ყორანთა ორდენი
ყორანთა ორდენი
სვლა I - დასაწყისი
ბნელ მეფედ წოდებულის ტახტზე ასვლიდან 5 წელი გავიდა. ერთ დროს უზარმაზარი ოსმიონის იმპერია, რომელიც შიშის ზარს სცემდა სამყაროს, უბადრუკ და ღარიბ სახელმწიფოდ გადაიქცა. შიმშილობისა და სხვადასხვა დაავადებების გამო მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა, ნახევარი კი სასტიკი მოპყრობისა და აუტანელი გადასახადების მსხვერპლი გახდა. სამართლიანობის სახელით დაწყებული აჯანყებები მალევე გადაიქცა მაროდიორთა ბანდებად, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიოდნენ და მეფის სახელით ყველას და ყველაფერს იტაცებდნენ რაც მოეწონებოდათ. შიდა არეულობით ისარგებლეს მეზობელმა სახელმწიფოებმა და ქალაქს ქალაქზე იპყრობდნენ. მოსახლეობა შიშმა და ტერორმა მოიცვა. სიტყვა იმედის წარმოთქმასაც კი ვერავინ ბედავდა.
ლაუნიისა და ოსმიონის საზღვართან ახლოს, წითელი მთვარის მდინარის ნაპირას, მდებარე სოფელს სამი მხრიდან უზარმაზარი მთები ეკვროდა. აჯანყება, რომელმაც ამ სოფელში რამდენიმე ხნის წინ იფეთქა, სასტიკად ჩაახშვეს. ერთი წელი გავიდა იმ დღის მერე როდესაც მდინარე სისხლისფრად შეიღება და რამდენიმე კვირის განმავლობაში მეწამულად ღებავდა არემარეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრები და მოგზაურები ჭირიანივით ერიდებოდნენ ამ ადგილს, სოფელი სიწყნარესა და მშვიდობას მონატრებული მოსახლეობისთვის თავშესაფრად და აღთქმულ ადგილად იქცა. ამინდიც თითქოს ბნელი მეფის რისხვას დამორჩილებოდა. უმეტესი დრო წვიმდა, თუ არ წვიმდა, გაუვალი ნისლი იყო. ნახევრად დანგრეული ციხესიმაგრე ასეთ დროს ავისმომასწავებლად გამოიყურებოდა.
სოფელი დიდი არ იყო. შესასვლელად მდინარეზე არსებული საცალფეხო ბილიკი უნდა გადაგეკვეთა, რომელსაც დანგრეული ციხესიმაგრე დაჰყურებდა. უდრტვინელი ბუნების გამო, მას ადგილობრივებმა წყნარი ციხეც კი შეარქვეს. სოფლის ცენტრში იდგა ღმერთის, ვოროსის, ტაძარი, რომლის გარშემოც ხის ქოხმახების ქუჩები იწყებოდა. სოფლის ბოლოში კი ერთადერთი, ქვით ნაშენი, სახლი იდგა. მოსახლეობა ძირითადად ახლო მდებარე სოფლებთან და ქალაქებთან ვაჭრობით ირჩენდა თავს.
აგვისტოს წვიმიანი საღამო იყო. მზე ღრუბლებს ჩაეყლაპათ. ალაგალაგ გუბეები დამდგარიყო. სისხამ დილით სოფელმა ორიოდე ვაჭარი გააცილა შორ მოგზაურობაში. ნახევრად დაცარიელებული დასახლება მშვიდად თვლემდა. სოფლის შემოსასვლელთან ბავშვები დარბოდნენ. ერთ-ერთ სახლთან გაჩერდნენ და ფანჯრებთან აიტუზნენ. პატარა ნაწნავებიანმა გოგონამ ჩუმად დააკაკუნა.
– დედა, დედა, გარეთ გავდივარ.
მოისმა ხმა შიგნიდან, წამიც არ იყო გასული, რომ სახლიდან პუტკუნა ბიჭი გამოვარდა. მიმოიხედა და შორს მორბენალი მეგობრები შენიშნა.
– ეგრე სწრაფად ნუ გარბიხართ! დამელოდეთ! -აქოშინებული მისდევდა მეგობრებს და უკნიდან უყვიროდა. უცებ ფეხი ხის ფესვს წამოჰკრა და წაიქცა. აცრემლებული თვალებით ახედა იქვე მოცინარ გოგონას. - პეტრა, დამელოდე!
– წამოდი სწრაფად. ვინც ბოლო მივა წყნარ ციხემდე მას ბნელი მეფე მოიტაცებს ხომ გახსოვს. - დაიძახა მხიარული ხმით გოგონამ და სიცილ სიცილით განაგრძო სირბილი.
– არასდროს მელოდებიან.
ბუზღუნით ჩაილაპარაკა, კალთები ჩამოიფერთხა და მეგობრებისკენ წაბაჯბაჯდა. ვოროსის ტაძართან მიირბინა და კარის ღრიჭოდან შეიჭყიტა. ხალხი ყოველკვირეულ ლოცვაზე შეკრებილიყო. ბავშვს მალევე მობეზრდა მათი ყურება და წყნარი ციხისკენ წავიდა. გზაში კენჭს ათამაშებდა ფეხით და დროდადრო უკან-უკან იყურებოდა.
– სად ხართ? მოვედი. - დაიძახა ახლოს მისულმა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. - კიდევ მემალებით? - დანგრეულ ციხეში შეიხედა, ჩამიჩუმი არ ისმოდა.
– ალბათ ისევ მდინარის გადაღმა წავიდნენ. -გაიფიქრა თავისთვის და ციხეში შევიდა.
ერთი ადგილი მოსწონდა ძალიან. რამდენიმე ქვა ისე იყო გამოწეული კედლიდან, რომ კიბედ შეიძლებოდა მისი გამოყენება. ნელნელა აძვრა და ნახევრად ჩამონგრეულ სახურავზე მოკალათდა. მთელი ხეობა მოჩანდა, ტყეც და მოსაზღვრე ქვეყნის ქალაქების სილუეტებიც, რომლებიც მხოლოდ პატარა ბიჭის წარმოსახვაში არსებობდა. რაც მამა ომში დაიკარგა, ეს დანგრეული სახურავი გახდა მისთვის საყვარელი ადგილი. თითქმის ყოველდღე ადიოდა და გაფაციცებით უყურებდა ჰორიზნოტს, იმის იმედით რომ მამამისს დაინახავდა. ზოგჯერ პეტრაც მასთან ერთად თამაშობდა. წარმოიდგენდნენ როგორ ებრძოდნენ მტერს. ორნი მთელი სამყაროს წინააღმდეგ. ვინ იცის რამდენჯერ დაღამებიათ წარმოსახვით ბრძოლებში.
– სად ხართ?
ბოლოჯერ დაიძახა. ხეობამ ექო მისცა. მხოლოდ შორიდან ისმოდა მგლის ყმუილი. ფეხზე წამოდგა და ხიდს გადახედა. შეცბა.
აკანკალებულმა სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და კისრისტეხით გავარდა სოფლისკენ. გზაში წაიქცა, ცხვირიდან წამოსულ სისხლს ყურადღება არ მიაქცია და ტაძრის კარი გამეტებით შეაღო.
– მმ..მოდიან!
ტაძრის წინამძღოლს ხელები ზევით აღეპყრო, მუხლებზე დაცემულიყო და ხმამაღლა ღაღადებდა. მოსახლეობა ვოროსის თაყვანისსაცემად და ცოდვებისა და ჩრდილების მისატევებლად ყოველდღე ლოცულობდა.
ლეგენდის თანახმად ღმერთი ვოროსი, ოთხ მთავარ ღმერთთაგან ერთ-ერთი და ყველაზე ძლევამოსილი, ცეცხლისა და მისგან წარმოქმნილი ჩრდილების ღმერთი იყო. მისი კულტი ჩრდილების თაყვანისცემას მოიცავდა. ტაძარშიც მრავლად შეხვდებოდით უზარმაზარ ქანდაკებებს რომელთა წინ მუდმივი ცეცხლი ენთო, რათა კედლებზე ჩრდილები არ ასახულიყო, რითიც ცდილობდნენ ვოროსისთვის ეჩვენებინათ რომ მისი ერთგულები და უჩრდილოები იყვნენ. კულტის წინამძღოლს ყველა ვებუმად მოიხსენიებდა. რელიგიის მიხედვით ვებუმები, ვოროსის მიერ ოსმიონზე გამოგზავნილი, ნახევრად ღმერთები არიან, რომელთა მეშვეობითაც იგი აკონტროლებდა ყოველი ადამიანის ქცევას. გარდაცვალების მოახლოებასთან ერთად ვებუმი თავად ირჩევდა მის გამგრძელებელს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე შეეძლებოდა ტიტულის ტარება, შემდეგ კი უზარმაზარ კოცონზე თავს, რიტუალური პროცესების შემდეგ, იწვავდა. მისი უკანასკნელი ამოსუნთქვისას კი დიდი ზარზეიმი იწყებოდა. ფერფლს სოფლის მეზობლად მდებარე ჩრდილების ტყეში მიმოაბნევდა ახალი ვებუმი.
ოდესღაც ოსმიონის მიწებზე მხოლოდ ცეცხლი და ცა არსებობდა. ღმერთები ჰარმონიასა და ბალანსს იცავდნენ. ვოროსი - ჩრდილების ღმერთი; კიერა, სიყვარულის ქალღმერთი; და კიდევ ორი ღმერთი, რომელთა სახელები დროში და ლეგენდებში დაიკარგა. სწორედ ეს ოთხი ღმერთი განაგებდა მიწას, ცას, ზღვას და მათში მცხოვრებ ყველა არსებას. ისინი კმაყოფილნი იყვნენ ჰარმონიაში თანაარსებობით, თითოეული პატივს სცემდა სხვების ძალაუფლებასა და სამფლობელოს.
მაგრამ ერთ დღეს კიერას, სიყვარულის ქალღმერთს, ხილვა ჰქონდა. მან გონების თვალით დაინახა ადამიანის ფორმის სილამაზე და სირთულე. რამდენიმე საუკუნე არ ასვენებდა ხილვები ადამიანების შესახებ, თუ რა სიყვარულის და ჰარმონიის მოტანა შეეძლოთ. საბოლოოდ სხვა ღმერთებისგან მალულად, თავისი ძალების გამოყენებით მან პირველი ადამიანები მიწიდან შექმნა და მათ სხეულებს სიცოცხლე შთაბერა.
ადამიანები აყვავდნენ და გამრავლდნენ, ააშენეს დიდი ქალაქები, ციხესიმაგრეები, საბოლოოდ კი გაჩეხეს ტყეები და გააფართოვეს ცივილიზაციები მთელს მიწებზე.
ამას განსაკუთრებით შეუწუხებია სიბნელის ღმერთი ვოროსი. ადამიანთა სურვილებმა დაჩრდილა თავად მზე, ხოლო ერთდროს ვოროსის წმინდა მიწებზე უწმინდური ჩრდილები წარმოქმნეს.
საბოლოოდ, ვოროსმა ვეღარ გაუძლო ადამიანთა სიამაყეს და დანარჩენი ორ ღმერთთან ერთად დაუპირისპირდა კიერას, სიყვარულის ქალღმერთს, და ღალატში დაადანაშაულა იგი. უბრძანეს, რომ ადამიანები სისაძაგლეები და შეცდომები იყვნენ და რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაენადგურებინათ.
კიერა ევედრებოდა სხვა ღმერთებს, დაეტოვებინათ ადამიანები, დაენახათ მათში არსებული ის სილამაზე და პოტენციალი, რაც მან დანახა, მაგრამ უშედეგოდ. ვოროსმა და სხვებმა არ დაუჯერეს და კიერა შეიპყრეს, ჩამოართვეს მას ღვთიური ძალები და გადააგდეს მოკვდავთა სამეფოში.
გამწარებულ კიერას უკანასკნელი ძალები დამცავი ბარიერის შესაქმნელად გამოუყენებია, რითაც საბოლოოდ გამიჯნა მოკვდავთა ქვეყანა ციური სამეფოსგან.
დადგება დრო როდესაც ვოროსი, დანარჩენ ორ ღმერთთან ერთად დაბრუნდება და დაიბრუნებს ყველაფერს რაც მათ ოდესღაც წაართვეს. როდესაც ეს დღე დადგება, მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, რომლებიც მისი ძლევამოსილი ცეცხლის წინაშე უჩრდილონი წარსდგებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ვოროსი ბოროტების და სიბნელის ღმერთად ითვლებოდა, ღმერთებს შორის ყველაზე ძლევამოსილი იყო. სწორედ ამიტომ, ბევრ ოსმიონელს და ზოგიერთ ვებუმსაც მიაჩნდათ, რომ ბნელი მეფე ვოროსის ახდენილი წყევლა იყო. რადგანაც თავად ბოროტებას სურდა დაებრუნებინა ის რაც მას ეკუთვნოდა.
წლების წინ სანამ ბნელი მეფე სისხლითა და ცეცხლით ავიდოდა ტახტზე, ქვეყანას მართლად წოდებული მონარქი მართავდა. სახელმწიფო ყვაოდა, სხვა ქვეყნის ვაჭრებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდათ ოსმიონის მიწებზე და სხვებისგანაც იგივეს ითხოვდა. ვოროსის ტაძრებს საგანმანათლებლო ფუნქციაც დააკისრა, რათა ღარიბ მაგრამ ნიჭიერ ბავშვებს მეტი საშუალება ჰქონოდათ.
მაგრამ ერთ დღეს მართლად წოდებულ მონარქს ბნელი ჩრდილი დაეცა. არავინ იცის საიდან მოვიდა, არავინ იცის ვინაა, რა წარმომავლობის, ჰყავს თუ არა ნათესავები ან აქვს თუ არა სამშობლო. როგორც ვოროსის წინასწარმეტყველება, ისე დაატყდა თავს ქვეყანას. მეფის კარზე მოხვედრიდან მხოლოდ თვეები დასჭირდა რომ თვითონ დაეკავებინა ტახტი. მართლად წოდებული მეფე კი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ასევე დაიღუპა მისი სამი ვაჟიშვილი, ხოლო ასულმა თავი ჩამოიხრჩო. თითქმის ყველასთვის ცხადი იყო მათი რეალური სიკვდილის მიზეზები, მაგრამ ხმამაღლა გაჟღერებას ვერავინ ბედავდა. ზოგი იმასაც ამბობდა რომ ქვეყანა იმიტომ გაღატაკდა, ბნელი მეფე რესურსებს აგროვებს უზარმაზარი დაპყრობითი ომებისთვისო, რომელიც არნახულ დიდებას მოუტანდა ოსმიონს, ზოგიც კი მიიჩნევდა რომ იგი უბრალოდ გაუმაძღარი და ხარბი არსება იყო, რომელსაც მხოლოდ სისხლი და ოქრო სწყუროდა.
ბიჭის ტაძარში შესვლა ვერავინ გაიგო.
– არ გესმით? მოდიან! გავიქცეთ, ყველას დაგვიჭერენ. -აკანკალებულმა მთელი დარბაზი გადაირბინა და საცერემონიო გონგთან მივარდა. მთელი ძალით დაჰკრა ხის პატარა ნაჭერი რკინას.
ერთბაშად ყველა გაჩუმდა და გონგისკენ გაიხედა. რამდენიმე წამი ყველა დაბნეული უყურებდა პატარა ბიჭს, რომელიც, უბრალო მოსახლეობისთვის აკრძალულ, ღმერთის სადიდებელ ადგილას იდგა.
– მოდიან! -აღმოხდა საბოლოოდ.
სისხლშემხმარ და გაწითლებულ სახეზე საზარელი შიში აღბეჭდვოდა.
– იცი საერთოდ რას აკეთებ! -ფეხზე წამოხტა ვებუმი, -შენი მანდ დგომა არ შეიძლება! როგორ ბედავ!
– მოდიან! ციხიდან დავინახე მდინარის მეორე მხარეს როგორ დაიჭირეს პეტრა და სხვა ბავშვები. -სხაპასხუპით მიაყარა ბიჭმა და მისკენ წამოსულ ვორუმს ყურადღებას არ აქცევდა. -როგორ არ გესმით წყვდიადის არმია მოდის! ისინი აქ არიან!
– ის მართალია! -კარები, თითქმის შემოანგრია შუახნის ქალმა. -ბნელი მეფის არმია აქაა!
ქალის სიტყვების გაგონებამ თითქოს ჰაერი დაამძიმა. ყველა ერთანად გაშეშდა. ვორუმს ბიჭისკენ მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
– როგორ თუ აქ არიან? -აღმოხდა გაბზარული ხმით ვორუმს და გაკვირვებული თვალები მიაპყრო პატარას.
– დავინახე, ისინი აქ არიან. ჩაიჩურჩულა და ასლუკუნდა, -რეიც ხომ ამბობს რომ მართალი ვარ.
– ბავშვი მართალია.
ხალხი ერთიანად წამოიშალა. საშინელმა პანიკამ მოიცვა ტაძარი. კარს ყველა ერთბაშად მიაწყდა. რამდენიმე მოხუცი წაიქცა, მაგრამ აღარავის ადარდებდა. ყველამ იცოდა რა ბედი ელოდათ, თუკი ბნელი მეფის წყვდიადის არმია მათთან მოაღწევდა.
- დამშვიდდით! -დაიღრიალა ვიღაცამ.
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ბრბო გაჩერდა და ერთიანად მიბრუნდა უკან. ვორუმის გვერდით შემაღლებულ ადგილზე სოფლის მთავარი იდგა. გლეხთა მეფე, როგორც მას ადგილობრივები ეძახდნენ. მას შემდეგ რაც აჯანყება ჩაახშვეს, იგი დაეხმარა ყველა გზააბნეულს ეპოვა საკუთარი პატარა ადგილი პატარა სოფელში. ყველა მადლიერი იყო მისი და თავიანთ მეფედ სწორედ მას აღიარებდნენ.
- დაწყნარდით ხალხო. -განაგრძო შედარებით მშვიდი ხმით. - ყველაფერი კარგად იქნება. მზად ვართ ამისთვის, ვიცოდით რომ ეს დღეც დადგებოდა. მაგრამ არ დავუშვებ რომ ჩვენ პატარა სოფელს რამე დაემართოს! გესმით ჩემი?
ხალხმა ერთმანეთს გადახედა, რამდენიმეს გაეღიმა კიდეც. ჯგუფს მაღალი ახალგაზრდა გამოეყო და წინ გამოვიდა.
- როგორ მოვიქცეთ? ამდენი ხანი შენს მითითებებს მივყვებოდით და ჯერ არცერთხელ არ გვინანია, გვითხარი რა გავაკეთოთ! -მუშტები ისე ძალიან ჰქონდა შეკრული, რომ ცოტაც და სისხლი წამოუვიდოდა.
- როგორც პატარა მეგობარმა გვითხრა ჯერ კიდევ მდინარის გადაღმა არიან. მაგრამ არ ვიცით რამდენნი არიან, არც ის ვიცით ბავშვებს რა ბედი ეწიათ. ის უნდა გავაკეთოთ რაც საჭიროა. ხიდი უნდა გავანადგუროთ. წითელი მთვარის მდინარის გადმოკვეთა არც ისე ადვილია, მითუმეტეს ახლა, როცა წვიმების გამო ორმაგადაა ადიდებული. რამდენიმე მოხალისე დამჭირდება ვინც ხიდს გადაჭრის. დანარჩენებმა ციხე სიმაგრე უნდა დაიკავონ. ვისაც ხელში მშვილდის აღება შეგიძლიათ მარენს გაჰყვეს. - ხელი მხარზე დაჰკრა ჯგუფს გამოყოფილ მაღალს, -მოხუცებმა ბავშვებს მიხედეთ. ვინმემ იცის რეი სადაა?
- აქ ვარ. -შუახნის ქალმა ხალხი ხელის კვრით გასწია და წინ გამოვიდა.
- ქალები შენ დაგემორჩილებიან. სწრაფად აიღეთ იარაღი და გამომყევით. უნდა ვანახოთ ბნელ მეფეს რომ ჩვენ არ დავნებდებით! ჩვენ ჩრდილი არ გვაქვს!
- ჩვენ ჩრდილი არ გვაქვს! -დაიღრიალა ყველამ ერთბაშად.
- ჩვენ ჩრდილს არ ვტოვებთ! ჩვენ ჩრდილს არ ვტოვებთ! - გლეხთა მეფე პატარა ბიჭს მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა.
- შენ ჩემთან ერთად წამოხვალ. ზუსტად მანახებ და მომიყვები რაც დაინახე.
- მე და ჩემი ძმა წავალთ მოხალისედ ხიდის გადასაჭრელად. -მოირბინა ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს. -ჩვენი სახლი ისედაც მდინარესთან ახლოსაა, ვიცით შეუმჩნევლად როგორ უნდა მივიდეთ ხიდამდე. - ლაპარაკობდა სხაპასხუპით, მისი ძმა კი მხოლოდ თავის ქნევით შემოიფარგლებოდა.
- ვაფასებ მეგობრებო თქვენს სიმამაცეს! -ორივეს ხელი მოჰხვია გლეხთა მეფემ და გულში ჩაიკრა, -წარმატებას გისურვებთ! დაიმახსოვრეთ თქვენს ჩრდილს ვერავინ დაინახავს!
ხალხი მშვიდად გავიდა ტაძრიდან. ყველამ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ღრმად ჰქონდათ გამჯდარი გონებაში რომ ბნელი მეფე თვით სიბოროტე იყო. მასთან საქმის დაჭერა კი სიკვდილს მოასწავებდა.
ბინდდებოდა. მზე მეწამულ ფერებად ანათებდა არემარეს. მალე დაღამდებოდა. ბნელი მეფის არმია კი ყოველთვის ამ დროს გადადიოდა იერიშზე. მაშინ როცა ყველას ეძინა ან ძილისთვის ემზადებოდა.
ტყუპი ძმები ხიდის ქვეში იყვნენ დამალულნი და სიგნალს ელოდებოდნენ. მარენი და მშვილდოსანთა ათეული წყნარ ციხეში იყო გამაგრებული. მოხუცებს და ბავშვებს მთებისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. ქალთა რაზმი, რეის მეთაურობით, კი გლეხთა მეფეს და დანარჩენ მეომრებს ედგა გვერდით. მდინარის მეორე მხარეს, შავდროშებაღმართული, წყვდიადის არმია მოჩანდა. ურდო, რომელიც წალეკვას უქადდა ყოველივე კეთილსა და ადამიანურს. ერთ-ერთ ცხენზე დატყვევებული პატარა ბავშვები მოჩანდნენ. თან რამდენიმე მეტყველი წამოეყვანათ.
უეცრად სადღაც გაიელვა. შემდეგ საშინელი გრუხუნი გაისმა. თითქოს თავად ბუნებამ მოუწოდა ნგრევისთვის წყვდიადის არმიას. რამდენიმე მხედარი გამოეყო ჯარს და ხიდისკენ საშინელი სისწრაფით წამოვიდა. ცხენების ფლოქვები ქვებს ეხათქუნებოდა და ნაპერწკლებს ყრიდა. თითქოს თავად ვოროსი მოაჭენებდა ცეცხლოვან ულაყს სოფლისკენ.
მხედრები ხიდდთან გაჩერდნენ. ერთერთი წინ წამოვიდა და არაამქვეყნიური ხმით დაიყვირა.
- ალუინ! გლეხთა მეფევ! თუ სოფლის გადარჩენა გინდა, აქ მოდი. მოგვისმინე რისი თქმაც გვინდა.
რეიმ ხელი წაავლო უკვე წინ წასულ ალუინს, მაგრამ მისი შეჩერება ვერ შეძლო. სოფლის თავს გადაწყვეტილი ჰქონდა წყვდიადთან საუბარი. წყნარი ციხიდან მარენმა ჩუმად გადმოიხედა, სევდიანი თვალები გააყოლა ძველ მეგობარს. ტყუპი ძმები ხიდის ქვეშ მიწაზე იყვნენ გართხმულნი და ცდილობდნენ უხმაუროდ ესუნთქად. ერთ-ერთმა მათგანმა ხიდს მოახლოებულ სოფლის თავს ახედა და უკანვე ჩაყო თავი და თავის ძმასთან ახლოს მიიწია.
- მე თავად ბოროტებასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო. მაგრამ ჩემი ხალხის გამო მოგისმენთ. -შესძახა ხიდთან ახლოს მისულმა რკინის აბჯრიან მეომრებს.
- შენ გგონია გლეხთა მეფის ამბავი არ გავრცელდა? - ახლეჩილი ხმით გადმოსძახა გაღმიდან მხედარმა. - ვაჭრები მუდმივად ლაპარაკობენ, რომ საზღვართან, წითელი მთვარის მდინარის სანაპიროზე არსებობს ყველასთვის სანატრელი ადგილი, სადაც ყველას შეუძლია წყნარად იცხოვროს. სადაც არსებობს იმედი! ნელ-ნელა იზრდება თქვენი რაოდენობა!
- დიახ ასეა! თუკი იარაღს დაყრით თქვენც შეგეძლებათ ჩვენთან ერთად ცხოვრება.
- იარაღს დავყრით?
- დიახ. ყველას ერთად შეგვიძლია მშვიდობით ვიცხოვროთ.
- მთავაზობ რომ თქვენს მხარეს გადმოვიდე? განა ხარ ისეთ პოზიციაში რომ ასეთ წინადადებას მთავაზობ?
- მართალია თქვენ ჩვენზე მეტნი ხართ და ძლიერებიც, მაგრამ ჩვენ ის გვაქვს რაც თქვენ ბოლო 12 წელია არასდროს გქონიათ - მშვიდობა, სიყვარული და ერთმანეთის ნდობა.
- სიყვარული? ნდობა? სიკვიდილის მეტი არაფერი გელით! - ჩაიხრიალა მხედარმა.
- სიკვდილი არაფერია, ყველანი დიადი ვოროსის წინაშე წარვსდგებით.
- ვინც ახლავე ჩაგვბარდება, არ მოვკლავთ. მხოლოდ ტყვედ წავიყვანთ.- ალუინის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.- აბა მსურელი არავინაა?
- არავინ წამოგყვება. ვიცით ბნელი მეფის დაპირებები. მაგრამ მე გაძლევთ პირობას თუკი ჩვენ მხარეს გადმოხვალთ ეს ყოველივე თქვენიც გახდება! სიმშვიდე, იმედი, სიყვარული, სახლი! ერთად ვიზრუნოთ ოსმიონზე. გახსოვდეთ რომ ჩვენ ჩრდილს არ ვტ....-
მკერდის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო. დაიქუხა. საავდრო ღრუბლებს ცა ხმაურიანად დაეფარათ. გლეხთა მეფე ხიდის წინ მარტოდმარტო იდგა ბნელი მეფის არმიის წინააღმდეგ. ერთ ისარს მეორე მოჰყვა, მალე მთელი მისი სხეული შავმა ისრებმა დაფარა. მუხლებზე ნელა დაეშვა. დაჟინებული მზერა მხედარს მიაპყრო, რომელსაც ცერზე უზარმაზარი, შავი მშვილდი ეკიდა. ტყუპებს ოდნავ გასაგონი ხმით ნიშანი მისცა და უსულოდ დახარა თავი. უკანასკნელი რაც დაინახა საკუთარი ჩრდილი იყო.
ბრძოლა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მიწასთან გაასწორეს აღთქმული ადგილი. იმედები გადაწვეს, ოცნებები დაანგრიეს და სიცოცხლე მოსპეს. თითოეული ქოხი დაანგრიეს, თითოეული ნერგი გადაწვეს და უკან მას მერე გაბრუნდნენ რაც დარწმუნდნენ რომ ყველა იმედი მკვდარი იყო. მთაში გახიზნულ მოხუცებსაც დაეწივნენ და სათითაოდ გადაყარეს ხეობაში, ბავშვები კი ტყვედ წაასხეს.
გამთენიისას ნანგრევებიდან, სისხლში და ცრემლში ამოთხრილი, პუტკუნა, ბიჭი გამოძვრა. შეშინებული ნელი ნაბიჯით წავიდა ხიდისკენ. ვერაფერს გრძნობდა, ვერც კი ხედავდა წინ რა იყო. ცეცხლში მიაბიჯებდა, შიშველი ფეხები ეწვოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა წინ. ციხეზე სხეულები უსულოდ გამოკიდებულიყვნენ. ეცადა არ დაჰკვირვებოდა. ნელნელა ხიდს მიუახლოვდა. თოკები ნახევრად გადაჭრილი იყო, როგორც ჩანს ბოლომდე ვერ მოესწროდ. ერთ ერთი ტყუპის უსულო სხეული მდინარეში ჩავარდნილ ხის უზარმაზარ მორს იყო წამოდებული, მეორე ძმა არსად ჩანდა. მუხლებზე დაცემული, გლეხთა მეფის უსულო სხეული კვლავ ებრძოდა მტერს.
ალუინს მიუახლოვდა და გაჩერდა. ცრემლები წამოუვიდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ კი შეშინებულმა მიმოიხედა, თითქოს მხოლოდ ახლაღა, ერთიანად, დაატყდა თავს რეალობა. ჩაიკეცა. ხელებში ჩარგო თავი. ესმოდა როგორ ტკაცუნობდა შეშა. როგორ იწვოდა მისი სახლი, მისი სამშობლო და იმედები. ცისკენ აიხედა აქვითინებულმა და განწირული ხმით დაიკივლა, მდუმარე მთებმა ექო მისცეს.
სოფელს ყორნები დასტრიალებდნენ თავს.
სვლა II - ოქროს მაღარო
ოსმიონის დასალიერში, სამი ქვეყნის საზღვართან, იქ სადაც მიწა, წყალი და ჰაერი ერთმანეთს ერწყმოდა, დაცემული ვარსკვლავის ოქროს საბადო მდებარეობდა. სამივე ქვეყნიდან მონათა და ტყვეთა ურიცხვი ნაკადი მოდიოდა გაუსაძლის პირობებში სამუშაოდ და იქვე დასამარხად. ამბობდნენ რომ საბადოს პატრონი ვინმე რაეკი იყო, მაგრამ არავინ იცის რეალურად არსებობდა თუ არა ის. არასდროს არავის ენახა იგი და არც არავინ იცოდა სადაური იყო, ხმები დადიოდა რომ წლების წინ დაიღუპა, მაგრამ სიმართლე არავინ იცოდა.
მუშები უზარმაზარ გამოქვაბულში მდებარე პატარ პატარა გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. გაუსაძლის სამუშაოს, ცემა და ხშირად სიკვდილით დასჯაც ემატებოდა. ვინც შიმშილს, მუდმივ მუშაობას და უძილობას გადაურჩებოდა, შოლტი და მათრახი ელოდა. გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგანაც მაღარო უხმო ქარების უდაბნოს შუაგულში მდებარეობდა.
ბნელი მეფის მეფობამ მდგომარეობა გააუარესა. გამუდმებულმა მოროდიორობამ და სოფლების დარბევებმა, ტყვეების რაოდენობა გაზარდა, რასაც კარგად იყენებდა სამივე ქვეყანა. ერთადერთი ადგილი სადაც ქვეყნები კონფლიქტს ივიწყებდნენ, სწორედ რაეკის ოქროს საბადოები იყო.
სამუშაო მზის ამოსვლასთან ერთად იწყებოდა. ტყვეების რამდენიმე მორიგეობა ცვლიდა ერთმანეთს. დასვენების დრო და რაიმეს იმედი თითქმის არ არსებობდა. ტყვეებს ერთადერთ სანუგეშოდ მხოლოდ ერთი პატარა ისტორია ჰქონდათ, რომლის სინამდვილის დადასტურება არავის შეეძლო. ჩუმად უყვებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ცხოვრების აზრად ექციად.
ისტორიის მიხედვით, წლების წინ ერთი ტყვე მოუყვანიათ შორეული სოფლიდან, ძალიან მაღალი ყოფილა, მცველებზე და სხვა ტყვეებზე ორი თავით მაღალი, სახე და ტანი მთლიანად დამწვარი ჰქონდა. თითქმის უსულო, რამდენიმე დღე გამოქვაბულის სიღრმეში მარტოდ მიგდებული ებრძოდა სიკვდილს. ყველას აკრძალული ჰქონდა ახლოს მისვლა. მხოლოდ დარაჯი მიაკითხავდა ხოლმე ყოველ საღამოს, რათა გაერკვია ცოცხალი იყო თუ დაეწვათ სხვა მიცვალებულებთან ერთად. ყოველ ჯერზე, დარაჯი უკან მარტო ბრუნდებოდა უფრო და უფრო შეშინებული სახით.
სხვა ტყვეებში ნელნელა ვრცელდებოდა ამბები, მისტიკური ადამიანის შესახებ, ვის ამბავსაც დარაჯები საგულდაგულოდ მალავდნენ. ისტორიის მიხედვით დამწვარი ადამიანი გადარჩა და თავის დაღწევაც კი შეძლო ტყვეობიდან. არავინ იცის ეს როგორ მოახერხა. მხოლოდ ის იცოდნენ რომ არსებობს იმედი, იმედი გადარჩენისა. იმ ტყვეებიდან რომლებიც ამ ისტორიის დროს მაღაროში იყვნენ, აღარავინ იყო ცოცხალი. არავის შეეძლო დაედასტურებინა ისტორია დამწვარი გიგანტი კაცისა, კაცისა რომელმაც თავად სიკვდილი და უდაბნო მოატყუა.
***
- გაინძერი, ფეხი გადაადგი! შენს გამო ოქროს დავკარგავ! სწრაფად! -ყვიროდა შავ ცხენზე ამხედრებული და მათრახს უქნევდა მონათა უზარმაზარ ქარავანს. - შენ გეუბნები, რომ მოზოზინებ! სწრაფად გამოდი მწკრივიდან! –
დაიღრიალა და ცხენი გააჩერა. რიგს მომცრო ტანის გამხდარი ბიჭი გამოეყო, დაძენძილი ტანსაცმლის ქვეშ, ბორკილების მიღმა, ჭრილობები მოუჩანდა.
- რომ გელაპარაკები არ გესმის?- შოლტი გატკაცუნდა და ბიჭის ყური ქვიშაზე დავარდა. - ახლა უკეთ გაიგონებ! -ღიმილიანი სახით დაჰყურებდა ჩამუხლულ ტყვეს.
- დაე გაკვეთილი იყოს ყველასთვის! - ცხენი ააფრუტუნა მეორე შედარებით ასაკიანმა გამყოლმა. -თუ სწრაფად ივლით, სწრაფად მივალთ, თუ სწრაფად მივალთ სწრაფად ვიშოვი ფულს და თუ სწრაფად ვიშოვი ფულს კარგ ხასიათზე დავდგები. მე მჯერა რომ ყველანი კეთილი ადამიანები ხართ და გინდათ ჩემი კარგ ხასიათზე დადგომა და ცოტათი გამდიდრება. თქვენ რა გენაღველბათ, მე ვარ უკან წამოსასვლელი, თქვენ ახალ სახლში მიდიხართ- როცა სიცილს მორჩა დაამატა - თანაც უკვე ახლოს ვართ. შებინდებისას იქ ვიქნებით.
უიმედოთა მწკრივი ზანტად დაიძრა ოქროს საბადოებისკენ. ყურმოგლეჯილი ბიჭი ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად ევლო, მაგრამ ბორკილები და შეუხორცებელი ჭრილობები თავისას შვებოდა, თვალებში ებინდებოდა, ყურებში საშინელი შხუილი ესმოდა, თითქმის ვერ გრძნობდა სად ადგავდა, წლების წინ დამწვარ, ფეხებს. ქვიშის პატარა მარცვლები ეკლებივით ერჭობოდა და ყოველ მის მოძრაობას ჯოჯოხეთად აქცევდა, თვალებს ჭუტავდა რათა მტვრისგან თავი დაეცვა. ჰორიზონტზე უკვე ჩანდა დაცემული ვარსკვლავის დიადი საბადოები, რომელიც სიკვდილსა და ათას ტანჯვას უქადდა ყოველ მოსულს.
- ხომ გეუბნებოდით მალე მივალთთქო!
ჩაიქირქილა ერთერთმა გამყოლმა და ცხენიდან ჩამოხტა, იქვე მაღაროს შესასვლელში მდგარ უზარმაზარ კარავთან იარაღი დადო, ცხენიც იქვე მიაბა და შიგნით შევიდა.
კარავი მდიდრულად იყო გაფორმებული. სხვადასხვა ქვეყნის ათასი ორნამენტებით მორთული, მაგრამ მაინც ოსმიონის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის, ირიდელიმის, სტილი იგრძნობოდა. მოოქროვილი ნახატები და ქანდაკებები სანთლების შუქზე, თვალისმომჭრელად ბზინავდა. კარვის ბოლოში, კარის პირდაპირ, ბნელში, დიდი მაგიდა იდგა, მის უკან კი ერთადერთი სკამი. მაგიდის წინ რამდენიმე ბალიში იდო ძირს, ხალიჩაზე, სტუმრებისთვის. იქვე ხილით სავსე კალათიც იყო, რომელსაც პატარა თეფშები უმშვენებდა გვერდს.
ახლად მოსული მცველიც სწორედ ერთ-ერთ ბალიშზე მოკალათდა, ვაშლი აიღო და ხელში შეათამაშა, რამდენიმე წამიანი ყურების შემდეგ კი მადიანად ჩაკბიჩა.
- რამდენი ცალი მოიტანე? -ჩუმმა ,მაგრამ ბოხმა, ხმამ კარავი გადასერა.
- ორასამდე იქნება, გზაში რამდენიმე გაფუჭდა. მაგრამ შეკეთება შეიძლება. - ვაშლი მეორედ ჩაკბიჩა.
- გაფუჭდა? -ხმის ტონი აიწია.
- ჩვენი ბრალი არაა, ისე ნელა მოდიოდნენ, ზოგს ჭრილობები ისედაც ჰქონდა, ყველა სოფლების დარბევის მერეა წამოყვანილი.
- რამდენიმე თ