ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სისხლიანი პუანტები

სისხლიანი პუანტები

          სისხლიანი პუანტები

                                 

                                                              1

  თომასი გაღვიძებას ცდილობს.როგორც იქნა გაახილა ერთი თვალი და შუბლი საშინელმა ტკივილმა გადაუსერა.ისევ დახუჭა და გვერდზე გადაბრუნება სცადა,რაღაც უშლიდა ხელს,თავს ძალა დაატანა და ორივე თვალი გაახილა.ჭუჭყიან ჭერზე ბუზები ისხდნენ.მარცხენა ხელი ასწია და თავზე დაიდო,იდაყვი რაღაც ცივს მოხვდა.არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა და გვერდზე გადაიხედა. შიშველი ქალი გულაღმა იწვა მწითური ,აბურძგნილი თმები, ძუძუებს უფარავდა, თომასი წამოიწია იდაყვებზე და თავი მიაბრუნა ქალისკენ.ქალს მუცელი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი,თომასი წამოხტა და საწოლის წინ დადგა.აკანკალებული ხელით ქალს თმები გადაუწია და შიშისგან დაიყვირა.საწოლში ყელგამოჭრილი ქალის გვამი იდო.

  თომასი გველნაკბენივით მოშორდა საწოლს და კარებისკენ გაიქცა.ეცა სახელურს,მაგრამ ვერ გააღო.ჯაჯგური გააგრძელა,მაგრამ, ამაოდ.კარები არ იღებოდა.გაჩერდა ,მიმოიხედა,ფანჯრისკენ გაიქცა და მისი გაღება სცადა.ფანჯარა გარედან აჭედილი იყო.სასოწარკვეთილი თომასი იატაკზე დაენარცხა და ყვირილი დაიწყო.უცებ,ყვირილი შეწყვიტა და ტანზე დაიხედა,შიშველი იყო.

  

                                                             2

  საღამოს 6 საათია.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი ბალერინის,ჯილდა გეწაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დაიწყო.პირველი ნაწილი ოფიციალური იყო.ის ითვალისწინებდა თეატრის გენერალური დირექტორის,საოპერო ხელმძღვანელის,ბალეტის ხელმძღვანელის,მთავარი დირიჟორის, ქალბატონი ჯილდას კოლეგების,მოწაფეების სიტყვით გამოსვლას,მეორე ნაწილში,გეწაძის მოწაფეების მიერ აღზრდილი ბალერინებისა და ბალერონების კონცერტი იყო დაგეგმილი.საღამოს კულმინაცია,ქალბატონი ჯილდას შვილთაშვილის,ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის მთავარი დასის წამყვანი ბალერინის,მილე გეწაძის გამოსვლა იყო.ის, ესმერალდას ვარიაციას ასრულებდა,პუნის ცნობილი ბალეტიდან „ესმერალდა“.

  ბებე და მაიკლი მეეექვსე რიგში ისხდნენ.ნახევარ საათში მილე გამოვიდოდა სცენაზე.მაიკლმა ბებესკენ გადაიხარა და ყურში უჩურჩულა,

_ხომ გადაამოწმე? 12 საათზე მილეს ფანჯრებთან ხომ? მისამართი ხომ კარგად გაარკვიეს?

. ბებემ გაბრაზებით შეხედა მაიკლს,და ჟესტიკულაციით აჩვენა მას,რომ ის უკვე ყელში ამოუვიდა.მაიკლმა მხრები აიჩეჩა და ბებეს გაუღიმა.

  საღამოს, მეორე ნაწილის დასასრული ახლოვდებოდა.აჩი ცინცაძე, განუმეორებელი ჭაბუკიანის დადგმულ „აპასიონატას’’ ასრულებს.

                                                                3

  პატრულის ეკიპაჟი ჩვეული მარშუტით მოძრაობს.გოგა საჭესთან ზის,ოთო ყავას სვამს.ტელეფონი რეკავს.ოთო გოგას უყურებს.

-არ აიღებ?

-არა.

-კარგი რა.შენ ჩემი უნდა ნახო,ტვინის ბურღვას რომ იწყებს.

-თავი დამანებე.

- სად არის?

-სად იქნება? დედამისთან.

- დაურეკე,იქნებ რა უნდა გითხრას.

-ვიცი რაც უნდა მითხრას.“ბავშვი გკითხულობს,უშენოდ ვერ იძინებს.როდის წაგვიყვან?“

- ჰოდა,ძალიან კარგი.ხომ უნდა შერიგდეთ?

-ყელში ამომივიდა.დღესაც იყოს დედამისთან.ხვალ ბავშვს ავუღებ რამეს და ვნახავ.

- არა ძმაო.ასე არ გამოვა. ის შენი შვილის დედაა. ნატასნაირებს კიდევ რა გამოლევს ამ ქვეყანაზე.

- ეხლა მორჩი.არაკაცი ვიყო,თუ კიდევ ცუდად ახსენებ ნატას,სერიოზულად დაერხევა ჩვენს ძმობას.

-კარგი,კარგი...მოვრჩი,მოიცა,გამოძახებაა.

  მორიგე არაყიშვილის ქუჩაზე იძახებდა პატრულის ეკიპაჟს.

                                                                      4

 

  თათა აივანზე დგას და ეწევა.ის ქვემოთ იყურება.გამვლელებს ათვალიერებს.ოთახიდან საყვარელი ბიგლი გამორბის და ქალის ფეხებთან წვება.თათა იხრება და ძაღლს ეფერება.“

_კარგი,კარგი..ვიცი...მოიცა, მოვწევ და წავედით!

  თათას ცალ ხელში ძაღლი უჭირავს და მეორე ხელით ბინის კარებს კეტავს.ლიფტთან მამაკაცი დგას.ქალმა გვერდით ჩაუარა უცნობს და კიბეებით დაიწყო ჩასვლა.ამ დროს ლიფტიც მოვიდა და კარები გაიღო.თათა კიბეზე შეჩერდა და ინსტიქტურად ამოიხედა მაღლა.უცნობი ღია ლიფტის წინ იდგა და არაპირებდა შიგ შესვლას. ქალს გაუკვირდა.მამაკაცი შემოტრიალდა და ქალს შეხედა.თათამ უხერხულად იგრძნო თავი,უცებ შებრუნდა და გააგრძელა კიბეებით ჩასვლა.

                                                                        5

  რობერტას ასეთი დღე კარგა ხანი არ ახსოვდა.დააწყდა თვალები კლიენტის ძებნაში.რამდენი წელიწადია ტაქსაობს თბილისის ქუჩებში.გამოცდილებიდან იცოდა, რომ ეს დღე დათარსული ჰქონდა და სახლში ვერაფერს ვერ მიიტანდა.კიდევ კარგი,წინა კვირას იშოვა ცოტა და გადადო სვეტას დაბადების დღისთვის.მარკეტისკენ დააპირა გახვევა,პური რომ გაეყოლებინა სახლში.ჩასცდა თუ არა თავისუფლების მოედანს,კაცმა გაუქნია ხელი.გახარებულმა რობერტამ გაუჩერა.მამაკაცმა მანქანის უკანა კარები გამოაღო და დაჯდა.რობერტა მიბრუნდა კლიენტისკენ.

-საით ჯიგარო?

-აეროპორტისკენ.

-რამდენს გადაიხდი?

-მოვრიგდებით.შენ,მთავარია სწრაფად წამიყვანე.

-მოსულა.მაგრამ ,იცოდე 30 ლარია ტარიფი აქედან აეროპორტამდე.თუ არა გაქვს, 25 ლარადაც წაგიყვან.

-50 ლარს მოგცემ,ოღონდ სწრაფად წამიყვანე.ჰო მართლა,გზაში ერთი მეგობარიც უნდა ავიყვანოთ.მოსულაა?

- მოსულა.

გახარებულმა რობერტამ მანქანა დაძრა.

                                                                  6

   მაყურებელი ოვაციებით აცილებს აჩი ცინცაძეს .ყველა მილე გეწაძის გამოსვლას ელოდება. სცენაზე ბალეტის ხელმძღვანელი გამოდის.ქალბატონ აზას მიკროფონი ახლოს მიაქვს სახესთან.მაყურებელი გატვრენილი ელოდება მილე გეწაძის გამოსვლას,აზა ახველებს და აკანკალებული ხმით იწყებს საუბარს: „ ქალბატონებო და ბატონებო,ძვირფასო საზოგადოება,მწუხარებით გაუწყებთ,რომ ჩვენი პრიმა,მილე გეწაძე ამ საღამოს სცენაზე ვერ გამოვა.ის შეუძლოდ გახდა.მილე გეწაძე და ჩვენი თეატრის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით ამ გაუთვალისწინებელი,ჩვენგან დამოუკიდებელი ინცინდენტის გამო. მაყურებელს შორის ჩურჩული ატყდა,რომელიც მალე გუგუნში გადაიზარდა.სცენაზე ფარდა ეშვება.

  მილე გეწაძის საგრიმირიოროსთან ჩოჩქოლია.ვიწრო კორიდორში მსახიობები ირევიან.ყველა დაბნეული და შეშინებულია. სასწარაფო დახმარების ექთანი წამლების ყუთს ხურავს, ექიმი მობილურზე საუბრობს.“

-დიახ,32 წლის ქალი,სავარაუდოდ მკვლელობაა.ყელი აქვს გამოჭრილი.პოლიცია უკვე აქ არის.“

  სავარძელში ახალგაზრდა,ლამაზი ქალის გვამია.ის ჩამოჩოჩებულია სავარძლიდან,თავი გვერდზე აქვს მიტრიალებული და ხელები აქეთ-იქეთ აქვს გადაყრილი.ქალს საბალეტო კოსტიუმი აცვია,რომელიც სისხლით არის მოთხვრილი.

  ორი პოლიციელი კორიდორის გათავისუფლებას ცდილობს.მსახიობები ნელ-ნელა ემორჩილებიან პოლიციელების მოთხოვნას და საგრიმირიორებში შედიან.

                                                                      7

  გაბრო სამზარეულოში ზის და ყავას სვამს.ცოლი გაზქურასთან დგას და ყიყლიყოებს წვავს.

-მაკა,მოდი ყავა გაგიცივდება.

- მოიცა,ვამთავრებ.

-აი ,რისთვის ეწვალები?დათკა მაინც არ ისაუზმებს.

-იქნებ შეჭამოს ერთი ცალი.შაურმას არ ჯობია?

-გუშინ გვიან მოვიდა?

-2 საათამდე ველოდი.მერე ჩამეძინა ტელევიზორთან.ვიგრძენი როგორ მაკოცა.

-დედიკოს ბიჭი!

-ეხლა შენებს ჰკითხე,“ზედგამოჭრილი გაბროაო.“

-ნუ მაცინებ.ღმერთმა დაიფაროს.სწავლის გადასახადი შეუტანე?

-კი,გუშინ.

-ამათი დედა ვატირე.

-კარგი ახლა.

-რა კარგი,ფული რომ არ გადაგვეხადა,გამოცდებზე არ დაუშვებდნენ თვე-ნახევარი რომ ეცლიათ,სადმე გაიქცეოდა მეოთხე კურსიდან?

-ასეთი წესია.

-ჰოდა,მაგათი წესის დედაც.

-ნუ დაიწყებ ახლა თავიდან.შენ ის მითხარი,დღეს რა გეგმები გაქვს.

-დღეს პარასკევია,სამზე სახლში ხარ,შენს მოსვლამდე დავიძინებ და სამის მერე,ასე ხუთისკენ გავიდეთ სადმე.

-დათკას შევეკითხები,რომელ საათამდეა უნივერსიტეტში,თუმცა დღეს ფეხბურთია,შმაგისთან აპირებენ შეკრებას. 

-სულ იქ რატომ იკრიბებიან? სირცხვილია,ოჯახი ხომ წუხდება.

-შმაგის მამას პირიქით უხარია,ცოლი მეორე წელია უკვე,რაც იტალიაში წავიდა სამუშაოდ.

- რატომ კაცო?

-რა რატომ? შმაგის მამა შემცირებაში მოჰყვა.ცოლი სტილისტად მუშაობდა ვარკეთილში.ვეღარ გააწვდინეს ოჯახს.ბიჭის სწავლის გადასახადი,გოგოს ღარიბი ოჯახი შეხვდა,ორი შვილი გააჩინა.

-შმაგი რატომ არ მუშაობს?

-მუშაობს კურიერად ფოსტაში.მერე რა? ჩვენი დათკაც მუშაობს.გვინახავს მისი ხელფასი?ხელფასზე გამახსენდა.ორშაბათს იქნება პასუხები.

-ანუ, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი რომ მოგენიჭა,ორშაბათს გაიგებ?

-კარგი რა,დამცინი?ჯერ არ ვიცი.

-რას ჰქვია,არ იცი,? რაც შენ ღამეები ათენე.

-ვნახოთ.

-რესტორანი ჩემზეა.

-შენს პირს შაქარი.

-რატომ თაფლი არა?

-ხომ იცი,რომ თაფლზე ალერგია მაქვს.

-იმიტომ აღარ გვიცხობ „მედოკს“ ხომ?

-ამ შაბათ-კვირას გამოგიცხობთ.

-სიტყვაზე გიჭერ.

- შენ ეს მითხარი,მართლა სახლში ხარ დღეს?

- კი-მეთქი.

- ვიცი მე შენი „კი“ გახსოვს წინა პარასკევი?

-საგანგებო სიტუაცია იყო.

-იმედია,დღეს არ გაიღვიძებს თბილისის ყველა დამნაშავე ერთად.

-მაკა,“ოქროს წესი“.

- ჩემი ქმარი არ ლაპარაკობს სამსახურის შესახებ სახლში.კარგი,წავალ, ჩავიცვამ.

  გაბროს მობილური რეკავს.ის ფინჯანს დგამს მაგიდაზე, ტელეფონის ეკრანს დასცქერის და პასუხობს.

-გისმენთ ბატონო პოლკოვნიკო.კარგით.ჩავიცვამ.რეზო უკვე იქ არის?მაქსიმუმ ნახევარი საათი.გასაგებია....პირდაპირ ..იქ მივალ.

 

                                                                 8

   არაყიშვილზე,კორპუსის მეოთხე და მესამე სართულებს შორის,კიბეზე ხანშიშესული ქალის გვამია დაგდებული.ხელის მაჯაზე  სახელური აქვს დახვეული,რომელზეც პატარა ძაღლია გამობმული.ძაღლი წრიალებს,წკმუტუნებს ,ყეფს და სახელურის აძრობას ცდილობს თავიდან.ქალს ყელი აქვს გამოჭრილი.გვამის ირგვლივ ხალხია შეკრებილი.მოხუცებული ქალი მიცვალებულთან იჩოქებს და მოსთქვამს.

-ჩემო თათა,ჩემო მეგობარო,მაინც გამასწარი არა, შე მოღალატე!ვის რა დაუშავე ჩემო გოგო?!ვინ ჩაიდინა ეს?!ეხლა რაღა მეშველება?..მოხუცებულ ქალს ახალგაზრდა ბიჭი აყენებს.

-არ შეიძლება ციცო ბებია,არ მიეკაროთ,ანაბეჭდები წაიშლება!

-ცხოვრება წაიშალა თემო, ბებო.ანაბეჭდები ვის რად უნდა აწი?ვინ გამიცოცხლებს ჩემს თათას?

                                                                  9

  თამუნამ მობილური საწოლზე დააგდო,სიგარეტი აიღო და ფანჯარასთან მივიდა. საძინებლის კარებზე კაკუნია.თამუნა კარებისკენ შეტრიალდა.კარები გაიღო და შუახნის ქალი შემოვიდა ,მტვერსასრუტით ხელში.

-შემოდი ,გულო დეიდა!

- ყველაფერს მოვრჩი ,თქვენი საძინებლის გარდა.

-არ არის საჭირო,ხვალ დაალაგეთ,საწოლს მე თვითონ ავალაგებ,ძიძა მოვიდა?

- კი აქ არის.ნუკის აცვამს.

- დამავიწყდა,რა უნდა მეკითხა.

-არა უშავს შვილო,ხვალ იყოს.

-რა უნდა იყოს ხვალ?

-აი მერიდება.

-თქვით გულო დეიდა.

-დღეს,უფროს შვილიშვილს დაბადების დღე აქვს და ბატონი ვანო შემპირდა, ორი კვირის ხელფასს წინასწარ მოგცემო.

-არაა პრობლემა.

თამუნა კომოდთან მიდის და ზარდახშას ხსნის.იღებს ფულს,თვლის და გულოს აწვდის.

-გაიხარე შვილო.უფალმა დაგლოცოს ბატონ ვანოსთან ერთად.მადლობა და კიდევ მადლობა!

  გულო იატაკზე დადგმულ მტვერსასრუტს იღებს და კარებისკენ მიდის.თამუნა საწოლთან ჯდება და ტირილის იწყებს.გულო ტრიალდება,მტვერსასრუტს ისევ იატაკზე დგამს და თამუნასთან მიდის.

-რა მოხდა შვილო?

-არ ვიცი რა ვიფიქრო გულო დეიდა.ვანოს ვურეკავ და არ მპასუხობს.

-მერე რა მოხდა? ალბათ არ სცალია,ან პაციენტი ჰყავს ,ან ოპერაციას აკეთებს.

- არა ,არა.წუხელ წავიდა ,სასწარაფო საქმე მაქვსო და მის მერე არ მინახავს.ალბათ ვინმე გაიჩინა.

-კარგი შვილო,რას ლაპარაკობ? შენნაირი ანგელოზივით გოგო აღირსა უფალმა ამ ასაკში.ბოდიში შვილო,არ მინდოდა.

-არაფერია,არაფერია...ჩემი დაქალებიც მაგით მამშვიდებენ,მაგრამ ფაქტია,წუხელ,12 საათის მერე არ მპასუხობს.აგერ უკვე 11 დაიწყო.თანაც გავიგე,რომ ქალმა დაურეკა წუხელ.

-შვილო ქალები დაურეკავენ პლასტიკურ ქირურგს,აბა რა იქნება? ალბათ,არ მოეწონა ერთ-ერთის ქმარს რამე და ბატონი ვანოც ასწორებს.

- არ ვიცი გულო დეიდა.საღამოს ცხრა იქნებოდა,სახლიდან რომ გავიდა.თანაც,როცა ოპერაციაზე შედის ,ექთანს უტოვებს ტელეფონს და ის მპასუხობს ხოლმე.მოკლედ,არ ვიცი რა ვიფიქრო.

- მის თანამშრომელს,აი ზურაბი რომ მოდის ხოლმე აქ,იმას დაურეკე

-ნომერი არ ვიცი.ვანო არავის ტელეფონს არ მაწერინებს.

-არც იმ ზურაბის ცოლის ნომერი იცი?

-არა,ხომ გითხარი!არავის ტელეფონის ნომერს არ მაწერინებს-მეთქი!

-კარგი ,შვილო დამშვიდდი,აი ნახავ სულ მალე მოვა ბატონი ვანო.

                                                                 10

  შიშველი თომასი იატაკზე ზის და თავი აქვს ჩაქინდრული ხელებში.ოთახის კარები იღება და ახალგაზრდა ბიჭი შემოდის.თომასი გახარებული დგება იატაკიდან და მისკენ მიდის.მერე ჩერდება და ხელებით ასოს იფარავს.ბიჭი საწოლისკენ იყურება.ოთახში მამაკაცი შემოდის და კარებს კეტავს.გაოცებული თომასი ჯერ კაცს უყურებს,მერე ბიჭს და ისტერიულად იწყებს ყვირილს.

-ნიკ!ნიკა!რა ხდება? აქ როგორ აღმოვჩნდი? ეს კაცი ვინ არის?ეს გოგო საიდან?ის მკვდარია.

  კაცი უახლოვდება თომასს,ხელს ჰკიდებს, და საწოლისკენ მიჰყავს.მერე,ბეჭზე ადებს ხელს და ძალით სვამს საწოლზე.კაცი სწრაფად იღებს დანას ჯიბიდან,თომასს თმებში ექაჩება ,თავს უკან აწევინებს და დანას ყელში აბჯენს.

-ჩუმად!ჩუმად!ნუ ყვირი!აქ შენი არავის ესმის,ვიცი ქართული კარგად იცი.თუ იმას არ გააკეთებ,რასაც გეტყვი,შენი საქმე წასულია ,გასაგებია?..

-რა გინდათ ჩემგან? ნიკა,უთხარი ამ კაცს თავი დამანებოს,ის აშკარად გაუგებრობაშია.

-გაუგებრობაში მე კი არა,შენა ხარ სირო!.შარში ხარ,მაგარ შარში!ახლა კარგად მომისმინე. ორ საათში საელჩოში უნდა იყო ხომ? ცოტა დრო გვაქვს,ამიტომ კარგად მომისმინე გაიგე?!

-გავიგე,მაგრამ მე გოგო არ მომიკლავს!მე და ნიკა გუშინ კლუბიდან ერთად გამოვედით,ტაქსში ჩავჯექით და ...

-მერე?

-მერე არ მახსოვს,მაგრამ გოგო ჩვენთან ერთად რომ არ ყოფილა,კარგად მახსოვს.

- ბორდელში წახვედი,გოგო მოხსენი და აქ მოიყვანე.მოკალი და ახლა ნეხვში ხარ.აი,ასე იყო ყველაფერი.

-ტყუილია.

-საიდან იცი? შენ ხომ არ გახსოვს?

-არ მახსოვს,მაგრამ, გოგო არ მომიკლავს,

-თითის ანაბეჭდებს რა ვუყოთ? ბორდელის მამაშას ჩვენებას რა ვუყოთ? ან ტაქსის მძღოლის ჩვენებას.და ბოლოს, ამ დანას რა ვუყოთ?

-ის თქვენია,თქვენ გიჭირავთ ხელში!

-ის შენია და მე ავიღე!

თქვენ ვინ ხართ? ..გამომძიებელი?..პოლიციელი?...

-როგორც იქნა, ჩვენი ჰოლანდიელი ბიჭი აზრზე მოვიდა.შენი ძმაკაცი კი ამბობდა,“ღლე“ არისო,მაგრამ ბოლომდე არ მეჯერა.

                                                               11

  რობერტა უკვე აეროპორტის ტრასაზე მიჰქროდა კარგ ხასიათზე.საერთოდ არ ელოდა,რომ ეს თარსი დღე ასე დამთავრდებოდა.კლიენტს ტელეფონზე ლაპარაკი არ შეუწყვეტავს,რაც მანქანა დაძრა თანაც რობერტას უთხრა:

მაგნიტოფონს არ ჩაუწიო,მე მაინც ყურსასმენებით ვსაუბრობო.აი აეროპორტიც გამოჩნდა.კლიენტი მძღოლისკენ გადმოიხარა უკანა სავარძლიდან და მხარზე დაადო ხელი.რობერტამ მაგნიტოფონს ჩაუწია.

-ჯიგარო,გეგმები შეიცვალა,მეგობარი ვერ ასწრებს .აი ის.. მე რომ გითხარი გზაში ჩავისვამთქო,

-არაუშავს,გავაჩერო,დაველოდოთ?

-არა!ის სხვა რეისით მიფრინავს.ორი საათით გვიან,მე და მამამისი ძმაკაცები ვიყავით,შვილი დარჩა,კარგი ბიჭი დადგა,დიდიხანია არ გვინახავს ერთმანეთი,ვიფიქრეთ,ერთი საათი გვექნება რეგისტრაციამდე,დავსხდებით აეროპორტში და ვიჭუკჭუკებთო,მაგრამ ვერ ასწრებს.

-არაუშავს,ასეც ხდება.

-იცი რა ვიფიქრე? თუ გცალია,მე რომ მიმიყვან,შენ წამოიყვანე ბიჭი აეროპორტში.რაღა სხვამ იხეიროს?მე ვუთხარი ჯიგარი კაცია,ნაღდი თბილისელი,სოფლიდან ჩამოხეტებული არ გეგონოს-მეთქი.თანაც,მაყუთზე საუბარი არა აქვს.იმასაც ეჩქარება.

- ვახ,შენ გენაცვალე!ეს რა კარგი დღე მაქვს.სად ჯანდაბაში მეჩქარება.ცოლს კი არა შვილიშვილებსაც არ ვუნდივარ უფულო სახლში ,რომ მივდივარ,ფეხსაცმლის გახდასა და ხელ-პირის დაბანას არ მაცლიან კაცო.ჯიბეებს ჰაერში მიწელავენ მაიმუნები...

-აი ,მოვედით კიდეც.

-გამომართვი.შენი ტელეფონი მითხარი.ბოლოში რვა? კარგი.შენ ახლა ორხევისკენ გაეშვი და ჩემი ძმაკაცის ბიჭი დაგირეკავს!

-გაიხარე მადლიანო,მადლობა!

                                                                12

  ბებე და მაიკლი პოლიციელის წინ დგანან.მაიკლი ბებეს უკან სწევს ხელით და პოლიციელს წინ უდგება.

-გაიგეთ,ბატონო პოლიციელო,მილე ჩემი საცოლეა,ვერ გავიგე რა სჭირს.ზოგი იძახის „გული წაუვიდაო ,ზოგი ამბობს“მოკლესო“.მე ის უნდა ვნახო.თუ ის ცოცხალია,პოლიცია რას აკეთებს აქ?არა,თქვენ უნდა გამიშვათ,თქვენ არ იცით ინგლისური?

-ვიცი, არ შეიძლება,ვერ გაგიშვებთ! ახლა,ქალბატონი მილეს საგრიმიოროში სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

-თქვენს უფროსს დაუძახეთ!

-ნუ ყვირით,დაწყნარდით!

  ოთახის კარები გაიღო და გეწაძის საგრიმიოროდან გაბრო შემოვიდა,ის პოლიციელთან მივიდა,რომელიც მაიკლის დაშოშმინებას ცდილობდა.

-რაშია საქმე ოფიცერო?

- ბატონო კაპიტანო!მოქალაქე არ მემორჩილება,აცხადებს,რომ ის გარდაცვლილის საქმროა,

  „გარდაცვლილის?“,შეჰყვირა მაიკლმა,რამოდენიმე წამით გაშეშდა,პოლიციელს მიაჩერდა.რა თქვით,გარდაცვლილი?-მერე,ხელები თავში წაიშინა,ბებე ხმამაღლა აქვითინდა,მაიკლთან მივიდა და ჩაეხუტა.გაბრომ ცოტა მოიცადა და მერე,ახალგაზრდებს მიმართა.

-გამარჯობათ.თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი,გაბრიელ გაბრიელაშვილი!

-გამარჯობა,მე კარგად არ ვიცი ქართული,დეტექტივი სწორად გავიგე?

-ბებე!არ მესმის, გადაუთარგმნე სად არის მილე?

  ბებემ ცრემლიანი ლოყები ხელის გულით მოიწმინდა.

-გამარჯობა,მე მილეს მეგობარი ვარ,ეს მისი საქმროა,მას მაიკლი ჰქვია,ის ჰოლანდიელია და ქართული კარგად არ იცის.სად არის მილე? რა მოუვიდა?

-ძალიან ვწუხვარ,მილე გეწაძე გარდაცვლილი იპოვეს თავის საგრიმიოროში.

-რა?.. მილე?... რა უაზრობაა.არ არსებობს!ალბათ, რაღაც გეშლებათ!

-სამწუხაროდ, ასეა.

- ღმერთო,ალბათ ეს სიზმარია.

  მაიკლი ბებეს ორივე ხელით აჯანჯღარებს.ბებე ტირილით უთარგმნის მაიკლს გაბროს ნათქვამს.მაიკლი ყვირის“-

-მილე!... ა

ამ დროს,საგრიმიოროს კარები იღება და პოლიციელებს გამოაქვთ საკაცით გვამი.გაბრო მათ აჩერებს. უკანა გასასვლელით გადით! ეუბნება იგი პოლიციელებს,მაიკლი ცდილობს საკაცესთან მივიდეს,გაბრო მას იჭერს,ძალით მიჰყავს კორიდორის მეორე მხარეს.ბებე უკან მიჰყვება მათ.

                                                                13

  გაწვიმდა.პატრულის ეკიპაჟი,მირცხულავას ქუჩაძე მდებარე პლასტიკური ქირურგიის ცენტრის მანქანების სადგომზე მივიდა.ოთო მანქანიდან გადმოვიდა და შავი „ტოიოტა ქამრის“ მარკის მანქანის ირგვლივ შეჯგუფებული ადამიანებისაკენ წავიდა. როდესაც მანქანას მიუახლოვდა,მიესალმა ყველას და სთხოვა,რომ მანქანას მოშორებოდნენ,მერე შეტრიალდა პატრულის მანქანისკენ და გოგას ანიშნა,რომ მოსულიყო.ოთომ მანქანას შემოუარა,ხელთათმანები ამოიღო და ჩაიცვა.ამ დროს გოგაც მოვიდა.ოთომ მანქანის კარები გააღო, საჭესთან შუა ხნის მამაკაცი იჯდა,მას თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული,ყელზე ნაიარევი ეტყობოდა,ოთომ პულსი გაუსინჯა მამაკაცს, ის მკვდარი იყო.

                                                                 14

     როგორც კი ორხევს მიუახლოვდა,რობერტას მობილურმა დარეკა.

-გისმენთ! კი, მე ვარ ჯიგარო!.მოვედი უკვე...სად დგეხარ? აა,...გასაგებია...

  წვიმამ მოუმატა.რობერტამ მანქანა ბიჭის წინ გააჩერა.ბიჭმა მანქანის კარები გამოაღო და უკანა სავარძელზე დაჯდა.რობერტა მისკენ მიტრიალდა.

-გაუმარჯოს კაცურ კაცს.ბაგაჟი მე ჩავდო?

-რა?

-ბაგაჟი კაცო,ხო აეროპორტში მივდივართ?

-ხოოო,აეროპორტში,ბაგაჟი არ მაქვს,დაძარი მანქანა,მაგვიანდება!

-ეხლავე, ჯიგარო.აი,დავიძარით კიდეც,უცნაური პასაჟირები წამოვიდნენ აი...

-რატომ?...

-აი მამაშენის ძმაკაცსაც არ ჰქონდა ბაგაჟი.

-მერე რა?უნდა ჰქონოდა?

-მა არ უნდა ჰქონოდა კაცო?სხვა ქვეყანაში მიფრინავ,ან „ნასკი“ გინდა,ან „ტრუსიკი“,თუმცა რა ჩემი საქმეა.

-შენ რა დაკვირვებული ყოფილხარ.

-რაც არი არი ჯიგარო.სულ ვიცი როგორი კლიენტი მიჯდება მანქანაში.

-ჩემზე რას იტყვი?

-კარგი ბიჭი ჩანხარ!

-ახლა აფერისტობას შეეშვი.

-რას ამბობ ჯიგარო?

-რა შემატყვე კარგი კაცობის?

-აბა რა ვიცი,ჩემმა გულმა დაგინახა.

 -კარგი,კარგი...აი წინ მიაჩერე.

-სადა კაცო,აქა?...ტყესთან?...

-ჰო რა.

-აა,...შეგაწუხა?

-შენ რა მაგარი მასტი ხარ,როგორ ყველაფერს ხვდები.

- აბა რა ვიცი ჯიგარო.ჩემს ცოლს რომ ჰკითხო,უმარილო ტოლმა ვარ,მოიცა, ტრასიდან გადავიდე. ბუჩქებიც აქვეა....

-ცოტა კიდე მიდი.

-აი ჯიგარო.მიდი,მოსაცილებელი უნდა მოიშორო.

-ეგ მართალია.

- მოიცა, იქ მანქანა დგას.

-არა უშავს,ალბათ, იქაც გაუჭირდათ.

  ბიჭმა რობერტასკენ მიიწია უკნიდან და უცბად ვიწრო თოკი გადმოაცვა მას თავზე.რობერტა ვერ მიხვდა ,რა ხდებოდა. ხელებით სცადა ზონრის აძრობა კისრიდან,მაგრამ ვერ შესძლო,ბიჭი იქამდე უჭერდა,სანამ არ გაგუდა.მერე ზონარი გადააძრო კისრიდან რობერტას,ხელთათმანიანი თითით პულსი გაუსინჯა კისერზე და მანქანიდან გადავიდა.მან ირვლივ მიმოიხედა და მოშორებით მდგარი მანქანისკენ წავიდა.

                                                              15

  ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსის,ტარიელ გვაზავას კაბინეტში ორი ადამიანი საუბრობს.გვაზავა სავარძლიდან დგება,მაგიდასთან მიდის და გაბროს წინ ჯდება.

-გაბრო,დელიკატური სიტუაციაა.მოკლულს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.ზევიდან უკვე დამირეკეს,საელჩოა ჩარეული.

- გასაგებია,ბატონო პოლკოვნიკო.სადაცაა რეზო? .

-მოვა და თვითმხილველების ჩვენებებს მოიტანს!

- რაიმე მოსაზრება გაქვს უკვე?

- ჯერ არა.მხოლოდ პუანტები...

-რა?

-პუანტები.

-ეს კიდევ რა არის?

-ფეხსაცმელები,რითაც ბალეტს ცეკვავენ.

-ბალეტშიც ერკვევი?გადამრევ მე შენ.

- რას ვიზამთ ბატონო ტარიელ.

-კაცი ვბერდები და ბალერინას მკველობის საქმე ჯერ არ მინახავს.

-მაინც რას ფიქრობ მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა?

-სანამ სამხარაული დასკვნას არ დადებს,ხომ იცით,არაფრის თქმა არ შეიძლება.

-მორჩი გაბრო რა!...ორივემ ვიცით,რომ შენ არასოდეს არ ცდები...

-მკვლელობაა!თანაც სავარაუდოდ, მსხვერპლი იცნობდა მკვლელს,ბრძოლის არანაირი ნიშანი არ იყო საგრიმიოროში.

-ეს სიფრიფანა ბალერინებიც პეპლებივით არიან, რა წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო?

-არ ვიცი,შეიძლება თქვენც მართალი ხართ.

კარგი.რეზო ხომ არ იგვიანებს?მართლა,რა უნდა მეკითხა.

-რა აზრის ხარ რეზოზე? ღირს დატოვებად?

-კარგი ბიჭია.დაუზარელი.

-ეს მეც ვიცი.შენს ხელში დაუზარელი იქნება აბა რა....

-არა ბატონო ტარიელ,თვითონ არის მოწადინებული, თქმაც არ უნდა ყველაფერი აინტერესებს,რაც მთავარია,ჩვენი საქმე უყვარს.

-ვიღაცას მაგონებს.ნეტავ ვისი? კარგი,კარგი,ამხელა კაცი ხარ და კიდევ ვერ მიეჩვიე ქებას.

-გაფუჭება იცის.ეს თქვენი სიტყვებია.

-კარგი,მოვრჩეთ ჭორაობას.

-მოკლედ,იცი,ზევიდან,ქვევიდან, გვერდიდან,ყველაფრიდან და სუყველასგან შემიკიკინეს,რაც მალე, მით უკეთესი ყველა და ყველაფერი შენს განკარგულებაშია,აღარ მოგაცდენ.

   გვაზავა სკამიდან ადგა და გაბროც იმ წუთს წამოდგა.

                                                                   16

  უცნობი მამაკაცი და ნიკა გავიდნენ ოთახიდან.თომასი თავჩაღუნული ზის საწოლზე.ის თავს წევს და ქალის გვამს უყურებს, მერე საწოლიდან დგება,კარებთან მიდის და უბრახუნებს ორივე ხელით.კარების სახელური დაბლა იწევა და მამაკაცი შემოდის ოთახში.

-რაო,მოხვედი აზრზე?

-რა გინდათ ჩემგან?

-ეს უკვე სხვა ბაზარია.დავიწყოთ თავიდან.თომას ვან ლეევი,ჰოლანდიის მოქალაქე,ცხოვრობ ჰოლანდიაში,ქალაქ ტილბურგში.ქუჩის,სახლის,მამაშენისა და ძაღლის სახელიც კი ვიცით.6 წელია თბილისში,ჰოლანდიის საელჩოში მუშაობ ტექნიკური სამსახურის უფროსად.უკვე ერთი წელია რაც გიყვარს ეკა ბზიკაძე,საელჩოს თარჯიმანი.ჯერ არ აპირებდი მის ცოლად მოყვანას,მაგრამ ახლა აპირებ! მიზეზი?... რა თქმა უნდა ორსულობა. გამორჩეულად გიყვარს აჭარული ხაჭაპური,უარს არ ამბობ ჭაჭაზე,მაგრამ არ მოგწონს ღვინო.გავაგრძელო?

-პოლიციას არ გაუჭირდებოდა ამ ცნობების შეგროვება.

-„ღლეო“,აზრზე მოდი! მე პოლიციიდან არ ვარ!

-აბა,საიდან ხართ?

-აი იქედან... შენი მომავალი ცხოვრებიდან...,თუ არ გააკეთებ ყველაფერს ისე,როგორც გეტყვი,იცი რა მოხდება?

-რა?

-ტილბურგში,შენი ბინა მამაშენითა და მისი ძაღლით ჰაერში აიწევა,შენს ორსულ ეკას ,ღორივით გამოჭრიან ყელს და ჩიტაძეზე,ნაქირავებ ბინაში,“ხაზეიკა“ იპოვის....გავაგრძელო?

პასუხი არ მესმის.

-არა.

-ჰოდა ასე!ახლა გავდივართ ოთახიდან,შევდივართ სააბაზანოში.იბან და ნიკასთან ერთად ჩიტაძეზე მიდიხარ სახლში.შენმა ეკამ ააფეთქა ტელეფონი,მერე მიდიხარ საელჩოში და ჩვეულებრივად იქცევი.როგორც კი შევამჩნევთ რამეს და ჩვენ აუცელებლად შევამჩნევთ იმიტომ,რომ საელჩოშიც ჩვენი ადამიანი გვყავს,პოლიციაშიც,მერე.... გავაგრძელო?...

-არა.

-ნიკა მოგცემს ტელეფონს.შენ არ სარგებლობ მაგ ტელეფონით,მხოლოდ მე გირეკავ,ან ნიკა, შენი საკუთარი ტელეფონი ისმინება! ეკასიც..მესიჯებზე აღარ არის ლაპარაკი... „ვაიბერი,““მესენჯერი““,ტელეგრამი“,“ვატსაპი““ლინკედინი „და მაგდაგვარი სირობები, ყველაფერი კონტროლზეა.შენი ოთხი მეილიც კი.რაო?რას იძახი?...ხმამაღლა თქვი...

-ნიკა!...რატომ?

- შეეეშვი რიჟა ბაზარს! რატომ? რისთვის? შენ რა გგონია,? ეკა ტყუილად ჩაგიგორდა?..

-ეკა?

-ჰო, ეკა.რა გაგიკვირდა.მოკლედ,დამღალე! ახლა მაინც მიხვდი სად ხარ?

-უკანალში.

-დაგენაცვლე კულტურაში, ჰოდა, მაგ ადგილას ბნელა, შუქი რომ აინთოს,ყველაფერი ისე უნდა გააკეთო,როგორც გეტყვი და გამოძვრები მანდედან, სუფთა და ბედნიერი.გასაგებია?

-გავიგე.

-ჰოდა,ასე ჯობია!