ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნაბიჯები

ნაბიჯები

შეჯახებაზე გსმენიათ რამე? შეჯახებასა და მის შემდეგ ნარნარზე. ფრენაზე. ფრენაზე, რომელიც გტკივა, მაგრამ თან ისეთ სიმსუბუქეს გრძნობ, რომ დაბლა დაშვებაზე არც კი ფიქრობ. წინ ათასი ნაცრისფერი ღრუბელი, ელვა და ჭექა-ქუხილი გხვდება, მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერს გხდის, რომ წინაღობები შენს წინ პატარავდებიან და ხელის გულზეც კი გეტევიან. მათ მუჭში იქცევ, არ ყრი, რადგან გრძნობ, ისინი შენი ცხოვრების ნაწილები არიან და ფრენას განაგრძობ.

 

თავი 1

 

22 ივნისი, 2019 წელი

***

უკვე მეორედ იწყებს ჩემი მობილური რეკვას და სახელის დანახვაზე მეღიმება. ყურადღებას არ ვაქცევ, რომ საქმეს არ მოვწყდე. ის მაინც არ ნებდება.

ჩემი მაგიდა მბზინავი ძაფებით, ლენტებითა და ბრჭყვიალა თვლებითაა სავსე. ცეკვა „ოსურის“ ქამრებზე რძისფერი თვლების სახით, პატარა შტრიხები შემაქვს. ორ კვირაში ანსამბლი ქობულეთის ფესტივალზე მიგვყავს და ამის გამო ისე ვღელავ, თითქოს კონკურსზე გასვლა პირველად გვიწევდეს. სასტუმრო დაჯავშნილია. ავტობუსიც. ბავშვებიც ფორმაში არიან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოზარდს, წვერის მოშვება რომ გადაუწყვიტავს, მაგრამ სამზადისი მაინც მაფორიაქებს.

ნემსზე ბოლოჯერ ვაგებ ვერცხლისფერ ძაფს და ქამრის კიდეზე უკანასკნელი ორნამენტის ამოქარგვას ვიწყებ.

ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ის მქონოდა, რაც მაქვს: საკუთარი ცეკვის ანსამბლი და პროფესიონალი მოცეკვავის კარიერა. დასაწყისში ჩემთვის რომ გეკითხათ, ვინ მინდოდა მომავალში ვყოფილიყავი, აუცილებლად გეტყოდით, რომ ქორეოგრაფი-მოცეკვავე, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ ოცნებად მიმაჩნდა. ზუსტად ამიტომ, საკუთარ თავს კომპლექსების უკან ვმალავდი და არც კი ვფიქრობდი, რომ იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე ამას სხვებს ვაჩვენებდი.

მახსენდება შენიშვნები, საყვედურები, რჩევები... შემდეგ მათი გათვალისწინებები, ჩემი სიჯიუტეები და მეღიმება. ახლა, როცა კულისებიდან სცენაზე მონარნარე ჩემს გოგონებსა და ჰაერში აფრენილ ბიჭებს ვუყურებ, ამ ყველაფრით ერთიანად ვარ ამაყი. მახსოვს, ერთ დროს, მეც მიყურებდნენ ასე და ჩემზეც ამყარებდნენ იმედებს.

ხანდახან მნდომებია, კალამი ამეღო და ის რჩევები და შენიშვნები, რომლებსაც ჩემთვის კარგი უნდა მოეტანათ, დანომვრით ჩამომეწერა. შემდეგ მათთვის ხშირად გადამეხედა, რომ არ დამვიწყებოდა, რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ გონებაში მათ ადგილს, ყოველთვის მათზე გაცილებით დიდი რამ იკავებდა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მასზე კონტროლი კარგად გამომდიოდა.

მოგონებებისგან ამღვრეული, ფილტვებში ჰაერს ხარბად ვუშვებ, ძაფს ვწყვეტ და ჩემს მოქარგულ ქამარს კმაყოფილი ვუღიმი. ძალიან გამიმართლა, დედა რომ მკერავი მყავს. ცეკვის ფორმების შეკერვაში მეხმარება, მაგრამ მის გადატვირთულ გრაფიკს ვითვალისწინებ და ფორმების გაფორმებას საკუთარ თავზე ვიღებ. სულ სხვაა, როცა შენს დადგმულ ცეკვას, შენივე დიზაინის სამოსით ასრულებენ.

ისევ ზარია მობილურზე. წყალს ვსვამ და ვპასუხობ.

- როგორც იქნა! - მესმის გიორგის ხმა და მასთან ერთად მუსიკისა და ხმაურის. - მარიამ, ხომ შევთანხმდით? აქ რატომ ვერ გხედავ?

- შენს კატეგორიულობას შეთანხმებას ნუ არქმევ. - მეცინება. - მე გითხარი, არ მცალია, ვერ მოვალ მეთქი. კიდევ ოთხი ქამარი მაქვს გასაკეთებელი.

- მეხუმრები? წინ ორი კვირა გვაქვს. დაანებე მაგათ თავი.

- სამაგიეროდ, ამ ორ კვირაში ბევრი რამ უნდა მოვასწროთ.

- ვერ გავიგე, რატო ჭირვეულობ?

- არ ვჭირვეულობ, უბრალოდ არ შემიძლია, ვერაა!

- ალო, არ ისმის! ანუ მოდიხარ?

- გიორგი!

- მოდი და მაგ ოთხი ქამრიდან ორს მე მოგიქარგავ. - ამბობს და ჰგონია ამით დამიყოლიებს. ორივეს გვეცინება. - უბრალოდ მოსვლა არ გინდა, ტყუილი თუ მართალი?

- მართალი. - ვოხრავ.

- ან მიზეზი მითხარი, ან თხუთმეტ წუთში აქ იყავი. - საათს ვუყურებ. ათის ათი წუთია.

- კარგი, ჩავიცვამ და ცოტა ხნით მოვალ. მხოლოდ ერთი პირობით.

- პირობებზე მერე ვილაპარაკოთ! - ამბობს და მითიშავს.

მეცინება. საძინებელში შევდივარ და სარკის წინ ვდგები. ჩემს კანს ჯერ ისევ აყრია ეკალი. სხეული უკვე მიეჩვია, როდის უნდა ჰქონდეს მის ხმაზე რეაქცია და როდის არა. მილანშენკომ ვერ დაგაფასა, თორემ მსახიობად დაიბადე, მარი. ჯერ კიდევ მაოცებ, ისე კარგად მალავ საკუთარ გრძნობებს და მხოლოდ იმას გამოხატავ, რასაც მეგობარი უნდა ამჟღავნებდეს მეგობრის მიმართ.

- ნეტავ როდემდე დაიმალები. - ვეჩურჩულები ჩემს თავს და ზურგს ვაქცევ აწყლიანებულ მწვანე თვალებს. გასაღებს და მობილურს ვიღებ და გავდივარ.

 

 

***                                           

მანქანას მოგუგუნე სახლთან ვაჩერებ და ხმაურად ქცეულ შენობას ფანჯრიდან ვავლებ თვალს. ერთხანს ყოყმანით ვიჭამ ქვედა ტუჩს, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ ორჭოფობას აზრი არ აქვს, გადმოვდივარ და ჭიშკარს ვაღებ.

იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე ველოდი. მაშინვე გიორგის ვურეკავ და მის ადგილსამყოფელს ვადგენ. შემდეგ მეორე სართულის აივანზე ავდივარ და რამდენიმე უცნობთან ერთად, კუთხეში მდგომს ვხედავ.

- მარიამ! - ისიც მამჩნევს და ხელით მანიშნებს - მოდიო. მისულს წელზე მხვევს ხელს და ლოყაზე მკოცნის. ორი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს. - ბიჭებო, გაიცანით, ჩემი მეგობარი, მარიამი. მარიამ, ლუკა და თემო.

- სასიამოვნოა. - ვუღიმი მათ და იმის იმედით, რომ ნაცნობ სახეს მოვკრავ თვალს, აივანს ვათვალიერებ.

- ჩვენთვისაც. - ერთდროულად ამბობს ორივე.

- მეგობარი? - უცნაურად იმეორებს ლუკა, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ შევნიშნე.

- დიახ, უძვირფასესი. თვალის ჩინზე ძვირფასი. - ეუბნება მათ და თვალს მიკრავს. მერე მხრებზე მხვევს ხელს. ცოტა ნასვამია. ხელში ლუდის ქილა უკავია. მისი სიახლოვე მსიამოვნებს, მისი სიტყვების კი - რა ვთქვა. ჩემს ასე წარდგენას მიჩვეული ვარ. ეს სტატუსი გარკვეულწილად მე ავირჩიე. რამის შეცვლის ძალა რომ მქონოდა, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი.

- მგონი გიცნობ. ნიას მეგობარი ხარ კოლეჯიდან? - მე მეკითხება ლუკა.

- არა. მხოლოდ ერთ კოლეჯში ვსწავლობდით. - ვპასუხობ და გიორგის ვუბრუნდები.

- თავი მარტო რომ არ იგრძნო, მალე ნანიკო გაჩნდება აქ. - იქვე მდგარი მაცივრიდან ენერგეტიკულს იღებს და მაწვდის.

- ჩემს ფიქრებს ისე ოსტატურად კითხულობ, ხანდახან მეშინია ხოლმე... - მეცინება.

- სერიოზულად? აბა შემომხედე? რას მიმალავ, რომ გეშინია კიდეც? - თვალებს ჭუტავს და ღიმილით მომლოდინედ მაკვირდება. გული ისე მიწყებს აჩქარებას და ახმაურებას, ასე მგონია მუსიკის ხმას ფარავს.

- რას და ჩემი აქ ტყუილად მოყვანისთვის, ორი დღე რეპეტიციებს მარტო ჩაატარებ. -გიორგის სიცილი უტყდება და ისევ მხრებზე მხვევს ხელს.

- აი, იმას დავიჯერებ, რომ ოდესმე დავითი „კალიცოს“ ისევ გააკეთებს და, რომ შენ რეპეტიციას გააცდენ, არა.

- გაიძვერა. - შუბლზე ვადებ თითს და ოდნავ უკან ვახევინებ. მისი ნაცნობი თემო და ლუკა, ალბათ ხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა და გვემშვიდობებიან. ლუკას ღიმილს ისევ ვაიგნორებ და გიორგის ვუბრუნდები. - სოფი სადაა? - ყელს ვიწმენდ. რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან. თითქოს შევეგუე ამ ამბავს, მაგრამ მისი სახელის ხსენებისას მაინც ვგრძნობ, რომ ყელში რაღაც იბერება.

- არ მინდაო და აღარ ჩავაცივდი. დავით! - გიორგი წვეულების ორგანიზატორს ეძახის და სანამ ის პარაზიტი მოგვიახლოვდებოდეს, მისი სიტყვები გონებაში უცნაურად იწყებენ ტრიალს. „არ მინდაო და აღარ ჩავაცივდი.“

- ვაა, ჩვენი ნებიერა მოსულა. - ხელებს შლის მუხლებში ტეხვით მოსიარულე ჩვენი მეგობარი და გულში ისე მოუხერხებლად მიკრავს, ლამისაა ამოვყირავდე. - რა არის, გოგო, ბუდ იქეცი თუ ღამურად? რატო ვერსად ვეღარ გაფიქსირებ? - მსაყვედურობს.

- მაინც სად მოგაკლდი თვალში, კლუბებში, ბირჟებზე თუ ლისის „ტუსოვკებზე“?

- უიმე, ეს აქ ვინ დაპატიჟა? - უკმაყოფილოდ იჯღანება და ცხვირს ჭმუხნის. - არ მახსოვს ჩემს სიაში ყოფილიყოს.

- დამნაშავე თქვენს წინაშეა, თანაც ნასვამი. - ხელით გიორგის წარდგენას ვაკეთებ და მრავალმნიშვნელოვნად ვუღიმი. ხვდება და თავს აქნევს. მერე დავითზე გადააქვს ყურადღება.

- ბიჭო, მიდი აბა ერთი, „კალიცო“ გააკეთე. - ეუბნება და თან სიცილის შეკავებას ცდილობს.

- სადღა მაქვს მაგის ტრაკი, შე ჩემა. ხო ამომძვრა მალები. - ხელს იქნევს.

- ოჰ, ნეტავ თეას დააჭერინა შენი თავი და მე ახლოდან მაყურებინა. - მხარზე ვჩქმეტ დავითს, რომელიც წლების წინ, ტრიუკებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუმცა, თავის შესაძლებლობებს სხვა სფეროში უფრო აფასებდა და ცეკვა ისე მიატოვა, არც კი უნანია. სამაგიეროდ, ახლა პროფესიონალი უსაქმურია და მამამისის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით დატოვებული ჩიფსების საწარმოს შემოსავლების თავდაუზოგავი მფლანგველი. საბედნიეროდ, ზღვარს არ გადადის. უბრალოდ, მისთვის უკეთესია ენერგია, რომელიც ფიზიკურ დატვირთვაში უნდა დახარჯოს, მეგობრებს მოახმაროს.

- ჰო არ ღადაობ, გოგო. დვალს ნუ მიხსენებ. ჯერ კიდე სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ მიყვირის ხასიათი დამანახეო.

სამივეს სიცილი გვიტყდება და სანამ ნანიკო მოვიდოდეს, კოლეჯიდან უამრავ ისტორიას ვიხსენებთ. პირადი დრამის მიუხედავად, ცეკვის სამყაროში უბედნიერესი წლები გავატარეთ.

 რა თქმა უნდა, იყო ბევრი წყენა, იმედგაცრუება, სიძულვილი, ინტრიგები კულისებში, მაგრამ მეგობრები, რომ არა, ამ ყველაფერს ცალ-ცალკე ვერავინ გავუძლებდით. ვისაც მოცეკვავის ცხოვრება არ გაუვლია, მარტივად ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს უანგარო მხარდაჭერა. რას ნიშნავს დახმარების ხელს უწვდიდე მტერს, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ეს მას არ შეცვლის. იყო მომაკვდავი, მაგრამ შენს ვალდებულებებს სიცოცხლეზე მეტად აღმერთებდე. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და ახლა, როცა მოგონებები ჩემს თვალწინ თითქმის ქრონოლოგიურად ლაგდებიან და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, უცნაური შეგრძნება მეუფლება. ეს შიშია. დავიწყების. რა მოხდება, დრომ რომ მოგონებები გააქროს? ის მოგონებები, რომლებიც იბრძოდნენ და შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველას ის მიგვეღო, რაც გვსურდა? რა მოხდება, თუ ერთხელ ვერ გავიხსენებ, რატომ გამაგდო სესილიმ დარბაზიდან? როგორ გავრბოდი სასტუმროდან ცეკვის ჩუსტების ამარა, რომ კონცერტისთვის მიმესწრო? როგორი იყო სიღნაღში მზის ამოსვლა? რა მოხდება, თუ მნიშვნელოვანი მომენტები წლების შემდეგ ჩემი გონებიდან უბრალოდ გაქრებიან?

- მარიამ... - მესმის გიორგის ხმა და მისკენ ვიხედები. როგორც ჩანს, დიდხანს ამიყოლიეს ფიქრებმა. ბიჭი თავისი ჩამუქებული, სასმლისგან ამღვრეული წაბლისფერი თვალებით მიყურებს. მახსენდება ნანიკოს დაბადების დღის წვეულება. საღამო, რომელმაც ისე ამრია, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ყველაფერი დავალაგე, ის ამღვრეული შეგრძნებები დღესაც ჟრუანტელს მგვრიან.

- რა მოხდა? - ვეუბნები და ვცდილობ, რეალობას სწრაფად დავუბრუნდე.

- ეგ მე უნდა მეკითხა. მგონი ცოტა ხნით გაქრი. - მკრთალად იღიმის და ჩვენთან დაბრუნებულ დავითს ლუდს ართმევს. უკმაყოფილოდ ვაყოლებ თვალს მის ლამაზ თითებში მოქცეულ ბოთლს და სანამ გახსნიდეს, ვართმევ.

- აი, ახლა შენ გაქრები, თუ დალევას არ მორჩები. გიორგი, ხვალ რეპეტიცია გვაქვს. - ვახსენებ.

- ხომ იცი, რომ ლუდზე „პახმელია“ არ მაქვს? - ეცინება და ბოთლს უკან იბრუნებს.

- დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ლუდის გამო ნაბავ მაგ თვალებს? - ეჭვით ვუყურებ და ბოთლს ისევ ვართმევ.

- კარგი დედიკო, იყოს შენი ნება. - მეხვევა და თავზე მკოცნის. - ხომ იცი, როცა მართალი ხარ, დიდხანს ვერ გეკამათები. - ის-ისაა ჩემს გამარჯვებას სიცილით უნდა შევხვდე, რომ მუჭიდან ბოთლი სხლტება და სანამ გაოგნებას მოვასწრებდე, ბიჭი მის გახსნასაც ასწრებს.

- ისევ ბავშვი ხარ. - გულზე ვიკრეფ ხელებს.

- შენ კიდევ, გაბრაზებული მარიამი, რომელიც რეპეტიციაზე ნახევარი საათით დაგვიანებას მაპატიებს.

- თან გათამამებული ბავშვი. - მეცინება და მეც ვიღებ ლუდის ბოთლს.

- „სტრანნი“ ხალხი ხართ, ტო. - ტუჩებს მუწავს დავითი და აივანზე ამოსულ ნანიკოს, რომ ხედავს შეწუხებული ჩვენკენ ტრიალდება. - ეს ვიღამ მოათრია აქ?

მეცინება და გიორგის ვუყურებ. ბიჭი ლუდს სვამს და ზედმეტად ყურადღებით ათვალიერებს აივნის ძელზე ჩამოკიდებულ კაქტუსებს.

- მაგრად დაგენძრა, ჩემო ძმაო! - კბილებში სცრის ის და ისე ოხრავს, აშკარად ენერგიის მოკრებას ცდილობს. გიორგი იდაყვის მორტყმით მანიშნებს, გავერთობითო და ნანიკოც გვიახლოვდება.

გაცნობის დღიდან ჩემსა და გიორგის მეგობარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და დღემდე მიკვირს, ამდენი წლის შემდეგაც, როგორ არ გამოსწორდა ეს. ყველა ფიქრობდა, რომ ეს მათ შორის ერთგვარი ქიმია იყო და საბოლოოდ, გრძნობებში გადაეზრდებოდათ, მაგრამ მგონი ყველა შეცდა. თითქმის რვა წელია ერთმანეთს იცნობენ. ქიმიის ამბავში, ნანიკო აქამდე შეეგუებოდა ბიჭის აუტანელ თვისებებს და დავითისთვისაც როგორმე სულერთი გახდებოდა გოგოს ცინიზმი. თუმცა, ასე არ მოხდა და ერთმანეთს დღემდე სიტყვებზე ეკიდებიან. სანამ ომი გაჩაღდებოდეს, ბიჭებს მარტო ვტოვებთ და პირველ სართულზე ჩავდივართ. გოგო სასმელს იღებს და ღიმილით მიბრუნდება.

- იცი, დღეს სად ვიყავი? - მეკითხება ეშმაკური ღიმილით და ლოყაზე თავისი საყვარელი ფოსო ეჩვრიტება.

- სად?

- სესილისთან.

- იქ რა გინდოდა?

- მე არა, თვითონ უნდოდა. შენგან რო წამოვედი, ცოტა ხანში დამირეკა. მითხრა სტუდიაში შემოიარეო. საიუბილეო კონცერტს აკეთებს.

- მერე?

- უფრო სწორად, 75-ე დაბადების დღეს უკეთებს კულტურის სახლი. უფინანსებს, ორგანიზებაში ეხმარება.

- სერიოზულად?

- ჰო. ჰოდა, მითხრა, რამდენიმე ძველი მოცეკვავე მინდა შევკრიბოო. სიაში მე, შენ და გიორგიც ვართ. ნუ, სოფი თავისთავად.

- ანუ ცეკვებში დავჭირდებით? მომენატრა ჩვენი სტუდია.

- აუ, მეც... რაღაცები შეუცვლიათ, დერეფანი გაარემონტეს. მარა სუნი მაინც ისევ ისეთია. რა ცუდები ვართ, თვეებია არ ვყოფილვართ.

მოგონებები ერთიანად თავს მეხვევიან და ვოხრავ, რომ მათში არ გავეხვიო.

- კაია რომ გამოხვედი, რა. წამო, დავლიოთ.

აურზაურში იმაზე დიდხანს ვჩერდები, ვიდრე გათვლილი მქონდა. ცოტას კიდევ ვსვამთ, ვცეკვავთ, ვმღერით, ერთმანეთის საზაფხულო გეგმებზე ვსაუბრობთ და სესილის იუბილესაც ვახსენებთ. მერე მასპინძელს თავის უსაქმურ ღამურებთან ერთად ვტოვებთ და მოვდივართ. რადგან ყველაზე ფხიზელი მე ვარ, ნანიკოს და გიორგის სახლში მიყვანას საკუთარ თავზე ვიღებ. ღამის გასეირნებაც დაუგეგმავად გამოგვდის. მუსიკას მაღალ ხმაზე ვრთავ და გზაში ვმღერით. გოგოსთან დამშვიდობების შემდეგ, უხმოდ მივდივართ გიორგის სახლისკენ. მანქანაში მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული ქარის და ჩემი გულისცემის ხმა ტრიალებს. ბიჭი ერთხანს ჩუმადაა. სასაუბრო თემის მოძებნა არასდროს გაგვჭირვებია, მაგრამ ახლა რატომღაც ჩუმად ვართ. ალბათ, მასა და სოფის შორის რაღაც მოხდა. არაფერს ვეკითხები. ამაზე საუბარი რომ სდომებოდა, თვითონ დაიწყებდა. უკვე იმდენი წელია ვმეგობრობთ, რომ ჩვენ შორის დამალული არაფერია. თუ არ ჩავთვლით ჩემი მხრიდან პატარა ხარვეზს. თუმცა, ხანდახან რაღაცები უბრალოდ არ უნდა თქვა, რომ ისიც არ დაკარგო, რაც გაქვს.

შუქნიშანზე გაჩერებული, ზებრაზე გადამსვლელებს ვათვალიერებ, რომ გვერდიან გიორგის ხმა მესმის.

- შენთან დავრჩები.

ვათვალიერებ და მეღიმება. სავარძელზე მიწოლილი თვალსაც კი არ ახელს. ახლა ვრწმუნდები, რომ სოფისთან მართლა მოხდა რაღაც. ალბათ იკამათეს.

- კარგი. - ვეუბნები და მანქანას ჩემი სახლისკენ ვაბრუნებ. თხუთმეტ წუთში უკვე კარს ვაღებ და ხელებს ვუწვდი, რომ გადმოსვლაში დავეხმარო. გიორგის ეცინება და მანქანიდან ფეხები ძლივს გადმოაქვს.

- ერთი ამას უყურე, არც ეგეთი მთვრალი ვარ, მეხუთეზე რო შენ ამათრიო.

- არც ვაპირებდი. ლიფტი მაქვს .

- ჰმ! - თავს აქნევს და მხრებზე მხვევს ხელს. მის თითებს და წელს ვიჭერ. მობარბაცებს. - აუ, დილით ადრე უნდა გამაღვიძო, ჰო?

- არა, შეგიძლია გამოიძინო და დაისვენო. ისე წავალ, ვერ გაიგებ.

- სერიოზულად? - ორი წამით ჩერდება და ცდილობს, მთვრალ გამომეტყველებაზე სიხარული და მადლიერება დაიმჩნიოს. მეცინება.

- ჰო, სერიოზულად. ოღონდ, იცოდე მაგიდას არ შეეხო.

- მთავარია თვითონ არ შემეხოს.

სახლში შესულები, პირდაპირ საძინებლისკენ მივდივართ. საწოლზე ვაწვენ და ფეხსაცმელს ვხდი. ჩემს ბალიშს იხუტებს და კომფორტულად მოთავსებას ცდილობს.

- გიორგი, ცუდად ხომ არ ხარ? - ვეკითხები და მის ფეხებთან ვჯდები.

- აუ, მარიამ, მგონი გული მერევა...

- მართლა? - თვალებს ვჭყეტ და უკვე წამოხტომას ვაპირებ, რომ ხითხითს იწყებს.

- არა, დაგაბოლე.

- მოკეტე და დაიძინე, შე იდიოტო! - ხელზე ვჩქმეტ.

- ნუ იკბინები. - შუბლს ჰკრავს და ბალიშში ცხვირს ჰყოფს. - შენი საწოლია, ჰო?

- ჰო. - მეცინება.

- აქ დაწვები?

- არა, დივანზე.

- ოო, აქ დაიძინე. - ხელს მიჭერს. - მიგიწევ.

- დიდი მადლობა, რომ ჩემს საწოლზე ჩემთვის ადგილის გამონახვას ცდილობ.

- ჰოდა, დააფასე ეს ცდა და ბევრს ნუ ლაპარაკობ.

ცოტა ხნით ყოყმანის შემდეგ, საწოლს ვუვლი და მეორე მხარეს ვწვები. რამდენიმე წუთით ჩუმად ვარ, რომ დაეძინოს. ისიც არ იღებს ხმას და უკვე ადგომას ვაპირებ, რომ ჩემკენ ბრუნდება. თვალებს ახელს და ერთხანს ჩუმად მიყურებს. ვუღიმი და ვცდილობ არ გავიყიდო, რომ აღელვებისგან თითები მეყინება.

- სესილი ალბათ თავის იუბილეზე მე და სოფის ქართულს გვაცეკვებს. - ბუტბუტებს და ხშირად ეხუჭება თვალები.

- ჰო, კარგია მერე.

- სოფის არ ენდომება. - ოხრავს და თვალებს ხუჭავს.

- სისულელეს ამბობ, გიორგი.

- სისულელეა ყველაფერი.

- რა ყველაფერი?

- ყველაფერი.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყელში რაღაც მეჩხირება და სუნთქვას ვიკრავ, რომ ტირილი არ ამივარდეს. ნეტავ რა ხდება მის თავს?

- დაიძინე. - ვეუბნები ჩაწყვეტილი ხმით. ის კი ხელის ფათურით ჩემს თითებს პოულობს, იჭერს და მეკითხება:

- ეს ის ხელია?

- ჰო, ისაა. - ხელისგულზე ვარდისფერ ნაიარევს თვალს ვავლებ.

- გტკივა?

- არა, გიო.

- სულ მგონია, რომ გტკივა. - ბუტბუტებს, ხელი ტუჩებთან მიაქვს და ნაიარევზე მკოცნის. ცხელი ჟრუანტელისგან თავბრუ მეხვევა. მინდა ავდგე და მისი თბილი აურისგან გავთავისუფლდე, მაგრამ თან ამ სიახლოვით ტკბობასაც ვერ ველევი.

- არა, გიორგი. დიდი ხნის წინ გამიარა.

- ჰო, ასეც უნდა ყოფილიყო.

- ახლა დაიძინე, კარგი?

- ჩემი ანგელოზი ხარ. - ისევ მკოცნის ხელზე, თავის თითებში გადაჭდობილს მკერდის ქვეშ იქცევს, ამთქნარებს და მაშინვე ითიშება. რამდენიმე წუთით მძინარეს ვადევნებ თვალს, მაგრამ გონება წარსულისა და აწმყოს სურათებით ისე მალე იტვირთება, რომ ვეღარ ვჩერდები. ხელს ფრთხილად ვითავისუფლებ და აბაზანაში შხაპისთვის შევდივარ. იქ კი საკმარის დროს ვნახულობ იმისთვის, რომ წვეულებაზე გაჩენილ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდე და სააბაზანოდან გამოსული, დაუფიქრებლად ვიღებ უჯრიდან თაბახის ფურცლებსა და კალამს.

 

 

ფურცლები

დეკემბერი, 2007 წელი

***

“მაშინ ძალიან ციოდა, არადა მახსოვს, დედა ამბობდა, ცივ ზამთარს არ ვარაუდობენო. ხელთათმანები სახლში დამრჩა და თითებს ვერც ქურთუკის ჯიბეებში ვითბობდი. ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, რომ სტუდიამდე მალე მივსულიყავი. ჩემი სახლიდან ორი გაჩერება იყო და ტრანსპორტს არასდროს ვიყენებდი. მიყვარდა ფეხით სიარული. უკვე ახლოს ვიყავი სტუდიასთან, ჩემს ორი დღის ნაყიდ მოტოროლაზე შეტყობინება რომ მომივიდა. ნანიკო მწერდა.

„ - რაღა დღეს აგვიანებ?“

„ - რა ხდება?“

„ - ჩვენს სტუდიაში ვიღაც ცეკვავს.“

„ - აბა, უნდა მღეროდეს?“ - გამეცინა.

„ - უცხოა და თან ისეთია, შეიძლება აზიურებიანად შეგიყვარდეს.“

შუა ქუჩაში სიცილი ამიტყდა. ნანიკოს გული ზედმეტად დიდი იყო და ბევრს ეკავა იქ ადგილი. პასუხი არ დამიბრუნებია. ნაბიჯს ავუჩქარე. სასჯელს ვერ ავცდებოდი, მაგვიანდებოდა.

ორს ხუთი წუთი აკლდა, გასახდელში რომ შევედი და გამოცვლა დავიწყე. სესილი მალე საახალწლოდ ორი კვირით გაგვათავისუფლებდა და მანამდე ისე იყო გამკაცრებული, სიტყვას ვერ ვუბრუნებდით. ვინანე კოსა სახლში რომ არ გავიკეთე. ქალბატონი ქორეოგრაფი სახელდახელოდ აკრულ თმას აუცილებლად შეამჩნევდა. ქამარი წელზე გზაში მოვიხვიე. დარბაზიდან „ხანჯლურის“ ხმა გამოდიოდა. გამახსენდა, რომ დღეს ბიჭებთან ამ ცეკვის დადგმა უნდა დაეწყო. კარი ფრთხილად შევაღე და შევსრიალდი თუ არა, ნანიკოს ხელი მაჯაში ჩამეჭიდა და გვერდით მიმიკრო.

- სად ხარ გოგო?! - შუბლშეკრულმა მისაყვედურა. სესილისკენ გავიხედე. ჩემი აწურული სახე და მისი კატეგორიული გამომეტყველება მხოლოდ ერთი წამით შეხვდა ერთმანეთს. - იმაზე გეუბნებოდი, მებოს გვერდით რომ დგას. - ნანიკომ შუბლი გახსნა და მოცეკვავეზე ეშმაკური ღიმილით მანიშნა.

 არ ვიცი, პირველად რამ მომხიბლა. მისმა გარეგნობამ თუ ცეკვამ. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ თვალს ვერ ვაშორებდი და სხეულზე ჟრუანტელის ტალღები არ წყდებოდა. აქამდე ერთადერთი ცეკვა იყო, რაც გულს მიჩქარებდა. მაშინ კი, ამას ეს უცხო გრძნობაც დაემატა და კედელზე აკრული, ვგრძნობდი, რომ რაღაც ნისლიან, თბილ გარსში ვექცეოდი. ეს ცეკვის შემდეგ მიღებულ აპლოდისმენტებზე ბევრად სასიამოვნო იყო. სცენის იატაკიდან წამოსულ ადრენალინზე უფრო ამაღელვებელი. ბევრი კარგი მოცეკვავე მყავდა ნანახი, მაგრამ იმ წუთას, ის იყო ჩემთვის იდეალური. ის და მისი მოხდენილი მოძრაობები იყო ყველაზე დიდი მშვენიერება დედამიწის ზურგზე.

- ჰო გეუბნებოდი. - ნანიკოს ხითხითმა დამაბრუნა დედამიწაზე.

- რა... რას? - ვეცადე არ შემემჩნია, რომ უსაშველოდ დაბნეული ვიყავი, მაგრამ ენა მაინც დამება. გოგომ სიცილი გააგრძელა და მაშინღა გაჩერდა, მუსიკა რომ შეწყდა.

- რას და შეგიყვარდება-მეთქი. - ენა გამომიყო.

მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და კედელზე აკრული დანარჩენი ჯგუფელებივით, დარბაზის შუაგულში მყოფი ბიჭებისა და სესილის თვალიერება განვაგრძე.

სესილი ასათიანი მაშინ სამოცდაორი წლის იყო, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, ვერასდროს მიხვდებოდი მის რეალურ ასაკს. ორი წელი იყო, ცეკვაზე მასთან დავდიოდი და ქალის ყოველი დანახვისას მაკვირვებდა ის ფაქტი, რომ მასა და ბებიას შორის ასაკის სხვაობა მხოლოდ ერთი წელი იყო. ყელიანი თხელი ჯემპრი, ნაჭრის შარვალი და ცეკვის ფეხსაცმელი ეცვა. მაღალი იყო. მოხდენილი და გამართული სიარული ჰქონდა. თმას შავად იღებავდა და გამუდმებით კოსას ატარებდა. კოსმეტიკას არ იყენებდა. ერთადერთი წითელი პომადა იყო, რომელიც საოცრად უხდებოდა მის დიდ, წყლიან მწვანე თვალებს. ჩვენს შორის ეს საერთო ბავშვურად მეამაყებოდა. მკაცრი იყო, მაგრამ ძალიან სამართლიანი, ამიტომ იმის შიში არ გვქონდა, რომ მოულოდნელად მისი ჯოხი ვინმეს ფეხში მოხვდებოდა. თავის მოსწავლეებზე იმდენად ზრუნავდა, რამდენადაც მკაცრად ეპყრობოდა. ცეკვის გარდა, ყველაფერში ზომიერებას იცავდა. ცეკვა მისთვის მაქსიმუმს ნიშნავდა.

- გიორგი ჰქვია. გიორგი სოლომნიშვილი. თექვსმეტი წლისაა. მშობლები რუსეთში ცხოვრობენ. თვითონაც იქ იყო და ამ ზაფხულს ჩამოსულა. - ბიჭზე მოკლე ინფორმაცია, ნანიკომ ელვისუსწრაფესად ჩამჩურჩულა ყურში და ისევ მათზე გადაიტანა ყურადღება. - გამოიცანი, სად ცხოვრობს?

- სად?

- ნაძალადევზე. - გაეღიმა გოგოს. მეც იქ ვცხოვრობდი და მისი ღიმილი მრავალმნიშვნელოვანი ამიტომაც იყო.

- კი, მაგრამ რამდენი ხანია სტუდიაშია... ამდენი რამე ასე უცბად როგორ გაიგე. - ჩემი მეგობრის შესაძლებლობები ვიცოდი, მაგრამ მაინც სიურპრიზებით იყო სავსე.

- რა მნიშვნელობა აქვს. - წარბები აათამაშა. - აბა? როგორია? - ისევ ბიჭზე მანიშნა, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, ჩაჩუმებულ დარბაზში ჩემი სახელი გაისმა.

- მარი! - სესილიმ დამიძახა. ჯგუფელებმა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ერთმანეთს არ უნდა მივშტერებოდით, მაგრამ მან არ იცოდა. მე მაშინვე ამობრუნებულ ცერებზე შევხტი და ის იყო, ორი წუთის ასათვლელად ღრმად ჩავისუნთქე, რომ მის მზერას წავაწყდი. ბიჭმა ჩემი ცერებიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა, გამიღიმა და სესილის გაწვდილი ფარ-ხმალი გამოართვა. ნანიკომ მხარზე გამამხნევებლად მომითათუნა ხელი, მაგრამ მისი ლამაზი ღიმილისგან იმდენად ვიყავი დაბნეული, რომ ირგვლივ აღარაფერი მესმოდა და ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი სასჯელისგან ატკივებული ცერა თითებიც კი დიდად ვერ იქცევდნენ ყურადღებას.

- ლაშა, მუხლს მიხედე! - დაიძახა სესილიმ და მუსიკოსებს ანიშნა, დაკვრა დაეწყოთ. გიორგიმ აზიურზე ლეკვერთხი შეისწორა და სანამ მუსიკა დაიწყებოდა, ხმალი ხელში მარჯვედ შეათამაშა.

ის და ლაშა მებონია ნამდვილად აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. ლაშა ჩემთან და ნანიკოსთან მეგობრობდა, ამიტომ მალევე მივხვდი, ჩემს მეგობარს საიდან ჰქონდა გიორგიზე ცნობები აკრეფილი.

რეპეტიციამ სრულ ბურუსში ჩაიარა. მექანიკურად ვმოძრაობდი და ორი საათის მანძილზე გულში ვლოცულობდი, რომ სესილის ჩემთვის ყურადღება არ მოექცია. გოგოები გიორგიზე ჭორაობას არ წყვეტდნენ. მე კი ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი, რომ მათი გამაღმერთებელი კომენტარები არ მომესმინა. ნანიკო აღარაფერს ამბობდა. არ ვიცი, რატომ შეწყვიტა გიორგის ქება-დიდება, მაგრამ ასე უკეთესი იყო.

გამიმართლა, რომ სესილის ისე დავემშვიდობეთ, კონკრეტული და ლოყების ამაწითლებელი შენიშვნა არ მოუცია. დარწმუნებული ვიყავი, არ გამოეპარებოდა ჩემი არეულობა, მაგრამ ალბათ იმ დღის სასჯელი მაკმარა.

დარბაზიდან მეგობართან ერთად გამოვედი. ნანიკოს ახალი დამთავრებული ჰქონდა „ჯეინ ეარის“ კითხვა და შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. კიბეზე დავეშვით და პირველ სართულზე ჩასვლისას შევნიშნე, რომ ბათინკზე თასმა მქონდა გახსნილი და ის იყო შესაკვრელად დავიხარე, რომ ჩემ გვერდით ხმაურით ხმალი დაეცა. თასმას შევეშვი და მოვკიდე თუ არა ხელი ასაღებად, ვადაზე მეორე ხელი გაჩნდა და ხმალი მუჭში ძალიან მტკივნეულად გასრიალდა. ჩემს ყვირილთან ერთად ვიღაცის შეძახილიც მომესმა და დავინახე, იმ წუთას აღებული ლითონი გიორგიმ როგორ გააგდო.

ყვირილზე ყველამ მე შემომეხვია. მუჭი ნელა გავშალე იმის იმედით, რომ ტკივილი მხოლოდ პატარა ნაკაწრისგან იქნებოდა გამოწვეული. მაგრამ მთელი ხელისგულის სიგრძეზე კანი რომ გაიხსნა, წითელი ზოლი გაჩნდა და მერე სისხლმა მუჭში დაგუბება დაიწყო, შიშისგან გავქვავდი და ვეღარ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა.

- მარი, ღმერთო! - ნანიკო ხელში მწვდა და თითები დამაკეცინა. სისხლმა გამოჟონა და ძირს დაიწყო წვეთა. ტკივილისგან თვალები ამიცრემლიანდა და შეკავების მცდელობის მიუხედავად, ლოყები მაინც დამისველდა. - რას გაშტერდით, ხალხო, ცხვირსახოცი არავის გაქვთ? - იყვირა ნანიკომ და გაოგნებულ ბიჭებს თვალები დაუბრიალა.

- მოიცადე... ჰო, მაქვს. - თქვა გიორგიმ, მაჯიდან შემოხვეული შავი ბენდენა მოიძრო და მომიახლოვდა. ხელზე შემეხო, რომ შესახვევად თითები გაეშლევინებინა, მე კი უკან დავიხიე.

- მტ&