ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიკვდილის ჰანგები

სიკვდილის ჰანგები

                                                           სიკვდილის ჰანგები

 

                                                             თავი 1

          ერთი წლის წინ ჩემი ისტორიის თხრობა რომ დავასრულე, გითხარით, ვინ იცის, იქნებ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს-მეთქი, გახსოვთ? თავს უფლებას ვერ მივცემ დავიჯერო, რომ მთელი ეს დრო სულ ჩემზე ფიქრობდით და არაფერი დაგვიწყებიათ, ამიტომ, მოდი, ჩემი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს შეგახსენებთ.

           მე ანასტასია კაიშაური ვარ. ერთ სრულიად ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ დღეს დაბადებული გოგონა, რომლის დაბადებასაც ძმებისგან განსხვავებით და დის მსგავსად, დიდი სიხარული არავისთვის მოუტანია. ქალი, რომელსაც ოჯახსა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის იმაზე ორჯერ მეტმა ბრძოლამ მოუწია, ვიდრე კაცებს უწევდათ. პროფესიით დეტექტივი ვარ და ორი წლის წინ მუშაობა საკმაოდ პრესტიჟულ კომპანია - “თემისში” დავიწყე. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმის სცენარად გადაქცევის პროცესი. სისხლიანი გვამის პოვნით დაწყებული სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვით დამთავრებული ყველაფერი გამოვიარე. საბედნიეროდ, იმ საშინელმა დღეებმა სულ ისე არ ჩაიარა, რომ კარგი არაფერი დაეტოვებინა. თუმცა, “არაფერი” კი არა “არავინ”. ვგულისხმობ ივა ხოშტარიას- ჩემს მეგობარ მამაკაცს და ცხოვრების მეგზურს, რომელთან ერთადაც უკვე წელიწადზე მეტია სარეცელსა და ცხოვრებისეულ სირთულეებს ვიზიარებ. მე და ივას პატარა ოჯახი გვყავს, რომელსაც ჩვენ გარდა ჰექტორი და ტომასინა შეადგენენ. არ გეგონოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქვიათ ასე. არა, შვილები საერთოდ არ გვყავს, ჰექტორი და ტომასინა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან. სხვათაშორის, ჰექტორი იმ კაცის ძაღლია, რომელსაც ჩემი ცხოვრების ზემოთხსენებული ეტაპის განვითარებაში, კერძოდ კი, ფილმის სიუჟეტად ქცევაში, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ვიცი, ცოტათი დაიბენით და მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, მაგრამ ეს გრძელი ამბავია, ასე რომ მასში საფუძვლიანად გასარკვევად უმჯობესია ჩემი პირველი წიგნი წაიკითხოთ. მე კი მანამდე მეორის თხრობას შევუდგები, რომელიც იმ რამდენიმე თვეზე გიამბობთ, სიმძაფრითა და მოულოდნელობებით ორი წლის წინ განცდილ დღეებს რომ არაფრით ჩამოუვარდება.

   მაშ ასე….  

                                                           თავი 2

    ივნისი იდგა. ზაფხულის ყველაზე გრილი და სასიამოვნო თვე. მე და ივა რაჭაში მივდიოდით და გზად ამწვანებული ხეებისა და დიდებული მთების ყურებით ვტკბებოდით. განსაკუთრებით კარგ გუნებაზე ვიყავით, ან კი რატომ არ ვიქნებოდით? ურთიერთობა არაჩვეულებრივად მიგვდიოდა, თანაცხოვრება დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. სამსახურშიც და ფინანსურ საკითხებშიც ყველაფერი ისე კარგად იყო, რომ თავს პატარ-პატარა სიამოვნებებით უპრობლემოდ ვინებივრებდით. რაჭაში ერთი კვირის გატარებაც ერთ-ერთი ამ სიამოვნებათაგანი იყო, რომლითაც სამსახურში ჩემი დაწინაურება აღვნიშნეთ. სუფთა ჰაერზე დასვენება და მშვენიერი ბუნებით ტკბობა ორივეს ძალიან გვინდოდა. ერთადერთი რაშიც ვერ ვთანხმდებოდით ის იყო, თუ სად უნდა გვეცხოვრა. მე კომფორტული სასტუმრო მინდოდა აუზით, სპა-ჯაკუზებითა და შვედური მაგიდით. ივა კი ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მისთვის რომ გეკითხათ, რაჭის მთებში დასვენების უმთავრესი ხიბლი სწორედ სოფლის ატმოსფეროსა და ცივილიზაციისგან შორს ყოფნა იყო. მამლის ყივილის ხმაზე გაღვიძება, ნამდვილი რაჭველი დიასახლისის გამომცხვარი ლობიანებით საუზმე (ლორის გარეშე, რადგან უკვე სამი თვე იყო, რაც მე და ივა ვეგანები გავხდით), ბაღში დაკრეფილი პიტნის ჩაი და ხიდან მოწყვეტილი პანტა-ვაშლი. ზეთისხილის სენდვიჩი, ნუშის ტორტი და კენკრის მოჰიტო პარიზშიც საკმარისად მივირთვითო, გამომიცხადა. ვეღარ შევეკამათე, რადგან ლოგიკაც და ჭეშმარიტებაც მის მხარეს იყო. შვედური მაგიდით ტკბობა საზღვარგარეთ ყოფნისასაც შემეძლო, სამშობლოში კი უკეთესი იქნებოდა სოფლის იშვიათი სიმყუდროვით დავმტკბარიყავი, მიუხედავად იმისა, რომ დილის შვიდ საათზე მამლის ყივილით (ან სხვა ნებისმიერი საშუალებით) გაღვიძების იდეა, ნამდვილად, არ მხიბლავდა.

       რაჭაში შუადღის სამი საათისთვის ჩავედით. ივას ზუსტად ისეთი სახლი ეპოვა როგორიც უნდოდა. სოფელი, რომელშიც უნდა გვეცხოვრა ონსა და ამბროლაურს შორს, მაღალმთიან რეგიონში მდებარეობდა. ჩვენი საცხოვრებელი კი ისეთ ადგილას იყო, რომ გვერდით არაფერი გვქონდა ხეებისა და მთის ხედის გარდა. ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც სახლი ერთი კვირით მოგვაქირავა, ბარში, ოცი წუთის სავალზე ცხოვრობდა. საღამოსთვის ვახშამი დაგვიტოვა და დაგვპირდა ხანდახან ცხელ-ცხელ ლობიანებს ამოგიტანთო. გულწრფელი მადლობა გადავუხადეთ, თანხის ნახევარი წინასწარ გადავუხადეთ და ნივთების ამოლაგებას შევუდექით. სანამ ივა საბარგულიდან ჩანთებს იღებდა იქაურობას სწრაფი მზერა კიდევ ერთხელ შევავლე. ირგვლივ მართლა არაფერი იყო ტყის გარდა. ასეთ უკაცრიელ ადგილას პირველად ვიყავი, თუ რა თქმა უნდა, იმ ავადსახსენებელ ღამეს არ ჩავთვლით, თავის გადასარჩენად სისხლით მოსვრილი რომ გადავხტი მდინარეში. (ესეც გრძელი ამბავია და თუ დაგაინტერესათ, ჩემი პირველი წიგნი წაიკითხეთ). უეცრად, უსიამოვნო ფიქრებმა მომიცვა.

-ივა, დარწმუნებული ხარ რომ აქ დარჩენა უსაფრთხო იქნება?

-საშიში რატომ უნდა იყოს?- გაეცინა და დიდი ჩანთა მხარზე გადაიგდო.

-რავიცი, რამე რომ მოხდეს და შველა დაგვჭირდეს, კაციშვილი არაა. არც სოფელია ახლომახლო. ყველასა და ყველაფრისგან შორს ვართ.

-კარგი რა, რისი გეშინია. ხუთი წლის ასაკიდან საბროლო ხელოვნებას ეუფლები!

    აი, ამიტომ მიყვარს ივა. ათიდან ცხრა მამაკაცი მის ადგილას ამაყად გაიფხორებდა და თავისი მასკულინურობის აფიშირება-მარიაჟობისთვის გაცვეთილ და გულისამრევად ბანალურ ფრაზას მეტყოდა:

-რისი გეშინია, მე აგერ არ ვარ?

         აი, ივამ კი ჩემი დამშვიდება ჩემივე სიძლიერის შეხსენებით სცადა. მერწმუნეთ, ქალის თანასწორად აღქმა დღევანდელ მამაკაცებში სანთლით საძებარი თვისებაა, მიუხედავად იმისა რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. არცერთი კაცი იმსახურებს განდიდებას მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი ელემენტარული და ბუნებრივი პრინიციპით ცხოვრობს, როგორიც გენდერული თანასწორობაა. კაცი, რომელიც საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და სხვა ნებისმიერ ადამიანს ისე ეპყრობა, რომ საკუთარი და რეალურად არ არსებული უპირატესობის განცდა არ ეუფლება განსაკუთრებული არ არის. ასეთი უნდა იყოს ყველა კაცი. ასევე, არც ის ადამიანია განსაკუთრებული, რომელიც თავს არავიზე მაღლა მდგომად არ მიიჩნევს. ასეთი უნდა იყოს ყველა ადამიანი და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ივა სწორედ ერთ-ერთი მათგანია. 

       ნივთების ამოლაგება დავასრულეთ თუ არა ტყეში სასეირნოდ გავედით. ივა ისეთი აღტაცებული ათვალიერებდა გაფოთლილ ხეებს და აყვავებულ ბუჩქებს, თითქოს მშვენიერი ბუნება არასდროს ენახა. სუფთა ჰაერითა და თვალისმომჭრელი ხედებით მეც ვტკბებოდი, მაგრამ ჩემი პარტნიორისგან განსხვავებით სიამოვნებას ჩუმად ვეძლეოდი. ყველაზე მეტად ერთი უცნაური მწვერვალი მომეწონა. თოვლით გადათეთრებულს გარს ამწვანებული ტყეები შემოჰკვროდნენ. რომ ვუყურებდი საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს ეს ულამაზესი მწვერვალი მაგიური ქმნილება იყო და მისტიკური ძალის შედეგად შექმნილი. არ ვიცი, ივაც იგივეს გრძნობდა თუ არა, რადგან მისი გონება მთლიანად ბოტანიკას გაეტაცებინა და ის უფრო აინტერესებდა დასავლეთის მაღალმთიან რეგიონებში როგორი ხეები ამოდიდა. მთელი სეირნობის მანძილზე ამაოდ ცდილობდა ფოთლების ტიპებითა და ბუჩქების თავისებურებებით დავეინტერესებინე. ჩემი ფიქრები იმ მაგიურ მწვერვალს არ ტოვებდა, ჯადოქრის ციხე-სიმაგრეს რომ მოგაგონებდათ. სეირნობაში დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი შევნიშნეთ, როგორ დავშორდით სახლს ძალიან დიდი მანძილით. ისე შორს წამოვსულიყავით, რომ შეიძლება მეზობელ სოფელში უფრო ადრე ჩავსულიყავით ვიდრე ჩვენს სახლში. ამ სიტუაციას კი ყველაზე მეტად ერთი გარემოება ამძიმებდა. ეს ყველაფერი მაშინ გავაცნობიერეთ, როცა უკვე დაბნელებას იწყებდა. სასწრაფოდ უკან გამოვბრუნდით, მე კი ისე საშინლად უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. რა გასაკვირია. რატომ უნდა დავრჩენილიყავი აღფრთოვანებული გადაკარგულ, უკაცრიელ ადგილას შუა ღამით ბოდიალით. აი, ივა კი, პირიქით, გზაში შემოღამების პერსპექტივით გახარებული ჩანდა. მისი აზრით, უდიდეს სიამოვნებას მივიღებდით მთვარის შუქზე მთებისა და ტყეების ყურებით. შევეცადე მისი აღტაცებული განწყობისთვის ცივი წყალი გადამესხა და ვუთხარი მთები და ტყეები ჩვენი სახლის ფანჯრებიდანაც მოჩანს, მთვარის შუქი კი ყველგანაა-მეთქი. ჩემს სიტყვებზე გაეცინა, მაგრამ ნაბიჯისთვის არ აუჩქარებია და იმდენი ქნა, რომ გზაში მართლაც დაგვაღამდა. მიუხედავად იმისა, რომ ზურგჩანთაში იარაღი, წიწაკის სპრეი, ელექტროშოკი და თავდაცვის სხვა საშუალებები გვეწყო პირველადი დახმარების ნივთებთან ერთად, მაინც ძალიან მეშინოდა. 

-ივა, არ მომწონს ეს ყველაფერი.- ვუთხარი და აქეთ-იქით შეშინებულმა კიდევ ერთხელ(უკვე მერამდენედ) მიმოვიხედე.

-რისი გეშინია?

-რაღა რისი? უსიერ ტყეში ვართ შუა ღამით, თანაც მარტოები.

-ჯერ ეს ერთი, ეს ტყე არც ისე უსიერია. დასახლებული პუნქტებიდან მაქსიმუმ ნახევარი საათის სავალზე ვართ დაშორებულები, მერე მეორეც ეს ხომ ამაზონის ჯუნგლები არაა, შავი კაიმანის ლუკმა გავხდეთ. არც აიდაჰოს ტყეებია, რომ გრიზლი დაგვესხას თავს.

-პატარა მგელი ან მურა დათვი რომ დაგვესხას თავს რითი მოვიგერიებთ?

-ამ ტყეებში მგლები და დათვები ნაკლებადაა. სოფლებთან ასე თუ ისე ახლოს ვართ, ზემოთხსენებული ცხოველები კი ტყის სიღრმეებში ბინადრობენ.

     ისეთი გამომეტყველება მივიღე, დარწმუნებული ვარ ცხადად მეწერა:

“ვაი, შენს პატრონს!”

-გამაგიჟებ რა, ივა. არ გამიკვირდება ოდესმე ზვიგენებით გავსებულ სანაპიროზე რომ მომიწყო რომანტიკული ვახშამი და იმის იმედად, ნაპირთან ახლოს არ მოვლენო, ღამე იქ ბანაობაც შემომთავაზო. 

-მშვენიერი იდეაა. - თვალი ჩამიკრა და ღიღინი დაიწყო.

-მასხარა ხარ! -ვუთხარი და ვითომ გაბრაზებულმა მხარზე მხარი გავკარი.

ნახევარ საათში, როდესაც მეორედ მივედით იმ ადგილას, რომელიც გვეცნო, მივხვდით რომ წრეებზე დავდიოდით. ივა იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ სახლის ახლომახლოსაც რომ არ ვიყავით, კეთილი ინება და შეშფოთდა.

-მგონი, გზა აგვებნა.

-“მგონი”- ვუთხარი აგდებულად და შევეცადე ისეთი სახით გამეხედა, ამჯერად, “კაი, ერთი!” რომ აღმბეჭდვოდა.

-მობილურიც არ იჭერს.

-მე საერთოდ დამიჯდა.

-კარგი არაუშავს, თუ რამეა ამაღამ აქ დავიძინოთ და გათენდება თუ არა გზა მოვძებნოთ.

-ეჰ, თავიდანვე ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ახლა, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვიქნებოდით და ჯაკუზიში ვინებრივრებდით. 

-კარგი რა, რაჭის მთები და ევროპული სტილის სასტუმრო?

-ქართული სტილით დასვენებაზე არჩევანის შეჩერებით, კი ხედავ, რა შედეგიც მივიღეთ.

-ერთი ღამის ტყეში გათევით რა შავდება. კომფორტულად იქნები. ბალიშის მაგივრად ზურგჩანთა დაიდე, მოსაცმელი გადაიფარე და დაიძინე.

-შენ?

-მე ცეცხლს დავანთებ და საგუშაგოზე დავდგები.- გაიცინა და ჩანთიდან წყლის

ბოთლი ამოიღო.

-კარგი, მაშინ რამდენიმე საათში გამაღვიძე და გუშაგობაში შეგენაცვლები.

           გული მიგრძნობდა, ივა არ გამაღვიძებდა, ამიტომ იმაზე ფიქრით ჩავიძინე, რომ რამდენიმე საათში აუცილებლად უნდა გამოვფხიზლებულიყავი. ასეც მოხდა, თუმცა არა ჩემი ცნობიერების არამედ აბეზარი ხოჭოს გამო, რომელმაც მოურიდებლად გადამირბინა სახეზე. წამოვჯექი, თვალები მოვიფშვნიტე და ივას გავხედე.


-რომელი საათია?

-ოთხის ნახევარი.

-რატომ არ გამაღვიძე?

-ისე ტკბილად გეძინა...- უმწეოდ გაშალა მკლავები.

-მიდი, დაიძინე. მე გავაგრძელებ.- გავიზმორე და აქეთ-იქით მიმოვიხედე.

-არ არის საჭირო. შეიბრუნე ძილი.

           ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი ასე რომ იცოდა ხოლმე გაჯიუტება. დიდხანს კამათი არ დამჭირვებია, მაინც ჩემი გავიტანე და სულ მალე ივამ ტკბილ, (და ალბათ უსიზმრო) ძილს მისცა თავი. მე ამასობაში , საბოლოოდ, გამოვფხიზლდი და გადავწყვიტე იქვე ახლოს გამესეირნა, ცხადია, ისე, რომ დანთებული კოცონი და მძინარე ივა მხედველობის არეალიდან არ დამეკარგა. ასეც მოვიქეცი, ხელები ზურგზე შემოვიწყვე და დიდის ამბით შევეცადე როგორმე გამეხსენებინა რას მეუბნებოდა, დღეს, ივა დასავლეთისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის შესახებ. “ტოტების ტიპი, ფოთლები, წიწვები”. თავში სრული კორიანტელი მქონდა მერე კი იმასაც მივხვდი რომ ივას “ლექციიდან” ამონარიდების გახსენებას ინტერესის გამო არ ვცდილობდი, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონება რამით დამეკავებინა და არ მეფიქრა უსიერ ტყეში მარტო ყოფნაზე. მშიშარა არ ვარ და არც ჩემი და ივას შესაძლებლობებში შემპარვია ეჭვი, უბრალოდ, არის ცხოვრებაში ისეთი საფრთხეები, რომლებსაც კრავ-მაგას კურსები და კარატეს შავი ქამარი არ შველის. მგელი ან დათვი რომ დაგვსხმოდა თავს რა უნდა გვექნა? ან რაიმე შხამიან გველს თუ მწერს ეკბინა. ამაზე ფიქრიც კი მზარავდა. უკვე იმისაც მეშინოდა, რომ ჩემს დაძაბულ გონებას საფრთხე საკუთარი ფანტაზიით არ შეექმნა და პანიკა იმის გამო არ დამწყებოდა რაც რეალურად არც იყო.

-ანასტასია, თავი ხელში აიყვანე! შეწყვიტე! - შემოვუძახე საკუთარ თავს და სიარული განვაგრძე. ცოტა შორს შევედი, კოცონს ბუნდოვნადღა ვხედავდი. “აი, ორი ნაბიჯიც და დავბრუნდები” გავიფიქრე და უეცრად ძალიან უცნაური ფორმის ხეს მოვკარი თვალი. დიდი და სქელი იყო, თითქოს გადაჭრილი და ტოტებიც არსად ჩანდა. თვალები დავახამხამე, იქნებ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ხე ისევ ისეთი ფორმის იყო. ჩემში სიფრთხილე ცნობისმოყვარეობას დაუპირისპირდა. ერთი მხრივ კიდევ უფრო შორს წასვლა არ მინდოდა, მეორე მხრივ კი ინტერესი მკლავდა. რა უნდა ყოფილიყო ეს უფორმო მასა ამ შუაგულ ტყეში? ბევრი აღარ მიყოყმანია და უცნაურ “ხესთან” მივედი. ფანარი არ მქონდა, მაგრამ მთვარის შუქზეც კარგად გამოჩანდა რაც იყო. ჭა. საკუთარ თავზე გამეცინა. “სხვა რა უნდა ყოფილიყო” ჩავილაპარაკე, მაგრამ უცბად რაღაც აზრმა გამიელვა. უსიერ ტყეში, თანაც ისეთ ადგილას რომელიც დასახლებული პუნქტებისგან საკმაოდ შორს, მდინარესთან კი ახლოს იყო, ჭა, წესით, არ უნდა ყოფილიყო. ვიფიქრებდი, ძველი აშენებულია-მეთქი, მაგრამ ჭის თავსახური ახალს გავდა. დიდად ფერიც არ გადასვლოდა. ბოქლომიც არ ჩანდა ძველებური. ერთი-ორი წრე დავარტყი, ვცდილობდი, რამე საეჭვო მეპოვნა, მაგრამ ასე დაკვირვებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლებოდა. ეს ჭა იყო, ერთი ჩვეულებრივი ჭა… და მაინც რაღაც ისე არ იყო. მივიხედ-მოვიხედ, მინდოდა ისეთი რამ მეპოვნა, რაც ბოქლომის დამტვრევაში დამეხმარებოდა. დიდი ტოტი მჭირდებოდა ან რკინის ჯოხი. ან იქნებ ფეხითაც დამემტვრია. არა, მარტო ამას ვერ შევძლებდი, ეს ორი კაცის საქმე იყო.

     ალბათ, უკვე მიხვდით რაც გავაკეთე. კი, ტკბილად ჩაძინებული ივა სულელური ჭის გამო უნამუსოდ გავაღვიძე.

მხრით ოდნავ შევანჯღრიე თუ არა, ისე სწრაფად წამოჯდა, კინაღამ გადამაყირავა.

-რა ხდება?

-ავაზაკების ურდო დაგვეცა. რა უნდა ხდებოდეს, არაფერი. გამოფხიზლდი და გეტყვი.

-გული გამიხეთქე! - სახეზე ხელები ჩამოისვა და ბოთლიდან ცოტა წყალი მიისხა.

-შენი დახმარება მჭირდება ბოქლომის გატეხვაში.

 ისეთი სახით შემომხედა, მგონი შეეშინდა, ჰალუცინაციები ხომ არ დაეწყოო.

-რა ბოქლომი?

-აქ, ახლოს, ჭაა. ბოქლომი ადევს და მინდა რომ გავტეხოთ.

-რად გინდა ჭა, ცოტა წყალი ხომ დაგვრჩა?

-ივა, ასეთ ადგილას ჭა არ უნდა იყოს. ნასოფლარი აქ არაა, არავინ ცხოვრობს, დასახლებული პუნქტები შორსაა, თანაც აქვე მდინარე და ბევრი პატარა წყარო თუ ნაკადულია.

    ივამ თავი გვერდზე გადახარა და ფიქრიანად შემომხედა.

-არის ლოგიკა იმაში რასაც ამბობ, მაგრამ შენ რატომ გაღელვებს ეს ამბავი? ალბათ, ვიღაცამ გადაწყვიტა აქ სახლი აეშენებინა და წყლით მომარაგებაზე წინასწარ იზრუნა. მერე გადაიფიქრა, ჭა კი აღარ დაანგრია.

-და ბოქლომი რაღატომ დაადო? 

-ალბათ, სიფრთხილის გამო ვინმე რომ არ ჩავარდნილიყო.

-ვინ ვინმე? ჩვენ გარდა აქ კიდე ვინ მოხვდებოდა?

-ხომ შეიძლება ბავშვებს გზა დაბნეოდათ? იქნებ ამ ჭის გამკეთებელი პატიოსანი და ფრთხილი ადამიანი იყო?

    მისი სიტყვები, თითქოს, ჭკუაში დამიჯდა.

-შეიძლება, მაგრამ….

-მაგრამ არ მოისვენებ სანამ იმ ბოქლომს არ გავტეხავთ და შიგნით არ ჩაიხედავ არა? - ალერსიანად გამიღიმა.

    თავი ჯიუტი ბავშვივით გადავაქნიე.

-ოჰ, ანასტასია, ანასტასია! - გაეცინა და ფეხზე წამოდგა.

    ჭასთან მალე მივედით.

-ნეტა ერთი რას ელოდები? მარგალიტებს თუ ბრილიანტებს?

-ზურმუხტებს. ხომ იცი, მე ზურმუხტები მიყვარს.- ივას ხუმრობას სერიოზულაე ვუპასუხე და ბოქლომს მთელი ძალით დავარტყი ფეხი. მერე ივამაც იგივე გააკეთა. მეხუთე დარტყმაზე გატყდა.

-კარგი ბოქლომი ყოფილა. - ჩაილაპარაკა ივამ და თავსახური ერთარ გადავხადეთ.

-მგონი, დამშრალია. - ვთქვი როგორც კი შიგნით ჩავიხედე.

-ძალიან ღრმაა. გამაჟრიალა. - ივას სიღრმის ყოველთვის ეშინოდა.

-ვერაფერს ვხედავ. 

-დაველოდოთ გათენებას, მალე მზე ამოვა და ჩაიხედე. შენი ამბავი რომ

ვიცი ახლა თუ ვერ გაარკვევ ეს ჭა რატომ და რისთვისაა, ხვალ ისევ აქ მომიყვან.

-კარგად მიცნობ. - ჩამეძინა და იქვე პატარა ქვაზე ჩამოვჯექი. ივა წამოწვა და და თავი კალთაში ჩამიდო. წითურ თმაზე მოვეფერე, მან კი ხელზე მაკოცა და ასე თვალები დახუჭა. ეძინებოდა. აბა რა მეგონა, ჩაძინებიდან, თითქმის, ერთ საათში რომ წამოვაგდე ფეხზე.

       მალე გათენდა, ივა შევაღვიძე და ფეხზე ავდექი. მთელი ტანი დამბუჟებოდა. 

-იცი, ანასტასია, მგონი შენთვის უნდა დამეჯერებინა და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში წავსულიყავით.

-ჰო, უსიერ ტყეში მიწაზე ძილს ნამდვილად ჯობია ფუმფულა საწოლი და ოთახში მორთმეული საუზმე.

-საუზმე… როგორ მშია. - ივა გაიზმორა და ჭასთან მივიდა.

-აბა, რა ხდება, ხედავ ზურმუხტებს? - გავძახე და ასკინკილით ხტომა დავიწყე, რომ მოძრქობას ფეხების დაბუჟება როგორმე მოეხსნა.

     ჩემი პარტნიორი დუმდა.

-რა გჭირს? ენა გადაყლაპე? - გამეცინა, მაგრამ ივა ჩემკენ შემობრუნდა თუ არა ღიმილი მაშინვე შემეყინა სახეზე.

     სახე გადაფითრებოდა და ტუჩები გალურჯებოდა. თვალებში კი შეძრწუნება ედგა.

   ბევრი აღარ მიფიქრია და მისკენ წავედი, რომ ჭაში ჩამეხედა, მაგრამ სასწრაფოდ გამაჩერა.

-არ გინდა! 

-გამატარე! - ცივად მოვიშორე, თუმცა ხელებში მწვდა.

-ანასტასია, არ გინდა! ახლავე პოლიცია უნდა გამოვიძახოთ! - ხმა გაბზარვოდა.

   თავი გავინთავისუფლე და ჭაში ჩავიხედე. ნეტავ, ივასთვის დამეჯერებინა. ჭაში მამაკაცის ნახევრად გახრწნილი გვამი ეგდო ზემოდან კი ყორნების, ასევე ნახევრად გახრწნილი, ლეშები ეყარა.

                                                           თავი 3

      ნანახით ისე ვიყავით შეძრულები, რომ ტყიდან გამოსასვლელი გზის პოვნა კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდა. მე შოკისგან გაფითრებული და დამუნჯებული ვიყავი, ივას კი ხელები უკანკალებდა. არ ვიცოდით ამის შემდეგ რა უნდა გვექნა ან მოვლენები როგორ წარიმართებოდა, მაგრამ ერთ რამეში არცერთს გვეპარებოდა ეჭვი - მინიმუმ სამი კვირა კოშმარები შეგვაწუხებდნენ. ჯერ გახრწნილი ცხედრის ნახვა რა არის, ისიც ჭაში ჩაგდებულის და ზემოდან კიდევ ყორნებდაყრილის. თვალს მოვხუჭავდი თუ არა ამ საზარელ სურათს ვხედავდი და თავს ვაქნევდი, იქნებ, შემაძრწუნებელი ფიქრები როგორმე მომეშორებინა, მაგრამ უშედეგოდ.

      სახლს ორ საათიანი ხეტიალის შემდეგ მივაგენით. მთელი გზა ვდუმდით, დანა პირს არ გვიხსნიდა. შინ მისვლისთანავე ცხელი შხაპი მივიღე. შამპუნიც და შხაპის გელიც ხუთჯერ წავისვი. მეგონა, თუ კარგად გავიხეხებოდი შავბნელი განწყობაც ჭუჭყს გაჰყვებოდა, მაგრამ უშედეგოდ. აბაზანიდან აწითლებული კანით, ქოქოსისა და მანგოს თავბრუდამხვევი სურნელითა და კვლავ გახევებული სახით გამოვედი. ივას არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში და ახლა ის შეუდგა მიწის, ტალახის, ბალახებისა და საშინელი სანახაობის ჩამობანვის მცდელობას. დარწმუნებული ვარ იმის თქმა არ მჭირდება, რომ არც მას გამოუვიდა რამე. უცნობ მსხვერპლს მყარად გაედგა ჩვენს გონებაში ფესვები.

     ტელეფონები დაიტენა თუ არა, პოლიცია გამოვიძახეთ. ადგილობრივი ეკიპაჟი მოვიდა, ეჭვით შემოგვხედეს, იფიქრეს, რომ საღ ჭუაზე არ ვიყავით. ბოლოს, როგორც იქნა დავაჯერეთ რომ სიმართლეს ვეუბნებოდით და სახუმაროდ არ გვცხელოდა. ტყეში ერთად წავედით, გზა ისევ დაგვებნა და დიდხანს ვიწვალეთ სანამ ჭას მივაგნებდით. ერთ-ერთმა ჭაღარა პოლიციელმა ფრთხილად ახადა თავსახური, თავზარდაცემულმა შეჰყვირა, ძლივს მოასწრო გვერდზე გასვლა და გული აერია. მეორე, შედარებით ახალგაზრდა, შეყოყმანდა. აშკარად, არ მოხიბლა მირთმეული საუზმის ვაშლის ხესთან ამოღების პერსპექტივამ, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. ჭასთან მივიდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. ბოლოს ცალი თვალი მოხუჭა, ჩაიჭყიტა… და ისიც პირველი პოლიციელის გზას გაჰყვა. კიდევ კარგი, სხვა ხესთან მაინც მივიდა.

-იმაზე ძლიერი ნერვები გვაქვს ვიდრე გვგონია. - ჩამჩურჩულა ივამ და კაცებს მზერა მოარიდა.

-არ ვიცი, რამდენიმე საათის მანძილზე შოკში ყოფნა რანაირად არის ძლიერი ნერვების ქონა, მაგრამ ამათ მაინც ვაჯობეთ. 

     თითქოს, გაიგონეს რაზეც ვსაუბრობდით, ხანდაზმული პოლიციელი მოგვიბრუნდა და დარცხვენილმა, ბოდიშის კილოთი გვითხრა:

-გვაპატიეთ, არ ვართ მიჩვეული…. ჰმმმმ

-ჭაში ჩაგდებული ცხედრებისა და ყორნების ნახვას. - შევეშველე სიტყვის დამთავრებაში.

-ემმმ, დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. 

-მსგავსი არაფერი მინახავს. - ახალგაზრდა პოლიციელი ჯერ კიდევ შოკში იყო.

-შენ კი არა მეც არ მინახავს, არადა ამხელა სამუშაო გამოცდილება მაქვს. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი…. - ხელი ჩაიქნია, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და თბილისიდან დამხმარე ბრიგადა მოითხოვა. სიტუაციის მთელი სიმძიმე აუხსნა და თხოვა რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყვნენ.

-თქვენი ჩვენებაც მნიშვნელოვანი იქნება. ვშიშობ, კარგა ხანს მოგიწევთ ბიუროში ყურყუტი. - ამჯერად ახალგაზრდა პოლიციელმა მოგვმართა მორიდებულად, თითქოს, პატიებას გვთხოვდა.

-არაუშავს. გვესმის, რომ საქმეს ასე სჭირდება. - თავი დაუქნია ივამ.

-თქვენთვის არაუშავს, მაგრამ მანდილოსანია ცოდო. გაწამდება. - სიბრალულით შემომხედა ხანდაზმულმა პოლიციელმა, ივას კი ოდნავ ჩაეღიმა და თვითონ მას შეხედა სიბრალულით, რადგან იცოდა შემდეგ რაც მოხდებოდა.

-თქვენი სახელი შემახსენეთ, თუ შეიძლება. - პოლიციელს თვალი თვალში გავუყარე,

-რამაზი, ქალბატონო.

-ბატონო რამაზ, - გამოვცერი კბილებში, - თქვენ თუ იცით, რომ სიტყვა ‘’მანდილოსანი’’ პატრიარქალური წყობის გადმონაშთია და მისი გამოყენება შეურაცხმყოფელია? ან ის თუ იცით, რომ ქალებს არც ლოდინი გვიჭირს, არც ტკივილის ატანა და არც სიცხეში დგომა? მეორედ, სანამ ადამიანის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ დააყენებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია, კარგად დაფიქრდით.

      პოლიციელბმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ივას.

-მე ტყუილად მიყურებთ. მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას ვეთანხმები. - მტკიცედ უთხრა ჩემმა პარტნიორმა.

-უკაცრავად, ქალბატონო, არ ვიცოდი. სიტყვა ‘’მანდილოსანი’’ ასეთი დამამცირებელი თუ იყო დღევანდელი ქალებისთვის. - ცინიკურად მითხრა რამაზმა.

-აწი გეცოდინებათ.

     როგორც ჩანს, ახალგაზრდა პოლიციელმა დაძაბულობა შენიშნა და თემა სასწრაფოდ შეცვალა. დიდხანს ლაპარაკი არც დაგვჭირვებია, პოლიციელებს თავისი საქმე ჰქონდათ. დანაშაულის ადგილი უნდა შემოეღობათ, ტყისკენ მიმავალი გზები გადაეკეტათ… დამხმარე ბრიგადის ჩამოსვლამდე უქმად ხომ არ იქნებოდნენ? მე და ივამაც დრო ვიხელთეთ და სახლში დავბრუნდით. ძალიან გვშიოდა. ჩაი გავიკეთეთ, ლობიანი დავჭერით და ტახტზე ჩამოვსხედით. მორჩილად ველოდებოდით პოლიციის ზარს. 

-ანასტასია, იცი, რას ვფიქრობ? - წყნარად, თითქმის ჩურჩულით, მითხრა ივამ. - ეს მკვლელობაა.

-არ გადამრიო! მე კი მეგონა უბედური შემთხვევა იყო. ხალხი ხომ ხშირად ყრის ყორნებს ჭაში და მერე შიგნით ხტება. - სარკაზმის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი.

-დამამთავრებინე. - ივა ჩემს ირონიას უკვე მიჩვეული იყო. - ეს მკვლელობაა, რომლის უკანაც საკმაოდ ჭკვიანი ბოროტმოქმედი დგას.

-ასეა.

-ბოროტმოქმედი, რომელსაც მხოლოდ პოლიცია ვერ იპოვის.

-რის თქმას ცდილობ? - ივასკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე.

-ახალი საქმე გამოგიჩნდა, ანასტასია.

                                                       თავი 4

     პოლიციის ოფისში ჯდომამ მართლა ძალიან დიდხანს მოგვიწია. ჯერ ამბროლაურის, მერე კი თბილისის განყოფილებაში მიგვაცემინეს ჩვენებები, სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელი მოგვაწერინეს, დეტალურად მოგვაყოლეს რა და როგორ მოხდა, მერე კი როგორც იქნა გამოგვიშვეს, ოღონდ გვითხრეს, დიდი ალბათობით, კიდევ დაგიკავშირდებითო. დაგვიკავშირდნენ კიდეც და შემდეგი ორი დღე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მოვალეობუს შესრულებას მოვუნდით. კიდევ რამდენჯერმე დაგვკითხეს, განცხადება დაგვაწერინეს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაგვიხადეს და თქვენ წარმოიდგინეთ, დარჩენილი შვებულების სასიამოვნოდ გატარებაც კი გვისურვეს. სამი დღისთვის რაჭაში გაბრუნება ნაღდად არ ღირდა, ამიტომ ამჯერად კახეთს დავჯერდით და ზუსტად ისეთ სასტუმროში წავედით, როგორშიც მე მინდოდა. ივას მთებისა და სოფლის ატმოსფეროს ხსენებაც კი ავუკრძალე და ნომერი ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დავაჯავშნინე, ოთახის მომსახურებით, ჯა