ან ყველაფერი, ან არაფერი
ან ყველაფერი, ან არაფერი
***
რით განვსხვავდებით დედამიწაზე არსებული სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან? პასუხი მარტივია: აზროვნების, ფიქრის, გონივრულად მოქმედების, მომავლის დაგეგმვის და სხვა იმ მნიშვნელოვანი უნარებით, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განაპირობებენ. მე კი ვიტყოდი, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, არის სხვა ადამიანის გაცნობის, მოსმენის, გაგებისა და კომუნიკაციის უნარი.
ამ სამყაროში, ადამიანები ძაფებივით ახლართულნი არიან, და მაინც, შენი კვანძი მაშინ იხსნება, როცა შენი ძაფის საწყისი სხვის ბოლოს ემთხვევა. ცხოვრების განმავლობაში, ეს ძაფები ხან ისევ აიხლართება, ხან კი საერთოდ წყდება. ზოგადად, მგონია, რომ ადამიანთან სხვადასხვა ძაფებია დაკავშირებული: მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების... ყველა ერთად კი - ადამიანობის ძაფებია.
დაფიქრებულხართ რა მოხდებოდა ერთმანეთის გაცნობის უნარი რომ არ გვქონდეს? ვერ გავუზიარებდით იდეებს, ემოციებს, გამოცდილებებს, ცუდ და კარგ დღეებს, ჩვენს ფიქრებს, დარდებს, ბედნიერებას და სიხარულს.
ადამიანის სიცოცხლე დაბადებიდან სიკვდილამდე მარტივად რომ დავყოთ რამდენიმე ეტაპი გამოკვეთება თვალსაჩინოდ: ბავშვობა, მოზარდობა - იგივე თინეიჯერობა, ზრდასრულობა და სიბერე. მინდა გითხრათ, რომ ყველა ეტაპს აქვს ის, რაც მას ღირებულს და საინტერესოს ხდის.
ცხოვრება თამაშია. ეს შედარება ყველაზე კარგად გადმოსცემს ცხოვრების არსს. თითქოს იგი, სხვადასხვა სირთულის დონეებისაგან შედგება, რომლებიც უნდა გადავლახოთ, რომ მივიღოთ ახალი გამოწვევები. ზოგჯერ მათ გადალახვაში სხვები გვეხმარებიან, ზოგჯერ კი მათ წინაშე სრულიად მარტო აღმოვჩნდებით.
ადამიანები მიდიან და მოდიან ჩვენს ცხოვრებაში. მე თუ მკითხავთ ყველაზე მთავარი ამ მისვლა-მოსვლაში არის ის, რომ ყოველი მათგანი გააზრებულად თუ გაუაზრებლად გავლენას ახდენს ჩვენს პიროვნებაზე. ყველაფერი, რაც კარგია და პოზიტიური დადებითად მოქმედებს თითოეულ ადამიანზე, იწვევს სასიამოვნო განცდებს, ემოციებს და საბოლოოდ ქმნის ღირებულ მოგონებებს. რაც უარყოფითია და ცუდი, არასასიამოვნოდ მოქმდებს ადამიანზე და შესაბამისად ეს მოგონებებიც არაპოზიტიურად მოქმედებენ . ერთი მხრივ კარგია, მოგონებები რომ გვაქვს, როცა გვახსენდება, მთელი სიმძაფრით გვახსენებს ხოლმე ბედნიერი წუთები თავს, მაგრამ ცუდი მოგონებებიც ასევე მთელი სიმძაფრით გვტკივა.
ყველაზე მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ჩვენ ადამიანები ვართ.
,,ბედს ვერ გაექცევი“ - ყოველთვის მაშინებდა ეს წინადადება, რადგან მეგონა, რომ ჩემი ბედი უკვე დაწერილი იყო და მეც, როგორც მარიონეტს, უნდა შემესრულებინა ჩემი როლი ცხოვრების ფარდის დახურვამდე. ადამიანები ყველაფერს ბედს ვუკავშირებთ, კარგსაც და ცუდს მითუმეტეს. მაგრამ დავფიქრებულვართ საერთოდ, რა შუაშია ბედი? ან რა არის ეს ბედი ამდენი ადამიანის ცხოვრებას რომ განაგებს?
ჩვენ, ყველას ხელში გვიჭირავს კალამი. კალამი, რომლითაც საკუთარ ბედს ვწერთ. დიახ, ჩვენ თავად ვართ ჩვენივე ბედის მწერლები.
მ ი ზ ა ნ ი
ყველა ადამიანში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც მას საინტერესოს ხდის. მინდა გაგაცნოთ ჩემს გარშემო არსებული ადამიანები, რომელთაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს.
მინდა იცნობდეთ, იმიტომ რომ ყველას გვყავს ესეთი ადამიანები გარშემო.
ბოდიში თუ ბევრი საკუთარ ცხოვრებას მიამსგავსებს და მიწყენს.
იმათაც ბოდიშს ვუხდი, რომელთაც ძველ, მოშუშებულ იარებს განვუახლებ.
განსაკუთრებით კი ბოდიში, იმათ, ვინც ამ ადამიანებში თავის თავს ამოიცნობს.
სინანული არასდროსაა გვიან, მთავარია გვახსოვდეს, სად და ვისთან შევცდით და მოვინანიოთ.
მონანიება ყველას არ შეუძლია.
რაც არ უნდა საშინელი დღე იყოს, წარღვნა, ქარიშხალი, წვიმა, გადაივლის. გადაივლის. და მზე გამოანათებს.
ცხოვრებაშიც ასეა. რაც უფრო ძლიერ ქარიშხალს გამოივლი, მით მეტად იგრძნობს მზის სინათლეს და სითბოს.
რომელი წამია ყველაზე ხანგრძლივი?
აი ის წამი, რომელზეც ამბობენ წამიაო წუთისოფელი.
რა მოკლეა და თან როგორი ხანგრძლივი.
მოასწრებ?
იქნებ ვერ მოასწრო?
რა მოხდებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო?
რას შევცვლიდი?
იქნებ, შენ გელოდება ის, რაც მე უკვე გავიარე. გაითვალისწინე ჩემი შეცდომა, შენც იგივე არ დაუშვა. განა არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება? გაქვს, გვაქვს. ადამიანები ვართ და გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება.
,,და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს.’’ (ნიკოლოზ ბარათაშვილი).
გისურვებთ ისეთ ცხოვრებას, რომ დაგენანოთ მისი დასრულება. ვინაიდან ამქვეყნად დროებით ვართ, დაე ეს მოსვლა ღირდეს მოსვლად, და მუდმივ სახლში დაბრუნებისას არ გვაწუხებდეს კითხვა ,,ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის“.
არ იარსებო... იბრძოლე... იცხოვრე...
ან ყველაფერი... ან არაფერი...
ვინ ვარ მე?
23 წელი. ესაა ის დრო, რომელიც დედამიწაზე გავატარე, თუმცა ალბათ ჩემი მეხსიერება 5 წლიდან იწყება. მოკლედ რომ ვთქვა 18 წელია აქტიურად მიმდინარეობს ჩემი ცნობიერი ინტერაქცია გარე სამყაროსთან. ძალიან მაინტერესებს, ვინმემ რომ გკითხოთ, რა არის შენი პირველი მოგონებაო, რას გაიხსენებდით? იქნებ წამიერად კითხვა შეწყვიტოთ და ნება მისცეთ ჩემს კითხვას თქვენს ფიქრსა და გონებაში დაიდოს ბინა.
სანამ ჩემს პირველ მოგონებაზე მოგიყვებით, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
ჩემი სახელია მეი. სტუდენტი ვარ და ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ სტუდენტებს რომ შეეფერებათ.
მეოცნებეც ვარ, მაგრამ უფრო რეალისტი.ზოდიაქოთი ქალწული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მჯერა ამ ზოდიაქოს რაღაცების, ჩემი დახასიათება ზუსტად ემთხვევა ქალწულის აღწერას: მაქსიმალისტი, რეალისტი, იდეალისტი.
ცოტას ჩემს გარეგნობაზეც მოგიყვებით.
საშუალო სიმაღლის, ყავისფერთვალება და შავგრემანი. ყოველი დილა ჩემი და თმის უთოს ურთიერთობით იწყება. ფილმებსა და სერიალებში ალბათ ძალიან ხშირად გინახავთ როგორ იდეალურად იღვიძებენ ხოლმე გოგონები, მინდა გითხრათ რომ რეალობა სრულიად საპირისპიროა. და თუ თქვენთანაც იგივე ხდება, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გუნდში. თმის უთოს შემდეგ, დილის მეორე განუყოფელი ელემენტია - ყავა. ყავა არამარტო დილის, არამედ შუადღის და საღამოს მუდმივი ნაწილიცაა.
მოდით, დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ შეკითხვას. რა არის ზოგადად მოგონება?! მოგონებაა ყველაფერი რაც გვიხარია, გვტკივა და გვენატრება წარსულიდან.
თვალებს ვხუჭავ და ჩემს პირველ მოგონებას საშუალებას ვაძლევ კვლავ იხილოს მზის შუქი.
პატარა მეი კარის ჭუჭრუტანიდან იყურება, დაქცვეტილი აქვს ყურები და ცდილობს გაიგოს რატომ და სად მიდის მისი წინა მეზობელი ვიკა. ვიკა დილას ადრე მიდის და შუადღეს ბრუნდება, სად მიდის ნეტავ? მეის ფარფატა კაბა აცვია, დედასთან მირბის:
-დე, ვიკა რატომ მიდის ყოველ დილას?
-მეი, როგორი ცნობისმოყვარე ხარ, ვიკა სკოლაში მიდის.
სკოლა. როგორი აურზაური გამოიწვია ამ ერთმა სიტყვამ მეის თავში. ნეტავ ეს რა არის?
ბევრი წუთის შემდეგ მეი დედასთან ბრუნდება.
-დე, სკოლა რა არის?
-სკოლა ის ადგილია, სადაც მეი ძალიან ბევრ რამეს ისწავლის და ბევრი მეგობარიც ეყოლება.
მთელი ღამე არ უძინია მეის ამ ადგილზე ფიქრით. კითხვები არ აძლევნენ ძილის საშუალებას. ნეტავ როგორი ადგილია სკოლა? ნეტავ მეის მულტფილმებს თუ აყურებინებენ? ნეტავ თამაშს თუ შეძლებს? მოიცა, მეიც უნდა ადგეს დილით ადრე ხოლმე?
მე და ვიკა ერთად გავიზარდეთ. ჩვენ პატარა სოფელში ვცხოვრობდით. არ ვიცი ხოლმე როგორია სოფელი თქვენს წარმოდგენებში, ამიტომ ვეცდები ჩემი სოფლის პეიზაჟი დაგიხატოთ გონებაში. წარმოიდგინეთ, ერთმანეთის გვერდზე კოხტად მიდგმული სახლები, რომელთა საკვამურებიდან ზამთრის სიცივისას ამოსული ბოლი ცამდე იჭრება. ირგვლივ ხეებია, რომლებიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია. წითელი-ყვითელი ფოთლებით დახუნძლული ხეები გვახსენებენ, რომ მიუხედავად ფოთოლცვენისა, ისევ შეიმოსებიან ლამაზად. ალბათ ისე არაფერს უხდება სიშიშვლე, როგორც ხეებს... ეს ხომ ნიშანია რომ გაზაფხული ისევ მოვა. სახლებს პატარა ბაღები ამშვენებს, საიდანაც შემოდგომისას ოჯახის წევრების საქმიანი საუბარი ისმის ხოლმე.
ზამთარი განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე აქ. დღის განმავლობაში სოფელი ხმაურობს, ღამით კი მიჩუმდება. იცით ეს რისი ნიშანია ხოლმე? ცივ საღამოებს შეშის ღუმელთან ატარებენ, ცხელი სასმლით ხელში და საინტერესო ამბებით გულში. რამდენი მოგონება დაწერილა ალბათ შეშის ტკაცუნის ფონზე.
ჩვენც გვქონდა შეშის ღუმელი, მაგრამ ბაბუმ იცოდა როგორ მიყვარდა ბუხრის პირას ჯდომა, ამიტომ ცეცხლს სულ ბუხარში ანთებდა ხოლმე. პატარა სკამით მივუჯდებოდი ბუხარს და შეშის ჩხრეკას ვიწყებდი. ბაბუს დიდად არ უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ ხანდახან ბუხრის პირას მჯდომს ძველ ამბებს იხსენებდა ხოლმე. მუდამ სველი ჰქონდა თვალები, თვალები, რომლებზეც წარსულს თავისი კვალი დაეტოვებინა.
ჩვენს ოჯახში ყოველი დღე იდეალური იყო. ბებია და ბაბუა საგარეო საქმეებით იყვნენ სულ დაკავებულნი. მამა ქალაქგარეთ მუშაობდა, მე და დედა კი საშინაო საქმეებს ვაკეთებდით. საღამოს ვახშმისას ყველა მაგიდასთან იკრიბებოდა და ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა დღის ბოლოს ოჯახი სასიამოვნოდ უზიარებს ერთმანეთს მომხდარ ამბებს.
ბაბუსთვის ბაღში მუშაობა ყოველთვის განტვირთვა გახლდათ. შემოდგომისას ხილს დაკრეფდა ბაბუ და ჩემთან მოჰქონდა, მეც თვალებგაბრწყინებული შევაგებებდი ხელს. განსაკუთრებით კი მიხაროდა და მიყვარდა ,,თუთა“ ყურძენი, რომლის ერთი ძირიც გვქონდა მთელს ვენახში და ბაბუც განსაკუთრებულად უვლიდა.
იმ წელს, ბაბუმ მსხლის ხე დარგო.
მიზეზი რაც ამ სოფელს, ჩემთვის ყველაზე ღირებულს ხდის არის - ჩემი სახლი. დიახ, ბავშვობის სახლი სწორედ ის ადგილია, რომლის ყოველ კუთხეში ჩვენი ბავშვობა იმალება. აქ თითქოს დრო ჩერდება და ისევ ბავშვი ხდები ცოტა ხნით. მაგრამ სახლი რომ მხოლოდ ოთხი კედელი არ არის მაგას გვიან მივხვდი. სახლს სახლად ხდის ის ადამიანები, რომლებიც იქ გელოდებიან.
შუადღეს, როცა ვიკა სკოლიდან ბრუნდებოდა მე ჭიშკართან ვიყავი ჩასაფრებული, რათა მისი მოსვლა არ გამომპარვოდა. ვიკაც მალევე გამოვიდოდა ხოლმე და ვიწყებდით თამაშს. საღამოს თამაშით დაღლილი რომ ვბრუნდებოდი, დედა მიბრაზდებოდა ხოლმე, რადგან ყოველთვის ძალიან ჭუჭყიანი ვიყავი.ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სირთულესთან ასოცირდებოდა იმ დროს ჩემი დაბანა. დედა შეშის ღუმელზე შემოდგამდა ხოლმე უზარმაზარ ქვაბს.
ძირითადად ჩვენი თამაში მოიცავდა ტალახისაგან ტორტების გაკეთებას, დამალობანას, ,,გამყიდველობანას“, წრეში ბურთს სხვა ბავშვებთან ერთად და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ძირითადი სადარდებელი იყო მხოლოდ ის თუ რას ვითამაშებდით.
და აი ისიც. 6 წლის მეი.
ხვალ სკოლის პირველი დღე აქვს და იმ ღამეს საერთოდ არ უძინია.
როგორ მახსოვს პირველი დღე. წარმოიდგინეთ, შავი ნაკეცებიანი კაბა, თეთრი პერანგი, თმებზე თეთრი ბანტი და ბანტიანი წინდებიც არ გამოგრჩეთ. ალბათ სკოლის ეტაპზე გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვისთვის.
სკოლის შესასვლელი კარები მე და დედამ ხელჩაკიდებულებმა გავიარეთ. ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო. სკოლის წინ გაკრულ პლაკატზე დიდი ასოებით ეწერა ,,აი ია“.
უეცრად, მიკროფონთან კაცი მიდის და შეკრებილთ ყურადღებისკენ მოუწოდებს. უეცრად დინამიკებიდან ისმის სასამოვნო მელოდიის ხმა და ვხედავ იქ მდგომნი როგორ იდებენ ხელს გულზე.
დავიბენი. ინსტიქტურად ავყევი სხვების მოძრაობას და მარჯვენა ხელი გულზე დავიდე. თან უკან შევტრიალდი და ჩუმად ვკითხე დედას.
-დე, ხელი რატომ გვიდევს გულზე?
დედას გაეცინა. ჩაიმუხლა და ყურში მითხრა.
-ეს ჰიმნია და მისი მოსმენისას გულზე ვიდებთ ხელს ნიშნად პატრიოტიზმისა.
-პატრიოტიზმი? ანუ?
-პატრიოტიზმი არის სამშობლოს სიყვარული. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა პატარა მეი?
თანხმობის ნიშნად თავი დავაქნიე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ყველაფერს ბოლომდე ჩავწვდი.
ჰიმნი მორჩა თუ არა სკოლად წოდებულ შენობაში შევედი. არ ვიცი რა მოლოდინები მქონდა, ან უნდა მქონოდა. გრძელ დერეფანში კარები ჩაემწკრივებინათ. ყველა კარს სხვადასხვ რიცხვი ეწერა. მე და დედა იმ კარში შევედით, რომელზეც რიცხვი ერთიანი იყო გამოსახული.
ოთახი პატარა მაგიდებით და სკამებით იყო სავსე, კედელზე დიდი დაფა ეკიდა და დაფასთან ერთი დიდი მაგიდა და სკამი იდგა, რომელზეც კეთილთვალებიანი ქალბატონი იჯდა. დედამ ერთ-ერთ სკამთან მიმიყვანა და დამსვა.
მოიცა, დედა სად მიდის? რატომ არ რჩება ოთახში?
მერხზე ზის მეი და უსმენს იმ ქალბატონს, რომელიც უყვება თუ როგორი ბედნიერია მათ რომ ხედავს. ამ დღეს გაიგო მეიმ რას ნიშნავდა ,,მასწავლებელი“ - როგორც ეს ქალბატონი უწოდებდა თავს. მეიმ კი ახალი სტატუსი შეიძინა - მოსწავლე.
მიუხედავად ამისა, მეის თვალები ცრემლით აქვს სავსე. უცხო გარემო, უცხო ხალხი. ვიკაც არ არის მასთან. დედამ ხომ უთხრა რომ ვიკაც სკოლაში დადის, ნუთუ მოატყუა? თუ არ მოატყუა მაშინ ვიკა სადაა? პატარა მეი ცდილობს რომ არ იტიროს, რადგან ერთხელ, როცა ქუჩაში დაეცა მეზობელმა უთხრა რომ ტირილი სუსტების საქმეა მხოლოდ და არ უნდა სუსტი გამოჩნდეს. მეი სუსტი არ არის, მეი ძლიერია. ზარი ირეკება და ბავშვები ხმაურს იწყებენ, მეის კი ჯერ კიდევ უბჟუტავს ცრემლის ნაპერწკალი თვალებში.
-მეი?
მეი ტრიალდება და დედას ხედავს.
-დედა? მე, მე, მეგონა დამტოვე.
და დიდხანს ძლიერად გამოჩენის სურვილით შეფუთული ცრემლები მეის ლოყებზე ბილიკებივით იკვლევენ გზას.
-არა, გარეთ გელოდებოდი.
და თვალცრემლიან შვილს დედა გულში იკრავს.
-დედა, შენ მითხარი რომ ვიკაც სკოლაშია. რატომ არ არის აქ?
-ვიკა შენზე უფრო დიდია, ის სხვა ოთახშია.
დედა ხელს მკიდებს და სხვა ოთახისკენ მივყავარ. იმ ოთახის კარებზე დიდი ასოებით 2-იანი წერია. იქ ვიკა ზის, ბავშვებთან ერთად.
მაშინ დავინახე, რომ ვიკაც იმ გზაზე იყო, რომელიც მე უნდა გამევლო. მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ არ მეშინოდა, არც იმ ოთახის და არც იმ ქალბატონის რამდენიმე წუთის წინ აღფრთოვანებული რომ ლაპარკობდა. არ მეშინოდა, იმიტომ რომ ამ გზაზე მარტო არ ვიყავი.
ეს იყო პირველი ეტაპი, რომელიც მე- მეიმ წარმატებით გადავლახე.
ესაა პირველი მოგონება, რომელსაც ჩემი ტვინი განსაკუთრებით უფრთხილდება. გადახვეული კადრებივით ბევრჯერ ვიმეორებ ხოლმე რომ არ დამავიწყდეს და ყოველთვის მქონდეს ცხოვრების ფაზლის პირველი ნაწილი, რომელიც ბავშვობასთან მაკავშირებს.
სკოლის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. როცა სკოლას ვამთავრებდი მიხაროდა, მაგრამ დღემდე მახსოვს ჩემი დამრიგებლის სიტყვები - გავა წლები და დაგენანებათ ეს პერიოდი. გავიდა წლები და ასეც მოხდა.
როგორი გულის ფანცქალითაც გაიღო ჩემთვის სკოლის კარები, ისეთივე გულის ფანცქალით დაიხურა იგი. სწორედ აქ მივხვდი, რომ გავიზარდე. აქამდე ვერ ვაცნობიერებდი.
ამიტომ გილოცავთ, მათ, ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს პერიოდი. ადამიანის უმადურება იმაში მდგომარეობს, რომ მანამ არ აფასებს რამეს, სანამ არ კარგავს.
პიროვნებად ფორმირების პროცესი ჯერ ოჯახში იწყება. შემდეგ სკოლაში გრძელდება, შემდეგ უნივერსიტეტში და მგონია ეს პროცესი უსასრულოც კია. ალბათ ამიტომ ამბობენ სწავლა სიკვდილამდეო.
მაგრამ იცით რა?
იმ პერიოდის ადამიანებს სულ სხვა ფასი ექნებათ თქვენთვის ყოველთვის. იქ სულ სხვა სიყვარულია, სულ სხვა განცდები. 12 წელს რომ ერთ შენობაში გაატარებ ადამიანებთან მათი მსგავსი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება ვეღარც იპოვო.
დღეს ალბათ, კლასელებთან ურთიერთობაც იშვიათად გვაქვს, მაგრამ მაინც ქუჩაში მიმავალი ნაცნობ სახეს რომ დაინახავ, გული გამალებით გიცემს.
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს...
***
როგორც აღვნიშნე, ადამიანის ცხოვრება ეტაპებად იყოფა. პირველი და ძალიან დიდი ეტაპი არის - ბავშვობა. აქ განცდილი მთელი ცხოვრება მიჰყვება თინეიჯერს, ზრდასრულს და ასაკოვანს.
მე მესმის, რომ ზოგის ბავშვობა რთულია, მძიმეა, ზოგსაც ლაღი და ბედნიერი ბავშვობა აქვს.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა, ყველა ბავშვს უდარდელ ბავშვობას ვაჩუქებდი.
***
რა არის ბედნიერება?
როდის ვართ ბედნიერი?
რას ვგრძნობთ როცა ბედნიერები ვართ?
სხვისი ბედნიერებაც გვაბედნიერებს?
თუ მარტო სხვისი უბედურება გვტკივა?
***
რატომ ვტირით ხოლმე?
თუ უბედურებისას ვტირით, ბედნიერებისას რაღატომ ვტირით?
***
ზოგიერთი უკვალოდ ქრება.
ზოგიც იმხელა კვალს ტოვებს ჩვენზე, რომ წასვლის მერეც გვახსოვს.
შენ რა გინდა?
სიკვდილის მერე ყველას ახსოვდე? თუ არავის?
ზოგადად რა გინდა ამ ცხოვრებისგან?
მთელი ცხოვრებაა მიზანს ვეძებ, რატომ ვარსებობ? რა იყო ჩემი ამქვეყნად მოსვლის მიზანი? ან რომ წავალ რას წავიღებ თან? გამყვება რამე? მოგონებები გამყვება?
ეს არავინ ვიცით.
ამიტომ რაც უფრო მეტ საოცარ მომენტებს დააგროვებთ მით მეტად მდიდარი იქნებით, სულის სიმდიდრეს ვერანაირი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეედრება.
ყველა ,,ადამიანი“ იმსახურებს ახსოვდეთ.
ადამიანად ყოფნის სიმძიმის გათვალისწინებით, დავიმსახურეთ რაღაც მაინც დავტოვოთ აქ.
ჰოდა, თუ არ დაგიწყია, ჩათვალე, ეს ნიშანია, რომ დაიწყო.
საიდან?
არ ვიცი.
მთავარია, დაიწყო არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატარა ნაბიჯებით დაიწყებ.
ოღონდ, არ შეჩერდე.
დაეცი?
წამოდექი.
ვერ დგები?
წამოაყენე საკუთარი თავი მეთქი.
ვიცი.
ძნელია.
და რა არის მარტივი?
არ მითხრა ჭამაო.
იცი რამხელა გზას გადიან საკვები ნივთიერებები იმისთვის რომ ჩვენს ორგანიზმს ცილები, ცხმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები მიაწოდონ. თუ შენი ორგანიზმი შენს გამო ამდენ რამეს აკეთებს, გული გაუჩერებლად მუშაობს, ფილტვები განიწყვეტლივ გამარაგებს ჟანგბადით, მაშ შენ რა უფლება გაქვს გაჩერდე? დანებდე?
არანაირი...
ვიკა- ბავშვობის მეგობარი
,,რადგან ყოველ ზრდასრულში ცხოვრობს ბავშვი,
რომელიც იყო,
და ყველა ბავშვში არის ზრდასრული, რომელიც იქნება.“
ჯონ კონოლი
ვიკა ჩემზე ერთი წლით უფროსი, ასევე შავგრემანი და ყავისფერთვალება გოგონა იყო. იყოს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილი ვიკას პორტრეტი წარსულიდანაა შემორჩენილი. ჩვენ მთელი ბავშვობა გავატარეთ ერთად.
სად და როდის წყდება კავშირი ორ ადამიანს შორის?
ვიკამ სკოლა დაამთავრა და როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, სწავლა სხვა ქალაქში განაგრძო. თავიდან სულაც არ მეჩვენებოდა რთულად ჩვენს შორის არსებული დისტანცია, რადგან რა უნდა დაეკლო ჩვენი მეგობრობისთვის მანძილს.
თავიდან ვიკას ხშირად ვესაუბრებოდი. ისე ჩანდა თითქოს ჩემი შიშები უსაფუძვლო იყო და მანძილიც უმნიშვნელო. შემდეგ საუბრის სიხშირემ იკლო. იკლო შემომავალმა და გამავალმა ზარებმა.
საათებს ემატებოდა, დღეები ხდებოდა. დღეები ისე გაიწელა რომ კვირები გახდა. კვირებმა თვეებისკენ გადაინაცვლეს და ასე და ამგვარად ყოველ თვეს ახალი თვე მოსდევდა.
ჩვენ შევიცვალეთ.
ვიკა ძველებური აღფრთოვანებით აღარ მიყვებოდა როგორი საიტერესო ლექციები ჰქონდა ხოლმე, არც ჩემი აბიტურიენტობის ამბები აინტერესებდა. თუმცა მე მესმოდა. მე მესმოდა, რომ მას სხვა გრაფიკი ჰქონდა, სხვა რეალობა, მაგრამ ამის გაგება ჩემს ქვეცნობიერს უჭირდა. ქვეცნობიერი ჯერ კიდევ მეუბნებოდა, რომ მანძილმა და დროის უქონლობამ ყველაფერი შეცვალა, მაგრამ მე არ ვნებდებოდი. ,,დრო ვერ ცვლის იმას, რაც ნამდვილია“ - ჯიუტად ვუმეორებდი თავს.
შეიძლება მკითხველო, იფიქრო რომ ზედმეტად აღვიქვამ სიტუაციებს, ზედმეტად ვაფასებ და ვრეაგირებ, მაგრამ მე ასეთი ვიყავი, ასეთი ვარ, და არ ვიცი მომავალშიც ასეთი ვიქნები თუ არა.
ვიკა შეიცვალა. ადამიანები იცვლებიან?!
რა იწვევს ცვლილებას? ასაკის მატება? საცხოვრებლის შეცვლა? ახალი სამეგობრო წრე?
ცვლილება... ცვლილება... ცვლილება...
ამ სიტყვამ ჩემში დაიბუდა და შიგნიდან დამიწყო ჭამა. ვერ ვხვდებოდი ცვლილება ზოგადად კარგია თუ ცუდი?
2017წელია. ვიკას ბოლო ზარი. ვიკაზე უფრო მეტად კი მე ვღელავ ამ დღეზე. ნეტავ რას გრძნობს? გაბმული ზარი ირეკება, რაც იმის ნიშანია, რომ ბოლო ზარია. ეს ის ზარი იყო, რომელმაც ჩემი და ვიკას გზები შეცვალა, თუმცა მე ეს მანამდე არ ვიცოდი.
ვიკა ძალიან ლამაზი იყო. ჩემთან მოირბინა, ხელში კალამი დამაკავა და პერანგზე დაწერა მთხოვა. დღემდე მახსოვს იქ რაც დავწერე - არცერთი მეგობრობა არ არის შემთხვევითი.
2018 წელია. ახალი წელი. ვიკა უნდა ჩამოსულიყო საახალწლოდ. ორმაგად მიხაროდა.
რატომ არის ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაული მაგას ცოტა უფრო გვიან მოგიყვებით. ყოველ წუთს გარეთ ვიყურებოდი. ვიკასთვის საჩუქარი მქონდა, ისედაც გამუდმებით მოუთმენელი ვიყავი და ახლაც ერთი სული მქონდა როდის ვაჩუქებდი.
როგორც იქნა ჩამოვიდა. მისი სახლისკენ გავიქეცი. ვიკას ჩავეხუტე.
-ვიკა დაიწყე ყველაფრის მოყოლა.
-მეი, ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი, თან შენც უკვე სტუდენტი ხარ და იცი სტუდენტური ცხოვრება როგორი საიტერესო, დატვირთული და თავგადასავლებით სავსეა.
თავი დავაქნიე თანხმობის ნიშნად.
ვიკა რაღაც ისტორიებს ყვებოდა, რომელშიც ჩემთვის უცნობი პირები დომინირებდნენ.
აღფრთოვანებული იყო საუბრისას და ჩემზეც გადმოდიოდა მისი მუხტი, ენერგია.
-იცი მეი, წელს ძალიან კარგი ახალი წელია, წელს ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანის სანტა ვიყავი. რა კარგი იყო მათი გახარებული სახეები. ერთი სული მაქვს ისევ დავბრუნდე თბილისში, უკვე მენატრებიან.
-მიხარია ვიკა, შენს გარშემო რომ კარგი ადამიანები არიან ,რომლებიც ბედნიერებას განიჭებენ. ხომ გახსოვს შენი სიხარული, ჩემი სიხარულია.
-მადლობა მეი. შენ მომიყევი აბა უნივერსიტეტში როგორ მიდის საქმეები, იპოვე ახალი მეგობრები?
-კარგად მიდის, რამდენიმე ახალი ადამიანი გავიცანი.
-ძალიან კარგი მეი.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
ტელეფონზე დედამ დამირეკა და სახლში მისვლა მთხოვა.
-მე, მე, უნდა წავიდე.
და არც მომიხედავს ისე გამოვედი. გზაში გავაცნობიერე რომ, რაღაცას ვუჭერდი ხელში, იმდენად ძლიერად თანაც რომ მტკენდა. ხელს დავხედე, ვიკას საჩუქარი იყო.
მეტკინა არა ის, რომ ვიკამ არაფერი მაჩუქა, არამედ ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანების სიაში არ ვიყავი.
არ ვიცოდი საჩუქარი უნდა მიმეცა თუ არა. მისთვის ძვირფასი თუ არ ვიყავი და ჩემთვის არ ჰქონდა საჩუქარი, იქნებ არც ჩემგან უნდოდა რამის მიღება.
ურთიერთობები ორმხრივობაზეა დაფუძნებული. თუ რაღაც ერთ მხარეს არ სურს, მხოლოდ მეორე მხარის ცდა შეიძლება საკმარისი არც აღმოჩნდეს.
ვგრძნობდი, ცხოვრებაში პირველად, რომ რაღაცისთვის, ვიღაცისთვის საკმარისი არ ვიყავი.
მას შემდეგ 4 წელი გავიდა. მეც დავამთავრე ბაკალავრიატი და სანამ მაგისტრატურისთვის ვემზადებოდი სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, მძიმე სასწავლო წლის შემდეგ დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა.
თბილისი ძალიან ხმაურიანი ქალაქია, ასე რომ ცოტა ხნით დასვენება ვფიქრობ ძალიან კარგი იდეა იყო.
ახლა უშუალოდ მინდა მოგიყვეთ 4 წლის შემდეგ ჩემი და ვიკას შეხვედრის ისტორია.
ვინაიდან კარგი ამინდი იყო, გადავწყვიტე ქალაქში გამესეირნა. მანქანაში ჩავჯექი და ქალაქისკენ გავწიე. ჩემი სოფლიდან ქალაქამდე მანქანით 30 წუთის გზა იყო. როგორც კი ქალაქში მივედი, მანქანა პარკინგზე დავტოვე და ფეხით გავიარე.
იცით რა მიყვარდა ყველაზე მეტად? სიახლეების აღმოჩენა. ვცდილობდი ხოლმე,როცა რაღაც სიახლეს ვნახავდი, ძველი იერსახე გონებაში გამეხსენებინა.
ლამაზი იყო ჩემი ქალაქი. ძველი ავტობუსი ისევ იდგა. ეს ის ავტობუსი იყო, რომელსაც მე და დედა სახლში მივყვებოდით ხოლმე, როცა მანქანა არ გვყავდა.
პარკში ცარიელი სკამი ვიპოვე, ჩამოვჯექი.
ადამიანებზე დაკვირვება ყოველთვის მიყვარდა. საინტერესო იყო როგორც ფაციფუცობდნენ. რამდენი ადამიანიც იყო, იმდენი ისტორია იყო ჩემს გარშემო.
რა საინტერესო ცხოვრება აქვთ ჟურნალისტებს.
ისინი ადამიანების ისტორიას ისმენენ, შეუძლიათ კითხვები დაუსვან, ამა თუ იმ ქმედების მიზანი და მიზეზი ჰკითხონ.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი პარკში, გონს მაშინ მოვედი, როცა პარკში მომავალი ვიკა დავინახე.
-მეი?
-ვიკა?
-მეი, ჩამოხვედი?
-კი, გუშინ ჩამოვედი. არ ვიცოდი თუ შენც აქ იყავი.
ნოემბრის თვისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო, მაგრამ მაინც ვიგრძენი სიცივე, რომელმაც ჩემს გულში შემოაღწია და ერთიანად მომიცვა.
მკითხველს კითხვა გაუჩნდება თუ რა ხდებოდა ჩვენს შორის ამ ოთხი წლის მანძილზე. არაფერი.
მე განზე გავდექი და ჩემი ეს საქციელი სულელური მიზეზით შევფუთე - არ მინდა შევაწუხო.
ამ დიდი მოწიწებით გადაფუთული მიზეზით გადიოდა დღეები, თვეები და წლებიც გავიდა.
ვიკას თავისი კლასელი ახლდა, ელენე.
ელენე: მეი, როგორ ხარ?
მეი: მადლობა, ელენე. კარგად ვარ.
არასდროს მიყვარდა როცა ამ შეკითხვას მისვამდნენ. თითქოს ვალდებული ვიყავი, მეპასუხა - კარგად ვარ. და მაინც არავის უკითხავს მართლა როგორ ვიყავი, ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ არც მე ვიცოდი ამ კითხვაზე პასუხი. ადამიანების უმეტესობა თითქოს გაურბის ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და ყველაზე მარტივი გამოსავალია უპასუხო ,,კარგად ვარ“.
მე კი შენ გეკითხები ჩემო მკითხველო - მართლა როგორ ხარ?
პაუზაა ჩვენს შორის?!
ეს უკვე კარგის ნიშანია. ეს ნიშანია იმისა, რომ ამ შეკითხვაზე მართლა დაფიქრდი.
ამის მერე გასაკვირი არცაა რომ მე ელენესთვის იგივე შეკითხვა არ დამისვამს. ვიკასკენ გადავიტანე ყურადღება, მაგრამ ვიკა დუმდა, მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა.
ელენე: იცი, ვიკა ქორწინდება, ხვალ ჯვრისწერა აქვს. -და ამ დროს ისეთი სახეე მიიღო, რომ გეგონება ვიღაცას ეჯიბრება და ნიშნად გამარჯვებისა დროშა ააფრიალაო.
მთელი წინადადება სიტყვებად დაიშალა, სიტყვები კი - ბგერებად. და მე ყველა ბგერა თითო-თითოდ მეტკინა.
ელენე ამ ამბავს აღფრთოვანებული ყვებოდა, მე კი, მე ვიკას თვალებში ვუყურებდი. ის ჩემი ბავშვობის მეგობარი ვიკა არ იყო. მისი თვალებიდან სულ სხვა სული მიმზერდა.
მეი: არ ვიცოდი, ძალიან გამიხარდა - ყელზე ცრემლის ბურთი მომებჯინა და ძლივს წარმოვთქვი ბოლო სიტყვები- ბედნიერებას გისურვებ ვიკა.
ელენე: ვიკა წავედით, თორემ სალონში უნდა ჩავეწეროთ. კარგად მეი.
ყველაზე მეტად ვიკას სიჩუმე მკლავდა. ვიკას ხმა არ ამოუღია. წავიდნენ. დავრჩი მე. დაბნეული, გაყინული.
ვუყურებდი მიმავალ ვიკას- ჩემი ბავშვობის მეგობარს. ვფიქრობდი მოიხდავდა, ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ. კი არ ვფიქრობდი, მჯეროდა. იმ წლების გამო, იმ მოგონებების გამო, თუმცა არცერთი წამი და არცერთი მოგონება არ აღმოჩნდა საკმარისი რომ ვიკა შემოეტრიალებინა. მიდიოდა და ვხედავდი როგორ წყდებოდა ჩვენს შორის გაბმული ძაფი.
2013 წელია. მე და ვიკა ვთამაშობთ. დედას ძველი ქოშები მოვძებნეთ. ჯერ ვითომ მოდელები ვიყავით. მერე გამყიდველები, ბოლოს კი ერთმანეთის ქორწილებიც წარმოვიდგინეთ.
-იცი მეი, როცა გავიზრდები ძალიან დიდი ქორწილი მექნება. გაშლილ კაბას ჩავიცმევ და დიდ თაიგულს დავიჭერ ხელში - აღტაცებით ყვებოდა ვიკა.
მე ვიბუტები
-რატომ გაიბუტე?
-მე სად ვიქნები ვიკა?
- სულელო ამიტომ გაიბუტე?
ვიკა შუაში დგება, ჩემკენ ხელს იშვერს.
-მეი, მეი, ჩემო მეი, იქნებით ჩემი ხელისმომკიდე?
მე პატივად ვიღებ ამ შემოთავაზებას და ხუმრობით ფიქრის პოზაში ვდგები.
- მეი შე მაიმუნო.
- ვიქნები, ვიქნები, ვიქნები.
იმ ღამეს არ მიძინია. საწოლში ვწრიალებდი.
-მეი რატომ არ ისვენებ შვილო?
-დედა, იცი მე ვიკას ხელისმომკიდე ვიქნები. ვიკას გაშლილი კაბა ეცმევა დედა და დიდი თაიგული. მე რა უნდა ჩავიცვა დე?
-ჩემო საყვარელო ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, ამისთვის დრო სულ გექნება.
- დედა დრო რომ არ მეყოს?
- დრო გეყოფა და შენც ვიკასავით ლამაზი იქნები.
- დედა, მე ლამაზი ვარ?
-შენ ჩემი ვარსკვლავი ხარ.
-ესე იგი მხოლოდ ღამით ვანათებ შენთვის დედა?
-როგორი ჭკვიანია