ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სინათლე გვირაბის ბოლოს

სინათლე გვირაბის ბოლოს


                                                                           თ.1

                გულის ბაგა-ბუგი ყურებში მესმის, ნერვიულად ფეხს ვათამაშებ, თმას ვაწვალებ, ტუჩს ვიკვნეტ და საათს გაშტერებული ვუყურებ. უსიამოვნო წამლის სუნი ტრიალებს ყველგან და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს. დრო თითქოს საერთოდ არ გადის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მალე მირბის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სივრცეში დავიკარგე. მთელი სხეული დამიბუჟდა, თავში კი უამრავი აზრი მიტრიალებს. თურმე რამდენი დეტალი ყოფილა რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. სწორედ ახლა შევამჩნიე თითოეული ნაკაწრი ჩემს ტელეფონზე, უკვე მოძველებული შენობები გარშემო, ადგილ-ადგილ ამძვრალი საღებავი კედელზე. ამდენ ფიქრში გართულს საათის წიკწიკი უფრო და უფრო ხშირად მესმოდა ყურში, მასთან ერთად კი აჩქარდა ჩემი გულის ცემაც და აი გაისმა ქალის მშვიდი ხმაც:

-შემდეგი!

ჩემს წინ მჯდომმა, შუა ხნის ქალი წამოდგა, კაბა შეისწორა, რომელიც ძალიან ვულგარულს აჩენდა, თმები ყურს უკან გადაიწია და ექიმის კაბინეტისკენ თავ აწეული გაემართა. ალბათ ათი წუთი გავიდა და კვლავ გავიგონე ქალის ქუსლიანების ხმა, სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. ისევ გაისმა ის მშვიდი ხმა:

-შემდეგი!

ფეხზე წამოვდექი, გრძელი შავი პალტო შევისწორე, ჩემს საბუთებს ხელი მოვკიდე და ექიმის კაბინეტისკენ გავემართე. როგორც კი კაბინეტში შევედი თეთრ ხალათში გამოწყობილი, მაღალი, ქერა კაცი დავინახე. საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა და ხელი გამომიწია ჩამოსართმევად.

-დაბრძანდით ბატონო და თუ შეიძლება საბუთები მომაწოდეთ, ახლავე გადავხედავ.

მითხრა თითქმის ჩურჩულით, მეც მაშინვე დავჯექი, შავი შლიაპა მოვიხადე და აკანკალებული ხელებით საბუთები გადავეცი. როგორც კი ყდაზე დაწერილი ჩემი სახელი და გვარი დაინახა სახიდან ღიმილი წაეშალა, ფურცლებს თვალი გადაავლო და დაიწყო:

-ბატონო, პირდაპირ გეტყვით, რომ საქმე მარტივად ნამდვილად არ არის.

რატომღაც გამეღიმა ამ სიტყვებზე, თითქოს უკვე ვიცოდი რის თქმასაც აპირებდა.

-მე არც უაზრო ოპტიმიზმი მახასიათებს და არც ზედმეტად პათეტიკური პესიმიზმი, პირდაპირ მითხარით ექიმო რამდენი დამრჩა?

-ბატონო ანდრია, ძნელია სათქმელად.

-მკურნალობას აღარც აქვს აზრი ხომ?

-უცხოეთში შემიძლია გირჩიოთ რამდენიმე კარგი ექიმი.

-გადავრჩები?

-რთულ მდგომარეობასთან გვაქ საქმე ,მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ.

-რამდენი ხანი დამრჩა?

-ესე ვერ ვიტყვი, მკურნალობა ვცადოთ საზღვარ გარეთ და…

-ერთი წელი ექიმო?

-რამდენიმე თვეზეა აქ ლაპარაკი.

-მკურნალობასაც აღარ აქვს აზრი?

-ვერაფრის გარანტიას მოგცემთ , მაგრამ ვცადოთ სასწაულებიც ხომ ხდება არა?

ამ სიტყვებით თითქოს ჩემი დამშვიდება სურდა , მაგრამ დაცინვას უფრო ჰგავდა.

-თქვენს მდგომარეობაში ყველაფერი უნდა ვცადოთ! დამიჯერეთ.

-სულელი არ ვარ, ტყუილად არ ვაპირებ საკუთარი თვის წვალებას და რისთვის? ერთი-ორი დღე გავიხანგრძლივო , ეგეც თ სასწაული მოხდება.

-ძალიან ვწუხვარ.

-ანუ აზრი აღარ აქვს…აზრი არაფერს აღარ აქვს…

ჩავილაპარაკე ჩემთვის.

-ექიმო თქვენ რას მირჩევთ, რა გავაკეთო?

-მე?, მე გირჩევთ, რომ ბევრი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.

-ბევრი დრო? ბევრი დრო, რომ აღარ მაქვს?!

-რაც დაგრჩათ ისიც დააფასეთ, ეს იქნება ჩემი რჩევა.

-თქვენთვის რა მარტივია სათქმელად ექიმო, მე კი იმას უნდა შევეგუო , რომ რამდენიმე თვეში ჩემი ფერფლიც კი აღარ იარსებებს, თითქოს არც ვარსებობდი აქ ქვეყანაზე. ჩემი ცხოვრება ისე წაიშლება, როგორც თოვლზე ნაკვალევი.

-ვიცი რთულია, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ვერაფრით განუგეშებთ ბატონო ანდრია.

მწუხარება კი ნამდვილად იკითხებოდა მის თვალებში.

-კარგად ბრძანდებოდეთ ექიმო, სასიამოვნო იყო თქვენი ბოლოჯერ ნახვა.

შლიაპა ისევ დავიხურე და კაბინეტიდან გავედი. თავში ერთადერთი ფიქრი მიტრიალებდა, ნუთუ მართლა მოვკვდები…,მხოლოდ ქალის ხმამ გამომაფხიზლა:

-ბატონო კარგად ხართ?

პასუხს ვერ ვცემდი, ენა არ მემორჩილებოდა, უბრალოდ ზურგი შევაქციე და კლინიკიდან გავედი. გრილი ჰაერი მაშინვე შევიგრძენი, ხარბად ჩავისუნთქ და მივხვდი, რომ ამდენ ფიქრს მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ლაპარაკი მჭირდებოდა ნამდვილად და გადავწყვიტე ძველი მეგობა, ნანუკა მომენახულებია.

                                                                         ***

                                                                          თ.2

   ოფისის მესამე სართულზე სწრაფი ნაბიჯით ავირბინე და დავინახე ხის მაღალი კარი, შუაში წარწერით : ფსიქოლოგი ნანა მაჭარაშვილი. დაკაკუნების გარეშე შევედი. შავ დივანში გადაწოლილმა მაღალმა, შავთმიანმა ქალმა გაღიზიანებულმა წამოყო თავი. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ჩემი დანახვისას შეკრული წარბები მაშინვე შეეხსნა და სახეზე ღიმილი გამოესახა. წამოდგა , როგორც ყოველთვის მოხდენილად ეცვა: მუხლებამდე მომდგარი, შავი ქვედაბოლო, ზემოთ კი ოდნავ შეხსნილი, თეთრი პერანგი. უხდებოდა ცოტათი კეხიან ცხვირზე გაკეთებული სათვალეც კი. ჩემკენ გამოეშურა და გულში ჩამიკრა, მის დანახვაზე მეც შვება ვიგრძენი.

-ჩემი საყვარელი პაციენტი!

წარმოსთქვა გაბრწყინებული სახით

-ნანუკა როგორ მჭირდები ვერ წარმოიდგენ.

-რა ხდება ანდრო, მშვიდობაა?

-მშვიდობა? ოოო… ეგ სიტყვა დიდი ხანია უკვე, რაც ამოვშალე ჩემი ლექსიკონიდან.

-კარგი მოყევი ეხა ნუღარ მაწვალებ.

-დღეს ექიმთან ვიყავი, ანალიზების საბოლოო დასკვნა, რომ გამეგო

-მერე რა ხდება?

-ნანუკა ბოლო სტადიაა, ცოტა დრო დამრჩა, ძალიან ცოტა…

მის სახეზე გამოსახული შიში მაშინვე შევამჩნიე

-მკურნალობა ხომ შეიძლება?

აფორიაქებული ხმით მითხრა და ღაწვიდან ოფლი შეიმშრალა

-აზრი აღარ აქვს, მხოლოდ სასწაული თუ მოხდება

-აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს, დამიჯერე!

-არა, არ აქვს მაშინ, როდესაც ბრძოლა წინასწარვე წაგებისთვისაა განწირული

-ნუ გიყვარს დროზე ადრე ლაპარაკი, სხვა ქვეყანაში წახვალ, საუკეთესო ექიმებთან.

-არა აქვს აზრი, არა! გვინდა თუ არა ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ ჩემო ძვირფასო…

რა თქმა უნდა, რთულად მიიღო ეს ამბავი, ცრემლიც კი ჩამოუგორდა ლოყაზე, მაგრამ არ უნდოდა, რომ დამენახა და მაშინვე მოიწმინდა. ამას ნამდვილად არ ველოდი, წლებია ვიცნობ, მაგრამ მტირალი არასოდეს მინახავს. ასეთი ძლიერი ქალის ცრემლების მომსწრე პირველად გავხდი.

-სიკვდილი ვერ დავიმსახურე.

-შენი აზრით სიკვდილს დამსახურება უნდა ანდრო?

-მშვიდ სიკვდილს კი. მარტო საკუთრი სიამოვნებისთვის ვიცხოვრე და უამრავი გავამწარე საკუთარი მიზნებისთვის

-ჰომ…სამოთხის კართან რიგში პირველი ნამდვილად არ იდგები

თქვა და ოდნავ ჩაეღიმა

-მიყვარს შენი პირდაპირობა ნანუკა

-ეჭვიც არ მეპარება მაგაში

-რამდენს გადავეღობე ცხოვრების გზაზე . რისთვის? ფულისთვის?! სიამოვნებისთის?! გართობისთის?! ხომ… და ახლა რა დამრჩა? არც არაფერი. ალბათ ღმერთმა დამსაჯა.

-სიკვდილის შიშით დავიჯერო ღმერთის არსებობის დაიჯერე?

-არა, ეს ისე ვთქვი, უბრალოდ

-და როგორ უნდა დაიმსახურო მშვიდი სიკვდილი შენი აზრით?

დაინტერესებული სახით მიყურებდა, შემდეგ სათვალე მოიხსნა და თვალები მოიფშვნიტა.

-ფურცელი და პასტა მომეცი.

-მაგიდაზე დევს, რად გინდა?

დივანიდან წამოვდექი ოდნავ გაბრუებული და წერა დავიწყე

1)დალი;

2)სოფო;

3)დემეტრე;

4)მათე და თომა;

5)მარიტა.

ფურცელს ეჭვით გადახედა ნანუკამ.

 -ანდრო აქედან მარტო შენ ყოფილ ცოლს, სოფოს ვიცნობ სხვები ვინ არიან?

მითხრა და შემომანათა დაბნეული თვალები. ჩავისუნთქე და ყველაზე ღრმა, ბნელი და ბინძური წარსულის გასახსენებლად მოვემზადე.

-ესენი არიან ყველა ვინც მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი, ვენდობოდი და მენდობოდნენ, მათ მე ვუღალატე და მათაც მიღალატეს. ბევრი რამ მოხდა. იყო პირველი სიყვარული, უბრალო გატაცებაც, იმედგაცრუება, შურისძიება და ბევრი, ძალიან ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა.

-ნანობ?

-რა აზრი აქვს ახლა სინანულს. ზოგი რამ ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო მომივიდა, ზოგი ეგოიზმის, ზოგს კი უბრალოდ ახსნა არ აქვს. შენთვითონაც კარგად იცი იდეალური ადამიანის ეტალონი ნამდვილად არ ვარ.

-რას აპირებ?

-წარსულის აჩრდილებს თვალს გავუსწორებ, მათ მოვინახულებ!

-რას ფიქრობ ანდრო გაპატიებენ?

-არ ვიცი, ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ვცდი, დაე მოხეს რაც მოსახდენია ჩემო ძვირფასო…

   ის ღამე საერთოდ არ მძინებია. შიგადაშიგ წარსული მახსენებდა თავს და არ მასვენებდა. მთლიანად ვკანკალებდი და არ ვიცოდი წარსულის უფრო უნდა შემშინებოდა თუ მომავლის. საითაც არ უნდა გამეხედა სიბნელე და გაურკვევლობა იყო. სამსახურის საქმეები სხვას გადავაბარე, ისედაც ორი დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი და იმასაც ესე უაზროდ ვერ დავკარგავდი.

                                                                   ***

                                                                   თ.3

                  მადლობელი ვარ ყოველი ახალი გათენებული დღის, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მას სიკვდილთან უფრო და უფრო ახლოს მივყავარ. გათენდა თუ არა მაშინვე გზას დავადექი. ჩავიცვი კლასიკური შავი შარვალი, თეთრი სვიტერი და შავი გრძელი პალტო. ოდნავ მოზრდილი ყავისფერი კულულები კი უბრალოდ გადავივარცხნე. ამ გზაზე დიდ ხანია რაც აღარ გამევლო. ბავშვობის მერე სულ დავივიწყე იქაურობა. ნაცნობი ადგილების დანახვისას ნოსტალგია მომაწვა და გულმა ბაგაბუგი დაიწყო, აფორიაქების გამო საჭეს ხელები უფრო მაგრად ჩავჭიდე, ფანჯარა ჩამოვწიე და შევიგრძენი სურნელი, რომელიც თურმე ასე მომნატრებია. ჩემი მშობლიური კერა, მშობლიური იმერეთი, როგორ დავივიწყე ასე? , ვეკითხებოდი ჩემს თავს იმედგაცრუებული. ეს არის ადგილი სადაც გავატარე 18 წელი, როგორც კი იქიდან ქალაქში სასწავლებლად წამოვედი უკან აღა გამიხედავს. იმერეთში გავიცანი ჩემი პირველი სიყვარული დალი. ოხ დღემდე ვერ ვივიწყებ იმ ჟღალ ხვეულ თმას, ცისფერ, თითქოს გამჭირვალე თვალებს. მაგ თვალებმა დამატყვევა ზუსტად. თოვლივით თეთრ, ფითქინა კანსა და დაუვიწყარ ეშმაკურ ღიმილს. მე ვარ იმის მიზეზი დალიმ ღიმილი , რომ შეწყვიტა. თუნდაც მარტო ამის გამო ვარ სიკვდილის ღირსი.

                   …დავინახე რკინის, გრძელი, დაჟანგული კარი. ადგილ-ადგილ ჩამონგრეული და წვიმისგან დამპალი ღობე. ჭიშკრი შევაღე და საშინელი ჭრიალის ხმაც გაისმა, გამოჩნდა სტიქიისგან განადგურებული დიდი ეზო და სახლი. დრომ ყველაფერს დაამჩნია თავისი კვალი. სიმართლე ვთქვა ძნელია იმ ნანგრევებისთვის სახლის დაძახება, მაგრამ ოდესღაც იქაურობა , ნამდვილად, ლამაზი და განათებული იყო. ვიდექი ჭიშკართან გაუნძრევლად და ვერ ვბედავდი შიგნით შესვლას , რადგან დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, სწორედ ჩემი ბრალია ეს ადგილი ასე უპატრონოდ, რომ დარჩა. სანამ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ უვლიდნენ აქაურობას, მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ მიმხედი აღარავინ ჰყავს. ბოლოს მაინც გავბედე , ნესტისგან დაობებულ ფანჯრებთან ახლოს მივედი და შიგნით შევიხედე. აღარაფერი იყო დარჩენილი გარდა ეთი-ორი დამტვრეული ავეჯისა. შუაში მდგომ დიდ მაგიდას შემოვუსხდებოდით მე, დედა, მამა და ვსაუბრობდით გაუთავებლად. თვალწინ დამიდგა დედის მონატრებული გაბრწყინებული სახე, ფოსოები ლოყებზე და დიდი ხალი თვალთან, რომელიც ასე ძალიან უხდებოდა. ყოველთვის კოხტა, ჭრელი კაბები ეცვა მამა კი ტკბებოდა მისი მშვენების ყურებით. ისინი ერთმანეთს უმზერდნენ სიყვარულით სავსე თვალებით და არასოდეს ბეზრდებოდათ ეს.

 მიუხედავად იმისა, რომ წლებია ქუთაისში აღარ ვყოფილვარ, მაინც კარგად მახსოვს ყველა გზა, დალის სახლისკენ მიმავალიც კი.

    ნერვიულობისგან პირი გამომიშრა და არ ვიცოდი ხელები სად წამეღო. ვიდექი იმ კარის

ზღურბლთან, რომელსაც წლების წინ ხშირად ვსტუმრობდი. ძალები მოვიკრიბე და დავაკაკუნე.

სამარისებული სიჩუმე იყოს ჩამოვარდნილი და ამან კიდევ უფრო მეტად დამძაბა. ჩემთვის

ვიფიქრე, რა სულელი ვარ, იქნებ აქ აღარც ცხოვრობს და აი უკვე გაბრუნებას ვაპირებდი, რომ

კარის საკეტის ხმა გაისმა. ჩემ წინ გამოჩნდა დაბალი, გამხდარი, შავებში ჩაცმული მოხუცი

ქალი. თვალები მოჭუტა და ეჭვით მკითხა:

-ვის ეძებ შვილო?

-გამარჯობა დეიდა.

 ვუთხარი ღიმილით, რადგან მაშინვე ვიცანი დალის დედა, ქეთინო იყო.

-დალის ვეძებ ქალბატონო ,მისი ძველი მეგობარი ვარ.

ამის გაგონებაზე ქალს სახე შეეცვალა და თითქოს თვალები აუცრემლიანდა.

-შემოდი შვილო.

მითხრა , ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.

-კარგად ხართ ქალბატონო?

ვკითხე გაკვირვებულმა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.

-18 წელი გავიდა , რაც ჩემი გოგო აღარ არის შვილო

ქალს ლაპარაკისას ხმა აუკანკალდა

-რას ამბობ დეიდა?

იმდენად მოულოდნელი იყო ეს ამბავი ჩემთვის , რომ ვერანაირი ემოციის გამოხატვა ვერ

შევძელი. უბრალოდ ვიჯექი და თვალებ გაფართოებული შევცქეროდი ქალს. მომენტალურად

ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მთლიანად გაქრა ჟანგბადი დედამიწიდან. სული

დამეხუთა, პირს ვაღებდი ჰაერის ჩასაყლაპად ,მაგრამ სუნთქვას ვერ ვახერხებდი.

-ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა

-კი, მაგრამ როგორ? კიდევ მინდოდა სხვა რამის თქმა, მაგრამ ხმის ამოღება ვეღარ გავბედე.

გამწარებული ქალის შემხედვარეს მეც წამომივიდა ცრემლები და ლოყები ამეწვა.

-რა ვიცი შვილო, უბედური შემთხვევა იყო, მანქანა დაეჯახა.

გონებაში ათასჯერ მაინც მყავდა წარმოდგენილი დალი. წარმოვიდგენდი მის უკვე შეცვლილ

სახის თითოეულ ნაკვთს, ახდენილ ცხოვრების მიზნებსა და ოცნებებს, ხანდახან ვფიქრობდი

რომ უკვე გათხოვილიც იყო და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ თურმე ძალიან ავცდენილვარ რეალურ

სურათს.

   -შენ ვისი ხარ შვილო, საიდან იცნობდი ჩემს გოგონას?

-დეიდა, ზუსტად 18 წლის წინ ვნახე ბოლს, მაშინ ჯერ კიდევ აქ ვცხოვრობდი, ჩვენ… ჩვენ საკმაოდ

ახლო მეგობრები ვიყავით.

უეცრად სახეზე აღბეჭდილი მწუხარება ზიზღმა შეცვალა.

-ღმერთმა დაგწყევლოს! რა პირით მოხვედი?!

აკივლდა ქალი

-შენს გამო მოხდა ყველაფერი, სულ შენი ბრალია! რაც წახვედი მას მერე ნერვიულობდა, აღარ

ჭამდა, სულ გზას უყურებდა შენი მომლოდინე. რატომ პირდებოდ , რომ დაბრუნდებოდი და არ

დაივიწყებდი?! ასე , რომ არ გეთქვა ცრუ იმედები აღარ დატანჯავდა ,აღარ დაგელოდებოდა

 ტყუილად.

განწირული ხმითა და შეშლილი სახით მიკიოდა ქალი.

-დღემდე მაწუხებს სინდისის, გეფიცებით…არ ვიცოდი ასეთი რამ თუ მოხდებოდა თორემ…

ვეღარ გავბედე ქალისთვის თვალებში ჩახედვა და თავ დაღუნული იატაკს მივაშტერდი.

-რაღას უშველის შენი სინდისის ქენჯნა , გვიანაა უკვე!

თითოეულ სიტყვაში ეტყობოდა ჩემს მიმართ გაჩენილი ზიზღი.

-ფიქრებით სულ სადღაც სხვაგან იყო, ძალიან დაბნეული დადიოდა, როცა დიდიხნის მანძილზე

აღარ გამოჩნდი ამან საერთოდ გაანადგურა. ისეთი გაფანტული იყო მანქანა ვეღარ დაინახა და…

-მაპატიეთ…

მხოლოდ ამის ამოღერღვა მოვახერხე

-რა გაპატიო, რა?!

უფრო აკივლდა ქალი და მდუღარე ცრემლები ჩამოცვივდა. მისი ღვარძლით სავსე თვალების

ყურებისას სისხლი ზღვასავით მომაწვა ძარღვებში, ეს მზერა სიკვდილის ტოლფასია.

-იცი რა მწარეა შვილის სიკვდილს , რომ ესწრები? არც ერთ დედას არ უნდა მოუწიოს საკუთარი

შვილის საფლავზე მიწის მიყრა, შენს ხელებზე მარტო დალის სისხლი კიარა ჩემიცაა, მასთან

 ერთად მეც მომკალი, არასოდეს დაივიწყო ეს!

-ვიცი არ მაქვს უფლება ბოდიში მოვიხადო, მე არაფერი ვიცოდი უბრალოდ… არ მეგონა ასე თუ

დამთავრდებოდა ყვლაფერი.

-არც გაბედო თავის მართლება…წადი და უკან აღარ მობრუნდე. როგორც მაშინ გადაიკარგე ისე

მოიქეცი ახლაც!

ჩახლეწილი ხმით მითხრა, რადგან ყვირილის ენერგია აღარ შერჩენოდა.

-ძალიან მიყვარდა, გეფიცებით

-რომ გყვარებოდა ეგრე არ მოიქცეოდი , შენ შენი თავის გარდა არავი და არაფერი გიყვარს.

ვიჯექი და გაშტერებული ვუყურებდი ქალის გაყინულ, ცარიელ თვალებს , რომელშიც

სიცოცხლის წყურვილი მე ჩავკალი.

-ბოდიშს გიხდით.

-წაეთრიე, დავასრულე მე შენთან ლაპარაკი!

                                                                                ***

                                                                                თ.4

   უგზოუკვლოდ მივეხეტები ზედმეტად ნაცნობ , მაგრამ ამავდროულად უცხო ქუჩებში, თან

 ლამპიონების მკრთალი შუქი მინათებს ბნელ გზას. ვფიქრობ ძალიან ბევრს ამ ულევმა ფიქრმა თავი დამიმძიმა და სადაცაა მხრებიდან მომწყვეტს.

-ანდრუშა?

არსაიდან გაისმა ხმა. გაოცბული უკან მივბრუნდი და ბესო შემრჩა ხელში. რამდენი წელი გავიდა , მაგრამ ზუსტად ისეთივეა. ჩემკენ გამოემართა გაკრეჭილი და ფართოდ გაშალა ხელებით.

-შენა ხარ ბიჭო მართლა?

-ბესო რა გინდა აქ?

-მე რა მინდა თუ შენ, რამ გაგახსენა აქაურობა?

 მაგრად ჩავიკარი გულში. ბავშვობაში დღეს არ ვატარებდით უერთმანეთოდ.

-როგორ გამოპრანჭულხარ ბიჭო, იმ დღეს ტელევიზორში შენს რესტორანზე ლაპარაკობდნენ მე კიდე ბიჭებთან თავს ვიწონებდი, ჩემი ძმაკაცია-მეთქი.

ისეთი ბედნიერი და ალალი თვალებით შემომცქეროდა, რომ მთელი დარდი გადამავიწყა.

-ოხ ბესო საერთოდ არ შეცვლილხარ, როგორიც დაგტოვე ზუსტად ისეთივე დამხვდი.

-ჰე წამო ეხა აქვე სახინკლეა, აბა აქ ღობე-ყორეში ხო არ ვილაპარაკებთ.

მალევე მივედით პატარა, მაგრამ კოხტა სასადილოსთან.

-საუკეთესო ხინკალია ანდრუშ აქ, კაი ცივი ღვინოც მივაყოლოთ და მერე ჩემთან წამოხვალ, უარი არ მიიღება, დილით ჩემი ცოლი ერთ კაი კოფესაც მოგვიდუღებს.

-წამოვალ ბიჭო აბა რას ვიზამ, არ გავიხსენოთ ბავშვობა სულ ერთმანეთთან, რომ ვრჩებოდით.

-ხო აბა, ეჰ საწყალი დედაჩემი მწყევლიდა ხოლმე, შენ არ გაიხარე სახლში რა ეშმაკები არ გასვენებენო…

-კაი აბა ის მითხარი აქ რა გინდა ბიჭო?

-ვიფიქრე დალის მოვინახულებდი, სახლში დედამისი დამხვდა და…

ენა აღარ მომიბრუნდა სიტყვის დასამთავრებლად, ბესოსაც სახე შეეცვალა.

-არ უნდა გექნა ეგ, ისედაც გამწარებულ ქალს რაღას აწვალებ.

-არ ვიცოდი თორემ, ალბათ, არც ჩამოვიდოდი

-გახსოვს ბიჭო დალის მთელი კლასის წინ სიყვარული, რომ აუხსენი?

ამის ხსენებისას კვლავ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

-რა დამავიწყებს, იმ დღეს ისე ვნერვიულობდი ლამის გონება დავკარგე, მეზობლის ბაღიდან ჩუმად მოპარული სამი წითელი ვარდი მოვუტანე აკანკალებული ხელებით. ისე მრცხვენოდ თვალებშიც ვერ შევხედე და ბურდღუნით ვუთხარი მიყვარხარ-მეთქი. გაწითლდა, მასაც შერცხვა, ხმის ამოღება ვერ გაბედა, ეშმაკურად ჩაიღიმა და პირის მოძრაობით მანიშნა მეცო. იმ მომენტში მეცხრე ცაზე ავფრინდი, აღარც სირცხვილი მახსოვდა და აღარც ნერვიულობა. კარგად მახსოვს, წითელი, წელში გამოყვანილი სარაფანი და თეთრი ბალეტკები ეცვა, ძალიან უხდებოდა.

-რა პატარები ვიყავით ბიჭო მაშინ.

-ხო , იმის მერე ის უცებ გაიბინა ცხოვრებამ

-კაი დრო იყო, ყველა ერთად ვიზრდებოდით, მთელი სამეზობლოს ბავშვები. მე, შენ, დალი, ქეთინო და გიო, დათო პატარა იყო ,მაგრამ სულ ჩვენ დაგვზდევდა კუდში. ისე ყოველთვის მეგონა დალის ცოლად მოიყვანდი მარა მერე ისე გაქრი.

პასუხის გაცემა ვეღარ გავბედე, ან რა უნდა მეთქვა რო.

-ისე რაც წახვედი გიორგი სულ კუდში დასდევდა. ბოლოს ძლივს მიხვდა ,რომ არაფერი გამოუვიდოდა და რამდენიმე წლის წინ ვიღაც გოგო მოიყვანა ცოლად გვერდზე სოფლიდან და იქ ჩასახლდა.

ბედნიერი ვიქნებოდი თუ გავიგებდი ,რომ ვინმე კარგი ადამიანი გამოჩნდა დალის ცხოვრებაში და იმას გაჰყვა ცოლად ,მაგრამ არა გიორგი. ის არ იყო მისი ღირსი.

-კაი ანდრუშა ეხლა ჩემთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ თორე დაგვათენდება. თან ჩემს ცოლს გაგაცნობ ,შვილებს და გათენებამდე ჩვენებურად ვილაპარაკოთ.

ისეთი კარგი დრო, როგორიც იმ ღამეს გავატარე დიდი ხანია აღარ გამიტარებია, ნამდვილად სასიამოვნო იყო ბავშვობის მოგონებებში გადაშვება.

 

                                                                    ***

                                                                    თ.5

                                                           (დროის მანქანა)

 -ხო ბესო მაღაზიას გამოვცდი უკვე 5 წუთში მანდ ვიქნები

საათს ,რომ დავხედე უკვე 6ხდებიდა. ცოტა ნაბიჯს ავუჩქარე და უცებ ვიღაცამ ხელზე მომქაჩა.

-ანდრია!

მივბრუნდი და ჩემი სკოლელი გიორგი დავინახე.

-სალამი

-როგორ ხარ? საით მიდიხარ?

-აგერ ხიდთან ბესოს უნდა შევხვდე.

-მოდი ჩამოვჯდეთ თითო ღერი გავაბოლოთ.

ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთ ღერს გაუკიდა მეორ კი მე გამომიწოდა.

-არ მინდა, ბესო გაბრაზდება ისედაც ვალოდინე ამდენი ხანი.

-რა ეჭვიანი შეყვარებულივით იქცევა. გელოდოს დიდი ამბავი.

თქვა ოდნავ ჩაცინებით.

-არ მინდა მეთქი!

შევუბღვირე ,იმდენად ახლოსაც არ ვიყავით , მისთვის ასეთი უაზრო ხუმრობები, რომ გამეტრებინა. მანაც აშკარად იგრძნო რო ზედმეტი მოუვიდა.

-კაი ხო გეხუმრები, წამო მეც იქით მოვდივარ თან გზაში ვილაპარაკოთ.

არ მესიამოვნა მაგრამ გზა ერთად განვაგრძეთ, თან ხიდამდე 5წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და როგორმე გავუძლებდი.

-თბილისში მალე სასწავლებლად მიდიხარ ხო?

ისევ გიორგიმ დაარღვია სიჩუმე.

-ხო.

-კაია, რა გიჭირს ეს მე ამომხდება აქ სულუ. ისე იქ რამდენ კაი გოგოს გაიცნობ…

გამომცდელი მზერით შემომხედა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე ეთქვა თუ არა.

-შეყვარებული მყავს ხო იცი.

 ამ სიტყვებზე გიორგიმ უაზროდ ჩაიცინა , ამან კი კიდევ უფრო გამაღიზიანა.

-ხო ბარემ ჯაჭვი მოგაბას კისერზე და ისე გატაროს.

-რას ბოდავ ?!

ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა. მეც თავი ვეღარ შევიკავე და მხარზე ვუჯიკე.

-ტყუილს მაინც ვამბობდე, ცხვირი უნდა აუბზუო ყველას და რის გამო ჰა? ახლოს მაინ გიკარებს დალი?

სიბრაზისგან სისხლი მომაწვა ძარღვებში, თავი ვეღარ მოვთოკე და მთელი ძალით მოქნეული მუშტი სახეში ვხეთქე. ჩემდა გასაკვირად ხელი არ შემოუბრუნებია , გაბადრული სახით მიყურებდა. თითქოს ზუსტად ამას ელოდებოდა. არსაიდან ბესო გამოჩნდა და მხრებში მწვდა.

-გაანებე ბიჭო თავი.

-დალის სახელიც აღარ ახსენო!

დავუღრიალე, მას კი ისევ ის ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ხმის ამოუღებლად ზურგი გვაქცია და ბარბაცით წავიდა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი გიორგიზე, უფროსწორად მაშინ მეგონა ეგრე. სინამდვილეში საკუთარი თავი მაბრაზებდა, რადგან სანამ გიორგი მეტყოდა მაგ ყველაფერს , მანამდე მეც გამიელვა თავში რამდენჯერმე მსგავსმა ფიქრებმა. მისმა ლაპარაკმა ჩემს გულში გაჩენილ პატარა მარცვალს უფრო გაუღვივა ფესვები და მას მერე მაგ აზრს აღარც დაუტოვებია ჩემი გონება.

                                                                        ***

                                                                         თ.6

                                

      მამლის ყივილმა და სუსხმა გამაღვიძა სისხამ დილით. ტანზე დამბურძგლა. ადგომა არ მინდოდა, მაგრამ ის უნდა გამეკეთებინა რისთვისაც ჩამოვედი. ბესოს და მის ოჯახს დიდი სიყვარულით გამოვემშვიდობე, ერთმანეთს შევპირდით, რომ აღარ დავიკარგებოდით და ისე დავადექი გზას. შენ ამას შეძლებ, გაუძლებ, ვუმეორებდი ჩემს თავს.

       …დალი მიქელაძე, დიდად ეწერა შავ ქვაზე, მასზე კი იყო გამოსახული ქალღმერთი, ლაღი და მშვენიერი. იღიმოდა, სწორედ ის ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

-ეჰ დალი, ჩემო დალი ჩემი ბრალია, რომ ვერ ვნახე შენს სახეზე გაჩენილი ნაოჭები, ლამაზ წითელ თმაში გარეული ჭაღარა. მე ვარ დამნაშავე, რომ ვერ აისრულე შენი ოცნებები , ვერც დედა დაგიძახეს, ვეღარ შევეხები შენს ნაზ ხელებს, მოხდენილ წვრილ წელს, ვეღარ ჩაგხედავ სიყვარულით მაგ თვალებში.

სამი ლამაზი წითელი ვარდი დავდე მის საფლავის ქვასთან. ჩავიმუხლე და ცრემლები თავისით გადმომცვივდა.

-მაპატიე.

ესღა ჩავიბუტბუტე.

-გაპატიებდა.

გაისმა ქალის ხმა. შევკრთი და უკან მივბრუნდი იქ კი დალის დედა იდგა.

-კეთილი გული ჰქონდა, ნამდვილად გაპატიებდა…

უამრავმა სიტყვამ გამირბინა თავში, თუმცა მაინც ვერაფერი ვთქვი.

იმ ადგილზე კიდე დიდიხანი ვიდექი ვუყურებდი, როგორ მშორდებოდა ნელ-ნელა მოხუცი ქალის სილუეტი და ვფიქრობდი რანაირად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში, როგორ მივიყვანე საკუთარი თავი აქამდე.

                                                                       ***

                                                                       თ.7

        თბილისისკენ მიმავალ გზას დავადექი და მივხვდი, რომ ცოტა მომეშვა. სულ იმ ქალის სიტყვები მიტრიალებდა თავში: -გაპატიებდა!

        უზომოდ დავიღალე ფიზიკურადაც და ემოციურადაც, ჩემს ტკბილ საწოლში ჩავწექი და გამოვეთიშე აქაურ სამყაროს, მხოლოდ ასე თუ შემიძლია რეალობისგან თავის დაღწევა.

     საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა , ღრიალი ამომხდა და სულ გავოფლიანდი. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და შეშინებულმა იქეთ-აქეთ დავიწყე ყურება , მაგრამ ვერაფერი დავინახე თითქმის, ყველაფერს ბინდი გადაჰკროდა, ამასთან ერთად წონასწორობაც ვერ შევინარჩუნე და იატაკზე მოწყვეტით დავეხეთქე . ყურებში წუილის გარდა არაფერი მესმოდა, საფეთქელით კი საწოლის კუთხეს ვაწვებოდი იმის იმედით, რომ ოდნავ, მაინც შემიმსუბუქებდა აუტანელ ტკივილს. ხელების ცეცებით ვიპოვე ტუმბო, მესამე უჯრა გამოვგლიჯე და ექიმის დანიშნული ტაბლეტების ყუთი ავიღე. მაშინვე ორი ტაბლეტი ჩავიდე პირში და დარჩენილი ღამე იატაკზე მოკუტულმა გავატარე. ხან თავში ვიშენდი მუშტებს, ხან თმებს ვიგლეჯდი სიმწრისგან, სახეს ვიხოკავდი მაგრამ ტკივილი არსად ქრებოდა. ბოლოს, გამთენიისას ვიგრძენი ცოტა შვება. შეუძლებელია ამ საშინელი ტკივილის გადმოცემა. ტვინის სიმსივნის ამ სტადიისთვის  ნორმალური მოვლენაა. ყველაფერთან ერთად, ექიმმა გამაფრთხილა, რომ წამლები დიდად არაფერში მიშველიდა, პირიქით რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა, მიტ უფრო ნაკლებად იმოქმედებდნენ ისინი.

           გათენდა თუ არა, მაშინვე ნანუკასთან წავედი. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მომისმენს და გამიგებს კიდეც.