერე კვლავ გააგრძელა სვლა. როსტომს ცოტათი ჩამორჩა.  კიბეზე სიარულს ვერ იტანს. დეპარტამენტში მისი კაბინეტი სპეციალურად პირველ სართულზეა მოწყობილი. შენობაში შესასვლელად გვერდებზე გაწოლილ პანდუსებს იყენებს. თუ უფროსთან ასვლაა საჭირო, ან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაშინ ლიფტით სარგებლობს.  მოხუცი დინჯად მიიწევს მაღლა და მაღლა და ხვდება, რომ აქ, სულ ცოტა, სამჯერ მაინც მოუწევს მოსვლა. უკვე ჭირივით ეზიზღება აქაურობა. ნაძვებისგან ბუნებრივად შეკრული თაღი ნელ-ნელა იხსნება და თბილისის ცირკის განათებული შენობა ღამის ჰორიზონტზე ჩნდება. ქვევით მდგარი გიზოს სილუეტი უკვე აღარ ჩანს. წიწვებმა ჩამალეს. მრგვალი შენობის ირგვივ წითელი და ლურჯი ფერები ერთმანეთში იმღვრევა და დაძაბულობით ავსებს არემარეს. მოულოდნელად შენობის შესასვლელიდან განრისხებული მამაკაცის ფიგურა გამოიჭრა და იქ მყოფ პოლიციელებს მიმართა. -რა ჯანდაბა გითხარით მე თქვენ? ჩააქრეთ ეგ აჭრელებული ციმციმები! უბრძანეთ, ქვევით მოხსნან ყვითელი ლენტები და პოლიციის მანქანებმა დატოვონ სალაროს მიმდებარე ტერიტორია! ზოგიერთები კი წადით სახლში! ამდენი რას მიკეთებთ აქ? არ მაგინებინოთ ახლა თქვენი დედები! - უტიფრად გაიძახოდა ყველას გასაგონად. გაავებულ სახეზე კი ანთებული თვალები უელავდა. „ნეტა რა აყვირებს ამ ტარზანა კაცს? ვინ ჩემი ფეხებია ამისთანა?“, ფიქრობს თეიმურაზი და უკვე დასანახად ეზარება ცირკიდან გამოვარდნილი ტყიური. პოლიციელები ყურადღებას არ აქცევდნენ. მათთვის მხოლოდ როსტომის სიტყვას ჰქონდა ფასი და, შესაბამისად, უფროსის ბრძანებას ელოდნენ შემდგომი რეაგირებისთვის.  -მოგესალმებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, როსტომ შარიფოვი. თქვენი სახელი, გეთაყვა? - მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელია, თბილისში 25-წლიანი ცხოვრების წყალობით, გამართული და დახვეწილი საუბრის მანერა მშვენივრად დაამუღამა. -ვლადიმერი, - მშიერი ლომივით დაიღრინა. -რა გვარის ბრძანდებით, ვლადიმერ?-ცეცხლაძე.  „პირველად ვხედავ ადამიანს საკუთარი გვარი ასე შესისხლხორცებული ჰქონდეს!“, თავისთვის ჩაილაპარაკა თეიმურაზმა და თან მის წინ მდგომი მეტად არასასიამოვნო პიროვნების დეტალურად დათვალიერება დაიწყო. -და თქვენ ვინ ხართ? - ვლადიმერმა ქვევით ჩამოიხედა და გაავებული მზერა თეიმურაზის მიაგება.  ვლადიმერი საკმაოდ მაღალი მამაკაცი აღმოჩნდა და მხრები შეძლებისდაგვარად დაკუნთვოდა. ოდნავ ფართო და კეხიანი ცხვირი სასიამოვნო ელფერს უკარგავდა სახეს. ბრენდულ სამოსში იყო გამოწყობილი, დაბანჯგვლულ მაჯას საათი უმძიმებდა, თითებზე რამდენიმე ყვითელი ბეჭედი აესხა. ყელზე არტერია გაშმაგებით უფეთქავდა და ნებისმიერ წამს მოსალოდნელი იყო ვულკანივით ამოხეთქა.-დეტექტივ-გამომძიებელი თეიმურაზ მაჩაბელი, - ძალიან გაწონასწორებულად და მეფური სიმშვიდით ახედა ისე, რომ თავი არ აუწევია. „მაგხელა რამ გაგზარდა, შე ცათამბჯენო კაცო?!“- რა თანამდებობა გიკავიათ, ბატონო ვლადიმერ? - შეეკითხა მოჩვენებითი თავაზიანობით.-ცირკის დირექტორი გახლავართ, - „დასანანია, სამხეცეთის მეგონე,“ - და არ მომწონს, რაც აქ ხდება. ბრძანება გაეცით, ზედმეტმა ხალხმა აქაურობა დატოვოს! „ჰმ, კაი ერთი!“-შეიძლება გავიგო, რატომ? - ჩაეძია როსტომი.-ყურადღებას იქცევენ. ნებისმიერ წამს შეიძლება მედიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და შემდეგ წასულია ჩვენი საქმე. სულაც არ მინდა იმ ერთუჯრედიანებმა ტელევიზორში გამომიჭიმონ ჩემი ცირკი. ხალხმა რომ გაიგოს, რაც დღეს მოხდა, აღარავინ მოვა გასართობად აქ. რომელი ჭკუათმყოფელი მშობელი მოიყვანს ბავშვს მკვლელობის ადგილას საღლიცინოდ და ბამბის ნაყინის საჭმელად? დროზე ახსენით ლენტები სალაროსთან და ჩააქრეთ ეგ დედააფეთქებული შუქები! - ცოფებს ყრის.-გთხოვთ, დამშვიდდით! გვესმის თქვენი.-ჩემი ფეხები გესმით, ბატონო როსტომ! - პოლიციელებს მიუბრუნდა, - დროზე დაახვიეთ აქედან! -თუ არ დამშვიდდებით, ჩემს ფეხებს გავცემ ბრძანებას! - უფროსი მიხვდა, რომ საერთო ენის გამონახვა ერთადერთი რამ იყო, რაც დაასტაბილურებდა მდგომარეობას, ამიტომ ტონს აუწია და მეტი სიმკაცრის გამოჩენა დაიწყო. „ღმერთო, აქ სად მომიყვანე?! “, ერთადერთი, რაც თეიმურაზს ახლა უნდოდა, ეს გიზოს მანქანაში ჯდომა იყო სახლისკენ მიმავალ გზაზე. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მისთვის უაღრესად არაკომფორტული ჰამერი ოდესმე მოენატრებოდა.  ვლადიმერი თვალებით ჭამდა როსტომს. -მშვიდად ვარ! მიდით გაეცით ბრძანება! -მეგობრებო! - დასჭექა უფროსმა, - გაათავისუფლეთ ქვედა მიდამო, ახსენით ლენტები და გაიყვანეთ მანქანები მოშორებით! პერიმეტრი შეუმჩნეველი ადგილებიდან აკონტროლეთ! ვინც აქ დგახართ, მხოლოდ ნახევარი დარჩით ადგილზე! მეორე ნახევარმა უკან, საპარკინგე ზონაზე გადაინაცვლეთ!-უკაცრავად?!... -ამჯერად რა არ მოგეწონათ? -საერთოდ მოშორდნენ აქაურობას! -ბატონო ვლადიმერ, თავი ხელში აიყვანეთ და კორექტულად ისაუბრეთ! ჩემს პოლიციელებს ასეთი ტონით ნუ მიმართავთ! შესაძლოა, მკვლელი ისევ აქ იმყოფება. ხალხი მჭირდება ობიექტზე, - მას შემდეგ, რაც მხეცი მიაყუჩა, ისევ იქ მყოფებს მიმართა, - ჩააქრეთ ციმციმები! ისინი ჯერჯერობით არ გვჭირდება, - ბრძანება წამში ასრულდა. ახლა კი დეტექტივს მიუბრუნდა, - შევიდეთ ხომ, თეიმურაზ? ვნახოთ რა ხდება!-დიახ, შევიდეთ! „ნეტა, ასე რთულია ჯერ მოხუცი ადამიანი შემიშვა შიგნით?“    4  წითელი ხავერდის მასიური ფარდა შუაზეა გაყოფილი. სკამების რიგები მოჩანს და არენაც, თუმცა ბევრი ხალხი ირევა და ამის გამო, შეუძლებელია ასე შორიდან დაინახოთ ჯამბაზი.-ბატონებო, გზა მოგვეცით! - მიმართავს თეიმურაზი იქ შეკრებილ საზოგადოებას და მხოლოდ ერთ წევრს აძლევს უფლებას ადგილზე დარჩეს და ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტია.-აბა, ელენე, მომახსენე საქმის დეტალები! - გოგონამ სურათების გადაღება შეწყვიტა და დეტექტივს მიუბრუნდა. ელენე, სულ რაღაც, ხუთი წელია რაც შემოუერთდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გუნდს. თავდაპირველად ძალიან უჭირდა საერთო ენის პოვნა თეიმურაზთან. მოხუცი საკმაოდ უხეშად ეპყრობოდა მას, განსაკუთრებით მუშაობის დაწყებიდან პირველ დღეებში, როცა ელენემ შემთხვევით ცხელი ყავა გადაასხა გამხმარ ხელზე და საყვარელი სათვალე მარტივ მამრავლებად დაუმსხვრია. ერთდრულად მომხდარი ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელიწადში ძლივს გამოიდარა და დეტექტივის სიუხეშეც გაქრა. ალბათ, იმიტომ, რომ როსტომის დაჟინებულ თხოვნას ასრულებს - „გემუდარები, ახლობლის შვილია და ცოტა ნაკლები უკმაყოფილება გამოხატე მის მიმართ. არ მინდა, ასე მალე მიატოვოს სამსახური და აქედან გაიქცეს!“ - ან იმიტომ, რომ გოგონამ თეიმურაზს აფრიკული ტომის მიერ დამზადებული წელის ტკივილის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური მალამო ჩამოუტანა და მას შემდეგ მოხუცი ასე ძალიან აღარ უჩივის ასაკს. მეც ასე ვფიქრობ, პირველი მიზეზი უფრო ლოგიკურია.  ელენე სულ რაღაც 25 წლისაა. მოგზაურობა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც დღისით სიცხისგან მოკვდები, ღამით კი სიცივისგან. ოქროსფერთმიანი მწვანეთვალება გოგონა მუდამ მომღიმარი სახით შედის დეპარტამენტში და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, გაუწყლოებული ბედუინივით სულმიხდილი ტოვებს იქაურობას.  თეიმურაზი გვამს უყურებს. მარცხენა თვალიდან ჩამომავალმა გაშავებულმა ცრემლმა, რომელმაც ლოყა გადაკვეთა და ყურისკენ ჩაიკარგა, გიშრისფერი ბილიკი დაამჩნია გათეთრებულ სახეს. ნიკაპზე საღებავი გამხმარა და დაბზარულა. პირის ირგვლივ წითელი ტუჩსაცხი გათხაპნოდა. საყელოსთან დამაგრებულ ვარდისფერ ბაფთას პირვანდელი ფორმა დაეკარგა. მრგვალი ფუმფულა ცხვირი კი უკანასკნელი გაბრძოლების დროს მომძვრალა და ფეხთან მიმალულა. ჯამბაზის ჩაცმულობას ათასი ფერი ამშვენებდა, თუმცა ნელ-ნელა სხეულის სიცივე ეპარებოდა მათაც და უკარგავდა სიკაშკაშის ელფერს.  „რა საცოდაობაა მოკვდე როგორც ჯამბაზი!“ - ფიქრობს თეიმურაზი და გულდასმით უსმენს ელენეს სიტყვებს.-მსხვერპლის სახელი და გვარია ჯამლეტ კერესელიძე, სასცენო სახელი კი ბაჟუ. ხუთი წელი რუსული საცირკო დასის წევრი იყო. გარდაცვალების მიზეზი მოგუდვაა. პირის ირგვლივ გათხაპნილი ტუჩსაცხი სავარაუდოდ დამნაშავის მიერ აფარებული ხელის გამოა. მარჯვენა, ნუ ჩვენი ხედვიდან კი მარხცენა თვალის ქვეშ მკვლელის ცერა თითის კვალია, რაც იმას მიანიშნებს, რომ მარჯვენა ხელით გაგუდეს. მეორე ლოყაზე დანარჩენი ოთხი თითიც ეტყობა. აშკარაა, რომ უკნიდან მიეპარა და ისე მოკლა. მკვლელობას მოწმე არ ჰყავს.-კამ.. კამერების ჩანაწერები? - ახველებს.-ბატონო თეიმურაზ, საქმე ისაა, რომ როგორც დირექტორმა მითხრა, ძლიერი ქარისგან მოტეხილმა ტოტმა სადენი დააზიანა და კამერები გაითიშა, ისევე როგორც განათება მთლიან შენობაში. ისინი საერთო დენის წყაროზე მუშაობენ, ამიტომ როდესაც ცირკს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, კამერებმაც შეწყვიტეს ჩაწერა. ამ დროს მოხუცს გიზოს მანქანა გაახსენდა. -და კიდევ, აი, ეს ვიპოვე მის ჯიბეში, - გოგონამ გამჭვირვალე პაკეტში ჩადებული ქაღალდის დაჭმუჭნილი ნაგლეჯი გაუწოდა. ზედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: „როცა ერთი ვარსკვლავი ქრება, მაშინ მეორე იწყებს ნათებას!“ -რამეს გეუბნება ეს სიტყვები?-სიტყვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფურცელზე არავის ანაბეჭდი არ არის. იგი დაჭმუჭნილია, თუმცა ანაბეჭდი არ არის. -აბა, მითხარი რას ფიქრობ, ელენე!-ჯამბაზს ამ უკანასკნელ პერიოდში ფურცელთან შეხება რომ ჰქონოდა, ანაბეჭდი აუცილებლად იარსებებდა. შეხედეთ! ხელთათმანები არ უკეთია და სხვებმაც მითხრეს, რომ იგი არ ხმარობდა ხოლმე მათ. ეს წერილი ჯიბეში თავად არ ჩაუდია, მეტიც შესაძლოა საერთოდ არც წაუკითხავს!-ჩვენ დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ დამნაშავემ ჩაუდო, - თქვა და მძიმედ ამოისუნთქა, - ისეთი ასოებითაა ნაწერი, გეგონება ქვაზე კაწრავდა. -იქნებ ასეთი კალიგრაფია განზრახ გამოიყენა? - ჩაეკითხა გოგონა.-ან არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასში ყველა რუსია, ხომ შეიძლება რომელიმე მათგანის დაწერილი იყოს?-ანუ ამბობთ, რომ ქართული ასოების ლამაზად დაწერა გაუჭირდებოდა სხვა ეროვნების ადამიანს, რომელსაც ამ ენასთან ახლო შეხება არ აქვს და ამიტომ გამოვიდა ასე უხეში და კუთხოვანი ფორმები?-სიმართლე გითხრა, ელენე, ამ ერთ წინადადებას დიდად არ ვენდობი. კალიგრაფიის შეცვლა ყველას შეუძლია... აქ მხოლოდ ერთი რამ არის საინტერესო! დაუტოვო წერილი მსხვერპლს, რომელიც მას ვეღარ წაიკითხავს, სამაგიეროდ წაიკითხავს ყველა სხვა, - წარმოთქვა საკუთარი სიტყვების გააზრებით ჩაფიქრებულმა თეიმურაზმა.-თითქოს დამნაშავე საკუთარ თავზე მინიშნებას გვიტოვებს!-ან, პირიქით, ხაფანგს გვიგებს და უნდა ეჭვი სხვაზე მიგვატანინოს. მასზე, ვისაც ამგვარი შინაარსის ფრაზა შეეძლო დაეწერა და სურვილიც ჰქონდა! - წამით ცარიელ სკამებს შეავლო თვალი, - სიკვდილი როგორ ვერავინ შეამჩნია?-ეგ მეც მიკვირს, არადა, მკვლელობის დროს დასის წევრები შენობაში იმყოფებოდნენ. ჩანაწერს რომ გადაახვევთ, დაინახავთ რომ ყველა, ვინც არენაზე შედის, შემდგომ გარეთ, ეზოში აღმოჩნდება, ჯამბაზის გარდა. ჭრა 35 წუთის ხანგრძლივობისაა. მკვლელობა ამ დროის განმავლობაში მოხდა. ათს რომ ხუთი აკლდა, ამ დრომდე იგი ცოცხალი იყო, შემდგომ კამერები წყვეტს ჩაწერას და როდესაც კვლავ აგრძელებენ მუშაობას, თერთმეტის ნახევარზე უკვე გარდაცვლილია. -იმ 35 წუთის განმავლობაში რაც მოხდა, აი ეს ჯერჯერობით მხოლოდ ეშმაკმა იცის.-რამდენად რთულად არის საქმე, თეიმურაზ? - როსტომი, რომელიც აქამდე ჩუმად იდგა და ზედმიწევნით ისმენდა მათ საუბარს, ახლა გამოცოცხლდა და ალაპარაკდა. მოხუცმა სათვალე მოიხსნა და თვალების ფოსოები საჩვენებელი და ცერა თითიბით მოისრისა.-კამერების ამბავი არ მომწონს, უფროსო, რაღაც რიგზე ვერ არის!-აი, ხომ ხვდები არა რატომ დაგავალე შენ? გარდა ამისა, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოძიების მსვლელობა ნამდვილად პროდუქტიულად ჩაივლის სტაჟიორისთვის. „ჯანდაბა! ეგ პარაზიტი აღარც მახსოვდა!“, იხრება და გვამის ტანსაცმელს ეხება.-ბატონო თეიმურაზ, სტაჟიორი მართლა აიყვანეთ?  მოხუცი გაოცებული გოგონას წამოძახილზე წამოხტა და კინაღამ სათვალე გაუვარდა ხელიდან.  „არა, რა თქმა უნდა, ძალით შემომატენა!“, უნდოდა ეს ფრაზა ხმამაღლა ეთქვა, მაგრამ რადგანაც გონებაში საკმაოდ უხეშად და უტაქტოდ ჟღერდა, მხოლოდ კვერის დაკვრით შემოიფარგლა.-ელენე, აუცილებლად გაგაცნობთ შენც, - კმაყოფილებით აღსავსე როსტომმა ჩაიღიმა და დეტექტივს დაადო მხარზე ხელი. „აბა, ახლა დროზე გაწიე შენი საცეცები!“ - ჩემო თეიმურაზ, ხვალიდან ცირკი შენს განკარგულებაშია. ბევრი წვალება რომ არ მოგიწიოს, დაკითხვისთვის ჩემი ბიჭები დასის წევრებს თავად დაუკავშირდებიან და დაგეხმარებიან მათთან შეხვედრაში. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება...-შედეგები ორ დღეში მექნება მზად, უფროსო! -ძალიან კარგი! პოლიციელები ობიექტზე გამოძიების დასრულებამდე დარჩებიან. სათვალთავალო კამერის ჩანაწერებს ხვალვე მოგაწვდიან, - როსტომმა პიჯაკის ღილი შეიკრა, - ახლა კი შეგვიძლია დავტოვოთ აქაურობა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ უკვე მორჩით!-მე დავამთავრე ჩემი საქმე! - გოგონამ ფოტოაპარატი გამორთო. თეიმურაზი თავდახრილი დგას და უსულო ჯამბაზს დაჰყურებს. მისი სიკვდილის სუნი ჯერ კიდევ დაძრწის ცირკის არენაზე. „მე შენს მკვლელს აუცილებლად მივაგნებ! დაე, მარადიული სიმშვიდე მოიპოვოს შენმა სულმა, ჯამბაზო!“, წარმოთქვა გონებაში და წამიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილს. -წავიდეთ! მეც აღარაფერი დამრჩენია ამ დაწყევლილ ადგილას, - ჩუმი ხმით თქვა ბოლოს და გასასვლელისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.  როგორც იქნა, ბაზალტის კიბის ბოლო საფეხურიც ჩაიარეს. გიზომ მანქანა დაქოქა. ასფალტი ჯერ კიდევ სველია. თეიმურაზს სიკვდილის სუნი სახლამდე მიჰყვა. იმ ღამით გათენება უსაშველოდ იგვიანებდა ჩაბნელებულ ჰორიზონტზე.    ორშაბათი, 10 ოქტომბერი 5   თეიმურაზი თავის კაბინეტშია. მისი ნაკვთები არანაირ ემოციას არ აძლევს საშუალებას სულიდან დაიძვრინოს თავი და სახეზე აღიბეჭდოს. ჩვეული გაქვავებული იერი ინარჩუნებს ბატონობას.  საათი თერთმეტის თერთმეტ წუთს უჩვენებს. ოთახში სიჩუმეა. მოხუცი დახურულ კარს მისჩერებია. უამრავი ადამიანის ფეხის ხმა და სუნთქვა ისმის მის მიღმა. ყველა მათგანი ნაცნობია. ქვედა უჯრა გამოაღო, სათვალე შეიცვალა, შემდეგ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, დ