ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ათინათი

ათინათი

ათინათი

 

თვალს ვახელ... გული გამალებით მიცემს. ტანში ჟრუანტელი მივლის, მაცახცახებს. ავეჯი ჰაერში ლივლივებს. აშკარად წნევა მაქვს. ოჰ, ეს ასაკი! რაიმე პრეპარატი უნდა მივიღო. სავარძლიდან ძალდატანებით ვდგები. ფეხები მეკვეთება...

ჯანდაბა, ჯანდაბა.... რა მომდის?!

ოთახში კვლავ ჩემს თავს ვხედავ. ნუთუ სიზმარია, ვხუჭავ და ვახელ თვალებს, თუმცა არაფერი იცვლება. ვკივი, მაგრამ არავის ესმის, არც მაგიდასთან მჯდომ ჩემს ანარეკლს. ოთახში მეუღლე შემოდის, ანაზდად ეხუტება ჩემს მეორე მეს. მივრბივარ მასთან, თუმცა ის ვერ მამჩნევს. ტელეფონთან მივქრივარ და 112-ში ვრეკავ, არადა რომელი პარანორმალური მოვლენების საგამოძიებო სამსახური ექნებათ მათ?! ზარი არ გადის. მეგობარ სოფის ნომერს ვკრეფ, ისევ არ არის კავშირი. რა ხდება, გაგიჟების პირას ვარ. სახლიდან გავდივარ და ეზოშივე ვიწყებ გულისწამღებ ყვირილს ,,მიშველეთთ!!!’’ არავინ მეპასუხება. ქუჩაში მოსიარულეებიც ვერ მამჩნევენ. იქნებ რამე ოინი მომიწყო კოლექტივმა - ვფიქრობ და სახლში შემოვრბივარ.

-      ხალხნო, გეყოფათ! ასეთი ხუმრობა არ შეიძლება! გული შეიძლება გამიჩერდეს! მეუღლესთან მივრბივარ, მხრებში ვწვდები, ვაჯანჯღალებ, თუმცა ის არც კი იძვრის.

საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ უხილავი სამყაროს ნაწილი ვარ.

სასოწარკვეთილებაში მყოფი, სავარძელში ვეშვები. ასეთი დაუცველი, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ. შიში, გამოუვალი მდგომარეობა მარწუხებში მითრევს. გაუთავებლად ვტირი, შემდეგ ვთვლემ.

გათენდა. თვალს ვახელ, სუნთქვა მიჭირს. რა იყო ეს?! რა კოშმარი მესიზმრა. მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ ღამეს. სავარძელში რამ დამაძინა? სასწრაფოდ უნდა შევისხურო პირზე წყალი. კიბეებს მეორე სართულზე ავუყევი. გემოვნებიანი სახლია, ბოჰოს სტილში გადაწყვეტილი. ვცდილობ, ჩემი პიროვნებისგან განხვავებით, სახლში ინტერიერის უწესრიგობა, ნამდვილ ესთეტიურ გარემოდ ვაქციო. მცენარეებითა და მამის ჩამოტანილი ეგზოტიკური ნივთებით, სახლში დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აურაა. შევდივარ აბაზანაში, რომელიც ,,ჰაი-ტეკ’’ სტილშია გადაწყვეტილი. როგორც ჩანს აქ, შამანების ენერგეტიკული გავლენა დამაკლდა. კედლები თეთრ, ლითონისფერ ფერებშია.

სარკეში ვიყურები, დამფრთხალი ვჩანვარ. ვწესრიგდები და საძინებლისკენ მივემართები. ფეხაკრებით მივდივარ, რათა მეუღლე არ გავაღვიძო.

საძინებელში აღმოვაჩენ, რომ მე და ჩემს მეუღლეს გვძინავს. შიშისგან ვკვნესი. კვლავ გასული ღამის მაგვარ ისტერიაში ვვარდები, კივილით დავივლი მთელ სახლს. გარკვეული დროის შემდეგ, ისტერიის ფანტაზია მეწურება.

- დამშვიდდი, დამშვიდდი... თავს ვაწყნარებ. იქნებ რაიმე გამოსავალი ნათელ გონებაზე უფრო ვიპოვო.

ღმერთოოოო..... აღმომხდა მე.

- რა ცინიზმია, ღმერთის ხომ დიდი ხანია არ მწამს, გაჭირვების ჟამს კი ყოვეთვის მას ვუხმობ. ხო, ეხლა გამახსენდა, რომ სიხარულის დროსაც მის სახელს წარმოვთქვამ ხოლმე.

შემდეგ სამეცნიერო ძალებს მივმართავ. ფიზიკის კანონებს მიმოვიხილავ, რომელშიც სამწუხაროდ, არც ისე ძლიერი ვარ და ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი ამ მდგომარეობას. სატელევიზიო არხ ,,DISCOVERY’’-ზე მოსმენილ პარანორმალურ შემთხვევებს ვიხსენებ და ესეც არ მეხმარება საიდუმლოს ამოხსნაში. კლინიკური სიკვდილიდან დაწყებული, დროში მოგზაურობით დამთავრებულ არცერთ დაუდასტურებელ შემთხვევას არ წააგავს ჩემი ამბავი.

მალევე ვხვდები, რომ ვერაფერს ვცვლი და ვცდილობ ძალები მოვიკრიბო, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება.

საწოლთან, იატაკზე ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი: სიცოცხლეზე, სიკვდილზე, სულიერებაზე, პოლტერგეისტზე, სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე. ბევრი ფიქრისა და საკუთარ თავთან დისკუსიის შემდეგ, რამდენიმე აღმოჩენა გავაკეთე:

- რა მაბედნიერებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში? - სამწუხაროდ (თითქმის) არაფერი.

- სიცოცხლე მინდა? - ისე რა! მეშინია გარდაცვალების, თუმცა, არც ცხოვრებაზე ვგიჟდები.

- რა ხდება ჩემს თავს? ვერ გამიგია ცოცხალი ვარ თუ მკვდარი, სული ვარ თუ ეგზოპლაზმური ორგანული შენაერთი (ეს უკანასკნელი საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს, უბრალოდ სადღაც გამიგია და თავში ამომიტივტივდა). და საერთოდ ამ მოვლენას პარანორმალური ჰქვია თუ არანორმალური.

აქედან გამომაქვს დასკვნა: შემიძლია ჩემი საყვარელი საქმით დავკავდე და ბევრი ვიფიქრო, თან გარედან დავაკვირდე საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს. გამოვარკვიო ჩემი მდგომარეობა, გარდასახვის მიზეზი, წყევლაა ეს თუ საჩუქარი.

მაშასადამე...

 

გამარჯობა!

მე ათინათი ვარ!

+ 40 წლის.

პროფესიით პედაგოგი. ქორწინებაში მყოფი. არ მყავს შვილები და არც არასდროს მდომებია ისინი. იდეალური ცხოვრება მაქვს (რა თქმა უნდა სხვისი შეფასებით). მყავს მეუღლე, ვსაქმიანობ სკოლაში. ჰა ჰა ჰა.... მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. რა პრიმიტივი ვყოფილვარ. ძალიანაც კარგი, მოდით გარედან შევაფასებ საკუთარ თავს, იქნებ რამე საინტერესო აღმოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში.

სახელი უფრო დამაინტრიგებლად ჟღერს ვიდრე ჩემი ცხოვრება. ,,ათინათი’’ დედამ დამარქვა. როდესაც ფეხმძიმედ იყო, საქანელაზე, მზის სხივი მეალერსებოდა თურმე მუცლად მყოფს. როდესაც დავიბადე, დიდხანს უმსჯელიათ რა დაერქვათ ჩემთვის. მშობლებს არ უნდოდათ რამე ბანალურის წოდება. ბოლოს, დედას მოაგონდა მისი და ათინათის კავშირი და საბოლოოდ ,,მზის სხივად’’ მოვინათლე .

ჩემს მეუღლეს ეღვიძება და დგება, ...იდიოტივით ვიკრიჭები. - რა სიმპატიურია! სხვისი ქმარი, რომ იყოს, აუცილებლად მომეწონებოდა.

გადის და ყავით ბრუნდება.

-  დილა მშვიდობისა, საყვარელო!

-  დილა მშვიდობისა, არ შეგეძლო დღეს ასე ადრე არ გაგეღვიძებინე?

აშკარად ცუდ ხასიათზე ვარ. ღმერთოოო, რა უჟმური ვყოფილვარ! არადა, სიყვარულსა და ემპათიაზე მორალს წავუკითხავ ადამიანს.

-  რითი დავკავდეთ დღეს?

-  ნონა და მისი მეუღლე გველოდებიან. სისის დღეობა აქვს. გავიდეთ რაიმე შევიძინოთ და გვიან მათკენ გავეშუროთ.

არანაირი სიყვარული ათის თვალებსა და ხმაში. რას ველოდი აბა?! მე ხომ არასდროს მყვარებია გოგა, თვითონაც არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი მისი ცოლი და არც მაინტერესებს. ის გიჟდება ჩემზე. ყველაფერს მისცემს ოღონდ ჩემთან იყოს. ესეც ასე... რა თქმა უნდა სწორი არჩევანია. შვილი, რომ მყავდეს იგივეს ვურჩევდი ,,ცოლად გაჰყევი იმას, ვისაც მეტად უყვარხარ ვიდრე შენ’’ მეორე შეგონება ,,ცოლად გაჰყევი შეძლებულს’’. აი სიყვარულის მთელი ფილოსოფია.

იცმევენ და სახლიდან გადიან...

სახლში ვრჩები, რათა სხეულიდან გასვლის საიდუმლო ამოვხსნა (და ამ ინიციატივაზე თავადვე მეცინება) და ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება შევძლო.

ვხსნი ნოუთბუქს, ვეძებ პარანორმალურ მოვლენებზე ინფორმაციას და არაფერი მსგავსი. შემდეგ, აღმოვაჩენ, რომ  ინტერნეტში არცერთი ძიება არ დაფიქსირებულა, ანუ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, არანაირ კვალს არ ვტოვებ. შემდეგი აღმოჩენა: არ ვსაჭიროებ კვებას, არც სხვა ბუნებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას (რაც ცოტაოდენ შვებაცაა).

რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე....

გარეთ უნდა გავიდე, გარეთ....

გავრბივარ, გავცდები სახლს, ვყვირი, თუმცა ვერავინ მხედავს.

ესეც ასე.......

*

ის დღე კვლავ სავარძელში მოკალათებულმა გავატარე, აბდაუბდა ფიქრებსა და კვნესაში. ხან ათის მივვარდი, ხან გოგას, მაგრამ ,,არსაიდამ ხმა, არსით ძახილი’’! სიმწრისგან, კალმით სულ დავფხაჭნე გოგას ბლოკნოტი და კვლავ ჩემს ადგილზე დავესვენე!

გოგას მივჩერებივარ, იქნებ შეძლოს სიყვარულის ძალით ჩემი გასაჭირის შეცნობა. თუმცა, ის ექსპლუატაციიდან გამოსული ჩაიდნის შეკეთებას ცდილობს. ესეც ხელმომჭირნე ათის დამსახურებაა, რომელიც კატეგორიული წინააღმეგია ახალი მადუღარის შეძენისა.  

გოგა ტანად მაღალი, მიტკალივით თეთრი პირისახისაა. მწვანე თვალები თავბრუდამხვევად მიმზიდველი აქვს. ინტელექტუალია და წარმატებული კარიერის მქონე. ერთ-ერთი დიდი კომპანიის იურისტია. კარიერული ზრდა აბსოლუტურად მისი დამსახურებაა. ბავშვობაში გადატანილი ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ძლიერი ნებისყოფითა და დაუღალავი შრომით შეძლო მაღალი ბენეფიტები მიეღო ცხოვრებისგან. ერთადერთი ნაკლი მის ცხორებაში, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახია. გოგამ და ათინათიმ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. ბუნებით მონოგამი, ათინათით იმდენად მოიხიბლა, რომ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ ქალის ყურადღებით დაჯილდოვდა და საწადელი აისრულა. თუმცა, რამდენად ბედნიერად გრძნობდა გოგა ასეთ ქორწინებაში თავს, ჩემთვის უცნობია.

-  ათი, შენ დაჯღაბნე ჩემი ბლოკნოტი?

-  არა! - მკაცრი გამომეტყველებით უპასუხა ათიმ!

რაააააა??????? ჩემი ნაჯღაბნი წაიკითხა? - სიხარულით თვალები გამიფართოვდა. ფურცელი და კალამი მოვიმარჯვე, ჩემი მდგომარეობის და თავგადასავლის წერა დავიწყე. როგორც კი ესსე დავასრულე, წავიღე გოგასთან, შესამჩნევ ადგილზე დასადებად. მალევე გავიაზრე, რომ ის ვერ მიხვდებოდა ვინ წერს წერილს, გამომდინარე იქედან რომ მას გვერდით ჰყავს ფიზიკური, ხილული და საყვარელი ათინათი. მაშ ვინ ვარ მე - წერილის ავტორი? როგორ მიიღებს ამ ამბავს გოგა? როგორ მიიღებს ათინათი? დაიჯერებს თუ ტყუილში ამხელს? საერთოდ გიჟად ხომ არ ჩათვლის?... ეს ფიქრები არ მქონდა დასრულებული - მივხვდი რომ არ მქონდა სწორი გადაწყვეტილება მიღებული. ნაწერი გადავკეცე და სახლის სხვენში, ბავშვობის ნივთების ყუთში შევინახე, რომლითაც 20 წელია არ დავინტერესებულვარ და ალბათ არც არასდროს მოვიგონებდი.

 

*

გარეთ გამოვედი, ჰაერი მჭირდება (მჭირდება კი?). გაზაფხულის სურნელი დგას. ჩემი ხელით მოვლილ, მოკრიალებული ეზო საოცარი სანახავია. ორსართულიან სახლს გარს შროშანების დასტა აკრავს, ქვაფენილს მიუყვება ხვიარა მცენარეებით აკინძული ცოცხალი ღობე. ბავშვობის შემდეგ პირველად შევნიშნე ამ გარემოს მშვენიერება და განცდილმა მოგონებებმა სიხარული და სევდა მომგვარეს.

სახლი, ჩემს მშობლებს ეკუთვნოდათ. აქვე დავიბადე და გავიზარდე. საოცარი ბავშვობა მქონდა. დონდლო და მოუქნელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ამ ეზოში ასკინკილაც მითამაშია. ოჰ, დედ-მამას ისე გაგიჟებით უყვარდა ერთურთი, სულ მეცინება მათ თავგადაკლულ ქომაგობაზე. მინდოდა, მათსავით მყვარებოდა, მაგრამ პრაგმატულობამ მძლია და ცოლად იმას გავყევი, ვისაც მეტად ვუყვარდი... ვერ დავიტანჯებოდი სხვისი სიყვარულითა და ეჭვებით..

გავცდი ეზოს და ქალაქის გარეუბნის ერთ-ერთ გაშლილ ქუჩაზე აღმოვჩნდი, ჩემ წინ ორი მოხუცი ცხოვრობს, რომელთა ვაჟი - ჯარჯი, უკურნებელი სენით გარდაიცვალა 5 წლის წინ, მას შემდეგ ჯანის და დალის სახეზე ღიმილი არ შემიმჩნევია. ეჰ.. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი შვილზე.

ალბათ, შვილი ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი ტკივილია. მე უარი ვთქვი ამ უკანასკნელზე....

*

ეზოში დავბრუნდი და ჩემს ცხოვრებისეულ არსზე დავიწყე ფიქრი, რა მამოძრავებდა ცხოვრებაში და რა იყო ჩემი მიზანი? - მხოლოდ სხვებისთის სიკეთის კეთება, სხვისი დახმარება იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება. ადამიანების ჩაგვრა - ტკივილის გამო, სამყარო ჯოჯოხეთად ან განსაწმენდელად შევრაცხე. უსამართლობის გამო დავკარგე ღმერთის რწმენა (ნუ ამ მომენტში ჩემი ცოდვებიც გამახსენდა). მინდოდა სამყარო უკეთესი გამხდარიყო.. მე ეს ვერ შევძელი.... იქნებ ახლა შევძლო? იქნებ შევძლო სხვისთვის ბედნიერების მინიჭება?... ძალიან სასაცილოა, ძალიან... ხორცშესხულმა რაც ვერ გავაკეთე, მინდა ჰაერში მოლივლივემ აღვასრულო მიზანი. ერთი ის ვიცი, რომ ჩემი ნაწერის ამოკითხვა შეუძლიათ. ეს უნარი უნდა გამოვიყენო. პირველი მისია დავისახე და უმალ გავემართე შესასრულებლად. მოხუცებული მეზობლების სახლის ეზოში ფეხაკრეფით შევიპარე.

-  ხუმრობ ხომ ათი? შენი ფეხუცუნების ნაკვალევს ვერავინ შეამჩნევს! - ვუთხარი ჩემს თავს.

ეზო მოუვლელია, სარეველებს ფერხული მოუწყვიათ ირგვლივ, სახლის ფასადი ხავსით მორთულა. სარკმლის მინები ისე დაბურულა, სახლში შეჭყეტაც კი შეუძლებელია. ცუნცულით შევდივარ სახლში და გული მეყინება, ირგვლივ ყველაფერი ჯარჯის მაგონებს.

-  ჯარჯ, ჯარჯ... ჩუმად ვეძახი გარდაცვლილს, იქნებ ისიც ჩემსავით უხილავია.

არავინ გამომეხმაურა. მისი ფოტოები თავს მახვევია. საკიდზე ასხმულა ჯარჯის მუნდირი. მახსოვს, ამ უნიფორმაში გამოწყობილი, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული ხელს მიქნევდა გზიდან. 11 წლით იყო ჩემზე უფროსი, დაღვინებული, გულკეთილი ვაჟკაცი. 40 წლის ასაკში განუკურნებელი სენი შეეყარა და რამდენიმე წელში მიიცვალა. ცოლი არ შეურთავს, შთამომავლობა არ უჩუქებია მშობლებისთვის, დატოვა მხოლოდ მოგონებები.

მუხის გაქუცულ მაგიდას მივუჯექი და ფიქრი დავიწყე, იქნებ არ ღირდა იდეის სისრულეში მოყვანა, იქნებ არ მქონდა სხვის ცხოვრებაში ჩარევის უფლება, მაგრამ რაღაც უხილავმა ძალამ მაიძულა ავმდგარიყავი და კალამი და ფურცელი მომეძებმა. ყველა უჯრა დავიარე და როგორც იქნა ტანსაცმელების კარადაში აღმოვაჩინე საჭირო ნივთები. მაგიდას მივუჯექი და წერა დავიწყე.

 

ძვირფასო დედა და მამა!

 

დღე მიიწურა, მთვარე მინათებს სარკმელს. ვაცნობიერებ, რომ ამ სამყაროში ჩემი დრო იწურება. თავგადასავლებით სავსე ცხოვრება განვლე. ვიცი ეს რამდენად მძიმეა თქვენთვის, უკიდეგანოდ დიდი ტკივილის მონიჭება მიწევს. ბედნიერი მივდივარ ამ ქვეყნიდან. ვისურვებდი დარჩენილი ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულში გაატაროთ. რატომ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში? ოდესმე ხომ მაინც შევხვდებით ერთმანეთს. მინდა იღიმოდეთ... ყოველთვის დაგიფარავთ ჩემი მუნდირით.

თქვენი ჯარჯი.

 

ფურცელი ჭაღზე ჩამოვდე.

სკამზე მოვკალათდი და დამეძინა. ადამიანების ფაცი-ფუცმა გამაღვიძა. მოხუცები სავახშმოდ ემზადებოდნენ. დალიმ ბაჟე და გაფიცხებული შოთი მოათავსა მაგიდაზე. მეუცნაურა, მაგრამ მამაკაცმა სუფრაზე სამი თეფში განალაგა. როცა მორჩნენ მაგიდის გაწყობას, დასხდნენ და საჭმლის მირთმევა დაიწყეს. მესამე თეფშთან მაგიდას არავინ მიჯდომია. გაოცებული შევცქეროდი ამ სანახაობას.

მოგონებები გადამეშალა წინ. ვსხედვართ მაგიდასთან მე, დედა და მამა. დედამ საოცარი სურნელი დაატრიალა სახლში, ნიგვზიანი სატენით გაბუთქუნებული წიწაკა და ცხელი ჭადუკები ალაგია სუფრაზე. მე ტუჩებს ვილოკ ჭამის მოლოდინში. მახსენდება დედის ღიმილი, როცა მე და მამა გემრიელად ვილუკმებით. აბედნიერებს მისი ნახელავის ძვირფასი ადამიანებისთვის გამასპინძლება. დედა მუდამ დაუღალავად შრომობდა, ისე რომ ღიმილი არ ჩაქრობია სახეზე. მე კი მუდამ წუწუნში გამყავს საოჯახო საქმეები. მოხუცების ვახშმობის სცენის ყურებამ, მკვეთრად დამანახა და მაგრძნობინა, რად არის დაუშვებელი უმადურობა, როცა საყვარელი ადამიანები შენ ირგვლივ დაფუსფუსებენ. მოულოდნელად შიშისგან ვხტები, ჩემ წინ კატამ გადმოიშხუილა და პირდაპირ თავლებში მიყურებს. ნუთუ მხედავს? - გავიფიქრე მე. პირველად არ მინდა მამჩნევდნენ. ჩემი გამოაშკარავება ახლა, ამ წუთებში, დამღუპველი იქნებოდა. კატა მალე გამეცალა, დალის საუბარმა გამომარკვია.

-  ჯანი, ძვირფასო! რატომ დუმხარ მუდამ! მეც მტკივა, მაგრამ გულს მეშვება, როცა შენ გიზიარებ დარდს. იქნებ გამანდო შენი ფიქრები - შეევედრა დალი.

ჯანი დუმს.

-  ჩვენს ბიჭს არ მოეწონებოდა შენი დუმილი, დამიჯერე. იტირე შე კაცო მაინც, მოგეშვება გულს, მომკალი ქალი! ცოცხლად იმარხავ თავს.

დალი ატირდა.

ნიავმა დაუბერა, ფურცელი ააფრიალა და იატაკზე დაეშვა. ჯანიმ წერილი აიღო, თვალები დაჭყიტა და გოდება აღმოხდა.

-   ჯარჯი, ბიჭო ჯარჯი, მამააა....

ტირილში, სიხარულის ღიმილი ერეოდა ჯანის.

დალი ზეზე წამოვარდა.

-  რა ხდება ჯანი... ჯანიი...

დალიმ წერილს ხელი სტაცა და ქვითინი აღმოხდა.

-  ხედავ რა ვაჟკაცი გვყავდა დალი? სიკვდილის პირსაც ჩვენზე ფიქრობდა, ცოტა თავს შემოვუძახებ, მისი სული რომ გავახარო.

მოხუცები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მათი სული ერთმანეთს გადაეჯაჭვა, მათი ტკივილი და სიყვარული გაერთიანდა და დიდ ძალად იქცა.

ავდექი ჯარჯის ფოტოს ბოდიში მოვუხადე და იქაურობა, მიუჩვეველმა, კვლავ ფეხაკრებით დავტოვე.

თავში ფიქრები მერეოდა:

-  იქნებ ღირდეს შვილის ყოლა, იქნებ განცდილი ტკივილი სიცოცხლეს გვაგრძნობინებს... იქნებ, იქნებ...

მთვარიანი, სევდიანი, სიყვარულით სავსე დილა ღამდებოდა...

 

*

- ნეტავ, როდემდე უნდა ვიყო ამ მდგომარეობაში? რა მოვუხერხო ამ ყოფას? მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებს თავში სახლში დაბრუნებულს. ათი და გოგა, აი უკვე 15 წელია ჩვეულებისამებრ ვახშმობენ და მიემართებიან საძინებელში.

- გოგა რამე ხმა გაიგე? ეკითხება ათი მეუღლეს.

- არაფერი. პასუხობს გოგა.

იქნებ ჩემი გადაადგილების ხმა ესმით?! - ვვარაუდობ მე და ქარიშხალივით ჩამოვუვლი ირგვლივ ყველაფერს და გამალებით ვლეწავ ჩემს საყვარელ ნივთებს. მოვტრიალდები და ირგვლივ წესრიგია.

ბოლოს გადავწყვეტ, რომ ღმერთს გავესაუბრო. ჩემმა ყოფამ მაიძულა, მეღიარებინა უხილავი სამყარო.

-  ღმერთო, გთხოვ, აღარ შემიძლია ამ ყოფაში ყოფნა. გთხოვ, დამაბრუნე სხეულში. მეტანიებს ვაკეთებ, ვიწყებ ლოცვას, მაგრამ უშედეგოდ.

 

დილით, მისაღებში ჩემი მე გამოპაწკუნდა. უმაწყალოდაა გამოპრანჭული. საუცხოო ფიგურა კი მაქვს, მაგრამ რა საჭიროა ასე გამოკვანწვა. ნუ მეტი აკადემიურობისთვის შარფი მოვისკუპე ყელზე. საოცარია, მაგრამ საშინლად მაღიზიანებს საკუთარი თავი გარედან. ათინათი სამსახურში, მის პატარებთან მიემართება. 12-13 წლის გოგო-ბიჭები მისთვის სტიმულიცაა და დიდი სიყვარულიც.

-  ჩემი ბავშვები მომენატრა, ვფიქრობ მე და ათის მივყვები.

-  აუ, ამ სიმაღლეებზე როგორ დავდივარ საერთოდ?

ათი ფეხით მიდის სამსახურში, რომელიც სახლიდან 300 მეტრითაა დაშორებული. ამავე სკოლაში ვსწავლობდი. არ ვგიჟდებოდი სწავლაზე, მაგრამ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მქონდა. შესაბამისად, კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. გულჩვილი, ბოთე, კარგი გარეგნობის ბავშვი ვიყავი. მასწავლებლების ფავორიტი ტიპაჟი. მე კი პირიქით ცელქი და მოუსვენარი ბავშვები მიზიდავს. მეგონა არავინ მემეგობრებოდა და ყველა მჩაგრავდა, მაგრამ როცა გავიზარდე ერთ-ერთმა ჩემმა კლასელმა მითხრა, ძალიან ქედმაღალი იყავიო. ძალაინ გამიკვირდა. ზოგჯერ ადამიანები საკუთარ თავს ვაქცევთ საკანში და უსაფუძვლოდ ვკომპლექსდებით.

ქალაქის პირობაზე სკოლა ძალიან პატარაა, სულ რაღაც ერთი სართული. ფასადზე ვარდისფერი წრეებია ასხმული. ეზო კოპწია და გამწვანებულია, შენობის ერთ მხარეს საჩდილობელია სკამებითურთ, ხოლო, მეორე მხარეს, მინი სტადიონია მოწყობილი.

ისმის ბავშვების ჟრიამული. მარჯვნივ ორი პირველკლასელი ერთმანეთს ეძიძგილავება. როგორი სასაცილო და საყვარლები არიან. ორივეში, ამ ასაკიდანვე გაიღვიძა მამაკაცურმა საწყისებმა. ათი მირბის და აშველებს, ტუქსავს და არიგებს პატარებს. შემდეგ სკოლის ჭორიკნებს ეგებება. მზია, ნუნუ და ვიკა ადმინისტრაციის წევრები არიან. მთელი დღის განმავლობაში იმით არიან დაკავებულნი, სხვისი ცხოვრება განიხილონ, იციან ვინ ვის დაუჟუჟუნა თვალები, ვინ რა ბენეფიტები ჩადო თავის გარეგნობაში. საინტერესო ის არის, რომ მათ არანაკლებ ბობოქარი ცხოვრება ჰქონდათ. კიბეებზე მხვდებიან, ესალმებიან ათის და თან როგორც ჩემს ქიმიის მასწავლებელს ჩვეოდა, სათვალეების მიღმა მიყურებენ.

შეიძლება სამი არასისხლით ნათესავი, ერთმანეთს ასე გავდეს? წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია. ალბათ, ყველაფერი განჭვრიტეს, შეაფასეს ათის აღჭურვილობა და დასკვნის გასაკეთებლად სამასწავლებლოში გადაინაცვლეს. აი ვინები არიან ნამდვილი ექსპერტები, რა სამხარაული და სერტიფიცირებული აუდიტები. თქვენი ჭირი მე....

კლასში 20 ანგელოზი მხვდება.

- გენაცვალოთ ათი!

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავთ ათი.

-  გამარჯობა ჩემო ნიჭიერებო. ესალმება ათი კლასს.

-  გამარჯობა ათი მასწავლებელო! - სიყვარულითვე პასუხობს კლასი.

სანამ ათი სიას კითხულობს, მე მერხებს შორის ვმოძრაობ, ყურებს ვხუჭავ და ჩემს ლამაზუნებს ვათვალიერებ. ვათვალიერებ ისე როგორც არასდროს, გამომდინარე იქედან რომ უხილავი ვარ, ძალიან ახლოს ვუცქერ თითოეულს თვალებში. ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება. ვეფერები და ვეხუტები, ძალიან მიყვარს ყველანი, ყველანი ერთად და თითოეული ცალკ-ცალკე. ენით ვერ აღვწერ ჩემს გრძნობებს მათ მიმართ... არ ვიცი, ალბათ ასეთია შვილის სიყვარული. განსაკუთრებული კლასი მყავს, როგორი თამამები არიან.

შავტუხუნა და მაყვალა თვალებიანი გაბრიელა, მბრძანებელი ქალბატონია. მემორჩილება, მაგრამ ვაი თუ უფროსობა მოისურვა, ყველას აგვაწიოკებს. საოცრად კეთილი და სიყვარულით სავსე გული აქვს.

ოხ, აქეთ გამორჩეული თვალის ფერით და გარეგნობით მართაა. გულთან მიმტანი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ეს ერთი მხრივ კარგია, 100 წლიანია. ზოგჯერ, ყველაფრის გულთან მიტანა ადამიანისთვის დამღუპველია.

ჟღალთმიანი ელენე, დაჭორფლილი პაჭუა ცხვირით, ყველას მისი თმის ფერს ახარბებს. აიბზუებს ხოლმე პაწაწინა დინგს და ნამდვილ წუპაკ პრინცესას მოგაგონებთ. მხოლოდ, მასზე კომპლიმენტით თუ მოუბრუნებ გულს.

ოხ, ბატონი გეგა. ბუთქუჩუნა და საყვარელი ბიჭი. ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე ჰალსტუხითა და თაიგულით გამომეცხადა. ყურებიც კი აუწითლდა სირცხვილისგან. ლოყაზე რომ ვაკოცე ხომ საერთოდ, პომიდვრისფერი დაედო სახეზე. სიცილი ვერ შევიკავე და უხერხულობის დასაფარად, ცარცის ასაღებად დავიხარე.

ამ ფიქრში ვიყავი გართული, საკლასო ოთახი სკოლის დირექტორმა შემოაღო. ყველა ფეხზე წამოხტა.

-  მოგესალმებით, ათინათი მასწავლებელო, დღეს მე-7/4 კლასს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უცდება, გთხოვთ, დაყოვნდეთ და ეს ფანჯარა შეუვსოთ.

ათი დათანხმდა. არც გამკვირვებია, მეტი რა საქმე ჰქონდა, არც ბავშვი უჭყიოდა სახლში და არც რაიმე ჰობი გააჩნდა ამხელა ქალს, წიგნების კითხვას თუ არ ჩავთვლით.

- ეზოს მოწესრიგება? ნუ მგონი ჰობიც მქონია, მაგრამ კოტრიალი რომ შედიოდეს ამ აქტივობაში, უპირობოდ პირველ ადგილს მივანიჭებდი.

მალე ზარიც დაირეკა.

ათი სამასწავლებლოში გაემართა, რომ ჟურნალი ჩაებარებინა. თან გავყევი. სკოლის კედლები მუქ ვარდისფრად შეუღებავთ. კედლებზე პლაკატები, სიგელები და მოსწავლეთა ნამუშევრებია გამოფენილი. საპატიო მოსწავლეთა დაფაზე, ჩემი 5 მოსწავლეა გამოჯგიმული, რაც ძალიან მეამაყება. თუმცა, სხვები ნამდვილად არ ჩამოუვარდება მათ, შეიძლება ვინმე ზარმაცი მოსწავლე მათზე ნიჭიერიც კი იყოს, ან უფრო წარმატებული გახდეს ცხოვრებაში. პარადოქსია? არა, რა თქმა უნდა. ზოგს გვიან უვითარდება სწავლის უნარი, ზოგი სათანადოდ არ ინდომებს და ა.შ. მთავარია კარგი ადამიანი იყო. ესეც სამწუხაროდ ჩვენზე დიდად არ არის დამოკიდებული. არსებობს ადამიანის ფსიქოტიპები, გენეტიკური ფაქტორები რაც მეტწილად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ჩემი აზრით არავინ ისურვებდა მისი ქცევა იყოს დასაწუნი და გასაკიცხი, უბრალოდ, ისინი ასეთად იბადებიან ან გარემო პირობები აქცევს მათ ასეთად. ძალიან მიკვირს ჩემგან მსგავსი შეფასება, რადგან, ათისთვის ადამიანები კვლავ ორ კატეგორიად იყოფა, როგორც ზღაპრებშია: ბოროტებად და კეთილებად. მხოლოდ ამ ნიხრით ყავს დაჯგუფებული ჰომო საპიენსები და მარტოოედენ კეთილებს ეკონტაქტება. 20 წლამდე პირებს არ ეხებათ ეს დიფერენცირება. ათინათი მათ მიუტევებს ყოველგვარ შეცდომას და ცდილობს სწორ გზაზე დააყენოს. ეს შენდობა კატეგორიულად არ ეხება 30 + ადამიანებს.

შევედით სამასწავლებლოში. მზიას და ვიკას ჭორაობისგან დრუნჩები დაგრძელებიათ, სამაგიეროდ, აღარ ესაჭიროებათ ტუჩების მოცულობის შევსება.

-  ათი, ძვირფასო! იცოდე მე-7/4 კლასში ნამდვილი მონსტრები სწავლობენ, უფრთხილდი მათ - წამჩურჩულა ვიკამ.

-  არაუშავს, 18 წლამდე მონსტრი, მე ჯერ არ მინახავს - მიუგო ათიმ.

ათი მაგიდას მიუჯდა და ჟურნალის შევსებას შეუდგა. ვინაიდან, საშუალება მომეცა, განცალკავებით მდგომ ჭორიკნებს მივუახლოვდი. ვიკი და მზია ორივე მაღალ ფეხებზე მდგარი იდიოტი იყო. ორივე მათგანს ტანზე მომდგარი, სხვადასხვა ფერის პულოვერი და კუბოკრული შარვალი ეცვა. ნუ ჭორიკნების კლასტერი რომ არსებობდეს და უნიფორმის სავალდებულოობა იყოს, სწორედ ასეთი ტანისამოსი იქნებოდა მათთვის იდეალური. სასიამოვნო გარეგნობის მიუხედავად, ორივეს თვალებში სიცარიელე იკითხება. რა არის მათი დანიშნულება და სურვილი, ჩემს მდგომარეობაზე მეტად ამოუხსნელი მეჩვენება.

  ყური ვცქვიტე როდესაც ჩემს სახელს მოვკარი ყური.

-  ოჰ, ეს ათი ვითომ იდეალურია, დედა ტერეზა, სახალხო დამცველი. არადა ამ ყველაფერს მისი ეგოს დაკმაყოფილებისთვის აკეთებს, ეს ხუთოსნის სინდრომით დაავადებული - თქვა ვიკიმ.

-  ვიკი, გეთანხმები! ნარცისიზმით დაავადებული ქალია. იდეალურობისკენ სწრაფვაში აბსოლუტურად მოაკლდა ყველანაერი ადამიანური თვისება, ალბათ განსხივოსნება სურს. ასეთ მოსაწყენ ადამიანს ნეტავ როგორ უძლებს ქმარი? - უპასუხა მზიამ.

იდიოტები, ეს უკვე მეტისმეტია. ლაქლაქა დაქალები ნაწილობრივ მართალი ბრძანდებიან. ხუთოსნის კომპლექსით დიდი ხანია ვიტანჯები. ახლახან ჩემი მოსწავლის მიერ გაჟღერებულმა ფრაზამ გამომაფხიზლა ცოტა - ,,და რა, თუ ყველაფერი იდეალურად არ გავაკეთე, თუ არ დავსვი ყველგან სწორად სასვენი ნიშანი, ამიტომ რა კარგი თემა ვერ დავწერე?’’ ამან დიდი გადატრიალება მოახდინა ჩემში. რატომ მინდა ყველაფერი წესრიგში და იდეალური იყოს? რატომ ვარ მეწვრილმანე. ძვირფასი დრო ხომ არ უნდა მოვანდომოთ უმნიშვნელო საქმეების მოწესრიგებას. ან თუ რამე არ გამოგვდის, რატომ უნდა დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა?

არც ისე უვიცები ყოფილან ეს ჭორიკნები, სწორი შეფასებაც სცოდნიათ - ირონიულად გამეღიმა.

ამათ ეხლა ვაჩვენებ სეირს. ვიღებ სალფეთქს და ზედ ხელგაკვრით ვწერ.

 

-         ვიკი, ძალიან დაშორდა ჩვენი და ნუნუს შეხედულებები ერთმანეთს. ზედმეტად ვულგარულად იქცევა. ჩვენგან ფარულად სხვებს ემეგობრება.

 

-         ხოო, ჩაცმის სტილიც საშინელი გაუხდა, შარვლები ზედმეტად ამოუჩრია და აღარც მისი გახუნებული თმის ფერი მომწონს. მგონი სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ მასთან მეგობრობა.

 

 სალფეთქი ხელში საგულდაგულოდ შევინახე და ნუნუს დასაზვერად გავედი. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს და დერეფანში ჩამი-ჩუმი არ ისმის.

-         სად ჯანდაბაშია ეხლა ნუნუ?

გზად, სხვა რა საქმე მაქვს და კედელზე გაკრულ მოსწავლეთა ფურცლებზე, სამახსოვროდ გულებს ვხატავ. საბოლოოდ ნუნუს, დირექტორის კაბინეტის მისაღებში ვპოულობ.

დივანზე შემოუწყვია ფეხები ამ უზრდელს და დირექტორის თანაშემწეს ეჭორავება. ცოტა ხანი დამჭირდა ლოდინი. მალე ჭორიკანა, სამასწავლებლოსკენ გაემართა. დრო ვიხელთე და ვითომდა დაქალების მიმოწერები ვიკის ყავის ფინჯნის ქვეშ შემოვდე. გამი