ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნიკოლი

ნიკოლი

                                               ,,ნიკოლი“

ოთახის სიჩუმეს, მასში უგონოდ მოთავსებული ადამიანების კიდურებისა და სახის კანის კონტრასტი არღვევს. განათების ეფექტი, ნებისმიერ სინათლის სკულპტორს აღფრთოვანებულს დატოვებს. მკვეთრი და ამავდროულად თვალისათვის არა გამაღიზიანებელი თეთრი ფერი ,,იღვრება", როგორც იატაკიდან, ჭერიდან, ასევე სხვა ოთხივე მხრიდანაც. ამავდროულად იკარგება კედლებს შორის დაკავშირებისას, წარმოქმნილი წრფე, ამიტომ შთაბეჭდილება იქმნება საკმაოდ ღრმა, უსაზღვრო სივრცის. გამყოფი წრფის შემჩნევა, მხოლოდ კედლების იატაკთან შეერთების ადგილას არის შესაძლებელი. ოთხი ადამიანი, თითქოს ლევიტაციის ძალით, ოთახის ცენტრში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სივრცეში გაეყინათ. მაღალი დეტალიზაციით შექმნილ ცვილის ფიგურებს მოგვაგონებდნენ. რომელთა სიცოცხლის ნიშანწყალს, სწორედ, რომ უძრაობა ახშობდა. სინამდვილეში ისინი მაღალტექნოლოგიურ, სიცოცხლის შემანარჩუნებელ აპარატებზე მოეთავსებინათ. კავშირი ამ აპარატებსა და მათ პაციენტებს შორის, ხორციელდება ბიოენერგეტიკულ დონეზე.  ეს ჰაერში გამოკიდული ფიგურები, იატაკის ზედაპირიდან დაახლოებით 75 სანტიმეტრით არიან დაშორებულნი. მეტაბოლიზმის პროცესები შეჩერებულია. მათი ორგანიზმები შენელებულ კადრს ჰგავს, რომელმაც უკვე მოახდინა მაყურებელზე ეფექტი და ვალდებულია ნორმალურ სიჩქარეს დაუბრუნდეს. ოთახში დაბალ ტონალობაში ზანტი ერთჯერადი ხმა გაისმა. ერთ-ერთი აპარატის კიდეზე მომცრო ეკრანი გამოჩნდა, სადაც ობიექტის სხეული მცირე მასშტაბით გამოისახა. ერთი შეხედვით ნეონის ნათურებისაგან განათებული პორტატული ეკრანი, ცისფრად რამდენჯერმე აციმციმდა და მოწყობილობის ზედაპირზევე გაუჩინარდა. ამ ობიექტის ენდოკრინულმა სისტემამ ჩვეულ რითმში მუშაობა დაიწყო. ნერვული იმპულსების გროვებმა მთელი სხეული მოიცვა, სუნთქვა გახშირდა. უკონტროლო მოძრაობებმა იმატა. სიცოცხლის შემანარჩუნებელი მოწყობილობის კიდეებმა ამაღლება იწყეს. ობიექტი კრუნჩხვებში ჩავარდა. თვალები გაახილა, მაგრამ აშკარად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გუგები არ მოძრაობდნენ. თითქოს შუშის უმოძრაო ფიტულები, მკაცრად ვერტიკალურად იმ მიმართულებისკენ იმზირებოდნენ, საითაც სახე მოექცეოდა. ამაღლებულმა კიდეებმა იატაკზე დავარდნისაგან იხსნეს. კრუნჩხვები ნელნელა მინელდა. თვალები ისევ კანის გარსში მიიმალნენ. ობიექტი უმოძრაო მდგომარეობას დაუბრუნდა. ოღონდ ამჯერად ემბრიონის პოზაში მძინარე გოგონამ, სძლია ჩვეულებრივ ჯარისკაცის პოზაში განთავსებულ უმოძრაო ,,თოჯინას“.

ამავდროულად სადღაც დაუდგენელ ლოკაციაში, საცალფეხო ბილიკზე, ემმას ფეხები ეღლება. თუმცა უკან მოუხედავად გარბის. უკან გახედვის შიში მთელს ტანში მოძრავ დამუხტულ იმპულსს ემსგავსება, რომელიც ხელის მტევანში მთავრდება და აიძულებს მყესებს, უფრო ძლიერ მოუჭირონ მასში არსებულ ბლაგვ საგანს. ირგვლივ სიჩუმეა. სიჩუმე, რომელსაც დროდადრო  ფოთლების შრიალის. ტოტების ტეხვის და ვიღაცების ყვირილის ხმა არღვევს, ახლომახლო არეალიდან. გაურკვეველი ბგერებია. ბილიკის გვერდებზე ბუნდოვნად მცენარეული სიმწვანე მოსჩანს. ჰორიზონტს ბოლოს თეთრი სინათლე დაერთო და საიდანღაც უცნაური მუსიკა დაიღვარა ჰაერში. ემმა ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა კაშკაშა დასასრულს. რამდენიმე წამი და სინათლეში ემმას სხეული შთაინთქა. ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო. სხეული მოწყდა ადგილს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მაყურებელი იყო, მაღალიგარჩევადობის მქონე ტელევიზორის წინ მოთავსებულიყო. დაახლოოებით ცხვირმიდებული მის ეკრანთან. სადაც აჩვენებდნენ, თუ როგორ უახლოვდებოდა რაღაც მოყავისფროს. შეჯახება გარდაუვალია, უკვეე საკმაოდ ახლოა, რამდენიმე კილომეტრი ან მეტრი. სურათი ოდნავ ბუნდოვანი გახდა. შეჯახების შიშმა ინსტინქტურად თვალები დაახუჭინა. გულის ცემა სწრაფ ტრანსის გამეორებად, უსწრაფესად მჟღერ ბიტს დაემსგავსა, რომელიც შეჯახების ჰიპოთეტურ მომენტში გამაყრუებელი ბასით დაგვირგვინდა.

 ემმა ემბრიონული პოზიდან ისეთი სისწრაფით წამოხტა, რომ ამჯერად სიცოცხლის შემანარჩუნებელი ხელსაწყოს, უსაფრთხოების კიდეებმაც ვერ შეაჩერეს. იატაკზე მარცხენა მხარით დავარდა. გაუგებრობისაგან უმალ ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება გაუჭირდა და ოთხივე კიდურით იატაკს დაეყრდნო. ირგვლივ მიმოიხედა, არაბუნებრივად თეთრმა ოთახმა თვალი მოუჭრა. ადამიანების სხეულის დანახვაზე უკან დაიხია და კედელთან აღმოჩნდა. ხელით ზედაპირს შეეხო, უკონტურო კედლებმა კიდევ უფრო დააბნია, თითებით სახის ნაკვთები მოისინჯა, არ ახსოვდა როგორ გამოიყურებოდა. უნდოდა დაეყვირა, მაგრამ ბგერების წარმოთქმაც ვერ შეძლო, ყელს დასწვდა, გამოცდილი ლარინგოლოგივით ფრთხილად გაისინჯა. გარე დაზიანებების არქონამ კიდევ უფრო ააფორიაქა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ საუბარი შეეძლო და არ იყო მეტყველების უნარს მოკლებული. წამის მეათასედში, არსაიდან თავის გაუსაძლისი ტკივილი გაჩნდა. ტვინზე ტკივილის რეცეპტორების არარსებობის მიუხედავად, გრძნობა დაეუფლა თითქოს ვიღაცამ ხელის ხუთივე თითი ტვინის კიდეებზე ჩაავლო, მთელი ძალით უჭერდა და ამოგლეჯვას ლამობდა. ემმამ ყურებზე ხელები აიფარა, ხმის არქონა კიდევ უფრო ურთულებდა სიტუაციას. ცხვირიდან სისხლი წასკდა. მოკლე, თეთრი მაისური წითელმა ფერმა უხვად შეღება. თავის ტკივილი რამდენიმე წამში თავისითვე გაქრა უკვალოდ. ემმამ ყურებიდან ხელის მოშორება ვერ გაბედა, მორიგი მსგავსი შეტევის შიშით. მუცელში უსიამოვნო შეგრძნებამ, ჯერ ,,სასუნთქ გზებში შეაღწია“ და შემდეგ საყლაპავ მილში გადმოინაცვლა. ღებინების აქტი იმდენად საშინელი არ იყო ამ მომენტში ემმასათვის, როგორც სითხის ფერი, რომელიც ორგანიზმიდან გამოიდევნა. ბლანტ სითხეს, მწვანე შეფერილობა ჰქონდა და უხეშ კონტურიანი ფერწერის ნიმუშის მსგავსად გამოისახა იატაკის თეთრ ზედაპირზე. ემმა ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა. ზურგით კედელს მიეყრდნო, შვება იგრძნო, თუმცა ეს გრძნობა მალევე გაფანტა გარემოს შიშმა. ცდილობდა რაიმე გაეხსენებინა.  რამდენიმე წუთით გონების დაძაბვამ, მიიყვანეს ერთადერთ ასობგერათა წყობამდე: ,,ემმა“. სიხარულისგან გაუაზრებლად საკუთარი სახელის წარმოთქმის სურვილი აღეძრა:

-ემმა!- ისე სწრაფად გაიჟღერა ოთახის სივრცეში ბგერათა წყობამ, რომ თავადვე ეჭვი შეეპარა რეალობის ავთენტურობაში. ეტყობოდა მწვანე ბლანტი სითხე, (გაურკვეველი წარმომავლობის) ხელს უშლიდა სახმო აპარატს. ახლა როცა ხმა დაუბრუნდა და არაფერი ტკიოდა, შიშნარევი ენთუზიაზმით წამოიმართა. ამჯერად თავის შეკავება შეძლო. კედელს ხელ მიყრდნობილი გაუყვა, თან სივრცეს ავლებდა თვალს. ცდილობდა რაიმე გასასვლელის მსგავსი ეპოვა. დროდადრო უგონო მდგომარეობაში მყოფ სხეულებს ათვალიერებდა. ოთახი არც ისე უსაზღვრო აღმოჩნდა, როგორც პერსპექტივაში სჩანდა. ერთი მთლიანი შემოვლის შემდგომ, ოთახის კედლების გასწვრივ, სხეულებთან მიახლოება გადაწყვიტა. გარეგნულად შავგრემანი მამაკაცი და წითური ქალი, საშუალო ასაკისანი იყვნენ, მესამეს მათთან შედარებით ახალგაზრდა შესახედაობა ჰქონდა, ამიტომ მის თავზე ჭაღარა ნარევი თმა საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურებოდა. ემმამ წითური ოდნავ შეანჯღრია, სახეზე ხელი გადაუსვა:

-გაიღვიძე, გთხოვ მოდი გონს! _წაიჩურჩულა თითქმის გაუგონრად, ცივად, მაგრამ ოთახის აკუსტიკამ სიტყვებს მუდარა და იდუმალება შემატა. წითურის სხეულზე არავითარი რეაქცია გარე გამღიაზიანებელზე არ გამომჟღავნებულა. ემმა აპათიამ მოიცვა. ახლა საპირისპირო სქესის გამოფხიზლებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ნელ-ნელა უკან დაიხია, სუნთქვა გაუხშირდა, ცრემლებმა თვალის თხელი საღებავი ჩამორეცხეს. ნერვულმა აფეთქებამ პიკს მიაღწია, კედელზე ხელის გულებით დარტყმებს მოჰყვა:

-მიშველეთ გთხოოვთ ვინმემ_ ყვიროდა სანამ მთელს სხეულში სისუსტე არ იგრძნო. ახლადგამოცოცხლებულმა ხმის იოგებმა ყვირილს ვეღარ გაუძლეს, ხმა ოდნავ ჩაეხლიჩა, ფეხები მოეკვეთა, იქვე კუთხეში, მუხლებში თავი ჩარგო და ჩუმ ქვითინს მიეცა. მალევე ოთახში მდარედ ერთჯერადი სიგნალი გაისმა. ემმა მაშინვე მოეგო გონს, სიგნალის წყაროს ძებნა დაუწყო, უმალ მიაგნო პატარა ეკრანს ერთ-ერთ აპარატზე, რომელიც ცისფრად ანათებდა და მალევე მიიმალა. წითურის მოწყობილობა მუშაობის ჩვეულ, ჩუმ რეჟიმს დაუბრუნდა.

ლილიანას გაურკვეველი ბგერები ჩაესმის, თითქოს ღრმა საცურაო აუზის ან ზღვის ფსკერზე იმყოფება. წყლის ზედაპირის ზემოთ კი ვიღაცები ხმამაღლა საუბრობენ. ირგვლივ ყველაფერი შავია. ზოგჯერ მუქი წითელი განათებები არღვევენ ამ შავ ფონს და მაშინვე უჩინარდებიან. ამ სინათლის წყაროებზე დაყრდნობით, სადღაც შორს ქალაქის სილუეტი იკვეთება. ქალაქი ცათამბჯენებისაგან შექმნილი ერთი დიდი კოლონაა. წითელი სინათლის გამოჩენის ტემპი მატულობს. ყოველ მოწითალო გაელვებაზე ცათამბჯენთა კოლონა, სულ უფრო ახლოს ჩნდება, იზრდება ხმაურიც. გაურკვეველი ბგერები ეს მოახლოებული მეგაპოლიის რუტინული ტემბრის ხმაა, გადატვირთული მოძრაობით, დაუღალავი საუბრებით და გაუბედურებული გრძნობებით დახუნძლული. ლილიანა უბრალოდ დგას და უსმენს, დროდადრო თვალწარმტაც სურათს, რომელიც შავ ფონს აფერადებს. ხმაურში რამდენიმე ნაცნობმა ფრაზამ გაიელვა, მაგრამ გონებამ ხელმეორედ ფორმულირება განაგონის ვერ შეძლო. ,,ქალაქი უახლოვდება”. რამდენიმე გაელვება და სწორედ მასში აღმოჩნდება. ბოლო დაბნელებას ლილიანას სახეზე გრილი ნიავი დაერთო, რომელიც სწრაფადვე შეიცვალა თბილით და აუტანელი სიჩქარის ჰაერის ნაკადს გაუთანაბრდა. მუქი წითელი შუქის ნაცვლად ღამის ქალაქის მრავალფეროვნებამ მკაცრად დაამსხვრია სიბნელე. მეგაპოლისის რომელიღაც მოედანზე აღმოჩნდა. ხმაური სადღაც გაქრა. ირგვლივ უამრავი ადამიანი, სხვადასხვა მხარეს მიმართული, ადგილზე გაქვავებულიყო. ლილიანას სურვილი გაუჩნდა მასთან ყველაზე ახლოს მდგომი შეეთვალიერებინა. ნანახისაგან მარცხენა ქვედა კიდური აუცახცახდა. ადამიანის სილუეტებს სახეები დამახინჯებული ჰქონდათ, ბუნდოვანი, გარკვეულწილად წაშლილი, ამავე დროს ნაცრისფერი. ამ სახეებს თუკი ყურადღებით მიაყურადებდი, უცნაური ხმები ისმოდა, იმის მსგავსი, როგორიც რადიომიმღებში გაისმის, როდესაც შეფერხებებია. ლილიანა ყველაზე ახლოს, ჩაცმულობის მიხედვით, მამაკაცის სილუეტთან იდგა. მამაკაცს სახე ორგანზომილებიან სურათს მიუგავდა, რადგან ლილი მისი სახის ირგვლივ სივრცეს დამატებთ განზომილებაში ვერ აღიქვამდა. სახის ზედაპირი მინიატურული ტალღების მსგავსი წარმონაქმნებისაგან ჰქონდა დაფარული. ყველა ეს მინიატურული ტალღა, სადღაც ზემოთ მიიღვწოდა შეუჩერებლად. ლილიანა ცდილობდა გაერჩია თუ სად იყო ზღვარი, სახის ზემო საზღვარსა და სივრცეს შორის, თუმცა ვერ შეძლო რადგან სახის წაგრძელებული ფორმის ზემოთ, ნაცრისფერი ფერი ძალიან ზანტად ერეოდა გამჭირვალე მოლეკულებს. ხმებმა მკვეთრად იმატეს. ლილიმ უკან დაიხია. მოულოდნელად სილუეტი მარიონეტის მსგავსად, მისკენ ამოძრავდა. წითური ნაბიჯებს აუჩქარებლად დგამდა, ცდილობდა უკეთ შეეთვალიერებინა სხეულზე სხვადასხვა მონაკვეთში ლოკალური, ამავდროულად მდარე მოძრაობები. სახე წაშლილმა მამაკაცმა გარკვეული მანძილის გადალახვის შემდგომ ხელი წითურისკენ გაიშვირა და ისევ გაშეშდა. ლილიანაც შეჩერდა, მთელი სხეული უცახცახებდა, მისი ფილტვები ღრმად და ხმაურიანად ექაჩებოდნენ ჰაერის მასას. გაუნძრევლად ელოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას. დისკომფორტს ჰგვრიდა, მისკენ ხელგამოშვერილი არსების წინ გაშეშებული დგომა, მაგრამ გაუაზრებელი ძალა უმოქმედობისაკენ მოუწოდებდა სხეულს. ხმები გაქრა, სიჩუმემ საკმაოდ ორგანულად მოირგო გამოყოფილი გარემო. თითქოს რაღაცაში უნდა დაესწრო. სუნთქვის არანორმალურად გახშირებულმა ტემპმა, დიაფრაგმის მიდამოში ყრუ ტკივილი გამოიწვია. უმოქმედობის წამები წარმოუდგენლად გაიწელა. მოულოდნელად წელზე ვიღაცამ ხელები მჭიდროდ ჩაავლო, ხელგამოშვერილი სილუეტი ადამიანური ნაბიჯებით მისკენ დაიძრა. წითურმა განთავისუფლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ხელებმა ზურგიდან ძირს დასცეს. არავის სხეულზე არ დაცემულა, ასფალტს მტკივნეულად დაენარცხა, ხელები კი არსაიდან ცდილობდნენ შეეკავებინათ. სილუეტი მიუახლოვდა, მუხლებზე წაიჩოქა, ლილიანა ფეხით მოშორებას შეეცადა. უშედეგოდ, ფეხებმა სხეულში დაუბრკოლებლად გაიარეს, თითქოს მოჩვენებას ებრძოდა, რომელიც ხელებით მის ყელს სწვდა და დაახრჩო. ლილიანას გონებამ წითურ სხეულში არსებობა შეწყვიტა. ის უკვე ზემოდან დაჰყურებდა სცენას, სადაც ქალის სხეული უსულოდ ეგდო, ცარიელი მოედნის ცენტრში. ვერ ხვდებოდა, რომ ეს ქალი თავად იყო. ძალიან ნაზად ჰაეროვნად მიემართებოდა ზემოთ. წითელი კაბა, სიმაღლის ცვლასთან ერთად, სიმეტრიული ტალღოვანებით რეაგირებდა უფერო მატერიასთან. სიმაღლის მატებასთან ერთად სუნთქვა შესამჩნევად გაძნელდა, მალევე შეუძლებელი შეიქმნა. ლილი საკუთარი ყელიდან ახლა უკვე უხილავი ხელის მოშორებას ცდილობდა. წნევა თვალებსა და ყურის ბარაბნებს მოაწვა. აუტანელმა ტკივილმა კისრის არიდან კეფაზე გადაინაცვლა. წამებმა ისევ უსაშველოდ დაიწყეს გაწელვა. ირგვლივ სიჩუმე და წუილი ყურებში, შავ სივრცეს შეერწყა. აღსასრულის მოლოდინში წითური მინებდა და უნებურად თვალები დახუჭა. ტკივილმა იკლო, თვალის თხელი საფარველის ქვეშ თეთრმა სინათლემ შეაღწია.

ლილი სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატიდან ჰიპნოგოგიური რეფლექსის მსგავსად წამოხტა, ემმას მისი ხელი ეჭირა. მეორე ხელი თავის ქვეშ ამოსდო, რათა ზედაპირისთვის არ დაერტყა. ლილიანა თითქოს დაჰყვა მის ნებას და ნელნელა წოლით რეჟიმს დაუბრუნდა.

-დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა უბრალო სიზმარი იყო- მზრუნველი ტონით წაუჩურჩულა ემმამ. ლილი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, სხეულის გაუნძრევლად. მოწყობილობის კიდეებმა მიმალვა დაიწყეს.

მოულოდნელად მათგან მოპირდაპირედ მოთავსებული მამაკაცის სხეული შეირხა, იმავე წამს მისი აპარატის სიგნალი გაისმა. ემმამ გახედა. ის გვერდზე მოექცა და მწვანე ბლანტი სითხე სხეულიდან უყოყმანოდ გამოდევნა. ლილის კი ამ დროს სუნთქვა უძნელდებოდა. ემმას მუდარის თვალებით შეჰყურებდა, გრძნობდა როგორ კარგავდა ნელნელა გონს. მამაკაცის ახლად გაცოცხლებული სხეული, ფეხზე წამოდგა. შეეცადა რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ იქვე ჩაიკეცა. ემმამ ვერაფერი მოიფიქრა. ხან წაქცეულ სხეულს შეჰყურებდა, ხანაც მწოლიარეს, რომელიც სულს ღაფავდა.

- გთხოვ, არ მოკვდე, გთხოვ, გთხოვ... - ერთადერთი სიტყვები, რომელიც სასოწარკვეთილს ცრემლებთან ერთად აღმოხდა.

ლილის სუნთქვა რამდენიმე წამში ერთხელ უიმედო, ერთჯერად ქოშინს დაემსგავსა. მამაკაცი სიტუაციაში უსწრაფესად გაერკვა. ემმას გაფითრებულ სახეს შეხედა მიხვდა, რომ შოკურ მდგომარეობაში ვერაფერს მოიმოქმედებდა.

-მომეხმარე, წამომაყენე... ეიიი შენ- წაიხრიწინა წაქცეულმა. საპასუხო რეაქციამ დაიგვიანა. მამაკაცმა ხელებით მიჩოჩება გადაწყვიტა. მალევე ლილის აპარატს ხელებით ასწვდა და ზემოთ სხეულის აზიდვას შეეცადა. ემმა გამოფხიზლდა, თითქოს გვიან ჩასწვდა გაჟღერებული სიტყვების არსს. წამოდგომაში დაეხმარა. მამაკაცი აპარატს დაეყრდნო და სხეულს დახედა. ხელებით კისრის მიდამოს გასინჯვას შეუდგა, მკერდის ზემოთ საყლაპავი მილის მიდამოებში უცნაური შებერილობა შენიშნა. ირგვლივ გარემო მოათვალიერა. თვალში მაშინვე ორ ადგილზე მწვანედ შეფერადებული იატაკის მოხვდა, რაღაც მოიაზრა. ლილის თავი ფრთხილად მოათავსა გვერდულად, შემდეგ პირის ღრუ ძალდატანებით გაუხსნა და რამდენიმე თითით ღრუს ზედა მხარეს, მაპროვოცირებელი მოძრაობით, ღებინების რეფლექსი გამოიწვია. მწვანე საღებავმა კიდევ ერთხელ მოხატა, იატაკის იდეალურად თეთრი ზედაპირი. ლილიანამ ღრმად და თავისუფლად ჩაისუნთქა.

უცნაური სანახავი იყო ის ახლად გამოცოცხლებული ,,აგრეგატი“, რომელიც რაღაც ჩანაფიქრის მიხედვით მაღალტექნოლოგიურ ოთახში, ნებსით თუ უნებლიეთ შეკრულიყო. წითური ემმას ჩახუტებოდა და ჩუმად ქვითინებდა. ემმა მას თმაზე ეფერებოდა ცდილობდა დაეწყნარებინა, რათა ცოტათი მაინც შემსუბუქებოდა, რამდენიმე წუთის წინ გადატანილი ფიზიოლოგიური სიკვდილის შიში. ახლად გამოფხიზლებული მამაკაცი საკმაო სიმშვიდითა და ინტერესით ათვალიერებდა ოთახს, ისე რომ მანდილოსნებისათვის ლილის გადარჩენის შემდგომ არაფერი უთქვამს. მეოთხე ობიექტი კი ისევ გაუნძრევლად და უგონოდ ებრძოდა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ,,ძილს“.

-გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ, მე უბრალოდ დავიბენი... მე...- თქვა ემმამ და წინადადება ვეღარ გააგრძელა, აზრების მოკრება უჭირდა.

-არაუშავს, მთავარია ახლა უკეთ არის, ხო მართლა ვხვდები რომ...

-თქვენ მე გადამარჩინეთ - მოულოდნელად გააწყვეტინა ლილიმ ოდნავ დაბნეული, სამადლობელი ტონით და მადლიერი თვალებით გახედა. მეტის დამატება საჭირო არ იყო.

მამაკაცმა მზრუნველი მზერა შეაგება, თითქმის შეუმჩნევლად თავი დაუკრა და დიალოგი შემდეგისთვის გადადო. რამდენიმე წუთი მეორე მამრობითი სქესის წარმომადგენლის სხეულს აკვირდებოდა. პულსი არ ესინჯებოდა, თუმცა გოგონებისათვის არაფერი უთქვამს, შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა, კიდევ რამდენიმეჯერ შემოიარა სივრცე. ერთ-ერთ სიცოცხლის შემანარჩუნებელ აპარატს მიეყრდნო და ძალიან დინჯად დაიწყო:

-რადგან არაფერი მახსოვს და ახლახანს გადამხდარ ინციდენტსაც თუ გავითვალისწინებთ, ვუშვებ რომ არც თქვენ, შესაბამისად არანაირი აზრი არ აქვს შემდეგი ტიპის კითხვებს, ,,სად ვართ?“',,აქ როგორ მოვხვდით?" და ასე შემდეგ. გაგეცინებათ და მე ერთადერთი რაც ამ მომენტისათვის თავში მაქვს ციფრებია, რომელთა დანიშნულება არ ვიცი. უცნაურია, დანარჩენი ადგილი უაზრო სიცარიელეს უკავია. თითქოს დაფორმატებული მაქვს ტვინი, თუმცა ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია ალბათ. მამაკაცი თითქოს მორჩა თავის სათქმელს და გოგონებისგან პასუხს დაელოდა.

-მე ემმა მქვია, მეტი არაფერი მახსოვს, პირველი მოვედი გონს. ემმა და მამაკაცი დადუმდნენ, წითურის ჯერი დადგა.

-ლილიანა- წაიჩურჩულა წითურმა. სიმორცხვისგან თავი გააქნია. ეს იყო ერთგვარი რეფლექსური რეაქცია მოსალოდნელ კითხვაზე კიდევ ახსოვდა თუ არა რაიმე. თვალები მინაბა, ემმას კიდევ უფრო ჩაეხუტა.

გასაგები იყო რომ წითურს მეტი არაფერი ახსოვდა. მალევე ემმას ჩამოშორდა, იატაკზე მოკალათდა და ჩათვლიმა. ემმა ფიქრებს მიეცა, ცდილობდა რაიმე გაეხსენებინა. ყველაზე მეტად ნერვიულობდა იმაზე ვაითუ მეხსიერება არ აღმდგარიყო, ან იქნებ არც ღირდა მეხსიერების დაბრუნება? არავინ იცის იქ რა მოელოდა. შავგრემანი მამაკაცი იქვე ახლოს შფოთავდა. იატაკზე რაღაცას მიაშტერდა, ხელებს დაეყრდნო და სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატის ქვეშ მოექცა, სახით ზემოთ. ემმა ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა მისკენ.

-რამე იპოვე?

-არა, კონტურებს ვაკვირდები.

- კონტურებს?

მამაკაცი აპარატის ქვემოდან გამოძვრა:

- აი რას გეტყვი, არაფერი არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს სამყაროში, (ჩაეცინა) ოთახის კედლებს, მასში მოთავსებული თუ განლაგებულ საგნებს ყოველთვის გააჩნდათ ხაზი, რომელიც ერთ ზედაპირს მეორესგან გამოჰყოფს. აქ კი მიმოიხედე, თითქოს ეგ მოვლენა აქაური რეალობის კანონებს მკაცრად ეწინააღმდეგება და პარადოქსის სახით მხოლოდ იატაკთან შეერთებისას არსებობს, თან არც კარის მსგავსია რაიმე, არვიცი...

-რა ხდება... აქ რატომ ვართ?! აკანკალებულმა წარმოთქვა ემმამ და უნებლიეთ თვალები აუწყლიანდა. ცრემლი უკანმოუხედავად ცდილობდა გაქცევას, მაგრამ მამაკაცის საჩვენებელმა თითმა ნიკაპთან შეაჩერა. მამრის დაჟინებულმა, მშვიდმა მზერამ ემმა ერთგვარ ეიფორიაში ჩააგდო. ოთახში უხერხული სიჩუმე, უცნაურმა ერთჯერადმა სიგნალმა დაარღვია, რომელიც უგონოდ მყოფი მეოთხე ინდივიდის აპარატიდან გაისმა. სიგნალმა ლილიც გამოაფხიზლა.

მოვერცხლისფრო თმიანის აპარატზე ეკრანი წითლად აციმციმდა და მალევე მიიმალა. ემმა მამაკაცთან ერთად სწრაფად მიუახლოვდა სხეულს. მამრმა საჩვენებელი და შუა თითის წვერები მაჯაზე, ცერა თითის ფუძესთან ახლოს, მოათავსა. ოდნავი ძალდატანებით თითები აამოძრავა, ვიდრე მათ ქვეშ პულსაცია არ იგრძნო.

-დაუჯერებელია პულსი ესინჯება!

ლილი ნელნელა წამოდგა და კედლის გაყოლებით აპარატს გაუთანაბრდა. ხელები კედელზე ჰქონდა მიდებული. ქვეცნობიერ დონეზე თავს ასე უფრო დაცულად გრძნობდა. ემმა სულმოუთქმელად ელოდა მამაკაცის ხმის გაგონებას, რომელიც გონებაში დინჯად ითვლიდა პულსის ხანაც მინაბულ, ხანაც გამძაფრებულ დარტყმებს. უგონოდ მყოფის სხეულზე კი კვლავ სიცოცხლის არანაირი კვალი არ ჩანდა, გამოუცდელი დამკვირვებლისათვის. მამაკაცმა პულსი რამდენჯერმე გასინჯა.

- უცნაურია, მგონი ექსტრასისტოლია აქვს.

-ეგ რას ნიშნავს?

-ვერ გადარჩება? - იკითხა ლილიმ სასოწარკვეთილად და მომცრო ნაბიჯი გვერდით გადადგა, რათა უგონოდ მყოფი უკეთ შეეთვალიერებინა. მოულოდნელად წითურის უკან კედელში, რაღაც მექანიზმი ამუშავდა. თეთრ ზედაპირზე მართკუთხედის ფორმის კონტური გაჩნდა და ძალიან სწრაფად ეს მართკუთხედი სლაიდის მსგავსად კედელში გაუჩინარდა. ლილი შიშისაგან ახალ აღმოჩენილი კარის გასწვრივ, უკვე ოთახის მეორე მხარეს აღმოჩნდა და უაზრო კივილი ატეხა. მამაკაცმა ემმას ანიშნა ლილისთვის მიეხედა, თვითონ უგონოდ მყოფის ხელი საწყის პოზიციაზე ფრთხილად მოათავსა და კარისაკენ დინჯად დაიძრა. უყოყმანოდ მიუახლოვდა გასასვლელს. გაუჩინარებული კარიდან მხოლოდ თეთრი ფერის კედელი მოსჩანდა. დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით. ისიც იმის გამო, რომ დრო გამოფხიზლებიდან ამ მომენტამდე საკმარისი აღმოჩნდა თვალისათვის უკონტურო კედლების, იატაკთან შეერთების დახმარებით, ტვინში სურათის სიღრმის აღსაქმელად. ოთახის მეორე მხარეს წითური შედარებით დაწყნარებულიყო. ძლიერ ჰქონდა ემმასათვის ხელი მაჯაში ჩაჭიდებული. ამით საკუთარი თავის ,,ხელში აყვანას“ ცდილობდა, მთელი სხეული უცახცახებდა. ემმა ამ ყველაფერს აცნობიერებდა და შეუმჩნევლად ითმენდა ტკივილს მაჯის არეში.

მამაკაცმა გაუჩინარებული კარის ჩარჩოები ხელით მოსინჯა, თავი დაარწმუნა იმაში, რომ კარი მოულოდნელად არ დაიხურებოდა. ერთგვარად ჰორიზონტალური გილიონტინის როლს არ შეასრულებდა. ლილის და ემმას გახედა, შემდეგ უგონოდ მყოფს. შუბლიდან ოფლის წვეთმა დაიწყო ჩამოსრიალება და სადღაც წარბებში ჩაიკარგა. სანამ თავს საბოლოოდ გაიმხნევებდა, მკერდით კედელს მიეყრდნო და შეეცადა ცალი თვალით მაინც სივრცეს გასწვდომოდა. არაფერი ჩანდა უნიათო თეთრი ფერის გარდა, არც რაიმე ხმა ისმოდა გარედან. თავის გაყოფა გადაწყვიტა. ერთი ხელი იმ ადგილს ააფარა სადაც გაუჩინარებული კარი იყო ჩამალული, მეორე კი მოპირდაპირე ჩარჩოზე მოათავსა. ორივე მხარე მოათვალიერა. კორიდორის ერთ ბოლოში, თეთრი ფერის სიდინჯეს, მკვეთრად არღვევდა საშუალო ზომის ბნელი წრე.

-რა მოსჩანს?!_ ვეღარ გაუძლო ინტერესს გოგონათაგან ერთ-ერთმა.

-საკმაო სიგრძის კორიდორია, ეს ოთახი დაახლოებით სადღაც შუაში არის მოთავსებული. მარცხენა მხარეს, კორიდორის ბოლოში რაღაც შავი მოსჩანს, არვიცი რა არის, აქედან იდეალური სიმგვრალე აქვს, იატაკიდან დაახლოებით მეტრის დაშორებით, ან მეტი, აქედან მეტს ვერაფერს ვხედავ. რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ხელებით კარის ირგვლივ, კედელზე ზედაპირის მოსინჯვა დაიწყო.

-შეგიძლია მითხრა ბოლოს ზუსტად სად იდექი? ძალიან აღტკინებულ ტონალობაში გაისმა ლილისაკენ მიმართული კითხვა. ლილი მიუახლოვდა:

-ბოლოს მგონი აი აქ. ანიშნა ხელით.

მამაკაცის თითებმა მითითებულ ადგილას რაღაცას მიაგნეს. მიმზიდველად თეთრ და ერთი შეხედვით იდეალურად სწორი ზედაპირის მომცრო მონაკვეთზე, ჩაღრმავებული, მცირე ზომის, წაგრძელებული სენსორული ღილაკი იყო მოთავსებული. ასევე იყო გარეთა მხრიდანაც. უშუალოდ თუ არ დააკვირდებოდი, თორემ საერთო სურათში არაფერი მსგავსი არ სჩანდა. იმისდამიუხედავად რომ სენსორული ღილაკის ტონალურობა თითქმის ერთი საფეხურით დაბლა იყო, ვიდრე მთლიანი კედლისა.

მამაკაცმა ღილაკს ხელი ააფარა და აუშვა. კედელში მიმალული კარი უმალ დაიხურა.

- კარგი, ახლა გარეთ გავალ... თქვენ აქ დარჩით, აი ის თუ მოვიდა გონს დაეხმარეთ! - ხელი უგონოთმყოფისკენ გაიშვირა. -სავარაუდოდ პრობლემა სასუნთქი ტიპის იქნება, ამიტომ ეცადეთ თუ თვითონ გაუძნელდა, დაეხმაროთ სითხის გამოდევნაში.

-ჩვენც წამოვალთ... აქ დარჩენა არ მინდა! აკანკალებული ხმით წარმოთქვა ლილიმ.

-არა... გონს რომ მოვიდეს და შენსავით დახმარება დასჭირდეს ვინმე უნდა იყოს გვერდით!

- თქვენ წადით მე დავრჩები! თავდაჯერებულად თქვა ემმამ.

-დარწმუნებული ხარ რომ...

-კი წადით და რაც შეიძლება მალე დაბრუნდით.

მამაკაცმა ემმას მადლიერი თვალებით შეხედა, შემდეგ ლილის და სენსორულ ღილაკზე ხელი ააფარა. კარი უმალ გაიღო. მამაკაცი პირველი გავიდა და ბნელი წრისაკენ დაიძრა. სუნთქვა შემკვრელი სანახაობა იყო, თითქოს უცნობი ცივილიზაცის ნაგებობა აღმოაჩინეს და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ მის შიგნით. ლილის ერთი ხელი კედელზე მიეყრდნო, მეორე წინ ჰქონდა გაშვერილი. მამაკაცის მაისურთან ძალიან ახლოს, რათა თუკი რამეს დაინახავდა ან იგრძნობდა უმალვე შეეტყობინებინა. ემმამ სადღაც უკან ნაცნობ სივრცესთან დამაკავშირებელი კარი დახურა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ. თვითგადარჩენის ინსტინქტი უცნაურად მძლავრობდა.

კორიდორი ისეთივე ერთფეროვანი იყო როგორც საწყისი ოთახი, მამაკაცმა რამდენიმე სენსორს მოავლო თვალი, რაც კარების რაოდენობაზე მიანიშნებდა, მაგრამ არცერთის გაღება არ უჩქარია. ძალიან ნელა მიემართებოდა სინათლის მშთანთქავისაკენ. ლილიანა ფეხდაფეხ მიყვებოდა, როდესაც წრეს მიუახლოვდნენ, ის გეომეტრიულად წესიერი დეკაგონის ფორმის აღმოჩნდა. ლილი ოდნავ მოშორებით გაჩერდა, თითქოს ერთგვარი ტრიუმფი უფრო გაბედულს დაუთმო. წინ მყოფმა ახლოდან კედელსა და ბნელ წერტილს შორის გამყოფი შეამჩნია, ერთგვარი ჩარჩო, ხოლო ქვემოთ ხელის მტევნის სიმაღლეზე სენსორული ღილაკიც შენიშნა, რაღაც აზრმა გაუელვა, თავის ჰიპოთეზაში, რომ დარწმუნებულიყო დაუფიქრებლად შეეხო სიბნელის ზედაპირს.

-ეს ხომ ილუმინატორია, ჩვეულებრივი ილუმინატორი!-ის ძალიან ახლოს მივიდა თავისი სამყაროსა და სხვა სამყაროსთან არსებულ თხელ გამყოფ ზოლთან. ხარბად შეეცადა სიბნელეში რაიმეს გარჩევას.

- რამე მოსჩანს?-წაიჩურჩულა ლილიმ.

-სიბნელეა ვერაფერს ვხედავ...

-დამანახე!-თითქოს არ დაიჯერა წითურმა. ბუნებით ექსცენტრიული ქალივით მივარდა ილუმინატორს და თვალების ცეცება დაიწყო არსაით. მამაკაცი ილუმინატორს ქვემოთ ღილაკით კარის გაღებას ცდილობდა, თუმცა რატომღაც სენსორი ხელის მოძრაობაზე არ რეაგირებდა. როდესაც დარწმუნდა, რომ კარი არ იღებოდა ლილის მხარზე ხელით ანიშნა, რომ დრო იყო დეკაგონს გასცდენოდნენ. იმედებგაცრუებული ლილის სახეზე რამდენიმე წვეთი ცრემლი ღაწვებზე ჩამოსრიალდა.

- დროა თითოეული კარი გავაღოთ. მამაკაცმა ცრემლები მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ შენიშნა, უმალ განაგრძო: -დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება, მალე გავალთ აქედან აი ნახავ. ხმაში არ იგრძნობოდა თავდაჯერებულობა.

-ეს იმიტომ რომ დამამშვიდო, ზუსტად ეგ არავინ იცის! ლილიმ ცრემლები მოიწმინდა და ყოველგვარი გრძნობების გარეშე წარმოთქვა: გააღე! პირველივე კარზე მიუთითა, რომელიც მათთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. მამაკაცს არაფერი უპასუხნია. სენსორზე ხელი დააფარა და არაფრისმთქმელი კიდევ ერთი ოთახისათვის მოემზადა. კარს იქით საძინებელი აღმოჩნდა. სივრცეში მხოლოდ საწოლი იდგა, რომელსაც ცალი მხარე კედელთან ჰქონდა საერთო და იატაკამდე მთლიანი იყო. საწოლზე ჩამოჯდა. ძალიან რბილი აღმოჩნდა, იატაკამდე გაგრძელებაზე უკვე ჩვეულ ღილაკს მოჰკრა თვალი. მასზე თითის დაფარებით, საწოლის ქვედა მთლიანი კონსტრუქციიდან სათავსოს ტიპის უჯრა გამოიღო, რომელიც მახვილ კუთხეს სწერდა. სათავსოში კომპაქტურად მოთავსებული ბალიში და თხელი გადასაფარებელი აღმოჩნდა.

-აი აქ შეხედე კიდევ ერთი კარია! თქვა ლილიმ, როდესაც მამაკაცი საწოლის შესწავლით იყო დაკავებული. საწოლს მიანება, მასთან მივიდა. მართლაც აღმოჩნდა საძინებელში კარი. წამიერი ყოყმანის შემდგომ კარი გააღეს. აბაზანა აღმოაჩინეს სადაც ამ მომენტისათვის უცნაური საგანი ამშვენებდა თეთრად შენიღბულ კედლებს. ეს უბრალო სარკე იყო, მაგრამ ადა