მოთხრობები
მოთხრობები
ერთზე მეტი სიცოცხლე შემდეგი ნაცრისფერი დილა გათენდა. აუტანელი სიმძიმით და სივიწროვის განცდით. მე შენს საწოლთან ვარ.მოკეცილ ფეხებს ხელებით ძლივს ვიჭერ, ნიკაპი მუხლებზე მიდევს და გაუნძრევლად გაკვირდები… შავები მაცვია , შენი თმებივით შავი ფერის. უფრო შემიყვარდა, ან ვერ გავიგე რა მჭირს. სხვა ფერს თითქოს ვერც ვხედავ...სხეულიც საუცხოოდ გაყინული მაქვს, შენსავით... საკუთარ შეხებასაც ვეღარ ვგრძნობ... გიყურებ და უცბად მინდება ავდგე, ვიყვირო, ვიტირო, შენს ხელებს შევეხო და შეგარხიო, მაგრამ ვერ ვშვები... მეშინია. იმ რეალობის მეშინია, სადაც შენ არ გაიღვიძებ, ჩემს ხელებს არ დაიჭერ და გაკვირვებული არ შემომხედავ შენი ლამაზი შავი თვალებით და არ მეტყვი : “რა იყო, დე?!” ვეღარ ვტირი.თვალებს მჭიდროდ ვხუჭავ და წამწამებს შორის ჩაკეტილ ნიაღვარს კარს არ ვუღებ. ჩაბნელებულ , თუმცა უნებლიედ ნათელ ოთახში ,მაინც აღწევს ფანჯრიდან შემომავალი მზის შუქი. უცნობ ადგილებს აფერადებს და არემარეს შესასწავლად დაშვებულ სხივებს ნელ-ნელა ფანტავს. აშკარად ოთახის გათბობა უნდა, მაგრამ ყველანი ხელს ვუშლით. ჯერ სითბოსთვის მზად არ ვარ. ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შევამჩნიე როდის გათენდა... სუნთქვაც მიჭირს. მაგრამ ვერ ვინძრევი. შენი გვერდის დატოვებას ვერ ვბედავ. მეშინია ,უცებ არ გაიღვიძო და ჩემი არ ყოფნით არ შეგაშინო. ჩემივე მოლოდინებისაც მეშინია. ოთახში ჩამოწოლილ მდუმარებას ვერწყმით ორივე. მისი ნაწილი გავხდით. სამარისებურ სიჩუმეში მხოლოდ გაუნძრევლად მყოფი იაჩრდილი მოჩანს.ოთახში ყველაფერი ისეა, როგორც იყო. შენი ტანსაცმელი ისევ დაკეცილი დევს, არც შეხებიხარ. შენს თაროზე დაწყობილი სათამაშოები გულუბრყვილოდ იღიმიან, ვბრაზდები, მინდა ვუყვირო, როგორ ბედავთ ღიმილსთქო, მინდა ყველაფერს მოვკიდო ხელი და ერთიანად მოვისროლო, მაგრამ ვერ ვდგები, შენი დატოვების მეშინია. სიჩუმეს ჩემი აჩქარებული სუნთქვა აღღვევს და ვბრაზდები, მხოლოდ ჩემი სუნთქვა რომაა... გიყურებ და ტუჩებზე გაკვირდები, უკვე ვეღარ ვითვლი, მერამდენედ მომელანდა შენი სუნთქვა ... ხელს ვიშვერ მაგრამ ვერ გეხები, უხილავი ბარიერია, რომელსაც ვერ ვკვეთავ ...შენს სიცივეს კი შორიდან ვგრძნობ ... იმას, რაც ორივეს გვყინავს.ოთახში მზის სხივებმა მაინც მოახერხეს შემოღწევა, მეტიც, შენს საწოლზე მობუნაგდნენ სხივები და შენს შავ აბზინებულ თმებში ჩაიმალნენ. მინდა დავინახო, მზის სხივისგან შეწუხებული როგორ ხუჭავ თვალებს ძლიერად და ხელით სხივებს ბლოკავ,ისევე, როგორც ადრე...ვეღარ ვსუნთქავ ... მუხლებსაც ვერ ვიკავებ და ვდგები. ფარდებს ვამჭიდროვებ, მაგრამ შეუპოვარ სხივებს ვერ ვერევი... შენს საწოლთან ნელ-ნელა ვბრუნდები და თვალს გაპარებ. სიახლეს ველი, მაგრამ პირველი რასაც ვხედავ ,შენი სახეა . ორივეს უფერული სახე გვაქვს. იმ განსხვავებით რომ მე ფიზიკურად ცოცხალი ვარ. შენ კი... შენს მშვიდ, ნაზ და სიცივისგან გაფითრებულ სახეს დავყურებ. მინდა ჩაგაცვა , გაგათბო და ისევ შემომხედო შენი საყვარელი ღიმილით, ღიმილით, რომელიც ძალიან მიყვარს.თეთრ ,პატარა კბილებს რომ გიჩენს და თვალებს გიხუჭავს . შენი პატარა ხელებით რომ ცდილობ პლედში გახვევას და ჩემ გვერდით მოკალათებას. აქ ხარ და ძალიან მენატრები ...ვერ ვინძრევი. ბევრჯერ მითქვამს რომ შენი ყურებით არასდროს დავიღლებოდი. ახლაც ასეა. უბრალოდ შენი ცქერა არასდროს ყოფილა ასე მტკივნეული... ის დილა მენატრება, ხელიხელ ჩაკიდებული როგორ ვტოვებდით სახლს, წითელი ნაქსოვი კაშნით ყოგორ მყავდი შეფუთული და ცალი ხელით მის გახსნას ცდილობდი. მეშინია... შენი წარსულში ხსენების მეშინია... მხოლოდ შენ მოგონებებთან ერთად ცხოვრების მეშინია.ავფორიაქდი... კარზე სახელურის ხმა მირღვევს მდუმარე გლოვის საათს. გული ამიჩქარდა. სხეული უცნაურად ამითამაშდა , წინასწარ ვიგრძენი მოზღვავებული ემოციის ნაკადი... კარი გაიღო და მამა შემოვიდა. უსიტყვოდ ვიგრძენი მისი მოჭარბებული ემოციები.გული მეტკინა...შეკრული წარბების ქვეშ მისი უსაზღვროდ სევდიანი, ჩანისლული , წყლიანი თვალები მოჩანს. ვერც მე მიყურებს და ვერც შენ. სადღაც უმიზნოდ, ქვემოთ დახრილი თვალები შველას ელიან. ვატყობ რომ მისი სიჩუმე მანადგურებს, გულს მიჩეხავს და მაპატარავებს. ჩემკენ მოდის და მისი ხელებიც ჩემს სხეულს დაეძებენ... ამეტირა... მისმა მკლავებმა მიპოვა და ერთი გაგვხადა. ამეტირა, ძლიერად ამეტირა, ჩემი აცახცახებული სხეული ძლივს ეჭირა მას. ვტიროდი ხმამაღლა და გაუჩერებლად. ჩემი დამშრალი თვალებიდან ცრემლის მდინარე იღვრებოდა, სუნთქვას ვერ ვახერხებდი, ჩემი ემოციების გაჩერებას ვერ ვახერხებდი, მასაც მჭიდროდ ვეჭირე და მეხვეოდა, მისი ქვითინის ხმა ყოველ ჯერზე თავიდან მკლავდა.ჩვენ შვილი დაგვეღუპა.გავითიშე...არ მახსოვს ატირებულები როგორ ჩავიკეცეთ და როგორ დავკარგე გონება. მხოლოდ მისი ცრემლებისგან დასველებული სახე მახსოვს და მომხდარისგან განადგურებული ხმა, რომელიც მეძახდა, მის ხმაში თხოვნაც იყო და სასოწარკვეთაც.ძალა არ მეყო და გავითიშე. მისი ძახილი უკვე აღარც მესმოდა...“მაოო...”თვალები დავხუჭე და მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი, რომ ნეტავ დამსიზმრებოდი...დამესიზმრე...გადავწყვიტე, არც გამღვიძებოდა.დამესიზმრა ის დღეც, მე და მამა როგორ შევხვდით ერთმანეთს , როდის გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, როგორ დაიბადე შენ, პირველი სიცილი, ნაბიჯი, სიტყვა, ზეიმი, ყველაფერი ბევრჯერ და დიდხანს მესიზმრებოდა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. ყველა ბედნიერი მოგონების ტრიალი დავიწყე, როგორც ფირზე ჩამახსოვრებული სიმღერა...გადავწყვიტე, არ გამღვიძებოდა.—————— შემოდგომის ქარიანი დღე იყო. აჭრელებულ ქუჩაში ქარი ფოთლებს ალაგა-ალაგ ატრიალებდა. ამაყად მდგარი ხეები ერთმანეთს გაფერადებაში ეჯიბრებოდნენ და ნაწილ სიფერადეს მიწაზეც ანაწილებდნენ. თბილად მეცვა, მაგრამ გაყინულ ცხვირს მაინც ვგრნობდი. ყველაზე მეტად რამე ცხელ სასმელს ვნატრობდი. ქურთუკი შევისწორე და უახლოეს კაფეში შევედი. ცხელი ჩაის იდეა უკვე სითბოს მანიჭებდა. კაფეში სასიამოვნო სითბო იდგა. აი, ისეთი, გარეთ სიცივეს რომ დაგავიწყრბდა. გარემოც მშვიდი იყო, გარეთ მოსეირნე ფოთლების და მოთამაშე ტოტების ხმები ნაკლებად აღწევდა. მეც რიგში ჩავდექი და კედელზე გამოკრული მენიუს თვალიერება დავიწყე. ჩემ წინ მყოფი ბიჭი შეკვეთას ელოდებოდა და თან ტელეფონზე საუბრობდა.ჩემზე ცოტა მაღალი, შავგვრემანი, დატალღული თმები ჰქონდა. მისმა ხმამ მალევე მიქცია ჩემი ყურადღება. მშვიდი და მძიმე ხმა ჰქონდა.აი, ისეთი, თვალებს რომ დახუჭავ და მისი მოსმენით დატკბები. მისი ბეჭების თვალიერება დავიწყე. ვფიქრობდი, რა კარგია , რომ ვერ მხედავს ,თუ როგორ ვუყურებთქო და ათასი სცენარი დავსახე გონებაში ,როგორ გამომიჭერდა მის ყურებაში და ჩემივე სცენარზე ჩუმი სიცილი დავიწყე. უცნაური ჩვევა მაქვს, აშკარად.ჩემივე კაშნეში სახის ჩამალვა დავიწყე. ნაკლებად შესამჩნევი რომ ყოფილიყო ჩემი ქმედება. ჩემდა გასაკვირად ,ჩემი ღიმილი საერთოდაც არ ყოფილა შეუმჩნეველი. ბიჭიც მაშინვე მობრუნდა და ჩემი შესწავლა დაიწყო. მოულოდნელობისგან ხმაც ვერ ამოვიღე. ის მიყურებდა, მეც ვუყურებდი.ჩვენი წამიერი კონტაქტი კონსულტანტმა გოგონამ დაარღვია, “თქვენი ყავაო”. მეც გონზე მოვედი. ის მიბრუნდა და ყავა აიღო. კაფედან არ გასულა. სალაროსთან იდგა და მე მიყურებდა.ჩემი ჩაი ავიღე და გასავლელად მოვემზადე , როცა უცებ მან მითხრა.-უკაცრავად, გაქვს დრო რომ ვისაუბროთ?შვიდი ხმა ჰქონდა. ისეთი თვალებით მიყურებდა, უარი როგორ უნდა მეთქვა. თან შემოდგომის ერთი ქარიანი დღე იყო. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. იმის ჩათვლით, რომ ერთ უნიში გვისწავლია, ერთ დროს. ალბათ გამოსაშვების დაჯილდოებაზე ერთმანეთსაც ვუკრავდით ტაშს, ვინ იცის? მაგრამ აშკარა იყო რომ მის მიმართ საუცხოო სიმშვიდეს და სიახლოვის განცდა მქონდა. იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ. საერთო მეგობრებიც ვიპოვეთ და ნაცნობ მოვლენებზე ბევრი ვისაუბრეთ. ბევრს ხუმრობდა, იმდენ რამეზე ვისაუბრეთ, თითქოს წლებს ურთიერთობა ყოფილიყოს ჩვენს მარაგში. შეხვედრიდან 1 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაოჯახება. ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო... სულ რაღაც 25 წლის ბავშვები ვიყავით... შემოდგომისგან აფერადებულ გარემოში ,ჩვენი ზეიმი კოსმოსურ ჰარმონიაში იყო. ჩვენს მოგონების ხესთან ვიდექით და მასზე დაკიდებულ ფოტოებს ჩახუტებულები ვუყურებდით. ყოველი ფოტო ბედნიერ მოგონებებთან ასოცირდებოდა. “წინ ბევრი ბედნიერი დღე გველის”, ყურში ჩამჩურჩულა მან და თავისკენ მიმიზიდა. მეც იდეა მომეწონა და ძლიერად ჩავეხუტე. ბედნიერი და სიყვარულით სავსე მომავლის იმედი გვქონდა.დაოჯახებიდან მალევე გაჩნდი.პატარა თეთრი ქმნილება. შავი თმებით და დიდი ლოყებით.შენი ამ ქვეყნად მოვლინების ყოველი წამი მახსოვს. ახლადდაბადებული როგორ ეწვინე ჩემს დაღლილ სხეულზე.როგორ ნაზად აჰყავდი მამას. მის თვალებში უსაზღვრო ბედნიერებას ვხედავდი. თქვენს დანახვაზე დაღლილობაც ქრებოდა და სიყვარული სრულად მიბყრობდა.მის მზერაში უსიტყვო სიყვარული და მზრუნველობა იკითხებოდა.ძალიან ბედნიერები ვიყავით და შესაბამისადაც ვცხოვრობდით.სანამ ერთ დღესაც , ჩვენი მზე არ დავკარგეთ.——————-გამეღვიძა... მამას ჩემი ხელები ეჭირა და სახეზე ჰქონდა აფარებული. მის მძიმე სუნთვას ვგრძნობდი ხელებში. მისი ჩამოშლილი თბილი თმები ხელებს მიფარავდა.დიდი ხანი ვიწექი საწოლზე გაუნძრევლად და უმიზნოდ ვუყურებდი ოთახს. თითქოს მეც საგანი ვიყავი, რომელსაც სული და სინათლე წაართვეს.მის თვალებში ჩამქრალი სინათლის ყურება მანადგურებდა.ისიც იმავეს გრძნობდა. ეს უსიტყვოდ გვესმოდა.მის ბედნიერ ღიმილს ვეღარ ვხედავდი, დილას მისი მომღიმარი სახე არ მხვდებოდა ჩემ გვერდზე, მისი აჩეჩილი თმებით და დილის კოცნით არ იწყებოდა დღე.უკვე რამდენიმე დღე არც შენ მინათებ ცხოვრებას...გაუნძრევლად ვიწექი, ნივთივით, რომელიც დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს.გლოვის რომელ ეტაპზე ვარ, არ ვიცი.მან იგრძნო ჩემი სიფხიზლე და ჩემი ხელების გაშვების გარეშე საუბარი დაიწყო.მისი დამსხვრეული ხმა საკმარისი იყო ჩემი გულის ხელახლა გასატეხად.-“მაო” , თქვა და გაჩერდა, ხელებზე მომიჭირა და სახეზე მჭიდროდ მიიდო. “მაო, დროა დავემშვიდობოთ”. თქვა და გაჩუმდა.სახეში სილას გარტყმას ჰგავდა ეს ფრაზა. დავემშვიდობო? ვის? მის გაშვებას არსად ვაპირებდი.ბრაზმა ამიტანა, გავცხარდი, მისგან გათავისუფლებას ვცდილობდი და გაბრაზებული ვუყვიროდი:-“როგორ ბედავ, შვილზე უარს როგორ ამბობ, მასთან დამშვიდობებას არ ვაპირებ, იქამდე დარჩება ჩემთან, სანამდეც შესაძლებელია.არ განიხილება სხვა არაფერი. ის ჩემთან რჩება. “გაბრაზებული ძლივს გავნთავისუფლდი მისი ხელებიდან და კარისკენ წავედი, ის მომყვებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, “მაო, გთხოვ, უკვე მეოთხე დღეა ვაწვალებთ, იტანჯება, გავუშვათ” მისი ხმა გაიბზარა და ცრემლები წასკდა, მეც დიდი ხანია ვტიროდი.გააგრძელა - “ უკვე რამდენი ხანია ვტანჯავთ, მისი სხეულიც და სულიც იტანჯება, გავუშვათ, გავათავისუფლოთ. მასზე უარს არასდროს ვიტყვით, ყველთვის ჩვენთან იქნება და არასდროს დავივიწყებთ, მაგრამ დროა ტანჯვისგან განვათავისუფლოთ” .თქვა და შენს სასთუმალთან აქვითინებული ჩაიკეცა.ამ კადრს არ ველოდი. ტირილისგან აცახცახებული სხეული შენს სასთუმალთან გაუჩერებლად მოთქვამდა და თან ხელებით გეძებდა.ეს იყო მომენტი, როცა უსუსურობა და სისუსტე ვიგრძენი. დავპატარავდი და გონებაც გამეყინა.ისეთი კონტრასტი იყო შენს მშვიდ სახესა და მამას ტირილისგან დასველებული სახეზე რომ რეალობის შეგრძნება დავკარგე.ოთახიდან გამოვედი და მარტო დაგტოვეთ. აღარ მიტირია. სიჩუმეში დავჯექი და ჰორიზონტის ყურება დავიწყე.ცოტა ხნის შემდეგ მამაც გამოვიდა, მომიახლოვდა და მუხლებზე თავი დამადო.“მაო”. ამაზე სევდიანი და მკვდარი ხმა არასდროს გამიგია. ჟრუანტელმა დამიარა.“კარგი”, მის შეკითხვაზე ვუპასუხე მე.არაფერი გვითქვამს. ორივე სიჩუმეში ვიჯექით.მეორე დღეს დავემშვიდობეთ შვილის სხეულს.ახლობლების ბევრი ტირილის, ყვავილების, მამაოს ლოცვების და ზარების ფონზე მიწას მივაბარეთ შვილი.შემოდგომის მზიანი ამინდი იყო. უცნაურად მზიანი. ყველა კუთხე სრულყოფილად იყო განათებული. ისეთი ამინდი იყო, აუცილებლად ეზოში რომ გავატარებდით დღეს.მოახლოება ვერ შევძელი, შორიახლოს ვიდექი და გაკვირდებიდი. მამა არ მოგშორებია. თითქოს შენთან ერთად აპირებდა ცივ და ბნელ მიწაში გაუჩინარებას.სიტყვა არ მითქვამს. პროცესს ჩუმად ვაკვირდებოდი, თითქოს რეალურად არც ხდებოდა და უბრალოდ დადგმულ სცენას ვაკვირდებოდი.მხოლოდ ერთ მომენტში მინდოდა გამოქცევა და შენი გადარჩენა ,როცა მიწაში ჩაჰყავდათ სასახლე, მაგრამ ვერ შევძელი. ძალა არ მეყო.ბოლოს დავბრუნდით იქ , რასაც შენი ყოფნის დროს სახლს ვეძახდით.იქ ისევ შვილის სუნი იდგა. ყველა ოთახში მისი ნივთი იდო. ყველგან მისი მოგონება. კედელზე სიმაღლის მაჩვენებელი. მოხატული კედელი. მისი ჭიქა, სვიტრი. ყველაფერი მასთან ასოცირდებოდა.იმ ღამეს შენს საწოლში ვიწექი. არ დამძინებია. მამაც ფეხზე იყო. სიჩუმეში მის არსებობას ვგრძნობდი.————-რა ჰქვიათ მშობლებს, რომლებსაც შვილი დაეღუპათ?ამაზე პასუხი არ მაქვს.ალბათ ვერ მოიძებნება შესაბამისი სიტყვა, რომელიც ამ წარმოუდგენლად აუტანელ ტკივილს აღწერს. თან მესმის რომ არ არის ასეთი სიტყვა. რთულია ამ ტკივილის მატარებელი ეპითეტით განაგრძო ცხოვრება, მაგრამ ვერ გაექცევი.იმაზე ვფიქრობდი, დილა როგორ დამეწყო. შენი ყოფნის დროს დილაც შენთან შეგებებით იწყებოდა, გაღვიძება, საუზმე , დილის საუბრები, მამას კალთაში მოთავსება და თამაშები. შემდეგ ბაღი, დამშვიდობება, ტელეფონზე საუბრები, მამასთან შეხვედრა და საღამოს ისევ ერთად თავმოყრა.ახლა კი, თითქოს მიზანი დავკარგე.თავიდან ცოტა მიჭირდა. ჩვევის გადაჩვევა, არ არის მარტივი რამ. გაღვიძებისას პირველი შენს ოთახში შემოვდივარ, კარის შეხებისას ვეჯახები მწარე რეალობას და ცოტა ხანი ვყოვნდები. ხშირად მიწევს ამბების გადახარშვა.ისევ ვიღებ შენს საყვარელ ჭიქას და მაგიზადე ჩემს გვერდით ვდებ. ვერ ვეკარები, აღებას ვერ ვბედავ.შენი საყვარელი საჭმელი ისევ მაცივარში დევს, ვერც იმას ვეკარები.2 კვირა გავიდა, მე კიდევ ძველ ჩვევებზე უარს ვერ ამბობ. ჩაძინებულს რამდენჯერ მომლანდებია რომ მეძახი, გამღვიძებია და განერვიულებული შემოვვარდნილვარ შენს ოთახში. რამდენჯერ უნებლიედ დამიძახია შენთვის რომ ძილის დროა.რამდენჯერ დამიძახია, რომ “ ნახე , რა გადის ტელევიზორში?!” . მაგრამ არცერთხელ პასუხი არ მიმიღია.ახლობლების სტუმრობამაც დამღალა. სევდიანი სახით რომ მოდიან და ტირილს იწყებენ.ყველაზე ბაკლებად ეგ მჭირდება- სხვებისგან შეცოდება.ქუჩაში გავლისას ყველანი მიყურებენ და ჩუმად ბუტბუტებენ” საწყალი, შვილი დაეღუპა , ხომ იციო?” .დავიღალე.ამ ტვირთით ცხოვრებით დავიღალე რასაც შენი არყოფნა მიქმნის.—————შეცოდებისგან და უსაზღვრო ცრემლების ღვრისგან თავის დასაღწევად , ერთადერთ გამოსავლად, სახლისგან მოშორებით არსებული პარკი მრჩება. შენისთანა სუფთა ბავშვების გარემოცვაში. სადაც მხიარულება და ბედნიერება სუფევს.იქვე,შადრევანთან მდგარ ერთ სკამზე ვზივარ და შეუპოვრად მოჩქეფარ წყალს გავყურებ. მისი ხმა ფარავს ყველა იმ მცდელობას, რომ რამეზე ვიფიქრო.ვუყურებ და ნელ-ნელა ვმშვიდდები.ირგვლივ ვერავის ვამჩნევ. ვართ მხოლოდ მე და წყალი. ხმაურში ჩაძირული აზრები და დასვენებული გონება.კარგა ხანი გასულა. ეს მაშინ შევამჩნიე, უცხო ადამიანის შეხებამ რომ დამაბრუნა რეალობაში.“ფიქრებში ჩაძირვა, რეალობას გაშორებს და დროის შეგრძნებას გაკარგვინებსო” მითხრა მან მშვიდად. თან ისე, რომ ჩემთვის არ შემოიხედავს, შადრევანისკენ იყურებოდა, სადაც წყლის მიწოდება კარგა ხანია გამოერთოთ და მხოლოდ წვეთები ეშვებოდნენ მიდამოებში.გავერკვიე სიტუაციაში, მაგრამ დიდად არ შემიცხადებია . ეს არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა ყოფილა.პასუხი არ გამიცია. ჰორიზონტისკენ დავიწყე ყურება.ის მომიბრუნდა და ჩემს გვერდზე დაჯდა.“საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ძალიან მძიმეა.”მხოლოდ ეს თქვა მან.ამას არ მკველოდი. გაკვირვებულმა შევხედე.აშკარად შემატყო გაოცება და მხოლოდ გაეღიმა.-“ სამწუხაროდ, პირველად არ ვხედავ შინაგანად მკვდარ ადამიანს”, განაგრძო მან შეკითხვების გარეშე.-“ ყველას ტრავმასთან გამკლავების უნიკალური მეთოდი აქვს. არც რაიმე საზომი არსებობს, ტკივილის შეფასების. უბრალოდ გვტკივა, მძიმედ და ძლიერად.რთულია რამეს შეადარო, აი, ასე მტკივაო. შეუძლებელია.ვერც გეტყვი რომ ვხვდები რასაც გრძნობ, რადგან ასე არაა. ყველას ჩვენებურად გვტკივა. ყველა ჩვენებურად ვპოულობთ მასთან გამკლავების მეთოდს. ზოგს დიდი ხანი სჭირდება ამ გზის საპოვნელად, ზოგს უფრო ბევრი.მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ მესმის შენი. მესმის რას ნიშნავს გულით ატარებდე მწუხარებას. ისეთს, რომელსაც ვერ ივიწყებ, ვერ იშუშებ.ვიცი, ყოველი გათენებული დილა უფრო და იფრო გიღვივებს ტკივილს და ჭრილობას გიხსნის.ვიცი, რას ნიშნავს შენს არსებობას აყენებდე კითხვის ქვეშ. ვიცი, რა წარმოუდგენლად მიგაჩნია ცხოვრების გაგრძელება. “ არ ჩერდებოდა ის. არავის უსაუბრია ჩემს გრძნობებზე და იმაზე, რა ხდებოდა ჩემში. არავის გამოუტანია სააშკარაოზე ჩემი სისუსტე. არავის უცდია ჩემი გაგება.სანაცვლოდ, ყოველთვის შეცოდებას და ცრემლებს ვიღებდი. საწყლად მოაზრებული, ყოველ წამს მახსენებდნენ რომ შვილი დამეღუპა და ჩემს არსებობას აზრი აღარ ჰქონდა.უცნობის სიტყვები გულზე მომხვდა.ბოლო კვირის განმავლობაში პირველად ვიტირე ისე, რომ გულზე მომეშვა. ვტიროდი მთელი გრძნობით, ემოციით. ვატყობდი, რომ ტირილი იმ ენერგიას მაცლიდა, რაც გულში მქონდა ჩაკეტილი.აქამდე არ მესმოდა რას იშნავდა ცხარე ცრემლებით ტირილი. დღეს პირადად შევიგრძენი.ვატყობდი ჩემი ცრემლები როგორ მიწვავდა სახეს და თვალებიდან დაშვბებისასვე ქრებოდა.ტირილისგან სახე დასიებული მქონდა. სწრაფად ვსუნთქავდი. ყოველი ცრემლი ტკივილისგან ნელ-ნელა მათავისუფლებდა. გულში ჩაკეტილ მეუხარებას კარს უღებდა და ჩემი სხეულისგან ათავისუფლებდა. მეც ვტიროდი გაუჩერებლად.უცნობი ჩემს გვერდზე იყო. მოხუცი ხელი ზურგზე დამისვა და მშვიდად მითხრა “ ძვირფასო, ნუ გერიდება ემოციების გამოვლენის, ნუ ცდილობ ტკივილს გვერდი აუარო. ვიცი, რთულია, მაგრამ დროა მას თვალი გაუსწორო. დროა ის მიიღო და მასთან ერთად ცხოვრება განაგრძო.დარწმუნებული ვარ ბევრია შენს ირგვლივ, ვისაც შენი იმედი აქვს, შენში სიძლიერეს ეძებს და გეყრდნობა. მჯერა, არც მას ენდომებოდა ასე უენერგიოდ ენახე. თუნდაც მის გამო უნდა იყო ძლიერი,განაგრძო ცხოვრება. რომ როცა ერთ დღეს მას შევხდები, ამაყად უთხრა, რომ მის ნაცვლადაც იცხოვრე და ყველაფერი გააკეთე, რომ მისი იმედები არ გაგეწბილებინა”.ეს იყო და ეს.მისი ბოლო ფრაზა იყო ის გადამწყვეტი, რამაც გამომარკვია სინამდვილეში.შენს ნაცვლად ცხოვრება.ტირილი უეცრად შევწყვიტე. ვერავინ იტყოდა რომ წამის წინ გაუჩერებლად ვტიროდი. მხოლოდ ჩემი დასიებული სახე მყიდდა.მოხუცმა ხელზე ხელი მომკიდა. თბილად გამიღიმა და სიტყვის თქმის გარეშე წავიდა.სიტყვა არ მითქვამს. ჩემს თვალებში სინათლის დაბრუნება ვიგრძენი.სხეულში ძალა დამიბრუნდა.ჩუმად ვიჯექი და ნელ-ნელა დავიწყე გააანალიზება ყველაფრის, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა.ჩემი ქმარი გამახსენდა. რომელსაც ბოლო პერიოდია ყურადღებას არ ვაქცევ.ახლა მივხვდი, რომ ისიც ისევე იტანჯება, როგორც მე. ისიც ჩემსავით ებრძვის ყოველ დილას. ისიც მოტეხილი ფრთებით დადის.გული მეტკინა, მე ის მარტო დავტოვე. როცა მას არასდროს მივუტოვებივარ. მიუხედავად ჩემი უხეშობის, იგნორის და უემოციო დღეებისა, არასდროს ავიწყებოდა ჩემი შემოწმება. ჩემზე ზრუნვა არ ბეზრდებოდა. მიღიმოდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად ტკიოდა.თავი ასე დამნაშავედ არასდროს მიგრძვნია, როგორც ახლა.მინდოდა რომ მენახა, წამიც არ მინდოდა დამეკარგა. უეცრად საოცარი მონატრება ვიგრძენი, გული შემეკუმშა და ჰაერის ღრმად შესუნთქვა დავიწყე.მივხვდი, რომ მომენატრა. მივხვდი, რომ მე მას ვჭირდებოდი. რამდენჯერ მოსულა ჩემთან თვალებში დახმარების და მხარდაჭერის იმედით, მე კი უხეშად მიმიხურავს მისთვის კარი.უმოქმედოდ დამჯდარი ვერ გავჩერდი. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და ანერვიულებულმა ტელეფონის ძებნა დავიწყე .მისი დანარეკი ვნახე. სასწრაფოდ დავურეკე, მისი ხმის გაგონებას მოუთმნლად ველოდი.მისი ხმა ზარის გასვლისთანავე გავიგე.-“ მაო, სად ხარ, გთხოვ მითხარი... “მისი სევდიანი ხმა უფრო და უფრო მარწმუნებდა ჩემს დაშვებულ შეცდომებში.-“ლუ”,მონატრებული ხმით ვუპასუხე მას. ვიგრძენი როგორ ჩაიღვარა ჩემს სხეულში თაფლივით ეს შეგრძნება.ღმერთო, დიდი ხანია სიყვარული არ მიგრძვნია ასე რეალურად.გავჩუმდი.ყურმილს იქიდან მისი სუნთქვა მესმოდა.-“ მაო, საყვარელო, სადა ხარ, მოგაკითხავ, კარგი?”მისი თბილი ხმა საშინლად მსიამოვნებდა.ოდესმე ვინმე გყვარებიათ? აი, ისე, მასზე ფიქრი რომ ყველაფერს გადაწონის და მასზე მეტად არაფერი გინდა და გჭირდება.ამ ემოციას ვგრძნობ ახლა მეც.ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს ჩემივე ეგოისტური ხედვების გამო ვატკინე. გასასამართლებლად კი ჩვენი შვილის დაკარგვას ვიყენებდი. ამასობაში იმის გააზრება დამავიწყდა რომ მან შვილიც დაკარგა და ცოლიც.-“ ლუ, პარკში ვარ, მინდა ახლავე გნახო, კარგი?”ცოტა შერცხვენილმა ვუთხარი მე.დიდი ხანია მსგავსი საუბრები არ გვქონია. თითქოს ის დაუოკებელი მოთხოვნილება ვიგრძენით ერთმანეთის მიმართ , რაც თავიდან გვქონდა.-“ მოვდივარ , მაო, დამელოდე”.ნაჩქარევად მიპასუხა მან.ავღელდი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ბოდიში მომეხადა თუ პატიება მეთხოვა. მეთქვა რომ მიყვარს თუ ის, რომ საშინლად მტკიოდა სხეულიც და სულიც შვილის დაკარგვის გამო. აზრები ამერია და ვერ დავლაგდი.ჩემივე ფიქრებში გართული ბოლთას ვცემდი. ცივი ქარი სახეზე მელამუნრბოდა და ღრმა ფიქრებში ჩაძირვისგან მიცავდა.ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა ლუ და თბილად დამიძახა.“მაოო” , მის ხმაში უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი. ჩქარად სუნთქავდა და მისი თვალები არ ტოვებდნენ. ალბათ მორბოდა, მის გულისცემას შორიდან ვგრძნობდი, ჩემთვის გავიფიქრე. გული მომილბა, თითქოს ყველაფერი დალაგდა.ძლიერად ჩავეხუტე, ისიც მეხვეოდა.-“ლუუ”, საუბრის დაწყებას ვცდილობდი მე. ის გაჩერდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მზრუნველი თვალებით დამიწყო ყურება.მე გავაგრძელე. მისმა კეთილმა და სიყვარულით მომზიმარმა თვალებმა გამბედაობა მომმატა.-“ ლუ, ძალიან მტკივა გული. იმდენად მტკივა, რომ მგონია ჩემი ყოველი სუნთქვა ჭრილობას თავიდან მისერავს. მე ვერ ვიჯერებ, იცი? ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩვენს თავს ხდება. ძალიან მიჭირს, იმდენად, რომ შენზეც კი ვთქვი უარი. შენ მიგატოვე და მარტო დაგტოვე. შენი გრძნობები ვუარვყავი, არ დაგიდექი გვერდში. მაპატიე, მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიყავი , შენი ხელი არ მეჭირა და შენზე არ ვზრუნავდი, გთხოვ, მაპატიე...”ვთქვი და ცრემლები წამომივიდა. ლუმ ჩემი სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა. სველი ლოყები კოცნით გამიმშრალა და ნაწვიმარ თვალებზე მაკოცა.-“ მესმის, მაო.მეც მიჭირს. ჩემს თავს ვერ ვპატიობ რომ უძლური ვიყავი. ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ ჩვენი მზე ამ სამყაროში ვერ დავიცავი. რომ ეს ტრაგედია გამოგატარე. შენს ცრემლებს ვერ ვპატიობ თავს.გული მეც გაჩეხილი მაქვს ,მაგრამ შენზე არასდროს გავბრაზებულვარ. შენი სიტყვები არასდროს მატკენს გულს. გთხოვ, ამაზე აღარ იფიქრო. მე შენთან ვარ. მიყვარხარ და ამასაც ერთად გადავიტანთ, კარგი? ჩვენი გოგონასთვის ცხოვრებას გავაგრძელებთ და შევეცდებით ისე ვიცხოვროთ, რომ მან ჩვენით იამაყოს.მჯერა, ახლა ის გვიყურებს და ძალიან სევდიანი სახე აქვს, რადგან მისი მშობლები მის გამო ტირიან. ხომ იცი რასაც გვეტყოდა ახლა - “მარილიანი ცრემლები თვალებს აგიწვავს და გაგიწითლებს”- ორივემ ერთდროულად გავიხსენეთ და გაგვეღიმა.რამდენი მოგონება გვქონდა, რომელთა ფასსს დროთა განმავლობაში ვხვდებოდი. ლუ ჩემი სახლია. ადგილი, სადაც ყოველთვის მიმიღებენ შეკითხვების გარეშე. ადგილს, სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ.მისი მხარდაჭერა და ეს სიტყვები, საუკეთესო რამ იყო რაც შეიძლება ამ მომენტში მქონოდა. ალბათ წარმოუდგენლად ჟღერს როგორ შევძელი ჩვენი ბოლოდროინდელი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება. როგორ შევძელი მეპოვა აზრი და მეპოვა სიყვარული. ეს მარტივი არ ყოფილა. ბევრი ცრემლიანი და უცრემლოდ გათენებული ღამე. დამღლელი ფიქრები და წარმოუდგენელი სიმარტოვის განცდა. მაგრამ ცხოვრებაში ყველას გვყავს ადამიანი/ ადამიანები, რომელთა მხარდაჭერა უდიდეს ენერგიას გვაძლევს. ჩემთვის უცნობი მოხუცის სიტყვები იყო ის, რამაც დამანახა, რომ მე ცხოვრებაში მყავდა ლუ, ჩემი უსაფრთხო ადგილი. ის იყო მიზეზი, რომ ფეხზე დავდექი და მე ვიყავი მისი ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავით. ადრე თუ გვიან ცხოვრება გავაგრძელეთ. ერთმანეთის სიყვარულმა შეგვაძლებინა, რომ ტრავმა დაგვეძლია და მასთან ერთად ცხოვრება გვესწავლა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილის ნაცვლადაც გვეცხოვრა. არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის. არც ნაბიჯებს დაუწყოთ გაზომვა. დანაკარგთან ცხოვრება დიდ მოთმინებას და გამბედაობას მოითხოვს. მთავარია, გააანალიზოთ, რომ ცხოვრება გრძელდება და თუნცაც მოგონებების და იმ ადამიანების გამო ღირს წინ ნაბიჯის გადაგმა, რომლებიც გვერდზე გვიდგანან, რომლებსაც ვუყვარვართ და ჩვენი სჯერათ. -ვარსკვლავთგოგონა- ........ არ ვიცი რატომ, მაგრამ მჯერა, რომ ყველას ერთხელ მაინც გაგვიფიქრია, რომ განსაკუთებულები ვართ. რომ ჩვენში არის რაღაც ისეთი , რაც სხვებში არაა და ამაზე ფიქრი, დაბნეულობასთან ერთად, უცნაურ თავდაჯერებულობასაც გვმატებს. თითქოს სხვაგვარად ვაგრძელებთ სამყაროზე დაკვირვებას და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ანალიზს. ყველას თავისებურად სიამოვნებს განსაკუთრებულად თავის გრძნობა. მართალია, ყველანი უნიკალურად ინდივიდუალური არსებები ვართ ჩვენი ხედვებით, ღირებულებით, მორალით და ყველას საკუთარი სამყარო გვაქვს, თუმცა, მე სხვანაირ განსხვავებულობას ვგულისხმობ, ამაზე, მოგვიანებით გიამბობთ. ისე, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რომ ჩვენი პიროვნება, ანუ ისეთი, როგორსაც ჩვენ ვხატავთ ჩვენს გონებაში, მთელი რიგი კომპლექსური ნიშან-თვისებებით, ჩვენი გონების გარეთ არ არსებობს. აი ასე უბრალოდ არ არსებობს. სხვა ყველაფერი ჩვენს პიროვნებაზე, სხვების დაკვირვების შედეგად შედგენილი ხატია. ანუ ის, თუ როგორ გვხედავენ ისინი. არცერთი მსგავსი და ყველა უნიკალური. თუმცა ისეთი, როგორებსაც ჩვენ აღვიქვავთ და ვხატავთ საკუთარ თავს, ჩვენი გონების გარეთ არ არსებობს. ეს საუბრები შორს წაგვიყვანს. მოდი, სათქმელს დავუბრუნდეთ... რომ დავიბადე, ერთ გაკაქტიკაში, ერთი ვარსკვლავი ჩაქრა. კოსმოსიც თითქოს წამიერად დადუმდა და გაიყინა. ჰაერში უხმაუროდ მოძრავმა ნაწილაკებმა მოძრაობაც კი გააჩერეს, ხატოვნად. ეს ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა 20 წელი შემისრულდა